Monday, November 16, 2026

საბერძნეთის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების შუახანებისთვის

საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იან წლებში ნატო-ს გეგმებში საბერძნეთს ეთმობოდა პლაცდარმის როლი ამ აგრესიული ბლოკის შეიარაღებული ძალების უშუალოდ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების საზღვრებთან გასაშლელად. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, გააჩნდათ რა საყრდენი პუნქტები საბერძნეთის ტერიტორიაზე, შეეძლოთ ეკონტროლებიათ უმნიშვნელოვანესი საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ყველა ეს გარემოება წარმოადგენდა საბერძნეთის ჩათრევის მთავარ მიზეზს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში, რომლის წევრიც იგი გახდა 1952 წლის თებერვლიდან. 

მაშინვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისის მმართველმა წრეებმა საბერძნეთის რეაქციულ ძალებთან მოლაპარაკებით, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თავს მოახვიეს ქვეყანას მონარქიულ-ფაშისტური რეჟიმი, ხოლო შემდეგ აშშ-თან და ნატო-ს სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყეს მისთვის გაძლიერებულად ყოველმხრივი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა, მოითხოვდნენ რა მისგან ქვეყანაში სამხედრო მზდებების გაფართოებას. 1952-დან 1970 წლის ჩათვლით საბერძნეთის მხოლოდ პირდაპირმა სამხედრო ხარჯებმა შეადგინა 3,8 მლრდ. დოლარი. შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების შენახვაზე ყოველწლიურად მიდიოდა ეროვნული პროდუქტის 10%-ზე მეტი. 

საბერძნეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. მისი საერთო რიცხოვნება, დასავლური მონაცემების მიხედვით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, აღემატებოდა 160 ათას ადამიანს, მათ შორის სახმელეთო ჯარებში შედიოდა 120 ათასი, სჰძ-ში _ 22 ათასი და სზძ-ში _ 18 ათასი ადამიანი. 

რეგულარული შეიარაღებული ძალების გარდა ქვეყანაში იყო პოლიციური (მსხვილ ქალაქებში) და საჟანდარმო ფორმირებები საერთო რიცხოვნებით 30 ათასი ადამიანი. 

სამოქალაქო თავაცვის სამსახურის გაწევისა და მმართველი რეჟიმის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საბერძნეთში 1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყეს ეროვნული გვარდიის ბატალიონების შექმნა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ნიმუშის მიხედვით. მათ აყალიბებდნენ ეროვნული თავდაცვის ბატალიონების (TEA) საფუძველზე, რომლებიც 1946-1949 წლებში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, აერთიანებდნენ ქვეყნის ყველაზე უფრო რეაქციულ ძალებს. ეროვნული გვარდიის ბატალიონების საერთო რიცხოვნება, 70-იანი წლების შუახანებისთვის, აღწევდა თითქმის 70 ათას ადამიანს. მათ აკომპლექტებდნენ მმართველი წრეების ერთგული ადამიანებით, რომლებსაც ორწლიანი სამხედრო სამსახური ჰქონდათ გავლილი რეგულარულ ჯარებში. ეროვნული გვარდიის წვრილ ქვედნაყოფებს _ ათეულებს, ოცეულებსა და ასეულებს აკომპლექტებდნენ დასახლებული პუნქტების მიხედვით, და შეჰყავდათ ბატალიონებში, რომელთა უმეტესი ნაწილიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ საბერძნეთში. 

1968 წლის კონსტიტუციის თანახმად, რომლიც სპეციალური მუხლებით შეავსეს 1973-ში, ქვეყნის შეიარღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ ქვეყნის პრეზიდენტი. იგი აწერდა ხელს ყველა ბრძანებულებას, რომლებიც ეხებოდა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის საქმანობასა და შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას. 

ქვეყნის ომისთვის მომზადებასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მინისტრთა საბჭოს, რომელშიც შედიოდა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო. მის შემადგენლობაში იყვნენ: ქვეყნის პრეზიდენტი (თავმჯდომარე), პრმიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილეები, ეროვნული თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სამთავრობო პოლიტიკისა და ეკონომიკური დაგეგმარების მინისტრები, აგრეთვე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენდნენ ამერიკული მისიის უფროსი საბერძნეთში და ამ მისიის სამხედრო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო სექციების უფროსები. 

შეიარაღებული ძალების უშუალო ხელმძღვანელობას ახორცილებდნენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი, შეირაღებული ძალების მთავარსარდლობა (გენერალური შტაბის უფლებებით), შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლობები და სამხედრო-ტერიტორიული მართვის ორგანოები (ნახ. 1). 

საბერძნეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მდებარეობს პრევეზას, ლამიასა და კ. ლემნოსის ჩრდილოეთით, ნატო-ს ბლოკში მიღებული დაყოფით (по нарезке НАТО), შედიოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში და სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად (შტაბები კოზანაში, ვერიასა და სალონიკში). აქ განლაგებული იყო საბერძნეთის სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ძირითადი ძალები, გადაცემული ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) შემადენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. ამ რაიონში მუდმივად ატარებდნენ ბლოკის მშძ-ის მსხვილ სწავლებებსა და მანევრებს (“დენს თრეილი”, “უხვი მოსავალი”, “ღრმა კვალი”, “საბერძნეთის ექსპრესი” და სხვები). 

ქვეყნის სამხრეთ ნაწილი, რომელიც მოიცავს პელოპონესის ნახევარკუნძულს, იონიისა და ეგეოსის ზღვების კუნძულებსა და კ. კრეტას, შეადგენდა ზურგის (კომუნიკაციების) ზონას და სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით შედიოდა შიდა რაიონებისა და კუნძულების მთავარ სარდლობაში (ASDEN, შტაბი ათენში). ეს სარდლობა ფუნქციონირებდა საარმიო კორპუსის უფლებით და ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარების სარდალს. იგი განკუთვნილი გახლდათ ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალური რაიონებისა და მრავალრიცხოვანი კუნძულების თავდაცვის ორგანიზებისთვის, აგრეთვე პირადი შემადგენლობის სწავლების ორგანიზებისთვისაც, რომლებიც ავსებდნენ სახმელეთო ჯარების შენაერთებსა და ნაწილებს. შიდა რაიონებისა და კუნძულების მთავარი სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში განლაგებული იყო სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი ეროვნული ორგანოები, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების უმეტესი ნაწილი, სამობილიზაციო ცენტრები, სზძ-ის ძირითადი ძალები და ზურგის სამსახურები. იქვე განლაგებული იყო აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ბაზები და ობიექტები. სახელდობრ, კ. კრეტაზე აშენებული იყო ნატო-ს სასწავლო სარაკეტო ცენტრი. სამხედრო-საზღვაო ბაზებს პირევსსა და სუდას იყენებდნენ აშშ მე-6 ფლოტის ხომალდების ბაზირების მეწინავე პუნქტებად. აეროდრომ ელინიკონზე (ათენი) ფუნქციონირებდა მსხვილი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა. 

საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს 70-იან წლებში აკომპლექტებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. სამხედროვალდებულებად მშვიდობინობის დროს ითვლებოდნენ 19-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები, ომიანობის დროს კი 17-დან 60 წლამდე. სამხედრო სამსახურში შესაძლებელი იყო გაეწვიათ 20-35 წლის ქალებიც. ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის შეადგენდა ორ წელიწადს. გაწვევას ახორციელებდნენ ყოველწლიურად ოთხ რიგად. 

რეზერვისტები, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებზე მიწერილების გარდა, თადარიგში ყოფნის პირვლი ოთხი წლის განმავლობაში, 70-იან წლებში, გადიოდნენ ერთთვიან შეკრებებს, რომლებიც როგორც წესი, მთავრდებოდა რეგულარულ ჯარებთან ერთობლივად ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობით. 

ოფიცერთა შემადგენლობას აკომპლექტებდნენ მოხალისეთა ხარჯზე მმართველი რეჟიმისადმი ერთგული ადამიანების რიცხვიდან, რომლებმაც დაასრულეს საოფიცრო სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები. საოფიცრო სასწავლებლებში შესულები დებდნენ კონტრაქტს შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე არანაკლებ 15 წლის ვადით. 

ოფიცერთა კადრების მომზადების ძირითად ცენტრებს წარმოადგენდა: სახმელეთო ჯარებში _ კადეტთა სასწავლებელი “ეველპიდონი” (ათენი), სჰძ-ში _ საავიაციო სამხედრო სასწავლებელი “იკარონი” (ტატოი) და სზძ-ში _ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი “დოკიმონი” (პირევსი). სწავლების ვადა მათში შეადგენდა ოთხ წელიწადს. სასწავლებელ “ეველპიდონის” დასრულების შემდეგ გამოშვებულებს ერთი წლით გზავნიდნენ ჯართა გვარეობების სკოლებში. სჰძ-ისა და სზძ-ის ოფიცრების მომზადებისთვის იყო სპეციალური სასწავლო ცენტრები. ბევრი ბერძენი ოფიცერი სწავლობდა აშშ-ის, გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებსა და ნატო-ს სამხედრო კოლეჯში (რომი, იტალია). 

საბერძნეთის შეიარაღებული ძალების იარაღი და საბრძოლო ტექნიკა დაახლოებით 90%-ით იყო ამერიკული და დასავლეთგერმანული წარმოებისა. ჯარებში ასევე გააჩნდათ გარკვეული რაოდენობა იარაღისა, რომელიც მიღებული ჰქონდათ საფრანგეთიდან. საბერძნეთის სამხედრო მრეწველობა აწარმოებდა მხოლოდ მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალებს. ეროვნული გემთსაშენი ვერფები სკარამანგაში დაკავებული იყვნენ მხოლოდ ხომალდების რემონტით. 

სახმელეთო ჯარები. ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში საბერძნეთს გამოყოფილი ჰქონდა ძირითადად სახმელეთო ჯარების მიმწოდებლის როლი, რომლის შემადგენლობაშიც 1970-იანი წლების შუახანებისთვის შედიოდა 11 ქვეითი და ერთი ჯავშანსატანკო დივიზიები, ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, 6-მდე სასწავლო (სარეზერვო) პოლკი, აგრეთვე გაძლიერებისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემების თანახმად სახმელეთო ჯარების შენაერთების უმეტესი ნაწილი შედიოდა 1-ლ საველე არმიაში, რომელიც შედგებოდა სამი საარმიო კორპუსისგან, რომელთაგან თითოეულში შედიოდა ორი-სამი ქვეითი დივიზია. არმიის შემადგენლობაში ჩართული გახლდათ აგრეთვე სამი ქვეითი დივიზია (მათ რიცხვში სარეზერვოც), ჯავშანსატანკო დივიზია, ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, რაკეტების “ონესტ ჯონი”, საველე და თვითმავალი არტილერიის რამდენიმე ცალკეული დივიზიონი, საინჟინრო ჯარებისა და კავშირგაბმულობის ჯარების ცალკეული ბატალიონები. სახმელეთო ჯარებში შედიოდა აგრეთვე საშუალო სიშორის საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ჰოქების” დივიზიონი. 

1-ლი საველე არმიის შენაერთები და ნაწილები დისლოცირებული იყო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და ისინი შედიოდნენ ნატო-ს ბლოკის მშძ-ის შემადგნლობაში სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მშძ-ის შტაბი განთავსებული იყო იზმირში (თურქეთი). თავად არმიის შტაბი კი განთავსებული გახლდათ ქ. ლარისაში, საარმიო კორპუსის შტაბები ამავდროულად წარმოადგენდნენ შესაბამისი სამხედრო ოლქების შტაბებს. 

საბერძნეთის სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთად ითვლებოდა დივიზია. თითოეულ ქვეით დივიზიას ჰყავდა ორი-სამი ქვეითი პოლკი (დივიზიაში მოითვლებოდა ცხრა ქვეით ბატალიონამდე), სატანკო ბატალიონი, საველე არტილერის ოთხ დივიზიონამდე, აგრეთვე კავშირგაბმულობის, საინჟინრო ჯარების, სამედიცინო სამსახურის, ტრანსპორტისა და ზურგის სამსახურის ქვედანაყოფები. ქვეითი პოლკი შედგებოდა ორი-სამი ბატალიონისგან, თითოეულში ოთხი ქვეითი ასეულითა და მხარდაჭერის ასეულით. საარტილერიო დივიზიონში შედიოდა სამი საცეცხლე ბატარეა ექვს-ექვსი ქვემეხით (სულ 18 ქვემეხი). 

ჯავშანსატანკო დივიზიაში იყო სამი საბრძოლო სარდლობა. მის საფუძველს შეადგენდნენ სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები. გარდა ამისა, დივიზიაში იყო საბრძოლო უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიც. 

1-ლი საველე არმიის შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში, 1970-იანი წლების შუახანებისთვის შედიოდა ამერიკული ტანკები M47 და M48, ჯავშანტრანსპორტერები M113, 105 მმ, 155 მმ და 203,2 მმ ყალიბების ჰაუბიცები, უმართავი რაკეტები “ონესტ ჯონი”, 175-მმ თვითმავალი ზარბაზნები, 81-მმ და 106,7-მმ ნაღმსატყორცნები, უუკუცემო ქვემეხები, საარმიო ავიაციის თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ფრანგული ტსმრჭ-ები SS-11. დედაქალაქის გარნიზონის სატანკო ნაწილებში იყო ფრანგული ტანკები AMX-63. 

ეროვნული სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ ნაწილები, რომლებიც შედიოდნენ ASDEN-ის შემადგენლობაში და დისლოცირებული იყვნენ ათენის რაიონში და პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ქვეითი პოლკი კ. კვიპროსზე, საველე და საზენიტო არტილერიის რადენიმე დივიზიონი. 

ომის დაწყების შემდეგ ითვალისწინებდნენ ეროვნული გვარდიისა და ჟანდარმერიის ნაწილების სამხედრო სარდლობისადმი დაქვემდებარებას. 

სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო ძირითადად ტაქტიკური ამოცანებისა და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ამოცანების შესრულებისთვის. მის შემადგენლობაში შედიოდა 12 საბრძოლო ესკადრილია, აგრეთვე გარკვეული რაოდენობის სატრანსპორტო და სავერტმფრენო ესკადრილიები. თითქმის ყველა ისინი გადაცემული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის შემადგენლობაში. ეროვნული სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა მხოლოდ ერთი საბრძოლო ესკადრილია, სასწავლო საავიაციო სარდლობა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სარდლობა. 

საბერძნეთის სჰძ-ის უმაღლეს საორგანიზაციო გაერთიანებას წარმოადგენდა 28-ე ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (შტაბი ლარისაში), რომელიც ჩართული იყო ნატო-ს მე-6 მტას-ში, რომლის შტაბიც იყოფებოდა იზმირში (თურქეთი). სარდლობაში შედიოდა გამანადგურებელ-დამჭერების F-5 და F-102A, გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-104G და F-84F, სადაზვერვო თვითმფრინავების RF-5A და RF-84F ესკადრილიები, აგრეთვე სატრანსპორტო თვითმფრინავების C-47 და NC-2501 “ნორატლასი” ესკადრილიები, ასევე შორი მოქმედების ზმრ “ნაიქ ჰერკულესების” დივიზიონი, რომელსაც იყენებდნენ დიდი ათენის საჰაერო თავდაცვის სისტემაში. 

საბერძნეთის სჰძ-ის შეიარაღებაში შედგებოდა დაახლოებით 220 საბრძოლო თვითმფრინავი, 100-ზე მეტი თვითმფრინავი (უმთავრესად მოძველებული ნიმუშებისა), რომლებსაც იყენებდნენ სასწავლო და დამხმარე მიზნებით, სხვადასხვა დანიშნულების 30-ზე მეტი ვერტმფრენი. უცხოური ბეჭდური გამოცმების მონაცემებით, აშშ-სა და საბერძნეთს შორის მიღწეული იყო შეთანხმება უახლესი წლების განმავლობაში საბერძნეთის სჰძ-ის ზოგიერთი ესკადრილიის F-4C “ფანტომი” თვითმფრინავებით გადაიარაღების შესახებ. 

სამხედრო-საზღვაო ძალები, როგორც იტყობინებოდნენ უცხოური ბეჭდური გამოცემები, 70-იანი წლების შუახანებისთვის მოითვლიდა 100-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს, მათ რიცხვში 9 საესკადრო ნაღმოსანს, 4 ფრეგატს, 7 წყალქვეშა ნავს, 4 სარაკეტო კატარღასა (ფრანგული აგებისა) და 13 სატორპედო კატარღას, 20-ზე მეტ სადესანტო ხომალდს, აგრეთვე სხვადასხვანაირ დამხმარე ხომალდებსა და სატრანსპორტო გემებს. სზძ-ის შემადგენლობაში იყო საპატრულო ავიაესკადრილია (12 თვითმფრინავი “ალბატროსი”). უახლოეს წლებში მოელოდნენ რაკეტებით “სი ქეთი” აღჭურვილი ორი სადარაჯო ხომალდის შეიარაღებაში მიწოდებას, რომელთა აგებაზეც შეკვეთა განთავსებული ჰქონდათ დიდ ბრიტანეთში. 

ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის შემდგენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე საბერძნეთის სზძ-დან გამოიყოფოდა ოთხი წყალქვეშა ნავი, საესკადრო ნაღმოსნები და სადარაჯო ხომალდები. ერთ-ორ საესკადრო ნაღმოსანსა და რამდენიმე სადარაჯო ხომალდს საბერძნეთი გამოჰყოფდა ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს სზძ-ის გამოძახებით მოქმედებებისთვის განკუთვნილი შენაერთის შემადგენლობაში. ფლოტის დანარჩენი ძალები იმყოფებოდა საბერძნეთის სზძ-ის მთავარსარდლის დაქვემდებარებაში. 

საბერძნეთის სზძ-ის ხომალდების უმრავლესობა ბაზირებული იყო მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზაში პირევსი და მის მახლობლად მდებარე კუნძულ სალამისზე, მნიშვნელოვან სამხედრო-საზღვაო ბაზად ითვლებოდა აგრეთვე სუდა (კ. კრეტა). 

საბერძნეთს გააჩნდა სავაჭრო ფლოტი, რომელსაც უცხოელი სპეციალისტები იმხანად აფასებდნენ როგორც ერთერთ უმსხვილესთაგანს მსოფლიოში. მასში მოითვლებოდა 3000-ზე მეტი გემი (მათ შორის მსხვილი ტანკერები) საერთო წყალწყვით 21 მლნ. ბრ. ტ-ზე ზევით. ნახევარზე მეტი მათგან დაცურავდა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ. 

საბერძნეთის მმართველი წრეები, რომელთა საშინაო პოლიტიკის საფუძველს, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, წარმოადგენდა ანტიკომუნიზი, ფართოდ იყენებდნენ შეიარაღებულ ძალებს კომუნისტური და სხვა პროგრესული მოძრაობების ჩახშობისთვის. ამ კურსის გატარებაში ისინი სრულ მხარდაჭერას პოულობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების იმპერიალისტების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ბალკანეთში თავიანთი პოზიციების შენარჩუნებაში. ამის დადასტურებად, იმავე საბჭოთა ავტორების შეფასებით, შესაძლოა გამომდგარიყო თუნდაც ის მოვლენები, რომლებიც მოხდა ქვეყანაში 1967-1974 წლებში. 

1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში მოხდა სამხედრო გადატრიალება (გეგმა “პრომეთეოსი”). ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო ხუნტა, რომელიც შექმნილი გახლდათ მთლიანად ამერიკული დაზვერვის თანხმობითა და დახმარებით. შეიქმნა მთავრობა სამხედრო ხუნტის ლიდერის პოლკოვნიკ პაპადოპულოსის მეთაურობით. ქვეყანაში გაუქმებულ იქნა მმართველობის საპარლამენტო ფორმები და დამყარებულ _ ფაშისტური ტიპის დიქტატურა, შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, დაიშალა 200-ზე მეტი საზოგადოებრივი და პროფკავშირული ორგანიზაცია. საბერძნეთის მუშათა კლასის, კომუნისტური პარტიის, ყველა მემარცხენე ძალის წინააღმდეგ გამოცხადებულ იქნა სასტიკი ტერორი. 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, არ გააჩნდა რა საყრდენი ხალხის მასებში, საბერძნეთის სამხედრო-დიქტატორული რეჟიმი გადატრიალების შემდეგ დიდ ყურადღებას უთმობდა შეიარაღებული ძალების შემდგომ განმტკიცებას, რომელიც ჩაყენებულ იქნა პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ გადატრიალების აქტიური მონაწილენი. დიქტატორ პაპადოპულოსის მთავრობა მუდმივად ხაზს უსვამდა თავის ერთგულებას აგრესიული ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-დმი. 

მაგრამ შეიარაღებული ძალები არც იმდენად მტკიცე და საიმედო აღმოჩნდა, როგორც ამის სურვილი ჰქონდათ 1967 წლის გადატრიალების ლიდერებს. 70-იანი წლების შუახანებმდე მასში გატარებულ იქნა მრავალრიცხოვანი გადანაცვლებები და წმენდები, რომელთა შედეგადაც არმიიდან განდევნილ იქნა დაახლოებით 1000 გენერალი და ოფიცერი. არ იყო მტკიცე ერთიანობა თავად სამხედრო ხუნტაშიც, სადაც აღმოჩნდა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ პაპადოპულოსის ერთპიროვნული დიქტატორული ხელისუფლებით. 

1973 წლის გაზაფხულზე საბერძნეთის სზძ-ში წარმოიქმნა შეთქმულება პაპადოპულოსის რეჟიმის დამხობის მიზნით. ბერძნული სზძ-ის ხომალდებზე მოხდა მსხვილი მღელვარებანი. საესკადრო ნაღმოსნის “ველოსის” ეკიპაჟმა ხომალდის კაპიტნის მეთაურობით მოაწყო ამბოხება, უარი თქვა შეესრულებია მთავრობის ბრძანებები და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა იტალიაში. ამავდროულად 1973 წელს საბერძნეთის მსხვილ ქალაქებში ახალი ძალით იფეთქა სტუდეტების ანტიდიქტატორულმა გამოსვლებმა და მშრომელების გაფიცვებმა. 

აღმოჩნდა რა საერთაშორისო იზოლაციაში და განიცდიდა რა სერიოზულ პოლიტიკურ სიძნელეებს ქვეყანაში, პაპადოპულოსმა მიმართა რიგ ზომებს თავისი რეჟიმის განმტკიცებისთვის. 1973 წლის 29 ივლისს ჩატარებულ იქნა რეფერენდუმი საკითხში 1968 წლის 15 ნოემბრის კონსტიტუციის ნაწილობრივ შეცვლის შესახებ. მონარქია საბერძნეთში შეცვლილ იქნა რესპუბლიკით, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტად გახდა პაპადოპულოსი. ჩამოყალიბებული გარდამავალი მთავრობა შედგებოდა სამოქალაქო პირებისგან, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროგრესისტების პარტიის ყოფილი ლიდერი მარკეზინისი, რომელმაც მიიღო ბრძანება არჩევნების ჩატარებაზე 1974 წელში. ქვეყანაში გაუქმებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, შემოღებული 1967 წლის გადატრიალების შემდეგ, აგრეთვე პოლიტიკური პატიმრებისთვის გამოცხადებულ იქნა ამნისტია. მაგრამ, ბურჟუაზიული პარტიის “ცენტრის კავშირის” ყოფილი ლიდერის პაპანდრეუს სიტყვებით, “სამხედრო ხელისუფლების” თვით ეს ე. წ. ახალი კურსიც კი იქცა საბერძნეთის ამერიკული ოკუპაციის შენიღბვად, სამხედრო და ტოტალიტარული რეჟიმის დაფარვად (დაცვად). 

ამრიგად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, პაპადოპულოსის დიქტატორული რეჟიმის “ახალ კურსთან” დაკავშირებული პოლიტიკური ფარსის შემდეგ შიდაპოლიტიკური ვითარება საბერძნეთში კვლავ დაძაბული რჩებოდა. ქვეყანაში გრძელდებოდა სამხედრო-დიქტატორული რეჟიმით საერთო უკმაყოფილების ზრდა, რომელიც ძლიერდებოდა ინფლაციის ზრდის გამო, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ენერგეტიკული კრიზისის შედეგად წარმოქმნილ გამწვავებასთან. ქვეყანაში სწრაფად იზრდებოდა ცხოვრების ღირებულება. 

პაპადოპულოსის სამხედრო-დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბერძენი ხალხის ბრძოლაში კულმინაციურ მომენტად იქცა სტუდენტების გამოსვლები საბერძნეთის მსხვილ ქალაქებში 1973 წლის ნოემბერში და მუშებისა და ინტელიგენციის მიერ დაწყებული მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციები. სტუდენტებისა და მუშების პოლიტიკური გამოსვლების ჩახშობისთვის მთავრობამ ათენში შეიყვანა სატანკო და სადესანტო ჯარები, აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილები, რომლებმაც მოახდინეს დედაქალაქის ყველა ცენტრალური მოედნისა და ქუჩის ბლოკირება. 17 ნოემბერს ქვეყანაში გამოცხადებულ იქნა სამხედრო მდგომარეობა. ჯარებთან და პოლიციასთან შეტაკებებში დაიღუბა 40-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. 

საბერძნეთის ქალაქების ქუჩებში დაიწყო სასტიკი ანგარიშსწორება მუშებთან, ინტელიგენციასთან და სტუდენტებთან. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, დაპატიმრებულ იქნა 1000-ზე მეტი სტუდენტი და მუშა. მაგრამ დიქტატორულმა რეჟიმმა ვერ მოახერხა მშრომელებისა და სტუდენტების მასობრივი გამოსვლების ჩახშობა. საბერძნეთის რეაქციულმა წრეებმა და სამხედრო ხუნტაში “ხისტი კურსის” მომხრეებმა, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, შეშინებული იყვნენ მშრომელებისა და სტუდენტების პოლიტიკური გამოსვლების გაქანებით, 1973 წლის 25 ნოემბრის ღამეს მოახდინეს ახალი სამხედრო გადატრიალება, ჩამოაცილეს რა ხელისუფლებას პრეზიდენტი პაპადოპულოსი და მისი მარკეზინისის “სამოქალაქო” მთავრობა. საბერძნეთის ახალ პრეზიდენტად გამოცხადებულ იქნა 1-ლი საველე არმიის ყოფილი სარდალი გენერალი გიზიკისი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კი ანდრუცოპულოსი, რომელსაც 1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეკავა ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტები. 

მაშინვე ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების წმენდა პაპადოპულოსის მომხრეებისგან. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ჩამოაშორეს გენერალი ზაგორიანაკოსი, გადადგომა მიიღეს სახელეთო ჯარების სარდალმა გენერალმა მასტრანდონისმა, სჰძ-ის სარდალმა გენერალმა მიტცანასმა, ათენის პოლიციის სამართველოს უფროსმა გენერალმა დასკალოპულოსმა და სამინისტროების ყველა გენერალურმა მდივანმა. 

ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ მემარჯვენე ხასიათის პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ პარტიასთან ERE (“ეროვნული რადიკალური კავშირი”) და პაპადოპულოსის ყოფილი მთავრობის ზოგიერთი წევრიც. ეროვნული თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სამხედრო ხუნტის “ხისტი კურსის” ერთერთი მომხრეთაგანი გადამდგარი გენერალი ლაცულისი, წარსულში საბერძნეთის სახმელეთო ჯარების სარდალი და პაპადოპულოსის მიერ არმიიდან განდევნილი. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა გენერალმა ცუმბასმა, რომელიც პაპადოპილოსის მთავრობაში გახლდათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშნულ იქნა ასევე სამხედრო ხუნტის “ხისტი კურსის” ერთერთი წარმომადგელენი გენერალი იოანიდისი. 

ახასიათებდა რა ახალი სამხედრო გადატრიალების ლიდერებს საბერძნეთში, ამერიკული გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” აღნიშნავდა, რომ გენერალი გიზიკისი არის ნატო-ს მოხრე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ანდრუცოპულოსი შეერთებული შტატების “ძველი მეგობარი”, სადაც იგი 12 წელიწადს დაკავებული იყო იურიდიული პრაქტიკით. 

საბჭოთა ავტორების სიტყვებით, პრემიერ-მინისტრის ანდრუცოპულოსის გამოსვლის თანახმად მთავრობის გეგმებში შედიოდა ახალი კონსტიტუციის შემუშავება, ინფლაციასთან და ფასების ზრდასთან ბრძოლა, შენარჩუნება “მეგობრული ურთიერთობებისა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთგაგება და საერთო ინტერესები”. 1973 წლის დეკემბრის შუახანებში საბერძნეთის მთავრობამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო აქტი, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა საპრეზიდენტო საპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა კი საბერძნეთის პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა: მას უკვე აღარ უნდა ჰქონოდა აღმასრულებელი ხელისუფლება და კონტროლისა და ინიციატივის განსაკუთრებული უფლება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადა დადგენილ იქნა ხუთი წლის ხანგრძლივობით. პარლამენტის მოწვევამდე, რომლის ვადებიც არ იყო განსაზღვრული, საკანონმდებლო ინიციატივა დაკისრებული ჰქონდა მინისტრთა საბჭოს. 

1974 წლის შუახანებისთვის საბერძნეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა მეტად დაძაბული და რთული იყო. ხელისუფლებაში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, უწინდებურად იდგნენ პირწავარდნილი რეაქცია და სამხედროთა კასტა, რომლებიც თავიანთ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ემყარებოდნენ ქვეყნის შეარაღებულ ძალებსა და სამრეწველო-საფინანსო წრეებს, სარგებლობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 

საბერძნეთი იყო და რჩებოდა ნატო-ს აქტიურ წევრად, მისი წარმომადგენლბი მონაწილეობას ღებულობდნენ ამ აგრესიული ბლოკის სარდლობის ყველა სამხედრო-პოლიტიკურ ღონისძიებაში, გამოდიოდნენ ნატო-ს სამხედრო პოტენციალის განმტკიცების მომხრედ ცენტრალურ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. 

საბერძნეთის მთავრობამ ტერიტორიის ნაწილი კ. კრეტაზე დაუთმო ნატო-ს სასწავლო სარაკეტო ცენტრისთვის და ბლოკის სარდლობას შესთავაზა განეხილა საკითხი ბირთვული ფუგასების (ნაღმების) გამოყენების შესახებ სასაზღვრო რაიონებში ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საბერძნეთის ტერიტორიაზე ბერძნული მთავრობის თანხმობით, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, განთავსებული იყო ბირთვული იარაღის ამერიკული საწყობები და დისლოცირებული იყვნენ სპეციალური ნაწილები, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ომის შემთხვევაში საბერძნეთის სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ბირთვული საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფისთვის. 

აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბერძნული ხუნტის აქტიური მხარდაჭერით შექმნა ნატო-ს სზძ-ის ოპერატიული შენაერთი ხმელთაშუა ზღვაში “გამოძახებით მოქმედებებისთვის”. 1972 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და საბერძნეთმა დადეს შეთანხმება საბერძნეთის ტერიტორიაზე ბაზების შექმნის შესახებ აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდებისთვის. ამ შეთანხმების მიხედვით, ამერიკული ხომალდების ნაწილი ხმელთაშუა ზღვაში უდმივად ბაზირებული იქნებოდა პორტ პირევსში. 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვებით, სპეკულირებდნენ რა მუქარით, რომელიც ვითომდა მოდიოდა ჩრდილოეთიდან და ხმელთაშუა ზღვაში მყოფი საბჭოთა ფლოტის მხრიდან, ბერძენი ოფიციალური პირები გამოდიოდნენ მოთხოვნებით აშშ-ისა და ნატო-სადმი საბერძნეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე მისი შეიარაღებული ძალების განმტკიცების მიზნით. 1972 წლის მარტში აშშ-მა გამოაცხადა საბერძნეთის სამხედრო რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის სრული მოცულობით განახლებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, დაასაბუთა რა ეს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით. 

უცხოური პრესის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბერძნეთი აშშ-გან ღებულობდა სამხედრო დახმარებას წელიწადში 80-100 მლნ. დოლარის ზომით. კერძოდ, ამ წლების მანძილზე მან მიიღო 600-ზე მეტი საშუალო ტანკი M47 და M48, მსუბუქი ტანკები, დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტერები, ავტომობილები, საინჟინრო ტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები, საბრძოლო მასალები. 

ვითარდებოდა და ძლიერდებოდა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა გფრ-თან რომელიც საბერძნეთს აწვდიდა საბრძოლო ტექნიკასა და სხვადასხვანაირ სამხედრო აღკაზმულობას, მათ რიცხვში წყალქვეშა ნავებს, სატორპედო კატარღებს, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ავტოტრანსპორტს. საბჭოთა ავტორების სიტყვებით, იყენებდნენ რა საბერძნეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სიძნელეებს, დასავლეთგერმანულმა მონოპოლიებმა გააძლიერეს თავიანთი შეღწევა ბერძნულ ეკონომიკაში. ფართოვდებოდა საბერძნეთის სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა საფრანგეთთანაც. 

საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობა 1970-იანი წლების შუახანებისთვის მიმდინარეობდა ქვეყანაში მმართველი ზედაფენების გეგმებისა და ნატო-ს სარდლობის გეგმების შესაბამისად. ძირითადი ძალისხმევა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მიმართული იყო შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფაზე, მათი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებაზე, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზე, აგრეთვე მათ მომზადებაზე საბრძოლო გამოყენებისთვის როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში. ამ ღონისძიებებს ატარებდნენ სამხედრო დახმარებისა და სპეციალური სამხედრო მრჩევლების ამერიკული მისიის კონტროლით. საბერძნეთის დიქტატორული რეჟიმი დიდ ყურადღებას უთმობდა ათენსა და სხვა მსხვილ ქალაქებში გარიზონების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებას ქვეყნის მშრომელების დემოკრატიული გამოსვლების ჩახშობისთვის მათი გამოყენების მიზნით. 

*    *    * 

საბერძნეთის მართველმა წრეებმა, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, მიჰყვებოდნენ ამერიკელი იმპერიალისტების აგრესიული პოლიტიკის ფარვატერში, თავიანთი ტერიტორია და შეიარაღებული ძალები მისცეს აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანლობის განკარგულებაში. ათენელი სამხედრო მმართველების ანტიეროვნული და ანტისახალხო პოლიტიკა აწყდებოდა გადამწყვეტ წინააღმდეგობას არა მხოლოდ ბერძენი ხალხის ფართო ფენების მხრიდან, არამედ მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მხრიდანაც, რამდენადაც ეს პოლიტიკა ვერ პასუხობდა საერთაშორისო დაძაბულობის უკვე დასახული დასუსტების პირობებს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Подполковник А. Михайлов, « Вооружённые силы Греции », Зарубежное военное обозрение, № 5, 1974 г. 

წერილი მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment