Saturday, October 31, 2026

აშშ საარმიო კორპუსი შეტევაში

საომარ მზადებათა კომპლექსში აგრესიული ომების წარმოებისათვის აშშ არმიის სარდლობა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილურობის ამაღლებას. ამასთან პირველხარისხოვანი ყურადღება ექცევა საარმიო კორპუსს, რომელიც წარმოადგენს აშშ არმიის ოპერატიულ-ტაქტიკურ (უმაღლეს ტაქტიკურ) შენაერთს. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, თანამედროვე ომის პირობებში სწორედ საარმიო კორპუსებმა და მათ შემადგენლობაში შემავალმა შენაერთებმა უნდა ითამაშონ ძირითადი როლი შეტევით ბრძოლაში (ოპერაციაში). 

როგორც საზღვარგარეთული სამხედრო ბეჭდური გამოცემებიდან ჩანს, უკანასკნელ წლებში სახმელეთო ჯარების განვითარება, მათ შორის საარმიო კორპუსისაც, მიდიოდა მისი საორგანიზაციო სტრუქტურის გაუმჯობესების, ახალი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვის, კავშირგაბმულობისა და მართვის თანამედროვე საშუალებათა დანერგვის გზით. ასე, 1973–1974 წლებში საველე არმიების დაშლის შემდეგ მათი ბევრი ფუნქციის შესრულება საარმიო კორპუსებს დაეკისრათ. ცნობილია, რომ აშშ საარმიო კორპუსს არ გააჩნია ტიპიური ორგანიზაცია და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მისი საბრძოლო შემადგენლობა განისაზღვრება, ამომდინარე გადასაწყვეტი ამოცანებიდან და ვითარების პირობებიდან. მაგალითად, აშშ-ისა და ნატო-ს არმიების „რეფორჯერის“ ტიპის ყოველწლიურ სწავლებებზე მუშავდება ამერიკული ჯარების ევროპაში გადმოსროლის საკითხები, რაც შესაძლებლობას იძლევა გაზარდონ (ევროპაში უკვე დისლოცირებული) საარმიო კორპუსების საბრძოლო შემადგენლობა. უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ აშშ საარმიო კორპუსი შეიძლება შეიცავდეს ოთხ-ექვს დივიზიას, აგრეთვე გაძლიერებისა და მხარდაჭერის საშუალებებს. 

სპეციალისტები თვლიან, რომ კორპუსის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას ხელი შეუწყო საველე არტილერიის ჯგუფების შემადგენლობაში მართვადი რაკეტების (მრ) „ლანსი“ მაღალმობილური კომპლექსების შეყვანამ (მრ „სერჟანტისა“ და უმართავი რაკეტა /ურ/ „ონესთ ჯონის“ ნაცვლად), ვერტმფრენების რაოდენობის გაზრდამ, მათ შორის საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებისა, საარმიო ავიაციის თვითმფრინვების რაოდენობის გაზრდამ, კავშირგაბმულობის ახალი მცირეგაბარიტიანი აპარატურის მიწოდებამ, აგრეთვე ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკის ფართო დანერგვამ. რაც შეეხება დივიზიებს, მათ შემადგენლობაშიც მოხდა მნიშვნლოვანი ხარისხობრივი ცვლილებები. კერძოდ, გაიზარდა ტანკსაწინააღმდეგო მართავადი რეაქტიული ჭურვების გასაშვები დანადგარების (ტსმრჭ გდ) რაოდენობა (მექანიზებულ დივიზიაში – 108 და ჯავშანსატანკოში – 90 გდ), იგეგმება შეიარაღებაში საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) „როლანდ“2 დივიზიონების მიღება, იქმნება საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების ნაწილები და ქვედანაყოფები და ა. შ. 

ეს და სხვა ღონისძიებანი, რომლებსაც ატარებს ამერიკული სარდლობა, მოწმობს მის მისწრაფებაზე შექმნას საარმიო კორპუსისა და დივიზიის ისეთი სტრუქტურა, რომელიც სრულად უპასუხებდა მომავალი ომის ხასიათს, ე. ი. საშუალებას მისცემდა მათ ეწარმოებინათ აქტიური შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები სხვადასხვანაირ პირობებში, ნებისმიერ კონტინენტზე, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისე დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებისაც. 

საარმიო კორპუსის საბრძოლო მოქმედებათა ძირითად სახეობად ითვლება შეტევა. აშშ არმიის საველე წესდებებში ნათქვამია, რომ მხოლოდ შეტევით არის შესაძლებელი მოწინააღმდეგის ნების გატეხვა, ინიციატივის ხელში ჩაგდება და საბოლოო ჯამში ბრძოლაში (ოპერაციაში) გამარჯვების მიღწევა. 

საარმიო კორპუსის სწავლებათა მსვლელობისას ჩვეულებრივ არ განისაზღვრება შესაძლო მიზნებისა და ამოცანების მკაცრი ჩარჩოები. საბოლოო ამოცანების დასმისას რეკომენდირებულია ამოდიოდნენ უწინარეს ყოვლისა კორპუსის საბრძოლო შემადგენლობიდან, აგრეთვე ითვალისწინებდნენ მოწინააღმდეგის ძალებს, ადგილმდებარეობის პირობებსა და სხვა ფაქტორებს, რომლებმაც არსებითი გავლენა შეიძლება იქონიონ ოპერაციის (ბრძოლის) მსვლელობაზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ შეტევის ფრონტის სიგანე და საბრძოლო ამოცანების სიღრმე შეიძლება იყოს განსხვავებული. 

საარმიო კორპუსი, როგორც გვიჩვენებს სწავლებების გამოცდილება, შეიძლება უტევდეს მოწინააღმდეგეს, რომელმაც წინასწარ მოამზადა თავდაცვა ან დაჩქარებით გადავიდა მასში; აწარმოებდეს შეტევით მოქმედებებს არმიათა ჯგუფის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად (ცალკეულ მიმართულებაზე); უტევდეს არმიების ჯგუფის პირველ ეშელონში, იმყოფებოდეს მეორე ეშელონში (რეზრვში); მოქმედებდეს მთავარი დარტყმის მიმართულებაზე, შეადგენს რა შემტევი გაერთიანების მთავარი დარტყმის საფუძველს, ან მეორეხარისხოვან მიმართულებაზე. 

ცალკეულ შემთხვევებში საარმიო კორპუსი შეიძლება მოქმედებდეს ცალკეულ (დამოუკიდებელ) მიმართულებაზე, და წყვეტდეს კერძო ამოცანას, ან უზრუნველყოფდეს არმიათა ჯგუფის შემტევი ჯარების ძირითადი ძალების მოქმედებებს. 

ამერიკული სამხედრო სარდლობის შეხედულებების თანახმად, ბრძოლაში საარმიო კორპუსის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული მოწინააღმდეგისა და მისი ჩანაფიქრის სწორ შეფასებაზე, ძირითადი ძალისხმევის გადამწყვეტ მიმართულებაზე უნარიან თავმოყრაზე, ბრძოლის მომზადებისა და მისი მსვლელობისას ჯარების ურთიერთმოქმედებისა და მართვის მკაფიო ორგანიზებაზე. 

საარმიო კორპუსის შეტევითი მანევრის ძირითად ფორმებს მიეკუთვნება: გარღვევა, შემოვლა (მისი სახესხვაობებით) და ფრონტალური შეტევა. აშშ არმიის წესდებებით მანევრის სახეობას რეკომენდირებულია ირჩევდნენ ისეთი ანგარიშით, რომ საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას შესაძლებელი იყოს ბირთვული იარაღითა და დაზიანების ჩველებრივი საშუალებებით მოწინააღმდეგისათვის მიყენებული დარტყმების ეფექტურობის ყველაზე უფრო მოკლე ვადებში და სრულად გამოყენება. 

საარმიო კორპუსის შეტევით მოქმედებათა უმნიშვნელოვანეს პრინციპებად ითვლება: ბირთვული დარტყმების შედეგების სწრაფი გამოყენება, ავიაციის, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დარტყმების კვალდაკვალ შემტევი ნაწილების უწყვეტი მოძრაობა, რომელიც არ მისცემს მოწინააღმდეგეს საშუალებას გამაგრდეს ხელსაყრელ მიჯნებზე ან ორგანიზებულად დააზიანოს ცეცხლით შეტევაზე გადასული ჯართა დაჯგუფებანი. 

წინგამოსვლა და მოწინააღმდეგესთან დაახლოება რეკომენდირებულია ტარდებოდეს სალაშქრო კოლონებით, ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისათვის მუდმივ მზადყოფნაში. ჯარების გაშლა და ჩამოქვეითება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებელია მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა. 

აშშ არმიის წესდებებით რეკომენდირებულია მთავარი დარტყმის მიმართულებას ირჩევდნენ ისეთი ანგარიშით და ისეთ რაიონში, სადაც ადგილმდებარეობის პირობები მაქსიმალურად უშვებს სატანკო და მექანიზებული ჯარების გამოყენებას, ხოლო თვითონ დარტყმამ შეიძლება მოიტანოს ყველაზე მეტი წარმატება. ის შეიძლება მიყენებულ იქნას თავდაცვის ყველაზე უფრო ძლიერ ან სუსტ უბანზე. მთავარი დარტყმის გარდა, ჯარების ძირითადი დაჯგუფების მოქმედებათა უზრუნველყოფის ან ადგილმდებარეობის ცალკეულ უბნებზე მოწინააღმდეგის შებოჭვის მიზნით საარმიო კორპუსი შეიძლება აყენებდეს დამხმარე დარტყმებს. 

შეტევისთვის საარმიო კორპუსის საბრძოლო მოწყობის შექმნისას, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, უნდა ითვალისწინებდნენ მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს დაკავებული მიჯნის შენარჩუნებაში, ადგილმდებარეობისა და ამინდის პირობების განსაკუთრებულობებს, შემტევი და თავდამცავი ჯარებისადმი მოცემული რაიონის მოსახლეობის დამოკიდებულებას, გამოყენებადი იარაღის სახეობას, კორპუსში ძალებისა და საშუალებათა არსებობას, მხარდამჭერი და ურთიერთმოქმედი ჯარების შესაძლებლობებს და სხვა. შეტევის მომზადება რეკომენდირებულია ტარდებოდეს ყველაზე უფრო მოკლე ვადებში, ფარულად და კარგად ორგანიზებული საჰაერო თავდაცვის დროს. ყველა შემთხვევაში შექმნილი დაჯგუფება უნდა უზრუნველყოფდეს მოწინააღმდეგის თავდაცვაზე ძლიერი თავდაპირველი დარტყმის მიყენებას. 

ამჟამად ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ცე ომთ) დისლოცრებულ აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საარმიო კორპუსებს შეუძლიათ შეადგინონ შეტევით დაჯგუფებათა ჯარების საფუძველი ომის დასაწყისში. საბრძოლო შემადგენლობისა და ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით ისინი ერთნაირი არ არიან. ასე, ომთ-ზე ნატო-ს სახმელეთო ჯარების დაჯგუფების პირველ ეშელონში შემავალი აშშ-ისა და გფრ-ის საარმიო კორპუსები ნატო-ს მონაწილე სხვა ქვეყნების ანალოგიურ შენაერთებზე უფრო ძლიერია როგორც ბირთული იარაღის მატარებელთა რაოდენობით, ისე საარმიო ავიაციის ვერტმფენების, ტანკების, საარტილერიო ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების რაოდენობითაც. 

მაგალითად, აშშ საარმიო კორპუსის შემადგენლობაში ამჟამად ჩვეულებრივ შედიან: ჯავშანსატანკო და ორი მექანიზებული დივიზიები, ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საველე არტილერიის ორი ჯგუფი, აგრეთვე უზრუნველყოფისა და მომსახურების სხვადასხვა ნაწილები. ასეთი შემადგენლობისას კორპუსს შეიძლება ჰყავდეს: 60–70 ათასი ადამიანი, 900-ზე მეტი ტანკი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრ) „ლანსი“ 20–24 გასაშვები დანადგარი (გდ), 203,2 და 155 მმ კალიბრის 200-ზე მეტი ჰაუბიცა, რომელთაც შეუძლიათ ცეცხლის წარმოება ასევე ბირთვული საბრძოლო მასალებით, ჩვეულებრივთან ერთად, 300–320 ნაღმსატყორცნი, 450–470 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების „თოუს“ გასაშვები დანადგარი (ტსმრჭ გდ) და უუკუცემო ქვემეხი, 3700–3800 ყუმბარსატყორცნი, 200-ზე მეტი ვერტმფრენი, აგრეთვე 300 ერთეულზე მეტი საზენიტო საშუალება. გფრ საარმიო კორპუსს შეიძლება ჰქონდეს ბირთვული საბრძოლო მასალების 35-მდე მატარებელი, დაახლოებით 300 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 48–50 ვერტმფრენი და დაახლ. 1000 ტანკი. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარებში შემავალი სხვა კორპუსების საბრძოლო შესაძლებლობები გაცილებით დაბალია ამერიკულ და დასავლეთგერმანულ კორპუსებთან შედარებით. 

როგორც საზღვარგარეთული ბეჭდური გამოიცემები იტყობინებოდნენ, შეტევის მომზადებისას აშშ საარმიო კორპუსის შემადგენლობა შეიძლება გაიზარდოს ორი-სამი დივიზიით და გაძლიერების სახით მიიღოს საველე არტილერიის ოთხი-ხუთი დივიზიონი (72–90 ქვემეხი), ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ერთი-ორი დივიზიონი, საინჟინრო-მესანგრეთა ორი-სამი ბატალიონი და სხვა ნაწილები. ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ კორპუსის ასეთი საბრძოლო შემადგენლობისას შეიძლება შეიქმნას ტანკებისა და არტილერიის მნიშვნელოვანი სიმკვრივეები, განსაკუთრებით ძირითადი ძალების შეტევის მიმართულებებზე. ასე, ხუთდივიზანი შემადგენლობის კორპუსის ძალების 2/3-ის 15–20 კმ სიგანის ფრონტზე თავმოყრისას საერთო სიმკვრივემ ამ უბანზე შეიძლება შეადგინოს 50–60 ტანკი და 25–30 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი 1 კმ-ზე. 

ნატო-ს ჯარების სწავლებებზე შეტევის მომზადებისას საარმიო კორპუსს ჩვეულებრივ მიეთითებოდა საბრძოლო ამოცანა, შეტევის ზოლი და მთავარი დარტყმის მიმართულება. კორპუსის საბრძოლო ამოცანა, როგორც წესი, მდგომარეობდა მოწინააღმდეგის პირისპირ მდგომი დაჯგუფების განადგურებასა და მისი თავდაცვის სიღრმეში მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობაში. ამასთან უახლოესი ამოცანის სიღრმე ჩვეულებრივ შეადგენდა 35–40 კმ, საბოლოოსი კი – 80–120 კმ და მეტს. შეტევის ზოლის სიგანე მთავარ მიმართულებაზე აღწევდა 50–60 კმ, მეორეხარისხოვანზე – 80–100 კმ. კორპუსის შემადგენლობაში ხუთი-ექვსი დივიზიის არსებობისას შეტევის ზოლის სიგანე შეიძლება გაიზარდოს 120 კმ-მდე, ხოლო ამოცანების სიღრმე კი –200–220 კმ-მდე. მოყვანილი ნორმატივები მიახლოებითია, ვინაიდან აშშ არმიაში ამოცანების დასმისას რეკომენდირებულია ამოდიოდნენ უწინარეს ყოვლისა შექმნილი ვითარებიდან, შესასრულებელი ამოცანებიდან, ოპერაციის ხანგრძლივობიდან და მისი გაქანებიდან (размах). 

საარმიო კორპუსის შეტევაზე გადასვლა, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შეიძლება ხორციელდებოდეს ორი ხერხით: მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან (იხ. ნახატი) და ე. წ. „ფართოდ განწერტებული ამოსავალი (საწყისი) რაიონებიდან“, როცა მთავრი ძალები განლაგდება წინა ხაზიდან 60–80 კმ დაშორებით, ხოლო საწყის მიჯნას კი იკავებენ კორპუსის დაფარვის ნაწილები ან ამ მიმართულებაზე მოქმედი სხვა ჯარები. 

ითვლება, რომ პირველი ხერხი დამახასიათებელია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას დაზიანების ჩვეულებრივ საშუალებათა გამოყენებით, აგრეთვე მაშინ, როცა მოწინააღმდეგემ მოასწრო გაშლა და თავდაცვის ორგანიზაცია; მეორე – შეტევის სულ დასაწყისიდანვე ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში, თუ პირისპირ მდგომ დაჯგუფებას მიეყენა მნიშვნელოვანი დაზიანება, აგრეთვე მოწინააღმდეგის შედარებით სუსტ თავდაცვაზე შეტევისას. 

შეტევაში საარმიო კორპუსის საბრძოლო მოწყობა შეიძლება აიგოს ერთ ეშელონად (საერთო და სპეციალური რეზერვების არსებობისას), აგრეთვე ორ ეშელონად, როცა მეორე ეშელონში გამოიყოფა ერთი-ორი დივიზია და უზრუნველმყოფი ქვედანაყოფები (ნაწილები). 

საარმიო კორპუსის ერთ ეშელონად მოწყობისას ჯავშანსატანკო დივიზა, როგორც წესი, იმოქმედებს მთავარ მიმართულებაზე. კორპუსის შემადგენლობაში შემავალი დივიზიები, საბრძოლო მოწყობაში მათი ადგილის, შესასრულებელი ამოცანისა და მოწინააღმდეგის თავდაცვის მდგრადობის მიხედვით, თავიანთ საბრძოლო რიგებს შეიძლება აწყობდნენ ორ, ზოგჯერ კი ერთ ეშელონად. მოწინააღმდეგის განადგურებაში დიდი როლი ეთმობა სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებსა და ჯავშანსატანკო ჯარებს. კორპუსის ორეშელონიანი მოწყობისას თავდაცვის გარღვევაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება პირველ ეშელონს, რომელსაც დაეკისრება უახლოესი ამოცანის შესრულება. 

საკორპუსო არტილერია ბრძოლოს დროს უფრო ხშირად გაითვალისწინება ნაწილდებოდეს დივიზიებზე. მაგრამ სარაკეტო სისტემები, აგრეთვე საარტილერიო დივიზიონების ნაწილი შეადგენენ საკორპუსო არტილერიის დაჯგუფებას, რომელიც იქნება კორპუსის მეთაურის განკარგულებაში. ჯავშანსაკავალერიო პოლკს ჩვეულებრივ იგეგმება იყენებდნენ დაზვერვის საწარმოებლად და დივიზიების საბრძოლო რიგებს შორის წყვეტებში ფლანგების დასაფარავად, ხოლო აუცილებლობის შემთვევაში – თავდაცვის სიღრმეში მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების დასაპყრობად და ძირითადი ძალების მოსვლამდე მათ შესანარჩუნებლად. 

რაც შეეხება კორპუსის საბრძოლო რიგებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, აშშ არმიაში რეკომენდირებულია ღებულობდნენ ყველა ზომას ჯარების განსაწერტებლად როგორც ფრონტში, ისე სიღრმეშიც, „რათა არ ქმნიდნენ ხელსაყრელ პირობებს ბირთვული დარტყმებისათვის“. ამისთვის გაითვალისწინება განალაგებდნენ დაფარვისა და დაცვის ნაწილებს რაც შეიძლება ახლოს მოწინააღმდეგესთან, არ უშვებდნენ მის მოწყვეტას (отрыв) შეტევის მსვლელობისას და არ აძლევდნენ მას საშუალებას ახდენდეს თავდაცვის ორგანიზებას ახალ მიჯნებზე. შეტევის მომზადებისას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბრძოლო უზრუნველყოფის ორგანიზაციას, უწინარეს ყოვლისა დაზვერვის, ატომსაწინააღმდეგო დაცვის და საჰაერო თავდაცვისა. 

დაზვერვისათვის რეკომენდირებულია იყენებდნენ არა მარტო სპეციალურ სადაზვერვო ქვედანაყოფებს, არამედ, აუცილებლობის შემთხვევაში, სახაზოსაც მოტოქვეითი და სატანკო ბრიგადების შემადგენლობიდან. ვიეტნამში ომის წარმოების გამოცდილებამ მთლიანად დაადასტურა ეს მოთხოვნა. ასე, მე-3 საკორპუსო ზონაში, ჯავშანსაკავალერიო პოლკის გარდა დაზვერვის საწარმოებლად გამოიყენებოდა ქვეითი და სატანკო ქვედანაყოფები ოცეულის, ასეულის, ხოლო ზოგჯერ კი ბატალიონის შემადგენლობითაც. განსაკუთრებით გულდასმით ხდება დაზვერვის ორგანიზაცია ჯარების გადაადგილებისას, მათი თავმოყრის რაიონებში და გაშლის დროს. 

ბრძოლის მომზადების მსვლელობისას რეკომენდირებულია საარმიო კორპუსის პირველი ეშელონის ჯარების შემადგენლობიდან იქმნებოდეს ჯართა დამრტყმელი და დამხმარე დაჯგუფებანი. დამრტყმელი დაჯგუფებები უნდა შეიცავდნენ ძალებისა და საშუალებათა ძირითად ნაწილს. მათი მოქმედებების მიმართულებაზე ნავარაუდევია შეიყვანონ ბრძოლაში საარმიო კორპუსის მეორე ეშელონი. დამხმარე დაჯგუფებები შეასრულებენ უზრუნველმყოფელ და შემბოჭველ ფუნქციებს მეორეხარისხოვან მიმართულებებზე. კორპუსის ჯართა დაჯგუფების შეტევისათვის თავმოყრა, წინგასვლა და გაშლა რეკომენდირებულია ტარდებოდეს ფარულად და, როგორც წესი, ღამით. 

კორპუსის შეტევის მზადების მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოწინააღმდეგის დეზინფომაციის ღონისძიებებს ჯარების თავმოყრის რაიონებთან და საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან მიმართებაში. ამისთვის რეკომენდირებულია ტარდებოდეს ე. წ. „სპეციალური ოპერაციები მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად“. მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცალკეულ ღონისძიებათა სიმართლედ წარმოსახვას, „რომლებიც მაქსიმალურად უპასუხებდნენ ჯარების მოქმედებათა ხასიათს, ხოლო მონაცემები კი მათ შესახებ მოხვდებოდა მოწინაარმდეგესთან მისი დაზვერვის ჩვეულებრივი არხების მეშვეობით“. 

კორპუსის ჯარების გასვლა საწყის მიჯნაზე და შეტევისთვის მათი გაშლა (თუ ის იწყება სვლიდან) გაითვალისწინება წარმოებდეს არტილერიის ცეცხლისა და ავიაციის დარტყმების საფარველ ქვეშ ბირვთული იარაღის ან დაზიანების მხოლოდ ჩველებრივ საშუალებათა გამოყენებით. 

იმ შემთხვევაში, როდესაც კორპუსის დივიზიები და სხვა ნაწილები იმყოფებიან უშუალო შეხებაში მოწინააღმდეგესთან, მათ მიერ დაკავებული პოზიციები წარმოადგენს საწყის მდებარეობას შეტევისათვის. 

თუ ბირთული იარაღი იგეგმება გამოყენებულ იქნას მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზზე განლაგებული მიზნების დასაზიანებლად, მასინ საწყისი პოზიციები ჯარებისთვის დაინიშნება 3–5 კმ-ში წინა ხაზიდან (დაფარვის ქვედანაყოფებისგან). როცა შეტევა იწყება დაზიანების ჩვეულებრივ საშუალებათა გამოყენებით, ხოლო ბირთვული დარტყმები კი მიეყენება შერჩევით მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში, მაშინ საწყისი (ამოსავალი) მიჯნა იქნება თავისი ჯარების მიერ დაკავებული წინა ხაზი. 

თავდაცვის გარღვევას, როგორც ამერიკულ სამხედრო გამოცემებში მიეთითება, წინ უნდა უსწრებდეს მძლავრი საცეცხლე მომზადება, რომელიც განხორციელდება ავიაციით, სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებითა და ქვედანაყოფებით. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებების ჩახშობა, ჯარებისა და მართვის პუნქტების განადგურება. 

ზემდგომი სარდლობის გადაწყვეტილებით კორპუსის შეტევის ინტერესებში თავდაცვაში მყოფ ჯარებს შეიძლება მიეყენოს მასირებული დარტყმები ტაქტიკური და საავიამზიდო ავიაციით (ეს უკანასკნელი ზღვისპირა მიმართულებაზე მოქმედებისას), რომლებსაც უნდა ითვალისწინებდეს კორპუსის შტაბი დაგეგმვის დროს. 

ასე, ახლო არმოსავლეთში ომში ისრაული ავიაციის დარტყმები ხშირად იწყებოდა უშუალო შეხებაში მყოფი ჯარების საბრძოლო რიგებზე, და მთავრდებოდა არაბული ნაწილებისა და შეანაერთების საბრძოლო რიგების მთელ სიღრმეში. ამასთან დარტყმების დიდი ნაწილი მოდიოდა სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფებსა და ნაწილებზე. 

მოწინააღმდეგის თავდაცვის საბოლოოდ ჩახშობისთვის უშუალოდ შეტევის წინ რეკომენდირებულია არტილერიისა და ნაღმსატყორცნების ცეცხლის თავმოყრა რაიონებში, სადაც იმყოფება უმნიშვნელოვანესი ობიექტები: სარაკეტო ქვედანაყოფები, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, მართვის პუნქტები, კავშირგაბმულობის კვანძები და სხვა. 

საცეცხლე მომზადების დასრულების შემდეგ პირველი ეშელონის დივიზიების ბრიგადები გადადიან შეტევაში, არტილერიის ცეცხლი გადაიტანება სიღრმეში და ფლანგებზე. შემტევი ჯარები თავდამცავი ჯარების მნიშვნელოვან ობიექტებზე სარაკეტო-საარტილერიო დარტყმებთან ერთდროულად დარტყმებს აყენებენ ავიაციითაც. სწავლებების გამოცდილებით უშუალო საავიაციო მომზადება ხორციელდება 100–120 კმ და მეტ სიღრმეში. 

პირველი ეშელონის დივიზიები უნდა ანადგურებდნენ წინააღმდეგობის კერებს თავდაცვის მთავარ ზოლში, მისწრაფებული იქნებიან რა რაც შეიძლება სწრაფად შეიჭრან (გაარღვიონ) თავდაცვის სიღრმეში, გააფართოონ გარღვევის ზოლი და არ დაუშვან მოწინააღმეგის ახალ მიჯნებზე გამაგრება. 

შეტევის მსვლელობისას შენაერთების (ცალკეული ნაწილების) წინაშე ადრე დასმული ამოცანები შეიძლება იცვლებოდეს შექმნილი ვითარების შესაბამისად. მაგალითად, აშშ არმიის წესდებებში რეკომენდირებულია დარტყმების მიმართულებათა შეცვლა. ითვლება, რომ „თუ არ შეიძლება წარმატების მიღწევა ბრძოლაში ერთ უბანზე, მთავარი დარტყმა აუცილებელია გადაიტანონ მეორეზე, სადაც არსებობს ხელსაყრელი პირობები შეტევისათვის“. 

საცეცხლე ზემოქმედების გასაძლიერებლად იმ მიმართულებაზე, სადაც დაისახა წარმატება ან მოითხოვება ტაქტიკური მიმართებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩახშობა, რეკომენდირებულია ფართოდ იყენებდნენ საარმიო ავიაციას, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტებს, აგრეთვე ტაქტიკურ ავიაციასაც. 

იმ შემთხვევაში, როცა შემტევი ჯარები თავდაცვის სიღრმეში წააწყდნენ ძლიერად გამაგრებულ მიჯნებს (ობიექტებს), რეკომენდირებულია მათთვის გვერდის ავლა, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კი – შეტევა არტილერიის, ტაქტიკური და საარმიო ავიაციის ძლიერი დარტყმების შემდეგ. 

წარმატების განვითარება შეტევის მსვლელობისას დაეკისრება უმთავრესად მეორე ეშელონებს (რეზერვებს). ამისთვის რეკომენდირებულია ჰყავდეთ ისინი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, გადაანაცვლებენ რა განწერტებულ საბრძოლო რიგებში, და არ დაუშვებენ ჯარების მსხვილ თავმოყრას ერთ რაიონში. ითვლება, რომ მეორე ეშელონების (რეზერვების) ბრძოლაში შეყვანა უზრუნველყოფილ უნდა იქნას არტილერიისა და ავიაციის საიმედო საცეცხლე დაფარვით იმ მიჯნებიდან, რომლებიც უშვებენ ჯარების გაშლასა და მოწინააღმდეგეზე შეტევას ბრძოლაში შეყვანილი შენაერთის ძირითადი ძალებით. ამასთან მეორე ეშელონი შეიძლება შეიყვანონ სრული შემადგენლობით ან ცალკეულ ნაწილებად, მაგრამ, როგორც წესი, ერთ მიმართულებაზე. 

შეტევის მაღალი ტემპების შენარჩუნებისთვის გაითვალისწინება ტაქტიკური საჰაერო (აერომობილური), ზღვისპირა მიმართულებებზე კი საზღვაო დესანტების გადასროლა (გადასხმა) ასეული – ბატალიონის, ხოლო ზოგჯერ კი ბრიგადის შემადგენლობაშიც, რომლებიც ვითარების-და მიხედვით შეიძლება გადაისროლებოდეს 10 – 50 კმ სიღრმეში. საჰაერო (აერომობილური) დესანტები, როგორც ვიეტნამში მიღებულმა საბრძოლო გამოცდილებამ უჩვენა, იპყრობენ ცალკეულ რაიონებს (ობიექტებს) და ინარჩუნებენ მათ შემტევი ჯარების მოსვლამდე, ორგანიზებას უკეთებენ რა იქ ავიაციის დაფარვის ქვეშ წრიულ თავდაცვას. 

საბოლოო მიჯნის მიღწევისა და საბრძოლო ამოცანის შესრულებისთანავე საარმიო კორპუსი ახდენს დაპყრობილ მიჯნებზე გამაგრების ორგანიზებას, უზრუნველყოფს არმიათა ჯგუფის რეზერვების (მეორე ეშელონების) ბრძოლაში შემოყვანას ან ასრულებს ახალ ამოცანას. 

გამოყენებული წყარო

წერილი ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1976, № 10.

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

 

No comments:

Post a Comment