Saturday, November 7, 2026

ნატო-ს ქვეყნების საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო ჯარების საბრძოლო გამოყენება

საჰაერო-სადესანტო ჯარები საზღვარგარეთულ არმიებში გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის წინ და მისი მიმდინარეობის პირველ წლებში. ყველაზე უფრო მეტი განვითარება მათ ჰპოვეს გერმანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. გერმანიის ჯარებში 1943 წელს იყო ავიასადესანტო არმია, სამი ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა და ცალკეული დასაჯდომი სადესანტო დივიზია. ანგლო-ამერიკულ სარდლობას ომის ბოლოსათვის ჰყავდა საჰაერო-სადესანტო არმია. 

ომის წლებში წარმოიშვა საჰაერო-სადესანტო ოპერაციაც, როგორც საჰაერო-სადესანტო ჯარების, ავიაციისა და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა (ჯარების გვარეობათა) შენაერთების ერთობლივი გამოყენების ძირითადი ფორმა დესანტების გადაყვანის, გადასროლის (გადასხმის) და მოწინააღმდეგის ზურგში საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტისა ოპერატიული ან ოპერატიულ-ტაქტიკური მიზნების მიღწევისათვის. 

ომის შემდეგ საჰაერო-სადესანტო ჯარების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მრავალრიცხოვანმა ლოკალურმა ომებმა და სამხედრო კონფლიქტებმა. საჰაერო-სადესანტო ჯარები ფართოდ გამოიყენებოდა კორეაში, ვიეტნამში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს გრენადაზე თავდასხმისას. და ყოველთვის მათ სპეციალურად შექმნილი შეჭრის ჯარების მეწინავე რაზმის როლი ეკისრებოდათ. 

საჰაერო-საიერიშო ჯარების ჩამოყალიბება და განვითარება დაკავშირებულია შეიარაღებაში სხვდასხვა დანიშნულების ვერტმფრენების მიღებასთან. ამასთან დაკავშირებით გამოჩნდა რეალური საფუძველი სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი საკვანძო პრობლემის – ჯარების მანევრულ შესაძლებლობათა ჩამორჩენის – ლიკვიდაციისა მათი ბირთვული და საცეცხლე ძლიერების ზრდისგან. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ბრძოლის ველზე სადესანტო ვერტმფრენებით გადაადგილებულ ქვეით ჯარებს საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების თანხლებით, შეეძლებათ ბირთვული და საცეცხლე დარტყმების შედეგების უფრო ეფექტურად გამოყენება, ვიდრე ტრადიციული ხერხებით ბრძოლის მსვლელობისას. 

პირველი აერომობილური შენაერთები და ნაწილები შექმნა აშშ-მა. 1965 წელს შეიქმნა 1-ლი აერომობილური დივიზია, რომელსაც ჰყავდა 428 ვერტმფრენი და ექვსი თვითმფრინავი და გადაყვანილ იქნა სამხრეთ ვიეტნამში. იმავდროულად აერომობილურად იქნა გარდაქმნილი უკვე იქ მყოფი 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და სახმელეთო ჯარების რიგი სხვა შენაერთები და ნაწილები. 

ვიეტნამში ომის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მთლიანობაში აერომობილურმა ჯარებმა ვერ გაამართლეს მათზე დაკისრებული იმედები. სუსტად განვითარებული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) პირობებში ისინი არც იმდენად ეფექტურნი აღმოჩნდნენ თვით პარტიზანებთან ბრძოლასა და კომუნიკაციების დაცვაშიც, ხოლო რეგულარული ჯარების დაჯგუფებათა წინააღმდეგ მოქმედებებისას კი განიცდიდნენ მნიშვნელოვან დანაკარგებს საჯარისო საჰაერო თავდაცვის საშუალებებისგან. მათი საცეცხლე ძლიერება აშკარად არ იყო საკმარისი, მომარაგების სისტემა კი ვერ უზრუნველყოფდა ხანგრძლივ ავტონომიურობას. აშკარა შეიქნა, რომ აერომობილური დივიზია, რომელიც ფაქტიურად რჩებოდა მოწინააღმდეგის ტაქტიკურ ზურგში ვერტმფრენებით რეიდების ჩატარების უნარის მქონე მსუბუქ ქვეით დივიზიად, ვერ შეძლებდა ევროპული ომთ-ების პირობებში ამოცანების ეფექტურად შესრულებას. 

70-იანი წლების დასაწყისში კურსი აიღეს საჰაერო-საიერიშო ჯარების შექმნაზე, რომლებიც ერთმანეთს შეუთავსებდნენ აერომობილურობასა და მნიშვნელოვნად გაზრდილ საცეცხლე ძლიერებას. ასეთი ტიპის პირველი შენაერთი გახდა აშშ 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზია (შექმნილი 101-ე აერომობილურ დივიზიის ბაზაზე). 

საჰაერო-სადესანტო დივიზია (ჰდდ) მოითვლის პირადი შემადგენლობის 16 371 ადამიანს, ბრიგადების სამ შტაბს, ცხრა საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონს, თითო-თითო სატანკო ბატალიონს, სადაზვერვო აერომობილურ ბატალიონს, საარტილერიო დივიზიონს, საზენიტო დივიზიონს, საარმიო ავიაციის ბატალიონს. მის შეიარაღებაშია 54 მსუბუქი ტანკი, საველე არტილერიის 54 ქვემეხი, 120 ნაღმსატყოცნი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების 384 გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ), საზენიტო არტილერიის 48 ქვემეხი, 218 ვერტმფრენი, მათ შორის 21 ტსმრ-ებით. 

საჰაერო-საიერიშო დივიზია (ჰიდ) მოითვლის პირადი შემადგენლობის 18 076 ადამიანს, ბრიგადების სამ შტაბს, ცხრა აერომობილურ ქვეით ბატალიონს, თითო-თითო აერომობილურ სადაზვერვო ბატალიონს, საარტილერიო დივიზიონს, საზენიტო დივიზიონს, საარმიო ავიაციის ბატალიონს. მის შეიარაღებაშია: საველე არტილერიის 72 ქვემეხი, 120 ნაღმსატყორცნი, 411 ტსმრ გდ, 48 საზენიტო საარტილერიო ქვემეხი, 402 ვერტმფრენი, მათ შორის 63 ტსმრ-ებით. 

სწრაფი გაშლის ძალების (სგძ) შემადგენლობაში შეყვანილია მექანიზებული, საჰერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო ჯარების, ტაქტიკური და სატრანსპორტო ავიაციის, ფლოტის ავიამზიდი, ამფიბიური და საესკორტო ძალების, საზღვაო ქვეითი ჯარის ბრძოლისათვის ყველაზე უფრო მზადმყოფი კონტინგენტები. 

სგძ-ის ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის აშშ-ში შექმნილია გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა, რომლის „პასუხისმგებლობის ზონაში“ ჩართულია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ინდოეთის ოკეანის აკვატორიუმის მიმდებარე 19 ქვეყნის ტერიტორია. სარდლობის შტაბი განლაგებულია ავიაბაზა მაკ-დილზე, ფლორიდის შტატი. მის განკარგულებაში გამოყოფილია: მე-3 საველე და მე-9 საჰაერო არმიების შტაბები, 18-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსი (მსუბუქი ქვეითი დივიზია, 82-ე ჰდდ, 101-ე ჰიდ, 24-ე მექანიზებული დივიზია, მე-6 ცალკეული ტანკსაწინაარმდეგო სავერტმფრენო ბრიგადა, ზურგის 1-ლი სარდლობა), შვიდი ტაქტიკური გამანადგურებელი ავიაფრთა, სტრატეგიული ბომბდამშენების ორი ავიაესკადრილია. მის ინტერესებში შეიძლება მოქმედებდნენ შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის თვითმფრინავები E-3 (AWACS სისტემისა), სტრატეგიული თვითმფრინავ-მზვერავები, საჰაერო საკომანდო პუნქტები, სამ საავიამზიდო მრავალმიზნობრივ ჯგუფამდე წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობიდან, საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზია და ცალკეული ბრიგადა. საჭიროების შემთხვევაში აშშ შტაბების უფროსთა კომიტეტის მითითებითა და ქვეყნის პრეზიდენტის ნებართვით ამ შენაერთებისა და ნაწილებისაგან ყალიბდება საჭირო შემადგენლობის ჯართა დაჯგუფება და ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადაეცემა გაერთიანებულ ცენტრალურ სარდლობას მის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად. 

სწრაფი გაშლის ძალების შექმნასთან ერთდროულად მუშავდება მათი გამოყენების საფუძვლები, წარმოებს შტაბებისა და ჯარების ინტენსიური ოპერატიული და საბრძოლო მომზადება, ანალიზდება შეიარაღებული კონფლიქტების მსვლელობისას მიღებული გამოცდილებანი. 

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აშშ სგძ-ის მოქმედებებმა ცალკეულ რეგიონებში (სახელდობრ, ახლო და შუა აღმოსავლეთში) შეიძლება მიიღონ სტრატეგიული მასშტაბის ოპერაციის ფორმა, შემდგარი ერთდროულად ან თანამიმდევრულად განხორციელებული საჰაერო-სადესანტო, აერომობილური და საზღვაო-სადესანტო ოპერაციებისაგან. ასეთი ოპერაციაბის ჩატარების ყველაზე უფრო სავარაუდო რაიონია – სპარსეთის ყურის ზონა. ითვლება, რომ ძალებისა და საშუალებათა მაქსიმალური რაოდენობის მიზიდვით მასში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა, სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ფეხოსანთა ხუთამდე დივიზიამ, დაახლოებით 1000-მა საბრძოლო თვითმფრინავმა და 50-მა ხომალდმა. 

კომბინირებულ საჰაერო-საზღვაო სადესანტო ოპერაციაში მოიერიშე ეშელონის როლი ეკუთვნის საჰაერო-სადესანტო ჯარებს, რომელთა ამოცანაშიც შედის აეროდრომების, პორტების, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ობიექტების დაუფლება მთავარი ძალების გადასროლის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის დარღვევის მიზნით. საჰაერო დესანტის გადასროლის პარალელურად ნავარაუდევია სანაპიროზე საზღვაო ქვეითი ჯარის გადასხმის დაწყება პლაცდარმების დაპყრობის მიზნით. შემდეგ ხორციელედება საჰაერო-საიერიშო ნაწილების გადასროლა, რომელთაც დაეკისრებათ პლაცდარმების შენარჩუნება და გაფართოება, აგრეთვე მოწინააღმდეგის ზურგში რეიდული საბრძოლო მოქმედებების წარმოება. შემდგომში მოწინააღმდეგის განადგურების დასრულებისათვის ნავარაუდევია ამ მეწინავე ძალთა დაჯგუფების გაძლიერება ჰაერითა და ზღვით ქვეითი და მექანიზებული შენაერთების გადასროლით. 

მსგავს ოპერაციებში წარმატების მიღწევის ძირითადი პირობაა მოულოდნელობა, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას უმთავრესად ჯარების სწრაფი გადასროლისა და სწრაფი (стремительные) მოქმედებების ხარჯზე. დღესდღეობით აშშ სამხედრო-საჰაერო ძალებში (სჰძ) არის 76 სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-5A, B და 234 C-141, რომელთა საერთო რაოდენობიდანაც შეიძლება იქნას გამოყოფილი თვითმფრინავების აუცილებელი რაოდენობა სგძ-ის გადასასროლად. იტყობინებიან, რომ აშშ-დან სპარსეთის ყურის ზონაში 82-ე ჰდდ-ის გადასროლისათვის საჭირო იქნება ცხრა დღეღამე, 101-ე ჰიდ-ის – ათი და მსუბუქ ქვეითი დივიზიისა – ოთხი დღეღამე. 24-ე მექანიზებული დივიზიის ზღვით გადასაყვანად 30 დღეღამე არის საჭირო. 

კარგად აღჭურვილ ევროპულ ომთ-ებზე ძლიერი და კარგად შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი სადესანტო ოპერაციების წარმოება შესაძლოა განხორციელდეს ჩრდილო-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ებზე. ყოველწლიურად ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) სწავლებებზე „დისფლეი დეტერმინეიშნი“ შავი ზღვის სრუტეების ზონაში მუშავდება გაერთიანებული დესანტის გადასხმა, რომლის შემადგენლობაშიც ჩართული არიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და იტალიის საჰაერო-სადესანტო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარების ნაწილები. სადესანტო ოპერაციების მომზადებისა და წარმოების საკითხები არქტიკაში და ბალტიის ზღვის სანაპიროზე წყდება ნატო-ს სწავლების „თიმ უორქი“ მსვლელობისას. 

ნატო-ს სარდლობის შეხედულებებით მსხვილი სადესანტო ოპერაციების ჩატარება ცენტრალურ ევროპაში, განსაკუთრებით ომის საწყის ეტაპზე, ნაკლებ სავარაუდოა. ჯარების მაღალი სიმჭიდროვე, ძლიერი საჰაერო თავდაცვის არსებობა და ადგილმდებარეობის ძირითადად ღია (გაშლილი) ხასიათი მნიშვნელოვან სიძნელეებს შეუქმნის მოწინააღმდეგის ზურგში მსხვილი დესანტის გადასროლას. ითვლება, რომ ამ თეატრისათვის დამახასიათებელი იქნება ოპერატიული და ტაქტიკური დესანტების გამოყენება. 

საჰაერო-სადესანტო ჯარების ოპერატიული გამოყენების ძირითად ფორმად ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე განიხილება  ს ა ჰ ა ე რ ო - ს ა დ ე ს ა ნ ტ ო | ო პ ე რ ა ც ი ა,  განხორციელებული მოცემულ თეატრზე სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის ფარგლებში. მასში მონაწილეობის მისაღებად იგეგმება საჰაერო-სადესანტო დივიზიის გამოყენება, რომელიც შეიძლება გადასროლილ იქნას მოწინააღმდეგის ზურგში 200 კმ-მდე სიღრმეზე მნიშვნელოვანი რაიონის ან მიჯნის დაპყრობისა და შენარჩუნებისთვის, კომუნიკაციების დარღვევისა და მისი ჯარების გადმოსროლის ჩაშლისათვის. 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობები საჰაერო-სადესანტო ოპერაციის ჩატარებისათვის იქნება ტაქტიკურ სიღრმეში მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისას და ჰაერში უპირატესობის (აღმატების) მოპოვების შემდეგ, ე. ი. შეტევის მეორე-მესამე დღეს. მის დაწყებამდე 3–4 დღეღამით ადრე საჰაერო-სადესანტო დივიზია უნდა მივიდეს საწყის (ამოსავალ) რაიონში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 200–250 კმ-თაა დაშორებული. აქ იგი განლაგდება ბატალიონებად ჩატვირთვის აეროდრომების მახლობლობაში. ამასთან თითოეულ ბატალიონს დაენიშნება ერთი აეროდრომი. მძიმე ტექნიკის ჩატვირთვა და საპარაშუტო პლატფორმებზე დამაგრება იწყება გადასროლის დაწყებამდე 24 სთ-ით ადრე, პირადი შემადგენლობის ჩასხდომა კი – 2 სთ-ით. 

ამერიკული საჰაერო-სადესანტო დივიზიის სრული შემადგენლობით გადასროლისათვის საჭიროა C-141 და C-5 სატრანსპორტო თვითმფრინავების 400 რეისზე მეტი. დივიზიის გადასროლა დესანტირების რაიონში იგეგმება განხორციელდეს, როგორც წესი, ღამით სამი მარშრუტით 400–500 კმ/სთ სიჩქარით. საკუთარი ჯარების განლაგების თავზე ფრენის სიმაღლეა 2000–3000 მ, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე – 50-დან 1000 მ-მდე, ფრენის დერეფნის სიგანეა 2–4 კმ. დესანტირების რაიონში დივიზიას ენიშნება გადასროლის 10–12 და გადასხმის 4–6 ზონა. პარაშუტისტების გადმოხტომა (выброска) წარმოებს მცირე სიმაღლეებიდან 250–600 მ. შეკრებასა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის მომზადებაზე ბატალიონს ეძლევა 40 წთ. დივიზიას დაესმება ამოცანა დაიპყროს ადგილმდებარეობის უბანი 20–50 კმ-ით ფრონტსა და სიღრმეში ან ორი-სამი მსხვილი ობიექტი. მათი შენარჩუნებისათვის ეწყობა თავდაცვა, რომლის საფუძველსაც შადგენენ საბატალიონო რაიონები და საასეულო საყრდენი პუნქტები, რომლებიც მოწყობილია (აღჭურვილია) წრიული თავდაცვის წარმოებისათვის. საჰაერო-სადესანტო დივიზიას შეუძლია მოქმედებდეს ავტონომიურად ორი-სამი დღეღამის განმავლობაში. 

საზღვარგარეთულ სამხედრო პრესაში არაერთხელ წამოჭრილა საკითხი ა ე რ ო მ ო ბ ი ლ უ რ ი | ო პ ე რ ა ც ი ე ბ ი ს წარმოების შესახებ ევროპულ ომთ-ებზე. თუ ადრე გამოითქმებოდა ეჭვები მსხვილი აერომობილური ფორმირებების გამოყენების ეფექტურობაში ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, ახლა საბრძოლო ვერტმფრენების დაცულობისა და საცეცხლე სიმძლავრის ამაღლებასთან და აერომობილური დივიზიის საჰაერო-საიერიშო დივიზიად გარდაქმნასთან ერთად, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები უშვებენ ასეთი დივიზიის სრული შემადგენლობით გამოყენების შესაძლებლობას ცენტრალურ ევროპაში. 

შეტევაში საჰაერო-საიერიშო დივიზიას, რომელიც იმოქმედებს ჯარების შემტევი დაჯგუფების წინ 100–150 კმ ზოლში, შეიძლება ესმებოდეს ამოცანები მოწინააღმდეგის გეგმაზომიერი უკანდახევისა და მის მიერ შუალედური მიჯნების დაკავების ჩაშლაზე, მისი ბირთვული თავდასხმის საშუალებების, მართვის პუნქტებისა და ზურგის ობიექტების განადგურებაზე ოპერატიულ სიღრმეში, მდინარეზე გადასასვლელებისა და პლაცდარმების დაუფლებაზე მთავარი ძალების მიერ წყლის დაბრკოლებათა სვლიდან გადალახვის უზრუნველყოფისთვის. 

თავდაცვაში საჰაერო-საიერიშო დივიზიას შეიძლება ეკისრებოდეს ჯართა დაჯგუფების საბრძოლო მოწყობაში ღია ფლანგების დაფარვის, მოწინააღმდეგის სოლად შემოჭრილი ძალების განადგურების, მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას კი წინა ხაზის წინ შემკავებელ მოქმედებათა წარმოების ამოცანები. 

ნატო-ს გშძ-ის სწავლებათა გამოცდილებით, აერომობილური ოპერაციების განხორციელებისთვის გაითვალისწინება მოტოქვეითი და სატანკო ქვედანაყოფებით გაძლიერებული საჰაერო-საიერიშო დივიზიის ბაზაზე აერომობილური ბრიგადების შექმნა. მათ შემადგენლობაში ჩვეულებრივ შეიყვანება აერომობილური ქვეითი, ტანკსაწინააღმდეგო სავერტმფრენო, ერთი-ორი მოტოქვეითი (სატანკო) ბატალიონები, საარტილერიო დივიზიონი, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, ე. ი. იქმნება საჰაერო და მიწისზედა ეშელონები. 

საჰაერო ეშელონის შემადგენელი აერომობილური ქვედანაყოფები შეიძლება გადასხდებოდნენ წინა ხაზიდან 10–15 კმ სიღრმეში (არტილერიის სროლის საშუალო სიშორე) დანიშნული ობიექტის ან მიჯნის დაპყრობისა და მოტოქვეითი (სატანკო) ქვედანაყოფების მოსვლამდე მათი შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით. შემდგომში ხორციელდება მორიგი ნახტომი 10–15 კმ-ზე. ასეთი რეიდული ოპერაციების წარმოება შეტევის მთელ ზოლში შეადგენს აერომობილური ოპერაციის საფუძველს. ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობები მისი ჩატარებისათვის შეიქმნება მოწინააღმდეგის თავდაცვის მდგრადობის დარღვევის, მასში რღვევებისა (бреши) და ღია ფლანგების გაჩენის შემდეგ. ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების თვალსაზრისით ყველაზე უფრო მეტი ეფექტი შეიძლება მიღწეულ იქნას საჰაერო-საიერიშო დივიზიის მოქმედებებისას დახურულ საშუალოდ დასერილ ადგილმდებარეობაზე, სადაც მოწინააღმდეგე მოკლებულია მთლიანი (უწყვეტი) თავდაცვის ორგანიზაციის შესაძლებლობას. 

აერომობილურ საბრიგადო ჯგუფს, როგორც წესი, დაენიშნება 15–30 კმ სიგანის ზოლი, საბატალიონოს – 5–10 კმ. ბრძოლაში შეყვანის წინ აერომობილური ქვედანაყოფები იკავებენ ჩატვირთვის რაიონს, რომელიც თითოეულ ბრიგადას განესაზღვრება 25–30 კმ დაშორებაზე წინა ხაზიდან. ბრიგადის საჰაერო ეშელონის გადასხმის რაიონისაკენ ფრენა ხორციელდება ერთი მარშრუტით 2–4 კმ სიგანის საჰაერო დერეფანში მინიმალურ შესაძლო სიმაღლეზე ადგილმდებარეობის რელიეფის შემოვლით. წინასწარ ავიაციის დარტყმებითა და არტილერიის ცეცხლით ნადგურდება ფრენის მარშრუტზე გამოვლენილი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. თუ მარშრუტზე დარჩა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის კერები, მაშინ დივიზიის ბრძოლაში შეყვანის წინ ტარდება მოკლე საცეცხლე მომზადება, რომლის მსვლელობისას არტილერია, საბრძოლო ვერტმფრენები და ტაქტიკური ავიაცია აზიანებენ ცოცხალ ძალასა და საცეცხლე საშუალებებს საყრდენ პუნქტებში, არტილერიის საცეცხლე პოზიციებზე, სამეთაურო პუნქტებსა და მეორე ეშელონებს (რეზერვებს) უახლოეს სიღრმეში. გადასხმის ზონამდე 5–8 კმ დაშორებაზე წარმოებს საბატალიონო, შემდეგ კი საასეულო კოლონებად გაშლა (расхождение) და სარეიდო მოქმედებების წარმოებისათვის დანიშნულ ზოლებზე (მიმართულებებზე) გასვლა. 

საჰაერო-სადესანტო და აერომობილური ოპერაციების ჩატარების თანაბრად როგორც შეტევაში ისე თავდაცვაშიც გაითვალისწინება ტაქტიკური საჰაერო დესანტების ფართო გამოყენებაც. წყვეტენ რა დახმარების აღმოჩენის ზოგად ამოცანას მიწისზედა ჯარებისთვის, რომლებიც უტევენ ფრონტიდან ან იმყოფებიან თავდაცვაში, ასეთი დესანტები განკუთვნილია მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად მოწინააღმდეგის ზურგში, ასევე მისი მართვის დარღვევის, მნიშვნელოვანი მიჯნების, რაიონების, პლაცდარმების დაპყრობისა და შენარჩუნებისთვის. 

„საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის შესაბამისად საჰაერო დესანტები განიხილება „ღრმა დაზიანების“ ერთ-ერთ კომპონენტად, რომელიც (ღრმა დაზიანება) მიეყენება მოწინააღმდეგის პირისპირ მდგომი დაჯგუფების ერთდროული დაზიანების მიზნით მისი ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეზე. საარმიო კორპუსში დესანტის შემადგენლობაში შეიძლება დაინიშნოს ბრიგადა, დივიზიაში – ბატალიონი, ბრიგადაში – ასეული. სწავლებათა გამოცდილების მიხედვით, საარმიო კორპუსის ინტერესებში საჰაერო დესანტი გადაისროლება 50–70 კმ სიღრმეზე, დივიზიისა და ბრიგადის ინტერესებში – 5–10 კმ-ზე. სულ კოალიციური არმიების ჯგუფის შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას შეიძლება 100-ზე მეტი ტაქტიკური საჰაერო დესანტი იქნას გამოყენებული. 

ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობა მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მასშტაბის საჰაერო დესანტების მასობრივი გამოყენებითა და საჰაერო-საიერიშო ჯარების ღრმა რეიდებით შეიძლება იქმნებოდეს მუდმივად მოქმედი ფრონტი მოწინააღმდეგის თავდაცვაში მყოფი ჯარების ზურგში. ეს უნდა უზრუნველყოფდეს შეტევის სწრაფ განვითარებას, მოწინააღმდეგის ჯარების მთავარ დაჯგუფებათა დანაწევრებასა და ნაწილ-ნაწილ განადგურებას ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე და ამით კი – პირველი სტრატეგიული ოპერაციის მიზნების მიღწევას. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1987, № 3. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment