საბჭოთა ავტორების სიტყვით, თავისი შეიარაღებული ძალების შენახვასა და განვითარებაში თურქეთის მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა – სახელმწიფო ბიუჯეტის 20 %-ზე მეტს, ანუ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 4 %-ს. უცხოელი ექსპერტების შეფასებებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის გრძელვადიანი პროგრამების ღირებულება, რომლებიც 1985-1994 წლებზე გახლდათ გათვლილი, საორიენტაციოდ 15 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენდა.
აშშ, გფრ და ნატო-ს ბლოკის სხვა წევრი სახელმწიფოები თურქეთს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდნენ, რომლის ნაწილიც ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე მიდიოდა. უცხოური პრესის ცნობებით, 1950-დან 1987 წლამდე პერიოდში აშშ-გან ქვეყანას 8 მლრდ. დოლარზე მეტი დახმარება ჰქონდა მიღებული. 1980-იანი წლების შუახანებიდან ამერიკულმა დახმარებამ თურქეთისათვის შემდეგი თანხები შეადგინა (მლნ. დოლარებში): 1984 წელს – 718, 1985-ში – 703, 1986 – 618, 1987 – 493,5. 1988 ფინანსურ წელში 493,3 მლნ. დოლარის დახმარების მიცემა იყო დაგეგმილი. 1988 წლის თებერვალში დაიდო ახალი ამერიკულ-თურქული შეთანხმება – DECA (Defense and Economic Co-operation Agreement).
გფრ-ის დხმარებას 1964-დან 1987 წლამდე უცხოელი სპეციალისტები 3 მლრდ. დასვლეთგერმანულ მარკად აფასებდნენ, საიდანაც თანხების ნაწილი სამხედრო ქარხნების მშენებლობასა და გაფართებაზე მიდიოდა. ამ დახმარებას ყოველ მომდევნო 18-თვიან ვადაზე 130 მლნ. მარკის ოდენობით იძლეოდნენ.
როგორც საზღვარგარეთულ პრესაში აღინიშნებოდა, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სამხედრო მრეწველობის ახალი დარგების შექმნისა და ეროვნულ საწარმოებში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების მასშტაბების გაფართოების ღონისძიებები გააქტიურა. ქვეყანა ისწრაფვოდა აეწყო თანამედროვე თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ტანკების, ჯავშანტრანსპორტერების, სხვადასხვა ტიპის სარაკეტო იარაღის, ელექტრონიკის საკუთარი წარმოება და ქცეულიყო სამხედრო ტექნიკის მსხვილ მიმწოდებლად არაბულ, აფრიკულ და ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებშიც.
მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა 1985 წლის 7 ნოემბერს თურქეთის მთავრობის მიერ მიღება «კანონისა სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს შექმნის შესახებ», აგრეთვე შესაბამისი ფინნსური ფონდის შესახებაც. ამ კანონის თანახმად დაფუძნებულ იქნა სამმართველო DIDA (Defense Industry Development and Support Administration). მისი ძირითადი ამოცანები გახლდათ – არსებული სამხედრო მრეწველობის მოდერნიზაცია, სამხედრო მრეწველბაში უცხოური კაპიტალების მოზიდვა, თანამედროვე შეიარაღების წარმოების დაგეგმვა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორების მონაწილეობით, ვაჭრობების გამოცხადება და უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტების დადება, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა.
ქვემოთ, საზღვარგარეთული პრესის მონაცამებით, თურქეთის სამხედრო მრეწველობის დარგებისა და მისი ცალკეული საწარმოების მოკლე დახასიათებანია მოყვანილი. ქვეყნის ტერიტორიაზე 1980-იანი წლების ბოლოს სამხედრო მრეწველობის ძირითადი საწარმოების განლაგების სქემა 1-ლ ნახატზეა წარმოდგენილი.
[ნახატი – რუკა საწაროების განლაგებით]
ნახ. 1. სამხედრო მრეწველობის ძირითადი საწარმოების თურქეთის ტერიტორიაზე განლაგების სქემა
ს ა ა ვ ი ა ც ი ო | მ რ ე წ ვ ე ლ ო ბ ა. მეორე მსოფლიო ომამდე საავიაციო ქარხნებში «თომთაშსა» და «ნური დემირაგში» უცხოური ფირმების ტექნიკური დახმარებითა და ლიცენზიებით ხდებოდა თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობით წარმოება. მცირე ამწყობი ქარხნები იყო ქალაქებში კაისერისა და სტამბულში («ეშილქეი» და «ბეშიკთაში»). გერმანული ლიცენზიით უშვებდნენ აგრეთვე უმნიშვნელო რაოდენობით ძრავებსაც. ომისშემდგომ პერიოდში (1953 წლამდე) აწყობილ იქნა სახელმწიფო კომპანია MKEK-ის (Makina ve Kimya Endustrisi Kurumu) მიერ შემუშავებული დაახლოებით 60 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი «მეჰმეტჩიკი» და «უგური». შემდეგ ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო მათი წარმოება შეწყდა. თურქეთის ნატო-ში შესვლის შემდეგ დაიწყო თვითმფრინავების მიწოდება აშშ-დან და ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნებიდან.
1983 წელს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში თანამედროვე საავიაციო მშენებლობის შესახებ. 1980-იანი წლების მიწურულს საავიაციო მრეწველობა სამხედრო ეკონმიკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენდა. მის სტრუქტურაში წარმოდგენილი გახლდათ თვითმფრინავმშენებლობა, ვერტმფრენმშენებლობა, სავიაციო ძრავების, აღჭურვილობის (მოწყობილობის), კვანძებისა და აგრგატების გამოშვება, აგრეთვე სარემონტო საწარმოებიც. თურქულმა სამხედრო სამრეწველო კორპორაცია «თუსაშ აეროსფეის ინდასტრიზმა» (TAI) და ამერიკულმა «ჯენერალ დაინემიქსმა» 1984 წლის მაისში დააფუძნეს ერთობლივი საწარმო, რომელმაც ააშენა ავიაამწყობი ქარხანა ქ. მიურთედში (ანკარის შემოგარენი) და საავიაციო ძრავების ქარხანა ქ. ესქიშეჰირში.
ავიაამწყობი ქარხანა მიურთედში – ქვეყანაში სამხედრო მრეწველობის უმსხვილესი ობიექტი გახლდათ. მის ტერიტორიას დაახლოებით 2 მლნ. მ² ეკავა, ხოლო საამქროების ფართი კი 311 ათას მ² შეადგენდა, მათ შორის მთავარი ამწყობი საამქროსი – 72,6 ათას მ². პროექტის ღირებულება 4,5 მლრდ. დოლარს უტოლდებოდა. სულ წარმოების პროგრამის შესაბამისად 1988-დან 1994 წლის ჩათვლით იგეგმებოდა ამერიკული ლიცენზიით 152 ტაქტიკური გამანადგურებლის F-16C და D «ფაითინგ ფალკონის» დამზადება (ნახ. 2), ხოლო რვა მანქანა კი აშშ-დან გახლდათ მიღებული. თურქმა მფრინავებმა და სამოქალაქო საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ჯგუფებმა 250 ადამიანის რიცხოვნებით მომზადება შეერთებულ შტატებში გაიარეს. იგეგმებოდა, რომ ამ ქარხანაში დაკავებულთა რიცხვი 1800 ადამიანს გადააჭარბებდა. 1987 წლის ოქტომბერში ქარხანაში აწყობილი პირველი F-16 თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა და მისი საფრენოსნო გამოცდებიც დაიწყო. გამანადგურებლების პირველი პარტია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) 1988 წელს გადაეცა. ყოველწლიურად 24 თვითმფრინავის გამოშვება იგეგმებოდა. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კი დაგეგმილი ჰქონდათ ქარხნის F-16 გამანადგურებლის უფრო სრულყოფილი მოდელებისა და საექსპორტო თვითმფრინავების წარმოებაზე გადაყვანა.
საავიაციო ძრავების ქარხქანას ქ. ესქიშეჰირში ამერიკული კომპანიების «ჯენერალ ელექტრიკისა» და «ვესთინჰაუზენის» დახმარებით აშენებდნენ. მისი საძირკვლის ჩაყრა 1985 წელს შედგა, ხოლო უკვე 1987-ში ქარხანა მწყობრში იქნა შეყვანილი და ამერიკული ლიცენზიით F-16 ტაქტიკური გამანადგურებლებისთვის F100 ძრავების დამზადება დაიწყო. გეგმავდნენ, რომ ქარხანა წელიწადში 24 ასეთ გამანადგურებელს გამოუშვებდა, აგრეთვე მათ რემონტსა და პროფილაქტიკასაც აწარმოებდა.
ვერტმფრენამწყობი ქარხანა ქ. გიუვერჯინლიყში (ანკარის შემოგარენი) წარმოადგენდა არცთუ დიდ საწარმოს, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულს ამერიკული ლიცენზიით უშვებდა UH-1H «იროქეზის» ტიპის ვერტმფრენებს. წელიწადში აქ 30-მდე მანქანას აწყობდნენ. გარდა ამისა, ქარხანაში ხორციელდებოდა თურქეთის სჰძ-ის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენებისა და ძრავების, აგრეგატებისა და ხელსაწყოების რემონტიც, აგრეთვე მზადდებოდა სათადარიგო ნაწილები ვერტმფრენებისა და მათი ძრავებისთვის.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, თურქეთის ხელმძღვანელობა 1980-იანი წლების მიწურულს მიურთედში ახალი სავერტმფრენო ქარხნის აშენებას გეგმავდა. ვაჭრობაში მონაწილეობდნენ ფირმები «აეროსპასიალი» (საფრანგეთი),«უესთლენდ ჰელიკოპტერი» (დიდი ბრიტანეთი), «აგუსტა» (იტალია), «მესერშმიტ-ბიოლკოვ-ბლომი» (გფრ), «ბელ ჰელიკოპტერზი» და «მაკდონელ დუგლასი» (ორივე ამერიკული), აგრეთვე სხვებიც. იტყობინებოდნენ, რომ თურქეთის მოთხოვნილებები ვერტმფრენებში 700 ერთეულს აღემატებოდა.
ამერიკულმა ფირმამ «ჰაინეს ჰელიკოპტერმა» და თურქულმა «იზდაშმა» ქვეყანაში შექმნეს გაერთიანებული კომპანია H-2 და H-5 ტიპის ვერტმფრენების გამოსაშვებად. ფირმა «იზდაშმა» მიიღო სუბსიდიები სამხედრო მრეწველობის განვითარების ფონდიდან. დადებულ იქნა კონტრაქტი თურქეთში ვერტმფრენების, დაზგებისა და აღჭურვილობათა პირველი პარტიის მიწოდებაზე, აგრეთვე თურქი მუშებისა და ინჟინრების აშშ-ში სწავლებაზე. გაერთიანებული კომპანია გეგმავდა ქ. იზმირში ვერტმფრენების ამწყობი ქარხნის აშენებას.
გარდა ამისა, მოქმედებდა ორი მსხვილი ავიასარემონტო საწარმო ქალაქებში ესქიშეჰირსა და კაისერიში.
ავიასარემონტო ქარხანა ქ. ესქიშეჰირში სპეციალიზდებოდა F-4 «ფანტომი», F-5 «თაიგერი», F-104 «სტარფაიტერი» (ყველა აშშ-ში გახლდათ შემუშავებული) და თურქეთის სჰძ-ის შეიარაღებაში არსებული სხვა გამანადგურებლების, მათი საავიაციო ძრავების, კვანძებისა და მოწყობილობათა (აღჭურვილობათა) დეტალების რემონტში.
ავიასარემონტო ქარხანა ქ. კაისერიში სხვადასხვა ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს არემონტებდა, მათ შორის C-47 «სქაითრეინს», C-130 «ჰერკულესს» (ორივე ამერიკული), C-160 «ტრანსალს» (საფრანგეთისა და გფრ-ის ერთობლივი შემუშავება) და სხვებს, ამზადებდა სათადარიგო ნაწილებს, სამუხრუჭო, სატვირთო და სადესანტო პარაშუტებს.
ქ. სტამბულში ათათურქის სახელობის ეროპორტთან არსებობდა სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავების სარემონტო საწარმო.
სარაკეტო ქარხანა ქ. ელმადაგში სახელმწიფო კომპანია MKEK-ს მიეკუთვნებოდა. ის 70-მმ უმართავ საავიაციო რაკეტებს (უარ) აწარმოებდა და დასავლეთგერმანული შემუშავების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) «კობრას» წარმოების გამოცდილებაც გააჩნდა. 1980-იანი წლების მიწურულის საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებებით, ქარხანას მონაწილეობა უნდა მიეღო «ჰაერი – დედამიწა» კლასის მართვადი რაკეტების «მეივერიქებისა» (აშშ შემუშავება) და გაუმჯობესებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (გზრკ) «სტინგერ-პოსტების» წარმოებაში ევროპული კონსორციუმის ფარგლებში.
ღებულობდნენ ზომებს აგრეთვე სარაკეტო შეიარაღების საკუთარი ნიმუშების შესაქმნელად. ასე, კერძო კომპანია MES-მა (Makina Elektrik Kimya Sanayii) შეიმუშავა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ზცრს) PAR-L70. ის პასუხს აგებდა რაკეტის კორპუსის კონსტრუქციაზე, ხოლო სახელმწიფო კომპანია MKEK კი – ძრავასა და ქობინზე. უკანასკნელმა ორგანიზაციამ შექმნა აგრეთვე 70 მმ ყალიბის ზცრს MAKSAM PA-7040. ორივე ზცრს 1987 წლის მაისში ქ. ანკარაში გამართულ სამხედრო-სამრეწველო გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი. კომპანია MKEK-ისა და კვლევითი ცენტრის TUBITAK-ის ძალებით შეიმუშავეს გასაშვები დანადგარების ნიმუშები (ნახ. 3). ამერიკული კორპორაცია LTV (Ling-Temco-Vout) თურქეთთან ზცრს-ების ერთობლივი წარმოების შესახებ 700 მლნ. თანხის კონტრაქტის დადებისთვის ემზადებოდა.
სპეციალიზებული ჯ ა ვ შ ა ნ ს ა ტ ა ნ კ ო | მ რ ე წ ვ ე ლ ო ბ ა, რომელიც ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტერებს (ჯტრ) ააგებდა, 1980-იანი წლების მიწურულს თურქეთში არ არსებობდა. ამ სახეობის საბრძოლო ტექნიკაში მოთხოვნილებებს იმ ხანებში აშშ-დან და გფრ-დან მიწოდებების ხარჯზე იკმაყოფილებდნენ. მოქმედებდა რამდენიმე მსხვილი ტანკსარემონტო საწარმო: ქარხნები ქალაქებში არითიასა და კაისერიში, რომლებშიც M48 ტანკების მოდერნიზაცია გახლდათ აწყობილი. ის მათ M48A5 დონემდე მიყვანაში მდგომარეობდა (ნახ. 4). ამისთვის 90-მმ ზარბაზნებს 105-მმ-ებით ცვლიდნენ, ბენზინის ძრავებს – დიზელურით, წარმოებდა ლაზერული მანძილმზომების, სტაბილიზაციის სისტემებისა და ახალი ტრანსმისიების დაყენება. ტანკების მოდერნიზაციისთვის აღჭურვილობის კომპლექტებს ნაწილობრივ აშშ-დან აწვდიდნენ, ნაწილობრივ კი მათ თურქეთის ქარხნებში ამზადებდნენ. უცხოური პრესის ცნობებით, ქალაქების არითიასა და კაისერის საწარმოებში მოდერნიზაციას თვეში 20-მდე ტანკი გადიოდა. თურქეთსა და პაკისტანს შორის დაიდო შეთანხმება თურქულ საწარმოში ქ. არითიაში პაკისტანური M48 ტანკების მოდერნიზაციის შესახებ.
სარემონტო ქარხნები ქალაქებში ბალიქესირი, სტამბული, ბოლუ, ისკანდერონი, იზმირი, ანკარა, ჩორლუ, არზრუმი – საველე არმიების ზონებში – არემონტებდნენ სხვადასხვანაირ ჯავშანსატანკო ტექნიკასა და საარტილერიო-სასროლ შეიარაღებას, გარდა ამისა, ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისა (თად) და ჯავშანტრანსპორტერების სათადარიგო ნაწილებსაც აწარმოებდნენ.
უკვე დიდი ხანი იყო, რაც შეისწავლიდნენ საკითხს თურქეთში ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ჯავშანტრანსპორტერების (ჯტრ) გამოშვების აწყობის შესახებ. 1987 წლის შემოდგომაზე გამოცხადებულ იქნა ვაჭრობა თურქეთში დაახლოებით 1700 ჯტრ-ის ან ქსმ-ის ერთობლივი წარმოების თაობაზე. მასში მონაწილეობდნენ დასავლეთგერმანული ფირმა «კრაუს-მაფეი», რომელმაც მრავალმიზნობრივი მოჯავშნული მანქანა «პუმა» შესთავაზა, ბრიტანული GKN-Senki (ქსმ MCV-80 «უორიორი»), ამერიკული FMC (ჯტრ Armoured Infantry Fighting Vehicle). 1986-1987 წლების ზამთარში აღნიშნული ფირმების ტექნიკამ თურქეთის მთაგორიანი და უდაბნო ადგილმდებარეობის პირობებში გამოცდები გაიარა. თურქული მხარე ჯტრ-ების გამოშვებაში მონაწილეობის მაღალ ხარისხსა და სხვა ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის უფლებასაც მოითხოვდა. ჯტრ-ების შეიარაღების რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის ტსმრ «თოუებითაც». 1988 წლის აპრილში ამერიკულ კომპანია FMC-თან 1 მლრდ. დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოეწერა ხელი თურქეთში 1700 ჯტრ AIFV-ის ერთობლივი წარმოების შესახებ. ერთობლივ საწარმოში თურქული ფირმა «ნუროლი» ღებულობდა მონაწილეობას. 1989 წლის შუახანებში ქარხნის მშენებლობის ადგილის თაობაზე ღებულობდნენ გადაწყვეტილებას.
დასავლეთგერმანულმა ფირმამ Krupp MAK-მა თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაუდო კონტრაქტის M47 ტანკების ჯტრ-ებად გადაკეთების შესახებ, მათში გაერთიანება MTU-ის (Motoren und Turbinen Union) დიზელური ძრავების დაყენების ჩათვლით. დაგეგმილი ჰქონდათ M47 ტიპის 150 ტანკის ჯტრ-ებად გადაკეთება.
სხვა დასავლეთგერმანულმა ფირმამ – Kuka Wertechnik-მა დაუდო კონტრაქტი ამერიკული წარმოების 2000 თურქული ჯტრ-ის M113 განახლებაზე. ამ ჯტრ-ების მოდერნიზაციის პროექტის ღირებულება 1 მლრდ. დოლარს აღემატებოდა.
ქვეყანაში იყო საწარმოო სიმძლავრეები ფირმების MAN (Maschinen Fabrik Augsburg-Nürnberg), «მერსედეს ბენცი», «მაგირუს დოიჩე» (ყველა გფრ-ისა), Fiat (იტალია), «ვოლვო» (შვედეთი), «კრაისლერი» (აშშ) ლიცენზიებით სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო ავტომობილების ასაწყობად. ესენი გახლდათ ქარხნები «ოტომარსანი», BMC, «გენოტო», «ოტოსანი», «ოტოიოლი», «ოტომატივი», «კრაისლერი», რომლებიც ქალაქებში: სტამბულში, იზმიტში, ანკარაში, იზმირსა და ბურსაში იყო განლაგებული.
1980-იანი წლების მიწურულისთვის ფირმა «ოტომარსანის» მსხვილი ქარხანა იქნა აგებული აქსარაიში (ქ. ნიგდე), რომელსაც დასავლეთგერმანული ლიცენზიით უნდა ეწარმოებინა «უნიმაგის» სერიის სამხედრო ავტომობილები ტვირთამწეობით 0,5; 1,5; 2,5; 5 და 10 ტ, ასევე ყველგანმავლები ტვირთამწეობით 14 და 26 ტ, და საავტომობილო ძრავები. იგეგმებოდა ყოველწლიურად 5,5 ათასი სატვირთო ავტომობილისა და 7 ათასი ძრავის გამოშვება, ხოლო დაკავებულთა რიცხვს კი 5 ათასი ადამიანისთვის უნდა მიეღწია.
ქალაქ კონიაში მწყობრში იქნა შეყვანილი ფირმა «ტიუმოსანის» სატრაქტორო ძრავების ქარხანა. მას წელიწადში 50 ათასი სატრაქტორო ძრავი უნდა ეწარმოებინა.
ფირმა «კოჩის» ქარხანა «ოტოკარი» სტამბულში ქვეყნის შეირაღებული ძალებისთვის უშვებდა «ჯიპებს», აგრეთვე ფირმების «მაგირუს დოიჩეს» (გფრ), CKD-ისა და «ლენდ-როვერის» (დიდი ბრიტანეთი) ლიცენზიებით – სამხედრო (სატვირთო) ავტომობილებს.
ფირმა «ჰემა დიშლის» ქარხანას წელიწადში ამერიკული კორპორაციის «ამერიკენ მოტორზის» ლიცენზიით 2000 «ჯიპი» უნდა ეწარმოებინა. მათი გამოშვება 1988 წელს იქნა დაწყებული.
ს ა ჰ ა ე რ ო | თ ა ვ დ ა ც ვ ი ს | თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე | ს ა შ უ ა ლ ე ბ ა თ ა | შ ე ქ მ ნ ი ს სფეროში, უცხოური პრესის ცნობებით, 1980-იანი წლების დასასრულს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა საჰაერო თავდაცვის (ჰთ) არსებული სისტემის დაბლამფრენ მიზნებთან ბრძოლაში შესაძლებლობების გაფართოებას. დასავლელი სპეციალისტების შეფასებების თანახმად, მის (ამ პროექტის) ღირებულებას 4,8 მლრდ. დოლარი უნდა შეეგინა. თურქეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლები მოითხოვდნენ ჯტრ-ის ან ყველგანმავალი სატვირთო ავტომობილის შასიზე დამონტაჟებული დაახლოებით 200 მობილური სარაკეტო გასაშვები დანადგარის შეძენას. სწავლობდნენ რიგი უცხოური ფირმების წინადადებებს: შვეიცარიული «ერლიკონის» (კომპლექსი ADATS), ინგლისური «ბრითიშ აეროსფეისის» («რაპირა» დამიზნების ლაზერული სისტემით), ამერიკული «ფორდ აეროსფეისის» («ჩაპარელი»), საერთაშორისო კონსორციუმ «ევრომისაილის» («როლანდ-3»). 1989 წლის შუახანებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული. ინგლისურმა კომპანიამ «ბრითიშ აეროსფეისმა» დამიზნების ლაზერული სისტემის მქონე საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) «რაპირას» მწარმოებელი ქარხნის აშენებაც შესთავაზა. თურქეთს დიდი ბრიტანეთისგან ამ ზმრ-ების გასაშვები 36 დანადგარი უკვე ჰქონდა მიღებული და იმ ხანებში თვითონ რაკეტების მეორე პარტიის მიწოდება მიმდინარეობდა.
ხ ო მ ა ლ დ ს ა მ შ ე ნ ე ბ ლ ო | დ ა | გ ე მ თ ს ა მ შ ე ნ ე ბ ლ ო | მ რ ე წ ვ ე ლ ო ბ ა (უფრო დაწვრილებით თურქეთში ხომალდმშენებლობის შესახებ იხ. Зарубежное военное обозрение, 1989, № 3, გვ. 61-65). 1980-იან წლების მიწურულს თურქეთი გახლდათ ქვეყანა სწრაფად განვითარებადი ხომალდსამშენებლო მრეწველობით. ხომალდმშენებლობას გააჩნდა სიმძლავრეები 5 ათას ტ-მდე წყალწყვის ფრეგატებისა და საესკადრო ნაღმოსნების, დიზელური წყალქვეშა ნავების, სარაკეტო კატარღების, ტანკსადესანტო ხომალდების, საპატრულო, სატორპედო და სადარაჯო კატარღების გამოსაშვებად, დასავლეთის ქვეყნების, და უწინარეს ყოვლისა გფრ-ისა და აშშ-ის ლიცენზიებითა და ტენიკური დახმარებით.
ხომალდსამშენებლო ქარხანაში «გიოლჯუკ ასკერი ტერსანესი» (ქ. გიოლჯუკი) აგებდნენ MEKO 200 პროექტის მართვადი სარაკეტო შეიარაღების მქონე ფრეგატებს (მრი ფრეგატები), 209 პროექტის წყალქვეშა ნავებს (ორივე დასავლეთგერმანული ლიცენზიებით), «ჩაკაბეის» ტიპის ტანკსადესანტო ხომალდებს. საწარმოში 5 ათასზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვის მაღალი პროცენტის მიღწევის მიზნით აქ პერიოდულად აგებდნენ აგრეთვე მშრალი ტვირთების გადამზიდ გემებს 18 ათას ტ-მდე დედვაიტით.
ხომალდსამშენებლო ქარხანაში «ტაშკიზაკ ასკერი ტერსანესი» (ქ. სტამბული) გფრ-ის ლიცენზიით წარმოებდა 170 ტ წყალწყვის «დოგანის» ტიპის სარაკეტო კატარღებისა (ნახ. 5) და SAR-33 კატარღების, სანაღმო გადამღობების, ტანკსადესანტო ხომალდებისა და სადესანტო-გადასასხმელ საშუალებათა მშენებლობა. საწარმოში 3 ათასამდე ადამიანი გახლდათ დაკავებული.
თურქეთი სწრაფად ანვითარებდა სადესანტო ხომალდების, საბრძოლო კატარღებისა და დამხმარე გემების ექსპორტს განვითარებად ქვეყნებში. ხომალდმშენებლობის ძირითადი ცენტრები იყო ქალქები სტამბული, იზმითი (ხომალდსამშენებლო კომპლექსი «თუზლა»), ერეგლი და იზმირი.
ქვეყნის 40-ზე მეტ გემთსაშენ ვერფში აგებდნენ ტანკერებს, ბალკერებსა და მშრალი ტვირთების გადამზიდ გემებს 75 ათას ტ-მდე დედვაიტით. 1988 წელს ქვეყანაში უმსხვილესი გემთსამშენებლო ქარხნის «ფენდიქ ტერსანესის» მეორე რიგის მწყობრში შესვლის შემდეგ შესაძლებელი შეიქნა 170 ათას ტ-მდე დედვაიტის გემებისა და ასევე 35 ათას ცხ. ძ.-მდე სიმძლავრის ძრავების აგება.
ს ა ა რ ტ ი ლ ე რ ი ო - ს ა ს რ ო ლ ი | შ ე ი ა რ ა ღ ე ბ ი ს | წ ა რ მ ო ე ბ ი ს | მ რ ე წ ვ ე ლ ო ბ ა. მსუბუქ სასროლ იარაღს უშვებდნენ სახელმწიფო კომპანია MKEK-ის საწარმოში ქ. კირიქკალეში (შაშხანებს G3A3, ავტომატებს MP-5, ტყვიამფრვევებს MG3).
საარტილერიო ქარხანა «თოფ ოტომატივი» (ქ. კირიქკალე) აწარმოებდა 105-მმ სატანკო ზარბაზნებს (200 ერთეულამდე წელიწადში), 120 და 81 მმ ყალიბის ნაღმსატყორცნებს. მიმდინარეობდა მზადება 155-მმ ჰაუბიცების მოდერნიზაციის, აგრეთვე მათი საკუთარი წარმოების აწყობისთვისაც.
საზენიტო საარტილერიო შეიარაღების ქარხანა (ქ. ჩანქირი) შვეიცარიული ფირმის «ერლიკონის» ლიცენზიით 1980-იანი წლების მიწურულს უშვებდა შეწყვილებულ 20-მმ დანადგარებს, ხორციელდებოდა მზადება ასევე 35-მმ შეწყვილებული საზენიტო დანადგარების წარმოებისთვის.
ს ა ბ რ ძ ო ლ ო | მ ა ს ა ლ ე ბ ი ს | წ ა რ მ ო ე ბ ი ს | მ რ ე წ ვ ე ლ ო ბ ა. საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დენთების გამოშვებით სახელმწიფო კომპნია MKEK-ის რამდენიმე ქარხანა გახლდათ დაკავებული, რომლებიც განლაგებული იყვნენ ქალაქებში კირიქკალესა და ანკარაში. აქ აწარმოებდნენ სხვადასხვა ყალიბის ვაზნებს მსუბუქი სასროლი იარაღისათვის, 20-დან 203,2 მმ ყალიბის ჭურვებს, საავიაციო ბომბებს, ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების გასროლების მუხტებს, სხვადასხვნაირ ამფეთქებს, დინამიტს, ტროტილს, საკვამლე კოჭებსა და მასობრივი დაზიანების იარაღისგან (მდი) დაცვის საშუალებებს.
რ ა დ ი ო ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი | დ ა | რ ა დ ი ო ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი | მ რ ე წ ვ ე ლ ო ბ ა 1980-იანი წლების ბოლოს თურქული ეკონომიკის ერთერთ ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებად დარგს წარმოადგენდა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროსათვის რადიოელექტრონული მოწყობილობების გამოშვებაში წამყვან კომპანიებად ფირმების «ასელსანის», «თელეტაშისა» და «თესტაშის» საწრმოები ითვლებოდა.
ქარხანა «ასელსანი» (ქ. ანკარა) მსხვილი საწარმო გახლდათ, რომელიც HFSSB სერიის გადასატანი, მობილური და მძლავრი სტაციონარული საარმიო რადიოსადგურების მთელ ოჯახს უშვებდა, აგრეთვე სხვადასხვანაირ ელექტრონულ აპარატურას, გამშიფრავ მოწყობილობებს, ელექტრონულ ტრენაჟორებს, კოსმოსური კავშირგაბმულობის სისტემების ელექტრონულ აპარატურას, საველე ტელეფონებს, კონტროლისა და შეტყობინების სხვადასხვანაირ აპარატურას ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (ეგმ /კომპიუტერები/) გამოყენებით სამოქლაქო თავდაცვისთვის, ბანკებისა და სამხედრო ობიექტების დასაცავად, ინტეგრალურ სქემებს, ელექტრონულ კომპონენტებსა და სამხედრო დანიშნულების სხვა რადიოელექტრონულ მოწყობილობებს (აღჭურვილობებს). ფირმა «ასელსანს» ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ კომპანიები «სიმენსი» (გფრ), «პლესი» და «მარკონი» (ორივე ბრიტანული), აგრეთვე სხვებიც. 1988 წელს ქარხანა «ასელსანმა» დაიწყო ინერციული სანავიგაციო სისტემების წარმოება F-16 ტიპის ტაქტიკური გამანადგურებლებისთვის, აგრეთვე ელექტრონული ამფეთქებისა. საწარმო თანდათანობით ერთვებოდა «ჰაერი – დედამიწა» კლასის მართვადი რაკეტების (მრ) «მეივერიქებისა» და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (გზრკ) «სტინგერ-პოსტი» ერთობლივ წარმოებაში ევროპული კონსორციუმის ფარგლებში.
პრესის შეტყობინენენით, ამ ქარხნის ამწყობ საამქროებს 46 ათასი მ² ფართობი ეკავათ, და მასში 2,7 ათასი ადამიანი გახლდათ დაკავებული 330 ინჟინრისა და 950 ტექნიკოსის ჩათვლით. ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციიდან 40 % თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიეწოდებოდა, 30 % – სამოქალაქო სექტორს და 30 %-ც სხვა ქვეყნებში საექსპორტოდ გადიოდა.
1987 წელს ესენბოგაში (ქ. ანკარა) ქარხანა «ასელსანის» მეორე კორპუსის მშენებლობა იქნა დაწყებული, რომელსაც 228 ათასი მ² ფართობი უნდა ჰქონოდა.
ქარხანა «თელეტაშ ტელეკომუნიკსიონ თიჯალეთი» (ქ. სტამბული) მსხვილი საწარმო გახლდათ, რომელიც კავშირგაბმულობის აპარატურას აწარმოებდა, მათ შორის სამხედრო დანიშნულებისაც. ქარხანაში 2,2 ათასი ადამიანი იყო დაკავებული.
თურქეთის ელექტრონული მრეწველობის კორპორაციაში შემავალ ფირმა «თესტაშს» ორი ქარხანა ჰქონდა, რომლებიც ქალაქებში ანკარასა და აიდინში იყო განლაგებული. ორივე თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიმწოდებელი გახლდათ და ელექტრონულ კომპონენტებს, გარდამქმნელებს, გადამრთველებს, ავტომატურ ელექტრონულ კომუტატორებსა და ინტეგრალურ სქემებს აწარმოებდა.
1980-იანი წლების ბოლოსთვის თურქეთში სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა ტელევიზორების, რადიომიმღებებისა და სხვა რადიოაპარატურის წარმობა. 1987 წელს ფერად ტელევიზორებს უშვებდა რვა ქარხანა, შავ-თეთრს – ოთხი. ყველა განლაგებული იყო ქალაქებში სტამბულში, ანკარასა და იზმირში. იმავე დროს სწრაფად იზრდებოდა კაბელების მწარმოებელი ქარხნების რიცხვიც. ყოველივე ეს ქვეყანაში რადიოელექტრონიკის განვითარებას უწყობდა ხელს.
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан 1 ранга Ю. Введенский, кандидат военных наук, доцент, «Военная промышленность Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1989 г. № 6.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment