Saturday, February 16, 2019

გენერალი გიორგი კვინიტაძე 1918 წლის ბოლოს სომხურ-ქართული ომის, საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრობლემებისა და 1919 წლის იანვარში თავისი გადადგომის შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მეორე ნაწილს/ გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის წიგნიდან „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“ /რუსულ ენაზე – «Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921»/, YMCA-PRESS, პარიზი, 1985. გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1921 წ. თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის მეორე /დასკვნით/ ეტაპზე, და მანამდეც რიგ ომებში საქართველოს მტრების წინააღმდეგ. წიგნს წამძღვარებული აქვს თავად თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის შესავალი წერილი ავტორის შესახებ. ეს წიგნი რუსულ ენაზე სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /ქ. თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ელექტრონულ ფონდებში) 




წიგნის მეორე ნაწილის შინაარსი 

თავი VI. სომხურ-ქართული ომი. – მთავარი სარდლობა. – შულავერის მოვლენები. – სომხეთთან ომის დასასრული
თავი VII. ოფიცერთა კორპუსისადმი დამოკიდებულება და შეიარაღებული ძალის მოწყობის შედეგები
თავი VIII. ისევ თადარიგში ყოფნა


თ ა ვ ი VI 

სომხურ-ქართული ომი. – მთავარი სარდლობა. – შულავერის მოვლენები. – სომხეთთან ომის დასასრული 


სომხურ-ქართული ომი 

ანტანტის სამხედრო წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ისევე როგორც გერმანელებიც, ალმაცერად უყურებდნენ დამფუძნებელი კრების თავზე მოფრიალე წითელ დროშას და ასევე საქართველოს მარქსისტულ მთავრობასაც. მათი სიმპათიები იყო სომეხთა მხარეზე. გარდა ამისა, სომხურ ჯარებში ბევრი რუსი ოფიცერი იყო. ჩვენი ოფიცრობა სომხურ ჯარებს „დენიკინის მე-7 კორპუსს“ უწოდებდა. რა თქმა უნდა, სომხებს ჰქონდათ სხვა უფრო ღრმა მიზეზები, რომ საქართველოსათვის შემოეტიათ, მით უმეტეს, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიდიოდა მოლაპარაკებები. ვიმყოფებოდი რა თადარიგში, მე ამ მოლაპარაკებათა საქმის კურსში არ ვყოფილვარ. 

სომხებს, როცა საქართველოს უტევდნენ, არ შეიძლებოდა ჰქონოდათ იმედი, რომ საქართველოს დაეუფლებოდნენ; უეჭველია, მათ ეს იცოდნენ და დენიკინისა და, შესაძლოა, ანტანტის წარმომადენელთა (სულ ორი კაპიტნის, ერთი ინგლისელისა და ერთი ფრანგის) წაქეზებითაც კი, საქართველოსთან ომს ვერ გარისკავდნენ.

1919 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა წიგნი რუსულ ენაზე „ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან“ («Из истории Грузино-Армянских отношений»). ეს წიგნი მე ხელში ჩამივარდა უკვე ემიგრაციაში, და, როცა ჩემს მოგონებებს გამოცემისთვის ვამზადებდი, 1955 წელს აუცილებლად ვცანი ამ წიგნის საფუძველზე რამდენიმე სიტყვა დამემატებინა. სომხებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სოსიკო მდივანი, უიღბლო (წარუმატებელი) დიპლომატი სომხეთში 1918 და შემდეგ თურქეთში 1921 წელს, რომელმაც ბათუმი თურქებს გადასცა. ამ წიგნში დაწერილიდან ნათელი ხდება, რომ ჩვენი ლიდერები 1917 წლიდან დაპირდნენ სომხებს იმ ქართულ ოლქებს, სადაც უმრავლესობა სომხები იყვნენ, და ეს, სავარაუდოდ, ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპის ცუდად გაგებისა და არასწორად გამოყენების შედეგად იყო. საქმე იმაშია, რომ საუკუნეთა მანძილზე საქართველო თავშესაფარს აძლევდა თურქეთიდან გამოქცეულ სომხებს, როგორც ახლა ყველა ქვეყანა აძლევს თავშესაფარს რუსეთიდან გაქცეულებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო დავთანხმებულიყავით სომხების საქართველოდან თავიანთ ახლადწარმოქმნილ სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ სულაც არ გადაგვეცა ტერიტორია, რომელიც ყოველთვის შეადგენდა ქართული სახელმწიფოს ნაწილს.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ომისთვის მომზადებას, ასეთი რამ სრულებით არ ყოფილა, არც საგარეოპოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით. სომხებმა ეს იცოდნენ და, იყვნენ რა უკვე მომზადებული ომისათვის, იმედოვნებდნენ მაშინვე დაეპყროთ ის ოლქები, რომლებზედაც პრეტენზიებს აცხადებდნენ, და სწორად ვარაუდობდნენ, რომ ანტანტის წარმომადგენლები (შემდეგ) ომს გააჩერებდნენ, ან კიდევ, შესაძლოა, მათგან ამაზე თანხმობაც კი ჰქონდათ.

ქართველების სისხლი იღვრებოდა 8 დეკემბრიდან, ხოლო მობილიზაცია კი მხოლოდ 18 დეკემბერს იქნა გამოცხადებული, და ეს მაშინ, როცა ბრძოლები დედაქალაქიდან 60–80 ვერსზე მიდიოდა. ვიტყვი მეტსაც, 12 დეკემბერს განსაკუთრებული ზეიმურობით დღესასწაულობდნენ სახალხო გვარდიის მიერ არსენალის აღების დღეს, რომლის უფრო მეტი ზეიმურობით აღნიშვნისათვის, როგორც შემდეგ შევიტყე, ეკატერინენფელდიდან, საომარ მოქმედებათა თეატრიდან, გვარდიის ცხენოსანი ჯარი იქნა თბილისში გამოძახებული.

18 დეკემბერს, მობილიზაციის გამოცხადების დღეს, მე მივედი გენერალური შტაბის უფროსთან გენ. ანდრონიკაშვილთან და განვუცხადე მას, როგორც გენერალური შტაბის ოფიცრების ზემდგომ უფროსს (как старшему начальнику офицеров генерального штаба), რომ საკუთარ თავს ვაძლევ მის სრულ განკარგულებაში და მას შეუძლია გამომიყენოს გენერალური შტაბის ან სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაზვერვო ესკადრონის უფროსის ჩათვლით. აქვე მას ვკითხე ვითარების შესახებ; მან მითხრა, რომ გამოცხადებულია მობილიზაცია, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იქნება ჯარები, რომლებიც გაიგზავნებიან კიდეც ფრონტზე, ხოლო ამ ნაწილებს კი, რომლებიც ხელთ გააჩნიათა, გზავნიან გენ. გიორგი წულუკიძის დასახმარებლად (რამდენადაც ვიცი მაშინ იყო გენერალი ვარდენ წულუკიძე; შესაძლოა გენ. გიორგი კვინიტაძეს მექანიკურად შეეშალა სახელი ჩანაწერების კეთებისას – ი. ხ.). „მაინც საით“, – ვკითხე მას. „სანაიანში“, – მიპასუხა, – „იქ დღეს უკვე პოლკ. ვაჩნაძის ეშელონი გაემართა“. „სანაიანში, – ვუთხარი მე, – იქ არც ერთი ადამიანის გაგზავნა არ შეიძლება, პირიქით, იქიდან ყველაფერი რაც შეიძლება საჩქაროდ უკან, სადახლოში უნდა გამოვიყვანოთ; თუ შეიძლება, სასწრაფოდ გააჩერეთ ვაჩნაძის ეშელონი“. მან მიპასუხა, რომ პირადად მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგანაც მთავარსარდლად გენ. გედევანიშვილია დანიშნული, ხოლო მისი საველე შტაბის უფროსად კი გენ. იმნაძე, მაგრამ იგი ეტყვის მათ ჩემი აზრის თაობაზე. მე წამოვედი მისგან, დავუდასტურე რა, რომ მისგან დანიშვნას დაველოდები.

მეორე დღეს შევიტყე, რომ ყალიბდება ოფიცრების პოლკი. ვაჩნაძის ეშელონი არ ყოფილა გაჩერებული და აირუმთან, დაკარგა რა შემადგენლობის მესამედი და გაისროლა რა მთელი ვაზნები, ხვრელის ხეობაში ყოველი მხრიდან გარშემორტყმული, ნარჩენებით ტყვედ ჩავარდა. ესეც ცოტაა, აღმოჩნდა, რომ ამ სანაიანის ხვრელში ჯავშნოსანი მატარებლები და ჰაუბიცების ბატარეა იქნენ გაგზავნილი, რომლებიც ამ ადგილმდებარეობაზე, რა თქმა უდა, გამოსაყენებელი ვერ იქნებოდნენ. ყველაფერი ეს მე უკიდურესობამდე მტანჯავდა და მაკვირვებდა, როგორც მაკვირვებდა რაღაც ახალი საველე შტაბის შედგენა, რომელიც, რა თქმა უნდა, გენერალური შტაბის არსებობისა და ჩვენი ტერიტორიის უმნიშვნელობის გამო სრულებით ზედმეტ დაწესებულებას წარმოადგენდა. საშინელი იყო ჩემი სულის მდგომარეობა; მე პირდაპირ ადგილს ვერ ვპოულობდი. გული მწყდებოდა სამშობლოს გამო, რომელიც ასე სულელურად ჩავარდა უმწეო მდგომარეობაში (так глупо попавшую впросак), მე გული მწყდებოდა არმიის გამო, რომელიც უკვე 10 დღის განმავლობაში მხოლოდ წარუმატებლობებს (უიღბლობებს) განიცდიდა, მე გული მწყდებოდა მებრძოლების გამო, რომლებიც იღუპებოდნენ, რომლებიც ბრძოლის შეუძლებელ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი, და ეს 12 დეკემბრის გვარდიული დღესასწაულის, არსენალის აღების წლისთავის თბილისური საზეიმო ხმების ქვეშ; მე გული მტკიოდა ჩემი საბრძოლო ამხანაგების, უკანასკნელი ომის გმირების და აქ კი სირცხვილისათვის განწირულთა გამო, ვინაიდან, დაიმსახურეს რა უმაღლესი საბრძოლო ჯილდოები სერიოზულ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლებში, აქ ისინი ეჭვგარეშე გაცილებით უფრო სუსტი მტრის მიერ იყვნენ დამარცხებული; მე გული მტკიოდა ყველაფრის გამო, რაც კეთდებოდა, და იმავე დროს ვაცნობიერებდი, რომ სრულებით არ ძალმიძს რაიმეთი დავეხმარო, მე განწირული ვყავი უმოქმედობისთვის და უნდა მეცადა. მესამე დღეს გადავწყვიტე წავსულიყავი და ოფიცერთა პოლკში რიგით მებრძოლად ჩავეწერეთ. უმოქმედობა და ყოველივე მიმდინარის მდუმარედ ჭვრეტა აუტანელი გახლდათ. სწორედ მაშინ, როცა პალტოს ვიცმევდი, რათა ოფიცერთა პოლკში ჩასაწერად წავსულიყავი, ჩემთან მოვიდა ოფიცერი შტაბიდან გენ. ანდრონიკაშვილის წერილით, რომელიც მთავაზობდა ასარჩევად ორ თანამდებობას: შტაბის უფროსისა გენ. მაღალაშვილთან, რომელიც მოხალისეთა კორპუსს აყალიბებდა, ან დივიზიის შტაბის უფროსისა გენ. მაზნიაშვილთან. მე წავედი შტაბში. იქ გენ. ანდრონიკაშვილის კაბინეტში შევხვდი გენ. გედევანიშვილს, რომელმაც დამიწყო რჩევის მოცემა, რომ მიმეღო მოხალისეთა კორპუსის უფროსის თანამდებობა, რომელიც, მისი სიტყვით, ყველაზე მეტი, ორი კვირის შემდეგ ჩამოყალიბებული იქნებოდა. მე სევდა მიპყრობდა, მაგრამ არ შემეძლო არ გამეღიმა. ახლა როცა ყველასთვის ნათელია, რომ იმ კორპუსის ასე სწრაფად ჩამოყალიბება შეუძლებელი იყო, და რომ, ყოველ შემთხვევაში, მის ჩამოყალიბებამდე ომი, თუ ვერ იქნებოდა დამთავრებული, ყოველ შემთხვევაში გადამწყვეტი ბრძოლები ამ კორპუსის მონაწილეობის გარეშე გაჩაღდებოდა. მე თავშეკავებით ვუპასუხე, რომ მივიღებ იმ შტაბს, რომელიც უკვე ხვალვე იმოქმედებს ბროლის ველზე, და რომ ჩემთვის სულ ერთია კორპუსის შტაბის უფროსი ვიქნები თუ დივიზიისა; ამიტომ, თუ გენ. მაზნიაშვილს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, მაშინ მე მასთან წავალ შტაბის უფროსად. მაზნიაშვილი აქვე გახლდათ და თავისი თანხმობაც გამოხატა. მე პირველ წუთს მომეჩვენა, რომ იგი თითქოსდა ამით განსაკუთრებით კმაყოფილი არ დარჩენილა; შესაძლოა, რომ ასე არ ყოფილა და მე ეს ამ შემთხვევაში ჩემმა ზომაზე მეტმა ეჭვიანობამ მიკარნახა. შემდეგ წუთს მე ეს ავხსენი მისი შემცბარობით იმის გამო, რომ თავისი შტაბის უფროსად თავისი ძველი უფროსი უნდა მიეღო. თავად მაზნიაშვილმა ეს უკეთ იცის; ყოველ შემთხვევაში ჩვენ საერთო საქმე კეთილი თანხმობით დავიწყეთ და ასევე დავამთავრეთ. ამ დროს კაბინეტში სამხედრო მინისტრი შემოვიდა და როცა შეიტყო, რომ მე გენ. მაზნიაშვილთან შტაბის უფროსად მივდივარ, თავისი კმაყოფილება გამომიხატა. აქვე წამოიჭრა საკითხი ოფიცერთა პოლკის შესახებ; როგორც მახსოვს, მე გახლდით ამის მიზეზი; მე გამოვუტყდი, რომ დღეს უკვე ამ პოლკში ჩასაწერად მივდიოდი. გამოირკვა, რომ ამ პოლკის მეთაურად ინიშნება პოლკ. ნარეკელაძე, რომლმაც უკვე დაიწყო მისი ჩამოყალიბება. მე არ შემეძლო არ ჩავრეულიყავი და გამოვთქვი, რომ ისეთი ნაწილის სათავეში, როგორიც ოფიცერთა პოლკია, ავტორიტეტისა და საპატიო სახელის მქონე პირი უნდა იქნას დანიშნული და რომ ყველაზე უფრო შესაფერის ასეთ პირს წარმოადგენს პოლკ. ბაქრაძე, ჩინებული სამწყობრო ოფიცერი, რომელსაც წმ. გიორგის ორი საოფიცრო ჯვარი აქვს მიღებული. გენ. გედევანიშვილმა პოლკ. ნარეკელაძის კანდიდატურის დაცვა დაიწყო. სამხედრო მინისტრმა ბრძანა ახლავე პოლკ. ბაქრაძე დაენიშნათ. მე წამოვედი შტაბიდან და იმავე დღეს შევუდექი ჩემი თანამდებობის შესრულებას.

მაზნიაშვილი თავის კაბინეტში თავისი სავარძლიდან წამოდგა, იქ მე დამსვა და მითხრა: „აჰა შენ რუკა, ქაღალდი, მელანი, ფანქრები, კალმები. შეუდექი საქმეს“. მე დავიწყე ჩემი მუშაობა. ამასობაში საქმეები კარგად ვერ მიდიოდა. გენ. გიორგი წულუკიძემ სადახლოდან უკან დაიხია. მე ყოველ დღე დილას და საღამოს შტაბში ვიყავი და ჩვენი ჯარების მდგომარეობის შესახებ ვგებულობდი. გენ. იმნაძემ, საველე შტაბის უფროსმა, როცა ვითარებას გვიხატავდა და რუკაზე გენ. წულუკიძის ჯარების განლაგებას გვიჩვენებდა, გვითხრა, რომ, როგორც ჩანს, ტელეგრამა არეულია (перепутана), ვინაიდან ჩვენი ჯარების ასეთი განლაგება არ შეიძლება იყოს. მართლაც, ჩვენი ჯარები სადახლოს გარშემო მთისწინებში იდგნენ და, საკუთრივ რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგის მიერ იყვნენ გარშემორტყმულნი; გარემომცველი მთების ყველა მაღალი წერტილი მოწინააღმდეგის ხელში გახლდათ. სამწუხაროდ, ეს სიმართლე აღმოჩნდა, და მომდევნო დღეს გენ. წულუკიძემ ბრძოლის შემდეგ ძლივს-ძლივობით აშაგი-სერალის მიმართულებით დაიხია. იმაზე, თუ რამდენად ძნელი იყო ეს უკანდახევა, შეიძლება მოწმობდეს ის ფაქტი, რომ ნაწილები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაწილის გაყოლებით, და არა მარცხენასი, სადაც აშაგი-სერალზე გზა მიემართებოდა. ცაგურიას ბატარეას, რომელიც ამ გზაზე მოდიოდა, ხმლებით მოუხდა თავისთვის გზის გაეკაფა. პოლკ. წულუკიძე გამოწვეულ იქნა და მის ნაცვლად გაიგზავნა გენ. სუმბათაშვილი რამდენიმე ასეული ადამიანის გაძლიერებით. 23 დეკემბერს გენ. მაზნიაშვილი და მე სადგურ აშაგი-სერალისკენ გავემგზავრეთ. ამ დროს მობილიზაცია ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. 18 დეკემბერს მხოლოდ ოთხი ასაკის მობილიზაცია იქნა გამოცხადებული, და ამაზე ზევით იყო მოხალისეთა მასაც.

უნდა ითქვას, რომ ბათუმის ეპოპეის დროს ბათუმის თავდაცვაზე უმთავრესად დასავლეთ საქართველო გამოგვეხმაურა; სომხებთან ომზე კი გამოგვეხმაურა უკვე მთელი საქართველო; ომი მეტად პოპულარული აღმოჩნდა, ხოლო თბილისთან მტრის სიახლოვე და ჩვენი უიღბლობანი ხალხის მასებს მხოლოდ უფრო მეტად აღაგზნებდა და აღაფრთოვანებდა. მტერი თბილისიდან სულ რაღაც 2–3 ვერსზე იყო და უწინარეს ყოვლისა დროის მოგება იყო საჭირო.

გენ. მაზნიაშვილი და მე სადგურ აშაგი-სერალს მივუახლოვდით; ჩვენ დაგვხვდა გენ. სუმბათაშვილი. როცა დამინახა, მან მითხრა: „თქვენც ჩამოხვედით აქ საკუთარი სახელის გასასვრელად“. „ის ისეა გასვრილი“, – ვუპასუხე, – „რომ მისი გასვრის გამო შიში უკვე აღარა ღირს“.

ვითარება გახლდათ შემდეგი. პოლკ. წულუკიძის ჯარების ნარჩენებმა, სულ 200-ზე ნაკლებმა ადამიანმა, უკან დაიხიეს დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირის გამოყოლებით ანუ სხვანაირად ბამბაკზე; გენ. სუმბათაშვილის რაზმი, ე. ი. ის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც მან მოიყვანა პოლკ. წულუკიძის გასაძლიერებლად, უკუაგდო რა მოწინააღმდეგის მეწინავე ნაწილები, სულ 2–3 ვერსზე იყო აშაგი-სერალის სამხრეთით შულავერის მიმართულებაზე. როგორც გენ. სუმბათაშვილი მოგვახსენებდა, იგი მაშინ მოვიდა, როცა პოლკ. წულუკიძემ უკვე დაიწყო უკან დახევა. თავისი ძალების ნაწილი მან რკინიგზის გაყოლებით წინ გაგზავნა პოლკ. წუუკიძის უკანდახეული ნაწილების თავისთან მიღების მიზნით, ხოლო დანარჩენი ძალებით კი შულავერის გზატკეცილის გაყოლებით დაიწყო შეტევა; ძალების ნარჩენი, დაახლოებით 150 ადამიანი აშაგი-სერალში ჰყავდა დატოვებული, მაგრამ ჩვენი ჩამოსვლისთვის მათი დახარჯვა მოუხდა იმ უბნის გაძლიერებაზე, რომელიც ბრძოლებს შულავერის მიმართულებით აწარმოებდა. ამრიგად, მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზე მეტად თხიერად (სუსტად) იყო საქმე; ასევე რკინიგზის გაყოლებითაც; შულავერის მიმართულებაზე ამ დღეს ერთ-ერთ სიმაღლეს დავეუფლეთ, მაგრამ შემდეგ შეტევა შეჩერებულ იქნა. უნდა გვეღიარებინა, რომ გენ. სუმბათაშვილის მოქმედებები და განკარგულებანი სწორი გახლდათ; ეჭვგარეშეა, რომ ისინი სარისკო იყო, მაგრამ მხოლოდ ასეთი მოქმედებებით შეიძლებოდა სომეხთა შემოტევის შეჩერება, რომლებსაც უკვე ორი კვირის მანძილზე წარმატებები ჰქონდათ და ამის შედეგად ამაღლებული (მხნე) განწყობით გვიტევდნენ.

სწორედ შულავერზე მოძრაობას შეეძლო აეძულებია ისინი თავიანთი შემოტევა შეეჩერებიათ და ამ ქალაქის თავდაცვას შედგომოდნენ. გენ. სუმბათაშვილის შულავერზე ამ შეტევამ მიიქცია მათი ყურადღება და რკინიგზის გამოყოლებით თბილისზე საერთო შემოტევა შეაჩერა. ამით გენ. სუმბათაშვილმა ჩვენთვის ძვირფასი დრო მოიგო. სომხების უფროსი რომ უფრო შორსმჭვრეტელი ყოფილიყო, მას რკინიგზის გამოყოლებით და მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზე მოძრაობა უნდა გაეგრძელებია, არ მიაქცევდა რა ყურადღებას შულავერზე გენ. სუმბათაშვილის მოძრაობას; მას აქ თითქმის წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა და შეეძლებოდა იმავე დღეს ჩვენ მდ. ხრამის აქეთა მხარეს გამოვეყარეთ. საბედნიეროდ, გენ. სუმბათაშვილის მოქმედებებმა სომეხთა მხრიდან სწორედ იმ სახის მოქმედებები გამოიწვია, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე უფრო სასურველი იყო. ჩვენ გვჭირდებოდა რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა სომხები შულავერზე ჩვნი შეტევის შიშის ქვეშ გვყოლოდა. ჩვენს მიერ იმავე დღეს შულავერის მიმართულებაზე ერთ-ერთი სიმაღლის აღება, რაც ხელს გვიწყობდა იმაში, რომ სომხები შულავერის აღებაზე ჩვენს სურვილში დაგვერწმუნებია, ჩვენთვის მეტად ხელსაყრელი მონაცემი გახლდათ. ყველაფერი ეს სწრაფად მომივიდა თავში გენ. სუმბათაშვილის მოხსენების დროს, და ჩვენ ყველანი, გამოვედით რა ვაგონიდან, ცხენებით გავემგზავრეთ პოზიციაზე. ჩვენ წინ და მარჯვნივ გაწეულ უკიდურეს სიმაღლეზე ავედით და იქიდან ვიხილეთ შულავერი, აგრეთვე მისი შემოგარენიც, უფრო მოშორებით, მარჯვნივ, დასავლეთისკენ.

გენ. მაზნიაშვილი საერთო მმართველობას შეუდგა და მაშინვე შეიქმნა ორი საბრძოლო უბანი: 1) გენ. სუმბათაშვილისა შულავერის მიმართულებაზე და 2) უბანი მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზე, ახლა არ მახსოვს, ვისი უფროსობით. პოზიციიდან უკან დაბრუნებისას (ჩვენთან იყო გვარდიის შტაბის წევრი ლადო ჯიბლაძეც), გამოქცეულებისაგან გავიგეთ, რომ ის სიმაღლე, რომელიც სულ ახლახანს იქნა ჩვენს მიერ აღებული, სომხებმა უკანვე აიღეს; გამოქცეულები მინდვრის გამოვლით, უწესრიგოდ, მდ. ხრამისკენ მიემართებოდნენ; 50–60 ადამიანი პირადად ჩვენ გავაჩერეთ, ამასთან ლადო ჯიბლაძე ლანძღავდა მათ, და, მგონი, მათრახიც გამოიყენა. მე ძალიან მიხაროდა ის, რომ ერთ-ერთმა ახალმა მოღვაწემ პირადად იხილა, თუ რა არის ბრძოლა და რომ ბრძოლის ველზე მართვის ხერხები ისევე ძველია, როგორც ეს ქვეყანა, და ვერც ვერასდროს შეიცვლება; ადამიანების ბრძოლაში წაყვანა იძულების გარეშე შეუძლებელია. საქმე აღმოჩნდა შემდეგში. ის სიმაღლე, რომლიდანაც ჩვენ მოწინააღმდეგის განლაგებას ვათვალიერებდით, არცთუ შორს იყო ჩვენს მიერ აღებული სიმაღლისაგან. ყველაფერი სომხების ხელში მოულოდნელად გამოჩენილმა არტილერიამ გააკეთა. მან ცეცხლი გაგვიხსნა და ჩვენმა გამოუცდელმა, უდისციპლინო მოხალისეებმა სიმაღლე დაცალეს.

* * *

გენ. მაზნიაშვილი მამაცია; მე რამდენჯერმე ვნახე იგი გასროლების ქვეშ და შემიძლია ეს დავამოწმო. მამაცია იგი ისეთ წუთებშიც, როცა ვითარება ძალზედ არახელსაყრელად მძიმდება. მაგრამ ის იტანჯება (ზიანდება) იმით, რომ ზომაზე მეტად მამაცია (он страдает тем, что чересчур храбр), თუ ასე შეიძლება გამოვთქვათ; იგი ხშირად საკუთარი თავით რისკავს, და ჩვენ შეიძლებოდა არაერთხელ დაგვეკარგა ასეთი ადამიანი, რომლის დაკარგვაც ჩვენთვის დიდი ზარალი იქნებოდა. და აქაც, როცა ჩვენ ცხენებიდან ჩამოვქვეითდით და გორაზე ავედით, იგი ჯიუტად თხემზე მიაბიჯებდა; მე მას ვსაყვედურობდი, მაგრამ მასთან არაფრის გაწყობა არ შეიძლებოდა. მან თავისას მიაღწია, ჩვენ საარტილერიო ცეცხლი გაგვიხსნეს იმ სიმაღლეზე, საიდანაც მოწინააღმდეგის განლაგებას ვათვალიერებდით; ჩვენ ძალზე ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. ერთი ჭურვი ჩემს წინ რამდნიმე ნაბიჯში დაეცა, და მე თავიდან ფეხებამდე მიწა მომეყარა. „ეს გინდოდა“, – დავუყვირე მაზნიაშვილს, და მხოლოდ მაშინ ჩამოვიდა ის გორის თხემიდან. დიდება უფალს, ჩვენგან არავინ დაჭრილა. ეს საარტილერიო ცეცხლი, ბრძოლებში ჩვენამდე, შულავერთან, სომხების მხრიდან იყო პირველად და გვიმტკიცებდა, რომ სომხებმა შულავერში მოიტანეს ქვემეხები, რაც ნიშნავდა, რომ მოიყვნეს მაშველი ძალებიც. როცა ჩვენ ეს სიმაღლე დავტოვეთ და ჩვენს შემოვლას ვაგრძელებდით, სომხებმა სწორედ იმ სიმაღლეს გაუხსნეს ცეცხლი, რომელიც ჩვენებმა სულ ახლახანს აიღეს; ჩვენებმა საარტილერიო ცეცხლს ვერ გაუძლეს და ეს საკმარისად მნიშვნელოვანი სიმაღლე დატოვეს; ამ გორიდან გამოქცეულებს შემდეგ ერთნახევარ-ორ საათს მინდვრით ჩვენი უკან დაბრუნების გზაზე ვიჭერდით. როცა უკან ვაგონში დავბრუნდით, ჩვენ გენ. მაზნიაშვილთან ერთად მდგომარეობა სწრაფად განვიხილეთ და მაშინვე შევთანხმდით, რომ სომხებს მარჯვნიდან უნდა დავარტყათ (армян надо хлопнуть справа), შემოვუვლით რა მათ მარცხენა ფლანგს, და დავარტყათ შულავერზე ჩრდილო-დასავლეთიდან. მაგრამ რითი უნდა დაგვერტყა? მე მაშინვე ვიხუმრე, რომ რეზერვში ჩვენ გვყავს სამი გენერალი და დამფუძნებელი კრების ერთი წევრი. ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ საჭიროა მოწინააღმდეგეს ხელიდან გამოვგლიჯოთ ინიციატივა, რომელსაც იგი უკვე ორი კვირაა ფლობდა, მაგრამ ეს გამოგლეჯა არაფრით არ შეგვეძლო. ღამე ჩამოწვა. მე ვაცნობიერებდი, რომ მდგომარეობა ბეწვზე ჰკიდია. სომხების უმცირესი მოწოლა, და ჩვენ თვალის დახახამებაში ხრამს იქით აღმოვჩნდებოდით. ჩვენ ვიყავით უფროსები ჯარების გარეშე. თბილისიდან ცივსისხლიანად გვატყობინებდნენ, რომ ჯარები ჯერჯერობით არ არის, რომ მობილიზაცია ჯერ კიდევ არა დამთავრებულა, რომ ღებულობენ ყველა ზომას მის დასაჩქარებლად და ა. შ. მე ვაგონში დავაბიჯებდი, დაუსრულებლად ვუყურებდი რუკას, ვეძიებდი ყველა ხერხს მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მაგრამ არ გვყავდა რა ჯარები, არაფრის მოფიქრება არ შემეძლო, ისევ დავდიოდი, ისევ ვუყურებდი რუკას და ა. შ.

ამასობაში ჩემს მიერ იქნა მიღებული ზომები მართვის მოწესრიგებისთვის, კავშირგაბმულობის დამყარებისთვის, ზურგის შესახებ და სხვა. დაახლოებით ღამის სამ საათზე უეცრად მოახლოებული მატარებლის ხმა გავიგონე. ამბის გასაგებად გავგზავნე ადიუტანტი. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი დაბრუნდა და მომახსენა, რომ მოვიდა ხაშურის გვარდია. მე უფროსი ჩემთან მოვითხოვე. ვკითხე, რამდენია ხალხი, მივიღე პასუხი 240; აქვთ თუ არა ვაზნები – მიპასუხა, მხოლოდ 30-30 (თითო მებრძოლზე); „თქვენ რა, ომში მოემგზავრებით და მთავარი, ვაზნები, თან არ მოგაქვთ“. მაგრამ აქვე შემოსწრებულმა ამ გვარდიის შტაბის წევრმა გვითხრა, რომ უფროსმა არ იცის და რომ თითოეულ მებრძოლს 200 ვაზნა აქვს. ეს პატარა დიალოგი მომყავს გვარდიის ადათ-ჩვევების ილუსტრირებისთვის. ვუბრძანე მათ ვაგონებიდან დაუყოვნებლივ ჩამოსულიყვნენ. ისინი ითხოვდნენ დილამდე გვედროვებინა. ვუპასუხე, რომ მე სიამოვნებით დაველოდებოდი, მაგრამ ვშიშობ, რომ მოწინააღმდეგე არ მოისურვებს ჩემთან დათანხმებას. დაჟინებით დავდექი ჩემს მოთხოვნაზე. ეს 200 ადამიანი მე არაფერს მაძლევდა. გადმოტვირთვის შემდეგ ისინი მარჯვენა ფლანგზე გავგზავნე. შემდეგ ისევ მომქანცველი მოლოდინი, სიარული, რუკა და სხვა. 4–5 საათზე კიდევ ერთი მატარებელი მოგვადგა. როგორც კი ჩემ მიერ გაღვიძებულ ადიუტანტს ვუბრძანე გაერკვია, თუ ვინ მოვიდა, რომ ამ დროს შემოვიდა ეშელონის უფროსი და მოგვახსენა, რომ მოსულია მე-5 პოლკის ეშელონი ორი ბატალიონის შემადგენლობითა და 15 ტყვიამფრქვევით. მე ის კინაღამ გადავკოცნე. ერთბაშად დავმშვიდდი. კიდევ რამდენიმე საათი და ინიციატივის ჩვენს ხელში ჩაგდებას შევუდგებით. გარდა ამისა, ეს გახლდათ სამწყობრო ნაწილი. აქამდე გენ. სუმბათაშვილის ჯარების შემადგენლობაში პოდპოლკ. კონჩუევის მე-6 პოლკის სულ ორი ასეული იყო, დანარჩენები კი გვარდია და მოხალისეთა ნაწილები გახლდნენ. მაშინვე ჩამოვსხი ბატალიონები ვაგონებიდან და, მოქმედებათა დასახული გეგმის თანახმად, მარჯვენა ფლანგზე გავგზავნე.

მე ამ ომის ყველა დაწვრილებით ამბავზე არ შევჩერდები. მხოლოდ რამდენიმე კაშკაშა ეპიზოდსა და სიმპტომატიურად დამახასიათებელ ფაქტს აღვნიშნავ.


მთავარი სარდლობა 

დავიწყებ მთავარი სარდლობიდან. არ მახსოვს, თბილისში თუ მთავარსარდლის გენ. ა. გედევანიშვილის ერთ-ერთი ჩამოსვლისას მომიხდა მელაპარაკა მასთან მომავალი მოქმედებების შესახებ. გენ. გედევანიშვილმა, რომელიც მომავალი მოქმედებების თაობაზე ზოგად შტრიხებში ლაპარაკობდა, თქვა, რომ აპირებს ჯარების ორი ჯგუფის შექმნას: ერთისა სადახლოს, ხოლო მეორისა ვორონცოვკის მიმართულებაზე, რეზერვით სანდარიში, და რომ იგი ვორონცოვკის მიმართულებას მთავრ მიმართულებად მიიჩნევს. მე გამოვთქვი, რომ მოცემულ გარემოებებში ვორონცოვკის მიმართულება არ შეილება იყოს მთავარი, რომ მთავარი მიმართულებაა რკინიგზის გაყოლებაზე, ხოლო ვორონცოვკისა კი ან ალექსანდროპოლის ციხესიმაგრეს მიებჯინება ან ლორეს გასწვრივ წავა, და იმავე რკინიგზის მიმართულებაზე უნდა გამოვიდეს, მაგრამ უფრო გრძელი და ხვეული გზებით, რაც რკინიგზის მიმართულებაზე ჩვენი არამყარი მდგომარეობის დროს უფრო სახიფათო იქნება; და ბოლოს, ჩვენ ვერ გავართმევთ თავს 200 ვერსამდე და მეტი სიგრძის გზატკეცილზე ჯარების გამოკვებას. გენ. გედევანიშვილი თავის აზრზე რჩებოდა, და მე მას ვუთხარი: „ნუ დავიწყებთ დავას, რომელია მთავარი, კამპანია გვიჩვენებს, მაგრამ შენ რკინიგზის მიმართულებაზე საკმარისი ჯარები მოგვეცი, და მე თავს ვდებ, რომ ის მეორეხარისხოვანიდან მთავარ მიმართულებად ვაქციო“. ვუთმობ სამხედრო მკითხველს გაიზიაროს ჩემი ან გენ. გედევანიშვილის თვალსაზრისი.

გენ. გედევანიშვილი არაერთხელ ჩამოსულა ჩვენთან და ერთხელ პოზიციებზეც გახლდათ, მე მას არ ვაცილებდი. არანაირი მითითებები შულავერის ოპერაციის შესახებ მას ჩვენთვის არ მოუცია და ამ მიმართებით იგი სავსებით სწორად იქცეოდა, მით უმეტეს, როგორც ჩანდა, აქ შეცდომები არ ყოფილა, ხოლო შემსრულებლის ინიციატივის შებოჭვა და მისთვის შენი აზრის თავზე მოხვევა არასდროს არ არის საჭირო.

ერთხელ, შულავერის აღების შემდეგ, იგი აშაგი-სერალში ჩამოვიდა, მაზნიაშვილსა და მე მთავრობისა და თავისი სახელით მადლობა გადაგვიხადა და გადაგვკოცნა, ხოლო შემდეგ კი რუკასთან გადავედით. მოისმინა რა მოხსენება, მან მოგვცა მითითება შემდგომი მოქმედებებისთვის; იგი ჩვენ გვიბრძანებდა გაგვევლო სადახლო, მაგრამ გარკვეული ხაზის იქით, ახლა ის არ მახსოვს, თუმცა კი ვიცი, რომ სულ რაღაც რამდენიმე ვერზე ამ სოფლის სამხრეთით, ამ ხაზის იქით ჩვენ წინსვლის ნება არ გვეძლეოდა, სანამ ეკატერინენფელდის რაიონში მყოფი გვარდიული ჯგუფი არ გაგვითანაბრდებოდა. „და თუ ისინი ვერასოდეს გაგვითანაბრდებიან, ჩვენ მაინც უნდა ვიდგეთ და ვუცადოთ?“ – ვკითხე მას. „ისინი გაგითანაბრდებიან“, – მიპასუხა, – „და მაშინ იქნება საერთო შეტევა“. 

ამრიგად, იმის ნაცვლად, რომ მიღწეული წარმატება გაგვევითარებინა, ამ წარმატებას დამოკიდებულს ხდიდნენ წარმატებასთან სხვა უბანზე, სადაც ის შეიძლებოდა არათუ არ ყოფილიყო, არამედ შეიძლებოდა მოჰყოლოდა წარუმატებლობაც, და, ამის შედეგად, საერთო წარმატებაც ვარდებოდა. მოქმედებათა ასეთი ხერხით სწორედ რომ ვაძლევდით მოწინააღმდეგეს დროს, რათა გამორკვეულიყო და თავი წესრიგში მოეყვანა და ვკარგავდით მოწინააღმდეგისთვის ასეთი შრომით წართმეულ ინიციატივას.

იყო კიდევ მისი ერთი ჩამოსვლა, მეტად დამახასიათებელი. როგორც მახსოვს, ეს იმ დროს ეხება, როცა საომარი მოქმედებები შეწყვეტილი გახლდათ. ჩამოვიდა სამხედრო მინისტრი, შემდეგ კი ისიც. სამხედრო მინისტრმა მოისურვა ჯარებთან გამგზავრებულიყო; გენ. გედევანიშვილმა თქვა, რომ იგი თბილისში უნდა დაბრუნდეს. გენ. მაზნიაშვილი და მე სამხედრო მინისტრს თან უნდა ვხლებოდით, მაგრამ გენ. გედევანიშვილმა განაცხადა, რომ მას საქმე აქვს ჩემთან, რის შედეგადაც მე მასთან დავრჩი. სამხედრო მინისტრის გამგზავრების შემდეგ ჩვენ მისი ვაგონისაკენ გავემართეთ. ჩვენ ვაგონის შორიახლოს დავიწყეთ წინ და უკან სიარული და ვლაპარაკობდით; ვაგონში არ შევსულვართ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ გენ. გედევანიშვილს არ უნდოდა, რომ ვინმეს შეძლებოდა ჩვენი საუბარი მოესმინა, სხვანაირად სიცივეში სიარული არანაირად საჭირო არ გახლდათ. წარსულ და მომავალ საბრძოლო მოქმედებებზე არ გვილაპარაკია. გენ. გედევანიშვილი ამბობდა, რომ ახლა მთავრობა ძალზე კარგი აზრისაა ჩემს შესახებ, რომ ეჭვს გარეშე მე ისევ სამსახურში ვიქნებოდი მიწვეული, რომ იგი თანამდებობიდან გადადგება და, როგორც ჩანს, მის ნაცვლად მე ვიქნები და ა. შ., ამავე სულისკვეთებით. მე მდუმარედ ვუსმენდი მას და არცთუ სრულად მესმოდა, თუ იგი ყველაფერ ამას რისთვის მეუბნებოდა. ახლაც არ მესმის; იმით ვხსნი, რომ, ყველაფრის მიხედვით, ეს საკითხი მას ძალზე აწუხებდა. მოვუსმინე რა მას, ვუპასუხე, რომ გადადგება თუ არ გადადგება – ეს მისი საქმეა, და თუ იგი სამსახურს თავს საკუთარი სურვილით დაანებებს, მაშინ მისთვის სულ ერთი უნდა იყოს, ვიქნები მე მის ადგილზე თუ არა; რომ, ბოლოს, თუ იგი თადარიგში წავა და მის თანამდებობას მე შემომთავაზებენ, მაშინ მე ამ საკითხზე უშუალოდ მთავრობას დაველაპარაკები. მე არ მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მთავრობა პოლიტიკური და პირადი ხასიათის მოსაზრებებით არასდროს და არავთარ შემთხვევაში არ შემომთავაზებს სამხედრო მინისტრის თანაშემწის თანამდებობას, და საერთოდაც ისეთ თანამდებობას, რომელიც მე შეიარაღებული ძალების სათავეში დამაყენებს, და რომ ამას იგი მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებათა ზეწოლის ქვეშ თუ იღონებს. მთავრობა ჩემთან მიმართებაში თავისი შემდგომი ქცევებით ამ მომენტამდე ამტკიცებდა და ახლაც ამტკიცებს, რომ ჩემი შეხედულება სავსებით სწორი გახლდათ. დააკმაყოფილა თუ ვერ დააკმაყოფილა იგი თუ არა ჩემმა პასუხმა, თუნდაც ამ საკითხზე ჩემმა შეხედულებამ – არ ვიცი. იგი გაემგზავრა, მე კი ჩემს მოვალეობებს დავუბრუნდი.


შულავერის მოვლენები 

შულავერის ოპერაცია 28 დეკემბრის საღამომდე გრძელდებოდა, როცა საკუთრივ შულავერის ბრძოლა გადაწყვეტილ იქნა; 29-ში ჯარები შულავერში შევიდნენ. 24 დეკემბრიდან ჩვენთან გაძლიერების ჯარებმა დაიწყეს მოსვლა და 28 რიცხვისათვის აქ 1-ლი და მე-2 დივიზიების ნაწილები მოგროვდნენ, თუმცა კი ვერა ყველანი, აგრეთვე მოვიდნენ ჩვენი ცხენოსანი ჯარის ცხენოსან-ქვეითი ესკადრონებიც. შულავერი ერთი ან ორი დღე-ღამით ადრე გვექნებოდა აღებული, შემთხვევითი, მეორეხარისხოვანი გარემოებები რომ არ ყოფილიყო. თბილისიდან ჩვენ შულავერის აღებაში ყველთვის გვაჩქარებდნენ, ვინაიდან ინგლისისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ომის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო ისე შეგვეწყვიტა მოქმედებები, რომ შულავერი არ აგვეღო და მოწინააღმდეგე საწყის მდგომარეობამდე არ გაგვედევნა. 24 დეკემბერს, მე-5 პოლკის ორი ბატალიონის მარჯვენა ფლანგზე გაგზავნის შემდეგ ახალ მიმართულებაზე შულავერის წინააღმდეგ სამოქმედოდ, მე მივიღე შეტყობინება, რომ თბილისიდან მოდიან სამტრედიის გვარდიის ეშელონები 500 ადამიანის რიცხვით გენ. ჩხეტიანის უფროსობით და ქვეით-ცხენოსანი ესკადრონებიც. საერთოდ მე შემატყობინეს, რომ ჯარები ყოველ დღე დაიწყებენ მოსვლას, რადგანაც მობილიზაცია ყველგან დასრულდა. მომავალ მოქმედებებთან მიმართებაში გენ. მაზნიაშვილი და მე სრულებით დავმშვიდდით და ჩვენ მიერ ჩაფიქრებული მანევრის აღსრულებაში მოყვანა დავიწყეთ. ამ მოფიქრებულ გეგმასთან ერთდროულად ჩემში სხვა გეგმაც მომწიფდა, სარისკო, მაგრამ თავისი შედეგებით ნაყოფიერი; თუმცა კი მე არაფერს ვეუბნებოდი ამის შესახებ მაზნიაშვილს, ვინაიდან ამ მეორე გეგმის თანახმად, სომხები საბოლოოდ შულავერზე უნდა მიგვება, გვეიძულებინა ისინი აქ უფრო მეტი ძალები მოეზიდათ და შემდეგ ჩემს მიერ ჩაფიქრებული გეგმის შესრულებას შევდგომოდით. ჩვენს მარჯვენა ფლანგზე მოქმედებების განვითარება სულ მცირედაც არ ეწინააღმდეგებოდა ამას, ხოლო თუ აღსრულებაში მოყვანილი ამ გეგმით მოწინააღმდეგეს დავამარცხებდით და შულავერს ავიღებდით, მაშინ დიდება უფალს. ჩემი ახალი გეგმა, როგორც ვთქვი, სარისკო, იმ შემთხვევაში იქნებოდა ჯეროვანი, თუ დასახული მიმართულებით ჩვენი შეტევა შულავერზე ვერ გამოვიდოდა და, რომ მოწინააღმდეგემ საკუთრივ შულავერში თავის ჯარებს თავი ძლიერად მოუყარა, ამით დამტკიცდებოდა. უკიდურესად სამწუხაროდ, შულავერის წინააღმდეგ მარჯვნიდან მოქმედების ჩვენი გეგმა იცოდა ლადო ჯიბლაძემ, რომელიც პოზიციებზე ჩვენთან ერთად მგზავრობდა. ვამბობ სამწუხაროდ, ვინაიდან ამ საქმის საშველად მისმა ჩარევამ შულავერის უფრო ადრე აღებაში ხელი შეგვიშალა.

აი რაშია საქმე. ეშელონი სამტრედიის გვარდიით იდგა სანდარიში, წინა სადგურზე; მან მიიღო ბრძანება აშაგი-სერალზე წასულიყო. სანდარიში აღმოჩნდა ლადო ჯიბლაძე ან იგი ამ ეშელონთან ერთად მგზავრობდა, როგორც ჩანს, მეორე უფრო სწორია, ფაქტი ისაა, რომ ეშელონის ნაცვლად ჩამოვიდა ლადო ჯიბლაძე გენ. ჩხეტიანთან ერთად, რის შედეგადაც ძვირფასი დრო იკარგებოდა. მათმა ორთქლმავალმა რიგი დაიკავა და არ მოგვცა საშუალება რომ ეშელონი გაგვეგზავნა. იგი, ლადო ჯიბლაძე, თავის ჩამოსვლას იმით ასაბუთებდა, რომ, იცოდა რა მარჯვნიდან მოქმედებების ჩვენეული გეგმა, უნდოდა შემოეთავაზებინა, ხომ არ იქნებოდა უკეთესი ეშელონი სანდარიში ჩამოგვესხა და იქიდან ის პირდაპირ შულავერზე წაგვეყვანა. არსებითად, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ასეც მოვქცეულიყავით, ჩვენ რომ მყარად ვყოფილიყავით დარწმუნებული, რომ მოწინააღმდეგე ამ დროში ჩვენს ცენტრს ან მარცხენა ფლანგს არ დაარტყამდა; ჩვენთვის ამ არასასურველი შემთხვევითობის მოგერიებისთვის იყო კიდეც აუცილებელი, რომ ეს ეშელონი თავიდან აშაგი-სერალში ჩამომსხდარიყო და იქიდან დანიშნულების მიხედვით თავის მოქმედებებს შესდგომოდა. აშაგი-სერალთან მისი ყოფნა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევდა ჩვენთის არახელსაყრელი ზემოხსენებული შემთხვევითობის გამოჩენის შემთხვევაში იგი ჩვენი მეწინავე ჯარების გაძლიერებისთვის დაგვეძრა. როცა ეს ეშელონი მარჯვენა ფლანგზე წავიდოდა, ამ დროისთვის თბილისიდან შემდეგი ეშელონი ჩამოვიდოდა და ჩვენ რეზერვი ისევ გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოსაზრება არ შეიძლებოდა მოსვლოდა თავში ადამიანს, რომელიც ნაკლებად იცნობდა საომარი ოპერაციების წარმოებას და, საერთოდ, სამხედრო საქმეს. როცა ლადო ჯიბლაძე აშაგი-სერალში ჩამოვიდა, მე ვუთხარი, რომ მისი ეშელონი აქეთ უნდა გამოემგზავროს. ახლა არ შემიძლია ვთქვა, როგორი მოსაზრებებისა და სარკინიგზო მანიპულაციების ძალით მოხდა ეს, მაგრამ ამ ეშელონის მიღება ჩვენ ღამემდე ვერანაირად ვერ შევძელით. ამის წყალობით მთელ 24 დეკემბერს ჩვენ არსებითად რეზერვის გარეშე ვრჩებოდით, თუმცა კი ის სანდარიში გვყავდა. დიდება უფალს, სომხებმა ინიციატივა არ გამოიჩინეს, და კრიზისმა კვლავ სასურველად ჩაგვიარა. აი მაგალითი არა თავიანთ კომპეტენციაში იმ პირთა ჩარევის მავნებლობისა, რომელთაც მხურვალედ სურდათ საქმეს დახმარებოდნენ. 

გენ. ჩხეტიანს ებრძანა თავისი ეშელონისა და მე-5 პოლკის უკვე წინ გაწეული ბატალიონების მეთაურობა გაეერთინებინა, და, შემოუვლიდა რა გვერდიდან შულავერს, მოწინააღმდეგის მარცხენა ფლანგში დაერტყა; მას მიეცა ჩვენი მასშტაბისთვის საკმარისად ძლიერი არტილერია, სახელდობრ რამდენიმე ბატარეა, ხოლო ერთადერთი ცხენოსანი ჯარი, პოდპ. ერისთავის სადაზვერვო ესკადრონი კი, წინ იქნა გაგზავნილი იმ რაიონის დაზვერვისა და შესწავლისთვის, რომელზედაც გენ. ჩხეტიანს ბრძოლის ველისკენ ლაშქრობა უნდა მოეხდინა. დააგვიანა რა მთელი დღით, გენ. ჩხეტიანს შეტევის დაწყება მხოლოდ 26-ში დილით შეეძლო, და არა 25-ში, როგორც ეს წინასწარ გვქონდა დასახული და რაც სანდარიში ეშელონის დაყოვნებით იქნა ჩაშლილი.

26-ში დილით სამტრედიის გვარდია, რომელიც სომხების ფლანგს გვერდიდან უვლიდა, დაეუფლა სიმაღლეებს, რომლებიც ქალაქ შულავერზე ბატონობდნენ, და საღამოს ჩვენ გენ. ჩხეტიანისგან მივიღეთ მოხსენება, რომ ხვალ, 27-ში დილით, იგი შულავერზე დაეშვება. როგორც შემდეგ ეს საბრძოლო გენერალი ამბობდა, მას თავის ცხოვრებაში ასეთი მოხსენებები არასოდეს გაუგზავნია, მაგრამ მის მიერ აღებული პოზიციები იმდენად ძლიერი და ქალაქის აღებისთვის გადამწყვეტი იყო, რომ იგი წარმატებაში საბოლოოდ დარწმუნდა და საკუთარ თავს ნება მისცა მოხსენებაში მომავალი მოქმედებების შესახებ დარწმუნებით ელაპარაკა.

ამ დროის მანძილზე ჩვენ ვღებულობდით ზომებს გენ. სუმბათაშვილის ცენტრის მოწესრიგებისთვის უბანზე მართვისა და კავშირგაბმულობის აზრით, პოზიციების სანგრებით განმკტკიცებისთვის, არტილერიის გაძლიერებისთვის და სხვა. უნდა ითქვას, რომ გენ. სუმბათაშვილის უბანი სხვადასხვა დასახელების 12 ერთეულს მოიცავდა. საარმიო ნაწილებიდან მას ჰყავდა მე-6 პოლკის ორი ასეული და ოფიცერთა ასეული, აგრეთვე სრულიად ბრძოლისუუნარო მესაზღვრეთა ასეული პოლკ. წულუკიძის ყოფილი რაზმიდან. დანარჩენები კი მოხალისეთა რაზმები იყვნენ.

26 დეკემბერს ღამით ჩვენ გენ. ჩხეტიანისაგან მეტად უსიამოვნო მოხსენება მივიღეთ. იგი მოგვახსენებდა, რომ სამტრედიის ბატალიონმა სიბნელის დადგომის შემდეგ პოზიციები ბრძოლის გარეშე მიატოვა და უბნის შტაბთან დაბლა ჩამოვიდა; იგი უმატებდა, რომ ხვალ დილიდან ისევ მოახდენს შეტევას (როგორც სხვა წყაროებიდან ვიცი, სახალხო გვარდიელები სიცივემ შეაწუხა და შტაბთან ჩაის დასალევად და გასათბობად ჩამოვიდნენ, მათი ადგილები კი დაუყოვნებლივ სომხებმა დაიკავეს – ი. ხ.). ჩვენი მარჯვენა ფლანგით შეტევა, რომელიც სომხებისთვის მოულოდნელობაზე იყო გაანგარიშებული, ვერ გამოგვივიდა; ახლა მათი წინააღმდეგობა ღიად უნდა გაგვეტეხა. 

დავუდასტურე რა მას ბრძანება შეეტია, მეორე დღესვე დილით გადავწყვიტე მოქმედებათა ჩემეული გეგმა, რომელზედაც ზემოთ ვლაპარაკობდი, გენ. მაზნიაშვილისათვის მომეხსენებია. გენ. ჩხეტიანის შეტევამ სომხების ყურადღება მიიქცია, ხოლო მისი ხელმეორე შეტევა კი სომხების ძალებს, უეჭველად, ამ, ჩვენთვის სრულიად უხიფათო მიმართულებაზე მიიზიდავს, რაც მე მჭირდებოდა კიდეც. წინასწარ ჩემთან მოვიწვიე გენ. სუმბათაშვილი და ვუთხარი მას, რისი გაკეთებაც მინდოდა. მოისმინა რა ჩემი გეგმა, გენ. სუმბათაშვილი უეცრად გარდაიქმნა, სახე უფრო გაუმხიარულდა, იგი ფეხზე წამოხტა და გაცხოველებით ლაპარაკი დაიწყო: „გეგმა შესანიშნავია, სწორედ ეს გამოგვივა კიდეც; ის მოულოდნელი იქნება სომხებისთვის, და ჩვენ მათ ყველას შულავერში თათებში მოვიქცევთ“. მე ძალზედ გახარებული ვიყავი. გეგმის შემსრულებელი სახეზე გახლდათ. ყოველგვარი გეგმის ყველაზე უფრო უკეთესი შემსრულებელი ან მისი შემოქმედია, ან კიდევ ის, რომელიც ამ გეგმას თანაუგრძნობს და რომელსაც ის მოსწონს. მე გახარებული გახლდით როგორც შემდგენი, ვინაიდან მივიღე მოწონება საბრძოლო გენერლისა, რომლის გამოცდილებამ და საბრძოლო დამსახურებებმა არ შეიძლება ყველაზე უფრო მაღალი პატივისცემა არ ჰპოვონ. „გიორგი ივანეს ძევ“, – უკვე კომიზმით აგრძელებდა სუმბათაშვილი, – „ეს გეგმა მე ისე მომწონს, რომ, თუმცა კი უკვე დიდი ხანია მოწევას თავი დავანებე, ახლა თავს უფლებას მივცემ მოვწიო, მომეცით ერთი პაპიროსი“. მე ვთხოვე მას გენ. მაზნიაშვილთან მოხსენების დროს ჩემთვის მხარი დაეჭირა; ამასთან დავუმატე, რომ ამ ოპერაციის შესრულება მას მოუწევდა. მან სრული მზადყოფნა გამოხატა და ძალზედ გახარებული გახლდათ. მოვახსენეთ მაზნიაშვილს. ამ დროს ჩვენ რეზერვში უკვე გვყავდა მე-5 პოლკის ერთი ბატალიონი, 5 ცხენოსან-ქვეითი ესკადრონი და 1-ლი დივიზიის კიდევ ერთი ბატალიონი; გარდა ამისა, ყოველ საათობრივად კიდევ მოველოდით გაძლიერებას. გეგმა შემდეგში შედგებოდა.

ვისარგებლე რა იმით, რომ მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზე მოწინააღმდეგე თავს სრულებით არ ავლენდა, მე ძალებს თავი მოვუყარე შულავერთან, ამ გეგმის თანახმად საჭირო იყო შეგვეტია სადახლოზე, რომელიც წარმოადგენდა ზურგს იმ სომხებისთვის, რომლებიც შულავერის რაიონში იმყოფებოდნენ, და კავშირგაბმულობის პუნქტს მათკენ მომავალ გაძლიერების ძალებთან. დავეუფლებოდით რა მათ ზურგს და გავწყვეტდით რა მათ კავშირს, ეს კი ძალზედ ადვილი იყო, რადგანაც სადახლოში მათ თითქმის არანაირი ჯარები არ ჰყავდათ, შეიძლებოდა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ შულავერელები, რომლებიც საკუთარ თავს ზურგისგან მოწყვეტილებად და ფრონტიდან და თავიანთი მარცხენა ფლანგიდან (გენ. ჩხეტიანის შეტევა) შევიწროვებულებად იგრძნობდნენ, იძულებული იქნებოდნენ პოზიციები დაეთმოთ, ამასთან მათ მოუწევდათ ან ტყვედ ჩაგვბარებოდნენ, ან კიდევ სამხრეთის მიმართულებით მთებში გაფანტულიყვნენ. გენ. მაზნიაშვილმა ეს გეგმა უარყო, ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად; იგი ამბობდა, რომ მას ცოტა რეზერვებიღა დარჩება. მე მას არ ვადანაშაულებ. მართლაც, ერთი საქმეა ურჩევდე, მეორეა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის წილი მეც მეკისრებოდა, თუმცა კი ასე ვთქვათ სუფთა ზნეობრივი წესის და რიგისა; მაგრამ პასუხისმგებლობა საერთო საქმისთვის, მისი სასურველად დამთავრებისთვის, სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა მთლიანად და სრულად მას ჰქონდა დაკისრებული. მე გამოცდილებით ვიცი, რას ნიშნავს იყო შტაბის უფროსი და რას ნიშნავს იყო პასუხისმგებელი უფროსი. აღსრულებაზე ამ პასუხისმგებლობაში მდგომარეობს კიდეც ამ თანამდებობებს შორის მთავრი განსხვავება. მაზნიაშვილმა გადაწყვიტა აეღო მე-5 პოლკის ერთი ბატალიონი, პირადად წაეყვანა ის შეტევაში მარჯვენა ფლანგზე და წარმატებისთვის იქ მიეღწია. მან ასეც გააკეთა. მაგრამ, საუბედუროდ, ამას წარმატება არ მოჰყოლია. მე-5 პოლკს უხდებოდა სრულიად ღია ადგილმდებარეობაზე შეეტია, ხოლო ნისლი კი, რომელიც ჩვენს არტილერიას წარმატებით სროლაში ხელს უშლიდა, ნებას არ გვაძლევდა წარმატებისათვის მიგვეღწია. ამასობაში 27-ის საღამოსთვის ჩვენ მივიღეთ მოხსენება, რომ სამტრედიელებმა წინა ღამეს მათ მიერვე მიტოვებულ სიმაღლეებს დილიდან ისევ შეუტიეს, დაეუფლნენ მათ და ორი ტყვიამფრქვევიც კი ხელთ ჩაიგდეს. ისევ მწიფდებოდა საერთო წარმატება, მაგრამ ღამით ამას ისევ იმედის გაცრუება მოჰყვა. გენ. ჩხეტიანმა მოგვახსენა, რომ სიბნელის დადგომის შემდეგ სამტრედიელებმა კვლავ დატოვეს პოზიციები და უკანვე ჩამოვიდნენ, და რომ იგი გვთხოვს გამოვიწვიოთ, რადგანაც არ სურს ასეთი უდისციპლინო ნაწილის მეთაურობა. ისევ უიღბლობა. მარჯვენა ფლანგზე წარმატება, რომელსაც ყველანი ასე მხურვალედ მოველოდით, არ არის; სადახლოზე დარტყმას მაზნიაშვილი არ თანხმდება, და ამისთვის განკუთვნილი ძალები სანახევროდ უკვე დაიხარჯა, რათა მარჯვენა ფლანგი გაგვეძლიერებინა. რაიმე ახალი უნდა მოვიფიქროთ. მაშინ მეორე დღეს დილიდან მოვიწვიე ჩემთან გენ. სუმბათაშვილი, მოვუყევი მას მთელი ვითარება და ვუთხარი, რომ მან ცენტრში ძლიერად უნდა შეუტიოს. ჩვენი ცენტრის საპირისპიროდ იყო ერთი სიმაღლე, რომლის აღებაც ამ უბანზე ბრძოლის ბედს წყვეტდა. „რა ვქნათ“, – ვთქვი მე, – „გიგო, შეუტიეთ; თქვენი მდგომარეობა მტკიცეა, თქვენ ბევრი არტილერია გყავთ, ჰაუბიცებიც კი; თავი მოვუყაროთ იქ მთელ ცეცხლს და დავარტყათ; შეტევას მოვახდენთ მტკიცე ნაწილით, როგორიც მაგალითად მე-6 პოლკის ასეულებია; ამას შებინდების წინ გავაკეთებთ, როცა სომხები ამ დღეს საკუთარ თავს ჩვენი შეტევისგან უზრუნველყოფილად ჩათვლიან, და იმავე დროს, თუ სიმაღლეს ავიღებთ, ბინდისა და სიბნელის დადგომა ხელს შეუშლის სომხებს იმაში, რომ ამ სიმაღლეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნან“. გენ. სუმბათაშვილი შეტევის წარმატების შესაძლებლობას შემოუერთდა და გაემართა, რათა შესაბამისი მზადებები მოეხდინა. შეტევის დროდ დღის 3 საათი იქნა დანიშნული; 4-ზე ამ ხანებში შებინდება იწყება. ამასობაში მე ისევ მოვახსენე მაზნიაშვილს, რომ აუცილებელია სადახლოზე დარტყმა, მით უმეტეს, რომ 1-ლი დივიზიის ბატალიონებმაც დაიწყეს მოსვლა. უნდა დავუმატო, რომ ახლა ვითარება რამდენადმე უკვე შეიცვალა; რკინიგზის მიმართულებაზე სომხები გამოჩნდნენ, როგორც ჩანს მათთვის ამ მიმართულების მტკივნეულობა იგრძნეს; მათ ერთ-ერთი სოფელი დაიკავეს ამ მიმართულებაზე 3–4 ვერსზე სადგურ აშაგი-სერალიდან, დააყენეს იქ ზარბაზნები და მთელ დღეს ცეცხლს უშენდნენ სადგურ აშაგი-სერალს, ე. ი. ჩვენს შტაბსა და რეზერვებს. მართალია, ცეცხლი უშედეგო გახლდათ, მაგრამ არცთუ კარგ მორალურ ძთაბეჭდილებას ახდენდა. იგი დამეთანხმა. მე მაშინვე შევადგინე რაზმი, რომელიც მანამდე უნდა გასულიყო, სანამ გენ. სუმბათაშვილის უბანზე საქმე გადაწყდებოდა. თავისი შეტევით დაკავებული გენ. სუმბათაშვილის დანიშვნა ამ რაზმის უფროსად, სამწუხაროდ, უკვე აღარ შეიძლებოდა. ამ დროს გენ. მაზნიაშვილის შტაბში შედგებოდა პოლკ. გ. წულუკიძე. როგორც ზემოთ მივუთითებდი, იგი მეთაურობას ჩამოაშორეს და თბილისში გაიწვიეს, ამასთან თბილისში მისი გაწვევის მიზეზი, როგორც ჩანს, მისი უკანდახევა და, საერთოდ, მის მიერ საომარი მოქმედებების უიღბლო წარმოება გახლდათ. ამ უკანასკნელ დღეებში იგი გენ. ა. გედევანიშვილის განკარგულებით გენ. მაზნიაშვილის განკარგულებაში იქნა მოვლინებული. რა იყო მისი გამოგზავნის მიზანი, მე არ მესმის. თუ მას არასწორ მოქმედებებში ედებოდა ბრალი, მაშინ მის სრულ რეაბილიტაციამდე იგი ფრონტზე აღარ უნდა გამოეგზავნათ; თუ იგი მართალი აღმოჩნდა, მაშინ ეს ვის ჰქონდა გამოძიებული. თუ იგი მეთაურობას ისე ჩამოაშორეს და გაიწვიეს, რომ საამისოდ საკმარისი მონაცემები არ ჰქონდათ, მაშინ ნათელი იყო, რომ იგი თავის თანამდებობაზე უნდა აღედგინათ, და არა გენ. მაზნიაშვილის განკარგულებაში გამოეგზავნათ. ყოველ შემთხვევაში მისი გამოგზავნა ფრონტზე, სადაც თანამდებობიდან ჩამოშორებამ მის ავტორიტეტს ძირი გამოუთხარა, დაუშვებელი გახლდათ.

გენ. მაზნიაშვილმა იგი დანიშნა, მე ვაპროტესტებდი. მაგრამ გენ. მაზნიაშვილმა მითხრა, რომ იგი იყო სადახლოში, იცის ეს ადგილები და, სავარაუდოდ, მთელ ძალისხმევას მიმართავს, რათა მოახდინოს თავისი რეაბილიტაცია.

მე მალევე დავრწმუნდი, რომ ეს დანიშვნა უიღბლო გახლდათ. გადავეცი რა წერილობითი ბრძანება, მე მას ზეპირადაც ავუხსენი ყველაფერი, რაც მისგან მოითხოვება, რათა ბრძანების წაკითხვისას რაიმე გაურკვევლობა არ ყოფილიყო. ამასთან მე ვთხოვე მას რომ რაზმის შეკრებიტა და გასვლით აჩქარებულიყო, რადგანაც მას მოუწევს მდ. დებედა-ჩაიზე გადასვლა, რისი გაკეთებაც დღის სინათლეზე სჯობდა. მე მასთან რამდენჯერმე მივედი, მაგრამ ვერანაირად ვერ შევძელი მეიძულებინა იგი, რათა აუცილებელი სისწრაფე გამოევლინა; მე გენ. მაზნიაშვილიც კი ჩავრთე ამაში. როცა მასთან ვიყავი, იგი, უყურებდა რა რუკას, მუდმივად ამბობდა, რომ მდ. დებედა-ჩაის გადალახვა ძალზედ ძნელი იქნება. მე ვგრძნობდი, რომ იგი ამ მდინარეზე ვერ გადავა; ამასობაში მარჯვენა ნაპირზე მოძრაობა აუცილებელი გახლდათ. როგორც კი იგი გავიდა, მე კიდევ ერთი რაზმის ორგანიზება მოვახდინე მე-6 პოლკის პოდპ. ჯაფარიძის უფროსობით, და მოვამზადე იგი ღამის განმავლობაში მეორე ნაპირზე გადასასვლელად; მესანგრეებს დავავალე დაუყოვნებლივ მდინარისკენ წასულიყვნენ და იქ თუნდაც შემსუბუქებული ხერხით ამ ბატალიონის მდინარეზე გადასვლის ორგანიზება მოეხდინათ; მოეძებნათ მდინარეში ფონები, ეშოვნათ ურმები და სხვა. ამრიგად, პოლკ. წულუკიძის გენ. მაზნიაშვილის განკარგულებაში მოვლინებამ სტიქიურად გამოიწვია მისი დანიშვნა, რომელიც კინაღამ ჩვენთვის ტრაგიკულად დასრულდა და მთელი შულავერის ოპერაცია კინაღამ ჩაგვიშალა. ღამით მან მოგვახსენა, რომ დებედა-ჩაიზე გადასვლა ვერ მოახერხა და სადახლოზე რკინიგზის გაყოლებით წავიდა, და არა მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირისა, როგორც ბრძანებით ევალებოდა. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა, მაგრამ ცუდი შედეგის თავიდან აცილების წინასწარი ზომები უკვე მქონდა მიღებული. მას გაეცა პასუხი, რომ სადახლოზე შეტევა გაეგრძელებია, უკუაგდებდა რა მოწინააღმდეგეს, რომელიც მის გზაზე იმყოფებოდა და სადგურ აშაგი-სერალს საარტილერიო ცეცხლს უშენდა; იმავე დროს მას ვაფრთხილებდით, რომ მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზე შეუტევს ბატალიონი, რომლის ამოცანაა ასევე მისთვის დახმარების აღმოჩენა სადახლოზე მისი წინსვლისას და რომ სადახლოში მისვლისას ეს ბატალიონი მას დაექვედებარება. სიტყვამ მოიტანა და, ამ ბატალიონმა ღამით გადალახა მდინარე და ზარბაზნებიც კი გადაიტანა.

ამასობაში ცენტრში სუმბათაშვილის შეტევა წარმატებით დაგვირგვინდა; მე-6 პოლკის ასეულებმა, მამაცი ოფიცრის ა. მაჭავარიანის უფროსობით, არტილერიისა და ჰაუბიცების მხარდაჭერით, ეს სიმაღლე, მგონი, 10 თუ 12 ადამიანის დანაკარგით აიღეს. ჩვენ ცენტრში შულავერის თავზე მოვექეცით; საქმე არსებითად მოგებული გახლდათ. დისციპლინირებული ჯარებით შეიძლებოდა შულავერზე ღამის შეტევაც განგვეხორციელებია, თუმცა კი ღამის რაიმე შემთხვევითობისაც მეშინოდა, განსაკუთრებით თუ კიდევ გავითვალისწინებდი ადგილმდებარეობის დასერილობას, ბაღებს, რომლებიც ამ ქალაქზე იყო გარშემორტყმული, და, რაც მთავარია, ადამიანთა სახლებში აუცილებელ გაფანტვას; აი მთელ ამ ვითარებას შეეძლო მოპოვებული წარმატება ჩვენთვის ხლიდან გამოეცალა. ახლა ყველაფერი პოლკ. წულუკიძის მოქმედებების ენერგიულობასა და სადახლოზე მისი მოძრაობის სისწრაფეზე იყო დამოკიდებული, რათა სომხების ზურგში გავსულიყავით. გამარჯვება სრული იქნებოდა და შეგვეძლებოდა დარწმუნებული ვყოფილიყავით იმაში, რომ, თუ ეს გამოგვივიდოდა, ჩვენ ერევნამდე წინააღმდეგობა თითქმის არც კი შგვხვებოდა.

მაგრამ მთელი ჩვენი წინდახედულების მიუხედავად, ეს ვერ მოვახერხეთ, და სომხებმა, თუმცა კი ძლიერად მოშლილი რიგებით, ხაფანგიდან გააღწიეს. ყველა მიღებული ზომის მიუხედავად, პოლკ. წულუკიძესთან კავშირი ვერ მყარდებოდა; ის კი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე ვერსზე იყო ჩვენგან, არ გვიკავშირდებოდა. მეორე დღეს დილის 9 საათზე, რადგან მისგან არანაირი ცნობები არ მიმიღია და დარწმუნებული გახლდით, რომ გამთენიისას მას მოწინააღმდეგესთან შეტაკება უნდა მოუხდეს, მე მარტო წავედი რკინიგზის გასწვრივ სადახლოს მიმართულებით. ვერსზე ცოტა მეტი გავიარე; ავედი რა გორაკზე, იმ რაიონის მთელი დაბლობი და სოფლები, სადაც შეტაკება უნდა მომხდარიყო, ჩემს თვალწინ ვიხილე. სრული სიჩუმე იდგა; ერთი გასროლაც კი არ ისმოდა. უეცრად დავინახე მხედარი, რომელიც რკინიგზის გამოყოლებაზე ჩემი მიმართულებით ცხენს მოაჭენებდა. მე ლოდინი დავიწყე. შორიდან ცხენოსანი პოლკების ერთ-ერთი ოფიცერი შევიცანი. როცა დამინახა, ცხენი რკინიგზის ლიანდაგზე გადმოახტუნა და ჩემსკენ გამოაჭენა. ხელში პაკეტი ჰქონდა. მე მას შორიდან დავუძახე: „ზარბაზნები აღებულია?“. „სწორედ ასეა“, – მიპასუხა მან. ეს გახლდათ ოთხი ზარბაზანი, რომლებიც ცეცხლს სადგურ აშაგი-სერალს უშენდნენ, სადაც ჩვენი შტაბი იყო განლაგებული. წავიკითხე რა მოხსენება, ვუთხარი: „უკანვე გააჭენეთ, ზეპირად უთხარით, ფრონტზე ყველგან წარმატებაა, სწრაფად გამოგზავნეთ ზარბაზნები აშაგი-სერალში“. „ისინი უკვე მოაქვთ ხარებით“, – მიპასუხა მან. „გადაეცით პოლკ. წულუკიძეს, რომ ახლა ცხენოსანი შიკრიკით შემდგომ მითითებებს გამოვუგზავნი, მანამდე კი გარეკოს სომხები და ადრე მიღებული ბრძანებები შეასრულოს“. მე სადგურში დავბრუნდი.

ჩვენი ჯარები უკვე შულავერში შევიდნენ, სადაც ორი ზარბაზანი და საწყობები ხელში ჩაიგდეს. როგორც გამოირკვა, მოწინააღმდეგემ ჯერ კიდევ ღამით დაიწყო უკან დახევა. ახლა საქმე პოლკ. წულუკიძეში გახლდათ. უნდა ვთქვა, რომ პოლკ. წულუკიძემ, მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას სადახლოდან 12 ვერსზე იმყოფებოდა, ამ დასახლებას ამ დღეს ვერ მიაღწია. სომხებმა აირუმის იქით დაიხიეს; ეს საკუთრივ სწორი უკანდახევა არ გახლდათ, სხვანაირად ისინი სადახლოს რაიონში გაჩრდებოდნენ.

29 რიცხვზე გაცემულ იქნა ბრძანება შულავერის შორიახლოს გაევლოთ და მოწინააღმდეგეს დადევნებოდნენ. ეს ნაწილობრივ შესრულებულ იქნა, ნაწილობრივ კი ვერა. მე-5 პოლკი განაგრძობდა ოპრეტიზე მოძრაობას, სომხურ ნაწილებს დაეწია და გაფანტა.

* * *

ახლა ცოტათი ჩვენი ეკატერინენფელდის რაზმის მოქმედებებს შევეხები, რომელიც გვარდიის ნაწილებისგან შედგებოდა. დაწყებული ომის პირველი დღეების დასაწყისში, ვერ შევძლებ ვთქვა რომელი რიცხვის ღამეს, ეკატერინენფელდთან, სადაც სადაც მთელი რაზმი იყო თავმოყრილი, მოხდა ბრძოლა. სომხებმა შემოუტიეს, გვარდიის ნაწილები მოულოდნელობით დააბნიეს და ზარბაზნებიც ხელში ჩაიგდეს. იმის წყალობით, რომ აქ სახეზე აღმოჩნდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მაისურაძე, ვალიკო ჯუღელი და სხვა ბელადები, რომლებსაც თავი არ დაუკარგავთ, საქმე ელვისებურად იქნა გამოსწორებული. ამ ბელადებმა თავიანთ გარშემო შეკრიბეს ადამიანები, კონტრშეტევაზე გადავიდნენ, სომხები უკუაგდეს და ზარბაზნებიც დაიბრუნეს. შემდეგ გამოირკვა, რომ აქ სომხური პოლკის 4 ასეული მოქმედებდა, რომლებსაც მხარს ადგილობრივი მცხოვრებნი უჭერდნენ. შემდეგ აქ ყველაფერი მიჩუმდა. ეს ღამის საქმე, როგორც გვარდიის განსაკუთრებული გმირობა, ისე გაახმაურეს, ყველგან წერდნენ და ლაპარაკობდნენ ამის შესახებ, და რა თქმა უნდა, უნებურად დგებოდა არმიასთან პარალელის გატარების საჭიროება, სადაც ვითომდა მხოლოდ წარუმატებლობები იყო. ეს ბრძოლა სხვა მხრივ გახლდათ საჩვენებელი; იგი შინაგანი წესრიგის არარსებობაზე მიუთითებდა ნაწილში, რაკი ის მოულოდნელი შემოტევით დააბნიეს, იგი მიუთითებდა, რომ ამ ორგანიზაციაში ან სრულებით არ იცოდნენ სადარაჯო სამსახურის შესახებ, ან კიდევ მას უგულვებელყოფდნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხდებოდა ამის მიჩუმათება; საჭირო იყო ექოთ და აქებდნენ. როგორც ბრძოლებმა გამოავლინეს, სომხების მთავარმა ძალებმა თავი შულავერის მიმართულებაზე მოიყარეს; ამ ქალაქთან ბრძოლების დროს, გვარდიის ეკატერინენფელდური ჯგუფი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა და სოფელ ბოლნისი-ხაჩინს შეუტია. როგორ წარმოებდა იქ მოქმედებები, ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია; ჩვენ ერთმანეთს ტელეგრამებს ვუგზავნიდით, და მე ვიცოდი, რომ იქ ყველაფერი სასურველად მიდის, თუმცა კი სოფელი, რომელსაც უტევდნენ, ჯერ აღებული არ ყოფილა. 30 დეკემბერს ჩვენ საერთო რეზერვი სამხრეთისკენ, სადახლოს მიმართულებით გადავანაცვლეთ. ამ დროს მე საგანგაშო ცნობები მივიღე ეკატერინენფელდიდან. გვარდიის რაზმს, როგორც ვიცოდი, ბოლნისი ალყაში ჰქონდა მოქცეული; ამასობაში გვატყობინებდნენ მოკლე ტელეგრამას გვარდიის შტაბის ადიუტანტისგან, რომ გვარდია ალყაშემორტყმულია, რომ იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ითხოვს ექსტრენულ (დაუყოვნებელ) დახმარებას. მე ძალზედ პესიმისტურად მოვეკიდე ამ ტელეგრამას და არ დავუჯერე მას. მაგრამ ზოგიერთი ზომა მაინც მივიღე. სანდარიში მთავარსარდლის რეზერვის უფროსს ექსტრენულად გავუგზავნე, რომ რაც შეეძლო, ეკატერინენფელდში გაეგზავნა; აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ ასეულის გაგზავნა შეუძლია ან, მგონი, უფრო ნაკლებისაც. მაინც გაგზავნეს. გარდა ამისა, მე ვუბრძანე რომ სანდარიდან იქითკენვე გაეგზავნათ ცაგურიას ბატარეაც, რომელიც ჩემ მიერ ადრე გაცემული ბრძანებით ჩვენთან აშაგი-სერალში მოდიოდა.

ამავდროულად ჩემთან მოვიდა ლადო ჯიბლაძე, რომელმაც ამ ტელეგრამის შესახებ უკვე იცოდა, და მთხოვა იქ ექსტრენულად (დაუყოვნებლივ) დახმარება გამეგზავნა. მე მას ვუთხარი, რომ ეს როგორც ჩანს, სისულელეა, ადგილობრივი განგაშია, მაგრამ რომ მე გარკვეული განკარგულებები უკვე გავეცი. მე ჩინებულად ვაცნობიერებდი, რომ თუ დახმარებას არ აღმოვუჩენ, მაშინ დამიწყებენ საყვედურებს იმაში, რომ მე, როგორც გვარდიული ორგანიზაციის მოწინააღმდეგემ, განზრახ არ აღმოვუჩინე დახმარება; დავივიწყე რა, რომ გვარია ჩემთვის ყოველთვის მტერზე უფრო ახლობელია. მაგრამ მხოლოდ ასეთი ბრალდების გაბათილებისა და თითქოსდა ჩემი პიროვნების რეაბილიტაციისთვის, მე მაინც არ შემეძლო იმ რისკზე წავსულიყავი, რომ შულავერის ფრონტი დამესუსტებინა, რომელიც ეჭვგარეშე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ, და, როგორც უახლოესმა მოვლენებმა გვაჩვენა, სწორად მოვიქეცი. მაგრამ ჯიბლაძე დაჟინებით მოითხოვდა და მაშინ შევთავაზე მას შულავერის მიმართულებიდან გვარდიის მთელი ნაწილები წაეყვანა და ისინი ეკატერინენფელდში გაეგზავნა. ამით მე ძალების სწორ განაწილებასაც ვაღწევდი, და მათ სწორ ორგანიზაციასაც; ჩვენთან გვარდიისა და არმიის ნაწილები ყოველთვის ერთმანეთში იყო არეული და მხოლოდ 29-ში, წარმატების შემდეგ, მოხერხდა ამ საქმის როგორღაც მოწესრიგება. უკვე დაისახა: მარჯვენა კოლონა – მე-5 პოლკი, მარცხენა კოლონა – წულუკიძის პოლკი საარმიო ნაწილებით; მამაისთან გენ. სუმბათაშვილის რეზერვში კი 1-ლი და მე-2 დივიზიების ნაწილები გროვდებოდნენ. ჩვენი რაზმის გვარდიამ თითქმის მთლიანად შულავერში მოიყარა თავი, სიტყვამ მოიტანა და, მე ვფიქრობდი, რომ მოწოდება თავიანთი ძმების დასახმარებლად წასულიყვნენ, ხალისს მისცემდა მათ შულავერის ძარცვისათვის თავი დაენებებიათ. იქ უკვე იყო ძალადობის შემთხვევები, და გენ. მაზნიაშვილი პირადად მგზავრობდა იქით წესრიგის დასამყარებლად. ჯიბლაძე წავიდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა და მთხოვდა იქ საარმიო ნაწილები გამეგზავნა, რადგანაც გვარდია ძალზედ დაიღალაო. მე კატეგორიულად უარვყავი. იგი წავიდა და ისევ დაბრუნდა, და მთხოვდა, ხომ არ შეიძლება არტილერიას ცხენები გამოვართვათ, მათზე დაღლილი გვარდიელები შევსვათ და ასე ამხედრებული გავგზავნოთო. რა თქმა უნდა, ამ წინადადების უარყოფაც მომიხდა. მე დამავიწყდა მომეხსენებია, რომ, როცა საარტილერიო ცხენების წაყვანას ითხოვდა, ჯიბლაძემ თქვა, რომ ისინი ვერაფრით ახერხებენ გვარდიის ნაწილების შულავერიდან გამოყვანას. როცა გვარდია დავნიშნე ეკატერინენფელდზე წასასვლელად, მე მისი წაყვანა გენ. ჩხეტიანს შევთავაზე; მან კატეგორიული უარი განაცხადა, მიუთითებდა რა, რომ არ შეუძლია ისეთი ნაწილების მეთაურობა, რომლებიც მის განკარგულებებს არ ასრულებენ. გვარდიას ორ დღეს აგროვებდნენ, ბოლოს შეკრიბეს და გვარდიის ეკატერინენფელდურ რაზმთან შესაერთებლად გააგზავნეს. გვარდიის რაზმიდან საგანგაშო ტელეგრამის მიღების დღესვე საღამოსთვის გამოირკვა, რომ იქ ყველაფერი კარგად იყო.

* * *

ამასობაში სადახლოს მიმართულებაზე მოხდა შემდეგი. პოლკ. წულუკიძემ სადახლოს მხოლოდ 30 დეკემბერს მიაღწია; აქ მან მე-6 პოლის ბატალიონი შემოიერთა, რომელიც მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით უტევდა, ის დებედა-ჩაის მარცხენა ნაპირზე გადმოიყვანა და მთელი თავისი რაზმი გაწელა სადახლოდან დასავლეთისკენ, ე. ი. აირუმის საწინააღმდეგო მხარეს, საითკენაც სომხების მთავარმა ძალებმა დაიხიეს. ისინი იქიდან მოვიდნენ და იქეთვე წავიდნენ. არ შეიძლებოდა ამ მიმართულებისთვის ყველაზე უფრო სერიოზული ყურადღება არ მიექცია. შემდეგ ბატალიონი მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე იქნა გადმოყვანილი; ამასობაში მარჯვენა ნაპირის მიმართულებას დივიზიის მეთაურობა და შტაბი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ეს იქიდან ხდებოდა ნათელი, რომ სადახლოს ხელში ჩაგდებისთვის პოლკ. წულუკიძის რაზმის მოძრაობა მდ. დებედა-ჩაის მარცხენა ნაპირის გაყოლებით კი არ იყო დასახული, რომელიც მოძრაობისთვის ძალზედ მოსახერხებელი გახლდათ, არამედ მარჯვენა ნაპირის გაყოლებით; რომ, ბოლოს, როცა იგი, პოლკ. წულუკიძე მარჯვენა ნაპირით არ წავიდა, მაშინვე მარჯვენა ნაპირზე სხვა ბატალიონი იქნა გაგზავნილი. ყოველივე ეს (პოლკ. წულუკიძეს) უნდა აეწონ-დაეწონა, მარჯვენა ნაპირისთვის ყურადღება მიექცია და, როგორც შედეგი, მდ. დებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზე სადახლოსგან აღმოსავლეთით სიმაღლეები ხელში ჩაეგდო. ეს იქნებოდა ჩვენი უზრუნველყოფა ოპერაციებში როგორც აირუმის მიმართულებით, ისე ალავერდის ქარხნისაც. ეს გაკეთებული არ ყოფილა, და ჩვენ ამის გამო კინაღამ საზღაურის გაღება ყველაზე უფრო სასტიკი სახით მოგვიხდა. 31 დეკემბერს ჩვენი რეზერვი და ჩვენი არტილერია მამაის რაიონში იდგნენ.

ამ დროისთვის სომხებმა გაძლიერების ახალი ჯარები, ახალი მე-4 პოლკი მიიღეს, და აირუმიდან სადახლოზე შემოტევა დაიწყეს. მოწინააღმდეგემ ბანაკად მდგომ ჩვენს რეზერვებს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა და შეტევაზე გადმოვიდა. ეს მიმართულება ერთდროულად პოლკ. წულუკიძის ფლანგშიცა და ზურგშიც გამოდიოდა. მე გენ. სუმბათაშვილმა ტელეფონით გამომიძახა, გადმომცა ვითარება და მითითებებს ითხოვდა; ამასთან მან მითხრა, რომ მდინარე დებედაჩაის იმ მხარეს ერთი ბატალიონი უკვე წავიდა. მე მაშინვე ვიგრძნი, რომ პოლკ. წულუკიძესთან საქმეები კარგად ვერ იქნებოდა. მაშინ არ ვიცოდი იმ ყველაფრის შესახებ, რაც პოლკ. წულუკიძის მიერ იქნა გაკეთებული, ე. ი. რომ იგი აირუმიდან საპირისპიროდ მდებარე მხარეზე სიღრმეში შევიდა. „ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ, მდინარის იქითა მხარეს გადაისროლეთ და ლომბალოდან აღმოსავლეთით მდებარე თხემი საჩქაროდ დაიკავეთ“, – ვუპასუხე. მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი ესმის, რომ ერთი ბატალიონი უკვე გაგზავნა, მაგრამ დანარჩენი ძალების განკარგვისა კი ჩვენი ბრძანების გარეშე ეშინოდა. „იმოქმედეთ“, – დავამთავრე საუბარი. პოლკ. გარდაფხაძის ბატალიონმა, საბედნიეროდ, იქითა ნაპირზე გადასვლა მოასწრო და თხემიც სწორედ რომ დროზე დაიკავა, საიდანაც მან მოწინააღმდეგის შემომტევი ნაწილები ცეცხლით მოიგერია. მდგომარეობა გადარჩენილ იქნა.

31 დეკემბერს ღამის 12 საათზე ნაბრძანებ იქნა საბრძოლო მოქმედებები შეგვეწყვიტა და ჩვენ მწარე გრძნობით მოლაპარაკებებს შევუდექით. პოლკ. წულუკიძის უფრო სწრაფი მოქმედებებისას, ასევე რომ არ ყოფილიყო სამტრედიელთა ეშელონის სანდარიში გაჩერება, და ამ ბატალიონის მიერ ორჯერ თვითნებურად თავისი პოზიციების დატოვება, 31 დეკემბერი ჩვენ უკვე ალავერდის ქარხნის იქით შორს გვიხილავდა. 


სომხეთთან ომის დასასრული 

ამრიგად ომი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. თბილისი შემოსევისაგან გადარჩენილ იქნა და მასზე სომხების პრეტენზიები სამუდამოდ მოგვშორდა. მე ვთვლი, სომხები შულავერზე რომ არ ყოფილიყვნენ მილურსმულები, არამედ შემოტევა რომ გაეგრძელებიათ, მაშინ ომი მხოლოდ თბილისის კედლებთანღა იქნებოდა გაჩერებული. თბილისს ჩვენ უეჭველად დავიცავდით, მაგრამ უცხოელი ხელისუფალნი არ მოგვცემდნენ შესაძლებლობას სომხები მდ. ხრამზე უფრო შორს განგვედევნა, და 1921 წელს ძნელად თუ მოვახერხებდით ბოლშევიკებთან საომარი მოქმედებები ომად გადაგვექცია. თბილისი ხრამზე დამარცხებული ჯარების მხრებზე იქნებოდა აღებული. მე ამით მინდა ვთქვა, რომ შულავერის ბრძოლის მოგებამ ჩვენ დედაქალაქიდან უფრო მოშორებული საზღვარი მოგვცა; ამ გარემოებამ მოგვცა შესაძლებლობა 1921 წელს თბილისი ბოლშევიკების მიერ დაუყოვნებლივ დაპყრობისგან გადაგვერჩინა. მთელი შეტაკებები შულავერის ბრძოლამდე არ შეიძლება ჩაითვალოს არა თუ გადამწყვეტ ომად თვით ისეთი პატარა სახელმწიფოებისთვისაც კი, როგორებიც საქართველო და სომხეთია, არამედ უბრალო ომადაც; ისინი შეიძლემა მცირე სასაზღვო შეტაკებების თანრიგს მივაკუთვნოთ. მხოლოდ შულავერის ბრძოლა წარმოადგენს ორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დაჯახებას; აქ სომხეთის თითქმის მთელი შეიარაღებული ძალები ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ ნაწილს შეხვდა. ეს უკანასკნელი გარემოება ამტკიცებს, რომ სომხეთი ემზადებოდა თავდასხმისთვის, ჩვენ კი ეს მზადება თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა. და ეს გახლავთ შეცდომა ჩვენი დიპლომატიისა. მართალია, ზნეობრივი მხრით საზოგადოებრივი სასამართლოს წინაშე ჩვენ მართალი აღმოვჩნდით; ჩვენი სინდისი სუფთა იყო. მაგრამ ძნელად თუ შეძლებს ასეთი მიზანი ისეთი მოქმედებების გამართლებას, რომლებმაც სახელმწიფო კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენეს, და იმ ზედმეტი სისხლისა, რომლის ფასადაც ჩვენ ჩვენი მდგომარეობა გადავარჩინეთ.

უეჭველია, რომ შულავერის ბრძოლა იყო გადამწყვეტი; მოწინააღმდეგე აჩქარებით ტოვებდა პოზიციებს და უმეტესი ნაწილით აირუმის იქით დაიხია, უფრო მცირე ნაწილი კი გაიფანტა და პირდაპირ ალავერდის ქარხნისკენ წავიდა. სომხური ჯარების დიდი ნაწილი დამარცხებული გახლდათ და, რა თქმა უნდა, ბრძოლაში იმ შეუპოვრობის გამოჩენის უნარი უკვე აღარ ჰქონდა, რომელსაც ის ამ ბრძოლამდე იჩენდა. ჩვენ კი, საკუთრივ, შულავერის ბრძოლის შემდეგ მხოლოდ გავშალეთ ჩვენი ძალები და ამასთან სულაც არა ყველა. ამის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩვენ სულაც არა მთელი ჩვენი ძალებით დავამარცხეთ სომხების მთელი ჯარები, მაშინ ომის შემდგომი წარმოებისათვის ჩვენ უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში გახლდით, ვიდრე სომხები. ორგანიზაციის მიხედვით სომხებში 6 პოლკი არსებობდა; მათგან შულავერთან, თუ 31 დეკემბერს მოსულ ძალებსაც ჩავთვლით, 4 პოლკი მონაწილეობდა, შემდეგ მოხალისეთა პოლკი, შულავერელები და ბამბაკის რაიონის ადგილობრივი მოსახლეობაც. ჩვენ კი საქმეში შევიყვანეთ მე-5 პოლკი, მე-6 პოლკის ნაწილი, 5 ქვეით-ცხენოსანი ესკადრონი, 1-ლი დივიზიის ცალკეული ბატალიონი და გვარდია, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-მესამედზე მეტს არ შეადგენდა.

მაინც რა შედეგებს მივაღწიეთ ჩვენი ომით, უეჭველად მოგებულით, რადგანაც შულავერის ბრძოლის შემდეგ ომის წარმატებაში ეჭვის შეტანა აღარ შეიძლებოდა. არ შევჩერდები რა დეტალებზე, მიხდება აღვნიშნო, რომ ის, რაც ჩვენ ომამდე გვქონდა, დავთმეთ. ის, რასაც ჩვენ განუყოფლად ჩვენს ტერიტორიად მივიჩნევდით, სადაოდ ვაქციეთ და ეს მაშინ, როცა ჩვენ იარაღის ძალით ვაიძულეთ მოწინააღმდეგე უარი ეთქვა თავის პრეტენზიებზე. ჩვენი ტერიტორიის დათმობა ან მისი სადაოდ გადაქცევა ხომ ომის გარეშეც შეიძლებოდა, და დიპლომატიური გზითაც. რა საჭირო იყო იარაღისათვის მიგვემართა და სისხლის გვეღვარა? ხოლო თუ მივმართეთ იარაღს, მაშინ დაღვრილი სისხლი მოითხოვს, რომ იგი ღირსეულად იქნას დაფასებული. ეს ნათელი გახლდათ ყველა დროისა და ხალხის დიპლომატებისთვის, თვით იმ დიპლომატებისთვისაც კი, რომლებიც უწინარეს ყოვლისა მხოლოდ თავიანთი მბრძანებლის ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ. გეგონებოდათ, ხალხის წიაღიდან გამოსულ დიპლომატებს, უწინარეს ყოვლისა ხალხის კეთილდღეობით უნდა ეხელმძღვანელათ და არ მიეცათ თავიანთთვის ისეთი ფუფუნების ნება, როგორც საკუთარი ხალხის სისხლის ამაოდ დაღვრაა. რისთვის იქნა დაღვრილი სისხლი? გვეტყვიან – „ჩვენ არ შეგვეძლო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გარემოებები ისეთი იყო, რომ ამ პირობებზე უნდა დავთანხმებულიყავითო“. აი მთელი საქმე ამ „არ შეგვეძლო“-შია და ეს იქნება ყოველთვის, როცა დიპლომატიას საფუძვლად ედება არა ხალხის რეალური ინტერესები, არა რეალური ძალა, არა ჯარი, მისი ძალა და წარმატება, არამედ მიუთითებენ რაღაცნაირ ბუნდოვან, მყიფე საფუძვლებზე, რომლებიც მსგავსია ღაღადისა ინტერნაციონალის პრინციპებისადმი, ხალხთა უფლებებისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, სოციალიზმის პრინციპებისადმი, მარქსისადმი და სხვა. ომის დამთავრების შემდეგ, როგორც კი დემობილიზაციას შეუდგნენ, მე თბილისში გამოვემგზავრე. შემდეგ გადადგომაზე პატაკი მივეცი და განთავისუფლებულ ვიქენი. იყო მცდელობები, რომ სამსახურში დავეტოვებინეთ, შემომთავაზეს სამხედრო მინისტრთან მემსახურა.

* * *

ბედმა ერთი თვის შემდეგ ისევ საომარ მოქმედებათა თეატრზე გამომისროლა და თებერვალში მე კვლავ სამსახურში გახლდით. ახლა მოვყვები შეჯამებას იმის მიხედვით, როგორც ჩემ მიერ იქნა გაკეთებული ჩემს ჩანაწერებში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწის პოსტზე მოწოდებამდე პერიოდში.


თ ა ვ ი VII 


ოფიცერთა კორპუსისადმი დამოკიდებულება და შეიარაღებული ძალის მოწყობის შედეგები 

როგორც უკვე მივუთითებდი, შექმნილი გახლდათ კომისია არმიის რეორგანიზაციის პროექტის შედგენისთვის. ასე ჩანდა, რომ სამხედრო მუშაობისთვის იწვევდნენ სამხედროებს. შემდეგ სამხედრო მინისტრის თანაშემწედ თავიდან გენ. ოდიშელიძის, შემდეგ კი ჩემი დანიშვნა, შეიარაღებული ძალების მოწყობაში სრული დამოუკიდებლობის მოცემით, ამაზევე მიანიშნებდა. თუმცა კი ყველაფერი ეს მითი აღმოჩნდა. ჯარების რეორგანიზაციის პროექტი დასამარებულ იქნა და მისი არც ერთი პრინციპი არ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ ადამიანთა მიერ გახლდათ მიღებული, რომლებიც შემდეგ მთავრობაში შევიდნენ. მინისტრის თანაშემწისათვის მიცემული დამოუკიდებლობა მხოლოდ ცრიელი სიტყვები გამოდგა. სამხედრო მინისტრის თანაშემწე თანდათანობით სამხედრო უწყების სრულიად არაპასუხისმგებელ მომწყობად აღმოჩნდა და სამხედრო მინისტრის უპასუხისმგებლო მრჩევლად გადაიქცა. გამოვლინდა შიში სამხედრო ძალის (არმიის) გაძლიერებისადმი, რის გამოც ღებულობდნენ ზომებს გვარდიული ორგანიზაციის განვითარებისთვის. 

გვარდიულმა ორგანიზაციამ, როცა ის ჯერ კიდევ პატარა ორგანიზაცია გახლდათ, შეძლო მართლწესრიგის შენარჩუნება 1918 წელს, რომელიც ანარქისტული გამოსვლებით ყველაზე უფრო მეტად ხასიათდებოდა. სახელმწიფოს შემდგომ განვითარებასთან და ქვეყნის თანდათანობით დამშვიდებასთან, ანარქისტული გამოსვლების შემცირებასთან ერთად, თითქოსდა შეიძლებოდა ამ ორგანიზაციის შესუსტება, და არანაირად მისი გაძლიერება. ნათელია, რომ ეს ორგანიზაცია საჭირო იყო როგორც სამხედრო ძალის საპირწონე და რომელიღაც ბონაპარტეს გამოჩენის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ეს ორგანიზაცია გახლდათ ხელშემწყობი ხალხში თავიანთი პარტიული საწყისების დანერგვისა და დამტკიცებისთვის; ამ ორგანიზაციას ემყარებოდა ხელისუფლება; როგორც ძველ დროშიც, ყოველგვარი ხელისუფლება იგონებდა თავის საკუთარ დაცვას, პრეტორიანელებს, იანიჩარებს, ოპრიჩნიკებსა და სხვა.

ოფიცრის პიროვნებისადმი დამოკიდებულებაც ასეთივე იყო. გამოჩნდა ასეთი პიროვნების დამცირების ნიშნები. უკვე ლაპარაკობდნენ არმიის დემოკრატიზაციის შესახებ, ჯარისკაცებთან გათანაბრების შესახებ; თანდათანობით ჩამოყალიბდა შეხედულება მათზე, როგოც მუშებზე, და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავს სწირავდნენ სასიკვდილოდ სამშობლოს გადარჩენისთვის. ქართველი ოფიცრები, რომლებიც დაბრუნდნენ სამშობლოში მხურვალე სურვილით, რომ მისთვის ემსახურათ, და ამა თუ იმ მოსაზრებით სამსახურში არ იქნენ დაშვებული, აღმოჩნდებოდნენ გარიყულნი ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, და ეს მაშინ, როცა სხვა ეროვნების ადამიანებისთვის, რუსების, მაჰმადიანების, სომხებისა და ებრაელებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ სოციალისტურ პარტიას მიეკუთვნებოდნენ, პოულობდნენ ადგილებს სახელმწიფო დაწსებულებებშიც, გვარდიის შტაბშიც, მომარაგების კომიტეტსა და სხვა ადგილებშიც. ნდობა ოფიცერთა კორპუსის მხოლოდ რამდენიმე პიროვნების მიმართ ჰქონდათ. ეს გარემოება ყველა ძნელად გადმოსაცემ საქმეში წითელ ძაფად (ხაზად) აღინიშნებოდა. თანამდებობაზე დანიშვნა, წოდებების მომატება ისე ხდებოდა, რომ მკაცრად მიჰყვებოდნენ პრინციპს: იმსახურებს თუ არა დასაწინაურებელი პირი ნდობას სოციალისტური თვალსაზრისით. ასე, კაპ. გედევანიშვილი კაპიტნებიდან ახტა პოლკოვნიკებში, ხოლო შემდეგ კი გენერლებშიც; კაპ. ჯიჯიხიას ასევე ეკატერინენფელდის ბრძოლებისთვის მიანიჭეს პოლკოვნიკობა. სამართლიანი შეფასება არ ყოფილა. პოლკოვნიკებს რატიშვილსა და თავაძეს სომხურ-ქართული ომისთვის, რომელშიც ფაქტიურად არ მონაწილეობდნენ, მიანიჭეს გენერლობა იმისთვის, რომ მათმა ნაწილებმა თავი გამოიჩინეს; მაგრამ ისინი, ვინც ეს ნაწილები თავის გამოჩენამდე მიიყვანეს, დაჯილდოვებულნი არ ყოფილან. მინდა აღვნიშნო, რომ გენ. მაზნიაშვილსა და მე, რომლებსაც გენ. გედევანიშვილმა შულავერის აღების შემდეგ მთავრობის მადლობა გადმოგვცა და მისი სახელის კიდეც გადაგვეხვია, არანაირი ჯილდოები არ მიგვიღია.

ამის შედეგად ოფიცერთა შორის შეირყა რწმენა მათი სამსახურის დაფასების სამართლიანობაში. თანამდებობებზე ირჩევდნენ დამყოლი ხასიათის მქონე პირებს (люди с покладистым характером), ურთიერთობაში მოსახერხებელ (удобные) და ყველაფერზე დამთანხმებელ ადამიანებს. თვით სამხედრო გაზეთსაც კი ისეთ ადამიანებს ანდობდნენ, რომლებიც არა თუ არ იყვნენ სამხედრო ლიტერატურაში ავტორიტეტულნი, არამედ საერთოდაც კი არ იცნობდნენ მას, ე. ი. აქაც საგანგებო მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ. საკანონმდებლო კრების მიერ გამოცემულ იქნა კანონი, რომელიც არმიასა და სამხედროებს პარტიების გარეთ აყენებდა; მიუხედავა ამისა, ბევრი ოფიცერი აგრძელებდა სამხდრო სამსახურში ყოფნას და იმავე დროს პარტიებშიც მუშაობდა. ასეთები გახლდნენ სოსო გედევანიშვილი, ლადო ცაგარელი, ართმელაძე (უმცროსი). სამხედრო მინისტრის თანაშემწე ა. გედევანიშვილი, როგორც უპარტიო პარტიის წევრი (как член беспартийной партии), საარჩევნო სიაში იქნა ჩარიცხული. ასეთი ნებაზე მიშვებით ხელისუფლება თავის ავტორიტეტულობას მხოლოდ ძირს უთხრიდა. 

გამოცდილი სამხედროებისადმი უნდობლობამ წარმოშვა სურვილი რომ სამხედრო სისტემა მოეწყოთ თავად და თავისებურად (по-своему). ეს მოვლენა გრძელდებოდა. ბათუმური ეპოპეის დროს მოხალისეთა ორგანიზაციების ფორმირების მავნებლობისა და მათი გამოყენების უარყოფითი გამოცდილების მიუხედავად, ეს ფორმირებები ქართულ-სომხური ომის დროსაც აგრძელებდნენ არსებობას. მაღალაშვილის კორპუსი, ავალიშვილის რაზმი, კერესელიძის რაზმი და სხვანი.

უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობაში ერთიანობის არარასებობა არა მხოლოდ გრძელდებოდა, არამედ მას ძალაუფლების მქონენიც ხელს უწყობდნენ. სამხედრო საქმის ძირითადი პრინციპების დარღვევა, რომლებსაც ათეულობით წლის მანძილზე ვსწავლობდით, სამხედრო უწყების უმაღლეს ჩინებს შორის ჩვეულებრივი შეიქნა. ეს გასაგებიცაა. ასეთი დარღვევის დამყნობა და წაქეზება ხელისუფალთა მიერ ხდებოდა და სოლიდარული სამხედრო ორგანიზაციის მორყევას უწყობდა ხელს, რაც ასევე უეჭველად ჩვენი ახალი ბელადების მიზანს წარმოადგენდა. არმიის შექმნის სურვილის არაგულწრფელობა სავსებით ნათლად გამოვლინდა და პარტიული გვარდიის შექმნამდე მიგვიყვანა, ხელისუფლების, და მხოლოდ ხელისუფლების საყრდენისა. ეს ორგანიზაცია მალე პრეტორიანულად გადაიქცევა. სამხედრო (საომარ) მოქმედებებში, ჯარების ორგანიზაციის საქმეებში და საერთოდ სამხედრო საქმეებში ჩარევა გრძელდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არა გეგმაზომიერად, არამედ კერძო განკარგულებებით, კერძო ჩარევებით; ბრძოლის ველზე მყოფმა გვარდიის შტაბის წევრებმა ოპერატიულ საქმეებში დაიწყეს ჩარევა, თუმცა კი ცხადდებოდა, რომ მთელი ძალაუფლება აქ სამხედროებს ეძლეოდათ.

გვარდია ბრძოლის ველზე გამოვიდა როგორც საჯარისო ერთეული, დაარღვია რა ამით გვარდიის შესახებ დებულება, რომელიც გერმანელების დროს იყო შედგენილი და რომლის თანახმადაც ის სამხედრო ვალდებულებისგან არ თავისუფლდებოდა; მობილიზაციის დაწყების შემდეგ გვარდიელები თავ-თავიანთ გასაწვევ უბნებში უნდა წასულიყვნენ და, ეს ნიშნავს, რომ არმია უნდა შეევსოთ. შეხედულება სამხედრო ორგანიზაციაზე, რომ მისი შექმნა ნებისმიერ მომენტში ადამიანთა უბრალო შეკრებით შეიძლება, და რომ ჯარების შექმნა ადვილია, განაგრძობდა არსებობას. არმია არ ყოფილა ორგანიზებული მაისიდან დეკემბრამდე დროის განმავლობაში; ნათელია, რომ ამ დარგს ყურადღება არ ექცეოდა; გვარდია კი უკვე ისე შეიქნა ორგანიზებული, რომ ომში გამოვიდა როგორც საჯარისო ერთეული, რა თქმა უნდა, უარყოფითი ტიპისა. გვარდიამ, როგორც საბრძოლო ორგანიზაციამ, საკუთარი თავი უარყოფითი მხრით წარმოაჩინა. გამოჩნდა მმართველი პარტიის გარკვეული ნაწილის გამოფხიზლება ჯარის მოწყობის საქმის თავად სამხედროებისთვის ჩაბარების აზრით, მაგრამ ის გაიყინა; იძალა მმართველი პარტიის სხვა ნაწილის მიმდინარეობამ, სახელდობრ კი იმან, რომ სამხედროებისთვის დამოუკიდებლობა არ მიეცათ, არამედ ყველაფერი თვითონ გაეკეთებინათ. გვარდიულმა ორგანიზაციამ დაიწყო განვითარება და მასში უკვე მყარდებოდა (მკვიდრდებოდა) შეხედულება სახელმწიფოში ძალაუფლების მიტაცებისა და ჰეგემონიის შესახებ. იძენდა რა ორგანიზაციას, ვითარდებოდა და ხდებოდა რა უფრო ძლიერი, მან დაიწყო ფაქტიური ძალაუფლების ხელში ჩაგდება ადგილებზე და ბატონობა (довлеть) სახელმწიფო ცხოვრების ყველა დარგში. გვარდიის შტაბი ერეოდა არმიის საქმეებში, მაგრამ უკვე პირადი ზეწოლის გზით; 1919 წლის შემოდგომაზე ის მიიღებს არმიის საქმეებში ჩარევის იურიდიულ უფლებას, და იმავე დროს არ დაუშვებს თავის საქმეებში სამხედროების ჩარევას, თვით ტექნიკური სპეციალისტებისაც კი. მე უკვე მივუთითე, საბრძოლო მოქმედებების აღწერისას, მისი უარყოფითი მხარეები. მაგრამ ის ჯერ კიდევ საბოლოოდ გარყვნილი არ ყოფილა; ის ჯერჯერობით არ აყენებდა მოთხოვნებს, ხოლო მისი ხელმძღვანელები კი ჯერ გაუბედავ ნაბიჯებს დგამდნენ საბრძოლო მოქმედებებში ჩარევისა.

რევოლუციის ცალკეული ბელადების თვითშეწირვა (самопожертвование) როგორც ზოგად საორგანიზაციო მუშაობაში, ისე კრიტიკულ მომენტებშიც იმავე გულმხურვალებით გრძელდებოდა, ზოგჯერ პირადი რისკითაც, და ეს უნდა აღინიშნოს. ეკატერინენფელდში მდგომარეობა მაისურაძის, ჯუღელისა და სხვათა წყალობით იქნა გადარჩენილი. მაგრამ უკვე გამოჩნდა უარყოფითი მხარეებიც. ძალაუფლება ყველას აფუჭებს; ის აცდუნებს და წამლავს. ძალაუფლების მქონენი თანდათანობით უკვე აღარ არიან ის ადამიანები და ხელმისაწვდომები, როგორებიც ადრე გახლდნენ. უკვე იგრძნობიან შჩედრინისეული გუბერნატორები და მინისტრები. ახალი მინისტრები უკვე იწყებდნენ წინააღმდეგობის (არდათანხმების) აუტანლობას, თუმცა კი ჯერჯერობით ამის ღიად გამოხატვისა რცხვენიათ. გარდა ამისა, მათგან, უწინარეს ყოვლისა, პარტიულობის ნიავი უბერავდა, და მხოლოდ შემდეგ თითქოსდა ფიქრობდნენ სახელმწიფოზე.


თ ა ვ ი VIII 


ისევ თადარიგში 

ამრიგად, 1919 წლის იანვარში მე გადავდექი. გარკვეული დროის შემდეგ მივიღე ოფიციალური წერილი სამხედრო მინისტრისგან. მოვიყვან მას სიტყვა-სიტყვით. 

„ღრმადპატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. ეპოქა, რომელშიც ჩვენი ახალგაზრდა რესპუბლიკა ცხოვრობს, აღსავსეა მწვავე პოლიტიკური და სამხედრო მოვლენებით იმ გახურებული აღმშენებლობითი მუშაობის პერიოდში, რომელიც სახელმწიფო მშენებლობისა და სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენაა მიმართული, რაც მოქალაქეებისგან მთელი ძალების დაძაბვასა და ზემოხსენებულ მიმართულებებში მათი ცოდნის, გამოცდილებისა და პატრიოტიზმის გამოყენებას მოითხოვს. ქართულ-სომხურმა ომმა, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის მტრების მიერ იყო გამოწვეული და რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევაზე მიმართული, ჩვენი ჯარების გმირობისა და მათი უფროსების ნიჭიერი ხელმძღვანელობის წყალობით, არა მარტო ვერ მიაღწია თავის მიზანს, არამედ მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ორგანიზებულობა, შეკრულობა, პარიოტიზმი და სხვა დადებითი თვისებები გამოგვევლინა, რომლებიც ქართველი ხალხისთვისაა დამახასიათებელი, და მათ მხოლოდ განამტკიცეს ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობა. ვხედავ რა თქვენში სამხედრო საქმის ჩინებულ მცოდნეს, სამშობლოსადმი ღრმად ერთგულ მოქალაქესა და ნიჭიერ სამხედრო ხელმძღვანელს, გარდა ამისა, ყურადღებას მივაპყრობ რა თქვენს უმაღლეს ხარისხად სასარგებლო საქმიანობას მინისტრის ყოფილი ამხანაგისა და ქართული ჯარების სარდლის სახით, აგრეთვე ქართულ-სომხური ომის მონაწილისა – მოგმართავთ თხოვნით უარი არ თქვათ იმაზე, რომ აიღოთ საკუთარ თავზე შრომა ქართულ-სომხური ომის ისტორიის შედგენისა, რომელი შრომითაც თქვენ დაიმსახურებთ მთელი ქართველი ხალხის გულწრფელ მადლიერებას. ომის ისტორიის შედგენისთვის აუცილებელი თანამშრომლები თქვენს განკარგულებაში იქნებიან გადმოცემულნი, როგორც თქვენი მითითებით, ისე გენერალური შტაბისა და მოქმედი არმიის სარდლობის შემადგენლობის რეკომენდაციით. სავსებით დარწმუნებული თქვენს მზადყოფნაში აიღოთ საკუთარ თავზე აღნიშნული სამუშაოს შესრულება, გთხოვთ მიიღოთ რწმუნება თქვენდამი ჩემს პატივისცემასა და გულწრფელ კეთილგანწყობაში.

საქართველოს სამხედრო მინისტრი                                         გ. გ ი ო რ გ ა ძ ე

წერილი დათარიღებულია 1919 წლის 12 იანვრით.

ამ დროს მე ვიწექი ავადმყოფი, რადგანაც ქართულ-სომხური ომის უკანასკნელ დღეებში გავცივდი. მე საერთოდ რკინის ჯანმრთელობა მქონდა და იშვიათად ვავადმყოფობდი. მაგრამ დიდმა 4-წლიანმა კამპანიამ (1914–1918), როგორც ჩანს, თანდათანობით შეარყია ჩემი ჯანმრთელობა, ხოლო რევოლუციის პირობებმა, შემდეგ კი გადადგომამ, რომელმაც უკიდურესობამდე შეზღუდა ჩემი მატერიალური სახსრები, კიდევ უფრო მოარყიეს იგი. 1918 წელს სამხედრო მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის დროს მე ისე დავიღალე მუშაობისაგან, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ, გავემგზავრე რა სოფელში, პირველ ორ კვირას მე ყოველდღიურად დღეღამეში 10–12 საათს მეძინა, სულ დასვენება მინდოდა. როცა ავადმყოფობისგან გამოვკეთდი, მე ხელი მივყავი ქართულ-სომხური ომის ისტორიის შედგენას, მაგრამ მისი დასრულება ვეღარ მოვახერხე და თებერვლის შუა რიცხვებში მთავრობის თავმჯდომარემ მთხოვა კვლავ სამსახურში შესვლა და გენ. მაზნიაშვილთან შტაბის უფროსად გამგზავრება, ახალციხის ფრონტზე, სადაც საქმეებმა მეტად არასასურველი ხასიათი მიიღო (где дела приняли более чем неблагоприятный оборот).

* * *

ამ დროის მანძილზე მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენს ბელადებს ახასიათებს. არ მახსოვს, რომელ რიცხვში, ღამით, 12 საათზე, და შეიძლება, უფრო გვიანაც, იმ სახლის სადარბაზოსთან, სადაც ვცხოვრობდი, მოვიდა ავტომობილი, ხოლო შემდეგ კი ზარიც გაისმა. მე უკვე მეძინა. ავდექი, ვკითხე ფანჯრიდან, რაშია საქმე. სამხედრო მინისტრის ადიუტანტმა მიპასუხა, რომ მთავრობის თავმჯდომარე და სამხედრო მინისტრი მთხოვენ სასახლეში მივიდე. მე საჩქაროდ ჩავიცვი და გავემგზავრე. მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში ამ დროისთვის შეიკრიბნენ: ნ. ნ. ჟორდანია, ე. პ. გეგრეჭკორი, მისი ამხანაგი, სამხედრო მინისტრი, გენ. ზაქარიაძე, ვინ იყო კიდევ, აღარ მახსოვს. ნ. ნ. ჟორდანიამ გვიამბო იმის შესახებ, რაც მოხდა გაგრის ფრონტზე, სადაც მოხალისეები მოულოდნელად შეტევაზე გადმოვიდნენ და რამდენიმე ასეული ჩვენი გვარდიელი ტყვედ ჩაიგდეს. ძალზე აშფოთებდათ ეს მდგომარეობა; ჩვენ, როგორც ყოველთვის, ჯარები არ გვყავდა. მე ვიქენი მიწვეული, როგორც ჩანდა, ან იქ დასანიშნად, ან კიდევ რჩევისათვის. ყოველ შემთხვევაში მეკითხებოდნენ, თუ პოზიციების დაკარგვის გათვალისწინებით როგორ მოვქცეულიყავით. მე ვურჩიე, თუ სახელდობრ სად დაეწყოთ ჯარების თავმოყრა, რუკაზე მივუთითე რაიონი და მათი ყურადღება იმაზე მივაქციე, რომ მოწინააღმდეგესთან უფრო ახლოს ჯარების თავმოყრა არ შეიძლება, რათა ქართულ-სომხური ომის დასაწყისის მოვლენები არ განმეორდეს. ამ დროს მოვიდა სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. ა. გედევანიშვილი. მე ვიგრძენი, რომ ჩემი ყოფნა მას ავიწროვებს (აწუხებს). და მართლაც, არის სამხედრო მინისტრის თანაშემწე, რომელიც სულ ახლახანს ქართულ-სომხური ომის დროს მთავარსარდლის თანამდებობას ასრულებდა, ხოლო რჩევისთვის კი თადარიგიდან იწვევენ ადამიანს. მიკერძოების გარეშე ვთქვათ. თუ ჩემი რჩევა იმ ადამიანის რჩევაზე უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია, რომელიც ფაქტიურად სამხედრო უწყების სათავეში დგას, მაშინ ნათელია, რომ ასეთი უკვე დიდი ხანია ჩემით უნდა შეეცვალათ. რა თქმა უნდა, გენ. გედევანიშვილის მდგომარეობა საჩოთირო იყო, და მე მის ადგილზე აუცილებლად გადავდგებოდი (თადარიგში წავიდოდი). მდგომარეობა, რომელიც მისთვის შეიქმნა, ხომ იმ პასუხისმგებელი მინისტრის მდგომარეობის ანალოგიურია, რომელსაც პარლამენტი უნდობლობას უცხადებს. მე სავსებით მესმოდა მისი და ტაქტით ვიქცეოდი. ვკითხე მას მომავალი მოქმედებების შესახებ. მან გამოთქვა, რომ მოხალისეები უფრო წინ აღარ წამოვლენ, მაგრამ თუ მათ დასახვედრად უნდა მოვემზადოთ, მაშინ ჯარებს თავი ამა და ამ რაიონში უნდა მოვუყაროთო. დასრულებისას მან თქვა: „ჩემი აზრით ასეა, აქ რას იტყვიან, არ ვიცი“, – და ხელით ჩემ მხარეს უჩვენა. მის მიერ ჯარების თავმოყრის ის რაიონი იყო დასახელებული, რომელიც მე ამის წინ მივუთითე. „თქვენ ეთანხმებით ამას?“ – მკითხა ნ. ნ. ჟორდანიამ. ზოგიერთი დებულება, რომლებიც გენ. ა. გედევანიშვილმა გამოთქვა, ჩემს შეხედულებებს არცთუ სავსებით შეესაბამებოდა, მაგრამ მე, მსურდა რა ტაქტიანი ვყოფილიყავი და არასაჭირო კამათებით მისი ავტორიტეტი არ შემელახა, მით უმეტეს, რომ არსი ერთი და იგივე გახლდათ, ვთქვი: „სრულებით ვეთანხმები“. ჩვენ დავიშალეთ.

მე სახლში წამოვედი და ვფიქრობდი. გასული წლის ზაფხულიდან ვარ დაწუნებული; სამსახურში არ მეძახიან, ღამით კი საწოლიდან მაყენებენ, რათა ჩემი რჩევა მოისმინონ, თან სამხედრო საქმის საყოველდროისო (всегдашний) ხელმძღვანელი ჰყავთ გენ. ა. გედევანიშვილისა და სხვების სახით. რატომ დამიძახეს მარტო მე? რატომ აღარ გაგრძელდა მსჯელობა ამ საკითხზე მას შემდეგ, როგორც კი მე გენ. გედევანიშვილს დავეთანხმე, საქმეს ხომ სულ ახალი შემდგარები ვიყავით? თუ ჩემი რჩევა ა. გედევანიშვილის რჩევაზე უფრო ფასეულად მიაჩნიათ, მაშინ რატომ მსახურობს ის, ხოლო მე კი თადარიგში ვარ? მე საკითხის იურიდიულ მხარეზე არ ვლაპარაკობ. ამაზე არის პასუხი. „თქვენ გადადექით, ესე იგი სამსახური არ გინდათ“. საქმე საკითხის არსშია. მე მივედი დასკვნამდე, რომ გენ. ა. გედევანიშვილს გადადგომაზე პატაკი არ დაუწერია, როგორც ამას ფრონტზე თავისი ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს მეუბნებოდა. როგორც ჩანს, ის მაშინ მე მცდიდა, ხომ არ ვეძიებ მის თანამდებობას, და ვისარგებლებ რა იმ სახელით, რომელიც მე ქართულ-სომხურმა ომმა შემიქმნა, და მთავრობის ჩემდამი კეთილსასურველი დამოკიდებულებით, ხომ არ წარვმართავ კამპანიას მის წინააღმდეგ. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მას ამ თანამდებობაზე მჯდარიყო და არ შეეძლო დაეშვა აზრი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე მის თანამდებობას. შემდეგში მე კიდევ მქონდა იმის მტკიცებულებანი, რომ მას არასოდეს უნდოდა წასვლა ამ პოსტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არწმუნებდა, რომ იგი მუდმივად გადადგომაზე წერს პატაკს, მაგრამ რომ მას არ უშვებენ. მე ერთხელ მას კიდეც ვუთხარი, რომ არ ღირს გადადგომაზე პატაკის 6-ჯერ მიცემა (იგი სწორედ რომ ამბობდა, რომ 6-ჯერ დაწერა პატაკი გადადგომაზე, და სრულებით დაავიწყდა, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე მანვე მითხრა, რომ 4-ჯერ ჰქონდა მიცემული გადადგომაზე პატაკი); საჭიროა ეს პატაკი მისცე ერთხელ და წახვიდე. ასეთი პოსტიდან წასვლა ძალზედ სერიოზული საკითხია, რათა ეს ისე გააკეთო, რომ ყველა გარემოება არ აწონ-დაწონო. ვაგრძელებდი რა ფიქრებს პირადად ჩემთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ, მივედი დასკვნამდე, რომ მთავრობა სიამოვნებით გამაჩერებს სამსახურში, მაგრამ მხოლოდ არა ისეთ თანამდებობაე, სადაც მას მოუხდება ანგარიშს მიწევდეს, ანგარიშს უწევდეს ჩემს მოსაზრებებს, და სადაც, შესაძლოა, ხშირად უწევდეს ჩემთვის დათმობა. გაცილებით უფრო მოსახერხებელია თავიანთ სიახლოვეში ჰყავდეთ ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ძვირფასი იქნება თავისი ადგილი; ასეთი ადამიანი იქნება დამთმობი და გააკეთებს ყველაფერს, რასაც მას მიუთითებენ. მაგრამ ჩვენ ვიცით სამყაროსავთ ძველი და სწორი წესი, რომ საქმისათვის ყველაზე უფრო მავნე ის მოსამსახურენი არიან, ვისთვისაც ძვირფასია თავისი ადგილი. შექმნილი მდგომარეობა კი ძალზე მოსახერხებელი იყო ყველა მიმართებით. სამხედრო მინისტრის თანაშემწის მხრიდან არ იქნება არანაირი წინააღმდეგობა შეიარაღებული ძალების მოწყობაში და, ამის შედეგად, ისინი მას ისე მოაწყობენ, როგორც მათთვისაა სასურველი. ხოლო თუ გასაჭირი მოითხოვს კვინიტაძეს, მაშინ მას გაიწვევენ და ყოველთვის მიაღწევენ მის თანხმობას. დიახ, ამაში ისინი მართლები იყვნენ; მე არასოდეს მივცემდი თავს უფლებას უარი მეთქვა სამსახურზე, როგორი მძიმე მდგომარეობაც არ უნდა ყოფილიყო. ჩემი ოცნებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ჩემი ძალების შესაბამისი დახმარების გაწევა, წმინდა მოვალეობა გახლავთ ჩემთვის. მე მას ყოველთვის ვამტკიცებდი კიდეც ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო პოსტებზე და ყველაზე უფრო კრიტიკულ წუთებში მათი დაძახებისას; არასდროს არ ვვაჭრობდი, არამედ მდუმარედ შევუდგებოდი საქმეს. სიტყვას „ვვაჭრობდი“ მე ვიყენებ არა ჩემთვის პირადად ამა თუ იმ შეღავათების გამოთხოვის აზრით, არამედ იმისა, რათა მეიძულებინა ისინი ჩემთვის დაეთმოთ იმ უთანხმოებებში, რომელთა გამოც მე გადავდგებოდი (თადარიგში მივდიოდი).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა