სახმელეთო ჯარებში იმ ხანებში მოითვლებოდა ოთხი დივიზია (მექანიზებული, ორი მოტოქვეითი და ქვეითი), 43 ცალკეული ბრიგადა (15 ჯავშანსატანკო, 16 მექანიზებული, ცხრა ქვეითი და სამიც «კომანდოსის»), ხუთი ცალკეული პოლკი (მოტოქვეითი, ორი ქვეითი და ორიც «კომანდოსის»), სამი სასწავლო დივიზია (ჯავშანსატანკო და ორიც ქვეითი), საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. ყველა ისინი შეყვანილი იყვნენ ოთხ საველე არმიაში, ორ ცალკეულ საარმიო კორპუსში, სასწავლო სარდლობასა და ზურგის სარდლობაში (ნახ. 1 /სტრუქტურა/).
[ნახატი]
ნახ. 1. თურქეთის სახმელეთო ჯარების საორგანიზაციო სტრუქტურა
საველე არმიების სარდლებისა და საარმიო კორპუსების მეთაურების უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა 203,2-მმ ჰაუბიცების, 175-მმ თვითმავალი ზარბაზნებისა და 155-მმ ჰაუბიცების დაახლოებით 30 საარტილერიო დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), 20-მდე საზენიტო და საზენიტო-სარაკეტო დივიზიონი, 25-ზე მეტი საინჟინრო ბატალიონი, საარმიო ავიაციის სამი პოლკი და ათი ბატალიონი, კავშირგაბმულობის 15 ბატალიონი, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.
სახმელეთო ჯარების საერთო ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა სარდალი (არმიის გენერალი), რომელსაც ნიშნავდა მინისტრთა საბჭო, გენერალური შტაბის უფროსისა და ეროვნული თავდაცვის მინისტრის წინადადებით, და ამტკიცებდა ქვეყნის პრეზიდენტი. იგი უშუალოდ გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდა და სახმელეთო ჯარების მშენებლობაზე, დაკომპლექტებაზე, საბრძოლო მომზადებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე აგებდა პასუხს. გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ხელმძღვანელობას სარდალი ახორციელებდა შტაბის მეშვეობით (ქ. ანკარა). შტაბის უფროსი (კორპუსის გენერალი) – გახლდათ მისი პირველი მოადგილე. იგი ხელმძღვანელობდა შტაბის სამმართველოებს, პასუხს აგებდა სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნაზე, საბრძოლო საშუალებების დაგეგმვასა და გაანგარიშებაზე, ბიუჯეტის განსაზღვრაზე, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შერჩევასა და შესყიდვაზე, გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებაზე, ახორციელებდა ურთიერთმოქმედებას ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების სარდლობასთან სამხრეთ-ევროპული ომთ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სჰძ-ისა და სზძ-ის შტაბებთან, აგრეთვე სამინისტროებთან და სამოქალაქო უწყებებთან.
1990-იანი წლების შუახანებისთვის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში (სამობილიზაციო მარაგების გათვალისწინებით) იმყოფებოდა დაახლოებით 4000 საბრძოლო ტანკი (300 «ლეოპარდ-1A3» /ნახ. 2/, 1980 M48A5, 1130 M48A2, 500 M47); საველე არტილერიის 4200-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (830 105-მმ ჰაუბიცა M101A1, 104 150-მმ ჰაუბიცა «შკოდა», 500 155-მმ ჰაუბიცა M114A1, 150 155-მმ ზარბაზანი M59, 156 203,2-მმ ჰაუბიცა M115, 300 105-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M52, 26 105-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M108, 162 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109, 34 175-მმ თვითმავალი ზარბაზანი M107, 24 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M110, 20 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა /ზცრს/ MLRS); 81, 106,7 და 120 მმ ყალიბების 1900-ზე მეტი ნაღმსატყორცნი; 4000-მდე ჯავშანტრანსპორტერი (2460 M113, 600 M2 და M3, 300 БТР-60, 80 AIFV, ნახ. 3, 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი «თოუ», «მილანი» და «კობრა»); 75 და 106 მმ ყალიბების 2500-მდე უუკუცემო ქვემეხი; 20, 35 და 40 მმ ყალიბების დაახლოებით 1300 საზენიტო არტილერიის ქვემეხი, 12 საზენიტო სარაკეტო დანადგარი «რაპირა» (ნახ. 4), საარმიო ავიაციის 168 თვითმფრინავი და 323 ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა სამხედრო ტექნიკა.
სახმელეთო ჯარების უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენდა საველე არმია, რომლის სარდალიც (არმიის გენერალი) უშუალოდ ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარების სარდლობას. ჯარების მართვაში მისი ოპერატიული ორგანო გახლდათ შტაბი (შტაბის უფროსი, ორი მოადგილე და ოთხი განყოფილება: პირადი შემადგენლობის, სადაზვერვო, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, ზურგის). ჯართა გვარეობებისა და სამსახურების უფროსები მათდამი დაქვემდებარებულ განყოფილებებთან და სარდლობებთან ერთად განყოფილებების უფროსების უფლებით შედიოდნენ არმიის შტაბის შემადგენლობაში.
საველე არმია პასუხისმგებლობის რაიონისა და მისი საბრძოლო დანიშნულების მიხედვით, შეიცავდა ორ-ოთხ საარმიო კორპუსს, ცალკეულ შენაერთებს, საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.
უმაღლესი ტაქტიკური შენაერთი გახლდათ საარმიო კორპუსი, რომელსაც შეეძლო მოქმედება როგორც არმიის შემადგენლობაში, ისე დამოუკიდებლადაც. მასზე დაკისრებული ამოცანებისა და საბრძოლო დანიშნულების რაიონის მიხედვით მასში შედიოდნენ ერთი-ორი დივიზია ან სამი-რვა ცალკეული ბრიგადა, საარტილერიო პოლკი, საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.
ქვეითი დივიზია (დაახლოებით 15 ათასი ადამიანი) 1990-იან წლებში შეიცავდა მეთაურობას, სამ ქვეით პოლკს (სამ-სამი ქვეითი ბატალიონი), საარტილერიო პოლკს (უშუალო მხარდაჭერის სამი საარტილერიო დივიზიონი, საერთო მხარდაჭერის ერთი საარტილერიო დივიზიონი და საზენიტო საარტილერიო ბატარეა), სამ ბატალიონს (სატანკო, მესანგრეთა და კავშირგაბმულობის), სამ ასეულს (საშტაბო, სადაზვერვო და ტანკსაწინააღმდეგო), აგრეთვე დივიზიის ზურგს. შეიარაღება გახლდათ: 50 საბრძოლო ტანკი, საველე არტილერიის 70 ქვემეხი, 180 ნაღმსატყორცნი, 150 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათ რიცხვში 70 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი /ტსრკ/), საზენიტო არტილერიის 30 ქვემეხი, 60 გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (გზრკ).
მოტოქვეით დივიზიას (14 ათას ადამიანზე მეტი) გააჩნდა შტაბი, ორი ქვეითი, ჯავშანსატანკო (ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები) და საარტილერიო პოლკები, სამი ბატალიონი (სატანკო, მესანგრეთა და კავშირგაბმულობის), სამი ასეული (საშტაბო, სადაზვერვო და ტანკსაწინააღმდეგო), ზურგის ქვედანაყოფები. შეიარაღებაში გააჩნდა: 130 საბრძოლო ტანკი, 130 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) და ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), საველე არტილერიის 70 ქვემეხი, 130 ნაღმსატყორცნი, 130 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათ რიცხვში 60 ტსრკ), საზენიტო არტილერიის 30 ქვემეხი, 75 გზრკ.
მექანიზებული დივიზია (დაახლოებით 11 ათასი ადამიანი) მოიცავდა შტაბსა და ორ მექანიზებულ ბრიგადას. შეიარაღებაში მას გააჩნდა: 200 ტანკი, 300 ქსმ და ჯტრ, საველე არტილერიის 70 ქვემეხი, 90 ნაღმსატყორცნი, 120 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათგან 60 ტსრკ), საზენიტო არტილერიის 16 ქვემეხი, 45 გზრკ.
1990-იანი წლების შუახანებისთვის სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენდა ბრიგადა (ქვეითი, მექანიზებული, ჯავშანსატანკო), რომელიც საბატალიონო საფუძველზე გახლდათ ორგანიზებული. მაშინ ახლად მიღებული საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის თანახმად ცალკეული ბრიგადები იყვნენ შემდეგი საბრძოლო შემადგენლობის.
ცალკეულ ქვეით ბრიგადას (დაახლოებით 6 ათასი ადამიანი) გააჩნდა შტაბი, საშტაბო ასეული, ოთხი ქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონები (41 ტანკი), 105 და 155 მმ ყალიბების ორი საარტილერიო დივიზიონი, საზენიტო-საარტილერიო ბატარეა, ხუთი ასეული (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, მესანგრეთა, ტსრკ-ების, რომელშიც ჰქონდათ 18 გასაშვები დანადგარი /გდ/, და კავშირგაბმულობის), ზურგის ქვედანაყოფები (საარტილერიო-ტექნიკური მომარაგების ასეული, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო, სამედიცინო და საინტენდანტო ასეულები). მისი შეიარაღება იყო: 50 ტანკი, ხუთი ჯტრ, საველე არტილერიის 36 ქვემეხი, 70 ნაღმსატყორცნი, 70 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათ რიცხვში 40 ტსრკ), საზენიტო არტილერიის რვა ქვემეხი, 35 გზრკ.
ცალკეული მექანიზებული ბრიგადა (5 ათას ადამიანზე მეტი) მოიცავდა შტაბს, საშტაბო ასეულს, ორ მოტოქვეით ბატალიონს (თითოეულში 44 ჯტრ), ორ სატანკო და ერთ სადაზვერვო ბატალიონებს (უკანასკნელში 23 ტანკი), თვითმავალი ჰაუბიცების ორ საარტილერიო დივიზიონს (18-18 ქვემეხით), თვითმავალ საზენიტო-საარტილერიო ბატარეას. შეიარაღება: 100 ტანკი, 200 ჯტრ და ქსმ, საველე არტილერიის 36 ქვემეხი, 50 ნაღმსატყორცნი, 80 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათგან 30 ტსრკ), საზენიტო არტილერიის რვა ქვემეხი, 40 გზრკ.
ცალკეულ ჯავშანსატანკო ბრიგადას (5 ათას ადამიანზე მეტი) გააჩნდა შტაბი, საშტაბო ასეული, სამი სატანკო და ორი მოტოქვეითი ბატალიონი, 105 და 155 მმ ყალიბების ორი საარტილერიო დივიზიონი, თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო ბატარეა, სადაზვერვო ასეული (შვიდი ტანკი). მის შეიარაღებაში შედგებოდა: 130 ტანკი, 170 ქსმ და ჯტრ, საველე არტილერიის 36 ქვემეხი, 36 ნაღმსატყორცნი, 60 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათ შორის 30 ტსრკ), საზენიტო არტილერიის რვა ქვემეხი, 40 გზრკ. მექანიზებული და ჯავშანსატანკო ბრიგადების დანარჩენი ქვედანაყოფები შეესაბამებოდა ქვეითი ბრიგადის სტრუქტურას.
«კომანდოსის» ცალკეული ბრიგადა (6 ათასი ადამიანი) მიეკუთვნებოდა სპეციალური დანიშნულების ჯარებს და განკუთვნილი გახლდათ სადაზვერვო-დივერსიული ამოცანების შესრულებისთვის, აგრეთვე ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და სხვა ძირგამომთხრელი აქციების ჩატარებისთვისაც. მის შემადგენლობაში იყო შტაბი, «კომანდოის» ოთხი ბატალიონი და საარმიო ავიაციის ბატალიონი. შეიარაღებაში მას გააჩნდა: 145 ნაღმსატყორცნი, 45 ტანკსაწინააღდეგო საშუალება (ექვსი ტსრკ-ის ჩათვლით), 25 გზრკ.
რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სახმელეთო ჯარების მშვიდობიანობის დროის დაჯგუფება 1990-იანი წლების შუახანებისთვის შეესაბამებოდა ნატო-სა და თურქეთის გეგმების მოთხოვნებს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე საომარი მოქმედებების წარმოებაში. აღმოსავლეთ თრაკიასა და შავი ზღვის სრუტეების ზონაში განლაგებული იყო სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ძლიერი გაერთიანება – 1-ლი საველე არმია. მის შემადგენლობაში იმ ხანებში შედიოდნენ მე-2, -3, -5 და 15-ე საარმიო კორპუსები (ერთი დივიზია და 17 ცალკეული ბრიგადა). მის გარდა, ბალკანეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე შეიძლებოდა გამოეყენებიათ მე-4 (ეგეოსის) საველე არმია (ერთი სასწავლო დივიზია და ორი ცალკეული ბრიგადა) და 11-ე ცალკეული კორპუსი (ორი დივიზია), რომელიც კუნძულ კვიპროსზე გახლდათ დისლოცირებული. ამ სტრატეგიულ მიმართულებაზე მოქმედებებისთვის განკუთვნილი დაჯგუფება თურქეთის სახმელეთო ჯარების დივიზიებისა და ბრიგადების 50 %-ზე მეტს შეიცავდა. მას ღიად შეტევითი ხასიათი ჰქონდა. მის შემადგენლობაში შეიძლებოდა ყოფილიყო თითო მექანიზებული, მოტოქვეითი და ქვეითი დივიზია, ცხრა ჯავშანსატანკო, ექვს მექანიზებულ და ექვს ქვეით ბრიგადამდე, და «კომანდოსის» ორ ბრიგადამდე. დაჯგუფების შეიარაღებაში შედგებოდა 2000-ზე მეტი ტანკი, საველე არტილერიის დაახლოებით 3500 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1400 ჯავშანტრანსპორტერი. საავიაციო მხარდაჭერისთვის ბალკანეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე განკუთვნილი გახლდათ 1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა, რომელსაც თავის შემადგენლობაში ჰყავდა 500-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი.
ამიერკავკასიის სახელმწიფოებთან საზღვარზე გაშლილი იყო მე-3 საველე არმია (მე-8 და -9 საარმიო კორპუსები, ორი ცალკეული ბრიგადა), სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (სირიასთან, ერაყთან და ირანთან საზღვრისპირა რაიონებში) – მე-2 საველე არმია (მე-6 და -7 საარმიო კორპუსები). საომარი მოქმედებების მსვლელობისას მე-2 საველე არმიის ზოგიერთი შენაერთი შეიძლებოდა გამოეყენებიათ სხვა სტრატეგიულ მიმართულებებზე, მათ რიცხვში ბალკანეთის მიმართულებაზეც.
თურქეთის სახმელეთო ჯარების დაჯგუფებას კავკასიის სტრატეგიულ მიმართულებაზე 1990-იანი წლების შუახანებისთვის თავის შემადგენლობაში ჰყავდა ერთი მოტოქვეითი დივიზია, ექვსი ჯავშანსატანკო, ათი მექანიზებული და სამი ქვეითი ბრიგადები, «კომანდოსის» ერთი სამთო ბრიგადა (მათ შორის შვიდი ბრიგადა მე-2 საველე არმიის შემადგენლობაში). ამ დაჯგუფების შეიარაღებაში იმყოფებოდა 1500-ზე მეტი ტანკი, საველე არტილერიის დაახლოებით 2500 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1100-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი. კავკასიის სტრატეგიულ მიმართულებაზე სახმელეთო ჯარების დაჯგუფებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა ეკისრებოდა ამ რაიონში დისლოცირებულ მე-2 ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას, რომელსაც იმ ხანებში თავის შემადგენლობაში ჰყავდა 270-მდე საბრძოლო თვითმფრინავი (ნახ. 5 /რუკა/).
[ნახატი]
ნახ. 5. თურქეთის სახმელეთო ჯარების დისლოკაცია
ნატო-ს სარდლობა 1990-იან წლებში თურქეთს განსაკუთრებულ ადგილს გამოუყოფდა ბლოკის სამხრეთ ფლანგის განმტკიცებაში. ეს განპირობებული გახლდათ უწინარეს ყოვლისა მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ვინაიდან ის უშუალოდ ესაზღვრებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს, აგრეთვე ახლო და და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომლებში არასტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარება იყო შენარჩუნებული. გარდა ამისა, თურქეთი აკონტროლებდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიჯნას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე – შავი ზღვის სრუტეების ზონას. მას ნატო-ში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი არმია (სახმელეთო ჯარები) ჰყავდა და მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსებიც გააჩნდა.
მექანიზებულ და ჯავშანსატანკო შენაერთებსა და ნაწილებს ჰქონდათ პირადი შემადგენლობის ჯავშანდაცულობის შედარებით მაღალი დონე, დამრტყმელი და მანევრული შესაძლებლობები. თურქეთის სახმელეთო ჯარების ძლიერ მხარეებს მიეკუთვნებოდა პირადი შემადგენლობის განსწავლულობისა და სამხედრო დისციპლინის საკმარისად მაღალი დონე, მრავალრიცხოვანი მომზადებული რეზერვის არსებობა და ინფრასტრუქტურის განვითარებული სისტემა.
თურქეთის სახმელეთო ჯარების სუსტ მხარეებს 1990-იანი წლების შუახანებში წარმოადგენდა: შენაერთებში ბირთვული იარაღის მიტანის სარაკეტო საშუალებების არარსებობა; საბრძოლო შემადგენლობაში სხვადასხვა ტიპის (разнотипные) დივიზიებისა და ბრიგადების ყოლა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან თავიანთი დამრტყმელი და საცეცხლე შესაძლებლობებით; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საშუალებათა მარაგების ნატო-ში მიღებულ სტანდარტებთან შეუსაბამობა (მტუ-ის ძირითად სახეობათა მიხედვით მარაგები არ აღემატებოდა 30 დღეღამის მოთხოვნილებებს აუცილებელი 90 დღეღამის ნაცვლად); შეიარაღებაში მნიშვნელოვანი რაოდენობით მოძველებული ტექნიკის არსებობა; სუსტი საჯარისო საჰაერო თავდაცვა (ჰთ). თურქეთის სახმელეთო ჯარებისთვის ნეგატიურ ფაქტორად რჩებოდა აგრეთვე განცალკევებულ სტრატეგიულ მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის განკუთვნილი დაჯგუფებების შექმნის აუცილებლობა.
ამ წინაპირობიდან ამომდინარე, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ატარებდა სხვადასხვა ღონისძიებების კომლექსს, რათა არმიას (სახმელეთო ჯარებს) აუცილებლობის დროს შეძლებოდა მინიმლურად მოკლე ვადებში ორგანიზებულად ჩართულიყო ომში და ეწარმოებია საბრძოლო მოქმედებები დამოუკიდებლად ან ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) შემადგენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.
თურქეთის შეიარაღებული ძალების საომარ მოქმედებებს ბლოკის გშძ-ის შემადგენლობაში უნდა მოეცვა საბრძოლო ოპერციების ჩატარება ორ განცალკევებულ სტრატეგიულ მიმართულებაზე – ბალკანეთისა და კავკასიის მიმართულებებზე. ამ სტრატეგიულ მიმართულებებზე თურქული ჯარების ოპერატიული გამოყენების ძირითადი ფორმები საველე არმიების შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები უნდა ყოფილიყო.
ოპერატიულ გეგმებში, რომლებსაც ნატოურ და ეროვნულ სწავლებებში სისტემატიურად ამუშავებდნენ, დეტალურად მხოლოდ ომის საწყისი პერიოდის პირველი ოპერაციები იყო შემუშავებული. შემდგომი ოპერაციების დაგეგმვისა და მომზადების განხორციელებას ითვალისწინებდნენ საბრძოლო მოქმედებების პროცესში პირველი ოპერაციების შედეგებისდა მიხედვით.
თურქეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო და ოპერატიული მომზადება მიმართული იყო ამოცანების გადაწყვეტაზე ჯარების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, აგრეთვე პირადი შემადგენლობის საველე გაწვრთნილობის (განსწავლულობის) ამაღლებაში, შენაერთებისა და ნაწილების მომზადებაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ნატო-ს გშძ-თან და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივად სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, აგრეთვე დამოუკიდებლადაც – როგორც თავიანთ, ისე მომიჯნავე ტერიტორიებზეც.
ოპერატიული და საბრძოლო მომზადების მსვლელობაზე არსებით გავლენას ახდენდნენ ნატო-ს ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები, და პირველ რიგში ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის დებულებების პრაქტიკულ დამუშავებაში, გშძ-ისა და ეროვნული შეიარაღებული ძალების სტრუქტურის გადასინჯვაში, სასწავლო-საბრძოლო სამიანობის ორგანიზაციის პრინციპების სრულყოფაში (გაუმჯობესებაში). ოპერატიული და საბრძოლო მომზადების გეგმების შესრულებაზე უშუალო გავლენას ახდენდა სიტუაცია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში დისლოცირებული მე-2 და -3 საველე არმიების ბევრი შენაერთი და ნაწილი გამოიყენებოდა ქურთების ანტისამთავრობო გამოსვლების ჩასახშობად. ეს ხდებოდა ზოგიერთი გეგმიური ღონისძიების გაუქმების მიზეზი, მაგრამ იმავდროულად საშუალებას აძლევდა სასწავლო-საბრძოლო საქმიანობის რიგი საკითხები რეალურ ოპერატიულ ფონზე, საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში დაემუშავებინათ. სწავლებების «მეჰმეტჩიკ» («დამცველი»),«სონბაჰარ» («შემოდგომა») და «ქიშ» («ზამთარი») მსვლელობისას მეტი ყურადღების მიქცევა დაიწყეს წვრილი ქვედანაყოფების მოქმედებათა ტაქტიკის დამუშავების საკითხებზე, აგრეთვე ძნელადმისადგომ მთაგორიან ადგილმდებარეობაზე და ზამთრის პირობებში მოქმედებებისთვის პირადი შემადგენლობის მომზადებაზე, ასევე დივერსიულ-ძირგამომთხრელი ოპერაციების წარმოებისთვის მომზადებაზეც.
სახმელეთო ჯარების მშენებლობა 1990-იანი წლების შუახანებში მომავალ ათწლეულში მისი რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის გეგმის შესაბამისად ხორციელდებოდა. რეორგანიზაციული ღონისძიებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა შენაერთებისა და ნაწილების მობილურობის, აგრეთვე ტანკებთან და საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში მათი დამრტყმელი და საცეცხლე სიმძლავრის ამაღლება.
მიმდინარეობდა სახმელეთო ჯარების სადივიზიო-საპოლკოდან საბრიგადო-საბატალიონო საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაზე გადასვლის პროგრამის რეალიზაცია. ყველა საველე არმიაში საარმიო კორპუსების რეორგანიზაციას ატარებდნენ დივიზიების დაშლისა და მათ საფუძველზე ქვეითი, მექანიზებული და ჯავშანსატანკო ბრიგადების შექმნის მიმართულებით. შემდგომში, შეიარაღებაში საკმარისი რაოდენობით თანამედროვე ტანკების, ჯტრ-ების, ქსმ-ებისა და თვითმავალი არტილერიის მიწოდებასთან ერთად, იგეგმებოდა ყველა ქვეითი ბრიგადის მექანიზებულ ბრიგადებად რეორგანიზაცია. თურქული სარდლობის აზრით, ახალი სტრუქტურა ამსუბუქებდა (აიოლებდა) ჯარების მართვას, ამასთანავე მთა-გორიან და ძლიერად დასერილ ადგილმდებარეობაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას ამაღლებდა მათ მანევრულობასა და გამოყენების ეფექტურობას.
ჯარების მობილურობის ამაღლებისთვის ითვალისწინებდნენ საველე არმიებისა და კორპუსების შემადგენლობაში ვერტმფრენების «ბლექ ჰოქისა» და «სუპერ პუმას» ქვედანაყოფების ყოლას, რომლებიც განკუთვნილი გახლდნენ პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის კრიზისულ რაიონებში სწრაფად გადასროლისთვის. გრძელდებოდა სატანკო ფარეხის ხარისხობრივი გაუმჯობესება მოძველებული ნიმუშების უფრო თანამედროვეთი – M60A1 და A3, აგრეთვე «ლეოპარდ-1A3» შეცვლის ხარჯზე. სულ იგეგმებოდა 800-ზე მეტი ახალი ტანკის მიწოდება.
არტილერიის საცეცხლე ძლიერების გაზრდის მიზნით ითვალისწინებდნენ მის შემადგენლობაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS დივიზიონების ჩამოყალიბებას და, გარდა ამისა, უშუალო მხარდაჭერის დივიზიონების 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცებით გადაიარაღებასაც.
საჯარისო ჰთ-ის ეფექტურობის ამაღლება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საზენიტო ქვედანაყოფების გადაიარაღების გზით «ერლიკონის» ტიპის 35-მმ საზენიტო დანადგარებით, აგრეთვე თითოეულ ბრიგადაში გზრკ «სტინგერების» ოცეულის ჩამოყალიბებით. გარდა ამისა, ბრიგადების ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებში ვარაუდობდნენ ჰქონოდათ ტსრკ-ები «თოუ-2», რომლებიც ქსმ-ზე ან ჯტრ-ზე ინებოდა დამონტაჟებული, რაც არსებითად აამაღლებდა მათ უნარს მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლის წარმოებაში. ვარაუდობდნენ აგრეთვე საარმიო ავიაციის პოლკების შემადგენლობაში დამრტყმელი ვერტმფრენების ასეულების ჩამოყალიბებას, რომლებიც ტსმრ-ებით იქნებოდნენ შეიარაღებული.
ითვალისწინებდნენ ჯარების მართვისა და მათთან კავშირგაბმულობის სისტემების თანამედროვე და მომავალი ომების წარმოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასაც.
შენაერთებისა და ნაწილების სწრაფი სამობილიზაციო გაშლის მიზნით გრძელდებოდა სამობილიზაციო სისტემისა და რეზერვისტების მომზადების მეთოდების სრულყოფა.
თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის ათწლიანი გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზაცია სახმელეთო ჯარების შესაძლებლობებს თურქეთის სამხედრო დოქტრინის, აგრეთვე ნატო-ს სტრატეგიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანდა.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник С. Николаев, «Сухопутные войска Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1994 г. № 2.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment