Wednesday, July 24, 2024

გრაფი პასკევიჩი რუსული ჯარების მიერ ახალციხის აღების შესახებ




გრაფ პასკევიჩის ყოვლადუქვეშევრდომილესი რაპორტი, 1818 წლის 17 აგვისტოს. – ახალციხე. 

ახალციხის ნახანძრალიდან, იერიშის შემდეგ, რომელიც 13 საათს გრძელდებოდა, მაქვს ბედნიერება მივულოცო თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას ამ ქალაქის დამორჩილება, რომელიც ცნობილია მთელს აზიაში. 10 ათასამდე შეიარაღებული მცხოვრები და 4 ათასამდე მოსული ჯარები შეადგენდნენ გარნიზონს და თავსაც სასოწარკვეთილი სიმამაცით იცავდნენ, რომლის დაძლევაც მხოლოდ რუსების ურყევ ვაჟკაცობას შეუძლია. თითოეული სახლი იერიშით უნდა აგვეღო; თითოეულ შესახვევში ყველაზე უფრო შეუპოვარი წინააღმდეგობა გვიპირისპირდებოდა. ქალაქის შეტევით აღების შემდეგ, ციტადელი კაპიტულაციით დაგვნებდა, რაზედაც მე დავეთანხმე, რათა შემეწყვიტა სისხლისღვრა და გავამერჩინა თუნდაც ქალაქის ნაწილი, რომელიც ხანძრით ნადგურდებოდა. მოწინააღმდეგის ზარალი განსაკუთრებით დიდია, მაგრამ ჩვენი დანაკარგიც მნიშვნელოვანია. ყველასათვის სამწუხაროდ, მოკლულია უჩინებულესი სიმამაცისა და კეთილშობილური ხასიათის პოლკ. ბოროდინი; მის გარდა მოკლულია 9 ოფიცერი, დაჭრილია 32; აღებულია 5 თუღა ორი ფაშისაგან, 66 ზარბაზანი და 52 დროშა. თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარები და განსაკუთრებით კი შირვანის ქვეითი პოლკი, რომელიც ჩამონგრეული კედლის გავლით პირველი შევიდა ქალაქში გასროლის გარეშე და ხალხის მესამედი ნაწილიც დაკარგა მოკლულებითა და დაჭრილებით, ჭერშმარიტად გმირულად იბრძოდნენ და დაამტკიცეს, რომ მათთვის არ არის არაფერი შეუძლებელი. შირვანის პოლკი გაძლიერებული იყო პიონერთა (მესანგრეთა – ი. ხ.) ბატალიონით, რომელმაც თოფის გასროლის ნახევარზე არაჩვეულებრივი უშიშრობით ქალაქში მოაწყო სიმაგრე; ასევე კაზაკთა ორი ცხენოსანი სახაზო ქვემეხითა და ერთი სამთო ცალრქით (единорог /ქვემეხის სახეობა გახლდათ – ი. ხ./), ხოლო შემდგომში კი ერივანისა და 42-ე ეგერთა პოლკების ბატალიონებით იქნა მეტად იღბლიანად მხარდაჭერილი, დაკარგეს რა ძალზედ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ოფიცრები. 

დაწვრილებითი რელაცია (მოხსენება – ი. ხ.) იერიშის შესახებ და სიაც გამორჩეულთა შესახებ ამის შემდეგ მექნება ბედნიერება წარმოვუდგინო თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას; ამ ყოვლადუქვეშევრდომილესი მოხსენებით კი გიგზავნით შირვანის ქვეითი პოლკის პოდპოლკ. იუდინს. ჩემი არჩევანი შეჩერდა მასზე რამდენად იმიტომ, რომ იგი მსახურობს პოლკში, რომელმაც სხვებზე უფრო მეტად შეუწყო ხელი ამ დღის წარმატებებს, იმდენად იმ მიზეზითაც, რომ იგი ჭეშმარიტი უშიშარობითა სამაგალითო ვაჟკაცობით, რომელიც ახალციხის აღებისას გამოიჩინა, იმსახურებს თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლადმოწყალე ყურადღებას (воззрения). 


გრაფ პასკევიჩის ყოვლადუქვეშევრდომილესი რაპორტი 1828 წლის 11 სექტებერს. – ციხესიმაგრე ახალციხე. 

მე მქონდა ბედნიერება მომეხსენებინა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობისათვის, რომ ციხესიმაგრე ახალციხე ხანგრძლივი და შეუპოვარი იერიშის შემდეგ აღებულია გასული თვის 16 რიცხვში რუსეთის ჯარების მიერ. ახლა ყოვლადუქვეშევრდომილესად წარმოგიდგენთ ამ ალყის ყველა დაწვრილებითი ამბის შესახებ. 

9 აგვისტოს ახალციხის კედლებთან თურქული კორპუსის დამარცხების შემდეგ, მე ვუბრძანე შესდგომოდნენ ქალაქის ალყას და დაეწყოთ სამუშაოები, რომლებიც ყოველდღიურად წარმატებით მიდიოდა. ჯერ კიდევ 9 რიცხვში საღამოსკენ პოლკ. ბარონმა ფრიდერიკსმა, რომელიც საალყო სამუშაოების დამფარავ ჯარებს მეთაურობდა, ისარგებლა რა მოწინააღმდეგეზე მოხდენილი გავლენით, დაავალა პოლკ. გრაფ სიმონოვიჩს აეღო ბატარეა, რომელიც მოწინააღმდეგეს ჩვენის მარცხენა ფლანგის წინააღმდეგ ჰქონდა მოწყობილი, ქალაქის გარეთ, რაც იქნა კიდეც მის მიერ მეტად წარმატებით შესრულებული საქართველოს გრენადერთა პოლკით. 11 რიცხვში სიმაღლიდან დაბლა იქნა დაშვებული და მოწინააღმდეგის გარეთა რეტრანშამენტთან 150 საჟენზე, ხოლო ციხესიმაგრესთან კი დაახლოებით 300 საჟენზე ახლოს მიტანილი ბატარეა, მოწყობილი მისი აღმოსავლეთ მხარის წინააღმდეგ, რომელიც შესატევი ხაზის ფლანგზე იყო დამიზნებული და ამასთან ერთად მოწინააღმდეგის ყურადრებასაც თავისკენ იქცევდა. 13 და 14 რიცხვებში ღამით ჩადებულ იქნა ბრეშ-ბატარეები ჩრდილო ბასტიონის წინააღმდეგ, შეტევის მთავარი პუნქტისა პირველი 130, მეორე კი 100 საჟენზე. ამ ბატარეებით როგორც თავად ბასტიონი იქნა დანგრეული, ისე მაღალი სქელი პალისადიც, რომელიც ქალაქის გარეთა გალავანს შეადგენდა, ადგილ-ადგილ ჩამოინგრა. ასეთმა წარმატებამ გადამაწყვეტინა შეტევით ამეღო ქალაქი. 

15 რიცხვში, ნაშუადღევის 4 საათზე, დავნიშნე ამ მნიშვნელოვანი ვაჟკაცობის შესრულება. იერიშის მთავარ წერტილზე, სადაც კედლის ჩამონანგრევი იმყოფებოდა, ვუბრძანე შირვანის ქვეით პოლკს დაუფლებოდა ბასტიონს და შემდეგ დაეკავებინა წინაადგილის (გარეუბნის) მთელი ნაწილი კათოლიკურ ეკლესიამდე, პიონერთა მე-8 ბატალიონს – შემდეგ კვალდაკვალ დაძრულიყო პალისადისაკენ, ჩამოენგრია ის და შემდეგ, შეიტანდა რა ერთ სამთო ცალრქასა და სახაზო ცხენოსან-საარტილერიო ასეულის 4 მსუბუქ ქვემეხს, ჩაედო ლოჟემენტი დაკავებულ გარეუბანში და მოეწყო მასში ბატარეები ალყის გასაგრძელებლად. სხვა ჯარები, რეზერვის გამოკლებით, გავმიზნე ემოქმედათ ქალაქის წინააღმდეგ ცრუ შეტევებით, ყველა ბატარეას კი ვუბრძანე გაეწიათ მთავარი თავდასხმის მფარველობა. 

შირვანის პოლკი პოლკ. ბოროდინის მეთაურობით უჩვეულო სიმამაცითა და ცივსისხლიანობით წავიდა ჩამონანგრევი კედლისაკენ გასროლის გარეშე. მოწინააღმდეგე მას სასტიკი ცეცხლით დახვდა თოფებიდან დანგრეული ბასტიონიდან და პალისადის ნანგრევების უკნიდან, რისგანაც ერთ წამში პოდპორ. ვაჩნაძე და 20 რიგითი დაიხოცნენ. შირვანის პოლკი დაუყოვნებლივ ჩამონანგრევის გავლით შეიჭრა და, დაეუფლა რა ბასტიონს, წაართვა რა 3 ზარბაზანი და რამდენიმე დროშა, ქალაქში შევიდა და წინ გაიწია. მის შემდეგ სანგრის უფროსმა პოლკ. ბურცოვმა მესანგრეთა ასეული ცულებით პალისადისკენ წინ გაიყვანა ჩამონარღვევის სრულიად გაწმენდისათვის მისი მოჩეხვით, პიონერთა ასეულებით კი, გადაატანინა რა თხრილზე ხელებით სამთო ცალრქა და ერთი ქვემეხი, დააყენა ისინი იმ მოედნის მიმართულებაზე, რომელიც ეკლესიის მახლობლად მდებარეობს. ამასთან ერთად ებრძანათ პიონერებს, რომლებსაც თან ჰქონდათ გოდორყორები (туры), დაეყენებინათ ისინი 100 ნაბიჯზე ბასტიონის წინ ლოჟემენტის გასაკეთებლად. ამ დროს ყველაზე უფრო მამაცი თურქული ჯარები, რომლებიც აჭარლების, ლაზებისა და ქალაქის მცხოვრებთაგან შედგებოდნენ, დაახლოებით 4 ათასი ადამიანის რიცხვით, რომლებიც ეკლესიის უკან ხრამში იყვნენ შეგროვებულნი, ფლანგებიდან და ფრონტიდან დახვდნენ საშინელი შემოტევით ჩვენს ჯარებს. პოლკ. ბოროდინმა შირვანის პოლკის პირველი ბატალიონი დაძრა მარჯვნივ, რათა იმ მოწინააღმდეგის ფლანგსა და ზურგში შესულიყო, რომელიც პალისადის მახლობლად და გარეუბნის სახლებში იყო გამაგრებული, მეორე ბატალიონი კი იმ ბრბოებზე წაიყვანა, რომლებიც ეკლესიის მახლობლად შეგროვებულიყვნენ. იმ დროს, როცა უკუქცეული მოწინააღმდეგე ეკლესიის უკან გაიქცა და მთელი მანძილი თავისი გვამებით მოფინა, ტყვიამ სასისკვდილო დარტყმით დაამარცხა ეს უღირსეულესი შტაბ-ოფიცერი, რომელიც ცნობილი გახლდათ თავისი გმირული მამაცობით. თითქმის იმავე დროს იქნენ მოკლული აფშერონის ქვეითი პოლკის მეწინავეთა უფროსი მაიორი რიძევსკი და შირვანის პოლკის პრაპ. ვეჟანოვი; დაიჭრნენ ბატალიონის მეთაური მაიორი ოვეჩკინი, პორ.-ბი კალეუხოვი, რაზნატოვსკი, პოდპორ.-ბი ლაკონტე და სამსონოვი, პრაპ.-ბი სელჲავინი, ბლედჲაევი, სიმონოვი, ამილახვარი, კონონოვი და მასში მივლინებული პრეობრაჟენსკის პოლკის პორ. დიკი. 

ამასობაში ეკლესიის უკან განდევნილი მოწინააღმდეგე გაძლიერდა ყოველი მხრიდან ახალი ბრბოებით, და ბრძოლაც ამ ადგილას ჩვენთვს ზომაზე გადასულად დამღუპველი შეიქნა. თურქები საფრების იქიდან ესროდნენ ჩვენს ჯარებს, რომლებიც პატარა მოედანზე რჩებოდნენ. მოწინააღმდეგის გმირობა და მამაცობა იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთი მათგანი გაშიშვლებული ხანჯლებით მივარდებოდნენ ჩვენებს, შეიარაღებული ქალებიც კი მონაწილეობდნენ ამ ბრძოლაში. შირვანის პოლკის ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა რამდენჯერმე სცადეს ეკლესიას დაუფლებოდნენ და მის ბრტყელ სახურავზეც ადიოდნენ, მაგრამ თვალის დახამხამებაში მათ ხოცავდნენ. ამ დროს პოლკ. ბურცოვმა დანარჩენი სახაზო ქვემეხები პოზიციაზე დააყენა და მათ ორი მიმართულება მისცა: როგორც ეკლესიაზე, ისე მარჯვნივაც პალისადებისაკენ, რომლებთანაც მოწინააღმდეგე შეუპოვრად იყო გამაგრებული. სწრაფმა და ზუსტმა სროლამ ესაულ ზუბკოვის ამ ქვემეხებიდან ბევრად შეუწყო ხელი მოწინააღმდეგის შემოტევათა შეკავებას, ისევე როგორც კეჰორნის მორტირების ბატარეამაც, რომელიც არტილერიის პორ. კრუპენნიკოვის მიერ იყო დაყენებული, და იგი ამ დროს კიდეც სასტიკად დაიჭრა. ლოჟემენტის მოწყობა წინ მიდიოდა. დაიკავეს რა მისით ზედა სახლების ბრტყელი სახურავები და ამით მუქარას უქმნიდნენ რა მოწინააღმდეგის ფლანგს, ხოლო შემდეგ კი გააგრძელეს რა ის პატარა მოედნის გავლით მარჯვნივ პალისადებამდე, მათ სრულებით უზრუნველყვეს ბასტიონის დაუფლება. ეს ასეულების რამდენიმე ჩინებული მეთაურისა და პიონერთა ბატალიონის ოფიცრების დაკარგვად დაგვიჯდა: მოიკლა პორ. შეფლერი; სასტიკად დაიჭრნენ შტ-.კაპ. შმიდტი, პორ. სოლონკა, პოდპორ. ვილდე და პრაპ. პუშჩინი, რომელთაგან ორი უკვე დაიხოცა. დაბალი ჩინები თავიანთ დაღუპულ ამხანაგებს ენაცვლებოდნენ, და დაწყებული სამუშაოც დროის ორ საათში დასრულებულ იქნა. ორ საათს გრძელდებოდა უსასტიკესი სისხლისღვრა, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ 50 საჟენი წინ და 6 საათისათვის, ყველაზე უფრო საშინლი ცეცხლის ქვეშ, გოდორყორეები იქნა დაყენებული და მიწით დაფარული თოფის გასროლის ნახევარ მანძილზე ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოწინააღმდეგისაგან, რომელიც სახლებსა და ლოჟემენტებში იყო ჩამჯდარი. 

ამასობაში, 5 საათზე მებრძოლებს გასაძლერებლად გავუგზავნე ხერსონის გრენადერთა პოლკის ერთი ბატალიონი გენ.-მ. პოპოვის უფროსობით, რომელმაც, გამოჰყო რა ერთი ასეული მარცხნივ პალისადისაკენ, დანარჩენი ჯარებით შირვანის პოლკის მეორე ბატალიონი გააძლიერა, რომელიც ეკლესიის მახლობლად მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებს ვაჟკაცურად ებრძოდა. მაშინ გაკეთდა საერთო განკარგულება, რომ განედევნათ თურქები ეკლესიის უკანა მხრიდან: შირვანის პოლკის მეორე ბატალიონმა, გაძლიერებულმა ხერსონის პოლკის ასეულებით, ხიშტებით მიაყენა დარტყმა პირდაპირ ფრონტში, ხოლო იმავე პოლკის პირველი ბატალიონი კი, პოდპოლკ. იუდინის, აგრეთვე ამ პოლკის მეთაურობისთვის ჩემს მიერ გაგზავნილი პოლკ. კოშკაროვის მეთაურობით გაიგზავნა მარჯვნივ, რათა განედევნა თურქები, რომლებიც გააფთრებით იბრძოდნენ ამ ბატალიონის წინააღმდეგ, და, უკუაქცევდნენ რა მათ, შესულიყვნენ ეკლესიის უკან ჩამსხდარი მოწინააღმდეგის ფლანგში. ეს ორივე მოძრაობა არაჩვეულებრივი სიმამაცით იქნა შესრულებული. მოწინააღმდეგემ მიატოვა ეკლესია და განდევნილ იქნა სასაფლაოდანაც, დაფარა რა მთელი მინდორი თავისი გვამებით. იმავე წუთში, გენ.-მ. ბარონ ოსენ-საკენის განკარგულებით, ამ შეტევის მხარდაჭერისათვის ამ ეკლესიის სახურავზე დაყენებულ იქნა ცალრქა და გაიზარდა კეჰორნის მორტირების რიცხვიც სახლების სახურავებზე; მებრძოლი ჯარების რეზერვის შესადგენად კი ვუბრძანე გენ.-ლ. თავად ვადბოლსკის გაეგზავნა ერთი ექვს-ოცეულიანი ბატალიონი ერივანის კარაბინერთა პოლკისა. ამრიგად ეკლესია, რომელსაც ასე შეუპოვრად იცავდნენ, ჩვენს ხელში დარჩა, და უპირატესობა, ამ წერტილში ჩვენ მიერ შეძენილი, მუდმივი შეიქნა. მაგრამ როგორც კი დავმკვიდრდით ჩვენ ამ პუნქტში, მოწინააღმდეგემ ისევ შემოგვიარა მარჯვენა მხრიდან ღრმა ღარტაფით (лощина) და მოიწევდა ჩვენს ფლანგში შემოსასვლელად, თან არ ამცირებდა თავის გასასტიკებას ჩვენი ფრონტის წინააღმდეგაც. ჩვენი მარცხენა ფლანგი კი რამდენადმე დაფარული იყო ადგილმდებარეობით, – რისთვისაც, რათა შემეკავებინა მოწინააღმდეგის მოსწრაფება მარჯვენა ფლანგისაკენ, ვუბრძანე გენ.-მ. ბარონ ოსტენ-საკენს 42-ე ეგერთა პოლკით პოლკ. რეუტის უფროსობით და არტილერიის ორი ქვემეხით წასულიყო დანგრეული ბასტიონიდან მარჯვენა მხარეს და ეცადა ქალაქში შეჭრილიყო. გააფთრებული თურქები არ უთმობდნენ პალისადებს და სასტიკად აზიანებდნენ მიახლოვებულ კოლონას ზარბაზნებისა და თოფების ცეხლით. მამაცი ეგერები მაიორ პოლიაკოვის დონელთა 4 ქვემეხის დახმარებით დაეუფლნენ მოწინააღმდეგის სათოფურებს გარეთა მხრიდან და მათი მეშვეობით იგერიებდნენ დამცველებს, სანამდე ცულებით გაგზავნილმა 20-მა მესანგრემ პრაპ. კონივნიცინის უფროსობით არ გაჩეხა პალისადები გასასვლელად და მათგან მოაწყვეს თხილზეც გადასასვლელებიც. ამ შემთხვევის დროს პიონერთა ნახევარი ადგილზე დაეცა, და აქვე იქნენ მოკლული 42-ე ეგერთა პოლკის პოდპ. დუბროვსკი და ხორუნჟი ბიჩკოვი, რომელიც სახაზო კაზაკთა ცხენსან-საარტილერიო # 5 ნახევარასეულის ურიადნიკის ნაცვლად იმყოფებოდა; დაიჭრნენ 42-ე ეგერთა პოკლის შტ.-კაპ. გრეკულოვი, პორ. ტაგანოვი, პრაპ.-ბი ვასილიევი, ჰოფშტეტერი, კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის საბატარეო # 1 ასეულის შტაბ კაპ-ბი ტრუბნიკოვი 1-ლი და სანკოვსკი და ბრიგადის ადიუტანტი პოდპორ. ელჲუტინი. შემდეგ, 42-ე ეგერთა პოლკის ბატალიონი არტილერიით, რომელიც გენ.-მ. ჰილლენშმიდტმა შეიყვანა, შევიდა რა ქალაქში, შეუერთდა შირვანელ მეწინავეებს, და ჩვენი უპირატესობაც საგრძნობი შეიქნა. 

ყველაფერ ამასთან ერთად ჯერ კიდევ მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ დაბრკოლებები, რომლებიც შემდგომ წარმატებებს წინ ეღობებოდა. ქალაქი, შემდგარი სახლებისაგან, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ურთიერთ შორის რამდენიმე იარუსად, არ გვაძლევდა შესაძლებლობას შეკრული მწყობრითა და არტილერიით გვემოქმედა; საჭირო იყო თითოეული სახლი აგვეღო შეტევით, რომლებშიც დამცველები სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ ჩამსხარი, და ჩვენი გამარჯვებაც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩებოდა. ეს იყო 7 საათზე, და უკვე შებინდებაც იწყებოდა. საბედნიეროდ, ყუმბარამ ერთ სახლს ცეცხლი წაუკიდა. ვისარგებლე რა ამ შემთხვევით, ვუბრძანე მაშინვე წაეკიდათ ცეცხლი ქალაქისათვის, რაც იქნა კიდეც იღბლიანად შესრულებული თავიდან აქვე მყოფი მსროლელების მიერ, შემდეგ კი ვუბრძანე პოლკ. რაევსკის პოდპოლკ. იუდენიჩის ბატალიონით, ნაწილობრივ ხერსონის პოლკის ბატალიონითა და ნიჟეგოროდის პოლკის დრაგუნებით ცეცხლი წაეკიდათ ყველა ნაგებობისათვის ეკლესიის იქით მისგან მეჩეთისაკენ პირდაპირ მიმართულებაზე, პოლკ. რეუტს კი 42-ე ეგერთა პოლკით ცეცხლი გაეჩაღებინა ფორშტატისათვის მარჯვნივ. ეს მათ მიერ მეტად ქმედითად იქნა აღსრულებული: ხანძარი გავრცელდა სამხრეთ და დასავლეთ გარეუბნებში და ქარის მოქმედებით კიდევ უფრო იზრდებოდა, თუმცა კი თითოეული სახლი ჯერ იერიშით უნდა აგვეღო, რომ შემდეგ მისთვის ცეცხლი მიგვეცა. საბოლოოდ, ხანძარი იქამდე გაძლიერდა, რომ დამცველები აიძულა მისგან უკან დაეხიათ. 

ბრძოლის დროს ჩვენს მთავარ ბატარეაზე, გენ.-მ. მურავიოვისა და პოლკ. ბარონ ფრიდერიქსის უფროსობით რეზერვში ვამყოფებდი ერივანის კარაბინერთა პოლკსა და ხერსონის გრენადერთა პოლკის ორ ასეულს, სანამ, ველოდი რა, თუ როგორ შემობრუნდებოდა საქმე. 

ჩვენს მარცხენა ფლანგზე პირველ შეტევასთან ერთად დონელთა ცხენოსან-საარტილერიო ასეულის ორმა ქვემეხმა, რომლებსაც ასმეთაური შუმკოვი მეთაურობდა, დრაგუნთა ერთი ესკადრონის დაფარვის ქვეშ პოდპოლკ. თავ. ანდრონიკოვის უფროსობით, დაიკავეს სიმაღლე, რომელიც 60 საჟენზე იყო ქალაქიდან, და ზუსტი გასროლებით მაშინვე აიძულეს მათ პირისპირ მდებარე მოწინააღმდეგისეული ბასტიონი ჩაჩუმებულიყო, შემდეგ თავს არ ანებებდნენ ქართულ გრენადერთა პოლკთან და 41-ე ეგერთა პოლკის ბატალიონთან ერთობლივად, რომელიც გრაფ სიმონოვიჩის უფროსობის ქვეშ იმყოფებოდა, მდინარის მხრიდან შეეწუხებნათ მოწინააღმდეგის შეწუხებასა და მისი ყურადღების ყალბი შეტევებით გადატანას, რათა მას შეტევების ქვეშ მყოფი ბასტიონებისათვის დახმარება ვერ მიეცა. ამასობაში ჩვენი მარჯვენა ფლანგის დაბოლოებაზე 42-ე ეგერთა პოლკის ორი ასეული პოდპოლკ. ნაზვიკის უფროსობით, შეიჭრა რა ქალაქში, დაეუფლა მარჯვენა ბასტიონს, რომელიც შეუპოვრად იცავდა თავს და 4 ზარბაზანიც აიღო. 

ღამის დადგომისას ვუბრძანე გენ.-მ. ბარონ ოსტენ-საკენს 42-ე გერთა პოლკის 3 ასეულით, გაივლიდა რა დასავლეთის გარეუბანს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ცეცხლით მოცული, დაუფლებოდა ცალკეულ კოშკს ქაია დაღს, რომელიც მთელ ქალაქზე ბატონობდა და რომელშიც მოწინააღმდეგე იყო გამაგრებული რამდენიმე ზარბაზნით. გენ.-მ. ბარონ ოსტენ-საკენმა წინ გაგზავნა შტ.-კაპ. ყორღანოვი 40 ეგერით, რომელმაც განდევნა მოწინააღმდეგის მსროლელები და, აღნიშნული ასეულებით მხარდაჭერილი, შეიჭრა კოშკში, რომლის დამველებიც შეუპოვრად იცავდნენ მას, ამ შემთხვევაში აღებულია 5 ქვემეხი. კოშკის აღების შემდეგ დაუყოვნებლივ ებრძანა მე-8 პიონერული ბატალიონის პრაპ. ბოგდანოვიჩს, მიჰყვებოდა რა ამ რაზმს გოდორყორეებით, მოეწყო ბატარეა ქალაქის პირისპირ, რომლიც იქნა კიდეც შეიარაღებული ორი დონელთა და ორი თურქული ქვემეხით. ასეთი შეერთებული მოქმედებებით ჩვენი წარმატებები კათოლიკიური ეკლესიის მახლობლად, რომელიც ქალაქის უმაღლეს ადგილზე მდებარეობს, იქნა, საბოლოოდ, შენარჩუნებული, და მოწინააღმდეგეც ყველგან გამოდევნილია დიდი ზარალით. 

დამდგარმა ღამემ ყველაზე უფრო საშინელი სანახაობა წარმოგვიდგინა: ცეცხლის ალები შთანთქავდნენ ქალაქის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებს; სასოწარკვეთილი მოწინააღმდეგე აქა-იქ აწარმოებდა სროლებს, გადადიოდა რა ციტადელისაკენ, ადგილ-ადგილ კი სახლებში იკეტებოდა და ცეცხლში იღუპებოდა; ყუმბარები კეჰორნის მორტირებიდან და კონგრევის (конгревовы) რაკეტები კიდევ უფრო ამძიმებდნენ საშინელებას, რომელიც ახალციხის დამცველებს ატყდებოდათ თავზე. მცხოვრებნი დიდი რიცხვით, უპირატესად ქალები, გადიოდნენ ქალაქიდან და ბანაკის მხარეს მიდოდნენ, გარნიზონის ნაწილმა გაქცევას მისცა თავი; სასანგრე სამუშაოები სწრაფად წინ მიიწევდა, მოიცავდა რა კათოლიკურ ეკლესიას, და ციხესიმაგრის შემდგომი დაზიანებისთვის ახალი ბატარეებიც ეწყობოდა. მაგრამ მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ მედგრობდა აღმოსავლეთ გაეუბნის ნაწილში, რომელიც არ შეიძლებოდა ცეცხლისათვს მიგვეცა, რათა შემდეგ ხანძარი ჩვენს სანგრებზე არ გადმოსულიყო. შევნიშნე რა, რომ მოწინააღმდეგის შეუპოვრობა ამ მხრიდანაც სუსტდება, ვუბრძანე გენ.-მ. ბარონ ოსტენ-საკენს დაეკავებინა ამ გარეუბნის ბასტიონი, რაც აღსრულდა კიდეც ერივანის კარაბინერთა პოლკის ასეულით დანაკარგების გარეშე ჩვენი მხრიდან. ამ შემთხვევაში აღებულია 2 არბაზანი და 8 დროშა. მოწინააღმდეგის მიერ მიტოვებული ორი ქვემო აღმოსავლეთ ბასტიონი და გარეუბანი კი გათენების წინ დაიკავა პოლკ. გრაფ სიმონოვიჩმა საქართველოს გრენადერთა პოლკითა და 41-ე ეგერთა პოლკის ბატალიონით. მათზე ნაპოვნია 6 ქვემეხი, მათ რიცხვში ორი რუსული ცალრქა, თურქების მიერ წართმეული ახალციხის ალყის დროს 1810 წელს. 

გარნიზონის შეუპოვარმა დაცვამ, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ყველაზე უფრო თავგანწირულ წინააღმდეგობას გვიპირისპირებდა, და ჩვენს მიერ განცდილმა მნიშვნელოვანმა ზარალმა, გაასასტიკა ჩვენი ჯარისკაცები და ამიტომ მათი შეკავება შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით ღამის დადგომის შემდეგ, მაგრამ ქალების ღირსება ხელშეუხებელი დარჩა, რაზეც თავად მცხოვრებნიც სამართლიანად მოგვაგებენ. გათენებისთვის გარნიზონის ნარჩენმა სრულებით დასცალა ქალაქი და, ჩაიკეტა რა ციტადელში, მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ თხოვნა გამომიგზავნა. 

ვღებულობდი რა მხედველობაში მცირერიცხოვნებას ჯარებისა, რომლებიც ჩემთან იარაღის ქვეშ რჩებიან, ვიცოდი რა, რომ ციტადელში იქ შეკრებილი გარნიზონის დაახლობით 4 ათასი ადამიანია ჩაკეტილი, და მენანებოდა რა რუსი მეომრების სისხლი, რომლითაც უხვად იყო მორწყული ორ უკანასკნელ ბრძოლაში და შეტევის დროს ველები და ახალციხის კედლები, მე ჩემს მიერ გაგზავნილი ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ვლაჲაგალის მეშვეობით დავეთანხმე ფაშების მიერ ჩემთვის შემოთავაზებულ პირობებზე დაეტოვებინათ ციხესიმაგრე და მათთან მყოფი ჯარებით თურქეთის ფარგლებში გასულიყვნენ, გადმოგვცემდნენ რა ნადავლად (в добычу) მთელ ტროფეებსა (трофеи) და მთელ სახაზინო ქონებას. მათი მხრიდან ჯერ კიდევ რაღაც შეუპოვრობის შემდეგ, ჯარების უფროსი სამთუღიანი ქოსა-მეჰმედ-ფაშა და საფაშოს უფროსი ორთუღიანი აჰმედ-ფაშა ჯარებით გავიდნენ ციხესიმაგრიდან, ხოლო საქართველოს გრენადერთა პოლკმა კი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დროშა ციტადელზე აღმართა, რომელზედაც 250 წლის განმავლობაში არ აფრიალებულა უცხოური დროშები თურქების მიერ ამ ქვეყნის დაუფლების დროიდან. 67 ზარბაზანი, 6 რიცხვში აღებულის გარდა, 52 დროშა და 5 თუღა ორი ფაშისაგან შეადგენენ ნადავლს (трофеи). ჩვენი დანაკარგი ამ ღირსსახსოვარ დღეს შეადგენს მოკლულებით 2 შტაბ-ოფიცერს, 8 ობერ-ოფიცერს, 118 დაბალ ჩინს, დაჭრილებით 1 შტაბ-ოფიცერსა და 439 დაბალ ჩინს. მოწინააღმდეგის დანაკარგი განსაკუთრებულია: 400 არტილერისტიდან მხოლოდ 50 ადამიანი დარჩა ცოცხალი; იანიჩართა ერთი რაზმი, 100 ადამიანასაგან შემდგარი, მთლიანად ადგილზე დაწვა; 1,800 ლაზიდან 1,300 მოკლულია; მაცხოვრებლებმა 3 ათასზე მეტი ადამიანი დაჰკარგეს. 

ვუბრუნდები რა საომარი შემთხვევების უკანასკნელ 10 დღეს, რომლის განმავლობაშიც აგვისტოს 5 რიცხვში მოგერიებულია სამ-თუღიანი ქოსა-მეჰმედ-ფაშას შეერთებული ჯარები, შემდგარი 25 ათასი ადამიანისა და 15-ათასიანი გარნიზონისაგან, და დაკავებულია ჩვენს მიერ ბანაკი ციხესიმაგრის მახლობლად; 9 რიცხვში დამარცხებულია იმავე სამ-თუღიანი ქოსა-მეჰმედ-ფაშასა და მუსტაფა-ფაშას დამხმარე კორპუსი, გაძლიერებული მთელი გარნიზონით, და ამის კვალდაკვალ დაწყებულია ციხესიმაგრის მიახლოებული ალყა, რომელიც 15 ათასამდე შეიარაღებულ გარნიზონს შეიცავდა, და დასასრულს აღებულია ქალაქი 15 რიცხვში შეტევით, – არ შემიძლია გავჩუმდე თქვენი იმპერატორობითი უდიდებლესობის წინაშე განსაკუთრებული უშიშარობის შესახებ თქვენი ჯარებისა, რისთვისაც გავთავხედდები რომ მოგართვათ გამორჩეულთა სიები ყოვლადმოწყალე ყურადღებისათვის თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობისა 5 და 9 რიცხვებში; აგვისტოს 15 რიცხვისა კი ამის კვალდაკვალ მექნება ბედნიერება წარმოგიდგინოთ. 

ყოველივეს დასკვნაში ვბედავ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლადუზენაეს ყურადღებას წარვუდგინო ის მდგომარეობა, რომელშიც იერიშის წინ ვიმყოფებოდი. 

9 რიცხვის ბრძოლის დროს მე ფრონტში მყავდა არაუმეტეს 12,792-სა; მათგან ბანაკების დასაცავად უნდა დამეტოვებინა 3,287 და საალყო ბატარეების დასაფარავად კი 2,959 ადამიანი; შესაბამისად, ბრძოლაში შესაძლებელი იყო გამომეყვანა 6,545, მათ რიცხვში ქვეითი ჯარის 4,016 ადამიანი. თურქების ხანგრძლივად ყოფნის გამო დაიწყო ფურაჟში (ცხენების საკვები – ი. ხ.) უკმარისობის გამოვლენა; ის არაუმეტეს 7 დღეზე-ღა რჩებოდა; გარნიზონს კი ჰქონდა 5 კვირის პროვიანტი, არა მაღაზიებში, არამედ მახოვრებლებთან, რომლებიც მათთან ბინაზე მდგარ მეომრებს ჰკვებავდნენ, ზოგიერთნი 50 ადამიანამდეც. ყოველივე ამან მაიძულა იერიშით წასვლა გადამეწყვიტა. კოლონა რომ მოგეროებული ყოფილიყო, მაშინ მე უკვე აღარ შემეძლებოდა სხვა შეტევისათვის მიმემართა. მაგრამ ვიმედოვნებდი ჯარების გმირულ სიმამაცესა და მათ ჩემდამი ნდობას. ამრიგად, ეს ღონისძიება გახლდათ გაბედული, აუცილებელი; რუსები თუ ახალციხიდან უკან დაიხევდნენ, სხვა დროს – ჩემთვის ძნელი იქნებოდა ეს გამებედა. 


ასევე, 1828 წლის 20 აგვისტოს. – ბანაკი ციხესიმაგრე ახალციხესთან. 

ახალციხის აღებიდან მეორე დღეს გავგზავნე გენ.-ლ. თავადი ვადბოლსკი ქვეითი ჯარის 5 ასეულით, 6 მსუბუქი ქვემეხითა და კაზაკთა 2 პოლკით, ციხესიმაგრე აწყურის დასამორჩილებლად, რომელიც ბორჯომის ხეობის დასაწყისში იმყოფება და რომლის გასროლების ქვეშაც მოემართება გზა საქართველოდან. ამ ციხესიმაგრის გარნიზონი 500 ლაზი ადამიანისაგან შედგებოდა; ამაზე ზევით, 1,000-მდე შეიარაღებული მაცხოვრებელი შეიკრიბა, რომლებმაც დანებებაზე პირველი შეთავაზებისას გამოთქვეს განზრახვა თავი დაეცვათ. თავადმა ვადბოლსკიმ მათთან ახალციხის რამდენიმე პატივცემული მცხოვრები გაგზავნა იმის ასახსნელად, თუ როგორი ხვედრი ეწია თავად ახალციხეს და დაერწმუნებინათ დაგვმორჩილებოდნენ; ამასობაში იგი თავად წინ მიდიოდა. ამან სასურველი მოქმედება მოახდინა: აწყურელმა თავკაცებმა გამოგვიცხადეს, რომ ისინი მზად არიან ჩაგვბარდნენ, მაგრამ ითხოვენ მხოლოდ დარწმუნებას მათ პირად უსაფრთხოებასა და მათი ქონების ხელშეუხებლობაზე. თავადმა ვადბოლსკიმ მათი უფრო მეტი დამშვიდებისათვის ზოგიერთი ჩემთან გამოგზავნა და, როცა ეს წარმოგზავნილები უკან დაბრუნდნენ, მიიღეს რა ჩემგან დამცავი ფურცელი, მიუახლოვდა ციხესიმაგრეს, რომლის უფროსებმაც, გამოხატავდნენ რა უკვე მადლიერებას მათდამი გულმოწყალე დამოკიდებულებისათვის, გაუღეს ჩვენს ჯარებს კარები; ხოლო გარნიზონმა, ისარგებლა რა მოლაპარაკებების დროით, მოასწრო ახლომდებარე მთების ხეობებში შემალულიყო. 

ამ ციხესიმაგრეში ნაპოვნია 14 ქვემეხი, 6 დროშა, დაახლობით 300 ფუთი დენთი, საკმარისად ბირთვები და რამდენადმე პროვიანტიც. მისი ციტადელი მაღალ კლდეზეა განლაგებული, აქვს კედლების რამდენიმე იარუსი და მასში შესვლა მხოლოდ ვიწრო ბილიკითაა შესაძლებელი, რომელზეც ტყვიების დაშენა მეტად იოლია. 

რის შესახებაც ყოვლადუქვეშევრდომილესად მოვახესენებ რა თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას, ვბედავ მივაქციო თქვენი იმპერატ. უდიდებ.-ის ყოვლადმოწყალე ყურადღება გენ.-ლ. თავად ვადბოლსკის გულმხურვალე სამსახურზე, არა მარტო ამ შემთხვევაში რომ გამოჩინა, არამედ მთელი კამპანიის განმავლობაშიც. ციტადელისა და ციხესიმაგრის გასაღებები და 6 შეძენილი დროშა ბედნიერება მაქვს წარმოგიდგინოთ ქართული ლაშქრის შტ.-კაპ. თავად მამუკა ორბელიანის მეშვეობით, რომელმაც სიმამაცით გამოიჩინა თავი ახალციხესთან მომხდარ საქმეებში და სარგებლითაც იქნა გამოყენებული მოლაპარაკებების დროს აწყურის მცხოვრებლებთან. გამოგზავნილი დროშებიდან სამი ციხესიმაგრის კედლებზეა აღებული, მაგრამ უკვე დახეულები. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment