Monday, January 28, 2019

გენერალი გიორგი კვინიტაძე 1917–1918 წწ. მოვლენების შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის წიგნის „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“ /რუსულ ენაზე – «Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921»/, YMCA-PRESS, პარიზი, 1985, დასაწყისი ნაწილის თარგმანს. გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1921 წ. თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის მეორე /დასკვნით/ ეტაპზე, და მანამდეც რიგ ომებში საქართველოს მტრების წინააღმდეგ. წიგნს წამძღვარებული აქვს თავად თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის შესავალი წერილი ავტორის შესახებ. ეს წიგნი რუსულ ენაზე სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /ქ. თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ელექტრონულ ფონდებში)


ავტორის შესახებ 

მე 1946 წ. გავიცანი გენერალი კვინიტაძე და მისი საყვარელი ოჯახი, ხშირად ვყოფილვარ მათ სახლში შატუში, პარიზის ახლოს, შეეეთებულ შტატებში ჩემს გამგზავრებამდე 1949 წ. ეს იყო მყუდრო (სასიამოვნო) სადილები მაგიდაზე ანთებული სანთლებით; სადილის შემდეგ გიორგი ივანეს ძე ჰყვებოდა ეპიზოდებს თავისი წარსულიდან.

ასე, მაგალითად, 1916 წ. 16 თებერვალს, როცა არზრუმი დაეცა, გენერალმა იუდენიჩმა მიმართა მის გვერდში მდგომ გენ. კვინიტაძეს სიტყვებით: „გიორგი ივანეს ძევ, გავალებთ თქვენ, როგორც ქართველს, პირველი შეხვიდეთ არზრუმში“.

გიორგი კვინიტაძე წარმოსდგებოდა ჩიქოვანების ქართული საგვარეულოდან. როცა 1830 წ. რუსული ჯარები იმერეთში შემოვიდნენ, გიორგი ივანეს ძის ბაბუა, სიმონ ჩიქოვანი, წავიდა თურქეთში იმერეთის მეფის სიმეონის (თუ სოლომონის /თუმცა სოლომონ II იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო/ – ი. ხ.) ამალაში. მისი ვაჟიშვილი ივანე, გიორგი ივანის ძის მამა, დატოვებულ იქნა საქართველოში, თავად ციციშვილების ოჯახში. საქართველოს რუსეთთან შეერთების დროიდან, ქართველები ხალისით შედიოდნენ რუსულ სამხედრო სკოლებსა და რუსეთის საიმპერატორო არმიის რიგებში. ეს მათ საშუალებას აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ საომარ მოქმედებებში თურქებისა და სპარსელების, საქართველოს საუკუნოვანი მტრების წინააღმდეგ. რუსული არმია ივსებოდა ქართველებით, მათი ეროვნული გრძნობისთვის მიყენებული შეურაცხყოფის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც იმპარატრიცა ეკატერინე II-სა და მეფე ერეკლეს შორის 1783 წლის ხელშეკრულება 1801 წ. შეიცვალა რუსეთთან უბრალო შეერთებით, საქართველოს სამეფოს რუსულ გუბერნიებად გადაქცევით. 13 წლის ასაკში, შეიცვალა რა თავისი გვარი კვინიტაძით, ივანე შევიდა რუსულ არმიაში და გაიკეთა ბრწყინვალე კარიერა. იგი ბევრ ენას ფლობდა და მას მას საგანგებო დავალებებს აძლევდნენ. ასე, იგი დანიშნულ იქნა ალექსანდრე დიუმას თანმხლებად მისი მოგზაურობის დროს კავკასიაში.

გიორგი კვინიტაძე დაიბადა 1874 წ. დაღესტანში. ათი წლის ასაკში შევიდა ტფილისის კადეტთა კორპუსში, შემდეგ დაამთავრა კონსტანტინეს სახელობის ქვეითი ჯარის სასწავლებელი პეტერბურგში, 1894 წ. ოფიცრობის მინიჭების შემდეგ მსახურობდა ვლადიკავკაზის 135-ე პოლკში, მერე პოლონეთის სამეფოში. 1904 წ., რუსეთ-იაპონიის ომის დროს, მისი სურვილით, მივლინებულ იქნა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მიიღო საბრძოლო ნათლობა და სამხედრო ჯილდოები. 1910 წ., უკვე კაპიტანმა, გიორგი ივანეს ძემ დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და ჩარიცხულ იქნა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის დროს პოლკოვნიკი კვინიტაძე გახლდათ ახლად ჩამოყალიბებული მე-4 კავკასიური მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი, რომლის რიგებშიც მონაწილეობდა არზრუმის ციხესიმაგრის ალყასა და იერიშში, რისთვისაც მიიღო წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, ხოლო შემდეგ კი გიორგის იარაღიც.

1917 წ. რევოლუციამ და საიმპერატორო არმიის დაშლამ გ. ი. კვინიტაძეს მოუსწრო გენერალური შტაბის გენერალ-მაიორის წოდებაში, გიორგის ჯვრის კავალრობასა და გამოცდილი მხედართმთავრის მდგომარეობაში, რომელიც საყოველთაო ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა.

1918 წ. საქართველოს სახელმწიფოს წარმოქმნის შემდეგ, გიორგი ივანეს ძემ, როგორც ქართველმა პატრიოტმა, მთელი თავისი ძალები და ცოდნა ქართული სამხედრო სასწავლებლის შექმნას მიუძღვნა. საქართველოს მთავრობას არაერთხელ დაუნიშნავს გენერალი კვინიტაძე საქართველოს სამხედრო ძალების სარდლის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ კი ათავისუფლებდა მას. მთავრობასა და მთავარსარდალს სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმ ზომებზე, რომელთა მიღებაც იყო აუცილებელი გაძნელებულ მდგომარეობებში. გენერალი კვინიტაძე გადაჭრით მოითხოვდა ინიციატივის, ძალაუფლების გამოვლენას, შეტევას, რომელსაც მიზნად გამარჯვება ექნებოდა დასახული, მაშინ როდესაც მთავრობა შეთანხმებებზე, კომპრომისებსა და დათმობებზე მიდიოდა სომხების, თურქებისა და საბჭოების მიმართ. 

უეჭველია, რომ გენერალ კვინიტაძის სახელი შევა რუსეთის საიმპერატორო არმიის ისტორიაში როგორც მამაცი, სახელოვანი მხედართმთავრისა, ხოლო საქართველოს ისტორიაში კი – როგორც ჭეშმარიტი პატრიოტისა, რომელმაც შეინარჩუნა სული და ისტორიული ტრადიციები მრავალტანჯული საქართველოსი.

გენერალი კვინიტაძე გარდაიცვალა შატუში 1970 წ. 7 აგვისტოს 96 წლის ასაკში.

                                             თავ. თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი 
                                                                                   ნიუ-იორკი,1985 წ. 5 იანვარი 




                                                                                     ჩემს მოგონებებს ვუძღვნი
                                                                                    ჩემს დაუვიწყარ მეუღლეს
                                                                                 მარიამ ვლადიმერის ასულს,
                                                                                   ჭეშმარიტ ქართველ ქალსა
                                                                                                და ოჯახის დედას.


შემოთავაზებული ამონარიდის შინაარსი

წინასიტყვაობა
შესავალი
თავი I. რევოლუცია. – ჩხრეკა. – ბათუმი.
თავი II. ამიერკავკასიის რესპუბლიკა
თავი III. საქართველოს რესპუბლიკა
თავი IV. პროექტი კანონისა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შესახებ
თავი V. ჩემი გადადგომა


წინასიტყვაობა 

ჩემი მოგონებები შეეხება მოვლენებს, რომლებიც მოხდა საქართველოში 1917 წლის რევოლუციის დღიდან ნ. ჟორდანიას მთავრობის მიერ 1921 წლის 16 მარტს სამტრედიაში დამპყრობელთან ზავზე ხელმოწერის დღის ჩათვლით.

ამ დროის მანძილზე მე არაერთხელ ვყოფილვარ დაყენებული საქართველოს ჯარების სათავეში.

იმის გამო, რომ ეს მოვლენები, როგორც უცხოურ პრესაში, ისევე ქართულშიც ტენდენციურად და არასწორად იქნა აღწერილი, მე საკუთარი თავი ვალდებულად მივიჩნიე დამეწერა ჩემი მოგონებები 1922 წელს პარიზში ჩამოსვლის შემდეგ.

წაიკითხავს რა ყურადღებით ჩემს მოგონებებს, მკითხველი დაინახავს ჩვენი მმართველების საქმიანობას, რომლებიც შეიძლება კეთილი განზრახვებითაც იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ მხოლოდ თავიანთ ჭაბუკურ გატაცებათა მეოცნებენი გახლდნენ და ახდენდნენ 1789 წლის საფრანგეთის დიდი რევოლუციის კოპირებას, და მასაც მხოლოდ გარეგნულად.

ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ, რის შედეგადაც რევოლუციის დროს ადვილად ჩაიგდეს ხელში ნამდვილი ძალაუფლება მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში, თავიდან ამიერკავკასიაში, ხოლო შემდეგ კი ამიერკავკასიის რესპუბლიკაში და, ბოლოს, საქართველოშიც.

1918 წლის გაზაფხულზე ჩვენმა მმართველებმა, მიპატიჟების მიუხედავად, უარი თქვეს გამგზავრებულიყვნენ ბრესტ-ლიტოვსკში გერმანელების მიერ რუსი ბოლშევიკებისათვის თავზე მოხვეული ბრესტ-ლიტოვცსკის ხელშეკრულების დადებისას, იმ საბაბით, რომ ამიერკავკასია შეადგენს რუსეთის განუყოფელ ნაწილსო. გეგონებოდათ, რომ სწორედ ამ საბაბით მათ უნდა მიეღოთ მიპატიჟება, თუ სურდათ საქართველოს ინტერესებზე ელაპარაკათ.

საბაბი იყო არასწორი, „ვინაიდან უკრაინა და პოლონეთი უკვე გამოეყვნენ რუსეთს, სადაც უკვე სამოქალაქო ომი ჩაღდებოდა, რომელიც ბოლშევიკების გამარჯვებით მხოლოდ 1920 წელს იქნა დასრულებული.

ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მიხედვით ამიერკავკასიამ დაკარგა ყარსი, არტაანი და ბათუმი, რომლებიც თურქეთს გადაეცა.

ამიერკავკასიის რესპუბლიკამ დაიწყო მოლაპარაკებები თურქებთან ტრაპიზონში, ხოლო შემდეგ კი ბათუმში, სურდა რა ამ ოლქების შენარჩუნება.

1918 წ. 24 მაისს თურქებმა ულტიმატუმი წაუყენეს ჩვენს მმართველებს, რომ მათ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობები ეღიარებინათ, და (უარის შემთხვევაში) საომარი მოქმედებების დაწყებით იმუქრებოდნენ.

ამ ულტიმატუმის შედეგად ჩვენს მმართველებს მოუხდათ, მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის ახალი ფაქტორის შესაქმნელად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოეცხადებინათ (იხ. ავალიშვილი* „საქართველოს დამოუკიდებლობა“, გვ. 59). (*ბევრი ქართული გვარი, რომლებიც „შვილით“ მთავრდება, რევოლუციამდე ხშირად „ევ“ ან „ოვ“ დაბოლოებებით იწერებოდა).

თურქებთან შემდგომ მოლაპარაკებებში ჩვენს მმართველებს მათთან ხელშეკრულების დადება მოუხდათ, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვუთმობთ თურქებს კიდევ ახალციხესა და ახალქალაქს. 1918 წლის 4 ივნისს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის პირველმა თავმჯდომარემ ნ. რამიშვილმა, გ. გვაზავამ, გ. რცხილაძემ, გენ. ი. ოდიშელიძემ (მეგობრობისა და მშვიდობის ხელშეკრულება თურქეთთან).

1917 წლიდან, რევოლუციის დღიდან, ჩვენი მმართველები დაპირდნენ სომეხ წარმომადგენლებს მათთვის იმ ოლქების გადაცემას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა იყო სომხური, ე. ი. ბორჩალოსი და ახალქალაქისა.

უარი თქვეს რა ამ დაპირებების შესრულებაზე, ჩვენს მმართველებს მოუხდათ ომი ეწარმოებიათ შეტევაზე გადმოსულ სომხეთთან. ჩვენ თავდასხმის მოგერიება მოვახერხეთ და უკანდახეული სომხური ჯარების დევნაც კი დავიწყეთ, როცა უცხოელები (ორი კაპიტანი) ჩაგვერიენ და საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს (ეს უცხოელები, როგორც ვიცი, ბრიტანელები იყვნენ – ი. ხ.).

სომხებმა ჩვენ 1918 წლის 8 დეკემბერს შემოგვიტიეს. ეს უცხოელები არ ჩაერიენ და ჩვენზე თავდამსხმელი სომხები არ გააჩერეს, მაგრამ იმავე თვის ბოლოს, როცა ჩვენ არა მარტო მოვიგერიეთ სომხები, არამედ მათი დევნაც დავიწყეთ, ისინი ჩაერიენ და საომარი მოქმედებები შეაჩერეს. რა თქმა უნდა, საჭირო იყო საომარი მოქმედებების გაგრძელება. 

საინტერესოა ამ ომის შედეგი. ჩვენი მმართველები, ჩვენი წარმატების მიუხედავად, დაეთანხმენ ჩვენი ბორჩალოს ოლქი სადავო ზოლად ეღიარებინათ.

ეს ოლქი უძველესი დროიდან ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა; ამ ოლქის მიწები ეკუთვნის ქართველ მემამულეებს ორბელიანებს, ბარათაშვილებს, მელიქიშვილებს, საგინაშვილებს, მაღალაშვილებსა და სხვებს.

სომხები ამ ოლქში უმრავლესობას შეადგენდნენ, ვინაიდან ესენი თურქეთიდან ლტოლვილები გახლდნენ. რუსეთის თურქეთთან ყოველი ომის შემდეგ თურქეთიდან ლტოლვილ სომხებს რუსული ხელისუფლება არა მარტო ამ ოლქში ასახლებდა, არამედ ქართლსა და კახეთშიც. 1853–55 წლების ყირიმის ომის შემდეგ ისინი 90 000 ჩამოასახლეს.

გეგონებოდათ, შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა სომხებისთვის, ვინაიდან შეიქმნა სომხეთი, ამ ოლქიდან სომხები სომხეთში გადაგვესახლებინა, და ქართველების კუთვნილი მიწა, არ მიგვეცა და არც სადავო გაგვეხადა.

საერთოდ ჩვენი მმართველები ძირძველ ქართულ მიწებს ძალზედ მსუბუქად ეკიდებოდნენ. ასე ზაქათალა მათ აზერბაიჯანს გადასცეს; არტაანი, ძველი ქართული მიწა-წყალი, რომელიც 1919 წელს, ახალციხესა და ახალქალაქში აჯანყების შემდეგ, ჩვენ საქართველოს ორბიტაში დავაბრუნეთ, მათ სომხებს გადასცეს. ქართველი მაჰმადიანებითა და რუსი გადმოსახლებულებით დასახლებული ოლქი მათ სომხებს გადასცეს, რომელთაც ამ ოლქზე არანაირი უფლება არ ჰქონდათ, არამედ არტაანში მხოლოდ რამდენიმე სომხური სავაჭრო დუქანი თუ გააჩნდათ.

მკითხველისთვის ძნელი არ იქნება დაინახოს, რომ ჩვენი მმართველები სახელმწიფო ინტერესებით არ ხელმძღვანელობდნენ და ჩვენს ოლქებს ისე არიგებდნენ, როგორც არიგებს კაცი, რომელმაც მოულოდნელად მიიღო უზარმაზარი მემკვიდრეობა და თავის ქონებას ურიგებს ყველას, ვინც კი მას საჩუქრებს მოხერხებულად გამოსთხოვს.

1920 წელს ჩვენ მოვახერხეთ ბოლშევიკების პირველი თავდასხმის მოგერიება; ჩვენ დავუწყეთ მათ დევნა და უკვე აქსტაფასთან ვიყავით, როცა მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ ომი გააჩერა და ბოლშევიკებთან მოლაპარაკებებს შეუდგა.

ეს გახლდათ აზერბაიჯანისა და სომხეთის განთავისუფლების ერთადერთი, განსაკუთრებით ხელსაყრელი შემთხვევა მათი დამპყრობელი ბოლშევიკებისგან, და ჩვენ შეგვეძლო მათგან გაგვეწმინდა მთელი ამიერკავკასია, და შესაძლო იყო დაღესტანიც; ეს იყო 1920 წელი, როცა პოლონეთი ომს აწარმოებდა რუსეთთან და გენერალი ვრანგელიც გამოვიდა ყირიმიდან.

გასაოცარი და გაუგებარია ჩვენი მმართველების საქციელი. როგორ შეიძლება სახელმწიფოს მართვის სათავეში იყო და ასეთ შეცდომებს უშვებდე? და იყო კი ეს შეცდომები?

საშინაო პოლიტიკაში მმართველთა მთავარი საზრუნავი იყო: ხალხში სოციალიზმის დანერგვა, არარსებული კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ზომები და ეგრეთ წოდებულ რევოლუციის მონაპოვართა დაცვა.

მკითხველი აქაც იხილავს სასაცილო ღონისძიებებს, როგორიცაა მაგალითად, „მუშათა სასახლე“ თბილისის მთავარ ქუჩაზე, სადაც მუშებისგან არავინ მისულა, ან ერთი გირვანქა პურის ფასი მუშებისთვის 5 მანეთი, როცა სხვა მაცხოვრებელი მასში 150 მანეთს იხდიდა.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყო სოციალიზმის ზოგიერთი დებულების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად, მუშათა და გლეხთა ყოფის გაუმჯობესება, მაგრამ ესენი უფრო მეტად საღი აზრის ღონისძიებებია, ვიდრე სპეციალურად სოციალისტური ხასიათისა. არ შეიძლება ჰაინრიხ IV-ს ბრალი დავდოთ სოციალიზმში, ისევე როგორც ყველა სხვა მემამულეს, რომელიც თავისი გლეხების ყოფის გაუმჯობესებისთვის ზრუნავდა. 

არარსებული კონტრრევოლუცუიის წინააღმდეგ და რევოლუციის მონაპოვართა დასაცავად მიღებულმა ზომებმა მმართველების მიერ გვარდიის შექმნამდე მიგვიყვანა, თავიდან წითელი, ხოლო შემდეგ კი სახალხო გვარდიის, სამხედრო ორგანიზაციის ამ ანომალიისა.

საქართველოში არავინ ფიქრობდა წასულიყო რევოლუციისა და მის მონაპოვართა წინააღმდეგ, ვინაიდან ეროვნული ქართული ერთეულის შექმნა ყოველი ქართველის საიდუმლო გულისწადილის აღსრულება გახლდათ. ისეთი გრძნობები, როგორიცაა თავადაზნაურთა (ბანკის) მიერ მთელი ქონების ეროვნული კრებისთვის გადაცემა, მმართველებმა ვერ გაიგეს, ვინაიდან ისინი ძალიან იყვნენ განმსჭვალულნი მატერიალიზმის მოძღვრებით. და ნ. ჟორდანიაც თავის მოგონებებში „ჩემი წარსული“ ამბობს, რომ მათ გარემოში ეროვნული საკითხი არასდროს არ მდგარა. 

კონტრრევოლუციისა და რევოლუციის მონაპოვართა დაკარგვის შიშმა (მმართველები) იქამდე მიიყვანა, რომ გვარდიის რაოდენობა, გამოცემული კანონის მიუხედავად, მათ 24 ბატალიონამდე აიყვანეს, რაც საარმიო ორგანიზაციისთვის ზიანის მომტანი გახლდათ.

აქ კიდევ უნდა დავუმატო ზოგიერთი რესპუბლიკური ადათებისადმი მიმბაძველობის შესახებაც. იმ დროს, როცა ამიერკავკასიის მეზობელ სახელმწიფოებში სამხედრო ორგანიზაციის სათავეში ჩვენ ვხედავდით აზერბაიჯანში გენერლებს მეხმანდეროვსა და შიხლინსკის, ხოლო სომხეთში გენ. ნაზარბეგოვს, ჩვენი მმართველები სამხედრო მინისტრად აყენებდნენ ხან სახალხო მასწავლებელს, ხან ადვოკატს, ხან საერო მოღვაწეს, ხან ექიმს, ოღონდ კი სათავეში ყოფილიყო სოციალ-დემოკრატი. და აი ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის თანაშემწეც მე ვიყავი და რომლის თანდასწრებითაც, ვუთხარი იმ ბატალიონის მეთაურს, რომელსაც ვაგზავნიდი, რომ მას თან ორი ქვემეხი წაეღო, მკითხა: „გიორგი ივანეს ძევ, ორი ქვემეხი ეს რამდენია ზარბაზანია?“ – და აი (ეს გახლდათ), ჯარების „მშენებელი“ და „მმართველი“.

გვარდიის შექმნა, როგორც სამხედრო ორგანიზაციის, იყო ერთ-ერთი მთავარი, თუ არა ყველაზე მთავარი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა. გვარდია ბრძოლის ველებზე ან უარს ამბობდა იმაზე რომ ეომა, ან ტოვებდა ბრძოლის ველს, თვით მოგებული ბრძოლის ველსაც კი. ასე იყო 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომშიც, 1919 წლის ახალციხურ ლაშქრობაშიც,1920 წელს ბოლშევიკების წინააღმდეგ პირველ ომშიც და ხაშურის ბრძოლაშიც, როცა ჩვენი წარმატებული შეტევის მიუხედავად გვარდია თვითნებურად მოიხსნა ბრძოლის ველიდან და, სურამის ქედის მეორე მხარეს, წიფაში წავიდა.

გვარდია, როგორც პრივილეგირებული ორგანიზაცია, სწრაფად გადაიქცა პრეტორიანულად, რისგანაც ქვეყანა იტანჯებოდა. აი სადამდე მივყავართ საკუთარი სურვილების ბრმად აღსრულებას.

ახლაც კი, 1961 წელს, საზღვარგარეთ 40-წლიანი ყოფნის შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტია აგრძელებს იმით კვეხნას, რომ დამფუძნებელ კრებაში ისინი 90 % იყვნენ და რომ მთელი ხალხი მათ მიჰყვებოდა, არის კი ასე?

1914 წელს რუსეთის მთავრობამ მოახდინა 155 000 ქართველის მობილიზაცია. სად იყო ეს 155 000 ჩვენი ომის დროს რუსების წინააღმდეგ 1921 წელს?

დამფუძნებელ კრებაში 90 % სოციალისტების მიუხედავად, ხალხი უკვე აღარ მიჰყვებოდა ჩვენს მმართველებს, ვინაიდან გაიგო მათი მმართველობის ინტერნაციონალური ხასიათი.

ყველგან იყო გამოსვლები მთავრობის წინააღმდეგ. ასეთები იყო სამეგრელოში, დუშეთში, ოსეთში, ხევში, ახალციხესა და აჭარაში. ამ გამოსვლებს სამხედრო ძალით აწყნარებდნენ, და მთავრობა მათ ბოლშევიკური გამოსვლების სახით ხსნიდა. მაგრამ, განა კი ესმოდა მოსახლეობას, თუ რა არის ბოლშევიზმი და მენშევიზმი, და განსხვავება მათ შორის.

ხალხმა გაიგო ჩვენი მმართველებისა და ჩამოშორდა მათ, ვინაიდან 1920 წლის 7 მაისს მეგობრული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების დადებას ჩვენს წარსულ და მომავალ დამპყრობთან და საქართველოში რუსიფიკაციის დამნერგავთან არ შეიძლებოდა მოსახლეობისთვის თვალი არ აეხილა.

მიწის რეფორმა გლეხებს ვერ აკმაყოფილებდა, ხოლო ეკონომიკური და ფინანსური მიმართებით კი ჩვენ კრახისკენ მივდიოდით.

მთავრობა ყველა ფენაში უკვე ავტორიტეტით ვეღარ სარგებლობდა და, რა თქმა უნდა, პოპულარობითაც. ჩვენს მმართველებს არ სურდათ არმიის შექმნა, რაც მეტად იოლი აღსასრულებელი იყო ბრწყინვალე და მრავალრიცხოვანი ოფიცრობისა და მოსახლეობის წყალობით, რომელსაც სამხედრო სამსახური რუსულ არმიაში ჰქონდა გავლილი. ჩვენი მმართველები – „მშვიდობის ადეპტები“ – სამი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ ომებს შიგნით და გარეთაც. ჩვენ ვეომებოდით ოსებს, ახალციხის მოსახლეობას, აჭარლებს, აგრეთვე სომხებს, დენიკინელებს, თურქებსა და ორჯერ რუსებს. ყოველთვის ეს ჩვენ თავზე მოულოდნელად გვატყდებოდა, და ჩვენი გადარჩენა ბრწყინვალე, სამშობლოსადმი უანგაროდ მომსახურე ოფიცრობისა და მოსახლეობის პატრიოტიზმის წყალობით ხდებოდა. მკითხველი დაინახავს, თუ როგორ გადაუხადეს მადლობა მმართველებმა ჩვენს ოფიცრობას. რაც შეეხება მოსახლეობას, 1921 წლის 16 მარტის თავისი სამშვიდობო ხელშეკრულებით ნ. ჟორდანიამ ღალატით შეატოვა (предал) ეს მოსახლეობა ბოლშევიკებსა და ბოლშევიკური ოპერაციის (თუ ოკუპაციის? – ი. ხ.) მთელ საშინელებებს. ასეთია მენშევიკების მიერ საქართველოს მართვის სამწუხარო ფურცელი. 

სალიტერატურო სახსრების არქონამ არ მომცა საშუალება, რომ ჩემი მოგონებები დროულად გამომეცა. ტროცკი თავის მოგონებებში ღიად ლაპარაკობს, რომ, რათა მოახდინო რევოლუცია, უნდა იცრუო. აღვწერ რა მოვლენებს საქართველოში, მე ჩემს მოგონებებში მათ სიმართლით გადმოვცემ და ეს ჩემი უკანასკნელი სამსახურია ჩემი ხალხისათვის, რომელმაც მენშევიკ რევოლუციონერთა ტყუილები საკუთარ თავზე გამოსცადა.

შატუ (Chatou), 1961


შესავალი * 

(* ეს ჩანაწერები 1922 წელს იქნა დაწერილი, მაგრამ მათ ავტორი, ახალი დოკუმენტების საფუძველზე, მოგვიანებითაც ავსებდა)

საქართველო, 1801 წლიდან, რუსეთის სახელმწიფოს ნაწილს შეადგენდა. ის შეერთებულ იქნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობათა საწინააღმდეგოდ. ალექსანდრე I-მა, რომელიც პოლონეთთან მიმართებით ლიბერალურ პოლიტიკას იყენებდა, საქართველოსთან 1783 წლის ხელშეკრულება დაარღვია, იგი რუსეთს შეუერთა და ისე დაიწყო მასში მოქმედება, როგორც დაპყრობილ ქვეყანაში. აძლევდა რა საკუთარ თავს რუსეთს მფარველობაში, ქართველი ხალხი იმედოვნებდა მუსლიმანურ სამყაროსთან დაუსრულებელი ომებისგან ამოესუნთქა, და მოლოდინი ჰქონდა, რომ ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით იგი თავის სარწმუნოებას, თავის ენასა და თავის ხალხურობას (свою народность) გადაირჩენდა. მისი მოლოდინები არ გამართლდა. რაც უფრო დიდხანს იმყოფებოდა ქვეყანა რუსეთის ხელში, დამპყრობელი მით უფრო ძლიერად იგრძნობოდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, საეკლესიო კანონების მიუხედავად, 1811 წელს მოსპობილ იქნა. საქართველოს დამოუკიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ გადაიქცა და მის სათავეში, რა თქმა უნდა და აუცილებლად, აყენებდნენ რუსს რუსიფიკაციის განსაზღვრული პოლიტიკით. საქართველოს რუსიფიკაცია ხალხის ცხოვრების ყველა დარგში ტარდებოდა: სასამართლო, ადმინისტრაცია, სასწავლო დაწესებულებანი, ყველაფერი, ყველაფერი რუსიფიკაციას განიცდიდა. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ბავშვები არ შეიძლებოდა ხალხისათვის საყვარელი და პატივსაცემი სახელებით მოენათლათ, როგორებიცაა მაგალითად, ვახტანგი, თამარი, რუსუდანი, ირაკლი და ა. შ. უწევდათ მოენათლათ ოლღას, ალექსანდრეს და სხვა სახელებით, და მე ვიცი ბევრი, ამ უკანასკნელი სახელებით მონათლული, მაგრამ რომლებიც შინაურობაში ძველ ქართულ სახელებს ატარებდნენ. დაწვრილებით აღარ შევეხები იმ ყველა ღონისძიებას, რომლებიც იმ ყოველივეს თანდათანობით მოსპობისკენ იყო მიმართული, რაც კი ქართულის ბეჭედს ატარებდა. შედეგად ამ ღონისძიებებით იმას მიაღწიეს, რომ კულტურა, განათლება, ხელოვნება, მრეწველობა და სხვა რუსების ხელში იყო და ქართველმა ხალხმა თავის განვითარებაში ჩამორჩენა დაიწყო. ბუნებრივია, ასეთი დმოკიდებულება ქართველი ხლხის მიმართ იწვევდა მისი მხრიდან წინააღმდეგობას. ქართლისა და კახეთის ბევრ ადგილას არაერთხელ აღმართულა აჯანყების დროშა, ხოლო იმერეთი კი, რომელმაც არ სცნო 1801 წლის მანიფესტი, დამორჩილებულ იქნა და სოლომონ მეფემ თავისი სიცოცხლე თურქეთში დევნილმა დაასრულა; ასევე დაასრულა თავისი ცხოვრება ალექსანდრე ბატონიშვილმაც, რომელმაც არ აღიარა რუსეთის ძალაუფლება და რუს ხელისუფლებთან მუდმივ ომში იმყოფებოდა. ოცნება საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ ხალხში არასდროს არ კვდებოდა.

19-ე საუკუნის მეორე ნახევარში მის შორის გამოჩნდნენ პოეტები, ბელეტრისტები, მწერლები, მხატვრები, რომლებიც სამშობლოსადმი სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი, და ქართულ საზოგადოებაში თანდათანობით, უფრო ძლიერ და ძლიერ მკვიდრდებოდა პატრიოტული მიმდინარეობა. ეს მიმართულება უწინარეს ყოვლისა ქართველ თავადაზნაურობაში გამოვლინდა, რომელიც თავისი სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა, უძველესი დროიდან სარწმუნოების, ენისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების სადარაჯოზე იდგა, და აზიური სამყაროს დაუთვალავი მტრებისაგან სამშობლოს გადასარჩენად თავისი სისხლი აღურაცხელად დაღვარა. ამ ომებში ათასწლეულობით ყელამდე ჩაფლული და სულშეგუბებული, საქართველო თავის ხალხურობას (народность) მტკიცედ ინარჩუნებდა და ის 19-ე საუკუნემდე მოიტანა, როცა მას თავს ახალი საფრთხე – რუსიფიკაცია დაატყდა. გეგონებოდათ, არ იყო ხსნა, გადარჩენა. მაგრამ სიყვარული სამშობლოსადმი, თავისი ხალხურობისადმი იხსნიდა მას საბოლოო დაღუპვისაგან. ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და მთელი პლეადა ჩვენი პოეტების, მწერლების, არტისტების, აგრეთვე მხატვრებისა ყოველთვის იქნებიან მანათობლები, რომელნიც ნათელს ჰფენენ ჩვენს ეროვნულ გამოღვიძებას. ხოლო ჩვენი სამხედრო გმირების სახელები კი, ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ამირეჯიბი, ამილახვარი, ანდრონიკაშვილი, ორბელიანი და სხვები ყოველთვის იქნებიან ქართველი ხალხის მხედრული მამაცობისა და შინაგანი ძლიერების კაშკაშა მტკიცება. ხალხი იღვიძებდა, რუსეთის მთავრობის ყველა ღონისძიების მიუხედავად.

მაგრამ, ამ მიმართულებასთან ერთად, გამოჩნდა მოძრაობაც, რომელიც არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, როგორც განსაკუთრებით დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. დაიბადა ახალი ინტელიგენცია. ეს იყო ჩვენი ახალგაზრდობა, რომელმაც განათლება უმთავრესად რუსულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიიღო. ნაწილობრივ, თანაც მეტად მნიშვნელოვან წილად, იგი რუსული სკოლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თანაც აღიზრდებოდა და ცოდნას იძენდა რა რუს ახალგაზრდობასთან ერთად, იგი ბუნებრივად მისგან იმ აზრებსა და მოძღვრებებს აღიქვამდა, რომლითაც 19-ე საუკუნის შუახანებისა და მეორე ნახევრის რუსული ინტელიგენცია გახლდათ გაჟღენთილი. ამ ახალგაზრდებს შორის მნიშვნელოვანი ნაწილი ამდენად მიმზიდველი და მაცდური სოციალიზმის მოძღვრებით დასნეულდა, მაგრამ რუსული სოციალიზმისა, რომელიც ინტერნაციონალიზმსა და ნიჰილიზმს დიდი დოზით შეიცავდა. მათი მეორე ნაწილი ჩვენი პატრიოტი მწერლების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ხალხის გამოღვიძების შესახებ ფიქრები, ზრუნვა დამოუკიდებლობაზე მათ გონებაში მტკიცედ ჩაინერგა. უბრალო ხალხში ისტორიულ წარსულს ამაოდ არ ჩაუვლია და მასში მოძრაობდა (დუღდა) ფიქრები განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. რუსეთის ხელისუფალთა 100 წელიწადზე მეტი ბატონობის მიუხედავად, არც საზოგადოებაში, არც ხალხში რუსული კულტურისადმი მიდრეკილება არ იგრძნობოდა, პირიქით, მისგან სულ უფრო და უფრო მეტი გაუცხოება იგრძნობოდა, და ბუნებრივად (გაუცხოებაც) მისი მატარებლის, რუსი ხალხისაგან. მიზეზი რუსეთის მთავრობის არასწორ პოლიტიკასა და ქართველი ხალხის შინაგან ძალაში უნდა ვეძიოთ, რომელიც უცხოსადმი (უცხოურისადმი) წინააღმდეგობის გაწევას საუკუნეებით მიეჩვია.

ინტელიგენციის სოციალისტური ნაწილი, რომელიც უმეტეს წილად უბრალო ხალხის რიგებიდან იყო გამოსული და მარქსიზმის იდეებით, კლასობრივი ბრძოლის იდეებით ხელმძღვანელობდა, სამწუხაროდ, როგორც რუსეთის ოპოზიციურ წრეთა რიგებში მყოფი ძალა, უკეთ ორგანიზებული გახლდათ. ისინი 1905 წლის რევოლუციურ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და აქტიურ მოღვაწეებადაც გამოდიოდნენ; მათ ამისთვის ათობით და ასობით მოუხდათ ზღვევა ციმბირში გადასახლებით. ძნელი არ არის გავიგოთ, რომ მათი ორგანიზებულობისა და სოციალიზმის მიმტყუებელი (მიმზიდველი) იდეების წყალობით, ისინი ხალხში მეტად დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. როცა საქართველოში ტელეგრაფით მიიღეს ცნობა რევოლუციის შესახებ (იგულისხმება 1917 წლის თებერვლის რევოლუცია – ი. ხ.), ძალაუფლება საქართველოში ადვილად გადავიდა მათ ხელში, ხოლო მათი მთავარი ლიდერები კი კვლავ პეტროგრადში რჩებოდნენ და რევოლუციას ხელმძღვანელობდნენ. სრულიად რუსეთის ერთიანი ფრონტის პრინციპი მათი ბაგეებიდან არ ჩამოდიოდა, და ისინი კლასობრივი, და მხოლოდ კლასობრივი, ბრძოლის თავიანთ საქმეს განაგრძობდნენ. მაინც უნდა აღინიშნოს: მათი მოძღვრების ინტერნაციონალურობისა და მათი ხელმძღვანელი კლასობრივი ბრძოლის პრინციპის მიუხედავად, ქართველ ხალხში საუკუნოებით ფესვგადგმული პატრიოტიზმი, ეროვნული ბრძოლის იდეა ამ ჯგუფის უმეტეს ნაწილში, მათ გულებში სულაც არ მიჩუმებულა. ეს იდეა მათში ყრუდ ღვიოდა. მიუხედავად ამისა, როცა ერთიანი, სრულიად რუსეთის რევოლუციური ფრონტი ბოლშევიკების დარტყმების ქვეშ დაიშალა, მათ ხელი მიჰყვეს სოციალიზმის დანერგვის საქმეს თავიანთ ქვეყანაში. როგორც ფანატიკოსებმა, მათმა ხელმძღვანელებმა (ლიდერებმა) ვერ შეძლეს უარი ეთქვათ თავიანთ პრინციპებზე, და ისინი შეუდგნენ ამიერკავკასიის ერთიანი სახელმწიფოს შენებას. მაგრამ გარემოებათა ძალით აქაც წარუმატებლობა განიცადეს, რომლის შემდეგაც მიმართეს ქართული სახელმწიფოს ორგანიზებას, ისევ სოციალიზმის დასანერგად.

და რა დახვდათ მათ თავიანთ ხალხში? ხალხი ამასობაში თანდათანობით აღორძინდებოდა და დიდი ხანია ელოდა მომენტს, რომ ღიად გამოსულიყო თავისი დაჩაგრული უფლების დასაცავად. და დროც დადგა. მიუხედავად მსხვერპლისა, რომელიც უნდა გაეღოთ პრივილეგირებულ კლასებს, მიუხედავად ყველა შევიწროვებისა, დევნისა და მკვლელობებისაც კი, რომლებიც რევოლუციისა და ახალ გავლენათა ბუნებრივ შედეგს წარმოადგენდა, თავადაზნაურობა, სამსახურში მყოფნი, რომელთა შორისაც მთავარი მასა სამხედროები გახლდნენ, ვაჭართა წოდება, მრეწველები, მუშები, ხალხი, ყველანი, ყველანი თავანთი ბელადების ირგვლივ დაჯგუფდნენ. მუშები თავიანთ სოციალისტურ ბელადებს მიჰყვებოდნენ; გლეხობა, რომელშიც არ მიყრუებულა პატრიოტიზმი და რომელშიც დამოუკიდებლობის იდეები დუღდა, მათ მოწოდებას მხურვალედ გამოეხმაურა და, რა თქმა უნდა, თავადაზნაურობაც, ხალხისადმი მსახურების თავისი ძველი ტრადიციების ერთგული, აგრეთვე მრეწველები და ვაჭართა კლასი, და მთელი ინტელიგენციაც მათ შეუერთდნენ. უანგარობა თავადაზნაურობისა, უძველესი დროიდან ცნობილი სამშობლოსადმი მისი სიყვარული ძველი საბერძნეთისა და რომის კლასიკურ მაგალითებთან უნდა იქნას გაიგივებული. ყველა ანთებული იყო პატრიოტიზმით, სამშობლოსადმი საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანის სურვილით, და ყველა ისწრაფვოდა, რომ ჩვენი ახალი ბელადებისთვის სამუშაო შეემსუბუქებინა. ქართველ ხალხში, მის საერთო მასაში, კლასობრივ მტრობას ადგილი არ ჰქონია. ყველას სამშობლოსადმი სიყვარული აერთიანებდა. ეს მთელი ხალხის საერთო იდეა გახლდათ, და, ახალი იდეების ინტერნაციონალურობის მიუხედავად, ის ძლიერი მამოძრავებელი იყო, რომელმაც მოიცვა ყველა ფენა, და მოახდინა ის, რომ საქართველო რუსეთის უკიდეგანო ზღვის სისხლიან მქუხარე ტალღებს შორის ერთგვარი მართლწესრიგისა და სიმშვიდის პატარა კუნძულს წარმოადგენდა. ეროვნული იდეა მოიცავდა ჩვენს ბელადებსაც, სოციალიზმის წარმომადგენლებს, თუმცა კი ეს უეცრად არ მოსულა, თან სოციალისტური მიმართულების დიდი დოზით, და მხოლოდ სოციალისტური საქართველოსთვის. ხოლო მართლწესრიგის ორგანიზების სამუშაო ყველას თანადგომით, უნდა ითქვას, რომ ზეადამიანური არ ყოფილა. რევოლუციური ქაოსიდან გამოსულმა ამ ადამიანებმა, როცა 1917 წლის „უსისხლო“ რევოლუცია სისხლისა და ცეცხლის ზღვად გადაიქცა, მაინც შეძლეს სახელმწიფოს რაღაც მსგავსების შექმნა, რომელშიც თითქოსდა იყვნენ პასუხისმგებელი მთავრობა და დამფუძლებელი კრება, რომელიც ახალ, საყოველთაო, თანასწორ და ფარულ საწყისებზე გახლდათ არჩეული. ამის თანაბრად დანერგილ იქნა: სასამართლო, ადმინისტრაცია, თვითმმართველობა იმავე დემოკრატიულ საწყისებზე. მთავრობა თითქოსდა საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა, და ქვეყანაშიც თანდათანობით გარკვეული მართლწესრიგი იქნა დამკვიდრებული, მაგრამ ეს უფრო მეტად ხალხის თვისებებს უნდა მივაკუთვნოთ, რომელიც მართლწესრიგისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისადმი უძველესი დროიდან იყო მიდრეკილი. ხალხი, ვიმეორებ, დასაწყისში მათ გულმხურვალედ მიჰყვებოდა. ჩვენი ბელადები იყვნენ სოციალისტური პარტიების წარმომადგენლები, სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) და სოციალ-ფედერალისტები; სოციალ-რევოლუციონერებს ხალხში ნიადაგი არ ჰქონიათ. ამ სოციალისტურ პარტიებთან ერთად არსებობდა ეროვნულ-დემოკრატების პარტიაც. ამ პარტიების განშტოებათა, უფრო სწორად, მათი ჯგუფების შესახებ მე არ ვილაპარაკებ. ყველაფერში, რაც შეეხებოდა სამშობლოს, ეროვნულობის, მართლწესრიგის დაცვას, ეს პარტიები არაერთხელ გაერთიანებულან და მათ შეთანხმებულ მოქმედებებს ჩვენი ქვეყანა ანარქიისაგან არაერთხელ უხსნიათ. რუსეთის ასწლოვანი მფლობელობის შემდეგ ხალხი თავისი ძველი, მის სისხლში ფესვგადგმული აღთქმების ერთგული დარჩა და სამშობლოსა და დამოუკიდებლობისადმი მასში ხელახლა გაღვიძებულ სიყვარულს ვერ გატეხავს ბოლშევიზმი, როგორც ვერ გატეხეს ჩვენი წინაპრები ვერც შაჰ-აბასებმა და ვერც აღა-მაჰმად-ხანებმა. საქართველო, როგორც ეროვნული ერთეული, სავსებით დამოუკიდებლად იარსებებს და თავის მდიდარ ბუნებრივ ძალებს თავის საკუთარ ხალხურ სულისკვეთებაში განავითარებს. საქართველო აღორძინდა, ის თავისი ცხოვრების ახალ გზაზე დადგა და მის ბუნებრივ განვითარებას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს.

* * *
ერთი რამ უნდა აღვნიშნო ზემოთ დასახელებულ პარტიებთან მიმართებაში. მენშევიკების პარტია გაბატონებული გახლდათ, მათ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი დამფუძნებელი კრების შემადგენლობის 90 % მენშევიკები იყვნენ. ამ დომინირებულ პარტიას, რომელიც ინტერნაციონალურ იდეებზე გაიზარდა და აღიზრდებოდა, თანდათან ერთგვარად ნაციონალიზმის იდეები იპყრობდა, იმუხტებოდა რა მისი გარემომცველი ხალხისაგან. ომები ჩვენს გარეშემო მყოფ ხალხებთან მხოლოდ უწყობდა ხელს ხალხში პატრიოტიზმის განმტკიცებას. დამახასიათებელია ერთი სიმპტომატური მაჩვენებელი, რომლის მდუმარედ გვერდის ავლაც არ შემიძლია. რევოლუციის დასაწყისში კავკასიაში რუსული ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის ყოფილი სასახლის თავზე, რომელიც დამფუძნებელი კრების სახლად იყო გადაქცეული, წითელი დროშა, რევოლუციისა და ინტერნაციონალიზმის ეს ნიშანი ფრიალებდა. შემდეგ ამ დროშას ორი პატარა ეროვნული დროშა დაუმატეს, რომელთა თავზეც დიდი წითელი დროშა იყო აღმართული, და, ბოლოს, ეს დროშები ერთი დიდი ეროვნული დროშით იქნა შეცვლილი. დროშების ეს თანდათანობითი შეცვლა ჩვენს მმართველ წრეებში ერთგვარად ნაციონალიზმის იდეების შეღწევის სიმპტომატურ მაჩვენებელს წარმოადგენდა. მაგრამ მე არ მინდა ვთქვა, რომ მმართველი წრეები ხელახლა დაიბადნენ, სულაც არა. მე მხოლოდ მინდა აღვნიშნო, რომ გარემოებათა ძალით სწორ გზაზე მათ თავად ცხოვრება აყენებდა. მაგრამ ისინი იმავე ინტერნაციონალური იდეებით რჩებოდნენ და სიმწრით ახდენდნენ იმ დათმობებს, რომლებიც არ შეიძლებოდა არ დაეთმოთ. ჩვენ მათ ნამდვილ სახეს მათ საქმიანობაში დავინახავთ.

მე კიდევ ერთ ელემენტზე უნდა მივუთითო. ეს გახლავთ სამხედრო ელემენტი. თითოეული სახელმწიფოს ცხოვრებაში შეიარაღებულ ძალებს უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია, ხოლო კრიტიკულ მომენტებში კი, როცა სახელმწიფოს ბედი წყდება, ეს მნიშვნელობა გაბატონებული ხდება და არმია კი მისი ბედი-იღბლის გადამწყვეტი შეიქნება. ასე იყო ამ დრომდე და, მე ვფირობ, ასე იქნება ყოველთვის. შეიარაღებული ძალები, არმია, ხალხის სულის სარკეა, ხალხი თავის შეიარაღებულ ძალაში მთელ თავის ღირსებებს, მთელ თავის ნაკლოვანებებს, მთელ თავის კულტურას, მთელ თავის განვითარებას არეკლავს. ეს იმდენად ურღვევი კანონია, რომ არმიის, როგორც თერმომეტრის მიხედვით, ყოველთვის შეიძლება გაკეთდეს საჭირო დასკვნები ხალხის კულტურულობის ხარისხის, მისი ძლიერებისა და ცხოვრების ყველა დარგში მისი განვითარების შესახებ. საბერძნეთის, რომისა და ყველა უახლესი სახელმწიფოს ისტორია, ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს ისტორიაც, ნათლად და უდაოდ ამტკიცებს ამას. ძლიერი, ძალმოსილი არმია ყოველთვის შეესაბამებოდა ხალხის მაღალ განვითარებას, ხოლო არმიის დაქვეითება კი შესაბამისად სახელმწიფოს მომავალი დაცემის მაჩვენებელი და წინასწარ მაუწყებელი გახლდათ.

მაინც როგორი იყო მასალა საქართველოში შეიარაღებული ძალის შესაქმნელად. საქართველო ამ მიმართებით განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში იმყოფებოდა; იგი ფლობდა იმ ოფიცრებისა და ჯარისკაცების დიდ რეზერვს, რომელთაც მშვიდობიანობის დროის სკოლაცა, და ომიანობის დროისაც, რუსული არმიის რიგებში ჰქონდათ გავლილი. ქართველ ოფიცრობას ამ რიგებში ყოველთვის გამორჩეული მდგომარეობა ეკავა, და რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ არც ერთ ერს არ მიუცია ოფიცრების ისეთი შედარებით მაღალი პროცენტი, როგორც ქართველმა ერმა მისცა. ქართველები – გარდაუვალად მეომარი ხალხია (მუდმივი ომი მაჰმადიანებთან), მაგრამ ერთი თავისებურებით: მასში არ არის აგრესიულ-დამპყრობლური ჟინი, რომელიც ჩვეულებრივ თან ახლავს აგრესიულ ხალხებს; ქართველები ყოველთვის დაპყრობისა და ომისთვის კი არ ომობდნენ, არამედ მხოლოდ თავიანთი სამშობლოს, თავიანთი ეროვნულობისა და სარწმუნოების დასაცავად; ისინი არასოდეს იწყებდნენ ომებს დამპყრობლური მიზნით და ამა თუ იმ ოლქს ეუფლებოდნენ მხოლოდ თავიანთი არსობის საზღვრების უზრუნველყოფისთვის და დამარცხებულებისადმი შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ. რუსული არმიის რიგებში ომების დროს ქართველი ოფიცრები ძლიერ წინაურდებოდნენ, და კავკასიური ომების ისტორია, საკუთრივ რომ ვთქვათ, გახლავთ საქართველოს ძეთა ისტორია. გეგონებათ, არ არის არც ერთი ქართული თავადაზნაურული საგვარეულო, რომლის წარმომადგენლებიც არ ყოფილიყვნენ ბრძოლის ველებზე. ძველი მქუხარე გვარების პლეადასთან ერთად იყვნენ უფრო მოკრძალებული გვარის მქონენიც. ერთი რამაა აღსანიშნავი, ქართველ ოფიცრებს უმაღლეს თანამდებობებზე მხოლოდ ომის დროს აწინაურებდნენ. მშვიდობიან დროს კი ისინი თავიანთ სამსახურს შტაბ- და ობერ-საოფიცრო თანამდებობებზე ამთავრებდნენ. ეს გახლდათ, რა თქმა უნდა, შედეგი რუსული მთავრობის შესაბამისი ღონისძიებებისა. მხოლოდ ომს შეეძლო აეძულებინა იგი, რომ ჩვენ გამოვერჩიეთ და დავეწინაურებიეთ. 

გენერლებთან მიმართებაში მოვიყვან მცირე სტატისტიკას, რომელიც 1919 წელს ჩემს მიერ იქნა შედგენილი. აღმოჩნდა, რომ რუსული არმიის რიგებში სამსახურის დროს 25 (ქართველი) გენერლიდან 23 გიორგის ჯვრებით იყო დაჯილდოვებული. აღსანიშნავი ფაქტია. ძნელად თუ მოვიდოდა ყოველ 25 რუს გენერალზე 23 გიორგის ჯვრის კავალერი. შტაბ- და ობერ-ოფიცრების შესახებ მე არ ვლაპარაკობ. სპეციალობათა მიხედვით მომზადებასთან მიმართებაში უნდა ვთქვა, რომ ოფიცრებს შორის ბევრი იყო გენერალური შტაბის ოფიცერი, აკადემიადამთავრებული, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ საარტილერიო, სამხედრო-იურიდიული და სამხედრო-საინჟინრო აკადემიები; იყვნენ საინტენდანტო აკადემიადამთავრებულნიც, აგრეთვე ისინი, ვინც დაამთავრეს საავიაციო და სამხდრო-ტექნიკური სკოლები, როგორიცაა: რადიო, საავტომობილო, ჯავშნოსნებისა და სხვა სკოლები. ხშირად სამწყობრო ოფიცრები ასევე ძლიერად იყვნენ გამორჩეულნი, როგორც „სამწყობროებიც“ და როგორც ინსტრუქტორებიც; ზოგიერთი მათგანი სრულიად რუსეთშიც იყო ცნობილი როგორც წმინდა სამწყობრო მიმართებით, ისე როგორც ჩინებული მსროლელიც. იყვნენ კავალერისტი ოფიცრები, რომლებიც საზღვარგარეთაც კი ღებულობდნენ პრიზებს, როგორც მაგალითად, ერისთავი, ჭავჭავაძე; ჩვენს ქართველებს არაერთხელ აუღიათ პრიზები საფარიკაო დარბაზებში; ტანვარჯიშში ჩვენ ვიცნობთ ბერელაშვილს, რომელმაც პრაღაში აიღო პრიზი, ხოლო ერთი ქართველი, რატიანი, ახლაც იმყოფება კონსტანტინოპოლში ამერიკული სპორტული საზოგადოების ხელმძღვანელად ან შეიძლება დირექტორადაც. ქართული გვარებით იყო აჭრელებული სიები ყველა სასროლო და სპორტულ საზოგადოებაში და იპოდრომებზე; გვარები ჭავჭავაძე, ანდრონიკაშვილი, ავალიშვილი, ნაცვლიშვილი, ჩხეიძე, ერისთავი ყოველთვის გხვდებოდათ თვალში საანგარიშო მასალების კითხვისას. და ამას იძლეოდა ერი, რომელიც ძლივს თუ შეადგენდა რუსული სახელმწიფოს მოსახლეობის სულ რაღაც 2 %-ს. სწორი და ზუსტი სტატისტიკა უფრო მეტად გასაოცარ შედეგებს მოგვცემდა. რაც შეეხება ჯარისკაცებს, სამხედრო ვალდებულების წყალობით ჩვენ ვფლობდით (სამხედრო საქმეში) განსწავლულთა საკმარის მარაგს. დიდი ევროპული ომის დროს ქართველებისგან 155 000 ადამიანი იქნა გაწვეული. უნდა ვიფიქროთ, 2/3 მათგან დაბრუნდა უკანასკნელი ომის გამოცდილებით დაბრძენებული. ამრიგად, ქართველი ოფიცრები და ჯარისკაცები მშვენიერ კადრსა და მასალას წარმოადგენდნენ დამოუკიდებელი ქართული არმიის შესაქმნელად.

ჩვენი არმიის ორგანიზებისას ათასობით ოფიცრის განთავისუფლება მოგვიხდა სამსახურიდან ჩვენს პატარა ჯარში საშტატო ადგილების არქონის გამო და, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა შეგვერჩია ყოველივე საუკეთესო, რაც ყველაზე უფრო უკეთესი ხარისხის არმიის შექმნაში დაგვეხმარებოდა. დანარჩენები თადარიგს შეადგენდნენ, რომელიც ომისთვის არმიის გაშლისას სავსებით საკმარისი იქნებოდა. ამრიგად, ჩვენს ახალ ბელადებს, სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალის, სახელმწიფოს მშვიდობიანი წარმატების ამ დამცველისა და ამ დარაჯის შექმნის კრიტიკულ მომენტში, (შესაძლებლობები) საკმარისზე უფრო მეტი ჰქონდათ.

ქართველი ხალხი მთლიანად გაერთიანდა მათ გარშემო. სამშობლოსადმი სიყვარული, თავგანწირვა, მშვენიერი საბრძოლო კადრი და მასალა – ყველაფერი მათ სამსახურში გახლდათ. ჩნდება კითხვა, მაინც რატომ ვერ გავძელით ბოლშევიკური ომის წინააღმდეგ, როცა სხვა მცირე სახელმწიფო წარმონაქმნები განაგრძობდნენ არსებობას. მე არ ვლაპარაკობ პოლონეთზე, თუმცა კი მას თავზე თითქმის მთელი რუსეთი დააცხრა; მაგრამ არსებობენ ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, და ბოლოს, თვით სომხეთიც კი მთლიანად არ არის დაპყრობილი და მისი დროშა ჯერ კიდევ ფრიალებს ზანგეზურში. ეს შეეხება 1922 წელს, როცა (ჩემი) მოგონებები იწერებოდა. მთელ ამ წარმონაქმნებს არავითარ შემთხვევაში ან გააჩნდათ ის ხელსაყრელი მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვფლობდით. გარდა ამისა, რუსეთისგან ჩვენ კავკასიონის ქედი გვყოფდა და ასეთი დამხმარე არც პოლონელებს ჰქონიათ, არც ლატვიასა და ფინეთს. მაინც რაშია საქმე? 

ბოლშევიკებთან ჩვენი დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე უფრო მთავარ მიზეზად, და შესაძლოა, ყველაზე უფრო მთავრადაც, მე მივიჩნევ შეიარაღებული ძალის მოუწყობლობას, ან უფრო სწორედ, მის არასწორ მოწყობას. შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას საკუთარ თავზე იღებდნენ ჩვენი ბელადები და არ უთმობდნენ მას სპეციალისტებს. ბოლშევიკებმა, როგორც ჩვენ ვიცით, ეს საკითხი სხვანაირად გადაწყვიტს; ჯარების ორგანიზაციისათვის მათ მიიზიდეს (ჩართეს) სამხედროები და მხოლოდ პოლიტიკურ ზედამხედველობა დააწესეს მათზე. ჩვენში კი ეძიებდნენ ახალ გზებს, ახალ საფუძვლებს ჯარების მოწყობისათვის და შექმნეს გვარდიული ორგნიზაცია, ეს ანომალია ჯარისა, რომელსაც ომის წარმოების უნარი სრულებით არ გააჩნდა. დაივიწყეს, არა არ დაუვიწყებიათ, არამედ არ სურდათ დაენახათ, რომ ნებაყოფლობით, დისციპლინის, ამ მაიძულებელი ძალის გარეშე, იშვითად თუ ვინმე გაწირავს თავის სიცოცხლეს სამშობლოს სიკეთისათვის, ასეთია ცხოვრება როგორც ცხოვრება. ბოლშევიკებმა გაიგეს ეს და დისციპლინის (მაიძულებელი ძალის) განმტკიცებისთვის ისეთი მკაცრი სასჯელების გამოყენება დაიწყეს, რომლებიც თავისი სისასტიკით აღემატებოდა ყველაფერს, რაც უკანასკნელი ხანების ცივილიზებულ არმიებში გამოიყენებოდა და ვალენშტაინის დროს გვაგონებდა, რომელსაც ბანაკის შემოვლისას სტერეოტიპულ ფრაზად ჰქონდა: „ჩამოახრჩეთ ბესტია“.

იმისთვის, რათა მკითხველისათვის ყველაფერი იყოს ნათელი, მე გადმოვცემ ყველა მოვლენას, რომელთა მოწმეც ვიყავი პეტროგრადის რევოლუციის დღიდან. მე შევეცდები ვიყო ობიექტური, და თუ ზოგჯერ გაიჟღერებს მწარე ნოტები და თვით, შესაძლებელია, მიკერძოებული მსჯელობებიც კი, დაე მკითხველი ნუ იფიქრებს, რომ ვწერ განსაკიცხად (დასაგმობად). არა, სიმწარე შეიძლება და უნდა გამოსჭვიოდეს კიდეც, ვინაიდან არაფერია იმაზე უფრო მტანჯველი, როცა იცი საქმის კეთება, მაგრამ როცა არ გაძლევენ შესაძლებლობას რომ აკეთო. არ შეიძლება გულგრილად უყურებდე სამშობლოს ტანჯვას, როცა ღრმად ხარ დარწმუნებული, რომ ეს შეიძლებოდა არც კი ყოფილიყო; ძნელია თავი შეიკავო, რომ არ სტყორცნო საყვედური უცოდინრობას ან სურვილის არქონას, როცა შეიძლებოდა ეხსნათ ხალხი იმ საშინელებისგან, რომელსაც ის დღეს განიცდის. დაე მაპატიოს მკითხველმა, და ყოველთვის ჰქონდეს მხედველობაში, რომ მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულითა და თითოეული ქართველის დამსხვრეული იმედების ბუნებრივი სიმწრით.


თ ა ვ ი I 

რევოლუცია. – ჩხრეკვა. – ბათუმი 


რევოლუცია 

რევოლუციამ მე მომისწრო თბილისში. სულ ახალი ჩამოსული ვიყავი შვებულებით ფრონტიდან, როგორც მახსოვს, 1917 წლის 23 თუ 24 თებერვალს. თბილისში არ ვყოფილვარ 1915 წლის დეკემბრიდან. მე მე-4 კავკასიური მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობა მეკავა და 6-კვირიან შვებულებაში გახლდით. რევოლუცია თბილისში ჩვენ საკუთრივ ტელეგრაფით მივიღეთ, და პირველი დღეები მხოლოდ საერთო სიხარულით იყო აღნიშნული. თბილისში მაშინვე შეიქმნა, პეტროგრადის მაგალითით, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო. ამასთან ერთად ხდებოდა კავშირებისა და საბჭოების ორგანიზებაც: პოლონურის, უკრაინულის, სომხურის, ქართულის. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მაშინვე ჩაიგდო ხელში ფაქტიური ძალაუფლება. სხვათა მაგალითით შეიქმნა ქართველ მეომერთა კავშირიც. მისი პირველი, დამფუძნებელი, კრება შედგა ქართველ თავადაზნაურთა სახლში კ. კაკაბაძისა და პლატონ ლეჟავას ინიციატივით. თავმჯდომარეობდა ესტატე მაჩაბელი (სამხედრო იურისტი). ოფიცრებიც იყვნენ და ჯარისკაცებიც. ამ სხდომაზე გამოსვლა უნდოდა ორ სოციალ-დემოკრატს და, რა თქმა უნდა, ჯარისკაცის ფორმაში, თავიანთი პროგრამით, მაგრამ მათ ლაპარაკის საშუალება არ მისცეს და ისინი იძულებული იყვნენ დარბაზი დაეტოვებინათ. ლაპარაკობდნენ ქართულად. მე ჩემი მშობლიური ენა არ ვიცოდი და წარმოთქმული სიტყვების საერთო აზრს ძლივსძლივობით თუ ვიჭერდი. შემდეგ შეუდგნენ კომიტეტის არჩევნებს. იქ 15 ოფიცერი და ამდენივე ჯარისკაცი აირჩიეს. თუმცა მე ქართულად ვერ ვლაპარაკობდი და ცოტა რამეს თუ ვიგებდი, თან მალე ისევ ფრონტზე უნდა გავმგზავრებულიყავი, მაინც მოვხვდი ამ კომიტეტში, ჩემი პროტესტის მიუხედავად: არ ვიცოდი რა ენა, მე არ შეიძლებოდა აქტიური მუშაკი ვყოფილიყავი. დაიწყო ყოველდღიური სხდომები, ხდებოდა პროგრამის შედგენა, ისახებოდა გზები და სხვა. ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გენერალი ჩივაძე, სამხედრო იურისტი. ჩვენ შევიკრიბეთ ქართული კლუბის შენობაში. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ჩვენ, კომიტეტს, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენთან ლაპარაკი სურთ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს. მაშინ ამ პარტიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის ძალა და ავტორიტეტი, რომლებითაც იგი შემდგომში სარგებლობდა. რატომღაც საერთო შეხვედრა, როგორც მახსოვს, მოხდა ამიერკავკასიის ბანკის შენობაში, ლორის-მელიქოვის ქუჩის რაიონში. ჩვენი მხრიდან ვიყავით გენ. ჭავჭავაძე, სოსო გედევანიშვილი და მე. ჩვენ დანიშნულ საათზე შევიკრიბეთ. შემდეგ მოვიდნენ ა. ი. ჩხენკელი, ნ. ბ. რამიშვილი და გორდეზიანი; უკანასკნელს შემდეგ მოღვაწეთა შორის არასოდეს შევხვედრივარ. აქ მე პირველად შევხვდი მათ. მათ, როგორც უფრო სავარაუდოა, მე ვერ შემნიშნეს. ჩხენკელი მისთვის ჩვეული სირბილით გვარწმუნებდა, რომ ჩვენი საქმიანობა შეგვეწყვიტა. მისი მოსაზრებების შესახებ არ ვილაპარაკებ. ჩვენი ქართველ მეომართა კავშირი თანდათანობით ცნობილი ხდებოდა, პოპულარობასა და სიმპათიებს იძენდა. რამიშვილმა მოკლედ და კონკრეტულად გამოთქვა თავისი დამოკიდებულება. ჩვენ, როგორც რევოლუციის საქმისათვის ხელის შემშლელებს, უბრალოდ „გვშლიდნენ“. ჩივაძემ მართებულად უპასუხა, რომ ჩვენ, ქართველი მხედრები (მეომრები), რევოლუციისგან ვიშვით ისევე, როგორც ისინი, და თუ ისინი ჩვენ გვშლიან, მაშინ ჩვენ ჩვენის მხრივ ვშლით მათ. ამის შემდეგ საუბარმა სხვა ხასიათი მიიღო; მართალია, ვერანაირ დადებით დასკვნამდე ვერ მივედით, მაგრამ ისინი გვთხოვდნენ აქტიურად არ გამოვსულიყავით, რათა რევოლუციის საერთო საქმისათვის ზიანი არ მიგვეყენებია. და ამაზე დავიშალეთ კიდეც.

ამ კომიტეტსა და ქართველ მხედართა (მეომართა) ამ კავშირს დიდხანს არ უარსებია და თანდათანობით ჩაკვდა. მისი თავმჯდომარე გენ. ჩივაძე უეცრად კიევში აღმოჩნდა გადაყვანილი. ბრძანება პეტროგრადიდან მოვიდა. კომიტეტის დანარჩენი წევრები თანდათანობით კომიტეტიდან წავიდნენ, ვინ ფრონტზე, ვინ სხვა ქალაქებში იქნენ დანიშნულნი თანამდებობებზე. ძნელი არ არის მიხვედრა, თუ ვინ იყო გენ. ჩივაძის კიევში გადაყვანის ინიციატორი. მალევე ამის შემდეგ მე ფრონტზე გავემგზავრე და არზრუმში ისევ ქართველ მხედართა ადგილობრივ კომიტეტში გახლდით.

ვიყავი რა ჯერ კიდევ თბილისში, შტაბის ჯარისკაცებისგან თბილი, მისალმების დეპეშა მივიღე. ფრონტისკენ მიმავალ გზაზე მე ალექსანდროპოლში ჩვენს სათადარიგო პოლკში შევიარე. აქ პირველად შევხვდი პოლკის კომიტეტს; რამდენადმე ჩავიძირე (ჩავერთე) ამ ცხოვრებაში და რამდენიმე დღის შემდეგ დივიზიის შტაბში გავემართე, რომელიც არზრუმში იყო განლაგებული. აქ შტაბის შემადგენლობა და ბადრაგი ისეთი სითბოთი შემხვდა, როგორსაც მე არ ველოდი. მეორე დღეს დივიზიის კომიტეტი გავიცანი და დაიწყო ჩემი ცხოვრება კომიტეტთან. მე აქ კომიტეტებისა და ჯარისკაცთა გარემოში ჩავერთე, და მთელ ძალისხმევას წესრიგისა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისკენ მივმართავდი. ზოგჯერ მიხდებოდა მათ შორის მთელი ღამეები მეთენებია. ჩემს სამუშაოს ის მიმსუბუქებდა, რომ ამ დივიზიაში მთელი ომის განმავლობაში შტაბის უფროსად ვიყავი, ჩვენ ყოველთვის ბედნიერად და იღბლიანად ვმოქმედებდით, და რაც მთავარია, ჩვენი დივიზიის თითოეული ჯარისკაცი მე პირადად მიცნობდა. დივიზიის კომიტეტში მათგან „დავიმსახურე“ სახელი „ჩვენი პოლკოვნიკი“ და ვიჯექი მათ სხდომებზე ისე, რომ არც ერთი არ გამომიტოვებია.

ასე ვიყავი მე აგვისტომდე, როცა ჩვენი დივიზიის 15-ე კავკასიური მსროლელი პოლკი შემომთავაზეს. მე შემეძლო უარი მეთქვა, მით უმეტეს, რომ პოლკი 4–5 თვის განმავლობაში მეთაურის გარეშე იმყოფებოდა, მათთან ყველაფერი შესუსტებული იყო და თვით საარმიო კომიტეტიც კი მას ბოლშევიკურს უწოდებდა. მე წინადადება მივიღე და გავემგზავრე, გულახდილად რომ ვთქვა, არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ მეორე დღესვე არ გამომაძევებდნენ ან დამაპატიმრებდნენ. ყველაფერი კარგად დასრულდა. „კორნილოვშჩინამ“ ჩვენში ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ამასობაში თბილისში შეუდგნენ ქართული კორპუსის ჩამოყალიბებას. ამავდროულად აყალიბებდნენ სომხურ და რუსულ კორპუსებს, ბერძნულ დივიზიასა და მუსლიმანურ კორპუსს. ქართულ კორპუსში მე მე-3 დივიზიაში ბრიგადის მეთაურის თანამდებობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დავეთანხმე და ვუპასუხე, რომ ქართულ ჯარში მზად ვარ ბატალიონსაც კი ვუმეთაუროო.

აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო შემდეგი ფაქტი. ჩემი პოლკის ქართველი ოფიცრები, რომლებიც თბილისიდან ბრუნდებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მე ქართული კორპუსის ჩამოყალიბების საქმეზე მიძახებენ. დრო გადიოდა, მე კი არ მიძახებდნენ. აპარატით ვკითხე შატილოვს, რომელიც კავკასიის კორპუსში იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ ეტყვის ქართული კორპუსის შტაბის უფროსს კაპიტან იოსებ გედევანიშვილს. დრო გადიოდა, მე კი არ მიძახებდნენ. შატილოვთან ჩემი რამდენიმე საუბრის შემდეგ უკანასკნელმა, ხედავდა რა, რომ რაღაც კარგი არ ხდება, გაუგზავნა დეპეშა მთავარსარდლისგან ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაზე ჩემი გამოძახების შესახებ, და 1917 წლის 7 დეკემბერს მე თბილისში ჩამოვედი. კორპუსის მეთაურად დანიშნული გახლდათ პოლკოვნიკი ახმეტელი, ხოლო მისი შტაბის უფროსად კი კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი. კორპუსში იყო სამი დივიზია: ერთს მეთაურობდა გენ. ართმელაძე, მეორეს პოდპოლკოვნიკი კარგარეთელი და მესამეს გენ. არჯევანიძე. პოდპოლკოვნიკ კარგარეთელის დანიშვნა დივიზიის უფროსად იყო პირველი შეცდომა, დაშვებული მათ მიერ, ვისზეც გახლდათ ეს დანიშვნები დამოკიდებული. და მთავარი შეცდომა კი იმაში გახლდათ, რომ ისინი უშუალოდ სამხედრო დანიშვნებში ერეოდნენ. რა თქმა უნდა, როცა არ გესმის სამხედრო საქმის არსი, ძნელი არ იქნება მასში შეცდომის დაშვება: და აი მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ იქნენ ადამიანები, რომლებიც მზად არ იყვნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის. პირებს არ დავასახელებ, არსი პირებში კი არ არის, არამედ იმ მიზეზებში, რომლებმაც ასეთი შეუსაბამობანი გამოიწვია. აქ მე პირველად წავაწყდი ამ მოვლენას. ხელისუფლების მქონენი თანამდებობებზე ნიშნავდნენ იმ ადამიანებს, რომლებისაც სჯეროდათ არა თანამდებობისთვის მათი ვარგისიანობისა და შესაბამისობის აზრით, არამედ რევოლუციისადმი მათი სავარაუდო თანაგრძნობისა. პოლკოვნიკ ახმეტელის დანიშვნა, რომლის ძმაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახლდათ, და მისი შტაბის უფროსად კი კაპიტან გედევანიშვილის, სოციალ-ფედერალისტის, საკუთრივ იყო სამხედრო ძალაუფლების განაწილება სოციალ-დემოკრატიულ და სოციალ-ფედერალისტურ პარტიებს შორის. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქმის სარგებლობა კი არ გახლდათ მთავარი, არამედ რაღაც სხვა, ხოლო ეს სხვა კი იყო სოციალიზმის დამკვიდრების უზრუნველყოფა. ასეთი დამოკიდებულების ნაყოფებმა სწრაფად იჩინა თავი. ჩვენი ჩამოყალიბებისგან არაფერი გამოვიდა – კორპუსი ვერ ჩამოყალიბდა. შეუძლიათ თქვან, რომ მაშინ დრო იყო ისეთი, რომ არაფრის ჩამოყალიბება არ შეიძლებოდა, შესაძლებელია ჰო, შესაძლებელია არა – ეს საკითხი ყოველ შემთხვევაში სადავოა, ვინაიდან სომხური კორპუსი მაინც ასე თუ ისე ჩამოყალიბებულ იქნა. მაინც ამ მოტივით არ შეიძლება ძირითადი შეცდომის გამართლება, და სახელდობრ ჩვენი ბელადების არა მათ კომპეტენციაში ჩარევისა. 

იანვრის თვეში კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის თანამდებობიდან წავიდა გენერალი პრჟევალსკი და მის ადგილზე ავტომატურად დადგა მისი შტაბის უფროსი გენ. ლებედინსკი, რომლის ადგილიც, ასევე ავტომატურად, დაიკავა გენ. ლევანდოვსკიმ. ლევანდოვსკის თანამდებობა, სახელდობრ გენერალ-კვარტირმაისტერისა, დაიკავა პოლკოვნიკმა შატილოვმა, ხოლო უკანასკნელის თანამდებობა კი, სახელდობრ გენერალ-კვარტირმაისტერის თანაშემწისა, თავისუფალი შეიქნა. გენერალური შტაბის ყველა ოფიცრიდან მე გახლდით, როგორც ჩანდა, ერთადერთი კანდიდატი ამ თანამდებობაზე. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ კავშირი რუსეთთან უკვე გაწყვეტილი იყო. ხოლო სახეზე არსებული გენერალური შტაბის ოფიცრებიდან, რომლებიც უკვე მეთაურობდნენ პოლკებს, არავინ იყო ჩემზე უფროსი. იყო ზოგიერთი, მაგრამ ისინი ლევანდოვსკიზე უფროსებიც გახლდნენ და, რაც მთავარია, შატილოვზეც. ეს ადგილი მე შემომთავაზეს. მე ვკითხე ჩემს უფროსობას, მან ჩათვალა, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს აზრით აუცილებელია შტაბში ქართველის ყოლა, და მეც მივიღე ეს თანამდებობა. ეს იყო 1918 წლის 11 იანვარს. ეს გახლდათ პერიოდი, როცა საკითხების მთელი მასა წამოიჭრებოდა. და აი სხდომები სხდომებს მისდევდა.

ერთხელ მე გამოძახებულ ვიქენი სხდომაზე (ფრეილინის ქუჩაზე) ეროვნული კრების სამხედრო სექციის თავმჯდომარის ნ. ბ. რამიშვილის თავმჯდომარეობით. დებატები მიდიოდა შემდეგ საკითხზე: „უნდა იყოს თუ არა ქართულ ჯარებში კომიტეტები, რომლებიც დროებითი მთავრობის მიერ რუსულ ჯარებში გახლდათ დაარსებული“. არასამხედროთაგან იყვნენ მხოლოდ თვითონ რამიშვილი და სამხედრო მოხელე, ვინმე ფაღავა, თითქოს და, იგი სამხედრო სექციის წევრიც კი გახლდათ. სამხედროები 8–10 ადამიანი გახლდით. მე მომიწია გრძელი სიტყვის თქმა ამ კომიტეტების წინააღმდეგ. საერთოდ ცოტას გამოთქვამდნენ. თავმჯდომარე ნ. რამიშვილი კომიტეტების დაარსებისაკენ იხრებოდა. გადავედით კენჭისყრაზე. „ვინ არის კომიტეტების წინააღმდეგი“, – ეშმაკურად იკითხა რამიშვილმა. ჩემი ხელი ზევით აღიმართა. „მარტო თქვენ?“ – ირონიით მკითხა რამიშვილმა. „დიახ მარტო, და არ ვწუხვარ“, – შევეპასუხე მე. ამ დადგენილების მიუხედავად, თავად ცხოვრებამ გვიკარნახა, და ქართულ ჯარებში კომიტეტები შემოღებული არ ყოფილა. ისინი მხოლოდ ერთ თუ ორ პოლკში გამოჩნდა და 1918 წლის 1 მარტის შემდეგ მოსპობილ იქნა.

ამასობაში იანვარში ფრონტიდან წამოსული რუსული ჯარების ტალღა მოგვაწყდა. შამქორის მოვლენები იქნა გაჩაღებული. ადგილობრივმა თათრებმა მიმავალი ჯარების ეშელონებს შეუტიეს და ისინი შამქორში გაანადგურეს. ამბობდნენ თათრებს თავადი ლეონიდე მაღალაშვილი ხელმძღვანელობდაო. ამის შემდეგ ჯარებმა ფრონტიდან წასვლა ორგანიზებულად დაიწყეს, რათა განადგურებული ეშელონების ხვედრი არ განეცადათ. ამავდროულად თბილისის თავზე აღიმართა მუქარა. ეშელონები, რომლებიც ელიზავეტპოლის გავლით წასვლის გამო შიშობდნენ, თბილისზე გავლით ბათუმისაკენ გატარებას მოითხოვდნენ და ძალის გამოყენებითაც იმუქრებოდნენ. საჭირო იყო ამ ველური ბრბოების დაყოლიება, რომ ისინი ელიზავეტპოლის გავლით წასულიყვნენ და მათთვის თავისუფალი მგზავრობაც უზრუნველგვეყო. ეს სამუშაო რევოლუციის ბელადთა წილად მოვიდა, და მათ ის მეტად წარმატებით აღასრულეს. სოღანლუღიდან თბილისზე გზა იქნა მოშლილი, თბილისის თავდაცვისათვის წინ დააყენეს შეიარაღებული ძალები, რომელიც მაშინ საცოდავ სანახაობას წარმოადგენდა (которые тогда представляли лишь слезы), არტილერიაც წინ იქნა წაწეული. ამბობდნენ, რომ რამიშვილს ეშელონის სათავეში ორთქლმავლით მოუწია მგზავრობა; ამ ბრბოებს სხვანაირად გამგზავრება არ უნდოდათ, რადგანაც თათრებისა ეშინოდათ.

* * *
ამასობაში, 1917 წლის დეკემბერში ერთი მოვლენა მოხდა. თბილისში მუშებისაგან შეიქმნა წითელი გვარდია კონტრრევოლუციურ ძალებთან ბრძოლისა და ქალაქში მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის. თბილისი ამ ხანებში ყველაზე უფრო სხვადასხვანაირ მიმდინარეობათა კერას წარმოადგენდა, მოსახლეობის სხვადასხვაგვარობა, მყარი ხელისუფლების არარსებობა; საყოველთაო ნგრევა (მოშლილობა) და ფრონტიდან წამოსული არმიის მუქარა მდგომარეობას განსაკუთრებით ამწვავებდა. 12 დეკემბერს თბილისის არსენალი წითელი გვარდიისა და საარმიო ნაწილების მიერ იქნა აღებული; თუმცა კი უკანასკნელი გარემოება, საარმიო ნაწილის მონაწილეობა, ფართო პუბლიკაში არ იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში ლაპარაკობდნენ და ქება-დიდებას ასხამდნენ მხოლოდ გვარდიას. უნდა აღინიშნოს, რომ არსენალს არავინ არ იცავდა, ის გასროლის გარეშე იქნა აღებული. ამ დღიდან წითელმა გვარდიამ დაიწყო დამკვიდრება და 12 დეკემბრის დღე გვარდიის დღესასწაულის დღედ იქცა, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული ზეიმურობით აღნიშნავდნენ, ბასტილიის აღების მსგავსად. ამ დღეს ყოველთვის ისე ესმებოდა ხაზი, რომ 1918 წელს, როცა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სომხებთან, გვარდია ბრძოლის ველზე მხოლოდ თავისი დღესასწაულის ზეიმით აღნიშვნის შემდეგღა გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებები 7 თუ 8 დეკემბერს, ზუსტად აღარ მახსოვს, იქნა დაწყებული. სანაიანის ხეობაში სროლების დროს თბილისის თავზე ფრიალებდა სადღესასწაულო დროშები და დაფრინავდნენ აეროპლანები, და, რა თქმა უნდა, სანაიანში დაღუპულ მებრძოლთა სულები გაოცებით უყურებდნენ გოლოვინის გამზირზე გვარდიული ნაწილების პარადირებას.

როგორც ზემოთ მივუთითე, ქართული კორპუსი ვერ იქმნებოდა. პოლკებში დროდადრო იფეთქებდა უწესრიგობანი, არ სცნობდნენ ხელისუფლებას. პოლკში, რომელიც თბილისში, მესანგრეთა ყაზარმებში იყო განლაგებული, მიტინგზე (არწმუნებდნენ, რომ თადარიგში გასვლისას შაშხანები ჩაებარებინათ) იქ სიტყვით გამოსული ა. ი. ჩხენკელისადმი კინაღამ ძალადობასაც კი მიმართეს. ქართული ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა მოეწყო ოფიცერთა შეკრება საორგანიზაციო საკითხის გაშუქებისა და ჯარების ორგანიზაციის გამომუშავებისათვის. ეს ოფიცრებისთვის სასიამოვნოდ გასაოცარი რამ გახლდათ. მე საკითხის გადაწყვეტის ასეთ ხერხს არ თანავუგრძნობდი, მაგრამ ვრცელი და გრძელი მსჯელობები მაშინ განსაკუთრებით მოდაში გახლდათ. ეს მიჩნეული იყო აუცილებლად, როგორც რაღაც უდავო კანონი. შევიკრიბეთ თავადაზნაურობის სახლში ფრეილინის ქუჩაზე. სხდომა გახსნა ა. ი. ჩხენკელმა, რომელიც სიტყვით გამოვიდა. კამათის შემდეგ გადაწყდა ამ საკითხის მოგვარებისთვის აგვერჩია კომისია გენ. ვ. დ. გაბაშვილის თავმჯდომარეობით. კომისიაში სხვებთან ერთად აირჩიეს პოდპოლკოვნიკი კარგარეთელი, კოტე აფხაზი, გენ. გედევანიშვილი, გენ. ბენაევი (ბენაშვილი – ი. ხ.), პოლკოვნიკი გ. ქავთარაძე, იყვნენ სხვებიც, ახლა ვეღარ ვიხსენებ. იქ მეც მოვხვდი. დაიწყო ყოველდღიური სხდომები. სხდომებზე დასწრება საკმაოდ კარგი იყო. შემდეგ ერთ-ერთ წევრს, პოლკ. ქავთარაძეს მოხსენების შედგენა დაევალა. მოხსენებამ კომისია ვერ დააკმაყოფილა. მისი შედგენა მე დამავალეს. კომისიის მიერ მოწონების შემდეგ ეს მოხსენება დასამტკიცებლად ოფიცერთა საერთო კრებაზე იქნა გატანილი, ხოლო შემდეგ კი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ მომიტეტს უნდა მოხსენებოდა. მოხსენებისთვის წარმომადგენლებად გენ. გაბაშვილი და მე ვიქენით არჩეული. საერთო კრებაზე მოხსენება ხმაურიანი ოვაციების თანხლებით მოიწონეს, ხოლო შემდეგ კი იმავე საღამოს მე ის აღამასრულებელ კომიტეტს მოვახსენე. რამდენადმე შევჩერდები ამ მოხსენებაზე.

თავმჯდომარეობდა ა. ი. ჩხენკელი. ესწრებოდნენ: ნ. ბ. რამიშვილი, გრ. ვეშაპელი, ნიკ. ქარცივაძე, კ. გვარჯალაძე, ევ. გეგეჭკორი, კაპ. იოსებ გედევანიშვილი და მმართველი პარტიის ბევრი სხვა წარმომადგენელი. მე მოვახსენე. დაიწყო შემოპასუხებანი. ყველა ისინი იმაზე დაიყვანებოდა, რომ არმიაში უნდა იყოს კომიტეტები და რომ იქ ნება უნდა დაერთოს პარტიულ პროპაგანდას. სხვებთან ერთად ამის მომხრედ მხურვალედ გამოდიოდა კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი. ყველა შემოპასუხების შემდეგ მე მომიხდა მელაპარაკა. ახლა არ მახსოვს ყველაფერი, თუ რისი თქმა მომიწია ჩვენი დებულებების დასაცავად. მახსოვს ნ. ბ. რამიშვილის შემოპასუხება, უფრო სწორედ, შემოპასუხების ფორმა. აიღო რა ხელში წერილობითი მოხსენება და გადაფურცლავდა რა მას, მან თქვა: „აქ სულ უფრო მეტად ძველია და ძალზედ ცოტა ახალი“. ვპასუხობდი რა ყველა შემოპასუხებაზე რიგის მიხედვით, ამაზე მომიხდა მეთქვა: „მიძნელდება რაიმე გიპასუხოთ, რადგანაც ერთი რამ არის ჩემთვის ძალზედ გასაოცარი, თუ ცულებს ადრე რკინისგან ამზადებდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ახლებურად ისინი პაპიე-მაშესგან უნდა კეთდებოდეს“. ეს მოხსენება მთავრდებოდა ჩემი შეკითხვით, ნამდვილად არის თუ არა არმიის შექმნის სურვილი; თუ არის, მაშინ ჯარი შეიქმნება, ხოლო თუ არა, მაშინ არც დავი-დარაბის ატეხვაა საჭირო. როცა ვამთავრებდი ჩემს შეპასუხებებს, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ეს აზრი შემდეგი გამოთქმებთ: „თუ თქვენ, როცა იატაკქვეშეთიდან მუშაობდით, შეძელით რუსეთის იმპერია დაგენგრიათ, ახლა ვერავინ შეგიშლით ხელს, შედექით მაგიდებზე და დაიწყეთ აგიტაცია არმიისათვის და არმიაც იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის საჭირო პროექტების შედგენაზე დროის ხარჯვა“. ვფიქრობ, რომ მე ჯერ კიდევ მაშინ გამოვიცანი, რომ ისინი არ იყვნენ არმიის, როგორც შეიარაღებული ძალის მომხრეები, მით უმეტეს რომ ახლაც ზოგიერთ მათგანს არ რცხვენია იმის ღიად განცხადება, რომ არმია და საერთოდ მილიტარიზმი ძირფესვიანად უნდა იქნან განადგურებული. ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილ იქნა კიდევ ერთხელ შევკრებილიყავით და მოხსენება ამავე კომიტეტში, მხოლოდ ნოე ჟორდანიას თანდასწრებით, ისევ განგვეხილა. დავიშალეთ. კარგად არ მახსოვს, თითქმის მეორე დღესვე, ყოველ შემთხვევაში ხელმეორედ მოხსენებამდე, ჩვენ, რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორისაც იყვნენ, როგორც მახსოვს, გენ. წულუკიძე, გენ. მაზნიაშვილი და სხვები, ისარგებლა რა შემთხვევითი შეხვედრით, მოულოდნელად შეგვკრიბა დათა ვაჩნაძემ (ცნობილი ეროვნულ-დემოკრატი – ი. ხ.), რომელიც ეროვნული საბჭოს წევრი გახლდათ. მან გამოგვიცხადა, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა კორპუსის მეთაური და მისი შტაბის უფროსი შეცვალოს, და რომ ჩვენ უნდა ახლავე წარვადგინოთ სია კანდიდატებისა. მიგვითითეს, რომ სიაში 10 კანდიდატი ყოფილიყო შეყვანილი და რომ იქ მითითებული პირები, მათი შესაბამისობის მიხედვით, ნომრებით მოგვეთავსებინა. ამ მცირე სხდომაზე მე განვაცხადე და დანარჩენებმაც მხარი დამიჭირეს, რომ წარმოდგენილ იქნება მხოლოდ ერთი კანდიდატი კორპუსის მეთაურად, რომელიც აირჩევს კიდეც თავისი შტაბის უფროსს, რომ ასეთი გახლავთ მხოლოდ გენ. ვ. დ. გაბაშვილი და რომ არანაირი სხვა გვარი წარმოდგენილ არ იქნება. რომ თუ გენ. გაბაშვილი არ იქნება დანიშნული, მაშინ დანიშნონ ვინც უნდათ, თუნდაც ვინმე ქუჩიდან მოყვანილი. ასე გააკეთეს კიდეც.

ქართული ჯარების რეორგანიზაციის ჩვენეული პროექტის ხელმორედ მოხსენებისას თავმჯდომარობდა ნ. ნ. ჟორდანია. ესწრებოდნენ იგივე პირები. საერთოდ კრება მრავალრიცხოვანი გახლდათ. ესწრებოდა კარლო ჩხეიძეც. აქვე გამოირკვა, რომ მოხსენების შემდეგ შეუდგებიან კორპუსის მეთაურის არჩევასაც. ამ სხდომაზე მე პირველად შევხვდი ნ. ნ. ჟორდანიას. ნ. ჟორდანიას დახასიათებისთვის, და საერთოდ, თუ რამდენად სერიოზულად უყურებდნენ ლიდერები, ჩვენი ბელადები, არმიის ორგანიზაციის საქმეს, მოვიყვან შემდეგს. ნ. ჟორდანიამ, სანამ მე დავიწყებდი მოხსენებას, მითხრა: „მოგვახსენეთ უფრო მოკლედ და უფრო სწრაფად“. მოხდა მისადმი ჩემი პირველი, შესაძლოა, მკვეთრი შეპასუხება. „მე მოგახსენებთ“, – ვუპასუხე, – „ან ყველაფერს, ან არაფერს“. მე მეგონა, რომ მთავარი პარტიის მეთაური, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, საკითხს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოჰკიდებოდა, მით უმეტეს, რომ პირველ სხდომაზე მისი ნ. ჟორდანიასთვის გამეორება იქნა გადაწყვეტილი. მან ჩემზე ზოგადად სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. მისი თანადგომით მოხსენება დაამტკიცეს. მაგრამ ის დამტკიცებულ იქნა პირობითად. „იმოქმედეთ ამ მოხსენების მიხედვით, მაგრამ ჩვენ, შესაძლოა, შემდგომში საჭიროდ მივიჩნიოთ რაიმეს შეცვლა“. ზოგჯერ მეტად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის ამ მანერასთან შეჯახება მე მომიხდა არაერთხელ ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თითქმის ყოველთვის. ნ. ჟორდანია ჩვენი, ოფიცრების, თვალსაზრისზე იდგა არმიაში კომიტეტებთან და პარტიულობასთან მიმართებით, და სიტყვა-სიტყვით ასეც კი გამოთქვა, „რა კომიტეტები შეიძლება იყოს ახლა, როცა მტერი უკვე ჩვენს საზღვარზეა“ (ამ დროს თურქებმა თავიანთი შემოტევა დაიწყეს და უკვე ჩვენს საზღვრებს ემუქრებოდნენ). როგორც ჩანს, ეს შეხედულება იმდენად შეუსაბამო გახლდათ მათ რწმენასთან, რომ ძალზედ გაფიცხებული ნ. ბ. რამიშვილი ადგილიდან წამოხტა და მას შესძახა: „ნოე, მე დღეს შენ ვერა გცნობ“. უნდა აღვნიშნო, რომ პირობითად დამტკიცებული მოხსენება დარჩა ხმად მღაღადებლისა, და ის არათუ არ ყოფილა ცხოვრებაში გატარებული, არამედ იმ საღამოსვე მისი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი დაირღვა.

ამის შემდეგ შეუდგნენ კორპუსის მეთაურის შესახებ საკითხის განხილვას. განხილვაზე მიგვიწვიეს ჩვენ, ისინი, ვინც ვმონაწილეობდით სხდომაზე დათა ვაძნაძესთან, როდესაც შემოგვთავაზეს კიდეც კანდიდატების სიის წარდგენა. ჩვენი გაბაშვილის კანდიდატურას ბელადები არ ეთანხმებოდნენ და სხვას ითხოვდნენ; ჩვენ დაჟინებით ვიმეორებდით ჩვენს მოთხოვნას და მომდევნო კანდიდატის დასახელებაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ. ამ სხდომაზე მე კიდევ ერთხელ მომიხდა ნ. რამიშვილთან მისივე ტონითა და სულისკვეთებით შეკამათება. „ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ გენ. გაბაშვილი დემოკრატიული ორგანიზაციების დადგენილებით, როგორც მისთვის შეუსაბამო, გადაყენებულ იქნა თბილისის კომენდანტის თანამდებობიდან“, – თქვა მან. გენერალი გაბაშვილი ქალაქ თბილისის კომენდანტი გახლდათ, რევოლუციამ მას ამ პოსტზე მოუსწრო. იგი მას სოციალისტ-რევოლუციონერთა და სოციალ-დემოკრატების თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის სურვილის შესაბამისად ჩამოაშორეს. მე ვუპასუხე: „და თუ არის თქვენთვის ცნობილი, რომ დემოკრატიული ძალები საყარაულო ბატალიონის სახით გენ. გაბაშვილთან დამშვიდობებისას მას ხელებით ჰაერში ისროდნენ და შეძახილებითა და ოვაციებით ხელში აყვანილი იგი ავტომობილში ჩასვეს“.

ეს გახლდათ ფაქტი, რომლის მოწმეც მე შემთხვევით ვიყავი. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო შემდეგი. ა. ი. ჩხენკელმა, რომელიც, როგორც ჩანს, მხარს უჭერდა გაბაშვილის კანდიდატურას, წარმოთქვა, რომ იგი ვერ იხსენებს, რომ დემოკრატიული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული თუნდაც ერთი არჩევანი, იღბლიანი გამომდგარიყო. დებატების შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტი ასარჩევად გავიდა. არჩეულ იქნა გენ. გაბაშვილი, რომელიც მანამდე, ჯარების ორგანიზაციის ჩვენი მოხსენების შემდეგ, სახლში გაემგზავრა. გავემართეთ გენ. გაბაშვილთან, რათა იგი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში მოგვეწვია. სხვებთან ერთად ვიყავით დათა ვაჩნაძე და მე. აქ, მასთან ბინაში, მას განვუცხადეთ თხოვნა, რომ სხდომაზე წამოსულიყო. მან მე იქვე გამაფრთხილა, რომ მისი შტაბის უფროსად ვყავარ დასახული. მე ძალიან ვთხოვდი მას არავითარ შემთხვევაში ეს არ გაეკეთებინა და ეს თხოვნა რამდენჯერმე გავუმეორე მას გზაშიცა და ეროვნული კრების შენობაშიც. მე ძალზედ მეშინოდა, რომ ჯარების ორგანიზაციის პროექტის შედგენისა და გენ. გაბაშვილის დანიშვნის საქმეში ჩემი გულმხურვალე მონაწილეობა არ ყოფილიყო გაგებული (განმარტებული) ჩემს სურვილად, რომ ქართული ჯარების შტაბის უფროსის ადგილზე დავმჯდარიყავი. გენერალი გაბაშვილი იმასაც კი ამბობდა, ამ პირობის გარეშე იგი შემოთავაზებულ თანამდებობას არ მიიღებს. მე ყველანაირად ვცდილობდი იგი გადამერწმუნებინა. მე იმ შეხედულებაზე ვიდექი, რომ ამ ნგრევით აღსავსე დროში, როცა, ასე რომ ვთქვათ, ყველას აღეძრა მადა უფრო მაღალ თანამდებობებზე, ვიდრე მათ არსებითად შეესაბამებათ; როცა თითქმის ყოველი მათგანი, ხედავდა რა პოდპოლკოვნიკ კარგარეთელს დივიზიის მეთაურად, ხოლო უკვე 12–15 წლის წინ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გაძვებულ კაპიტან გედევანიშვილს კორპუსის შტაბის უფროსად, ოცნებობდა ასევე მიეღო თანამდებობა არა დამსახურებათა მიხედვით, არამედ რევოლუციურ დაწინაურებათა ძალით. მხოლოდ ყველაზე უფროსი გენერლის დანიშვნა, საბრძოლო გენერლისა, უზარმაზარი სამსახურეობრივი და ცხოვრებისეული გამოცდილებით ავტორიტეტულად აიძულებდათ რომ რევოლუციის ავანტიურისტთა ინსტინქტები ჩაეხშოთ. მჯეროდა რა მისი სიმტკიცისა, ვვარაუდობდი, რომ გენ. გაბაშვილი შეძლებდა ოფიცრობა, რომელმაც უკვე მორყევა (მოშლა) დაიწყო, თავის ადგილზე დაეყენებია.

როგორც შემდეგ გამოირკვა, მან მაინც შესთავაზა ჩემი თავი შტაბის უფროსად, მაგრამ ჩემი კანდიდატურა კატეგორიულად იქნა უარყოფილი. მე ძალზედ ვიყავი გახარებული. ვამტკიცებ, ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ ეს თანამდებობა, მე მას გადაჭრით უარვყოფდი, როგორც უარვყოფდი შემდგომშიც არა ერთხელ ჩემთვის მიუღებელ თანამდებობებს. ჯერ კიდევ იმავე 1918 წლის იანვარში გენერალური შტაბიდან ჩემი დიდი მეგობარი და ამხანაგი დრაცენკო დანიშნული იქნა რუსული კორპუსის მეთაურად და რუსულ კორპუსში დივიზიის მიღებას ძალზედ დაბეჯითებით მთხოვდა. მე არ დავეთანხმე. კარიერა არასოდეს მიტაცებდა, და აკადემიაში, კარიერების ამ ფაბრიკაში, ჩემი საოფიცრო სამსახურის მხოლოდ 14-ე წელს გავემგზავრე, გადავიტანე რა უკვე რუსეთ-იაპონიის ომი, და ამასთან ეს გამგზავრებაც სრულიად შემთხვევით მოხდა.

ასე თუ ისე კორპუსის მეთაურად დანიშნულ იქნა გენ. გაბაშვილი, ხოლო შტაბის უფროსად კი პოდპოლკ. ზაქარიაძე, რომელიც იმ დროს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის მდივანი გახლდათ. მის ადგილას მე უარს ვიტყოდი ამ წინადადებაზე. ძალზედ ბევრი ცოდნა, გამოცდილება, დამოუკიდებლობა (самостоятельность) იყო აუცილებელი ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დასაკავებლად, და თანაც ასეთ დროს. მაშინ გაცილებით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა გენ. ა. გედევანიშვილის დანიშვნა, რომელიც თუმცა კი გენერალური შტაბის ოფიცერი არ იყო, მაგრამ აკადემია ჰქონდა გავლილი და დიდი სამსახურეობრივი და საბრძოლო გამოცდილებაც გააჩნდა.


ჩხრეკა 

ახლა აღვნიშნავ მეტად დამახასიათებელ შემთხვევას, რომელიც თავზე გადამხდა, როგორც მაშინდელი წეს-ჩვეულებების ილუსტრაციას. 25 იანვარს საღამოს მე ცოლთან ერთად ვიყავი ჩემს ამხანაგთან, გენერალური შტაბის ოფიცერ პოლკოვნიკ იაკუბოვსკისთან. უეცრად მასპინძელი განზე მიხმობს და მიცხადებს, რომ ჩემთან – ტელეფონით გადმოსცეს – ბინაში აწარმოებენ ჩხრეკას. მე მაშინვე სახლში გავემგზავრე. გზა შორი იყო, ჩერქეზოვის ქუჩიდან მესანგრეთა ქუჩაზე უნდა მივსულიყავი. როცა სახლში მივედი, ჩხრეკის მწარმოებლები იქ უკვე აღარ იყვნენ. ჩხრეკა ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს ბრძანებით იქნა მოწყობილი, რომლის თავმჯდომარეც ნ. ნ. ჟორდანია გახლდათ. მას აწარმოებდა ვინმე ნიჟარაძე, რომელსაც ამ დრომდე არ გავცნობილვარ. ჩემგან წაიღეს თოფების კოლექცია; ზოგიერთი მათგანი მე ბრძოლის ველებზე მქონდა მოპოვებული, იაპონიისა და უკანასკნელ ომებში. იყო ერთი კარაბინი – საბრძოლო საჩუქარი. ძალზედ გულდასმით ეძებდნენ ვაზნებს. ისინი, რა თქმა უნდა, ჩემთან არ ყოფილა. თოფებს ვინახავდი ერთად ჩალაგებულს ღია ყუთში, როიალის ქვეშ, სასტუმრო ოთახში, და ჩემი ერთ-ერთი დისადმი მიმართულ კითხვაზე, სად არის პოლკ. კვინიტაძის ბინა და არის თუ არა იარაღი, მან პირდაპირ მიიყვანა ისინი და აჩვენა. იგი სთხოვდა ჩემს მოსვლას დალოდებოდნენ. რა თქმა უნდა, უარით უპასუხეს. საერთოდ კი, გამჩხრეკთაგან მთავარი, როგორც ჩანს, აუცილებლად თვლიდა რაც შეიძლებოდა უხეში უნდა ყოფილიყო. და მეუბნებოდა, რომ ძნელი იყო მასთან ლაპარაკი. ჩხრეკაში გულმოდგინება კი იქამდე მიდიოდა, რომ ისინი ვაზნებს ბავშვების ოთახში სათამაშოებში ეძებდნენ, და ასევე საშარდე ჭურჭელშიც. ამ უხეშობას მე თადარიგში გასვლაზე პატაკის შეტანით ვუპასუხე. დაუშვებლად ვთვლიდი ჩხრეკას ოფიცერთან, რომელსაც ფრონტის შტაბის გენერალ-კვარტერმაისტერის თანაშემწის პოსტი ეკავა. განსაკუთრებით იყო საწყენი, რომ ჩხრეკა მოახდინეს ჩემთან, ქართველ ოფიცერთან, ქართველებმავე. პატაკი გაგზავნილ იქნა, როგორც მახსოვს, ე. პ. გეგეჭკორის ბრძანებით. პასუხის მიღების მიღწევა, განმეორებათა მიუხედავად, შეუძლებელი შეიქნა. უნდა აღვნიშნო, რომ მთავარსარდლის შტაბის მთელი შემადგენლობიდან ჩხრეკა მხოლოდ ჩემთან იქნა ჩატარებული.


ომის გაგრძელება თურქეთთან 

ამ დროს ძალაუფლება ამიერკავკასიაში ამიერკავკასიის კომისარიატს ეკუთვნოდა, ხოლო კავკასიის ფრონტს სათავეში ედგა გენ. ლებედინსკი, რომლის შტაბშიც მე ვაგრძელებდი სამსახურს. თურქები ცერემონიული მარშით მოდიოდნენ, არ ხვდებოდნენ რა წინააღმდეგობას, ერზინჯანისა და არზრუმის გამოვლით, ასევე შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივაც. გენერალი ლებედინსკი ფრონტზე გაემგზავრა ყარსში, სადაც თურქები უკვე ახლოს მოვიდნენ. იგი უფრო შორსაც გაემგზავრა და ნოვო-სელიმთან ბრძოლის ველზე გახლდათ. მას გენერალი კორგანოვი და მე ვაცილებდით. როცა უკან ვბრუნდებოდით, მე ვუთხარი ლებედინსკის, რომ სომხური ჯარები ვერა თუ მოიგებენ ნოვო-სელიმის ბრძოლას, არამედ ყარსსაც დათმობენ. ამის წინ გენ. ლებედინსკი ორჯერ მგზავრობდა ბათუმში, სადაც კომენდანტად გახლდათ გენ. ქუთათელაძე. პირველი ჩასვლის შემდეგ გენ. ლებედინსკის მოხსენების მიხედვით ბათუმში ციხესიმაგრის კომენდანტად მივლინებულ იქნა გენ. ა. გედევანიშვილი. მე მხარს ვუჭერდი ამ კანდიდატურას. შემდეგ გადაწყვიტეს იქვე გაეგზავნათ გენ. მდივანიც. მე ძლიერად გამოვთქვამდი პროტესტს გენ. ლებედინსკის წინაშე ასეთი, რაღაცნაირი უცნაური ორხელისუფლებიანობის შექმნის გამო, მაგრამ დანიშვნა შედგა. ბათუმში გენ. ლებედინსკის ბრძანებით ციებ-ცხელებიანად შეუდგნენ ალყისათვის მზადებას და შეძლეს ციხესიმაგრის 70-მდე ქვემეხი სამოქმედოდ მოემზადებინათ. მეორედ გენ. ლებედინსკი იქ ე. პ. გეგეჭკორთან, მაშინდელ სამხედრო კომისართან ერთობლივად გაემგზავრა. ჩვენ მოვიარეთ ფორტები. მთა ერდე უკვე თურქების ხელში იყო. ის მათ მე-4 პოლკმა, როგორც ჩანდა, ბრძოლის გარეშე ჩააბარა. ვიყავით ანარიის ფორტში. ამ ფორტის კომენდანტი, შტაბს-კაპიტანი შავგულიძე, გიორგის ჯვრით მკერდდამშვენებული, დისციპლინის არარასებობაზე მიგვითითებდა, რომლის შედეგადაც მას არ ჰქონდა იმედი, რომ ამ სიმაგრეს შეინარჩუნებდა. სიმაგრეები კი ძალზედ კარგი იყო, თითოეული მსროლელი ყოველი მხრიდან ბეტონით იყო დაფარული და სათოფურიდან ისროდა; იყო ასევე ხელოვნული წინააღმდეგობანი, შეტყობინების გზები, მოჯავშნული სატყვიამფრქვევო ბუდეები.

ე. პ. გეგეჭკორმა, როცა ფრონტიდან მოდიოდა, გიორგის ჯვრის ამ ყოჩაღ კავალერს უთხრა: „ეს ფორტი თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი სიკვდილით მისცეთ“. „მესმის“, – მოკრძალებით უპასუხა ამ გმირმა. და ეს მან აღასრულა კიდეც. მან შეძლო ბრძოლის დროს თავისთან დაახლოებით 50 ადამიანი შეენარჩუნებინა და მათთან ერთად დაიღუპა. მე ტკივილამდე მეცოდებოდა ეს ოფიცერი, ასე უმიზნოდ დაღუპული. იგი კეთილსინდისიერი და სამშობლოსა და მოვალეობისადმი ერთგული გახლდათ, და გმირის სიკვდილით დაეცა.

მოემგზავრებოდა რა ფრონტიდან, ე. პ. გეგეჭკორმა მკითხა, ნუთუ ასეთ სიმაგრეებს ჩააბარებენ. „დისციპლინა არ არის, ჩააბარებენ“, – დარწმუნებით ვუპასუხე. დისციპლინის არარსებობას, დეზერტირობას, ჯარისკაცების მორჩილებაში შენარჩუნების შეუძლებლობას ყველა ფორტზე უჩიოდნენ. მე არ ვუღრმავდები მიზეზებს, რომლებმაც ეს მოვლენა გამოიწვიეს. მიზეზები იყო იგივე, რომლებმაც თავიდან რუსული არმია დაანგრიეს, ხოლო შემდეგ კი იმ ქვეყნების არმიებიც, სადაც რევოლუცია მოხდა. ამ მიზეზების გამოკვლევას არა აქვს მიმართება (დამოკიდებულება) იმასთან, რასაც მე აღვწერ.

შემდეგ მივედით იმ პოლკში, რომელმაც ერდეს მთა მიატოვა. აქ ე. პ. გეგეჭკორმა მათ გაბედული საყვედურებით მიმართა და კიცხავდა ორგულობის გამო თავიანთი მოვალეობისა და თავიანთი სამშობლოს წინაშე. მე რაიმე-ნაირი ველური ინციდენტის შესაძლებლობის გამო შეშფოთებაც კი მეუფლებოდა. ბრბოდან ერთ-ერთი გამოვიდა და თავის გრძელ სიტყვაში თქვა, რომ მათ ერდეზე არ ჰქონდათ ვაზნები, ტელეფონები, ტყვიამფრქვევები, ოფიცრებიც კი არ ჰყავდათ, და, ფარისევლურად იცემდა რა ხელს მკერდზე, დაასრულა, რომ ისინი იძულებული შეიქნენ მტრისთვის „ბათუმის კედელი“ მიეცათ. ცხადია, რომ უბრალო რიგით ჯარისკაცს ბრძოლის გარეშე ჩაბარებული პოზიციის მნიშვნელობა შეგნებული ჰქონდა.


ბათუმი 

ბათუმი 1918 წელს დაეცა, თუ არ ვცდები, 1-ლ აპრილს. ის თავიდან სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან იქნა ალყაშემორტყმული. ჩრდილოეთიდან და ნაწილობრივ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კი ციხესიმაგრესთან შეტყობინება თავისუფალი გახლდათ, ასევე ზღვითაც. ადგილობრივი უფროსობა გარნიზონის გაზრდას დაჟინებით მოითხოვდა, რომლის რიცხვმაც უკვე 12 000 ხიშტს მიაღწია. ციხესიმაგრის შესახებ დებულების თანახმად, ეს რაოდენობა ამ ციხესიმაგრისთვის ზომაზე მეტი იყო. დადგა საკითხი ბათუმის ციხესიმაგრისათვის შველის შესახებ. ადგილობრივი უფროსობა აგრძელებდა გარნიზონის გაზრდის დაჟინებულ თხოვნას. მთავარსარდალი გენ. ლებედინსკი და სამხედრო კომისარი ე. პ. გეგეჭკორი ამ დროს სამტრედიაში იმყოფებოდნენ. მე პროტესტს ვაცხადებდი გენ. ლებედინსკის წინაშე გარნიზონის შემდგომი გაზრდის თაობაზე და შევთავაზე მთავარსარდალს, რომ ციხესიმაგრე უნდა გადავარჩინოთ არ შიგნიდან, ისედაც უზარმაზარი გარნიზონის გადიდებით, არამედ გარედან ჩაქვის რაიონში რეზერვის თავმოყრითა და იქიდან თურქების ფლანგზე ჩრდილოეთიდან შეტევით. გენერალი ლებედინსკი დამეთანხმა, მოახსენა ე. პ. გეგეჭკორს და იგი მას დაეთანხმა. გადავწყვიტეთ ახლად მოსული გაძლიერების ძალებისგან (ეს ყველანი მოხალისეთა რაზმები იყო) ჯგუფი შეგვექმნა, ის ჩაქვში გადაგვესხა და თურქებისთვის ფლანგზე დაგვერტყა; სულ ვიმედოვნებდით 3000-მდე ადამიანის მოგროვებას. ამით შევუდექით კიდეც შემდგომ მოქმედებას. უეცრად ვგებულობ, რომ დაახლოებით 600 მოხალისე, ძველი ჯარისკაცები, სამტრედიაში შეკრებილნი და რომლებსაც ჩემი ანგარიშით ჩვენი მომავალი ჩაქვის რაზმის ბირთვი უნდა შეედგინათ, ციხესიმაგრის უფროსობის მოთზოვნით, ბათუმში გააგზავნეს. მე ლებედინსკის მივვარდი, მან მითხრა, რომ ეს ე. პ. გეგეჭკორის ბრძანებითა და ბათუმური უფროსობის დაჟინებული მოთხოვნის მიხედვით იქნა გაკეთებული. ეშელონი უკვე წავიდა და ჩემი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ბაქანზე გავიარე, დავინახე, თუ როგორ ემზადებოდა ერთი ეშელონი სამთო ბატარეით ბათუმში გასამგზავრებლად. მე ისევ ლებედინსკისაკენ წავედი საჩქაროდ, იგი ჩემი ამხანაგია კადეტთა კორპუსიდან, და მან ისევ გეგეჭკორზე მიმითითა, რომელიც იქვე ვაგონში იმყოფებოდა. მე მხურვალედ დავიწყე გაპროტესტება, მივუთითებდი რა, რომ ციხესიმაგრეში სრულებით არ არის საჭირო ეს არტილერია, რადგან ის გახლავთ არმიის კუთვნილება საველე მოქმედებებისთვის, და არა ციხესიმაგრეში მოქმედებებისთვის, რომ გარნიზონს ციხესიმაგრის არტილერია უნდა ემსახურებოდეს, რომ, გარდა ამისა, ციხესიმაგრეში უკვე არის კაპიტან ცაგურიას ერთი სამთო ბატარეა, და რომ ჩვენი ჩაქვის ჯგუფი, რომელმაც ციხესიმაგრის თავდაცვის საქმე უნდა გადაწყვიტოს, სწორედ სამთო ბატარეის გარეშე დარჩება, რომელიც ამ ადგილმდებარეობაზე ასე აუცილებელია; რომ იგი, გენ. ლებედინსკი მთავარსარდალია და პასუხისმგებელია საერთო ხელმძღვანელობაზე; მან საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისდამი დაქვემდებარებულთა შეცდომების გამოსწორებაზე და, როგორც ყველაფრის შედეგი, სამთო ბატარეა ბათუმში არ გაუშვას. ჩემს ამ მოხსენებას გეგეჭკორიც ესწრებოდა. ჩემი გულმხურვალე მოხსენების შედეგი სასურველი აღმოჩნდა, და ბატარეა სამტრედიაში იქნა დატოვებული, რის წყალობითაც ჩვენ მისი პირადი შემადგენლობა ტყვეობას გადავარჩინეთ და ქვემეხები კი მოწინააღმდეგის ხელში არ ჩავარდნილა.

მე ყოველთვის მივუთითებდი, რომ ციხესიმაგრე გარედან მოქმედებებით უნდა იქნას გადარჩენილი, რომ არ შეიძლება თურქებს ნება მივცეთ ბათუმი მთლიანად ალყაში მოაქციონ, და რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ჯარებში დისციპლინის და, შესაბამისად, ბრძოლისუნარიანობის არარსებობის გათვალისწინებით, გარნიზონი დანებებისთვისაა განწირული, ვინაიდან ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. ვისარგებლე რა ამ შემთხვევით, მე ვუთხარი ე. პ. გეგეჭკორს, რომ იგი სამხედრო მინისტრია და უნდა იცავდეს უწინარეს ყოვლისა საერთო ხასიათის ინტერესებს და არ უთმობდეს ამა თუ იმ კერძო უფროსის მოთხოვნებს, და რომ იგი მოცემულ შემთხვევაში სამხედრო მინისტრიდან ბათუმის კომენდანტად გადაიქცა.

ჩაქვის ჯგუფის შეგროვება ვერ მოხერხდა. შეპირებული ადამიანები ჭიათურიდან, ტყვიბულიდან მაინც არ ჩამოვიდნენ ან კიდევ უმნიშვნელო რაოდენობით ჩამოვიდნენ; ჩვენი ბელადები სულ გვპირდებოდნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ ასობით და ათასობით მოვიდოდნენ.

ბათუმში მაშინვე გადასცეს, რომ აქ სამტრედიაში, შტაბში, ბათუმის გამოხსნის გეგმაა შემუშავებული. იქიდან გვიპასუხეს, რომ მათთანაც უკვე არის შემუშავებული გამოხსნის გეგმა და საერთო განხილვისთვის ნატანებში შეხვედრას ითხოვენ. შევხვდით. ბათუმიდან გენ. მდივანი და რამიშვილი მოვიდნენ. მათ გეგმა წარმოადგინეს, რომლის არსიც ჯარების ჯგუფის შექმნასა და ბორცხანასთან მის თავმოყრაზე დაიყვანებოდა, საიდანაც ამ ჯგუფს თურქებისთვის უნდა შეეტია. შეტევა ფრონტალური გამოდიოდა. მე მთავარსარდლის გეგმა მოვახსენე, რომელიც უკანასკნელის მიერ გახლდათ დამტკიცებული. ბათუმელები სწრაფად დაეთანხმენ ამ გეგმას და გადავწყვიტეთ მის აღსრულებას შევდგომოდით. აღსრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ჯარის (მოხალისეთა) დროულად შეკრება ვერ შევძელით, და ბათუმი თურქების პირველივე შემოტევისას დაეცა. ჩვენი ციხესიმაგრის 70 ზარბაზნის წინააღმდეგ თურქების მხრიდან 6 სამთო ზარბაზანი მოქმედებდა, ხოლო მათი ჯარების რაოდენობა კი, სულ დაახლოებით 3000 ხიშტი, ჩვენს გარნიზონზე მნიშვნელოვნად ნაკლები გახლდათ.

მახსენდება ერთი ინციდენტი ბათუმის ეპოპეიდან, რომელიც, თავისი ნიშნების მიხედვით, დამახასიათებელია. ჯერ კიდევ თურქების მოსვლამდე, ფორტების შემოვლისას, ჩვენ ჭოროხიდან სამხრეთით ტრაპიზონის გზაზე ვიმგზავრეთ. აქ, ფორტების ხაზის იქით, ჭოროხის მარცხენა ნაპირის ერთ-ერთ სიმაღლეზე შევჩერდით ადგილმდებარეობის დასათვალიერებლად. რამიშვილმა (ჩემს გარეშე) გამოუთქვა ლებედინსკის შეხედულება აქ არტილერიის დაყენების აუცილებლობის შესახებ, არცთუ დიდ სანაპირო ფართზე ცეცხლის დაშენისთვის, 1–2 ვერსის დაშორებით იმ სიმაღლიდან, რომელზედაც ჩვენ ვიდექით. ლებედინსკიმ მას სავსებით გონივრულად უპასუხა, რომ ეს იმ ადგილობრივი უფროსის საქმეა, რომელიც აქ გასცემს განკარგულებებს. როგორც ჩანს, არ ენდობოდა რა მას, რამიშვილმა გარკვეული დროის შემდეგ იმავე წინადადებით მეც მომმართა. მე ვუპასუხე, რომ სპეციალურად ამ პატარა მოედანზე ცეცხლის დაშენისთვის არ ღირს არტილერიის დაყენება, რომ ამ უბნის არტილერიას, სავარაუდოდ, ექნება უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები, რომ, ბოლოს, ეს იმ უფროსის საქმეა, რომელიც აქ გასცემს განკარგულებებს, და რომ, ყოველ შემთხვევაში, სწორედ აქ ქვემეხების დაყენება არ არის მომგებიანი, რადგანაც მეზობელი სიმაღლიდან, 500–600 ნაბიჯის დაშორებით, ამ ქვემეხების მომსახურე პერსონალი ადვილად შეიძლება იქნას დახოცილი თოფების ცეცხლით. იგი შემომეპასუხა, რომ საჭიროა ამ გორის გამაგრება. მე მას ვუპასუხე, რომ თუ ჩვენ ავალთ იმ გორაზე, რომლის გამაგრებასაც იგი გვთავაზობს, მაშინ დავინახავთ, რომ მასზე იბატონებს შემდეგი გორა, და ასე იქნება თვით ტრაპიზონამდეც. ამრიგად, ჩვენი ბელადები სამხედრო საქმეში უკვე თვით ბრძოლის ველზეც კი ერეოდნენ, ქვემეხებისთვის ადგილის არჩევის ჩათვლით, რაც ჩვენი წესითა და რიგით შეადგენს ბატარეის მეთაურის კომპეტენციას.

* * *
აღწერილ მოვლენებთან ერთდროულად ტრაპიზონში მიდიოდა ამიერკავკასიის კომისარიატის დელეგაციის მოლაპარაკებები თურქეთთან. თურქები ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შესრულებას მოითხოვდნენ, რომელიც რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ იყო ხელმოწერილი. ამ მოლაპარაკებების დროს თურქები საომარ მოქმედებებს აგრძელებდნენ. ამ დელეგაციაში მთავარსარდლის შტაბიდან წარმომადგენლის სახით შტაბის უფროსი გენ. ლევანდოვსკი ღებულობდა მონაწილეობას. მოლაპარაკებებს არანაირი შედეგები არ ჰქონია. დელეგაცია უკან დაბრუნდა.

შემდეგ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 10 თუ 11 აპრილს გამოცხადებულ იქნა ამიერკავკასიის რესპუბლიკა, და ეს რესპუბლიკა ფაქტიურად აღმოჩნდა თურქეთთან ომის მდგომარეობაში, რომელიც აგრძელებდა თავისი ჯარების შემოტევას. შეიქმნა სეიმი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ მომავალი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. წარმოებდა მოლაპარაკებები გერმანიასთანაც, რომელთანაც ეძიებდნენ დაცვას თურქეთის აგრესიული მისწრაფებებისგან. ამასობაში მოგვიხდა ყარსის ციხესიმაგრის დატოვება და მთავრობაში სომეხმა წარმომადგენლებმა ამაში ბრალი დასდეს გენ. ოდიშელიძეს, სამხედრო კომისარ გეგეჭკორის მაშინდელ თანაშემწეს. უეჭველად, ყარსი დაეცემოდა ისევე, როგორც ბათუმიც, იმიტომ რომ იქ შეიქმნა ვითარება, რომელიც ბათუმის ვითარების მსგავსი გახლდათ.

შემდეგ აპრილის ბოლოს შეიქმნა კაბინეტი ა. ი. ჩხენკელის თავმჯდომარეობით. სამხედრო მინისტრის პორტფელი გ. თ. გიორგაძეს ჩააბარეს, რომელმაც სამხედრო მინისტრის თანაშემწის პოსტზე მე მიმიწვია.

ახლა მოვიყვან რამდენიმე შეჯამებას. მე ადრე ზოგად ნიშნებში მივუთითე იმ სამუშაოზე, რომელიც მოვიდა ჩვენი ხალხის ბელადების წილად; აღვნიშნე, რას მიაღწიეს მათ, მაგრამ დაწვრილებით არ გავჩერებულვარ მათ საქმიანობაზე საგარეოპოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, საშინაო და სხვა დარგებში. ისტორია აღნიშნავს და გვიჩვენებს, თუ რისი მიღწევა შეეძლოთ მათ და რას მიაღწიეს, როგორი შეცდომები დაუშვეს და როგორია მათი დამსახურებანი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა დარგში ზოგადად და თითოეულში ცალ-ცალკე. მე აღვნიშნავ მათ საქმიანობას როგორც შეიარაღებული ძალების მოწყობაში, ისე საერთოდ სამხედრო მიმართებითაც. ამ მიმართებით ნათელი შეიქნა შემდეგი თავისებურებანი. დამოკიდებულება ოფიცერთა კორპუსთან: ოფიცრებს სრულებით არ ენდობოდნენ. რატომ? ეს მტკიცდება ქართველ მხედართა (მეომართა) კავშირის დაშლის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ ის პარტიების გარეთ იდგა, იმ დროს, როცა მუშების, პროფესიულ კავშირებს, კოოპერატივებსა და სხვებს, ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ. ოფიცერმა მაშინვე დაკარგა მათ თვალში მისთვის დამახასიათებელი მნიშვნელობა; იგი აღმოჩნდა სრულებით უუფლებო და, სამშობლოსთვის თავის დადებაზე მისი მაღალი მოწოდების მიუხედავად, მას ჩვეულებრივ მუშასთანაც კი ერთ დონეზე არ აყენებდნენ. მის ავტორიტეტს ჯარისკაცების თვალში დაუსრულებლად ძირი ეთხრებოდა. გვიხდებოდა უხეშად წარმოებული ჩხრეკვებისა და დაპატიმრებათა მზერა. საერთოდ ოფიცერთა შემადგენლობისადმი უნდობლობამ გამოიწვია ნდობა მხოლოდ სწორედ მათ მიმართ, რომლებიც პარტიაში შედგებოდნენ, ან რომელთა თავმდებადაც ესა თუ ის სოციალუსტური პარტია ან ორგანიზაცია გამოდიოდა. ამასთან დასანიშნი პირის თვისებებს, მის გამოცდილებასა და ცოდნას საერთოდ ანგარიშს არ უწევდნენ: პოლკ. ახმეტელის, პოდპოკლ. კარგარეთელის, კაპ. გედევანიშვილის, პოდპ. ზაქარიაძისა და სხვათა დანიშვნები. ოფიცრებისადმი უნდობლობამ იმ ზომების მიღება გამოიწვია, რომლებიც სოციალისტური პროგრამის სულისკვეთებას შეესაბამებოდა. შემდეგ, ერთის მხრივ, როგორც ჩანს, შეგნებული ჰქონდათ, რომ ჯარი უნდა მოაწყონ სამხედროებმა (ოფიცერთა კრება, ჯარის ორგანიზაციის კომისია, კორპუსის ახალი მეთაურის გენ. გაბაშვილის დანიშვნა), ხოლო მეორეს მხრივ კი, სამხედროებს არ ეძლეოდათ საქმიანობის გამოვლენის შესაძლებლობა (военным не представлялось проявить деятельность). დანიშნეს რა ოფიცერთა დაჟინებული მოთხოვნით გენ. გაბაშვილი კორპუსის მეთაურად და დაამტკიცეს რა შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის პროექტი, მათ იმავე დროს დანიშნეს პოდპ. ზაქარიაძე მასთან შტაბის უფროსად, რითაც მანამდე დამტკიცებული პროექტი დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც მსგავსი დანიშვნა არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაშვებული.

ამრიგად, თვით ჯარების რეორგანიზაციის პროექტის დამტკიცების შემდეგაც კი აგრძელებდნენ ოფიცრობისადმი, უმთავრესად უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობისადმი უნდობლობას. ასე, სურდათ შემოეყვანათ ჯარებში კომიტეტები და დაეშვათ არმიაში პოლიტიკური აგიტაცია, რაც, რა თქმა უნდა, საღი აზრის საწინააღმდეგო გახლდათ და, როგორც ჩანს, მათი ვიწრო დოქტრინიორობის გავლენით კეთდებოდა. სარგებლობდნენ რა ძალაუფლებით, მათ მოსპეს დოქტრინის ერთიანობა, ოფიცერთა შორის ამხანაგობისა და სოლიდარობის გრძნობა. და ამით აღაგზნეს მათ გარემოში პირადი ინტერესები; ამისგან ირყეოდა ოფიცერთა კორპუსის სულისკვეთება, ეცემოდა დისციპლინა, ინერგებოდა ინტრიგები, დაბეზღებანი. პირიქით, საჭირო იყო ოფიცრობის ორგანიზება უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობისთვის დოქტრინის ერთიანობის დანერგვისა და მათი ავტორიტეტულობის ამაღლების გზით მოეხდინათ. დოქტრინის ერთიანობის მიღწევა შეიარაღებული ძალების მოწყობაში, მის აღზრდაში, სწავლებასა და სხვა საკითხების გადაწყვეტაში უფროსი ოფიცრობისთვის ფუნქციების მიცემით შეიძლებოდა. მთელი სამხედრო საქმის სათავეში უნდა კი სამხედრო პირი დაეყენებიათ, რომელიც სამხედრო საქმეზე პასუხისმგებელი იქნებოდა. უეჭველია, რომ მმართველებს უარი უნდა ეთქვათ პროტექციონიზმზე, თანამდებობებზე „თავიანთი ხალხის“ დანიშვნაზე, სამეთაურო შემადგენლობის დანიშვნებში ჩარევაზე და სხვა.

უნდა აღვნიშნო, რომ ბელადებს არმიის შექმნის სურვილი არ ჰქონდათ. ერთსა და იმავე დროში ყალიბდებოდა სომხური და ჩვენი ნაწილები, აგრეთვე რუსული კორპუსიც. ქართული და რუსული კორპუსები, რომელთა მოწყობაშიც გაბატონებული მდგომარეობა სოციალისტებს ეკავათ, ვერ ჩამოყალიბდნენ, სომხური კორპუსი კი, სადაც ეს მოვლენა არ ყოფილა, ჩამოყალიბებულ იქნა. ბელადებს იმ ძალის ორგანიზებისა ეშინოდათ, რომელიც შეიძლებოდა მათ სოციალისტურ მისწრაფებებს არ დამორჩილებოდა; მათ სურდათ ის, როგორც მათი პირადი პოლიტიკური ძალა, ისე განეკარგათ. ამის დამტკიცებას წარმოადგენს მათი სურვილი, რომ ჯარებში დაეშვათ პარტიულობა. როცა ცხოვრებისეულად ეს ვერ გავიდა, სხვა ხერხს მიმართეს და თავიანთი პირადი ძალა, გვარდია შექმნეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაშიერი. რევოლუციურ ბელადთა უმეცარი შეხედულება, რომ შეიარაღებული ძალა შეიძლება ჯარისკაცებისა და ოფიცერთა შეკრების გზით შეიქმნას, რის შედეგადაც ომის დროს მთელი რიგი ცალკეული მოხალისე რაზმები ყალიბდებოდა. მაგალითი: ბათუმის გარნიზონში შედიოდა მასა რაზმებისა, რომლებიც სწორედ ამ ხერხით იყვნენ ორგანიზებული. ასევე სომხურ-ქართულ ომსა და ახალციხის მოვლენებშიც.

ახლა აღვნიშნავ შემთხვევას, რომელიც ახასიათებს მთავარსარდლის შტაბის უფროს ოფიცერთა სოლიდარობასა და თავად მთავარსარდლის, გენ. ლებედინსკის პიროვნებას. ლებედინსკის ხშირად უხდებოდა უსიამოვნო საუბრები სამხედრო კომისარ გეგეჭკორთან მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. იყო კამათები მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოსთან და სხვა რევოლუციურ დაწესებულებებთან. ყველაფრის გამო უხდებოდათ მიმართვა გეგეჭკორთან, როგორც სამხედრო საქმეებში კომისართან. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს გენ. ლებედინსკი ცუდად შეიქნა და ე. პ. გეგეჭკორი მას წყლის შესხმით ასულიერებდა. შტაბი გენ. ლებედინსკის, როგორც მთავარსარდალს მხარს უჭერდა, თუმცა კი ჩვენ ყველანი, ე. ი. პოლკ. ლევანდოვსკი, პოლკ. კორგანოვი, პოლკ. შატილოვი, მისი პიროვნებისადმი ყოველთვის კეთილად განწყობილი არ ვყოფილვართ, ბევრ რამეში ჩვენ მას კიდეც ვკიცხავდით. 

ერთხელ იგი გეგეჭკორისაგან დაბრუნდა და გამოგვიცხადა, რომ გადადგომაზე უნდა მისცეს პატაკი. ჩვენ ყველამ მას მხარი დავუჭირეთ და ყველამ დავწერეთ პატაკები გადადგომაზე: გენ. ლებედინსკი თავის პატაკში ითხოვდა რომ იგი შეეცვალათ და, როგორც ულტიმამტუმი, 3-დღიანი ვადაც დაუნიშნა. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. სამი დღე ამოიწურა. ჩვენ ყველამ ერთად ვთხოვეთ გენ. ლებედინსკის პასუხისათვის იმავე დღეს მიეღწია – ეს მესამე დღე გახლდათ. „ამრიგად“, – დავუმატე მე სიცილით, – „ხვალ მე-4 დღეა და ჩვენ უკვე სამსახურში აღარ გამოვდივართ“. „არა“, – გვიპასუხა ლებედინსკიმ, – „ჩვენ არ შეგვიძლია პოსტების მიტოვება, უნდა დავრჩეთ, სანამ არ შეგვცვლიან“. „მაშინ რაღა საჭირო იყო ულტიმატიური ვადის დასმა“, – შევნიშნე მე. საუბარი ისეთივე ხმამაღალ-ხუმრობით ტონში გრძელდებოდა. ლებედინსკი და მე – ამხანაგები ვართ კადეტთა კორპუსიდან. შემდეგ მე ჩემს საქმეზე წავედი, და გარკვეული დროის მერე ლებედინსკიმ, როცა მე საქმეზე მის კაბინეტში მომიხდა შესვლა, მითხრა, რომ იგი ტელეფონით ესაუბრა გეგეჭკორს, რომელიც დროებით ყოველი ჩვენგანის თანამდებობებზე დარჩენას დაჟინებით მოითხოვდა და გაოცებასაც გამოხატავდა, თუ ჩვენ, დისციპლინირებულ ადამიანებს, როგორ შეგვიძლია მივატოვოთ თანამდებობებები, არ დაველოდებით რა შემცვლელებს. „მე მას ვუპასუხე“, – მითხრა ლებედინსკიმ, – „რომ, პირიქით, ჩენ არ დავტოვებთ შეცვლამდე ჩვენს თანამდებობებს და რომ შტაბის ერთ-ერთი ოფიცერი დაჟინებითაც კი მოითხოვდა იმას, რომ ხვალინდელი დღიდან აღარ მოსულიყო სამსახურში, მაგრამ მე მას ეს ავუკრძალე“. „ვინ არის ეს არადისციპლინირებული ოფიცერი?“ – მკითხა გეგეჭკორმა. „ეს პოლკოვნიკი კვინიტაძეა, მე ვუპასუხე“, – მითხრა ლებედინსკიმ. მე შევხედე მას და უხმოდ გამოვედი მისი კაბინეტიდან...


თ ა ვ ი II 


ამიერკავკასიის რესპუბლიკა 

როცა შეიქმნა ამიერკავკასიის რესპუბლიკა, ახალმა სამხედრო მინისტრმა გ. თ. გიორგაძემ მთხოვა ვყოფილიყავი მისი თანაშემწე გენ. ოდიშელიძის ნაცვლად, ვისი წასვლაც კაბინეტიდან სომხებმა მოითხოვეს, რომლებიც მთავრობის შემადგენლობაში შედიოდნენ. ამ წინადადებაზე მე უარით ვუპასუხე და მივუთითე, რომ არ ვთვლი საკუთარ თავს საკმარისი ძალის მქონედ, რომ ამ თანამდებობას თავი გავართვა, და რომ, ალბათ, არიან პიროვნებანი, რომლებმაც ჩემზე უფრო მეტი იციან, და ჩემზე უფრო ავტორიტეტულებიც გახლავან. გიორგაძემ მითხრა, რომ მან ყველაზე იფიქრა და მისი არჩევანი ჩემზე შეჩერდა, და რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო სამშობლოსათვის, რაც შემიძლია, და ა. შ. მან აქვე მითხრა, რომ მე მომეცემა სრული ძალაუფლება გავაკეთო სამხედრო უწყებაში ყველაფერი, რაც უკეთესად მიმაჩნია, რომ დამოუკიდებლად შემიძლია არმიის ორგანიზება, რომ მე შემიძლია მოვახდინო ისეთი დანიშვნები, რომელიც მინდა და ა. შ.

მე ჩემს უარზე ვიდექი. ხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნების შემდეგ, რათა საუბარი დაგვესრულებინა, მივმართე მას თხოვნით კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაეხედა ჩვენი უფროსებისთვის, რჩევა ჰქონოდა ვინმესთან, და რომ საერთოდ ჩემი დანიშვნა, სხვებთან შედარებით ახალგაზრდისა, ყველაზე უფრო მაღალ სამხედრო პოსტზე ჯეროვნად უნდა იქნას აწონ-დაწონილი, რათა საქმეს არ ვავნოთ. ამაზე დავშორდით ერთმანეთს.

რამდენიმე დღის შემდეგ მე ისევ მასთან გამომიძახეს, და მან თავისი მიწვევა გამიმეორა, მეუბნებოდა რა, რომ ბევრ პირთან რჩევა-საუბრების შემდეგ იგი საბოლოოდ ჩემზე შეჩერდა და მთხოვს უარი არ ვთქვა, მით უმეტეს, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწის პოსტზე შესაძლოა სხვა ეროვნებებმაც წამოაყენონ კანდიდატები, არასასურველები ჩვენთვის, ქართველებისათვის. მე გულის შეკუმშვით დავთანხმდი. დაიწყო ჩემი მუშაობა.

ამრიგად მე დავიკავე ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწის პოსტი. კავკასიის ფრონტის მთავარსარდლად რჩებოდა გენ. ლებედინსკი. ჩვეულებრივ დილის 8-დან 9 საათამდე მე უკვე ჩემს კაბინეტში ვიმყოფებოდი და იქიდან ხშირად საღამოს დაახლოებით 7–8 საათზე გამოვდიოდი. სახელდახელოდ ჭამის შემდეგ მთავრობის სხდომებზე მივემართებოდი, რომლებიც სასახლეში ტარდებოდა და საღამოს 8 საათზე იწყებოდა. ეს სხდომები ჩვეულებრივ ღამის 12–1 საათზე მთავრდებოდა. მახსოვს, რომ ამ სხდომების დროს არაერთხელ დაუყენებიათ ფანჯრებში ტყვიამფრქვევები მოულოდნელი თავდასხმისგან უზრუნველყოფის მიზნით. ყოველდღიურად მოელოდნენ ბოლშევიკების გამოსვლას. მე ჩემი თანამდებობის აღსრულება დაახლოებით 1 მაისს დავიწყე, ხოლო 4 თუ 5 მაისს მთავრობის თავმჯდომარე ა. ი. ჩხენკელი, როგორც ამიერკავკასიის მთავრობის დელეგაციის თავმჯდომარე, თურქებთან მოლაპარაკებებზე ბათუმში გაემგზავრა. მთავრობის თავმჯდომარედ ნ. ბ. რამიშვილი დარჩა.

ერთ-ერთ სხდომაზე უეცრად წამოიჭრა შემდეგი საკითხი, არ მახსოვს ვის მიერ დასმული. ამ დროისათვის რუსული შემადგენლობის კავკასიური არმია უკვე მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა. ამიერკავკასიის არმია ქართული, რუსული, სომხური, მუსლიმანური კორპუსების, ბერძნული დივიზიისა და გერმანული პოლკის შემადგენლობით ყალიბდებოდა. იმავე დროს დამოუკიდებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკაც იქნა გამოცხადებული.

არმია, ის, რომელიც კავკასიის ფრონტზე იყო, უკვე აღარ არსებობდა და მხოლოდ ის ჩამოყალიბებადი ეროვნული ნაწილები იყვნენ, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. გამოდიოდა შემდეგი: იყვნენ ჯარები, რომლებსაც აყალიბებდა დამოუკიდებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკა, და იყო ყოფილი კავკასიური არმიის მთავარსარდალი თავისი შტაბით, ამასთან უკანასკნელთ თავი, როგორც დიდი რუსული დერჟავის ძალაუფლების მატარებლებს, ისე ეჭირათ. საჭირო იყო ასე თუ ისე გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. და აი მთავრობის ზოგიერთმა წევრმა და სახელდობრ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მთავარსარდლის დაუყოვნებლივ შეცვლა მოითხოვეს. სხდომაზე გადაწყდა მისი შეცვლა, აგრეთვე შტაბის უმაღლესი შემადგენლობისაც. მე მთხოვეს ეს სხდომა დამეტოვებინა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მიმიწვიეს. გამომიცხადეს, რომ მთავრობა მნიშნავს ამიერკავკასიის არმიის მთავარსარდლად სამხედრო მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე დატოვებით, რომ ასეთი არჩევა მოხდა ერთხმად. მე არაფრის პასუხი არ შემეძლო და არ ვიცოდი, ამისთვის მადლობა უნდა გადამეხადა თუ უარი მეთქვა.

ამასობაში მთავარსარდლის შტაბში ხელმძღანელი შემადგენლობის თათბირები მიდიოდა, რომელთაც მიზნად იმის გარკვევა ჰქონდა, თუ როგორ გამოსულიყვნენ შექმნილი მდგომარეობიდან. ერთის მხრივ, რუსეთი შემადგენელ ნაწილებად იხლიჩებოდა (უკრაინაც კი გამოეყო); დარჩენილი რუსეთი ბოლშევიკური გახდა; მეორეს მხრივ, კორნილოვმა და ალექსეევმა მოხალისეთა არმია შეკრიბეს, მაგრამ უკანასკნელთან არანაირი კავშირი არ იყო. ამ თათბირების შედეგი გახლდათ ის, რომ გადაწყდა მოეხდინათ ლიკვიდაცია და მთავარსარდალს შესაბამისი ბრძანება უნდა გამოეცა; მაგრამ დათქმულ იქნა, რომ ეს ბრძანება გამოცემამდე ამიერკავკასიის მთავრობის მიერ უნდა ყოფილიყო მოწონებული. ეს უკანასკნელი გარემოება მე მხოლოდ შემდგომში შევიტყვე. ამ თათბირებზე, თითქოსდა, მეც უნდა ვყოფილიყავი მიწვეული, როგორც ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე; რით ხელმძღვანელობდა მთავარსარდალი, როცა ამას არ აკეთებდა, არ ვიცი. საერთოდ კი მე ვინარჩუნებდი კავშირს შტაბთან, ჯერ ერთი, როგორც ჯარების უმაღლეს მმართველობასთან, და მეორეც, იმის ძალით, რომ შტაბის უმაღლესი ჩინები ჩემი თანაშეზრდილები და სამსახურის ამხანაგები გახლდნენ. ჩემი დანიშვნიდან მეორე დღეს მე შტაბში შევიარე, რათა მოვლაპარაკებოდი, თუ როგორ მოგვეხდინა მთელი გადმოცემა, რომელიც ჩემი დანიშვნით იყო გამოწვეული. იქ მე მხოლოდ პოლკ. შატილოვი დამხვდა, უკვე დღის მე-4 საათი გახლდათ და სამსახურიდან ყველანი წასულიყვნენ. მან მითხრა, რომ მთავარსარდალი გამოსცემს ბრძანებას კავკასიის ფრონტის ლიკვიდაციის შესახებ; მე ვთხოვე მას რომ მოეცა წასაკითხად. თვალის სწრაფად გადავლებით მე ბევრი ისეთი პუნქტი შევნიშნე, რომლებიც ჩემი აზრით მხოლოდ მთავრობის მიერ მოწონების შემდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოცემული. მე ვუთხარი შატილოვს ამის შესახებ და ვთხოვე მას ამ ბრძანების გამოცემით არ აჩქარებულიყვნენ. მეორე დღეს ბრძანება გაზეთებში გამოჩნდა, ხოლო საღამოს კი მთავრობის სხდომაზე მთავრობის ზოგიერთი წევრის მიერ დასმულ იქნა შეკითხვები; ცნობილი იყო თუ არა სამხედრო მინისტრისათვის ასეთი ბრძანების გამოცემის შესახებ და თუ ცნობილი იყო, რა ზომები იქნა მიღებული მის შესაჩერებლად. სამხედრო მინისტრს უნდა ეთქვა, რომ მისთვის არაფერი არ გახლდათ ცნობილი. აქვე მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წევრის მიერ შემოთავაზებულ იქნა ამ ბრძანების დაუყოვნებლივ გაუქმება, ხოლო მთავარსარდლისა და მისი შტაბის უფროსის დაუყოვნებლივ დაპატიმრება. მე შევთავაზე ასეთი ზომისთვის არ მიემართათ, არამედ თავიდან მთავარსარდალს მოლაპარაკებოდნენ. სამხედრო მინისტრმა გრ. გიორგაძემ ამის გამო წერილი მისწერა გენ. ლებედინსკის, და სთხოვდა მას მთავარობის სხდომაზე მოსულიყო. სხდომაზე მოვიდა პოლკ. შატილოვი სრული უფლებამოსილებით მთავარსარდლისაგან, რომელმაც თავი მოიავადმყოფა. მოიავადმყოფა, ვინაიდან მე იგი მეორე დღეს სავსებით ჯანმრთელი ვიხილე. პოლკოვნიკმა შატილოვმა დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მთავარსარდალს უნდა გაეცა ასეთი ბრძანება, რომ ეს მისი უფლება გახლდათ და რომ ამ ბრძანების გაუქმებას ან შეცვლას მთავარსარდალი შესაძლებლად არ მიიჩნევს. ამან უფრო მეტად დაასხა ცეცხლზე ნავთი, და შატილოვის წასვლის შემდეგ შემოთავაზებულ იქნა ყველა ისინი, როგორც ამიერკავკასიის მთავრობის ხელისუფლების არმცნობნი, დაუყოვნებლივ დაეპატიმრებიათ. მე ძლივს დავიყოლიე მთავრობის წევრები იმაზე, რომ მთელი ეს საქმე სამხედრო მინისტრისთვის ჩაებარებიათ. მეორე დღეს სამხედრო მინისტრი მთელი დღე ცდილობდა გენ. ლებედინსკის პირადი მოლაპარეკებებისთვის დაკავშირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი სახლში არ ხვდებოდა. მასთან წერილი იქნა გაგზავნილი სამხედრო მინისტრის მიერ, რომელშიც მას პირადი მოლაპარაკებებისთვის ეპატიჟებოდნენ. ამის ნაცვლად მისგან მოვიდა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც წინა დღეს პოლკ. შატილოვის მიერ მთავრობის სხდომაზე ნათქვამს თითქმის სისტყვა-სიტყვით იმეორებდა. მთავარსარდლის მიერ დაკავებული ასეთი მდგომარეობის გამო მთავრობამ გენ. ლებედინსკის ბრძანების გაუქმება ბრძანა. იგი, ისევ ჩემი დაჟინებული თხოვნით, არ დაუპატიმრებიათ. მე შევუდექი ჯარების სარდლობას.

* * *
საერთო ვითარება ასეთი გახლდათ: სომხურ ჯარებს, რომლებიც უკან იხევდნენ, დაკავებული ჰქონდათ ალექსანდროპოლი, მათ წინააღმდეგ იდგნენ თურქული ჯარები. მხარეები იყვნენ დაზავების მდგომარეობაში ამიერკავკასიის მთავრობის დელეგატების თურქებთან მოლაპარაკებების წყალობით. ქართულ ჯარებს ბათუმის მიმართულებაზე ეკავათ ნატანები, მათ წინააღმდეგ იყვნენ თურქები და აქაც ასევე ორივე მხრიდან თეთრი დროშები ჰქონდათ გამოფენილი. ასევე ფრონტი იყო ბორჯომშიც. ახალციხის რაიონში თურქებმა ჩამოაყალიბეს დივიზია ადგილობრივი მუსლიმანებისგან და მის შემადგენლობაში შევიდნენ ნაწილები, რომლებსაც აზერბაიჯანელები აყალიბებდნენ მუსლიმანური კორპუსისთვის. ამ ნაწილებმა ალყა შემოარტყეს ახალციხეს, სადაც იყო ქართული გარნიზონი გენ. მაყაშვილის უფროსობით; ბორჯომიდან ჩვენს ნაწილებს არ შეეძლოთ მათ დასახმარებლად მისულიყვნენ, რადგანაც ორგანიზებულმა ადგილობრივმა მუსლიმანებმა აწყურის ჩრდილოეთით დაიკავეს პოზიციები და ჩვენს ჯარებს, არასაკმარისობის გამო, მათი წინააღმდეგობის გატეხვა არ შეეძლოთ, აქ მეთაურობდა გენ. არჯევანიძე. ამავდროულად მიდიოდა მოლაპარაკებები თურქებთან, და ამ მოლაპარაკებებმა, როცა ჩვენ ძალები მოვიკრიბეთ, არ მოგვცეს უფლება ხელები გაგვეხსნა სამხედრო სარდლობისთვის ახალციხის ფრონტზე მუსლიმანებზე შესატევად. ჩვენ დაზავების მდგომარეობაში ვიმყოფებოდით თურქებთან, მაგრამ არ ვიცოდით, ახალციხელ მუსლიმანებს, როგორც თურქეთის ნაწილს ვეომებით, თუ ისინი დამოუკიდებელი ერთეული არიან.

თურქებმა უეცრად დაზავება დაარღვიეს და ალექსანდროპოლს შემოუტიეს. მე ადგილობრივმა უფროსმა პირდაპირი ხაზით გამომიძახა და მკითხა მიეღო ბრძოლა თუ ბრძოლის გარეშე უკან დაეხია, იმის გამო, რომ დაზავება გაფრთხილების გარეშე იქნა დარღვეული. მე ვუბრძანე ბრძოლის მიღება. ბრძოლის შედეგი არ იყო სასურველი სომხური ჯარებისთვის, ისინი იძულებული შეიქნენ ჯერ ჩარჯუის სიმაღლეებისკენ დაეხიათ, ხოლო შემდეგ კი უფრო ჩრდილოეთითაც. უკანდახევამ სომხური ჯარები სრულიად მოშალა. სომხური კორპუსის მეთაური გენ. ნაზარბეგოვი ტელეგრაფით გვიკავშირდებიდა და დაუყოვნებლივ ზავის დადებას გვთხოვდა. გვიხატავდა რა ვითარებას, მან მიგვითითა, რომ ჯარები უკვე აღარ არიან, რომ კორპუსის შტაბსა და თურქებს შორის მხოლოდ დივიზიის შტაბიღა იმყოფება.

მალევე ამ მოვლენების შემდეგ, სახელდობრ რამდენიმე დღის მერე ამიერკავკასიის რესპუბლიკა სამ დამოუკიდებელ რესპუბლიკად: საქართველოდ, სომხეთად და აზერბაიჯანად დაიშალა. ამასობაში მთავრობაში გადაწყვიტეს ახალციხის ფრონტზე შეგვეტია; მე ხელები გამიხსნეს. გავემგზავრე ბირჯომში. მე იქ მხოლოდ ერთი დღეღამე დავყავი, პოზიციების ნაწილი დავათვალიერე, მაგრამ ღამით მივიღე დეპეშა თბილისიდან, რომელიც დაუყოვნებლივ დასაბრუნებლად მიწვევდა. დავბრუნდი. აღმოჩნდა, რომ შეტევა გააუქმეს.


თ ა ვ ი III 


საქართველოს რესპუბლიკა 

1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკა, სომხეთი და აზერბაიჯანიც მიჰყვნენ ამ მაგალითს. ეს მოხდა ვეჰიბ-ფაშას დაჟინებული მოთხოვნის შედეგად; ჩვენს დელეგაციას გადაეცა მისი ულტიმატუმი ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის ა. ი. ჩხენკელისადმი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ცნობის მოთხოვნით. უკანასკნელმა გამოგზავნა ჩემს სახელზე ტელეგრამა მთავრობისათვის გადასაცემად და ხვალვე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ, რომლისთვისაც ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება უკვე სავალდებულო აღარ იქნებოდა. გამოაცხადეს. თავიანთ ფრაქციაში ამ საკითხის განხილვისას ჟორდანიამ და წერეთელმა ხმა წინააღმდეგ მისცეს. თურქებთან მოლაპარაკებები გრძელდებოდა; საქართველოს მოუწია ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას დათანხმებოდა. ჩვენი ბელადები იმავდროულად მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ გერმანელებთან, რადგანაც თურქებს კვლავ აგრესიულად ეჭირათ თავი ამიარკავკასიასთან მიმართებაში.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი დამახასიათებელი ფაქტი. ჯერ კიდევ ამიერკავკასიის რესპუბლიკის არსებობის დროს ბაქო ადგილობრივი ბოლშევიკების ხელში ჩავარდა, ამასთან ცნობილი იყო, რომ ბოლშევიკური შეიარაღებული ძალის მთავარი ბირთვი სომხური პოლკი გახლდათ. ბაქოსა და სხვა რაიონებში თათრებსა და სომხებს შორის მოხდა ხოცვა-ჟლეტა. ამასობაში მუსლიმანური კორპუსი ჩამოყალიბებული არ ყოფილა; ქართული ჯარები კი ჩანასახოვან მდგომარეობაში ძლივსძლივობით თუ იქნებოდნენ.

ეს იყო 1918 წლის გაზაფხულზე. ქართველებს ძალები არ გააჩნდათ რომ ბაქოზე დაძრულიყვნენ ამიერკავკასიის მთავრობის ტერიტორიის ბოლშევიკებისგან გასანთავისუფლებლად, მით უმეტეს, რომ მზად უნდა ვყოფილიყავით თურქების წინააღმდეგ და გვეწარმოებია საბრძოლო მოქმედებები ახალციხის ფრონტზე და გაგრის მიმართულებითაც მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ. სომხებიც ასევე არ იძლეოდნენ ჯარებს თურქებთან საბრძოლო მოქმედებების გამო. ასეთი გახლდათ ვითარება. აზერბაიჯანელი წარმომადგენლები მთავრობაში დაბეჯითებით მოითხოვდნენ ჯარების გაგზავნას ბაქოზე უკანასკნელის ბოლშევიკების ხელიდან განთავისუფლებისთვის. და აი ერთ-ერთ სხდომაზე, როგორც კარგად მახსოვს, ამიერკავკასიის მთავრობაში აზერბაიჯანელი ხალხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, უსუბეკოვმა, განაცხადა, რომ თუ ამიერკავკასიის მთავრობა არ გააგზავნის თავის ჯარებს ბაქოს წინააღმდეგ, მაშინ ისინი, აზერბაიჯანლები, მონახავენ „სხვა ძალებს“, რომლებიც ბაქოს ბოლშევიკების ხელიდან გამოგლეჯენ. მინიშნება თურქულ ნაწილებზე საკმარისად ნათელი გახლდათ, და მე ჩინებულად მახსოვს ის მძიმე შთაბეჭდილება, რომელიც ამ განცხადებამ ამიერკავკასიის რესპუბლიკის დანარჩენ ეროვნებათა წარმომადგენლებზე მოახდინა. მიუხედავად ამისა, დახმარება ბაქოში მაინც ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო გაგზავნილი. ბოლშევიკები კი აგრძელებდნენ თბილისისკენ წინსვლას და მათ წინააღმდეგ რკინიგზით მხოლოდ სულ 200–300 კაცის გაგზავნა თუ მოხერხდა. როგორც ზემოთ უკვე მივუთითე, ჩვენი ბელადები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ გერმანელებთან საქართველოში თურქული შემოსევის თავიდან აცილების მიზნით. თურქები ამასობაში წინსვლას აგრძელებდნენ.

ახალციხეში გარშემორტყმული გენ. მაყაშვილის რაზმი იარაღით ხელში იქნა გამოტარებული, და ჩვენ ახალციხე თურქებს დავუთმეთ. ჩვენმა ბელადებმა ახალციხის თურქებისათვის გადაცემას ხელი მოაწერეს. ხელმომწერთა შორის იყვნენ: რამიშვილი, გვაზავა, რცხილაძე და გენ. ოდიშელიძე. თურქებმა ქართველების მიერ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ცნობის შემდეგ, რომლის მიხედვითაც მათ ყარსი, არტაანი და ბათუმი მიიღეს, ახლა დამოუკიდებელ საქართველოს წამოუყენეს (მოთხოვნა) დაეთმო მათთვის ახალციხე და ახალქალაქი. აი რატომ მოითხოვდნენ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მათ დაიკავეს ახალციხის მაზრა, ხოლო ალექსანდროპოლის აღების შემდეგ აგრძელებდნენ ჩრდილოეთისკენ წინწამოსვლას და უკვე მდ. ხრამზე იყვნენ. ამასთან ისინი მოლაპარაკებებში იმაზე მიგვითითებდნენ, რომ ეს მათი ჯარები კი არ მოიწევენ წინ, არამედ ადგილობრივ მცხოვრები თათრები.

გერმანელთა წარმომადგენელი გრაფი შულენბურგი თანაგრძნობით ეკიდებოდა ჩვენს სურვილებს და, შეიტყო რა ჩემგან, რომ ვეჰიბ-ფაშა ტელეგრამით კატეგორიულად მიგვითითებს, რომ წინმომავალი ჯარები თურქული ჯარები კი არ არიან, არამედ ადგილობრივი მცხოვრებნი, დათანხმდა აღმოეჩინა ჩვენთვის მხარდაჭერა თავისი ჯარებით „მოსახლეობის“ დასაწყნარებლად. მე პირადად ვუჩვენე გრაფ შულენბურგს ვეჰიბ-ფაშას დეპეშა ჩვენი მთავრობის სახელზე, სადაც იყო მითითებული, რომ ამა და ამ პარალელის ჩრდილოეთით თურქული ჯარები არ არიან.

და აი შეიქმნა რაზმი ერთი საარმიო ბატალიონის, ერთი გვარდიული ბატალიონის მახარაძის ბატარეითა და გვარდიული ცხენოსანი დივიზიონის შემადგენლობით; ამ რაზმის შემადგენლობაში შევიდნენ ასევე ერთი გერმანული ბავარიული ეგერთა ბატალიონი და გოგუაძის ჯავშნოსანი მატარებლები. საერთო უფროსად იყო პოლკოვნიკი სტეფანე ჩხეიძე. შეტევა წარმატებით დაგვირგვინდა; თურქული ნაწილები სანაიანის იქით იქნენ განდევნილი, მათი აღალიც კი ჩავიგდეთ ხელში, რომელიც ყაზახის მხარეს მიემართებოდა. ამ ბრძოლის დროს მდ. ხრამზე ხიდი იქნა აღებული და პირველებმა მასზე საარმიო ბატალიონის ჩვენმა ახალგაზრდა ჯარისკაცებმა გადაირბინეს. ბრძოლის წინ მე ჩვენს ქართველებს ვუთხარი, რომ ჩვენ თავი უნდა გამოვიჩინოთ გერმანელების წინაშე და რომ ხრამის ხიდი მათ გერმანელებზე ადრე უნდა აიღონ. აი ქართველები ბრბოდ შეცვივდნენ ხიდზე, რომელსაც მოწინააღმდეგე იცავდა. შემდეგ გერმანელთა უფროსები ამბობდნენ, რომ ქართველები მამაცი ხალხია, მაგრამ ომი არ იციან. ბუნებრივია, ქართული ბატალიონები ახალგაზრდა მოხალისეებისაგან იყო შემდგარი, რომლებსაც მხოლოდ იარაღის ფლობა თუ შეესწავლათ. შემდეგ დევნისას გოგუაძე სანაინის სადგურზე შეიჭრა და თურქთა მთელი ასეულები აიძულა იარაღი დაეყარათ. ტყვე თურქი ოფიცერი სამხედრო ფორმაში ჩემთან მოიყვანეს ვაგონში, და მე იგი, როგორც ბრძოლის ველზე თურქული ჯარების ნაწილების ნივთიერი მტკიცება, თბილისში ჩამოვიყვანე. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლის დროს გერმანელებს შვიდი კაცი მოუკლეს, რომლებიც შემდეგ საზეიმოდ იქნენ თბილისში დაკრძალული.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი გარემოება. საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა კამათები რაზმის მეთაურობასა და გვარდიის ბატალიონის უფროსობას შორის და ეს იმ დროს, როცა იმავე მეთაურობასა და გერმანელებს შორის არავითარი გაუგებრობა არ ხდებოდა. მე პირადად მომიწია ჩასვლა, რათა ეს კამათები მომეგვარებინა, ვინაიდან გვარდია, ისევე როგორც ყოველთვის შემდგომში, სამხედრო სარდლობას ექვემდებარებოდა იმდენად რამდენად. ამასთან ერთად ჩემს მიერ მაშინვე მიეთითა რაზმის უფროსს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში ყველაზე უფრო გადამჭრელად ემოქმედა და მისთვის იარაღი ჩამოერთვა. მე მოვითხოვდი, იარაღის გაცემაზე უარის შემთხვევაში, საარტილერიო ცეცხლი გამოეყენებია და ძალით აეძულებია, რომ ჩვენი მოთხოვნა შეესრულებიათ. იქ მყოფი ვალიკო ჯუღელი ამ სახით მოქმედებას წინ აღუდგა. შემდგომში თავის „მძიმე ჯვარში“ მან, როცა ამ მოვლენებს აღწერდა და ჩემზე ლაპარაკობდა, შემდეგი გამოთქმა გამოიყენა: „გენ. კვინიტაძე ადგილობრივ მცხოვრებთა მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი ზომების გამოყენებას მოითხოვდა, მაგრამ ჩვენ მისი ‘გზნება’ ზომიერებაში მოვიყვანეთ“. არანაირი გზნება არ ყოფილა; თავის წარმოდგენაში და, როგორც ჩანს, ლამაზი სიტყვისთვისაც ჩვენმა ვაი-მწერალმა „გზნება“ უწოდა იმას, რაც იარაღით გამოსულ მოსახლეობასთან მიმართებაში თითოეულ უფროსს უნდა გაეკეთებია. შემდგომში მისი „მძიმე ჯვარი“ ხატოვნად იქნა გამასხრებული ადგილობრივ პრესაში. ვალ. ჯუღელი კარიკატურულად იყო გამოსახული უზარმაზარი ჯვრით ზურგზე და ქვემოთ წარწერა: „სად მიგაქვს?“ და პასუხიც – „‘ბრძოლის’ რედაქციაში“. „ბრძოლა“ – სოციალ-დემოკრატიული გაზეთი.

სადახლოს რაიონის ადგილობრივი მემამულეები შემომჩიოდნენ იმ ძარცვების გამო, რომლებსაც გვარდიის ბატალიონი ახდენდა. აღვნიშნავ: გვარდიული ორგანიზაციის საარმიო ნაწილებთან ერთობლივად პირველივე გამოსვლამ ამ ორივე ორგანიზაციას შორის, რომლებიც თავიანთი სულისა და თავიანთი ცხოვრების პირობების მიხედვით სრულიად განსხვავებული გალდნენ, კამათები გამოიწვია. ძარცვა კი დისციპლინის არარსებობის ბუნებრივი შედეგია. ეს ფაქტი ჩემს მიერ, რა თქმა უნდა, გაშუქებულ იქნა მთავრობაში, მაგრამ მან უკვალოდ ჩაიარა და იმ საკითხის გადაწყვეტისას, თუ შეიარაღებული ძალების როგორი ორგანიზაცია მიეღოთ, გვარდიისა თუ არმიის, ვერავითარი ზემოქმედება ვერ მოახდინა.

ამრიგად ჩვენ გერმანელები დაგვეხმარნენ. მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტი ჩვენდამი მათი თანაგრძნობითი დამოკიდებულებისა. როგორც ცნობილია, ჩვენი ბელადები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ გერმანელებთან, დადეს მათთან ხელშეკრულება და იმავდროულად თურქებთან მოლაპარაკებებში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებაზეც უნდა დათანხმებულიყვნენ. თურქებთან ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით ჩვენ მათი ეშელონები რკინიგზით ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაგვეტარებინა. და აი ახლავე თურქებმა მოითხოვეს თავიანთი ეშელონების ბაქოსკენ გატარება. სრულებით არ პასუხობდა მთავრობის შეხედულებებს თურქული ეშელონების ჩვენს ტერიტორიაზე გატარება; იგი ეძიებდა საშუალებებს რომ ამისთვის თავი აერიდებია. ამავე დროს გერმანელებთან მოლაპარაკებების თანახმად გადაწყდა ყვლგან რკინიგზებზე საბოლოო სადგურებში, აგრეთვე ზოგიერთ ცენტრალურ ადგილას გერმანელ სამხედრო ტყვეთაგან მცირე გერმანული ყარაულების დაყენება. ეს ჯერ კიდევ ჩვენთან ბავარიული ბრიგადის მოსვლამდე იყო. როცა თურქული ეშელონი ნატანებთან მოვიდა და გატარება მოითხოვა, მაშინ ჩვენს წინაშე წამოიჭრა საკითხი, როგორ მოვქცეულიყავით. მე მივაწოდე აზრი გვეთხოვა გერმანელებისთვის რომ დაგვხმარებოდნენ; შემდეგ მათ წარმომადგენელს, გრაფ შულენბურგს მივმართე, და მას მოქმედების ასეთი ხერხი შევთავაზე. ნატანებში ქართველი ადგილობრივი სამხედრო უფროსი გამოუცხადებს თურქული ეშელონის უფროსს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ეშელონის გატარებას წინააღმდეგობანი არ გააჩნია; ამის შემდეგ იმავე უფროსთან მივა გერმანული ყარაულის უფროსი და გამოუცხადებს ეშელონის მოძრაობის შეუძლებლობის შესახებ ისეთი მოტივებით, როგორსაც თვითონ გერმანული მეთაურობა უკეთესად მიიჩნევს. ასე მოვიქეცით კიდეც, და თურქული ეშელონი იძულებული შეიქნა ბათუმში დაბრუნებულიყო. მგონი, გერმანელებმა გამოუცხადეს, რომ გზა გაუმართავია; თუმცა კი ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ. ეს მაშინ ჩემთვის საინტერესო არ ყოფილა, მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ თურქები არ გავატარეთ.

* * *
სამხედრო მინისტრის თანამშემწედ მე 1918 წლის მაისისა და ივნისის განმავლობაში გახლდით. ამ დროის მანძილზე ქვეყნის საგარეო თავდაცვის საკითხებთან ერთად დაკავებული ვიყავი ჯარების ორგანიზაციის, კავკასიის ფრონტის ლიკვიდაციისა და სამხედრო ქონების შენარჩუნების საქმეებით, აგრეთვე მიმდინარე საკითხებით. მიმდინარე საკითხები თითქმის მთელ დროს იკავებდა. ილუსტრაციისათვის მიგითითებთ შემდეგზე. როცა მე შევუდექი ჩემს თანამდებობას, მემკვიდრეობით მივიღე სამი შეკვრა აღსასრულებელი ქაღალდებისა, თითოეული არანაკლები მეოთხედი არშინის სისქით. ყოველივე ეს ელოდებოდა რეზოლუციებს; ამავდროულად გროვდებოდა მიმდინარე მიმოწერაც. ამასთან ერთად მისაღებში 60-დან 100-მდე მოსული მელოდებოდა ყველანაირი თხოვნითა და პროექტებით. აქ იყო თხოვნებიც დახმარების შესახებ, საბინაო საკითხებიც, ლიკვიდაციაში მოყოლილებიც, გამომგონებლებიცა და ყველაზე უფრო განსხვავებულიც: საჩივრებიც, დაბეზღებანიც, და თხოვნებიც ჩამოყალიბებადი ნაწილებისთვის ფულის, იარაღის, აღკაზმულობისა და ტანსაცმლის გაცემის შესახებ, და ა. შ., და ა. შ. მოდიოდნენ ყველა უწყებისა და ყველა ეროვნების სამხედროებიცა და სამოქალაქო პირებიც, კაცებიცა და ქალბატონებიც. საჭირო იყო საკითხების ექსტრენულად გადაწყვეტა. აქ რადიოს საკითხზე, იქ ავიოსი, სამხედრო სასამართლოსი, ასევე მომარაგებათა მთავარი უფროსის ყველა განყოფილებისა, კადეტთა კორპუსისა და ფერშალთა სკოლის საკითხებზე, კოჯორში საზაფხულო სადგომების განაწილებისა და ა. შ. ახლა ყველას ვერც კი გავიხსენებ.

26 მაისის შემდეგ ქართული კორპუსის მმართველობა გაუქმებულ იქნა, და მე შევუდექი შტაბის ჩამოყალიბებას. ამრიგად, ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარების შტაბის ჩამოყალიბების შემდეგ მალევე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების კვალდაკვალ, მოგვიხდა ქართული შტაბის ჩამოყალიბებაც. ერთი სიტყვით, ძლივსღა ვასწრებდი საქმეების შესრულებას, სრულებით არ მყოფნიდა დრო და მიხდებოდა დღეში ერთხელ საღამოს 7–8 საათზე მეჭამა და ისიც, თითქმის ფეხზე მდგომარეს, სახელდახელოდ. სამსახურში თან მიმქონდა ჯიბით საუზმე; ამან ვერ მიშველა და ის საუზმე ყოველთვის გაუხსნელი სახლში მომქონდა. თხოვნების, საუბრების, კამათების, თათბირების ამ ორომტრიალთან ერთად არაერთხელ მიხდებოდა კამათები რევოლუციური და არარევოლუციური წესრიგის პირებთან. საილუსტრაციოდ რამდენიმე სურათს მოვიყვან.

დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში, როგორც ადრე უკვე ვთქვი, გადაწყვეტილ იქნა კავკასიის ფრონტის ლიკვიდაცია. მე უკვე ვახსენე კამათების შესახებ მთავარსარდალთან და მის შტაბთან.

როცა მოხდა კონფლიქტი ფრონტის ლიკვიდაციის შესახებ გენ. ლებედინსკის ბრძანების გამო, მე მივიღე მიწვევა ყოფილი მთავარსარდლის გენ. პრჟევალკსკისგან, რომ მივსულიყავი კავკასიის ფრონტის უმაღლესი უფროსობის სხდომაზე დასასწრებად, რომელიც ბარიატინსკის ქუჩაზე მის ბინაში უნდა შემდგარიყო. მე მივედი. ახლა ძნელია ამ სხდომის ყველა დეტალის გახსენება. სხდომის საგანი გახლდათ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ კავკასიის ფრონტის ლიკვიდაციის შესახებ გენ. ლებედინსკის ბრძანების ამიერკავკასიის მთავრობის მიერ გაუქმების გათვალისწინებით. აქ გამოირკვა, რომ გენ. ლებედინსკის თავისი ბრძანების გამოცემამდე ეს ბრძანება ამიერკავკასიის მთავრობის თანხმობით უნდა გაეცა. ამ სხდომაზე, გენ. პრჟევალსკის არყოფნის მომენტში მოხდა შეჯახება გენ. ლებედინსკისა და ჩემს შორის. გენ. ლებედინსკი საერთოდ ამართლებდა თავის საქციელს და არცთუ სავსებით სწორად გადმოსცემდა იმას, რაც ხდებოდა. მე, რა თქმა უნდა, ავიღე სიტყვა და შევუდექი ჭეშმარიტების აღდგენას. მოხდა შეკამათება ლებედინსკისთან, რომლისთვისაც მე, არ მახსოვს, რომელ ფრაზაზე მომიხდა მეპასუხა: „და რა, ახლა ასე დაიწყებ ლაპარაკს“. მან მიპასუხა: „ამ ‘რასთვის’ მე შენგან ვითხოვ (ან, არ მახსოვს, „მოვითხოვ“) დაკმაყოფილებას“. მე მაშინვე შევეპასუხე, რომ ასეთი სიტყვებით ასე იოლად თამაში არ შეიძლება და რომ მე ვიღებ მის გამოწვევას, და მზად ვარ მივცე მას დაკმაყოფილება ახლავე, ამ წუთასვე, ამავე ოთახში, ყველა მოწმის თანდასწრებით. მაშინვე აღმოჩნდა, რომ იგი შორს გახლდათ ამისგან. ამ დროს შემოსული გენ. პრჟევალსკი ჩაგვერია და შემოგვთავაზა კომისია თავისი თავმჯდომარეობით იმის გამორკვევის მიზნით, იქნა ჩემთვის გაკეთებული დუელში გამოწვევა თუ არა. გენ. ლებედინსკი ამტკიცებდა, რომ ასეთი რამ მას არ გაუკეთებია. კომისიაში, გენ. პრჟევალსკის გარდა, შევიდნენ პოლკ. შატილოვი და მე ვითხოვე შეეყვანათ იქ გენ. ლიახოვი, რომელიც ასევე მოწმე გახლდათ.

ამავე სხდომაზე გადაწყვეტილ იქნა გენ. ლებედინსკის მიერ დამატებითი ბრძანების გამოცემა შესწორებებით, რომლებიც მთავრობის მითითებით იქნებოდა შეტანილი. ზემოხსენებულმა კომისიამ მიიჩნია, რომ გენ. ლებედინსკის ჩემი დუელში გამოწვევა არ მოუხდენია და რომ ყოველ შემთხვევაში მას, თუ მე გავიგე მისი სიტყვები როგორც გამოწვევა, ისინი უკან მიაქვს. უნდა დავუმატო, რომ ამ კომისიაში გენ. ლიახოვს არ მიუღია მონაწილეობა, როგორც გენ. პრჟევალსკიმ მითხრა, იმიტომ რომ მისი პოვნა ვეღარ შეძლეს; მის ნაცვლად კომისიაში, გენ. პრჟევალსკის მიწვევით, შევიდა გენ. ტომილოვი. მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ გამოწვევა მოხდენილ იქნა, და ვფიქრობ, რომ კომისია უწინარეს ყოვლისა ხელმძღვანელობდა იმით, რომ მოეხდინა ინციდენტის ლიკვიდაცია და არ დაეშვა დუელი ისეთ პირებს შორის, როგორებიც კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი და ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე გახლდნენ. აი ერთი სურათი. დავხატავ კიდევ ერთსაც.

უნდა ითქვას, რომ გენ. ლებედინსკის ბრძანებამ, რომელიც სავსებით დამოუკიდებლად იქნა გამოცემული, მთავრობის სანქციის გარეშე, რომელსაც იგი ამ დრომდე უსიტყვოდ ემორჩილებოდა, ოფიცერთა გარემოზე არასასურველი შედეგები მოახდინა. ამ დრომდე ფრონტი გენ. ლებედინსკის მეშვეობით ამიერკავკასიის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა; თავიდან კომისარიატს, შემდეგ ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობას. იგივე ბრძანება ადგილობრივ ხელისუფლებასა და კავკასიის არმიის სამხედრო პირებს შორის ურთიერთობებს უეცრად სხვა ტონს აძლევდა, და ოფიცერთა შორის გამსკდარი ბომბის შთაბეჭდილება მოახდინა. ოფიცრობამ საკუთარი თავის მიჩნევა დაიწყო არა მარტო ვალდებულების არმქონედ რომ ამიერკავკასიის ხელისუფლებას დამორჩილებოდა, არამედ უფლების არმქონედაც რომ დამორჩილებოდა. მართალია, ყველა ასე არ ფიქრობდა.

ბრძანების საერთო ტონი ისეთი იყო, რომ კავკასიის ფრონტის ლიკვიდაცია ხდება სავსებით დამოუკიდებლად თავად მთავარსარდლის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების გარეშე, სწორედ იმ ხელისუფლებისა, რომელსაც ფრონტი ამ დრომდე ექვემდებარებოდა (ემორჩილებოდა). ამას ვამტკიცებ. ბრძანება 1918 წლის 13 თუ 14 მაისს იქნა ხელმოწერილი, ხოლო ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ჯერ კიდევ აპრილში გამოცხადდა, მგონი 10 თუ 11 რიცხვში. ამ გარემოებამ შემდგომში სამხედრო უწყების დარგებსა და უმაღლეს სამხედრო ხელსუფლებას შორის დიდი კამათები წარმოშვა; მათ შესახებ მე მოგვიანებით ვიტყვი.

მე მომახსენეს, რომ მთავარსარდლის შტაბის ოფიცრებს მეტად აღარ სურთ სამსახური. საჭიროდ ჩავთვალე ისინი შემეკრიბა და მათთვის რამდენიმე სიტყვა მეთქვა. ვუთხარი მათ შემდეგი. მე მათ დავუხატე მძიმე ვითარება, რომელიც ამიერკავკასიაში შეიქმნა იმ ხალხებისთვის, რომლებიც უკანასკნელში გახლდნენ დასახლებული: თურქები სამხრეთიდან გვაწვებიან; ბოლშევიკები ბაქოში არიან; შიგნით ბოლშევიკური ხასიათის მღელვარებებია. ასეთ მძიმე გარემოებებში გაიცვნებიან კიდეც მეგობრები. თუ რუსები – ამიერკავკასიის ხალხთა მეგობრები არიან, მაშინ მათ ამ მძიმე მდგომარეობაში ხელი უნდა გამოგვიწოდონ, დაგვეხმარონ, და ჩვენც არა მარტო დავრწმუნდებით მათ მეგობრობაში, არამედ ბუნებრივად, როგორც მათი ასეთი ქცევის შედეგი, მოხდება ის, რომ ჩვენ მოგვიწევს მათ მიმართაც ასეთივე საპასუხო ვალდებულებები ვიკისროთ. შემდეგ, თვით პოლიტიკური თვალსაზრისის მხრივაც კი, რუსული ელემენტის ასეთი ქცევა ამიერკავკასიაში განამტკიცებს მომავალი რუსეთისა და ამიერკავკასიის ურთიერთობებს, და, ღმერთმა უწყის, ხომ არ მოუწევთ მათ მომავალი რუსეთის წინაშე პასუხისგება იმის გამო, რომ მათ ამიერკავკასია მისი საკუთარი ძალების ანაბარა დატოვეს და არ მიიღეს აქტიური მონაწილეობა და ამით მომავალ რუსეთსა და კავკასიის ხალხებს შორის მომავლის ურთიერთობებს საფუძვლები არ ჩაუყარეს. რაც შეეხება საკითხს, ხომ არ გამოვლენ ისინი თავიანთი ფიცის დამრღვევებად, თუ ამიერკავკასიის ხელისუფლებას ემსახურებიან, ამ საკითხზე ახალა შეჩერება არ ღირს, იმიტომ რომ, ვუღალატეთ რა ჩვენს ფიცს მეფისადმი რევოლუციის დასაწყისიდან, ჩვენ ყველანი, მკაცრად რომ ვთქვათ, მეფის მოღალატეები ვართ; მაგრამ ეს გახლდათ ისტორიული გარდაუვალობა. ამასთან მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ფიცი მეფისათვის აუცილებელი იყო არა იმ დღეებში, როცა ყველაფერი კარგად იყო, არამედ სწორედ რომ მიცემულ იქნა იმ შემთხვევისათვის, როცა მას რაიმე ემუქრებოდა; და აი ამ მომენტში ჩვენ ჩვენი ფიცი დავარღვიეთ. არ შეიძლება თავს ვიმართლებდეთ იმით, რომ მან ჩვენ ფიცისგან გაგვანთავისუფლა; ეს მხოლოდ თვალის დახუჭვაა იმაზე, რომ მან ტახტზე უარი საკუთარი სურვილით კი არ თქვა, არამედ იძულებით. გარდა ამისა, ახლა მთელი რუსეთი ნაწილებად დაიშალა და თითოეულ ნაწილს შეუძლია საყვედურობდეს სხვას და თავის მოწინააღმდეგეს მოღალატეს უწოდებდეს; მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნება. ჩემს სიტყვებში მე მივმართავდი მათ გულებს, მათ პოლიტიკურ გამჭრიახობას. ბევრი შემდეგ მეუბნებოდა, რომ ისინი მე სრულებით მეთანხმებოდნენ; მაგრამ ჩემი წამოსვლის შემდეგ ოფიცერთა კრება იქნა მოწყობილი, და, როგორც მე ამ კრების ზოგიერთი მონაწილე გადმომცემდა, ჩემმა ყოფილმა თანამოსამსახურეებმა, ზემდგომმა უფროსებმა, პირიქით, განაწყვეს ისინი საწინააღნდეგოდ, ე. ი. არ ემსახურათ.

გენ. ლებედინსკის ბრძანებამ კიდევ შემდეგი მოვლენები წარმოშვა. ჩვენ უნდა მოგვეხდინა ძალების ორგანიზება ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომლებიც ბაქოს მხრიდან გვიტევდნენ. ძალები არ იყო, როგორც მე უკვე ვამბობდი ამის შესახებ; და აი ამ მომენტში რუსები ვერ ხედავდნენ შესაძლებლად, რომ გამოსულიყვნენ და ბოლშევიკების წინააღმდეგ ემოქმედათ; მართალია, ყველა არა, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა. უცნაური გახლდათ ის, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ გენ. ალექსეევის რიგებში ისინი ხალისით მიდიოდნენ, ხოლო ამიერკავკასიის ჯარების რაზმებში კი ბაქოელი ბოლშვიკების წინააღმდეგ წასვლას თავიანთთვის მიუღებლად მიიჩნევდნენ. ავიაციის უფროსი პოლკ. კონოვალოვი ჩემთან გამოცხადდა და განმიცხადა, რომ იგი მე, როგორც თავის ძველ ნაცნობს, როგორც გიორგი ივანეს ძეს, რომელსაც იგი იცნობს, დამემორჩილება, მაგრამ რომ ამის გაკეთება მას სულაც არ ევალება. მე მომიხდა მისთვის მეპასუხა, რომ ასეთი დაქვემდებარებულები ჩვენ არ გვჭირდება, და რადგანაც უკვე მქონდა ცნობები, რომ აეროდრომზე და მათ ფარეხში დაიწყო ქონების განაწილება, ამიტომ მაშინვე გავეცი განკარგულება, რომ იქ ქონებასთან ყარაულები დაგვეყენებია, ავიაციის სათავეში სხვა პირი დავაყენე და სამსახურში დარჩენა მხოლოდ მათ შევთავაზე, ვისაც სურდა. აქ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სამსახურში ნებაყოფლობით დარჩენილი მფრინავი რუსანოვი შემდგომში აეროდრომიდან საუკეთესო აპარატით სასწავლო ფრენისთვის აფრინდა და ჩრდილო-კავკასიაში გადაფრინდა. მე გავეცი ბრძანება ამ ბატონის საქციელის უმსგავსოების შესახებ, რომელიც რუსი ოფიცრის ღირსებას არ შეეფერებოდა. მსგავსი პირობითი დაქვემდებარებანი რადიოტელეგრაფშიცა და სხვა განყოფილებებშიც მეორდებოდა. საჭირო იყო ყველგან შეგვეცვალა მეთაურობა და მოგვეხდინა ახალი მმართველობის ორგანიზაცია. აი როგორ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა. ამავდროულად საჭირო იყო ჩვენი ჯარების ორგანიზება და ამის განკარგვა უშუალოდ მე მიხდებოდა, რადგანაც ქართული კორპუსის მეთაურის თანამდებობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაუქმებულ იქნა.

* * *
1918 წლის ზაფხულში ბოლშევიზმი ჩამოყალიბებად ქართულ ნაწილებზეც ძლიერად აისახა. მათ იმ ქართველი ჯარისკაცებისგან ვაყალიბებდით, რომლებიც დასავლეთის ფრონტის რუსული არმიის ყველა ფრონტიდან მოდიოდნენ, სხვანაირად ჩამოყალიბება შეუძლებელიც კი გახლდათ. ბოლშევიზმი კავკასიის ჯარებში იმავე გზით წავიდა, რომელი გზითაც რუსეთის ჯარებში მიდიოდა, მაგრამ იმ საშინელებათა, მკვლელობებისა და ოფიცერთა აბუჩად აგდების გარეშე, რომლებიც დასავლეთი ფრონტის გონებიდან გადასული რუსული არმიის რიგებში ხდებოდა. მე არ შევუდგები ზოგიერთ ქართულ ნაწილში დაუმორჩილებლობისა და ამბოხებათა სურათების აღწერას, მაგრამ შემდეგს კი აღვნიშნავ.

თებერვალში ჯარისკაცთა ამ გამოსვლებმა ოფიცრებისთვის სამხრეების ჩამოგლეჯის ფორმა მიიღო; თბილისში ამან ერთ დღეს ისეთი ფორმა შეიძინა, რომ გენ. ლებედინსკიმ მომავალში ახალი ფორმის დადგენამდე სამხრეების მოხსნის შესახებ ბრძანება გასცა. როგორც გავიგე, მმართველი წრეები, რომელთაც იმ ხანებში ხელთ მხოლოდ ძალაუფლების ფიქცია გააჩნდათ, მეტად უკმაყოფილონი დარჩნენ; ისინი ამბობდნენ, რომ უხეში ძალადობისგან ოფიცერთა დაცვას შეძლებდნენ. ვფიქრობ, რომ ეს ყველგან ვერ მოხერხდებოდა; თბილისშიც კი, უკვე ბარიატინსკის ქუჩაზე ჯარისკაცების ბრბო იდგა და სამხრეებს ართმევდა, ამასთან თვალითმხილველები გადმოგვცემდნენ, რომ ნახეს მთელი შეკვრები ჩამორთმეული სამხრეებისა. ამ დროიდან ოფიცრებს მოუხდათ სამხრეები არ ეტარებინათ. ჯარისკაცების განწყობა და საერთო ვითარება ისეთი იყო, რომ აპრილში ერთი პასუხისმგებელი პოლიტიკური მოღვაწე პავლე საყვარელიძე სრულიად იმედგაცრუებული იყო და ჩემთან საუბარში გამოთქვა თავისი რწმენა, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ მოვახერხებდით არმიის შექმნას. ამასობაში მე უკვე ვხედავდი გამოფხიზლების გამონათებებს და ვუთხარი მას, რომ იგი არ არის მართალი და რომ იმედს არ უნდა ვკარგავდეთ. როცა შევუდექი სამხედრო მინისტრის თანაშემწის თანამდებობის შესრულებას, მე გადავდგი ნაბიჯი და გავეცი ბრძანება სამხრეები გაეკეთებინათ. გაიკეთეს, და ამან ინციდენტების გარეშე ჩაიარა. რაღაც დროის შემდეგ გავეცი ბრძანება სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთ მისალმების შესახებ, ამასთან მისალმება უმცროსს უნდა დაეწყო. ასევე ჩაიარა. ამრიგად რევოლუციური სიმთვრალე გადიოდა, დრო ჩვენზე მუშაობდა და შეიძლებოდა იმედი გვქონოდა, რომ ცოტ-ცოტად მოვახდენდით ჯარის ორგანიზებას.

მივუთითებდი რა იმას, რომ გენ. ლებედინსკის ბრძანების შედეგად, ასე ვთქვათ, ახალ სამხედრო ხელისუფლებაზე გადასვლის საქმე გართულდა, მინდა გადმოვცე კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც უშუალოდ კავკასიის ფრონტის შტაბს შეეხებოდა. ეს ეხება იმ ორდენებისა და მედლების მარაგს, რომლებიც შტაბში ინახებოდა. მე ვიჯექი სამინისტროში ჩემს კაბინეტში, როცა მომახსენეს, რომ ერთ ბატონს უნდა ჩემი ნახვა გადაუდებელი სამხედრო საქმის გამო. მე იგი მაშინვე მივიღე. მან მომახსენა, რომ შტაბში აპირებენ ხვალ დილიდან იმ მთელი ორდენებისა და მედლების ერთ-ერთ ბანკში ჩაბარებას, რომლებიც ფრონტის შტაბში ინახება. ამ დროს შტაბს უკვე ახალი უფროსი ღებულობდა. მე მაშინვე გავგზავნე იქ კომისია გენ. ახმეტელის თავმჯდომარეობით, ბრძანებით, რომ ორდენები და მედლები დაუყოვნებლივ სამინისტროში გადმოეტანათ და დაწვრილებითი აღწერაც მოეხდინათ. ასეც მოიქცნენ, ხოლო შემდეგ კი ისინი მთლიანად ჩვენს მთავრობას ჩააბარეს. ეს ფაქტი საკმაოდ მკაფიოა, რათა დავინახოთ, თუ როგორ ექცეოდნენ კავკასიის ფრონტის დაწესებულებები ახალ ხელისუფლებას. მე არ გავჩერდები იმაზე, თუ საკუთრივ სამხედრო სფეროში რა იქნა ჩემს მიერ გაკეთებული. 

მივუთითე რა იმ რთულ ვითარებაზე, რომელშიც გვიხდებოდა მუშაობა, მე აღვნიშნავ სიძნელეებს კიდევ შემდეგი გარემოებით. როდესაც უნდა შევდგომოდი ჩემს თანამდებობას, მე მითხრეს, რომ ვიქნებოდი სავსებით დამოუკიდებელი სამხედრო საქმეებში. მე უკვე აღვნიშნე, თუ როგორ ვიყავი დაკავებული ასევე ოპერატიული საქმეებითაც. მე გავემგზავრე ახალციხის ფრონტზე რათა პირადად მეხელმძღვანელა შეტევისათვის, რომელსაც დიდი შრომით მოვითხოვდი და რომელიც ბორჯომში ჩემი ჩასვლის დღეს გააუქმეს. ახლა გიჩვენებთ, რომ ჩემი ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ ცარიელი სიტყვა გახლდათ. სამხედრო მინისტრი არაერთხელ გასცემდა ბრძანებებს ჩემთვის გვერდის ავლით ამა თუ იმ ნაწილების ჩამოყალიბების შესახებ, აძლევდა სამხედრო წოდებებს ამა თუ იმ პირებს, აძლევდა ჯილდოებს, თვით გიორგის ჯვრებსაც კი, და ა. შ. და ეს ხდებოდა, ჩემი ერაერთხელ გამეორებული მოთხოვნების მიუხედავად, რომ ასეთი რამ არ გაეკეთებინათ. ერთხელ იყო ერთი პოლკოვნიკის, ერთ-ერთი შტაბის ოფიცრის შემდეგ, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შემთხვევაც, ისე რომ არა თუ მე არ შემატყობინეს, ანდა შტაბის უფროსს, არამედ შეიძლება, უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგაც. ჩემს პროტესტზე სამხედრო მინისტრმა საკმაოდ დამახასიათებლად მიპასუხა: „რა ვქნათ, შეიძლება შტაბის უფროსს ეს საჭიროდ არ მიაჩნია, მე კი ამას მხოლოდ სამართლიანად მივიჩნევ და ეს ჩემი უფლებაა“. მე, ალბათ, ვერ შევძელი ამეხსნა მისთვის მოქმედებათა ასეთი სახის მთელი მავნებლობა, რომელიც არსებითად ძალზედ მცირედ თუ განსხვავდებოდა სპარსელი სატრაპის თვითნებობისაგან და უფროსების ავტორიტეტს ძირს უთხრიდა.

რა თქმა უნდა, შეხედულებებში ჩემი განსხვავება და ყოველდღიური შეჯახებები მმართველებთან ასე თუ ისე უნდა გადაწყვეტილიყო. ეს ასე მოხდა კიდეც. ერთხელ მიწვეული ვიყავი სხდომაზე, სადაც უნდა განგვეხილა დებულება სახალხო გვარდიის შესახებ. სხდომის საგნის თაობაზე მე სულ უკანასკნელ მომენტში შევიტყვე. იმ ხანებში გერმანელები იყვნენ თბილისში და მათთვის ანგარიშის გაწევა გვიხდებოდა. ისინი ალმაცერად უყურებდნენ წითელ გვარდიასა და სასახლის თავზე მოფრიალე წითელ დროშას. და გადაწყვეტილ იქნა რევოლუციის მიერ შობილი ეს ორგანიზაცია სახელმწიფო დაწესებულებად გადაექციათ. ეს დაახლოებით 20 ივნისს ხდებოდა. გვარდია მაშინ მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ექვემდებარებოდა. ეს საბჭო, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ ნ. ნ. ჟორდანია, განაგრძობდა არსებობას, თუმცა კი არმია, რომლის წარმომადგენლებიც საბჭოს სხდომებში მონაწილეობდნენ, დიდი ხანია რუსეთში იყო უკვე წასული. საკუთრივ ფაქტიური ძალაუფლება ქვეყანაში ამ საბჭოს ეკუთვნოდა და მხოლოდ იმის წყალობით, რომ ერთი და იგივე პირები გახლდნენ ამ საბჭოშიცა და მთავრობაშიც, მწვავე კონფლიქტი არ ხდებოდა. სამართლიანად უნდა მივაგოთ: გვარდიამ ამ დროს სახელმწიფოს საშინაო ცხოვრებაში საკმარისად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თავისი ამოცანის გარდა, რომ რევოლუციურ მონაპოვართა დაცვის სადარაჯოზე მდგარიყო, მას არაერთხელ შეუნარჩუნებია ქვეყანაში მართლწესრიგი და ჩანასახშივე ახრჩობდა მთავრობის წინააღმდეგ ყოველგვარ გამოსვლებს როგორც მოსახლეობაში, ისე ჩამოყალიბებადი ჯარების ზოგიერთ ნაწილშიც, სადაც რუსული არმიის ნაწილებიდან მოსულ ჯარისკაცთა შემადგენლობა ბოლშევიზმის მიერ გახლდათ მოწამლული. რამდენადაც მახსოვს, მან დააწყნარა ბოლშევიკური გამოსვლები გორსა და თელავში მდგარ პოლკებში; თუ არ ვცდები, ეს იყო 1918 წლის გაზაფხულზე. თავისი ქმედებებით ის, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხელისუფლებას აძლიერებდა, რაც არ შეიძლება მის დამსახურებებს არ მივაკუთვნოთ. იყო თუ არა სურვილი, რომ იგი სახელმწიფო ცხოვრების ნორმალურ პირობებში შეეყვანათ, ან თუ გერმანელების ზეწოლის შედეგად, ან, შეიძლება, რაიმე სხვა მიზეზი იყო, ვერ დავიწყებ მტკიცებას – ფაქტი ის გახლდათ, რომ გადაწყვეტილ იქნა შეექმნათ „სახალხო“ გვარდიის შესახებ დებულება.


თ ა ვ ი IV 


პროექტი კანონისა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შესახებ 

რევოლუციის დღეებში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ჯერ კიდევ ვერჩამოყალიბებულსა და ვერმოძლიერებულ სახელმწიფოს აურაცხელი საფრთხეები და უბედურებანი ემუქრებოდა, წითელმა გვარდიამ თავისუფლებისა და ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგის საქმეს დაუფასებელი სამსახური გაუწია. წითელი გვარდია, რომელიც ყველაზე უფრო მოწინავე მუშებისა და გლეხებისგან იქნა ჩამოყალიბებული, გმირული ვაჟკაცობით იცავდა თავისუფლებასა და რევოლუციას გარეშე და შინაური მტრებისაგან; მან თავის მხრებზე გადაიტანა ანარქიასთან ბრძოლის მთელი სიმძიმე, რომლის მღვრიე ტალღებიც რესპუბლიკას დაღუპვით ემუქრებოდა. წითელი გვარდიის ამ მაღალ დამსახურებათა აღიარებით მთავრობა ამით აცხადებს არსებულ წითელ გვარდიას – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიად. სახალხო გვარდიის შემადგენლობაში შედიან წითელი გვარდიის მთელი ნაწილები მათი შტაბებით, მათი პირადი შემადგენლობის სრული შენარჩუნებით. სახალხო გვარდიის მდგომარეობა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ზოგად სისტემაში და სახალხო გვარდიის არსებობისა და საქმიანობის საფუძვლები შემდეგი ნორმებით განისაზღვრება: 

მუხლი 1

სახალხო გვარდიის ამოცანაა – რესპუბლიკის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა. (შესწორების შემდეგ) სახალხო გვარდიის ამოცანა, ისევე როგორც მთელი შეიარაღებული ძლებისა, არის მართლწესრიგის, დემოკრატიული რესპუბლიკის მოწყობის საფუძვლების, აგრეთვე სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა.

მუხლი 2

სახალხო გვარდიაში მიიღებიან მსურველები იმ მოქალაქეთა რიცხვიდან, რომლებიც არ ექვემდებარებიან სამხედრო გაწვევას, არაფრით არ არიან სახელგატეხილები და არიან დემოკრატიული რესპუბლიკის ერთგულები. (შესწორების შემდეგ) სახალხო გვარდიაში მიიღებიან მსურველები იმ მოქალაქეთა რიცხვიდან, რომლებიც არ შედგებიან (იმყოფებიან) ნამდვილ (სამხედრო) სამსახურში, არაფრით არ არიან სახელგატეხილები და არიან დემოკრატიული რესპუბლიკის ერთგულები. შეიარაღებულ ძალებში სამსახურისგან არავინ არ თავისუფლდება.

მუხლი 3

სახალხო გვარდიაში მიღება ეკისრება მის რაიონულ შტაბს იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც გამოიმუშავებს მთავარი შტაბი. (შესწორების შემდეგ დაემატა) ... სახალხო გვარდიისა და ამტკიცებს მთავრობა.

მუხლი 4

სახალხო გვარდიელი ვალდებულია შესაბამისი შტაბის მიერ გაწვევისთანავე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი ჩვეულებრივი შრომა და გამოცხადდეს მითითებულ პუნქტში მისთვის ხელზე გაცემული მთელი იარაღითა და აღკაზმულობით. 

მუხლი 5

სახალხო გვარდიელები ვალდებული არიან წესრიგში ინახავდნენ მათზე გაცემულ იარაღსა და აღკაზმულობას, და სამსახურის გარეთ არა აქვთ უფლება საჯარო ადგილებში ჩნდებოდნენ არც იარაღით, და არც მათზე გაცემული აღკაზმულობისა და ფორმის ტანსაცმლის საგნებით.

მუხლი 6

სამსახურში (სასწავლო შეკრებების დროს, განწესებში, ყარაულებში ან ლაშქრობისას) სახალხო გვარდიელები ექვემდებარებიან სამხედრო დისციპლინის ყველა მოთხოვნასა და საქართველოს რესპუბლიკის არმიაში მოქმედ ყველა კანონს. მე-4 და მე-5 მუხლების დარღვევისათვის სახალხო გვარდიელები ისევე აგებენ პასუხს, როგორც ჯარისკაცებიც ანალოგიური საქციელებისათვის.

მუხლი 7

სახალხო გვარდიაში სამსახური უფასოა. მაგრამ სახალხო გვარდიელებს, რომლებიც კარგავენ თავიანთ გამომუშავებას სახალხო გვარდიაში სამსახურის დროს, ეძლევათ გარკვეული ანაზღაურება დაკარგული სამუშაო დღეების სანაცვლოდ. სახალხო გვარდიის ინსტრუქტორები და ოფიცრები ღებულობენ ანაზღაურებას, რომლის სიდიდეც განისაზღვრება სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის მიერ, საქართველოს რესპუბლიკის არმიაში არსებული ხელფასების შესაბამისად. (შესწორების შემდეგ) ... მაგრამ სახალხო გვარდიელთა ოჯახებს თავიანთი მოვალეობების შესრულების დროს ეძლევათ მთავრობის მიერ განსაზღვრული ანაზღაურება; ადგილი, სადაც არ უნდა მსახურობდნენ ისინი, მათვე რჩებათ, მაგრამ თავიანთი მოვალეობების შესრულების დროს ანაზღაურებას არ ღებულობენ.

მუხლი 8

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრები ინიშნებიან მთავრობის თავმჯდომარის მიერ შტაბის მიერ წარდგენილი კანდიდატების რიცხვიდან. სახალხო გვარდიის ცალკეული ნაწილების მეთაურები ინიშნებიან მთავარი შტაბის მიერ და მტკიცდებიან იმავე წესით, როგორც საქართველოს რესპუბლიკის არმიის შესაბამისი ნაწილების მეთაურები.

მუხლი 9

სახელმწიფო იძლევა აუცილებელ სახსრებს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის განკარგულებაში, რომლებიც სახელმწიფო სმეტაში სამხედრო სამინისტროს უწყების მიხედვით გადიან.

მუხლი 10

სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს შეუძლია სამხედრო სამინისტროსთან შეთანხმებით სახალხო გვარდიის შემადგენლობიდან აყალიბებდეს ჯართა ყველა გვარეობის ნაწილებს, მიიღებს რა საკუთარ თავზე ზრუნვას ამ ნაწილების სწავლებისა და მომარაგების შესახებ. (აქ ჩემს მიერ იქნა დასმული საკითხი რაოდენობისა და შემადგენლობის თაობაზე, მაგრამ ეს საკითხი ვერ გადაწყდა.) მომარაგების მთელ საშუალებებს სახალხო გვარდიისათვის მთავარი შტაბის მოთხოვნების მიხედვით იძლევა სამხედრო უწყება.

მუხლი 11 სახალხო გვარდიის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას გამოძახებული სხვანაირად, თუ არა მთავარი შტაბის მეშვეობით. სახალხო გვარდიის გამოძახების უფლება ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარეს. მთავრობის თავმჯდომარისთვის ამ უფლებით სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში სახალხო გვარდია შეიძლება იქნას გამოძახებული ეროვნული კრების თავმჯდომარის მიერ. განსაკუთრებული საჭიროების (მნიშვნელოვნების) შემთხვევაში სახალხო გვარდიის გამოძახების უფლება გადადის უშუალოდ გვარდიის მთავარ შტაბზე.

შემდეგ ვარაუდობდნენ ჩემი წინადადებით შეეტანათ ბრძანება გამოძახების შემდეგ მისი დაქვემდებარების შესახებ, მაგრამ სხდომა შეწყვეტილ იქნა.

სხდომაზე იყვნენ: სამხედრო მინისტრი, წითელი გვარდიის შტაბის წევრები, პოლკ. ზაქარიაძე, მე, მგონი, მაზნიაშვილი და კიდევ ვიღაც სამხედროებისგან; ესწრებოდა ასევე ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნ. ნ. ჟორდანია.

მე ვიყავი, საერთოდ, მსგავსი ორგანიზაციის, როგორც შეიარაღებული ძალის, წინააღმდეგი; და ასე გამოვთქვი კიდეც. მაგრამ ვაღიარებდი რა მას აუცილებლად არმიის ჩამოყალიბებამდე, მე შეკუმშული გულით მივიღე მონაწილეობა ამ განხილვაში. გარკვეული შრომით მოხერხდა ერთი პუნქტის გატარება, რომ გვარდიელები არ თავისუფლდებიან სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურისგან, ე. ი. მობილიზაციის შემთხვევაში ჯარებში უნდა განაწილებულიყვნენ. ფაქტიურად ისინი ამ პუნქტს შემდგომში არასოდეს არ ასრულებდნენ. მიხდებოდა თითოეულ პუნქტზე მეკამათა, და მე მომიწია დამეცვა ჩემი შეხედულება, რომ გვარდია, როგორც შეიარაღებული ძალა, ბრძოლის ველზე სრულებით გამოუსადეგარია. მე გამოვთქვამდი გარკვევით და ნათლად, და მომყავდა მაგალითები ამ მიმართებით მისი მოქმედებებიდან. რა თქმა უნდა, ჩემს სიტყვებში არაერთხელ გაისმა ამ სისტემის დაგმობა. უეცრად ნ. ნ. ჟორდანია წამოდგა და მეტად აღელვებულმა, სახეზე გაწითლებულმა თქვა: „მე როგორც ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ვაცხადებ, რომ სამხედრო სამინისტროს სათვეში არ შეიძლება იდგეს პირი, რომელიც გვარდიასთან მიმართებაში ასე მტრულადაა განწყობილი“. მე უკიდურესად გამაკვირვა ნოე ნიკოლოზის ძისათვის უჩვეულო ასეთმა სიფიცხემ. შევეკამათე, რომ მაკვირვებს ნოე ნიკოლოზის ძის სიფიცხე, რომელიც სრულიად არ შეესაბამება არც მის ჭაღარას, არც მის წლებს; რომ მე არასოდეს მითხოვია სამხედრო მინისტრის თანაშემწის თანამდებობა და რომ წავალ ჩემს სახლში მესანგრეთა ქუჩაზე და იქ აივანზე ისევე მშვიდად მოვწევ პაპიროსებს, როგორც მათ თანამდებობაზე დანიშვნამდე ვეწეოდი. ამ დროს მანამდე გარეთ გასული სამხედრო მინისტრიც დაბრუნდა და გამოგვიცხადა, რომ მთავრობამ გვარდიის შესახებ დებულება თავის სხდომაზე მოიწონა და კიდეც მიიღო. საკითხი დასრულებულ იქნა და კამათებიც შეწყდა. არ მესმის, რა საჭირო იყო კომედიის გამართვა და რაღაც სხდომების მოწყობა. სად იყო აქ ძაღლის თავი ჩამარხული, ძნელი გასარკვევია, ისევე როგორც ბევრ შემთხვევაშიც, თუ არ მოვიაზრებთ ერთ-ერთ ძირითად მონაცემთაგანს, რომლებითაც ჩვენი ახალი ბელადები ხელმძღვანელობდნენ. მაგრამ ამაზე შემდეგში ვიტყვი.


თ ა ვ ი V 


ჩემი გადადგომა 

ამ სხდომაზე გადაწყდა ჩემი გადადგომა. ერთი კვირის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ნ. ჟორდანიამ ახალი კაბინეტი შეადგინა. კაბინეტი დარჩა იგივე, სამხედრო მინისტრის თანაშემწის, ე. ი. ჩემი გამოკლებით. ჯერ კიდევ ახალი კაბინეტის შედგენამდე მე ტელეფონით დამირეკა ნ. ბ. რამიშვილმა, რომელიც მთავრობაში საზღვარგარეთ მყოფ მთავრობის თავმჯდომარეს ა. ი. ჩხენკელს ცვლიდა. მან მთხოვა დაუყოვნებლივ და ექსტრენად გამომეძახა თბილისში გენ. ართმელაძე. მე მას ვკითხე გამოძახების მიზეზის შესახებ. მან მიპასუხა: „ის მე მჭირდება“. ეს იყო იმ სხდომის შემდეგ, რომელზედაც ნ. ნ. ჟორდანიამ განაცხადა, რომ მე არ შემიძლია ვიყო სამხედრო სამინისტროს სათავეში. ნათელი იყო, რომ სამხედრო მინისტრის ახალი თანაშემწე ისახებოდა.

როგორც მე შემდეგ გავიგე, გენ. ართმელაძემ კატეგორიული უარი განაცხადა. როცა ახალი კაბინეტი იქნა შემდგარი, მაშინ მე გამომიცხადეს, რომ ახალ კაბინეტში სამხედრო მინისტრის თანაშემწედ მიწვეულია გენ. ოდიშელიძე, მაგრამ მისი საზღვარგარეთ ყოფნის გამო მე უნდა გავაგრძელო ამ თანამდებობის აღსრულება. ისევ კომედია. მე გადავდექი საერთოდ სამხედრო სამსახურიდან. სამხედრო მინისტრმა მითხრა, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული. მე ვიყავი ამ სხდომაზე. თავმჯდომარეობდა ნ. ნ. ჟორდანია. როცა საქმე გადადგომის შესახებ ჩემს პატაკამდე მივიდა, ნოე ნიკოლოზის ძე ადგა და თქვა, რომ მას ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე ეჩქარება, და თავმჯდომარეობა ნ. ბ. რამიშვილს გადასცა. დაიწყო გაჯანჯლება; მთხოვდნენ დავრჩენილიყავი თანამდებობაზე თავიდან გენ. ოდიშელიძის ჩამოსვლამდე, შემდეგ სამხედრო საბჭოს წევრის სახით, რომელიც, სიტყვამ მოიტანა და, არც არსებობდა. მე არაფრით არ შემეძლო მათი დარწმუნება, რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან წასვლა შეიძლება მხოლოდ თადარიგში, და ჩემს თადარიგში განთავისუფლებას კატეგორიულად მოვითხოვდი. მაშინ ნ. ბ. რამიშვილმა თავს უფლება მისცა ეთქვა: „გენერალო, ჩვენ ამ დღეებში შრომით ვალდებულებას შემოვიღებთ და ამ ვალდებულებით გაიძულებთ თქვენ იმსახუროთ“. როგორ მოგწონთ საკითხის ასეთი დასმა? ასეთი რამ თვით ბოლშევიკებსაც კი არ მოუფიქრებიათ. უმაღლეს სამხედრო პირებს ისინი თავისთან იწვევდნენ და მათ ცხოვრებას ძველი რეჟიმის წეს-ჩვეულებათა მიხედვით აწყობდნენ, ისინი მათ თავისკენ იბირებდნენ და მათთან მიმართებაში შრომით ვალდებულებას არასოდეს იყენებდნენ, ესმოდათ რა ჩინებულად, რომ ამ თანამდებობებზე შეიძლება იმუშაო მხოლოდ გულით, და არა იძულებით. ნ. ბ. რამიშვილის ხერხით კი ძნელი არ იყო იქამდე მისულიყვნენ, რომ ის პირები, რომლებსაც ისეთი თანამდებობები ეკავათ, როგორიცაა მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე, უბრალო კახპებად გადაექციათ. „აი ეს გარემოება მახალისებს კიდეც, რომ აუცილებლად გადავდგე, ვინაიდან ასეთი წესრიგის პირობებში სამსახური უკვე საერთოდ არ შეიძლება“, – ვუპასუხე და წავედი სხდომიდან. მაგრამ ნ. ბ. რამიშვილს აქვს თავისი თვალსაწიერი, იგი თავისებურად წყვეტს ყველა საკითხს; რა თქმა უნდა, მხოლოდ არა იმათ, რომლებიც მათ პარტიასა და პარტიულ ურთიერთობებს შეეხება; მისი ხერხია – დაშინება, ხოლო დაპატიმრება კი ყველანაირი ძნელი საკითხების გადაწყვეტის მუდმივი ხერხია. სრულებით შჩედრინისეული გუბერნატორი გახლავთ. ჩემი კატეგორიული სურვილის მიუხედავად, რომ თადარიგში წავსულიყავი, მთავრობამ ნ. ბ. რამიშვილის თავმჯდომარეობით დაადგინა დავენიშნე არარსებული სამხედრო საბჭოს წევრად. მეორე დღეს მე განვუცხადე სამხედრო მინისტრს, რომ თუ მას საკუთარი თავი არ მიაჩნდა უფლებამოსილად რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან მე თადარიგში გამანთავისუფლოს, მაშინ სამხედრო საბჭოს წევრის თანამდებობიდან, მით უმეტეს არ არსებულისა, მას შეუძლია უკვე ჩემი თადარიგში განთავისუფლება. იგი დამპირდა ბრძანების გაცემას და რამდენიმე დღის შემდეგ, ისე რომ ამ ფორმალობაზე მეტად აღარ მიზრუნია, მე კახეთში გავემგზავრე სოფელში ჩემს ცოლისძმასთან, ვისთანაც აგვისტოს პირველ რიცხვებამდე ვიცხოვრე. ასეთნაირად შედგა ჩემი პირველი გადადგომა.

ამ დროის მანძილე მე დამავიწყდა ერთი გარემოების შესახებ მომეხსენებია. როგორც უკვე არაერთხელ მოვიხსენიე, ქართული ჯარები არ იყო, ფრონტებზე ისინი ჯერ კიდევ რაღაცნაირ ძალას წარმოადგენდნენ, მაგრამ მშვიდობიან სადგომებში კი ეს გახლდათ ბრბო, და ამასთან უდისციპლინოც. ამის გათვალისწინებით გვიხდებოდა მთელი ქონება, რომელსაც კავკასიის ფრონტი ტოვებდა ან ადგილზე ყრიდა, შესანახად გვარდიისთვის მიგვეცა, რომელიც, როგორც უკვე ვამბობდი, ქვეყანაში მართლწესრიგის სადარაჯოზე იდგა. მაგრამ ეს შენახვა გვარდიას საკმაოდ თავისებურად ესმოდა. ყველაფერი, რაც იქ ხვდებოდა, განიხილებოდა ისე, როგორც თავიანთი, და შემდგომში უკვე იქიდან გამოგლეჯვა არანაირი ძალით აღარ შეიძლებოდა. აი ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი. ორი წლის შემდეგ, როცა მე სამხედრო სკოლის უფროსი ვიყავი, ერთ-ერთი კომისიის შემადგენლობაში ყოფნისას, გვარდიელებთან საწყობში ვნახე კოლტის ნიმუშის ტყვიამფრქვევები და საარტილერიო სამზერი მილები. მე ვთხოვე იქვე მყოფ ვ. ჯუღელს მათი თითო ეგზემპლარი იუნკრებისა და ჯარისკაცების სწავლებისთვის სკოლაში მოეცა, რადგანაც ასეთი ნიმუშები სკოლაში არ გვქონდა. მე უარი მეთქვა. ასე უყურებდნენ გვარდიელები ამ ქონებას. მათ ეძლეოდათ შესანახად იმ მიზნით, რათა შემდეგ საერთო საქმისთვის გამოგვეყენებია, მაგრამ ისინი ამ მიღებულ ქონებას განიხილავდნენ როგორც თავიანთ საკუთარს და თავიანთ თავს მთელი დატოვებული ქონების მემკვიდრედ მიიჩნევდნენ.

სამხედრო მინისტრის თანაშემწის პოსტზე ჩემი ყოფნის განმავლობაში მთავრობის მიერ შეიქმნა მომარაგების კომიტეტი და ეს უკანასკნელი თავისთან ჰკრებდა ყველაფერს, რაც შეიძლებოდა. მაგრამ ეს კომიტეტი, როგორც სახელმწიფო დაწესებულება, მაინც უფრო კანონზომიერი გახლდათ და მისგან, თუმცა კი დიდი შრომით, მაინც შემდგომში შესაძლებელი იყო, თუნდაც ფულის გადახდით, რაღაცის მიღება.

ამრიგად მე თადარიგში ვარ, სოფელში, სადაც სამი თვე დავყავი და ქართულად კითხვა და წერა ვისწავლე, მაგრამ ენას კი, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ დავეუფლე. ოქტომბერში მე თბილისში ჩამოვედი და ქართულ ენაში ჩემს მეცადინეობებს ვაგრძელებდი. ასევე მაშინ ქართული სამხედრო გაზეთის რედაქტორის თხოვნით რამდენიმე წერილიც დავწერე, რომელთა კორექტირება და გასწორება თედო სახოკიამ, ქართულ ენაში ჩემმა მასწავლებელმა იკისრა. შემდეგ იმავე გაზეთის მოღვაწეთა ინიციატივით მოწყობილ იქნა სამხედრო ცოდნის მოშურნეთა პატარა ქართული სამხედრო საზოგადოება. მათთან რედაქციაში შევიკრიბეთ სამხედროები, განვიხილეთ ეს საკითხი; შემდეგ შევადგინეთ ამ საზოგადოების წესდება, მე ამირჩიეს თავმჯდომარედ და გვინდოდა საქმიანობაზეც გადავსულიყავით, მაგრამ თავზე სომხურ-ქართული ომი დაგვატყდა.

ჩემს დროში ქართული ჯარების ორგანიზაცია წარმოებდა ქვეით დივიზიებად, თითოეული ოთხპოლკიანი შემადგენლობისა; შესაბამისი არტილერიით; ცხენოსან ჯარს შეადგენდა ორი ცხენოსანი პოლკი ცხენოსანი ბატარეით; ამასთან ერთად ხდებოდა მესანგრეთა, ავიო, რადიო და სხვა ტექნიკური ნაწილების ორგანიზაცია. ჩემი წამოსვლის შემდეგ ჯარების ჩამოყალიბება ამავე სქემით გრძელდებოდა. ჩემ დროს შტაბის უფროსის თანამდებობაზე მე მოვიწვიე გენ. ანდრონიკაშვილი. ჩემი წამოსვლის შემდეგ ჩემი თანამდებობა დროებით დაიკავა გენ. ანდრონიკაშვილმა, ხოლო მერე კი სოფელში შევიტყვე, რომ სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დანინულია არა გენ. ოდიშელიძე, როგორც მეუბნებოდნენ, არამედ გენ. ალექსანდრე გედევანიშვილი. მე ძალზედ გახარებული ვიყავი, ვიცნობდი რა მას, როგორც მწყობრის ერთ-ერთ საუკეთესო უფროსს, ამასთან, თუმცა კი იგი გენერალური შტაბის ოფიცერი არ გახლდათ, მაგრამ მე-2 თანრიგის მიხედვით ჰქონდა დამთავრებული. მე უწინ არასოდეს მიმსახურია მასთან ერთად, მაგრამ მის შესახებ გამოხმაურებანი ყველაზე საუკეთესო იყო. მე არ მოვყვები მის და მისი საქმიანობის გარჩევას, მაგრამ ვიტყვი, რომ შემდგომში ბევრ რამეში იმედგაცრუება მომიხდა. როგორც ჩემს ჩანაწერებში ადრე უკვე მოვიხსენიე, იგი დანიშნულ იქნა ბათუმის ციხესიმაგრის კომენდანტად. იქვე იქნა დანიშნული გენ. მდივანიც. ბათუმის დაცემის დროს გენ. ა. გედევანიშვილი ტყვედ ჩაუვარდა თურქებს, როგორც გენ. ართმელაძეც თავისი შტაბის უფროსით პოლკ. ნ. გედევანიშვილითა და ბევრი სხვა პირით. გენ. მდივანმა ი. ბ. რამიშვილთან ერთად მოახერხა გამანადგურებელზე ხელიდან დასხლტომოდა თურქებს. გადმოგვცემდნენ, რომ როცა სანაპიროს გამოსცილდნენ, ი. ბ. რამიშვილს უთქვამს: „მოხერხებულად გამოვხტითო“. დამახასიათებელი ფრაზაა. დაბრუნდა რა თბილისში, გენ. გედევანიშვილი სამხედრო სამინისტროში გამოცხადდა და მე მაშინ მინისტრის თანაშემწე გახლდით. ამ დროს სამხედრო მინისტრმა მითხრა, რომ საჭიროა დაინიშნოს გამოძიება ბათუმის ციხესიმაგრის ჩაბარების თაობაზე. მე შევნიშნე, რომ პრაქტიკულავ ძნელად თუ ექნება ამას რაიმენირი რეალური შედეგი, მაგრამ არ დამიჟინია, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მით უმეტეს, რომ ვესაუბრე ამის შესახებ გენ. გედევანიშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ეს მას ძალიან გაახარებს. მე უკვე შევადგინე გამოძიების შესახებ ბრძანების პროექტი, როცა განთავისუფლებულ ვიქენი ჩემი თანამდებობიდან. რატომ არ იქნა ჩემი წამოსვლის შემდეგ დანიშნული გამოძიება, არ ვიცი, და ეს განსაკუთრებით გასაოცარია, რადგანაც სამხედრო მინისტრი, როცა მე მისი თანაშემწე გახლდით, ძალიან დიდი დაჟინებით მოითხოვდა და ყოველთვის მაჩქარებდა რომ ბრძანება შემედგინა. ამრიგად, იმის ნაცვლად, რომ საბრალდებო სკამზე დამჯდარიყო, გენ. გედევანიშვილი სამხედრო მინისტრის თანაშემწის სავარძელში ჩაჯდა, ხოლო ორი თვის შემდეგ კი სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწის ასეთივე სავარძელში ჩაჯდა გენ. მდივანიც. ასეთნაირად მთავრობამ სწრაფად შეიცვალა თავისი შეხედულება. თავიდან იგი, საკუთრივ რომ ვთქვათ, მათ გასამართლებას აპირებდა, ხოლო შემდეგ კი გადაწყვიტა ისინი სამხედრო იერარქიის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო ადგილებზე დაესვა. და ეს ისე იქნა გაკეთებული, რომ მათი სიმართლე სასამართლოთი არ ყოფილა გამორკვეული, გამოძიებაც კი არ ჩაუტარებიათ, რათა თუნდაც ამ უკანასკნელის მიხედვით თავიანთთვის ესა თუ ის აზრი შეექმნათ. შეხედულების ასეთი ცვლილება – ესეც ასევე მათი საიდუმლოა. ასე თუ ისე, სომხებთან ომის წინ სამხედრო უწყების სათავეში იდგნენ: გენ. ა. გედევანიშვილი სამწყობრო ნაწილში, ხოლო გენ. მდივანი – სამეურნეოში.

* * *
როცა მე სოფლიდან დავბრუნდი, გენ. გედევანიშვილთან გამოვცხადდი. სამხედრო უწყებაში გამოცემული ბრძანებით მე განთავისუფლებულ ვიქენი თადარიგში მუნდირითა და პენსიით, და ვთხოვე ეს გაეფორმებინათ და მიეთითებინათ, თუ როგორ, როდის და რა თანხას მივიღებდი. მე მივმართე მას, და არა პირდაპირ სამხედრო მინისტრს ჩვენი სამხედრო სუბორდინაციის ჩვეულებით და ვფიქრობდი, რომ მისი მხრიდან თანადგომას მივიღებდი. თუ როგორი აღმოჩნდა ეს თანადგომა, ახლა აღვწერ. 

თავიდან მან მითხრა, რომ მოახსენებს სამხედრო მინისტრს და დააჩქარებს ამ საქმეს. შემდეგ გარკვეული დროის მერე მითხრა, რომ საპენსიო წესდების არარსებობის გამო საჭირო იქნება ამ საკითხის მთავრობისთვის მოხსენება. შემდეგ კიდევ რაღაც დროის მერე მან მითხრა, რომ საჭიროა გაირკვეს, თუ რომელი თანამდებობის მიხედვით უნდა დაიანგარიშონ ჩემი პენსია, ამასთან დაუმატა, რომ რუსეთის კანონების მიხედვით მე ორ წელიწადს უნდა ვყოფილიყავი თანამდებობაზე, რათა მიმეღო პენსია ამ თანამდებობის მიხედვით. მე მას შევეპასუხე, რომ არ შეიძლება რუსეთის კანონების ჩვენს მიმართ გამოყენება, რადგანაც ისინი სრულებით არ ითვალისწინებდნენ საქართველოს რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალსა და სამხედრო მინისტრის თანაშემწეს; რომ, ბოლოს, თუ მათ გამოვიყენებთ, მაშინ მე უნდა მივიღო პენსია წინა თანამდებობის მიხედვით და ამიტომ, თუ ჩემი ბოლო თანამდებობაა სამხედრო საბჭოს წევრობა, მაშინ პენსია უნდა მივიღო მთავარსარდლის თანამდებობის მიხედვით, როგორც ბოლოს წინა თანამდებობისა; ხოლო თუ ჩემს უკანასკნელ თანამდებობად განხილულ იქნება საქართველოს ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა, მაშინ ამ უკანასკნელ შემთხვევაში, თუ იმავე კანონს მივყვებით, პენსია მე უნდა განმისაზღვრონ იმის წინა თანამდებობის მიხედვით, ე. ი. ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლისა. ყოველ შემთხვევაში, ასე თუ ისე, საკითხი სწრაფად უნდა იქნას გადაწყვეტილი, რადგანაც ივლისის თვიდან (ახლა კი უკვე ნოემბერი იყო) მე არანაირი ანაზღაურება არ მიმიღია. იგი ისევ დამპირდა რომ ყველაფერს დააჩქრებდა. მე ისევ ველოდი, ველოდი და სულ ვღებულობდი პასუხებს, რომ ხან ერთი რამის შეგენაა საჭირო, ხან მეორესი და ა. შ. მაშინ მე მივედი სამხედრო მინისტრთან, და უეცრად მან მითხრა, რომ ყველაფერ ამას იგი თავად მოაგვარებს, რომ იგი მთავრობის გარეშე გასცემს ბრძანებას. მე შევიარე გედევანიშვილთან და ვუთხარი მას ამის შესახებ. მასთან ჩემი ყოფნის დროს შემოვიდა სამხედრო მინისტრი და წამოიჭრა საუბარი ჩემს საკითხზე. ჩემდა გასაოცრად, გენ. გედევანიშვილი კატეგორიული დაჟინებით აცხადებდა, რომ მთავრობის დადგენილების გარეშე ამის გაკეთება არ შეიძლება; სამხედრო მინისტრმა კატეგორიულად უპასუხა, რომ იგი გასცემს ბრძანებას. რჩებოდა მხოლოდ ბრძანების პროექტის ხელმოსაწერად მიცემა, რაც 5 წუთზე მეტს არ დაიკავებდა. გენ. გედევანიშვილი ყველაფრის გაკეთებას დამპირდა და ბრძანების ასლიც გამომიგზავნა. მე წამოვედი მისგან დარწმუნებული, რომ 2–3 დღის შემდეგ ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა. მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა; გავიდა ორი კვირა, მე კი არც პასუხი, და არც სალამი არ მიმიღია. ორი კვირის შემდეგ მე ტელეფონით დავურეკე გედევანიშვილს და ვკითხე მას, გაცემულია თუ არა ასეთი ბრძანება და იგი მე რატომ არაფერს მატყობინებს. მან მიპასუხა, რომ ახლა სამხედრო მინისტრის თანაშემწედ სამეურნეო ნაწილში დანიშნულია გენ. მდივანი და რომ მთელი საქმე მასთანაა გადაცემული, და მთხოვა რომ ამ საკითხებზე უკვე გენ. მდივნისათვის მიმემართა. ასე რომ მე მივიღე მისი სრული თანადგომა. დავურეკე გენ. მდივანს. დაიწყო ისევ ძველი ისტორია თანამდებობებით, მოხსენებებით, ცნობებითა და სხვა: მთავრდებოდა სტერეოტიპული ფრაზით, რომ მალე ყველაფერს მოაგვარებდა. ამასობაში მოვლენები არ იცდიდა და თავზე ქართულ-სომხური ომი დაგვადგა. მე არ ჩავუღრმავდები მის მიზეზებსა და საბაბებს; არ ჩავუღრმავდები მისთვის მომზადებას, როგორც საგარეო-პოლიტიკურს, ისე სამხედრო მიმართებითაც.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა