Monday, November 9, 2026

აშშ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია

აშშ შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებული ადგილი უკავია სახმელეთო ჯარების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას (ჰდდ). „ჟოლოსფერი ბერეტები“* ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის აშკარა კეთილგანწყობით სარგებლობენ, რომელიც ამ დივიზიას განიხილავს მაღალმობილურ ზოგადსაჯარისო შენაერთად (*82-ე ჰდდ-ის სამხედრო მოსამსახურეები ატარებენ ჟოლოსფერ ბერეტებს, „რეინჯერების“ ქვედანაყოფებისა – შავს, სპეციალურ ოპერაციათა ძალების – მწვანეს). 

ოფიციალურად 82-ე დივიზია ჩამოყალიბდა 1917 წლის აგვისტოში როგორც ქვეითი და უკვე 1918 წლიდან მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1922 წლიდან გადაყვანილ იქნა ორგანიზებული რეზერვის შემადგენლობაში, ხოლო 1942 წელს კი რეგულარულ ჯარებში და რეორგანიზაციის შემდეგ გარდაიქმნა საჰაერო-სადესანტო დივიზიად. 1943 წლის მაისიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1946 წელს დაბრუნებულ იქნა აშშ კონტინენტურ ნაწილში ფორტ-ბრეგში (ჩრდილოეთ კაროლინის შტატი), რომელიც დღესაც ამ დივიზიის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 82-ე ჰდდ მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში დომინიკის რესპუბლიკაში, ვიეტნამში, გრენადაში, პანამაში. 

აშშ სახმელეთო ჯარებში 82-ე ჰდდ ერთადერთი საჰაერო-სადესანტო დივიზიაა. ორგანიზაციულად იგი შედის 16-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსის შემადგენლობაში, რომელიც გაშლილია აშშ კონტინენტუირ ნაწილში და განკუთვნილია სამოქმედოდ როგორც აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში („სწრაფი გაშლის ძალების“ შემადგენლობაში), ისე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, ევროპული ომის თეატრის ჩათვლით. 

82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია შედგება შტაბისა და საშტაბო ასეულისგან, ბრიგადების სამი შტაბისგან საშტაბო ასეულებით, ცხრა საჰაერო-სადესანტო ბატალიონის, დივიზიის არტილერიის, საარმიო ავიაციის ბრიგადის, საზენიტო დივიზიონისაგან, კავშირგაბმულობის, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ), აგრეთვე საინჟინრო ბატალიონებისაგან, დივიზიის ზურგის სარდლობისა და ორი ცალკეული ასეულისგან – სამხედრო პოლიციისა და მასობრივი დაზიანების იარაღისაგან (მდი) დაცვის. სულ მასში არის 12 600-ზე მეტი ადამიანი. შეიარაღებაში გააჩნია: 54 მსუბუქი ტანკი, 54 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M102, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების 500-ზე მეტი გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ), 140 ნაღმსატყორცნი (60 81-მმ M29A1 და 81 60-მმ M224), 48 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) „ვულკანი“, 69 გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (გზრკ) „სტინგერი“ (საცეცხლე გათვლა), 132 ვერტმფრენი (18 საცეცხლე მხარდაჭერის AH-64 „აპაჩი“, 47 ზოგადი დანიშნულების UH-60 „ბლექ ჰოქი“, 61 სადაზვერვო და ექვსიც რებ-ის), მნიშვნელოვანი რაოდენობით ავტომობილები, მოტოციკლები, რდიოსადგურები, სხვა იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. 

დივიზია შეიძლება წყვეტდეს როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ-სტრატეგიულ ამოცანებსაც. მათ შორის ძირითადია: მოწინააღმდეგისათვის ზურგიდან მოულოდნელი დარტყმის მიყენება, მართვის პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძების, აეროდრომების, ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებათა დაუფლება და განადგურება, ადგილმდებარეობის უბნების, დაბრკოლებებზე გადასასვლელების, პლაცდარმების დაუფლება, მოწინააღმდეგის უკან დახევისა და მისი რეზერვების სიღრმიდან გამოსვლისათვის წინააღმდეგობის გაწევა, თავიანთი ჯარების ალყაშემორტყმული დაჯგუფების გაძლიერება. გარდა ამისა, 82-ე ჰდდ-ის ქვედანაყოფები შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური ოპერაციების ჩასატარებლადაც. 

დივიზიის დესანტირება შეიძლება პარაშუტებით, დაჯდომითა და კომბინირებული ხერხით. დესანტირების რაიონში მას როგორც წესი დაენიშნება გადასროლის 10–12 და გადასხმის 4–5 ზონა. დესანტების გადასროლის (გადასხმის) სიღრმე 10–200 კმ-ია მხარეთა შეხების ხაზიდან. ამერიკელი სპეციალისტები აღნიშნავენ 82-ე ჰდდ-ის ქვედანაყოფების მზადყოფნას ახორციელებდნენ საპარაშუტო ხერხით დესანტირებას ნებისიერ ზღვისიქითა საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ძალებით ოპერატიული დანიშნულების ადგილებში მათი გადასროლის შემდეგ. დესანტის მსგავსი გადასროლები წარმოებდა „ბრაით სთარ“ (ახლო აღმოსავლეთში), „გოლდენ ფეინთ“ (ცენტრალურ ამერიკაში) და სხვა ტიპის სწავლებების მსვლელობისას. 

დასავლურ სამხედრო პრესაში მოყვანილია მაგალითი, რომ დესანტირების რაიონში საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის (დაახლოებით 1000 ადამიანი) გადასროლისათვის საჭიროა 24 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი (C-141 და C-130). პირადი შემადგენლობის გადასროლის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 5 წთ, ტვირთისა – 10 წთ. დესანტის გადასროლა წარმოებს 250–500 მ სიმაღლიდან. წესდებებში აღინიშნება, რომ შეკრებისა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისათვის საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონს ეძლევა 30–40 წთ. 

პენტაგონელი სპეციალისტები 82-ე ჰდდ-ის ნაკლად აღნიშნავენ მის დამოკიდებულებას მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საშუალებათა მარაგის არსებობაზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1990, № 5 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment