Saturday, November 14, 2026

ესპანეთის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების მიწურულს

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამერიკული იმპერიალიზმი და ნატო-ს ბლოკის მესვეურები ესპანეთს ანიჭებდნენ განსაკუთრებულ ადგილს თავიანთ აგრესიულ გეგმებში. ეს აიხსნებოდა უწინარეს ყოვლისა მისი მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობითა და მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალით. ნატო-ელი გენერლები, 70-იანი წლების მიწურულს, ისწრაფოდნენ ესპანეთის ჩათრევისკენ თავიანთი უსაზღვრო გავლენის სფეროში და დასავლეთევროპული სახელმწიფოებისგან თანხმობის მიღწევისკენ მის მიღებაზე ჩრდილოალანტიკურ კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი იმხანად ჯერ კიდევ არ გახლდათ ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ემხრობოდა რა პროდასავლურ ორიენტაციას, ატარებდა პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებაზე ორმხრივ საფუძველზე აშშ-სა და წამყვან დასავლეთევროპულ ქვეყნებთან (პირველ რიგში საფრანგეთთან და გერმანიასთან). 

1976 წლის იანვარში ესპანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხუთი წლის ვადით, როლის თანახმადაც ამერიკელები გააგრძელებდნენ სამხედრო-საჰაერო ბაზების ტორეხონის, სარაგოსას, მორონის, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ბაზის როტას გამოყენებას, რომელიც წარმოადგენდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების 16-ე ამერიკული ესკადრის ბაზირების მეწინავე პუნქტს. ამის სანაცვლოდ აშშ-ის დაპირდა ესპანეთს კრედიტებისა და სხვადასხვა სუბსდიების მიცემას სამხედრო და ტექნიკური დახმარების სახით 1,2 მლრდ. დოლარის ზომით. 

მნიშვნელოვან დონეზე იყო განვითარებული ესპანეთის სამხედრო თნამშრომლობა საფრანგეთთან. 1970 წლის შეთანხმებით ესპანეთი ღებულობდა „მირაჟის“ ტიპის თვითმფრინავებსა და „ალუეტის“ სერიის ვერტმფრენებს. საფრანგეთის დახმარებით ქვეყანაში აშენებული იყო ქარხანა AMX-30 ტიპის საშუალო ტანკების ასაწყობად. ფრანგული ლიცენზიებით ესპანეთში აგრძელებდნენ დიზელური წყალქვეშა ნავების აგებას. 

ესპანეთის ეროვნულ ქარხნებში აწარმოებდნენ თვითმფრინავებს HA-220 „სუპერ საეტა“, საავიაციო ძრავებს, საბრძოლო ხომალდებს (მათ შორის საესკადრო ნაღმოსნებსა და წყალქვეშა ნავებს), საარტილერიო ქვემეხებსა და სასროლ იარაღს, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის საშუალებებს. 70-იანი წლების მეორე ნახევარში აღინიშნებოდა ესპანეთის სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა. ასე, 1977 წელს მათ შეადგინეს დაახლოებით 150 მლრდ. პესეტი, ანუ ზოგადსახელმწიფოებრივი ბიუჯეტის 15%-ზე მეტი. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ესპანეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამოქალაქო გვარდიისგან. მისი საერთო რიცხოვნება 1977 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 374 ათას ადამიანს: სახმელეთო ჯარები _ 220 ათასი, სჰძ _ 41 ათასი, სზძ _ 48 ათასი, სამოქალაქო გვარდია _ 65 ათასი ადამიანი. 

უმაღლესი სამხედრო მართველობა (ნახ. 1) მოიცავდა შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბს, შტაბების უფროსთა კომიტეტს, სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მთავარ შტაბებს. 

უმაღლესი მთვარსარდალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური _ მეფე, რომელიც ახორციელებდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომრისა და თავდაცვის მინისტრის მეშვეობით. 

უმაღლესი სამხედრო ორგანო _ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) განსაზღვრავდა სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკას, კოორდინაციას უწევდა თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების საქმიანობას შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და მომზადების საკითხებში, ღებულობდა გადაწყვეტილებებსა და შემუშავებებს, დირექტიულ მითითებებს სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულებების ორგანიზაციისა და საქმიანობის კოორინაციაზე ეროვნული თავდაცვის სფეროში. მასში შედიოდნენ: მეფე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი შეიარაებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსები. 

თავდაცვის სამინისტრო. 1977 წელს სახელმწიფოს მეთაურის სპეციალური დეკრეტით გააუქმეს ადრე არსებული შეიარაღებული ძალების სახეობათა საინისტროები და შექმნეს ერთიანი თავდაცვის სამინისტრო სათავეში მინისტრით, რომელიც ამავე დროს გახლდათ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავდაცვის საკითხებში. დეკრეტის თანახმად იგი დაკავებული იყო ჯარების პოლიტიკური და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხელმძღვანელობის საკითხებით, ხოლო სამხედრო მმართველობის ფუნქციები გადაცემული ჰქონდათ შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსებს. 

თავაცვის სამინისტროს შექმნამ, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ესპანეთის სამხედრო მმართველობის სტრუქტურა დააახლოვა ნატო-ს მონაწილე ქვეყნების სამხედრო ორგანოების ორგანიზაციასთან და საშუალება მისცა განეხორციელებიათ ერთიანი პოლიტიკა შეიარაღებათა სრულყოფის სფეროში, აგრეთვე აემაღლებიათ თავდაცვაზე გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყენების ეფექტურობა. მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც უკრძალავდა სამხედროებს პოსტების დაკავებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ორგანოებში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა სამოქალაქო პირს. 

თავდაცვის სამინისტროს ეკისრებოდა შემდეგი ამოცანები: დირექტივების მომზადება შეიარაღებული ძალების მშენებლობის, სწავლებისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში ეუს-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გენერალური შტაბის უფროსის წინადადებების საფუძველზე; სამხედრო ბიუჯეტების პროექტების შემუშავება და ასიგნებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; შეიარაღების მიწოდებებზე კონტრაქტების განხილვა და დამტკიცება; ეროვნული თავდაცვის სფეროში სხვა სამინისტროებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზცია და ა. შ. თავდაცვის მინისტრი შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის უფროსისა და მთავარი შტაბების უფროსების მეშვეობით. 

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი _ წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ძირითად ორგანოს ჯარების ოპერატიული მართვის საკითხებში. იგი პასუხს აგებდა სამობილიზაციო საკითხებზე, შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვაზე, აგრეთვე სრულყოფდა მის საორგანიზაციო სტრუქტურას და გეგმავდა საბრძოლო მომზადებას. გარდა ამისა, გენერალური შტაბი დაკავებული იყო ომის წარმოების ოპერატიული გეგმების შემუშავებით, ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის ორგანიზებაში, აგრეთვე საზღვაო კომუნიკაციების დაცვასა საჰაერო თავდაცვაში დირექტივების შეუშავებით, ხელმძღვანელობდა მთავარი შტაბების უფროსების საქმიანობას შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების განხორციელებაში, ასევე განსაზღვრავდა მიზნებსა და სვამდა ამოცანებს სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში. 

გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და გამოყენების გეგმებს ამტკიცებდა ეუს. გენერალური შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენანტების რიცხვიდან ნიშნავა სახელმწიფოს მეთაური დეკრეტით მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად. 

შტაბების უფროსთა კომიტეტი. 1977 წლის თებერვალში ესპანეთის მთავრობამ ჩაატარა უმაღლესი სამხედრო მმართველობის ნაწილობრივი რეორგანიზაცია. კერძოდ, შექმნეს შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ) გენერალური შტაბის უფროსისა (თავმჯდომარე) და შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსების შემადგელობით. შუკ წარმოადგენდა გენერალური შტაბის უფროსის კოლეგიალურ ორგანოს. იგი განიხილავდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამხედრო პრობლემებს და ღებულობდა მათზე გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ოპერატიული დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და მოდერნიზაციის პროგრამების, აგრეთვე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის სფეროში. გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ ხმათა უმრავლესობით, კენჭისყრაში კომიტეტის ყველა წევრის მონაწილებით. 

სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. იგი მოიცავდა საბრძოლო ძალებსა და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს. პირველი ორგანიზაციულად შეყვანილი იყო დივიზიებსა და ბრიგადებში, რომლებიც შეიცავდნენ ქვეით, სატანკო, საჰაერო-სადესანტო, სამთოქვეით, სარტილერიო და საინჟინრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. 

„ეროვნული უსაფრთხოების“ დოქტრინის თანახმად, სახმელეთო ჯარების ძირითად ამოცანად ითვლებოდა საბრძოლო მოქმედებების წარმოება ქვეყნის ტერიტორიაზე (მოწნააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში) და მის ფარგლებს გარეთ. მას ხელმძღვანეობდა სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი. 

საზღვაგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ესპანეთის სახმელეთო ჯარებში, 70-იანი წლების მიწურულს, შედიოდა ხუთი დივიზია (მოტოვეითი, ჯავშანსატანკო, მექანიზებული, ორი სამთოქვეითი), 16 ცალკეული ბრიგადა (ათი ქვეითი, ჯავშანსაკავალერიო, საპარაშუტო-სადესანტო, სამთოქვეითი, საჰაერო-სადესანტო და ორიც საარტილერიო), სანაპირო არტილერიის ათი პოლკი და ზმრ „ჰოქების“ ცალკეული დივიზიონი, აგრეთვე რამდენიმე ცალკეული ქვეითი პოლკი. 

ოპერატიული მიმართებით ქვეყნის მთელი ტერიტორია დაყოფილი ჰქონდათ ცხრა სამხედრო ოლქად. ბალეარის კუნძულებსა (დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი) და კანარის კუნძულებზე (16 ათასი ადამიანი), აგრეთვე აფრიკის ტერიტორიაზე ქალაქებში სეუტასა და მილელიაში (18 ათასი) შექმნილი იყო სახმელეთო ჯარების ცალკეული სარდლობები. სეუტასა და მილელიის ზონების სარდლობები ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდნენ შესაბამისად II და IX სამხედრო ოლქების შტაბებს. თითოეული ოლქის სათავეში იდგა სარდალი გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ოლქებს (ნაწილების რაოდენობის მიხედვით) წარმოადგენდა I (შტაბი მადრიდში), II (სევილიაში) და III (ვალენსიაში) სამხედრო ოლქები. 

სამხედრო ოლქები აერთიანებდა რიგ პროვინციებს, რომელთაგან თითოეულს მეთაურობდა სამხედრო გუბერნატორი. ოლქის ცენტრალური პროვინციის სამხედრო გუბერნატორი ამავე დროს წარმოადგენდა ოლქის ჯარების მთავარ ინსპექტორს. სამხედრო ოლქების სარდლები გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის მეშვეობით. 

სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთად ითვლებოდა დივიზია. მასში შედიოდა სამი ბრიგადა, რომელთაგან თითოეული შედგებოდა სამი-ოთხი პოლკისგან. მშვიდობინობის დროს შენაერთები და ნაწილები პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული იყო 70%-ით და შეიარაღებაში გააჩნდათ ძირითადად ამერიკული და ფრანგული იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. 

სახმელეთო ჯარებში 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლებოდა 870-ზე მეტი ტანკი, მათგან დაახლოებით 670 საშულო (200 AMX-30 და 470 M47 და M48) და 200 მსუბუქი, 105 მმ და მეტი ყალიბის 1000-ზე მეტი ქვემეხი, აგრეთვე 500 ტავშანტრანსპორტერი M113. ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდა დიდი რაოდენობით ტსმრჭ „მილანი“, „კობრა“, SS-11, მრავალლულიანი რეაქტიული გასაშვები დანადგარი (გდ), ნაღმსატყორცნი და უუკუცემო ქვემეხი, 550-მდე საზენიტო არტილერიის ქვემეხი. გარდა ამისა, ჯარებში იყო სროლის საშულო სიშორის ზმრ „ჰოქები“, საარმიო ავიაციის სხვადასხვა ტიპის 40 თვითმფრინავი და დაახლოებით 60 ვერტმფრენი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების ჰაერიდან დასაფრად იყენებდნენ სროლის დიდი სიშორის ზმრ-ებს „ნაიქ-ჰერკულესი“. 

ესპანეთის სამხედრო ხელმძღვანელობა 70-იანი წლების მეორე ნახევარში ატარებდა ფართო ღონისძიებებს სახმელეთო ჯარების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. ამ მიზნით შენაერთებსა და ნაწილებს აღჭურავდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით, ზრდიდნენ მათ საცეცხლე და დამრტყმელ ძლიერებას. შეიარაღების თანამედროვე სახეობების შესყიდვას ახორციელებდნენ საზღვარგარეთ, უმთავრესად აშშ-ში. ზრდიდნენ აგრეთვე ეროვნულ სამხედრო წარმოებასაც. მისცეს შეკვეთები 600 ახალი ჯტრ BMR-600-ის დასამზადებლად. აგრძელებდნენ M47 და M48 ტანკების მოდერნიზაციას მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით. 1978 წელში მოელოდნენ შენაერთებსა და ნაწილებში დამატებით 180 ტანკის AMX-30 მიწოდებას, რომლებსაც ესპანეთში აწარმოებდნენ ფრანგული ლიცენზიით. 

ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი გახლდათ სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების უშუალო საავიაციო მხარდაჭერისთვის, ძირითადი სამხედრო-სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სახმელეთო ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვის (ჰთ) უზრუნველყოფისთვის, საჰაერო დაზვერვის წარმოებისა და სხვა ამოცანების შესრულებისთვის. სჰძ-ის ხელმძღვანელობას ახორციელებდა სჰძ-ის მთავარი შტაბის უფროსი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. 

საორგანიზაციო მიმართებით სჰძ შეყვანილი იყო შემდეგ სარდლობებში: ჰთ-ის, ტაქტიკურ, სატრანსპორტო, სასწავლო-საწვრთნელში. ყველა სავიაციო ნაწილი და ქვედანაყოფი ტერიტორიულად განლაგებული იყო სამ სამხედრო-საჰაერო ოლქსა და კანარის კუნძულების საჰაერო ზონაში. ძირითად საორგანიზაციო ერთეულს სჰძ-ში წარმოადგენდა საავიაციო ესკადრილია. 

ჰთ-ის სარდლობას (შტაბი ტორეხონში) ექვემდებრებოდა სამი საავიციო ფრთა: 11-ე (მანისესი) მოიცავდა 111-ე და 112-ე ავიაესკადრილიებს და მოითვლიდა 30 თვითმფრინავს „მირაჟ“3EE და „მირაჟ“DE; 12-ე (ტორეხონი) _ 121-ე და 122-ე ავიაესკადრილიებს, რომელთაც ჰყავდათ 32 გამანადგურებელი F-4C „ფანტომ“2, და 123-ე (სამი გამწყობი თვითმფრინავე KC-130H); 14-ე (ლოს-ლიანოსი) _ 141-ე ავიაესკადრილია და 15 თვითმფრინავი „მირაჟ“F1C. გარდა ამისა, ამ სარდლობაში შედიოდა სასწავლო-საწვრთნელი საავიციო ესკადრილია (20 თვითმფრინავი T-33A). 

ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (სევილიაში) მოიცავდა შედეგ ავიაესკადრილიებს: 211-ე გამანადგურებელს (მორონი), 20 თვითმფრინავი F-5A და ღF-5B; 203-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენს, 40 მსუბუქი მოიერიშე HA-200 „საეტა“ და HA-220 „სუპერ საეტა“; 212-ე სადაზვერვოს, 20 RF-5A და B; 221-ე საზღვაო დაზვერვისა (ხერესი), 11 თვითმფრინავი HU-16B და სამი P-3A. სამი ესკადრილია (462-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 461-ე სადაზვერვო და 463-ე სატრანსპორტო) ექვემდებარებოდა კანარის კუნძულების საჰაერო ზონის სარდალს. 

სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა მოიცავდა 35-ე, 37- და 91-ე სატრანსპორტო საავიაციო ფრთებს, რომლებიც ბაზირებული იყვნენ შესაბამისად ხეტაფში, ვილანუბლასა და ხეტაფში. სულ სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა რვა ავიაესკადრილია. 

სასწავლო-საწვრთნელ სარდლობას ექვემდებარებოდნენ სჰძ-ის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები (საფრენოსნო სკოლები ტალავერა-ლა-რეალსა და სალამანკაში, მფრინავთა უმაღლესი საავიაციო სასწავლებელი მურსიაში, სამხედრო-საჰაერო აკადემია მადრიდში) და მასვე მიცემული ჰქონდა ცხრა საწვრთნელი ავიაესკადრილია (200-ზე მეტი სასწავლო თვითმფრინავი და 15 ვერტმფრენი). 

ესპანეთის სჰძ-ის შემადგენლობაში იყო აგრეთვე დამხმარე ავიაციის ცალკეული ჯგუფები და ავიაესკადრილიები (დაახლოებით 50 მსუბუქი თვითმფრინავი), რომლებიც ასრულებდნენ კავშირგაბმულობის, კარტოგრაფიული სამსახურის, პირადი შემადგენლობის ძიებისა და გადარჩენის, ხანძრებთან ბრძოლისა და სხვა ამოცანებს. 

როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ესპანური სარდლობა, 70-იანი წლების მიწურულს, შეიმუშავებდა სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით გადაიარაღების გეგმას. საავიაციო ნაწილები უნდა შეევსოთ ძირითადად ეროვნული წარმოების თვითმფრინავებით. უკანასკნელი მოდელების საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას კი გეგმავდნენ აშშ-სა და საფრანგეთში. აქტიურად მიდიოდა ასევე დამხმარე ავიაციის ფარეხის განახლების პროცესიც. 

ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 1970-იან წლებში შედგებოდა ფლოტის, სზძ-ის ავიაციისა და საზღვაო-ქვეითი ჯარისგან. მის ხელმძღვანელობას ახორციელებდა მთავარი შტაბის უფროსი, რომელიც ფქტიურად გახლდათ სზძ-ის სარდალი. იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. 

სზძ-ის ამოცანაში შედიოდა საზღვაო კომუნიკაციების დაცვა, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვა, ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა, საზღვაო დესანტების გადასხმისა და მოქმედებების უზრუნველყოფა, აგრეთვე საპატრულო სამსახურის წარმოება. 

ადმინისტრაციული მიმართებით ესპანეთის მთელი სანაპირო დაყოფილი იყო სამ სამხედრო-საზღვაო ოლქად: კანტაბრიის (შტაბი ელ-ფეროლში), სრუტის ზონისა (კადისში) და ხმელთაშუა ზღვის (კარტახენაში). 

საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სზძ მოითვლიდა დაახლოებით 180 საბრძოლო ხომალდს, კატარღასა და დამხმარე გემს, მათ შორის ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენმზიდ „დედალოს“, რომლის ბორტზეც იყო შვიდი თვითმფრინავი „ჰარიერი“ ვერტიკალური აფრენითა და დაჯდომით (ესპანურ სჰძ-ში ამ თვითმფრინავს უწოდებდნენ „მატადორს“) და დაახლოებით 20 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი; „ბალეარესის“ ტიპის ხუთ მრი საესკადრო ნაღმოსანს, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნდათ ზმრი სისტემები „სტანდარტი“ და ნწმრი სისტემები „ასროკი“, 127-მმ კოშკიანი უნივერსალური საარტილერიო დანადგარი და ექვსი სატორპედო აპარატი; 13 საესკადრო ნაღმოსანს; ათ ფრეგატს; ცხრა წყალქვეშა ნავს; 26 ტრალერს; 19 სადარაჯო კატარღას; 14 სადესანტო ხომალდსა და ტრანსპორტს. გარდა ამისა, სზძ-ის შემადგენლობაში იყო დიდი რაოდენობით სანაპირო დაცვის კატარღები. 

სზძ-ის ავიაცია ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდა სზძ-ის მთავარი შტაბის უფროსს, ხოლო საფრენოსნო შემადგენლობის მომზადებისა და მტუ-ის საკითხებში კი _ სჰძ-ის მთავარი შტაბის უფროსს. მისი თვითმფრინავების ფარეხი მოითვლიდა 14 საბაზო-საპატრულო თვითმფრინავს („ალბატროსისა“ და „ორიონის“ ტიპების), აგრეთვე დაახლოებით 50 სხვადასხვა ვერტმფრენს. 

საზღვაო-ქვეითი ჯარი განკუთვნილი იყო საზღვაო-სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, სამხედრო-საზღვაო ობიექტების დაცვისა და მსხვილ ხომალდებზე სამსახურისთვის. მის შემადგენლობაში შედიოდა ოთხი პოლკი და ორი ცალკეული ჯგუფი, რომელთა საერთო რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლოებით 8 ათას ადამიანს. საზღვაო-ქვეითი ჯარის მცირე რაზმები იმყოფებოდნენ სამხედრო-საზღვაო ოლქების სარდლების დაქვემდებარებაში. 

ესპანეთის ძირითადი სამხედრო-საზღვაო ბაზები იყო კადისი, კარტახენა, ელ-ფეროლი, აგრეთვე მაონი (ბალეარის კ-ები) და ლას-პალმასი (კანარის კ-ები). 

ქვეყნის სზძ-ის სარდლობა გეგმავდა ფლოტის შემდგომ განახლებას ხომალდების აგების ხარჯზე, რაც უნდა განეხორციელებიათ ძირითადად ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ვერფებში ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოთა ტექნიკური დახმარებით. 

სამოქალაქო გვარდია (ე. წ. „ცივილა“) წარმოადგენდა პოლიციურ ფორმირებას. პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, სამხედრო სამსახურის გავლის, საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში იგი ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრს, პოლიციური ფუნქციების შესრულებისა და ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებში _ შინაგან საქმეთა მინისტრს, ხოლო საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის საკითხებში კი _ ფინანსთა მინისტრს. 

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ძირითად დანიშნულებას შეადგენდა ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობა, საზოგადებრივი წესრიგის შენარჩუნება, დანაშავეებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებელი პირების გამოვლენა, სახელმწიფო საზღვრების დაცვა, სამთავრობო დაწესებულებების დაცვა, აგრეთვე სამოქალაქო თავდაცვის ძირითადი ამოცანების შესრულება. 

სამოქალაქო გვარდიის ნაწილები და ქვედანაყოფები დისლოცირებული იყო ექვს ოლქში. თითოეულ ოლქს მეთაურობდა ბრიგადის გენერალი, რომელსაც ექვემდებარებოდა სამოქალაქო გვარდიის შტაბი პოლკოვნიკის წოდების მქონე ოფიცრით სათავეში. 

სამოქალაქო გვარდიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია ოლქებში აგებული გახლდათ სამხედრო ნიმუშის მიხედვით. თითოეულ ოლქში შედიოდა სამიდან ხუთ პოლკამდე. სულ სამოქალაქო გვარდიის შემადგენლობაში 70-იანი წლების მიწურულს იყო 26 პოლკი, რომელთაგან თითოეული შედგებოდა ორი ბატალიონისგან, როგორც წესი თითო-თითო ბატალიონი ყოველ პროვინციაზე. ძირითად პროვინციებში (მადრიდი, ბარსელონა, ვალენსია) თითოელში შედიოდა სამოქალაქო გვარდიის რამდენიმე ბატალიონი. ბატალიონი შედგებოდა ოთხი-ხუთი ასეულისგან, რომელთა რაოდენობაც დამოკიდებული იყო დასახლებული პუნქტების რაოდენობასა და მნიშვნელოვნებაზე. სამოქალაქო გვარდიის მორიგე ქვედანაყოფები განთავსებული იყო ყაზარმებში, ხოლო დანარჩენ პირად შემადგენლობას კი აუცილებლობის დროს ჰკრებდნენ ყაზარმებში შეკრების სიგნალის მიხედვით. ქვეყანაში დაძაბული ვითარების შემთხვევაში ან კიდევ მსხვილი საპოლიციო ღონისძიებების ჩატარებისას ყაზარმულ მდგომარეობაზე შეეძლოთ გადაეყავანათ შესაბამისი ოლქის, პოლკის, ბატალიონის მთელი პირადი შემადგენლობა. 

სამოქალაქო გვარდიის პირადი შეადგენლობა, რიგითების ჩათვლით, წარმოადგენდა კადრის შემადგენლობას. მისი ნაწილები და ქვედანაყოფები აღჭურვილი იყო ჯავშანტრანსპორტერებით, სასროლი იარაღითა და სატრანსპორტო საშუალებებით. 

ესპანეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებასა და სამსახურის გავლას განსაზღვრავდა კანონი საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ. გარდა ამისა, მას აკომპლექტებნენ მოხალისეების შეკრების ხარჯზეც, რომლებიც არმიაში შედიოდნენ სპეციალისტების სახით. სამხედროვალდებულად ითვლებოდა ქვეყნის მამრობითი სქესის თითოეული მოქალაქე 20-დან 38 წლის ასაკამდე. კანონის საფუძველზე გაწვეული რიგითი შემადგენლობის სამსახურის ხანგრძლივობა იყო 18 თვე, ხოლო მოხალისეებისა კი _ განისაზღვრებოდა კონტრაქტით. ჩვეულებრივ, სახსრების ეკონომიის მიზნით, სახმელეთო ჯარებში გაწვეული ყველა სამხედროვალდებული სამსახურს გადიოდა გაწვევის პუნქტის მახლობლად დისლოცირებულ ნაწილში. 

ყოველწლიურად გასაწვევი კონტინგენტი შეადგენდა დაახლოებით 200 ათას ადამიანს (მათ რიცხვში 20 ათასი კონტრაქტის მიხედვით). გაწვევას ახორციელებდნენ სამჯერ წელიწადში. ახალგაზრდა ჯარისკაცების მომზადების პერიოდი გრძელდებოდა ოთხ თვეს. იგი მოიცავდა სწავლებას სასწავლო ცენტრებში, სადაც სწავლობდნენ სამხედრო წესდებებსა და დარიგებებს, იარაღის მატერიალურ ნაწილს, შემდეგ ორგანიზებას უკეთებდნენ მეცადინეობებს საველე პირობებში. ისინი მოიცავდა საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებასა და ვარჯიშობებს სპეცილობის მიხედვით. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სამხედროვალდებულებს ანაწილებდნენ საჯარისო ნაწილებში. 

ნამდვილი სამსახურის დადგენილი ვადით ნამსახურები რიგითები 38 წლამდე იმყოფებოდნენ თადარიგში, ხოლო შემდეგ მათ ხსნიდნენ აღრიცხვიდან. 

სერჟანტთა შემადგენლობას არჩევდნენ ნებაყოფლობით საწყისებზე უპირატესად ყველაზე უფრო მომზადებული და განათლებული ჯარისკაცებისგან. სერჟანტების სწავლებას ახორციელებდნენ ჯართა გვარეობების სერჟანტების სკოლებსა და ტექნიკური სპეციალისტების სკოლებში. 

ოფიცერთა შემადგენლობას სახმელეთო ჯარებისთვის ამზადებდნენ ზოგადსაჯარისო სასწავლებელში სარაგოსაში (ორი წელი), რომლის დასრულების შემდეგ ანიჭებდნენ სამხედრო წოდებას უმცროსი ლეიტენანტი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ოფიცრები სპეციალიზაციას გადიოდნენ ჯართა გვარეობების სკოლებში (ქვეითი ჯარისა _ ტოლედო, სატანკო და ჯავსანსაკავალერიო ჯარების _ ვალიადოლიდი, საარტილერიო _ სეგოვია, საინჟინრო _ ბურგოსი, სამხედრო-სამედიცინო და სამხედრო-იურიდიული _ მადრიდი), ხოლო შემდეგ კი ზოგადსაჯარისო სასწავლებელში სამთვიანი მომზადების მერე მათ სამსახურის გასავლელად გზავნიდნენ სამხედრო ნაწილებში. უმაღლეს სამეთაურო კადრებს ამზადებდნენ სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემიაში (მადრიდი), აგრეთვე გენერალური შტაბის უმაღლეს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო ცენტრებში. 

უმაღლესი ოფიცრების მომზადებას სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ახორციელებდნენ სჰძ-ისა და სზძ-ის აკადემიაში მადრიდში. 

1970-იანი წლების მიწურულს დასავლური პრესა აღნიშნავდა, რომ ესპანეთი, აიღო რა კურსი დასავლეთევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებაზე, ისწრაფვოდა თანამედროვე და კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალების შექმნისკენ, რაც დასავლელი სპეციალისტების აზრით, საშუალებას მისცემდა მას მალე შესულიყო ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Подполковник Ю. Юрьев, «Вооружённые силы Испании», Зарубежное военное обозрение, 1978, № 9. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment