ამერიკულ სამხედრო-სტრატეგიულ გეგმებში აგრეთვე იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ თურქეთს შეეძლო შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტები გადაეცა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის განკარგულებაში. ნატო-ში შესვლის შემდეგ თურქეთმა ამ ბლოკის გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სახმელეთო ჯარების თითქმის მთელი შენაერთები და ნაწილები, აგრეთვე ორივე საჰაერო არმია გადასცა. ნატო-ში გადაცემული შენაერთებისა და ნაწილების რაოდენობის მიხედვით, 1970-იანი წლების დასაწყისში, თურქეთს ბლოკის მონაწილე სახელმწიფოებს შორის ერთერთი პირველი ადგილი ეკავა.
1959 წელს აშშ-სა და თურქეთს შორის დადებულ იქნა რიგი ორმხრივი შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებდნენ თურქული არმიის აღჭურვას ამერიკული იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, მისი მობილურობის გაძლიერებას, აგრეთვე ოფიცერთა შემადგენლობის სწავლებასა და გადამზადებას და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების მშენებლობას.
1963 წლის დასაწყისისთვის თურქეთის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი იქნა აშენებული, მათ რიცხვში აეროდრომები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, რაკეტების სასტარტო პოზიციები, სპეციალური დანიშნულების საწყობები, რადიოტექნიკური ობიექტები და ა. შ. ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში შეერთებული შტატებისა და თურქეთის პარტნიორობამ გამოიწვია ის, რომ შეიარაღებული ძალების მშენებლობა, პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადება, ტერიტორიის ოპერატიული აღჭურვა აშშ-ისა და ნატო-ს სარდლობათა რეკომენდაციების საფუძველზე ხორციელდებოდა. ამერიკულ სამხედრო მისიას თურქეთში თავისი განყოფილებები და მრჩეველთა ჯგუფები არა მხოლოდ გენერალურ შტაბში გააჩნდა, არამედ აგრეთვე შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბებშიც, საველე და საჰაერო არმიებშიც.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1960-იანი წლების დასაწყისიდან დაიმზირებოდა ტენდენცია თურქეთის საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და აშშ-ზე მისი დამოკიდებულების შესუსტებისკენ. თურქეთმა კეთილმეზობლური ურთიერთობების პოლიტიკის გატარება დაიწყო საბჭოთა კავშირთან. 1969 წლის ნოებერში სსრკ-ს ესტუმრა თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი ჯევდეთ სუნაი. ეს ისტორიაში თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი გახლდათ საბჭოეთში. 1972 წლის აპრილში, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თამჯდომარის ნ. ვ. პოდგორნის მიერ თურქეთში სტუმრობის დროს, ანკარაში ხელმოწერილ იქნა «დეკლარაცია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპების შესახებ». ორივე მხრემ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკის ერთერთი პრინციპი იქნება «ორივე ქვეყანას შორის ურთიერთობები განვითარდება მშვიდობის, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციების შესაბამისად, რომელთა საფუძვლებიც ვ. ი. ლენინისა და ქ. ათათურქის მიერ იქნა ჩადებული». დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ მხარეები გამოდიან სსრკ-ისა და თურქთის დაახლოების მომხრედ, რამდენადაც ეს «პასუხობს მშვიდობის განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარების ინტერესებს მათ შორის, ევროპასა და მთელ მსოფლიოშიც».
1960-იანი წლების შუა ხანებიდან, საბჭოთა ავტორების შეფასებით, საბჭოთა-თურქული ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა. 1967 წლის 25 მარტის ეკონომიკური შეთანხმების მიხედვით საბჭოთა კავშირი თურქეთს რიგი მსხვილი სამრეწველო საწარმოების მშენებლობაში ეხმარებოდა. მათ შორის იყო მეტალურგიული კომბინატი ისკანდერუნში სიმძლავრით 1 მლნ. ტ ფოლადი წელიწადში; ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ეგეოსის ზღვის ნაპირზე (60 კმ იზმირის ჩრდილოეთით), რომელიც წელიწადში 3 მლნ. ტ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა; ალუმინის ქარხანა სეიდიშეჰირში 200 ათასი ტ თიხამიწის, 60 ათასი ტ ალუმინისა და 25 ათასი ტ ნაგლინის მწარმოებლურობით; მერქან-ბოჭკოვანი ფილების მწარმოებელი ქარხანა ართვინში სიმძლავრით 18 ათასი ტ წელიწადში. 1972 წელს ბანდირმაში, მარმარილოს ზღვის ნაპირზე, დასრულდა გოგირდმჟავის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა სიმძლავრით 120 ათასი ტ წელიწადში.
1970-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოში დაძაბულობის საერთო განმუხტვის, საბჭოთა კავშირთან და ბულგარეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, თურქეთი ნატო-სა და სენტო-ს ბლოკების აქტიურ წევრად რჩებოდა, რომელთა საქმიანობაც სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
თურქეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და ნატო-ს მნიშვნელოვანი საავიაციო და საზღვაო ბაზები და სხვა სამხედრო ობიექტები იმყოფებოდა. აქ განლაგებული იყო: ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების შტაბი სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ნატო-ს მე-6 გაერთიანებული (სამოკავშირეო) ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შტაბი (ორივე იზმირში); ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჯირლიკში (ადანა), რომელზედაც მუდმივად ბაზირებდნენ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის ბირთვული იარაღის თვითმფრინავ-მატარებლებიც; სხვადასხვა დანიშნულების რიგი ამერიკული რადიო- და რადიოტექნიკური ობიექტები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესები სინოპში, ყარამიურსელსა და დიარბაქირში იმყოფებოდა; გაერთიანებული ამერიკული სამხედრო მისიის შტაბი (ჯუსმათი); აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი და სხვები. საზღვარგარეთული პრესის მონაცემებით, 1970-იანი წლების დასაწყისში თურქეთის ტერიტორიაზე მუდმივად 7 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იყო განთავსებული.
თურქეთის მუდმივი წარმომადგენლები მუშაობდნენ ნატო-ს სხვადასხვა კომიტეტებში ბრიუსელში (ბელგია), აგრეთვე ევროპასა და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების შტაბებში.
ანკარაში იმყოფებოდა ბლოკ სენტო-ს ხელმძღვანელი ორგანოები, მათ რიცხვში სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი, რომელიც შეიმუშავებდა გეგმებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც შემდეგ ამ კავშირის სამხედრო კომიტეტის მიერ განხილვაზე შეჰქონდათ.
თურქეთში პერიოდულად ნატო-სა და სენტო-ს სხვადასხვა ორგანოების სხდომებს, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე და მის სანაპირო წყლებში კი – ამ ბლოკების მონაწილე ქვეყნების მრავალრიცხოვან სწავლებებსა და მანევრებს ატარებდნენ. თურქეთის შეიარაღებული ძალები ამ ღონისძიებებში ყველაზე უფრო აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. ზოგიერთი სწავლების მსვლელობისას თურქეთის ტერიტორიაზე გადასხამდნენ ამერიკულ საჰაერო და საზღვაო დესანტებს და გადაისროდნენ ჯარებს ნატო-ს მობილური ძალების შემადგენლობიდან.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, შემოახლართა რა თავის მოკავშირეებს ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებათა ობობას ქსელი, ამერიკული იმპერიალიზმი აგრძელებდა პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო ბლოკების მონაწილე ქვეყნების იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უფრო თანამედროვე ნიმუშებით აღჭურვაზე, მათი ტერიტორიების საომარ მოქმედებათა თეატრების სახით მომზადებაზე. მიჰყვებოდა რა ამ ბლოკურ სტრატეგიას, თურქეთის მთავრობამ 1972 წელს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ათწლიანი პროგრამა მიიღო. ამ პროგრამის რეალიზაციაზე, რომელიც აუცილებელი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის წარმოებას ითვალისწინებდა, 16 მლრდ. თურქული ლირა იქნა გამოყოფილი (მაშინ ამერიკული დოლარი შეადგენდა 13,51 თურქულ ლირას).
უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 1970-იანი წლების დასაწყისში 455 000 ადამიანი გახლდათ, მათგან სახმელეთო ჯარებში – 365 000 ადამიანი, სამხედრო-საჰაერო ძალებში (სჰძ) – 50 000 და სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ) კი – 40 000 ადამიანი. გარდა ამისა, საჟანდარმო ჯარების შემადგენლობაში 75 ათასამდე ადამიანი მოითვლებოდა.
თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ პრეზიდენტი. სამხედრო პოლიტიკის, ქვეყნის თავდაცვის, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და გამოყენების, საყოველთაო მობილიზაციის ჩატარების საკითხებს იგი წყვეტდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მინისტრთა საბჭოსა და გენერალური შტაბის მეშვეობით.
ეროვნული უსაფრთხოების (უშიშროების) საბჭო – ეს იყო უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ორგანო, რომელიც ახდენდა ცენტრალური სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას სამხედრო პოლიტიკისა და ეროვნული თავდაცვის საკითხებში. მასში შედიოდნენ: რესპუბლიკის პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო მინისტრები, ეროვნული თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, კომუნიკაციების, საზოგადოებრივი სამუშაოებისა და შრომის მინისტრები, გენერალური შტაბის უფროსი, შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლები და ეროვნული უსაფრთხოებიოს საბჭოს გენერალური მდივანი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმასრულებელი ორგანო გახლდათ – საბჭოს გენერალური სამდივნო.
შეიარაღებული ძალების ფაქტიურ მთავარსარდალს წარმოადგენდა გენერალური შტაბის უფროსი, რომელსაც ნიშნავდა პრეზიდენტი მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციით. გენერალური შტაბის უფროსი იყო პასუხისმგებელი პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს წინაშე შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე, მის მშენებლობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე. მას ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) სარდლები.
გენერალური შტაბი ხელმძღვანელობდა ჯარების საბრძოლო მომზადებას, აძლევდა მთავრობას რეკომენდაციებს სამხედრო საკითხებში, შეიმუშავებდა გეგმებს ომის შემთხვევისთვის. გენერალურ შტაბში იყო ოთხი მთავარი სამმართველო: პირადი შემადგენლობის, სადაზვერვო, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, ზურგის. გარდა ამისა, მასში შედიოდა შემდეგი სამმართველოები: ცენტრალური, სპეციალური იარაღის, სტრატეგიული დაგეგმვის, სამობილიზაციო, საინჟინრო, სამხედრო მრეწველობის, სატრანსპორტო, საინტენდანტო, საარტილერიო-ტექნიკური მომარაგებისა და რემონტის, სამედიცინო, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური (ვეტერინარული), სამეცნიერო-კვლევითი, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, სამხედრო-ისტორიული, საინსპექციო კომისია. გენშტაბში იყო ასევე რიგი განყოფილებები, მათ რიცხვში განყოფილებები ნატო-თან და სენტო-თან კავშირებში.
ეროვნული თავდაცვის მინისტრი გახლდათ სამოქალაქო პირი. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ამოცანებში შედიოდა შეიარაღებული ძალების დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მომარაგება. ის ასევე გეგმავდა და ახორციელებდა სამხედრო ობიექტების მშენებლობას, დებდა შეთანხმებებს სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შესყიდვაში, ასრულებდა ადმინიტრაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.
ეროვნული თავდაცვს მინისტრთან იყო მრჩევლების აპარატი (მინისტრის მრჩეველი, მრჩევლები სახმელეთო ჯარებში, სჰძ-სა და სზძ-ში) და უმაღლესი სამხედრო საბჭო.
ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავის შემადგენლობაში ჰქონდა გენერალური სამდივნო და სამმართველოები – პირადი შემადგენლობის, მომარაგების, საინსპექციო, გეგმებისა და პროგრამების კოორდინაციის, ბეჭდური სიტყვისა და მოსახლეობასთან კავშირის, საკონტროლო-საფინანსო, სამხედრო-იურიდიული, კარტოგრაფიული, სამედიცინო, სამხედრო-სამშენებლო, ინფრასტრუქტურისა და სხვა.
სახმელეთო ჯარები – ეს გახლდათ შეიარაღებული ძალების ძირითადი და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სახეობა. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1-ლი საველე არმიის (შტაბი სტამბულში) შენაერთები და ნაწილები დისლოცირებული იყო აღმოსავლეთ თრაკიაში და ქოჯაელის ნახევარკუნძულზე, მე-2 საველე არმიისა (შტაბი კონიაში) – ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში და მე-3 საველე არმიისა (შტბი ერზინჯანში) – სსრკ-თან მოსაზღვრე ანატოლიის აღმოსავლეთ რაიონებში. საველე არმიები შემადგენლობის მიხედვით ერთგვარეოვანი არ ყოფილა. 1-ლ საველე არმიაში შედიოდა ოთხი საარმიო კორპუსი, რომელთა შემაგენლობაშიც იყო ათი დივიზია და ორი ცალკეული ბრიგადა. მე-2 საველე არმიაში – სამი საარმიო კორპუსი, რომლებშიც შედიოდა ორი დივიზია და ხუთი ცალკეული ბრიგადა. მე-3 საველე არმიაში – სამი საარმიო კორპუსი, რომლებიც მოითვლიდა ხუთ დივიზიასა და ხუთ ცალკეულ ბრიგადას. ამრიგად, სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში 1970-იანი წლების დასაწყისში იყო სულ 17 დივიზია (14 ქვეითი, 2 მექანიზებული და 1 ჯავშანსატანკო), 12 ცალკეული ბრიგადა (7 ქვეითი, 4 ჯავშანსატანკო, 1 საჰაერო-სადესანტო) და საარმიო და საკორპუსო დაქვემდებარების რიგი ნაწილები. გარდა ამისა, სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედიოდა 4 სასწავლო დივიზია (3 ქვეითი და 1 ჯავშანსატანკო).
სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენდა ქვეითი დივიზია. ორგანიზაციულად ის შედგებოდა სამი ქვეითი და ერთი საარტილერიო პოლკებისგან, სატანკო ბატალიონისა (54 ტანკი) და საბრძოლო უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. დივიზიაში იყო დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, 60-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 250 საარტილერიო ქვემეხი, ნაღმსატყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) გასაშვები დანადგარი.
მექანიზებულ დივიზიას, ისევე როგორც ქვეითს, ჰყავდა სამი მექანიზებული და ერთი საარტილერიო პოლკები, აგრეთვე საბრძოლო უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. დივიზიაში იყო პირადი შემდგენლობის 14 ათას ადამიანზე მეტი, 180-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 400 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), 280-ზე მეტი საარტილერიო ქვემეხი, ნაღმსატყორცნი და ტსმრჭ დანადგარი. ქვეითი დივიზიისგან განსხვავებით, რომელიც მექანიკური გაწევის არტილერიითა და ნაღმსატყორცნებით იყო აღჭურვილი, მექანიზებული დივიზია თვითმავალი საარტილერიო და სანაღმსატყორცნე დანადგარებით გახლდათ შეიარაღებული.
ჯავშანსატანკო დივიზია შედგებოდა ოთხი სატანკო და ოთხი მოტოქვეითი ბატალიონისგან, დივიზიის არტილერიისა (ოთხი საარტილერიო დივიზიონი) და საბრძოლო უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. დივიზიის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება იყო 12,5 ათასზე მეტი ადამიანი. დივიზიის შეიარაღებაში შედგებოდა 250-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 400 ჯავშანტრანსპორტერი და 160-მდე საარტილერიო ქვემეხი და ნაღმსატყორცნი.
თურქეთის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში 1970-იანი წლების დასაწყისში იმყოფებოდა უმთავრესად ამერიკული წარმოების საბრძოლო ტექნიკა და იარაღი, მათ რიცხვში ტანკები M47 და M48, უმართავი რაკეტები «ონესტ ჯონი», 203,2-მმ ჰაუბიცები M2, 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M55, 155-მმ ზარბაზნები M1A1, 155-მმ ჰაუბიცები M1A2, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M44A1, 105-მმ ჰაუბიცები M2A1, 105-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M52A1, 106-მმ უუკუცემო ქვემეხები M40, 106,7-მმ და 81-მმ ნაღმსატყორცნები, მცურავი მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერები M113. გარდა ამისა, იყო ტსმრჭები 810B (გფრ) და SS-10 და SS-11 (საფრანგეთი) და სხვა შეიარაღება.
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მთლიანად იყო ჩართული ნატო-ს მე-6 გაერთიანებულ (სამოკავშირეო) ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა ორი ტაქტიკური საჰაერო არმია (ტჰა), რომელთა შტაბებიც ესქიშეჰირსა (1 ტჰა) და დიარბაქირში (2 ტჰა) იმყოფებოდა, აგრეთვე საზენიტო მართადი რაკეტების (ზმრ) «ნაიქი» სარაკეტო ბაზა, სასწავლო საავიაციო სარდლობა იზმირში და სატრანსპორტო ჯგუფი ეთიმესუტში.
1 ტჰა აერთიანებდა ოთხ საავიაციო ბაზას: ესქიშეჰირს, მიურთედს, ბანდირმასა და ბალიქესირს. ავიაბაზა ესქიშეჰირში დისლოცირებული იყო გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-100D ორი ესკადრილია და თვითმფრინავ-მზვერავების RF-84F ერთი ესკადრილია, ავაიაბაზა მიურთედში – გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-104 ერთი ესკადრილია და გამანადურებლების F-102A ერთი ესკადრილია, ავიაბაზა ბანდირმაში – გამანადგურებლების F-5A ორი ესკადრილია და ავიაბაზა ბალიქესირში – გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-100D ერთი ესკადრილია და თვითმფრინავ-მზვერავების RF-5A ერთი ესკადრილია.
2 ტჰა-ის შემადგენლობაში შედიოდნენ: F-102A თვითმფრინავების ერთი და F-5A თვითმფრინავების ერთი ავიაესკადრილიები (ბაზირებული იყვნენ ავიაბაზა მერზიფონში), გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-100D ორი ავიაესკადრილია და თვითმფრინავ-მზვერავების RF-84F ერთი ესკადრილია (ავიაბაზა დიარქაბირში), გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-100D ორი ავიაესკადრილია (ავიაბაზა ერჰაჩში).
თითოეული ესკადრილიის შეიარაღებაში 18-25 საბრძოლო თვითმფრინავი იმყოფებოდა (მათ შორის სარეზერვოც).
ზმრ «ნაიქების» სარაკეტო ბაზაში იყო რვა ესკადრილია, რომელთა შეიარაღებაშიც ზმრ «ნაიქ აიაქსებისა» და «ნაიქ ჰერკულესების» 74 გასაშვები დანადგარი შედგებოდა. ყველა ეს ესკადრილია ბოსფორის სრუტის რაიონში გახლდათ განლაგებული.
უშუალოდ სჰძ-ის სარდალს ექვემდებარებდა სატრანსპორტო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სამი სატრანსპორტო ავიაესკადრილია შედიოდა.
ბაზები ღაზიემირი, ჩიგლი და კონია შედიოდნენ სასწავლო საავიაციო სარდლობის შემადგენლობაში. ამასთან ავიაბაზა ღაზიემირი საფრენოსნო შემადგენლობის საწყისი მომზადებისთვის იყო განკუთვნილი. მფრინავების სწავლება T-34, T-6 «ჰარვარდი» Mk4 (კანადური წარმოების), აგრეთვე C-47 და T-42A თვითმფრინავებით ხორციელდებოდა. მფრინავ-გამანადგურებლების მომზადება ჩიგლისა და კონიას ავიაბაზებში წარმოებდა, რისთვისაც იყენებდნენ თვითმფრინავებს T-33, T-37B, F-84F, F-100F, TF-102A, TF-104 და F-5B.
სულ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების დასაწყისში იყო საბრძოლო ავიაციის თექვსმეტი ესკადრილია (360 თვითმფრინავი), სატრანსპორტო ავიაციის სამი ესკადრილია (80 თვითმფრინავი და 15 ვერტმფერენი), სამი სასწავლო ავიაბაზა (170 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი).
უახლოეს წლებში მოელოდნენ აშშ-დან თურქეთში დაახლოებით 40 თვითმფრინავის F-4 «ფანტომისა» და 100-მდე რეაქტიული გამანადგურებელ-ბომბდამშენის F-100 მიწოდებას, რომლებსაც მოძველებული თვითმფრინავების შესაცვლელად გამოიყენებდნენ. უცხოური ბეჭდური გამოცემები 1973 წლის მარტში იტყობინებოდნენ თურქეთსა და ამერიკულ კომპანიებს «ნორთროპსა» და «ლოქჰიდს» შორის მოლაპარაკებების შესახებ თურქეთის ტერიტორიაზე F-104 და F-105 რეაქტიული გამანადგურებლების ასაწყობი საწარმოს მშენებლობის საკითხში.
სამხედრო-საზღვაო ძალები საორგანიზაციო მიმართებით იყოფოდა სამხედრო-საზღვაო ფლოტად, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამხედრო-საზღვაო ზონების სარდლობებად, საზღვაო ავიაციად, სასწავლო სარდლობად და მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის გიოლჯუკის სარდლობად.
სამხედრო-საზღვაო ძალების საფუძველი გახლდათ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომელიც შედგებოდა სამი ფლოტილიისგან: საბრძოლო წყალზედა ხომალდების, წყალქვეშა ნავებისა და სანაღმო ფლოტილიებისგან. საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში 1970-იანი წლების დასაწყისში იყო 184 საბრძოლო ხომალდი და სხვადასხვა დანიშნულების კატარღა, მათ რიცხვში: 14 საესკადრო ნაღმოსანი, 15 წყლქვეშა ნავი, 8 მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, 56 მცირე სადესანტო ხომალდი და კატარღა, 46 სადარაჯო და ნავსაწინააღმდეგო კატარღა, 11 სატორპედო კატარღა, 20 ტრალერი, 14 სანაღმო და საბადე გადამღობი. გარდა ამისა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 88 დამხმარე გემიც შედიოდა.
თურქეთის სზძ-ის საზღვაო ავიაციას ჰყავდა ერთი ესკადრილია (12 საპატრულო თვითმფრინავი S-2E) და რამდენიმე ვერტმფრენი AB 205, რომლებიც ავიაბაზა ყარამიურსელში იყვნენ ბაზირებული (მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის გიოლჯუკის რაიონში).
სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითად ბაზებს წარმოადგენდა გიოლჯუკი (მთავარი), მერსინი, იზმირი, სტამბული და ერეგლი (შავ ზღვაზე).
ფლოტის პირადი შემადგენლობის მომზადებას სასწავლო სარდლობა ახორციელებდა, რომელიც გიოლჯუკში იმყოფებოდა.
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში ძირითადად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში აგებული ხომალდები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნატო-ს სამხედრო დახმარების პროგრამით იყო მიწოდებული. თურქეთის ეროვნულ გემთსამშენებლო მრეწველობას შეეძლო ყველა იმ კლასის ხომალდების რემონტი ეწარმოებინა, რომლებიც თურქული ფლოტის შემადგენლობაში იყვნენ, და მცირე რაოდენობით ხომალდებიც აეგო, მათ რიცხვში საესკადრო ნაღმოსნები და დიზელური წყალქვეშა ნავები.
თურქეთის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სისტემა და მასში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრებოდა 1927, 1939 და 1944 წლების კანონებით საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მათი შემავსებელი 1967 წლის კანონით ოფიცერთა და უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ. შეიარაღებული ძალების რიგითი შემადგენლობით დაკომპლექტებას ექსტერიტორიულობის პრინციპი ედო საფუძვლად, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ნამდვილი სამხედრო სამსახურის იმ რაიონებში გავლას ითვალისწინებდა, რომლებიც მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან მნიშვნელოვნად იყო დაშორებული. რეზერვისტების აღრიცხვა და არმიაში მათი გაწვევა კი ტერიტორიული პრინციპის მიხედვით ხორციელდებოდა.
საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონით სამხედრო ვალდებულებად 20-დან 46 წლამდე ასაკის მამაკაცები ითვლებოდნენ, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი იყვნენ. ახალწვეულების გაწვევა წელიწადში სამჯერ ტარდებოდა. ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა ჯარების ყველა გვარეობაში 18 თვე გახლდათ. წერა-კითხვის უცოდინარი ჯარისკაცებისა და მატროსებისთვის ეს ვადა ორი თვით იზრდებოდა. თადარიგის სამხედროვალდებულებს პერიოდულად 30-45 დღეღამით იწვევდნენ გადამზადებისთვის. ჯარების ყველა გვარეობისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა რიგითი შემადგენლობის საწყისი სამხედრო მომზადება სასწავლო შენაერთებში, ნაწილებსა და რიგითი შემადგენლობის მომზადების ცენტრებში ხორციელდებოდა. უნტერ-ოფიცერთა (სერჟანტთა) შემადგენლობა ორ კატეგორიად იყოფოდა: ვადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრებისა და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრების. პირველი კატეგორია ყველაზე უფრო განათლებული ჯარისჯაცების რიცხვიდან კომპლექტდებოდა, რომლებსაც შენაერთებსა და ნაწილებში უნტერ-ოფიცერთა კურსებზე მოკლევადიანი მომზადება ჰქონდათ გავლილი. სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი თადარიგში თავისუფლდებოდნენ ან კიდევ სურვილის მიხედვით შეეძლოთ ზევადიან სამსახურში დარჩენილიყვნენ.
ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობა ნაწილებსა და ქვედანაყიოფებში ოფიცრების ძირითად საყრდენს წარმოადგენდა. მას ეკისრებოდა ძირითადი ნაწილი ამოცანებისა ჯარისკაცების განსწავლასა და აღზრდაში, მათ იდეოლოგიურ დამუშავებასა და ჯარებში დისციპლინის შენარჩუნებაში. ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობა კომპლექტდებოდა, განისწავლებოდა და სამსახურს გადიოდა «თურქეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ» # 926 კანონის საფუძველზე, რომელიც მეჯლისმა 1967 წლის 27 ივლისს მიიღო. უნტერ-ოფიცრობის კანდიდატებს ნებაყოფლობით საფუძველზე ირჩევდნენ იმ ჯარისკაცებისა და მატროსების რიცხვიდან, რომელთაც ჰქონდათ საშუალო განათლება, აგრეთვე უნტერ-ოფიცერთა მოსამზადებელი სკოლების გამოშვებულთა რიცხვიდან.
ოფიცერთა კადრების მომზადება თურქეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების სისტემის მეშვეობით ხორციელდებოდა. ეს სასწავლო დაწესებულებები სამ ტიპად იყოფოდა: ლიცეუმებად, სასწავლებლებად და აკადემიებად. გარდა ამისა, იყო თადარიგის ოფიცერთა მომზადების სკოლებიც.
სამხედრო ლიცეუმები სწავლების სამწლიანი ვადით ამზადებდნენ კანდიდატებს სამხედრო სასწავლებლებში შესასვლელად. ლიცეუმებში თავდაპირველ (საწყის) სამხედრო მომზადებასთნ ერთად კურსანტები დასრულებულ საშულო განათლებასაც ღებულობდნენ.
სამხედრო სასწავლებლები იყო ჯარების ყველა გვარეობაში. სწავლების ვადა მათში ორი-სამი წელი გახლდათ. სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულნი ჯარებსა და შტაბებში საოფიცრო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. ოფიცრების გადამზადებისთვის სამხედრო სასწავლებლებსა და აკადემიებში არსებობდა სრულყოფის კურსების ქსელი, აგრეთვე შენაერთებსა და ნაწილებშიც ხდებოდა მათი ორგანიზაცია.
უფროსი და უმაღლესი სამეთაურო და საუფროსო (начальствующий) შემადგენლობის მომზადება სტამბულში შეიარაღებული ძალების სახეობათა სამხედრო აკადემიებში ხორციელდებოდა.
იდეოლოგიური მუშაობა არმიაში თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკის შესაბამისად აიგებოდა, რომელშიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, უკვე დიდი ხანი იყო, რაც მნიშვნელოვანი ადგილი ქვეყანაში პროგრესულ დემოკრატიულ მოძრაობასთან ბრძოლას და ანტიკომუნიზმს ეკავა. ბეჭდურ სიტყვაში რეგულარულად ათავსებდნენ წერილებს, რადიოთი და ტელეხედვით გადასცემდნენ ლექციებს, მოხსენებებსა და საუბრებს, რომლებშიც ნებისმიერ ანტისამთავრობო მოქმედებებს ან თავიანთი უფლებებისთვის მშრომელთა გამოსვლებს, როგორც წესი, კომუნისტებს მიაწერდნენ და «საერთაშორისო კომუნიზმის» ხრიკებად ასაღებდნენ. 1960-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანების დასაწყისში რიგი ღონისძიებები იქნა გატარებული, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში კონტრსადაზვერვო და პროპაგანდისტული ორგანოების გაძლიერებაზე იყო მიმართული. პირად შემადგენლობას შორის ანტიკომუნისტური შინაარსის ბროშურები ვრცელდებოდა, რომლებსაც ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი გამოსცემდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს რაიმენაირ პოლიტიკურ ორგანიზაციებში შესვლა და მიტინგებსა და შეკრებებზე დასწრება ეკრძალებოდათ. თურქი ჯარისკაცების აღზრდა არსებული რეჟიმისადმი ერთგულებისა (преданность) და ნატო-სა და სენტო-ს ბლოკებში მოკავშირეებისადმი ერთგულების (верность) სულისკვეთებით წარმოებდა.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, თურქეთის შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით 1960-იანი წლების დასაწყისიდან, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ფაქტიურად გადამწყვეტ როლს თამაშობდა. სამხედრო ხელმძღვანელობის არაერთი ოფიციალური განცხადების მიუხედავად იმის შესახებ, რომ თურქეთის არმია «ძველი გარეშე მტრებისგან ქვეყნის დასაცავადაა» განკუთვნილი, შეიარაღებული ძალები საშინაო ფუნქციებსაც არანაკლები ხარისხით ასრულებდა, და ამით გაბატონებული კლასის ინტერესებს იცავდა. 1960 წლის მაისში, როცა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ბაიარ-მენდერესის რეაქციული მთავრობის პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ ქვეყანაში მშრომელთა მასობრივი გამოსვლები დაიწყო და არსებულ რეჟიმს მუქარა შეექმნა, უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა საშინაო საქმეებში გადაჭრით ჩაერია და შეიარაღებული ძალების გამოყენებით ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის რეჟიმი დაამყარა. შემდგომ წლებში მშრომელთა გამოსვლების ჩასახშობად, რომლებიც მატერიალური მდგომარეობისა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, რეგულარული ქვეითი და ჯავშანსატანკო ნაწილები არაერთხელ ყოფილა გამოყენებული. 1971 წლის მარტში თურქეთი სტუდენტებისა და ახალგაზრდობის ანტიამერიკული და ანტისამთავრობო გამოსვლების ახალმა ტალღამ მოიცვა, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნატო-დან გამოსვლასა და სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ. გენერალური შტაბის უფროსმა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლებმა, რომლებიც არმიას ემყარებოდნენ, დემირელის მთავრობა ხელისუფლებას ჩამოაშორეს და ქვეყანაში ფაქტიურად ყველა დემოკრატიული პარტია და ორგანიზაცია გაანადგურეს (разгромили). საჯარისო სწავლების სახით, რომელშიც 50 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, 1972 წლის იანვარში სტამბულში ადგილობრივ მოსახლეობას შორის მასობრივი ჩხრეკები და დაპატიმრებები იქნა ჩატარებული. არმიის ამ მოქმედებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სხვადასხვა პროგრესულ ორგანიზაციებში შედიოდნენ.
მთლიანობაში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, თურქეთის მმართველი წრეების სამხედრო პოლიტიკა 1970-იანი წლების დასაწყისში იმპერიალისტურ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში აქტიურ თანამშრომლობაზე იყო მიმართული.
გამოყენებული წყარო
Генерал-майор танковых войск С. Крахмалов, подполковник И. Иванов, «Военная политика и вооружённые силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1973 г., № 12.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
(ზემოთ თარგმანი წარსულ დროშია გადაყვანილი, რადგანაც 2010-იან წლების მიწურულს და 2020-იიანების დასაწყისში მზადდებოდა ცალკეული წერილების საფუძველზე წიგნის გამოცემა, რაც თავდაცვის სამინისტროსა და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შედეგად ვერ განხორციელდა)
No comments:
Post a Comment