Thursday, October 1, 2026

თურქეთის სამხედრო ხარჯები 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ნატო-ს აგრესიულ ბლოკში შემავალი თურქეთის მმართველი წრეები 1970-იანი წლების შუახანებში განაგრძობდნენ თავიანთი შეიარაღებული ძალების შენახვასა და მოდერნიზაციაზე მნიშვნელოვანი სახსრების ხარჯვას. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1974–1977 წლებში ამ ქვეყნის სამხედრო ხარჯები თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა. ასე, თუ 1974/1975 ფინანსურ წელში (დაიწყო 1974 წლის 1 მარტს) ამ ხარჯებმა 13 427 მლნ. თურქული ლირა შეადგინა, 1975/1976 წელს მან 20 835 მლნ.-ს მიაღწია, ხოლო 1976/1977 წელს კი 33 500 მლნ. ლირას გადააჭარბა. 

როგორც დასავლელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, სამხედრო ხარჯების მძიმე ტვირთი აუარესებდა თურქეთის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, აძლიერებდა ინფლაციასა და უცხოურ სესხებზე ქვეყნის დამოკიდებულებას. ინგლისური გაზეთის „თაიმსის“ შეტყობინებით, მხოლოდ 12 თვის მანძილზე (1976 წლის მაისი – 1977-ის აპრილი) ინფლაციამ 17 %-ს მიაღწია, ხოლო საგარეო ვალებმა კი – 7 მლრდ. დოლარს. 

თურქეთის მეჯლისის (პარლამენტის) მიერ 1977/1978 ფინანსურ წელზე დამტკიცებული ეროვნული თავდაცვის სამინისტროს (ეთმ) ბიუჯეტი 42 500 მლნ. ლირით (დაახლოებით 2,6 მლრდ. დოლარი) იქნა განსაზღვრული, რაც საერთო სახელმწიფო ხარჯების 19,3 %-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამხედრო ასიგნებები 9 მლრდ. ლირით, ანუ 27 %-ით გაიზარდა. გარდა ამისა, განსახილველ ფინანსურ წელში, როგორც ადრეც, გამოიყო მსხვილი ფულადი სახსრები ჟანდარმერიის შენახვაზე (დაახლ. 4 მლრდ. ლირის ზომით). ამრიგად საერთო სამხედრო ასიგნებებმა 46 500 მლრდ. ლირას მიაღწია, ხოლო თურქეთის საერთო სახელმწიფო ბიუჯეტში მისმა წილმა კი 21 %-ს გადააჭარბა. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებათა შესაბამისად, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთვის 1077/1978 ფინანსურ წელზე გამოყოფილი ფულადი რესურსები იყოფოდა შემდეგნაირად: სახმლეთო ჯარებს – 17 615 მლნ. ლირა (მთელი სამხედრო ბიუჯეტის 41,5 %), სამხედრო-საჰაერო ძალებს – 7568 მლნ. (17,8 %), სამხედრო-საზღვაო ძალებს – 4932 მლნ. (11,6 %), ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის აპარატს, აგრეთვე ცენტრალური დაქვემდებარების დაწესებულებებსა და ნაწილებს – 3745 მლნ. (8,8 %), შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციასა და მოდერნიზაციაზე (პროგრამა „რემო“) – 8640 მლნ. (20,3 %). პროგრამა „რემოს“ განხორციელებისთვის განკუთვნილი სახსრები 43 %-ით იყო გაზრდილი 1976/1977 ფინანსური წლის ფონდებთან შედარებით, ხოლო მათ მიმართვას კი ითვალისწინებდნენ ძირითადად იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვებზე შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის. 

საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების ცნობებით, შეიარაღება თურქეთს მიეწოდებოდა აშშ-დან, გფრ-დან, იტალიიდან და ნატო-ს ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნებიდან სამხედრო დახმარების პროგრამის მიხედვით (კრედიტით ან აუნაზღაურებლად). მაგრამ კვიპროსზე თურქული ჯარების შეჭრის შემდეგ აშშ კონგრესმა გადაწყვიტა შეეწყვიტა ამ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარება და შემოღებულ იქნა ემბარგო ამერიკული იარაღის მიწოდებაზე თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ამასთან დაკავშირებით თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 1976–1977 წლებში აწარმოებდა მოლაპარაკებებს გფრ-ის მთავრობასთან შეიარაღების შესყიდვების საკითხზე. 

როგორც საზღვარგარეთული პრესა მოწმობდა, ამ მოლაპარაკებების შედეგად გფრ დაეთანხმა მიეწოდებინა უახლოეს წლებში თურქული ჯარების ნაწილებსა და ქვედანაყოფებში თანამედროვე იარაღი და საბრძოლო ტექნიკა (3 მლრდ. მარკაზე მეტი თანხისა), მათ რიცხვში 40 ტაქტიკური გამანადგურებელი „ალფა-ჯეტი“, 180 ტანკი „ლეოპარდი“, 950 სატანკო ძრავი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) „მილანი“ გასაშვები დანადგარები, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები „როლანდი“, საბრძოლო ხომალდები და კატარღები. 

1977 წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის ემბარგო ნაწილობრივ გაუქმებულ იქნა და ამერიკულმა მთავრობამ თურქეთს მისცა 55,4 მლნ. დოლარის კრედიტი აშშ-ში იარაღის შესყიდვისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 1 ранга А. Кораблев, «Военные расходы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1977 г. № 12. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment