Sunday, June 30, 2024

გრაფ ფასკევიჩის ყოვლადუქვეშევრდომილესი რაპორტი, 1828 წლის 19 ივნისს. – ბანაკი ყარსის ციხესიმაგრესთან.




ამ ივნისის თვის 14 რიცხვში საზღვარზე გადასვლის შემდეგ, მოქმედი კორპუსი ჩემი უფროსობით, მიდიოდა გჲუმრიდან პირდაპირი მიმართულებით ციხესიმაგრე ყარსისაკენ, სოფლების თიხნისის, ფალდარავანისა და მეშქოს გავლით. მთელი ეს მხარე, სომხებით დასახლებული, ახლა სრულიად უკაცრიელია, ვინაიდან თურქეთის მთავრობამ ყველა მცხოვრები მოშორებულ ადგილებში გადაასახლა. 

სოფელ მეშქოსთან 17 რიცხვში პირველად გამოჩნდა მოწინააღმდეგე. მისი ცხენოსანი ჯარი, დიდი რიხვით გამოვიდა რა 16 ვერსის დაშორებაზე ციხესიმაგრიდან, თავზე დაესხა ჩვენს მეწინავე პიკეტებს, მაგრამ დამხმარე ძალების მისვლის შემდეგ მოგერიებულ იქნა. ამ ცხენოსანი ჯარის სიმამაცე, რომელმაც გაბედა დიდი მანძილით დაშორებოდა ციხესიმაგრეს, და მასთან ერთად მსტოვრების მიერ მოწოდებული ცნობები გვიჩვენებდა, რომ ყარსის გარნიზონი მეტად მრავალრიცხოვანია და კარგი ჯარებითაცაა შედგენილი. ცხენოსანი ჯარის რიცხვი, რომელიც დელი-ბაშების, ქურთებისა და ყარაფაფახებისაგან შედგება, 5 ათასამდე ვრცელდება; ქვეითი ჯარი კი მოიცავს ყველა მცხოვრებს, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია და რომელთა რიცხვმაც მოსულ ლაზებთან ერთად, შეიძლება ასევე დაახლოებით 5 ათასი ადამიანი შეადგინოს. 

სოფელ მეშქოდან, დავტოვე რა გჲუმრის დიდი გზა, გადავწყვიტე საფლანგო მოძრაობით შემომევლო ციხესიმაგრისათვის და, დავცემდი რა ბანაკს არზრუმის დიდ გზაზე, აღმეკვეთა შეტყობინება ყარსსა და არზრუმს შორის და ამით წამერთმია პირველი ციხესიმაგრისათვის მოსალოდნელი დახმარება სერასკირისაგან, რომელიც ვარაუდობდნენ რომ 30-ათასიანი კორპუსით ყარსისაკენ მოდიოდა. ხსენებული საფლანგო მოძრაობა, თავისი წესითა და რიგით შესრულებული, ციხესიმაგრის თვალწინ, არ ყოფილა ხელშეშლილი მოწინააღმდეგის მხრიდან. ტრანსპორტები და აღალები, ქვეით ბრიგადებს შორის დაყოფილნი, 4–4 რიგად მოდიოდნენ, იქვნენ რა დაფარულნი ქვეითი ჯარითა და არტილერიით; ცხენოსან ჯარს ეკავა მინდორი, რომელიც ციხესიმაგრისაკენ იყო მიქცეული. სოფელ აზად-ქევას მახლობლად, სადაც ღამის გათევა გვქონდა დანიშნული, მოწინააღმდეგე, რომელსავ მეწინავე კაზაკები შეხვდნენ, განდევნილ იქნა ხრამიდან (из оврага) რამდენიმე ადამიანის დაკარგვით მოკლულებისა და ტყვედ წამოყვანილთა სახით. 

19 ივნისს სოფელ აზათ-ქევადან გაიგზავნა ვაგენბურგი დაფარვის ჯარებით ახლად დანიშნული ბანაკისაკენ, რომელიც კვეთდა არზრუმის გზას და იდო მდინარე ყარს-ჩაიზე, მე კი ჯარების მეტი ნაწილით წავედი პირდაპირ ყარსისაკენ განზრახვით მომეხდინა მისი გაძლიერებული მიმოხილვა. როგორც კი ჯარები საბრძოლო წყობით გამოჩნდნენ უკანასკნელ სიმაღლეებზე, რომლებიც ციხესიმაგრისაკენ ეშვებოდნენ, მრავალრიცხოვანი ცხენოსანი ჯარი გამოვიდა იქიდან და სწრაფად დაეტაკა კაზაკთა მეწინავე პოლკებს. ვითვალისწინებდა რა საველე ბრძოლის მიცემას, ვივარაუდე გამომეტყუებინა მოწინააღმდეგე რამდენადაც შესაძლებელი იქნებნოდა შორს ციხესიმაგრისაგან, რისთვისაც ვუბრძანე კიდეც კაზაკებს თანდათანობით დაეცალათ პოზიციის ფრონტი, დაიხევდნენ რა მარჯვენა ფლანგისაკენ. წარმატებაში დარწმუნებული მოწინააღმდეგე უკან დაედევნა ჩვენს კაზაკებს, და ამ მომენტში მე გავაგზავნე შტაბის უფროსის მოვალეობათა შემსრულებელი გენერალ-მაიორი ბარონი ოსტენ-საკენი გაერთიანებული ულანთა პოლკით, სახაზო კაზაკური თათართა ლაშქრითა და სახაზო არტილერიის ორი ქვემეხით მოწინააღმდეგისათვის ციხესიმაგრისაკენ გზის მოსაჭრელად. ამ შეტევის სიმწყობრემ და სისწრაფემ, რომელიც ციხესიმაგრის ცეცხლის ქვეშ მოწინააღმდეგის ფლანგში იყო წარმოებული, გადათელა იგი და მიაყენა სასტიკი დამარცხება. ამასობაში პიონერთა (მესანგრეთა – ი. ხ.) მე-8 ბატალიონი კაზაკთა სახაზო არტილერიის 4 ქვემეხით პოლკოვნიკ ბურცოვის უფროსობით გავგზავნე საკავალერიო შეტევის მხარდასაჭერად. წავიდა რა მარცხნივ, ციხესიმაგრესთან ახლოს, და სწრაფი ნაბიჯით დაეუფლა რა მისგან 200 საჟენზე მდებარე სიმაღლეს, ეს რაზმი თოფის სროლითა და ბატარეით სცემდა კვალში ქალაქისაკენ გაქცეულ მოწინააღმდეგეს. ასეთი მოძრაობით მნიშვნელოვანი ზარალი იქნა მიყენებული მისთვის, მთელი მინდორი მისი გვამებით იყო დაფარული და 20-მდე უამამაცესი მხედარი, რომელთა რიცხვშიც რამდენიმე ჩინოსანია, ტყვედაა წამოყვანილი. ამ უკანასკნელთაგან ვგებულობ, რომ მოწინააღმდეგემ დაკარგა 100-მდე ადამიანი მოკლული და 200-მდე დაჭრილი. ამ შეტევის განმავლობაში დონელ კაზაკთა პოლკებმა ჩვენს მარცხენა ფლანგზე გენ.-მ. ზავადოვსკის მეთაურობით ქართველ თავად-აზნაურობასთან ერთად, მარჯვენა ფლანგზე კი გენ.-მ. ლეონოვისა და პოლკ. სერგეევის მეთაურობით დაარტყეს მათ პირისპირ მყოფ ბრბოებს და ასევე შეყარეს ისინი ციხესიმაგრეში. სახაზო პოლკებსა და ქართველ თავადაზნაურობას პოლკ. თავადი ბეკოვიჩ-ჩერკასსკი მეთაურობდა. 

ამ საქმეში თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარებმა სამაგალითო სიმტკიცე გამოიჩინეს. არ უყურებდა რა მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის სიმამაცეს, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში ეშვებოდა, ჩვენი ირეგულარული კავალერია არაფრით ჩამოვარდებოდა მას ბრძოლის ამ გვარეობაში. ქვეით ჯარს კი, რომლის მიმართაც ციხესმაგრის ბატარეები ბირთვებით დაუდუმებლად მოქმედებდნენ, უძრავად ეკავა მისთვის დანიშნული ადგილები ნაშუადღევის 4 საათამდე, სანამ ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე სრულებით იქნებოდა დათვალიერებული. მაშინ უკვე დაიძრნენ ჯარები მარცხენა ფლანგით ბანაკისაკენ. ჩვენი დაკანარგი ამ დღეს 12 მოკლულისა და 12 დაჭრილისაგან შედგება; უკანასკნელთა რიცხვში სამი ოფიცერია. 

მდ. ყარს-ჩაის მარცხენა ნაპირზე ვუბრძანე მე 40-ე ეგერთა პოლკის ერთ ბატალიონს 2 სამთო ცალრქით (единорог /ქვემეხის სახეობაა/ – ი. ხ.) დაეკავებინა მაღალი მთა და აეგო მასზე რედუტი ბანაკის უზრუნველსაყოფად. საღამოსათვის გადავედი რა მდინარის იმ მხარეზე, მე დავასრულე ციხესიმაგრის მომიხილვა. მისი ძალა მეტად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ადგილზე მისი მდებარეობის გამო. ქვის სქელი კედლები სამ რიგად კოშკებით, რომლებიც ბასტიონების სახითაა აგებული, გარეშემო ერტყმიან ქალაქსა და წინაუბნების ნაწილს და ციტადელის თავდაცვის ქვეშ იმყოფებიან, რომელიც ძევს მაღალ კლდეზე, და ერთი გამაგრებული მთის თავდაცვის ქვეშაც, რომელსაც ყარადაღი ეწოდება. მრავალრიცხოვანი არტილერია, სავარაუდოდ 100 ქვემეხამდე, წმენდს მინდორს გასროლებით ყველა მხარეს; დედამიწის ნიადაგი განსაკუთრებით ქვიანია, რომელიც ეწინააღმდეგება სამუშაოებს, ხოლო ქალაქის უმთავრესი ძალა კი მეტად მრავალრიცხოვან გარნიზონში შედგება, – ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ალყაში მნიშვნელოვან სიძნელეებს წავაწყდებით. 


ასევე, 1828 წლის 23 ივნისს. – ციხესიმაგრე ყარსი. 

თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დროშები ფრიალებს ყარსის კედლებზე, რომელიც იერიშით იქნა აღებული ამ რიცხვში დილის 8 საათზე. მის სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე მოწინააღმდეგეს ჰქონდა გამაგრებული ბანაკი სიმაღლეზე, რომელიც ქალაქზე ბატონობდა, და რომელიც აუცილებელი იყო დაგვეკავებინა საალყო სამუშაოების გაგრძელებისათვის. თქვენი იმპერატორობითი უდიდებლესობის მამაცმა ჯარებმა ხიშტებით განდევნეს იქიდან რიცხვით აღმატებული მოწინააღმდეგე, რომელიც თავს სასოწარკვეთილად იცავდა, მის მხრებზე ავიდნენ ფორშტატსა და ციხესიმაგრეში, დაეუფლნენ რა იერიშით სამ კედელს. გარნიზონის ნაწილმა მოასწრო თავი მეტად მტკიცე ციტადელში შეეფარებინა, მაგრამ, ჩვენი წარმატებებით დაშინებული, 5 ათასი ადამიანის რიცხვით დაგვნებდა, 1,250-ის გარდა, რომლებიც იერიშის დროს ტყვედ ავიყვანეთ. ტყვეთა რიცხვში იმყოფება ორ-თუღიანი მეჰმედ-ემინ-ფაშა, კავალერიის უფროსი ველი-აღა და ბევრი სხვა ჩინოსანი. იერიში 3 საათს გრძელდებოდა, გამაგრებული ბანაკის ადგილი და ფორშტატები თურქების გვამებითაა მოფენილი, რომლებმაც სულ დაკარგეს 2 ათასი მოკლულებითა და დაჭრილებით. გარნიზონში მყოფი კავალერიიდან დახლოებით 3 ათასმა ადამიანმა მოახერხა ჩვენს საკავალერიო პარტიებს შორის გაჭრილიყო და მთებს შეაფარა თავი; სულ კი გარნიზონი 11 ათას ადამიანამდე გახლდათ. ჩვენი მხრიდან მოკლულია 1 ობერ-ოფიცერი, 33 დაბალი ჩინი; დაჭრილია 1 შტაბ-ოფიცერი, 13 ობერ-ოფიცერი, 216 დაბალი ჩინი. ციხესიმაგრეში და მოწინააღმდეგის ბატარეებზე აღებულია 151 ზარბაზანი და მორტირა, წართმეულია 33 დროშა, ასევე შეძენილია მნიშვნელოვანი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, მრავალი სხვადასხვა გვარი იარაღი, პურის დიდი მაღაზია. 

დავამხობ რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ფერხთა ქვეშ აღებულ როშებსა და ციხესიმაგრის გასაღებს, მაქვს ბედნიერება ყოვლადუქვეშევრდმილესად მოგახსენოთ, რომ ამის კვალდაკვალ არ დავაყოვნებ წარმოგიდგინოთ ყარსის მთელი ალყის დაწვრილებით აღწერა იმათი სიით ვინც თავი გამოიჩინეს. ამ რაპორტს გიგზავნით ჩემი ადიუტანტის შტაბს-კაპიტან ოპერმანის მეშვეობით, რომელზედაც ვბედავ მივაქციო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ყურადღება, როგორც ოფიცერზე, რომელიც სიმამაცითა და სამსახურისადმი გულმოდგინებით გამოირჩევა. 


(ამის შემდეგ ტექსტში მოდის რუსული ჯარების მიერ ყარსის ციხესიმაგრის ალყის დაწვრილებით აღწერა და ბევრი სხვა მასალა. სულ რუსეთ-თურქეთის 1828–29 წლების ომზე ხელთ მაქვს 150კომპიუტერული გვერდის მოცულობის დოკუმენტური მასალები და სურვილიც, რომ ისინი ვთარგმნო და ქართულ ენაზე მივაწოდო დაინტერესებულ მკითხველებს, მხოლოდ ამისთვის ვითხოვ ჩემი შრომის ანაზღაურებას, რაც სავსებით ბუნებრივი უნდა იყოს. ირაკლი ხართიშვილი)

 

No comments:

Post a Comment