მშვიდობიანობის დროს საჟანდარმო ჯარებს მთლიანობაში ეკისრებოდა «საზოგადოებრივი უსაფრთხოების» უზრუნველყოფის, სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დაცვის, აგრეთვე კონტრაბანდასა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის ამოცანები. ომიანობის დროს საჟანდარმო ჯარების ყველა ქვედანაყოფი, ნაწილი და შენაერთი, სტაციონარული (ტერიტორიული) ფორმირებების გამოკლებით, გენერალური შტაბის უშუალო დაქვემდებარებაში გადადიოდა, რეგულარული შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობაში ჩაირთვებოდა და სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებებთან და შენაერთებთან ერთობლივად მოქმედებდა.
საჟანდარმო ჯარების რიგითი შემადგენლობით დაკომპლექტება 1970-იან წლებში საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე ხორციელდებოდა. მის პირად შემადგენლობას სამხედრო მოსამსახურეებისთვის დადგენილი ყველა სახეობის კმაყოფა და შეღავათი განესაზღვრებოდა: ფორმის ტანსაცმელი, განსხვავების ნიშნები, სამხედრო წოდებები და ა. შ. ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრების ნამსახურების ვადები ისეთივე იყო, როგორც სახმელეთო ჯარებში. რიგითი შემადგენლობის ნამდვილი სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა ორი წელი გახლდათ.
საჟანდარმო ჯარების უშუალო ხელმძღვანელობისთვის სპეციალური სარდლობა იყო შექმნილი, რომლის სათავეშიც იმყოფებოდა სარდალი. 1975 წლის 30 აგვისტოდან, მაგალითად, ამ თანამდებობაზე არმიის გენერალი ნურეთინ ერსინი იყო დანიშნული. საბრძოლო მომზადების ორგანიზაციის, დაგეგმვისა და ჩატარების საკითხებში ეს სარდლობა თურქეთის გენერალურ შტაბს ექვემდებარებოდა; «საზოგადოებრივი უსაფრთხოების» უზრუნველყოფის საკითხებში – შინაგან საქმეთა სამინისტროს; პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, შეიარაღებით, საბრძოლო მასალებითა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით მომარაგების საკითხებში კი – ეროვნული თავდაცვის სამინისტროს.
საჟანდარმო ჯარების შემადგენლობაში 1970-იან წლებში შედიოდა: შტაბი, საველე ჯარები, სტაციონარული (ტერიტორიული) ჯარები, «კომანდოსების» ჯარები, საზღვაო საპატრულო სამსახური, რომელიც მოიცავდა შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სარდლობებს, აგრეთვე სასწავლო დაწესებულებები და ნაწილები (ნახ. 1).
ნახ. 1. საჟანდარმო ჯარების ორგანიზაცია 1970-იან წლებში
საჟანდარმო ჯარების შტაბი მოიცავდა: შტაბის უფროსსა და მის მოადგილეს, ოთხ სამმართველოს (პირადი შემადგენლობის, სადაზვერვო და უსაფრთხოების, ოპერატიული და ზურგის), ხუთ განყოფილებას (იურიდიული, საზღვაო ჟანდარმერიის, საჰაერო ჟანდარმერიის, კავშირგაბმულობის, სააღრიცხვო-საფინანსო), შტაბის ქვედანაყოფების მეთაურობასა და შემსყიდველ კომისიებს.
საველე საჟანდარმო ჯარები, რომლის რიცხოვნებაც 1970-იანი წლების შუახანებში დაახლოებით 20 000 ადამიანი გახლდათ, სამი ცალკეული ბრიგადისგან შედგებოდა.
21-ე საჟანდარმო ბრიგადა თურქეთ-ირანის საზღვრის რაიონში იყო დისლოცირებული (შტაბი ვანში, მეთაური 1976 წლის დასაწყისში – ბრიგადის გენერალი აჰმედ ოზჯანი); 22-ე – თურქეთ-ერაყისა და თურქეთ-სირიის საზღვრების რაიონში (შტაბი მარდინში, მეთაური 1976 წლის დასაწყისში – ბრიგადის გენერალი ჰულიუსი საიინი); 23ე – თურქეთ-სირიის საზღვრის რაიონში (შტაბი ღაზიანთეფში, მეთაური 1976 წლის დასაწყისში – ბრიგადის გენერალი შიუქრიუ თანერი).
მშვიდობიანობის დროს საჟანდარმო ჯარები ეწეოდნენ ირანთან (453 კმ სიგრძის), ერაყთან (331 კმ) და სირიასთან (887 კმ) სახელმწიფო საზღვრების დაცვას. ისინი უზრუნვეყოფდნენ უსაფრთხოებას თავიანთი დისლოკაციის რაიონებში, აგრეთვე ეწეოდნენ ბრძოლას კონტრაბანდასთან.
თავიანთი საორგანიზაციო სტრუქტურით საჟანდარმო ბრიგადები სახმელეთო ჯარების ბრიგადების ანალოგიური გახლდნენ: თითოეული მათგანის შემადგენლობაში შედიოდა მეთაურობა და შტაბი, ორი საჟანდარმო პოლკი, საარტილერიო პოლკი, აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები (ნახ. 2).
ნახ. 2. ცალკეული საჟანდარმო ბრიგადის ორგანიზაცია
ბრიგადაში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 5000 ადამიანზე მეტი, საველე არტილერიის დაახლოებით 60 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 30 ერთეულზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება.
სტაციონარული (ტერიტორიული) საჟანდარმო ჯარები საჟანდარმო ჯარების სარდლის მეშვეობით ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი საორგანიზაციო სტრუქტურა თურქეთის ადმინისტრაციული დაყოფის გათვალისწინებით იყო შექმნილი. ამ ჯარების პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 1970-იანი წლების შუახანებში 35 000 ადამიანზე მეტი გახლდათ.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით თურქეთის მთელი ტერიტორია 1970-იან წლებში 67 ვილაიეთად (ოლქად) იყო დაყოფილი, რომლებიც ხუთ საჟანდარმო რაიონში (ცენტრალური, იზმირის, სტამბულის, ერზინჯანისა და ადანასი) იყო გაერთიანებული. თითოეულ სავილაიეთო (საოლქო) ცენტრში იმყოფებოდა საჟანდარმო პოლკის შტაბი, რომელსაც მოცემული ვილაიეთის ფარგლებში განლაგებული სტაციონარული ქვედანაყოფები და ცალკეული პოსტები (ყარაქოლები) ექვემდებარებოდნენ. როგორც წესი ვილაიეთის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ სამაზრო ცენტრში იყო საჟანდარმო ქვედანაყოფები, ხოლო სოფელ ადგილებში კი – საჟანდარმო პოსტები (სამი-ათი ადამიანი).
სავილაიეთო საჟანდარმო პოლკების რიცხოვნება ვილაიეთების ტერიტორიის ზომებზე, მათში დასახლებული პუნქტების რაოდეობაზე, მოსახლეობის რიცხვსა და მის «კეთილსაიმედობაზე» იყო დამოკიდებული და 200-700 ადამიანის ფარგლებში ირყეოდა. პოლკების შეიარაღებაში ძირითადად სასროლი იარაღი იყო. მათ საკმარისი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები გააჩნდათ და, ამასანავე, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებთან და ზემდგომ ინსტანციებთან საიმედო კავშირგაბმულობითაც იყვნენ უზრუნველყოფილნი.
არსებული დებულებების თანახმად, სტაციონარულ საჟანდარმო ჯარებს ადმინისტრაციული, იურიდიული და სამხედრო ფუნქციები ეკისრებოდა, აგრეთვე ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულებისა და ობიექტის დაცვაც.
ადმინისტრაციულ ფუნქციებს, კერძოდ, მიეკუთვნებოდა: ქვეყანაში «უსაფრთხოებისა და წესრიგის» შენარჩუნება, ანტისამთავრობო საქმიანობასთან ბრძოლა, სახალხო გამოსვლების, გლეხთა ამბოხებებისა და ქურთების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, რომლებიც უმთავრესად ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში ცხოვრობენ, თავიდან აცილება და ჩახშობა; აკრძალული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის დამზადების, გაყიდვისა და ტარების აღკვეთა; კონტრაბანდასა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა.
საჟანდარმო ჯარების იურიდიულ ფუნქციებში შედიოდა სისხლის სამართლის დამნაშავეთა და «არაკეთილსაიმედო» პირთა ძიება, დაპატიმრება და მართლმსაჯულების ორგანოებისთვის გადაცემა, წინასწარი გამოძიების წარმოება, ბოროტმოქმედებათა თავიდან აცილებისთვის აუცილებელი ზომების მიღება.
თურქეთის სტაციონარული საჟანდარმო ჯარები ახორციელებდნენ აგრეთვე მეთვალყურეობას ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულებაზე იმ რაიონებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა იყო შემოღებული, ეწოდნენ ბრძოლას «ძირგამომთხრელ» საქმიანობასა და საბოტაჟთან, იცავდნენ სამოქალაქო თავდაცვის რაზმებისთვის განკუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობებს, ეძებდნენ და ნაწილებში გზავნიდნენ დეზერტირებსა და მათ, ვინც სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა, თვალყურს ადევნებდნენ აკრძალული ზონების შესახებ კანონის შესრულებას.
ომიანობის დროს სტაციონარული საჟანდარმო ჯარების ქვედანაყოფები შეიძლებოდა სამოქალაქო თავდაცვის რაზმების გაძლიერებისთვის, აგრეთვე მოწინააღმდეგის მცირე სადაზვერვო-დივერსიულ ქვედანაყოფებთან და დესანტებთან ბრძოლისთვის გამოეყენებიათ.
«კომანდოსების» ჯარები 70-იან წლებში თურქეთის საჟანდარმო ჯარების ყველაზე უფრო ახალგაზრდა და თანამედროვე ფორმირებად იყო მიჩნეული. ის 1967 წელს შეიქმნა ორი ბატალიონისა და რამდენიმე მოძრავი რაზმის ბაზაზე. მომდევნო წლებში ამ ჯარებმა არაერთხელ განიცადა რეორგანიზაცია, ხდებოდა მისი საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფა, ქვედანაყოფების შეიარაღებაში კი თანამედროვე იარაღი, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებები შედიოდა. 1970-იანი წლების შუახანებისთვის «კომანდოსების» ბატალიონებისა და ასეულების რაოდენობა გაიზარდა, აგრეთვე ჩამოყალიბებულ იქნა ვერტმფრენებს ორი ასეული და «კომანდოსების» სპეციალური სკოლა (ქ. ფოჩა). სულ ბატალიონში 700-ზე მეტი ადამიანი შედიოდა, ასეულში 200-225 და ოცეულში კი 40-50 ადამიანი. «კომანდოსების» ქვედანაყოფების შეიარაღებაში ძირითადად G3 ტიპის ავტომატური შაშხანები შედგებოდა.
«კომანდოსების» ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შერჩევა ფიზიკურად ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო მოსამსახურეებისგან ხდებოდა, რომლებიც შემდეგ ზოგადი და სპეციალური პროგრამების მიხედვით სწავლების კურსს «კომანდოსების» სკოლაში გადიოდნენ.
სადაზვერვო-დივერსიული მომზადების ზოგადი პროგრამა ითვალისწინებდა: პარაშუტით ხტომას, ტოპოგრაფიის შესწავლას, სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ასაფეთქებელ სამუშოთა ჩატარების უნარ-ჩვევების შეძენას, უცხოური არმიების ძირითადი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების გაცნობას, სხვადასხვა იარაღიდან სროლის ილეთების შესწავლას, დღეღამის სხვადასხვა დროს სამხედრო ობიექტებზე ფარული და უხმაურო შეღწევის ილეთების დამუშავებას და ა. შ.
სპეცმომზადების კურსი მოიცავდა ობიექტების დაპყრობისა და ტყვეების შეპყრობის, ღამის ბრძოლაში სხვადასხვა სახეობათა იარაღის გამოყენების, აჯანყებების ჩახშობისა და პარტიზანებთან ბრძოლის წარმოების ხერხების დამუშავების თემატიკაში პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას. სკოლაში სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობოდა პირადი შემადგენლობის ფიზიკურ მომზადებას (მათ შორის ხელჩართული ბრძოლისა და სამბოს /?/ ილეთების დამუშავებას), მის მიერ ამტანობის გამომუშავებას, ნებისმიერ, ყველაზე უფრო რთულ პირობებში მოქმედებებისა და ორიენტირების უნარის გამომუშავებას.
მშვიდობიანობის დროს «კომანდოსების» ქვედანაყოფები საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის იყო განკუთვნილი უპირატესად აღმოსავლეთ ანატოლიის ძნელად მისადგომ მთა-გორიან რაიონებში, სანაპიროსა და კუნძულებზე. როგორც წესი, მათ მცირე ქვედანაყოფების (ასეული, ოცეული) შემადგენლობაში იყენებდნენ, რომლებსაც დავალების შესრულების რაიონში ვერტმფრენები ან ავტომობილებით გადაისროდნენ, სადაც ისინი სავილაიეთო საჟანდარმო პოლკების ან საზღვაო საპატრულო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთობლივად მოქმედებდნენ. სპეციალურ სადაზვერვო-დივერსიულ ამოცანებს «კომანდოსების» ჯარების ქვედანაყოფები თურქეთის შეიარაღებული ძალების რეგულარულ ნაწილებთან ერთობლივად ჩატარებულ სწავლებებსა და მანევრებში ამუშავებდნენ.
საზღვაო საპატრულო სამსახური შეიქმნა 1956 წელს. მას თურქეთის სანაპიროსა და ტერიტორიული წყლების დაცვის, კონტრაბანდასთან ბრძოლისა და მეზობელ სახელმწიფოთა სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) ხომალდების დაზვერვის წარმოების ამოცანები ეკისრებოდა.
საზღვაო საპატრულო სამსახურის ქვედანაყოფები 1970-იან წლებში საზღვაო საჟანდარმო ზონების სამ სარდლობაში იყვნენ გაერთიანებული: შავი ზღვის (შტაბი სამსუნში), ეგეოსის ზღვისა (იზმირში) და ხმელთაშუა ზღვის (მერსინში) საზღვაო საჟანდარმო ზონებისა.
ამ ზონების სარდლობებს თავიანთ განკარგულებაში ჰყავდათ გფრ-ში შესყიდული ან ეროვნულ გემთსაშენ ვერფებში აგებული თანამედროვე სწრაფმავალი კატარღები, რომლებიც ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით იყო აღჭურვილი. მათ შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის სანაპიროსთან მუდმივი საპატრულო სამსახურის წარმოებისთვის იყენებდნენ, აგრეთვე პერიოდულად (თურქეთის სზძ-ის ხომალდებთან ერთობლივად) ისინი ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცნებსაც ამუშავებდნენ. ომის დაწყებისთანავე ითვალისწინებდნენ საზღვაო საჟანდარმო ზონების ქვედანაყოფების ძალებისა და საშუალებათა თურეთის სზძ-ის სარდლობის განკარგულებაში გადაცემას. სულ საზღვაო საპატრულო სამსახურის ქვედანაყოფების შემადგენლობაში, 1976 წლის დასაწყისში, კერძოდ, 32 საჟანდარმო კატარღა მოითვლებოდა.
საჟანდარმო ჯარების სასწავლო დაწესებულებები და ნაწილები მოიცავდა სამ სასწავლო საჟანდარმო ბრიგადას (მე-2 ჩანაქკალეში, მე-3 ზონღულდაქსა და მე-4 სილვანში), უნტერ-ოფიცერთა მომზადების სკოლას, საჟანდარმო საოფიცრო სასწავლებელს, მეკავშირეთა და ავტომობილების მძღოლთა მომზადების სასწავლო ცენტრებს.
სასწავლო საჟანდარმო ბრიგადებში ვადიანი სამსახურის რიგითი და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის მომზადება წარმოებდა თურეთის საჟანდარმო ჯარების ქვედანაყოფებისა და ნაწილებისთვის. ახალწვეული ჯარისკაცები ამ ბრიგადებში წელიწადში სამჯერ მიდიოდნენ და ოთხი თვის განმავლობაში, გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული პროგრამით, საწყისი სამხედრო მომზადების კურსს გადიოდნენ: სამწყობრო მომზადებას, წესდებების, იარაღის, მისი ტარებისა და გამოყენების ილეთების შესწავლას, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებასა და ა. შ. შემდეგ კი მათ შემდგომი სამსახურის გასავლელად შენაერთებსა და ნაწილებში ანაწილებდნენ. მთელი სასწავლო საჟანდარმო ბრიგადების გამტარუნარიანობა წელიწადში 17 000 ადამიანამდე ადიოდა.
საჟანდარმო ჯარების უნტერ-ოფიცერთა მომზადების სკოლა შეიქმნა 1913 წელს. 1970-იან წლებში მასში ღებულობდნენ სამწლიანი მოსამზადებელი კურების გამოშვებულებს, რომლებიც (ეს კურსები) სახმელეთო და საჟანდარმო ჯარების უნტერ-ოფიცერთა სკოლებში მუდმივად მოქმედებდა, აგრეთვე პირებს, რომლებსაც ლიცეუმები ჰქონდათ დამთავრებული. სწავლის ვადა ერთი წელი გახლდათ.
საჟანდარმო საოფიცრო სასწავლებელი, რომელიც 1904 წელს იყო შექმნილი, 1970-იან წლებში ანკარაში იმყოფებოდა. სასწავლებელში ღებულობდნენ კურსანტებს, რომლებსაც სამხედრო მომზადების კურსი სახმელეთო ჯარების ზოგადსაჯარისო სასწავლებელში ჰქონდათ გავლილი. შემდეგ ისინი წლის განმავლობაში თავიანთ სამხედრო მომზადებას სრულყოფდნენ და სპეციალურ საგნებსაც სწავლობდნენ: ჟანდარმერიის საფუძვლებს, კრიმინალისტიკასა და სასამართლო მედიცინას, კონტრაბანდასთან ბრძოლის ხერხებს, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა დისციპლინებს. სკოლის კურსდამთავრებულებს «საჟანდარმო ჯარების ლეიტენანტის» წოდება ენიჭებოდათ.
უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, თურქეთის საჟანდარმო ჯარებს 1970-იან წლებში საკმარისად მწყობრი საორგანიზაციო სტრუქტურა გააჩნდა, მისი ფორმირებები სამხედრო მიმართებით კარგად იყვნენ მომზადებულნი, შეეძლოთ საბრძოლო ამოცანები რეგულარული შეიარაღებული ძალების თანაბრად შეესრულებინათ. 70-იანი წლების შუახანებში საჟანდარმო ჯარების რეორგანიზაციის გეგმით მისი ორგანიზაციის შემდგომი სრულყოფა იყო გათვალისწინებული, აგრეთვე თანამედროვე სახეობების იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით მისი აღჭურვაც. კერძოდ, იმ ხანებში ამ ჯარების შეიარაღებაში უნდა მიეღოთ მაღალი გამავლობის ჯავშანავტომობილები, თანამედროვე ვერტმფრენები, აგრეთვე «თოუსა» და «კობრას» ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვებით (ტსმრჭ) შეიარაღებული საბრძოლო მანქანები.
გამოყენებული წყარო
Полковник И. Иванов, «Жандармские войска Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1976 г. № 2.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა


No comments:
Post a Comment