Sunday, October 18, 2026

თურქეთის სამოქალაქო თავდაცვა 1980-იანი წლების შუახანებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ნატო-ს ბლოკში შემავალი თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 1980-იან წლებში სამოქალაქო თავდაცვის (მთ) სისტემის ორგანიზაციისა და სრულყოფის ღონისძიებებს საომარ (სამხედრო) მზადებათა განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. მისი აზრით, თანამედროვე ომში სამოქალაქო თავდაცვა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა. 

1980-იანი წლების შუახანებში ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვა განისაზღვრებოდა როგორც წინასწარ დაგეგმილი დამცავი და სამაშველო ზომების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში მიმართული გახლდათ მოწინააღმდეგის მიერ ბირთვული იარაღისა და მასობრივი დაზიანების სხვა საშუალებათა გამოყენების შედეგების ლიკვიდაციაზე, თანამედროვე ომში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფაზე, საგანგებო ვითარების პირობებში სამხედრო-სამრეწველო და სხვა ობიექტების მდგრადი მუშაობისთვის მომზადებაზე. მშვიდობიანობის დროს მთ მოწოდებული გახლდათ გადაეწყვიტა სტიქიური უბედურებების, მსხვილი საწარმოო კატასტროფებისა და ავარიათა შედეგების ლიკვიდაციის ამოცანები. 

თურქულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ მთ-ის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულე მოითხოვდა მისი მართვის სისტემის წინასწარ დაგეგმვასა და მუდმივ სრულყოფას, შესაფარებლებისა და თავშესაფრების (укрытия и убежища) ფართო ქსელის შექმნას, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმების შემუშავებას, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემის გაფართოებას, რადიაციული მეთვალყურეობისა (დაკვირვებისა) და დოზიმეტრიული კონტროლის პოსტების გაშლას, მთ-ის ორგანოებისთვის კადრების მომზადებას, მოსახლეობისთვის მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის ხერხების (წესების) სწავლებას. 

თურქეთის სამოქალაქო თავდაცვამ, როგორც საგანგებო პირობებში მოქმედებებისთვის მოსახლეობის მომზადებისა და წინასწარი ფსიქოლოგიური დამუშავების სისტემამ, ჩამოყალიბება 1956 წელს # 7126 კანონის მიღების შემდეგ დაიწყო, რომელმაც განსაზღვრა მისი საორგანიზაციო სტრუქტურა, ამოცანები და მიზნები. 1960 წელს ძირითად კანონში დამატებები და ცვლილებები იქნა შეტანილი, ხოლო 1964-ში კი დაამტკიცეს «დებულება სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურისა და მისი ამოცანების შესახებ». 

მთ-ის სისტემის შექმნისას ძირითადი ყურადღება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების განლაგების რაიონებსა და იმ ზონებს ეთმობოდა, რომლებიც სტიქიურ უბედურებებს განიცდიდნენ. უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ მუქარის ქვეშ მყოფ რაიონებს განსაზღვრავდა თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭო და ის მათ მნიშვნელობის ხარისხისდა მიხედვით A, B და C კატეგორიებად ჰყოფდა. ქვეყნის მთელი ტერიტორია მთ-ის 67 რაიონად იქნა დაყოფილი (ვილაიეთებად ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად), რომელთა ნაწილიც ქვერაიონებად იყოფოდა, რომლებშიც ტერიტორიულად მაზრები (ქაზა) და თემები (волости, ნაჰიე) შედიოდნენ. 

მთ-ის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა ეკისრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობა კი – მის შემადგენლობაში შემავალ სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს. სამმართველოს ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნა, მობილური ფორმირებების სწავლებისა და აღჭურვის ორგანიზაცია, მთ-ის ტერიტორიული ორგანოების საერთო ხელმძღვანელობის განხორციელება და მათი საქმიანობის კონტროლი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო 1980-იანი წლების შუახანებში ორგანიზაციულად შედგებოდა სამდივნოსგან, შტაბისა და მოძრავი კოლონების (მობილური რაზმების) სარდლობისგან. უშუალოდ სამდივნოს ექვემდებარებოდა სამოქალაქო თავდაცვის კოლეჯი (ქ. ანკარა). შტაბში შედიოდნენ სამმართველოს უფროსის მთავარი მრჩეველი (შტაბის უფროსი), სამი მრჩეველი (მოადგილე), რომლებსაც ექვემდებარებოდნენ შესაბამისი განყოფილებები, აგრეთვე შეტყობინებისა (оповещение) და კავშირგაბმულობის სამსახური (ნახ. 1 /სტრუქტურა/). გარდა ამისა, შტაბზე ბოლოვდებოდა რაიონების მთ-ის ორგანოები. 

[ნახატი] 

ნახ. 1. თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის მართვის ორგანიზაცია 

რაიონებში სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობა ვილაიეთის გუბერნატორს ეკისრებოდა. იგი პასუხს აგებდა მთ-ის მართვის ორგანოებისა და ფორმირებათა ორგანიზაციასა და საქმიანობაზე, ტექნიკური საშუალებებით მათ აღჭურვაზე, სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა ჩატარებაზე და ა. შ. გუბერნატორი მთ-ის საქმიანობას ხელმძღვანელობდა სამდივნოსა და სამმართველოს მეშვეობით. სამდივნო გეგმავდა და კოორდინაციას უწევდა ვილაიეთის სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ორგანოებში სამოქალაქო თავდაცვის ყველა ღონისძიების შესრულებას. ის მუშაობდა მჭიდრო ურთიერთმოქმედებით ვილაიეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შეიარაღებული ძალების საჯარისო ნაწილებთან. ვილაიეთის მთ-ის სამმართველო შემდეგი საკითხებით გახლდათ დაკავებული: ადგილებზე მთ-ის ორგანოების ორგანიზება და მათი საქმიანობის დაგეგმვა; მთ-ის ძალებისა და საშუალებათა განაწილება და ადგილობრივი ორგანოების მიერ მათთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების კონტროლი; სამოქალაქო თავდაცვის საკითხების მოსახლეობისთვის, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისა და საწარმოების მუშა-მოსამსახურეებისთვის სწავლების ორგანიზაცია და კონტროლი; სამოქალაქო თავდაცვაში სწავლებების ჩატარება. 

მაზრებში, თემებსა და მსხვილ ქალაქებში სამოქალაქო თავდაცვას შესაბამისად მაზრების, თემებისა და მუნიციპალიტეტების უფროსები ხელმძღვანელობდნენ მთ-ის შტაბების მეშვეობით. თითოეულ სამოქალაქო რაიონში ორიდან ხუთამდე მთ-ის დასაცავი რაიონი (охраняемые районы ГО) იქმნებოდა, ადმინისტრაციული ქვერაიონების რიცხვის მიხედვით, რომლებსაც ქვერაიონების უფროსები ან რაიონული სამმართველოს მოხელეები მეთაურობდნენ. დასაცავი რაიონი იყოფოდა უფროს ინსტრუქტორთა ოთხ-ექვს უბნად (თითოეული ასეთი უბანი მოიცავდა 5000-10000 მცხოვრებს), ხოლო უკანასკნელები კი – ინსტრუქტორთა ოთხ-ექვს უბნად (1000-2000 მცხოვრები). უფროს ინსტრუქტორთა მოვალეობებს, როგორც წესი, კვარტლების მამასახლისები (старосты кварталов) ასრულებდნენ. 

სამოქალაქო თავდაცვის ძალები შეიცავდა ცენტრალური დაქვემდებარებისა და ადგილობრივ ფორმირებებს, აგრეთვე თვითდაცვის ქვედანაყოფებს (подразделения самозащиты). 

მთ-ის სამმართველოსადმი უშუალოდა დაქვემდებარებულ ძირითად ფორმირებებს წარმოადგენდნენ მოძრავი კოლონები. თურქული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მათი მთავარი დანიშნულება გახლდათ – ბირთვული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია, პირველ რიგში საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე ადგილებზე ოპერატიული კვალიფიციური ტექნიკური დახმარების აღმოჩენა. ამ ფორმირებებისთვის დამახასიათებელი გახლდათ მრავალმიზნობრივი მიმართულება (мрогоцелевая направленность), ე. ი. მთ-ის სხვადასხვა სამსახურების – სამაშველო, ჩამონაქცევების გაწმენდის, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა – ქვედანაყოფების არსებობა. თითოეული მოძრავი კოლონა შედგებოდა სამი მოძრავი ასეულისა და მომარაგების ასეულისგან. მოძრავ ასეულში იყო ხუთი ოცეული: სამაშველო, ორი ხანძარსაწინააღმდეგო, საპოლიციო და მომარაგების. მშვიდობიანობის დროს მათ შემცირებული შტატებით ინახავდნენ და ძირითადად სამეთაურო და ინსტრუქტორთა შემადგენლობით აკომპლექტებდნენ. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოძრავი კოლონების გამოყენება იგეგმებოდა მსხვილ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. მათი დაკომპლექტება კი წარმოებდა სამხედროვალდებულთა გაწვევის გზით, რომლებიც ასეთნაირად ნამდვილ სამსახურს გადიოდნენ. 

ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში ორგანიზებულ ადგილობრივ ფორმირებებს მიეკუთვნებოდნენ სხვადასხვა სამსახურის მრავალრიცხოვანი ქვედანაყოფები (საშტაბო, სამაშველო, პირველი დახმარებისა და დაჭრილთა ტრანსპორტირების, სოციალური დახმარების, მოძრობის უსაფრთხოებისა და რეგულირების, ხანძარსაწინააღმდეგო, სამედიცინო და ტექნიკური რემონტის /ნახ. 2 /მათი ემბლემები//). 

[ნახატი] 

ნახ. 2. თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის ემბლემა (1) და ადგილობრივ ფორმირებათა სამსახურების განმასხვავებელი ნიშნები: 2 – საშტაბო; 3 – სამაშველო; 4 – პირველი დახმარებისა და დაჭრილთა ტრანსპორტირების; 5 – სოციალური დახმარების; 6 – მოძრაობის უსაფრთხოებისა და რეგულირების; 7 – ხანძარსაწინააღმდეგო; 8 – სამედიცინო; 9 – ტექნიკური რემონტის 

საშტაბო სამსახური ხუთი ჯგუფისგან შედგებოდა: მოხსენებებისა და შეტყობინებათა შეკრების, ოპერატიული, კავშირგაბმულობის, მეთვალყურეობის (დაკვირვების), რადიაციული და დოზიმეტრიული კონტროლის. 

სამაშველო სამსახური ხელმძღვანელობდა სამაშველო ქვედანაყოფებს. ყოველ 1500-3000 მცხოვრებზე იქმნებოდა სამაშველო ათეული (ათი ადამიანი). ათეულები შეიძლებოდა გაეერთიანებიათ ოცეულებად (ექვს-ევსი ათეული), ოცეულები – ასეულებად (სამ-სამი ოცეული), ასეულები – რაზმებად (თითოეულ რაზმში სამი ასეული). 

პირველი დახმარებისა და დაჭრილთა ტრანსპორტირების სამსახური მოიცავდა შესაბამის რაზმებს, რომელთაგან თითოეული შედგებოდა ორი ასეულისგან – პირველი დახმარებისა და დაჭრილთა ტრანსპორტირების. პირველი დახმარების ასეული შეიცავდა სამ ოცეულს (ექვს-ექვსი ათეულით), ხოლო დაჭრილთა ტრანსპორტირების ასეული კი – ოთხს (ექვს-ექვსი ათეულით). ყოველ 25000-50000 მცხოვრებზე იქმნებოდა პირველი დახმარების როგორც მინიმუმ ერთი ოცეული და დაჭრილების ტრანსპორტირების ოცეული. 

სოციალური დახმარების სამსახურში შედიოდნენ სოციალური დახმარების ასეულები, რომლებიც იქმნებოდნენ 25000-50000 მოსახლეზე ერთი ასეულის ანგარიშით. თითოეული მათგანი შედგებოდა სამი ოცეულისგან, ოცეულები – შემდეგი ოთხი ათეულისგან: კვების, ტანისამოსით მომარაგების, შრომითი მოწყობის, ადამიანურ დანაკარგებსა და მიყენებულ ზარალზე ცნობების შეგროვების. 

მოძრაობის უსაფრთხოებისა და რეგულირების სამსახურს მეთაურობდა სამსახურის უფროსი. ყოველ 25000-50000 მცხოვრებზე იქმნებოდა უსაფრთხოების სამსახურის ოცეული (სამი ათეულისგან). სამი ოცეული გაერთიანებული გახლდათ ასეულში. სამსახურის მართვის ორგანოები და ქვედანაყოფები კომპლექტდებოდა კადრის მოსამსახურეებით, აგრეთვე პირებით სამოქალაქო მოსახლეობის რიცხვიდან. 

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური რაიონული სახანძრო რაზმების ბაზაზე იყო ორგანიზებული, მას სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსი მეთაურობდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ყოველ 25000-50000 მცხოვრებზე სამი სახანძრო რაზმის შექმნა იყო გათვალისწინებული (10-20 ადამიანი თითოეულში) სამოქალაქო მოსახლეობის რიცხვიდან. 

სამედიცინო სამსახური პასუხს აგებდა სამედიცინო დაწესებულებების უსაფრთხო რაიონებში ევაკუაციაზე, სალაშქრო პუნქტების, პირველი საექიმო დახმარების აღმოჩენის ცენტრებისა და სტაციონარული ჰოსპიტლების გაშლაზე, აგრეთვე მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების ორგანიზებაზე. 

ტექნიკური რემონტის სამსახური ყალიბდებოდა უმთავრესად კომუნალური მეურნეობის მეთვალყურეობისა და რემონტის დაწესებულებების მოსამსახურეებისგან. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყოველ 25000-50000 მცხოვრებზე ელექტროქსელის, ბუნებრივი აირის ქსელის, წყალმომარაგების სისტემის, კანალიზაციის, სატელეფონო და სატელეგრაფო ხაზების რემონტის ხუთი ჯგუფის შექმნა იყო გათვალისწინებული. 

ადგილობრივი ფორმირებების გარდა ყალიბდებოდა თვითდაცვის (самозащита) ქვედანაყოფები: უფროსი ინსპექტორისა და ინსპექტორის უბნებზე სამოქალაქო თავდაცვის თითო-თითო ჯგუფი შესაბამისად 12 და რვა ადამიანისგან (მეხანძრეები, მაშველები, სანიტრები და ა. შ.). თითოეულ სახცოვრებელ სახლში, რომელშიც ხუთამდე მცხოვრები იყო, ინიშნებოდა პასუხისმგებელი (უფროსი) სამოქალაქო თავდაცვაზე, ხუთი-ათი ადამიანი – პასუხისმგებელი მთ-ზე და მეხანძრე, 10-15 ადამიანი – პასუხისმგებელი მთ-ზე, მეხანძრე და სანიტარი. უფრო მსხვილ საცხოვრებელ სახლებში (15 და მეტი ადამიანი) იქმნებოდა მთ-ის სახლის რაზმი ოთხი-შვიდი ადამიანისგან; თავშესაფრების მქონე სახლებში რაზმში აგრეთვე თავშესაფრის უფროსიც შედიოდა. 

მთ-ის მართვის ორგანოებსა და ფორმირებებში სამსახურში მიიღებოდნენ 15 წელზე უფროსი ასაკის როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის პირები. მთ-ში სამსახურში გაწვეულნი ყოველწლიურად 72-საათიან მომზადებას გადიოდნენ სპეციალურ კურსებზე. კანონმდებლობით მთ-ში სამსახურისგან თავის ამრიდებელ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემა იყო გათვალისწინებული. 

მთ-ის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელ შემადგენლობას, სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებების მეთაურთა კადრებს, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოებისა და დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ამზადებდნენ მთ-ის კოლეჯში (ქ. ანკარა). 

მთ-ის საკითხებში მოსახლეობის მომზადებას ატარებდნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სპეციალურ კურსებზე და მთ-ის სასწავლო ცენტრებში. რიგ მსხვილ ქალაქებში (მაგალითად, ანკარაში, სტამბულში) 15-საათიანი კურსები გახლდათ ორგანიზებული მოსახლეობის მიერ სამოქალაქო თავდაცვის სხვადასხვა საკითხების, კერძოდ კი, ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორების და მათგან დაცვის ხერხების შესწავლისთვის. 

თურქეთის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებულ სამოქალაქო თავდაცვის ღონისაძიებებში შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობოდა. საზღვაგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, მთ-ის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორია შეტყობინების ორ სექტორად იყო დაყოფილი, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სექტორებს შეესაბამებოდნენ: აღმოსავლეთისა (ცენტრი ქ. დიარბაქირში) და დასავლეთის (ქ. ესქიშეჰირი). შეტყობინების ეროვნული ცენტრისა და სექტორების ორი ცენტრის გარდა, შეტყობინების პუნქტები გახლდათ საჰაერო თავდაცვის (ჰთ) მართვისა და შეტყობინების ყველა ცენტრსა და პოსტში. ეროვნული ცენტრიდან განგაშის სიგნალები ვილაიეთების, მაზრების, თემებისა და მსხვილი ქალაქების მთ-ის შტაბებს გადაეცემოდა. 

მთ-ის მართვისა და შეტყობინების სისტემაში გამოიყენებოდა ძირითადად შეიარაღებული ძალების, აგრეთვე ფოსტის, ტელეფონისა და ტელეგრაფის სამინისტროს კავშირგაბმულობის ხაზები და სამთავრობო რადიოსადგურები. 

განგაშის გამოცხადების ძირითადი საშუალება გახლდათ ელექტრული და პნევმატური მოქმედების სირენები. ავარიულ შემთხვევებში (ელექტროენერგიის გამორთვა, სტაციონარული სირენების უარი და სხვა) ითვალისწინებდნენ სირენებით აღჭურვილი მოძრავი დანადგარების, აგრეთვე ფაბრიკა-ქარხნების საყვირებისა და ხმამაღლა მოლაპარაკეების გამოყენებასაც. 

მომწამვლელი ნივთიერებებითა და რადიოაქტიური ნალექებით ადგილმდებარეობის დასნებოვნების გათვალისწინებით თურქეთში რადიაციული მეთვალყურეობისა (დაკვირვებისა) და დოზიმეტრიული კონტროლის სტაციონარული პოსტების ქსელი იყო შექმნილი. დოზიმეტრიული კონტროლისა და რადიოაქტიურ დასნებოვნებაზე შეტყობინების მთავარი ცენტრები იმყოფებოდა საჰაერო თავდაცვის სექტორების ოპერატიულ ცენტრებთან. რადიაციული, აგრეთვე ბიოლოგიური და ქიმიური ვითარების შეფასების პოსტები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთმანეთისდან 8-16 კმ დაშორებაზე იყო განაწილებული. ისინი პირველ რიგში მეტეოროლოგიურ სადგურებთან იყო შექმნილი. მათი ნაწილი გაშლილი გახლდათ ხლისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, სამრეწველო საწარმოებში, ელექტრო- და წყალმომარაგების, აგრეთვე ტრანსპორტის სისტემის ობიეტებზე, ასევე პოლიციის უბნებთანაც. 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, 1980-იანი წლების შუახანებისთვის ანკარაში დასრულდა საკომანდო პუნქტის მშენებლობა სამთავრობო ორგანოებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ძირითადი შემადგენლობის განსათავსებლად. იყო აგრეთვე მთ-ის რაიონული შტაბების სამმართველოების 66 პუნქტიც. ყველა ისინი მოწყობილი (შეგუებული) იყვნენ რადიოაქტიური დასნებოვნების პირობებში მუშაობისთვის. 

თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობის ევაკუაციას. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, შემუშავებული იყო მუქარის რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციისა და განწერტვის (განაწილების) გეგმები. ევაკუაციისა და განწერტვის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობდა მინისტრთა საბჭო გენერალური შტაბის რეკომენდაციით. ევაკუაციის, ევაკუირებულთა განთავსების, კვებისა და შრომითი მოწყობის ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებდა. 

მრეწველობაში სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებს აგრეთვე სერიოზული ყურადღება ეთმობოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვან რაიონებში განლაგებულ მთელ სახელმწიფო და კერძო საწარმოებში, პორტებში, სადგურებსა და აეროპორტებში იქმნებოდა მთ-ის შტაბები და ინიშნებოდნენ უფროსები. საწარმოებსა და დაწესებულებებში, რომელთა მუშებისა და მოსამსახურეების რიცხვი 100 ადამიანზე ნაკლები გახლდათ, შექმნილი იყო ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფები და პირველი სამედიცინო დახმარების ჯგუფი, 100-ზე მეტი მუშა-მოსამსახურეებისთვის – შვიდი ჯგუფი: კავშირგაბმულობისა და შეტყობინების, წესრიგსა და უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის, ხანძარსაწინააღმდეგო, პირველი სამედიცინო დახმარების, რადიაციასაწინააღმდეგო დაცვის, სამაშველო და ტექნიკური რემონტისა. 

მასობრივი დაზიანების იარაღისგან (მდი) მოსახლეობის დაცვის ღონისძიებათა საერთო (ზოგად) სისტემაში დიდი ყურადღება ეთმობოდა სამედიცინო უზრუნველყოფას: მედიკო-სანიტარული სამსახურებისა და მათი ფორმირებების შექმნას; სამედიცინო დახმარების პუნქტების, საველე ჰოსპიტლებისა და დამატებითი სამკურნალო დაწესებულებების გაშლას; უშუალოდ ბირთვული თავდასხმის შემდეგ სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, დაზარალებულთათვის პირველი დახმარების აღმოჩენას, მათ დახარისხებასა და ევაკუაციას; დაზარალებულებისა და ავადმყოფების მკურნალობას, მათ ევაკუაციას იმ რაიონებში, რომლებსაც ბირთვული დარტყმა არ განუცდიათ, ეპიდემიების აფეთქებათა თავიდან აცილებასა და მათთან ბრძოლას. მთ-ის სისტემაში მედიკო-სანიტარული სამსახურების ორგანიზება ხდებოდა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების საფუძველზე მთ-ის ყველა რგოლში – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ვილაიეთის მთ-ის სამმართველოების შტაბებიდან სამოქალაქო თავდაცვის ადგილობრივ ორგანოებამდე, აგრეთვე სამრეწველო და სავაჭრო დაწესებულებებისაც. ეს სამსახურები მოიცავდნენ მართვის ორგანოებს, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდისათვის შექმნილ მოძრავ ფორმირებებს (მედიკო-სანიტარულ რაზმებს, სანიტარული ტრანსპორტის რაზმებს, სამედიცინო ბატალიონებს, სანიტარულ ასეულებსა და ოცეულებს, პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ჯგუფებს, დაჭრილების დახარისხებისა და ევაკუაციის პუნქტებს). 

ერთერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა მთ-ის ორგანოების შეიარაღებულ ძალებთან მჭიდრო ურთიერთმოქმედების დამყარება. როგორც მშვიდობიანობის დროს, ისე ომის დროსაც ეს ურთიერთმოქმედება იგებოდა თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშვებული «ინსტრუქციის» შესაბამისად «სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზებისთვის საჯარისო ნაწილებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ურთიერთმოქმედების წესის შესახებ». მისი დებულებების თანახმად ჯარებს ეკისრებოდათ დახმარების აღმოჩენა მთ-ის ღონისძიებათა დაგეგმვაში, მოსახლეობის ევაკუაციის ჩატარებაში თვით აუცილებელ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყოფამდეც კი, აგრეთვე საავარიო-სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებაში. ურთიერთმოქმედების ორგნიზების საკითხებს ამუშავებდნენ რეგულარულად ჩატარებად შეიარაღებული ძალების სწავლებებში, რომლებში მონაწილეობისთვის იწვევდნენ სამოქალაქო თავდაცვის ორგანოებსა და ფორმირებებს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 1 ранга В. Бурляев, «Гражданская оброна Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1985 г. № 10. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment