Tuesday, June 25, 2024

გრაფების ნესელროდესა და პასკევიჩის მიმოწერიდან 1828-29 წლების მიჯნაზე

(გრაფი კარლ ნესელროდე მაშინ გახლდათ რუსეთის იმპერიის ვიცე-კანცლერი, გრაფი ივანე პასკევიჩი კი საქართველოში მთავარმართებელი და იმპერიის კავკასიის კორპუსის ჯარების მთავარსარდალი) 


გრაფ ნესელროდეს მიმართვიდან გრაფ პასკევიჩისადმი, 1828 წლის 4 დეკემბერს, # 1952. 




უწინ ჩემთვის შეტყობინებული თქვენი აზრები ახალციხესთან მიმართებაში ასევე საფუძვლიანადაა შეფასებული. ჩვენი წარმატებები ახლანდელ ომში, უეჭველად, იძლევიან ხელსაყრელი ზავის დადების იმედს ოტომანის პორტასთან. ყოველივე ამასთან ერთად, ჩვენი საქმეები თურქეთთან შეადგენენ რგოლს ევროპული პოლიტიკის საერთო სისტემაში, და ამიტომ შეუძლებელია უკვე ახლა წარმოვთქვათ დაჯერებულად, თუ რომელი ხაზის დადების საშუალებას მოგვცემენ გარემოებები საზღვრად ჩვენსა და ამ დერჟავას შორის როგორც ევროპაში, ისე აზიაშიც. ამის შეფასებაში, ყველაზე უფრო მოსახერხებლად გვეჩვენება, არ გაგვიტაცოს შორეულმა მიზნებმა, ვისარგებლოთ ახლანდელი მდგომარეობით ყველა შესაძლებელი სარგებლის მოსატანად იმ ოლქებისათვის, რომლებიც უკვე იმყოფებიან ხელმწიფე იმპერატორის დერჟავის (სამპყრობელოს) ქვეშ, ვეცდებით რა მოვიზიდოთ მშვიდობისმოყვარე საშუალებებით დაპყრობილი მიწების მცხოვრებნი ჩვენი საზღვრისპირა სამფლობელოების ნებაყოფლობით დასახლებისათვის კავკასიონის იქით, როგორებიცაა იმერეთი, სამეგრელო, რომლებშიც ყველაფერი მეტად უხვადაა ბუნებისაგან, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმუშავებელია ხელების უკმარისობის გამო. ვიცი რა თქვენი ბრწყინვალების მზრუნველობა და თვალმოუხუჭავი მეურვეობა თქვენდამი ჩაბარებული მხარის კეთილდღეობაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საგანსაც მიაპყრობთ თქვენს გამჭრიახ ყურადღებას და, შეესაბამებით რა ქრისტიანთა მზადყოფნას, რომლებიც ჩვენს მეზობლად თურქეთის აზიურ ოლქებში ცხოვრობენ, დაასახლებთ უძველესი კოლხეთის დაცარიელებულ ადგილებს. 


გრაფ პასკევიჩის მიმართვა გრაფ ნესელროდესადმი, 1829 წლის 5 იანვარს, # 3. 




მაქვს რა პატივი მიმეღო თქვენი ბრწყინვალების 4 დეკემბრის მომართვა, # 1952, უწმინდეს მოვალეობად ვისახავ აღვასრულო, რამდენადაც ეს ჩემგან იქნება შესაძლებელი, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანება, ამ მომართვაში გადმოცემული, რომელიც შეეხება მცხოვრებთა გადმოსახლებას დაპყრობილი თურქული პროვინციებიდან ჩვენს სასაზღვრო სამფლობელოებში კავკასიონის იქით, მაგრამ არ შემიძლია გავჩუმდე იმ სიძნელეების შესახებ, რომლებიც უნდა შეგვხვდეს ამ საქმეში. 

იმერეთი და სამეგრელო, თითქოს და, ნამდვილად წარმოადგენდნენ ასეთ გამოსულთა დასახლებისათვის განსაკუთრებულ მოხერხებულობას, მგრამ ადგილობრივი პირობები გვიჩვნებს ამის საწინააღმდეგოს. ეს ოლქები შედგება ან გაუვალი და ვრცელი ჭაობებისაგან, რომლებიც ხშირი ტყეებითაა დაფარული, ან კიდევ ასევე უნაყოფო და ტყიანი მთებისაგან, რომლებზედაც არცთუ ბევრი ადგილი, რომლებიც ხვნა-თესვისა და მესაქონლეობისთვისაა გამოსადეგი, უკვე დაკავებულია ბუნებრივ მცხოვრებთა მიერ. იმერეთის სივრცისა და მცირე მოსახლეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ შეიძლება არ გვიკვირდეს, რომ თვით მის ახლანდელ მცხოვრებთაც კი არ შეუძლიათ მოიწიონ საკვები ადგილობრივი ხერხებითა და საშუალებებით. მაგრამ ეს უდავო ჭეშმარიტებაა – თითქმის ყველა დღიური მუშა, კურტნის მუშა და ყველანი, რომლებიც ყველაზე უფრო მდაბიო და ძნელ სამუშაოებს ასრულებენ ტფილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, არიან იმერლები, და მათ რომ თავისთან საკმარისი მიწა და მისი დამუშავების საშუალებები ჰქონოდათ, მაშინ, რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობას, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, როცა ახლანდელ მძიმე სამუშაოებს ასრულებენ, მიმართავდნენ შინაურ სასოფლო საქმიანობაზე, არ დაშორდებოდნენ რა თავიანთ ოჯახებსა და საცხოვრებლებს ყოველდღიური საკვების მოსაძიებლად. არცთუ დიდი ხნის წინ ვეძიებდი მოსახერხებელი სახაზინო მიწის უბანს (ნაკვეთს) იმერეთში, დონის მხედრობაში გამოვლენილი დუხობორების იქ დასასახლებლად, რომელთა გადმოსახლებაც იქიდან კავკასიურ პროვინციებში ივარაუდება; მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოჯახების რიცხვი დაახლოებით 150 არ აღემატება, მათი დასახლებისთვის საჭირო სახაზინო მიწების სივრცე ვერ მოიძებნა. ამრიგად, იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობა და (მიწის) დამუშავება უნდა მივანდოთ ხალხმოსახლეობის ბუნებრივ, თუმცა კი მეტად ნელ გამრავლებას, მცხოვრებთა კეთილდღების სრულყოფას. მაშინ, ცოტ ცოტად ტყეები გაიწმინდება (გაიჩეხება), ჭაობები დაშრება, და ადამიანთა შრომისმოყვარეობა, შეაღწევს რა ისეთ ადგილებში, რომლებიც დღემდე გაუვალად ითვლება, მათ ბაღებად და ყანებად გადააქცევს. ახლა კი გადმოვასახლოთ მცხოვრებნი ყველაზე უფრო ჯანსაღი და რუსულ კლიმატთან სრულებით მსგავსი ადგილებიდან ისეთ ადგილებში, რომლებიც ცნობილია კლიმატის მომაკვდინებელი გავლენით ჯანმრთელობაზე, რათა თავად გადმოსახლებულებმა გაწმინდონ ტყეები, დააშრონ ჭაობები და და მოამზადონ ხვნა-თესვისათვის მოსახერხებელი მინდვრები, ეს იქნებოდა გარდაუვალი დაღუპვისათვის მათი გაწირვა. გარდა ამისა, მათი შეკავებაც ამ ადგილებში შეუძლებელი იქნება, და ისინი მაშინვე გაიფანტებიან, რაც მე ჩემი გამოცდილებით უკვე მოვასწარი მენახა. 

რაც შეეხება სამეგრელოს, ზემოაღწერილ მოუხერხებლობებთან ერთად წარმომიდგება კიდევ ისიც, რომ ეს ოლქი მფლობელი მთავრის მფლობელობაში შედგება, რომლის მმართველობაც, რა თქმა უნდა, ჯერ სულაც ვერ შეედრება რუსეთის მთავრობას, რომელიც მოქმედებს შეუცვლელი კანონებით, დაფუძნებულით სამართლიანობასა და კეთილმოწყალე ზრუნვაზე ყველასა და თითოეულის კეთილდღეობისათვის. მეზობელი თურქული სამფლობელოების მცხოვრებნი, მათი ხშირი ურთიერთობების მიხედვით ჩვენს კუთვნილ ოლქებთან, ეცოდინებათ რა ასეთი განსხვავება, ვერ მიიღებენ განსაკუთრებულ ხალისს რომ ისეთი მფლობელის ძალაუფლების ქვეშ შედგებოდნენ, რომელიც თავის ხალხს ისეთი წესებით მართავს, რომლებიც მცირედ განსხვავდება ან სულაც უარესია იმაზე, რა მათ უკვე განიცადეს თურქული მთავრობის ხელში. 

ამრიგად, ყველა სხვა წინააღმდეგობის მოცილების შემდეგ, ქრისტიანთა გადმოსახლება ახლად დაპყრობილი თურქული პროვინციებიდან შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოებული ახალციხის საფაშოს შემდეგ ადგილებში ქართლის მასთან მომიჯნავე ნაწილებში, თრიალეთში, სომხითში (წერია в Сомхетию); ყარსის საფაშოდან ბამბაკისა და შურაღელის დისტანციებში, სომხეთის ოლქის ზემო ნაწილში, არპაჩაიდან თალინამდე, და ბოლოს, ბაიაზეთის საფაშოდან სომხეთის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც არაქსის მარცხენა ნაპირზე იმყოფება. 

მაგრამ თურქეთის ახლანდელი საზღვრის გაყოლებაზე, მდინარე ქციას (ხრამის) სათავეებიდან სომხითში, ბამბაკსა და შურაღელში ალაგჲოზეს დამრეცებამდე და შემდეგ, ჩვენი უწინდელი საზღვრის გაყოლებაზე ერივანის სახანოსთან გოქჩის ტბამდე, ამ ტბის მახლობლად და შემდეგ თვით დარალაგჲოზამდეც, ნავარაუდევია მალოროსიელი კაზაკების 20 ათასი ოჯახის დასახლება, ამ საკითხზე განსაკუთრებულად შემდგარი უზენაესი ბრძანების მიხედვით. შესაბამისად, მთელ ზემოხსენებულ სივრცეზე სხვა გადმოსახლებულთა ჩასახლებას რომ მივმართოთ შეუძლებელია. 

სომხეთის ოლქში გასულ წელს უკვე გადმოყვანილია სპარსეთიდან დაახლოებით 7 ათასი ოჯახი ქრისტიანებისა, რომელთა დასახლებისთვისაც ამ ოლქის ქვემო ნახევარში მიწები საკმარისი არ არის, ამიტომ მათი ნაწილი დასახლებულ უნდა იქნას ერივანის სახანოს ზემო ნაწილებში და მდინარე არაქსის მარცხენა ნაწილის გაყოლებაზე. 

ამრიგად, ახლად დაპყრობილი თურქული საფაშოებიდან გამოსულთაგან არცთუ ბევრისათვის იქნება შესაძლებელი თავშესაფრისა და დასახლებისათვის მოსახერხებელი მიწების მიცემა ჩვენს სამფლობელოებში, და თუმცა კი მე ვიღონებ ჩემზე დამოკიდებულ ყველა ზომას მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ბრძანების აღსრულებისათვის, რომელიც ამ საგანზე მე გამომეცხადა, მაგრამ ვალდებულებად მივიჩნევ ყველა ზემოგანმარტებული გარემოებები, რომლებიც ამაში ხელს შემიშლიან, წინასწარ მოვიტანო თქვენი ბრწყინვალების ცნობამდე და გთხოვოთ უმორჩილესად წარუდგინოთ ისინი მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლადმოწყალე განხილვას. 

მე არ ვლაპარაკობ უკვე იმის შესახებ, რომ ქრისტიანთა გადმოსახლებისას ზავის დადებამდე ვერ იქნება შესაძლებელი დავუმალოთ თურქებს, რომ ჩვენს მთავრობას არ აქვს განზრახული შეინარჩუნოს პროვინციები, ჩვენივე იარაღით შეძენილნი, და რომ ამ პროვინციებში მცხოვრები მუსლიმანები, რომლებსაც ახლა იმის უცოდინრობაში ამყოფებენ, თუ ვის კუთვნილებაში იქნებიან ისინი, რა თქმა უნდა, მაშინ ისინი დაიწყებენ ყველაფერში ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევას და მტრულ მოქმედებებზე კი შეიძლება გამოიღონ ხელი. 

ყოველივეს დასკვნის სახით პატივი მაქვს დავუმატო, რომ აქ ადგილზე შეგროვებული ყველა ცნობის მიხედვით, თურქეთის მთავრობა მცირე წინააღმდეგობას თუ გაგვიწევს ჩვენთვის აზიაში მისი ამ ყველაზე უფრო უკიდურესი სამფლობელოების დათმობაში. ამ დრომდე ოტომანის პორტას ჩვენს მიერ დაპყრობილი სამი საფაშოდან და გურიის თურქული ნაწილიდან უმცირესი შემოსავალიც კი არ მიუღია, და ეს მოსულები თითქმის დამოუკიდებელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ახალციხეში ხალხის ძალაუფლება აღემატებოდა ფაშას ძალაუფლებას, და არაერთხელ თურქული ჯარები დამარცხებულ ყოფილან ახალციხის მცხოვრებთა მიერ მათი თავკაცებისა (старшин) და გვართა უფროსების წინამძღოლობით. ბაიაზეთში საფაშოს მმართველობა იყო მემკვიდრეობითი ერთ ქურთულ საგვარეულოში; ყარსში ასევე მცირედ ემორჩილებოდნენ სულთანს, და უკანასკნელ ხანს კი იქაურმა მცხოვრებლებმა და ახალციხისაც სრულებით უარი განაცხადეს რეგულარული ჯარების დაარსებაზე, რომელთა შემოღებაც თურქეთში ხდება. რა თქმა უნდა, ოტომანის პორტასათვის ვერ იქნება ძვირფასი ეს შორეული ოლქები, რომლებსაც არ მოაქვთ მისთვის არანაირი სარგებელი და სიმძიმედ აწვებიან მას, მათში წარმოქმნილი ხშირი მოუწყობლობისა და არეულობების გამო, მაშინ როდესაც ევროპაში ყველანაირი დათმობა, რა თქმა უნდა, სადავო და საკამათო იქნება თურქეთის სამინისტროს მხრიდან მისთვის დამახასიათებელი ქედუხრელობით. თუმცა კი მე არ ვიცი ევროპული პოლიტიკის ნამდვილი შეხედულებანი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული დერჟავებიც უფრო გულგრილად დაუწყებენ ყურებას ჩვენს შენაძენებს აზიაში, რომლებიც აცილებელია ჩვენი საზღვრების მომრგვალებისა და მტკიცედ მოზღუდვისათვის მსოფლიოს ამ ნაწილში, ვიდრე ჩვენი საზღვრების გაფართოებას ევროპის მხრიდან, რომელიც, აღძრავს რა ყოველთვის შურს ევროპულ სამეფო კარებში, აიძულებს მათ იყენებდნენ ძლიერ წინააღმდეგობებს.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment