Monday, September 7, 2026

ერთი სატკივარი ისტორიულ თემაზე

1990 წელს მეგობარ-თანამოაზრეთა ერთმა ჯგუფმა, მამუკა წურწუმიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დავაარსეთ სამხედრო-ისტორიული ჟურნალი „მხედარი“, რომელიც 91–94 წლებში გამოდიოდა (სულ ექვსი თუ შვიდი ნომერი იქნა გამოშვებული, რომლებიც მე მაშინდელ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში /ახლა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა/ მიმქონდა, და იქ შეიძლება მათი ნახვა). ამ ჟურნალის მასალებზე მუშაობისას გვიხდებოდა მგზავრობა საბურთალოს განაპირა რაიონში, ცნობილი УВМ-ის შენობის იქით, სადაც ერთ-ერთ შედარებით მცირე ინსტიტუტში კომპიუტერზე გვიკეთებდნენ ჟურნალს. ერთხელაც იკარუსით მივემგზავრებოდი იქით, რათა აწყობილი მორიგი ტექსტის კორექტურა გამეკეთებინა. გზა საკმაოდ შორი იყო და ავტობუსში ვუსმენდი რადიოთი პარლამენტის სხდომის ტრანსლჲაციას, სადაც ერთ-ერთი დეპუტატი „მრგვალი მაგიდის“ ფრაქციიდან, თუ სწორად მახსოვს, ალექსანდრე ქობულაშვილი, ლაპარაკობდა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოუწოდა ცნობილ ქართველ ისტორიკოსებს დამჯდარიყვნენ საერთო მაგიდასთან ოსური სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებთან, განეხილათ ქართულ-ოსური ისტორიული ურთიერთობების საკითხები და დაერწმუნებინათ ისინი მათი მისწრაფებების უსამართლობასა და უსაფუძვლობაში. ქართველი ისტორიკოსები მხნედ და ხალისით შეხვდნენ ამ წინადადებას და დაპირდნენ ხელისუფლებას, რომ თავს გაართმევდნენ ამ მოლოდინს და შეძლებდნენ ოსი აქტივისტების დარწმუნებას ქართული მხარის სისწორესა და სიმართლეში. მაგრამ, როგორც ეს დეპუტატი ამბობდა, ასეთი რამ ქართველმა ისტორიკოსებმა ვერ შეძლეს, არ ეყოთ მათ საამისოდ ცოდნა და საზრიანობა. 

თან იმ ხანებში ოსური სეპარატისტული მოძრაობა ახლად იდგამდა ფეხს, ოსი ხალხი მას თავის მასაში მხარს ძალიან უხალისოდ თუ უჭერდა, რადგანაც სეპარატიზმის უსამართლობას აშკარად ხედავდნენ, მაგრამ, ძალა თუ მათი მოწოლა თავისას აიძულებდათ. არ ვიცი, რატომ ვერ დააჯერეს ქართველმა ისტორიკოსებმა ოსი აქტივისტები ქართული მხარის სიმართლეში, რატომ ვერ ეყოთ მათ საამისოდ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და უნარები. და ამის შემდეგ ოსური სეპარატიზმი სულ უფრო ძლიერდებოდა, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ გავიდა წლები, 2010 წელს ახლობელი დამეხმარა „გუგლში“ ჩემი ბლოგის შექმნაში, რომლის ძირითადი თემებიც გახლავთ „თავდაცვა და ისტორია“, ხოლო ამ უკანასკნელში კი უფრო მეტად რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხები. 

2012 წლის მიწურულს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნში Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе, томъ I, книга I, Санктпетербургъ, 1871. ვნახე ვრცელი წერილი ოსების შესახებ, რომელსაც წიგნში უკავია გვერდები 282-დან 366-ის ჩათვლით და მასში შედის ოთხი თავი: თავი I. ოსების მიერ დაკავებული ადგილი და მათი დაყოფა საზოგადოებებად. – ოსის დახასიათება და მისი ეკონომიკური ყოფა. თავი II. ოსური აული. – ოსის სახლი. – ტანისამოსი. – რელიგია. – დღესასწაულები. – ექიმბაშები (Знахари и знахарки). – თილისმები. – ჯადოქრობა. – ცრურწმენა. – ლეგენდები. თავი III. ოსთა საქორწინო წეს-ჩვეულებები. – საკვები. – საოჯახო ყოფა. – შობა. – დაკრძალვა. – სახოტბო სიმღერები და იმპროვიზაცია. თავი IV. სახალხო მმართველობა. – წოდებათა წარმოშობა და მათი უფლებები. – სისხლის აღება. – საზღაური სისხლის დაღვრისა და სხვა ბოროტმოქმედებათა გამო. – სტუმართმოყვარეობა. 

ქვემოთ მოვიყვან ამონარიდს პირველი თავიდან: 

„მთიანი ოსეთის (იგულისხმება ჩრდილოეთ ოსეთი – ი. ხ.) უმეტესი ნაწილის ნიადაგის მცირე მწარმოებლურობამ მიიყვანა მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბემდე. ოსები ყოველთვის განიცდიდნენ არა მხოლოდ იმ საგნების უკმარისობას, რომლებიც არ იყო საკუთარ ქვეყანაში, მაგალითად მარილისა, არამედ არსობის პურისაც კი. ხვნა-თესვისთვის მოსახერხებელ მიწას ამ დრომდეც კი გაუგონარი ფასი აქვს: ის იმ ცხოველის ფასი ღირს, რომელიც მასზე დაეტევა. მიწის ნაგლეჯი, რომელსაც დაიკავებს მწოლიარე ძროხა, ძროხის ფასი ღირს; მეორე ცხვრის ფასი და სხვა. ეს მცირემიწიანობა იყო იმის მიზეზი, რომ ოსების ნაწილი გადასახლდა მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე და ნებაყოფლობით მისცა საკუთარი თავი ქართველ მემამულეთა კაბალაში. დაიკავეს რა კუდარის (Кударовское), დიდი და პატარა ლიახვის, რეხულას, ქსნისა და მისი შენაკადების ხეობები, ოსები იქცნენ თავადების ერისთავებისა და მაჩაბლების ყმა-გლეხებად. ეს გადასახლებულები შეადგენენ კიდეც ეგრეთ წოდებული სამხრეთელი ოსების დასახლებებს და, თავის მხრივ, იყოფიან ასევე ბევრ წვრილ საზოგადოებად, რომლებიც ატარებენ მათი საცხოვრებელი ხეობების სახელებს. ასე, ისინი იყოფიან ქსნის, კუდარის, ლიახვის, ღუდუშაურის, მაღლადოლეთის (Магладолетскихъ, მაღრან-დვალეთის /?/), ჯამურისა და სხვა საზოგადოებებად. ბევრი ოსი დაესახლა მთიულეთსა და ხევის ხეობაში. სამხრეთ კალთის მხოლოდ არცთუ ბევრი საზოგადოებისა და დაბლობ (ზეგან) ადგილას მცხოვრებთა გამოკლებით, ყველა დანარჩენი ოსები ღარიბები არიან, თითქმის შიშვლები ან სულ უკანასკნელ ხარისხამდე ცუდად ჩაცმულნი; ცხოვრობენ მიწურებში ან დანგრეულ კოშკებში და მიტოვებულ სიმაგრეებშიც კი. მიუხედავად ამისა, ოსი ყოველთვის მხიარულია, ყოველთვის უდარდელი“. 

(აქ მოვიყვანთ ზემო აბზაცის რუსულ ორიგინალურ ტექსტს: «Малая производительность почвы большей части горной Осетiи довела населенiе до крайней бедности. Осетины всегда терпели недостатокъ не только въ предметахъ, которыхъ не было въ собственной стране, напримеръ соли, но даже въ насущномъ хлебе. Земля, удобная для хлебопашества и до сихъ поръ имеетъ неслыханную цену: стоитъ того животнаго, которое можетъ на ней поместиться. Кусокъ земли, который займётъ лежащая корова, ценится въ корову; другой въ овцу и проч. Эта малоземельность была причиною, что часть осетинъ переселилась на южный склонъ Главнаго хребта и добровольно отдала себя въ кабалу грузинскихъ помещиковъ. Занявъ ущелья: Кударовское, Большой и Малой Лiяхви, Рехулы, Ксани и ея притоковъ, осетины стали крепостными князей Эристовыхъ и Мочабеловыхъ. Эти переселенцы и составляютъ поселенiя такъ называемыхъ южныхъ осетинъ и, въ свою очередь, делятся так же на многiя мелкiя общества, носящiя названiе по именамъ ущелiй ими обытаемыхъ. Такъ, они делятся на Ксанскихъ, Кударскихъ, Лiяхвскихъ, Гудошаурскихъ, Магладолетскихъ, Джамурскихъ и другихъ. Много осетинъ поселилось въ Мтiулетiи и Хевскомъ Ущелье. За исключенiемъ только немногих обществъ южнаго склона и живущихъ на плоскости, все остальные осетины бедны, почти голы или до последней степени плохо одеты; живутъ въ землянкахъ или развалившихся башняхъ и даже въ оставленныхъ укрепленiяхъ. Не смотря на то, осетинъ всегда веселъ, всегда безпеченъ».) 

ეს ერთი აბზაციც კი საკმარისი იყო იმისათვის, რათა ქართველ ისტორიკოსებს ოსი სეპარატისტი აქტივისტები გაეჩუმებინათ, თანაც ეს ტექსტი რუსი აკადემიკოსისა და გენერალ-ლეიტენანტის, სამხედრო ისტორიკოსის მიერა დაწერილი და 1871 წელს, იმ ბედუკუღმართ დისკუსიამდე 119 წლით ადრე წიგნში გამოქვეყნებული. და რატომ არ იცოდნენ ეს ქართველმა ისტორიკოსებმა? ხოლო თუ მათ შორის რომელიმემ იცოდა, რატომ გაჩუმდა, რატომ დამალა? ამ ბოლო ხანებში როცა „ფეისბუქზე“ დისკუსიაში ეს საკითხი გავიხსენე, ზვიად გამსახურდიასთან დაახლოებულმა მისმა თანამოაზრემ და თანამებრძოლმა ბ-ნმა ზაზა ჯაფარიძემ დამიწერა კომენტარში, რომ ზვიადი გაოგნებული და გაცეცხლებული იყო ასეთი მდგომარეობის გამოო. მეტი რაღა უნდა ვთქვათ? ასეთი ხალხისა და „მამულიშვილების“ ხელშია ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლა და ცხოვრებაში მისი გამოყენება. „მეტი არაა ჩემი მტერი“ – როგორც იტყვის ჭკუათმყოფელი ქართველი, და დაამატებს: ვაი ჩვენს ბედს, უკუღმართს. 

ირაკლი ხართიშვილი

 

No comments:

Post a Comment