ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების განცხადებებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯარების მაღალი მანევრულობისა და ქვეითი ჯარის იარაღის ძლიერად გაზრდილი საცეცხლე სიმძლავრისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ტანკებისა და მექანიზებული (მოტორიზებული) ქვეითი ჯარის მჭიდრო ურთიერთმოქმედება. 1970-იანი წლების დასაწყისში ქვეითი ჯარისთვის ძნელი იყო ქვეით საბრძოლო რიგებში მოქმედებისას მანევრული ბრძოლის წარმოება და ტანკებთან ურთიერთმოქმედება. ამის შედეგად კაპიტალისტური ქვეყნების არმიების სარდლობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ) შექმნასა და ტავშანტრანსპორტერების (ჯტრ) შემდგომ განვითარებას. უცხოელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ამ მანქანების ფართო გამოყენება აამაღლებდა ქვეითი ჯარის ტაქტიკურ მობილურობას და საშუალებას მისცემდა მას საბრძოლო მოქმედებები საერთო საბრძოლო რიგებში ეწარმოებია. ხოლო ქვეითი ჯარი კი თავის მხრივ შეძლებდა ჯტრ-ებისთვის აუცილებელი მხარდაჭერა აღმოეჩინა.
ჯავშანტრანსპორტერებს საზღვარგარეთ მაღალი მოთხოვნები წაეყენებოდა. მათ მაღალი ძვრადობა (подвижность) და მოძრაობის სიჩქარე, აგრეთვე დასერილ ადგილმდებარეობაზე და სხვადასხვა ამინდის კლიმატურ პირობებში დიდი გამავლობა უნდა ჰქონოდათ; თავიანთ სადესანტო განყოფილებაში არანაკლებ ერთი ქვეითი ათეულისა დაეტიათ; პირადი შემადგენლობა ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან, აგრეთვე რადიოაქტიური და მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედებისგან საიმედოდ დაეცვათ; კარგი სიცოცხლისუნარიანობა (живучесть) და აეროტრანსპორტანელურობა ჰქონოდათ; წარმოებისა და ექსპლუატაციის ღირებულება კი მაღალი არ უნდა ყოფილიყო. ჯტრ-ების შეიარაღებას უნდა უზრუნველეყო ეფექტური ბრძოლა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, აგრეთვე მსუბუქად მოჯავშნული მიწისზედა და დაბლამფრენი საჰაერო მიზნების წინააღმდეგ.
კაპიტალისტური ქვეყნების არმიების ჯტრ-ები გამოიყენებოდა სატრანსპორტო, სადაზვერვო, საკომანდო-საშტაბო, კავშირგაბმულობისა და სანიტარული მანქანების სახით, აგრეთვე საცეცხლე საშუალებების მატარებლადაც. სადაზვერვო ჯტრ-ებს სატყვიამფრქვევო-საზარბაზნე შეიარაღება და მეთვალყურეობისა და ინსტრუმენტული დაზვერვის აუცილებელი ხელსაწყოები გააჩნდათ. საკომანდო-საშტაბო მანქანები და კავშირგაბმულობის მანქანები კი სხვადასხვა რადიოსადგურებით იყო აღჭურვილი. სანიტარული ჯტრ-ები უშუალოდ ბრძოლის ველიდან დაჭრილების საევაკუაციოდ გახლდათ განკუთვნილი. ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერის ჯტრ-ებზე სწრაფმსროლ ავტომატურ ზარბაზნებს, ტყვიამფრქვევებს ან ნაღმსატყორცნებს აყენებდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის წლებში იქნა აწყობილი ნახევრადმუხლუხიანი ჯტრ-ების წარმოება. სულ 41000 ჯტრ გამოუშვეს, რომელთა ნაწილიც ზოგიერთი კაპიტალისტური ქვეყნის, მაგალითად ისრაელის, არმიების შეიარაღებაში 1970-იანი წლების დასაწყისშიც იმყოფებოდა. 1961 წელს აშშ თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით პირველი 900 მცურვი მუხლუხებიანი ჯტრ M113 იქნა გამოშვებული. შემდგომი ათი წლის განმავლობაში ჯტრ M113-ის ბაზაზე სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 40000 საბრძოლო მანქანა დაამზადეს. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ისინი თითქმის 30 ქვეყნის არმიების შეიარაღებაში შედგებოდა. ზოგიერთი ქვეყანა კი ასეთ მანქანებს ამერიკული ლიცენზიებით აწარმოებდა.
უცხოელი სპეციალისტები ჯტრ M113-ის შემდეგ დამახასიათებელ თავისებურებებს აღნიშნავდნენ: შედარებით მცირე წონა (10,4 ტ), მაღალი გამავლობა და მანევრულობა, დიდი ტვირთამწეობა, საიმედო ჯავშანდაცულობა. ჯტრ M113-ის კვანძებისა და აგრეგატების უნიფიკაციამ საშუალება მისცათ მის ბაზაზე სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო მანქანების დაახლოებით ათი ნიმუში შეექმნათ. ამასთან ერთად ამერიკული ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე მიუთითებდნენ, რომ სამხრეთ ვიეტნამში ომის დროს ჯტრ M113-ის არსებითი ნაკლოვანებებიც გამოვლინდა. სახელდობრ, მის მიერ გადაყვანილი ფეხოსანთა ათეულის პირად შემადგენლობას (9 ადამიანი), ბორტებში ამბრაზურების არარსებობის გამო არ შეეძლო მოძრაობის დროს პირადი იარაღიდან ცეცხლი ეწარმოებინა.
სამხრეთ ვიეტნამში ომის მსვლელობისას ჯტრ M113-ის ბაზაზე აშშ-ში შექმნეს და საბრძოლო პირობებში გამოსცადეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ქსმ) XM-701 და XM-765 და ჯტრ XM734, თუმცა კი მათ შემდგომში ვერ ჰპოვეს განვითარება. ყველა ისინი ჯტრ M113-გან მეტი წონითა და გაბარიტებით, შეიარაღების შემადგენლობითა და სავალი თვისებებით (ходовые качества) განსხვავდებოდნენ. ამ მანქანების კორპუსში სასროლი იარაღიდან სროლისთვის ამბრაზურები იყო გაკეთებული. თუმცა კი, როგორც სამხრეთ ვიეტნამში ბრძოლების გამოცდილებამ უჩვენა, ჯარისკაცები ამ ამბრაზურებს იშვითად იყენებდნენ და ცეცხლის წარმოებას ზედა ლუკებიდან ან მანქანების სახურავებიდან ამჯობინებდნენ.
გაუმჯობესებულ იქნა აგრეთვე მუხლუხებიანი ჯტრ M114. 1964 წელს შეიარაღებაში მიღებულ მის მოდერნიზებულ ვარიანტს M114A1 (ნახ. 1) უძრავი სამეთაურო კოშკის ნაცვლად მბრუნავი კოშკი ჰქონდა. გარდა ამისა, მეთვალყურეობის ორი უძრავი პერისკოპული ხელსაწყო ერთი მბრუნავით იქნა შეცვლილი.
ამერიკული ჯარები სამხრეთ ვიეტნამში ომის დროს ასევე მცურავი მუხლუხებიანი ჯტრ M116-ის ბაზაზე შექმნილ მსუბუქ მცურავ მუხლუხიან ჯტრ-ებს M733 და M733E1 იყენებდნენ, რომლებიც ძირითადად ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და ტვირთების გადატანისთვის იყო განკუთვნილი. ამ მანქანებს, რომლებიც 9-9 ადამიანს იტევდა, მძღოლის ჩათვლით, შედარებით უფრო დაბალი სილუეტი და საიმედო ჯავშანდაცვა ჰქონდა. ჯტრ M733 კორპუსის სახურავზე ღიად დაყენებული 40-მმ ავტომატური ყუმბარსატყორცნით, აგრეთვე 7,62 და 12,7 მმ კალიბრის ორი ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული. ჯტრ M733E1-ში კი შეიარაღება მბრუნავ კოშკურაში იყო დაყენებული.
საზღვაო სადესანტო ოპერაციებში გამოყენებისთვის . . . . . . . . . . . . . . .
[ზემოთ შემოთავაზებული ამონარიდი არის წერილიდან "უცხოური არმიების ჯავშანტრანსპორტერები" რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ "ზარუბეჟნოე ვოენნოე ობოზრენიეს" 1974 წ. მე-8 ნომერში. ვინაიდან ეს ამონარიდი იყო განკუთვნილი წიგნისათვის თურქეთის შეიარაღებული ძალების შესახებ, შემოვიფარგლეთ ამერიკული ჯავშანტრანსპორტერის M113 განხილვით, რომელიც შედგებოდა თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში]
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment