Wednesday, February 25, 2015

აკადემიკოსი დუბროვინი კოვალენსკისა და ლაზარევის პოლკთან ერთად ტფილისში მოსვლისა და მისი შემდგომი ამბების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XII

(კოვალენსკისა და ლაზარევის პოლკთან ერთად ტფილისში მოსვლა. – პოლკის დახვედრა და ხალხის მისდამი დამოკიდებულება. – ჩვენი მინისტრის საზეიმო მიღება. – გიორგისთვის სამეფო ინვესტიტურის ნიშნების მირთმევა. – მეფის ფიცი. – ტფილისის ილუმინაცია. – ლაზარევსა და კოვალენსკის შორის წარმოქმნილი უკმაყოფილებანი. – ს.-პეტერბუტგში ელჩობის გამოგზავნა. – ქვეყნის სისუსტე და უთანხმოებანი (несогласiя) სამეფო ოჯახში. – ალექსანდრე ბატონიშვილის სპარსეთში წასვლა. – ტფილისის დატოვებაზე დარეჯან დედოფლის განზრახვა. – დედოფლის წერილი პავლე იმპერატორისადმი.)

1799 წლის მაისში სახელმწიფო მრჩეველი კოვალენსკი ს.-პეტერბურგიდან გაემგზავრა და ივლისის ბოლოს კავკასიის ხაზზე, სტანიცა ნაურში ჩავიდა, სადაც კავკასიის დივიზიის ინსპექტორი, გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი იმყოფებოდა, რომელიც თავად ურაკოვის ნაცვლად 1799 წლის მარტში იქნა დანიშნული (Рескриптъ Кноррингу на немецкомъ языке 2-го марта 1799 года. С.-Петербургскiй Арх. Инспект. Департ.).

თერგში წყლის მნიშვნელოვანმა მომატებამ კოვალენსკის შემდგომი მსვლელობა დროებით შეაჩერა. ნაურიდან მან გიორგის კავკასიის ხაზზე მისი ჩამოსვლის შესახებ შეატყობინა და სთხოვდა მეფეს როგორც მთების გავლით მისი გადასვლისთვის შეეწყო ხელი, ისე საქართველოში დანიშნული ეგერთა პოლკის მოძრაობისთვისაც (Рапортъ Коваленскаго Государю Императору 23-го iюля 1799 года. Письмо его къ графу Кочубею того же числа. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ). კნორინგი, ჰქონდა რა ხელმწიფის ბრძანება, რომ პოლკი ტფილისისკენ წასასვლელად მხოლოდ მოემზადებინა, ნაურში კოვალენსკის ჩამოსვლის შემდეგ, იმპერატორ პავლეს პოლკის საქართველოში გაგზავნაზე სთხოვდა ნებართვას და მისთვის იმის ახსნასაც, თუ ვის უნდა შეენახა ჯარები ტფილისში და საერთოდ საქართველოში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში; საიდან მოეთხოვა ფული, როგორც პოლკის ლაშქრობისთვის, ისე საამისოდ გზის აუცილებელი შეკეთებისთვისაც. ხაზის სარდალი იმავე დროს გიორგი მეფესაც ყაზბეგიდან ტფილისამდე გზის შეკეთებისა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 23-го iюля 1799 года. Московскiй Арх. Инспект. Деп.) და ჯარებისთვის პროვიანტის დამზადების შესახებ თხოვნას უგზავნიდა* (*პროვიანტი აუცილებელი იყო ყოველდღიურად: 65 ფუთი გამომცხვარი პური ან 38 ფუთი ორცხობილა; 6 ჩეტვერტი ხორბლის ან წიწიბურას ბურღულეული და ფურაჟი 100 ცხენისთვის. Письмо Кнорринга Георгiю 23-го iюля 1799 года. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

“გიბრძანებთ თქვენ, – წერდა იმპერატორი პავლე პასუხად კნორინგს (Въ рескрипте отъ 8-го августа 1799 года. С.-Петербургскiй Арх. Инспект. Деп. Книга № 14), – გამოუცხადოთ ჩემი სახელით მეფეს გიორგი ერეკლეს ძეს, რომ სანამ ის არ შეაკეთებს გზას, რომლის გავლითაც ლაზარევის ეგერთა პოლკმა საქართველოში უნდა გაიაროს, მანამდე ეს პოლკი იქ ვერ წავა, და თუნდაც ის უკვე იქ იყოს, მაგრამ მიუხედავობის გამო გზა ისევ გაფუჭებას დაიწყებს, მაშინ იმავე საათში პოლკი საქართველოდან იქნება გამოყვანილი. თუ თქვენ უკვე რამოდენიმე ხარჯი გასწიეთ გზის შეკეთებაზე, მაშინ გიბრძანებთ თქვენ ის თანხა მეფის გიორგი ერეკლეს ძისგან გამოითხოვოთ. ხოლო რაც შეეხება საქართველოში ლაზარევის პოლკის შენახვასა და პროვიანტს, ყველაფერი ეს თქვენს მზრუნველობაზე რჩება. ხოლო როგორც კი გზას შეაკეთებენ და დროც მთებზე გადასვლაში ხელს შეგიწყობთ, მაშინ დაუყოვნებლივ უბრძანეთ გენერალ-მაიორ ლაზარევს, მისდამი რწმუნებული პოლკით წავიდეს...”

საქართველოში რუსული ჯარების გაგზავნასთან მიმართებით იმპერატორ პავლეს განკარგულების შესახებ კნორინგის შეტყობინების შემდეგ (Письмо Кнорринга царю Георгiю 27-го августа 1799 года. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника), გიორგიმ გზის ქმედითად შეკეთება დაიწყო, რომელიც 12 ოქტომბრისთვის მთელ მანძილზე ტფილისიდან მოზდოკამდე კიდეც მზად იყო.

13 რიცხვში ლაზარევმა მიიღო ბრძანება, რომ 20 რიცხვიდან მდინარე თერგზე გადასვლა დაეწყო და, გადასვლის შემდეგ კი ტფილისისკენ წასულიყო. პოლკთან ერთად საკვარტერმაისტერო ნაწილის პორუჩიკი ჩუიკო იქნა გაგზავნილი, რომელსაც მოვალეობად ეკისრებოდა “შეედგინა გზის ნახაზი სიტუაციასთან ერთად და ტფილისის გეგმა ახლომდებარე ადგილებით”. ტფილისში მოსვლის შემდეგ, ლაზარევს გიორგი მეფისთვის (მუდმივად) მთელი იმ სამხედრო პატივი უნდა მიეგო, რომელსაც წესდების მიხედვით იმპერატორს მიაგებენ ( Предписанiе Кнорринга Лазареву 13-го октября 1799 года. Тифлисскiй Арх. Главн. Шт. Кавказской армiи), და ასეთივე საფუძველზე მასთან ყარაული უნდა დაეყენებინა (По прибытiи въ Тифлисъ, Лазаревъ долженъ былъ отдавать царю Георгiю всю военную почесть, какая отдаётся по уставу Императору, и содержать у него караулъ на такомъ же основанiи).

პოლკთან ერთად საქართველოში კოვალენსკიც გაემგზავრა.

მოზდოკიდან ტფილისამდე გზაზე ჯარებს ბევრი სიძნელე შეხვდათ, განსაკუთრებით მთებში მოძრაობისას. თოვლისა და სიცივის გამო, რომლებმაც კაიშაურში მოუსწრო, ჯარები გზა და გზა უნდა გაჩერებულიყვნენ ან აღალის საზიდრების შეკეთებისთვის, ან კიდევ ქარიშხლის დასრულებას დალოდებოდნენ. პროვიანტი მეტად არასაკმარისი იყო დამზადებული. ყაზბეგში პოლკმა 60 ფუთი დაობებული ორცხობილები ნახა, კაიშაურში კი მხოლოდ 16 ფუთი (Изъ письма Лазарева Кноррингу 22-го декабря 1799 года. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

ვახტანგ ბატონიშვილმა ამ შემთხვევაში პოლკის მოძრაობას მეტად ქმედითი დახმარება აღმოუჩინა. ლაზარევის მოთხოვნით, მან ჯარს 13 საპალნე ცხენით შოთის პურები მოუტანა. საქართველოს საზღვრამდე ორი გადასვლის მანძილზე, ბატონიშვილმა 80 წყვილი ხარები გამოუგზავნა და თითქმის თავად ტფილისამდე სადგურებიც მოაწყო, სადაც 50-მდე ცხენი დააყენა.

ლაშქრობის სიძნელეების მიუხედავად, ჯარებში დანაკარგები არ ყოფილა, ერთი უნტერ-ოფიცრის გარდა, რომელიც ქისტებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, და ერთი ოფიცრისა, რომელიც ავადმყოფობის გამო გზაში გარდაიცვალა (Рапортъ Лазарева Государю Императору 1-го декабря 1799 года. Московскiй Арх. Инспект. Деп.).

ოცდათექვსმეტ დღიანი გადასვლის შემდეგ ჯარი ტფილისში მოვიდა, რომელშიც უკვე კოვალენსკიც იმყოფებოდა, რომელიც აქ პოლკის მოსვლამდე თვრამეტი დღით ადრე ჩამოვიდა (Письмо Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 года. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

26 ნოემბერს, ქალაქამდე სამ ვერსზე, მეფე გიორგი ჩვენი ჯარების დასახვედრად, ტახტის მემკვიდრის, მეფის ძეთა და სხვა სახელოვან პირთა თანხლებით გამოემგზავრა, როგორც საეროსი, ისე სასულიეროსიც, რომლებიც ტფილისში იმყოფებოდნენ. 10.000-ზე მეტი ადამიანი ქალაქგარეთ მოიჩქაროდა, რათა რუსული ჯარების შემოსვლა ეხილა. ტფილისის სახლების ყველა სახურავი, რომელსაც ამფითეატრის შესახედაობა ჰქონდა, ქალებით იყო ავსებული, რომლებიც, ერთგვაროვან თეთრ სამოსში და მზით განათებული მშვენიერი ცის ქვეშ, ქალაქში მიმოფანტული ბანაკის პოეტურ შესახედაობას წარმოადგენდნენ.

ქვემეხების სროლა, ყველა ეკლესიაში ზარების რეკვა ქართველ ხალხს დამდგარი ზეიმის შესახებ აუწყებდა. ხალხის მოძრაობა, მისი სიხარულიანი წამოძახილები ძმური მიღებისა (Изъ письма Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 года. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника) და ჩვენდამი გულწრფელი ერთგულების გულისშემძვრელ სურათს ამთავრებდა.

მელიქის თანხლებით, რომელსაც მეფე ამალასთან ერთად მიჰყვებოდა, პოლკი ქალაქში შევიდა და იმ საათშივე იქნა მომარაგებული, შესაძლებლობათა მიხედვით, ყოველივე აუცილებლით. ლაზარეთი პოლკისთვის – მოახსენებდა კივალენსკი – გამოყოფილია “ჩინებული, ბუხრებით”, გასუფთავებული, თივით მომარაგებული, და ავადმყოფებისთვის საწოლებიც შეკვეთილია. შეშასა და სანთლებს პირველ ხანებში საკმარისად გამოჰყოფდნენ. ასეულებში ღუმელების მოსაწყობად გიორგიმ ბრძანა აგურები მისი უწინდელი სასახლიდან აეღოთ და თითოეული ღუმელი გობით მოემარაგებინათ. პოლკის მოსვლიდან მეორე დღეს, მეფემ დაბალ ჩინებს 600 ლიტრი ყურძნის ღვინო (ჩიხირი) და 80 ზურგიელი გამოუგზავნა. ოფიცრებს ქალაქში საუკეთესო ბინები გამოეყოთ. რათა თავისი დიდებულებისთვის მაგალითი მიეცა, მეფე შტაბ-ოფიცრებიდან თითოეულს თავის საკუთარ საცხოვრებელს სთავაზობდა, რაზედაც მათ, თუმცა კი, უარი თქვეს. პოლკის სურსათით მომარაგებისთვის საქართველოში წინდაწინ ერთი თვის პროვიანტის მარაგი იქნა დამზადებული. მეფემ შემდეგ გამოაცხადა, რომ იმპერატორ პავლეს ნების თანახმად, პროვიანტის ყიდვაზე ჯარებს თავად უნდა ეზრუნათ. კოვალენსკი სთხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას პროვიანტის საკმარისი რაოდენობით დამზადება განეკარგა და რომ ფასები მასზე “საშტატო” ყოფილიყო. გიორგი პასუხობდა, რომ ამ განკარგვებში იგი არ უნდა ჩარეულიყო, თუმცა კი მზად იყო დახმარება აღმოეჩინა იმაში, რომ ჯარებს უკმარისობა არ განეცადათ. მეფე დაპირდა მიეღო ზომები, რათა ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილებასა და მარაგებზე ფასები არ ამაღლებილიყო.

ჩვენი პოლკის მოსვლასთან ერთად ტფილისში ცერემონიები და დღესასწაულობანი დაიწყო...

5 დეკემბერს, საქართველოს მეფის აუდიენც-დარბაზში, მოწყობილ იქნა ბალდახინი და ადგილი ტახტის დასადგმელად, სამეფო ინვესტიტურის ნიშნების, ორდენებისა და იმპერატორ პავლეს მიერ გიორგისთვის გამოგზავნილი სხვა საჩუქრების განსათავსებლად. როცა ყველაფერი მომზადებული იყო, გიორგიმ კოვალენსკის თავისი საჯინიბოდან ცხენი გამოუგზავნა, აგრეთვე მოხელე ჩინოსანი ამალით, მეფესთან მისაღებ საჯარო აუდიენციაზე ჩვენი მინისტრის თანხლებისთვის.

საზეიმო პროცესია კოვალენსკის სახლიდან სასახლეში ასეთი წესრიგით მიდიოდა: 

ყველაზე წინ ცხენზე ამხედრებული ტფილისის პოლიცმაისტერი მიდიოდა, ხოლო მის უკან კი პოლიციის დაბალი ჩინები ფეხით რიგში ორ-ორი მიაბიჯებდნენ.

ერთი მეფის მოხელე და ერთიც კოვალენსკის ამალისა ცხენებით, უკანასკნელი პირველის მარჯვენა მხარეს.

ფეხით მიმავალ რუს მოხელეებს სინებზე მიჰქონდათ: დედოფალ მარიამ გიორგის ასულისთვის გამოგზავნილი კაბა, ბრილიანტის თაიგულით; ტახტი და სავარძლები; სამეფო ხმალი, პორფირა, სკიპტრა, გვირგვინი, ორდენები: წმ. ანასი, წმ. ეკატერინესი, წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა; შტანდარტი, რომელიც ერთერთ ობერ-ოფიცერს მიჰქონდა, და მას აქეთ-იქიდან ორი რუსი ასისტენტი მიჰყვებოდა, და შემდეგ კი უზენაესი სიგელი, რომლითაც გიორგი საქართველოს ტახტზე მტკიცდებოდა. მსვლელობას ორი მოხელე ასრულებდა, რომლებიც ცხენებზე ისხდნენ, ერთი მეფისა, მეორე კი – რუსი, ხოლო მათ უკან კი რამდენიმე პოლიციელი, რომლებიც ფეხით მიდიოდნენ.

სასახლის ზღურბლთან რეგალიებს ჩვენი საელჩოს მდივანი დახვდა, რომელმაც ისინი საგანგებო ოთახში შეიტანა, თავიანთ ადგილებზე განალაგა, განათავსა და შემდეგ ოთახი დაკეტა.

ტფილისის ციხესიმაგრიდან ქვემეხების ცხრა გასროლამ ხალხს ამცნო, რომ მინისტრის სასახლისკენ საპარადო მსვლელობა დაიწყო.

მეფის მთავარი ცერემონმაისტერი მაშინ კოვალენსკისკენ გაემართა, რომლის წინაც მუსიკოსები და ცხენენზე ამხედრებული მოხელენი შემდეგი წესით მიდიოდნენ: ტფილისის ორი ქალაქისთავი ამალით; მეფის მთავარი ცერემონმაისტერი, ამალით; ჩვენი საელჩოს მოხელე; მიდიოდა კოვალენსკის ათი ფეხოსანი მოსამსახურე, მდიდრულ ლივრეად, ორ-ორი რიგში.

შემდეგ ცხენზე ამხედრებული მიდიოდა საელჩოს მდივანი, რომელსაც ხელებში გიორგი მეფისადმი იმპერატორ პავლეს კრედიტიული სიგელი ეჭირა კოვალენსკის მინისტრის სახით მისაღებად. თავად კოვალენსკი “მდიდრულ ხიფთანში ცხენზე ამხედრებული (მგზავრობდა), რომელსაც თავისი ცხენის ორივე მხარეს თავისი ორი ლივრეის ლაქიები მიჰყვებოდნენ, ხოლო მის მარცხენა მხარეზე კი, ორი ნაბიჯით უკან, ცხენით საქართველოს მეფის პირველი ჩინოსანი მიდიოდა”.

კოვალენსკის უკან მისი ამალა მგზავრობდა; პოლიცის ოფიცერი რაზმით ამ მსვლელობას ამთავრებდა, რომელიც ქართველთა თვალისთვის უჩვეულო იყო, რომლებიც ცერემონიის სანახავად მრავლად შეკრებილიყვნენ.

მიუახლოვდა რა სასახლეს, კოვალენსკი პირველ სადარბაზოსთან ცხენიდან ჩამოვიდა და მას (სამეფო) კარის მოხელენი დახვდნენ, რომლებმაც იგი აუდიენც-დარბაზში მიაცილეს, სადაც მეფე გიორგი, მემკვიდრე, მეფის ძენი და სხვა დიდგვარიოვანნი და დიდმოხელენი იმყოფებოდნენ, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებიც, იქაური წეს-ჩვეულებით, მხოლოდ მამრობითი სქესისა.

როცა კოვალენსკი შევიდა, მეფე გიორგი თავისი ადგილიდან წამოდგა. მინისტრმა, ორჯერ თავის დაკვრის შემდეგ, მეფეს მისალმების სიტყვით მიმართა:

– მისმა უდიდებულესობამ სრულიად რუსეთის ხელმწიფე იმპერატორმა და თვითმპყრობელმა, ამ ქვეყნების მაღალმა მფარველმა, თავისი განსაკუთრებული წყალობის ყველას წინაშე გამოცხადებისა და თქვენთან საქმეთა ყველაზე უფრო მოხერხებულად წარმოებისთვის, რომლებიც ორმხრივ სარგებელსა და კეთილდღეობას ემსახურება, თქვენი უმაღლესობის კარზე თავისი მინისტრის შენახვა ისურვა. ღირსმყო რა მე როგორც ამ წოდებისა, ისე ამისთვის დამახასიათებელი რწმუნებისაც, მე შესაბამისი აკრედიტებით მინისტრის ხარისხში თავისი უზენაესი სიგელით დამნიშნა, რომელსაც ახლა მე მოგართმევთ”.

კოვალენსკიმ სიგელი გიორგი მეფეს გადასცა.

– შევუდგები რა ჩემს კუთვნილ მსახურებას, – აგრძელებდა იგი, – უპირველეს მოვალეობად საკუთარ თავს დავუსახავ თქვენსუმაღლესობას ჩემი უღრმესი მაღალპატივისცემა დავუმოწმო და განგიმარტოთ, რომ ჩემი ერთიანი და უწმინდესი საგანი არის და იქნება ყველაფერ იმას შევუწყო ხელი, რასაც შეუძლია თქვენს პიროვნებასა და თქვენს სამშობლოს არსებითი სიკეთე მოუტანოს, რამდენადაც ეს თქვენი უმაღლესობის ჩემი ხელმწიფე იმპერატორისადმი ერთგულებასა და გულმოდგინებასთან იქნება შეუღლებული, ვისი წყალობა და მფარველობა თქვენს უმაღლესობასა და თქვენს ერთგულ ქვეშევრდომებს არ წაერთმევათ (Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

– თქვენს მიერ საკუთარი თავის ახლანდელ საზეიმო გამოცხადებას – პასუხობდა გიორგი – ხელმწიფე იმპერატორის მინისტრის სახით, როგორც მონარქის ჩემდამი უეჭველი მოწყალების ნიშნისა, მე ყოვლადუმოკრძალესი მადლიერებით ვღებულობ. კიდევ უფრო მეტად აღვიგზნები ამ გრძნობით თქვენს პიროვნებაზე გაკეთებული არჩევანის გამო, რომელიც ჩინებული ნიჭიერებით, მოშურნეობითა და გულმოდგინებით ხართ შემკული უზენაესი სამსახურის სარგებლისთვის.

– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ – აგრძელებდა გიორგი – რომ, თქვენი თანამდებობისა და პირადი ღირსებებისადმი სათანადო პატივისცემის შენარჩუნებით, ჰპოვებთ თქვენ ჩვენის მხრივ გულწრფელ მზადყოფნას ვიხელმძღვანელოთ თქვენი წინადადებებით, რომელსაც ყოველთვის თან ეხლდება ურყევი ნდობა, გულმოდგინება და ერთგულება მისი უდიდებულესობისადმი, ჩვენი მაღალი მფარველისადმი.

მეფე გიორგი, მიიპატიჟა რა კოვალენსკი მისთვის მომზადებულ ადგილზე დასაჯდომად, მას იმპერატორ პავლესა და მთელი საიმპერატორო სახლის ჯანმრთელობის შესახებ, ასევე თავად მინისტრის საქართველოში მოგზაურობის შესახებაც ეკითხებოდა.

არცთუ ხანგრძლივი გარეშე საუბრის შემდეგ ჩვენმა მინისტრმა უბრძანა თავის მდივანს აუდიენც-დარბაზში სამეფო ინვესტიტურის ნიშნები შემოეტანა და გიორგის ასეთი სიტყვებით მიმართა:

– ვდგავარ რა ახლა თქვენი უმაღლესობის წინაშე რუსეთის მინისტრის ხარისხში, პატივი მაქვს საზეიმოდ გაუწყოთ, რომ ყოვლადმოწყალე ჩემი ხელმწიფე, 1783 წელს დადებული ტრაქტატის საფუძველზე, განმტკიცებთ რა თქვენ სამეფოს მონაცვალედ (преемникомъ царства), როგორც კანონიერად ასულს მამაპაპისეულ მემკვიდრეობით ტახტზე, ხოლო თქვენს უფროს ვაჟიშვილს, უგანათლებულეს ბატონიშვილს დავით გიორგის ძეს, თქვენს მომავალ მემკვიდრედ, გამოგიგზავნათ რა ჩემი ხელით თავისი იმპერატორობითი დამამტკიცებელი სიგელი, სამეფო ინვესტიტურის ნიშნებთან ერთად, ინებებს, რათა სამეფო ნიშნებით შემოსვის წმინდა წესი, დადგენილი წესრიგის მიხედვით, ჩემი თანდასწრებით იქნას აღსრულებული. ამასთან, სამეფო ინვესტიტურის ეს ნიშნები და უზენაესი დამამტკიცებელი სიგელი, რომლებიც თქვენს უმაღლესობას ეწყალობა, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ.

კოვალენსკიმ გიორგის ნიშნები გადასცა და უბრძანა ჩამოეხსნათ ფარდა, რომელიც იმპერატორის მიერ მეფისთვის გამოგზავნილ ბალდახინსა და ტახტს ფარავდა.

მიიღო რა ნიშნები, საქართველოს მეფე ჩვენს მინისტრს პასუხობდა:

– აღვსებული ყოვლადუმოკრძალესი გრძნობებით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი მონარქის ჩემდამი წყალობათა თქვენს მიერ წარმოდგენილი ყველა ნიშნის გამო, მე საკუთარ თავს ვალდებულად ვთვლი სამეფო ინვესტიტურის ეს ნიშნები მივიღო არა სხვაგვარად, თუ არა ახლავე ფიცის დადებით ერთგულებაზე და ქართლისა და კახეთის მეფეებზე რუსეთის იმპერატორთა მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების აღიარებაზე, და ამას თან დავურთო უფალი ღმერთისადმი მხურვალე ლოცვის აღვლენა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი უავგუსტესი სახლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თაობაზეც. მაგრამ რათა ეს წესი და მონარქის ჩემდამი ამდენად დიდი წყალობების მიმართ ჩემი მადლიერების უცხოველესი გრძნობის გამოხატვა საზეიმოდ ღვთის ტაძარში, ამ შემთხვევისადმი შესაფერისი დღესასწაულობითა და დიდებულებით იქნას აღსრულებული, ამიტომ მე ამისთვის საგანგებო დღის დანიშვნას არ დავახანებ და ამის შესახებ, ამ ცერემონიაზე მოპატიჟებით შეგატყობინებთ.

– თქვენი უმაღლესობის განკარგულება – პასუხობდა კოვალენსკი – როგორც რუსეთის ტახტისადმი მადლიერებისა და ერთგულების უეჭველი ნიშანი, რა თქმა უნდა, იმპერატორისთვის მეტად კეთილსასურველი იქნება. ჩემი მოვალეობა იქნება ამ წესის აღსრულებას დავესწრო და ამ შემთხვევის გამო თქვენს უმაღლესობას იმ ჯარების მხრიდან, რომლებიც მუდმივად ყოფნისთვის თქვენს დედაქალაქში მოვიდნენ, შესაფერისი პატივი მივაგო.

დაასრულა რა სიტყვა, კოვალენსკიმ გიორგის წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი მიართვა იმპერატორის სიგელთან ერთად. გიორგიმ მკერდიდან წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი მოიხსნა და ანდრია პირველწოდებულის ორდენის ნიშნებით შეიმოსა. მიულოცა რა გიორგის, მინისტრმა საქართველოს (ტახტის) მემკვიდრეს, დავით ბატონიშვილს ორდენები მიართვა, და მეფეს ვიცე-კანცლერის წერილი გადასცა, რომელთან ერთადაც სამეფო სახლის სხვა პირებისთვის იყო საჩუქრები გამოგზავნილი. 

მარიამ დედოფალმა, რომელიც აუდიენციაში არ მონაწილეობდა, კოვალენსკი თავის შიდა ოთახებში მიიღო. უარყო რა ამ შემთხვევაში აზიური წეს-ჩვეულება, რომლის მიხედვითაც იგი საფარველის ქვეშ უნდა ყოფილიყო, დედოფალი ჩვენს მინისტრს ბევრი ქალბატონის გარემოცვაში დახვდა, რომლებიც მდიდრულ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი. კოვალენსკიმ, მისალმების შემდეგ, მას წმ. ეკატერინეს ორდენის ნიშნები მიართვა და გიორგის თხოვნით ამ ნიშნებით იგი თავად შემოსა. მანვე გაუკეთა თითზე საჩუქრად გამოგზავნილი ბეჭედი მეფის უმცროს ქალიშვილს თამარს.

12 დეკემბერს, დილის ათ საათზე, სასახლეში დიდმოხელეებმა და ქართველმა თავადებმა დაიწყეს შეკრება; იქვე ჩვენი მინისტრიც გაემართა თავისი ამალით. გიორგი მეფე, რომელსაც წინ, სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით ხელში, თავისი მოხელეები უძღოდნენ, დედოფლის თანხლებით ეკლესიაში გაემართა; დედოფალს მისთვის საჩუქრად გამოგზავნილი კაბა ემოსა. მათ შემდეგ, რამდენადმე უფრო უკან, მარჯვენა მხარეს კოვალენსკი მიდიოდა, მარცხენა მხარეს კი დავით ბატონიშვილი, საქართველოს ტახტის მემკვიდრე. შევიდნენ რა ეკლესიაში და მოისმინეს რა ლიტურგია, გიორგიმ ერთერთ საპატიო პირს უბრძანა მქუხარე ხმით სიგელი წაეკითხა, რომელიც მას ტახტზე ამტკიცებდა, და, მისი მოსმენის შემდეგ, ფიცის თქმა დაიწყო.

– მე, ქვემოთ დასახელებული – წარმოთქვა მან მაღალი ხმით ხალხის წინაშე* (*ფიცის თარგმანი, წარდგენილი ხელმწიფე იმპერატორისადმი კოვალენსკის მოხსენებასთან (რაპორტთან) ერთად 1800 წლის 17 თებერვალს. Моск. Арх. Мин. Ин. Делъ) – ყოვლისშემძლე ღმერთისა და მისი წმინდა სახარების წინაშე პირობასა და ფიცს ვდებ იმაზე, რომ მსურს და ვალდებულიც ვარ ვიყო სრულიად რუსეთის იმპერატორის პავლე პეტრეს ძისა და მისი ვაჟის მეფის ძის ბატონიშვილისა და დიდი მთავრის ალექსანდრე პავლეს ძისა და იმ ტახტის ყველა კანონიერი მონაცვალის ერთგული, გულმოდგინე და კეთილმოსურნე, ვაღიარებ რა ჩემი სახელითა და ჩემი სამეფოს ყველა ოლქის სახელით მარადიულად (მათ) უზენაეს მფარველობასა და უმაღლეს ხელისუფლებას ჩემზე და ჩემს მონაცვალეებზე, ქართლისა და კახეთის მეფეებზე. უარვყოფ რა ჩემზე და ჩემს სამფლობელოებზე, როგორი ტიტულისა და საბაბის ქვეშაც არ უნდა იყოს, სხვა ხელმწიფეთა და დერჟავების ყველანაირ ბატონობას ან ძალაუფლებას და პირს ვიბრუნებ რა მათი მფარველობისგან, ჩემი სუფთა ქრისტიანული სინდისით, ვალდებულებას ვკისრულობ, რუსეთის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს მივიჩნევდე ჩემს საკუთარ მოწინააღმდეგეებად; ვიყო მორჩილი და მზად ყველა შემთხვევაში, სადაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურში საჭირო ვიქნები, და ამაში არაფერში არ დავზოგო ჩემი სიცოცხლე სისხლის უკანასკნელ წვეთამდეც. მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებთან ვიქცეოდე გულწრფელი თანხმობით, და თუ იმპერიის სარგებლისა ან დიდებისთვის რაიმე საზიანო საქმეს ან განზრახვას შევიტყობ, მაშინვე შევატყობინო; ერთი სიტყვით, ვიქცეოდე ისე, როგორც რუსეთის ხალხებთან ჩემი ერთმორწმუნეობისა და მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების მიმართებაში ჩემი ვალდებულების შესაფერისი და ჯეროვანი იქნება. 

შეიმოსა რა სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით, გიორგი სასახლეში დაბრუნდა, სადაც, იჯდა რა ტახტზე, მიიღო მილოცვები ჩვენი მინისტრისგან, თავისი ჩინოსნებისა და განჯისა და შუშის ხანების, აგრეთვე ახალციხის ფაშის მიერ წამოგზავნილთაგან.

“მინისტრს – წერს კოვალენსკი – მთელი ამ დროის მანძილზე მეფის მარჯვენა მხარეზე ეკავა პირველი ადგილი, მემკვიდრეს კი მარცხენა მხარეზე”.

გასროლები ციხესიმაგრის ზარბაზნებიდან, სასახლის წინ მოწყობილი რუსული ჯარები, ტფილისის ყველა ეკლესიაში მთელი დღის განმავლობაში ზარების რეკვა აუწყებდნენ ქალაქის მცხოვრებთ როგორც მეფის ვალდებულებისა და მის მიერ რუსეთის იმპერატორისადმი მიცემული ფიცის შესახებ, თავის მხრივ, რუსეთის ნამდვილი დახმარებაზე იმედის შესახებაც. ხალხი ხარობდა საკუთარი თავისა და თავის შთამომავალთა გამოც და, იმედოვნებდა რა მეზობლებისგან ძარცვა-რბევის თავიდან აცილებას, მთელი დღის განმავლობაში სრულ ქეიფს ეძლეოდა.

ქართველებმა იმავე საღამოს ქალაქში ილუმინაციის მოწყობა ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ 12 დეკემბერს მთელ დღეს ცუდი ამინდი იდგა. შემდეგ საღამოს ტფილისი “აზიური გემოვნების მშვენიერი ხელოვნებით” გახლდათ ილუმინებული. ილუმინაციის ყველაზე უკეთესი ნაწილი სავაჭრო დუქნების სხვადასხვა ფერის ცეცხლითა და ფანრებით განათება გახლდათ, რომლებითაც ქალაქი სავსე იყო. “თითოეული მათგანი, რომლებშიც საქონელი გარკვეული წესრიგით იყო გამოფენილი, სხვადასხვანაირად ილუმინებული, მასში მჯდომარე ადამიანებით ავსებული, პეკინური ილუმინაციის ვენეციურ კარნავალთან რაღაც ნარევს წარმოადგენდა” (Рапортъ Коваленскаго Государю Императору 17-го февраля 1800 г. Моск. Арх. Мин. Ин. Делъ).

გიორგი მეფე, ამალასთან ერთად, ასევე ქალაქში მგზავრობდა.

– ახლა – ამბობდა ის კოვალენსკისთან შეხვედრისას, – ჩვენი მიწის აოხრების შემდეგ, ეს ილუმინაცია ბევრი რამით არ არის საკმარისი და უწინდელი მაგალითებისგანაც შორსაა.

– მე არაფერი უფრო სასიამოვნო ამგვარი რამ არ მინახავს: ადამიანთა სახეებზე გამოხატული საყოველთაო სიხარული და ამ დღესასწაულში თანამონაწილეობა ჩემთვის ყველაზე უფრო გულისშემძვრელი სურათია, პასუხობდა მინისტრი.

დასრულდა ცერემონიები, დღესასწაულობანი, და საქართველოს დედაქალაქში ყველაფერი ჩვეულებრივ, ძველი წესრიგით წარიმართა.

მოსულ პოლკს და საერთოდ რუსებს ქართველები როგორც თავიანთ მხსნელებსა და დამცველებს, ისე უყურებდნენ, რომლებიც თავად ღმერთის მიერ იყვნენ გამოგზავნილნი. მეფე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ვინმე, რუსეთისადმი ერთგული გახლდათ; მას სურდა მისი წარმომადგენლების რჩევებსა და მითითებებს სიტყვაშეუბრუნებლად მიჰყოლოდა, მისი ცხოვრებით ეცხოვრა.

გიორგის ახლა გვერდში რუსეთის ორი წარმომადგენელი ჰყავდა, ხასიათითა და ზნეობრივი თვისებებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულნი. მეფის დასაცავად გამოგზავნილი ჯარის სათავეში იდგა გენერალ-მაიორი ლაზარევი, პირდაპირი, გულღია და პატიოსანი ადამიანი; ხოლო კოვალენსკი, პოლიტიკისა და სამეფოს საშინაო მართვის წარმომადგენელი, პატივმოყვარე და ძალაუფლების მოყვარე ადამიანი გახლდათ. პირველივე ცნობების შემდეგ, რომ ის მინისტრად მეფის კარზე იქნება დანიშნული, რომელიც რუსეთის მფარველობას ეძიებს და საკუთარ თავზე რუსეთის იმპერატორების ძალაუფლებას აღიარებს, კოვალენსკი უკვე პატივმოყვარული გეგმების დაწყობას შეუდგა. იგი საქართველოში არა როგორც შუამავალი მიემგზავრებოდა, არამედ როგორც გუბერნატორი ანუ ბატონ-პატრონი (хозяинъ). ქვეყნის სისუსტე, გიორგის რბილი ხასიათი კოვალენსკის ფიქრებს იმ კანვას (სარჩულს) აძლევდა, რომელზედაც ნახატების ამოქარგვას ის თავისი ნების მიყოლით გეგმავდა. იცოდა რა, რომ არ შეხვდება არანაირი წინააღმდეგობა იქაურთა მხრიდან თავისი პატივმოყვარული მიზნების აღსრულებაში მოსაყვანად, მას მხოლოდ რომელიმე სხვა პირის გარეშე გავლენისა ეშინოდა. მხოლოდ ჯარის უფროსს შეეძლო მისი შეუზღუდავი პატივმოყვარეობისა და ერთმმართველობისთვის ხელი შეეშალა. სწორედ ჯერ კიდევ ტფილისში თავის გამგზავრებამდეც ის ამ გავლენის მოსპობას ცდილობდა.

ჯერ კიდევ 1799 წლის თებერვალში, კოვალესკიმ, რომელმაც არც ქვეყნის საჭიროებანი და არც მისი მაცხოვრებლების ხასიათი იცოდა, უკვე თავისი პროექტი წარადგინა “საქართველოში რეგულარული ჯარის დაარსებისა და იქ საერთოდ სამხედრო საქმის მოწყობის აღდგენის შესახებ” (Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ). პროექტი არ ყოფილა მიღებული, მაგრამ მისი მიზანი კი უკიდურესად გასაგები და ნათელი იყო. რეგულარული ჯარების მოწყობა საქართველოში იქ რუსული ჯარების გაგზავნის აუცილებლობას მოხსნიდა. კოვალენსკის მაშინ შეეძლო მარტო გამგზავრებულიყო ტფილისში, გვერდიდან მზირალი თვალის გარეშე, და თავისი საქმეები ისე წაეყვანა, როგორც თავად მოისურვებდა. ეს სურვილი იყო კიდეც საბაბი პროექტის შესადგენად. არ ჰქონდა რა მისი განხორციელების იმედი და ეშინოდა რა, რომ ჯარების გაგზავნის შემთხვევაში ჯარების უფროსობასა და საქართველოს მთავრობას შორის შუამავლის არაშესაშური როლის დაკავება მოუხდებოდა (Письмо его къ канцлеру. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ), კოვაკლენსკი ჩვენს სამინისტროს იმ აზრს ჩააგონებდა, რომ ასეთ პირობებში მას მასზე დაკისრებული დავალების შესრულება ძნელად თუ შეეძლებოდა. ის ამბობდა, რომ იმ მხარის დაშორებულობისა და “სამხედრო ადამიანებისთვის უცხო მიწაზე ჩვეული ახირებულობის” გამო, მას სამ პირს: გიორგი მეფეს, ჯარების უფროსსა და თავად მას შორის წონასწორიბის დაცვა გაუძნელდება. პროექტის ავტორის აზრით, ყველაზე უკეთესი საშუალება და ყველაზე მეტი სარგებელი იქნებოდა მისთვის პოლკოვნიკის წოდება აღედგინათ და მინისტრის წოდებასთან ჯარების უფროსის წოდებაც შეეერთებინათ. “ვზომავ რა ჩემს შესაძლებლობებს, – წერდა იგი (Тамъ же), – მიდრეკილებასა და ხალისს სამხედრო სამსახურისადმი, თამამად შევძლებდი საქმის საიმედოდ აღსრულება საკუთარ თავზე ამეღო... ორივე წოდების ჩემი სახით გაერთიანება, მომცემდა რა მე მთელ მოხერხებულობას ჩემი პოლიტიკური მსახურების მოშურნეობით შესრულებისთვის, ბევრად შეძლებდა ხელის შეწყობას თავად სამსახურის არსებითი სარგებლისთვისაც. ხოლო წყალობა კი ჩემი დაწინაურებით ჩემს თანატოლებთან გათანაბრების მხრივ, რომლებიც ახლა უფროსი გენერლების წოდებებში შედგებიან, კიდევ უფრო მეტ სიმხნევეს მომცემდა”. 

ასე ამბობდა და ფიქრობდა ჩვენი მინისტრი მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ ჯარების მეთაურად დანიშნული ვინ იქნებოდა. კოვალენსკი, ეშინოდა რა საქართველოს მეფის კარზე მეტოქის ყოლისა, დავისა და უთანხმოებათა შესახებ უკვე წინასწარ ლაპარაკობდა. 

მიზნად დაისახა რა პირველი როლის თამაში, მას სურდა პირველი პირი და წარმომადგენელი ყოფილიყო. ხალხისთვის უცხო, ის ფიქრობდა მეფე გიორგი თავისთვის დაემორჩილებინა და, ამოეფარებოდა რა მის სახელს, საქართველო თავად ემართა. 

ასეთი არ ყოფილა გენერალ-მაიორი ლაზარევი, სამხედრო რაზმის უფროსი.

ლაზარევი საქართველოში პოლკის მეთაურის წოდებით მოვიდა, ქვეყნის საქმეებში ჩარევაზე ყოველგვარი პრეტენზიისა და საკუთარ პიროვნებაში რაღაცის წარმომადგენლის წარმოსახვის გარეშე.

თავიანთ მოვალეობებზე სხვადასხვანაირმა შეხედულებებმა წარმოშვეს კიდეც სხვადასხვანაირი შედეგები. კოვალენსკი წინ იყურებოდა, ცდილობდა რა ძალაუფლებისა და მნიშვნელობის შეძენას, ლაზარევი კი მხოლოდ თავის პოლკსა და ყოველივე აუცილებლით მის დაკმაყოფილებაზე ზრუნავდა. თავისი მიზნების მიღწევისთვის, კოვალენსკის სიცრუისა და ცილისმწამებლობისთვის უნდა მიემართა; ლაზარევს პირდაპირ და ღიად მოქმედება შეეძლო.

ვერ ღებულობდა რა პროვიანტს და ხედავდა რა, რომ ჯარისკაცები ექვსი დღის განმავლობაში შეშისა და ბურღულეულის გარეშე რჩებიან, და რომ უკანასკელის ნაცვლად ხან ცერცვს, ხან კაკალს და ხანაც ბრინჯს იძლევიან, ლაზარევი გიორგისთან გაემართა, რათა თავისი საჭიროებანი პირადად ეთქვა.

იცოდა რა, რომ იქაური თარჯიმნები თავიანთ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებენ და მეფეს სულაც არ უთარგმნიან იმას, რის შესახებაც მათ ეუბნებიან, ლაზარევმა, მორიდების გარეშე, თან კაპიტანი ტაგანოვიც წაიყვანა. გამოუცხადა რა გიორგის, რომ პოლკი ბინების, შეშისა და ფაფის გარეშეა, მან არ დამალა, რომ იცის მეფის ბრძანების შესახებ ყოველივე აუცილებლის მიწოდებაზე, მაგრამ მისი ეს ბრძანებები არ სრულდება.

– ჩვენს თუმნიანებს (червонцы) აქ ოთხ მანეთად იღებენ, – ამბობდა ლაზარევი, – ჩვენ კი მათ ხუთ მანეთად ვღებულობთ. ჩვენი თითოეული რიგითი მანეთზე ოცდაექვს კაპიკს კარგავს.

– მე გავიგებ ამის შესახებ, – პასუხობდა მეფე, – მაგრამ ვერანაირ მოგებას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ვაჭრები მაშინ საქონელზე ფასს დაამატებენ.

– თუ თქვენ საკვებზე ფასების დამატებას აკრძალავთ, მაში ჯარისკაცი არაფერს დაკარგავს. ის სხვა საქონელს არ ყიდულობს. თუ ჩვენ ზედმეტს გადავუხდით ჩაის, შაქრისა და მაუდისთვის, მაინც უფრო ნაკლები დაგვიჯდება, ვიდრე გადაცვლით გადახდაა; ჯარისკაცი კი მაშინ თავის ფულს სრულად მიიღებს.

ლაზარევის პირდაპირი და გულახდილი სიტყვის განმარტებას კოვალენსკი ცუდი მხრიდან ცდილობდა. იგი ლაზარევს უმეცრებასა და მეფის მიმართ არადელიკატურობას საყვედურობდა. გიორგის ის ურჩევდა არც ერთი საკითხის გამო ლაზარევისთვის არ მიემართა და ყველა ბრძანება მისი, მინისტრის მეშვეობით გადაეცა; ლაზარევს კი გადასცემდა, რომ ვითომ გიორგი უკმაყოფილოა მისი საქციელით და მისი გულცივობაც აკვირვებს. ლაზარევმა, როგორც გულღია და პირდაპირმა ადამიანმა, დაუჯერა რა ამხანაგს, შიკრიკი გაუგზავნა მეფეს იმის სათქმელად, რომ თუ მას იგი არ მოსწონს, შეუძლია სხვა (გენერლით) მისი შეცვლა ითხოვოს.

კოვალენსკი მოითხოვდა, რათა მისთვის, როგორც რუსეთის წარმომადგენლისთვის, ყარაული გამოეძახათ, ლაზარევი კი პასუხობდა, რომ წესდებით სამოქალაქო ჩინებისთვის სამხედრო პატივის მიგება არ შეიძლება, “და მის ჩინსაც ასეთი არაფერი შეეფერება” (Изъ письма Лазарева Кноррингу отъ 4-го августа 1800 г. Акты Кавк. Археогр. Ком., т. I, 125).

კოვალენსკის ქცევების არაგულწრფელობა მალევე გამოვლინდა. მან დაარწმუნა გიორგი, რომ ლაზარევი არაფერს არ ნიშნავს და მის სრულ დამოკიდებულებაში იმყოფება, რომ მინისტრს თვით ჯარების სურსათის მომარაგებასა და მათ კეთილდეობაზე ზრუნვაც კი აქვს დავალებული. მეფემ თავისი ბრძანებებისა და განკარგულებათა გადაცემა კოვალენსკის მეშვეობით დაიწყო. ლაზარევი არ ღებულობდა მათ და სთხოვდა კნორინგს დაერწმუნებინა გიორგი, რომ ის კაპრალი არ არის, “თორემ მას, – წერდა ლაზარევი, – არ ვიცი ვისი ნალაპარაკევის გამო ჩემთან არანაირი საქმის დაჭერა არ უნდა. მე არ შემიძლია მისი დარწმუნება, რომ მინისტრზე დამოკიდებული სულაც არა ვარ...”

კეთილი ურთიერთობანი წარმომადგენლებს შორის დაირღვა. ინარჩუნებდნენ რა თავიდან პაემნებისა და შეხვედრებისას ერთმანეთისადმი გარეგნულ პატივისცემას, ლაზარევი და კოვალენსკი დაუსწრებლად ერთი-მეორის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და იქამდეც მივიდნენ, რომ საბოლოოდ იჩხუბეს.

მალევე პოლკის ტფილისში მოსვლის შემდეგ, კოვალენსკიმ მოახერხა პოლკის ჩინების დახმარებით ტფილისის პოლიციის გარდაქმნის აუცილებლობაში გიორგი დაერწმუნებინა. მხარეში შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის კი, კოვალენსკის სურდა, რათა პოლკს დრო და დრო გარკვეული გადაადგილებები მოეხდინა. პირველ ჯერზე ის ლაზარევისგან მოითხოვდა, რომ მას ორი ან სამი ასეულით გორის ციხესიმაგრე დაეკავებინა, რომელიც ტფილისიდან 70 ვერსის დაშორებით, მდინარე მტკვრზე მდებარეობს.

არ ჰქონდა რა არანაირი განკარგულება და არ მიუღია რა ბრძანება, ძალზედ ბუნებრივია, რომ ასეთი მოთხოვნების შესრულებაზე ლზარევი არ თანხმდებოდა. თუ ჯარების გამოსაკვებად ტფილისში არაფერი იყო, მაშინ გორში მათ ყველაფერში კიდევ უფრო მეტ გასაჭირი უნდა განეცადათ.

ლაზარევის უარს შედეგად კოვალენსკისთან მისი კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობები მოჰყვა. უკანასკნელი სთხოვდა კნორინგს, რომ ერთმანეთთან მათი ურთიერთობებისთვის საზღვრები დაედგინა (Письма Коваленскаго Кноррингу отъ 23-го декабря, за №№ 125 и 126 и отъ 24-го декабря 1799 г. Акты Кавк. Археогр. Ком., т. I, стр. 103 и 104).

ლაზარევი ღიად და პირდაპირ გამოთქვამდა კოვალენსკიზე თავის უკმაყოფილებას და არც თავის ქცევებს მალავდა. კოვალენსკის პირიქით, დაიწყო რა პირველივე ნაბიჯიდან არაგულწრფელი მოქმედება, საკუთარი თავი ასევე სიცრუით უნდა დაეცვა. თავისი მოქმედებების დასაფარად მინისტრი ლაზარევს ცილს სწამებდა და ცდილობდა ყველაფერში ის დაედანაშაულებინა.

კოვალენსკი შესჩიოდა კნორინგს, რომ ლაზარევის მისდამი არაკეთილგანწყობა იქამდე მივიდა, რომ ის იმ ოფიცრებს დევნის, რომლებიც მისი (მინისტრის) სახლში იყვნენ მიღებულნი; რომ იმ საბაბით, თითქოს და პოლკოვნიკი კარიაგინი ერთხელ მოწყობაზე არ იყო, ლაზარევმა ის ერთი თვის ჯამაგირის გამოქვითვით დააჯარიმა; რომ მას არ სურდა პირველი სწვეოდა ვიზიტით გიორგი მეფეს და პროვიანტმაისტერსაც იმაზე სთხოვდა პასუხს, რომ ის თავის საჭიროებათა გამო პირდაპირ მეფეს არ მიმართავდა.

გიორგიმ ჯარისკაცებს ღვინო და ზურგიელი გამოუგზავნა. ლაზარევმა ისინი მიიღო, მაგრამ თქვა, რომ ეს ცოტაა, რომ ჯარისკაცებს პროვიანტი და ბურღულეული სჭირდებათ. კოვალნელსკიმ მაშინვე შეატყობინა ვისაც ჯერ არს, რომ ლაზარევი მეფის საჩუქრების მიღებას აძნელებს.

“ეს ადამიანი თავის სულიერ განწყობილებებში სრულიად შეიცვალა, – წერდა შემდეგ კოვალენსკი კნორინგს ლაზარევზე, – მას ეჩვენება, რომ მე სურსათის თაობაზე ზრუნვაში, ჩემი მსახურების მოვალეობის საქმეში უფლების გარეშე ვერევი და ისე, რისთვისაც, თითქოს და, იგი ჩემი მადლიერი უნდა ყოფილიყო”.

ლაზარევი, რომელმაც ცოლი და ქალიშვილი დაკარგა, თანაც კოვალენსკისგან ცილდაწამებულიც იყო, არ თვლიდა აუცილებლად რომ თავი ემართლებინა. ის მხოლოდ თადარიგში მის განთავისუფლებას ითხოვდა.

“გთხოვთ თქვენო აღმატებულებავ, – წერდა იგი კნორინგს (Отъ 30-го декабря 1799 года. Тамъ же), – იყავით მოსე და გამოიყვანეთ ხალხი მტრების ხელში მუშაობისგან”.

მალე ლაზარევისა და მისი პოლკის მდგომარეობა კიდევ უფრო გაძნელებული და მძიმე შეიქნა. ჯარებში მუნის ავადმყოფობა გამოვლინდა და ოფიცრებსა და დაბალ ჩინებს შორის სიყვითლის ციებ-ცხელება დაიწყო. ლაზარევი სთხოვდა კნორინგს ნება მიეცა მისთვის პოლკი ტფილისიდან გაეყვანა და ის ქალაქის მახლობლად ბალაგანებში ან უახლოეს სოფლებში განელაგებია (Рапорты Лазарева Кноррингу отъ 17-го января и 9-го iюня 1800 года. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 105).

ჯარები ბურღულეულში, პროვიანტში, შეშასა და სხვა სასიცოცხლო მოთხოვნილებებში უკიდურეს უკმარისობას განიცდიდნენ. გიორგი ბრძანებას იძლეოდა დაეკმაყოფილებინათ; მას მოახსენებდნენ, რომ ყველაფერი შესრულებულია, მაგრამ არაფერს კი არ აკეთებდნენ.

საქართველოს მთავრობის მიერ ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილებაზე გამოცემულმა ტაქსამ ჯარების მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. ვაჭრები ან სულაც არაფერს არ ყიდდნენ და დუქნებს კეტავდნენ, ან კიდევ მარაგებს მხოლოდ თავიანთ ნაცნობებზე ჰყიდდნენ და ისიც გაცილებით უფრო მაღალ ფასად. ლაზარევი სთხოვდა გიორგის განეკარგა, რომ მარაგები ყოველგვარი დამალვის გარეშე, დადგენილ ფასად გაეყიდათ (Письмо Лазарева Георгiю 23-го ноября 1800 года, № 70); მაგრამ ეს თხოვნაც, როგორც ბევრი სხვა, შეუსრულებელი დარჩა.

ჯარების მეთაურმა საუბარში უთხრა მეფის ადიუტანტს, თავად ჭავჭავაძეს, რომ თუ პოლკი უზრუნველყოფილი ვერ იქნება, მაშინ გიორგი შეიძლებოდა მის გარეშე დარჩენილიყო. მეფემ გამოგზავნა ეთქვათ, რომ მთელ ძალებს გამოიყენებს ლაზარევის დაკმაყოფილებისთვის, თუნდაც საამისოდ საკუთარი ძის დაგირავება მოუხდეს.

– ჩემი სულიერი ნაღვლიანობის მხიარულებად გადაქცევა, – პასუხობდა ლაზარევი, – მის უმაღლესობას არ ძალუძს. ჩემს შესახებ მე ერთი სიტყვაც არ მითქვამს, მე ვთქვი, რომ პოლკში უკმარისობის გამო ჩემი ხელმწიფოს წყალობის დაკარგვით ვრისკავ. პირადად მე გასაჭირი არაფერში არ გამაჩნია, ხელმწიფისგან ჯამაგირს ვღებულობ და ჩემი სოფლებიც მაქვს. ჩემი ერთადერთი პრეტენზია იმაში შედგება, რომ ჩემდამი რწმუნებული პოლკი ღებულობდეს ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის (что ему следуетъ). იმ დრომდე, სანამ ის დაკმაყოფილებული არ იქნება, მე ჩემს მოთხოვნებს თავს არ დავანებებ. მაგრამ, რადგანაც მე ვხედავ, რომ მის უმაღლესობას დაკმაყოფილება არ ნებავს, ამიტომ მას მეტად აღარ შევაწუხებ, არამედ (კავკასიის) ხაზზე ჩემს უფროსობას მოვახსენებ.

იმავე დღეს გაგზავნილ იქნა ბრძანება პოლკის ყოველივე აუცილებლით დაკმაყოფილების შესახებ; მაგრამ ისიც, ჩვეულებრივ, აუსრულებელი დარჩა.

– თუ თქვენ პოლკი გჭირდებათ, მაშინ გაუფრთხილდით მას, ეუბნებოდა ისევ ლაზარევი თავად ჭავჭავაძეს.

მეფემ ლაზარევს თავისი მემკვიდრე ძე გამოუგზავნა თხოვნით მოეთმინა და კნორინგისთვის არ მოეხსენებინა.

– თქვენი ხელმწიფე და თქვენც ქრისტიანები ხართ, მეც ასევე, ამბობდა დავით ბატონიშვილი. – მოიღეთ მოწყალება, მოითმინეთ და არ მოახსენოთ. მე ვიცი, რომ თუ თქვენ მოახსენებთ, მაშინ პოლკს წაიყვანენ და ჩვენ დავიღუპეთ.

– ერთი კვირა კიდევ შემიძლია მოვითმინო – პასუხობდა ლაზარევი – მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ გავჩუმდები. მისი უმაღლესობა პოლკის გარეშეც მეფედ დარჩება, მე კი ვრისკავ რომ დასჯილ ვიქნე.

ეს საუბარი მაინც საუბრად დარჩა: ჯარისკაცების მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა.

“აქ ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენთან დაწესებულებებში – მოახსენებდა ლაზარევი – იქ ყველა ამბობს ხვალ (завтра), აქ კი იქნება (икнеба), т. е. будетъ, მაგრამ ამით არაფერი არ არის ხოლმე (но отъ этого ничего не бываетъ)”.

ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები ჩვენი ჯარების საქართველოში შესვლის სულ დასაწყისშივე. ამ ქვეყნის მდგომარეობა ისე მოშლილი იყო, ყველაფერში უკმარისობა ისე საგრძნობი, რომ, მთელი თავისი სურვილის მიუხედავად, გიორგის არ შეეძლო სავსებით დაეკმაყოფილებინა ისინი, რომლებიც მის დასაცავად იყვნენ გამოგზავნილნი.

“მეფემ ოფიცრების ყველა ცხენის გამოკვება თავად იკისრა, – წერდა ლაზარევი, – და კვირაში ერთ დღეს აბანოში ნება მისცა ჯარისკაცებს უფულოდ იბანდნენ; აი მთელი მისი წყალობა პოლკისთვის. ყოველივე ამასთან ერთად, მას ძალიან უნდა, რათა პოლკი ყველაფერში დაკმაყოფილებული იყოს; მაგრამ მისი ბრძანებები ცუდად სრულდება, და, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, არავინ მას არ უსმენს (Изъ донесенiя Лазарева Кноррингу 22-го декабря 1799 года. Акты Кавк. Арх. Комм., стр. 101).

ლაზარევი, რომელიც საქმეს უბრალოდ, ქვენა ფიქრების გარეშე უყურებდა, გიორგის სამართლიანად მიაგებდა და მასზე რაიმე-ნაირი ბრალდებების აღძვრას არც ფიქრობდა. სრულებით ამის საწინააღმდეგოდ იქცეოდა კოვალენსკი. ხელმძღვანელობდა რა საიდუმლო მიზნებით, იგი ცრუ გზას უწინარეს ყოვლისა იმით დაადგა, რომ პეტერბურგში უსამართლო და წინააღმდეგობრივ მოხსენებებს აგზავნიდა. მინისტრი წერდა ფრიად ჩინებული მიღების შესახებ, განსაკუთრებული პატივისცემის შესახებაც, რომელსაც მას გიორგი აღმოუჩენდა და სხვა. ხოლო როცა დაინახა, რომ წინასწარ შედგენილი ფოიერვერკული მოხსენებები საქმით ვერ მართლდება, რომ ლაზარევი, რომელიც პროვიანტსა და სადგომს ვერ ღებულობს, იძულებული იქნება ამის შესახებ კნორინგს მოახსენოს და ამით მისი მოხსენებების უსამართლობა გამოავლინოს, კოვალენსკის, რათა საკუთარი თავისგან ბრალდება მოეხსნა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუ არა ლაზარევის დადანაშაულებისთვის მიემართა.

თავად მეფემ რუსეთის ამ ორი წარმომადგენლის ღირსებები მალევე განსაზღვრა. ერთში მან ჭეშმარიტების, სიმართლის, ღია და პირდაპირი ადამიანი ჰპოვა; მეორეში კი – არაგულწრფელობა და პატივმოყვარული ჩანაფიქრები. მეფის სულიერი თვისებები და მისი კეთილგანწყობა ლაზარევისკენ იხრებოდა. კოვალენსკიმ მნიშვნელობა მაშინვე დაკარგა. გიორგიმ, რომლის შესახებაც ჩვენი მინისტრი წერდა, რომ იგი მის ყველა დარიგებას ასრულებს და ყველაფერში მას უჯერებს, რჩევებისთვის კოვალენსკისადმი მიმართვას თავი ანება, და, ამის საპირისპიროდ, ლაზარევის აზრს მეტად ხშირად კითხულობდა.

გიორგისა და კოვალენსკის შორის გაუგებრობანი ტფილისში მისი ჩამოსვლის შემდეგ მალევე დაიწყო. ყველა წესის დასრულებისა და საქართველოს ტახტზე გიორგის დამტკიცების შემდეგ მეფეს თავის მხრივ უნდა დაენიშნა სრულუფლებიანი (წარმომადგენლები) აქტის ხელმოწერისთვის, რომელიც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შესახებ 1783 წლის ტრაქტატის პირობებს დაამტკიცებდა (Акты, собранные Кавказскою Археографическою Комиссiею. Тифлисъ. 1866 года, т. I, стр. 95). მეფე, სხვადასხვა საბაბით, ამ აქტის ხელმოწერას აყოვნებდა და გამოთქვამდა სურვილს, რომ თავის საჭიროებათა შესახებ თხოვნით ს.-პეტერბურგში ელჩობა გამოეგზავნა (Рапортъ Коваленскаго Государю Императору 17-го февраля 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

კოვალენსკი ცდილობდა მეფისთვის ასეთი გამოგზავნა გადაეთქმევინებინა და კნორინგს ეკითხებოდა, როგორ მოქცეულიყო და რა გაეკეთებინა.

გიორგი თავის სურვილს თავს არ ანებებდა, კოვალენსკი კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი სურვილები შეუთავსებელია, რადგანაც მასთან აკრედიტებული მინისტრი იმყოფება, და სთხოვდა აქტის ხელმოწერისა და პეტერბურგში გაზავნისთვის სრულუფლებიანი წარმომადგენლები დაენიშნა. გიორგი კოვალენსკის თხოვნის შესრულებას აყოვნებდა და სრულუფლებიან პირებს არ ნიშნავდა. მინისტრი წერდა მეფეს (Въ письме отъ 25-го января 1800 года. Тамъ же), რომ ყველაფერ ამის გამო მან შეიძლება იმპერატორისგან სასჯელი მიიღოს, და ამიტომ იძულებულია სთხოვოს მეფეს მას ტრაქტატის ხელმოწერაზე სურვილის არქონის მიზეზის შესახებ წერილობით შეატყობინოს. გიორგი იმავე დღეს წერილობით პასუხობდა, რომ ის ს.-პეტერბურგში აგზავნის ელჩებს, და სანამ მისი თხოვნა იმპერატორამდე არ მივა, იმ დრომდე აქტი ხელმოწერილი ვერ იქნება. მინისტრს უკვირდა, რომ მეფეს შეეძლო წინასწარ მასთან ურთიერთობისა და შეთანხმების გარეშე უზენაეს კარზე თხოვნა გაეგზავნა, რომ ასეთი საქციელი, შეურაცხჰყოფდა რა მას, როგორც მინისტრს, შესაძლოა თავად მეფისთვისაც მეტად საძრახისი ყოფილიყო. კოვალენსკი გიორგის იმაზე მიუთითებდა, რომ მასთან, მინისტრთან წინასწარი ურთიერთობების გარეშე, მეფეს უფლება არ ჰქონდა რაიმენაირი თხოვნის შესახებ იმპერატორისთვის მიეწერა. გიორგი თავის აზრზე დაჟინებით იდგა.

კოვალენსკი ეკითხებოდა, თუ როგორი თხოვნით ფიქრობს იგი ელჩების გაგზავნას. მეფემ, შეიტყო რა მინისტრის ზნეობრივი თვისებების შესახებ, თავის წარგზავნილთა მივლინების ნამდვილ მიზეზს მას არ ეუბნებოდა და თავის სურვილს გულდასმით მალავდა.

“თქვენ მეკითხებით, – წერდა მეფე გიორგი კოვალენსკის (Отъ 27-го января 1800 года. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ), – როგორი მოხსენებებით იგზავნება ჩვენგან სათხოვარი, ისე როგორც უწინ სიტყვიერად იქნა ჩვენს მიერ გამოცხადებული, ახლა მას წერილობით გიხსნით.

1) მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის 3.000-კაციანი ჯარის მუდმივად ყოფნისთვის დანიშვნის შესახებ.

2) ჩვენს სამფლობელოებსა და ადერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის თვალსაზრისით ბაბა-ხანთან ურთიერთობის შესახებ.

3) რათა ახალციხის ფაშა არ აძლევდეს თავისთან ლეკებს თავშესაფარს და არ აძლევდეს მას ჩვენი სამფლობელოების რბევის ნებას, ვისთანაც საჭიროა, ურთიერთობის შესახებ.

4) დაღესტნელი მფლობელებისთვის დადასტურების თაობაზე, რათა საქართველოს ასევე თავს არ ესხმოდნენ და მის წინააღმდეგ არ ბოროტმოქმედებდნენ.

5) განსვენებული მეფის, ჩემი მშობლისთვის ნაწყალობევი არტილერიის ჩვენთან ჩამოტანის შესახებ, რაკი ამაზე უკვე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ნებაც არის. 

6) ახლა აქ მყოფი ჯარებისა და მომავალში ჩამოსულის რუსი მოხელეების ზრუნვით სურსათით მომარაგების შესახებ, პროვიანტისა და ფურაჟის ყიდვით по справочнымъ ценамъ.

სიტყვიერად კი ჩემგან დავალებულია ჩვენი ძმებისთვის: კათოლიკოს ანტონისა და მეფის ძის ვახტანგისთვის და ჩემი ძის იოანესთვის ორდენები ითხოვონ.

ზემონათქვამი პუნქტების მიხედვით შუამდგომლობის თაობაზე ჩვენ ჩვენს წარგზავნილებს ინსტრუქციაში ვუბრძანეთ, ხოლო თხოვნაში კი არ მოგვითავსებია. სხვა მხრივ, თქვენდამი პატივისცემით ვიმყოფებით”.

კოვალენსკი თანხმდებოდა ელჩობის გამოგზავნაზე, მაგრამ მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ მას ერთი მიზანი ექნებოდა – მადლობის მირთმევა იმპერატორისთვის მისი წყალობისა და ქართველ ხალხზე ზრუნვის გამო. მინისტრი ეკითხებოდა მეფეს, თუ სახელდობრ ვინ არის დანიშნული ელჩობაში. გიორგი პასუხობდა, რომ ნიშნავს თავის სრულუფლებიან მინისტრსა და დიდ სარდალს თავად გარსევან ჭავჭავაძეს, საიდუმლო მრჩეველს თავად გიორგი ავალიშვილსა და სახელმწიფო მრჩეველს მდივან-უფროსს (мдиванъ-начальника) თავად ელიაზარ ფალავანდიშვილს.

კოვალენსკი პასუხობდა (Отъ 16-го января 1800 года. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ), რომ უძნელდება გაგზავნა, იმიტომ რომ წარსაგზავნ პირებს მიცემული აქვთ ისეთი ჩინები, როგორიც მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ; რომ საიდუმლო და სახელმწიფო მრჩევლების ჩინები, რომლებიც მათ მეფემ უწყალობა, ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა; რომ საიდუმლო მრჩეველი თავადი ავალიშვილი მანამდე რამდენიმე თვით ადრე აქაური მინისტრის ამალის თარჯიმანი ანუ მდივანი იყო.

სურდა რა მეფისთვის ესაყვედურა, კოვალენსკი უმატებდა, რომ პეტერბურგის კარს “აქაურ წესრიგსა და აქ წარმოებულ საქმეთა მიმდინარეობაზე” მეტად არამომგებიანი აზრი შეექნება.

გიორგი ასე არ ფიქრობდა: არ უკითხავს რა კოვალენსკისთვის, მან პეტერბურგში ელჩობა გამოგზავნა. კავკასიის ხაზზე წარმოგზავნილნი კნორინგის მიერ იქნენ გაჩერებულნი, რომელიც კოვალენსკისგან მოითხოვდა, რათა მას მათთვის მგზავრობაზე თანხმობა მიეცა. კოვალენსკიმ უარით უპასუხა, და ელჩობა, ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრებისთვის უზენაესი ნებართვის მიღებამდე, იქ გაჩერდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 28-го января 1800 года. Моск. Арх. Инспект. Департ.).

აპრილის ბოლოს თავადი ჭავჭავაძე, ამალით, მოზდოკიდან ს.-პეტერბურგში იქნა გამოგზავნილი (Рапортъ Кнорринга Государю Императору 25-го апреля 1800 года. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 105).

ელჩობის უმთავრესი საბაბი, როგორც ქვემოთ ვნახავთ, წარმოგზავნილთათვის საიდუმლო დავალებაში მდგომარეობდა, რომ იმპერატორ პავლესთვის საქართველოს სრულ ქვეშევრდომობაში მიღების შესახებ ეთხოვათ. (Главнейшiй поводъ посольства, какъ увидимъ ниже, заключался въ тайномъ порученiи посланникамъ просить Императора Павла о принятiи Грузiи въ совершенное подданство Россiи.) ხილული და ყველასთვის გასაგები საბაბი კი როგორც მეფის, ისე ქართველოს ხალხის ნამდვილი შიში გახლდათ სპარსელთა ახალი შემოსევისა და ქვეყნის აოხრების შესახებ ხმების გამო, რომლის კვალიც საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე კიდევ მოჩანდა.

ტფილისში მყოფი ჩვენი რაზმის უმნიშვნელობა, დაურწმუნებლობა იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება იქნება მოცემული, და, თავად მდინარე თერგის ადიდებისა და რუსეთთან შეტყობინების შეწყვეტის გამო, თავის დროზე და სწრაფად მისი გამოგზავნის შეუძლებლობაც, ქართველებს შორის ანგარიშმიუცემელ შიშსა და გულგატეხილობას ბადებდა.

ახალი და ღრმა ჭრილობები ხალხის გადაჭარბებული შიშის მიზეზი შეიქნა. ღრმად ვუკვიდრებით რა საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ ტფილისი, თავისი ადგილმდებარეობით, თავად ბუნების მიერ იმდენად იყო გამაგრებული, რომ რეგულარული ჯარების უმნიშვნელო ძალებით შეეძლო აზიელი ხალხების მოუწყობელ ურდოებს (полчища) წინ აღდგომოდა.

ამასთან, მცირედ დასახლებულ, გაძარცვულ და გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი გამარჯვებულთა მიერ ტყვედ იყო წაყვანილი, აზიურ ბაზრებზე გასაყიდად, ახალი მოწინააღმდეგისთვის თავისი ჯარების გამოკვება ძნელი იქნებოდა, და ის ციხესიმაგრის ალყაზე მნიშვნელოვანი დროის გამოყენებას ვერ შეძლებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს გარემოებები თითოეულ ქართველს თვალწინ ჰქონდა, ცოტა თუ მოიძებნებოდა ისეთი, ვინც სპარსელთა ან ლეკების ახალ შემოსევაზე ყოველგვარი, თუნდაც ცრუ ხმების შემთხვევაში, სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა. 

ვაჟკაცობამ და უშიშობამ, უწინდელ ქართველთა ხასიათის განმასხვავებელმა ნიშნებმა, ახლა ისინი სრულიად მიატოვეს. სამხედრო მეცადინეობანი და დიდება დავიწყებულ იქნა და სახელოვან წინაპრებზე მოთხრობების მონაპოვრად იქცა. შეინარჩუნეს რა ხასიათში მეომრულობისადმი ამთვისებლობა, ქართველებს ხელმძღვანელები არ ჰყავდათ და ამიტომ სულის სიმხნევე დაკარგეს (Сохранивъ въ характере воспрiимчивость въ воинственности, грузины не имели руководителей и потому утратили бодрость духа). ხალხში ერთიანობა და საკუთარი ძალის შეგნება არ იყო.

მცხოვრებთა დამშვიდებისთვის, კოვალენსკი კავკასიის ხაზიდან კიდევ ერთი პოლკის გამოგზავნას ითხოვდა. მისი აზრით, საქართველოსა და მომიჯნავე მხარეში რუსეთის იმპერატორის უმაღლესი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, პოლკი აუცილებელიც კი გახლდათ (Рапорть Коваленскаго Государю Императору 17-го февраля 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

“აქაური მთავრობის საკუთარ სიკეთეზე სრული უდარდელობის გამო, – მოახსენებდა კოვალენსკი იმპერატორ პავლეს, – საქართველოში თქვენი უდიდებულესობის უმაღლესი ძალაუფლების შენარჩუნება, მასში ყველა აქაურის მიერ ერთსულოვნად მონატრებული კეთილმოწყობის აღდგენა, და ამ მხარის მომიჯნავე ხალხებში თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფლობელობისადმი პატივისცემის თავად დამკვიდრებაც ვერ შეიძლება მტკიცედ აღწევდეს თავის მიზანს სხვანაირად, თუ არა, ჯერ ერთი, აქ ჯარების შენახვით, მეორე, მეფის კარზე კეთილმოწყობის შემოღების ნაწილში ცნობილ პირთაგან საბჭოს დაარსებით, რომელიც აქ თქვენი უდიდებულესობის რწმუნებული პირის ზედამხედველობის ქვეშ და მისგან წახალისებით იღვაწებდა, და, ბოლოს, ამ უკანასკნელი (პირისთვის) უვრცელესი ძალაუფლების მინიჭებით, და ამ ძალაუფლებისთვის დამახასიათებელი პატივისცემითაც”.

უკანასკნელი ფრაზა კოვალენსკის მოხსენების მთელ არსს, მთელ მიზანს შეადგენდა. ძნელი არ არის დავინახოთ, რომ ჩვენი მინისტრი უწინარეს ყოვლისა ძალაუფლებასა და პატივს მილეტვოდა, და არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ლაზარევს, რომელიც წერდა, კოვალენსკის მთელი საქართველოს მართვა უნდაო.

ჩაფიქრებული მიზნის წარმატებით მიღწევისთვის, კოვალენსკი ხშირად არა გულწრფელად უნდა მოქცეულიყო. ამის გამო მის მოხსენებებში უკიდურესი წინააღმდეგობები გვხვდება. იგი ხან მოახსენებდა, რომ საქართველოში ყველაფერი დაწყნარდა, ხან კი მმართველობაში უკიდურესი უწესრიგობის შესახებ მოწმობდა. ერთ მოხსენებაში ის წერს, რომ გიორგი მას პატივისცემის ყველა ნიშანს აღმოუჩენს, მის ყველა რჩევას ასრულებს, სხვაში – რომ გიორგის აქტზე ხელის მოწერა არ უნდა და კოვალენსკის რჩევას არ კითხულობს; ხან წერს, რომ მეფეში წესების სიმყარე, მსჯელობის სიჯანსაღე, თვინიერება და ღვთისმოსაობა ჰპოვა, ხან კი მოახსენებს, რომ მეფე სუსტია და არანაირ საქმეში არ ერევა. არ მოქმედებდა რა ღიად, კოვალენსკიმ ყველასთან მოახერხა წაჩხუბება და გააკეთა ის, რომ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია იგი გამოეწვია და საქართველოს მეფის კარზე მინისტრის პოსტიც მოესპო...

მიზეზები, რომლებიც გიორგის ახალისებდა რუსეთის ქვეშევრდომობა ეძია, სამეფოს მმართველობის მთელი მექანიზმის სრული მოშლილობიდან და საგარეო უძლურებიდან მომდინარეობდა. (Причины, побудившiя Георгiя искать подданства Россiи, проистекали отъ совершеннаго разстройства всего механизма управленiя и внешняго безсилiя царства.) შეგნებული ჰქონდა რა თავისი ჯანმრთელობის სისუსტე, თავისი სიცოცხლის მცირე ხანგრძლივობა, გიორგის იმ ხვედრის გამო ეშინოდა, რომელიც მის საკუთარ დაუცველ ოჯახს ელოდებოდა, ასევე მთელი მისი სამეფოსა და ქართველი ხალხის გამოც.

სივრცის მიხედვით უმნიშვნელო საქართველო, ინტრიგებისა და ურთიერთ მტრობის მსხვერპლი, ამასთან ერთად თითქმის ყველა მხრიდან მაჰმადიანური რჯულის ხალხებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც ქვეყნის რბევა-აწიოკებას თავს არ ანებებდნენ – ხან აშკარა თავდასხმებით, ხან მტაცებლობით, ხან კი იმ პირთა საიდუმლო გადაბირებით (тайными подговорами лицъ), რომლებიც არცთუ იშვიათად მმართველობის სათავეში იდგნენ, “რის გამოც ხდება ის, – მოახსენებდა ლაზარევი (Замечанiе Лазарева о тогдашнихъ обстоятельствахъ Грузiи 24-го января 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.), – რომ ადრე თუ გვიან (საქართველოს სამეფო) უბედური უნდა შეიქნას”.

ქვრივმა დედოფალმა დარეჯანმა, გიორგის დედინაცვალმა, “მეტად მკაცრი” ზნე-ხასიათის ქალმა, განიცადა რა ერთხელ წარუმატებლობა, ძალაუფლების მოყვარული სურვილები გულში ჩაიმალა და გიორგისთვის ცუდის გაკეთებას თავს არ ანებებდა. შეურაცხყოფილი იმით, რომ მმართველობა თავის ხელში არა აქვს და რომ გიორგი რჩევებისთვის მას არ მიმართავს, იგი საიდუმლო ინტრიგებს მიმართავდა.

იმპერატორ პავლეს მიერ დავით ბატონიშვილის საქართველოს ტახტის მემკვიდრედ აღიარება და ტახტის გიორგის შთამომავლობაში შენარჩუნება დარეჯან დედოფლისა და მისი შვილების მიზნებსა და სურვილებს ეწინააღმდეგებოდა. გიორგი და დავითი რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულების ფიცს დებდნენ, ხალხს უხაროდა და მხიარულებდა, დარეჯან დედოფალი კი თავის თანამზრახველებს გარშემო იკრებდა და უკმაყოფილოთა პარტიის გაზრდას ცდილობდა.

მისი უფროსი ვაჟი, იულონ ბატონიშვილი, რომელსაც ზემო საქართველოში ჰქონდა მამულები და, ერეკლეს ანდერძის მიხედვით, გიორგის სიკვდილის შემდეგ ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდა, მისი ქმედითი დამხმარე გახლდათ. იულონი თავის თავად უნებისყოფო ადამიანი იყო. ყველა მისი საქციელი მისი დედის, დარეჯან დედოფლისა, და ცოლის, რომელიც მას ვნებიანად უყვარდა, რჩევების შედეგს წარმოადგენდა. თუმცა კი მათაც ის მხოლოდ მაშინ უსმენდა, “როცა იზომოდ თვრება, რაც მას ყოველ დღე ემართება; ხოლო რათა ის სინანულში არ მოვიდეს და ჭეშმარიტ გზაზე არ დაბრუნდეს, მას ალექსანდრე და ფარნაოზი ჰყავს მიჩენილი, რომლებიც უკვე უდრეკნი არიან” (Изъ письма Лазарева Кноррингу отъ 8-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

მფარველობდა რა უკმაყოფილოებს, და აღვივებდა რა ხალხის ვნებებს, თავად იულონი მეფის ნებისადმი უკვე აშკარა ურჩობას იჩენდა. გიორგის ბრძანებების მიუხედავად, მას თავისი მამულებიდან არც ერთი ჯარისკაცი არ გამოჰყავდა და არც იმ პროვიანტს იძლეოდა, რომელიც, განაწილების მიხედვით, მის წილად მოდიოდა.

ვახტანგ ბატონიშვილი, ბუნებით მეტად ეშმაკი ადამიანი, გარეგნულად რუსეთისადმი ყოველთვის მეტად გულმოდგინე იყო, ჩვენი ჯარისთვის ზრუნავდა, საიდუმლოდ კი ძმების მხარე ეჭირა და გიორგის მომხრეებთან ყოველგვარ ურთიერთობას თავს არიდებდა. ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც აზიელი ხალხების ზნე-ჩვეულებათა ერთგული იყო და აზიურ წეს-ჩვეულებებსაც (ადათებსაც) კი ასრულებდა, საქართველოს გარემომცველ ხალხებს შორის ბევრი თანამზრახველი ჰყავდა. ალექსანდრე, თავის ძმასთან, ფარნაოზთან ერთად, ჯერ კიდევ გარდაცვლილი ერეკლე II-ის სიცოცხლეში, მამის მიმართ ურჩობას იჩენდა და ხალხს აშფოთებდა. “ფარნაოზ ბატონიშვილის შესახებ, – მოახსენებდა ლაზარევი, – მე არაფრის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან ის არც ერთი საკითხის გამო არ ჩნდება, იმ რბევა-აწიოკებათა გარდა, რომლებსაც ის მეფის ძალაუფლების ქვეშ მყოფთა და მის მომხრეებს ატეხს თავზე”.

სიცივე, რომელიც გიორგის ტახტზე ასვლის დროს ძმებსა და ნათესავებს შორის არსებობდა, მალევე აშკარა მტრობად და ბატონიშვილთა ღია წინააღმდეგობად შემობრუნდა.

ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილებმა, საუფლისწულო მამულებად საქართველოს საერთო დაყოფის დროს, მამისგან სამემკვიდრეოდ დარეჯან დედოფლის მამულები მიიღეს, მაგრამ იმ პირობით, რომ მათი მფლობელობა მხოლოდ დედის სიკვდილის შემდეგ შეეძლებოდათ.

ერეკლე II-ის სიკვდილის წინ, დარეჯანმა მოახერხა ქმრისგან ნებართვა გამოეთხოვა, რომ იმხანად რუსეთში მყოფი მირიანისთვის დანიშნული მამულის ნაწილი ფარნაოზისთვის მიეცა. დაბრუნდა რა პეტერბურგიდან საქართველოში, მირიანმა ფარნაოზისგან თავისი ნაწილის მოთხოვნა დაიწყო, რომელიც, ძმისთვის მამულის დაბრუნების ნაცვლად, სურამის ციხესიმაგრის გამაგრებას შეუდგა და თავდაცვით მდგომარეობაში დგებოდა. ამ საქციელმა დავის დაწყებისთვის საბაბი წარმოშვა.

მეფე, რომელიც ძმებს შორის ყველაზე უფრო მეტად მირიანის მიმართ იყო კეთილად გამწყობილი, იმის გამო, რომ საქართველოს მეფედ გიორგის დამტკიცების შესახებ მან ხმა პირველმა მისცა, უკვე მზად იყო ფარნაოზის წინააღმდეგ ჯარი გაეგზავნა და ძალით აეძულებინა იგი ფარნაოზისთვის მამული მიეცა. ფარნაოზის მხარეზე დარეჯან დედოფალი გამოვიდა. გიორგი დედინაცვალს წაეჩხუბა, მაგრამ ჯარის გასაგზავად თავის განზრახვაზე კი ხელი აიღო. ფარნაოზი თავის სამფლობელოებში დარჩა. მაშინ ალექსანდრე ბატონიშვილმა, ერთადერთმა, რომელსაც საუფლისწულო მამული არ ჰქონდა, დაიწყო მოთხოვნა, რათა მისთვის ყაზახი მიეცათ, რომელიც, ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, არავისთვის არ შეიძლებოდა ყოფილიყო მიკუთვნებული, მეფის გარდა. მიიღო რა უარი თავის მოთხოვნებში, ალექსანდრე გიორგის შეურიგებელ მტრად და თავისი დანარჩენი ნათესავების არამოკეთედ გადაიქცა. თავისი უფლებების დასაცავად იგი უცხოური დახმარების ძიებას შეუდგა...

1800 წლის ივნისის პირველ რიცხვებში, ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელიც თავის სოფელ შულავერში ცხოვრობდა, თურქეთის საზღვრისკენ გადაინაცვლა (откочевалъ). ეს გააზრებულად იყო გაკეთებული თუ რაიმე წინასწარი განზრახვის გარეშე – უცნობია, მაგრამ ტფილისში კი ეს საქციელი ბატონიშვილის განზრახვად მიიჩნიეს, რომ სამეფოს ფარგლებს გარეთ გასულიყო. გიორგიმ მაშინვე გაგზავნა მასთან სულიერი მოძღვარი და ადიუტანტი დავალებით, რომ ბატონიშვილი დაერწმუნებიათ ტფილისში დაბრუნებულიყო. კოვალენსკიმ, რომელმაც ამაში მიიღო მონაწილეობა, მეფის მიერ წარგზავნილებთან ერთად, თავისი სახელით მაიორი კოლონტაროვიც მიავლინა.

16 ივნისს ისინი ტფილისიდან გაემგზავრნენ, მაგრამ, შულავერში მისვლის შემდეგ, იქ ბატონიშვილი უკვე ვეღარ ნახეს. აქ მათ შეიტყვეს, რომ ვითომ ალექსანდრე, თავის ამალასთან და თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ 500 თათართან ერთად, მათი ოჯახებით, დროებით მთებში ავიდა. ისინი ამბობდნენ, რომ დამდგარმა სიცხეებმა აიძულა ბატონიშვილი სიგრილე მთებში ეძია; სხვები კი ირწმუნებოდნენ, რომ მან საზღვარგარეთ წასვლის მიზნით გადაინაცვლა. გაგზავნილები ბატონიშვილისკენ გაემართნენ, მას 17 ივნისს, საღამოს, სომხითში დაეწიენ და მასთან პაემანიც ჰქონდათ. უკმაყოფილოდ და მეტად ცივად მიიღო ალექსანდრემ გიორგის წერილი და ასეთივე უკმაყოფილებით ისმენდა შეგონებებსა და თხოვნებს ტფილისში დაბრუნებულიყო (Рапортъ Колонтарова 16-го iюня 1800 г. Тифл. Арх. Канц. Намкстника).

– არა ერთხელ, – ამბობდა ის, – როგორც მე, ისე დედოფალს, ჩემს დედასაც, მოგვისმენია მსგავსი დაიმედებანი, და იმდენჯერვე დაპირებათა დარღვევებიც გვინახავს, შევიწროვებებიც განგვიცდია, ამასთან სამხედრო ძალაც კი ყოფილა ჩემი ძმების წინააღმდეგ გამოყენებული; მათ და ჩემს ძმებს მათი კუთვნილი უფლებები და უპირატესობანი წართმეული აქვთ. ჩემს დედას ის მამულები და შემოსავლები ჩამოერთვა, რომლებითაც იგი არსებობდა. თავად მეც, ვისაც სათანადო სამართლიანობით არ მომექცნენ, ყველაფერ ამას ამ დრომდე მოთმინებით ვიტანდი. არ მაქვს იმედი, რომ მეფე მომავალში თავის მოცემულ დაპირებას შეასრულებს და ამიტომ მისი მიპატიჟებით ტფილისში ჩამოსვლა არ შემიძლია.

მაიორმა კოლონტაროვმა ბატონიშვილს კოვალენსკის წერილი გადასცა. ალექსანდრემ, წაიკითხა რა წერილი, თუმცა კი გამოხატა იმაში დარწმუნება, რომ რუს მინისტრს გულწრფელად სურს მათ საერთო მწარე ხვედრს შეეწიოს, მაგრამ ამბობდა, რომ კოვალენსკის ღონისძიებათა წარმატებაში ეჭვი ეპარება. კოლონტაროვმა მისი დარწმუნება დაიწყო ტფილისში დაბრუნებულიყო, ჰპირდებოდა რა კოვალენსკის თანადგომასა და ძმების შერიგებაში მის მონაწილეობას.

– კოვალენსკის ჩემს მიმართ კეთილგანწყობაში მე დარწმუნებული ვარ – პასუხობდა ბატონიშვილი – და ძმებს შორის კეთილი თანხმობის დაბრუნებაზე მის სურვილშიც; მაგრამ თუ ამ დრომდე მან ამ საქმეში ვერაფერი მოახერხა, მაშინ მე არ შემიძლია იმედი მქონდეს, რომ მის ახალ შუამავლობასაც უკეთესი შედეგები ექნება, მით უმეტეს, რომ ერთხელ მისი მეშვეობით წარდენილი უმნიშვნელო თხოვნა ორი თათრის შესახებ მეფის მიერ ყოველგვარი ყურადღების გარეშე იქნა დატოვებული.

– საქართველოში რუსეთის მინისტრი რომ არ ყოფილიყო, – ამბობდა ალექსანდრე, – მაშინ მე უკვე დიდი ხანია გამოვძებნიდი ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ყველა გადატანილი წყენის გამო დაკმაყოფილებას.

წარგზავნილები ბატონიშვილის დაყოლიებას განაგრძობდნენ.

– თუ მე გადავწყვეტ ტფილისში ჩამოსვლას, – პასუხობდა იგი, – ამას ერთადერთი კოვალენსკის მიერ მიპატიჟებისადმი პატივისცემის გამო გავაკეთებ, დავამყარებ რა მასზე მთელ ჩემს იმედებს.

ასე ამბობდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ბატონიშვილი. მან ბრძანა მეფისგან წარმოგზავნილები კარავში მიეყვანათ, რომელიც მისი ბანაკიდან მეოთხედ ვერსზე უფრო მეტ მანძილზე იმყოფებოდა, მიუგო რა, რომ მისგან მათ სხვა პასუხის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდათ; კოლონტაროვს კი სთხოვა ღამე მასთან გაეთენებინა, რათა მასთან ერთი-ერთზე ელაპარაკა და გადამწყვეტი პასუხი მიეცა. ეშინოდა რა თავისი ამხანაგების მხრიდან ეჭვებისა, კოლონტაროვმა ბატიონიშვილს წინადადებაზე უარი უთხრა და სთხოვა ღამის გასათევად ისიც იმავე კარავში გაეშვა.

წარმოგზავნილთა წასვლის შემდეგ, საღამოს ათ საათზე, ბატონიშვილმა თავის ამალას მის მიერ მიღებული ცნობის შესახებ გამოუცხადა, რომ მეფის სიმამრი, თავადი ციციშვილი, ჯარით ბატონიშვილის დასადევნებლად არის დანიშნული და, თუ შესაძლებელი იქნება, მის ცოცხლად შესაპყრობად და ძალით ტფილისში ჩასაყვანადაც. ალექსანდრემ გამოუცხადა, რომ გადაუდებლად საზღვარგარეთ წასვლა აქვს განზრახული.

ღრმა შუაღამეს ცხენების დარაჯთა ყვირილმა გააღვიძა წარგზავნილები: აღმოჩნდა, რომ მათი სამივე ცხენი მოპარულია, და რომ ბატონიშვილი თავისი თანამგზავრებით აიყარა და გაიქცა. შორიდან მოღწეული ხმაური მოსმენილის სამართლიანობას ადასტურებდა. ყოველი მხრიდან თათრებით გარშემორტყმულთ, რომელთაგან ბევრი ალექსნადრეს ერთგული იყო, წარგზავნილებს არ შეეძლოთ რაიმე სხვა ეღონათ, თუ არა მოფერებითა და ნაწილობრივ კი მუქარებით დაერწმუნებინათ თათრები, რომ ბატონიშვილს არ გაჰყოლოდნენ.

დარჩენილთა ჩვენებებით, ალექსანდრესთან ერთად 65 ქართველი და თათარი და ერთი მღვდელმსახურიც წავიდა (Показанiе дворянина Турманидзева. Тифл. Арх. Канц. Наместника. თურმანიძე ამბობდა, რომ ბატონიშვილთან ერთად მხოლოდ 40 თუ 50 ადამიანი გაიქცა).

დილით, როცა უკვე გათენდა, მართლაც გიორგისადმი ერთგული 200 თათარი მოვიდა. თურქეთის საზღვრის მახლობლობაში, რომლის ფარგლებშიც ბატონიშვილი წავიდა, მათი დევნა ამაო აღმოჩნდა.

ჩამოვიდა რა ყარსში, ალექსანდრე ფაშის მიერ მეტად კარგად იქნა მიღებული, რომელიც მას სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. აქედან ის უფრო შორს გაემართა, მდინარე არაქსი გადალახა და მეოთხე დღეს სპარსულ ბანაკში მივიდა, სადაც აბას-მირზა და სულეიმანი. 8.000- თუ 9.000-იანი ჯარით იმყოფებოდნენ.

ბატონიშვილის მოსვლის შესახებ წინასწარი ცნობების მქონე აბას-მირზამ მის შესახვედრად თავისი მოხელეები და, თავად ბატონიშვილის სიტყვებით, 6.000-იანი ჯარი გაგზავნა; ბრძანა მისთვის საგანგებო კარავი დაედგათ, მას ცხენი და 400 მანეთი ფული აჩუქა. მომდევნო დღეს მან კიდევ 600 მანეთი, ორი ხიფთანი, ორი შალი და ორი ხალათი გამოუგზავნა. ალექსანდრემ ბანაკში ორთვენახევარი დაჰყო, “და ხმა გავრცელდა, რომ აბას-მირზამ ამ ხანებში მამისგან ბრძანება მიიღო ისე მოქცეულიყო, როგორც მას შუშელი (ყარაბარელი) იბრაჰიმ-ხანი და ალექსანდრე ბატონიშვილი ურჩევდნენ” (Показанiе дворянина Турманидзева. Тифл. Арх. Канц. Наместн.).

ყველა სპარსელ ხანს ებრძანა ბატონიშვილს გამასპინძლებოდნენ და ყოველ ღამე “ბანკეტები მოეწყოთ”. შაჰის ძემაც ასევე ორჯერ დაპატიჟა თავისთან ალექსანდრე, რომელიც მის ხანებთან სტუმრობდა, და მისი საკუთარი სიტყვებით, დროს მეტად მხიარულად ატარებდა (Изъ письма царевича матери 30-го iюля 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.).

“მე ისეთი პატივით მიმიღეს, – წერდა ალექსანდრე დედას, – რომ უკეთესის მოლოდინი არც შეიძლება მქონოდა. არ შემიძლია აღვწერო ყველა პატივი, რომლებსაც მე აღმომიჩენენ... ბანაკში ჩემთვის ჩვეულებრივ ერთი კარგი, დიდი, კარგი ფოჩებითა და კარგად მორთული კარავი იდგმება; ჩემს მსახურებს კი ყველთვის სხვა შვიდ კარავს უდგამენ. სწორედ ამ კარვებში განგვათავსეს ჩვენ აქ მოსვლის პირველი დღიდანვე. ერთი სიტყვით, მე მათთან ისეთ დიდებულ მდგომარეობასა და პატივში ვიმყოფები, რომ მეტის თქმა არ შეიძლება...”.

ალექსანდრეს დედა, დარეჯან დედოფალი, შეიტყო რა ვაჟიშვილის გაქცევის შესახებ, თავადაც ფიქრობდა ტფილისი დაეტოვებინა და თავის ვაჟებს იულონს, ვახტანგსა და ფარნაოზს შეერთებოდა. ინტრიგების შეწყვეტისთვის მისი დედაქალაქში გაჩერება იყო აუცილებელი. გიორგიმ სთხოვა ლაზარევს ყველა საშუალება გამოეყენებინა იმისთვის, რათა დედოფლის ტფილისიდან გამგზავრება არ დაეშვა. მეფემ ლაზარევის განკარგულებაში 12 ცხენოსანი ქართველი და ერთი მოხელე დანიშნა (Секретныя письма Коваленскаго Лазареву 7-го и 20-го iюля 1800 года. Тамъ же).

ავლაბარში, სადაც დარეჯან დედოფალი ცხოვრობდა, ლაზარეთის ყარაულის გარდა, არანაირი ყარაული არ ყოფილა. ამიტომ ლაზარევმა, რათა დედოფლისთვის დაეჭვების საბაბი არ მიეცა, რომ მას უთვალთვალებდნენ, ავლაბარში მიმავალ ყველა გზაზე ღამის საიდუმლო პიკეტები დააყენა, ხოლო ავლაბრის მთელ გარეუბანში კი ხშირ პატრულებს აგზავნიდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 31-го iюля, № 136. Георгiевскiй Арх. Комен. Правленiя).

24 ივლისს ლაზარევმა შეიტყო, რომ ვახტანგ ბატონიშვილი ჯარით, ტფილისიდან 12 ვერსზე, სოფელ ავჭალაში მოვიდა. 26 ივლისს ქალაქს ჯარებით ასევე იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები მოუახლოვდნენ. მათი მოსვლის მიზანი იყო ტფილისიდან დარეჯან დედოფალი წაეყვანათ, სპარსელთა შემოსევის გამო საფრთხის საბაბით. სინამდვილეში კი, ჰქონდათ რა მიმოწერა ძმასთან, ალექსანდრესთან, ბატონიშვილები სპარსეთის მფარველობას ეძიებდნენ, და ამიტომ გიორგი მეფესთან თავიანთი მტრობის გამო, ყოველგვარი შემთხვევითობისგან თავიანთი დედის გარიდება უნდოდათ.

“მე ვფიქრობ, – წერდა გიორგი კნორინგს (Тифлисскiй Арх. Канц. Раместника), – რომ ისინი, თუ ასეთი რიცხვის (3.000-მდე) ჯარით იქნებოდნენ, როცა მოწინააღმდეგე მათ მიუახლოვდებოდა, ჩვენგან ხალხის ჩამოშორებასა და მის აღშფოთებას დაიწყებდნენ, და მოწინააღმდეგესთან ერთსულოვანნი შეიქნებოდნენ (и сделались бы единогласными съ непрiятелемъ)”.

სამი დღის შემდეგ, 27 რიცხვში, ლაზარევმა კოვალენსკის წერილი მიიღო, რომელშიც მინისტრი მას ატყობინებდა, რომ მომავალ ღამეს დედოფალი ტფილისის დატოვებას ფიქრობდა. ზედამხედველობის სიფხიზლე გაზრდილ იქნა. გიორგიმ თავის ადიუტანტს უბრძანა ავლაბარში 1.000 ადამიანი ჩაეყენებინა; ლაზარევმა, თავის მხრივ, პიკეტები და პატრულები გააძლიერა. როცა დედოფლის სახლის მახლობლად მგზავრობდა, ლაზარევმა შენიშნა, რომ ცხენები და ეკიპაჟები მზად იყვნენ, ხოლო სახლი კი ჩვეულებრივზე უფრო მეტად იყო განათებული.

სახლის მახლობლად ხშირმა პატრულებმა და ცხენოსანი რაზმების (разъезды) მოძრაობამ საბაბი მოსცა დედოფალს ამისთვის ყურადღება მიეცია და თავისი სურვილები დაემალა. სახლში ცეცხლი ჩააქრეს, ხოლო ცხენებს კი უნაგირები და აღკაზმულობა მოხსნეს.

გიორგი მეფემ კოვალენსკის დაავალა მოლაპარაკებების წარმოებაში საკუთარ თავზე შუამავლის როლი აეღო (Письмо Георгiя Коваленскому 25-го iюля 1800 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ). კოვალენსკიმ ბატონიშვილებთან ურთიერთობები დაიწყო და, თავდაპირველი სვლის სახით, იმედოვნებდა ისინი ან თავის სახლში, ან კიდევ ქალაქის გარეუბანში გაეეერთიანებინა. “და სწორეს ეს იყო კიდეც საჭირო, რათა მის უმაღლესობას (მეფეს) შესაძლებლობა ჰქონოდა ისინი ძალით აეყვანა” (Письмо Коваленскаго Кноррингу 4-го августа 1800 г., № 285. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника)

ბატონიშვილებმა კოვალენსკის მოპატიჟებით ქალაქში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს, და ის თავად გაემგზავრა მათთან პაემანზე ხუთ ვერსზე, სადაც ისინი თავიანთი ჯარებით მოვიდნენ. კოვალენსკი მათ არწმუნებდა მეფე-ძმას შერიგებოდნენ; მაგრამ ბატონიშვილები მხოლოდ ნებართვას ითხოვდნენ, რათა ქალაქიდან თავიანთი დედა, დარეჯან დედოფალი გაეყვანათ. კოვალენსკიმ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა. დედოფალი ჩიოდა, რომ დარჩებოდა რა ქალაქში, იგი მიხედვისა და საკვების გარეშე იქნებოდა. ჩვენი მინისტრი პასუხობდა, რომ იგი მის სრულ მზრუნველობას შეიძლება დაეყრდნოს და იმაზეც, რომ იგი შეეცდება გიორგისთან დედოფლის შესაფერისად შენახვის თაობაზეც იშუამდგომლოს. დარეჯანი არ თანხმდებოდა.

29 რიცხვში ნაშუადღევის სამ საათზე გიორგიმ გამოგზავნა ლაზარევისთვის სათქმელად, რომ დარეჯან დედოფალი უკვე მზად არის გამგზავრებისთვის და თავისი ეკიპაჟის ნაწილი უკვე შვილებთან ბანაკში გაგზავნა; ამის კვალდაკვალ კოვალენსკის მიერ წარგზავნილმაც ამბავი მოუტანა, რომ ქალაქის მახლობლად ჯარით მდგარ იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ ბატონიშვილებს განზრახული აქვთ მის გაქცევას ხელი შეუწყონ. კოვალენსკის წარგზავნილმა ლაზარევს შეატყობინა, რომ გიორგის სურს, რათა რუსული ჯარების ერთი ბატალიონი ქვემეხით მზად იყოს ავლაბარში მისი ჯარების გაძლიერებისთვის. ლაზარევი გიორგისთან გაემგზავრა და სასახლეში კოვალენსკის შეხვდა. მეფე და მინისტრი მას იმის შესახებ ეუბნებოდნენ, რომ დედოფლის სასახლიდან ყველა გამოსასვლელთან ყარაულები ყოფილყო დაყენებული.

ბატალიონი ავლაბარში იქნა თავმოყრილი და მთელი ღამე დილის შვიდ საათამდე იქ იდგა; მაგრამ დედოფალი სახლიდან არ გამოსულა. დილით ის მეორე ბატალიონმა შეცვალა, და რამდენიმე დღის განმავლობაში დედოფლის სახლთან ყარაული იდგა, “ბატალიონები კი ღამ-ღამობით სამორიგეოდ ყოველ დღე რიგ-რიგობით დადიოდნენ”. 

მომდევნო დღეს კოვალენსკი დედოფალთან გაემართა და მის სახლში ყველაფერი გამგზავრებისთვის მომზადებული იხილა. იგი მისი გამგზავრების მიზეზის შესახებ ეკითხებოდა. დარეჯანი პასუხობდა, რომ საამისოდ იგი აიძულა მხოლოდ სურვილმა თავის შვილებს შორის და უსაფრთხოებაში ყოფილიყო, და ცხოვრების კარგი პირობებიც ჰქონოდა (и съ приличнымъ содержанiемъ). დაპირდა რა მფარველობასა და დაცვას, კოვალენსკიმ მოახერხა დაეყოლიებინა დედოფალი, თითქოსდა თავისი კეთილი ნებით დარჩენილიყო (остаться какъ бы по добровольному желанiю). ეშმაკი ქალი, კოვალენსკისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობის გარეგნული სახით, ტფილისში დარჩენას დაპირდა.

ამრიგად, დარეჯან დედოფლის განზრახვა (покушенiе) წარმატებით ვერ იქნა დაგვირგვინებული: იგი იძულებული შეიქნა ქალაქში დარჩენილიყო, თუმცა კი თავის ინტრიგებსა და ხრიკებს თავს არ ანებებდა.

“მეფის გიორგი ერეკლეს ძის, ჩემი გერის საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, – წერდა იგი იმპერატორს, სურდა რა თავისი ქცევები გაემართლებინა, – მისგან მეც და ჩემს შვილებსაც კუთვნილი უფლებები, პატივი და სარგებელიც ჩამორთმეული გვაქვს, რათა სამეფო ტახტზე მემკვიდრეობა ძმებს რიგის მიხედვით ჰქონდეთ, რაც გარდაცვლილი მეფის, ჩემი მეუღლის წერილობითი დადგენილებით იქნა ჩვენთვის განსაზღვრული. ამის თანაბრად ის წერილობითი პირობაც, რომელიც ჩვენ გიორგი მეფისგან, ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით, ჩვენი უფლებების დასამტკიცებლად მოგვეცა, მისი მხრიდან დარღვეული რჩება”.

როგორც კი შეიტყო დარეჯან დედოფალმა, რომ კოვალენსკიმ გიორგის დამამტკიცებელი სიგელი ჩამოუტანა, რომ იმპერატორმა პავლემ ტახტი გიორგის სახლში მემკვიდრეობითად აღიარა და გიორგის ძის, დავით ბატონიშვილის საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ცნობით აქეთკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგა, მან მაშინვე ჩვენს მინისტრს თხოვნით მომართა მისი და მისი შვილების კანონიერი დაკმაყოფილებისთვის შუამდგომლობა გაეწია.

კოვალენსკი ცდილობდა ერთმანეთზე მტრად გადაკიდებული ბატონიშვილები შეერიგებინა და სამეფოშიც სიმშვიდე აღედგინა. მან თავის მიზანს ვერ მიაღწია. ბატონიშვილები მშვიდობას თავს არ არიდებდნენ, მაგრამ გამოუცხადეს, რომ სადავო საკითხებისა და გაუგებრობათა გადაწყვეტისთვის მხოლოდ კოვალენსკის შუამავლობა, სახელმწიფოს ყველაზე უფრო მაღალი ჩინების კრების გარეშე, საკმარისი არ იყო. პატივმოყვარე კოვალენსკის, რომელსაც მეფისა და მთელი სამეფის შეუზღუდავად მართვა უნდოდა, ამ კრების ჩატარება არ სურდა. ის არც მეფე გიორგის ეწადა, რომელსაც ტახტის მემკვიდრეობის შესახებ საკითხის წამოწევა აშინებდა.

მეფე, თუმცა კი დაპირდა ძმებსა და ნათესავებს შერიგებოდა, მაგრამ საქმით ხშირად სხვანაირად იქცეოდა. იმავე ნათესავების მიერ ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში შეურაცხყოფილი, იგი ძალზედ არაკეთილად იყო მათ მიმართ განწყობილი, რათა წინასწარგრძნობებს არ აჰყოლოდა და ბევრ შემთხვევაში უსამართლოდ არ მოქცეულიყო.

დარეჯანი გიორგიზე ჩიოდა, რომ მეფემ მას მამულები და სარჩო-საბადებელი ჩამოართვა, რომ ის თავის ძმებსა და მის შვილებს ავიწროვებს, რომ მის სახლს, როგორც მოღალატის სახლს, ყოველი მხრიდან ჯარებით ალყა შემოარტყეს.

ქვრივი დედოფალი სთხოვდა პავლე იმპერატორს იგი ასეთი უსამართლობებისგან დაეცვა.

“ჩემი გერი, – წერდა იგი, – მეფე გიორგი, ახლა მძიმედ ავად არის, და თუ მოხდება, ღვთის ნებით, ვინც მე ჩემი ცოდვების გამო განმირისხდა, რომ მეფეს რაიმე მოუვიდა, მაშინ ვეჭვობ, რომ სამეფო ტახტი მის მიერ არჩეულმა მემკვიდრემ, მისმა ძემ დავითმა არ მიიღოს, ხოლო ჩემი შვილები კი იმ უფლებაში მონაწილეობის გარეშე არ დარჩნენ, რომელიც მშობლისგან აქვთ მათ დატოვებული.

თუ სხვა სამეფო პირთათვის მათი მშობლების მიერ დატოვებული უფლება არ უნდა იქნას მოსპობილი, მაშინ ინებეთ ერეკლე მეფის მიერ თავისი შვილებისთვის დატოვებული უფლებაც მიიღოთ”.

დარეჯან დედოფალი იმპერატორს არწმუნებდა კოვალენსკისთვის დაევალებინა გარდაცვლილ მეფესთან დაახლოებული პირებისგან განსვენებული ერეკლე II-ის ანდერძის სამართლიანობისა და ნამდვილობის შესახებ შეეტყო და, გიორგის სიკვდილის შემდეგ სამეფოს მართვა იმისთვის ჩარბარებინა, ვისაც ანდერძის მიხედვით ერგებოდა.

კოვალენსკისთან შეხვედრისას, დარეჯანმა სურვილიც კი გამოთქვა რუსეთში გამომგზავრებულიყო და ამით მასზე გაჩენილი ყოველგვარი ეჭვი გაექარწყლებინა. კოვალენსკი სთხოვდა მას მისი ძის ალექსანდრეს საქართველოში დაბრუნებისთვის ყველა მცდელობა გამოეყენებინა, ჰპირდებოდა რა, რომ ზუსტად იგივეს თავის მხრიდანაც იღონებდა. ბატონიშვილებს ის წერდა, რომ მათ თავიანთი ჯარი დაეშალათ და ქალაქს განშორებოდნენ, თუ არ სურდათ, რომ მეფის მოპატიჟებას დაჰყოლოდნენ და მასთან ტფილისში ჩამოსულიყვნენ. ბატონიშვილები წავიდნენ და კოვალენსკის წერდნენ, რომ მეტად სწუხან, რომ მათი საქციელი, “რაზედაც ისინი სხვას არაფერს წაუხალისებია, მშობელთა მიმართ ბუნებრივი კანონის მიხედვით უწმინდესი მოვალეობის გარდა”, შესაძლოა რუსეთისადმი ერთგულების უკმარისობით იქნას მღებული და ახსნილი, რომ, ამის საპირისპიროდ, ისინი მზად არიან თავიანთი ერთგულება თავად სიცოცხლის შეწირვით დაამტკიცონ და მხოლოდ მითითებას ელოდებიან, თუ რაში შეიძლება სასარგებლონი იყვნენ (Письмо Коваленскаго Кноррингу 4-го августа 1800 г., № 285. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

დარეჯან დედოფლის ტფილისში დატოვებას საქართველოსთვის მეტად კარგი შედეგები ჰქონდა. “ის რომ წასულიყო, – წერდა კნორინგს ლაზარევი, – ბევრ სატკივარს გაგვიჩენდა: მაშინ იმერეთი, სპარსეთი და შინაგანი ამბოხებაც – ყველაფერი საწყალი საქართველოს წინააღმდეგ აღიმართებოდა” («Если бы она ушла, – писалъ Лазаревъ Кноррингу, – то наделала бы каши: тогда бы Имеретiя, Персiя и внутреннiй бунтъ – всё возстало бы на бедную Грузiю»).

ძნელი იყო ძმების შერიგების შესაძლებლობის იმედი ჰქონოდათ. ყოველ საათობით მათ შორის მტრობა სულ უფრო და უფრო მეტად ჩაღდებოდა. გიორგის ერთერთ წერილში მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებანი ყველაზე უფრო უკეთ ჩანს.

“ჩვენ შენი წერილი მივიღეთ – წერდა გიორგი მეფე ოთარ ამილახვარს (Отъ 21-го сентября 1800 года. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 153 и 154) – რომლითაც შენ იმ შევიწროვებათა და ძარცვა-რბევის შესახებ გვატყობინებ, რომლებსაც ფარნაოზ ბატონიშვილი სოფლებს ატეხს თავზე, აგრეთვე მისი გორში მოსვლისა და მანდაურ მცხოვრებთა მიმართ მუქარების შესახებაც... თუ გსურს ჩვენი ერთგული იყო, მაშინ შენს გულმოდგინებას დაგვიმტკიცებ, თუ ფარნაოზსა და მის ხალხს გორში არ შემოუშვებ და მათ არაფერს დაუთმობ; ხოლო თუ ფარნაოზსა და მის ხალხს გორში შემოუშვებ, მაშინ ჩვენს ქვეშევრდომობაზე უარი უნდა თქვა. ფარნაოზის ხალხი არანაირად არ დაინდო: გაქვს უფლება მათთვის არც ჯოხები დაიშურო, არც კეტები, არც ქვა, არც იარაღი, არც თოფი, არც ხმალი, არც დამბაჩა, არაფერი მათ წინააღმდეგ არ დაიშურო და ისინი არ შემოუშვა. თუ მათ შეიპყრობ და ტყვეებად ჩვენთან გამოგზავნი, ეს უკეთესი იქნება. ვინც არ უნდა გამოცხადდეს გორში, მას არაფერი დაუთმო არც ერთი ფლურისა – შენ ასე უნდა იცოდე...

....გორის მამასახლისო და მცხოვრებნო! თუ თქვენ ამ საქმეში ამილახვარს არ დაეხმარებით და ფარნაოზის ხალხის არშემოშვებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე მის სიტყვებს ყურს არ დაუგდებთ, მაშინ ჩვენს წინაშე სისხლის ბრალს დაიდებთ, და ჩვენც თქვენ ამისთვის პასუხს გაგებინებთ. ნუ თვალთმქცობთ და ნუ ყბედობთ, არამედ გულმართალნი და გულმოდგინენი იყავით, დაეხმარებით რა ამ საქმეში ამილახვარს. შენ, ამილახვარო, თუმცა კი ამას წინათ წერილობით აქ ჩამოსვლა მოგთხოვეთ, მაგრამ უკვე ნუ გამოემგზავრები, არამედ მანდაურ მხარეს მიხედე, და შენს შესახებ და მანდაური სიახლეების შესახებაც ჩვენ მოგვწერე”.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Thursday, February 19, 2015

ნიკოლოზ დუბროვინი იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ბუნებისა და აქაურ მაცხოვრებელთა სახლების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ მეორე განყოფილების “იმერლები, მეგრელები და გურულები” /Имеретины, мингрельцы и гурiйцы/ შესაბამისი თავის თარგმანს)

იმერლები, მეგრელები, გურულები

თავი I 

(იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ბუნება. – მცენარეულობის სიმდიდრე. – კლიმატური თავისებურებანი. – იქაურ მაცხოვრებელთა სახლები.)

შავი ზღვის ნაპირი, დაწყებული მდინარე ენგურიდან და თურქეთთან ჩვენს საზღვრამდე, მეგრელებსა და გურულებსა აქვთ დაკავებული. სივრცე, რომელიც მდ. ენგურსა და მდ. რიონის ქვემო დინებას შორისაა მოთავსებული, მასში მდ. ცხენის-წყლის შესართავამდე, და ამ უკანასკნელი მდინარის მარჯვენა ნაპირი, მეგრელებითაა დასახლებული. მდინარე რიონი სამეგრელოს სამხრეთიდან გურიისგან გამოყოფს, ხოლო აღმოსავლეთიდან კი იმერეთისგან.

გურია სამხრეთში თურქეთს ესაზღვრება, რომლისგანაც მთის მცირე ნაკადულით ჩოლოქითა (სხვანაირად ანტოპურით /иначе Антопурою/) და ჩალიაკრეტის მთებითაა (горами Чальякретами) გამოყოფილი, აღმოსავლეთიდან კი ნაწილობრივ ახალციხის მაზრას, და ნაწილობრივ იმერეთსაც ესაზღვრება. უკანასკნელს მთელი სივრცე ეკუთვნის მდ. ცხენის-წყლის მარცხენა ნაპირს, სვანეთსა და საქართველო-იმერეთის მთათა ქედს შორის, რომელიც იმერეთს საქართველოსგან გამოყოფს.

იმერეთის მთელ ოლქს სამი სხვადასხვანაირი კლიმატი გააჩნია. მაღალ ადგილებს, ზეგნებსა და მთათა მცირე მობრტყელებულ თხემებს, რომლებიც კავკასიონის მთავარ ქედს უერთდებიან, ერთი სიტყვით, ზოლს, რომელიც რაჭის უბანს (участокъ) უჭირავს, ზომიერი კლიმატი გააჩნია. ბუნება აქ დიდებული, მაგრამ პირქუშია; მთებიდან, რომლებიც მაღალი ნაძვებით, არყის და ჭადრის ხეებითაა დაფარული, ხშირი და ხმაურიანი ჩანჩქერები მოედინება; ჭვავი, ქერი და შვრია მიწის მთავარ მოსავალს შეადგენს; ყურძენი იშვიათად გვხვდება და ბოლომდე ვერ მწიფდება (не вызреваетъ). რაც უფრო მაღლა ავდივართ მთავარი ქედისკენ, მარადიული შემოდგომა და ზამთარი გვხვდება. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი მთებს შორის დაბლობებზე, აგრეთვე ტყეებით დაცულ ადგილებში ცხოვრობს და სასიამოვნო და თბილი კლიმატით სარგებლობს. აქ იზრდება ბრინჯი, თუთის ხე, ვაზი და სხვა მრავალფეროვანი ხეხილი. მესამე ზოლი, რომელიც საკუთრივ რიონის აუზს შეადგენს – ცხელი, ნესტიანი და თავისი მცენარეული საფარით გასაოცარია. აქ ორი გაზაფხულია. ბალახი, რომელსაც ზაფხულში მზე მთლიანად გადაწვავს, შემოდგომაზე ისევ იზრდება და ყვავილებით იფარება. აქაური ადამიანი მუქთად ცხოვრობს, და საკვების მოპოვება პირზე ოფლის ღვრით არ უხდება.

ამიტომ ქვემო, მთისძირა იმერეთში, ქალები არანაირი სამოწათმოქმედო სამუშაოებით არ არიან დაკავებულნი. მინდორში მამაკაცები მუშაობენ, თავიანთი სიზარმაცის მიუხედავად. ქალები კი პურის მომკის შემდეგ გამოდიან მინდვრებზე და ნამკალში დარჩენილ თავთავებს აგროვებენ, რომლებსაც ან ეკლესიას სწირავენ, ან კიდევ ეკლესიის კრებულს. ამის საპირისპიროდ, ზემო ანუ მთის იმერეთში, მთა-გორიან და მკაცრ ადგილებში, სადაც მიწა ისეთი ნაყოფიერი არ არის ან კიდევ, მისი მცირე რაოდენობის გამო, გამოკვებისთვის არასაკმარისია, განსაკუთრებით კი რაჭაში, მარტო ქალები მუშაობენ, მამაკაცები კი მეზობელ ხალხებში სამუშაოებზე მიემართებიან. უმაღლეს წოდებას შორის საშინაო მეურნეობა მთლიანად ქალთა სქესის მზრუნველობაზეა მინდობილი.

იმერეთის დაბლობის უმეტეს ნაწილში ბუნება მომაჯადოვებელია, ხოლო მცენარეული საფარი კი უფრო მეტად. ბევრი ადგილი სიმწვანეში და აყვავებულ შქერებშია ჩაძირული, – მეტად იშვიათი მცენარისა, თვით ორანჟერეებშიც კი, აქ კი მათ უბრალო ფიჩხის მნიშვნელობა აქვთ, რომლითაც ბაღებს შემოღობავენ, ან კიდევ საქათმეებს კედლებს შემოაწნავენ.

როცა დამკვირვებელი მაღლობ ადგილზე ადის, და მით უმეტეს მაღალ მთაზე, მის წინაშე ერთი-მეორეზე უფრო თვალწარმტაცი ხედები იცვლება. ყველგან მდიდრული მცენარეულობა მოჩანს; ацалей-ისა და ნუშის სუნი დგას, სიმწვანიდან სურო და კუნელი იმზირებიან. იქ ხრამში ნაკადული მირბის, აქ კი ციცაბო ფერდობის თავზე აღმართული ხშირი ტყის ძირას, თითქოსდა მდიდრული ლილისფერი ხალიჩააო, თავის მბზინვარე და მუქ სიმწვანესთან მონაცვლეობით, დეკის შესანიშნავი ყვავილებია მიმოფენილი. შორიდან აქა-იქ მთის უჩინარი წყარო ჩუხჩუხებს, ხოლო თავად ეკიპაჟთან კი ბულბულები გალობენ და ტოტიდან ტოტზე გადაფრინდებიან. ვიწრო ბილიკი, რომელიც მთის ფერდობზეა გაჭრილი, ხრამების თავზე დახვეულად მიემართება, და მთების ციცაბო შვერებიდან წმინდა წყარო მოჩქეფს, შედგმული ღარიდან გადმორბის და საკმარისია ხელი გაიშვირო და ჭიქა შეუდგა, რათა სუფთა და ცივი წყალი დალიო. ჰაერის ხშირი და არომატული ჭავლი ორგანიზმზე მაცოცხლებელად მოქმედებს. ღამის დადგომასთან ერთად, სურათი ფანტასტიკურად მომაჯადოვებელ კოლორიტს კიდევ უფრო მეტად ღებულობს, – როცა მთელი ტყე ირგვლივ მოფარფატე პატარა ცეცხლებით ივსება. ფოსფორიანი მანათობელი მუცლების მქონე მფრინავი ქინქლების მირიადები, თითქოსდა მიკროსკოპული ლამპადები, მთელ ჰაერსა და ტყეს ავსებენ. ისინი მამაცურად სხდებიან ცხენების ფაფარზე, მეეტლის ზურგზე, შემოფრინდებიან ეკიპაჟში და, ირევიან რა ყველგან და შემოწერენ რა მანათობელ მოცისფრო ხაზებს, მგზავრს ცხადში ჯადოსნურ სურათს წარმოუდგენენ.

იმერეთის მეზობელი – სამეგრელო, ადგილმდებარეობის ხასიათის მიხედვით, მთისა და დაბლობის (მხარეებად) იყოფა.

პირველი სვანეთთან საზღვრების გაყოლებაზეა განფენილი და ქუთაისის გუბერნიაში რაჭის უბნამდე მიდის, დაბლობი მხარე კი გურიას უერთდება, და შემდეგ კი სულ შავ ზღვამდეა გადაჭიმული.

ზემო სამეგრელოს კლიმატი სასიამოვნოა, ყველგან ჯანსაღია და ნიადაგიც ნაყოფიერი. ქვემო სამეგრელო უფრო ტყითაა დაფარული, უხვადაა ჭაობები და ჭანჭრობები, რომლებიც არასოდეს შრება, და ამიტომ მისი კლიმატი, თვით ადგილობრივი მაცხვრებლებისთვისაც კი, არაჯანსაღი და მძიმეა: ციებ-ცხელება და სურავანდი ამ ადგილებში თითქმის მუდმივადაა. ბუნება ისე უხვად აბნევს თავის სიკეთეს მაცხოვრებლებზე, რომ მეგრელს მხოლოდ ერთი შრომა უწევს, შეაგროვოს თავის ბეღელში ყველაფერი, რასაც მას ნიადაგი მისცემს, მისი მხრიდან ყოველგვარი შრომისა და ზრუნვის გარეშე.

თუ სამეგრელოს შევხედავთ à vol d’oiseau, მაშინ ის მთლიან ხშირ ტყედ წარმოგვიდგება, რომლის შორისაც ბუჩქნარითა და გვიმრნარით დაფარული სივრცეები მხოლოდ იშვიათად გვხვდება. მაგრამ უფრო დაკვირვებული მზერა კი აღმოაჩენს, რომ სივრცის დიდი ნაწილი, რომელიც ტყედ გვეჩვენება, ვენახებითა და ხეხილის ბაღებითაა დაფარული, რომლებიც საკუთარ თავში იქაურთა საცხოვრებლებს იფარავენ, რომლებიც პოეტურ ქაოსში ერთმანეთისგან მნიშვნელოვან მანძილებზეა მიმოფანტული, ასე რომ ერთი რომელიმე პატარა სოფელი (деревушка) რამდენიმე ვერსზეა გადაჭიმული. თითოეულს თავისი სახლის ახლოს და გარშემო ვენახი, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები აქვს. სოფლები თითქმის უწყვეტად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. 

აიშენებს რა თავისთვის როგორღაც და სახელდახელოდ ქოხს, გიგანტური თხილნარის ჩრდილში, აქაური (ადამიანი) მხოლოდ იმას ელოდება, თუ მისი ნაყოფები როდის დამწიფდება, და მათ ხშირად ისეთი რაოდენობითაც აგროვებს, რომ მათი გაყიდვით ნაშოვნი ფულით შეუძლია მთელ წელიწადს ადვილად იარსებოს. იგივე თხილნარი ან ჭადრის ხეები იცავენ მის საცხოვრებელს ქარისა და წვიმისგან, ხოლო მათი ჩრდილის ქვეშ კი აქაურის (მოსახლის) მთელი კარ-მიდამო, მთელი მეურნეობა იმყოფება.

დათესავს რა მინდორში ღომს ან სიმინდს, მეგრელი ადგილ-ადგილ პირველისგან 70-დან 100 მარცვლმადე მოგებას ღებულობს, ხოლო სიმინდისგან კი 2 და 3 ტ მარცვლის მოსავალი იცის. მცენარეულობა საერთოდ ისე მდიდარია, რომ შეიძლება მიუახლოვდე სოფელს, რომელშიც 200-მდე სახლი ითვლება, და შენს წინ მხოლოდ ერთ სახლს ხედავდე. ბუნების ასეთი სიმდიდრე მაცხოვრებელთა მიერ ჩვილობაში მყოფი ტომების პირველყოფილი მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. უმაღლეს ხარისხამდე განვითრებულმა სიზარმაცემ მეგრელი მხოლოდ იმის უნარის მქონედღა აქცია, რომ თავისთვის მინდორი მოხნას და ტანსაცმელი შეიკეროს, მაგრამ ბევრი მათგანი ზამთარსა და ზაფხულში ფეხშიშველი დადის. “ხშირად რედუტ-კალეში მოდიან მეგრელები, მოჰყავთ რა გასაყიდად ქათმჯები, მოაქვთ მწვანილი, კაკალი, თხილი, წაბლი და სხვა, ზამთარში 3° და 5° ყინვაში. მიდის რა ბაზარში ფეხშიშველი, მეგრელს თან იღლიით თივა მიაქვს; როცა ადგილზე ჩერდება თავისი საქონლის გასაყიდად, ის ერთი ფეხის ქვეშ თივას იფენს, რათა ფეხი ქვებზე არ მიეყინოს, მეორეს კი ბატივით მაღლა სწევს და მათ იმ დრომდე უნაცვლებს ერთმანეთს, სანამ გაყიდვას არ დაამთავრებს; მაშინ, აიღებს რა თივას, ის გზას აგრძელებს”. ფეხების გათბობის ზუსტად ასეთივე ხერხი იმერეთსა და გურიაშიც გამოიყენება (Путешествiе отъ Одесы до Тифлиса въ 1847 г. Кавк. 1849 г. № 13. Селенiе Мухури В. Цветкова Кавк. 1851 г. № 32).

სამეგრელოს არცთუ დიდ სივრცეზე შეიძლება შევხვდეთ ზღვასაცა და მნიშვნელოვანი სიმაღლის მთებსაც, დაბლობებს, რომლებიც დაუსრულებელი ვენახებითაა ამწვანებული, ციხე-სასახლებითა და ტაძრებით დაგვირგვინებულ კლდეთა გრეხილებს. აქ ფუფუნებიანი სამხრეთის ნაზი ნაყოფებიც არის და მკაცრი ჩრდილოეთის მიერ ნაბოძვარიც. მთელი სამეგრელო განუწყვეტელ ბაღს წარმოადგენს, რომელშიც თითოეულ ხეზე ვაზია შემოხვეული, ყურძნის მძიმე მტევნებით. გადადიან რა ხშირად ხიდან ხეზე, ვაზები ბუნებრივ საქანელას წარმოქმნიან, რომლებზედაც ქალები სხდებიან და ქანაობენ. ყველგან ისმის მათი მხიარული შეძახილები, ვინც ხეებზე მაღლა ცოცდებიან და დიდ კალათებში ვაზის მტევნებს ჰყრიან, რომელიც თავად ბუნების მიერაა დარგული და აქაურისგან არანაირ მოვლას არ მოითხოვს. დრო და დრო ისმის გამკინავი მეგრული გადაძახილი, რომელიც ნაკადულების ჩუხჩუხისა და მდინარეთა ხმაურისგან მკვეთრად განსხვავდება. მასში მონაწილეობენ “ადამიანებიც, ნაკადებიც, ხეებიც, მწერებიც, ტყის მხეცებიც, და მათი ხმები ერთმანეთს რაღაც უცნაურ დამაძინებელ ხმად ერწყმება... სადღაც ხეების ხშირი ფარდის იქით, რომელთა შორისაც სურო და ვაზია გადახლართული, გამოჩნდება სახლი, და წნულ ღობესთან, გიყურებენ რა თქვენ, ორი ან სამი ქალი გროვდება, ღია ფერის თმებით, დიდი ცისფერი თვალებით, მოქნილი წერწეტი ტანით”.

გურიის არცთუ დიდი სივრცე, რომელიც შავი ზღვის პირას ძევს და ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრას შეადგენს, აქვს რა ძალზედ ბევრი საერთო მის მეზობელ სამეგრლოსა და იმერეთთან, თავისი კლიმატის მავნებლობით გამოირჩევა.

მთელი ქვეყანა ხშირი ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ბევრ ადგილას გაუვალია. მის ნიადაგს მცენარეულობის ზრდის არაჩვეულებრივი ძალა გააჩნია: ბალახი და ხეები მნიშვნელოვან ზომებს აღწევს. სახნავ-სათესი მინდორი რამდენიმე წელიწადში ისე იფარება მცენარეული საფარით, რომ ტყედ გადაიქცევა. სიმინდი თავისი სიმაღლით ცხენოსანს ფარავს და ყველაზე უფრი ნაზი ნაყოფები და მცენარები ტყეში ბუნებრივი სახით გვხვდება, თუთის ხეების მთელი ტყეებია.

სამაგიეროდ კლიმატი ყველგან ნესტიანი და ნიადაგი კი ჭაობიანია, ასე რომ თითქმის ყველა სოფელში გვხვდებიან ადამიანები ხელების გარეშე, ფეხების გარეშე და მუდმივად ციებ-ცხელებიანი. ნიადაგის ნესტიანობა ისე დიდია, რომ თუ სახლში მიწაზე იწყებენ ცეცხლის დანთებას, ის გრუნტიოს წყლების მისკენ მომდინარე ნაკადებისგან ხშირად ქრება, და ამიტომ, რათა ეს თავიდან აიცილონ, აქაურები კერის ქვეშ მიწაში ხშირად თიხის ქოთანს ფლავენ, რომლის კედლებიც სინესტეს არ ატარებს (Изъ записокъ о Гурiи Н. Дункель Веллингъ Кавк. 1853 г. № 77. Кутаисъ въ настоящее время. Кавказъ 1860 г. № 54. Съ дороги. Кавказъ 1861 г. № 74. Путешествiе отъ Одесы до Тифлиса въ 1847 г. Кавк. 1849 г. № 15. Возвращенiе. Кавказъ 1852 г. № 76).

უბრალო გურულის სახლი ხისაა, ფანჯრების გარეშე ერთი ნახვრეტით ჭერში, რომელიც მილსაც ცვლის და ფანჯარასაც; ოთახის შუაგულში კერაა გაჩაღებული, რომელიც გურულს კიდეც ათბობს და კიდეც აჭმევს, კვამლი ნაწილობრივ ჭერის ნახვრეტში გადის და ნაწილობრივ კი კარებში. უმაღლესი კლასისთვის სახლებს ევროპული არქიტექტურის მიხედვით აშენებენ.

იმერელი თავადებისთვის საცხოვრებლები ორ სართულად შენდება, უმეტეს წილად ქვისა, რომლებიც ყავრითაა გადახურული, ბევრი განყოფილებით მსახურთა განთავსებისთვის. იმერული სოფლები, მონასტრები და ეკლესიები ვრცელ და ნოყიერ მინდვრებს შორის მთებსა და გორაკებზეა მიმოფანტული. იმერელს ზუსტად ისევე, როგორც მეგრელსა და გურულს უყვარს სივრცე, სურს რათა მისი სახლის ახლოს ჰქონდეს სახნავ-სათესი, ვენახი, თუთისა და ხილის ხეები. იმერლის ვრცელ ეზოში ხეებია დარგული; სახლიდან მოშორებით მცირე მინაშენია – ბეღელი (бегели) – საკუჭნაო ფეტვის, ღომის, სიმინდისა და ქერის შესანახად, ხოლო მემამულეებთან კი ამაზე ზევით სამზარეულო, თავლა, ძაღლების სადგომი და სხვა. ამის გამო სოფლები დიდ მანძილებზეა გადაჭიმული და ხშირად ერთი სოფელი მეორეს ერწყმის. მთელი ქვემო იმერეთი, შეიძლება ითქვას, ერთ უზარმაზარ სოფელს შეადგენს, სადაც ყოველი მხრიდან ბაღებით გარემოცული მცხოვრებნი როგორც აგარაკებზე, ისე ცხოვრობენ.

თვით სიმდიდრის არმქონე იმერელიც კი არ ცხოვრობს ბრტყელ სახურავიან სახლში, არამედ ერთნახევარ სართულიანი ფიცრული სახლი აქვს, რომელიც ყავრით ან ჩალითაა გადახურული; სახურავს მახვილწვერიანი სახე აქვს და დაბლა ეშვება, ქმნის რა კედლების ზემოთ საჩრდილობელს, რომლის ქვეშაც ჩვეულებრივ მთელი სახლის გარშემო აივანი ეწყობა.

აივნები უმეტეს წილად ფართოა, ჩუქურთმებითა და ბოძებით მორთული და აქაურთა სადგომის საუკეთესო ნაწილს შეადგენენ, განსაკუთრებით როცა მათ გარშემო ვაზი აქვთ შემოხვეული. აივანი – საუკეთესო მისაღებია სტუმრებისთვის და საყვარელი სადგომი ოჯახისთვის. “აქ მუდმივად შეიძლება ხედავდეთ მომუშავე ქალებსაც და მოთამაშე ბავშვებსაც და სადღესასწაულო დღეებში მოკაზმულ იმერელ ქალებსაც. აივნები აქ იგივეა, რაც ბრტყელი სახურავები ძველ ტფილისში”.

იმერელი არ ზის ფეხმორთხმული, როგორც ქართველი, არამედ ზის სავარძლებში და სკამებზე თუმცა კი პირველყიფილი და უხეში ნაკეთობისა. ის ღვინოს აზარფეშით ან კულათი კი არ სვამს, არამედ მას თიხის ან კალის ჭურჭლით მიირთმევს. იმერლებს ძალზედ უყვართ ფუფუნება, მაგრამ მისით უცნაურად სარგებლობენ: ქალები უმდიდრეს კაბებს იცვამენ, და ფეხშიშველნი კი დადიან; იატაკზე ჩინებულ ხალიჩებს აფენენ, კედლები კი სახელდახელოდ თუ აქვთ შეთეთრებული (Путешествiе отъ Одесы до Тифлиса въ 1847 г. Кавк. 1849 г. № 15. Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавк. 1857 г. № 77. Карт. Кавк. края, Зубова, ч. IV, 265. Рассказы о Кутаисе, Кавказскiй календарь на 1853 годъ). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსახლეობის საშუალო და ღარიბი კლასის ადამიანებს ეხება. მდიდარი იმერლები თავიანთ ღარიბ თანამოძმეებზე შეუდარებლად უკეთ და სუფთად ცხოვრობენ. მდიდრის სახლის შიგნით ოთახების მორთულობა საკმარისად ლამაზია: მშვენიერი ხის განიერი ტახტები, უმეტეს წილად მოჩუქურთმებულ ჭერებს, ზოგჯერ ოთხკუთხა გუმბათი აქვთ, სხვადასხვანაირი მორთულობებით, დიდი ფართო ბუხრები ოთახებში შუა საუკუნეებს მოგვაგონებს და საგულდაგულოდ გათლილი ქვისგან კეთდება, რომელზედაც სხვადასხვა სახის ლამაზი არაბესკებია გამოყვანილი.

კარგია და ლამაზი ასეთი სახლი ზაფხულში, მაგრამ ზამთარში კი მასში ცხოვრება შეუძლებელია და ეს, რა თქმა უნდა, აშენების ხერხის ბრალია.

ჩაასობენ რა რამდენიმე ბოძს, მათზე ალაგებენ ხარიხებს (перекладины), ხოლო შემდეგ კი აფენენ ფიცრებს – ეს საძირკველიც არის და იატაკიც. ამ იატაკის სამ მეოთხედზე თხელი ფიცრებისგან შეაკოწიწებენ სკივრის ანუ ლარის ერთგვარ გვარეობას, რომელშიც ფანჯრებსა და კარებს ჭრიან, ხოლო დანარჩენ სივრცეზე კი გალერეას აწყობენ. გადახურავს რა ყველაფერ ამას ყავრის მახვილწვერიანი სახურავით, იმერელი თავის სახლს დასრულებულად თვლის. და ასეთი სახლი ცხაურიანი, აჟურული (თხელკედლებიანი) გამოდის.

“მე მომიწია ასეთ სახლში ცხოვრება, ამბობს მოთხრობების ავტორი ქუთაისის შესახებ. შემოდგომაზე მე მისით ვტკბებოდი; ჩემს აივანზე ვაზი იყო შემოხვეული, ოთახებში ყოველთვის ისეთი სუფთა ჰაერი იყო, კედლებში კი ამომავალი და ჩამავალი მზის მეწამული სხივები კიაფობდა, იატაკის ქვემოთ მე ადამიანებს ბრძანებებს ვაძლევდი, რომლებსაც დაბლა ჩემი ყველაზე უფრო დაბალი ხმით ნათქვამი სიტყვაც კი ესმოდათ, ჭერში ნახვრეტები პატარა ვარსკვლავებივით ანათებდა, მაგრამ როცა სიცივეები დადგა, ყინვები დაიწყო, ზამთრის ქარმა დაქროლა – მე არ ვიცოდი თბილი კუთხე სად მომეძებნა”.

შეძლებული მეგრელი სახლს ფიცრებისგან იშენებს, მას ჩალით გადახურავს და იმ განყოფილებებში, რომლებშიც სტუმრებს ღებულობენ, ხის იატაკს აგებს და ჭერსაც ფიცრებისგან აკეთებს. ღარიბები ხის დრეკადი წნელებისგან დაწნულ ქოხში ცხოვრობენ, რომელსაც კონუსის მსგავსი სახურავი აქვს. ასეთ სახლს გარეგნულად კალათის ფორმა გააჩნია, რომელშიც ყოველი მხრიდან ქარი უბერავს. ზამთარში მას გარეშემო თივას შემოაკრავენ და იატაკში მოწყობილი კერით ან ბუხრით ათბობენ.

ოთახის მარჯვენა კუთხე ხარიხითაა შემოსაზღვრული, კარების საპირისპიროდ კი შავად ბუხარი მოჩანს, ან კიდევ კერა, რომელიც მიმქრალ შუქს გამოსცემს, მარცხნივ ბაგების რიგია, ხოლო მათ უკან კი კამეჩები დგანან, რომელთა უზარმაზარი დინგები ნახევარსიბნელეში რაღაც ფანტასტიკურ სანახაობას წარმოადგენენ. ისინი უაზროდ მიაჩერებენ თვალებს შემოსულს, და თან იცოხნიან და კბილებით თივას ახრაშუნებენ. ოთახს ამიაკის მკვეთრი სუნი ავსებს.

სახლში მხოლოდ კარების ნაწილები და თავად კარები კეთდება წაბლის ხის სქელი ფიცრებისგან; დანარჩენი მასალები კი რაც ხელში მოხვდებათ, ხოლო სახურავი ლელისგანაა, იშვიათად კი ყავრისგან.

ოთახი დაბალია, ხის ძელების ჭერითაა დაფარული, რომლებზედაც ფიჩხია დაფარებული, ხოლო მათ კი ზემოდან მიწა აყრია, რომელიც დრო და დრო თვალებშიც გეყრებათ. ჭერში სასულეა (продушина) ბოლის გასასვლელად. მეგრელს სახლის აშენება არაფერი არ უჯდება. აუცილებელია მხოლოდ მიწაში ამოთხაროს ორმო, ორი არშინის სიღრმისა და ისეთი სიგანის, როგორიც მას მოესურვება, მის კედლებს შიგნიდან ქვები შემოაწყოს; ერთ კედელში, რომელიც დაქანებისკენაა მიმართული, შემოსასვლელი გააკეთოს, და მაშინ სისველე სახლის შიგნით არ ჩაედინება. მთელი ამოთხრილი სივრცე ორ ნახევრად დაჰყოს: ერთში მეუღლე და ოჯახი, მეორეში – ცხენი და რქოსანი საქონელი; ორივე ნახევარი მიწით გადახუროს და ქოხიც მზად არის (Путевыя заметки по Мингрелiи и Гурiи М. Мансурова. Закавказскiй Вестникъ 1854 г. № 26).

ხის კუნძი ან ფიცარი მაგიდის ნაცვლად მეგრელს ავეჯის მაგივრობას უწევს; ჭადრის ხისგან გამოთლილი ორი-სამი ფინჯანი და თიხის ქოთნები (დოქები) მთელ მის ჭურჭელს შედგენს.

მეგრელის მთელი კარ-მიდამო სახლის ან ქოხის და ორი-სამი პატარა ბეღლისგან შედგება, რომლებიც ასევე მოწნულია; ეს ყველაფერი ირგვლივ ეკლიანი ბუჩქების ღობითაა შემოვლებული, რომელიც მხეცისა და ადამიანისგან გაუვალ დაცვას წარმოადგენს.

სახლის მახლობლად ზოგჯერ საქონლის სადგომი ეწყობა – ეს უბრალოდ ღობით შემოსაზღვრული დიდი მინდორია, რომელიც შინაური ცხოველებითაა სავსე.

აქაური ადამიანი უძველესი დროიდან ასე ცხოვრობდა, და ახლაც ასე ცხოვრობს. ცივ დროში ოთახის შუაგულში მიწის იატაკზე მოწყობილ კერაზე მუდმივად ცეცხლი ანთია. საწვავს ყოველგვარი გარჩევის გარეშე იმარაგებენ, ასე რომ მცხოვრებნი შეშისთვის ძალზედ ხშირად ხეხილს, სამშენებლო და სხვა ხეებსაც ჩეხენ, რაც კი მათ თვალში სხვა სამეურნეო მოთხოვნილებისთვის განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Sunday, January 25, 2015

აკადემიკოსი დუბროვინი იმპერატორ პავლეს მიერ საქართველოზე რუსეთის მფარველობის განახლებისა და ტახტზე გიორგი მეფის დამტკიცების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XI

(საქართველოს მდგომარეობა ტახტზე გიორგი XII-ის ასვლის სულ დასაწყისში. – ს.-პეტერბურგში ელჩობის გამოგზავნა გიორგის თხოვნით ტახტზე მისი დამტკიცების შესახებ. – იმპერატორ პავლეს რესკრიპტი გიორგისადმი. – საქართველოს მეფის კარზე ჩვენს რწმუნებულ მინისტრად კოვალენსკის დანიშვნა.)

გიორგი XII მაშინ ავიდა ტახტზე, როცა გარეშე მტრებისგან დაუცველ საქართველოს წესრიგი არც საშინაო მმართველობაში ჰქონდა. ქვეყანა გაძარცვული იყო, ხალხს მძიმე გადასახადების ტვირთი აწვა; ყველგან სიღარიბე და სიღატაკე იყო გავრცელებული. 

ტფილისი ნანგრევები გროვას წარმოადგენდა. მხოლოდ ორი ქუჩა იყო გაწმენდილი მგზავრობისთვის; და მათაც ორივე მხარეს დანგრეული სახლები მიუყვებოდა (Изъ записокъ Тучкова. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге).

თავად მეფე, როცა აოხრებულ დედაქალაქში გადმოსახლდა, თავად ბებუთაშვილის ერთადერთ გადარჩენილ სახლში უნდა მოთავსებულიყო, სადაც თავის გარდაცვალებამდე ორ მეტად პატარა ოთახში კიდეც ცხოვრობდა (Записано со словъ князя Д. О. Бебутова. См. также письмо Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 года. Т. А. К. Н.).

მიიჩნევდა რა სახელმწიფოს შემოსავლებს ძალზედ არასაკმარისად თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვისთვის, ერეკლე თავადებსა და აზნაურებს მათ კუთვნილ მამულებს ართმევდა და მათ საუფლისწულოებად თავის შვილებს აძლევდა. ამ დარიგებასთან ერთად მან საქართველოს დიდი ნაწილი მათ თვითნებობას მიანება. ხოლო როცა არეულობის გარემოებებმა ბატონიშვილებისგან მეფისთვის თავიანთი ჯარებით ან ფულებით დახმარება მოითხოვეს, მაშინ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ასრულებდნენ ისინი მეფის მოთხოვნებს, იყვნენ რა მუდმივად ურჩები მისი ნებისა და მოთხოვნებისადმი. 

დარეჯან დედოფლის ხრიკებით, რომელიც ქმრის ავადმყოფობის გამო სამეფოს მართავდა, ერეკლე ერთგვარად იმ აუცილებლობაში იმყოფებოდა, რომ თავისი ვაჟებისა და ნათესავების დანაშაულებანი დაუსჯელად დაეტოვებინა (Изъ рапорта Кнорринга Государю Императору 22-го iюна 1801 года. Арх. Мин. Иностр. Делъ. Дела грузинскiя. Книга I).

საერთოდ, რუსეთთან 1783 წ. ტრაქტატის დადების დროიდან, მეფემ, საქართველოს ყველა ჩინოსანმა და ქართველმა ხალხმა, იმედოვნებდნენ რა რუსეთის მფარველობასა და მის ძლიერ დახმარებაზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას თავი ანებეს და სულის სიმხნევეც იმდენად დაკარგეს, რომ მათ ხმებიც კი აშინებდა იმის შესახებ, რომ საქართველოში ლეკები ან სპარსელები შემოიჭრებოდნენ. სარგებლობდა რა ამით, ავარიის ხანმა ქართველებს ყოველწლიურად 5.000 მანეთის ხარკი დააკისრა, რომელიც გარეგნულად საქართველოს მეფისგან საჩუქრების სახით იკრიბებოდა.

ერეკლე იმედოვნებდა ამ საშუალებით ავარელთა და ლეკთა თარეშებისგან ქვეყნისთვის უსაფრთხოება მოეტანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, არამედ მხოლოდ ხალხისგან გადასახადები და ხარკი გაზარდა. გადასახადები, იმის გარეშეც მნიშვნელოვანი, სამეფო სახლის შესანახად, ახალი ხარკის გადახდის აუცილებლობასთან ერთად, ხალხისთვის მძიმე შეიქნა, მით უმეტეს, რომ მხარის მუდმივი გაჩანაგებისგან სამუშაო ხელების რიცხვი კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა.

მემამულები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ შევიწროვებულ გარემოებებში მეფეს მიხმარებოდნენ, საკუთარ თავს შემდეგ უხვად ისაჩუქრებდნენ, ძარცვავდნენ რა გლეხებს, რომლებიც იქამდე იყვნენ მიყვანილნი, რომ თავშესაფარს უცხო სამფლობელოებში ეძიებდნენ, ამჯობინებდნენ რა მეზობლების ხელში მონობას, ვიდრე იმ შევიწროვებებს, რომელთაც სამშობლოში განიცდიდნენ. მეფის თითოეული ძე და თითოეული ასული, მისი ყოველი ნათესავი ეგრეთ წოდებულ ბარათს (ბრძანებას) (бератъ /указъ/) იძლეოდა ვაჭრის ან გლეხისგან ყველაზე უკეთესის წამოღებაზე იქიდან, რაც კი მას გააჩნდა.

გარეშე მტრების მოგერიებისთვის საქართველოს საკუთარი ჯარები არ ჰყავდა, და მეფე ერეკლე იძულებული იყო თავისთან 5.000-დან 10.000 ადამიანამდე დაქირავებული ლეკი შეენახა, რომლებიც, იკისრეს რა ვალდებულება, რომ ხალხის უსაფრთხოების მოზღუდვისთვის (დაცვისთვის) ემსახურათ, ტფილისში თვითნებობებს ჩადიოდნენ. შეისწავლეს რა ქვეყანაში ყველა შემოსასვლელი გზა, ლეკებს მასში თავიანთი თანამემამულები ღიად მოჰყავდათ, რომლებიც უბედურ მოსახლეებს ძარცვავდნენ და ტყვედ მიჰყავდათ და, ასეთნაირად, საქართველო ყოველწლიურად 200-დან 300-მდე ოჯახს კარგავდა. ერეკლემ ყველაფერი ეს იცოდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ ვერანაირ ზომებს ვერ ღებულობდა, რადგანაც კიდევ უფრო მეტი უბედურებებისა ეშინოდა (Донесенiе Кнорринга Государю Императору 21-го iюля 1801 года. Арх. Мин. Внутр. Делъ по Департ. Общ. Делъ).

ხალხის უბედურებაზე დამატებით (Къ довершенiю народнаго бедствiя), 1798 წლის დასაწყისში ტფილისში და საქართველოს სხვა ადგილებშიც შავი ჭირი გამოჩნდა, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, განჯის სახანოში იქ დაწყებული შიმშილის გამო წარმოიქმნა (Изъ рапорта графа Гудовича Государю Императору 18-го января 1798 г. Георг. Арх. Коменд. Правленiя).

ნათესავებისა და ხალხის მიერ გიორგის საქართველოს მეფედ საზეიმოდ აღიარება ვერ ამშვიდებდა მას, არამედ პირიქით, ქვეშევრდოებსა და ქვეყანაზე ახალ საზრუნავებს აკისრებდა, რომელიც შინაგანი უწესრიგობებით გაძარცვული და გაწეწილი იყო.

“თქვენ თავად – წერდა გიორგი ერთერთ თავის წერილში ჩვენს კანცლერს (Отъ 11-го октября 1798 года. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ) – ჩვენზე არანაკლებად იცით იმის შესახებ, თუ როგორი მეზობლებით ვართ გარშემორტყმულნი, და ისინი ჩვენ თავიანთი ძლიერებით როგორ აღგვემატებიან. ერთის მხრივ, ჩვენმა მეზობლებმა სპარსელებმა გასულ წლებში ჩვენ ისე დაგვფანტეს, რომ ამ დრომდეც ჩვენს გაღარიბებულ ქვეშევრდომებსა და ჩვენ ერთმანეთის მოძებნა არ შეგვიძლია; მეორეს მხრივ, თურქებმა ჩვენ ლეკები შემოგვისიეს, ჩვენი სოფლები დაარბიეს, ჩვენი ნათესავი თავადი ციციშვილი ტყვედ წაიყვანეს, რომელიც ახლაც ახალციხეში ტყვედ ჰყავთ; მესამე მხრივ კი – იგივე ლეკები ჩვენში განუწყვეტლივ ბოროტ საქმეებს სჩადიან”.

ქვეყნის მდგომარეობა ნამდვილად საუბედურო იყო. უბედური მცხოვრებნი, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად მოწინააღმდეგეს გაექცნენ, თავიანთი სახლების ნანგრევებისა და ნახანძრალების, გაჩანაგებული სოფლების დასატირებლად დაბრუნდნენ, და მათი ხვედრი იმათზე უფრო მეტად შესაშური არ იყო, რომლებიც სპარსელებმა ტყვედ წაიყვანეს. ხალხი თუმცა კი შეუდგა ხვნა-თესვას, როგორც თავის მთავარ ხელობას, მაგრამ აოხრების კვალი ყველგან თვალში საცემი იყო. დარღვეული სახლები, გადამწვარი და განადგურებული მინდვრები, საყოველთაო მიუსაფრობა იყო იმის მიზეზი, რომ პური საკუთარი თავის გამოკვებისთვისაც ძლივსღა კმაროდა, ხოლო ჭარბი მოსავლის გასაყიდად გატანაზე კი ლაპარაკიც არ იყო.

საქართველოს ნაყოფიერ მიწას, კარგი მოწყობისა და მეურნეობის დროს, უხვი მოსავლის მოცემა შეეძლო; მაგრამ ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობისას ის მიწათმოქმედის შრომას ვერ ანაზღაურებდა. ხალხმა, რომელსაც როგორც სამეფო სახლის, ისე თავადებისა და აზნაურებისგან დაწესებული სხვადასხვა გადასახადები მძიმე ტვირთად აწვა, იცოდა, რომ შეგროვებული ნაყოფები უმეტეს წილად მას არ ეკუთვნოდა, რომ მოიტანდა რა თავის ნაწარმს ქალაქში, იგი რისკავდა იმით, რომ თავადი ან ბატონიშვილი მას უფულოდ ჩამოართმევდა (Замечанiя Лазарева о Грузiи. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 186). შრომის ამაო ხარჯვა და ქართველების თანდაყოლილი სიზარმაცე, რომელთაც უფრო ღატაკებად ერჩივნათ ეწანწალათ, ვიდრე ემუშავათ, მხარეში ყოველგვარ მწარმოებლურობას საბოლოოდ კლავდა.

“ყველა ჩინი აქ მემკვიდრეობითია, – მოახსენებდა ლაზარევი, – ადამიანთა ღირსების მიუხედავად, ამიტომ ბევრ ადამანს არა თავის ადგილზე ვხედავთ: ქალაქებისა და სოფლების მმართველობა დავალებული აქვთ, ეგრეთ წოდებულ, მოურავებსა და ნაცვალებს, რომლებიც როგორც შესაძლებელია ცდილობენ სწრაფად გამდიდრდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შევიწროვებებს მათი ხელქვეითები განიცდიან, ვინაიდან თავისი ადგილისა და მფლობელობის შენარჩუნებაში არც ერთი მოხელე დარწმუნებული არ არის (управленiе городовъ и сёлъ препоручается, такъ называемымъ, моуравамъ и нацваламъ, кои елико возможно стараются поскорее нажиться, не взирая, что терпятъ отъ того ихъ подчинённые, ибо никакой чинъ не уверенъ въ своёмъ месте и владенiи). ყველაფერი კეთდება ბარათებით (по бератамъ): ასე ეწოდება მეფის მიერ გაცემულ ბრძანებებს (повеленiя), რომლებიც არსად არ ჩაიწერება, და აქედან გამოდის, რომ დღეს ერთს მისცემენ, ხვალ კი იმავე მამულს ან ადგილს მეორეს; მთელი მართლმსაჯულება მათთან ზეპირსიტყვიერად წარმოებს და, რამდენადაც მე შემეძლო შემენიშნა, ან მიკერძოებით, ან ძლიერის უფლებით, და დაცვის არმქონენი ხშირად სავსებით გაძარცვულები ჩანან (всё правосудiе у нихъ отдаётся словесно, либо по пристрастiю, либо по праву сильнпго, и часто видны неимущiе защиты совсемъ ограбленными). ვაჭართაგან საქონელს, ხოლო მრეწველთაგან კი სურსათს, ყველაფრს ღებულობენ უფულოდ, ბარათებით, რომლებსაც გასცემენ მეფის ყველა ძე და ასული, და, ბოლოს, ყველანი, ვისაც კი რაიმე თანამდებობა აქვს ჩაბარებული. ხელფასი არც ერთ ჩინს არა აქვს, არამედ საზრდო ყველამ თავისი ადგილიდან უნდა იშოვნოს, და ამის გამო კიდევ უფრო მეტ შევიწროვებას განიცდიან ვაჭარიც, მეშჩანიცა და მოსახლეც და, ერთი სიყვით, თითოეული ადამიანი”.

ასეთ პირობებში საჭირო იყო ძლიერი ხასიათი და მტკიცე ნება, რათა ყველაფერი წესრიგში მოეყვანა. არც ერთი, არც მეორე საქართველოს ახალ მეფეს არ გააჩნდა.

გიორგის ავადმყოფობა და თავად მისი ხასიათიც მავნებელი იყო ქვეყნისთვის და სამეფოს დანგრევისკენ გადახრიდა. უკიდურესად ფიცხი, მეფე მეტად კეთილი და სუსტი ხასიათისა გახლდათ. არ ჰქონდა რა ის დაჟინებულობა, რომელიც აუცილებელია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, ის იყო ავად, იშვიათად ტოვებდა თავის ოთახს და თითქმის არასდროს ხალხს არ ეჩვენებოდა.

იყო რა ჯერ კიდევ ბატონიშვილი, ახალგაზრდულ ასაკში, გიორგის გემრიელად და ბევრის ჭამა უყვარდა, რამაც გამოიწვია კიდეც მისი ავადმყოფობის დაწყება და, შემდგომში კი, განვითარება.

“ბატონიშვილს, – წერს მისი თანამედროვე (Артемiй Араратскiй, изд. 1813 года, ч. II, стр. 17), – ფლავისა და საკმაოდ მოზრდილი ბატკნის უზარმაზარი კერძი მოართვეს, რომელიც ცხარე სანელებლებითა და აკუწული ხორცით იყო გატენილი. აქ მე პირველად მომიხდა ამ ბატონიშვილის ნახვა. იგი, აზიური წესით, იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე იჯდა და უკვე მხოლოდ იმით იყო შესამჩნევი, რომ მე არასდროს მენახა ვინმე, ვინც მას სიმსუქნით გაუტოლდებოდა. ვახშამზე მას თუმცა კი ასეთივე პორცია მოუტანეს, მაგრამ მან, ჩემდა განსაკუთრებით გასაოცრად, მისთვის გამოგზავნილი სურსათის უკმარისობა მისაყვედურა”.

თვალითმხილველები ჰყვებიან, რომ გიორგიმ, როცა უკვე საქართველოს მეფე იყო, კარგად ჭამის თავისი ჩვევა და მიდრეკილება შეინარჩუნა.

ჩვეულებრივ, თუ ის სადილით კმაყოფილი რჩებოდა, მაშინ თავისთან მზარეულს მოუხმობდა და, ამოიღებდა რა საფულიდან ანუ მუდამ ქამარზე ჩამოკიდებული გრძელი ქისიდან აბაზს, მას თავისი კმაყოფილების გამომწვევს აძლევდა.

“ჯერ კიდევ ახალია გადმოცემა, რომ საქართველოს მეფე გიორგი XII სადილზე ერთწლიან ზაქს ჭამდა; რამდენიმე კერძი ფლავის შეჭმა მისთვის არაფერი იყო. მეფის ერთერთი მხცოვანი კარის ექიმი (ლაიბ-მედიკოსი), ჯერ კიდევ ცოცხალი მოწმე, ჰყვება, რომ ასეთი გიგანტური სადილის შემდეგ ეს ამდენად პატივცემული პირი ბრძანებდა რომ ზეწრებზე მწოლიარე მოესულიერებინათ და საფაღარათო საშუალებებს ღებულობდა” («Грузинскiе очерки и типы» К. Вилемска. «Кавказъ» 1847 года, №№ 16 и 17. См. также «Кавказъ» 1868 года, № 58).

საჭმლის ზომაზე მეტად ბევრი მიღებისგან მეფემ მალევე ქოშინი და სუნთქვის შეკრულობა იგრძნო, ხოლო შემდომში კი მას წყალმანკი დაემართა, რომლის შემოტევებიც მის სიცოცხლეს ხშირად საფრთხეს უქმნიდა (Изъ донесенiя Кнорринга Государю Императору 7-го октября 1800 года. Тифлисскiй Арх. Главн. Шт. Кавказской армiи). ტფილისში ექიმების არყოლის გამო მეფეს კათოლიკი ქსენძები და სხვა უცხოელი მკურნალები უვლიდნენ, რომლებსაც მედიცინა პრაქტიკაში ჰქონდათ ნასწავლი.

არ გამოდიოდა რა არსად ოთახიდან, გიორგიმ სამეფოს მართვა თავისთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებს გადასცა. იცოდნენ რა მეფის ხასიათის სისუსტე, მათ ამ გადაცემით ისარგელეს და თავიანთი პირადი ინტერესების მიყოლა დაიწყეს. მეფეს იმას მოახსენებდნენ, რასაც თავიანთთვის აუცილებლად და ხელსაყრელად თვლიდნენ; მის სახელს ყველგან ბოროტად იყენებდნენ.

ხალხს ხშირად სხვადასხვანაირი გადასახადებით ტვირთავდნენ, რომლებსაც იმ მეფის ბრძანებით კრეფდნენ, ვისაც იმ ბოროტად გამოყენებათა შესახებ ეჭვიც კი არ ჰქონდა, რომელთაც მისი სახელით სჩადიოდნენ (Лазаревъ Кноррингу 24-го января 1801 года. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

მალე მეფე სამეფოს მართვას სავსებით ჩამოშორდა. 1800 წლის აგვისტოში, კნორინგისადმი ერთერთ წერილში, გიორგი საქართველოში თავისი მცირე მნიშვნელობის შესახებ გულწრფელად აღიარებდა. “ჩვენს სამეფოში გასაცემი ყველნაირი განკარგულება, – წერდა ის, – ჩაბარებული აქვთ მინისტრსა (კოვალენსკის) და ჩვენს ვაჟს იოანეს: ის წერილები მათ მიერაა განხილული, ხოლო თუ მათში რა ეწერა, ამის შესახებ თქვენ მინისტრი შეგატყობინებთ”. მეფე თუნდაც რომელიმე წერილის წაკითხვას უსარგებლოდაც კი მიიჩნევდა.

მეფის ნების აღმსრულებელთა ძარცვებმა და თავაშვებულობამ გოლიათურ ზომებს მიაღწია. მცველები და ლეკები, რომლებიც გიორგიმ მოიწვია, არა მხოლოდ პროვინციაში თვითნებობდნენ, არამედ თავად ტფილისშიც აძლევდნენ საკუთარ თავს ძარცვისა და ძალადობის ნებას. ერთხელ ისინი ქუჩაში ანჩისხატის ტაძრის წინამღძვარს, სოლომონ ალექსიშვილს შეხვდნენ, მას ქუდი მოხადეს და შეურაცხყოფდნენ.

“ალექსიშვილი მეფესთან გამოცხადდა და გიორგის ყველაზე უფრო მკვეთრი გამონათქვამებით საყვედურობდა, რომ მან, მოიწვია რა ლეკები, ხალხი და ეკლესიის მსახურნი, ქრისტიანულ ქალაქში, მაჰმადიანთა ხელში ჩააგდო შესაგინებლად” («Кавказъ» 1846 г., № 33).

გიორგიმ ბრძანა დაქირავებული ჯარის უფროსები მასთან მოეხმოთ. ისინი 80 მცველის თანხლებით გამოცხადდნენ. მეფე თავიდან ლანძღავდა მათ, მაგრამ შემდეგ კი იმდენად გაიტაცა ამან, რომ, დაივიწყა რა თავისი ავადმყოფობის შესახებ, ლოგინიდან წამოხტა, კეტს ხელი დაავლო და ლეკების მთავარი უფროსის ცემა დაიწყო. დაშინებული უფროსები და მათი მცველები ოთახიდან გარბოდნენ გაფიცხებული მეფისგან, რომელიც მათ კეტით მისდევდა. ეშინოდათ რა მეფის მრისხანების და დევნისა, ტფილისში მყოფი ყველა ლეკი რაღაც დროით ქალაქიდან ავლაბრის კარს იქით გავიდა.

წუთიერი აფეთქება გაივლიდა, მეფე მორბილდებოდა, და უწინდელი უწესრიგობანი და თვითნებობანი თავიანთ უფლებებში შედიოდა.

მარიამ დედოფალი, გიორგის მეუღლე, თავისი მამის, თავად ციციშვილის, ხარბი და ანგარი ადამიანის რჩევებითა და დარიგებით, იყო რა ქმრის მიერ ძალზედ ყვარებული, თავისი მოთხოვნებითა და გადასახადებით ხალხს ხშირად ტვირთს მეტად უმძიმებდა. 

გიორგი, მთელი თავისი პირადი სიკეთისა და თავისი ხალხისთვის კეთილი სურვილების მიუხედავად, ქართველებს არ უყვარდათ.

მისი ვაჟიშვილი და მემკვიდრე, დავით ბატონიშვილი, მხოლოდ თავისი სარგებლისთვის ზრუნავდა და საქმეებში ასევე არ ერეოდა. ხალხის წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ, სომეხ ქალზე დაქორწინებული, იგი თავადებს არ უყვარდათ; და თუ მაინც ჰყავდა რამდენიმე მომხრე, ესენი იმ პირთაგან იყვნენ, რომლებიც მის წყალობებზე იმედოვნებდნენ, როგორც მომავალი მეფისა, მაგრამ გულწრფელად მისდამი ერთგულნი კი არ ყოფილან.

იოანე ბატონიშვილი, სხვებზე უფრო მეტად დადებითი და სერიოზული ადამიანი, მხარის მართვაში ყოველგვარი ჩარევისგან ასევე თავს განზე იჭერდა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ყველაზე უფრო მეტი ნდობით სარგებლობდა. თითოეული ბატონიშვილი თავის საკუთარ სარგებელს იცავდა, და არა სახელმწიფოსი. თავიანთ სოფლებში წასულ-წამოსული ბატონიშვილები, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მათ განვრცობას ცდილობდნენ, არ ირცხვენდნენ რა იმ შემთხვევაშიც, თუ ეს განვრცობა სხვისი საკუთრების მიტაცებასთან ან მოყვასისთვის წყენის მიყენებასთან იყო შეუღლებული.

მეფის ძენი ბაგრატი და თეიმურაზი, თუმცა კი სრულწლოვანები იყვნენ, “მაგრამ – მოახსენებდა ლაზარევი – თავიანთი წლებისთვის ახალგაზრდული აზრები აქვთ”. უმცროსი ბატონიშვილი, მიხეილი, რომელიც მაშინ მეთექვსმეტე წელში იყო, ყოველგვარი აღზრდის გარეშე რჩებოდა და რეგულარული ჯარის მოწყობით იყო დაკავებული. შეკრიბა რა თავის თანატოლთაგან ეგერთა ასეული, იგი ჩვენი ჯარების სწავლებას ადევნდებდა თვალს და შემდეგ, მათი ნიმუშის მიხედვით, თავის თანატოლებს ასწავლიდა.

აცნობიერებდა რა თავის სისუსტესა და უძლურებას, გიორგის ასევე შეგნებული ჰქონდა, რომ მარტოს, გარედან დახმარების გარეშე, მის მიერ მართული ხალხის სარგებლისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

ყველას აზრით, გარედან სწრაფი და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, უანგარო დახმარება, აუცილებელი იყო საქართველოსთვის. თავის მეზობელთა წრეში გიორგის თავისთვის არც დახმარების პოვნა შეეძლო, და არც მხარდაჭერისა. მხოლოდ რუსეთს, თავისი ერთმორწმუნეობისა და უანგარობის გამო, შეეძლო საქართველოს მხსნელად მოვლინებოდა; მხოლოდ მას შეეძლო ქართველებს მწარე ხვედრში შესწეოდა, რომლებსაც მეზობლები და საკუთარი თავადები ძარცვავდნენ. სწორედ მას მიმართა კიდეც თხოვნით გიორგიმ.

თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც პეტერბურგის გზა კარგად იცოდა, იმპერატორ პავლესთან იქნა გამოგზავნილი, სრულუფლებიანი მინისტრის სახით, წერილით, რომელიც გიორგის ტახტზე ასვლის შესახებ იტყობინებოდა, ასევე მფარველობის თხოვნით მისთვის და მისი ვაჟისა და მემკვიდრის დავითისთვის (Письмо Георгiя Государю Императору 30-го iюля 1798 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ. См. также Константинова, ч. II, 99 /рукопись/).

საქართველოს მეფე არ იშურებდა სიტყვებს იმისთვის, რათა იმპერატორი პავლე თავის მიმართ კეთილად განეწყო და მისი ყურადღება მოეპოვებინა. იგი წერდა, რომ ადრეული წლებიდან სურდა რუსეთის იმპერატორის “წმინდა ფეხებს” მთხვეოდა, მაგრამ ამ დრომდე ამას ბევრი გარემოება ხელს უშლიდა. “ახლა თქვენ ჩემს ხელმწიფედ გიმზერთ, – წერდა მეფე, – ჩემს მონარქად და ვსასოებ, რომ ჩემი გამოწვდილი ხელები უარყოფილი არ იქნება”.

მეფე თხოულობდა არ წაერთმიათ მისთვის და მისი ძის დავითისთვის, რომელიც მაშინ რუსულ სამსახურში მსახურობდა, ის წყალობანი, რომლებიც მისი მამის ერეკლე თეიმურაზის ძისთვის იყო დანაპირები და რომლის შემდეგაც მან კანონიერი მემკვიდრეობა მიიღო.

გიორგის სამშობლოს გადარჩენისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი სჭირდებოდა; ნახევარზომები უფრო მეტად დამღუპველი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე სასარგებლო, ქვეყნის მოწყობისა და ახალ უთანხმოებათაგან ხალხის უზრუნველყოფისთვის.

მეფეს სურდა და უნდა მიეღო კიდეც საბოლოო პასუხი იმპერატორ პავლესგან; სურდა სცოდნოდა, თანახმა იქნება თუ არა რუსეთი ნამდვილი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს.

ჩვენი კარის უარის შემთხვევაში გიორგი ფიქრობდა სხვა დერჟავისთვის მიემართა და ს.-პეტერბურგიდან თავადი ჭავჭავაძე გაეწვია.

“თუ თქვენგან არ იქნება გამოგზავნილი (ინვესტიტურის) ნიშნები, – წერდა მონაზონი ექვთიმე თავად ჭავჭავაძეს, – მეფე მირონს მაინც იცხებს (Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

რუსულ მთავრობას ჯერ კიდევ ვერ მოესწრო გიორგის თხოვნებზე პასუხის გაცემა, როცა პეტერბურგში ცნობა იქნა მიღებული საქართველოში სპარსელთა ახალი შემოჭრისა და ქვეყნის აოხრების შესაძლებლობის შესახებ, იმის მსგავსისა, რა 1795 წელს მოხდა. ივნისში ტფილისში შაჰის ფირმანით სპარსეთიდან გამოგზავნილი ელჩი მოვიდა. პირველი ცნობისთანავე, ისე რომ ელჩი ჯერ კიდევ არ ენახა და არც მისი გამოგზავნის მიზანი იცოდა, გიორგიმ იჩქარა ამის შესახებ ჩვენი მთავრობისთვის შეეტყობინებინა. დავით ბატონიშვილი სთხოვდა თავად ჭავჭავაძეს მიეცათ საშუალებები (სახსრები) საქართველოსთვის, რათა სპარსელთა ახალი თავდასხმისგან საკუთარი თავი დაეცვა, და ფიქრობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ან სრულებით ააოხრებდნენ საქართველოს, ან კიდევ აიძულებდნენ მათ მბრძანებელს დამორჩილებოდა (Тамъ же). თავად გიორგი ვარაუდობდა, მოელაპარაკებოდა რა სპარსეთიდან წარმოგზავნილს, შაჰთან თავისი სიმამრი, თავადი ციციშვილი, საჩუქრებით გაეგზავნა (Письмо царевича Давида къ С. Лошкареву 21-го iюля 1798 г.), ხოლო თავადი გიორგი ავალიშვილი კი პეტერბურგში ახალი თხოვნით მოევლინა (Письмо монаха Ефимiя князю Чавчавадзе): 1) მარადიული ფიცის დადების შესახებ, 2) მეფისთვის დასახმარებლად 5.000-იანი რუსული ჯარის წყალობის შესახებ, იმ დაპირებით, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა მეფე მდგომარეობას გამოისწორებს, საქართველოში რუსული ჯარის მხოლოდ 500 კაცს დაიტოვებს, ერთადერთი მიზნით, რათა რუსეთის მფარველობის შესახებ ყველასთვის ცნობილი გახადოს.

სპარსელთა მუქარებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს საქართველოს. სპარსელთა ახალი თავდასხმის შესახებ პირველი ცნობებისთანავე პეტერბურგის კაბინეტმა იჩქარა კატეგორიული პასუხი გაეცა საქართველოს მეფის თხოვნებზე და საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების თაობაზე განაცხადა.

იმპერატორი პავლე, ულოცავდა რა გიორგის საქართველოს ტახტზე ასვლას, ჰპირდებოდა, რომ ტახტზე დამტკიცების შესახებ მისგან თხოვნის მიღების შემდეგ სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით მასთან თავის მინისტრს გააგზავნიდა, და გამოთქვა იმედი, რომ გიორგი, ტახტთან ერთად, იმ ერთგულების მემკვიდრეც შეიქნებოდა, რომელსაც რუსეთის იმპერატორისადმი მისი განსვენებული მამა ინარჩუნებდა (Рескриптъ Георгiю 23-го августа 1798 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

გენერალ-ლეიტენანტმა გრაფმა მარკოვმა, რომელიც კავკასიის დივიზიას მეთაურობდა, მიიღო ბრძანება ჩაეგონებინა გიორგისთვის, რომ მის მიერ ჩვენი მთავრობისადმი ერთგულების შენარჩუნების ხარისხსა და სპარსეთის მიმართ მის ქცევაზე იქნება რუსეთის შემდგომი მფარველობა დამოკიდებული.

მიიღო რა ნებართვა და პასუხებიც თავის პირველ თხოვნებზე, გიორგიმ თავად ჭავჭავაძეს ახალი თხოვნა გამოუგზავნა, რომელიც თავად საქართველოს ელჩის მიერ იქნა პავლე იმპერატორისთვის ჩაბარებული.

– დიდო იმპერატორო (Речь князя Чавчавадзе. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ), ქართლისა და კახეთის სამეფოს მფარველო და დამცველო, და ბევრთა სხვათა მფლობელო, – ამბობდა თავადი ჭავჭავაძე, როცა თხოვნას გადასცემდა, – მე, თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ერთგული ქვეშევრდომი, ღირს ვიქმენ რა ბედნიერებისა ჩემი მეფის გიორგი ერეკლეს ძისგან და მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ყველა ხალხისგან მისი სახელით თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ფეხებს ვემთხვიო, ჩემი მოვალეობის მიხედვით გთხოვოთ გააბედნიეროთ იგი ამ მეფობაზე დამტკიცებით, როგორც კანონიერი მონაცვალე (преемникъ), მისი სამეფო ნიშნებით შემოსვით, და გააგრძელოთ მის მიმართ და მთელი მისი ხალხების მიმართ თქვენი მოწყალება. ხოლო ჩემს მიერ მორთმეული ეს თხოვნები კი მაღალმონარქიული მოხედვის ღირსი გახადოთ.

საქართველოს მეფე ითხოვდა ის ტახტზე დაემტკიცებინათ და იმდენად უზრუნველეყოთ, რომ მას საჭიროება არ ჰქონოდა დახმარების შესახებ რომელიმე სხვა კარისთვის მიემართა; რომ ტახტის მემკვიდრედ მისი ძე დავითი დაემტკიცებინათ, “და წინდაწინ დამაიმედოთ დაპირებით, რომ ჩემს მონაცვალეთ ექნებათ მარადიული და ურყევი მეფობა საქართველოში, რომ სხვა არავინ ჩემს საშინაო განკარგულებებს არ ეხებოდეს და როგორც აზნაურებთან, ისე ჩემს ყველა ქვეშევრდომთანაც, ჩემი საკუთარი ნების გარეშე საქმე არ ჰქონდეს” (Переводъ прошенiя царя Георгiя отъ 11-го октября 1798 г. Арх. Мин. Иностр. Делъ). ეს თხოვნის არსებითი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. დამტკიცება და ამ თხოვნაზე თანხმობა საბოლოოდ განამტკიცებდა გიორგის საქართველოს ტახტზე და უკანასკნელს მეფის შთამომავლობაში მემკვიდრეობითად აქცევდა. საქართველოს მეფისთვის არ იყო საკმარისი მხოლოდ მისი მეფედ ცნობა: მისთვის აუცილებელი იყო ტახტის მის შთამომავლობაში მემკვიდრეობითად ცნობაც. ერეკლეს ანდერძი ხალხის უმრავლესობისთვის ცნობილი არ იყო. ტახტზე მემკვიდრეობის წესის შეცვლის შესახებ საკითხი, რომელიც სამეფო ოჯახის ნათესავთა ვიწრო წრეში იყო გადაწყვეტილი, და მხოლოდ არცთუ ბევრი თავადისთვის გახლდათ ცნობილი, ცხრაკლიტულში საიდუმლოდ ინახებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ მცდელობა ტახტზე მემკვიდრეობის წესში რაიმენაირი ცვლილება ხმამაღლა განეცხადებინათ, ვერ გამოუვიდათ; რომ ხალხი, რომელსაც შესთავაზეს დარეჯანი დედოფლად ეღიარებინათ და მისი სახელი მეფეზე უწინ მოეხსენიებინათ, ამ წინადადებას თანაგრძნობით არ გამოეხმაურა და საგანთა ძველ წესრიგს უფრო მეტად ემხრობოდა, ვიდრე ახალს. გიორგის არ შეეძლო არ დაენახა, რომ რუსეთის იმპერატორის მიერ მისი მეფედ აღიარება, ხოლო დავითისა კი – მემკვიდრედ, მეფისა და მის შთამომავალთა უფლებების სამართლიანობაში ხალხს საბოლოოდ დაარწმუნებდა. ვერ პოულობდა რა მხარდაჭერასა და საყრდენს ვერც საკუთარ ოჯახში, ვერც ახლო ნათესავთა წრეში, გასაგები იყო, თუ რატომ ითხოვდა იგი ასე დაჟინებით ამ აღიარებას. ტახტზე მემკვიდრეობის წესის შესახებ ერეკლეს მიერ დატოვებული ანდერძი მაშინ თავის ძალასა და მნიშვნელობას კარგავდა... 

მიუთითებდა რა თავის წინაპრებზე, რომლებიც ყოველთვის რუსეთისადმი ერთგულნი იყვნენ, საქართველოს მეფე პირობას დებდა ერთგული ქვეშევრდომობის გრძნობით მათთვისაც კი გადაეჭარბებინა (превзойти ихъ въ верноподданническомъ чувстве). იგი ითხოვდა, რომ ყველა მნიშვნელოვან საქმეზე არა კავკასიის ხაზის სარდლისთვის მოეხსენებინა, არამედ პირდაპირ ჩვენი მთავრობისთვის, თავისი მინისტრის მეშვეობით, რომელიც ს.-პეტერბურგში იმყოფებოდა. გიორგი იმაზე მიუთითებდა, რომ ერეკლეს ასეთი ურთიერთობებისგან “საქმეები ძალიან ნელა მიუდიოდა” და, ვერ ღებულობდა რა სწრაფ დახმარებას, საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისა და ტფილისის აოხრებისგან ბევრი რამ გადაიტანა.

მომავალი დროისთვის მსგავსი შემთხვევებისგან უზრუნველსაყოფად კი გიორგი ითხოვდა მისთვის 3.000 “რუსი ჯარისკაცი იარაღითა და მთელი სამხედრო კუთვნილებით” გამოეგზავნათ.

“როცა საქართველოში, – წერდა გიორგი იმპერატორ პავლეს, – ძლევამოსილი რუსული ჯარები იყო, მაშინ ყოველთვის ბოროტი ადამანები, თავიანთი სხვადასხვანაირი გამონაგონებით, მათ და ჩვენს უფროსებს შორის მტრობას აგდებდნენ, ამიტომ გთხოვთ უბრძანოთ ამ ჯარის მომავალ მეთაურს საქმე ჰქონდეს მხოლოდ ჩემთან ან მასთან ვისაც ჩემგან დავალებული ექნება”.

მეფე ითხოვდა, რათა მეზობლების მხრიდან რაიმენაირი მტრული მოქმედებების შემთხვევაში, ნაბრძანები ჰქონოდა კავკასიის დივიზიის სარდალს, რომ პირველივე შეტყობინებისას, საქართველოსკენ 7.000-იანი ჯარი დაეძრა, არ იკითხავდა რა ამისთვის წინასწარ ჩვენი მთავრობის ბრძანებას.

არ მიუღია რა პასუხი თხოვნაზე საქართველოს მეფედ გიორგის დამტკიცების შესახებ, მისმა ელჩმა მიიღო ახალი წახალისება საქართველოდან იმპერატორ პავლეს მიერ გადაწყვეტილების რაც შეიძლებოდა სწრაფად მიღების თაობაზე ეზრუნა.

“თქვენთვის უცნობი არ არის ქართული ანდაზა – წერდა დავით ბატონიშვილი (Кн. Чавчавадзе отъ 3-го февраля 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ) – რომ ყველა საქმე თავის დროზე უნდა იქნას გამოყენებული, სხვა შემთხვევაში კი ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ. ჩვენს სამეფოს არ შეესაბამება ახლა ის საქმეები, რომლებიც კამათით იწარმოება”.

მართლაც, მხოლოდ მოლაპარაკებები საქართველოსთვის ცოტა იყო: მისთვის ფაქტიური დახმარება იყო აუცილებელი უკვე იმიტომაც, რომ მტაცებელ მეზობელთა განუწყვეტელი თავდასხმები უნდა მოეგერიებინა.

თურქები თავიანთი თავდასხმებით გაუჩერებლად აწუხებდნენ ხალხს. ახალციხის ფაშა ლეკებით ქართლს აჩანაგებდა (Письмо царевича Давида Лошкареву 21-го iюля 1798 г. Тамъ же). ლეკები, გამოივლიდნენ რა ოტომანის პორტას სამფლობელოებს, საქართველოში შემოიჭრებოდნენ, სოფლებს არბევდნენ, მათი მცხოვრებნი ტყვედ მიჰყავდათ და, შეეძლოთ რა უსაფრთხოდ უკან დაეხიათ, თავიანთ თარეშებს ძალზედ ხშირად იმეორებდნენ (Рескриптъ Императора нашему посланнику въ Константинополе отъ 2-го ноября 1798 г. Тамъ же).

თურქეთის მხრიდან თავდასხმების თავიდან ასაცილებლად თუმცა კი გაეგზავნა კონსტანტინოპოლში ჩვენს წარგზავნილს ტამარას ბრძანება ეთხოვა პორტასთვის, რათა მას ახალციხის ფაშისთვის საქართველოში შემოჭრების მოხდენა აეკრძალა, და საერთოდ თავის სამფლობელოებზე ლეკები არ გამოეტარებინა, მაგრამ ეს შუამდგომლობა წარმატებით არ დაგვირგვინებულა. ფაშა, რომელიც პორტაზე მეტად სუსტად იყო დამოკიდებული და თავისი მთავრობის ბრძანებებს ყურადღებას არ აქცევდა, თავის ანგარებიან მიზნებს მიჰყვებოდა, რომლებიც მეზობელთა მძარცველობასთან იყო შეერთებული. 1798 წლის სექტემბერში ის საქართველოში ისევ შემოიჭრა (Донесенiе гр. Маркова Государю Императору сентября 1798 г.) და თავად ციციშვილის ტყვედ წაყვანა მოახერხა, რომლისთვისაც სამი ათას მანეთს გამოსასყიდს მოითხოვდა.

გიორგი თხოულობდა ისევ დაგვეცვა იგი ამ შემოჭრებისგან, და თუ ის თავად მიიღებდა ზომებს ახალციხის ფაშის თვითნებობათაგან თავისი ხალხის დასაცავად, მაშინ იგი ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ “ამაში დამნაშავედ არ ჩაგვეთვალა”.

ქვეყნის მთელ ამ მოუწყობლობებს სპარსელთა შემოჭრის შიშიც დაემატა, რომლებიც, ცნობების მიხედვით, თავიანთი ძალების თავმოყრას გოგჩის ტბის მახლობლად აპირებდნენ, რომელიც საქართველოსა და ერევნის ოლქს შორის მდებარეობდა. ამ პუნქტში თავმოყრა მხოლოდ საქართველოში შემოჭრის სურვილით შეიძლებოდა ყოფილიყო ახსნილი. დავით ბატონიშვილი თავად ჭავჭავაძისგან “რაიმენაირ ყველაზე უფრო სასარგებლო რჩევას (მოითხოვდა) და ეკითხებოდა მას, როგორ მოქცეულიყვნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ის ხვედრი, რომელიც მათ აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისგან განიცადეს”. “დამიჯერე, – წერდა ბატონიშვილი (Кн. Чавчавадзе отъ 3-го февраля 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ), – რომ თუ სრულიად რუსეთის ჯარები, რომელთაც შეუძლიათ მის განზრახვას წინ აღუდგნენ, მოკლე დროში არ გამოჩნდებიან საქართველოში, მაშინ საეჭვოა, რომ მისი მიზანი წარმატებით არ დაგვირგვინდეს”. 

სწორედ ამ მიზეზებმა აიძულეს კიდეც გიორგი, რათა თავადი ჭავჭავაძე მასზე დაკისრებული დავალების უსწრაფესად აღსრულებისთვის წაეხალისებინა. საქართველოს ელჩი უფლებამოსილი იყო ეთხოვა კიდევ იმის შესახებ, რათა რუსულ ჯარებთან ერთად, რომლებიც საქართველოში იქნებოდა გაგზავნილი, არ გაეგზავნათ ქართველები, რომლებიც ჩვენს სამსახურში იმყოფებოდნენ და “უფრო მეტად კი პოლკოვნიკი თავადი დიმიტრი ორბელიანი, რომელიც თუ აქაურ კორპუსთან ერთად იქ იქნება გაგზავნილი, არ შეიძლება ჩემი მეფის, ჩემი ხელმწიფისთვის, სასიამოვნო იყოს”.

თავადი გარსევან ჭავჭავაძე ითხოვდა მიეცათ მეფისთვის უფლება, საჭიროების შემთხვევაში, მეზობელ მფლობელთა თარეშების მოსაგერიებლად რუსული ჯარები გაეგზავნა და ამით ისინი მორჩილებაში ჰყოლოდა. საქართველოს ელჩი პირდებოდა და “ფიცით არწმუნებდა, რომ მეფე, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ამ რუსული ჯარების გამოყენებისთვის არასდროს არ გათავხედდება (не дерзнетъ), არამედ მხოლოდ სურს მათი ყოლა თავის ჯარში მოწინააღმდეგეთა დასაშინებლად და რათა ექოდ გაისმოდეს, რომ საქართველოში მყოფ რუსულ კორპუსს ნაბრძანები აქვს ქართულ (კორპუსთან) ერთად მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებდეს”.

 თავადი ჭავჭავაძე ითხოვდა დავით ბატონიშვილისთვის წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ეწყალობებინათ, იმ მაგალითის მიხედვით, რომ თავად გიორგისაც ეწყალობა ეს ორდენი, როცა ის ტახტის მემკვიდრე გახლდათ; მომდევნო ვაჟის, იოანესთვის კი, წმ. ანას ორდენი ეწყალობებინათ; მისი მეუღლე, მარიამ დედოფალი, წმ. ეკატერინეს ორდენით დაეჯილდოვებინათ და, ბოლოს, წმ. ნინოს ჯვარი საქართველოში დაებრუნებინათ (Переводъ ноты грузинскаго посла отъ 16-го декабря 1798 года).

საქართველოს მეფისა და მისი სრულუფლებიანი ელჩის თხოვნებზე საპასუხოდ, გენერალ-მაიორ თავად ურაკოვს, რომელიც, სამსახურიდან გარიცხული გენერალ-ლეიტენანტ კისელიოვის ნაცვლად კავკასიის ხაზს სარდლობდა, ებრძანა ლაზარევის ეგერთა პოლკი საქართველოში წასასვლელად მოემზადებინა (Рескриптъ кн. Уракову 23-го фквраля 1799 года). პოლკთან ერთად გაგზავნილი უნდა ყოფილიყო არტილერიაც, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლეს იმპერატრიცა ეკატერინე II-მ უწყალობა.

ჩვენი მთავრობის მიერ ერეკლესთან 1783 წელს დადებული ხელშეკრულებით, დადგენილი იყო საქართველოს მეფის კარზე სრულუფლებიანი მინისტრი ან რეზიდენტი გვყოლოდა. 1799 წლამდე ეს პირობა არ სრულდებოდა. ხოლო როცა საქართველოსთან ხშირი ურთიერთობები წარმოიქმნა, და მისი მეფე, როგორც რუსეთის დახმარებას, ისე დადებული ხელშეკრულების დაცვასაც დაბეჯითებით მოითხოვდა, მაშინ, ურთიერთობათა მოხერხებულობისთვის, პეტერბურგის კაბინეტმა გადაწყვიტა საქართველოს მეფის კარზე თავისი სრულუფლებიანი მინისტრი დაენიშნა.

სახელმწიფო მრჩეველი (Статскiй советникъ) კოვალენსკი ჩვენი კარისგან მინისტრის სახით საქართველოში მუდმივად ყოფნისთვის იქნა დანიშნული. უფრო მეტი პატივისთვის, იმპერატორმა ბრძანა კოვალენსკისთვის სამი რიგითისა და ერთი ოფიცრისგან შემდგარი ყარაული დაენიშნათ (Рескриптъ Императора Кноррингу отъ 8-го августа 1799 г., № 960). კოვალენსკისთან ერთად გაგზავნილ იქნა ორდენები მეფის ოჯახისთვის და სამეფო ღირსების ინვესტიტურის ნიშნები.

“ვღებულობთ რა მადლიერებით – წერდა იმპერატორი პავლე გიორგის თხოვნებზე პასუხად (Утвердительная грамрта царю Георгiю отъ 18-го апреля 1799 г. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника) – თქვენს თხოვნას, ტრაქტატის მესამე მუხლის საფუძველზე, გამტკიცებთ თქვენ ახლა ამ სამეფოს მონაცვალედ (преемникомъ онаго царства), ხოლო თქვენს ძეს დავითს კი თქვენს შემდეგ მომავალ მემკვიდრედ”.

რადგანაც გვირგვინი, რომელსაც საქართველოს ტახტის ყველა მონაცვალე თავზე იდგამდა, აღა-მაჰმად-ხანის ტფილისში შემოსევის დროს იქნა გატაცებული, ამიტომ იმპერატორმა პავლემ კოვალენსკის ხელით ახალი გვირგვინი და ინვესტიტურის სხვა ნიშნები: დროშა, ხმალი, სამბრძანებლო კვერთხი, ტახტი და “ყარყუმის” მანტია გაუგზავნა. 

რუსეთის იმპერატორი სთხოვდა გიორგის, ყველა ნიშნის მიღების შემდეგ, რუსეთის იმპერიისადმი “ერთგულებასა და გულმოდგინებაზე” და რუსეთის იმპერატორების უმაღლესი ძალაუფლებისა და მფარველობის აღიარებაზე დაეფიცა. ხოლო რაც წმ. ნინოს ჯვრის საქართველოში დაბრუნებას შეეხებოდა, პავლემ შესთავაზა (предоставилъ) ბაქარ ბატონიშვილის მეუღლის შვილიშვილისთვის, თავად გიორგი გრუზინსკისთვის მიემართა, რომელთანაც ეს ჯვარი იმყოფებოდა*.

(*“მთელი ქართველი ხალხის სახელით, გავბედავ ამ ჩემი თხოვნით შევაწუხო თქვენი უგანათლებულესობა, წერდა თავადი ჭავჭავაძე კანცლერს. – საქართველოდან ჩემი გამომგზავრების დროს, ყველა იქაურმა მცხოვრებმა დამავალა ყოვლადუმდაბლესად გთხოვოთ მათთვის მოწყალე შუამდგომლობის შესახებ რათა ისინი შემდეგ სათხოვარში მარტო არ დატოვოთ: ქრისტეს შობიდან 312 წელს, მეფის მირიან-ხოსროს დროს, წმ. ნინომ მოიტანა ჩვენი მაცხოვრის ჯვარი, რომლითაც კიდეც მთელი ჩვენი ოლქი კერპთთაყვანისმცემლობიდან მართლმადიდებლობაში მოაქცია. 

ეს ჯვარი, საქართველოს ნეტარხსენებული მეფის ვახტანგის საქართველოდან რუსეთში გადმოსვლის დროს, ქართველი მღვდელმთავრის რომანოზის მიერ საქართველოდან აქ საიდუმლოდ იქნა ჩამოტანილი და მიეცა მის დას, ანა გიორგის ასულს, ბაქარ ბატონიშვილის მეუღლეს, და დღემდე მის სახლში იმყოფება, ხსენებული თავადის ქალის შვილიშვილთან, თავად გიორგი გრუზინსკისთან. რისი გულისთვისაც ყველა იქაური მცხოვრები ყოვლადუმდაბლესად ითხოვს მაცხოვრის ამ ჯვრის ქართველი ხალხისთვის დაბრუნების შესახებ, როგორც სიწმინდისა, რომელიც მას ფარველობს და რომელიც მთელი სამართლიანობით მას სამუდამო მემკვიდრეობად უნდა...” 

კანცლერმა შესთავაზა ბატონიშვილს ეს ჯვარი დაებრუნებინა; მაგრამ ბაქარმა უპასუხა, რომ, აქვს რა უდაო უფლება, წინაპართაგან მიღებული, მისი მიცემა არ შეუძლია. /См. ноту кн. Чавчавадзе отъ 8-го декабря 1798 г. Письмо Лопухина Кочубею 5-го апреля 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ/.) 

მიიღო რა ასეთი პასუხი, თავადი ჭავჭავაძე ნებართვას ითხოვდა თავად გამგზავრებულიყო საქართველოში, რათა რუსეთის ერთგულებაზე ფიცს დასწრებოდა, რომელიც მეფემ “საზეიმოდ უნდა დადოს, როგორც იშვიათ საქმეებზე და რომლებიც საუკუნოდ აღესრულება, და რათა იმ დროს, რადგანაც მე უკვე რამდენიმე წელია უზენაეს კარზე ვიმყოფები, წესების დაცვაში რაიმე საჭირო გამოტოვებლ არ იქნას” (Нота Чавчавадзе министерству 15-го февраля 1799 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

ტფილისში მოსვლის შემდეგ, კოვალენსკი, ცერემონიისა და კრედიტიული სიგელის ჩაბარების შემდეგ, მეფის ყველა შვილსა და ნათესავს უნდა სწვეოდა, წინასწარ გაუგზავნიდა რა მათ დრაგომანს (Инструкцiя Коваленскому 16-го апреля 1799 г. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 93).

მას მოვალეობად ეკისრებოდა თვალ-ყური ედევნებინა დარეჯან დედოფლის, გარდაცვლილი ერეკლე მეფის ქვრივისთვის, რომელიც, ცნობების მიხედვით, ადვილად შეიძლებოდა შესულიყო “რამენაირ ჭორებში, რაც იმ მხარისთვის ამდენადაა ჩვეული”, რომლებიც ჩვენი მთავრობის შეხედულებათა და მიზნების საწინააღმდეგო იქნებოდა. თანაც ყოველ შემთხვევაში კოვალენსკის ებრძანა მისთვის და მისი შვილებისთვის “მთელი ის პატივისცემა და ალერსიანობა (გამოეხატა), რომელსაც მისი სახელგანთქმულობა და თავად მეფესთან ნათესაობაც მისგან (მინისტრისგან) მოითხოვს” (Ответная нота министерства Коваленскому 31-го мая 1799 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

იქაურ მფლობელთა ცვალებადობისა და არცთუ იშვიათად მათი ორპირი საქციელის გამო, კოვალენსკის თავად მეფე გიორგის ქცევისთვისაც თვალყური უნდა ედევნებინა. ოტომანის პორტასგან, ან მეზობელი სპარსელი ხანებისა და სხვა ლეკი მფლობელებისგან რაიმენაირი წინადადებებითა და შეგონებებით დესპანების გამოგზავნის შემთხვევაში, კოვალენსკის უნდა ეცადა იმისთვის მიეღწია, რათა მეფეს მასთან თათბირი ჰქონოდა, როგორც თავისი პასუხების მიმართებაში, ისე შემდგომი ქცევისაც.

ჩვენს მინისტრს უნდა ეზრუნა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის გავრცელებისა და ქართველო ხალხის განათლებისთვის, აგრეთვე ქვეყნის მმართველობაში სისასტიკის, გარყვნილებისა და უუფროსობის მოსპობისთვისაც, რაც სპარსელ და სხვა აზიელ მფლობელებს შორის არსებობდა. საქართველოში გაგზავნილი ეგერთა პოლკის ჩვენი ოფცრების დახმარებით, ეცადა რეგულარული ქართული ჯარი მოეწყო, რომელსაც შეეძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში, “სპარსელთა აულაგმავ და მრავალრიცხოვან ბრბოებს” წინ აღდგომოდა, და მხედველობიდან არც ჩვენი ჯარებისა და ქვეშევრდომთა კეთილდღეობა გამორჩენოდა, რომლებიც, სხვადასხვა შემთხვევის გამო, საქართველოში იმყოფებოდნენ.

წარგზავნილისა და მთელი მისი მისიის საკუთარი ქცევა ქართველი ხალხის ნდობისა და სიყვარულის შეძენისა და რუსეთის იმპერატორის მის მიმართ კეთილგანწყობის დამტკიცებისკენ უნდა ყოფილიყო მიდრეკილი.

(На обязанность его возложено было наблюдать за поступками царицы Дарьи, супруги умершаго царя Ираклiя, которая, по сведенiямъ, легко могла вступить «въ какiя-либо сплетни, столь въ техъ краяхъ свойственныя», но противныя видамъ нашего правительства. Во всякомъ же случае Коваленскому было приказано оказывать ей и детямъ ея «всю ту учтивость и ласковость, какихъ знаменитость ея и самое родство съ царёмъ отъ него /министра/ требуютъ».

По превратности тамошнихъ владельцевъ и нередко по двуличному ихъ поведенiю, Коваленскiй долженъ былъ следить за поступками самого царя Георгiя. Въ случае присылки къ Георгiю посланныхъ отъ Порты Оттоманской или отъ соседственныхъ персидскихъ хановъ и другихъ лезгинскихъ владельцевъ съ какими бы то ни было предложенiями и внушенiями, Коваленскiй долженъ былъ стараться достигнуть того, чтобы царь советовался съ нимъ, какъ относительно своихъ ответовъ, такъ и принимаемаго поведенiя.

Министръ нашъ долженъ былъ заботиться о распространенiи православной нашей церкви, о просвещенiи грузинскаго народа и объ уничтоженiи въ правленiи страны лютости, разврата и безначалiя, существовавшихъ между персидмкими и другими азiятскими владетелями. При содействiи нашихъ офицеровъ отправляемаго въ Грузiю егерскаго полка, стараться завести регулярное грузинское войско, могущее противостоять, въ случае нужды, «необузданнымъ и многочисленнымъ толпамъ персидскимъ», и не упускать изъ вида благосостоянiя нашихъ войскъ и подданныхъ, находившихся, по разнымъ случаямъ, въ Грузiи.

Собственное поведенiе посланнаго и всей его миссiи должно было клониться къ прiобретенiю доверенности и любви грузинскаго народа и къ доказательству расположенiя къ нему русскаго Императора.)

მიიღო რა ინსტრუქცია და კრედიტიული სიგელი (Кредитивная грамота царю карталинскому и кахетинскому 26-го апреля 1799 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ), კოვალენსკიმ, საქართველოში ჩასატანად, მიიღო სამეფო ინვესტიტურის ნიშნები, წმ. ანდრია მოციქულის ორდენი (Рескриптъ царю Георгiю 19-го мая 1799 г. Тамъ же), წმ. ეკატერინეს ორდენი, რომელიც მარიამ დედოფლისთვის იყო განკუთვნილი (Рескриптъ царице Марiи отъ 7-го апреля 1799 г. Тамъ же), და წმ. ანას ორდენი – დავით ბატონიშვილისთვის (Рескриптъ царевичу Давиду отъ того же числа), და სხვა საჩუქრები*. 

(*კოვალენსკისთან ერთად გაგზავნილ იქნა: 

სამეფო ქვირგვინი, ოქროსი, თვლებით იშვიათად მოოჭვილი (осыпанная каменями изредка). 

სკიპტრა, ასევე იშვიათად მოოჭვილი. 

ხმალი, ოქროთი მოჭედილი, მდიდრულად მოოჭვილი. 

სამეფო პორფირა, ჟოლოსფერი ხავერდისა, ყარყუმის ბეწვით გაწყობილი, съ хвостиками; მასზე ამოქარგული რუსეთისა და საქართველოს გერბებით. 

თეთრი შტანდარტი ორთავიანი არწივით, რომლის შიგნითაც საქართველოს გერბია. (წერია რუსეთის გერბი, მაგრამ ალბათ ბეჭდვის შეცდომა უნდა იყოს, ვინაიდან ორთავიანი არწივი თავად რუსეთის იმპერიის გერბი გახლდათ – ი. ხ.) 

ჟოლოსფერი ხავერდის ტახტი არშიით, ფართო ოქროქსოვილი ბუზმენტით შემოვლებული, ოქროქსოვილივე დიდი ფოჩებით და ასეთივე სამი ბალიშით. ტახტის შიგნით საქართველოს გერბია, ხოლო მახლობლად და გვერდებზე კი რუსეთის გერბები. 

ტახტთან ერთად ორი პატარა მაგიდაც, ასეთივე ხავერდით დაფარული, ასეთივე ბუზმენტითა და ფოჩებით. 

მაგიდებისთვის თითო-თითო ბალიში, რომლებზედაც იდება რეგალიები: ე. ი. ერთზე გვირგვინი და სამეფო კვერთხი (სკიპტრა), ხოლო მეორეზე კი უზენაესი სიგელი და ხმალი. 

ალმასებით შემკული სამი ორდენი, რომელთაგან წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის (ორდენი) მის უმაღლესობას მეფეს გიორგი ერეკლეს ძეს; წმ. დიდმოწამის ეკატერინესი მის უმაღლესობას დედოფალს მარიამ გიორგის ასულს; წმ. ანასი 1-ლი კლასისა მემკვიდრეს დავით ბატონიშვილს. 

ამაზე ზევით, ყოვლადუმოწყალესად ბოძებული ნივთები: 

მის უმაღლესობას დედოფალს მარიამ გიორგის ასულს ოქროს თაიგული ბრილიანტებით და რუსული მდიდრული კაბა, ფართოდ გაწყობილი ყარყუმის ბეწვით, съ хвостиками. 

მათ უმაღლესობათა შვიდ ვაჟიშვილს თითო-თითი მდიდრული ბეჭედი, მერვეს კი ოქროს საათი მარგალიტით (აქ შესაძლოა ერეკლეს ძენიც, გიორგი მეფის ნახევარძმებიც იგულისხმებოდნენ – ი. ხ.). 

ორ ქალიშვილს: გაიანეს – ოქროს საათი ბრილიანტებით და ოქროს ძეწკვი, ხოლო თამარს კი – ბრილიანტის ბეჭედი. 

მისი უმაღლესობის სულიერ მოძღვარს, არქიმანდრიტ ექვთიმეს – ოქროს ჯვარი აკვამარინებით, ბრილიანტებითა და ოქროსავე პატარა ჯაჭვით. მეფის სიძეს, თავად ბაგრატიონს – ოქროს სათუთუნე ფერწერიანი მინანქრით დაფარული და ბრილიანტით შემკული (თავადი იოანე მუხრანბატონი არა გიორგის, არამედ ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის ქალიშვილის ქმარი და დარეჯანის პარტიის გავლენიანი წევრი გახლდათ – ი. ხ.). მეფის სიმამრს თავად ციციშვილს – ძოწის დიდი ბეჭედი, ბრილიანტებით მოოჭვილი. /См. реестръ вещамъ, отправленнымъ царю. Моск. Арх. Мин. Ин. Делъ/) 

საქართველოში ჩვენი ჯარების გაგზავნასთან ერთად, წამოიჭრა საკითხი იმის შესახებაც, თუ ისინი მეფისადმი როგორ დამოკიდებულებაში და მასთან როგორ ურთიერთობებში უნდა იყვნენ? შეუძლია თუ არა გიორგის იყენებდეს მათ თავისი სურვილისა და საჭიროებათა მიხედვით, თუ ის წინასწარ კოვალენსკის უნდა ეთათბირებოდეს? თუ გიორგის ნება მიეცემა ჩვენი ჯარების თავისი შეხედულების და მიხედვით გამოყენებაზე, რამდენად შორს ვრცელდება ეს ნებართვა? და, ბოლოს, რა გააკეთონ ჩვენმა ჯარებმა საქართველოში სპარსელთა შემოჭრის შემთხვევაში?

“ამაზე სამინისტრო იტყობინება, რომ ჯარი საქართველოში იგზავნება ერთადერთი იმის საჩვენებლად, რომ მეფე რუსეთის იმპერიის უზენაესი მფარველობის ქვეშ შედგება; რომ მისი რიცხვი თავისთავად, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, რათა საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში სპარსელებს წინ აღუდგეს, მაგრამ როცა ქართველები თავიანთ მხრივაც მიმართავენ ძალისხმევას, მაშინ საკმარისიც შეიძლება იყოს. საქართველოზე მოსალოდნელ ხელმეორე შემოსევასთან დაკავშირებით კი, მინისტრი, გარემოებების და მიხედვით, ვალდებულია მოახსენოს ამის შესახებ მის უდიდებულესობას ხელმწიფე იმპერატორს, ვისი ნებართვის გარეშეც ჯარი საქართველოს საზღვრებს გარეთ სულაც არ უნდა გადიოდეს” (Ответная нота министерства Коваленскому 31-го мая 1799 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა