მარკ სოლონინის წიგნი „22 ივნისი, ანუ როდის დაიწყო დიდი სამამულო ომი?“ დიდი ხანია იქცა ისტორიულ ბესთსელერად, გადაიტანა რა ათეულობით ხელახლა გამოცემა და გაიყიდა რეკორდული ტირაჟებით. მაგრამ მისი პირველი პუბლიკაციის მომენტიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა, ამ წლების მანძილზე ხელმისაწვდომი შეიქნა ახალი ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში, გამოქვეყნდა ბევრი ახალი დოკუმენტი და გამოკვლევა, რომლებიც მოითხოვენ შესწავლასა და ხელახლა გააზრებას. ამიტომ ავტორი დაუბრუნდა წიგნზე მუშაობას და ფაქტიურად ის ხელახლა გადაწერა. ეს უბრალოდ მეორე გამოცემა არ გახლავთ, გადამუშავებული, გაფართოებული და შესწორებული, – ე ს / ა ხ ა ლ ი / წ ი გ ნ ი ა პოპულარული ისტორიკოსისა.
(მთარგმნელის მცირე შენიშვნა: ქვემოთ შემოთავაზებულია მასალა ინტერნეტიდან: არა წიგნის მთლიანი ტექსტი, არამედ მისი დასაწყისი ნაწილი – გაცნობითი ფრაგმენტი – როგორც ბოლოშია ნათქვამი, 80 კომპიუტერული გვერდი; ბოლოს ნათქვამია, თუ როგორ შეიძლება მთელი წიგნის შესყიდვა. ტექსტში პერიოდულად კვადრატულ ფრჩხილებში [...] მოყვანილია ლიტერატურული წყაროების მაჩვენებლები, და თუმცა კი ლიტერატურის ჩამონათვალი აქ არ ჩანს, მაინც გავაკეთე ეს მაჩვენებლები თვალსაჩინოებისთვის, რომ ავტორი იყენებს შესაბამის ლიტერატურულ წყაროებს – ი. ხ.)
ნ ა წ ი ლ ი I
I ნაწილის შინაარსი
წინასიტყვაობა
როგორ გამოჩნდა ეს წიგნი
რით დავიწყებთ
სენსაციები არ იქნება
ნაწილი 1
ჭანჭყრობი
...ოპერაციის ჩანაფიქრი
მოწმეების გარეშე
მარკ სოლონინი
22 ივნისი. კატასტროფის ანატომია
Когда погребают эпоху,
Надгробный псалом не звучит,
Крапиве, чертополоху
Украсить ее предстоит…
А после она выплывает,
Как труп на весенней реке —
Но матери сын не узнает,
И внук отвернется в тоске…
ანა ახმატოვა „ორმოც წელში“
წინასიტყვაობა
როგორ გამოჩნდა ეს წიგნი
მე მორატორიუმის მომხრე გახლავართ. პატიოსნად რომ ვთქვათ. ასეთი გადაწყვეტილება რომ სახელმწიფო დონეზე ყოფილიყო მიღებული, მე მას ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად დავემორჩილებოდი.
მართლაც, რა უშლიდათ ხელს, რომ მიეღოთ ზოგადი, ყველასათვის აუცილებელი გადაწყვეტილება: აეკრძალათ დიდი სამამულო ომის ისტორიის ყოველგვარი საჯარო განხილვა. ასი წლით.
2045 წლამდე.
არანაირი წიგნები, არანაირი სტატიები. სასკოლო სახელმძღვანელოში – მოკლე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მოქმედებს მორატორიუმი. და მხოლოდ მაშინ, როცა მოგონებები ამ შემდგარი აპოკალიფსისის შესახებ უკვე აღარ იქნება სისხლმდენი ჭრილობა ხალხის გულში, როცა წავლენ უკანასკნელი ვეტერანები, როცა უცნობ ჯარისკაცთა ნეშტები იქცევა, როგორც სიმღერაშია ნათქვამი, „უბრალოდ მიწად და ბალახად“, – აი სწორედ მაშინ განვასაიდუმლოებთ ყ ვ ე ლ ა არქივს ყ ვ ე ლ ა მსურველისათვის რომ მათში იმუშაონ და ვმუშაობთ.
სწორედ ასე გააკეთეს კიდეც – მაგრამ ზუსტად უკუღმა.
ომის ნამდვილი დოკუმენტები გაასაიდუმლოეს და ცხრაკლიტულში ჰქონდათ ჩაკეტილი, როგორც სახელმწიფოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საიდუმლოებანი. თვით გაზეთებიც კი, ომისწინა და ომის დროის ცენტრალური საბჭოთა გაზეთები, ამოღებული იყო ბიბლიოთეკების ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ფონდებიდან. მოლოტოვისა და სტალინის სიტყვები, საბჭოთა კავშირის მიერ 1939 – 1941 წ.წ. დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა ტექსტები, – ეს საიდუმლოებაა. საშინელი საიდუმლოება.
ნამდვილ-სარწმუნო ინფორმაციის გულდასმით ორგანიზებულ ვაკუუმს ნახევარი საუკუნის განმავლობაში ავსებდა სტანდარტული, როგორც მატრჲოშკები, ტექსტები, რომლებში მონდომებითა და ბეჯითად გადაიწერებოდა ერთი და იგივე, დირექტიულად დადგენილი მითები. სამხედრო ისტორია, როგორც ფაქტებისა და დოკუმენტების ნამდვილი მეცნიერება პრაქტიკულად მთლიანად იყო შეცვლილი პროპაგანდისტული შეფიცვებით. საქმე ისეთ კურიოზებამდეც კი მიდიოდა, როგორიცაა ერთი და იგივე ნომენკლატურული ჩინოსნის მიერ მორიგეობით სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და... საბჭოთა არმიის მთავარი პოლიტსამმართველოს სპეცპროპაგანდის სამმართველოს ხელმძღვანელის მოვალეობათა შესრულება.
უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლის „განმარტებაზეც“ პარტიისადმი უსაზღვროდ ერთგული ადამიანების ვიწრო ჯგუფი შრომობდა, იყო საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ იქნა ომის პირველივე კვირებში წითელი არმია გადათელილი, განადგურებული და დიდ წილად ტყვედ ჩავარდნილი? რატომ მოახერხა ვერმახტმა მოსულიყო კარელიის ტბებამდე, ყალმუხეთის ველებამდე, კავკასიონის მთებამდე? რატომ მიგორდა ომის ხანძარი ისეთ ადგილებამდე, სადაც უცხოელი დამპყრობლები XVII საუკუნის “დიდი არეულობის” ხანებიდან არ ენახათ? როგორ მოხდა ის, რომ ომის მთელი მსხვერპლის, მთელი სისხლისა და ოფლის უმეტესი ნაწილი მხოლოდ იმაზე წავიდა, რათა 1944 წლის შემოდგომისათვის დაებრუნებინათ ის, რაც უკანდახევის პირველ რამდენიმე კვირაში იქნა დაკარგული?
წითელი არმიის „დროებით წარუმატებლობათა“ მიზეზები პირველმა აღნიშნა თვითონ ამხანაგმა სტალინმა. „დებისა და ძმებისადმი“ თავის სახელგანთქმულ რადიომიმართვაში 1941 წ. 3 ივლისს, და შემდეგ, უფრო გაშლილი სახით, ოქტომბრის რევოლუციის 24-ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებაში სტალინმა დაასახელა სამი ფაქტორი, რომლებმაც ვითომდა განაპირობეს ვერმახტის წარმატებები:
– გერმანული არმია წინასწარვე იყო მობილიზებული და სსრკ-ის მიჯნებთან მოყვანილი, იმ დროს როცა მკაცრი ნეიტრალიტეტის შემნარჩუნებელი საბჭოთა კავშირი ჩვეულებრივი მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდა;
– ჩვენი ტანკები და თვითმფრინავები გერმანულზე უკეთესია, მაგრამ ისინი ჩვენ ჯერჯერობით კიდევ ცოტა გვყავს, გაცილებით უფრო ცოტა, ვიდრე მოწინააღმდეგეს;
– საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში თითოეული ნაბიჯისათვის ვერმახტმა ზღო გიგანტური აუნაზღაურებელი დანაკარგებით. კონკრეტულად, სტალინმა დაასახელა ციფრი 4,5 მილიონი მოკლული და დაჭრილი გერმანელი.
ორი კვირის შემდეგ საბინფორმბიურომ საკუთარ თავს ნება მისცა თვითონ ამხანაგ სტალინის განცხადებას შედავებოდა – უნახავი შემთხვევაა ამ უწყების ისტორიაში. განცხადებულ იქნა, რომ ვერმახტის დანაკარგებმა 1941 წლის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე 6 მილიონი ადამიანი შეადგინა.
ჯეროვნად მივაგოთ ამხანაგ სტალინს. იგი იტყუებოდა, მაგრამ ჭკუით იტყუებოდა. მისი წინასწარგანზრახულად ცრუ ფიქრებიდან გამოიკვეთებოდა ხატება მშვიდობისმოყვარე ქვეყნისა, მაგრამ დიდი პოტენციური შესაძლებლობებით. დიახ, დღეს ჩვენ ცოტა ტანკი გვყავს – ხვალ ბევრი გვეყოლება, ჩვენ პირველებს არ დაგვიწყია მობილიზაცია – მაგრამ ახლა კი უკვე შემოვიკრებთ ყველაფერს ფრონტისა და გამარჯვებისათვის. გერმანიას კი არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს ნება ყოველ ნახევარ წელიწადში კარგავდეს ექვს მილიონ ჯარისკაცს, ეს კი ნიშნავს – რომ ყველაზე უფრო ახლო ხანში, იგი „ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ თავის ბოროტმოქმედებათა სიმძიმის ქვეშ წაიქცევა“. სწორედ ასეთი პერსპექტივა დახატა სტალინმა, როცა 1941 წ. 7 ნოემბრის პარადზე მავზოლეუმის ტრიბუნიდან გამოდიოდა. და სამხედრო პროპაგანდის თვალსაზრისითაც (რომელსაც არა აქვს უფლება იყოს მართალი) მან თქვა ის, რაც საჭირო იყო ეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ბრძოლაში მიდიოდნენ.
ომის შემდეგ და გამარჯვების შემდეგ საბჭოთა „ისტორიკოსებმა“ მიიღეს დავალება – გაეძლიერებინათ ტყუილი, მაგრამ, ამასთანავე გაეხადათ იგი ცოტათი უფრო მეტად მსგავსი სიმართლისა. არ არის ადვილი დავალება – მაგრამ მათ თავი გაართვეს.
იმის შესახებ, რომ ვერმახტმა ომის დასაწყისში 4,5 (ან სულაც 6) მილიონი დაკარგა, დაივიწყეს, გაჩუმდნენ და მეტად უკვე არასოდეს გაუხსენებიათ. ლოგიკა ძალზედ მარტივია – გერმანული არქივები ამ დროისათვის გახსნილი იყო, მასალები, კერძოდ კი პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ, გამოქვეყნებული, და ა ს ე თ ი ტყუილებით გაგრძელება ნიშნავდა იმას, რომ საკუთარი თავი მთელი მსოფლიოს წინაშე სამასხარაოდ ექციათ.
„კონპენსაციის“ წესით საბჭოთა კავშირის დაუცველობის სურათი გააძლიერეს განცხადებით იმის თაობაზე, რომ ტანკების და თვითმფრინავების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ომის დასაწყისისათვის წითელი არმიის შეიარაღებაში შედგებოდნენ, უკიდურესად მოძველებულ ხარა-ხურას წარმოადგენდა, „რომლებიც ვერანაირად ვერ შეედრებოდნენ“ მოწინააღმდეგის ტექნიკას. მნიშვნელოვნად უფრო მეტად დაჟინებით დაიწყეს მიწოდება თეზისისა „მოულოდნელი თავდასხმის“ შესახებ (სტალინი ცდილობდა ყბადაღებული „მოულოდნელობის“ თეზისი განსაკუთრებით წინ არ წამოეწია, აკეთებდა რა აქცენტს სიტყვაზე „ვერაგული“, – და ეს კი ორი დიდი განსხვავებაა. თეზისი „ვერაგობის“ შესახებ ახასიათებს ჰიტლერს როგორც დამნაშავეს, თეზისს კი „მოულოდნელი თავდასხმის“ შესახებ სტალინი ბრმა, მიამიტი სულელის სახით გამოჰყავს). ნიკიტა ხრუშჩოვმა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ასევე ცოტა უფრო მეტად დაამუშავა ომის დაწყების ისტორია. მან წარმოგვიდგინა სტალინი ჯიუტი სულელის სახით – რიჰარდ ზორგე და უინსტონ ჩერჩილი უგზავნიდნენ მას თავიანთ სახელგანთქმულ „გაფრთხილებებს“, და მას კი არაფერის გაგონება არ უნდოდა...
ამრიგად, 50-იანი წლების ბოლოსათვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ის ვერსია, რომელსაც მომდევნო ათწლეულებში მასობრივ შეგნებაში ორთქლზე მომუშავე ჩაქუჩის დაჟინებითა და ქედუხრელობით ნერგავდნენ:
ჯერ ერთი, ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, ომისთვის არ ვემზადებოდით, ჩვენი მთავრობა იბრძოდა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და ცდილობდა არ დაეშვა სსრკ-ის ომში ჩათრევა;
მეორე, „ისტორიამ ჩვენ ცოტა დრო მოგვცა“, ამიტომ ვერაფრის (ტანკების, ზარბაზნების, თვითმფრინავების, თვით შაშხანების) გაკეთებაც კი ვერ მოვასწარით საჭირო რაოდენობით, და ჩვენი არმია ომში თითქმის უიარაღოდ ჩაება (ბოთლი ცეცხლგამჩენი ნარევით აქ საკვანძო როლს თამაშობდა, ამ ბოთლის შესახებ იცის ყველამ, თვით მანაც კი ვინც ომის ისტორიის თაობაზე სულ არაფერიც არ იცის);
მესამე, სტალინმა არ მისცა ნება მოეყვანათ არმია ომისათვის რაღაც საგანგებო „მზადყოფნის“ მდგომარეობაში, და ამიტომ გერმანული ბომბები დაატყდა თავზე „მშვიდობიანად მძინარე საბჭოთა აეროდრომებს“.
ამ სამწევრიდან (რომელსაც ყველანაირი შემთხვევისათვის გადაწერდნენ ხოლმე ყველა წიგნში – სასკოლო სახელმძღვანელოდან სქელ მონოგრაფიებამდე) ადვილად და მარტივად მომდინარეობდა პასუხი საშინელ კატასტროფაში დ ა მ ნ ა შ ა ვ ე თ ა შესახებ. დამნაშავეები აღმოჩნდნენ:
ისტორია, „რომელმაც ჩვენ ცოტა დრო მოგვცა“;
ჰიტლერი, რომელმაც ორი თვით ადრე არ გააფრთხილა სტალინი თავისი განზრახვების შესახებ;
და, ბოლოს, ზედმეტი გულუბრყვილობა და მიმნდობლობა მთლიანობაში დადებითი ამხანაგი სტალინისა.
მშობლიური კომუნისტური პარტიისათვის ამ სქემაში მხოლოდ ერთი როლი იქნა დატოვებული – როლი ყველა ჩვენი გამარჯვების ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელისა.
ყველაფერი ნათელია, უბრალოდ, ლოგიკურად. ამ მითების ნამდვილობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის ნებისმიერი მცდელობა ფასდებოდა დიაპაზონში „დაღუპულთა ხსოვნაზე ცინიკური მკრეხელობიდან“ – „ლიტერატურულ ვლასოველთა ახალ გამოხტომამდე“. გამოგიტყდებით – მე თვითონაც მჯეროდა ყველაფერ ამისა. ასე გამოდის, მერვე კლასამდე. შემდეგ დაიწყო ზოგიერთი ბუნდოვანი ეჭვების გამოჩენა. წლებთან ერთად ისინი მხოლოდ უფრო ძლიერდებოდა.
სინამდვილეში, ამხანაგ სტალინის დროს მთელი საბჭოთა ხალხი მუშაობდა. მუშაობდა ყველა მამაკაცი. მუშაობდა თითქმის ყველა ქალი. დეკრეტულ შვებულებას ოთხი თვით იძლეოდნენ: ორი მანამდე და ორიც მის შემდეგ. და მერე – ძუძუთა ჩვილიდან დაზგასთან. ქვეყანა მუშაობდა ადრეული დილიდან („ჩვენ დილა სიგრილით გვხვდება“) და ღრმა ღამემდე. სამხედრო ქარხნები კი ომამდე უკვე დიდი ხნით ადრეც სამ ცვლაში მუშაობდნენ, დილიდან და დილამდე. ამასთან, შენიშნეთ, ასეულობით მილიონი მუშაკიდან არავინ მუშაობდა მერჩენდაიზერად, სპიჩრაიტერად, იმიჯმეიქერად, თრეიდერად, ბროკერად, დილერად, შმილერად ... ყველანი კონკრეტულად ხნავდნენ წარმოებაში.
მაინც სად გაქრა წარმოებული პროდუქტი?
როგორ შეიძლებოდა რომ ჩვენთან აღმოჩენილიყო ნაკლები ტანკი - თვითმფრინავი, ვიდრე გერმანიაში? მაშინ რას აკეთებდნენ ეს დღეღამურად მბოლავი ქარხნები – ჩითს კომკავშირელი გოგონებისა და ქალებისთვის? მაცივრებსა და წვენის გამომწურავებს კომუნალური სამზარეულოებისთვის?
შრომის დაბალი მწარმოებლურობაა? არ აჩქარდეთ, პატივცემულო მკითხველო, არ აჩქარდეთ ასეთი ეჭვებით. მოდით დასაწყისისათვის მცოდნე ადამიანების აზრიც მოვისმინოთ.
1936 წ. სსრკ-ის საავიაციო ქარხნებს შეძლო სწვეოდა ლუი შარლ ბრეგე, უმსხვილესი ფრანგული ავიასამშენებლო ფირმის ხელმძღვანელი (რომელიც ფირმა „დასოსთან“ ერთობლივად დღემდე უშვებს რეაქტიულ „მირაჟებს“). სსრკ-ში მგზავრობის შესახებ თავის ანგარიშში მან დაწერა: „იყენებს რა მუშათა ათჯერ უფრო მეტი რაოდენობის შრომას, ვიდრე საფრანგეთი, საბჭოთა საავიაციო მრეწველობა უშვებს 20-ჯერ უფრო მეტ თვითმფრინავს“. 1941 წ. აპრილში გერმანიის სამხედრო-საჰაერო ატაშე გ. აშენბრენერი ათი ინჟინრისაგან შემდგარი ჯგუფით ეწვია სსრკ-ის მთავარ საავიაციო საწარმოებს (ЦАГИ-ს, მოსკოვის ქარხნებს # 1, 22, 24, რიბინსკისა და პერმის ძრავების ქარხნებს). ანგარიშში, რომელიც გერინგს წარუდგინა, აშენბრენერი წერდა: „ამ ქარხნებიდან თითოეული გიგანტური საწარმო გახლდათ, სადაც სამი ცვლიდან თითოეულში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, სამუშაო მშვენივრადაა ორგანიზებული, ყველაფერი წვრილმანებამდეა გათვლილი, აღჭურვილობა თანამედროვეა და კარგ მდგომარეობაში...“.
გერმანიაში კი მაშინ ორნახევარჯერ უფრო ნაკლები ადამიანი იყო, ვიდრე სსრკ-ში. გერმანელი ფრაუ სახლში იჯდა და ქინდერებს ზრდიდა. წამოზრდილი ქინდერები ნაცისტურ სიმღერებს მღეროდნენ და მწყობრით დადიოდნენ, ჭიმავდნენ რა წინ ფეხის წვერებს, მუშაობის შემდეგ კი არა, არამედ მუშაობის ნაცვლად. მსოფლიო ომის მეორე წელს გერმანიის საავიაციო ქარხნები ერთ ცვლაში მუშაობდნენ! ომში ზედეფიციტური ალუმინი ბაღის პატარა სახლებისა და მსხლის შეგროვებისათვის მისადგმელი კიბეების წარმოებაზე იხარჯებოდა. გერმანული ქარხნების საწარმოო სიმძლავრეები პატეფონებისა და ველოსიპედების, რადიომიმღებებისა და მსუბუქი ავტომობილების, მოცელილი ბალახის დამწნეხავებისა და სამართებლების დამზადებით იყო დატვირთული. პირველი საბრძოლო ტანკების, თვითმფრინავების, წყალქვეშა ნავების სერიული წარმოება მხოლოდ 1935–1936 წლებში დაიწყო – თითქმის მსოფლიო ომის დაწყების წინა ხანებში.
მაშინ როდის მოახერხეს გერმანელებმა შეექმნათ სწორედ ის ყბადაღებული „მრავალჯერადი აღმატებულობა ტანკებსა და თვითმფრინავებში“? რისგან შეეძლოთ მათ მისი შექმნა?
გერმანიაში არ არის თავისი ბოქსიტები, თავისი ნიკელი, მარგანეცი, ვოლფრამი, სპილენძი, კაუჩუკი, ნავთობი... უბრალო ქვანახშირი და რკინის მადანი და ისინიც კი არ იყო საკმარისი, მთელი ომის განმავლობაში გერმანელებს უხდებოდათ რკინის მადანი შვედეთიდან ზღვით შეეტანათ. მოკავშირეთა ავიაციის ბომბების ქვეშ. სტალინს კი ფეხქვეშ ჰქონდა მთელი ცხრილი მენდელეევისა, მათ რიცხვში – უჟანგავი ოქრო, რის ფასადაც საფრანგეთში, ამერიკაში, იმავე გერმანიაში შეისყიდებოდა ყველაფერი: უახლესი აღჭურვილობა – მთლიანი ქარხნები, უახლესი ავიაძრავები, მსოფლიოში საუკეთესო სატრანსპორტო თვითმფრინავები, საუკეთესო სპეციალისტები და ყველაზე უფრო გასაიდუმლოებული ნახაზები.
და ყველაფერი ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რათა წითელი არმია თუნდაც ახლადშობილ ვერმახტზე არანაკლებად შეეიარაღებინათ?
ამ საკითხებზე ფიქრებისაგან ავტორი რამდენჯერმე მოწყვიტა საავიაციო ინსტიტუტში სწავლამ, შემდეგ – „საფოსტო ყუთში“ ლაზერული ზარბაზნის დაპროექტებამ, შემდეგ – ქვანახშირის საცეცხლფარეშოში მუშაობამ და საჯაროობისა და გარდაქმნის ეპოქის საზოგადოებრივმა ბრძოლამ.
ეს ბრძოლა სულაც არ ყოფილა ამაო. ჰო, გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე სურვილი გვქონდა, მაგრამ მაინც 90-იანი წლების დასაწყისში სამეცნიერო მიმოქცევაში იქნა შემოტანილი დიდი რიცხვი დოკუმენტებისა ომის წინა ხანისა და მისი დასაწყისის დროიდან, ღია ბეჭდურ სიტყვაში იქნა გამოქვეყნებული საბჭოთა სამხედრო ისტორიკოსების მანამდე გასაიდუმლოებული შრომები. გარდა ამისა, გახსნილობის, ბეჭდური სიტყვისა და ინტერნეტის ახალმა დროებამ ხელმისაწვდომი გახადა დამოუკიდებელი მკვლევარისათვის გერმანელი ისტორიკოსებისა და მემუარისტთა შრომების უმდიდრესი საგანძურები. და თუმცა კი დოკუმენტური მასალების უზარმაზარი პლასტები დღევანდლამდე მაინც ჯერ კიდევ იმალება ხალხისაგან (ამასთან ყოველგვარი პატივსაცემი ახსნა-განმარტების გარეშე), ის, რაც უკვე გახსნილია, სავსებით საკმარისია, რათა დეტალურად და ზუსტად შევაფასოთ მხარეთა ძალების თანაფარდობა 1941 წ. 22 ივნისისთვის არსებული მდგომარეობით.
დიახ, რა თქმა უნდა, არანაირი „ტექნიკური აღმატებულობა ვერმახტისა“ ხსენებაშიც კი არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის ნიმუშის ზარბაზანს მიათრევდა ცხენების ექვსეული, ვერმახტის ქვეითი ჯარის გადაადგილების მთავარი საშუალება იყო თითოეული ჯარისკაცის ფეხები, და ეს ჯარისკაცი შეიარაღებულიც გახლდათ ჩვეულებრივი შაშხანით (ეს მხოლოდ ცუდ საბჭოთა კინოში დადის ყველა გერმანელი 1941 წელს ავტომატით, ხოლო საშტატო განრიგით კი „პირველი ტალღის“ ვერმახტის თვით ელიტურ დივიზიებშიც 11 500 შაშხანა და სულ 486 ავტომატი იყო).
რა თქმა უნდა, უკიდურესად მილიტარიზებულმა სტალინურმა იმპერიამ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის მთელი რესურსების უკიდურესი დაძაბვით დიდი ომისათვის ემზადებოდა, ისე საუკეთესოდ შეაიარაღა და აღკაზმა თავისი არმია, რომ მეტი არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ტანკები და თვითმფრინავები, საზენიტო ქვემეხები და მუხლუხიანი გამწევები, აეროდრომები და აეროსტატები წითელ არმიაში უფრო მეტი იყო, ვიდრე ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის არმიებში, ერთად აღებულში.
რა თქმა უნდა, საბჭოთა სამხედრო მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური დონე არა უბრალოდ „შეესაბამებოდა საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებს“, არამედ მთელი რიგი მიმართულებების მიხედვით მათ აყალიბებდა კიდეც. მსოფლიოში საუკეთესო მაღლივი გამანადგურებელ-დამჭერი (МиГ-3), მსოფლიოში საუკეთესო საავიაციო ზარბაზნები (ВЯ-23), მსოფლიოში საუკეთესო ტანკები (მსუბუქი БТ-7М, საშუალო Т-34, მძიმე КВ), მსოფლიოში პირველი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები (БМ-13, „კატჲუშა“), უახლესი არტსისტემები, რადიოლოკატორები, როტაციული კასეტური ავიაბომბები, ცეცხლსატყორცნი ტანკები და სხვა, სხვა, სხვა – ყველაფერი ეს არსებობდა, და არა ნახაზების, არა ექსპერიმენტული ნიმუშების სახით, არამედ მსხვილ სერიებშიც იყო გაშვებული.
რა თქმა უნდა, ვერმახტის სამმილიონიანი დაჯგუფების თავმოყრა სსრკ-ის საზღვრებთან გამოვლენილ იქნა საბჭოთა დაზვერვის მიერ, ამასთან გამოვლენილი პოლკამდე და ეშელონამდე სიზუსტით. და თუმცა ნამდვილი დოკუმენტები, რომლებიც გერმანული სარდლობის ოპერატიულ გეგმებს გამოავლენდა, სტალინის მაგიდაზე არასოდეს ყოფილა, აღმოსავლეთისკენ აგრესიისათვის ჰიტლერული გერმანიის საერთო სამხედრო-პოლიტიკური მზადყოფნა არ ყოფილა საიდუმლო არც სსრკ-ის უმაღლესი სახელმწიფო ხელმძღვანელობისთვის, არც წითელი არმიის უფროსი მეთაურებისთვის.
არსებული დოკუმენტები დანამდვილებით მოწმობენ იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ფარული მობილიზაცია და სტრატეგიული გაშლა დაიწყო არა საზღვარზე ქვემეხების პირველი ზალპების შემდეგ, არამედ მანამდე. რაც შეეხება ამ გაშლის მიზანს, ამის გამო შესაძლებელია (და აუცილებელიც) დისკუსია. როგორც არ უნდა ყოფილიყო, წითელი არმია ემზადებოდა ომისათვის, ამასთან ისეთი ომისათვის, რომელიც უნდა დაწყებულიყო უახლოეს კვირებში ან სულაც დღეებში. ყველაზე დიდი, რისთვისაც გერმანელებს ასეთ სიტუაციაში შეეძლოთ მიეღწიათ, ეს იქნებოდა დროსა და სივრცეში მეტად შეზღუდული ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტი. არაფერი ამაზე მეტი.
რით დავიწყოთ
როგორც ეს ხშირად (თუ ყოველთვის?) ხდება მეცნიერების ისტორიაში, ახალმა ცოდნამ, გადაწყვიტა რა ძველი საკითხები, დასვა ახალი, გაცილებით უფრო რთული. მას შემდეგ, რაც „ვერმახტის მრავალჯერადი რიცხობრივი უპირატესობის“ თაობაზე წინდაწინ გამიზნულად სიცრუით მოგონილი შირმის უკან დამალვა უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა, მსჯელობა ისტორიაში უმაგალითო სამხედრო კატასტროფის ნამდვილი მიზეზების შესახებ კიდევ უფრო მეტად აქტუალური და კიდევ უფრო რთული შეიქნა.
მკაცრად რომ ვთქვათ, ეს მსჯელობა დაიწყო მრავალი წლით ადრე სკკპ-ის საბოლოო დანგრევამდე. ჩვენ არც იმდენად „ზარმაცები და არაცნობისმოყვარენი“ (პუშკინი) ვართ, რომ იმ წლების დრამატულ მოვლენათა ასეულობით ათას ცოცხალ მოწმეს შორის ვერ მოძებნილიყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად იქნებოდნენ ეჭვი შეეტანათ ოფიციოზური ბოდვის სინამდვილესა და სარწმუნოობაში. უკვე ხრუშჩოვისეული „დათბობის“ ხანაში სამხედრო საიდუმლოების თვალშეუღწეველი წყვდიადიდან გამოფრინდა რაღაც-რაღაც ციფრები, ფაქტები, დოკუმენტები, რომელთა გამოქვეყნების შემდეგაც უწინდელი ტყუილების გაგრძელება სავსებით უწესო საქმედ შეიქნა. არ შეიძლება არ ვახსენოთ, მაგალითად, დაშიჩევის ორტომიანი მონოგრაფია „გერმანული ფაშიზმის სტრატეგიის გაკოტრება“. თუმცა იგი მთლიანად იყო მიძღვნილი გერმანიის ისტორიისადმი, და ნებისმიერ შედარებებს ავტორი წინდახედულად თავს არიდებდა, მაინც თვალებისა და ტვინის მქონე მკითხველს „ტანკებსა და ავიაციაში ვერმახტის მრავალჯერადი აღმატებულობის“ თაობაზე უკანასკნელი ეჭვებიც კი უქრებოდა.
კიდევ უფრო შორს წავიდნენ ნეკრიჩი და გრიგორენკო. უზარმაზარი რაოდენობით დათქმების, ბოდიშის მოხდისა და გამართლებათა თანხლებით მათ მაინც შავით თეთრ ქაღალდზე დაწერეს, რომ არანაირი რიცხობრივი ან ტექნიკური აღმატებულობა ვერმახტისა წითელ არმიაზე არ ყოფილა. ერთი მათგანისათვის ეს სსრკ-დან გაძევებით, მეორისთვის კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩამწყვდევით დასრულდა.
„ახალი აზროვნების“ ეპოქაში მათი საქმე განაგრძო (ისე რომ, ალბათ – თვითონ არც კი უეჭვია ამის თაობაზე) ვიქტორ სუვოროვმა. თავისი იშვიათი ნიჭით პუბლიცისტისა, გააფთრებული დაჟინებით ადამიანისა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს მიაგნო ერთადერთ ჭეშმარიტებას, ვ. სუვოროვმა თავის ტრილოგიაში („ყინულმჭრელი“, „დღე-М“, „უკანასკნელი რესპუბლიკა“) ქვა ქვაზე არ დატოვა ცრუ მითისაგან წყნარი, მშვიდობიანი და თითქმის უიარაღო სტალინური იმპერიის შესახებ. არ შეიძლება არ გამოიწვიოს გაოცება და აღტაცება იმ ფაქტმა, რომ, არ ჰქონდა რა წვდომა დოკუმენტების იმ მასივის მცირე ნაწილზედაც კი, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში გახდა ხელმისაწვდომი, ვ. სუვოროვმა შეძლო გამოევლინა და დაბეჯითებით ეჩვენებინა მკითხველისათვის ის მრავალწლიანი მზადება ევროპაში დიდი ლაშქრობის მიზნით, რომელიც შეადგენდა აზრსა და მიზანს სტალინის მთელი საშინაო და საგარეო პოლიტიკისა.
ძნელია გავიგოთ – რატომ, მაგრამ ვ. სუვოროვმა აავსო თავისი წიგნები უზარმაზარი რაოდენობით ნაჩქარევი, მიამიტური და – რაც ყველაზე მთავარია – ისეთი დებულებებით რომელთაც არ გააჩნიათ მიმართება ძირითად იდეასთან (ყველანაირი „შეტევითი ტანკებით“, სუპერბომბდამშენებით Су-2, სსრკ-ის ძველ საზღვარზე დანგრეული დოტებითა და სხვა). მთელმა ამ „საავტოსტრადო ტანკებმა“ და „მფრინავმა ტურებმა“ აქციეს სუვოროვის წიგნები – ისეთ წიგნებად, რომლებმაც მხოლოდ აღნიშნეს პირველი ნაბიჯები დიდი სამამულო ომის ნამდვილი სამეცნიერო ისტორიოგრაფიის ჩამოყალიბების გზაზე, – განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბოროტი და წინასწარვე ცუდად განწყობილი კრიტიკისაგან. და მაინც, ბევრი კერძო შეცდომისა და უზუსტობის მიუხედავად, ვ. სუვოროვმა დაწერა წიგნები, რომლებიც ყ ვ ე ლ ა მ / გ ა ი გ ო.
მას გაუგო მილიონობით მკითხველმა, რომელთათვისაც საკითხი ამხანაგ სტალინის გეგმებისა და განზრახვების შესახებ ამიერიდან და სამუდამოდ გადაწყვეტილი და განხილვიდან მოხსნილია; მას გაუგეს ყოფილმა საბჭოთა (ახლა რუსეთის) ისტორიკოს-პროპაგანდისტებმა, რომელთათვისაც ვ. სუვოროვი თითქმის პირად მტრად შეიქნა, რომლის დისკრედიტაციისთვისაც ისინი მზად არიან ნებისმიერ ნაძირლობაზე წასასვლელად. მშვენივრად გაიგეს სუვოროვისა დასავლეთევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებმაც (ისევე როგორც ჩრდილო-ამერიკულისა), წლიდან წლამდე რომ ზარმაცად გადაწერდნენ თავიანთ ბუზების მიერ შეჭმულ კონსპექტებს, – „ყინულმჭრელის“ გამოსვლის შემდეგ მთელი მათი სამეცნიერო რეპუტაცია და ხმამაღალი ტიტულები სრული დევალვაციის მუქარის ქვეშ აღმოჩნდა. გასაკვირი არ არის, რომ ატლანტიკის ორივე მხარეს ელვისებურად ჩამოყალიბდა „დუმილის შეთქმულება“, რომლითაც სერიოზული და პატიოსანი დისკუსიისადმი უკვე დიდი ხანია უნარის არმქონე „ისტორიული მეცნიერების ქურუმები“ შეეცადნენ (მართალი რომ ვთქვათ – სრულიად უშედეგოდ) სუვოროვის წიგნები ალყაში მოექციათ.
იმავე დროს არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ, დაანგრია რა ძველი მითები, ვ. სუვოროვმა იჩქარა შეეცვალა ისინი ახლით. აღმოჩნდა, წითელი არმია იყო დიდი და ძალმოსილი – მაგრამ მარტო 1941 წ. 22 ივნისის დილის სამ საათამდე. მომდევნო დღეს იგი უკვე ჰიტლერელთა მოულოდნელი თავდასხმის გამო სისხლისაგან დაცლილი და განიარაღებული შეიქნა. სუვოროვის ტრილოგიის ფურცლებიდან უბრალოდ იღვრება პირველი განმაიარაღებელი დარტყმის საზეიმო სიმღერა:
„...მოულოდნელად დარტყმისას საბჭოთა ტანკისტები ჯერ კიდევ მანამდე დახოცეს, სანამ ისინი თავიანთ ტანკებამდე მიირბენდნენ, ხოლო ტანკები კი დაწვეს ანდა ეკიპაჟების გარეშე ხელში ჩაიგდეს... მოულოდნელი დარტყმა აეროდომებზე თვალს უბნელებს სატანკო დივიზიებს... საბჭოთა სადაზვერვო თვითმფრინავებს არ შეუძლიათ ცაში აფრენა... ჩვენს ციკლოპს თვალი ამოთხარეს. ჩვენი ციკლოპი ბრმაა. იგი ფოლადის მუშტებს იქნევს და უძლური მძვინვარებით ბღავის...“ და ასე შემდეგ.
უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის სუვოროვმა შემოგვთავაზა თავისი, გაცილებით უფრო სიმართლის მსგავსი ვარიანტი ასეთი კონფუზის მიზეზის ასახსნელად – წითელი არმია თავდასხმისათვის თვითონ ემზადებოდა და ვითომ ამის გამოც ყოველგვარი სიფრთხილის შესახებ დაივიწყა. კომუნისტური „ისტორიკოსების“ დამცინავად სულელურ ვერსიასთან შედარებით (იმის თაობაზე, თუ როგორ ეშინოდა გაუბედავ და გულუბრყვილო სტალინს მიეცა ჰიტლერისათვის „საბაბი შემოსაჭრელად“) სუვოროვის ჰიპოთეზა სავსებით სოლიდურად გამოიყურება. ამის შედეგად ყველაზე უფრო ფართო გავრცელება მიიღო სუვოროვისეულმა ორივე ლეგენდამ: „ვერმახტის პირველი განმაიარაღებელი დარტყმის“ შესახებაც, და იმ ის თაობაზეც, რომ წითელი არმიის განადგურება განპირობებული იყო იმით, რომ ჯარები, რომლებსაც ასწავლიდნენ, აიარაღებდნენ და ამზადებდნენ შეტევითი ოპერაციების წარმოებისათვის, 1941 წ. 22 ივნისს იძულებული შეიქნენ თავდაცვაში გადასულიყვნენ.
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ მითშემოქმედების ამ ვარიანტში ვ. სუვოროვი პირველი არ ყოფილა. იმავე გრიგორენკომ ჯერ კიდევ 1967 წ. დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაუჯერა „სულელმა“ თავდაცვის სახალხო კომისარმა ტიმოშენკომ კიდევ უფრო „სულელ“ სტალინს და 22 ივნისს დღისით მთელი არტილერია დასავლეთისაკენ დაძრა. დაბნელებამდე მაინც დაეცადათ – არა და მათ იგი ბანაკებიდან და შესაფარებლებიდან დღისით გამოიყვანეს. და აი აქ დააცხრა მას თავზე მტრის ავიაცია. და გაანადგურა. მთლიანად. ყველა სამოცი ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. თითოეულმა გერმანულმა ბომბდამშენმა (ისინი კი ამ აღმოსავლეთის ფრონტზე ცხრაასი იყო), მიქროდა რა დედამიწის თავზე, როგორც მითიური ვალკირია უძველესი სკანდინავიური საგებიდან, ერთბაშად თითო-თითო საბჭოთა საარტილერიო პოლკი გაანადგურა.
შემდგომში, მე-2 ნაწილში ჩვენ დაწვრილებით, ფანქრით ხელში, განვიხილავთ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შეეძლო, რა გააკეთა და რა არ შეეძლო გაეკეთებინა გერმანულ ავიაციას. ჯერჯერობით კი უბრალო საღ აზრს მივმართავთ და მას ორიოდე უბრალო შეკითხვას დავუსვამთ.
რატომ თვითონ „ჰიტლერელმა შევარდნებმა“ არაფერი იციან თავიანთი უდიდესი მიღწევების შესახებ?
ლჲუფტვაფეს ისტორიაში დაწერილია მთები წიგნებისა. არის მონოგრაფიები, რომლებიც მიძღვნილია ცალკეული ტიპების თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებისადმი, არის მონოგრაფიული კვლევები თითქმის თითოეული საავიაციო ესკადრის საბრძოლო გზის თაობაზე, და ეს ყველაფერი – გერმანული გულმოდგინებით, თითოეული თვითმფრინავის ქარხნული ნომრისა და ეკიპაჟის ყველა წევრის სამხედრო წოდებათა ზუსტი ჩვენებით. მაგრამ იმის შესახებ კი, თუ 1941 წ. 22 ივნისს მათ მთელი წითელი არმია როგორ „განაიარაღეს“, – ერთი სიტყვაც არსად დაწერილა. მკვეხარა დოქტორ გჲობელსსაც ამის თაობაზე არავისთვის არაფერი უთქვამს!
მეორეს მხრივ, და რა, ჩვენს „შევარდნებს“ არაფერი მსგავსი არ უქნიათ? რა თქმა უნდა, არა, ჩვენ ხომ 1941 წ. ივნისზე ვლაპარაკობთ. მაშინ ხომ ჩვენ თვითმფრინავები კი არ გვყავდა, არამედ „უიმედოდ მოძველებული კუბოები“, და მფრინავებიც „6 საათის ნაფრენით“. მაგრამ 43, 44, 45 წლებში, მაშინ, როცა საბჭოთა ავიაპოლკების ნუმერაცია ათასს მიუახლოვდა, როცა ჩვენ აბსოლუტური ბატონობა მოვიპოვეთ ჰაერში, – რატომ-ღა მაშინ არ იქნა ვერმახტი განიარაღებული, ტანკების, არტილერიის, საწყობების გარეშე დატოვებული ერთ დღეში ერთი მძლავრი დარტყმით ჰაერიდან? და რატომ არ არის არაფერი მსგავსი ინგლისური სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში? არც ფრანგულის, არც ამერიკულის?
ამერიკელები გერმანიას (რომლის ტერიტორიაც ჩვენი ომისწინანდელი დასავლეთის ან კიევის სამხედრო ოკრუგების ტერიტორიაზე ნაკლებია) 1943 წ. გაზაფხულიდან ბომბავდნენ. ამერიკელებმა ერთ სამხედრო ობიექტზე ერთი თავდასხმის დროს რამდენიმე კილოტონა ბომბები ჩამოყარეს. ნორმანდიაში გადმოსხმის დღეს (1944 წ. 6 ივნისს) მოკავშირეთა თითოეულ დივიზიას მთლიანობაში 260 საბრძოლო თვითმფრინავი უჭერდა მხარს (ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის ტეილორის დაანგარიშებებით) – 10-ჯერ მეტი, ვიდრე ვერმახტის ერთ დივიზიაზე 1941 წ. 22 ივნისს მოდიოდა. და მაინც – თვით ათი თვის შემდეგაც კი, 1945 წლის გაზაფხულზე, ვერმახტი ჯერ კიდევ იბრძოდა, თანაც იბრძოდა სულაც არა ნავთით ავსებული ბოთლებით...
სერიოზულად რომ ვთქვათ, ამის გამო დისკუსიის წარმოება აბსურდულია. განადგურება (ან, სულ მცირე, მნიშვნელოვნად დასუსტება) ერთი დამსწრები დარტყმით არმიისა, რომელიც ომის დასაწყისისათვის 198 მსროლელ, 13 საკავალერიო, 61 სატანკო, 31 მოტორიზებულ დივიზიას, 16 საჰაერო-სადესანტო და 10 ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადას მოითვლიდა, ბირთვულ ეპოქამდე აბსოლუტურად შეუძლებელი გახლდათ. და XXI საუკუნის შეიარაღებებითაც კი ასეთი ამოცანის გადაწყვეტისათვის (გიგანტურ საომარ მოქმედებათა თეატრზე საბჭოთა სამხედრო პოტენციალის განწერტვის /განაწილების/ გათვალისწინებით) საჭირო გახდებოდა თავი მოეყარათ სარაკეტო-ბირთვული ძალების უზარმაზარი კონცენტრაციისათვის.
რეალობაში დაზიანების ძირითად საშუალებას, რომელიც ვერმახტს 1941 წლის ზაფხულში გააჩნდა, წარმოადგენდა არტილერია. ძირითადი კალიბრები: 75, 105, 150, 210 მმ. სროლის მაქსიმალური სიშორე – 10-დან 20 კილომეტრამდე. სწორედ ამ ციფრებით განისაზღვრება კიდეც პრინციპში შესაძლებელი სიღრმე პირველი დარტყმისა. საბჭოთა პოლკებისა და დივიზიების ცხრა მეათედი 22 ივნისის დილას ამ ზონის გარეთ იმყოფებოდა, 50 – 500 – 1500 კმ-ზე საზღვრიდან, და ამიტომ ომის არც პირველ, არც მეორე, არც მესამე დღეს თეორიულადაც კი არ შეიძლებოდა ისინი განადგურებული ყოფილიყვნენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვით ცოფიანი ფიურერიც კი არ მოითხოვდა თავისი არმიისაგან ასეთ ზეეფექტურობას. „ბლიცკრიგის“ გეგმიური ხანგრძლივობა რუსეთში მაინც თვეებით, და არა დღეებით იზომებოდა, და წითელი არმიის განადგურებაც „სატანკო სოლების წინ მამაცურად გაყვანით“, და სულაც არა „იუნკერსების“ ერთი გაბედული თავდასხმით იყო ნავარაუდევი.
აბსურდულობა (თუ არა წინასწარგანზრახული ანეკდოტურობა) თეორიისა არმიის შესახებ, რომელსაც მხოლოდ შეტევა შეუძლია, საკმარისად აშკარაა და თავისთავად არ მოითხოვს მრავალგვერდიან უარყოფას. სულაც არ არის აუცილებელი გენერალური შტაბის აკადემიის დასრულება იმისათვის, რათა გაიგო, რომ შეტევა საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გაცილებით უფრო რთული სახეობა გახლავთ, ვიდრე თავდაცვა. რთული სწორედ იმიტომ, რომ შეტევა უყენებს უფრო მაღალ მოთხოვნებს მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემას, რომელთაგანაც ამ შემთხვევაში მოითხოვება მოქნილი, სწრაფი, არაშაბლონური რეაგირება დინამიურად განვითარებად (ცვალებად) ვითარებაზე. წარმოდგენა სარდლობისა, რომელსაც გააჩნია უნარი წარმატებული, სწრაფი და გაბედული შეტევის ორგანიზებისთვის, მაგრამ ამ დროს არ შეუძლია მოახდინოს პოზიციური თავდაცვის ორგანიზაცია საკუთარ, თითოეულ ბილიკამდე ცნობილ ტერიტორიაზე, ისევე შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია იპოვნოთ ჯაზის ვირტუოზული პიანისტი, რომელსაც არ შეეძლება ნოტებით „ძაღლის ვალსი“ დაუკრას.
დაბოლოს, ეგრეთ წოდებულ „შეტევით“ არმიას, შეიარაღებულს მსოფლიოში საუკეთესო „შეტევითი“ ტანკებით, ყოველთვის შეუძლია ისარგებლოს თავდაცვის წარმოების სწორედ იმ ხერხით, რომელიც ყველა დროში ითვლებოდა საუკეთესოდ, – თავად გადავიდეს კონტრშეტევაზე. ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი მოიძებნება, მაგრამ ყველაზე უფრო კაშკაშა მაგალითი, ჩვენი შეხედულებით, ისრაელის თავდაცვის არმიის გამოცდილება გახლავთ.
ეს არმია არასოდეს არც კი ცდილობდა თვითმკვლელობრივ პოზიციურ თავდაცვაში ჩადგომას, ისრაელი გეოგრაფიული პირობების გამო (ტერიტორიის მინიმალური სიგანე გაეროს 1947 წ. რეზოლუციის საზღვრებში 18 კმ შეადგენს). 1967 წელსაც და 1973-შიც მოწინააღმდეგის მრავალჯერადად აღმატებული ძალებისაგან ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიული ამოცანა კონტრშეტევაზე გადასვლით იქნა გადაწყვეტილი, თანაც 1973 წ. ოქტომბერში ასეთი გადასვლის განხორციელება ყოველგვარი ოპერატიული პაუზის გარეშე მოუწიათ, უმალვე მას შემდეგ, რაც სუეცის არხის მიჯნაზე ეგვიპტური არმიის შემოტევის შეკავების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
ცდილობდა თუ არა წითელი არმია 1941 წ. ზაფხულში მსგავსი სახით ემოქმედა?
რა თქმა უნდა – დიახ.
თვით ოფიციალური ისტორიული მეცნიერებაც კი უკვე მზად არის აღიაროს, რომ „ბლიცკრიგის ფაშისტური სტრატეგიისადმი დაპირისპირებულ იქნა არა თავდაცვა, მათ შორის მანევრული თავდაცვაც, მოულოდნელი და კარგად მომზადებული კონტრდარტყმების ფართო გამოყენებით, არამედ, არსებითად, შემოჭრილი მოწინააღმდეგის ელვისებური განადგურების სტრატეგია“ [3].
როგორც ყოველთვის კაშკაშად და ხატოვნად გამოხატა იგივე აზრი ვ. სუვოროვმა: „წითელი არმიის რეაქცია გერმანულ შემოჭრაზე – ეს არ არის რეაქცია ზღარბისა, რომელმაც თავისი ეკლები გამოუშვა, არამედ უზარმაზარი ნიანგის რეაქციაა, რომელიც, იცლება რა სისხლისაგან, ცდილობს შეუტიოს“. უფრო ზუსტად ვერ იტყვი.
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე წითელი არმიის კონტრდარტყმების რიგ-მონაცვლეობა (შჲაულჲაისთან, დაუგავპილსთან, ოსტროვთან, ველიკი ლუკებთან, სტარო რუსასთან) ომის პირველი დღეებიდან თვით 1941 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდეც კი გრძელდებოდა. მთავარ, დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე, მინსკ – სმოლენსკ – მოსკოვის ხაზზე, მრავალჯერადი, პრაქტიკულად შეუჩერებელი მცდელობები გადამწყვეტ კონტრშეტევაზე გადასასვლელად მთელ ზაფხულს, 10 სექტემბრამდე გრძელდებოდა, როცა საბოლოოდ დასავლეთის, სარეზერვო და ბრჲანსკის ფრონტების ჯარები უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებით თავდაცვაზე გადავიდნენ.
მთელი ამ შეტევითი ოპერაციების დაწვრილებით გარჩევა ამ წიგნის ფარგლებს სცილდება.
მეორეს მხრივ, ამ დარტყმების საბოლოო შედეგი თვით სკოლის კეთილსინდისიერი მოწაფისთვისაც კი უნდა ყოფილიყო ცნობილი. არაფერი, გარდა ასეულობით საკადრო დივიზიის, ათეულობით ათასი ტანკისა და თვითმფრინავის დაკარგვისა, კონტრშეტევაზე გადასვლის ყველა ამ მცდელობას არ მოუტანია. წითელი არმია აღმოჩნდა უუნარო შეტევისთვის ზუსტად ისევე, როგორც იგი აღმოჩნდა უუნარო მდგრადი პოზიციური თავდაცვის შექმნაში ისეთ უმძლავრეს ბუნებრივ მიჯნებზე, როგორებსაც მდინარეები ნემანი, დნეპრი, დნესტრი, სამხრეთ ბუგი, დასავლეთ დვინა წარმოადგენენ.
ამ კონსტატაციაზე მთელი დისკუსია „სუვოროველებთან“, პრინციპში, შეიძლება დავამთავროთ, ისე რომ არც კი გვქონდეს დაწყებული. და მაინც წითელი არმიის პირველი კონტრდარტყმების გულმოდგინე და დეტალურმა ანალიზმა შეიძლება მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიგვიყვანოს მისი განადგურების ნამდვილი მიზეზების თაობაზე. აი რატომ გადაწყვიტა ავტორმა აეგო წიგნი სამი შეტევითი ოპერაციის გულდასმით განხილვაზე, ამასთან სწორედ იმათი, რომელთა გამოც შეიძლება, ისე რომ არ ჩავიდინოთ ცოდვა ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ითქვას, რომ ესენი იყო ყველაზე უფრო მძლავრი, საბრძოლო ტექნიკითა და მეთაურთა საკადრო შემადგენლობით ყველაზე უფრო უზრუნველყოფილი კონტრდარტყმები წითელი არმიისა.
სენსაციები არ იქნება
„მუზების მსახურება ვერ ითმენს დაბნეულ ფუსფუსს“. მით უმეტეს ვერ ითმენს დაბნეულ აჩქარებულობას სამხედრო ისტორია. მკითხველმა მოთმინებას უნდა მოუხმოს. ურთულეს კითხვებზე სწრაფი პასუხები ვერ იქნება. არ იქნება არც უკანასკნელ წლებში ამდენად პოპულარული „სენსაციური დოკუმენტები“, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი სტალინური მონებისა და სხვა ბულვარულობის „აღმოჩენებს“.
დოკუმენტურ საფუძვლად ამ წიგნის დაწერისათვის იქცა ინფორმაციის ის მასივი, რომელიც 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე იქნა განსაიდუმლოებული და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილი. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში თითქმის ორი ასეული სახელწოდებაა მითითებული, საკვანძოს კი ფაქტიურად შემდეგი ხუთი წყარო წარმოადგენს:
– „საიდუმლოების გრიფი მოხსნილია“, სტატისტიკური კვლევა, შემდგენელი – გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული სამსახურის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი გ. თ. კრივოშეევი, გამოშვების წელი – 1993;
– ოთხი ტომი (# 33, 34, 35, 36) უწინ გასაიდუმლოებული სერიისა «СБД» (Сборник боевых документов Великой Отечественной войны), შედგენილი საბჭოთა სამხედრო ისტორიკოსების მიერ 1956–1958 წწ.;
– ორტომიანი კრებული დოკუმენტებისა „რუსეთი – XX საუკუნე. დოკუმენტები. 1941 წელი, 1998 წ.“;
– დოკუმენტების კრებული „საბჭოთა ავიაცია დიდ სამამულო ომში 1941–1945 წწ. ციფრებში“, შედგენილია გრიფით „სრულიად საიდუმლო“ სამხედრო ისტორიკოსთა დიდი ჯგუფის მიერ 1962 წ.;
– კოლექტიური მონოგრაფია საბჭოთა სამხედრო ისტორიკოსებისა „1941 წელი – გაკვეთილები და დასკვნები“, გამოცემული 1992 წ. დსთ გაერთიანებული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეგიდით.
წყაროების გამოყენებულ ბაზას გააჩნია აშკარა ნაკლი: იგი არ არის სრული, ფრაგმენტულია და შედგენილია უმთავრესად იმ ადამიანების მიერ, როლებსაც თავიანთი სამსახურეობრივი და პარტიული მოვალეობების ძალით მიზნად ჰქონდათ დაეფარათ სიმართლე წითელი არმიის კატასტროფული განადგურების გარემოებათა და მიზეზების შესახებ. გამოყენებული წყაროების ამდენადვე აშკარა და უდაო ღირსებას წარმოადგენს მათი ხელმისაწვდომობა და შემოწმებადობა. მკაცრად რომ ვთქვათ, ამ წიგნში არ არის არც ერთი ახალი დოკუმენტი ან ფაქტი. ნორმალურ სამეცნიერო-ისტორიულ გარემოში ეს განცხადება გაიჟღერებდა როგორც „განაჩენი“, როგორც აღიარება მკითხველისათვის შეთავაზებული წიგნის არაფრის მაქნისობის და უშინაარსობისა. მაგრამ ჩვენთან რუსეთში ყველაფერი განსაკუთრებულია: განსაკუთრებული „გზა“, გონებით ვერჩაწვდომადი ქვეყანა, სამარცხვინო სიტუაცია სამხედრო არქივების დოკუმენტთა აბსოლუტურად სამართალსაწინააღმდეგო გასაიდუმლოებითა და ა. შ. და ამ სიტუაციაში სწორედ იმ და მხოლოდ იმ დოკუმენტების გამოყენება, რომლებიც თვითონ კომუნისტებს ჰქონდათ გაუფრთხილებლობა შეენახათ და გამოექვეყნებინათ, იქცევა კიდეც უზარმაზარ უპირატესობად.
გავიმეორებ კიდევ ერთხელ – მკითხველს ელოდება დიდი სამუშაო. წინ ჩვენ გვაქვს ასეულობით გვერდი რთული, ციფრებით, თარიღებით, დივიზიათა ნომრებითა და სატანკო ზარბაზნების კალიბრებით გადაჯერებული ტექსტისა. ერთი-მეორის მიყოლებით შევჩერდებით თითოეული „საზოგადოდ ცნობილის“, „თავის თავად არსებულის“ წინაშე, რომელიც შეიქნა შეჩვეულად, კარგად ნახმარი ფეხსაცმლის მსგავს მტკიცებად იმისათვის, რათა დავფიქრდეთ – მაინც რა იმალება სინამდვილეში ამ ცნობიერებაში გამჯდარი მითების უკან?
ნაწილი 1
ჭანჭყრობი
...ოპერაციის ჩანაფიქრი
1941 წ. 22 ივნისის საღამოს, ხოლო თუ სავსებით ზუსტად ვილაპარაკებთ, 21 საათსა და 15 წუთზე თავდაცვის სახალხო კომისარმა (სახკომმა) ტიმოშენკომ დაამტკიცა და დასავლეთის ოკრუგების (ფრონტების) სარდლობებს გაუგზავნა აღსასრულებლად დირექტივა # 3.
ამ დოკუმენტში იყო მოცემული მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და გეგმების მოკლე შეფასება:
„...მოწინააღმდეგე გვაყენებს მთავარ დარტყმებს სუვალკის შვერილიდან ალიტუსზე და ხიდის იქითა რაიონიდან ფრონტზე ვლადიმირ-ვოლინსკი, რადზეხოვი, დამხმარე დარტყმებს მიმართულებებზე ტილზიტი – შჲაულჲაი და სედლეცი – ვოლკოვისკი...“ – და ისმებოდა უახლოესი ამოცანები 23–24 ივნისზე: „ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის ფრონტების ჯარების კონცენტრული თავმოყრილი დარტყმებით ალყა შემოარტყით და გაანადგურეთ მოწინააღმდეგის სუვალკის დაჯგუფებას და 24 ივნისის ბოლოსათვის დაეუფლეთ სუვალკის რაიონს; მექანიზებული კორპუსების მძლავრი კონცენტრული დარტყმებით, სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის მთელი ავიაციითა და მე-5 და მე-6 არმიების სხვა ჯარებით ალყაში მოაქციეთ და გაანადგურეთ მოწინააღმდეგის დაჯგუფება, რომელიც გვიტევს მიმართულებაზე ვლადიმირ-ვოლინსკი, ბროდი. 24 ივნისის ბოლოსათვის დაეუფლეთ რაიონს ლჲუბლინი“ [6, გვ. 440].
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ უკვე მარტო ეს დოკუმენტი გვაძლევს უფლებას გავაკეთოთ დასაბუთებული დასკვნა იმის თაობაზე, თუ რა ფასი აქვს სახელოვანი „ჩეკისტების“ მრავალწლიან ტრაბახს იმის შესახებ, რომ გერმანული სარდლობის დოკუმენტები სტალინის მაგიდაზე ნახევარი საათით უფრო ადრე იდებოდა, ვიდრე ჰიტლერის მაგიდაზე.
ექვსი თვის მანძილზე, ჰიტლერის მიერ გეგმა „ბარბაროსაზე“ ხელის მოწერის შემდეგ, საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობამ მაინც ვერ გაიგო, რომ ყველაზე უფრო მძლავრ დარტყმას ვერმახტი მოაყენებს გუდერიანის მე-2 სატანკო ჯგუფის ძალებით ბრესტ – სლუცკ – მინსკის ხაზის გამოყოლებაზე. ეს მიმართულება არ არის ნახსენები დირექტივა # 3-ში თუნდაც როგორც დამხმარე. ხოლო კი ის, რაც ჩვენმა სარდლობამ შეაფასა როგორც „დამხმარე დარტყმა ტილზიტ – შჲაულჲაის მიმართულებით“, სინამდვილეში გახლდათ არმიათა ჯგუფის „ჩრდილოეთი“ მთავარი ძალების შემოტევის დასაწყისი ლენინგრადზე.
იმ დროისათვის, როცა დირექტივა # 3 იქნა მიღებული და გაშიფრული დასავლეთის ფრონტის შტაბში, საომარი სიტუაცია ხარისხობრივად შეიცვალა.
1941 წ. 22 ივნისის დღის ბოლოსათვის ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის მეწინავე ნაწილებმა საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში 60–70 კმ-ით შემოაღწიეს და მოახდინეს მდინარე ნემანის ფორსირება (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – გადმოვიდნენ მასზე სამი აუფეთქებელი ხიდით ალიტუსთან და მერკინესთან) (იხ. რუკა # 1). მაგრამ როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო გერმანელთა შეტევითი შემართება, და როგორი სუსტიც არ უნდა ყოფილიყო ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის 11-ე არმიის ჯარების წინააღმდეგობა – გზებსა და ხიდებს აქვთ სავსებით განსაზღვრული გამტარუნარიანობა, ხოლო ტანკები კი მოძრაობენ კოლონებში რამდენიმე ათეული მეტრის ინტერვალებით. ამის შედეგად, როცა 24 ივნისის დილას ვერმახტის მე-7 სატანკო დივიზიამ ვილნიუსი დაიკავა, 20-ე და 12-ე სატანკო დივიზიები ოშმჲანებს უახლოვდებოდნენ, სატანკო ჯგუფის არჲერგარდი – 19-ე სატანკო და 14-ე მოტორიზებული დივიზიები კი ჯერ ისევ ნემანზე გადმოდიოდნენ [13]. ამრიგად ის, რასაც სამხედრო ისტორიკოსები ჩვეულებრივ „გერმანულ სატანკო სოლს“ უწოდებენ, იმ დღეებში რამდენიმე „ფოლადის ძაფს“ წარმოადგენდა, რომლებიც 100–120 კმ-ზე იყვნენ გაჭიმულნი დასავლეთ ლიტვის გზების გამოყოლებით. ამასთან გერმანული ქვეითი ჯარი, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი აზრით ფეხით დადიოდა, თავისი ცხენოსანი აღალებითა და „ცხენებით გამწევი“ არტილერიით, ჯერ მხოლოდ მდინარე ნემანზე საპონტონო ხიდების აგებას იწყებდა.
წესდება მოითხოვს, რათა ნებისმიერი რანგისა და წოდების ხელქვეითი, ზემდგომი მეთაურის მიერ მისთვის დასმული ამოცანის უპირობო შესრულებისას, იჩენდეს გონივრულ ინიციატივას ბრძანების შესრულების ყველაზე უფრო ეფექტური გზებისა და მეთოდების შერჩევაში. სწორედ ასე მოქმედებდა კიდეც დასავლეთის ფრონტის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი, ლენინის სამი ორდენისა და წითელი ვარსკვლავის ორი ორდენის კავალერი, არმიის გენერალი დ. გ. პავლოვი. იგი არ მიჰყვა პირდაპირ დირექტივა # 3-ის „სიტყვას“ და შეტევის მახვილი წვერი ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან (გროდნოდან სუვალკიზე) პირდაპირ ჩრდილოეთისკენ, ნემანის დასავლეთ ნაპირის გასწვრივ, გროდნოდან მერკინეზე გადაიტანა. ოპერაციის ჩანაფიქრი გენიალურად მარტივი გახლდათ. სწრაფი და გაბედული (ორი დღე დროში და 80–90 კმ სივრცეზე) დარტყმა მოწინააღმდეგის აღმოსავლეთისკენ შემომტევი ქვეითი ჯარის ფლანგსა და ზურგში, ნემანზე ხიდებისა და გადმოსასვლელების ხელში ჩაგდება – და ხაფანგიც, რომელშიც თვითონ ჩაიგდო საკუთარი თავი ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფმა, იკეტება. მომარაგების მთელი ხაზებისაგან მოწყვეტილი, საკუთარი ქვეითი ჯარების მხარდაჭერას მოკლებული, ვილნიუსთან შემოჭრილი გერმანული სატანკო დივიზიები, ალყაში ექცევიან და ნადგურდებიან.
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ თერთმეტი თვის შემდეგ, 1942 წლის მაისში, ჩანაფიქრის მიხედვით ზუსტად ასეთივე ოპერაცია იქნა ჩატარებული გერმანელთა მიერ. მაშინ, სამწუხაროდ-სახელგანთქმული ხარკოვის შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას, საბჭოთა ჯარებმა მოახდინეს სევერსკი დონეცის ფორსირება და ხარკოვის გარეუბნებამდეც მივიდნენ. ხოლო ამ დროს კლაისტის გერმანულმა სატანკო არმიამ მოახდინა სწორედ იმავე მდინარის ფორსირება ქალაქ იზჲუმის რაიონში (ხარკოვიდან 100 კმ სამხრეთით) და, მიიწევდა რა ჩრდილოეთისაკენ, სევერსკი დონეცის პრაქტიკულად ყველასაგან დაუცველი აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით, გადაჭრა საბჭოთა ჯარების კომუნიკაციები, რომლებიც საბოლოო ჯამში დონეცის დასავლეთ ნაპირზე „ქვაბულში“ აღმოჩნდნენ. ამის შედეგად იქცა ხუთი საბჭოთა არმიის ალყაში მოქცევა და განადგურება, ამასთან წითელი არმიის 200 ათასზე მეტი მებრძოლი და მეთაური გერმანულ ტყვეობაში აღმოჩნდა. პავლოვის მიერ ჩაფიქრებული ოპერაცია არ შეიძლებოდა ამდენად მასშტაბური წარმატებით დასრულებულიყო – უბრალოდ იმიტომ, რომ გერმანული მე-3 სატანკო ჯგუფის შემადგენლობაში არ ყოფილა არც 200, არც თუნდაც 100 ათასი ადამიანი. მაგრამ ყველაფერ დანარჩენში დასავლეთის ფრონტის დამრტყმელი ჯგუფის შეტევა იყო, რომ იტყვიან, „წარმატებისათვის განწირული“.
1939 წ. სექტემბერში „ყოფილი პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სსრკ-ისა და გერმანიის სახელმწიფო ინტერესების გამიჯვნის“ [70] წინდახედულად გავლებული ხაზების წყალობით საბჭოთა ჯარების ბელოსტოკის დაჯგუფება, ჯერ რომ არც ერთი გასროლა არ მეხდინა, უკვე მუქარად ადგა თავზე გერმანული ჯარების ფლანგსა და ზურგს, რომლებიც სუვალკის ვიწრო შვერილის „ერთ გოჯ მიწაზე“ იყვნენ ჩაჭედილნი. ამაზე იზრუნა სტალინმა. ბუნებამ კი (ან თავად უფალმა ღმერთმა) იზრუნეს იმაზე, რომ მდინარე ნემანი გროდნოსთან 90 გრადუსით შემობრუნებულიყო, „გაუთავისუფლებდა“ რა ამრიგად გზას ბელოსტოკიდან მერკინეზე შემტევ საბჭოთა ტანკებს. სხვა მსხვილი მდინარეები, რომლებსაც შეიძლებოდა თავდაცვაში მყოფი გერმანული ქვეითი ჯარი ჩასჭიდებოდა, ამ რაიონში უბრალოდ არ არის.
იმის წყალობით, რომ პავლოვმა უარი თქვა შეტევაზე გერმანელების მიერ 39 წელს დაკავებულ ქალაქ სუვალკიზე და გადაწყვიტა ალყაში მოექცია და გაენადგურებინა მოწინააღმდეგის სუვალკის დაჯგუფება საბჭოთა ტერიტორიაზე, გერმანელებს წაერთვათ შესაძლებლობა საინჟინრო აზრით წინასწარ მომზადებულ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვას დაყრდნობოდნენ. გასაგებია, რომ ადგილმდებარეობაზე, რომელიც გერმანელებმა ერთი-ორი დღის წინ დაიკავეს, მათ არ ჰქონდათ და ვერც შეიძლებოდა ჰქონოდათ არც დანაღმული ველები, არც ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, არც რკინაბეტონის დოტები (რუსულად ДОТ – долговременная огневая точка, ქართულად – ხანგრძლივი საცეცხლე წერტილი).
დასავლეთის ფრონტის ჯარების დამრტყმელი დაჯგუფების შემადგენლობაში ჩართული იყო ორი მექანიზებული კორპუსი და ერთიც საკავალერიო კორპუსი (ეს უკანასკნელი შენაერთი პირადი შემადგენლობის რიცხოვნებით შეესაბამება ერთ მსროლელ დივიზიას). ამრიგად, მაშინ წითელ არმიაში მიღებული სამხედრო ტერმინოლოგიის მიხედვით, იქმნებოდა „ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფი“, შემოკლებით – ცმჯ. ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის მეთაურობა პავლოვმა თავის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ბოლდინს დაავალა. 23 სთ 40 წთ-ზე ბელოსტოკში, დასავლეთის ფრონტის ყველაზე უფრო მძლავრი 10-ე არმიის შტაბში (სადაც ამ დროისათვის უკვე ჩამოვიდა მინსკიდან გენერალ-ლეიტენანტი ბოლდინი) მოვიდა პავლოვის ბრძანება, რომლის შესაბამისადაც ცმჯ-ს მე-6 მექანიზებული კორპუსის, 11-ე მექანიზებული კორპუსის, მე-6 საკავალერიო კორპუსის შემადგენლობით უნდა „მიეყენებინა დარტყმა საერთო მიმართულებით ბელოსტოკი, ლიპსკი, გროდნოს სამხრეთ მხარე, ამოცანით გაენადგურებინა მოწინააღმდეგე მდ. ნემანის მარცხენა (ე. ი. დასავლეთ – მ. ს.) ნაპირზე და 24.6.41 წ. მიწურულისათვის დაუფლებოდა მერკინეს“.
აქ, ალბათ, დადგა დრო შევწყვიტოთ 1941 წ. ივნისის მოვლენების გადმოცემა იმისათვის, რათა განვუმარტოთ მკითხველს – მაინც რას აღნიშნავს ეს სიტყვები: „მექანიზებული კორპუსი“?
მეორე მსოფლიო ომს მნიშვნელოვან ხარისხად შეიძლება ეწოდოს სატანკო ომი. სწორედ მძლავრი სატანკო შენაერთები იქცნენ იმ ეპოქაში მსხვილი შეტევითი ოპერაციების ჩატარების მთავარ ინსტრუმენტად. და რამდენადაც ჩვენ ხელი მოვკიდეთ 1941 წ. ნიმუშის მგწა-ის რეალური შეტევითი შესაძლებლობების გამორკვევას, მაშინ ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს იმას, რომ უფრო ახლოს გავეცნოთ საბჭოთა მექკორპუსს.
წითელი არმიის ყველა მექანიზებულ კორპუსს გააჩნდა ერთიანი სტრუქტურა. მექკორპუსის შემადგენლობაში შედიოდნენ:
– ორი სატანკო დივიზია;
– მოტორიზებული დივიზია;
– ცალკეული სამოტოციკლეტო პოლკი;
– მრავალრიცხოვანი სპეცქვედანაყოფები (კავშირგაბმულობის ცალკეული ბატალიონი, ცალკეული მოტოსაინჟინრო ბატალიონი, საკორპუსო ავიაესკადრილია და ა. შ.).
არსებითად, მექკორპუსის შემადგენლობაში შედიოდა სამი „სატანკო“ დივიზია, რადგანაც საბჭოთა მოტორიზებულ დივიზიას თავის შემადგენლობაში ჰყავდა სატანკო პოლკი და ტანკების საშტატო რიცხვის მიხედვით (275 ერთეული) აღემატებოდა გერმანულ სატანკო დივიზიას. ფაქტიურად მოტორიზებული დივიზიის განსხვავება სატანკოსაგან სახელწოდებასა და სხვადასხვა სტრუქტურაში, ე. ი. სატანკო და მოტომსროლელ ნაწილებს შორის სხვადასხვა თანაფარდობაში მდგომარეობდა. სატანკო დივიზიაში იყო ოთხი პოლკი: ორი სატანკო, მოტომსროლელი და საარტილერიო. მოტორიზებულ დივიზიაში ასევე იყო ოთხი პოლკი: ორი მოტომსროლელი, სატანკო და საარტილერიო. გარდა ამისა, თითოეულ დივიზიაში იყო თავისი კავშირგაბმულობის ბატალიონი, თავისი სადაზვერვო ბატალიონი, საპონტონო-სახიდო ბატალიონი, საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი, მრავალრიცხოვანი საინჟინრო სამსახურები.
მოტორიზებული დივიზიის შემადგენლობაში (მოწინააღმდეგის ტანკებთან შეხვედრის შემთხვევისათვის) წინდახედულად იყო შეყვანილი ცალკეული გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი.
აშკარაა, რომ, შეიმუშავებდა რა სწორედ ასეთ სტრუქტურას, საბჭოთა სარდლობა ისწრაფოდა იქითკენ, რათა კორპუსს მთლიანობაში ჰქონოდა მაქსიმალური ოპერატიული დამოუკიდებლობა. კორპუსის მეთაურის ხელში იყო:
– მძლავრი მოჯავშნული „ტარანი“ ხუთი სატანკო პოლკისაგან;
– თავისი საკუთარი საარტილერიო ჯგუფი (სამი არტპოლკი მექანიკური გაწევით, რომელთაც შეეძლოთ გარღვევის უბანზე მოწინააღმდეგის თავდაცვა შეეტეხათ);
– მექანიზებული „მსუბუქი კავალერია“ (საკორპუსო სამოტოციკლეტო პოლკი);
– თავისი ქვეითი ჯარი (ოთხი მოტომსროლელი პოლკი, რომელთაც შეეძლოთ დაპყრობილ ადგილმდებარეობაზე გამაგრებულიყვნენ და შემტევი სატანკო სოლი ფლანგებიდან და ზურგიდან დაეფარათ).
იყო მექკორპუსში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, კავშირგაბმულობის, დაზვერვის საკუთარი საშუალებებიც. თვით საკუთარი სადაზვერვო ავიაციაც კი – საკორპუსო ავიაესკადრილია, რომლის შეიარაღებაშიც იყო 15 თვითმფრინავი У-2 და Р-5 (ზემსუბუქი ბიპლანი У-2, როგორც ცნობილია, ნებისმიერი ტყის მდელოდან ფრინდებოდა და ჯდებოდა, რადიკალურად წყვეტდა რა ასეთნაირად „კავშირგაბმულობის არარსებობის“ საკრამენტულ პრობლემას). მექკორპუსის ყველა ქვედანაყოფის მაღალი ძვრადობის უზრუნველყოფისთვის მასში საშტატო განრიგით უნდა ყოფილიყო 5165 ავტომობილი (ყველა ტიპისა, ავტოცისტერნების ჩათვლით) და 352 მუხლუხიანი გამწევი (ტრაქტორი) არტილერიის ბუქსირებისა და ბრძოლის ველიდან დაზიანებული ტანკების ევაკუირებისათვის.
საშტატო რიცხოვნების მრავალჯერადი ცვლილებების შემდეგ კორპუსის შეიარაღებაში უნდა ყოფილიყო ჩართული 1031 ტანკი, და სახელდობრ: 126 КВ, 420 Т-34, 316 БТ, 152 Т-26 (მათ რიცხვში 108 ცეცხლსატყორცნი) და 17 მცურავი სატყვიამფრქვევო ტანკეტი Т-38/Т40. გარდა ამისა, მექკორპუსის შეიარაღებაში იყო ისეთი ტიპიც ჯავშანტექნიკისა (არარსებული ვერმახტში), როგორიცაა თვლიანი ზარბაზნიანი ჯავშანავტომობილები, სულ 152 БА-10. ეს მანქანა მაღალი გამავლობის სამღერძიანი სატვირთო ავტომობილის ბაზაზე იყო შექმნილი და შეიარაღებული გახლდათ 45-მმ სატანკო ზარბაზნით 20К სტანდარტულ სატანკო კოშკში, ე. ი. თავისი შეიარაღების სიმძლავრის მიხედვით БА-10 აღემატებოდა მსუბუქ გერმანულ ტანკებს Pz-I, Pz-II, Pz-38(t), Pz-III (პირველი სერიებისა 37-მმ ზარბაზნით), რომლებიც 1941 წ. ზაფხულისათვის ჯერ კიდევ ვერმახტის სატანკო ჯგუფების ფარეხის 60 %-ს შეადგენდნენ. იყო მექკორპუსის შეიარაღებაში მსუბუქი მოჯავშნული მანქანებიც სატყვიამფრქვევო შეიარაღებით (БА-20), შექმნილები მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე. მექკორპუსის ჯავშანტექნიკის საერთო განაწილება ნაჩვენებია ცხრილში:
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – სატანკო დივიზია, B – მოტორიზებული დივიზია, C – საკორპუსო ქვედანაყოფები)
ჯავშანსატანკო . . . . . საჯარისო შენაერთები და ქვედანაყოფები
ტექნიკის ტიპები . . . . . . . . A . . . A . . . . B . . . . C . . . ს უ ლ
КВ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 63. . . .63 . . . .0 . . . . 0 . . . . . 126 . . .
Т-34 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 210 . . 210 . . . 0 . . . . 0 . . . . . 420 . . .
БТ-7 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .26 . . . 26 . . .258 . . .17 . . . . .316 . . .
Т-26 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .76 . . . 76 . . . .0 . . . . 0 . . . . . 152 . . .
Т-38/Т40 . . . . . . . . . . . . . . . . .0 . . . . 0. . . . 17 . . . 0 . . . . . .17 . . .
БА 10 . . . . . . . . . . . . . . . . . . .56 . . . 56 . . . 18 . . .22 . . . . .152 . . .
БА-20 . . . . . . . . . . . . . . . . . . .39 . . . 39 . . . 33 . . . .5 . . . . .116 . . .
სულ მექკორპუსში ირიცხებოდა 1299 ერთეული ჯავშანტექნიკა. მექკორპუსის მთელი ჯავშანტექნიკა რომ ერთ ხაზად განვალაგოთ სტანდარტული სამარშო ინტერვალით 15 მ მანქანებს შორის, მაშინ 25 კმ სიგრძის „ფოლადის ლენტს“ მივიღებთ!
მექკორპუსის შეიარაღებაში 126 მძიმედ ტანკის КВ და 420 საშუალო ტანკის Т-34 არსებობა, დანარჩენი სხვის გარდა, ნიშნავს 76,2 მმ კალიბრის 546 საარტილერიო ლულის არსებობას. ამასთან, სატანკო ზარბაზნების გარდა, მექკორპუსის შემადგენლობაში იყო „ჩვეულებრივი“, სპეციალური საარტილერიო მუხლუხიანი გამწევებით (ან მძლავრი ტრაქტორებით) ბუქსირებადი არტილერიაც: 76,2 მმ კალიბრის ზარბაზნები და 122 მმ და 152 მმ კალიბრის ჰაუბიცები. კორპუსის არტსისტემები შემდეგნაირად იყო განაწილებული:
დივიზიათა ტიპები . . . . . . . . საარტილერიო საშუალებათა კალიბრები
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 76,2-მმ . . . . . . 122-მმ . . . . . . 152-მმ . . .
სატანკო დივიზია . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . .12 . . . . . . . . . . . .12 . . . . .
სატანკო დივიზია . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . .12 . . . . . . . . . . . .12 . . . . .
მოტორიზებული
დივიზია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .16 . . . . . . . . . . .16 . . . . . . . . . . . 12 . . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .24 . . . . . . . . . . .40 . . . . . . . . . . . 36 . . . . .
მთლიანობაში მექკორპუსის ერთობლივი საარტილერიო ზალპის წონა (ნახევარი ათასი 45-მმ ზარბაზნის გაუთვალისწინებლად, რომლებიც მსუბუქი ტანკებისა და მძიმე ჯავშანმანქანების კოშკებში იყო განთავსებული) 6 ტონაზე ცოტა ნაკლებს შეადგენდა, რაც ვერმახტის ქვეითი დივიზიის ანალოგიურ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატებოდა. ღირს რომ მივაქციოთ ყურადღება ქვემეხების რიცხვისა (100 ერთეული) და მექანიკური გაწევის საშუალებათა რიცხვის (352 მუხლუხიანი გამწევი) თანაფარდობას, აღარაფერს ვიტყვით რა უკვე იმაზე, რომ თვითონ ტანკებს КВ და Т-34 მათი 500-ძალიანი დიზელური მოტორით შეეძლოთ როგორც სადივიზიო „სამდჲუიმიანი“ (წონა 1,5 ტ), ისე 122-მმ ჰაუბიცაც (წონა 2,5 ტ) „ბუმბულივით“ ბუქსირზე აეყვანათ.
ახალი საბჭოთა ტანკების Т-34 და КВ თავისი დროისათვის უნიკალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ჭურვსაწინააღმდეგო მოჯავშნა, მძლავრი შეიარაღება, დიზელური ძრავი, მაღალი გამავლობა და სვლის დიდი მარაგი) მთლიანობაში აღნიშნავდა ომის წარმოების პრინციპულად ახალი ინსტრუმენტის შექმნას. Т-34-სა და КВ-ს შეეძლოთ დამოუკიდებლად (ისე რომ არ დალოდებოდნენ მძიმე არტილერიის მოსვლას) ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებები წინა ხაზზე, ხოლო შემდეგ კი მხარი დაეჭირათ ქვეითი ჯარისათვის დამიზნებული ცეცხლით მთელ ტაქტიკურ სიღრმეში მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისას.
1940 წ. დეკემბერში წითელი არმიის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის ცნობილ თათბირზე დასავლეთის ფრონტის მომავალი სარდალი (და იმ მომენტში კი – წითელი არმიის მთავარი ჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსი) გენერალი დ. პავლოვი თავისი არმიისადმი კანონიერი სიამაყის გრძნობით მოახსენებდა:
„...სატანკო კორპუსები, მასობრივი ავიაციით მხარდაჭერილნი, იჭრებიან მოწინააღმდეგის თავდაცვით ზოლში, ტეხავენ მისი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, თან ურტყამენ არტილერიას და მიდიან ოპერატიულ სიღრმეში... განსაკუთრებით ეფექტური იქნება მექკორპუსების გამოყენება კონცენტრულად, როცა თავიანთი გამანადგურებელი დარტყმით ეს მექკორპუსები მოსდებენ მარწუხებს მოწინააღმდეგისათვის უკანასკნელი დარტყმის მისაყენებლად... ასეთი მოქმედებებისას ჩვენ ვთვლით, რომ სატანკო კორპუსების წყვილმა მთავარი დარტყმის მიმართულებაზე უნდა მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა ორი საათის განმავლობაში და შემოუაროს მთელ ტაქტიკურ სიღრმეს 30–35 კმ-ზე. ეს მოითხოვს ტანკებისა და ავიაციის მასირებულად გამოყენებას; და ეს შესაძლებელია ახალი ტიპის ტანკების არსებობისას...
თუ ერთი სატყვიამფრქვევო ბუდის ჩახშობისათვის საველე ვითარებაში მოითხოვება 120 ჭურვი 76-მმ ან 80 ჭურვი 122-მმ ჰაუბიცისა, მაშინ მე გთხოვთ დაიანგარიშოთ, რამდენი გასროლა დასჭირდება ტანკს იმისათვის, რათა ერთი სატყვიამფრქვევო ბუდე გაანადგუროს? ან არც ერთი, ან 2–3 ჭურვი 1–1,5 კმ დისტანციიდან. ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ზარბაზნის გასანადგურებლად, როგორც წესი, გამოიყენება 122-მმ ჰაუბიცა. 70–90 ჭურვია საჭირო. მე თქვენ გეკითხებით: რამდენი ჭურვი დასჭირდება მძიმე ტანკს იმისათვის, რათა ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთი ზარბაზანი ჩაახშოს? ან არაფერი, ან ერთი გასროლა... მე ვამტკიცებ, რომ დიდი რაოდენობით მძიმე ტანკების არსებობა ძლიერ დაეხმარება არტილერიას მის მუშაობაში და ჭურვების დანახარჯსაც შეამცირებს...“ [14].
1941 წ. თებერვალში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინათ ო ც დ ა / ც ხ რ ა ასეთი მექკოროპუსი, რაც ნიშნავდა სატანკო ჯარების გაშლას ოცდაათი ათასი ტანკის რიცხოვნებით: ორჯერ მეტისა, ვიდრე გერმანიის, ინგლისის, იტალიისა და აშშ-ის არმიებში, ერთად აღებულში. სამწუხაროდ, თვით ჰიტლერსაც კი, თუმცა იგი „მძვინვარე ეფრეიტორად“ ითვლებოდა, ეყო ჭკუა არ დალოდებოდა, არამედ თვითონ დასხმოდა თავს. დასხმოდა უფრო ადრე, ვიდრე სტალინი ბოლო ქანჩამდე დააკომპლექტებს თავის ოცდა ცხრავე მექანიზებულ კორპუსს. ამის შედეგად რეალობაში ომი მოუხდათ სულაც არა ისეთი მექკორპუსებით, როგორებიც ზემოთაა აღწერილი.
„ჩვენ ვერ გავთვალეთ ჩვენი სატანკო მრეწველობის ობიექტური შესაძლებლობები, – მწარედ ჩივის თავის მემუარებში გამარჯვების დიადი მარშალი, – მექკორპუსების სრული დაკომპლექტებისთვის მარტო ახალი ტიპების 16 600 ტანკი შეიქნა საჭირო... ასეთ რაოდენობას ტანკებისა ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში ვერსაიდან მივიღებდით“ [15]. გასაოცარია, თუ როგორ შეეძლო გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს 1941 წ. 22 თებერვალს მის მიერვე დამტკიცებული მექკორპუსების გაშლის პროგრამა დაევიწყებინა?
სრულიად ზღვარგადასული რიცხოვნების სატანკო ჯარების შექმნას არც გეგმავდნენ „ერთი წლის განმავლობაში“!
ყველა მექკორპუსი დაყოფილი იყო 19 „საბრძოლო“, 7 „შემცირებულ“ და 4 „მეორე რიგის შემცირებულ“ შენაერთებად. სულ 1941 წ. ბოლოსათვის იგეგმებოდა მექკორპუსებისა და ორი ცალკეული სატანკო დივიზიის შემადგენლობაში ჰყოლოდათ 18 804 ტანკი, მათ რიცხვში – 16 655 ტანკი „საბრძოლო“ მექკორპუსებში [16, გვ. 677]. რაოდენობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა ამ მექკორპუსების დაკომპლექტებაში არ ყოფილა: 1941 წ. 1 იანვრისათვის წითელ არმიაში უკვე 20 ათასზე მეტი ტანკი ირიცხებოდა. მაგრამ ესენი იყვნენ „მოძველებული“ (მოძველებული უახლეს ტანკებთან КВ და Т-34 შედარებით, და სულაც არა მოწინააღმდეგის ტანკებთან!) მსუბუქი ტანკები Т-26 და БТ, ხოლო ყველა 29 მექკორპუსის ახალი ტანკებით სრული გადაიარაღებისათვის 3654 ტანკი КВ и 12 180 ტანკი Т-34 მოითხოვებოდა.
მათი წარმოების პროგრამა სსრკ-ის გიგანტური სამხედრო მრეწველობის რეალურ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში იყო დაგეგმილი და წარმატებითაც სრულდებოდა. 1941 წ. იქნა გამოშვებული 1358 ტანკი КВ და 3014 ტანკი Т-34.
შემდეგ, 1942 წ. სსრკ-ის სატანკო მრეწველობამ აწარმოა უკვე 24 718 ტანკი, მათ რიცხვში 2553 მძიმე КВ და 12 527 საშუალო Т-34 [1, გვ. 598]. საბოლოო ჯამში: 3911 КВ და 15 541 Т-34 ორი წლის განმავლობაში. ამასთან წარმოების ეს მოცულობა ისეთ პირობებში იქნა უზრუნველყოფილი, რომლებიც 1941 წ. ჟუკოვსა და სტალინს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში შეიძლებოდა ეხილათ: ორი უმნიშვნელოვანესი საწარმო (მსოფლიოში უმსხვილესი სატანკო ქარხანა # 183 და სატანკო დიზელების ქვეყანაში ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა # 75) მოუწიათ ბომბების ქვეშ ხარკოვიდან ურალში გადაეტანათ, ლენინგრადის ორი უზარმაზარი ქარხანა კი (კიროვის სახ. # 185 და ვოროშილოვის სახ. # 174) ბლოკადის რგოლში აღმოჩნდა. არ არის არანაირი გონივრული საფუძველი ეჭვის შესატანად იმაში, რომ ნორმალურ პირობებში საბჭოთა მრეწველობა მით უმეტეს შეძლებდა უზრუნველეყო მექკოპრპუსების გადაიარაღება 1942 წ. ბოლოსათვის. როგორც ეს იყო კიდეც დაგეგმილი.
დავასრულეთ რა კამათები და პროგნოზები, გადავიდეთ იმის შეფასებაზე, რაც იყო ნატურაში. საბრძოლო მოქმედებების დასაწყისისათვის 20 მექკორპუსის შემადგენლობაში, რომლებიც ხუთ დასავლეთ სასაზღვრო ოკრუგში იყო გაშლილი, ირიცხებოდა 11 ათასი ტანკი [3]. კიდევ ორი ათასზე მეტი ტანკი იყო სამი მექკორპუსის შემადგენლობაში (მე-5, მე-7 და 21-ე მექკორპუსებისა) და ასევე 57-ე სატანკო დივიზიისა, რომლებიც უკვე ომის პირველ კვირებში იქნენ შეყვანილი ბრძოლაში შეპეტოვკასთან, ლეპელთან და დაუგავპილსთან. ამრიგად, ჟუკოვს მოუხდა დაეწყო ომი, დაკმაყოფილდებოდა რა „სულ რაღაც“ ოთხჯერადი რიცხობრივი აღმატებით ტანკებში. ეს თუ დავითვლით ყველაზე უფრო მოკრძალებულად, ე. ი. არ მივიღებთ რა მხედველობაში იმ ტანკებს, რომლებიც საკავალერიო დივიზიებისა და შიდა ოკრუგების ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდნენ. სულ კი, 1941 წ. 1 ივნისის მდგომარეობით, წითელ არმიაში იყო 19 540 ტანკი (ისევ თუ არ ჩავთვლით მსუბუქ მცურავ ტანკებსა Т37, Т38, Т40 და ტანკეტებს Т-27) და 3258 ზარბაზნიანი ჯავშანავტომობილი [1, გვ. 601].
სახეზე არსებული ტანკები მექკორპუსებში უკიდურესად არათანაბრად იყო განაწილებული. იყო კორპუსები (1-ლი, მე-5, მე-6), რომლებიც პრაქტიკულად მთლიანად იყვნენ დაკომპლექტებული, იყვნენ კორპუსები (17-ე, 20-ე) რომლებშიც ასეული ტანკიც კი არ მოითვლებოდა. ამდენადვე სხვადასხვაგვარი იყო სატანკო ფარეხის შემადგენლობაც. მექკორპუსების უმეტეს ნაწილში ახალი ტანკები (КВ, Т-34) სრულიად არ ყოფილა, ზოგიერთები (10-ე, 19-ე, 18-ე) უკიდურესად გაცვეთილი БТ-2 და БТ-5 ტანკებით იყვნენ შეიარაღებული, 1932–1934 წწ. გამოშვებისა, ანდა კიდევ მსუბუქი ტანკეტებით Т-37 და Т-38. და სწორედ იმავე დროს იყვნენ მექკორპუსები, რომლებიც ასეულობით უახლესი ტანკებით გახლდნენ აღჭურვილი.
ერთი შეხედვით ასეთი ჩამოყალიბების შინაგანი ლოგიკის გაგება ძნელია. მაგრამ თუ სსრკ-ის საზღვრისპირა ტერიტორიების რუკაზე მექკორპუსების დისლოკაციის ადგილებს დავიტანთ, მაშინ უკვე მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდება ოპერაცია „გროზას“ („ჭექა-ქუხილი“) ჩანაფიქრიც.
როგორც უკვე იქნა ზემოთ აღნიშნული, სსრკ-ის დასავლეთ საზღვარს ჰქონდა ორი ღრმა (120–170 კმ-ზე) შვერილი, რომლებიც მახვილი წვერით გერმანელების მიერ ოკუპირებული პოლონეთის მხარეზე იყვნენ მიმართული: ბელოსტოკის შვერილი დასავლეთ ბელორუსიაში და ლვოვის შვერილი დასავლეთ უკრაინაში. ორ შვერილს გარდაუვალად თან ახლდა ოთხი „ვარდნილიც“. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ეს „ვარდნილები“ შვერილების ძირთან იმყოფებოდა ქალაქების გროდნოს, ბრესტის, ვლადიმირ-ვოლინსკისა და ჩერნოვცის რაიონებში. თუ წითელი არმია აპირებდა თავდაცვაში ჩამდგარიყო, მაშინ შვერილების მახვილი წვერებისკენ დაფარვის მხოლოდ მინიმალური ძალები იქნებოდა დატოვებული, ხოლო თავდაცვის ძირითად დაჯგუფებებს კი ამ შვერილების ძირებთან, „ვარდნილებში“ მოაწყობდნენ. ასეთი მოწყობა საშუალებას იძლევა გარანტირებულად დააღწიონ თავი თავიანთი ჯარების ალყაში მოქცევას შვერილების ტერიტორიაზე, შეამცირონ თავდაცვის ფრონტის საერთო სიგრძე (სამკუთხედის ფუძის სიგრძე ყოველთვის ნაკლებია დანარჩენი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე) და შექმნან ყველაზე უფრო მეტი ოპერატიული სიმკვრივე (ჯარების განლაგების სიმჭიდროვე) მოწინააღმდეგის შემოტევის ყველაზე უფრო სავარაუდო მიმართულებებზე.
სინამდვილეში კი ყველაფერი ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ იქნა გაკეთებული. მთავარი დამრტყმელი შენაერთები „შეყარეს გროვად“ ბელოსტოკისა და ლვოვის შვერილების მახვილი წვერებისკენ. შვერილების ძირებთან (ფუძეებთან), გროდნოს, ბრესტისა და ჩერნოვცების რაიონში, შეუდარებლად უფრო სუსტი ძალები იყო განლაგებული. მთელი დაჯგუფების აღწერა ჩვენ ძალიან ბევრ დროსა და ადგილს წაგვართმევს, ამიტომ „ხუთი გოლიათის“ დისლოკაციის განხილვით შემოვიფარგლებით, ხუთი მექკორპუსისა, რომელთა შეიარაღებაშიც აღმოვაჩენთ 700-დან 1000-მდე ტანკს, მათ რიცხვში 100-ზე მეტ უახლეს ტანკს Т-34 და КВ, ასეულობით ტრაქტორს (გამწევს), ათასობით ავტომობილს. ესენია (ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ თუ ჩამოვთვლით) მე-3 მექკორ., მე-6 მექკორ., 15-ე მექკორ., მე-4 მექკორ. და მე-8 მექკორ.
თვით ამათ შორისაც, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდაა მიჩნეული მე-6 (რომელსაც შემდეგ ბოლდინის ცმჯ-ში შესვლა მოუწია) და მე-4 მექკორპუსი (რომლის საბრძოლო მოქმედებათა შესახებაც მოცემული წიგნის მეორე ნაწილი გვექნება ლაპარაკი). მათ შეიარაღებაში ომის დასაწყისისათვის იყო შესაბამისად 452 და 414 უახლესი ტანკი – უფრო მეტი, ვიდრე წითელი არმიის ყველა სხვა დანარჩენ მექანიზებულ კორპუსში, ერთად აღებულში. მე-6 მექკორ-ში საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისათვის ირიცხებოდა 1131 ტანკი (ე. ი. საშტატო ნორმაზე მეტიც კი), 294 ტრაქტორი, ხოლო ავტომანქანებისა და მოტოციკლების რიცხვის მიხედვით კი (3779 და 1042 შესაბამისად) იგი წითელი არმიის ნებისმიერ სხვა მექკორპუსს აღემატებოდა.
მაინც სად იდგნენ ეს „გოლიათები“? მე-4 მექკორ-ი გაშლილი იყო შვერილის მახვილ წვერთან, ლვოვის რაიონში. მის გვერდით, ცოტა სამხრეთით, დისლოცირებული გახლდათ მე-8 მექკორ. (859 ტანკი, მათ შორის 171 უახლესი Т-34 და КВ, 359 ტრაქტორი და გამწევი, 3237 ავტომობილი). ლვოვის ცოტა უფრო აღმოსავლეთით, ზოლოჩევ – კრემენეცის რაიონში იმყოფებოდა 15-ე მექკორ. (716 ტანკი, მათ რიცხვში 136 Т-34 და КВ, 165 ტრაქტორი და გამწევი, 2035 ავტომანქანა). ისე რომ არ მოუხდენია არც ერთი გასროლა, დამრტყმელი დაჯგუფება სამი მექკორპუსის შემადგენლობით უკვე დაეკიდა (აღიმართა) გერმანული ჯარების არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“ ფლანგისა და ზურგის თავზე, აღმოჩნდა რა მოქცეული მდინარეებს ვისლასა და ბუგს შორის (იხ. რუკა # 3).
კიდევ უფრო საჩვენებელი იყო მე-6 მექკორ-ის დისლოკაციის ადგილის არჩევა, რომელიც ბელოსტოკის უღრან ტყეებში დამალეს. შეიძლება მივხვდეთ, თუ როგორ მოხვდა მექკორპუსი მისი უზარმაზარი „მეურნეობით“ ბელოსტოკში – ამ ქალაქთან გროდნოდან, საუკუნოვანი ტყეებისა და უძირო ჭაობების გავლით მიდის რკინიგზის ლიანდაგი. თავისი სვლით ბელოსტოკიდან გამგზავრება კი კორპუსს შეეძლო მხოლოდ ერთ მხარეს – დასავლეთისკენ, ვარშავისკენ მიმავალ გზატკეცილზე, რომელამდეც საზღვრიდან სულ 80 კმ რჩებოდა. ბელოსტოკიდან აღმოსავლეთისკენ უზარმაზარი გაუვალი ტყის მასივია გადაჭიმული (სუპრასელის უღრანი). მაგისტრალური საავტომობილო გზა ბელოსტოკიდან საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში (და შესაბამისად აქ მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შემოტევის მოლოდინი) არც მაშინ ყოფილა და არცა დღემდე არ არის.
მეტად აღსანიშნავია მე-3 მექკორ-ის დისლოკაციის ადგილიც (672 ტანკი, მათ შორის 128 Т-34 და КВ, 162 ზარბაზნიანი ჯავშანავტომობილი БА-10 /პირველი ადგილი ყველა მექკორპუსს შორის/, 308 ტრაქტორი და გამწევი, 3897 ავტომობილი). ეს კორპუსი ექვემდებარებოდა 11-ე არმიას, რომელი ლიტვის სამხრეთში იყო გაშლილი, ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის ფრონტების პირაპირზე. საზღვრის ხაზს ამ პირაპირის რაიონში გრძელი ვიწრო „ენის“ შესახედაობა ჰქონდა, რომელიც პოლონურ ქალაქ სუვალკიდან საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში გროდნოს რაიონში შემოდიოდა. ფაქტიურად ამ სუვალკის შვერილის ტერიტორიაზე იყო გაშლილი ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფი (ოთხი სატანკო და სამი მოტორიზებული დივიზია) და ოთხი ქვეითი კორპუსი. საბჭოთა-გერმანული ფრონტის მთელ სიგრძეზე არ ყოფილა სხვა რაიონი გერმანული ჯარების ამდენად მაღალი კონცენტრაციით. საბჭოთა სარდლობას შეეძლო არც სცოდნოდა ამის შესახებ, მაგრამ თავად საზღვრის მოხაზულობა გროდნოსთან დიდ შიშებს ჩააგონებდა. მიუხედავად ამისა, მე-3 მექკორ-ი გროდნოდან მნიშვნელოვნად ჩრდილოეთით, კაუნასის რაიონში აღმოჩნდა (იხ. რუკა # 1). უცნაური გადაწყვეტილებაა სუვალკიდან გროდნოზე მოწინააღმდეგის მეტად სავარაუდო დარტყმის მოსაგერიებლად, სამაგიეროდ ძალზედ გასაგები და რაციონალური დასავლეთით შეტევისათვის, ტილზიტზე და შემდეგ ბალტიის ზღვის სანაპიროსკენ.
უშუალოდ გროდნოსთან კი სუსტად დაკომპლექტებული 11-ე მექკორ. იმყოფებოდა (331 ტანკი, მათ რიცხვში სამი ათეული Т-34 და КВ, 55 ტრაქტორი და გამწევი, 920 ავტომანქანა). ცოტათი უკეთ (518 მსუბუქი ტანკი Т-26, არც ერთი საშუალო და მძიმე ტანკი) იყო შეიარაღებული 14-ე მექკორპუსი, რომელსაც ბელოსტოკის შვერილის სამხრეთ ფუძესთან, ბრესტ – კობრინის რაიონში დაატყდა თავზე ომის პირველ დღეებში ვერმახტში ყველაზე უფრო მძლავრი, გუდერიანის მე-2 სატანკო ჯგუფის დარტყმა.
რამდენადმე გადავერთვებით რა „სატანკო თემიდან“, უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური სახით (მთავარი ძალები – მოწინააღმდეგისკენ მიმართული შვერილის მახვილ წვერთან) იყო დისლოცირებული მძიმე არტილერიის პოლკებიც (საკორპუსო და მთავარი სარდლობის რეზერვისა /მსრ/). ასე, მე-3 არმიის შემადგენლობაში, რომელიც გროდნოს მიმართულებას იფარავდა, იყო სულ ორი საკორპუსო არტპოლკი (152-ე და 444-ე) და არც ერთი მსრ-ის არტპოლკი, ხოლო 10-ე არმიის შემადგენლობაში კი (ბელოსტოკის შვერილის წვერი) – ოთხი საკოპრპუსო (30, 156, 262 და 315-ე) და სამიც მსრ-ის (311, 124, 375-ე) არტპოლკი.
ვუბრუნდებით რა 1941 წ. 22 ივნისს, შეგვიძლია მოვახდინოთ კონსტატაცია, რომ ბოლდინის ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში იყო ჩართული ოთხი სატანკო და ორი მოტორიზებული დივიზია, რომელთაც შეიარაღებაში ჰყავდათ 1500-ზე მეტი ტანკი და 200-ზე მეტი ზარბაზნიანი ჯავშანავტომობილი, დაახლოებით 5,7 ათასი ავტომობილი და 350 ტრაქტორი. გარდა ამისა, 23 ივნისს ცმჯ-ში შეტევის საარტილერიო მხარდაჭერისთვის იქნა ჩართული 124-ე საჰაუბიცო პოლკი მთავარი სარდლობის რეზერვისა 48 მძიმე ქვემეხის შემადგენლობით (ერთობლივი საარტილერიო ზალპის წონით ერთი ასეთი პოლკი ერთნახევარჯერ აღემატებოდა ვერმახტის ქვეით დივიზიას). 1,5 ათასი ტანკის საერთო რიცხვიდან მესამედი ნაწილი (470 ერთეულზე მეტი) იყო უახლესი საშუალო და მძიმე ტანკი დიზელური მოტორებით, მძლავრი შეიარაღებითა (გრძელლულიანი 76-მმ ზარბაზანი ხვრეტდა ნებისმიერი გერმანული ტანკის შუბლის ჯავშანს 800–1000 მ დისტანციაზე) და საიმედო ჯავშანდაცულობით.
მეტად საჩვენებელია ბოლდინის ცმჯ-ის შემადგენლობის შედარება დიდი სამამულო ომის დამამთავრებელი პერიოდის საბჭოთა სატანკო არმიების რიცხოვნებასთან. ასე, ბერლინის ოპერაციის დაწყების წინ ოთხი სატანკო არმიის (1, 2, 3, მე-4 გვარდიული სატანკო არმიები) შემადგენლობაში ირიცხებოდა შესაბამისად 709, 672, 572 და 395 ტანკი. ლვოვ-სანდომირის შეტევითი ოპერაცია (1944 წ. ივლის – აგვისტო) დაიწყო სამმა სატანკო არმიამ (1-ლი, მე-3, -4), რომელთაც ჰყავდათ შესაბამისად 419, 490 და 464 ტანკი. უმსხვილესი ვისლა-ოდერის ოპერაციის წინ, 1945 წ. იანვარში, ლელჲუშენკოს მე-4 სატანკო არმიაში ირიცხებოდა სულ 680 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი, მე-5 გვარდიულ სატანკო არმიაში აღმოსავლეთ-პრუსიული ოპერაციის დაწყების წინ (1945 წ. იანვარი) იყო სულ 590 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი [167]. სხვა სიტყვებით, არც ერთ საბჭოთა სატანკო არმიას, რომლებმაც გამარჯვებით დაასრულეს 1945 წ. ომი, არ ჰყავდა ნახევარიც კი ჯავშანტექნიკის იმ რაოდენობისა, რომელიც გენერალ ბოლდინის განკარგულებაში იყო მიცემული!
1941 წ. ივნისში მთელი ეს გიგანტური ფოლადის არმადა თავს უნდა დასტყდომოდა ვერმახტის ხუთ ქვეით დივიზიას: 162-ე და 256-ე ქვეით დივიზიებს 20-ე საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან და მე-8, 28- და 161-ე ქვეით დივიზიებს მე-8 საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან. ამასთან რეალურად 24 ივნისის დილისათვის ბოლდინის ცმჯ-ის დაგეგმილი კონტრდარტყმის რაიონში იმყოფებოდა მხოლოდ 20-ე საარმიო კორპუსის ორი ქვეითი დივიზია, მე-8 აკ-ის სამმა დივიზიამ კი უკვე მოახდინა მდინარე ნემანის ფორსირება და უტევდა ზოლში გროდნოდან დრუსკინინკაიმდე საერთო მიმართულებით ქ. ლიდაზე, წინ მოიწევდა რა აღმოსავლეთისკენ სამი თითქმის პარალელური მარშრუტით [61, 78]. ასეთნაირად, ცმჯ-ს თავისი შეტევისას ჩრდილოეთისკენ გროდნოდან მერკინესკენ ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა გაენადგურებინა მოწინააღმდეგე ნაწილებად რიგი თანამიმდევრული დარტყმებით ფლანგსა და ზურგში.
ამრიგად, ომის პირველ დღეებში ყალიბდება სიტუაცია, რომელიც ზუსტად შეესაბამება (თუმცა კი საბჭოთა ისტორიკოსები ჩვენ ყოველთვის საწინააღმდეგოში გვარწმუნებდნენ) წითელი არმიის სარდლობის ომისწინა გაანგარიშებებს. მოვიყვანთ კიდევ ერთ ამონარიდს ზემოთ უკვე აღნიშნული მოხსენებიდან „მექანიზებული შენაერთების გამოყენება თანამედროვე შეტევით ოპერაციაში“, რომლითაც გამოდიოდა პავლოვი უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის დეკემბრის (1940 წ.) თათბირზე;
„...თავისი შესაძლებლობების მიხედვით – შეიარაღების, ცოცხალი ძალის, დამრტყმელი სიმძლავრის მიხედვით – სატანკო კორპუსი შეესაბამება ხუთ გერმანულ ქვეით დივიზიას. და თუ ასეა, ჩვენ უფლება გვაქვს და მოვალენიც ვართ ვაკისრებდეთ სატანკო კორპუსს ამოცანებს 1–2 სატანკო დივიზიის ან 4–5 ქვეითი დივიზიის განადგურებაზე. რატომ ვამბობ მე 4–5-ს ასეთი დარწმუნებით? მხოლოდ იმიტომ, რომ სატანკო კორპუსი თავისი გაშლილი რიგებით არასოდეს იბრძოლებს ერთდროულად ამ ხუთ დივიზიასთან, რომლებიც გაიშალნენ და მიმართეს თავიანთი საცეცხლე საშუალებები მის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, იგი ამ ხუთ დივიზიას გაანადგურებს დარტყმების რიგით ერთი მეორის მიყოლებით...“ [14].
რა შეეძლო დაეპირისპირებინა ამისთვის გერმანულ ქვეით ჯარს? თითქმის არაფერი. ვერმახტის ქვეითი დივიზიის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის ძირითადი შეიარაღება გახლდათ 37-მმ ზარბაზანი, რომელსაც შეეძლო გაეხვრიტა 30–35 მმ სისქის ჯავშანი 500 მ დისტანციაზე. მსუბუქ საბჭოთა ტანკებთან БТ ან Т-26 საბრძოლველად ეს სავსებით საკმარისი გახლდათ, მაგრამ ჩვენს ახალ ტანკებთან პირველივე შეხვედრების შემდეგ გერმანელმა ჯარისკაცებმა თავიანთ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანს მისცეს მეტსახელი „კარზე საკაკუნო“ (ამ შავი იუმორის აზრი იმაშია, რომ მას შეეძლო საბჭოთა „ოცდამეთოთხმეტის“ ჯავშანზე მხოლოდ მიეკაკუნებინა). ჩვენი Т-34-ის დახრილ 45-მმ ჯავშნის ფურცელს გერმანული 37-მმ ზარბაზანი ზღვრულად მცირე დისტანციებიდან 200 მ სროლის დროსაც კი ვერ ხვრეტდა. მძიმე ტანკთან КВ ბრძოლის შესაძლებლობებზე კი (შუბლის ჯავშანი 90 მმ, ბორტისა – 75 მმ) ლაპარაკიც არ შეიძლება. ამ 48-ტონიან ფოლადის ურჩხულს შეეძლო გერმანული ქვეითი ჯარის საბრძოლო რიგები, როგორც სასწავლო პოლიგონზე, პრაქტიკულად დაუბრკოლებლად ეუთოვებინა. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ 1941 წ. 1 ნოემბრისათვის ვერმახტმა აღმოსავლეთის ფრონტზე 2479 ტანკსაწინააღმდეგო 37-მმ ზარბაზანი დაკარგა, რაც 1,42-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სადივიზიო და საკორპუსო რგოლის ყველა არტსისტემის დანაკარგები (კალიბრით 75-დან 150 მმ-მდე ჩათვლით), ერთად აღებულისა [171, გვ. 381].
მხოლოდ 1940 წ. ზაფხულში ჩაუშვეს გერმანელებმა წარმოებაში 50-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი, რომელიც მიეწოდა ვერმახტს შეიარაღებაში 2 (ორი) ცალის რაოდენობით ქვეით პოლკზე, და ეს ზარბაზნები არცთუ ყველა დივიზიაში იყო! უახლესი გრძელლულიანი (ლულის სიგრძე 60 კალიბრი) ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი Рак-38 იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ მასაც კი არ შეეძლო 48-ტონიანი მონსტრის КВ შუბლის ჯავშანი გაეხვრიტა. КВ-თან ბრძოლის ერთადერთი შესაძლო ტაქტიკა შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ბორტში სროლა, ჩასაფრებიდან, ზღვრულად მცირე დისტანციაზე. Т-34-ის კორპუსის შუბლის ჯავშანს თუმცა კი ჰქონდა სისქე „სულ“ 45 მმ (ჩამოსხმულ კოშკს ჰქონდა კედლების სისქე 52 მმ), მაგრამ უჩვეულოდ დიდი დახრით (60 გრადუსით) იყო დაყენებული, რაც თვით წმინდად გეომეტრიულად ზრდის ჯავშნის სისქეს 90 მმ-მდე. პრაქტიკულად კი ჯავშანფურცლის ასეთი დიდი დახრა ჯავშანგამტანი ჭურვის რიკოშეტით ასხლტომას იწვევდა. Т-34-ის დაზიანება საუკეთესო გერმანულ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანს შეეძლო, მხოლოდ თუ ესროდა მცირე დისტანციიდან კორპუსის ბორტში (ჯავშნის სისქე – 40 მმ, დახრის კუთხე – 40 გრადუსი).
ყველაფერ ამასთან ერთად არც Т-34, არც КВ არ ყოფილან „იარაღ-სასწაული“. აბსოლუტურად მოუწყვლადი ტანკები, რა თქმა უნდა, არ არსებობენ, და თავად ტერმინიც „ჭურვსაწინააღმდეგო მოჯავშნა“ პირობითობა გახლავთ. ჭურვები არის ძალიან განსხვავებული. გერმანული 105-მმ ზარბაზანი (არ ავურიოთ ჰაუბიცაში) 15,2 კგ წონის ჭურვს 835 მ/წმ სიჩქარემდე გააქანებდა, რაც იძლევა კინეტიკურ ენერგიას 27-ჯერ უფრო მეტს ყველაზე უფრო მასობრივი 37-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნის ლულის ენერგიასთან შედარებით. მაღალ ენერგეტიკას ფლობდა მძიმე 88-მმ საზენიტო ზარბაზანიც (საბრძოლო წონა 5,2 ტ; ჭურვის წონა 9 კგ საწყისი სიჩქარისას 820 მ/წმ), რაც თეორიულად იძლეოდა Т-34-ის შუბლის ჯავშნის გახვრეტის შესაძლებლობას, ხოლო გარკვეულ პირობებში კი – КВ-სიც. მაგრამ რეალური ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზაციასთან მთელ ამ „ეგზოტიკას“ თითქმის არანაირი მიმართება არ გააჩნია.
საშტატო განრიგის მიხედვით ვერმახტის ქვეით დივიზიას 105-მმ ზარბაზნები არ ეკუთვნოდა (ეს შორსმსროლელი ქვემეხები საკორპუსო საარტილერიო დივიზიონების შემადგენლობაში შედგებოდა). ხოლო 88-მმ გერმანულ საზენიტო ქვემეხებს რაც შეეხება, ისინი ვერმახტის ქვეითი დივიზიების შემადგენლობაში სრულებით არ ყოფილა (ისევე როგორც არც სატანკო, არც მოტორიზებული დივიზიებისა), რადგანაც ყველა საზენიტო ბატარეა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ორგანიზაციულად ლჲუფტვაფეს შემადგენლობაში შედიოდა და „სახმელეთო“ მეთაურებს არ ექვემდებარებოდა. ჩქაროსნულ მაღლივ მიზანში სროლის მეთოდიკას არაფერი აქვს საერთო პირდაპირი დამიზნებით ტანკში სროლასთან, 88-მმ საზენიტო ქვემეხის გაბარიტები და წონა (ისევე როგორც 105-მმ ზარბაზნისა წონით 5,6 ტ) ძალიან შორსაა იმ მოთხოვნებისაგან, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის მცირედ შესამჩნევ და მაღალმოძრავ ზარბაზნებს წაეყენება. დაბოლოს, მსხვრევადი საზენიტო ჭურვი პრაქტიკულად უსარგებლოა მოჯავშნულ მიზანში სროლისათვის.
დიახ, მართლაც, 1941 წ. ზაფხულში, აღმოჩნდნენ რა გამოუვალ სიტუაციაში ახალ საბჭოთა ტანკებთან შეხვედრის შემდეგ, გერმანელები იძულებული იყვნენ ყველაზე უფრო წარმოუდგენელი იმპროვიზაციებისთვის მიემართათ, 5-ტონიანი საზენიტო ქვემეხებისა და შორსმსროლელი ზარბაზნების გამოყენების მსგავსისა ტანკებთან საბრძოლველად. დიახ, გამოიყენებდნენ რა ამ ქვემეხებს, გერმანელ ფეხოსნებს შეეძლოთ გაენადგურებინათ სატანკო ოცეული (3 ტანკი), რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მძიმე არტილერიის საცეცხლე პოზიციის რაიონში. ასეთი საშუალებებით მასირებული სატანკო შემოტევის მოგერიებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო – Т-34 ან КВ ტანკების ბატალიონს (რომ არაფერი ვთქვათ უფრო მსხვილი მასშტაბის ნაწილებზე) მძიმე ქვემეხები უბრალოდ მიწაზე უნდა „გაებრტყელებინა“...
ის ცოტაა, რომ ფაშისტური გერმანიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ მისცა თავის არმიას არანაირი საშუალებები ახალ საბჭოთა ტანკებთან საბრძოლველად. მან ისიც კი მოახერხა, რომ ვერ შეემჩნია თვითონ ფაქტი მათი გამოჩენისა მგწა-ის (მუშურ-გლეხური წითელი არმიის) შეიარაღებაში! მხოლოდ საბრძოლო მოქმედებათა დაწყების შემდეგ, 1941 წ. 25 ივნისს ფ. ჰალდერის (სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის) დღიურში ჩნდება შემდეგი ჩანაწერი:
„...მიღებულია ზოგიერთი მონაცემი რუსული მძიმე ტანკის ახალი ტიპის შესახებ: წონა – 52 ტონა, საბორტო ჯავშანი – 8 სმ... 88-მმ საზენიტო ზარბაზანი, როგორც ჩანს, ხვრეტს მის საბორტო ჯავშანს (ზუსტად ჯერ ცნობილი არ არის) ...მიღებულია ცნობები კიდევ ახალი ტანკის გამოჩენის შესახებ, რომელიც 75-მმ ზარბაზნითა და სამი ტყვიამფრქვევითაა შეიარაღებული...“ [12].
ჰოთისა და გუდერიანის მემუარებში პირველი შეტყობინებები „ზემძიმე რუსული ტანკის“ შესახებ (ე. ი. КВ-სი) 1941 წ. ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისს მიეკუთვნება.
განხილვა საკითხისა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო უკიდურესად აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო დაზვერვას წელიწადნახევრის მანძილზე არ შეემჩნია ახალი ტიპების ტანკების გამოჩენა სერიულ წარმოებაში გერმანიის მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგესთან, გამოდის ჩვენი წიგნის ფარგლებიდან. ეს – ცალკე ლაპარაკის თემაა. ჩვენი გამოკვლევისათვის კი საკმარისია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანულ ქვეით დივიზიებს არათუ არ მიუღიათ ახალ საბჭოთა ტანკებთან ბრძოლის საშუალებანი, არამედ თავად გამოჩენაც კი ხშირი ბელორუსული ტყეებიდან 50 ტონიანი მოჯავშნული მონსტრებისა უნდა ქცეულიყო მათთვის საშინელ მოულოდნელობად.
მოულოდნელობის ეფექტი – ომში წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობა – კიდევ იმითაც ძლიერდებოდა, რომ ბელოსტოკის რაიონში მძლავრი დამრტყმელი დაჯგუფების დროულად გამოვლენა გერმანულმა დაზვერვამ ასევე ვერ მოახერხა. მე-9 არმიის შტაბის (არმიათა ჯგუფი „ცენტრი“) 1941 წ. 23 ივნისის დილის ცნობა სიტყვა-სიტყვით ამბობს: „გაძლიერებული დაზვერვის მიუხედავად, ბელოსტოკის რაიონში კავალერიისა და ტანკების მსხვილი ძალები ჯერ არ არის აღმოჩენილი...“ მხოლოდ 23 ივნისის საღამოს, ვერმახტის მე-9 არმიის შტაბის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის განყოფილების მოხსენებაში არის აღნიშნული „გროდნოს სამხრეთით რაიონში 1-ლი და მე-2 მოტომექბრიგადების გამოჩენა“ [61]. რას ნიშნავს ეს? არანაირი „მექბრიგადები“ დასავლეთის ფრონტის შემადგენლობაში არ ყოფილა, ბოლდინის ცმჯ-ის ექვს სატანკო და მოტორიზებულ დივიზიებს შორის არ ყოფილა არც ერთი ნომრებით 1 ან 2. მხოლოდ ისაა ნათელი, რომ ბოლოს და ბოლოს გერმანელებს არ შეეძლოთ არ დაენახათ უზარმაზარი სატანკო კოლონების მოძრაობა, თუმცა კი ეს მოხდა სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის დაწყებამდე.
თუმცა კი „გერმანულ-ფაშისტური ჯარების განადგურება გროდნოსა და ვილნიუსთან“ მაინც ვერ შედგა.
მოწმეების გარეშე
დიდი ანგარიშით რომ ვთქვათ, საერთოდ არაფერიც არ შემდგარა.
„...შენაერთების გაფანტულობის, მართვის არამდგრადობის, მოწინააღმდეგის ავიაციის მძლავრი ზემოქმედების შედეგად კონტრდამრტყმელი დაჯგუფების თავმოყრა დანიშნულ დროს ვერ მოხერხდა. კონტრდარტყმის საბოლოო მიზნები (მოწინააღმდეგის სუვალკური დაჯგუფების განადგურება და სუვალკის დაუფლება) ვერ იქნა მიღწეული, იყო დიდი დანაკარგები...“
აი სიტყვა-სიტყვით ყველაფერი, რაც არის ნათქვამი ბოლდინის ცმჯ-ის კონტრდარტყმის მსვლელობისა და შედეგების შესახებ „გარდაქმნისეული ხანის“ ყველაზე უფრო სოლიდურ ისტორიულ გამოკვლევაში – მონოგრაფიაში „1941 წელი – გაკვეთილები და შედეგები“, რომელიც შედგენილია 1992 წ. მაშინ ჯერ კიდევ „დსთ-ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების“ გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიკოსების მიერ. ფრაზის უკან „დიდი დანაკარგების“ შესახებ იმალება ის ფაქტი, რომ სამივე შენაერთი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბოლდინის ცმჯ-ის კონტრდარტყმაში (მე-6 და 11-ე მექკორპუსები, მე-6 საკავალერიო კორპუსი) იქნენ მთლიანად განადგურებული, მთელი საბრძოლო ტექნიკა – მიტოვებული ტყეებში და გზებზე, პირადი შემადგენლობის უმეტესი ნაწილი ტყვეობაში აღმოჩნდა ან დაიღუპა, არცთუ ბევრი ცოცხლად დარჩენილი რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში მცირე ჯგუფებად გამოაღწევდნენ ალყიდან და თავისიანებთან გამოვიდნენ უკვე მაშინ, როცა ფრონტის ხაზმა რჟევთან და ვიაზმასთან გადმოინაცვლა.
საბჭოთა ისტორიკოსების უწინდელ ფუძემდებლურ შრომებში (12-ტომიან „მეორე მსოფლიო ომის ისტორიასა“ და 6-ტომიან „დიდი სამამულო ომის ისტორიაში“) სულაც არ ყოფილა არაფერი, იმ ფაქტის ბუნდოვანი კონსტატაციის გარდა, რომ „საბჭოთა ჯარების კონტრდარტყმები, გათვალისწინებული დირექტივით # 3, უშედეგო აღმოჩნდა“. ფართოდ ცნობილ, გერმანელი გენერლების (ტიპელსკირხის, ბუტლარის, ბლჲუმენტრიტის) უკვე კლასიკად ქცეულ სამხედრო-ისტორიულ ნაშრომებში საბჭოთა ჯარების კონტრდარტყმაზე გროდნოს რაიონში – ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.
ჰ. ჰოთის მემუარებში („სატანკო ოპერაციები“) ჩვენ ვერ ვპოულობთ რაიმენაირ მოხსენიებას წითელი არმიის შეტევის შესახებ გროდნოს რაიონში. როგორც ჩანს, ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის სარდალმა ვერასოდეს გაიგო იმის თაობაზე, რომ მისი ჯარების ფლანგსა და ზურგზე მოწინააღმდეგის უზარმაზარი სატანკო დაჯგუფება იყო დამიზნებული.
ბოლდინის ცმჯ-ის დაგეგმილი დარტყმის რაიონში საბრძოლო მოქმედებების შესახებ რაღაც მოხსენიება ჩნდება ფ. ჰალდერის ქრესტომათიულად ცნობილ „სამხედრო დღიურში“, მაგრამ მხოლოდ 1941 წ. 25 ივნისის ჩანაწერებში: „...რუსები, რომლებიც ბელოსტოკის რაიონში არიან ალყაში მოქცეული, ცდილობენ რა გააღწიონ ალყიდან ჩრდილოეთისაკენ გროდნოს მიმართულებით... საკმარისად სერიოზული გართულებებია მე-8 საარმიო კორპუსის ფრონტზე, სადაც რუსული კავალერიის მსხვილი მასები კორპუსის დასავლეთ ფლანგს უტევენ...“ მაგრამ უკვე იმავე დღის საღამოს (ჩანაწერი 25 ივნისის 18.00-ზე) ჰალდერი კმაყოფილებით ახდენს კონსტატირებას: „ ... მდგომარეობა გროდნოს სამხრეთით სტაბილური გახდა. მოწინააღმდეგის შემოტევები მოგერიებულია...“
შემდგომში ამ მოვლენების აღწერას ჰალდერი არსად აღარ უბრუნდება, და ეს აღწერაც საკმარისად უცნაურად გამოიყურება – მაინც ცმჯ-ის (ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის) მთავარი დამრტყმელი ძალა იყო სულაც არა „კავალერიის მსხვილი მასები“, არამედ ორი მექკორპუსი. არ არის ფაქტი, რომ ამ ჩანაწერებს საერთოდ აქვს რაიმე-ნაირი დამოკიდებულება ბოლდინის ცმჯ-ის მოქმედებებთან: „სერიოზული გართულებები“ უნდა წარმოქმნილიყო ვერმახტის 20-ე საარმიო კორპუსის (162-ე და 256-ე ქვეითი დივიზიები) შემოტევის ზოლში, რომელიც საბჭოთა ტანკების ლავას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამის შესახებ ჰალდერი საერთოდ არაფერს ამბობს...
უფრო მეტი ვარაუდით, ბოლდინის ცმჯ-ის საბრძოლო მოქმედებებთან დამოკიდებულება აქვს შემდეგ ჩანაწერს (1941 წ. 24 ივნისისა) არმიათა ჯგუფის „ცენტრის“ მთავარსარდლის ფელდმარშალ ფონ ბოკის დღიურში: „რუსები თავგანწირულად გვეწინააღმდეგებიან; ადგილი ჰქონდა ძლიერ კონტრშემოტევებს გროდნოს რაიონში მე-8 და 20-ე საარმიო კორპუსების წინააღმდეგ“ ერთი დღის შემდეგ, 26 ივნისის ჩანაწერში, ბოკი (ისევე როგორც ჰალდერიც) ახდენს კონსტატაციას: „20-ე კორპუსის მდგომარეობა არმიის მარჯვენა ფლანგზე უკვე აღარ იწვევს შეშფოთებას. ნებისმიერ შემთხვევაში, იგი არ არის „მთლიანად გაცამტვერებული“, როგორც ამის შესახებ ვიღაც-ვიღაცეები გუშინ ამბობდნენ, და სავსებით ბრძოლისუნარიან მდგომარეობაშიც კი იმყოფება. როგორც არ უნდა იყოს, ასეთი ხმები მოწმობს იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მიმართავდა თავგანწირულ მცდელობებს „ქვაბიდან“ გასაღწევად“ [174, გვ. 51, 54].
აღსანიშნავია, რომ არც ჰალდერი, არც ბოკი არც კი მოიხსენიებენ მსხვილი სატანკო შენაერთების რაიმენაირი მონაწილეობის შესახებ ამ კონტრშეტევებში; უფრო მეტიც, მოსკოვსა და მინსკში დაგეგმილ გადამწყვეტ კონტრდარტყმას მოწინააღმდეგის სუვალკის დაჯგუფების ფლანგსა და ზურგში თავად მოწინააღმდეგე აფასებს მხოლოდ როგორც „თავგანწირულ მცდელობებს „ქვაბიდან“ (ალყიდან) თავის დასაღწევად“...
როგორც მოსალოდნელიც იყო, უფრო დრამატულად აღწერენ მოვლენებს ვერმახტის ოფიცრები, რომლებიც საკომანდო კიბის გაცილებით უფრო დაბალ საფეხურებზე იმყოფებოდნენ. ის, რაც გენშტაბის უფროსის ან არმიათა ჯგუფის სარდლისათვის იყო სულ რაღაც ლოკალური და დროებითი „გართულებები“, პოლკებისა და ბატალიონების დონეზე აღიქმებოდა როგორც გააფთრებული ბრძოლები. ასე, ვერმახტის 256-ე ქვეითი დივიზიის ისტორიაში ვკითხულობთ:
„24 ივნისის ღამის 2 საათზე ფონ ბორნიშტედტის მეწინავე ნაწილებმა და 481-ე ქვეითმა პოლკმა მოახერხეს გაჭრილიყვნენ კუზნიცაში და მთელი და უვნებელი სახით ჩაეგდოთ ხელში გადასასვლელები ლოსოსნაზე (ტყის მდინარე, ნემანის დასავლეთ შენაკადი – მ. ს.). ამ მომენტიდან დაიწყო გააფთრებული ბრძოლები ხიდისწინა სიმაგრისათვის, რომელიც დივიზიის მიერ იყო შექმნილი... 24 და 25 ივნისის განმავლობაში მოგვიხდა მტრის ტანკების მძიმე შემოტევები მოგვეგერიებინა (მარტო ობერ-ლეიტენანტმა პელიკანმა „საიერიშო ქვემეხების“ თავისი ბატარეით 36 ტანკი მწყობრიდან გამოიყვანა)...“ [175].
თუ უკანასკნელი მტკიცება თუნდაც სანახევროდ შეესაბამება სინამდვილეს, მაშინ მამაცი პელიკანი იქვე უნდა დაეჯილდოვებინათ (ალბათ – სიკვდილის შემდეგ) რაინდის ჯვრით. „საიერიშო ქვემეხების“ (Sturmgeschutz) ბატარეა – ეს სულ რაღაც 6 (ექვსი) თვითმავალი ქვემეხია, რომლებიც წარმოადგენენ საშუალო ტანკ Pz-III-ის შასის, უძრავ მოჯავშნულ ჯიხურში იყო დაყენებული მოკლე ლულიანი (ლულის სიგრძე 24 კალიბრი) 75-მმ ზარბაზანი. ამ ზარბაზანს ვერმახტში სიგარეტის „ნამწვავს“ უწოდებდნენ; ჭურვის დაბალი საწყისი სიჩქარის შედეგად ჯავშანგამტანობის პარამეტრების მიხედვით თვით 37-მმ „საკაკუნებელსაც“ კი ჩამოუვარდებოდა, ან საბჭოთა სატანკო 45-მმ ზარბაზანსაც. თუმცა კი, „საიერიშო ქვემეხები“ ტანკებთან საბრძოლველად სულაც არ იყო განკუთვნილი – მათი ამოცანა გახლდათ ქვეითი ჯარის საცეცხლე მხარდაჭერა. მოქმედებდნენ რა უშუალოდ ქვეითი ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში, „საიერიშო ქვემეხებს“ ცეცხლითა და მუხლუხებით უნდა გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის სატყვიამფრქვევო ბუდეები, ნაღმსატყორცნების ბატარეები, ბლინდაჟები, ხისა და მიწისგან ნაგები საცეცხლე წერილები; ზღვრულად მცირე დისტანციებიდან ჯავშნით ან ბეტონით დაუცველ მიზნებში სროლისთვის კი ჭურვის დიდი საწყისი სიჩქარე სულად არ იყო საჭირო.
Т-34-ის ან КВ-ს ჯავშნის გახვრეტა „ნამწვავს“ თეორიულადაც კი არ შეეძლო, თვით მიბჯენით სროლის დროსაც, ამიტომ ობერ-ლეიტენანტ პელიკანის ბატარეის მიერ ვითომდა განადგურებული 36 საბჭოთა ტანკი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მსუბუქი ტანკები Т-26 ან БТ, მაგრამ მათთან ბრძოლაშიც „საიერიშო ქვემეხის“ შანსები ძალზედ ცოტა იყო: მობრუნებადი სატანკო კოშკი „საიერიშო ქვემეხს“ არ გააჩნია, შესაბამისად, ბრძოლის ველზე მანევრირებად ტანკში სროლისათვის უხდებოდა მთელი კორპუსით შემობრუნებულიყო, რა დროსაც გარდაუვალად მიუშვერდა მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ 30-მმ საბორტო ჯავშანს, რომელსაც საბჭოთა 45-მმ სატანკო ზარბაზანი ერთი კილომეტრის სიშორეზე ხვრეტდა... თუმცა კი, მთელი ამ თეორიული მსჯელობების მიუხედავად, 36 მსუბუქი ტანკის დაკარგვას არანაირად არ შეუძლია აგვიხსნას ბოლდინის ცმჯ-ის სრული განადგურების მიზეზები, რომლის შეიარაღებაშიც (გავიმეორებთ კიდევ ერთხელ) დაახლოებით 1,5 ათასი ტანკი იყო.
ჩვენ რომ ფანტასტიკურ რომანს ვწერდეთ, ახლა სწორედაც რომ დრო იქნებოდა მოგვეთხრო იმის შესახებ, თუ ბელორუსიის ჭაობების მოღუშული ფსკერიდან როგორ ამოვიდა რ ა ღ ა ც და უზარმაზარი მოჯავშნული არმადა უკვალოდ შთანთქა.
მაგრამ ამ წიგნის ჟანრი – დოკუმენტური ისტორიული გამოკვლევაა, და განადგურების „უწმინდური ძალისათვის“ მიწერა არანაირად არ გამოგვივა.
და ბოლდინის ცმჯ უკვალოდ სულაც არ დაკარგულა. „გზა ბელოსტოკ – ვოლკოვისკი მთელ თავის სიგრძეზე წარმოგვიდგენს სრული განადგურების სცენებს. ის ჩახერგილია ასეულობით დაზიანებული ტანკით, სატვირთო ავტომობილითა და ყველა კალიბრის საარტილერიო ქვემეხებით“, – წერს თავის დღიურში ფონ ბოკი. ფელდმარშალ ბოკის მიერ 1941 წ. 8 ივლისს ხელმოწერილ ბრძანებაში კი იტყობინებიან, რომ არმიათა ჯგუფის „ცენტრის“ ჯარების მიერ „ხელში ჩაგდებული და განადგურებულია 2585 ტანკი, ყველაზე უფრო მძიმეების ჩათვლით“ [174, გვ. 74]. ადგილობრივ მცხოვრებთა მონათხრობების მიხედვით, რომლებიც შეაგროვეს ენთუზიასტებმა მინსკის საძიებო გაერთიანებიდან „ბატკოვშჩინა“, „1941 წ. ივნისის ბოლოს გზატკეცილ ვოლკოვისკ – სლონიმის რაიონი ჩახერგილი იყო მიტოვებული ტანკებით, დამწვარი ავტომანქანებით, გატეხილი ზარბაზნებით ისე, რომ პირდაპირი და შემოვლითი მოძრაობა ტრანსპორტით შეუძლებელი გახლდათ... ტყვეთა კოლონები სიგრძეში 10 კმ-ს აღწევდა...“ [8].
ფრაზა ტყვეთა მრავალკილომეტრიანი კოლონების შესახებ ვინმეს შეიძლება ჩვეულებრივ გადაჭარბებად მოეჩვენოს ადამიანებისა, რომლებიც გიგანტური კატასტროფის თვალით მხილველნი შეიქნენ. სამწუხაროდ. თვით თანამედროვე რუსეთელი სამხედრო ისტორიკოსების სავსებით კონსერვატიული (ამ სიტყვის კარგი აზრით) გამოკვლევის („საიდუმლოების გრიფი მოხსნილია“) მონაცემებით, დასავლეთის ფრონტის დაუბრუნებელმა დანაკარგებმა ომის პირველი 17 დღის მანძილზე შეადგინეს 341 ათასი ადამიანი, სანიტარული დანაკარგებმა კი – 76,7 ადამიანი [35, გვ. 163]. მივიღებთ რა მხედველობაში XX საუკუნის ყველა ომისათვის სტანდარტულ მოკლულებისა და დაჭრილების თანაფარდობას როგორც 1-სა 3-თან, ჩვენ მივდივართ ციფრამდე 310–315 ათასი „უგზო-უკვლოდ დაკარგული“, ე. ი. ტყვედ ჩავარდნილი და დეზერტირი. უნდა აღინიშნოს, რომ წმინდად დაანგარიშებითი გზით მიღებული ეს ციფრები სავსებით ემთხვევა დიდი ხანია ცნობილ გერმანულ მონაცემებს, რომელთა შესაბამისადაც მინსკ – ბელოსტოკის რაიონში ბრძოლების მსვლელობისას ვერმახტმა 288 ათასი ტყვე ჩაიგდო ხელში.
სინათლის მოფენა ცმჯ-ის განადგურების მიზეზებზე შეეძლებოდათ საბჭოთა გენერლების მემუარებს – მაგრამ ძალზედ ცოტამ თუ მოახერხა მათი დაწერა. მე-6 კავკორპუსის მეთაური გენერალ-მაიორი ი. ს. ნიკიტინი ტყვედ ჩავარდა და გერმანელების მიერ იქნა დახვრეტილი საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის აპრილში [20, 124].
მე-6 კავკორპუსის 36-ე კავდივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ე. ს. ზიბინი ტყვედ ჩავარდა, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა ფაშისტებთან. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენით დახვრეტილია 1946 წლის 25 აგვისტოს. იგი დღემდე არ არის რეაბილიტირებული [20, 124].
მე-6 მექკორპუსის მეთაური ხაცკილევიჩი დაიღუპა 25 ივნისს. მისი დაღუპვის გარემოებები დღემდე უცნობია. რამდენიმე დღის შემდეგ სლონიმის რაიონის დასახლება კლეპაჩისთან აფეთქებულ იქნა ჯავშანმანქანა, რომლითაც მე-6 მექკორპუსის შტაბის ოფიცრები ცდილობდნენ დაღუპული მეთაურის სხეული გამოეტანათ. ამასთან სასიკვდილოდ დაიჭრა კორპუსის არტილერიის უფროსი გენერალ-მაიორი ა. ს. მიტროფანოვი [8].
მე-6 მექკორპუსის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ე. ს. კოვალი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მე-6 მექკორ-ის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი დ. გ. კონონოვიჩი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მე-6 მექკორპუსის მე-4 სატანკო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ა. გ. პოტატურჩევი ტყვედ ჩავარდა, დახაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან განთავისუფლების შემდეგ დაპატიმრებულ იქნა შინსახკომის ორგანოების მიერ და მოკვდა ციხეში 1947 წლის ივლისში. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ 1953 წელს [20, 124].
მე-6 მექკორპუსის 29-ე მოტორიზებული დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ი. პ. ბიკჟანოვი ტყვედ ჩავარდა, განთავისუფლების შემდეგ 1945 წ. დეკემბრამდე „გადიოდა სპეცშემოწმებას შინსახკომის ორგანოებში“. 1950 წელს აპრილში განთავისუფლდა თადარიგში „ავადმყოფობის გამო“. იცოცხლა 93 წლამდე, მაგრამ მემუარები არ დაუბეჭდია [20, 124].
მე-6 მექკორპუსის მე-7 სატანკო დივიზიის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ს. ვ. ბორზილოვმა შეძლო ცმჯ-ის განადგურების შემდეგ ალყიდან გამოსვლა; დაიღუპა 1941 წ. 28 სექტემბერს ყირიმისათვის ბრძოლებში.
11-ე მექკორპუსის შტაბის უფროსი მუხინი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ტყვედ ჩავარდნენ და ჰიტლერულ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ 11-ე მექკორპუსის მეთაურის მოადგილე მაკაროვი და კორპუსის არტილერიის უფროსი სტაროსტინი.
11-ე მექკორპუსის 29-ე სატანკო დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი ნ. პ. სტუდნევი გამოვიდა ალყიდან და მოგვიანებით ბრძოლებში 1941 წ. ზაფხულში დაიღუპა.
29-ე სატანკო დივიზიის შტაბის უფროსი კალანჩუკი 1941 წ. ივლისის დასაწყისში ტყვედ ჩავარდა.
11-ე მექკორპუსის 204-ე მოტორიზებული დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი ა. მ. პიროვი 41-ის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა [8, 20, 124].
დასავლეთის ფრონტის უმაღლესი სარდლობის ბედი კი უფრო მეტად ტრაგიკული გახლდათ.
დასავლეთის ფრონტის სარდალი, მადრიდის თავდაცვის გმირი და მგწა-ის მთავარი ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს ყოფილი უფროსი არმიის გენერალი პავლოვი 41 წლის 4 ივლისს იქნა დაპატიმრებული და 22 ივლისს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ ომის დაწყებიდან (უყვარდა, უყვარდა ამხანაგ სტალინს თეატრალური ეფექტები) დახვრეტა მიესაჯა.
იმავე „საქმით“, „ლაჩრობის, უმოქმედობისა და პანიკჲორობისთვის, რომელმაც მოწინააღმდეგის მიერ ფრონტის გარღვევის შესაძლებლობა შექმნა“ [67, 81], იქნენ დახვრეტილნი:
– ფრონტის შტაბის უფროსი ვ. ე. კლიმოვსკიხი;
– ფრონტის კავშირგაბმულობის უფროსი ა. ტ. გრიგორჲევი;
– ფრონტის არტილერიის უფროსი ნ. ა. კლიჩი;
– დასავლეთის ფრონტის მე-4 არმიის სარდალი ა. ა. კორობკოვი;
– ფრონტის სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სარდლის მოადგილე ტაჲურსკი.
დასავლეთის ფრონტის სჰძ-ის სარდალმა, საბჭოთა კავშირის გმირმა, ესპანეთში ბრძოლების ვეტერანმა გენერალ-მაიორმა ი. ი. კოპეცმა, ომის პირველ დღეს, 1941 წ. 22 ივნისს ტყვია დაიხალა (ან კიდევ დაახალეს).
ყურადღებიანმა მკითხველმა ალბათ უკვე შეამჩნია დახვრეტილი გენერლების ამ სამწუხარო სიაში ერთი გვარის არარსებობა.
და ეს ხომ მართლაც ძალზედ უცნაურია. სამხედრო წოდებითაც (გენერალ-ლეიტენანტი), დაკავებული თანამდებობითაც (ფრონტის სარდლის მოადგილე) ი. ვ. ბოლდინი ყველა რეპრესირებულზე უფრო მაღლა იდგა, თავად პავლოვის გამოკლებით, რა თქმა უნდა. და თუ ფრონტის მთელი სარდლობა იყო ბრალეული „დანაშაულებრივ უმოქმედობასა და ჯარების მართვის მოშლაში“, მაშინ როგორ შეძლო დაუსჯელად დარჩენილიყო დასავლეთის ფრონტის მთავარი დამრტყმელი დაჯგუფების მეთაურმა?
გამოუცდელობით თავის მართლება ბოლდინს არანაირად არ შეეძლო. მისი ნამსახურების სიაში იყო უკვე ორი „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ – პოლონეთში (1939 წ. სექტემბერი) და ბესარაბიაში (1940 წ. ივნისი). ამასთან 1939 წ. სექტემბერში პოლონეთში შეჭრის დროს კორპუსის მეთაური ბოლდინი ბელორუსიის ფრონტის ცხენოსან-მექანიზებულ ჯგუფს მეთაურობდა, რომელიც სლონიმ – ვოლკოვისკის ხაზის გაყოლებით აწარმოებდა შეტევას და 20–21 სექტემბრის გააფთრებული ბრძოლების შემდეგ იერიშით აიღო ქ. გროდნო, ე. ი. ბრძოლების ადგილები ბოლდინისთვის კარგად იყო ნაცნობი. როგორც გამოდის, ბოლდინის იღბლიანი ბედის ამოხსნა ძალიან მარტივია. თავის დროზე დასახვრეტად მისი გამოძახება ჩეკისტებმა უბრალოდ ვერ შეძლეს – ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისის ჩათვლით იგი ალყაში იმყოფებოდა და მათ მასზე ხელი ვერ მიუწვდებოდათ. 41 წლის აგვისტოში კი, საკადრო არმიის უმეტესი ნაწილის განადგურების შემდეგ, ათეულობით გენერლის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ (სულ 41 წლის ექვსი თვის მანძილზე გერმანულ ტყვეობაში 63 გენერალი აღმოჩნდა) სტალინი მწყობრში დარჩენილ მეთაურთა დახვრეტებში უფრო თავშეკავებული გახდა. უფრო მეტიც, ალყიდან გამოსვლის შემდეგ ბოლდინი კეთილი სიტყვითაც იქნა მოხსენიებული უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაში, მოემატა წოდება და დაინიშნა 50-ე არმიის სარდლად.
ომის შემდეგ დაწერილი ბოლდინის მემუარები წარმოადგენს ერთ-ერთს იმ არცთუ ბევრ წყაროთაგან დასავლეთის ფრონტის დამრტყმელი დაჯგუფების განადგურების ისტორიაში. სამწუხაროდ, უმძიმეს ფსიქიურ სტრესს, რომლის გადატანაც გენერალ ბოლდინს მოუხდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. ბოლდინის მემუარების მთავარი მოტივია – ჩლუნგმა და უსულგულო სოლდაფონმა პავლოვმა ყველაფერი გააფუჭა: „ ... მოვშორდი რა აპარატს, მე ვიფიქრე: როგორ შორსაა პავლოვი სინამდვილისაგან! ჩვენ გვყავდა ცოტა ძალები, რათა მოწინააღმდეგისათვის კონტრ-შეგვეტია... მაგრამ რა ვქნათ? ბრძანება ბრძანებაა! მრავალი წლის შემდეგ, უკვე ომის მერე, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პავლოვი ჩემს არარსებულ (ვისი ბრალეულობით „არარსებულ“ – მ. ს.) დამრტყმელ ჯგუფს ერთი-მეორის მიყოლებით აძლევდა საბრძოლო განკარგულებებს. რატომ დასჭირდა პავლოვს ამ განკარგულებების გაცემა? ვის უგზავნიდა იგი მათ? (როგორც ჩანს, ბოლდინმა მაინც ვერ გაიგო, რომ ამოცანა, რომელიც მან სამარცხვინოდ ჩააფლავა, სწორედ მის წინაშე იყო დასმული). შესაძლოა, ისინი მხოლოდ იმისთვის იყო, რათა მოსკოვის თვალში შეექმნათ შესახედაობა, რომ დასავლეთის ფრონტზე მიიღება რაღაც ზომები შემომტევი მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად...“ [80].
მაგრამ ეს ჯერ კიდევ „ყვავილებია“. ძალზედ სერიოზულ დოკუმენტში მოხსენებით ბარათში, რომელიც მიაწოდა 1957 წლის ივლისში პავლოვისა და მის „თანამოსაქმეთა“ რეაბილიტაციის მსვლელობისას, ბოლდინმა (იმ დროისათვის უკვე გენერალ-პოლკოვნიკმა) დაწერა სიტყვა-სიტყვით შემდეგი:
„...პავლოვი დამნაშავეა იმაში, რომ სთხოვდა სტალინს ოკრუგის ჯარების სარდლის თანამდებობაზე დანიშვნას, იცოდა რა იმის შესახებ, რომ ომის დაწყების შემდეგ იგი ფრონტის ჯარების სარდალი იქნება. პავლოვს, ჰქონდა რა სუსტი ოპერატიული მომზადება, არ შეეძლო ფრონტის ჯარების სარდალი ყოფილიყო... ფრონტის შტაბის უფროსი კლიმოვსკიხი დამნაშავეა იმაში, რომ პავლოვის გავლენის ქვეშ მოექცა და პავლოვის დავალებათა შემსრულებლად გადაიქცა...“ [81, გვ. 194].
იმის თაობაზე, თუ ვინ ფლობდა „არასუსტ ოპერატიულ მომზადებას“, ბოლდინი მოკრძალებულად გაჩუმდა. ბევრი რამ ხდება უფრო მეტად გასაგები, თუ გავიხსენებთ იმის შესახებ, რომ დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის სარდლის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ბოლდინი ოდესის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდალი გახლდათ. დამეთანხმეთ, იყო პირველი ხელმძღვანელი ოდესაში და გახდე მოადგილე მინსკში – ეს ორი დიდი განსხვავებაა...
საერთოდ კი, წოდებისა და თანამდებობის მიხედვით ყველაზე უფროსი მხედართმთავარი, რომელიც დასავლეთის ფრონტის ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის კონტრდარტყმას ხელმძღვანელობდა, იყო არა ბოლდინი, არამედ მარშალი კულიკი. მსხვილი საბჭოთა მხედართუფროსი, თავდაცვის სახკომის მოადგილე, წითელი არმიის მთავარი საარტილერიო სამმართველოს უფროსი... ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც პირველად იხილა მარშალი კულიკი, ამ შეხვედრაზე ასეთი მოგონებები დაგვიტოვა:
„...კაბინეტის სიღრმეში გაიხსნა კარი და მასში შემოვარდა მარშალი კულიკი – სოლიდური სიდიდის ადამიანი. მისი სახე იყო მოშავო-მოწითალო და საკმაოდ შთამბეჭდავი თავისი ზომით... მისი ლაპარაკი შედგებოდა რაღაც ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი და ცალკე კი უაზრო ფრაზებისაგან. ეს იყო წმინდა წყლის აქინეა, ნახევრად მთვრალის ბოდვა. ყველაზე საშინელია, რომ მეთაურების წინაშე იდგა არა მარტო მარშალი, არამედ სსრკ თავდაცვის სახკომის მოადგილეც...“ [163].
1941 წლის 24 ივნისს მარშალი კულიკი მოვიდა ბოლდინის ცმჯ-ის შტაბში დასავლეთის ფრონტზე უმაღლესი სარდლობის (ე. ი. ამხანაგ სტალინის) სრულუფლებიანი წარმომადგენლის სახით. მართალია, კონტრშეტევისათვის დიდხანს არ უმეთაურია. „...მარშალმა კულიკმა გვიბრძანა ყველას მოგვეხსნა განსხვავების ნიშნები, გადაგვეყარა საბუთები, შემდეგ გადაგვეცვა გლეხის ტანსაცმელი და თვითონაც გადაიცვა... გვთავაზობდა დაგვეყარა იარაღი, მე კი პირადად ორდენები და საბუთები. მაგრამ, მისი ადიუტანტის გარდა, საბუთები და იარაღი არავის დაუყრია...“
აი ასე, მოკლედ და ნათლად, მოჩანს 10-ე არმიის მე-3 განყოფილების (ე. ი. კონტრდაზვერვის) უფროსის მოხსენებაში თავდაცვის სახკომის მოადგილის ხელმძღვანელი როლი დასავლეთის ფრონტის საბრძოლო მოქმედებებში [176]. საწინააღმდეგოდ ხმებისა იმის შესახებ, რომ „სტალინის დროს ქვეყანაში იყო წესრიგი“, ყოველივე ამის გამო გრიგოლ ივანეს ძე მარტო გაჯორეს. მარშლის ვარსკვლავებიც კი, მის მიერ ბუჩქებში გადაყრილი, დაუბრუნეს.
უფრო მეტიც, მხედართმთავარ კულიკის ბიოგრაფია ჯერ მარტო იწყებოდა. 1941 წ. 2 სექტემბერს კულიკი ცალკეული 54-ე არმიის სარდლად დაინიშნა, რომელსაც დაევალა ლენინგრადის დებლოკირება. შედეგი – სრული ჩავარდნა, რომლის შემდეგაც 1941 წ. 26 სექტემბერს სტალინმა ბრძანა „მე-5 არმიის სარდალი მარშალი კულიკი გამოძახებულ იქნას უმაღლესი მთავარსარდლობის განკარგულებაში“. 1941 წ. 8 ნოემბერს იგი იქნა მივლინებული ქერჩის თავდაცვის გასაძლიერებლად – წითელი არმიის ხელში დარჩენილი ყირიმის უკანასკნელი ნაგლეჯისა. მოვიდა რა ყუბანში უმაღლესი მთავარსარდლობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სახით (და აღინიშნა რა, ვიყოთ სამართლიანი, ორსაათიანი ვიზიტით ქერჩში) კულიკი სერიოზულად დაკავდა სასურსათო მომარაგების საკითხებით. საკუთარი თავისა. ყველაზე უფრო მალფუჭებადი დელიკატესები იქნა გაგზავნილი „წითელი მარშლის“ ახალგაზრდა, რიცხვით მეოთხე ცოლისათვის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, ყოველივე დანარჩენი (მათ რიცხვში 50 კგ ღორის ქონი, 200 ბოთლი კონიაკი, 40 ყუთი მანდარინი, 20 კგ ხიზილალა) ჩატვირთულ იქნა სპეცვაგონში და გაიგზავნა მოსკოვში [81, გვ. 238].
1942 წ. თებერვალში საბრძოლო მოქმედებების ზონაში ამ მოროდიორობისთვის კულიკი პირველად მისცეს სასამართლოში და სამაგალითოდ დასაჯეს: ჩამოაქვეითეს სამხედრო წოდებაში მარშლიდან გენერალ-მაიორამდე, მოხსნეს სახკომის მოადგილის პოსტიდან და გაიყვანეს ცეკადან. კომუნისტების პარტიაში – საყოველთაო თანასწორობისა და ძმობისათვის მებრძოლებისა – ჯერჯერობით კიდევ დატოვეს. 1943 წლის გაზაფხულზე კულიკი ისევ ზედაპირზე ამოცურდა. უცნობი დამსახურებებისთვის იგი წოდებაში აამაღლეს და მე-4 გვარდიული არმიის სარდლობა ჩააბარეს. უსარდლა... მოუწიათ მალევე მოეხსნათ და ცოდვისაგან შორს მგწა-ის ფორმირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაენიშნათ. 1945 წ. აპრილში სათადარიგო სამხედრო ნაწილებში საბრძოლო მომზადების მოშლისა და „საყოფაცხოვრებო გახრწნისათვის“ (ე. ი. სისტემატიური ლოთობისა და გარყვნილებისათვის) ამ სამუშაოდანაც მოხსნეს, ისევ წოდებით გენერალ-მაიორამდე ჩამოაქვეითეს.
მეორე, უკანასკნელი და საბოლოო განაჩენი აღსრულებაში იქნა მოყვანილი მხოლოდ 1950 წ. 24 აგვისტოს. მას შემდეგ, რაც უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დაადგინა, რომ მთვრალ საუბრებში ამხანაგი კულიკი ხშირად ლანძღავდა იმ პარტიას, რომელმაც აამაღლა და ამდენ წელს აჩერებდა ამ არარაობას ხელისუფლების მწვერვალებზე. აი ასეთს ამხანაგი სტალინი არავის არ პატიობდა. თვით მისთვის საყვარელ ადამიანებსაც კი.
დაუჯერებელია, მაგრამ ამაზეც კულიკის გასაოცარი ბიოგრაფია ჯერ კიდევ არ მთავრდება! 1956 წ. აპრილში მოახდინეს მისი რეაბილიტაცია, 1957-ში კი, არცთუ მისი ძველი ამხანაგის, მაშინ სსრკ-ის ყოვლისშემძლე თავდაცვის მინისტრის ჟუკოვის გარეშე, საბჭოთა კავშირის მარშლის წოდებაში „აღადგინეს“ კიდეც! ბრჭყალები სიტყვაში „აღადგინეს“ შემთხვევით არ არის დასმული. მეორე დაპატიმრების მომენტისთვის კულიკი იყო გენერალ-მაიორი, ასე რომ უფრო სწორი იქნებოდა ელაპარაკათ უნიკალური, ერთადერთი შემთხვევის შესახებ სიკვდილის შემდეგ (!) წოდებაში ამაღლებისა, და თანაც ოთხი საფეხურით...
მკაცრად რომ ვთქვათ, უკვე მარტო ისეთი მხედართუფროსების ყოფნის არსებობას, როგორებიც კულიკი და ბოლდინი იყვნენ, შეეძლო გაეწირა ჯარები მანამდე უნახავი განადგურებისთვის. სხვა მიზეზების ძებნაში საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობის დაწვრილებით განხილვას დავუბრუნდეთ.
(დასასრული იხ. ნაწილი II)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment