მშვიდონიანობის დროის პირობებში აშშ-ისა და ნატო-ს სარდლობები ამ ძალებს განიხილავდნენ «სამხედრო საზღვაო ყოფნის» კონცეფციის ცხოვრებაში გატარების ძირითად ინსტრუმენტად. მას ფართოდ გამოიყენებდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის საგარეოპოლიტიკური აქციების მხარდაჭერისთვის დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ძალის დემონსტრაციის, ძალის გამოყენებაზე პირდაპირი მუქარების, აგრეთვე ღია შეიარაღებული ინტერვენციის გზით. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამის დადასტურებას წარმოადგენდა თუნდაც 1980-იანი წლების დასაწყისში ამერიკული ფლოტის მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში ლიბანში და კუნძულ გრენადაზე, ასევე მათი ობიექტების დამომბვები საავიამზიდო ავიაციის მიერ.
ნატო-ს სტრატეგების გეგმების შესაბამისად, მუქარის პერიოდში იქმნებოდა ბლოკის დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში და ნატო-ს დამრტყმელი სზძ სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ; ხმელთაშუა ზღვა) რომელთა საფუძველსაც საავიამზიდო დამრტყმელი (მრავალმიზნობრივი) დაჯგუფებები შეადგენდნენ.
ავიამზიდების როლი და მნიშვნელობა განისაზღვრებოდა უწინარეს ყოვლისა მათი მაღალი მობილურობით, რომელიც საშუალებას აძლევდათ დღეღამის განმავლობაში 600 მილამდე (1100 კმ) მანძილზე გადაადგილებულიყვნენ, აგრეთვე საცეცხლე შესაძლებლობების ფართო დიაპაზონით, საკმაოდ მაღალი საბრძოლო მედეგობითა (боевая устойчивость) და მნიშვნელოვანი ავტონომიურობით. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ისინი წარმოადგენდნენ იარაღის ერთადერთ უნივერსალურ სისტემას ზღვაში, რომელსაც შეეძლო ეფექტურად ემოქმედა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ რაიონში და, გამოიყენებდა რა ჩვეულებრივ ან ბირთვულ იარაღს, გაენადგურებია წყალზედა, წყალქვეშა და საჰაერო მიზნები, დარტყმები მიეყენებია სანაპირო ობიექტებისთვის როგორც სანაპიროს უშუალო მახლობლობაში, ისე კონტინენტურ ომთ-ზე ჯარების მოწყობის ოპერატიულ სიღრმეშიც. ავიამზიდები იქნებოდა ძირითადი დამრტყმელი ძალა ზღვაზე ჩვეულებრივ ომებში და სტრატეგიული ძალების კარგად მომზადებული რეზერვი ბირთვულ ომში.
როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის ზოგადი დანიშნულების ძალების შემადგენლობაში მოითვლებოდა 17 მრავალმიზნობრივი და ორი ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდი. აშშ-ის რეგულარული სზძ 13 მრავალმიზნობრივი ავიამზიდით იყო წარმოდგენილი, მათ შორის ოთხი ატომურით. გარდა ამისა, რეზერვში იმყოფებოდნენ მრავალმიზნობრივი ავიამზიდი CV34 «ორისკანი», დამრტყმელი ავიამზიდი CV31 «ბონ ომ რიჩარდი» და ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდები CVS12 «ჰორნეტი» და CVS20 «ბენინგტონი». AVT16 «ლექსინგტონი» (მოძველებული) სასწავლო ხომალდის სახით გამოიყენებოდა საგემბანო ავიაციის მფრინავების მოსამზადებლად. მრავალმიზნობრივი CV59 «ფორესტოლი» 1983 წლის იანვრიდან გადიოდა მოდერნიზაციას ავიამზიდების სამსახურის ვადის გაგრძელების პროგრამით (SLEP). ამ პროგრამის თანახმად ყველა ავიამზიდს პერიოდულად (10-15 წლის შემდეგ) უნდა გაევლო მოდერნიზაცია მისი სამსახურის ვადის საშუალოდ 45 წლამდე გახაგრძლივების მიზნით.
ატომური მრავალმიზნობრივი ჯგუფების შექმნის პროგრამის შესაბამისად, აშშ სზძ-ის სარდლობას განზრახული ჰქონდა გაეზარდა ატომური ავიამზიდების რაოდენობა. 1988 წლისთვის იგეგმებოდა საბრძოლო შემადგენლობაში შეეყვანათ მეხუთე ასეთი ავიამზიდი CVN71 «თეოდორ რუზველტი», რომლის აგების საერთო დანახარჯები 3 მლრდ. დოლარს გადააჭარბებდა. პენტაგონის ხელმძღვანელობა გეგმავდა აგრეთვე მეექსვსე ატომური ავიამზიდის CVN72 აგების დაწყებას. ამ ხომალდებით «მიდუეის» ტიპის მოძველებული ავიამზიდების შეცვლა იყო გათვალისწინებული. მიმდინარეობდა ასევე «ტიკონდეროგას» ტიპის მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი კრეისერების (მრი კრეისერების) მშენებლობის პროგრამა, რომელთა ჩართვასაც ამერიკული სარდლობა ატომური მრავალმიზნობრივი ავიამზიდების დაცვის ძალების (силы охранения) შემადგენლობაში გეგმავდა (ერთ ავიამზიდზე სამი ასეთი ხომალდის /მრი კრეისერის/ ყოლის ანგარიშით).
საბჭოთა ავტორების შეფასებით, ავიამზიდების მშენებლობისა და მოდერნიზაციის გეგმები თვალსაჩინოდ მოწმობდა, რომ პენტაგონი სისტემატიურად ამაღლებდა საავიამზიდო ძალების ძლიერებას და ამ ძალებს იმ დონეზე ინარჩუნებდა, რომელიც შეერთებული შტატებისთვის უზრუნველყოფდა მსოფლიო ოკეანის შესაბამის რაიონებში ძალთა ხელსაყრელი თანაფარდობის მიღწევას.
ისწრაფვოდა რა თავის რეგულარულ სზძ-ში ავიამზიდების რიცხვის 15 ერთეულამდე გაზრდისკენ, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მათი ასეთი რაოდენობა მხოლოდ მშვიდობიანობის დროის დონეს წარმოადგენდა (შეესაბამებოდა). გეგმავდა რა საავიამზიდო ძალების ატლანტის, წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში, მსოფლიოს სხვა რაიონებში განაწილებას, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა თვითნებურად თავისი «სასიცოცხლო ინტერესების» სფეროდ გამოაცხადა, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა საავიამზიდო ძალების სწრაფი ზრდის შესაძლო გზების ძიებას ეწეოდა, აგრეთვე იარაღის ალტერნატიული სისტემების ძიებასაც, რომლებიც თანამედროვე ავიამზიდებზე აღმატებული ან მათი თანაზომადი იქნებოდნენ.
ითვალისწინებდა რა ამ კლასის ხომალდების მაღალ ღირებულებასა და მათი შენახვის მნიშვნელოვან ხარჯებს, აშშ სზძ-ის სარდლობა 1970-იანი წლების შუახანებიდან ყოველმხრივ სწავლობდა უფრო ეკონომიური და შედარებით მცირე ზომების საშუალო ავიამზიდებისა და ავიამზიდი ხომალდების (авианосцы и авианесущие корабли) შექმნის საკითხებს, მათ შორის საჰაერო ბალიშზეც, რომლებიც ვერტიკალური და შემოკლებული აფრენისა და დაჯდომის თვითმფრინავების, აგრეთვე ვერტმფრენების ბაზირებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ეს ხომალდები, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შეძლებდნენ არსებითად აემაღლებინათ საავიამზიდო შენაერთების საბრძოლო მდგრადობა და შესაძლებლობები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კიდეც შეეცვალათ ისინი. უცხოური პრესის შეტყობინებებით, შეერთებულ შტატებში იყო აგრეთვე სატრანსპორტო გემების, და კერძოდ კონტეინერმზიდების სწრაფად გადაკეთების პროგრამაც ვერტიკალური ან შემოკლებული აფრენისა და დაჯდომის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მზიდ ხომალდებად.
ფრანგული ავიამზიდები «ფოში» (ნახ. 1) და «კლემანსო» მწყობრში 1960-იანი წლების დასაწყისიდან იმყოფებოდნენ. მათი სამსახურის ვადა 90-იანი წლების შუახანებამდე იქნა გაგრძელებული, 1970-1980-იან წლებში ჩატარებული მოდერნიზაციის ხარჯზე. მათ შესაცვლელად მომავალში ორი ახალი ატომური ავიამზიდის აგება იყო დაგეგმილი, რომელთაგან პირველის მშენებლობის დაწყებას 1985 წელში ვარაუდობდნენ.
«ინვისიბლის» ტიპის ინგლისური ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდები 1980-იანი წლების დასაწყისში იყო აგებული. მათ გამოყენებას უმთავრესად საავიამზიდო დამრტყმელი ძალების შემადგენლობაში ითვალისწინებდნენ მრავალმიზნობრივი ავიამზიდების საბრძოლო მანევრირების რაიონებში და ნავსაწინააღმდეგო მიჯნებზე მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისთვის.
ესპანური ავიამზიდის «დადალოს» სამსახურის ვადა 40 წელიწადზე მეტი გახლდათ. ესპანეთის სზძ-ის სარდლობის გეგმებით მისი შეცვლა ავიამზიდ «ასტურიის პრინცით» იყო გათვლისწინებული (სრული წყალწყვა 14700 ტ, 20-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი), რომელიც იმჟამად (1980-იანი წლების შუა ხანებისთვის) აგების პროცესში იმყოფებოდა.
ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში მოცემულ (ატლანტიკურ) ომის თეატრზე სზძ-ის საბრძოლველად ყველაზე უფრო მზადმყოფ და ბრძოლისუნარიან ოპერატიულ ფორმირებას წარმოადგენდა. ის საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში ან ომის საწყის პერიოდში აშშ მე-2 ოპერატიული ფლოტის ბაზაზე იქმნებოდა, მის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, ნიდერლანდებისა და პერიოდულად ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების სზძ-ის ცალკეული ხომალდების ჩართვით. 1970-იანი წლების მიწურულისა და 80-იანების დასაწყისის სწავლებების გამოცდილებით, დამრტყმელი ფლოტის შემადგენლობაში ფრანგული ხომალდებიც შეჰყავდათ (1984 წელს ავიამზიდი «ფოში» ნატო-ს გაერთიანებული /სამოკავშირეო/ შეიარაღებული ძალების /გშძ/ სწავლების «თიმ უორკის» პერიოდში). დამრტყმელი ფლოტის სარდალი (აშშ მე-2 ფლოტის სარდალი) ექვემდებარებოდა ნატო-ს გშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ატლანტიკაში.
დამრტყმელ ფლოტში ორგანიზაციულად შედიოდნენ საავიამზიდო მრავალმიზნობრივი, ნავსაწინააღმდეგო, ამფიბიურ-სადესანტო და სხვა შენაერთები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალური ამოცანების შესასრულებლად იქმნებოდნენ.
ამ ფლოტის მთავარ ამოცანებს, როგორც ეს მაშინდელი პრესის შეტყობინებებიდან ჩანდა, წარმოადგენდა: ატლანტის ოკეანის ცალკეულ რაიონებში ზღვაში ბატონობის მოპოვება; საზღვაო-სადესანტო ოპერაციების ჩატარების უზრუნველყოფა და ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვაში მონაწილეობა; ატლანტიკაში ბლოკის საოკეანო (საზღვაო) კომუნიკაციების დაცვა; აშშ-დან ევროპაში გაძლიერების ჯარებისა და სამხედრო ტვირთების სტრატეგიული გადმოსროლების უზრუნველყოფა; ჩრდილო-ევროპულ და ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ებზე მოქმედი ბლოკის სახმელეთო ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა; ნორვეგიის ზღვასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკაში ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების (ანუ სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ნავების) საბრძოლო პატრულირების რაიონების ოპერატიული დაფარვა.
დამრტყმელი ფლოტის ძირითადი საბრძოლო ფორმირება გახლდათ – ს ა ა ვ ი ა მ ზ ი დ ო | მ რ ა ვ ა ლ მ ი ზ ნ ო ბ რ ი ვ ი | შ ე ნ ა ე რ თ ი. მასში შეჰყავდათ სამი-ოთხი ამერიკული მრავალმიზნობრივი ავიამზიდი და 40-ზე მეტი დაცვის ხომალდი (корабли охранения). ავიამზიდების ბორტზე საერთო ჯამში შეიძლებოდა 250-350 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი ყოფილიყო, რომელთაგან დაახლოებით 50 % ბირთვული იარაღის მატარებელი გახლდათ.
საავიამზიდო შენაერთის შემადგენლობაში ვარაუდობდნენ ჰყოლოდათ ორი-სამი საავიამზიდო და ერთი ნავსაწინააღმდეგო სახომალდო საძიებო-დამრტყმელი ჯგუფი. თითოეულ საავიამზიდო ჯგუფში შეჰყავდათ ერთი-ორი ავიამზიდი, ერთი-ორი მრი კრეისერი, 6-12 საესკადრო ნაღმოსანი და ფრეგატი (მათ შორის მრი ხომალდებიც), ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავი. მათთვის ვარაუდობდნენ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა დაეკისრებიათ: საგემბანო ავიაციის მიერ მოწინააღმდეგის სახომალდო დაჯგუფებებისთვის ზღვასა თუ ბაზებში მასირებული დარტყმების მიყენება; დესანტის ძალების გადასხმისას და ნაპირზე მათ მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს ამ ძალებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა; ასევე ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-თვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა; საზღვაო კომუნიკაციების დაცვა; აშშ-დან ევროპაში ჯარებითა და სამხედრო ტექნიკით დატვირთული ქარავნების (ბადრაგების) გადმოსვლის მარშრუტების ოპერატიული დაფარვა.
ატლანტიკაში დამრტყმელი ფლოტის მონაწილეობით ჩატარებული სწავლებების («თიმ უორკი», «ოუშნ საფარი») გამოცდილების თანახმად, მისი საავიამზიდო ჯგუფის საბრძოლო მანევრირების ძირითად რაიონებს ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვები წარმოადგენდა, აგრეთვე ბისკაის ყურეც, სადაც ისინი შეიძლებოდა 8-10 დღეღამის შემდეგ ყოფილიყო გაშლილი, ამასთან მათ შეეძლოთ მოქმედება როგორც ერთობლივად (ერთ რაიონში), ისე განცალკევებულადაც.
ნ ა ვ ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო | შ ე ნ ა ე რ თ შ ი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ერთი-ორი ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდი (5-10 თვითმფრინვი «სიი ჰარიერი» და 9-10 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი), მრი კრეისერი, ექვსი-ათი საესკადრო ნაღმოსანი და ფრეგატი, აგრეთვე ერთი-ორი წყალქვეშა ნავიც. ბრიტანულ ხომალდებთან ერთად დაცვის ძალებში შეიძლებოდა შესულიყვნენ ჰოლანდიური (მრი საესკადრო ნაღმოსანი და ორი-სამი ფრეგატი) და დასავლეთგერმანული (ორი-სამი საესკადრო ნაღმოსანი და ორი ფრეგატი), ხოლო საფრანგეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში კი – ფრანგული ხომალდებიც. ნავსაწინააღმდეგო შენაერთის გამოყენებას ითვალისწინებდნენ საავიამზიდო საძიებო-დამრტყმელი ჯგუფების შემადგენლობაში მრავალმიზნობრივი ავიამზიდების საბრძოლო მანევრირების რაიონებში, ბადრაგების (ქარავნების) ნავსაწინააღმდეგო უზრუნველყოფისთვის აღმოსვლეთ ატლანტიკის გადასასვლელებზე, აგრეთვე ნავსაწინააღმდეგო მიჯნებზე მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების ძიებისა და განადგურებისთვის.
ა მ ფ ი ბ ი უ რ - ს ა დ ე ს ა ნ ტ ო | შ ე ნ ა ე რ თ ი დამრტყმელი ფლოტის სარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მხოლოდ საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩატარების პერიოდში გადაეცემოდა. ასეთი ოპერაციის მასშტაბების მიხედვით შენაერთის შემადგენლობაში შეიძლებოდა ჩაერთოთ 16-დან (საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი საექსპედიციო ბრიგადისთვის) 30-მდე და მეტი სადესანტო ხომალდი და ტრანსპორტი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და, შესაძლო იყო, ნატო-ს სხვა ქვეყნების სზძ-ის შემადგენლობიდან. გადასხმის რაიონში მისი გადასვლა და დესანტის ძალების სანაპიროზე გადასხმა, როგორც წესი, საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფების მიერ დაფარვის ქვეშ ხორციელდებოდა. 1980-იანი წლების დასაწყისის საზღვარგარეთულ პრესაში გაშუქებული სწავლებების «ოუშნ საფარის», «თიმ უორკის», «ანორაკ ექსპრესისა» და სხვათა გამოცდილებით, დესანტების გადასხმის ყველაზე უფრო სავარაუდო რაიონები ჩრდილოეთ და ცენტრალური ნორვეგიის სანაპირო და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონა გახლდათ.
ს ა ხ ო მ ა ლ დ ო | დ ა მ რ ტ ყ მ ე ლ ი | ჯ გ უ ფ ი შეიძლებოდა დამრტყმელი ფლოტის სარდლის გადაწყვეტილებით შექმნილიყო საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფების დაცვის ძალების ხომალდებისგან. მისი გამოყოფა იმ მიმართულებებზე ხდებოდა, რომლებზედაც იქმნებოდა მუქარები მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების მოქმედებებისგან.
დამრტყმელი ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ამოცანა მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ი ს | ძ ა ლ ე ბ ი ს | შ ე ნ ა ე რ თ ს ეკისრებოდა, რომელშიც შეიძლებოდა შესულიყო 20-25 სპეციარაღისა და საბრძოლო მასალების ტრანსპორტი, მომარაგების ტრანსპორტი და ტანკერი, დაქირავებული სამოქალაქო გემი. საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს მეწინავე რაიონებში მომსახურების ძალები, როგორც წესი, დამრტყმელი ფლოტის საბრძოლო რიგებში იმყოფებოდნენ მისი დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო შენაერთების საფარველ ქვეშ.
საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებებით, აშშ-ისა და ნატო-ს სარდლობები რეგულარულად ამუშავებდნენ ატლანტიკაში ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის შექმნისა და საბრძოლო გამოყენების გეგმებს საკომანდო-საშტაბო სწავლებების «ვინთექსი», მანევრების «ოთემ ფორჯი», «ოუშნ საფარი» და «თიმ უორკი» მსვლელობისას შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და ჯართა გვარეობის მონაწილეობით. დამახასიათებელი იყო, რომ დამრტყმელი ფლოტის ჩართვით სწავლებების უმრავლესობას ნორვეგიის ზღვაში, ე. ი. საბჭოთა კავშირის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრების უშუალო მახლობლობაში ატარებდნენ. ნატო-ს გშძ-ის სწავლებაში «თიმ უორკ-84» დამრტყმელ ფლოტს დაესვა ამოცანა მოეპოვებინა ბატონობა ნორვეგიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ნორდკაპის კონცხი – კუნძული მედვეჟიის მიჯნამდე და შეენარჩუნებინა ის აშშ-დან ჩრდილოეთ ნორვეგიაში გაძლიერების ჯარებისა და მომარაგების საგნების გადმოსროლის დასრულების მომენტამდე. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ყოველივე ეს აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტკური ხელმძღვანელობის მხრიდან ევროპული და ატლანტიკური ომის თეატრების მეწინავე ზონებსა და რაიონებში შეტევითი ხასიათის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მზადების შესახებ მოწმობდა.
ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და ატლანტიკისა და ევროპული ომთ-ების ცალკეულ რაიონებში დაძაბულობის კერების წარმოქმნის პერიოდში შეიძლებოდა შეექმნათ ნატო-ს სზძ-ის ს პ ე ც ი ა ლ უ რ ი | დ ა მ რ ტ ყ მ ე ლ ი | შ ე ნ ა ე რ თ ი საგანგებო პირობებში მოქმედებისთვის. მასში ითვალისწინებდნენ ჩაერთოთ აღმოსავლეთ და იბერიის ატლანტიკაში ან ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ამერიკული ავიამზიდი და დაცვის ხომალდები, რომლებიც გაძლიერებული იქნებოდნენ ხომალდებით ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნების სზძ-ის შემადგენლობიდან. შენაერთში შეიძლებოდა მთლიანობაში 20-30 საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი ყოფილიყო შეყვანილი. მისი ძირითადი ამოცანა იქნებოდა ამ ბლოკის მზადყოფნისა და გადაწყვეტილების (გაბედულების, решимость) დემონსტრაცია სამხედრო ძალით დაეცვა თავისი ინტერესები სავარაუდო კონფლიქტის რაიონში, საოკეანო (საზღვაო) კომუნიკაციების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ზონების დაფარვა და აშშ-დან ავიამზიდების მოსვლამდე ევროპულ ომთ-ებს შორის რეზერვების ზღვით გადასროლების უზრუნველყოფა. სპეციალური შენაერთი შეიძლებოდა ატლანტიკაში ნატო-ს ფორმირებადი დამრტყმელი ფლოტის ბირთვად ქცეულიყო, ხოლო მისი მოქმედებების ძირითად რაიონებს კი წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მისადგომები ჰიბრალტარის სრუტესთან, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილი და ბისკაის ყურე.
ნატო-ს დამრტყმელი სზძ სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე აშშ მე-6 ფლოტის – ევროპაში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლველად ყველაზე უფრო მზადმყოფი ოპერატიული გაერთიანების ბაზაზე ყალიბდებოდა. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში გეგმავდნენ იტალიისა და დიდი ბრიტანეთის სზძ-ის ცალკეული ხომალდების ჩართვასაც. დამრტყმელი სზძ-ის ძირითად ამოცანებს მიეკუთვნებოდა: აუცილებლობის შემთხვევაში საზღვაო და სანაპირო მიზნებზე ბირთვული დარტყმების მიყენება, ზღვაში ბატონობის მოპოვების ინტერესებში ომთ-ზე ბლოკის გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სზძ-თან ურთიერთმოქმდებითა და მისი მხარდაჭერით მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების განადგურება, ზღვისპირა მიმართულებებზე სახმელეთო ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა და საზღვაო დესანტების გადასხმის უზრუნველყოფა.
საერთაშორისო დაძაბულობის მკვეთრი გამწვავებისა და ომის დაწყებისთანავე, აგრეთვე ამ რაიონში ბლოკის გშძ-ის სწავლებათა ჩატარების პერიოდში აშშ მე-6 ფლოტი, ბრიტანული და იტალიური საბრძოლო ხომალდები სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადაეცემოდა.
ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის მთავარსარდლად დგებოდა აშშ მე-6 ფლოტის სარდალი, რომლის სალაშქრო შტაბიც აშშ სზძ-ის ერთერთ მრი კრეისერში გახლდათ განთავსებული. მოქმედებების კოორდინაციისთვის ნატო-ს სისტემაში ნეაპოლში (იტალია) სანაპირო შტაბი იყო შექმნილი, რომელსაც სარდლის მოადგილე მეთაურობდა. მშვიდობიანობის დროს იგი გეგმავდა დამრტყმელი ფლოტის სწავლებებს ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებაში ზოგადნატოური ღონისძიებების ფარგლებში და ახდენდა მათ ორგანიზებასაც, ამუშავებდა და აზუსტებდა შეზღუდული და საყოველთაო ბირთვული ომების საწყისი პერიოდის ოპერაციების გეგმებს.
დიდი ყურადღება ეთმობოდა მე-6 ფლოტის გადაქვემდებარების საკითხებს, რომლის პროცესშიც მისი ამერიკული ორგანიზაციიდან ნატო-ურ ორგანიზაციაზე გადასვლა ხორციელდებოდა, აგრეთვე ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის სხვა სარდლობებთან, და პირველ რიგში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ბლოკის გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სზძ-თან, ურთიერთმოქმედების აწყობის საკითხებსაც.
უცხოური პრესის შეტყობინებებით, 1980-იანი წლების პირველ ნახევარში აშშ მე-6 ფლოტი ყოველდღიურ პირობებში 30-40 ხომალდსა და დამხმარე გემს მოიცავდა, მათ შორის ერთ-ორ ავიამზიდს (90-180 თვითმფრინავით ბორტზე, რომელთაგან 50 % ბირთვული იარაღის მატარებელი გახლდათ), სამ მრი კრეისერს (მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილ კრეისერს), 20-მდე საესკადრო ნაღმოსანსა და ფრეგატს (მათ რიცხვში ამ კლასის მრი ხომალდებსაც), რამდენიმე ატომურ მრავალმიზნობრივ წყალქვეშა ნავს, სადესანტო ხომალდებსა და დამხმარე გემებს, აგრეთვე საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებს. ფლოტის პირადი შემადგენლობა უკვე მშვიდობიანობის დღეებში საომარი დროის შტატებით იყო დაკომპლექტებული 25000-მდე ადამიანს მოითვლიდა, მათგან 1800-2000 საზღვაო ფეხოსანი გახლდათ, რომლებიც სადესანტო ხომალდებში იყვნენ განთავსებულნი. ფლოტის ხომალდები დროის უმეტეს ნაწილს ზღვაში იმყოფებოდნენ. საერთაშორისო ვითარების გამწვავებისას ჩვეულებრივ ხდებოდა მე-6 ფლოტის გაძლიერება ატლანტიკური ფლოტიდან ხომალდების, ავიაციისა და საზღვაო ქვეითი ჯარის გადმოსროლის ხარჯზე.
1980-იანი წლების დასაწყისში ლიბანში დატრიალებული მოვლენების პერიოდში მე-6 ფლოტი დიდხანს იმყოფებოდა მის ნაპირებთან და შეიარაღებულ კონფლიქტშიც უშუალოდ მონაწილეობდა. ის მოიცავდა მრავალმიზნობრივ ავიამზიდებს «დუაით დ. ეიზენჰაუერი» (ატომური) და «ჯონ ფ. კენედი», სადესანტო ვერტმფრენმზიდს «ივოძიმა», სახაზო ხომალდს «ნიუ ჯერსი», რომელიც ლიბანის სანაპიროს მთავარი ყალიბის 406-მმ ქვემეხებიდან ცეცხლს უშენდა, აგრეთვე დაცვის ხომალდებს. საგემბანო ავიაცია მთაგორიანი ლიბანის რაიონებს საბომბო-საიერიშო დარტყმებს აყენებდა. ასე, 1983 წლის 17 ნოემბრის საავიაციო დარტყმაში აშშ სზძ-ის საგემბანო ავიაციის 24 თვითმფრინავი მონაწილეობდა.
როგორც საზღვარგარეთული პრესა აღნიშნავდა, სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს დამრტყმელ სზძ-ში ითვალისწინებდნენ ჰყოლოდათ საავიამზიდო მრავალმიზნობრივი შენაერთი (ერთი-ორი საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი), აგრეთვე ამფიბიური სადესანტო და მომსახურების ძალები. საავიამზიდო შენაერთში შეიძლებოდა ჩაერთოთ ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ამერიკული ავიამზიდები და 20-ზე მეტი ხომალდი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის სზძ-ის შემადგენლობიდან. იტალიური და ბრიტანული ხომალდების გამოყოფა საერთაშორისო ვითარების მკვეთრად გამწვავების პირობებში იგეგმებოდა, ხოლო აშშ ატლანტიკური ფლოტის შემადგენლობიდან ხმელთაშუა ზღვაში გაძლიერების ძალების მოსვლისთანავე ისინი თეატრზე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის სარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადადიოდნენ. დასავლელი სამხედრო სპეციალისტები ბლოკის დამრტყმელი სზძ-ის საავიამზიდო შენაერთში ერთი-ორი ფრანგული ავიამზიდისა და დაცვის ხომალდების ჩართვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდნენ. ამასთან აღინიშნებოდა, რომ ისინი დამოუკიდებელ ოპერაციებს ჩაატარებდნენ ზღვაში ბატონობის მოპოვებისა და ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში საზღვაო კომუნიკაციების დაცვის ინტერესებში.
ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის ამფიბიურ-სადესანტო შენაერთი თავის შემადგენლობაში შეიცავდა ათამდე სადესანტო ხომალდსა და ტრანსპორტს საზღვაო ქვეითი ჯარის გაძლიერებული ბატალიონით ბორტზე. კონკრეტული ვითარების-და მიხედვით, მას შეიძლებოდა მისცემოდა ბლოკის ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სადესანტო ხომალდები და საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფები.1980-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ ნატო-ს ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების სზძ-ში 60-ზე მეტი სადესანტო ხომალდი და გემი მოითვლებოდა, რომლებიც საზღვაო ქვეითი ჯარისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების გადასროლისთვის შეიძლებოდა ყოფილიყვნენ გამოყენებული.
მომსახურების ძალები ნატო-ში მიღებული ორგანიზაციის მიხედვით ცალკეულ ოპერატიულ შენაერთად არ ყალიბდებოდა. მომარაგების ტრანსპორტები, ტანკერები და სხვა დამხმარე გემები დროებით (მომარაგების საგნებითა და სურსათით შევსების პერიოდში) დამრტყმელი სზძ-ის ოპერატიული შენაერთების შემადგენლობაში ირთვებოდნენ. მარაგების გადაცემის შემდეგ დამხმარე გემები ნატო-ს სარდლობის დაქვემდებარებიდან გამოდიოდნენ, ხოლო მათი დაცვის ორგანიზაცია კი ეროვნულ ძალებს დაეკისრებოდა.
სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ბლოკის სარდლობა ნატო-ს დამრტყმელ სზძ-ს განიხილავდა როგორც შეზღუდულ ომში საბრძოლო მოქმედებების წარმოების უმნიშვნელოვანეს საშუალებას როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებით. მას განსაკუთრებული როლი ამ რეგიონში საგანგებო ვითარების წარმოქმნის პერიოდში ეკისრებოდა. დამრტყმელი სზძ-ის გამოყენების გეგმებს სისტემატიურად ამუშავებდნენ ნატო-ს გშძ-ის სწავლებებში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, აგრეთვე მე-6 ფლოტის სპეციალურ მანევრებში, რომლებიც იტალიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და საბერძნეთის სზძ-ის ხომალდებთან ერთობლივად ტარდებოდა. 1983-1984 წლებში მათზე დაკისრებული ამოცანები ყველაზე უფრო სრულყოფილად მუშავდებოდა სწავლებებში «დისთანთ დრამი» (ნახ. 2), «დისთანთ ჰამერი» და «დისფლეი დეტერმინეიშნი».
ვითარების და მიხედვით, დამრტყმელი სზძ შეიძლებოდა მოქმედებაში შეეყვანათ მშვიდობიანობის დროის დაჯგუფებების შემადგენლობით ან მათი წინასწარ გაძლიერების შემდეგ სწავლებების ან სხვა ღონისძიებათა სახით. მაშინდელი დასავლური პრესის მასალების მიხედვით, ატლანტიკაში ნატო-ს დამრტყმელი ფლოტისა და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის საბრძოლო მოქმედებების ძირითადი შინაარსი იქნებოდა ზღვასა და ბაზებში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საბრძოლო ხომალდებისა და სავაჭრო გემების დაჯგუფებათა განადგურება. ამასთან მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების განადგურების ოპერაციის მსვლელობისას სზძ უპირატესად ცალკეული საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფების სახით იქნებოდა გამოყენებული, რომელთა საბრძოლო ძლიერების მთავარი კომპონენტიც საავიამზიდო ავიაცია გახლდათ. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, საგემბანო ავიაციის საბრძოლო გამოყენება და ტაქტიკა განისაზღვრებოდა მის წინაშე მდგარი ამოცანებით, მოინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებების წინააღმდეგობის ხარისხით, თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით, აღჭურვილობითა (оборудование) და შეიარაღებით, აგრეთვე ამინდის პირობებით.
საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ წყალზედა ხომალდების წინააღმდეგ მოქმედებებისას 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ძირითად თვითმფრინავს მსუბუქი მოიერიშე A-7E «კორსარ-2» წარმოადგენდა. იმ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგის სახომალდო ჯგუფი ოთხი-ექვსი (ან მეტი) ხომალდისგან შედგებოდა და საკმარისად ძლიერი საჰაერო თავდაცვაც (ჰთ) გააჩნდა, მასზე დარტყმის მისაყენებლად აგრეთვე საშუალო მოიერიშეები A-6E «ინთრუდერი» გამოიყენებოდა. დარტყმების მიყენებას აუცილებლად წინ უსწრებდა საჰაერო დაზვერვა, რომელიც საგემბანო თვითმფრინავ-მზვერავებით RF-8G «ქრუზეიდერი», გამანადგურებლებით F-14A «თომქეთი», შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის თვითმფრინავებით E-2C «ჰოქაი» ტარდებოდა. მათი ამოცანა გახლდათ მოწინააღმდეგის შენაერთის, ბადრაგის ან სადესანტო რაზმის ზუსტი ადგილ-სამყოფელის, შემადგენლობის, კურსისა და სიჩქარის გამოვლენა. დასავლური პრესის მონაცემებით, თვითმფრინავებს E-2C «ჰოქაი» შეეძლოთ წყალზედა ხომალდების აღმოჩენა 360 კმ-მდე სიშორეებზე.
მსხვილ სახომალდო შენაერთზე დარტყმის მიყენებაში შეიძლებოდა 40-მდე მოიერიშე, გამანადგურებელ, შრლა და მართვის, აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) თვითმფრინავს მიეღო მონაწილეობა, რომლებიც შემდეგ ტაქტიკურ ჯგუფებში შეჰყავდათ: დამრტყმელი, სადემონსტრაციო მოქმედებების, ჰთ საშუალებათა ჩახშობის, რადიოელექტრონული ბრძოლის, დამიზნებისა (наведение) და მართვის, ხელმეორედ დაზვერვისა (доразведка) და გამანადგურებლებით დაფარვის. ამასთან უზრუნველმყოფი ჯგუფების თვითმფრინავები ოპერაციაში მონაწილე ძალების საერთო რაოდენობის 50 %-სა და მეტს შეადგენდნენ. საგემბანო თვითმფრინავების მოქმედების რადიუსის გაზრდისთვის ხდებოდა ჰაერში მათი საწვავით გაწყობის ორგანიზება. ამ დროს ოთხ თვითმფრინავ-გამწყობს KA-6 «ინთრუდერი» შეეძლო ცხრა მოიერიშის ჰაერში საწვავით გაწყობა (дозаправка).
სანაპიროდან არაუმეტეს 500 კმ დაშორებაზე წყალზედა ხომალდების დაჯგუფებებზე დარტყმების მიყენებისას საავიამზიდო ფრთა შეიძლებოდა ურთიერთმოქმედებაში ყოფილიყო სანაპირო ბაზირების ტაქტიკურ ავიაციასთან.
მოწინააღმდეგის სახომალდო შენაერთზე დარტყმის ტიპიური ორგანიზაცია შეიძლებოდა შემდეგი ყოფილიყო. აფრენის შემდეგ თვითმფრინავები საბრძოლო რიგებად (в боевой порядок) ეწყობოდნენ და საშუალო და დიდ სიმაღლეებზე ერთი ან რამდენიმე მარშრუტით მიზნისკენ მიემართებოდნენ. საბრძოლო წყობის ტაქტიკურ ჯგუფებად დაშლა და მათი ფრენის სიმაღლის შეცვლა სახომალდო რლს-ების მიერ მათი აღმოჩენის მიჯნასთან თვითმფრინავების გამოსვლის წინ სრულდებოდა. პირველები ამ მიჯნას თვითმფრინავ-მზვერავები გადაკვეთდნენ, შემდეგ რიგით სადემონსტრაციო მოქმედებების, ჰთ საშუალებათა ჩახშობის, რებ-ისა და, ბოლოს, დამრტყმელი ჯგუფებიც. სახომალდო რლს-ებით თვითმფრინავების აღმოჩენის მიჯნიდან დამრტყმელი ჯგუფების მოიერიშეები მიზნისკენ მცირე სიმაღლეებზე მაქსიმალური სიჩქარეებით მიდიოდნენ და მასზე სხვადასხვა მიმართულებიდან ორი-ოთხი მანქანისგან შემდგარი ჯგუფებით გადიოდნენ. ხომალდებზე დარტყმებს «ჰარპუნის», «ბულფაფის», «მეივერიქის» ტიპის მართვადი რაკეტებით, საავიაციო მართვადი და ჩვეულებრივი ბომბებით პიკირებიდან, კაბრირებიდან ან ჰორიზონტალური ფრენიდან აყენებდნენ. კონკრეტულ მიზნებს დამრტყმელი ჯგუფის თვითმფრინავებს შორის საჰაერო საკომანდო პუნქტიდან (თვითმფრინავი «ჰოქაი») ან თავად ჯგუფების მეთაურები ანაწილებდნენ.
ნაპირზე არსებულ ობიექტებზე საავიამზიდო ავიაციის მიერ დარტყმების მიყენების ხერხები საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის საბრძოლო მანევრირების რაიონიდან მიზნების დაშორების მიხედვით იცვლებოდა. საგემბანო თვითმფრინავებს შეეძლოთ ჩვეულებრივი ან ბირთვული იარაღის მიტანა მიზნებამდე, რომლებიც ავიამზიდიდან 1800 კმ-მდე სოშორეზე იმყოფებოდნენ.
უცხოელი სამხედრო-საზღვაო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ავიამზიდების მნიშვნელოვანი ზომები თანამედროვე საზღვაო იარაღისგან მათ უფრო მოწყვლადს ხდიდა სხვა კლასის ხომალდებთან შედარებით. ამიტომ მათი საბრძოლო მედეგობის (მდგრადობის) უზრუნველყოფისთვის იქმნებოდა მოწინააღმდეგის ძალებისგან ღრმად ეშელონირებული თავდაცვა. ამასთან დიდი ყურადღება ეთმობოდა ნავსაწინააღმდეგო თავდაცვას, რომელსაც წყალზედა ხომალდები, ავიაცია და ატომური წყალქვეშა ნავები ახორციელებდნენ.
საავიამზიდო ჯგუფის ნავსაწინააღმდეგო თავდაცვა ზონურ-საობიექტო (зонально-объектовый) ხასიათს ატარებდა: ხდებოდა რაიონისა და ობიექტის (ავიამზიდისა და ჯგუფის სხვა მსხვილი ხომალდების) თავდაცვის შეხამება. როგორც წესი, წარმოებდა ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ახლო და შორეული ზონების ორგანიზება. ახლო დაცვა (ближнее охранение), რომელიც უშუალო დაცვის ხომალდებსა და საგემბანო ვერტმფრენებს ეკისრებოდა, ჩვეულებრივ წრიული გახლდათ. მისი ძალების ძირითადი ამოცანა იყო – არ დაეშვათ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავის სატორპედო შეტევისთვის გამოსვლა. საავიამზიდო ჯგუფის გადასვლის მარშრუტზე წყალქვეშა ნავების აღმოჩენა, მათზე შეტევა და განადგურება ხორციელდებოდა უმთავრესად საავიაციო და სახომალდო საძიებო-დამრტყმელი ჯგუფების მიერ, რომლებიც მოიცავდნენ საბაზო საპატრულო და საგემბანო ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავებს, სახომალდო ვერტმფრენებს, ატომურ წყალქვეშა ნავებსა და წყალზედა ხომალდებს. ახლო დაცვის ხომალდები ჰიდროაკუსტიკური მეთვალყურეობის უწყვეტი რგოლის შექმნის მიზნით ერთმანეთისგან ისეთ მანძილზე განლაგდებოდნენ, რომელიც ჰიდროაკუსტიკურ საშუალებათა მოქმედების სიშორის 1, 75-ს უტოლდებოდა. ახლო დაცის ხომალდებისა და ვერტმფრენების მიერ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენის მიჯნა სალაშქრო ორდერის ცენტრიდან დაახლოებით 40 მილის სიშორეზე იმყოფებოდა.
საბრძოლო მანევრირების რაიონში ახლო ნავსაწინააღმდეგო დაცვის ორგანიზაცია მკაცრად ზონურ ხასიათს ატარებდა: შესაბამის ძალებსა და საშუალებებს მთელ რაიონში განალაგებდნენ.
შორეულ ზონაში როგორც ზღვით გადასვლისას ისე საბრძოლო მანევრირების რაიონებშიც მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების ძიებას ეწეოდნენ საბაზო საპატრულო და საგემბანო ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები, აგრეთვე ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები. ამასთან საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავები ფრენებს ასრულებდნენ მუქარის მიმართულებებზე ავიამზიდიდან 200 მილამდე სიშორეზე. ატომურ სატორპედო წყალქვეშა ნავებს შეეძლოთ მოქმედება დამოუკიდებლად ან შეიძლებოდა ისინი ემართათ წყალზედა ხომალდ-რეტრანსლატორიდან, რომელიც მათ შორის და ჯგუფის მეთაურთან მდგრად კავშიგაბმულობას ინარჩუნებდა. საბრძოლო მანევრირების რაიონში ატომურ წყალქვეშა ნავს შეიძლებოდა ის მიმართულებები დაეფარა, სადაც თავდაცვის რაიონში მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების გარღვევა იყო შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ის ავიამზიდის საბრძოლო მანევრირების ცენტრიდან 40-90 მილის სიშორეზე განლაგდებოდა.
როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დამრტყმელ სზძ-ებს, რომელთა საფუძველსაც საავიამზიდო მრავალმიზნობრივი (დამრტყმელი) შენაერთები შეადგენდნენ, ააქტიურებდა ამ კლასის ხომალდების მშენებლობას, განაგრძობდა მათი საბრძოლო გამოყენების ორგანიზაციისა და ტაქტიკის სრულყოფას.
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан 2 ранга В. Хоменский, «Ударные ВМС НАТО», Зарубежное Военное Обозрение, 1984 г. № 11.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment