Saturday, November 7, 2026

აშშ „მძიმე“ ფორმირებების მოტოქვეითი ბატალიონი

აშშ სახმელეთო ჯარების მოდერნიზაციის პროგრამის „არმია–90“ ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს ყველა შენაერთისა და ნაწილის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფას. ამასთან ამერიკული სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „მძიმე“ ფორმირებების (მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიებისა და ბრიგადების) ორგანიზაციის ოპტიმალური ვარიანტების ძიებას, რომლებიც განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის უმთავრესად ევროპულ ომის თეატრზე. ამ შენაერთებისა და ნაწილების რეორგანიზაცია, როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, მნიშვნელოვანწილად შეეხო მოტოქვეით ბატალიონსაც – მათ შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ ძირითად საბრძოლო ქვედანაყოფს. ხაზი ესმება, რომ ახალი რეორგანიზაცია ერთიანია სახმელეთო ჯარების ყველა მოტოქვეითი ბატალიონისთვის (ცალკეული, აგრეთვე „მძიმე“ დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების შემადგენლობაში შემავალისათვის). 

საზღვარგარეთული პრესის მონაცემებით, მოტოქვეითი ბატალიონი ორგანიზაციულად შედგება შტაბისა და ექვსი ასეულისაგან (საშტაბო, ოთხი მოტოქვეითი, ტანკსაწინააღმდეგო). 

შტაბი (22 ადამიანი) განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვისა და მართვის, პირადი შემადგენლობის აღრიცხვის, როგორც საშტატო ისე ბატალიონისთვის მიცემული ქვედანაყოფების საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ორგანიზებისათვის. შტაბში არის ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) M2 „ბრედლი“ და სამი სამეთაურო-საშტაბო მანქანა (მშმ) M577A1. 

საშტაბო ასეული (319) ასრულებს საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ამოცანებს. იგი მოიცავს მართვის სექციას (ექვსი ადამიანი, ორი მშმ M577A1) და ექვს ოცეულს: სადაზვერვო (23, მართვა ორ საბრძოლო-სადაზვერვო მანქანაზე /ბდმ/ M3 და ორი სადაზვერვო სექცია ორ-ორ ბდმ M3-ზე), ნაღმსატყორცნების (34, მართვა ორ ავტომობილზე M966, და ნაღმსატყორცნების ორი სექცია, თითოეულში მშმ M577A1 და სამი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2), კავშირგაბმულობის (12, ორი ჯავშანტრანსპორტერი /ჯტრ/ M113A1, მართვა და ორი სექცია: რადიო- და მავთულიანი კავშირგაბმულობისა), სამედიცინო (47, მართვა, პირველი სამედიცინო დახმარების პუნქტი და საევაკუაციო სექცია, რომელშიც არის რვა ჯტრ M113A1), უზრუნველყოფის (112, 58 ავტომობილი, მართვა მშმ M577A1-ზე და სამი სექცია: სატრანსპორტო, საწვავით გაწყობისა და კვების), სარემონტო (79, ხუთი ჯტრ M113A1, მართვა და რვა სექცია: ადმინისტრაციული, სარემონტო, შტაბისა და საშტაბო ასეულის ტექნიკური უზრუნველყოფის, ოთხი მოტოქვეითი ასეულების ტექნიკური უზრუნველყოფისა და ერთიც ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ტექნიკური უზრუნველყოფის). სულ შტაბსა და საშტაბო ასეულში არის 341 ადამიანი, ორი ქსმ M2 „ბრედლი“ და ექვსი ბდმ M3, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, 22 7,62-მმ ხელის ტყვიამფრქვევი M60, 15 ჯტრ M113A1, რვა მშმ M577A1. 

მოტოქვეითი ასეული (116) წარმოადგენს ბატალიონის ძირითად საბრძოლო ერთეულს და შედგება მართვისა და სამი მოტოქვეითი ოცეულისაგან. მართვა მოითვლის 11 ადამიანს (ასეულის მეთაურობის ჩათვლით), ქსმ M2 „ბრედლის“ და ჯტრ M113A1-ს. მოტოქვეით ოცეულს (35) აქვს მართვის სექცია (რვა ადამიანი, ქსმ M2 „ბრედლი“) და სამი მოტოქვეითი ათეული, რომელთაგან თითოეულში ცხრა ადამიანია (ათეულის მეთაური, მისი მოადგილე, ქსმ-ის დამმიზნებელ-ოპერატორი, მძღოლ-მექანიკოსი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „დრაკონის“ გასაშვები დანადგარის /ტსმრ გდ/ ოპერატორი, მეტყვიამფრქვევე, ორი მეავტომატე, მსროლელ-ყუმბარმტყორცნელი), ტსმრ გდ „დრაკონი“ და ქსმ M2 „ბრედლი“. ბრძოლაში ასეული შეიძლება იყოფოდეს საცეცხლე ჯგუფებად. ასეულში არის 13 ქსმ M2 „ბრედლი“, ჯტრ M113A1, ცხრა ტსმრ გდ „დრაკონი“, ცხრა 7,62-მმ ხელის ტყვიამფრქვევი M60, 18 5,56-მმ ტყვიამფრქვევი M249, 74 ავტომატური შაშხანა M16A1, 18 შაშხანის (ლულისქვეშა) ყუმბარსატყორცნი M203 და სხვა შეიარაღება. 

ტანკსაწინააღმდეგო ასეული (65) წარმოადგენს მოტოქვეითი ბატალიონის მეთაურის მობილურ ტანკსაწინააღმდეგო რეზერვს. იგი მოიცავს მართვას (სამი ადამიანი, ჯტრ M113A1) და სამ ტანკსაწინააღმდეგო ოცეულს; თოთოეულში არის 20 ადამიანი, მართვა (ოთხი ადამიანი, ჯტრ M113A1), ოთხი ტანკსაწინააღმდეგო სექცია (თითოეულში ოთხ-ოთხი ადამიანი და თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი /ტსრკ/ „თოუ“M901). ასეულში მოითვლება 12 ტსრკ „თოუ“ M901, ოთხი ჯტრ M113A1, 12 7,62-მმ ხელის ტყვიამფრქვევი M60 და სხვა შეიარაღება. 

ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, ბატალიონის ასეთი ორგანიზაცია ამაღლებს მის საბრძოლო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მის უფრო მეტ დამოუკიდებლობას ბრძოლის ველზე. აღინიშნება, რომ მოტოქვეით ბატალიონში ასეულების რაოდენობის ოთხამდე გაზრდა (მანამდე ისინი იყო სამი) შესაძლებლობას მისცემს მეთაურს შეუტიოს ერთდროულად ორ ობიექტს და არა ერთს, როგორც ეს იყო ადრე. 

შეტევის დროს მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებს, როგორც წესი, დივიზიის ბრიგადის შემადგენლობაში პირველ ან მეორე ეშელონში (რეზერვში) მთავარ ან მეორეხარისხოვან მიმართულებაზე. ცალკეულ შემთხვევებში ბატალიონი შეიძლება დამოუკიდებლად ასრულებდეს საბრძოლო ამოცანებს. მის ბაზაზე ბრძოლაში ივარაუდება საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების შექმნა ორი-სამი მოტოქვეითი და ერთი-ორი სატანკო ასეულებისგან, სადაზვერვო, საზენიტო-საარტილერიო, საინჟინრო და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფებისგან. საზღვარგარეთული პრესის ცნობებით, მოტოქვეით ბატალიონს შეუძლია უტევდეს 2–3,5 კმ სიგანის ფრონტზე, ცალკეულ შემთხვევებში კი 5 კმ-მდეც (ასეულებს შორის შუალედების გაზრდის ხარჯზე). ბატალიონს დაენიშნება უახლოესი და შემდგომი ამოცანები (ობიექტები), რომელთა დაშორება წინა ხაზიდან შეიძლება აღწევდეს შესაბამისად 3–4 და 6–8 კმ. 

თავდაცვაში მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებს ბრიგადის შემადგენლობაში, იმყოფება რა მის პირველ ან მეორე ეშელონში (რეზერვში). იგი შეიძლება ასრულებდეს დამოუკიდებელ ამოცანასაც, იმოქმედებს რა საერთო დაცვის სახით წინა ხაზიდან 8–10 კმ დაშორებით, ან დაფარვის ჯარების შემადგენლობაში, რომელიც იგზავნება 25 კმ და მეტ დაშორებაზე თავდაცვის წინა ხაზიდან. თავდაცვის ორგანიზებისთვის მოტოქვეითი ბატალიონი შეიძლება გაძლიერებულ იქნას სატანკო, საარტილერიო, საინჟინრო ქვედანაყოფებით. ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, რომ ბატალიონს ენიშნება თავდაცვის რაიონი, რომლის სიგანეც ფრონტში შეიძლება აღწევდეს 5 კმ, სიღრმეში კი – 3 კმ. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1989, № 7. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment