Monday, October 5, 2026

თურქეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი შემადგენლობის გადანაცვლებანი 1980-იანი წლების შუახანებში

თურქეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ დებულების შესაბამისად 1985 წელს, საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, დაინიშნენ: 

– გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ (გენერალური შტაბის მეორე უფროსად) არმიის გენერალი ნ. თ. თორუნთაი. იგი დაიბადა 1924 წელს ქ. ვაქიბქებირში. არმიაშია 1944 წლიდან. დაამთავრა ზოგადსაჯარისო საოფიცრო და საარტლერიო სასწავლებლები, ხოლო 1950 წელს კი – სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. სამსახურს გადიოდა სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე. კერძოდ, იგი მეთაურობდა მე-4 მოტოქვეით დივიზიასა და 11-ე საარმიო კორპუსს, სარდლობდა 1-ლ საველე არმიას, აგრეთვე სათავეში ედგა გენერალური შტაბის მთავარ ოპერატიულ სამმართველოს. 

– სახმელეთო ჯარების სარდლად არმიის გენერალი ნეჯეთ ოსთორუნი (მის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ.: Зарубежное военное обозрение, 1984, № 3, გვ. 78 – ჟურნ. რედ.). იგი დაიბადა 1924 წელს ქ. კონიაში. არმიაშია 1943 წლიდან. აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება. 

– საჟანდარმო ჯარების სარდლად არმიის გენერალი ფიქრეთ ოქთაი. იგი დაიბადა 1926 წელს სტამბულში. არმიაშია 1945 წლიდან. დაამთავრა ზოგადსაჯარისო საოფიცრო სასწავლებელი, ხოლო 1962 წელს კი – სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. წლების განმავლობაში მეთაურობდა ჯავშანსატანკო ბრიგადას, 61-ე მოტოქვეით დივიზიას, მე-2 და -3 საარმიო კორპუსებს, ხოლო შემდეგ კი სარდლობდა მე-3 საველე არმიას. აქვს საშტაბო მუშაობის გამოცდილებაც (იყო სახმელეთო ჯარების სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი და საჟანდარმო ჯარების შტაბის უფროსი). 

– 1-ლი საველე არმიის სარდლად არმიის გენერალი რეჯეფ ორხან ერგუნი. იგი დაიბადა 1926 წელს ქ. კაისერიში. არმიაშია 1944 წლიდან. 1946 წელს დაასრულა ზოგადსაჯარისო საოფიცრო, შემდეგ საარტილერიო სასწავლებელი, ხოლო 1954-ში კი – სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. უკანასკნელი წლების განმავლობაში მეთაურობდა საჟანდარმო და ქვეით ბრიგადებს, მე-2 მოტოქვეით დივიზიასა და მე-4 საარმიო კორპუსს, აგრეთვე სათავეში ედგა სამხედრო აკადემიებს. 

– მე-3 საველე არმიის სარდლად არმიის გენერალი ჰიუსნიუ ჩელენქლერი. იგი დაიბადა 1923 წელს სტამბულში. არმიაშია 1943 წლიდან. დაამთავრა ზოგადსაჯარისო საოფიცრო სასწავლებელი და კავშირგაბმულობის სასწავლებელი, ხოლო 1960 წელს კი – სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. სამსახურს გადიოდა სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე. აქვს დაზვერვის ორგანიზაციისა და წარმოების გამოცდილება, მათ შორის რადიოტექნიკური დაზვერვისაც (გახლდათ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რადიოელექტრონული დაზვერვის სამმართველოს უფროსი და გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის მთავარი სამმართველოს უფროსი). სამხედრო გადატრიალების შემდეგ (1980 წლის სექტემბერი) დაინიშნა მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურად, ხოლო შემდეგ კი – ეროვნული თავდაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად. 

– მე-4 საველე არმიის სარდლად არმიის გენერალი ქემალ იამაქი. იგი დაიბადა 1924 წელს ქ. მერზიფონში. არმიაშია 1945 წლიდან. დაამთავრა ზოგადსაჯარისო საოფიცრო და საარტილერიო სასწავლებლები, ხოლო 1958 წელს კი – სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა შემდეგ თანამდებობებზე: 28-ე მოტოქვეითი დივიზიის მეთაურის, სახმელეთო ჯარების შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის, მე-3 შინაგანი ზონის სარდლის, მე-7 და 11-ე საარმიო კორპუსების მეთაურის, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის. 

– ეროვნული თავდაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად არმიის გენერალი საბრი დელიჩი. იგი დაიბადა 1923 წელს სტამბულში. არმიაშია 1946 წლიდან. დაამთავრა ზოგადსაჯარისო საოფიცრო და საარტილერიო სასწავლებლები, ხოლო 1961 წელს კი – სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. 

– ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივნად არმიის ადმირალი ორხან ქარაბულთი. იგი დაიბადა 1927 წელს ქ. ქოჯაელიში. სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობს 1948 წლიდან. 1964 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეკავა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის უფროსის, სანაღმო ფლოტილიის სარდლის, სზძ-ის შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსისა და შტაბის უფროსის, ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ზონის სარდლის თანამდებობები. 

– სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსად კორპუსის გენერალი ნაზიფ ოქა. იგი დაიბადა 1927 წელს ქ. სტამბულში. არმიაშია 1946 წლიდან. 1949 წელს დაამთავრა ზოგადსაჯარისო საოფიცრო სასწავლებელი, ხოლო შემდეგ კი საარტილერიო სასწავლებელიც, სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია და ნატო-ს კოლეჯი იტალიაში. იყო მე-3 საველე არმიის შტაბის უფროსის მოადგილე, მე-8 საარმიო კორპუსის 33-ე მოტოქვეითი დივიზიის მეთაური. 

საარმიო კორპუსებს სათავეში ჩაუდგნენ: მე-3-ს – ფიქრეთ ქიუფელი, მე-6-ს – ჰაქი ქაია, მე-7-ს – ჰაირი იუნდიული, მე-8-ს – ისლამ ჰაქი ქარადაი, 11-ეს – საბაჰათინ აქინჯი, 15-ეს – არიფ ერიილმაზი (თითოეულს აქვს კორპუსის გენერლის წოდება). 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник А. Петров, «Перемещения руководящего состава вооруженных сил Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1986, № 1. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment