Monday, November 16, 2026

ნორვეგიის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების მეორე ნახევარში

ნორვეგია შედის ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში. 1970-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვებით, იგი აქტიურად მონაწილეობდა ამ აგრესიული ბლოკის მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ და სამხედრო ღონისძიებებში. ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ნატო-ში წევრობა წარმოადგენდა ნორვეგიის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის საფუძველს. 

ნორვეგიის უარი თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს ბირთვული იარაღისა და უცხოური ჯარების განლაგებაზე პრაქტიკულად არ ეწინააღმდეგებოდა ნატო-ს ღონისძიებების ჩატარებას ომის შემთხვევაში ამ ქვეყანაში ბლოკის ჯარების გადასხმისა და გაშლისთვის პირობების შესაქმნელად. ნორვეგიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, რეგულარულად ატარებდნენ სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) სწავლებებს, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს მობილური ძალები, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გფრ-ისა და ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ნაწილები. სწავლებების მსვლელობისას ამუშავებდნენ ნორვეგიაში ნატო-ს ჯარების გადასროლის ორგანიზაციას, სწავლობდნენ და ითვისებდნენ ომთ-ს, გაითამაშებდნენ მშძ-ის შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების სხვადასხვანაირ ვარიანტებს. 

ჩრდილოატლანტიკური კავშირის სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ნორვეგიის ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვას. ინფრასტრუქტურის პროგრამის მიხედვით აქ აშენებული ჰქონდათ თანამედროვე საავიაციო და სამხედრო-საზღვაო ბაზები, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საწყობები, საკომანდო პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები, რადიოსალოკაციო და სხვა რადიოტექნიკური ნაგებობები. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ინფრასტრუქტურის პროგრამის განხორციელების დაწყებიდან ნორვეგიაში ნატო-ს სახსრებით აშენებული იყო 2,5 მლრდ. კრონაზე მეტი საერთო თანხის სამხედრო ობიექტები. 

ქვეყნის ტერიტორიაზე 70-იან წლების შუახანებში განლაგებული იყო ბლოკის შემდეგი სამხედრო ორგანოები: ნატო-ს მშძ-ის მთავარსადლის შტაბი ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე (კოლსოსი, 12 კმ ოსლოს ჩრდილო-დასავლეთით), ნატო-ს მშძ-ის სარდლების შტაბები ჩრდილოეთ (ბუდიო) და სამხრეთ (ოსლო) ნორვეგიაში. 

ნორვეგიის სტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავდა ნატო-ს სარდლობის მიერ მისი შეიარაღებული ძალების წინაშე დასმულ ამოცანებს. მათგან მთავარი გახლდათ ნატო-ში ძირითადი პარტნიორების ჯარების მიღებისა და გაშლის უზრუნველყოფა. ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნების გათვალისწინებით და პრაქტიკულად უქვემდებარებდნენ მის ინტერესებს. 

ნორვეგიის სახედრო ხარჯები 1970-იან წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. სახელდობრ, 1971-1975 წლების განავლობაში მან შეადგინა 17690 მლნ. კრონა. ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 1976 წელზე განსაზღვრული ჰქონდათ 4876 მლნ. კრონით. 

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ პარლამენტის მიერ მიღებული ხუთწლანი პროგრამების შესაბამისად. სახელდობრ, 70-იანი წლების შუახანებში ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმას 1974-1978 წლებზე. გეგმით გათვალისწინებული იყო ქვეყნის შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურისა და სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შემდგომი სრულყოფა, ჯარების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მათი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება არსებული შეაიარაღების მოდერნიზაციის, აგრეთვე უფრო თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვის გზით. 

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ _ მეფე. მაგრამ ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ფაქტიურად ყველა საკითხს წყვეტდნენ სტორტინგი (პარლამენტი) და მთავრობა. ნორვეგიის იმდროინდელი უმაღლესი სამხედრო მმართველობის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახ. 1-ზე. 

მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს სამხედრო საკითხებში წარმოადგენდა თავდაცვის საბჭო, რომელსაც მეთაურობდა პრემიერ-მინისტრი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრები (თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ვაჭრობისა და ნაოსნობის, შეტყობინების გზებისა და კავშირგბმულობის), შეიარაღებული ძალების სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში. აუცილებლობის შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში შესაძლო იყო მოეწვიათ სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტები, აგრეთვე სხვა ცენტრალური ორგანიზაციებისა და სამინისტროების წარმომადგენლები. 

სტორტინგში იყო სამხედრო კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ათი დეპუტატისგან. იგი სწავლობდა და ამზადებდა თავის დასკვნებს სამხედრო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის ცალკეულ საკითხებში, რომლებიც უნდა გამოეტანათ პალამენტის სესიაზე განსახილველად. 

თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა უმაღლეს სამხედრო-ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების მდგომარეობასა და მშენებლობაზე. იგი შედგებოდა შვიდი სამმართველოსგან _ პირადი შემადგენლობისა და ორგანიზაციის, ფულადი ანაზღაურებისა და ხელფასის, ადინისტრაციულის, საბიუჯეტო-საფინანსოსი, სამხედრო მშენებლობის, სამხედრო მასალების, დაგეგმარების. სამმართველოები იყოფოდა კანტორებად (განყოფილებებად, отделы), რომლებიც დაკავებული იყვნენ საკითხების უფრო ვიწრო წრით. 

თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი) პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების საერთო მდგომარეობაზე. სამხედრო-ადმინისტრაციულ საკითხებს იგი წყვეტდა თავაცვის სამინისტროს მეშვეობით, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების საკითხებს კი _ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მეშვეობით. სამხედრო მშენებლობის საკითხებში თავდაცვის მინისტრი ანგარიშს აბარებდა სტორტინგსა და მთავრობას. 

შეიარაღებული ძალების მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი გახლდათ მთავარსარდალი (მის მიერ მმართველობის ნატო-ს სარდლობისთვის გადაცემამდე). იგი ახორციელებდა ოპერატიულ ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში შეიარაღებული ძალების სარდლების მეშვეობით, ხოლო ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასა და საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელობას კი _ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და ჰემვერნის მთავარი ინსპექტორების (სარდლების) მეშვეობით. შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი ინსპექტორები და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ქმნიდნენ მთავარ სამხედრო საბჭოს _ მთავარსარდლის საკონსულტაციო ორგანოს. 

შეიარაღებული ძალების შტაბი _ ეს გახლდათ მთავარსარდლის ოპერატიული ორგანო. მშვიდობიანობის დროს იგი აწარმოებდა შეიარაღებული ძალების ოპერატიული გამოყენების გეგმების შემუშავებას, დაკავებული იყო დაკომპლექტების, საბრძოლო მომზადების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ), მიმდინარე და პერსპექტიული დაგეგმარების საკითხებით. მისი უფროსი ამავდროულად გახლდათ მთავარსარდლის მოადგილე. შტაბი შედგებოდა პირადი შემადგენლობის, ოპერატიული, სადაზვერვო, მტუ-ის, დაგეგმარებისა და საბიუჯეტო სამმართველოებისგან. 

ზურგის უზრუნველყოფას ახორციელებდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობებისა და საინტენდანტო სამსახურის მეშვეობით (ექვემდებარებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს). 

ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში იმავე დროს წარმოადგნდნენ ნატო-ს მშძ-ის სარდლებსაც ქვეყნის ამ ნაწილებში, რაც აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფდა ნორვეგიული ჯარების ნატო-ს საკომანდო ორგანოების მმართველობაში სწრაფ გადაცემას. 

ნორვეგიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. 70-იანი წლების შუა ხანებში მის შემადგენლობაში შედიოდა 39 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი, მათ რიცხვში 25,3 ათასი გაწვეული (სახმელეთო ჯარები _ 16,5 ათასი, სჰძ _ 3,9 ათასი, სზძ _ 4,9 ათასი) და მუდმივი შემადგენლობის 14,2 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებში დაკავებული იყო სამოქალაქო პერსონალის 10,6 ათასი ადამიანი. 

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას ახორციელებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფუძველზე და დაქირავებით. მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებოდნენ ის პირები, როლებმაც მიაღწიეს 20 წლის ასაკს. ომიანობის დროს გასაწვევი ასაკი იყო 18 წელი. დაქირავებული პირადი შემადგენლობის სამსახურის მინიმალური ვადა შეადგენდა სამ წელიწადს. მშვიდობიანობის დროს სამხედროვალდებულები თადარიგში იმყოფებოდნენ 44 წლის ასაკამდე. 

სხვადასხვა მიზეზების გამო ნამდვილი სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლებული პირები შესაძლო იყო გაეწვიათ ჰემვერნში ან სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფებში. ჰემვერნს ნაწილობრივ აკომპლექტებდნენ აგრეთვე წვევამდელი ასაკის პირადი შემადგენლობითაც (17-19 წელი). 

თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთობლივად ახორციელებდა გაწვევისა და მობილიზაციის საერთო ხელმძღვანელობას. მთავარი სამხედრო-სააღრიცხვო ორგანო იყო გენერალური სამხედრო კომისარიატი, რომელსაც ექვემდებარებოდა შვიდი სამხედრო კომისარიატი, ხოლო ეს უკანასკნელნი კი ტერიტორიულად მოიცავდნენ მთელ ქვეყანას. სამხედრო კომისარიატები იყოფოდა მიწერის რაიონებად (სულ იყო 18). მიწერის უმდაბლეს ინსტანციას წარმოადგენდნენ კომუნები, რომლებიც იყო თითოეული რაიონის ტერიტორიაზე. 

სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად სახეობას. იგი შედგებოდა ჯართა ექვსი გვარეობისა (ქვეითი ჯარის, ჯავშანსატანკო ჯარების, საველე არტილერიის, კავშირგაბმულობის ჯარების, საინჟინრო ჯარებისა და ზურგის უზრუნველყოფის ჯარების) და ოთხი სამსახურის (საარტილერიო-ტექნიკურის, საინტენდანტოსი, სამედიცინოსი და ვეტერინალურის) ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან. 

სახმელეთო ჯარებს სარდლობდა მთავარი ინსპექტორი, რომელიც პასუხს აგებდა პირადი შემადგენლობის სწავლებაზე, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენებისთვის მომზადებაზე. ჯარების ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა სახმელეთო ჯარების შტაბის, სამხედრო ოლქების სარდლებისა და ჯართა გვარეობების ინსპექტორების მეშვეობით. 

ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა იყო სხვადასხვანაირი. 

ჩრდილოეთ ნორვეგია დაყოფილი იყო ოთხ ოპერტიულ სარდლობად: “ფინმარკი”, “თრომსი”, “ნორდ-ჰოლგოლანდი” და “სიორ-ჰოლგოლანდი”. სარდლობებს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ მათ ტერიტორიებზე დისლოცირებული სახმელეთო ჯარების კადრისა და სამობილიზაციო ნაწილები და ქვედანაყოფები. მე-6 სადივიზიო სარდლობა წარმოადგენდა უმაღლეს ოპერატიულ ორგანოს, რომელიც აერთიანებდა ამ სარდლობებს. 

სამხრეთ-ნორვეგია დაყოფილი იყო ოთხ სამხედრო ოლქად: “ტრიონდელაგი”, “სიორლანდეტი”, “ოსტლანდეტი” და “ვესტლანდეტი”, რომლებშიც შედიოდა თავდაცვის 12 რაიონი. 

სამხედრო ოლქის სარდალს ემორჩილებოდნენ ოლქის შტაბი, აგრეთვე ოლქის ფარგლებში დისლოცირებული სახმელეთო ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები. სარდალი და მისი შტაბი პასუხს აგებდნენ მათდამი დაქვემდებარებული ჯარების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, თადარიგის სამხედროვალდებული პირების გადამზადებაზე, ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვაზე, ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო მარაგების შექმნასა და შენახვაზე. ომიანობის დროს მათ უნდა ეხელმძღვანელათ საველე ჯარების, ადგილობრივი თავდაცვის ჯარებისა და ჰემვერნის საბრძოლო მოქმედებებისთვის თავიანთი პასუხისმგებლობის ზონებში, რასაც მშვიდობიანობის დროს სისტემატიურად ამუშავებდნენ სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებების მსვლელობისას როგორც ნატო-ს ბლოკის გეგმებით, ისე ეროვნული სარდლობის ინტერესებშიც. 

მშვიდობიანობის დროის სახმელეთო ჯარები შედგებოდა საბრძოლველად მზადმყოფი და სასწავლო-სამობილიოზაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან, აგრეთვე სარეზერვო შენაერთებისა და ნაწილების შტაბებისგან. 

საბრძოლველად მზდმყოფი ჯარების შემადგენლობაში შედიოდნენ მოტოქვეითი ბრიგადა “ჩრდილოეთი”, ქვითი ბატალიონები “სიორ-ვარანგერი” და “პორსანგერი”, სამეფო გვარდიული ბატალიონი და სხვა უფრო მცირე ქვედანყოფები. მოტოქვეითი ბრიგადის “ჩრდილოეთი”-ს შემადგენლობაში შედიოდა სამი მოტოქვეითი ბატალიონი (ჯავშანტრანსპორტერები M113), სატანკო ასეული (ტანკები “ლეოპარდი”), საარტილერი დივიზიონი (155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M109G), სადაზვერვო ასეული, საზენიტო ბატარეა (40-მმ საზენიტო ზარბაზნები L/70 “ბოფორსი”), მესანგრეთა, სარემონტო და სატრანსპორტო ასეულები, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ასეული. ბრიგადის მოტოქვეითი ბატალიონი შეიცავდა შემდეგ ასეულებს: საშტაბოს, სამ მოტოქვეითსა და მხარდაჭერის. 

სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედიოდა 11 სასწავლო-სამობილიზაციო პოლკი (ორი ჯავშანსატანკო, სამი სარტილერიო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო და სამიც ზურგის უზრუნველყოფის). პოლკები ახორციელებდნენ გაწვეული კონტინგენტის მომზადებსა და ჯართა სპეციალური გვარეობების რეზერვისტების გადამზადებას. ომიანობის დროს კი მათ უნდა გაეშალათ მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები საველე ჯარებისთვის. 

გაწვეული კონტინგენტის დიდი ნაწილი საწყის მომზადებას გადიოდა ცხრა სასწავლო ცენტრში (სამი ცენტრი ქვეით ჯარში, ორი საველე არტილერიაში, და თითო-თითო ჯართა დანარჩენ გვარეობებში). სამთვიანი სწავლების შემდეგ პირადი შემადგენლობა გადაჰყავდათ საბრძოლველად მზადმყოფ ნაწილებში. 

სარეზერვო ნაწილებში იყო შემდეგი შტაბები: ქვეითი ბრიგადისა “სამხრეთი”, ცხრა კომბინირებული და 14 ქვეითი პოლკის. 

სარეზერვო ქვეითი ბრიგადის “სამხრეთი” და ცხრა კომბინირებული პოლკის შტაბები მშვიდობიანობს დროს აწარმოებდნენ იმ რეზერვისტების გადამზადებას, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ქვეითი ბრიგადისა და კომბინირებული პოლკების (ქვეითი ბრიგადების) დაკომპლექტებისთვის, რომლებიც ამ შტაბებს უნდა გაეშალათ ომიანობის დროს. 

14 ქვეითი პოლკის შტაბებს კი ომიანობის დროს უნდა გაეშალათ ადგილობრივი თავდაცვის ბატალიონები. მშვიდობიანობის დროს ისინი ატარებდნენ ამ ბატალიონებზე მიწერილი თადარიგის პირადი შემადგენლობის გადამზადებას. 

საომარი დროის სახმელეთო ჯარები მოიცავდა საველე ჯარებს, ადგილობრივი თავდაცვის ჯარებსა და ჰემვერნს. 

საველე ჯარები ითვლებოდა საომარი დროის სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან კომპონენტად და განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ნატო-ს მშძ-ის შემადგენლობაში. მას აკომპლექტებდნენ ნაკლები ასაკების რეზერვისტებისგან შემდგარი პირადი შემადგენლობით. საველე ჯარების ძირითადი საორგანიზაციო ერთეული გახლდათ _ ქვეითი ბრიგადა (კომბინირებული პოლკი), რომელსაც გააჩნდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 5000 ადამიანი. იგი შედგებოდა სამი ქვეითი ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონისა და სხვა ქვედანაყოფებისგან. 

ადგილობრივი თავდაცვის ჯარები, რომელსაც აკომპლექტებდნენ ტერიტორიული ნიშნის მიხედვით უფროსი ასაკების სამხედროვალდებულებისგან (რეზერვისტებისგან), განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის თავიანთი თავდაცვის რაიონების ფარგლებში საველე ჯარებთან და ჰემვერნთან ურთიერთმოქმედებით. მას გააჩნდა მობილიზაციის უფრო მოკლე ვადები, საველე ჯარებთნ შედარებით. მის ამოცანაში შედიოდა: მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, საჰაერო და საზღვაო დესანტებთან ბრძოლა, სანაპიროს დესანტმისადგომი უბნების დაფარვა. 

თავისი შემადენლობისა და შეირაღების მიხედვით ადგილობრივი თავდაცვის ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები განკუთვნილი იყვნენ თავდაცვის რაიონების ფარგლებში მოქმედებებისთვის. მათ კარგად იცოდნენ ადგილობრივი პირობები თავიანთი დანიშნულების რაიონებში მოქმედებების წინასწარ დამუშავების წყალობით. 

ჰემვერნი _ ეს გახლდათ მასობრივი გასამხედროებული ორგანიზაცია (სახმელეთო ჯარები, სჰძ და სზძ), რომელსაც აკომპლექტებდნენ 17 წლიდან და უფროსი ასაკის მოხალისეებით, აგრეთვე იმ სამხედროვალდებულებით, რომელთაც არ ჰქონდათ გავლილი ნამდვილი სამხედრო სამსახური. მისი რიცხოვნება მშვიდობიანობის დროს უტოლდებოდა 84 ათას ადამიანს (70-იანი წლების შუახანებში). ომიანობის დროს კი მის ქვედანაყოფებს დაუქვემდებარებდნენ შეიარაღებული ძალების შესაბამის სარდლობებს, სადაც მათ უნდა შეესრულებიათ სამხედრო ობიექტების, სატრანსპორტო ნაგებობების, სამრეწველო საწარმოების დაცვისა და თავდაცვის ამოცანები, ეწარმოებიათ ბრძოლა მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტებთან და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან, აგრეთვე განეხორციელებიათ პარტიზანული მოქმედებები მოეწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. 

ჰემვერნის ძირითად ქვედანაყოფებს წარმოადგენდნენ ქვეითი ასეულები. გარდა ამისა მის შემადგენლობაში შედიოდა სპეციალური რაზმები (კავშირგაბმულობის, სანიტრული, სატრანსპორტო და სხვა). 

სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები და ნაწილები აღჭურვილი იყო უპირატესად უცხოური წარმოების იარაღითა და სამხედრო ტექნიკით. სატანკო ქვედანაყოფების შეიარაღებაში იმყოფებოდა დასავლეთგერმანული “ლეოპარდი”-ს ტიპისა და ამერიკული M48 ტიპის ტანკები. 

საარტილერიო ქვედანაყოფები აღჭურვილი იყო 105- და 155-მმ ამერიკული ჰაუბიცებით. იყო აგრეთვე ამერიკული ჯავშანტრანსორტერები M113. სანაღმსატყორცნე ქვედანაყოფებში გააჩნდათ 81- და 106,7-მმ ნაღმსატყორცნები. ძირითად ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას წარმოადგენდა 75-მმ ტანკსაწინაღმდეგო ზარბაზნები, 106-მმ უუკუცემო ქვემეხები, 84-მმ ტანკსაწინააღმდეგო თოფები “კარლ გუსტავი”, ტსმრჭ-ები “ენტაკი” და “თოუ”. 

საზენიტო არტილერია აღჭურვილი იყო ძირითადად შვედური 40-მმ ზარბაზნებით L/60 “ბოფორსი”. გარდა ამისა გფრ-ში შეისყიდეს 20-მმ საზენიტო ზარბაზნები Mk20Rh202. 

ქვეითი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შეიარაღებაში შედგებოდა თვითდამტენი შაშხანები M1, ავტომატური შაშხანები და ტყვიამფრქვევები “ბრაუნინგი”, 9-მმ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, 7,62- და 12,7-მმ ტყვიამფრქვევები, 88,9-მმ რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფები, დასავლეთგერმანული შაშხანები G3. 

შეიარაღებული ძალების მშენებლობის იმხანად მოქმედი ხუთწლიანი (1974-1978 წწ.) გეგმის შესაბამისად სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფასთან ერთად ითვალისწინებდნენ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მოდერნიზაციის, ჯარების მობილურობის ამაღლების, მართვის ორგანოების სრულყოფისა და კავშირგაბმულობის საშუალებების განახლების ღონისძიებებს. 

1975 წელს დაიწყეს ჯარებში ამერიკული ტსმრჭ-ების „თოუს“ მიწოდებები, ამთავრებდნენ ჯარების აღჭურვას შვედური რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფებით “კარლ გუსტავი”, მოდერნიზაციას უტარებდნენ მსუბუქ ტანკებს M24. გეგმავდნენ საველე ჯარების ქვეით ბატალიონებში მუხლუხიანი ყველგანმავლების BV202 საშტატო რიცხვის გაზრდას, რომლებიც განკუთვნილი გახლდათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებებისთვის. ყველგანმავლებს აწვდიდა შვედური ფირმა “ვოლვო”. გფრ-ში შეისყიდეს SEM52 ტიპის 4000 რადიოსადგური საასეულო რგოლისთვის. 

სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ამოცანების შესრულებისა და მთლიანობაში შეიარაღებული ძალების ინტერესებში საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის. 

სამხედრო-საჰაერო ძალებს სათავეში ედგა სჰძ-ის მთავარი ინსპექტორი, რომელიც დაქვემდებარებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას ახორციელებდა სჰძ-ის შტაბის მეშვეობით. უკვე მშვიდობიანობის დროს იგი გადაცემული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის შემადგენლობაში. 

სამხედრო-საჰაერო ძალების დაჯგუფება მოიცავდა სჰძ-ს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში, რომლებიც ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ამ ნაწილების შეიარაღებული ძალების სარდლებს. 

საბრძოლო ავიაციის ბაზირების ძირითად აეროდრომებს წარმოადგენდა რიუგე, სულა, ერლანი, ანიოია, ბუდიო, ბარდუფოსი და სხვები. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, სჰძ-ის აეროდრომების უმეტესობა პასუხობდა ნატო-ს სარდლობის მოთხოვნებს. მათ გააჩნდათ ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე 2000-3000 მ და შეეძლოთ ყველა ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების მიღება. 

სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი ესკადრილიები: სამი გამანადგურებელ-ბომბდაშენების, ერთი საყოველამინდო გამანადგურებელ-დამჭერების, ერთი სადაზვერვო, ორი სატრანსპორტო და ორიც სვერტმფრენო. საბრძოლო ავიაციის ძირითად თვითმფრინავებს 1970-იანი წლების შუახანებში წარმოადგენდნენ F-5A, F-104 და RF-5A ტიპების თვითმფრინავები. დამხმარე ავიაციაში შედიოდა C-130H და C-47 ტიპების თვითმფრინავები და UH-1B ვერტმფრენები. სულ სჰძ-ის შემადენლობაში იყო დაახლოებით 150 საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. იმ ხანად მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება 72 ამერიკული მრავალმიზნობრივი თვითმფრინავის F-16 შეძენაზე მოძველებული F-104-ების შესაცვლელად. 

სჰძ-ში შედიოდა აგრეთვე შორი მოქმედების ზმრ-ების “ნაიქ-ჰერკულესი” დივიზიონი, რომლის ოთხი ბატარეაც იფარავდა ქვეყნის დედაქალაქს ოსლოს, და 40-მმ საზენიტო ზარბაზნების L/60 და L/70 (შვედური წარმოებისა) დივიზიონები ავიაბაზების დასაფარავად. დაგეგმილი ჰქონდათ ძირითადი ავიაბაზების საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ზრკ-ებით “როლანდ”2. 

სჰძ-ის პირადი შემადგენლობის მომზადებას აწარმოებდნენ საფრენოსნო სკოლაში, სჰძ-ის სასწავლო ცენტრებსა და საავიაციო სპეციალისტების სკოლებში. 

საფრენოსნო შემადგენლობის საწყის მომზადებას ატარებდნენ საფრენოსნო სკოლაში ვერნესში. ცხრა თვის განმავლობაში სკოლის კურსანტები გადიოდნენ თავდაპირველ სამხედრო მომზადებას, სწავლობდნენ აეროდინამიკას, მეტეოროლოგიას, ნავიგაციას, თვითმფრინავების მატერიალურ ნაწილს. სკოლის დამთავრებისას კურსანტებს ჰქონდათ 25 საათი ნაფრენი სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავებით. მფრინავების შემდგომ მომზადებას აწარმოებდნენ აშშ სჰძ-ის სასწავლო ცენტრებში. აშშ-ში სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვეს 225 სთ ნაფრენით სასწავლო და საბრძოლო თვითმფრინავებით. მფრინავის მომზადებას ამთავრებდნენ ეროვნული სჰძ-ის ნაწილებში. 

სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებდა სზძ-ის მთავარი ინსპექტორი, რომელიც პასუხს აგებდა სზძ-ის პირადი შეადგენლობით დაკომპლექტებაზე, მის სწავლებაზე, ფლოტისა და სანაპირო არტილერიის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. სზძ-ის სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდნენ მთავარ ინსპექტორს, ხოლო ოპერატიული მიმართებით კი _ ქვეყნის შესაბამისი ნაწილის შეიარაღებული ძალების სარდალს. მშვიდობიანობის დროს ნორვეგიის სზძ იმყოფებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში. 

სამხედრო-ადინისტრაციული მიმართებით ნორვეგიის ტერიტორია სანაპირო წყლებით დაყოფილი იყო ცხრა სამხედრო-საზღვაო რაიონად, რომელთა სარდლობასაც ექვემდებარებოდნენ ის ხომალდები და ნაწილები, რომლებიც დროებით ან მუდმივად იმყოფებოდნენ რიონის ფარგლებში. რაიონების სარდლობები პასუხს აგებდნენ სანაპიროს, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვის ორგანიზაციაზე, აგრეთვე საპატრულო და საავარიო-სამაშველო სამსახურის წარმოებაზე. 

სზძ შედგებოდა ფლოტისა და სანაპირო თავდაცვისგან. ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა წყალქვეშა ნავების ორი ესკადრა, ფრეგატების ესკადრა, სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო კატარღების ორი ფლოტილია, აგრეთვე ნაღმ-სატრალო და სადესანტო ხომალდების რადენიმე ერთგვაროვანი შენაერთი. სულ მოითვლებოდა 90-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, მათ შორის: “კობენის” ტიპის 15 დიზელური წყალქვეშა ნავი, “ოსლოს” ტიპის ხუთი მრი ფრეგატი, რომლებიც აღჭურვილო იყო სისტემებით მრი “პინგვინი”, ზმრი “სი სფაროუ”, ორი მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი რეაქტიული ბომბსატყორცნებით “ტერნე”, 45 სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო კატარღა, 10 საბაზო ტრალერი, ოთხი ნაღმგადამღობი, შვიდი სადესანტო ხომალდი, ორი მცურავი ბაზა. ძირითად სამხედრო-საზღვაო ბაზებს წარმოდგენდა ჰოკონსვერნი, რამსუნდი, ქრისტიანსანი და რამფიორდიესი. 

აწარმოებდნენ “ჰაუქის” ტიპის 14 ახალის სარაკეტო კატარღის მშენებლობას, რომლებითაც უნდა შეეცვალათ “ტიელდის” ტიპის მოძველებული სატორპედო კატარღები. 1980-იან წლებში გეგმავდნენ “კობენის” ტიპის წყალქვეშა ნავების შეცვლას ახლებით, რომლებსაც იმხანად შეიმუშავებდნენ გფრ-თან ერთობლივად. 

სანაპირო თავდაცვა მოიცავდა ფორტებს, რომელთა შეიარაღებაშიც ჰყავდათ საარტილერიო, საზენიტო და სატორპედო ბატარეები, აგრეთვე მართვადი სანაღმო ღობურები. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 70-იანი წლების შუახანებში იყო სანაპირო არტილერიის 36 ბატარეა. 

სზძ-ის შემადგენლობაში შედიოდა საპატრულო (ცხრა თვითმფრინავი P-3B “ორიონი”) და საძიებო-სამაშველო (ათი ვერტმფრენი “სი კინგი”) ავიაცია. იგი ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდა სჰძ-ს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник А. Григорьев, «Вооружённые силы Норвегии», 1977, № 2. 

წერილი მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment