Sunday, November 8, 2026

აშშ სატანკო ბატალიონი

ამერიკული სამხედრო ბეჭდური გამოცემების ცნობებით სახმელეთო ჯარებში ძირითადად დასრულებულია რეგულარული არმიისა და ორგანიზებული რეზერვის სატანკო ბატალიონების ახალ საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაზე გადაყვანა. დღესდღეობით სატანკო ბატალიონი მოიცავს შტაბსა და ხუთ ასეულს (საშტაბო და ოთხიც სატანკო). 

შ ტ ა ბ ი  (27 ადამიანი) ახორციელებს ბატალიონის საშტატო და მიცემული ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებების მართვას, ორგანიზებას უკეთებს მათ საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფას. მშვიდობიანობის დროს მას ევალება საბრძოლო მომზადების დაგეგმვისა და ჩატარების, პირადი შემადგენლობის აღრიცხვის, ბატალიონის ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის ამოცანები. 

ს ა შ ტ ა ბ ო | ა ს ე უ ლ ი  (289) განკუთვნილია ბატალიონის საბრძოლო ქვედანაყოფების საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფისთვის. იგი შედგება მართვის სექციისა (13 ადამიანი, ორი ტანკი M1 „აბრამსი“) და ექვსი ოცეულისაგან: სადაზვერვო (29, მართვა ორ საბრძოლო-სადაზვერვო მანქანაზე /ბდმ/ M3 და ორი სადაზვერვო სექცია ორ-ორ ბდმ-ზე M3), ნაღმსატყორცნების (34, მართვა ორ ავტომობილზე M998 და ნაღმსატყორცნების ორი სექცია, თითოეულში სამეთაურო-საშტაბო მანქანა /მშმ/ M577A1 და სამი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2), კავშირგაბმულობის (12, ორი ჯავშანტრანსპორტერი /ჯტრ/ M113A1, მართვა და ორი სექცია: რადიო- და მავთულიანი კავშირგაბმულობის), სამედიცინო (31, მართვა, პირველი სამედიცინო დახმარების პუნქტი და საევაკუაციო სექცია, რომელშიც არის ექვსი ჯტრ M113A1), უზრუნველყოფის (98, მშმ M577A1 და სამი სექცია: სატრანსპორტო, საწვავით გაწყობისა და კვების), სარემონტო (72, სამი ჯტრ M113A1, მართვა და შვიდი სექცია: ადმინისტრაციული, სარემონტო, შტაბისა და საშტაბო ასეულის ტექნიკური უზრუნველყოფის, ოთხიც – სატანკო ასეულების ტექნიკური უზრუნველყოფის). სულ შტაბსა და საშტაბო ასეულში მოითვლება პირადი შემადგენლობის 316 ადამიანი, ორი ტანკი M1 „აბრამსი“, ექვსი ბდმ M3, ექვსი 106,7-მმ თითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, რვა მშმ M577A2, 11 ჯტრ M113A1 და სხვა შეიარაღება. 

ს ა ტ ა ნ კ ო | ა ს ე უ ლ ი (61) – ბატალიონის ძირითადი საბრძოლო ერთეული – შედგება მართვისა და სამი სატანკო ოცეულისაგან. ასეულის მართვა მოიცავს ორ სექციას: მართვისა (ექვსი ადამიანი, ორი ტანკი M1 „აბრამსი“) და მომარაგების (4, ორი ავტომობილი). სატანკო ოცეულში არის 16 ადამიანი და ოთხი ტანკი M1 „აბრამსი“. სულ ასეულში მოითვლება 14 ტანკი M1 „აბრამსი“. 

საზღვარგარეთული სამხედრო ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, სატანკო ბატალიონის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხვი და მის შეიარაღებაში არსებულ საბრძოლო ტექნიკის ძირითად სახეობათა ერთეულების რაოდენობაა: 560 ადამიანი, მათ შორის 41 ოფიცერი და უორენთ ოფიცერი, 58 ტანკი M1 „აბრამსი“, ექვსი ბდმ M3, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, რვა მშმ M577A2, 11 ჯტრ M113A1, დაახლოებით 90 ავტომობილი, 170-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება. 

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მთავარი განსაკუთრებულობა ახალი ორგანიზაციისა, რომელიც ერთიანია სახმელეთო ჯარების ყველა სატანკო ბატალიონისათვის, როგორც ცალკეულის, ისე ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების შემადგენლობაში შემავალის, გახლავთ ოთხი სატანკო ასეულის არსებობა (ადრე იყო სამი), რომლებიც უფრო მცირეა პირადი შემადგენლობის რიცხოვნებისა და ტანკების რაოდენობის მიხედვით, აგრეთვე საშტაბო ასეულში პირადი შემადგენლობისა და ქვედანაყოფების რიცხვის გაზრდა. მათი აზრით, ამან უნდა უზრუნველყოს სატანკო ბატალიონის კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით მთავარი ძალებისგან მოწყვეტით მოქმედებისას, და კიდევ შესაძლებლობა შეუტიოს ერთდროულად ორ ობიექტს. 

ამერიკულ წესდებებში აღნიშნება, რომ სატანკო ბატალიონი შეიძლება აწარმოებდეს ბრძოლას, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში, იმოქმედებს რა მის პირველ ან მეორე ეშელონში, მთავარ ან იშვიათად მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, რეზერვში ან დაფარვის ჯარებში. ზოგიერთ შემთხვევაში ბატალიონი შეიძლება ასრულებდეს საბრძოლო ამოცანას დამოუკიდებლადაც. მის საფუძველზე ბრძოლის მსვლელობისას ვარაუდობენ იქმნებოდეს საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები ორი-სამი სატანკო და ერთი-ორი მოტოქვეითი ასეულების, სადაზვერვო, საზენიტო, საინჟინრო და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფების შემადგენლობით. ბატალიონის საბრძოლო მოქმედებებს შეიძლება მხარი დაეჭიროს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების M109A2 ბატარეის (დივიზიონის) და (ან) საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების ქვედანაყოფის ცეცხლით. 

შ ე ტ ე ვ ი ს  დროს სატანკო ბატალიონის შეტევის ფრონტის სიგანე შეიძლება იყოს 3 კმ და მეტი, ცალკეულ შემთხვევებში 5 კმ-მდეც. უახლოესი ამოცანა (ობიექტი) დაესმება მას 4–5 კმ სიღრმეში, მომდევნო – 10 კმ-მდე. წინასაბრძოლო და საბრძოლო რიგებში ბატალიონის გაშლის მიჯნები შეადგენს შესაბამისად 5–6 და 2–3 კმ მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზიდან, შეტევაზე გადასვლის მიჯნები – არანაკლებ 1 კმ. ბრიგადის პირველ ეშელონში მოქმედი სატანკო ბატალიონი შეიძლება აწყობდეს თავის საბრძოლო რიგებს ერთ, ორ ან სამ ეშელონად, ამასთან შვერით მარჯვნივ (მარცხნივ) და კუთხით წინ (უკან). 

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი  ბატალიონს დაენიშნება თავდაცვის რაიონი ზომებით 3–5 კმ ფრონტსა და სიღრმეში. საბრძოლო რიგები ეწყობა ორ ეშელონად, მეორე ეშელონის ქვედანაყოფებს დაენიშნება (მიეთითება) კონტრშეტევების მიჯნები. ბატალიონის თავდაცვის წინა ხაზიდან 3 კმ-მდე დაშორებით (მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობის შემთხვევაში) ეწყობა (აღიჭურვება) საბრძოლო დაცვის პოზიციები. სატანკო ბატალიონი შეიძლება იგზავნებოდეს წინ უზრუნველყოფის ზოლში დივიზიის თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა ხაზიდან 15–50 კმ დაშორებაზე მოქმედებებისთვის დაფარვის ჯარების შემადგენლობაში. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1989, № 11. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment