პროამერიკული ორიენტაციის თურქეთის სამხედრო წრეები აგრძელებდნენ ნატო-სა და სენტო-ში ქვეყნის აქტიური მონაწილეობის პოლიტიკას. უკვე მშვიდობიანობის დროს თურქეთის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების უმრავლესობა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყო გადაცემული, ხოლო მათი საბრძოლო მომზადება კი ამერიკელი სამხედრო მრჩევლების ხელმძღვანელობით, აშშ არმიის წესდებებისა და დარიგებათა შესაბამისად ხორციელდებოდა.
თურქეთის სამხედრო მშენებლობის გეგმებში მთავარი ყურადღება ეთმობოდა სახმელეთო ჯარების განვითარებასა და განმკიცებას (მისი ემბლემა 1-ლ ნახატზეა ნაჩვენები), რომელიც შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნების 80 %-ზე მეტს შეადგენდა. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1976 წლის სექტემბრისთვის თურქეთის სახმელეთო ჯარები მოითვლიდა 375 ათას ადამიანს. მის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა 17 დივიზია (14 ქვეითი, ორი მოტოქვეითი და ერთიც ჯავშანსატანკო), 17 ცალკეული ბრიგადა, სამი ცალკეული პოლკი, რომლებიც საარმიო კორპუსებსა და საველე არმიებში იყვნენ შეყვანილი (ნახ. 2).
ნახ. 2. თურქეთის სახმელეთო ჯარების საორგანიზაციო სტრუქტურა 1970-იან წლებში
იმ ხანებში, თურქეთის შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის ათწლიან გეგმაში, რომელსაც ბეჭდურ გამოცემებში შემოკლებით REMO-ს უწოდებდნენ, შენაერთებისა და ნაწილების საცეცხლე და დამრტყმელი ძალის გაძლიერებასთან, საორგანიზციო სტრუქტურის სრულყოფასთან ერთად, სახმელეთო ჯარების მართვის ორგანოების განვითარებასა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მათ აღჭურვასაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა.
თურქეთის შეიარაღებული ძალების ამ სახეობის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების სარდლობა, რომელსაც სარდალი (არმიის გენერალი) ედგა სათავეში. მას ეროვნული თავდაცვის მინისტრის რეკომენდაციით სამი წლის ვადით ნიშნავდა მინისტრთა საბჭო და რესპუბლიკის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ.
სახმელეთო ჯარების სარდალი უშუალოდ გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდა, რომელიც ამავე დროს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც იყო. იგი (სარდალი) პასუხს აგებდა სახმელეთო ჯარების მშენებლობაზე, დაკომპლექტებაზე, საბრძოლო მზადყოფნაზე, სამობილიზაციო და ოპერატიულ გაშლასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ხელმძღვანელობას იგი შტაბის (ქ. ანკარა) მეშვეობით ახორციელებდა, რომელიც სახმელეთო ჯარების მართვის უმაღლეს ოპერატიულ ორგანოს წარმოადგენდა. შტაბი პასუხს აგებდა გაერთიანებებისა და შენაერთების საბრძოლო გამოყენებაზე, გეგმავდა და აკონტროლებდა საველე არმიების, საარმიო კორპუსების, დივიზიების, ბრიგადებისა და სამხედრო დაწესებულებათა ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას, ხელმძღვანელობდა დაზვერვის ძალებსა და საშუალებებს, ახდენდა შენაერთებისა და ნაწილების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ორგანიზებას, აგრეთვე განაგებდა პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებასა და მომზადებას.
სახმელეთო ჯარების შტაბს შტაბის უფროსით (არმიის გენერალი) სათავეში 1970-იან წლებში თავის შემადგენლობაში გააჩნდა: შტაბის უფროსის ორი მოადგილე (ოპერატიულ და ადმინისტრაციულ საკითხებში), სამდივნო, მრჩევლები იურიდიულ და უფლებრივ (სამართლებრივ) საკითხებში, სამხედრო პროკურორი და სამხედრო სასამართლო; ოთხი მთავარი სამმართველო (პირადი შემადგენლობის, სადაზვერვო, ოპერატიული და ზურგის); შვიდი სამმართველო და ელექტრონულ-გამოთვლითი ცენტრი (ნახ. 3).
ნახ. 3. თურქეთის სახმელეთო ჯარების შტაბის ორგანიზაცია 1970-იან წლებში
შტაბის უფროსი იყო სახმელეთო ჯარების სარდლის პირველი მოადგილე. იგი ხელმძღვანელობდა შტაბის სამმართველოებს, პასუხს აგებდა სახმელეთო ჯარების საომრად მზადყოფნაზე, საბრძოლო საშუალებების დაგეგმვასა და გაანგარიშებაზე, ბიუჯეტის განსაზღვრაზე, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების შერჩევასა და შესყიდვაზე, გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო და ოპერატიულ მომზადებაზე, ახდენდა სამხედრო-საჰაერო ძალებისა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) შტაბებთან, აგრეთვე სამინისტროებთან და სამოქალაქო უწყებებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას.
შტაბის უფროსის მოადგილე ოპერატიულ საკითხებში (კორპუსის გენერალი) ცვლიდა შტაბის უფროსს მისი არყოფნის დროს, კურირებას უწევდა მთავარი სამმართველოების საქმიანობას, შეიმუშავებდა სახმელეთო ჯარების ოპერატიული გამოყენების გეგმებს, ახორციელებდა გაერთიანებებისა და შენაერთების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის კონტროლს, აგრეთვე კორდინაციას უწევდა მათ ურთიერთმოქმედებას შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა მხარდამჭერ შენაერთებთან და ნაწილებთან.
შტაბის უფროსის მოადგილე ადმინისტრაციულ საკითხებში (კორპუსის გენერალი) კოორდინაციას უწევდა შტაბის დანარჩენი სამმართველოების (მთავარი სამმართველოების გარდა) საქმიანობას, პასუხს აგებდა შტაბის დაცვაზე (охрана), აგრეთვე ყველა აუცილებელი მასალითა (მარაგებითა) და ქონებით მის უზრუნველყოფაზე, ორგანიზებას უწევდა და ინარჩუნებდა შტაბის კავშირს სამოქალაქო დაწესებულებებთან და უწყებებთან.
პირადი შემადგენლობის მთავარი სამმართველო შედგებოდა სამი სამმართველოსგან (საორგანიზაციო-საშტატო, პირადი შემადგენლობის დანიშვნებისა და გადანაცვლებათა, რეზერვისტების გაწვევისა და აღრიცხვის). ის დაკავებული იყო შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურისა და საშტატო განრიგების (расписания) შემუშავებით, პირადი შემადგენლობის მობილიზაციის ორგანიზაციითა და ჩატარებით. გარდა ამისა, პასუხს აგებდა სახმელეთო ჯარების დაკომპლექტებაზე, ოფიცერთა და უნტერ-ოფიცერთა კადრების სწავლებასა და მათით სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფაზე, განაგებდა სამხედრო მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების საკითხებს.
მთავარი სადაზვერვო სამმართველო ორგანიზაციას უწევდა სამხედრო დაზვერვისა და საარმიო კონტრდაზვერვის საქმიანობას, სარდლობასა და ჯარებს უზრუნველყოფდა ინფორმაციით პოტენციური მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო გეგმების შესახებ, აკონტროლებდა უცხოური სახელმწიფოებისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემას, ხელმძღვანელობდა ცენზურას, აგრეთვე ამ სამსახურის კადრების მომზადებასა და გადამზადებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის დაქვემდებარებაში შედიოდა სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამმართველოები, აგრეთვე საინფორმაციო განყოფილება.
მთავარი ოპერატიული სამმართველო შედგებოდა სამი სამმართველოსგან: ოპერატიული დაგეგმვის, საბრძოლო მომზადებისა და სასწავლო დაწესებულებათა. ის ახორციელებდა სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების ოპერატიული გეგმების შემუშავებას, გეგმავდა და ხელმძღვანელობდა შტაბებისა და ჯარების საბრძოლო და ოპერატიულ მომზადებას, აკონტროლებდა სამობილიზაციო გაშლის ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესრულებას, დკავებული იყო შეიარაღებული ბრძოლის ახალი საშუალებებისა და მათი გამოყენების ხერხების ჯარებში დანერგვითა და ათვისებით, შეიმუშავებდა სახმელეთო ჯარების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში სპეციალისტების მომზადების პროგრამებს.
ზურგის მთავარი სამმართველო პასუხს აგებდა ყველა სახეობის იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, საბრძოლო მასალებით, საწვავ-საცხები მასალებით, აღკაზმულობით, სურსათითა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საგნებით სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფაზე. ის ასევე დაკავებული გახლდათ საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის რემონტის ორგანიზებით, საინტენდანტო ქონების შესყიდვებითა და შენახვით, სამხედრო მშენებლობის, სამშენებლო მასალების შესყიდვის დაგეგმვითა და ორგანიზებით, საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდების განაწილებით, გეგმავდა სამხედრო გადაზიდვებს, შეიმუშავებდა საგანგებო პირობებში მათი განხორციელების გეგმებს, ხელმძღვანელობდა მთელ სამხედრო და სამგზავრო გადაზიდვებს, ორგანიზაციას უწევდა და ახორციელებდა სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო უზრუნველყოფას, პასუხს აგებდა სამხედრო ნაწილების გარნიზონებში სანიტარულ მდგომარეობაზე, ეწეოდა ბრძოლას სხვადასხვა ეპიდემიურ დაავადებებთან. ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა რვა სამმართველო: დაგეგმვის, საარტილერიო-ტექნიკური მომარაგების, სატრანსპორტო, საინტენდანტო, სამხედრო-შემსყიდველი კომისიების, სამედიცინო, ვეტერინარული და სამხედრო მშენებლობის.
დამოუკიდებელ სამმართველოებს, რომლებიც უშუალოდ შტაბის უფროსს ექვემდებარებოდნენ, წარმოადგენდნენ ჯართა გვარეობების (ქვეითი ჯარის, არტილერიის, ჯავშანსატანკო ჯარების, საინჟინრო, კავშირგაბმულობის) სამმართველოები. ქვემდგომი შტაბების, სასწავლო შენაერთების, ჯართა გვარეობებისა და სამსახურების ცენტრებისა და სკოლების მეშვეობით ისინი უწევდნენ ორგანიზაციას და ხელმძღვანელობდნენ სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის მომზადებას. სამმართველოები პასუხს აგებდნენ თავიანთი ჯართა გვარეობებისთვის ახალი წესდებებისა და დარიგებების შემუშავებაზე, მონაწილეობას ღებულობდნენ საჩვენებელი და საცდელი სწავლებების ჩატარებაში, რომლებზედაც გამოცდიდნენ იარაღის ახალ ნიმუშებს, ამოწმებდნენ შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურას, აგრეთვე აწარმოებდნენ ახალი ტაქტიკური ილეთებისა და ჯარების სხვადასხვა გვარეობათა გამოყენების პრინციპების კვლევას. კავშირგაბმულობის სამმართველო, ამის გარდა, პასუხს აგებდა სახმელეთ ჯარებში კავშირგაბმულობის ორგანიზებაზე. მის დაქვემდებარებაში კავშირგაბმულობის ის ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ, რომლებიც სახმელეთო ჯარების სარდლობის კავშირგაბმულობის კვანძს ემსახურებოდნენ.
საკონტროლო-საფინანსო სამმართველო ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებდა სახმელეთო ჯარების ბიუჯეტს, დაკავებული გახლდათ სახმელეთო ჯარების საქმიანობის დაფინანსების საკითხებით, აკონტროლებდა გამოყოფილი ფულადი სახსრების რეალიზაციის სისწორეს.
ადმინისტრაციული სამმართველო ახდენდა სახმელეთო ჯარების შტაბის ყველა სამმართველოს საქმიანობის კოორდინაციას, ახორციელებდა კავშირს სხვა დაწესებულებებთან და უწყებებთან, ორგანიზაციას უწევდა შტაბის მომარაგებას, პასუხს აგებდა საკომენდანტო სამსახურის ორგანიზებასა და წარმოებაზე, სათავსოებისა და ქონების წესრიგში შენარჩუნებაზე.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, თურქეთის სახმელეთო ჯარებში, აშშ არმიისგან განსხვავებით, მართვის ისეთი ოპერატიული რგოლი რჩებოდა, როგორიც საველე არმია გახლავთ. ის წარმოადგენდა თურული სახმელეთო ჯარების უმაღლეს გაერთიანებას. 1970-იანი წლების შუახანებში თურქეთის სახმელეთო ჯარები მოიცავდა 1-ლ, მე-2, მე-3 და «ეგეოსის» საველე არმიებს, რომელთა შემადგენლობაშიც ორიდან ოთხ საარმიო კორპუსამდე შედიოდა (იხ. ნახ. 2).
საველე არმიის მართვა ასრულებდა არმიის ჯარების საბრძოლო გამოყენების, საბრძოლო მომზადების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, აგრეთვე ადმინისტრაციული მართვის ამოცანებს. საველე არმიის მართვაში შედიოდნენ არმიის სარდალი (არმიის გენერალი), შტაბი და ჯართა გვარეობებისა და სამსახურების უფროსები (ნახ. 4).
ნახ. 4. საველე არმიის მართვის ორგანიზაცია 1970-იან წლებში
საველე არმიის სარდალი ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარების სარდლობას. იგი სრულად აგებდა პასუხს არმიის ჯარების მდგომარეობაზე, მათ საბრძოლო მზადყოფნაზე. ჯარების მართვაში სარდლის ოპერატიული ორგანო გახლდათ შტაბი, რომელსაც შადგენდნენ შტაბის უფროსი, მისი ორი თანაშემწე, და ოთხი განყოფილება: პირადი შემადგენლობის, სადაზვერვო, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, ზურგის. ჯართა გვარეობებისა და სამსახურების უფროსები მათდამი დაქვემდებარებული განყოფილებებითა და მეთაურობებით არმიის შტაბის შემადგენლობაში შედიოდნენ განყოფილებათა უფროსების უფლებებით.
გამოყენებული წყარო
Полковник И. Иванов, «Высшие органы управления сухопутных войск Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1977 г. № 7.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა



No comments:
Post a Comment