1990-იანი წლების შუახანებში ქვეყანაში მოითვლებოდა ხუთი აკადემია: სამი – შეიარაღებული ძალების სახეობათა (სახმელეთო ჯარების, სზძ-ისა და სჰძ-ის), ერთი შეიარაღებული ძალების (სადაც შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის ოფიცრები სწავლობდნენ) და ერთიც – ეროვნული უსაფრთხოების (სადაც სამხედროებთან ერთად სწავლობდნენ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებიც). თურქეთის სამხედრო აკადემიის ემბლემა ნახ. 1-ზეა გამოსახული.
თავისი ისტორიის მანძილზე 1996 წლის დასაწყისის ჩათვლით სახმელეთო ჯარების აკადემიამ მოამზადა 4245 ოფიცერი (ყოველწლიურად მასში 70-მდე მსმენელი მიიღებოდა), სზძ-ის აკადემიამ 1930 წლიდან 677 ოფიცერი გამოუშვა (ყოველწლიურად 30-მდე მსმენელი მიიღებოდა), ხოლო სჰძ-ის აკადემიამ კი 1937 წლიდან – 920 (30 მსმენელი). უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულება გახლდათ ასევე შეიარაღებული ძალების აკადემია, რომელიც 1996 წლის მაისისთვის 6015 ოფიცერს ჰქონდა დასრულებული.
შეიარაღებული ძალების სახეობის აკადემიაში შესვლის კანდიდატს შემდეგი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა: ყოფილიყო შეიარაღებული ძალების სახეობის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული (სამოქალაქო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გამოშვებულ, აგრეთვე სამედიცინო, იურიდიული, საინჟინრო განათლების მქონე ოფიცრებსა და ოფიცერ-მასწავლებლებს სამხედრო აკადემიაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ), ჯარებში 6–12 წელიწადი ჰქონოდა ნამსახურები, ატესტაციის თანახმად მოეგროვებინა 90 ქულა (100 შესაძლებლიდან), არ ჰქონოდა ნასამართლობა. შეიარაღებული ძალების აკადემიის მსმენელებად შეიძლება გამხდარიყვნენ მხოლოდ ის ოფიცრები, რომლებსაც ერთერთი სამხედრო აკადემია ჰქონდათ დამთავრებული და ამის შემდეგ გარკვეული პერიოდით ჯარებშიც ნამსახურები.
აკადემიაში მისაღები გამოცდების წინ სამხედრო ნაწილებში ეწყობოდა სპეციალური კურსები, სადაც კანდიდატებს აცნობდნენ მათი ჩაბარების წესსა და პროცედურას. შესასვლელი გამოცდები ყოველწლიურად ნოემბერში ტარდებოდა და ერთ კვირას გრძელდებოდა. მათზე დაისმებოდა შეკითხვები ზოგადსაგანმანათლებლო და სამხედრო მომზადებაში, აგრეთვე ტაქტიკაში. კანდიდატების რაოდენობა ყოველწლიურად, როგორც წესი, დაახლოებით 2500 ოფიცერს შეადგენდა, თუმცა კი მსმენელი მათგან მხოლოდ 120 ხდებოდა.
შეიარაღებული ძალების სახეობის აკადემიაში სწავლება გრძელდებოდა ორ წელიწადს. სასწავლო კვირა შედგებოდა ხუთი დღისგან (6–6 სთ), მათგან ორი ეთმობოდა სხვადასხვანაირ ლექციებსა და კონფერენციებს, რომლებშიც თურქეთის სამრეწველო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ხელოვნების მოღვაწეები და სხვა პირები ღებულობდნენ მონაწილეობას.
სასწავლო პროგრამები ამ აკადემიებში პრაქტიკულად ერთტიპიური გახლდათ და მოიცავდა ოთხ განყოფილებას (разделы): ძირითადი სამხედრო დისციპლინები, ომების ისტორია და სტრატეგია, ზოგადსაგანმანათლებლო მეცნიერებები, ტაქტიკა. სასწავლო დროის 65 % ეთმობოდა სამხედრო დისციპლინების შესწავლას, 35 % კი ისეთებისა, როგორიცაა ეკონომიკა, იურისპრუდენცია, დიპლომატია.
თუ შეიარაღებული ძალების სახეობის აკადემიის მსმენელი ღებულობდა განათლებას მხოლოდ ამ სახეობის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების აკადემიაში (სწავლების ვადა 5,5 თვე გახლდათ) იგი სწავლობდა საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების საკითხებს შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის გამოყენებით. მასში მსმენელების მიღება ხორციელდებოდა წელიწადში ორჯერ. სასწავლო კლასები 25–30 ადამიანზე იყო გათვლილი. აკადემიის სარდლობის შეფასებით, მოცემული მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო ნორმებს აღემატებოდა, რის გამოც სწავლების ინტენსიფიკაციისა და მისი ხარისხის ამაღლებისთვის 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ვარაუდობდნენ სასწავლო ჯგუფების ორჯერ შემცირებასა და მათში მსმენელთა რაოდენობის 12–15 ადამიანამდე დაყვანას.
თურეთის სამხედრო აკადემიებში გამოყენებული სწავლების თანამედროვე ტექნიკური საშუალებები უზრუნველყოფდა მსმენელთა მომზადების მაღალ დონეს. აქ იყო საკუთარი ტელეცენტრები კლასებში სხვადასხვანაირი სასწავლო პროგრამების ტრანსლირებისთვის, აგრეთვე ეროვნული ტელევიზიისა და უცხოური ტელესამაუწყებლო კომპონენტების პროგრამების მისაღებად. აკადემიას ჰქონდა თანამედროვე კომპიუტერული აღჭურვილობა. მისი შემდგომი სრულყოფის ფარგლებში 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ითვალისწინებდნენ ცალკეული კომპიუტერული ცენტრების შექმნასა და მათთან მსმენელების საცხოვრებელი ბინების მიერთებას.
ამ სასწავლო დაწესებულებებში, როგორც წესი, დაახლოებით 120 მასწავლებელი მუშაობდა, მათგან დაახლოებით 90 გახლდათ ოფიცერი და 30 კი – სამოქალაქო პირი (ძირითადად პროფესორების შემადგენლობა სამოქალაქო ინსტიტუტებიდან). პრაქტიკულად ყველა ოფიცერ-მასწავლებელს სამხედრო აკადემიები საზღვარგარეთ ჰქონდა დამთავრებული. სამოქალაქო პირთაგან მასწავლებლების არჩევისას ძირითადი ყურადღება ექცეოდა მათ პროფესიულ მომზადებასა და ორატორული ხელოვნების ფლობას. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიებში არ წარმოებდა სამოქალაქო მასწავლებლების მათ პოლიტიკურ შეხედულებათა მიხედვით ხისტი შერჩევა, სარდლობა მკაცრად ადევნებდა თვალ-ყურს იმას, რომ მათ მსმენელებთან პოლიტიკურ თემებზე საუბრები არ ეწარმოებიათ. ერთ მასწავლებელზე ორიდან ექვს მსმენელამდე მოდიოდა, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლები გახლდათ. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ამოცანას 1990-იანი წლების შუახანებში მასწავლებელთა შემადგენლობის გაზრდა წარმოადგენდა.
თურქეთის სამხედრო აკადემიებში მათი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე დაახლოებით 200 უცხოელი ოფიცერი იქნა მომზადებული. სახელდობრ, 1989/1990 სასწავლო წელში აქ 13 უცხოელი ოფიცერი სწავლობდა: ორი აშშ-დან, ერთი ეგვიპტიდან, ერთი კორეის რესპუბლიკიდან, ოთხი პაკისტანიდან, ერთი გფრ-დან და ერთიც ბანგლადეშიდან. ამ რიცხვიდან ცხრა სწავლებას სახმელეთო ჯარების აკადემიაში გადიოდა, ორ-ორი – სზძ-ისა და სჰძ-ის აკადემიებში.
თურქეთში ჩასვლის წინ უცხოელი აბიტურიენტები წლის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობდნენ თურქულ ენას. ისინი აკადემიაში მეცადინეობებს იმ შემთხვევებში ვერ ესწრებოდნენ, როცა მსმენელებისთვის საიდუმლო ცნობები უნდა შეეტყობინებიათ, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა.
ამ სასწავლო დაწესებულებებში მომზადების დასრულების შემდეგ უცხოელი ოფიცრები, როგორც წესი, ინიშნებოდნენ სამხედრო ატაშეებად თურქეთში არსებულ თავიანთ საელჩოებში. თურქეთის აკადემიებში მოსწავლე უცხოელი ოფიცრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მასწავლებელთა შემადგენლობის პროფესიულ დონესა და ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხს. ამავე დროს ზოგიერთი მსმენელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მათ მიერ სამხედრო დისციპლინის დაცვისადმი გადაჭარბებული მომთხოვნელობის გამო.
ტერიტორია, რომელზედაც სამხედრო აკადემია იყო განლაგებული, პატარა ქალაქს წარმოადგენდა, სადაც დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის მომსახურე პერსონალიც. აქ არსებული სამხედრო ვაჭრობის მაღაზიები ბანკი, სპორტული შენობა-ნაგებობები (ფეხბურთის, კალათბურთისს და ფრენბურთის სათამაშო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ბილიარდის სათამაშო დარბაზები და სხვა), აგრეთვე საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების რიგი ობიექტები მათ პრაქტიკულად ავტონომიურ დასახლებებად აქცევდა.
თურქეთის სამხედრო აკადემიები კარგი ტექნიკური ბაზისა და მაღალკვალიფიციურ მასწავლებელთა შემადგენლობის წყალობით უზრუნველყოფდა პროფესიული ცოდნის საკმარისად მაღალი დონის მქონე ოფიცრების მომზადებას.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник А. Федин, «Военные академии Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1996 г. № 5.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment