Friday, November 13, 2026

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები და ნატო-ს ბლოკი

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები 1970-იანი წლების ბოლოს აღნიშნავდნენ, რომ აშშ-ისა და ნატო-ს გავლენიანი წრეები აგრძელებდნენ ზეწოლის გაძლიერებას ბლოკის დასავლეთევროპულ ქვეყნებზე, მოითხოვდნენ რა მათგან ასიგნებებისა და კონკრეტული ქმედებების შემდგომ ზრდას მილიტარისტული მზადებების სფეროში. დიდმა ბრიტანეთმა, მათი სიტყვით, ქვეყნის მიერ გადატანილი ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება თავისი სამხედრო ხარჯების 1978/79 ფინანსურ წელში 3%-ით გაზრდაზე. 

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების როლი და ადგილი ნატო-ში განისაზღვრებოდა მისი ვალდებულებებით ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიმართ. სახელდობრ, უკვე მშვიდობიანობის დროს ამ ქვეყანას გამოყოფილი ჰქონდა ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) სარდლობის განკარგულებაში საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთებისა და ნაწილების უმეტესობა. ჯარების განსაზღვრული კონტინგენტი წარმოდგენილი იყო ბლოკის მობილურ ძალებშიც, რომლებიც უნდა გამოეყენებიათ ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ). 

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ნატო-ს მშძ-ის შტაბები, შენაერთები და ნაწილები, სამხედრო ბაზები, ჩვეულებრივი და ბირთვული ირაღის საწყობები, კავშირგაბმულობის კვანძები და სხვა მსხვილი სამხედრო ობიექტები, რომელთაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირის მილიტარისტულ გეგმებში. დიდ ყურადღებს აქცევდნენ სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის განვითარებას, შენაერთების საბრძოლველად მზადყოფნისა და მობილურობის ამაღლებას, ბრძოლის უახლესი საშუალებებით მათ აღჭურვას. ქმნიდნენ და აძლირებდნენ რეზერვებს, რომლებიც განკუთვნილი იყო ევროპულ ომის თეატრზე ინგლისური ჯარების გაძლიერებისა და ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობისთვის. შეიარაღებული ძალების შენახვაზე იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის 30%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5%. 

დიდი ბრიტანეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება, 70-იანი წლების ბოლოს შეადგენდა 314 ათას ადამიანს. მასზე დამატებით შექმნილი ჰქონდათ მრავალრიცხოვანი რეზერვი (დაახლ. 240 ათასი ადამიანი), რომელიც შეიცავდა როგორც მოხალისეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს ათავსებდნენ სამოქალაქო სექტორში მუშაობასთან, ისე რეგულარული ჯარების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებსაც. 

სამხედრო მშენებლობას აწარმოებდნენ შეიარაღებული ძალების სახეობების საორგანიზაციო სტრუქტურის გაუმჯობესების, შენაერთების მობილურობის, საცეცხლე და დამრტყმელი ძალის ამაღლების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით მათი აღჭურვის მიმართულებით, რაც ინგლისური სარდლობის განცხადებით, საშუალებას მისცემდათ „გაეზარდათ დიდი ბრიტანეთის წილი ნატო-ში“. 

დიდი ბრიტანეთის ძალისხმევა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ფარგლებში 1970-იან წლებში თავმოყრილი იყო სამ ძირითად რეგიონსა და საქმინობის სფეროში. 1) მეტროპოლიის ტერიტორიას განიხილავდნენ როგორც არა მხოლოდ თავისი, არამედ აგრეთვე ამერიკული ჯარების უზრუნველყოფის, სრულად დაკომპლექტებისა და გაშლის ბაზას. იმ ამერიკული ჯარებისა, რომლებიც უკვე განლაგებული იყო მის ტერიტორიაზე ან კიდევ ევროპაში უნდა გადმოესროლათ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან. 2) აღმოსავლეთ ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში თავმოყრილი იყო სზძ-ისა და სჰძ-ის საბრძოლველად მზადმყოფი ძალების მსხვილი დაჯგუფება (დაახლოებით 100 ხომალდი და თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების 26 ესკადრილია). 3) ცენტრალურ ევროპაში ინახავდნენ ინგლისური სახმელეთო ჯარების საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთებისა და ნაწილების უმრავლესობასა (ბრიტანული რაინის არმია _ ბრა) და სჰძ-ის 16 ესკადრილიას. 

ოპერატიული დანიშნულების გეგმების შესაბამისად მეტროპოლიაში დისლოცირებული ზოგიერთი შენაერთი და ნაწილი შედგენდა ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის სტრატეგიული რეზერვის ნაწილს, ხოლო სხვები კი განკუთვნილი იყო გფრ-ში მყოფი ინგლისური ჯარების გაძლიერებისთვის. მაგალითად, ევროპაში საგანგებო ვითარების წარმოქმნისას ბრა-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნების გაზრდას ითვალისწინებდნენ 55 ათასიდან 100 ათას ადამიანამდე. 

დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითი ჯარის ძალები აღჭურვილი იყო სადესანტო საშუალებებითა და ვერტმფრენებით და განკუთვნილი იყო პირველ რიგში ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე გამოყენებისთვის. ამავე რაიონებში შესაძლო იყო ემოქმედათ ნატო-ს მობილურ ძალებში გამოყოფილ ნაწილებსა და ქვედანაყოფებსაც. 

შეიარაღებული ძალები, ინგლისელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, უნდა ყოფილიყო პროფესიული, საკმარისად კარგად გაწვრთნილი, მაღალმოძრავი და თანამედროვე იარაღით აღჭურვილი. მას ამზადებდნენ ოპერაციების წარმოებისთვის როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. 

ბირთვული თავდასხმის ძალები და საშულებები 70-იანი წლების მიწურულს ორგანიზაციულად ცალკე გამოყოფილი არ ჰყავდათ (ჰქონდათ). ისინი შედიოდნენ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობაში. მათ საფუძველს შეადგენდა ოთხი ატომური წყალქვეშა ნავი რაკეტებით „პოლარის“A3 ბორტზე. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მონაწილეობდა რა გამალებულ შეიარაღებაში ბლოკის სხვა ქვეყნებთან ერთად, დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად ხარჯავდა 80-100 მლნ. გირვანქა სტერლინგს აღნიშნული რაკეტებისთვის ახალი მრავალმუხტიანი სათავო ნაწილის შესამუშავებლად. ვარაუდობდნენ ქონოდათ მასში ინდივიდუალური დამიზნების ექვსი ქობინი თითოეული 40 კტ (კილოტონა) სიმძლავრით. შეიარაღებაში მათ მიწოდებას მოელოდნენ 80-იანი წლების დასაწყისში. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ აგრეთვე, რომ ბრიტანულმა მთავრობამ გაშალა სამუშაოები ფრთოსანი რაკეტების შესამუშავებლად. ბირთვული იარაღის მატარებლებს წარმოადგენდნენ საშუალო სტრატეგიული ბომბდამშენები და გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინვების ნაწილი, აგრეთვე სახმელეთო ჯარების ზოგიერთი საშუალება (მართვადი რაკეტები „ლანსი“ და ატომური არტილერია). 

70-იანი წლების მეორე ნახევარში დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებში ატარებდნენ შენაერთებისა და ნაწილების უმსხვილეს რეორგანიზაციას მეორე მსოფლიო ომის დროიდან. რეორგნიზაციის ძირითადი მიზანი მდგომარეობდა რეგულარული სახმელეთო ჯარებისა და სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაში, მათი საორგნიზაციო სტრუქტურების სრულყოფასა და თანამედროვე ომის მოთხოვნებთან და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის შეხედულებებთან შესაბამისობაში მათ მოყვანაში. მისი განხორციელების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება იქნა დათმობილი ვარშავის ბლოკის ქვეყნების მახლობლად განლაგებული ჯარების _ ბრა-ის 1-ლი საარმიო კორპუსის მიმართ. 

კორპუსის შემადგენლობაში (პირადი შემადგენლობის რიცხოვნების გაზრდის გარეშე) შექმნილი იყო ოთხი ჯავშანსატნკო დივიზია (1-ლი, მე-2, -3 და -4; გაუქმებული ჰქონდათ მართვის საბრიგადო რგოლი) და მე-5 საკორპუსო საველე ჯგუფი. ჩამოყალიბებული იყო ახალი საარტილერიო დივიზია შტაბით ბილეფელდში (გფრ). იგი განკუთვნილი იყო საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად ინგლისური ჯარების ნაწილებისა და შენაერთებისთვის ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების მსვლელობისას. ბრა-ის შენაერთებში ჩატარებულ იქნა მოტოქვეითი ბატალიონის ახალი საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის გამოცდები, რომელზედაც გეგმავდნენ ყველა მოტოქვეითი ბატალიონის გადაყვანას. 

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარების სარდლობის შენაერთებისა და ნაწილების ბაზაზე შექმნილი ჰქონდათ სამი საველე ჯგუფი (მე-6, -7 და -8), რომლებიც იყო გაძლირებული ბრიგადების ექვივალენტური. ისინი უწინარეს ყოვლისა განკუთვნილი იყო ევროპაში ნატო-ს მშძ-ის გაძლიერებისთვის. 

როგორც ინგლისის მთავრობის თეთრ წიგნში იტყობინებოდნენ, რეგულარული ჯარებისა და რეზერვების 70%-მდე ომის პერიოდში უნდა გაეშალათ ევროპული ომთ-ების ტერიტორიებზე. 

ინგლისური სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნებას, რომლებსაც ომიანობის დროს გადასცემდნენ ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებაში, უნდა შეედგინა დახლ. 140 ათასი ადამიანი. ღებულობდნენ ზომებს სავარაუდო გამოყენების რაიონებში ჯარების გადასროლების შესაძლებლობათა ასამაღლებლად. კერძოდ, გააფართოვეს და გააძლიერეს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი ავიაბაზა გიუთერსლოხში (გფრ) სატრანსპორტო თვითმფრინავების ბოინგ 747-ისა და ლოქჰიდ L1011-ის მისაღებად, რომლებიც აქ შეძლებდნენ ინგლისური ნაწილებისა და ქვედნაყოფების ჩამოყვანას. 

სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობის ამაღლების მიზნით დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ესწრაფვოდა მის აღჭურვას ბრძოლის უახლესი საშუალებებით იმ საბრძოლო ტექნიკის ხარჯზე, რომელსაც ქმნიდნენ ბლოკის სხვა ქვეყნებთან ერთობლივად ან ყიდულობდნენ საზღვარგარეთ. ასე, თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა ფრანგულ-დასავლეთგერმანული შემუშავების 5 ათასი ტსმრჭ „მილანი“ და 300 გასაშვები დანადგარი (გდ) მათთვის და მოახდინა ლიცენზიით საკუთარი წარმოების ორგანიზებაც. სულ გეგმავდნენ დაახლ. 800 გდ „მილანისა“ და 50 ათასი ჭურვის ქონას. დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ 70-იან წლებში ერთობლივად შექმნეს 155-მმ ჰაუბიცა FH70 მექანიკური გაწევით და აგრძელებდნენ 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცის SP70 შემუშავებას, რომლის ჯარებში მიწოდებასაც მოელოდნენ 1980 წლიდან. ინგლისური ფირმები ბელგიურებთან ერთად უშვებდნენ მსუბუქ სადაზვერვო ტანკს „სკორპიონი“. 

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 1400 თვითმფრინავი, მათგან 550 საბრძოლო, დაახლოებით 150 ვერტმფრენი და 96 ზმრ გდ „ბლადჰაუნდი“. 

დიდად აფასებდა რა ავიაციის შესაძლებლობებს თანამედროვე პირობებში, შეიარაღებული ძალების სარდლობა ღებულობდა ზომებს სჰძ-ის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის. ნატო-ს გეგმებით, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ქვეყნის სჰძ-ს ეკისრებოდა თავისი და მოკავშირეების სახმელეთო ჯარებისა და სზძ-თვის მხარდაჭერის აღმოჩენის ამოცანები ევროპულ ომის თეატრზე და აღმოსავლეთ ატლანტიკაში, აგრეთვე თავისი ტერიტორიისა და საზღვაო კომუნიკაციების ჰაერიდან დაფარვის ამოცანები. 

ჩრდილოატლანტიკური ბლოკის განმტკიცებაზე მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს უცხოელი სპეციალისტები მიაკუთვნებდნენ მეტროპოლიაში ინგლისური სჰძ-ის სარდლობის შექმნასა და ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მის გადაცემას, ახლო აღმოსვლეტში ინგლისური სჰძ-ის დაშლასა და ორი _ სასწავლო-საწვრთნელი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სარდლობების ბაზაზე ზურგის სარდლობის შექმნას. 

ინგლისური სჰძ-ის სარდლობას მეტროპოლიაში გააჩნდა ძალები და საშუალებები საჰაერო ოპერაციების წარმოებისთვის როგორც ჩვეულებრივი ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. მისი ძირითადი ამოცანა იყო აუცილებელი მხარდაჭერის აღმოჩენა თავისი ქვეყნისა და ბლოკში მოკავშირეთა სახმელეთო ჯარებისა და სზძ-თვის სხვადასხვა ომთ-ებზე, და პირველöრიგში ცენტრალურ ევროპასა და აღმოსავლეთ ატლანტიკაში. გარდა ამისა, სარდლობა სრულად ახორციელებდა დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვას, რომელიც ნატო-ს სპეციალისტების აზრით, ვითარების გამწვავებისას უნდა ქცეულიყო აშშ-დან და კანადიდან ჯარების გადმოსროლის სატრანზიტო პუნქტად. 

მეტროპოლიაში ინგლისური სჰძ-ის შემდგენლობაში მოითვლებოდა 400-ზე მეტი თვითმფრინავი (მათ შორის დაახლოებით 100 საფრენოსნო-საწვრთნელ ნაწილებში). აქვე თავმოყრილი იყო აგრეთვე საბაზო ავიაციის ძალები, რომლებიც განკუთვნილი გახლდათ ზღვით გადასროლადი ნაწილებისა და შენაერთების მხარდაჭერისთვის, საზღვაო კომუნიკაციების, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვაში საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის მანევრირების რაიონთან მისადგომების დაფარვისთვის. 

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას იყენებდნენ აშშ სჰძ-ის ბაზირებისთვის, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად იყო ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს საავიაციო დაჯგუფების გასაძლიერებლად. 

გფრ-ში ინგლისური სჰძ-ის სარდლობის ძალები და საშუალებები (140-ზე მეტი თვითმფრინავი) შედიოდა მე-2 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში და წარმოადგენდა მის მთავარ დამრტყმელ ძალას. 70-იანი წლების მეორე ნახევარში სარდლობის შენაერთებსა და ნაწილებს აკომპლექტებდნენ თანამედროვე ტაქტიკური გამანადგურებლებით „იაგუარი“ და აძლიერებდნენ ავიაბაზების ჰთ-ს. 

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა სჰძ-ის თვითმფრინავების ფარეხის განახლებას. ბომბდამშენების „ვულკანისა“ და „ბუკანირის“ ნაცვლად სჰძ-ის ნაწილებში გეგმავდნენ თვითმფრინავების „ტორნადოს“ (220 ერთეული გამანადგურებელ-ბომბდამშენის ვარიანტში) მიწოდებას, ხოლო გამანადგურებლების „ლაითნინგისა“ და „ფანტომის“ ნაცვლად _ 165 დამჭერის „ტორნადო“F2-ისა. გეგმავდნენ ასევე სპეციალური სასწავლო ცენტრის ორგნიზებას დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და იტალიის სჰძ-ების საფრენოსნო შემდგენლობის სწვლებისთვის ამ თვითმფრინავებზე. 

სრულად შეიმუშავეს და გადაკეთებისთვის გაამზადეს (საზღვაო მზვერავების „ნიმროდ“MR.1 ბაზაზე) 11 თვითმფრინავი „ნიმროდ“AEW, რომლებსაც იყენებდნენ შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის (შრლა) თვითმფრინვების სახით. გეგმავდნენ შეირაღებაში მათ მიწოდებას 80-იანი წლებისთვის და გამოყენებას ნატო-ში შორეული აღმოჩენის სხვა მიწისზედა და საჰაერო სისტემებთან ერთად. 

სჰძ-ის პირადი შემადგენლობის მომზადებაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ საბრძოლო მომზადების საკითხების ერთობლივ დამუშავებას. ასე, მაგალითად, ნატო-ს პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის მფრინავებმაც მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო ავიაციის ეკიპაჟების წვრთნებში საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში (პროგრამის „რედ ფლეგის“ მიხედვით), იყო დიდი ბრიტანეთი და მისი სჰძ. საბრძოლო მომზადების საკითხების დამუშავება ხორციელდებოდა ავიაბაზა ნელისის პოლიგონზე (ნევადას შტატი, აშშ). 

ნატო-ს ბლოკის სარდლობის აზრით, ევროპის მატერიკულ ნაწილთან უშუალო მახლობლობაში განლაგებულ დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა უკავია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ამიტომ არცთუ შემთხვევით ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებს 1970-იან წლებში ბლოკის გეგმებში ეკისრებოდა მნიშვნელოვანი ამოცანები: დაეპყრო და შეენარჩუნებია ბატონობა საბრძოლო მოქმედებების რაიონში, მიეყენებია სარაკეტო-ბირთვული დარტყმები, ჩაეტარებია სადესანტო ოპერაციები, ეწარმოებია ბრძოლა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან, განეხორციელებია საზღვაო კომუნიკაციების დაცვა, პირველ რიგში იმათი, რომლებიც აკავშირებდნენ დიდ ბრიტანეთს აშშ-თან და ა. შ. 

დიდი ბრიტანეთის სზძ ერთერთი უმსხვილესია ნატო-ს ბოლკში (მეორე აშშ-ის შემდეგ) და 70-იანი წლების მიწურულისთვის მოითვლიდა 430-ზე მეტ საბრძოლო ხომალდსა და დამხმარე გემს, მათ შორის ოთხ ატომურ სარაკეტო, ათ ატომურ სატორპედო და 17 დიზელურ წყალქვეშა ნავს, დამრტყმელ ავიამზიდს, ორ კრეისერ-ვერტმფრენმზიდს. 

გეგმებით ითვალისწინედნენ 1981 წლისთვის „სვიფტშურის“ ტიპის ორი წყალქვეშა ნავის მწყობრში შეყვანას; გაცემული ჰქონდათ შეკვეთები „ტრაფალგარის“ ტიპის (შექმნილი იყო ატომური წყალქვეშა ნავის /წნა/ „სვიფტშურის“ ბაზაზე) ორი წყალქვეშა ნავის ასაგებად. ამთავრებდნენ ორი ნავსაწინააღმდეგო კრეისერის „ინვისიბლისა“ და „ილასთრეისის“ მშენებლობას. გეგმავდნენ აგრეთვე ამ ტიპის მესამე ხომალდის აგებასაც. 

დიდი ბრიტანეთის სზძ-ში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ამფიბიურ ძალებსა (სადესანტო ვერტმფენმზიდები „ჰერმესი“ და „ბულვარქი“, ორი სადესანტო-სავერტმფრენო ხომალდ-დოკი, ექვსი ტანკსადესანტო ხომალდი და 64 მცირე სადესანტო ხომალდი და კატარღა) და საზღვაო-ქვეით ჯარს (ზქჯ), რომელიც მოითვლიდა დაახლოებით 8,5 ათას ადამიანს. ისინი, როგორც წესი, მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს ყველა მსხვილ სწავლებებსა და მანევრებში. 

1980 წელს გეგმავდნენ პირველი ავიაესკადრილიის ჩამოყლიბებას (თვითმფრინავები „სი ჰარიერი“) სადესანტო-ვერტმფრენმზიდ „ჰერმესზე“ ბაზირებისთვის. ამ თვითმფრინავების მეორე ესკადრილია უნდა ჩამოეყლიბებიათ ნავსაწინააღმდეგო კრეისერ „ინვისიბლზე“ ბაზირებისთვის. 

დასავლური პრესის შეტყობინებებით, დიდი ბრიტანეთი საგანგებო ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში ვარაუდობდა ნატო-ს ბლოკის განკარგულებაში ძირითადი კლასების ხომალდების 85%-მდე გამოყოფას, აგრეთვე სზძ-ის ავიაციისა და ზქჯ-ის მნიშვნელოვანი ძლების, რომელთა უმეტესობის გამოყენებასაც ითვალისწინებდნენ ატლანტიკაში ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის შემადგენლობაში მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებში სამოქმედოდ, აგრეთვე ბლოკის დამრტყმელ და სამოკავშირეო სზძ-ში ხმელთაშუა ზღვაში. 

ნატო-ს გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ინგლისურ სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზა ჰიბრალტარს. აქ განლაგებული იყო ჰიბრალტარის რაიონში ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის სარდლობის შტაბი. იგი საშულებას აძლევდათ გაეკონტროლირებიათ ხმელთაშუა ზღვიდან გამოსასვლელი და ატლანტის ოკეანის მხრიდან მასთან მისასვლელები. 

1970-ინი წლების მიწურულისთვის შესამჩნევად გაიზარდა ნატო-ს სწავლებებისა და შტაბების სამხედრო თამაშობების რაოდენობა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის შეირაღებული ძალები, განსაკუთრებით გფრ-ის ტერიტორიაზე დისლოცირებული მისი ჯარები. 

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა 

გამოყენებული წყაროები

 წერილი ჟურნალიდან Зарубежное военное обозрение (წელი და ნომერი თავის დროზე გამომრჩა მხედველობიდან, რისთვისაც ბოდიშს მოვიხდი)

No comments:

Post a Comment