Wednesday, September 30, 2026

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 1970-იანი წლების მიწურულს

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 1970-იან წლებში თავის საომარ მზადებებში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა თურქეთის შეიარაღებული ძალების, მათ შორის სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) განვითარებას. 

თურქეთის ფლოტის როლის მნიშვნელოვნება (важность) ნატო-ს სარდლობის მიერ შემუშავებად საბრძოლო ოპერაციებში განისაზღვრებოდა ქვეყნის მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობითა (მას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ეკუთვნის, რომლებიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს) და სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) საზღვაო ხასიათით. 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ომიანობის დროს თურქეთის სზძ-ს შემდეგი ძირითადი ამოცანები დაეკისრებოდა: შავი ზღვის სრუტეების ბლოკადა, შავ ზღვაში და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან ბრძოლა, ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა, თავისი საზღვაო შეტყობინების გზების დაცვა და მოწინააღმდეგის კომუნიკაციათა დარღვევა, ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) ინტერესებში დაზვერვის წარმოება. 

ამ ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფისთვის, თურქეთი, რომელიც ნატო-ს დახმარებას ემყარებოდა, თავის სამხედრო-საზღვაო ძალებს მუდმივად განამტკიცებდა. თურქეთის სზძ-თვის ხომალდებისა და შეიარაღების ძირითადი მიმწოდებლები იყვნენ აშშ და გფრ, რომლებიც მას აგრეთვე ტექნიკურ დახმარებასაც უწევდნენ ეროვნული ხომალდმშენებლობის გაფართოებასა და კადრების მომზადებაში. ამერიკელი სამხედრო მრჩევლების მეთვალყურეობითა და მონაწილეობით წარმოებდა სზძ-ის მშენებლობის, საბრძოლო გამოყენების, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება. მშვიდობიანობის დროს სზძ ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, ხოლო ომის დაწყებისას ან საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და ბლოკის ფარგლებში სწავლებების ჩატარების დროს კი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის სარდლობის განკარგულებაში გადაეცემოდა. 

თურქეთის სზძ წარმოადგენს შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. მას მეთაურობს სარდალი, რომელიც ანკარაში განლაგებული შტაბის მეშვეობით ახორციელებს ფლოტის ძალების ადმინისტრაციულ და ოპერატიულ ხელმძღვანელობას. 1970-ანი წლების ბოლოს სზძ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფლოტი, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამხედრო-საზღვაო ზონები, სზძ-ის ავიაცია, მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკი, სამხედრო-საზღვაო სასწავლო სარდლობა, ვერფებისა და გემთსამშენებლო საწარმოების გენერალური დირექცია. 

ფ ლ ო ტ ი – ეს გახლდათ თურქეთის სზძ-ის ძირითადი ოპერატიული გაერთიანება, რომელიც ორგანიზაციულად სამ ფლოტილიაში შეყვანილ მთელ სახომალდო შემადგენლობას მოიცავდა. ესენი იყო წყალქვეშა ნავების, საბრძოლო (წყალზედა ხომალდების) და ნაღმ-სატრალო ფლოტილიები. ისინი თავის მხრივ იყოფოდნენ დივიზიონებად. 

სახომალდო შემადგენლობის ცნობარ «ჯეინის» მონაცემებით, 1970-იანი წლების მიწურულს თურქეთის სზძ მოითვლიდა დაახლოებით 200 საბრძოლო ხომალდსა და კატარღას (მათ შორის იყო 12 წყალქვეშა ნავი, 12 საესკადრო ნაღმოსანი, ორი ფრეგატი, ექვსი მცირე ნავსაწინააღმდეგო, 21 სადესანტო და 48 ნაღმ-სატრალო ხომალდი, შვიდი სარაკეტო, 13 სატორპედო, 41 სადარაჯო /საპატრულო/ და 36 სადესანტო კატარღა), აგრეთვე 50 დამხმარე გემსა და კატარღას. 

ძირითადი კლასების ხომალდები (წყალქვეშა ნავები, საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები და მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები), რომლებიც ფლოტის საბრძოლო ბირთვს შეადგენდნენ, უმთავრესად მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ან ომის შემდგომი პირველი წლების აგების ყოფილი ამერიკული ხომალდებით იყო წარმოდგენილი. ისინი თურქეთს სამხედრო დახმარების ფორმით გადაეცა და, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნდათ თანამედროვე პირობებში საზღვაო ბრძოლის წარმოებისათვის. იმ ხანებში სზძ-ის უახლეს ხომალდებად ითვლებოდა დასავლეთგერმანული წარმოების 209 პროექტის სამი წყალქვეშა ნავი და ეროვნულ ვერფებში აგებული «ბერკის» ტიპის ორი ფრეგატი (ნახ. 1). საკმრისად მაღალ ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებდნენ «გირინგისა» და «ალენ მ. სამნერის» ტიპის საესკადრო ნაღმოსნები, რომლებსაც მოდერნიზაცია FRAM პროგრამის მიხედვით ჰქონდათ გავლილი. ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ცხრილშია მოყვანილი. 

ცხრილი 

თურქეთის სზძ-ის ძირითადი კლასების ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ხომალდის ტიპი – რაოდენობა, ამგები ქვეყანა, მწყობრში შეყვანის წელი; B – წყალწყვა, ტ: სტანდარტული / სრული; C – მთავარი განზომილებები, მ: ა) სიგრძე, ბ) სიგანე, გ) წყალჯდომი; D – ენერგეტიკული დანადგარის სიმძლავრე, ცხ. ძ.; E – სვლის უდიდესი სიჩქარე, კვანძი; F – ეკიპაჟი, ადამიანი; G – შეიარაღება) 

. . . . . . . A . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . . . D . . . . . . E . . . . . . . F . . .  

წყალქვეშა ნავები * 

209 პროექტი – 3, გფრ, . . . 990 / . . . ა) – 54 . . . . . . . * . . . 10 / 22 . . . . . 31 
1975-1978 . . . . . . . . . . . . . .1290 . . . . ბ) – 6,2   
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გ) – 5 
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატები– 8

«ბალაო» (მოდერნიზე- . . . 1975 / . . . ა) – 99,4 . . . 6400 / . . . 20 / 15 . . . 85 
ბული პროგრამა . . . . . . . . . 2540 . . . . ბ) – 8,2 . . . . 5400 
GAPPY-3A მიხედვით) . . . . . . . . . . . . გ) – 5,2 
– 2, აშშ, 1945 
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატები – 10

«ბალაო» (მოდერნიზე- . . . 1829 / . . . ა) – 95 . . . 4800 / . . . 17 / 15 . . . 85 
ბული GAPPY-2A . . . . . . . . 2424 . . . . ბ) – 8,2 . . . 5400 
პროგრამის მიხედვით) . . . . . . . . . . . გ) – 5,2 
– 7, აშშ, 1944-1945 
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატები – 10

საესკადრო ნაღმოსნები 

«გირინგი» (მოდერნი- . . . 2425 / . . . ა) – 119 . . . 60000 . . . 34 . . . 275 
ზებული პროგრამა . . . . . 3520 . . . . ბ) – 12,4 
FRAM-1-ის და 2-ის . . . . . . . . . . . . . გ) – 5,8 
მიხედვით) – 5, აშშ, 
1945-1947 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 2, ნწმრი** სისტემა «ასროკი» ან ბომბსტყორცნი «ჰეჯეჰოგი», სამმილიანი სატორპედო აპარატი Mk32 – 2, ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი

«ფლეტჩერი» – 5, აშშ, . . . 2100 / . . . ა) – 114,7 . . . 60000 . . . 34 . . . 250 
1943-1944 . . . . . . . . . . . . . 3050 . . . . .ბ) – 12,1 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გ) – 5,5 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 4, 76-მმ ერთქვემეხიანი არტდანადგრები – 6, ბომბსატყორცნები «ჰეჯეჰოგი» – 2, 533-მმ ხუთმილიანი სატორპედო აპარატი

«ალენ მ. სამნერი» . . . . . . . 2200 / . . . ა) – 114,8 . . . 60000 . . . 34 . . . 275 
(მოდერნიზებული . . . . . . 3320 . . . . ბ) – 12,4 
პროგრამა FRAM-2-ის . . . . . . . . . . . . გ) – 5,8 
მიხედვით) – 1, აშშ, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
1945 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 3, სამმილიანი სატორპედო აპარატები Mk32 – 2, ბომბსატყორცნები «ჰეჯეჰოგი» – 2 

«რობერტ ჰ. სმიტი» – 1, . . . 2250 / . . . ა) – 114,8 . . . 60000 , , , 34 . . . 273 
აშშ, 1944 . . . . . . . . . . . . . . . . 3375 . . . . ბ) – 12,4 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გ) – 5,8 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 3, 40-მმ ოთხლული ანი საზენიტო ავტომატები – 2, 40-მმ ორლულიანი საზენიტო ავტომატები – 2, 20-მმ საზენიტო ავტომატები – 11

ფრეგატები 

«ბერკი» – 2, თურქეთი, . . . 1450 / . . . ა) – 95 . . . . . 24000 . . . 25 . . . . * . . . 
1972-1975 . . . . . . . . . . . . . . . 1950 . . . . ბ) – 11,8 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გ) – 5,5 
G . . . 76-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 2, სამმილიანი სატორპედო აპარატები Mk-32 – 2, ბომბჩამგდებები, ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი 

მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები 

PC – 6, აშშ (5), 1943; . . . 280 / . . . ა) – 54 . . . 2800 . . . 19 . . . 65 
თურქეთი (1), 1965 . . . . 412 . . . . ბ) – 7  
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გ) – 3,1  
G . . . 76-მმ არტდანდგარი, 40-მმ საზენიტო ავტომატი, ბომბსატყორცნი «ჰეჯეჰოგი» 

* წყალწყვა: მრიცხველში – წყალზედა, მნიშვნელში – წყალქვეშა. ენერგეტიკული დანადგრის სიმძლავრე: მრიცხველში – დიზელების, მნიშვნელში – სანიჩბო ელექტროძრავებისა. სვლის უდიდესი სიჩქარე: მრიცხველში – წყალზედა, მნიშვნელში – წყალქვეშა. ** ნწმრი – ნავსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო იარაღი. 

ნაღმ-სატრალო ძალები წარმოდგენილი იყო 40-60-იანი წლების ამერიკული, დასავლეთგერმანული და კანადური აგების 21 საბაზო და 13 სარეიდო ტრალერით, შვიდი სანაღმო და შვიდი ბონო-საბადე (боно-сетевые) გადამღობით. ყველაზე უფრო მსხვილი ხომალდი გახლდათ ნაღმგადამღობი # 110 «ნუსრეტი» (ნახ. 2). ის დანიაში აშშ-ის სახსრებით იქნა აგებული და 1964 წელს სამხედრო დახმარების პროგრამით თურქეთის ფლოტს გადაეცა. მისი წყალწყვა გახლდათ 1800 ტ, სვლის უდიდესი სიჩქარე 18 კვანძი, შეიარაღება – ორი 76-მმ ორლულიანი არტდანადგარი და 400-მდე ნაღმი. ეკიპაჟი გახლდათ 146 ადამიანი. 

სადესანტო ძალების სახომალდო შემადგენლობა მოიცავდა ოთხ ტანკსადესანტო და 17 მცირე სადესანტო ხომალდს, აგრეთვე 36 სადესანტო კატარღას. ტანკსადესანტო ხომალდები წარსულში ამერიკულ სზძ-ში შედიოდა და თურქეთს 1974-1975 წლებში გადაეცა. მათი სრული წყალწყვა გახლდათ 4000-5800 ტ. მცირე სადესანტო ხომალდებსა და სადესანტო კატარღებს, როგორც წესი, ეროვნულ ვერფებში აგებდნენ 60-იან წლებსა და 70-იანების დასაწყისში (წყალწყვა შესაბამისად 600 და 100-400 ტ). 

საბრძოლო კატარღების კლასი (სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო) ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი იყო სზძ-ში. მათგან ყველაზე უფრო თანამედროვე გახლდნენ სარაკეტო კატარღები («დოგანის» ტიპის სამი და «ქართალის» ტიპის ოთხი კატარღა). სათავო კატარღა «დოგანი» გფრ-ში 1976 წელს იქნა აგებული (მისი წყალწყვა იყო 410 ტ, შეიარაღება – ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემა /მრი სისტემა/ «ჰარპუნი» და ორი 76-მმ საარტილერიო დანადგარი), ხოლო დანარჩენი ორი კი თურქეთში ააგეს და მწყობრში 1978 წელს შეიყვანეს. «ქართალის» ტიპის სარაკეტო კატარღები «იაგუარის» ტიპის ყოფილი დასავლეთგერმანული სატორპედო კატარღების გადაკეთებულ ვარიანტს წარმოადგენდა, რომლებზედაც სატორპედო აპარატების ნაცვლად «პინგვინის» ტიპის მრი სისტემები იყო დაყენებული. 

სატორპედო კატარღები «იაგუარის» ტიპის 12 კატარღით იყვნენ წარმოდგენილი (წყალწყვა 190 ტ, სვლის უდიდესი სიჩქარე 42 კვ, შეიარაღება – ოთხი სატორპედო აპარატი, ორი 40-მმ არტდანადგარი, შეეძლოთ ბორტზე საზღვაო ნაღმების წაღებაც), და აგრეთვე ეროვნული აგების კატარღითაც (ფლოტს 1976 წელს გადაეცა, მისი წყალწყვა იყო 75 ტ, შეიარაღება – ოთხი სატორპედო აპარატი და ორი 40-მმ არტდანადგარი). 

სადარაჯო კატარღებს (ყოფილი ამერიკული, აგრეთვე დასავლეთგერმანული და ეროვნული აგებისა) 170 ტ-მდე წყალწყვა ჰქონდათ და 20- ან 40-მმ არტდანადგარებით იყვნენ შეიარაღებულნი. ზოგიერთი მათგანი წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისთვისაც იყო მოწყობილნი (შეგუებული, приспособлены), რისთვისაც სიღრმივი ბომბებით გახლდნენ აღჭურვილი. 

ჩ რ დ ი ლ ო ე თ / დ ა / ს ა მ ხ რ ე თ / ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ზ ო ნ ე ბ ი ს / ს ა რ დ ლ ო ბ ე ბ ი ითვლებოდნენ ტერიტორიულ ოპერატიულ ფორმირებებად და მოიცავდნენ ექვს სამხედრო-საზღვაო რაიონს: შავი ზღვის, ბოსფორის, დარდანელისა და მარმარილოს ზღვის (ჩრდილოეთის ზონა), ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების (სამხრეთის ზონა). ამ სარდლობებს ეკისრებოდათ სანაპიროს, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების ყველა სახეობის თავდაცვის ორგანიზაციის, არეთვე საბრძოლო ხომალდების შენაერთების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ამოცანები. ჩვეულებრივ პირობებში მათ მხოლოდ მართვის ორგანოები, სანაპირო ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე ზურგის დაწესებულებები გააჩნდათ, ასევე უმნიშვნელო რაოდენობით სზძ-ის დამხმარე გემებიც. ომიანობის დროს შესაბამისი ზონების ფარგლებში საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისთვის მათ დაქვემდებარებაში ფლოტის შემადგენლობიდან აუცილებელი რაოდენობით საბრძოლო ხომალდები უნდა გადასცემოდათ. 

სზძ-ის ა ვ ი ა ც ი ა 1970-იანი წლების მიწურულს მითვლიდა 20 საპატრულო თვითმფრინავს «თრექერი» (რვა S2A და 12 S2E) და ცხრა ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენს «აგუსტა ბელი» (სამი AB-204B და ექვსი AB-212B), რომლებიც ორგანიზაციულად ორ ესკადრილიაში იყვნენ შეყვანილი. 

ამერიკული წარმოების საბაზო საპატრულო თვითმფრინავები მოძველებულად ითვლებოდა. მატერიალური ნაწილის ცუდი მდგომარეობის გამო ექვსი მანქანა საბრძოლო შემადგენლობიდან იყო გამოყვანილი. რამდენიმე თვითმფრინავს აშშ-ში მოდერნიზაცია ჩაუტარდა და მათში წყალქვეშა ნავების აღმოჩენისა და მათზე თვალთვალის თანამედროვე აპარატურა იქნა დაყენებული. 

ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები 1970-იანი წლების მეორე ნახევარში მიიღო თურქეთმა იტალიიდან, მათ შორის ექვსი მანქანა 1977-1978 წლებში. იმ ხანებში ამ ვერტმფრენების ათვისება გრძელდებოდა. 

1970-იანი წლების მიწურულს სზძ-ის განვითარება ძირითადად სახომალდო შემადგენლობის ხარისხობრივი განახლებისა და რაოდენობრივი ზრდის ხაზით ხორციელდებოდა, რისთვისაც უცხოეთიდან მიეწოდებოდა და ეროვნულ გემთსაშენ ვერფებში აიგებოდა საბრძოლო ხომალდები, და უწინარეს ყოვლისა კატარღები. თურქული სარდლობა თვლიდა, რომ მსხვილ ხომალდებთან შედარებით ისინი მოწინააღმდეგის იარაღისგან ნაკლებად მოწყვლადია და საუკეთსოდაა შეგუებული შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების ნაპირებთან ახლო რაიონებში, აგრეთვე სრუტეების ზონაში მოქმედებებისთვის. ამასთან მთავარი ყურადღება სარაკეტო კატარღებს ეთმობოდა. მათი მშენებლობა გფრ-ის ტექნიკური დახმარებით ვერფ ტაშკიზაქში (სტამბული) იყო გაშლილი. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1979 წლის შუა თვეებში აქ «დოგანის» ტიპის მესამე კატარღის აგება მთავრდებოდა და კიდევ ოთხის მშენებლობის დაწყებას მოელოდნენ. დაგეგმილი იყო «იაგუარის» ტიპის სატორპედო კატარღების სარაკეტო კატარღებად გადაკეთებაც. სარაკეტო იარაღით იგეგმებოდა აგრეთვე SAR33 პროექტის სადარაჯო კატარღების აღჭურვა (13 ეთეულისა), რომლებსაც გფრ-ის დახმარებით აგებდნენ. 

გიოლჯუკში არსებულ გემთსაშენ ვერფში მიმდინარეობდა 209 პროექტის დიზელური წყალქვეშა ნავების წარმოების ათვისება, ხოლო ძირითადი აღჭურვილობა კი მათთვის გფრ-დან მიეწოდებოდათ. ამ ტიპის პირველ ნავს აქ 1975 წლიდან აგებდნენ. 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ქვეყანაში აწყობილი გახლდათ მცირე სადესანტო ხომალდების წარმოება (ოთხი-ექვსი ერთეული წელიწადში). 

1979-1980 წლებში თურქეთი ვარაუდობდა შეერთებული შტატებიდან ომისშემდგომი აგების ხუთი წყალქვეშა ნავისა და სამი საესკადრო ნაღმოსნის მიღებას, რომლებსაც მოდერნიზაცია ჰქონდათ გავლილი. 

მიმართავდნენ ძალისხმევას სზძ ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობების ასამაღლებლად. იტალიიდან გრძელდებოდა AB-212B ტიპის ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენების მიწოდება. 1979 წელში გეგმავდნენ მათი რაოდენობის ექვსი ერთეულით გაზრდას. აშშ-ში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები «თრექერის» ტიპის მოძველებული თვითმფრინავების უფრო თანამედროვეებით შეცვლის შესახებ. 

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ყურადღებას აქცევდა დივერსიული ძალების განვითარებას, რომელიც განკუთვნილი იყო მოწინააღმდეგის სანაპირო ტერიტორიებზე და წყლებში სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ბაზების მისადგომებისა და სრუტეების ზონაში წყალქვეშა ღობურების დასაცავად. სზძ-ის შემადგენლობაში საბრძოლო მცურავების რამდენიმე ქვედანაყოფი იქნა ჩამოყალიბებული. 

სზძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, უცხოური პრესის შეტყობინებებით, 1970-იანი წლების მიწურულს აღწევდა 45 ათას ადამიანს, მათგან 15 ათასი იყვნენ კადრის ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები. დაკომპლექტება ტარდებოდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. სამხედრო სამსახურის მოქმედების ვადა 20 თვე გახლდათ. ყოველწლიურად სზძ-ში დაახლოებით 10 ათასი ახალწვეული გაიწვეოდა. 

რიგით შემადგენლობას ამზადებდნენ სასწავლო ცენტრში ქალაქ გიოლჯუკში, უნტერ-ოფიცრებს – ბეილერბეისა (სტამბულის რაიონი) და გიოლჯუკში. ოფიცერთა კადრებს ასწავლიდნენ კუნძულ ჰეიბელიზე არსებულ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში. ის ყოველწლიურად სამეთაურო და საინჟინრო პროფილის სზძ-ის დაახლოებით 120 ოფიცერს უშვებდა. უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობა მომზადებას გადიოდა სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ქ. სტამბულში, აგრეთვე ნატო-ს სამხედრო კოლეჯში რომში. 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ომის გამოცხადების შემთხვევაში სზძ-ში შეიძლებოდა 25 ათასზე მეტი მომზადებული რეზერვისტი გაეწვიათ. 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემების მასალები მოწმობდნენ, თურქეთის სზძ-ის ოპერატიული და საბრძოლო მომზადება ძირითადად იმ საკითხების დამუშავებაზე იყო მიმართული, რომლებიც მას ომიანობის დროს უნდა გადაეწყვიტა. 

საბრძოლო მომზადების ცალკეულ ელემენტებს აქტიურად ამუშავებდნენ წვრთნებსა და კერძო სწავლებებში, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. კონკრეტული ოპერატიული გეგმების შესასრულებლად სზძ-ის მზადყოფნის კომპლექსური შემოწმება ფლოტის დამოუკიდებელი სწავლებების მსვლელობისას, აგრეთვე შეიარაღებული ძლების სხვა სახეობებთან ერთობლივ მანევრებში ხორციელდებოდა. მათ შორის ყველაზე უფრო მსხვილი გახლდათ «დენიზ ქურდუსის» ტიპის ტიპიური სწავლება. მისი ჩატარებისას ძირითადი აქცენტი ფლოტის სხვადასხვაგვარი ძალებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) ურთიერთმოქმედების ორგანიზაციაზე კეთდებოდა. 

თურქეთის სზძ ასევე აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს გეგმებით სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ჩატარებულ ყოველწლიურ სწავლებებში («დონ პეტროლის», «დისფლეი დეტერმინეიშნისა» და სხვა ტიპების), რომლებზედაც თურქული სარდლობა მთავარ ყურადღებას უთმობდა ფლოტის ძალების მშვიდობიანობის მდგომარეობიდან ომის მდგომარეობაში გადაყვანას, ოპერატიულ გაშლას, აგრეთვე შტაბებთან და მართვის პუნქტებთან კავშირგაბმულობის შენარჩუნებას. ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის სახომალდო შენაერთებისა და მიზნობრივი დანიშნულების ჯგუფების შემადგენლობაში ერთობლივი მოქმედებების დასამუშავებლად თურქეთის ფლოტიდან ჩვეულებრივ სხვადასხვა კლასის რამდენიმე ხომალდი გამოიყოფოდა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 2 ранга В. Канин, «Военно-морские силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 6.

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment