Thursday, October 29, 2026

თურქეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებანი 2000-იანი წლების დასაწყისში

ოფიცერთა შემადგენლობის მომზადებას თურქეთში დიდი ყურადღება ეთმობოდა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის ხანიდან. 1848 წელს სულთან აბდულმეჯით I-ის ბრძანებით შეიქმნა სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია (სჯსა/Kara Harp Akademisi). 1849 წელს შედგა გენერალური შტაბის (გშ) ოფიცრების პირველი გამოშვება, ხოლო სწავლების ვადა კი ერთი წლით იქნა გაგრძელებული. 1864 წელს სულთან აბდულაზიზის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩამოყალიბდა სამხედრო-საზღვაო აკადემია (სზა/Deniz Harp Akademisi), ხოლო სწავლების ვადა სამ წლამდე გაიზარდა. 1911-დან 1923 წლის ჩათვლით პერიოდში მეცადინეობები მასში შეწყვეტილ იქნა თურქეთ-იტალიის, ბალკანეთისა და პირველ მსოფლიო ომებში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

სასწავლო პროცესი სახმელეთო ჯარების აკადემიაში განახლდა 1923 წელს, ხოლო სამხედრო-საზღვაო აკადემიაში კი – 1930 წელს. ამ დროს ორივე აკადემია სტამბულში იქნა გადაყვანილი და სასახლე „ილდიზში“ განთავსებული. 1937 წელს თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამხედრო-საჰაერო აკადემია (სჰა/Hava Harp Akadevisi). მეორე მსოფლიო ომის დროს ეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები განთავსებულ იქნა ანკარაში, ხოლო 1946 წელს კი ისევ დააბრუნეს სტამბულში. სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით თურქეთის შეიარაღებული ძალების (შძ) ხელმძღვანელობამ 1950 წელს მიიღო აკადემიებში სწავლების ვადის ორ წლამდე შემცირების გადაწყვეტილება. 

1952 წელს ფუნქციონირება დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების აკადემიამ (ეუა/Milli Guvenlik Akademisi), ხოლო 1953 წელს კი – შეიარაღებული ძალების აკადემიამ (შძა/Silahli Kuvvetler Akademisi). 1975 წელს ენილევენთის რაიონში (სტამბულ – სარიერის გზის მახლობლად) დასრულდა შენობათა ახალი კომპლექსის მშენებლობა და ყველა აკადემია ამ პატარა ქალაქში იქნა პერედისლოცირებული და განთავსებული, შევიდნენ რა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის (გსა) შემადგენლობაში. 1995 წელს ეროვნული უსაფრთხოების აკადემია (ეუა) გამოყვანილ იქნა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის უფროსის დაქვემდებარებიდან, პერედისლოცირებული ქ. ანკარაში და უშუალოდ დაექვემდებარა გენერალური შტაბის უფროსს. 

2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მოითვლებოდა ხუთი ასეთი სასწავლო დაწესებულება: სამი – შეიარაღებული ძალების სახეობებისა (სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების), ერთი – შეიარაღებული ძალების (აქ სწავლობდნენ შძ-ის სამივე სახეობის ოფიცრები) და ერთიც – ეროვნული უსაფრთხოებისა (სადაც სამხედროებთან ერთად სწავლობდნენ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებიც). 

გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყველა ქვედანაყოფის ერთ შენობაში განთავსება  ი ს ა ხ ა ვ დ ა | შ ე მ დ ე გ  მიზანს: შეემსუბუქებინათ ერთობლივ მეცადინეობათა ორგანიზაციის შესაძლებლობა; უზრუნველეყოთ სასწავლო კორპუსების, სპორტული ნაგებობების, სოციალური და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის ობიექტების რაციონალური და უფრო ეფექტური გამოყენება; სხვადასხვა აკადემიების მსმენელებში განევითარებიათ ამხანაგობისა და თანამშრომლობის სულისკვეთება; უზრუნველეყოთ ფინანსური სახსრების ეკონომია და უფრო ეფექტური გამოყენება. 

გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში მიღების წესები, მისი ამოცანები და საორგანიზაციო სტრუქტურა განსაზღვრული გახლდათ თურქეთის რესპუბლიკის კანონით # 3563 „სამხედრო აკადემიების შესახებ“. მისი მსმენელები ხდებოდნენ ეროვნული შეიარაღებული ძალების ოფიცრები, რომლებიც გამოთქვამდნენ სურვილს მიეღოთ უმაღლესი სამხედრო განათლება და ჯარებში, შტაბებსა და ხომალდებზე ნამსახურები ექნებოდათ დადგენილი ვადით (8–14 წელი), ექნებოდათ დადებითი სამსახურეობრივი დახასიათება, ასევე ჯანმრთელობა, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ ემსახურათ არმიაში, და წარმატებით ჩააბარებდნენ მისაღებ გამოცდებს. ოფიცრები უცხოურ სახელმწიფოთა არმიებიდან აკადემიაში მიიღებოდნენ დამატებითი სამთავრობათშორისო შეთანხმებების შესაბამისად. 

გაერთიანებული სამხედრო აკადემიის (გსა) ამოცანებს წარმოადგენდა: მსმენელთა მიერ უმაღლესი სამხედრო განათლების მიღება; ეროვნული შძ-ის მოთხოვნილებებიდან ამომდინარე, სამეთაურო და საშტაბო პროფილის ოფიცრების მომზადება, აგრეთვე გენერალური შტაბის ოფიცრებისა, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს საერთაშორისო შენაერთების, გაერთიანებებისა და შტაბების შემადგენლობაში შეასრულებდნენ; თურქული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებისა და უმაღლესი დონის სახელმწიფო მოსამსახურეთა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომზადება; კვლევებისა და სამეცნიერო შემუშავებების ჩატარება, განსაკუთრებით სტრატეგიულ სფეროში, და აკადემიური სწავლების შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის განხორციელება; შძ-ის სახეობათა ოფიცრების პროფესიული მომზადების მოკლევადიან კურსებზე ამაღლების უზრუნველყოფა. 

[ნახატი – სტრუქტურა] 

გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საორგანიზაციო სტრუქტურა 

გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფისა და სამეთაურო და მასწავლებლთა კადრების შერჩევის საკითხები ეკისრებოდა თურქეთის შძ-ის გენერალური შტაბის უფროსს. შტატის შესაბამისად 2000-იანი წლების დასაწყისში გსა-ის საორგანიზაციო სტრუქტურა მოიცავდა: აკადემიის უფროსს; უფროსის მოადგილეს; გსა-ის შტაბის უფროსს; შეიარაღებული ძალების აკადემიას; სახმელეთო ჯარების აკადემიას; სამხედრო-საჰაერო აკადემიას; სამხედრო-საზღვაო აკადემიას; სასწავლო განყოფილებას/საბჭოს (უფროსის საშტატო კატეგორია იყო – პოლკოვნიკი/1 რანგის კაპიტანი); სამხედრო-სამეცნიერო კვლევით ცენტრს (უფროსის საშტატო კატეგორია – პოლკოვნიკი/1 რანგის კაპიტანი); უმაღლეს სამხედრო საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ყველა ჩამოთვლილი დაწესებულების უფროსები. 

შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიებს, ეროვნული უსაფრთხოების აკადემიასა და შეიარაღებული ძალების აკადემიას გააჩნდათ ერთნაირი საორგანიზაციო სტრუქტურა. სწავლების ვადა შძ-ის სახეობათა აკადემიებში იყო ორი წელი, ეროვნული უსაფრთხოების აკადემიასა და შეიარაღებული ძალების აკადემიაში ნახევარი წელი. ამ სასწავლო დაწესებულებების შემადგენლობაში შედიოდნენ: აკადემიის უფროსი; აკადემიის შტაბი; აკადემიის საბჭო; კვლევებისა და ანალიზის კომისია; სასწავლო განყოფილება, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდნენ მსმენელების ქვედანაყოფი (ქვეგანყოფილება), ადმინისტრაციული განყოფილება, მასწავლებელთა შემადგენლობა, დაგეგმვის განყოფილება და მოკლევადიანი კურსები. 

[ნახატი – სტრუქტურა] 

სამხედრო აკადემიების საორგანიზაციო სტრუქტურა 

აკადემიების უფროსთა პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ სასწავლო განყოფილებების უფროსები (საშტატო კატეგორია – პოლკოვნიკი/1 რანგის კაპიტანი), რომლებიც პასუხს აგებდნენ სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე, მსმენელების სწავლებასა და აღზრდაზე, აგრეთვე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვაზე. დაგეგმვის განყოფილებას სათავეში ედგა პოლკოვნიკი/1 რანგის კაპიტანი. 

მასწავლებლები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, სწავლების საგნების შესაბამისად. მათ შემადგენლობაში იყვნენ ორი უფროსი მასწავლებელი (თითო-თითო მსმენელების პირველ და მეორე კურსებზე, საშტატო კატეგორია – პოლკოვნიკი). 

თითოეულ სასწავლო დაწესებულებაში იყო აკადემიის საბჭო, რომელშიც შედიოდნენ აკადემიის უფროსი, სასწავლო განყოფილებების უფროსები და წამყვანი მასწავლებლები. ამ ორგანოს ამოცანები გახლდათ: სასწავლო პროცესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება და მისი შემდგომი სრულყოფის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. 

მოკლევადიანი კურსები განკუთვნილი იყო აბიტურიენტების წინასააკადემიო მომზადების ჩასატარებლად, აგრეთვე იმ ოფიცრების სამეთაურო და საორგანიზატორო უნარ-ჩვევების განვითარებისა და პროფესიული თვისებების სრულყოფისთვის, რომლებსაც აკადემიური განათლება არ ჰქონდათ, მაგრამ სამეთაურო და საშტაბო პროფილის ზემდგომ თანამდებობებზე დასანიშნად იყვნენ გამიზნულნი. 

შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიების კავშირი სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლობებთან გაერთიანებული სამხედრო აკადემიის შტაბის მეშვეობით ხორციელდებოდა. 

სასწავლო პროცესის ორგანიზაცია. სასწავლო პროცესს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ჰქონდა ორი მიზანი: ჯერ ერთი, მოემზადებიათ ოფიცერთა შემადგენლობა შეიარაღებული ძალების ნაწილებსა და შენაერთებში მეთაურებისა და შტაბის ოფიცერთა სახით სამსახურისთვის; მეორეც, მოემზადებიათ ოპერატიული და სტრატეგიული რგოლის სამეთაურო და საშტაბო კადრები, აგრეთვე უმაღლესი სამოქალაქო დონის სამოქალაქო სპეციალისტები. 

შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიებში პირველ კურსზე სამხედრო საგნებს სწავლობდნენ ტაქტიკურ დონეზე (ბრიგადა – დივიზია სახმელეთო ჯარების აკადემიაში, სზძ-ის ტაქტიკური რგოლები – სზა-ში, სჰძ-ი ტაქტიკური ავიაცია – სჰზ-ში), მეორე კურსზე – ოპერატიულ ხელოვნებას (კორპუსი – არმია სახმელეთო ჯარების აკადემიაში, სზძ-ის ოპერატიული და სტრატეგიული ძალები – სზა-ში, სჰძ-ის ოპერატიული და სტრატეგიული გამოყენება – სჰა-ში). 

სწავლების პროგრამა შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიებში 43 კვირაზე იყო გაანგარიშებული (1240 სასწავლო საათი). მოცემული დრო საგნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა (პროცენტებში): ჯარების გვარეობათა შენაერთებისა და ნაწილების მართვა – 12, ოპერატიული და სადაზვერვო მომზადება – 29, ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინები და რესურსების მართვა – 16, სწავლებები და ვიზიტები – 17, სხვა საგნები – 26. 

აკადემიის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მსმენელთა ვიზიტებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, რომელთა მსვლელობისას ისინი სტუმრობდნენ სამხედრო ნაწილებს, შტაბებს, აგრეთვე ისტორიულ ძეგლებსა და კულტურული დანიშნულების ადგილებს. ეს ღონისძიებები ტარდებოდა რეგულარულად სასწავლო წლის ბოლოს ორი კვირის განმავლობაში, ამასთან პირველი კურსის მსმენელები ეწვეოდნენ ქვეყნის დასავლეთ რაიონებს, მეორე კურსისა კი – აღმოსავლეთ რაიონებს. ასეთი გზით ოფიცრები ეცნობოდნენ ქვეყნის მთელი ტერიტორიის საომარ მოქმედებათა თეატრების (ომთ) თავისებურებებს. 

უცხოური ენა აკადემიაში სწავლების მთელი ვადის განმავლობაში შეისწავლებოდა. მეცადინეობები ტარდებოდა კვირაში ორჯერ, თითო-თითო საათს. 

შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიებში სასწავლო პროცესის ძირითადი ნაკლოვანებები გახლდათ: შაბლონი მსმენელების სწავლებაში, უპატიოსანო კონკურენცია, მსმენელთა მიერ დავალებების კოპირება, სასწავლო პროცესის პოლიტიზაცია, პედაგოგიური საქმიანობის მცირე სტაჟის მქონე მასწავლებელთა დიდი ბროცენტი, ოპერატიულ გაანგარიშებებში გამარტივებული მიდგომა (დაპირისპირებული მხარეების ძალთა თანაფარდობის გათვლაში არ გაითალისწინებოდნენ რეაქტიული, ლულიანი და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები). 

სასწავლო პროცესში დადებით ფაქტორებს შორის აღინიშნებოდა ტაქტიკისა და სტრატეგიის საკითხების შესწავლა მჭიდრო ბმაში (კავშირში) ქვეყნის ფაქტიური სამხედრო ისტორიიდან აღებულ მაგალითებთან. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა როგორც უკანასკნელი წლების სამხედრო ოპერაციების ანალიზს, ისე მსგავსი მაგალითების გაშუქებას მეორე მსოფლიო ომის დროიდან, კერძოდ საბჭოთა ჯარების ოპერაციებისა. 

ტაქტიკასა და ოპერატიულ ხელოვნებაში მეცადინეობების ჩატარებისას მოწინააღმდეგის სახით ყველაზე ხშირად გამოდიოდნენ (გამოჰყავდათ) საბერძნეთის, ბულგარეთისა და სირიის შეიარაღებული ძალები. 

შეიარაღებული ძალების აკადემიის მსმენელთათვის სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 588 სთ. სასწავლო დრო საგნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა (პროცენტებში): საერთაშორისო თანამშრომლობა – 24, მართვა – 19, სწავლებები და ვიზიტები – 35, სხვა საგნები – 22. 

ეროვნული უსაფრთხოების აკადემია წელიწადში მსმენელთა ორ ნაკადს უშვებდა. სწავლების ხანგრძლივობა იყო 420 სთ. ეს დრო (პროცენტებში) დისციპლინებს შორის შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ეკონომიკა – 15, საგარეო პოლიტიკა – 28, სოციოლოგია და კულტურალოგია – 14, სამხედრო პოლიტიკა და სამხედრო ხელოვნება – 14, სწავლებები და ვიზიტები – 11, ზოგადი მეცნიერებანი – 14, სხვა საგნები – 4. 

[ნახატი – სტრუქტურა] 

გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში მიღებისა და მისი მეშვეობით სამსახურის გავლის წესი 

შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიებში შეიარაღბული ძალებიდან მსმენელთა მიღება ხორციელდებოდა კვოტის თანახმად: სახმელეთო ჯარების აკადემია – 42 ადამიანი (7 – საჟანდარმო ჯარებიდან), სჰა – 15 ადამიანი და სზა – 18. 

ეროვნული უსაფრთხოების აკადემიაში ყოველწლიურად სწავლობდა 50–55 ადამიანი, მათგან 6–8 თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი. 

დადებული სამთავრობათშორისო შთანხმებების საფუძველზე თურქეთის შეიარაღებული ძალების აკადემიასა და შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიებში სწავლობდნენ მოკავშირე და მეგობრულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები, მათ რიცხვში აშშ-ის, გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავღანეთის, ალბანეთის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, კორეის რესპუბლიკის, ირანის, ყირგიზეთის, ლიბიის, მაკედონიის, ეგვიპტის, უზბეკეთის, პაკისტანის, თურქმენეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის (ე. წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა). უცხოელთა სწავლების პროგრამით გაითვალისწინებოდა წინასწარი მომზადება, რვა თვის განმავლობაში, თურქული ენის კურსებზე. აკადემიის არსებობის პერიოდის მანძილზე, 2003 წლის მიწურულისთვის, 400-ზე მეტ უცხოელ მსმენელს ჰქონდა მომზადება გავლილი. 

სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 2003 წელს მოითვლებოდა 93 მასწავლებელი, მათგან 87 სამხედრო მოსამსახურე და 6 სამოქალაქო პირი, რომლებიც კონტრაქტით მუშაობდნენ. მასწავლებელთა შემადგენლობა აკადემიის ქვედანაყოფების მიხედვით შემდეგნაირად იყო განაწილებული: შტაბი – 9 ადამიანი; შეიარაღებული ძალების აკადემია – 8; სახმელეთო ჯარების აკადემია – 37; სამხედრო-საჰაერო აკადემია – 20; სამხედრო-საზღვაო აკადემია – 19 ადამიანი. 

გსა-ში შექმნილი გახლდათ ლოკალური კომპიუტერული ქსელი, რომელიც 358 პერსონალურ კომპიუტერს მოითვლიდა. იგი ურთიერთშორის აკავშირებდა სასწავლო აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას, დაგეგმვის კაბინეტს, შტაბს, სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრსა და სანიტარულ ნაწილს. სისტემა სადღეღამისოდ მუშაობდა. სამუშაო რეჟიმში მისი შენარჩუნებისა და წარმოქმნილ გაუმართაობათა გასწორებისთვის ორგანიზებული იყო სპეციალისტების მორიგეობა. მასწავლებლებსა და მსმენელებს ჰქონდათ ინტერნეტის ქსელით სარგებლობის შესაძლებლობა, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით მასზე გასვლა გსა-ის ცენტრალური კომპიუტერის მეშვეობით ხორციელდებოდა. სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისთვის ასევე საბრძოლო მოქმედებათა მოდელირების კომპიუტერული სისტემების ცენტრიც იყო შექმნილი. 

აკადემიის ბიბლიოთეკა მოითვლიდა სხვადასხვა წიგნების 175 000-ზე მეტ ტომსა და დაახლოებით 500 დასახელების ეროვნულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემას. გარდა ამისა, მასში იყო დიდი რაოდენობით ვიდეომასალა და მათით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკაც. ხდებოდა ყველა ბეჭდური გამოცემის მიკროფილმებად და კომპიუტერულ კომპაქტ დისკებზე კოპირება. 

1984 წელს აკადემიაში შეიქმნა კაბელური ტელევიზიის ქსელი, რომლის მომხმარებლებიც 71 სადგომში იყვნენ განთავსებულნი. მისი მეშვეობით ხორციელდებოდა ოთხი სასწავლო პროგრამის, აგრეთვე 26 სატელევიზიო არხის ტრანსლირება. 

გსა-ს ჰქონდა თავისი ტიპოგრაფია, რომელიც სასწავლო პროცესს სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით სრულად უზრუნველყოფდა. 

სწავლების დროს დიდი ყურადღება ეთმობოდა მსმენელების ფიზიკურ მომზადებას. აკადემიაში იყო განვითარებული სპორტული ქსელი, რომელიც მოიცავდა: სპორტულ დარბაზს, დახურულ სასროლ ტირს პნევმატური იარაღიდან სროლისთვის, 25-მ ღია ტირს, ორ საფეხბურთო მინდორს, ექვს საჩოგბურთო კორტს, კალათბურთის ოთხ და ფრენბურთის ოთხ მოედანს. 

მუდმივი და ცვალებადი შემადგენლობისთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე შექმნილი გახლდათ განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურა. აშენებული იყო 570 საცხოვრებელი ბინა, საავადმყოფოს კომპლექსი, მოქმედებდა სამხედრო სავაჭრო ქსელის მაღაზიები, კავშირგაბმულობის განყოფილებები, ბანკის წარმომადგენლობები, ოფიცერთა სამორინე, კაფე, სასტუმრო 150 ადგილზე და საბავშვო ბაგა-ბაღები 60 ადგილზე. 

ოფიცრები, რომლებიც წარმატებით დაასრულებდნენ სწავლების კურსს შეიარაღებული ძალების სახეობათა აკადემიებში, ღებულობდნენ კვალიფიკაციას „გენერალური შტაბის ოფიცერი“ და ინიშნებოდნენ, როგორც წესი, უფრო მაღალ სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე. იმსახურებდნენ რა ჯარებში მინიმუმ ორ წელიწადს, ისინი ღებულობდნენ უფლებას შეიარაღებული ძალების აკადემიაში შესასვლელად. ამასთან ოფიცრებს უნდა ჰქონოდათ დადებითი ატესტაცია და არანაკლებ მაიორის სამხედრო წოდება. 

ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის დასრულება არ წარმოადგენდა აუცილებელ პირობას სამსახურში შემდგომი დაწინაურებისთვის, მაგრამ ყველა გენერალი, რომლებიც თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტს იკავებდნენ, მისი გამოშვებული გახლდათ. 

მთლიანობაში გაერთიანებული სამხედრო აკადემია წარმოადგენდა თანამედროვე სასწავლო დაწესებულებას სწავლების მაღალი დონით, რომელსაც შეეძლო კვალიფიციურ კადრებში ეროვნული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник И. Крымов, «Высшие военные учебные заведения ВС Турции», Зарубежное Военное Обозрение, 2003 г. № 11. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment