Tuesday, October 6, 2026

თურქეთის შეიარაღებული ძალები 1980-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, თურქეთს, რომელსაც «ცივი ომის» ათწლეულებში საბჭოთა კავშირთან და ბულგარეთთან სახმელეთო საზღვრები გააჩნდა, ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რაიონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ შავი ზღვის სრუტეების იმ მეტად მნიშვნელოვან ადგილს, რომელიც მათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში ეთმობოდა. ამიტომ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თურქეთი ერთდროულად ორ სამხედრო ბლოკში იქნა ჩათრეული: 1952 წელს ნატო-ში, ხოლო სამი წლის შემდეგ კი სენტო-შიც (ეს უკანასკნელი 1979 წელს დაიშალა). მან ნატო-ში თავისი პარტნიორების იმედები გაამართლა, ვინაიდან ჩრდილოატლანტიკური ბლოკის შემადგენლობაში თითქმის მთელი თავისი სახმელეთო ჯარები გამოყო, აგრეთვე სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) უდიდესი ნაწილი და სამხედრო-საზღვაო ძალები (სზძ) სრული შემადგენლობით. 

როგორც დასავლელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, თურქეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და მომზადებაზე გადამწყვეტ გავლენას პენტაგონი და ნატო-ს სარდლობა ახდენდნენ. მაგალითად, თურქეთში 1947 წლიდან მყოფ ამერიკულ გაერთიანებულ სამხედრო მისიას (JUSMAT) ჰქონდა თავისი განყოფილებები და ჰყავდა მრჩეველთა ჯგუფები გენერალურ შტაბში, შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბებში, საველე არმიებსა და ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებში (ტას). ნატო-ს სისტემაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობას ბლოკის შემდეგი შტაბები ახორციელებდნენ, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებული: ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარებისა სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (იზმირი), მე-6 გაერთიანებული (სამოკავშირეო) ტაქტიკური საავიაციო სარდლობისა (6 გტას, იზმირი) და ნატო-ს სზძ-ისა ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში (ანკარა). 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, თურქეთის მნიშვნელობა აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო გეგმებში 1980-იანი წლების პირველ ნახევარში კიდევ უფრო გაიზარდა (განსაკუთრებით, ირანში ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და სენტო-ს ბლოკის დაშლის შემდეგ – ი. ხ.). 1980 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეერთებულ შტატებს დაახლოებით 60 ბაზისა და ობიექტის გამოყენების უფლება მისცა, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს იყო აშენებული და პირველ რიგში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის გახლდათ განკუთვნილი, აგრეთვე ბლოკში თავისი შეიარაღებული ძალების საქმიანობაც გაააქტიურა. 

თურქეთი, რომელიც ნატო-ს ბლოკის აქტიური წევრი იყო და კავშირის წინაშე თავის მოვალეობებსაც ერთგულად ასრულებდა, 1980-იანი წლების შუახანებში დაახლოებით 630 ათასი ადამიანის რიცხოვნების მსხვილ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს ინახვდა. ის შეიარაღებული ძალების სამის სახეობისგან შედგებოდა – სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან (სზძ) (იხ. სქემა). 

[ნახატი] 

თურქეთის შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურა 

გარდა ამისა, თურქეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ – საჟანდარმო ჯარებიც (125 ათასი ადამიანი). მას სახმელეთო საზღვრების დაცვა (охрана) და ქვეყანაში «საზოგადოებრივი უსაფრთხოების» უზრუნველყოფა ეკისრებოდა. 

სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანოები. არმიისა და ფლოტის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობა, რომელიც შეიარაღებული ძალების მართვას ახორციელებდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ასე, 1980 წლის სექტემბერში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ სამხედრო გადატრიალება მოახდინა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) ჩამოაყალიბა, რომელმაც მთელი ძალაუფლება ქვეყანაში საკუთარ ხელში აიღო ეს ორგანო, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეფასებით, ზესამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენდა, სადაც მთელ საქმეებს სამხედროები განაგებდნენ. საბჭოთა ავტორების სიტყვით, სამხედრო ადმინისტრაციამ, გენერალური შტაბის უფროსის კ. ეფრენის მეთაურობით, მოქმედებდა რა მმართველი კლასის ინტერესებში, დემოკრატიულ მოძრაობას დარტყმა მიაყენა და მთელი პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა ხელისუფლების ცენტრალიზაციის მიმართულებით წაიყვანა. 

გენერლების კონტროლით შემუშავებულ და 1982 წელს მიღებულ იქნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურს ფართო საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილებები მიანიჭა. პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი შეიქნა და ეუს-ს სათავეში ჩაუდგა. სამხედრო საქმეებში პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგნოს მოვალეობები უმაღლეს სამხედრო საბჭოს დაეკისრა, რომლის შემადგენლობაშიც ეუს-გან განსხვავებით სამოქალაქო პირები – მთავრობის წვრები – არ შედიოდნენ. ამ ორგანოში თავმჯდომარის პოსტი გენერალური შტაბის უფროსს ეკავა, ხოლო მისი მუდმივი წევრები კი შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლები გახლდნენ, აგრეთვე არმიის გენერლის წოდების მქონე ყველა მხედართმთავარიც. საბჭოს სხდომებზე პერიოდულად ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, საველე არმიების სარდლებს, აგრეთვე ზოგიერთი შენაერთის მეთაურსაც იწვევდნენ. 

შეიარაღებული ძალების სარდალი (ომის დროს მთავარსარდალი) გახლდათ გენერალური შტაბის უფროსი, რომელსაც ნიშნავდა პრეზიდენტი მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციით. იგი სრულად აგებდა პასუხს შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე, მშენებლობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე. გენერალური შტაბის უფროსს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა (სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის) სარდლები, აგრეთვე საჟანდარმო ჯარების სარდალიც. 

გენერალური შტაბის (ანკარა) ძირითადი ამოცანები დაიყვანებოდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებაზე, ომის შემთხვევისთვის ოპერატიული გეგმების შემუშავებაზე და ჯარების (ძალების) ყოველდღიურ ხელმძღვანელობაზე. ამ უმაღლესი სამხედრო ორგანოს სტრუქტურა პერიოდულად ცვლილებებს განიცდიდა, თუმცა კი ძირითად კომპონენტებს ინარჩუნებდა. ესენი იყო: მთავარი სამმართველოები (კადრების, ოპერატიული, სადაზვერვო, ზურგის, ელექტრონიკისა და კავშირგაბმულობის), სპეციალური სამმართველოები და განყოფილებები (отделы). 

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მეთაურობდა სამოქალაქო პირი. ამ სამინისტროს არ გააჩნდა პირდაპირი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების მომზადებასა და საბრძოლო საქმიანობასთან. მის ფუნქციებში შედიოდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ახალწვეულების გაწვევა, რეზერვების აღრიცხვა და გადამზადება, სამობილიზაციო მარაგების შექმნა, ქვეყნის ტერიტორიის როგორც საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) მომზადება და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ფუნქციების შესრულება. მინისტრს კონსულტაციებს სამხედრო მრჩევლების აპარატი უწევდა. 

უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედების ორგანიზაციის მიზნით შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის შტაბები ასევე ანკარაში იმყოფებოდა. 

სახმელეთო ჯარები – შეიარაღებული ძალების ძირითადი და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სახეობა გახლდათ, რომელიც 1980-იანი წლების შუახანებში მისი საერთო რიცხოვნების 82 %-ზე მეტს შეადგენდა (520 ათასი ადამიანი, მათ რიცხვში 475 ათასი ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე იყო). 

სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში მოითვლებოდა: 17 დივიზია, მათგან 14 ქვეითი (ქვეითი, აგრეთვე A და B ტიპის ქვეითი), 2 მექანიზებული და ჯავშანსატანკო; 23 ცალკეული ბრიგადა – 6 ჯავშანსატანკო, 4 მექანიზებული, 11 ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და სადაზვერვო-დივერსიული «კომანდოსი»; აგრეთვე ცენტრალური დაქვემდებარების ცალკეული ნაწილებიც. 

ყველა ჩამოთვლილი შენაერთი 4 საველე არმიასა და 2 ცალკეულ საარმიო კორპუსში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, იყო სასწავლო სარდლობა და შიდა ზონების ორი სარდლობა, რომელთაც სასწავლო შენაერთები და ნაწილები, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ქვედანაყოფები ექვემდებარებოდნენ. 

საველე არმიების სარდლებისა და საარმიო კორპუსების მეთაურთა დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ სარაკეტო-საარტილერიო და საზენიტო-საარტილერიო დივიზიონები, საინჟინრო პოლკები და ბატალიონები, კავშირგაბმულობისა და საარმიო ავიაციის პოლკები და ბატალიონები, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. კერძოდ, როგორც საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, მოითვლებოდა უმართავი რაკეტების (ურ) «ონესტ ჯონი» 4 დივიზიონი, საველე არტილერიის (203,2-მმ ჰაუბიცების, 175-მმ თვითმავალი ზარბაზნების, 155-მმ ჰაუბიცებისა და ზარბაზნების) დაახლოებით 30 დივიზიონი, 20-მდე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი, 3 საინჟინრო პოლკი და 20 საინჟინრო ბატალიონი, საარმიო ავიაციის 3 პოლკი და დაახლოებით 10 ბატალიონი, აგრეთვე კავშირგაბმულობის 3 პოლკი და 12 ბატალიონი. 

სახმელეთო ჯარების საერთო (ზოგად) ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა სარდალი (არმიის გენერალი), რომელსაც ორი წლით ნიშნავდა მინისტრთა საბჭო გენერალური შტაბის უფროსისა და ეროვნული თავდაცვის მინისტრის წინადადებით, ხოლო შემდეგ კი ამტკიცებდა ქვეყნის პრეზიდენტი. იგი უშუალოდ გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდა და პასუხს აგებდა სახმელეთო ჯარების მშენებლობაზე, დაკომპლექტებაზე, საბრძოლო მომზადებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. გაერთიანებებს, შენაერთებსა და ნაწილებს სარდალი თავისი შტაბის (ანკარაში) მეშვეობით ხელმძღვანელობდა, ხოლო ამ შტაბს კი კორპუსის გენერალი ედგა სათავეში. 

თურქეთის სახმელეთო ჯარები (ამერიკულ და ბერძნულ ჯარებთან ერთობლივად) ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარებში გახლდათ ჩართული სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (შტაბი ქ. იზმირში), რომლის პასუხისმგებლობის ზონაში შედიოდა ორი რაიონი – ბალკანეთის ნახევარკუნძული და თურქეთის აზიური ნაწილი. თურქეთის სახმელეთო ჯარების უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენდა საველე არმია, უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს კი – საარმიო კორპუსი. 

ნატო-ს სამხედრო სპეციალისტები ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უმნიშვნელოვანესად შავი ზღვის სრუტეებისა და აღმოსავლეთ თრაკიის რაიონს მიიჩნევდნენ, რომელიც საბერძნეთ-თურქეთის საზღვრით, თურქეთის დასავლეთ სანაპიროთი და შავი ზღვის სანაპიროთი გახლდათ შემოსაზღვრული. მის ფარგლებში მდებარე ადგილი იძლეოდა ჯარების პრაქტიკულად ყველა გვარეობის გამოყენების შესაძლებლობას. აქ ავტოსაგზაო ქსელი ყველაზე უფრო მეტად იყო განვითარებული. მოცემულ რაიონში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის იგეგმებოდა 1-ლი საველე არმიის (შტაბი სტამბულში) გაშლა, რომელიც მე-2, -3, -5 და 15-ე საარმიო კორპუსებს, აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შეიცავდა. სულ ამ გაერთიანების შემადგენლობაში, რომელიც ყველაზე უფრო დაკომპლექტებულად და ბრძოლისუნარიანად ითვლებოდა, 1980-იანი წლების შუახანებში შედიოდნენ 10 დივიზია და 4 ცალკეული ბრიგადა. 

თურქეთის აზიურ ნაწილში ნატო-ს სარდლობა ძირითად ძალისხმევას საბჭოთა კავშირის საზღვრებთან მიმდებარე რაიონებში უყრიდა თავს; ადგილმდებარეობა (местность) აქ რელიეფის სირთულით ხასიათდებოდა. დასავლელი სპეციალისტების აზრით, ჯარების მოქმედებებისთვის მთებში ისეთი გასასვლელები იყო ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი (доступны), როგორებიცაა ჭოროხის, კელკიტის, ყარს-ერზინჯან-სივასისა და ყარაქიოსე-მუშ-ელიაზიგის გასასვლელები. ამ რაიონში თურქეთის სარდლობას მე-3 საველე არმიისთვის (შტაბი ერზინჯანში) ჰქონდა თავი მოყრილი მე-8 და მე-9 საარმიო კორპუსების შემადგენლობით. სულ არმიაში მოითვლებოდა ოთხი დივიზია და შვიდი ცალკეული ბრიგადა. 

მე-2 სავალე არმია (მალათია) ქვეყნის სამხრეთ საზღვრის რაიონში მოქმედებებისთვის იყო განკუთვნილი. ის მოიცავდა მე-6 და მე-7 საარმიო კორპუსებს (სულ ხუთი ცალკეული ბრიგადა). 

ეგეოსის საველე არმია (იზმირი)* კვიპროსის კონფლიქტის შედეგად 1975 წელს იქნა ჩამოყალიბებული და მისი გაშლა იგეგმებოდა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროზე (*ეგეოსის /ანუ მე-4/ საველე არმია, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებით, შეიქმნა საბერძნეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის – ჟურნ. რედ.). 1980-იანი წლების შუახანებში მის შემადგენლობაში შედიოდნენ ერთი სასწავლო დივიზია და ორი ცალკეული ქვეითი ბრიგადა. 

მე-4 საარმიო კორპუსი (ანკარა) ცენტრალურ ანატოლიაში გახლდათ განლაგებული და სახმელეთო ჯარების სარდლობის რეზერვად ითვლებოდა. ის შედგებოდა სამი ცალკეული ბრიგადის, აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ქვედანაყოფებისგან. 

11-ე საარმიო კორპუსი (კირენია, კვიპროსი), კვიპროსელ-თურქთა თემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით 1974 წელს შეიქმნა და კ. კვიპროსზე იყო დისლოცირებული. ის მოიცავდა ორ ქვეით დივიზიას (პირდი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 20 ათას ადამიანს უახლოვდებოდა). მათ შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 160-ზე მეტი ტანკი M47 და M48, 150-მდე ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113 და 200-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი. 

თურქული დივიზიები, რომლებიც სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთებს წარმოადგენდნენ, პოლკების, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისგან შედგებოდნენ. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისინი იმდენად არ იყვნენ სრულყოფილი თავიანთი ორგანიზაციისა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვილობის მიხედვით, როგორც ნატო-ს ქვეყნების დივიზიები ცენტრალურ ევროპაში. მაგრამ, როგორც დასავლელი სპეციალისტები მიიჩნევდნენ, თურქული ჯარების კარგად იყვნენ შეგუებულნი (хорошо приспособлены) მოცემულ ომთ-ზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. მანევრულობითა და საცეცხლე სიმძლავრით თურქული ნაწილები და ქვედანაყოფები ბლოკის სხვა ჯარებს ჩამორჩებოდნენ, თუმცა კი მათი საბრძოლო პოტენციალი 1980-იანი წლების პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სახმელეთო ჯარების სარდლობა მათი მანევრულობის, საცეცხლე სიმძლავრისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ამ მიზნით წარმოებდა ჯარების თანამედროვე ამერიკული და დასავლეთგერმანული იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვა. 

ქვეითი დივიზია შედგებოდა მეთაურობისა და შტაბისგან, სამი ქვეითი პოლკისა (თითოეულში სამი ბატალიონი) და ერთი საარტილერიო პოლკისგან, სამი ბატალიონისგან (სატანკო, მესანგრეთა, კავშირგაბმულობის), სამი ასეულისა (საშტაბო, სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების) და დივიზიის ზურგისგან. სულ მასში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 12 ათასი ადამიანი, 60-ზე მეტი ტანკი, საველე არტილერიის 200-მდე ქვემეხი და ნაღმსაყტორცნი, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა 100-ზე მეტი ერთეული. 

A ტიპის ქვეით დივიზიას სამი ქვეითი პოლკის ნაცვლად ორი ქვეითი და ერთი ჯავშანსატანკო პოლკები ჰყავდა, ხოლო ამ უკანასკნელში კი ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები შედიოდნენ. მის შეიარაღებაში დახლოებით 120 ტანკი იმყოფებოდა, ხოლო მისი ყველა დანარჩენი ქვედანაყოფი ისეთივე გახლდათ, როგორც ქვეით დივიზიაში. 

B ტიპის ქვეითი დივიზია ჩვეულებრივი ქვეითი დივიზიისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მასში ერთი ქვეითი პოლკი მექანიზებული პოლკით იყო შეცვლილი (ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონები). 

მექანიზებული დივიზია შეიცავდა მეთაურობასა და შტაბს, სამ მექანიზებულ პოლკს (თითოეულში ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონები), თვითმავალ საარტილერიო პოლკს, საზენიტო საარტილერიო დივიზიონს, სამ ბატალიონს (სადაზვერვო, მესანგრეთა და კავშირგაბმულობის), ორ ასეულს (საშტაბოსა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების), დივიზიის ზურგს. მასში შედიოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, 200-მდე ტანკი, დაახლოებით 500 ჯავშანტრანსპორტერი, საველე არტილერიის 150-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 130 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო საშუალება. 

ცალკეულ ქვეით ბრიგადას ჰყავდა მეთაურობა და შტაბი, ოთხი ქვეითი ბატალიონი, ორი საარტილერიო დივიზიონი, საზენიტო საარტილერიო ბატარეა, ხუთი ასეული (საშტაბო, სადაზვერვო, სატანკო, მესანგრეთა, კავშირგაბმულობის) და ბრიგადის ზურგი. სულ ბრიგადაში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 5 ათასზე მეტი ადამიანი, 25-ზე მეტი ტანკი, საველე არტილერიის დაახლოებით 90 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 50-მდე ერთეული ტანკსაწინააღმდეგო საშუალება. 

ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა შედგებოდა მეთაურობისა და შტაბისგან, ორი სატანკო და ორი მოტოქვეითი ბატალიონისგან, ორი თვითმავალი საარტილერიო დვიზიონისგან, ოთხი ასეულისა (საშტაბო, სადაზვერვო, მესანგრეთა, კავშირგაბმულობის) და ბრიგადის ზურგისგან. მის შემადგენლობაში იმყოფებოდა დაახლოებით 120 ტანკი, საველე არტილერიის დაახლოებით 70 თვითმავალი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, დაახლოებით 40 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო საშუალება. 

საჰაერო-სადესანტო ბრიგადასა და «კომანდოსების» ბრიგადას ჰყავდათ ოთხ-ოთხი ქვეითი ბატალიონი. თითოეული ბრიგადის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება აღემატებოდა 3 ათას ადამიანს. 

უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1980-იანი წლების შუახანებში თურქეთის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში იმყოფებოდა: უმართავი რაკეტების (ურ) «ონესტ ჯონი» 18 გასაშვები დანადგარი (გდ), დაახლოებით 3700 ტანკი (M47, M48A1, M48A5 და «ლეოპარდ-1A3»), 2000 ჯავშანტრანსპორტერი M113, საველე არტილერიის 2200-ზე მეტი ქვემეხი, სხვადასხვა ყალიბის 1800-ზე მეტი ნაღმსატყორცნი, 2200-მდე უუკუცემო ქვემეხი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) «კობრას», SS-11-ის, «თოუსა» და «მილანის» 500 გასაშვები დანადგარი, დაახლოებით 1200 საზენიტო ქვემეხი, საარმიო ავიაციის 300-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება. 

სახმელეთო ჯარების რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის გეგმებში თურქული სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე ნიმუშებით მის გადაიარაღებას. პირველ რიგში ითვალისწინებდნენ სატანკო ფარეხის გადაიარაღებას. ამისთვის ქვეყანაში დასავლეთგერმანელი სპეციალისტების დახმარებით სარემონტო ქარხანა იქნა აშენებული, რომელშიც ახორციელებდნენ M47 და M48 ტანკების მოდერნიზაციას (ბენზინის ძრავებს ცვლიდნენ დიზელურით, 90-მმ ზარბაზნებს – 105-მმ-ით, აყენებდნენ ღამური ხედვის ხელსაწყოებს და ატარებდნენ სხვა სამუშაოებსაც). ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად გფრ აწვდიდა თურქეთს M48A2 და «ლეოპარდ-1A3» ტანკებს, ტსმრ «მილანის» გდ-ებს, ავტომობილებს, საინჟინრო ტექნიკასა და კავშირგაბმულობის აპარატურას. აშშ-დან ელოდებოდნენ თვითმავალი სარტილერიო სისტემების, მართვადი რაკეტა «ლანსების», M60 ტანკების, ტსმრ «თოუს» გდ-ების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და სხვა შეიარაღების მიღებას. 

სამხედრო-საჰაერო ძალები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. მის სათავეში იდგა სარდალი, რომელიც უშუალოდ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდა. დაქვემდებარებულ შენაერთებსა და ნაწილებს იგი თავისი შტაბის (ანკარა) მეშვეობით ხელმძღვანელობდა. სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) შტაბი ახორციელებდა სჰძ-ის ოპერატიულ ხელმძღვანელობას, შეიმუშავებდა ავიაციის გამოყენების გეგმებს, ახდენდა შტაბების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ორგანიზაციას და ახორციელებდა მის კონტროლს, წყვეტდა სჰძ-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს, განსაზღვრავდა რეზერვების რაოდენობრივ შემადგენლობასა და სამობილიზაციო მზადყოფნას. ნატო-ს მე-6 გაერთიანებული (სამოკავშირეო) ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (6 გტას) შტაბთან ურთიერთმოქმედების ფარგლებში თურქი ოფიცრები აქტიურად მონაწილეობდნენ თურქეთის სჰძ-ის გამოყენების გეგმების შემუშავებაში იმ ოპერაციებში, რომლებიც სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის სარდლობის გეგმებით ტარდებოდა, აგრეთვე ბლოკის შეიარაღებული ძალების სარდლობის მიერ ჩატარებული სწავლებების ორგანიზებაშიც. 

თურქეთის სჰძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 1980-იანი წლების შუახანებში იყო 55 ათასი ადამიანი, მათგან 35 ათასი ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. 

ორგანიზაციულად თურქეთის სჰძ შედგებოდა ორი ტაქტიკური საავიაციო სარდლობისა (დასავლეთის პრესაში მათ ზოგჯერ ტაქტიკურ საჰაერო არმიებსაც უწოდებდნენ) და ერთი სასწავლო სარდლობისგან, სატრანსპორტო საავიაციო ჯგუფისა და მომარაგების ცენტრებისგან. 

ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (ტას) უმაღლესი ოპერატიული შენაერთი გახლდათ, რომელიც ერთერთ საოპერაციო მიმართულებაზე საჰაერო ოპერაციების წარმოებისთვის იყო განკუთვნილი. მისი სარდალი პასუხს აგებდა ნაწილებისა და ქვედნაყოფების საბრძოლო მზადყოფნაზე, გეგმავდა და ატარებდა სწავლებებს, ომის შემთხვევაში კი ახდენდა საჰაერო ოპერაციების ორგანიზებას და ახორციელებდა სახმელეთო ჯარებთან და სამხედრო საზღვაო ძალებთან (სზძ) ავიაციის ურთიერთმოქმედებას. მას უშუალოდ ექვემდებარებოდნენ შტაბი, ავიაციის მართვის ჯგუფი, სამი-ხუთი საბრძოლო საავიაციო ბაზა და მხარდაჭერის ბაზა. სჰძ-ის ძირითადი ქვედანაყოფი გახლდათ საავიაციო ესკადრილია, რომელიც 18-20 საბრძოლო თვითმფრინავისგან შედგებოდა. 

ავიაციის მართვის ჯგუფი განკუთვნილი იყო საბრძოლო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებათა ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის, აგრეთვე სახმელეთო ჯარებთან და სზძ-თან ურთიერთმოქმედების ორგანიზებისთვისაც. 

საავიაციო ბაზას, როგორც წესი, შერეულს, თავის შემადგენლობაში ჰყავდა გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელი და სადაზვერვო ესკადრილიები. ორგანიზაციულად ის მოიცავდა შტაბს, ორ-სამ ესკადრილიას, სასწავლო თვითმფრინავების ქვედანაყოფებს, საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონს, მხარდაჭერის ჯგუფებსა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს. საავიაციო ბაზას გააჩნდა დისლოკაციის მუდმივი ადგილი (საბაზო აეროდრომი), მას ასევე შესაბამისი ნომერიც ჰქონდა მინიჭებული. ვითარების გამწვავების პერიოდში ან ომის დაწყებისთანავე ესკადრილიები სათადარიგო აეროდრომებზე ნაწილოდებოდნენ (თითოეულ ესკადრილიას ერთი-ორი აეროდრომი გამოეყოფოდა). ავიაბაზის მეთაური პასუხს აგებდა პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნასა და მომზადებაზე, საავიაციო ტექნიკის მდგომარეობასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. 

სასწავლო თვითმფრინავების ქვედანაყოფის წინაშე ისმებოდა ახალი მფრინავებისა და იმ სპეციალისტების მწყობრში შეყვანის ამოცანები, რომელთაც ფრენებში ხანგრძლივი შესვენება ჰქონდათ, მათ მიერ პილოტირების ტექნიკაში უნარ-ჩვევების სათანადო დონეზე აყვანის ან აღდგენის ამოცანები; აგრეთვე ფრენების დაწყების წინ ამინდის დაზვერვის წარმოების ამოცანაც. 

საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი ავიაბაზის საჰაერო თავდაცვას ახორციელებდა. მის შემადგენლობაში შედიოდა საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) «რაპირას» ბატარეა, 40-მმ საზენიტო ზარბაზნებისა და 12,7-მმ შეოთხილი (ოთხლულიანი) საზენიტო სატყვიამფრქვევო დანადგარების სამი შერეული ბატარეა. 

მხარდაჭერის ჯგუფი უზრუნველყოფდა ავიაბაზის საბრძოლო საქმიანობას და დაკავებული გახლდათ მთელი აუცილებელი ქონებითა და საბრძოლო ტექნიკით მისი მომარაგების, თვითმფრინავებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკის საკითხებით. 

1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (ესქიშეჰირი) აერთიანებდა ოთხ საავიაციო ბაზას: ესქიშეჰირში – 111-ე და 112-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი (F-4E თვითმფრინავები) და 113-ე სადაზვერვო (RF-4E) ავიაესკადრილიები; მიურთედში – 141-ე და 142-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი (F-104G) ესკადრილიები; ბანდირმაში – 161-ე და 162-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი (შესაბამისად F-104G და F-5) და სადაზვერვო (RF-5A) ესკადრილიები; ბალიქესირში – 191-ე და 192-ე გამანადგურებელი (F-104S) და 193-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი (F-104G) ესკადრილიები. გარდა ამისა, სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა ზმრ «ნაიქ ჰერკულესების» 15-ე სარაკეტო ბაზა (ალემდარი). 

მე2 ტაქტიკური საავიაციო სარდლობა მოიცავდა სამ საავიაციო ბაზას: მერზიფონი – 151-ე და 152-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი (F-5A და სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავები F-5B) ესკადრილიები; ერჰაჩი – 171-ე, 172- და 173-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი (F-4E) და დიარბაქირი – 181-ე და 182-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი (F-100D და F) და 184-ე სადაზვერვო (RF-5A) ავიაესკადრილიები. 

სულ თურქეთის სჰძ-ის შემადგენლობაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1986-იანი წლების შუახანებში საბრძოლო ავიაციის 18 ესკადრილია შედიოდა: 14 გამანადგურებელ-ბომბდამშენი (დამრტყმელი), 2 გამანადგურებელი (საჰაერო თავდაცვისა) და 2 სადაზვერვო, რომელთა შეიარაღებაშიც შედგებოდა დახლოებით 450 საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი (160 F-104G, 35 F-104S, 80 F-4E, 40 F-100D და F, 90 F-5A, 8 RF-4E და 27 RF-5A). აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების დახმარებით, რომლებიც სულ უფრო მზარდი მასშტაბებით აწვდიდნენ მას საავიაციო ტექნიკას, თურქეთის სჰძ-ში ხორციელდებოდა ავიაესკადრილიების გადაიარაღება (ელოდებოდნენ F-16 ტიპის დაახლოებით 160 თანამედროვე ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებლის მიღებას), აგრეთვე ახალი საავიაციო ქვედანაყოფებს ჩამოყალიბებაც. 

ზმრ-ების სარაკეტო ბაზა შედგებოდა ორი ჯგუფისა (დივიზიონისა) და უზრუნველყოფის რამდენიმე ქვედანაყოფისგან. თითოეულ ჯგუფში იყო შტბი, ზმრ-ების ოთხი ესკადრილია (თითოეულში ზმრ «ნაიქ ჰერკულესების» 9 გასაშვები დანადგარი; სულ 36 ზმრ გდ, ორივე ჯგუფში კი 72 ზმრ გდ). მოქმედების დიდი სიშორის მქონე ეს სარაკეტო საშუალებები ჰაერიდან იფარავდნენ შავი ზღვის სრუტების ზონასა და ქვეყნის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრს – სტამბულს. 

სასწავლო სარდლობა (იზმირი) ახორციელებდა თურქეთის სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობის მომზადებას. მასში შედიოდნენ სჰძ-ის აკადემია, საფრენოსნო და ტექნიკური სასწავლებლები, სასწავლო საავიაციო ბაზები და სასწავლო ბრიგადა. 

სატრანსპორტო საავიაციო ბაზა (ეთიმესგუტი) შედგებოდა შტაბის, ოთხი სატრანსპორტო ესკადრილიისა (221-ე და 222-ე კაისერიში, 223-ე და 224-ე ეთიმესგუტში) და მხარდაჭერის ჯგუფისგან. მისი ძირითადი დანიშნულება გახლდათ საბრძოლო ესკადრილიების სათადრიგო აეროდრომებზე განწერტვისას პირადი შემადგენლობის, საბრძოლო მასალებისა და საავიაციო ქონების გადასროლა, ჯარებში ჰაერით მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიტანა, აგრეთვე საჰაერო დესანდების გადასროლა (გადასხმა). სატრანსპორტო ესკადრილიების შეიარაღებაში შედგებოდა თვითმფრინავები C.160D «ტრანსალი» და C-130E «ჰერკულესი», C-47, C-54, BN-24 «აილენდერი», «ვაიჰაუნთ-700», აგრეთვე ვერტმფრენები UH-1D და H და UH-19D (სულ 80-ზე მეტი თვითმფრინავი და დაახლოებით 35 ვერტმფრენი). 

სჰძ-ის ნაწილების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფისთვის მომარაგების ოთხი ცენტრი იყო შექმნილი. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი მიზნობრივი დანიშნულება, უზრუნველყოფდა იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა ქონების გარკვეულ სახეობათა დასაწყობებას და ამ იარაღით, საბრძოლო ტექნიკითა და საავიაციო ქონებით ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ამარაგებდა. ცენტრის შემადგენლობაში იყო სარემონტო საამქროები და ამწყობი (сборочные) საწარმოები. 

თურქეთის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებები ევროპაში ნატო-ს ჰთ-ის გაერთიანებული (სამოკავშირეო) სისტემის განუყოფლ ნაწილს წარმოადგენდნენ (მე-6 გტას-ის პასუხისმგებლობის რაიონი). მათი ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის ქვეყნის მთელი ტერიტორია ჰთ-ის ორ სექტორად (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) იყო გაყოფილი. ჰთ-ის ძალებისა და საშუალებათა საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ სჰძ-ის სარდალი თავისი შტაბის მეშვეობით და ჰთ-ის სამმართველო. 

ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილის ჰაერიდან დაფარვის უზრუნველყოფა წარმოებდა ძირითადად გამანადგურებელი ავიაციითა და საზენიტო არტილერიით. ახლო მოქმედების ზმრ «რაპირას» ბატარეებს უმთავრესად აეროდრომების თავდაცვა ეკისრებოდათ, ხოლო შორი მოქმედების ზმრ «ნაიქ ჰერკულესების» ჯგუფებს (დივიზიონებს) კი – შავი ზღვის სრუტეების ზონისა. საჰაერო მოწინააღმდეგის შესახებ შეტყობინებასა და აქტიური ძალებისა და საშუალებათა მართვას აწარმოებდნენ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის მართვის გაერთიანებული (სამოკავშირეო) ავტომატიზებულ სისტემა «ნეიჯში» შემავალი რადიოლოკაციური პოსტებიდან მოსული ინფორმციის საფუძველზე. 

ბლოკის სარდლობის გეგმების შესაბამისად, 1980-იანი წლების შუახანებში თურქეთის ტერიტორიაზე კონიაში მეწინვე ოპრატიული ბაზა იყო მწყობრში შეყვანილი AWACS სისტემის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის E-3A ტიპის ამერიკული თვითმფრინავების განლაგებისთვის. 

უცხოური პრესის მოწმობით, 1980-იანი წლების დასაწყისიდან შუახანებამდე თურქეთმა აშშ-დან და ნატო-ს სხვა ქვეყნებიდან მიიღო დაახლოებით 90 მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებელი F-4E და 100-ზე მეტი თვითმფრინავი F-104G. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აშშ-სა და ეგვისპტესთან F-4 თვითმფრინავების შესყიდვაზე, დიდ ბრიტანეთსა და გფრ-თან «ტორნადოს» ტიპის თვითმფრინავებისა, ხოლო ესპანეთთან, იტალიასა და კანადასთან – სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების შესყიდვაზე. დიდ იმედებს ამყარებდნენ მცირე სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექს (ზრკ) «რაპირაზე» (დიდი ბრიტანეთი) და ვარაუდობდნენ 20-ზე მეტი ასეთი სისტემის შესყიდვას. ითვალისწინებდნენ საავიაციო ნაწილების მართვადი იარაღით აღჭურვასაც, კერძოდ კი «ჰაერი-ჰაერი» კლასის მართვადი რაკეტებით («საიდვაინდერი», «სფაროუ», «ფალკონი», «შაფრირი»), აგრეთვე «ჰაერი-დედამიწა» კლასის მართვადი რაკეტებითაც (AS-12, «ბულფაფი» და «მეივერიკი»). 

ააქტიურებდნენ ღონისძიებებს მიურთედში საავიაციო ქარხნის უსწრაფესად ექსპლუატაციაში შეყვანისთვის, რომელშიც შეერთებულ შტატებთან ერთობლივად F-16 ტიპის მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებლები უნდა ეწარმოებინათ. 

სამხედრო-საზღვაო ძალებს (49 ათასი ადამიანი 1980-იანი წლების შუახანებში) სათავეში ედგა სარდალი, რომელიც თავისი შტაბის (ანკარა) მეშვეობით ახორციელებდა სზძ-ის ადმინისტრაციულ და ოპერატიულ ხელმძღვანელობას. მის შემადგენლობაში შედიოდნენ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამხედრო-საზღვაო ზონების სარდლობები და სასწავლო სარდლობა. საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში სზძ-ის შემადგენლობაში ნაწილობრივ ან მთლიანად გადაეცემოდა სანაპირო თავდაცვის სარდლობა, რომელიც მშვიდობიანობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ომიანობის დროს თურქეთის სზძ-ს შემდეგი ძირითად ამოცანები დაეკისრებოდა: შავი ზღვის სრუტეების ბლოკადა, შავ ზღვაზე და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან ბრძოლა, ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა, საკუთარი საზღვაო შეტყობინებების გზების დაცვა და მოწინააღმდეგის კომუნიკაციათა დარღვევა, ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების ინტერესებში დაზვერვის წარმოება. 

სამხედრო-საზღვაო ფლოტი – ეს გახლდათ თურქეთის სზძ-ის ძირითადი ოპერატიული გაერთიანება, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულად მთელ სახომალდო შემადგენლობას. ორგანიზაციულად ის ოთხი ფლოტილიისგან შედგებოდა: საბრძოლო, წყალქვეშა ნავების, სანაღმო, აგრეთვე სარაკეტო და სატორპედო კატარღების ფლოტილიებისგან. ფლოტილიები, თავის მხრივ, დივიზიონებად იყოფოდა. სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობას აგრეთვე საზღვაო ავიაციის ავიაბაზაც ექვემდებარებოდა. 

ცნობარ «ჯეინის» მონაცემებით, 1986 წელს თურქეთის სზძ დაახლოებით 200 ხომალდსა და კატარღას მოითვლიდა, მათ რიცხვში 16 წყალქვეშა ნავს, 2 მრი საესკადრო ნაღმოსანს (მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნები), 12 საესკადრო ნაღმოსანს, 4 ფრეგატს, 41 სადესანტო და 40 ნაღმსატრალო ხომალდს, 14 სარაკეტო, 11 სატორპედო, 30 სადარაჯო (საპატრულო) და 30-ზე მეტ სადესანტო კატარღას. გარდა ამისა, სანაპირო თავდაცვის შემადგენლობაში შედიოდა დაახლოებით 30 სადარაჯო კატარღა. ძირითადი კლასების ხომალდები უმთავრესად ყოფილი ამერიკული ხომალდებით იყო წარმოდგენილი, რომლებიც თურქეთს სხვადასხვა დროს სამხედრო დახმარების პროგრამის მიხედვით ჰქონდა მიღებული. 

ფლოტის ბაზირებისთვის შექმნილი გახლდათ ხუთი სამხედრო-საზღვაო ბაზა (გიოლჯუკი, ერეგლი, სტამბული, იზმირი, ისკანდერონი) და რვა ბაზირების პუნქი. მშვიდობიანობის დროს ფლოტის ძირითადი სახომალდო შემადგენლობა ბაზირებული იყო მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკში, ხოლო საბრძოლო პატრულირებისას ან სწავლებების პერიოდში კი – დანარჩენებზე. 

საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში 15 საბაზო საპატრულო თვითმფრინავი «თრექერი» (S-2A და S-2E) და 6 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი (3 AB-204 და 3 AB-212) მოითვლებოდა, რომლებიც ორგნიზაციულად ორ ესკადრილიაში იყვნენ შეყვანილი. ისინი შემდეგ ამოცანებს წყვედნენ: მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლა, დაზვერვის წარმოება და ჰაერიდან სანაღმო ღობურების დაყენება. 

სამხედრო-საზღვაო ზონების სარდლობები ტერიტორიულ ფორმირებებს წარმოადგენდნენ. მათ ეკისრებოდათ სანაპიროზე, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების რაიონში მოქმედებათა წარმოების ორგანიზაცია, აგრეთვე ზონების ფარგლებში მყოფი ან მოქმედი სახომალდო შენაერთების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ზონის შემადგენლობაში გახლდათ შტაბი, სამხედრო-საზღვაო რაიონების (ჩრდილოეთის ზონაში – შავი ზღვის, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების, სამხრეთის ზონაში – ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების) სარდლობები, სადარაჯო (საპატრულო) ხომალდების დივიზიონი, სადესანტო ფლოტილია (სამხრეთის ზონა), სანაპირო ნაწილები, ზურგის ქვედანაყოფები და დაწესებულებანი, სზძ-ის დამხმარე გემები (უმნიშვნელო რაოდენობით). ომიანობის დროს მათ სარდლობებს უნდა განეხორციელებიათ მათდამი გადაქვემდებარებული სზძ-ის ძალებისა და საშუალებათა ოპერატიული მართვა და ზურგის უზრუნველყოფა. 

სასწავლო სარდლობა მოიცავდა უმაღლეს და საშუალო სამხედრო-საზღვაო სასწავლო დაწესებულებებს, სასწავლო პოლკებს, ფლოტის წყალქვეშა და წყალზედა ძალების სკოლებს, კურსებსა და სასწავლო ცენტრებს. მას ეკისრებოდა სზძ-თვის რიგითი, უნტერ-ოფიცერთა და ოფიცერთა შემადგენლობის მომზადება. 

მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკი წარმოადგენდა ფლოტის ძირითად ბაზას. მასში სზძ-ის სახომალდო შემადგენლობის უმრავლესობა იყო ბაზირებული. ოპერატიული მიმარტებით ბაზის მეთაურობას ექვემდებარებოდნენ რეზერვის ხომალდები, სარემონტო ქარხნები და სახელოსნოები, მომარაგების ცენტრი, გემთსაშენი ვერფი, აგრეთვე საარტილერიო საბრძოლო მასალების, ნაღმებისა და ტორპედოების საწყობები. 

პასუხისმგებლობა სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზებაზე, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ბაზების, ბაზირების პუნქტებისა და ქვეყნის ძირითადი პორტების დაცვაზე ეკისრებოდა 1980-იანი წლების დასაწყისში შექმნილ სანაპირო თავდაცვის სარდლობას. მის შემადგენლობაში შედიოდა სანაპირო თავდაცვის ოთხი ზონური სარდლობა: შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების, აგრეთვე შავი ზღვის სრუტეების ზონების სარდლობები (მეთაურობები). 

1980-იან წლებში თურქეთის სზძ-ის განვითარება ძირითადად სახომალდო შემადგენლობის, ხარისხობრივი განახლებისა და რაოდენობრივი ზრდის ხაზით ხორციელდებოდა ხომალდებისა და კატარღების საზღვარგარეთიდან მიწოდებისა და ეროვნულ გემთსაშენ ვერფებში მათი აგების ხარჯზე. ამასთან მთავარი ყურადღება წყალქვეშა ნავების, მრი ხომალდებისა და კატარღების მშენებლობას ეთმობოდა. როგორც დასავლური პრესა იტყობინებოდა, გიოლჯუკის გემთსაშენ ვერფში გფრ-ის ტექნიკური დახმარებით აგებდნენ 209 პროექტის წყალქვეშა ნავებს. გფრ-ისა და თურქეთის ვერფებში წარმოებდა მრი ხომალდებისა და «დოგანის» ტიპის სარაკეტო კატარღების მშენებლობა. აწყობილი გახლდათ მცირე სადესანტო ხომალდებისა და სანაპირო თავდაცვისთვის SAR33 ტიპის სადარაჯო (საპატრულო) კატარღების სერიული წარმოებაც. 

მიმართავდნენ ძალისხმევას საზღვაო ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობათა ასამაღლებლად. ასე, იტალიიდან გრძელდებოდა AB-212 ASW ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენების მიწოდება. წარმოებდა მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან «თრექერის» ტიპის მოძველებული თვითმფრინავების უფრო თანამედროვე მანქანებით შესაცვლელად. 

1980-იანი წლების პირველ ნახევარში თურქეთის სზძ-ის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა დივერსიული ძალების განვითარებას, რომელიც განკუთვნილი გახლდათ სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩატარებისთვის მოწინააღმდეგის სანაპირო ტერიტორიაზე და წყლებში, ასევე წყალქვეშა ღობურების დაცვის უზრუნველყოფისთვის სამხედრო-საზღვაო ბაზებთან მისადგომებზე და სრუტეების ზონაში. სზძ-ის შემადგენლობაში საბრძოლო მცურავთა რამდნიმე ქვედანაყოფიც იყო ჩამოყალიბებული. 

მთლიანობაში, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1980-იანი წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალები ნატო-ს ბლოკის ჯარების საკმარისად მსხვილ დაჯგუფებას წარმოადგენდა, რომლის გაძლიერებასა და შეიარაღების ახალი სახეობებით აღჭურვას ჩრდილოატლანტიკური კავშირის სარდლობა მუდმივ ყურადღებას უთმობდა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 1 ранга В. Бурляев, «Вооружённые силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1986 г. № 12. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment