Thursday, November 13, 2025

What could they have bombed Finland with?

მარკ სოლონინი – 22 ივნისი. კატასტროფის ანატომია

(გამომცემლობა «Яуза»; 2009 წ.) 




ნაწილი II 


II ნაწილის შინაარსი 

პირველი ბრძოლა 
„და წავიდა, ბრძანებით შემართული...“ 
ს. ვ. ბორზილოვის მოხსენება 
„ნაცნობი გზებით...“ 
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული 


პირველი ბრძოლა 

უწინარეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის ფრონტების ერთობლივი მოქმედებები მაინც ვერ შედგა. ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მთავარი დამრტყმელი ძალები – გენერალ-მაიორ შესტოპალოვის 12-ე მექკორპუსი და გენერალ-მაიორ კურკინის მე-3 მექკორპუსი (მე-5 სატანკო დივიზიის გარეშე) – გადამიზნებულ იქნენ კაუნას – სუვალკის მიმართულებიდან (როგორც ეს დირექტივა # 3-ით იყო ნაბრძანები), ჩრდილო-დასავლეთისკენ, ქ. შჲაულჲაის მიმართულებაზე, სადაც 23–24 ივნისს მოხდა მსხვილი სატანკო ბრძოლა ვერმახტის მე-4 სატანკო ჯგუფის მთავარ ძალებთან. რაც შეეხება მე-5 სატანკო დივიზიას, იგი ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის სარდლის ბრძანებით 22 ივნისის დილას იქნა გამოყვანილი მე-3 მექკორპუსის შემადგენლობიდან და 11-ე არმიის სარდლის უშუალო დაქვემდებარებაში გადაეცა. 

1941 წ. ივნისის შუა რიცხვებიდან 11-ე არმიის ჯარები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის (მომავალი ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის) მთელი დანარჩენი შენაერთებიც, უმკაცრესი საიდუმლოების ვითარებაში იქნენ მოყვანილი სრული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში. უკვე 1941 წ. 15 ივნისს ოკრუგის ჯარების სარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა თ. ი. კუზნეცოვმა გამოსცა ბრძანება # 0052, რომელშიც თავის ხელქვეითებს შეახსენა, რომ „სწორედ დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში... ნებისმიერ წუთს უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად“ [19, გვ. 8]. შემდეგ ბრძანებაში უკვე სავსებით კონკრეტული მითითებები იყო მოცემული: „...მავთულიანი ღობურების დაყენება დაიწყეთ დაუყოვნებლივ (აქ და შემდეგაც ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.)... 

საბრძოლო მოქმედებების პირველივე საათიდან მოახდინეთ თქვენი ზურგის დაცვის ორგანიზაცია, და ყველა პირი, ვინც იწვევს უნდობლობას, დაუყოვნებლივ დააკავეთ და სწრაფად დაადგინეთ მათი პიროვნება... თვითმფრინავები აეროდრომებზე განწერტეთ და შენიღბეთ ტყეებში, ბუჩქნარებში, ისე რომ არ დაუშვათ ხაზად მოწყობა... სატანკო ნაწილებისა და არტილერიის ფარეხები განწერტეთ, ტყეებში განალაგეთ, გულდასმით შენიღბეთ, შეინარჩუნებთ რა ამასთან დადგენილ ვადებში განგაშით შეკრების შესაძლებლობას... არმიის სარდალმა, კორპუსისა და დივიზიის მეთაურებმა შეადგინონ ბრძანების შესრულების კალენდარული გეგმა, რომელიც მთლიანად შეასრულონ ა. წ. 25 ივნისისათვის [19, გვ. 11–12]. 

1941 წ. 18 ივნისს ბალტიისპირეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის სარდალი გამოსცემს შემდეგ ბრძანებას: „...ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონის უფროსმა 1941 წ. 19 ივნისის მიწურულისათვის (აქ და შემდეგშიც ხაზგასმა ჩემია – მ. ს.) სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანოს ოკრუგის მთელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა... არაუგვიანეს დილისა 20.6.41 წ. საფრონტო და საარმიო საკომანდო პუნქტებზე გადაისროლეთ რაზმები აუცილებელი ქონებით მათზე კავშირგაბმულობის კვანძების ორგანიზებისთვის... დასახეთ და მოამზადეთ მეკავშირეთა რაზმები, რომლებიც მზად უნდა იყვნენ 20.6.41 წ. დილისათვის შენაერთების მეთაურთა ბრძანების მიხედვით თავიანთი კონტროლის ქვეშ აიყვანონ ჩემს მიერ დამტკიცებული კავშირგაბმულობის კვანძები... შექმენით მიმართულებებზე ტელშჲაი, შჲაულჲაი, კაუნასი, კალვარია სანაღმო ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მოძრავი რაზმები. ამ მიზნისათვის გქონდეთ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგები, ავტოტრანსპორტით სატარებელი. რაზმების მზადყოფნა 21.6.41 წ.-თვის... ხიდების დანგრევის გეგმა დაამტკიცონ არმიების სამხედრო საბჭოებმა. შესრულების ვადაა 21.6.41 წ. ჩამოერთვას ოკრუგის ნაწილებს (საავიაციოსა და მექანიზებულის გარდა) ყველა ბენზოცისტერნა და გადაეცეს ისინი 50-50 %%-ით მე-3 და 12-ე მექანიზებულ კორპუსებს. შესრულების ვადაა 21.6.41 წ.“ [19, გვ. 22–25]. 

„საბრძოლო დოკუმენტების კრებულის“ # 34 ყდაზე (საიდანაც ეს ბრძანებებია ციტირებული) დასმულია პატარა შტამპი: „განსაიდუმლოებულია“. განსაიდუმლოების შესახებ გენშტაბის დირექტივის ნომერი და თარიღია: 30.11.65 წ. სამოცდა ხუთი წელი. ათეულობით წლებია საბჭოთა სამხედრო-ისტორიული „მეცნიერების“ კორიფეებმა იცოდნენ – ან, სულ მცირე, უნდა სცოდნოდათ – ამ დოკუმენტების შინაარსი, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ წლიდან წლამდე არაკების მოყოლას „მოულოდნელი თავდასხმისა“ და „მშვიდობიანად მძინარე საბჭოთა ქვეყნის“ შესახებ... 

სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებათა კრებული (ბმკ) # 34 წარმოადგენს ერთადერთ კრებულს ოკრუგების (ფრონტების) საბრძოლო დოკუმენტებისა, რომელშიც იქნა ჩართული 1941 წ. 22 ივნისამდე პერიოდის თუნდაც რამდენიმე დოკუმენტი. ყველა დანარჩენი კრებული (როგორც, თუმცა კი, დამოუკიდებელ მკვლევართათვის ხელმისაწვდომი ყველა ფონდი თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივისა) იწყება თავიდანვე 22 ივნისიდან, „მოულოდნელი თავდასხმის“ დღიდან. ყველაფერს, რაც წინ უძღოდა ამ საშინელ „მოულოდნელობას“, უბრალოდ დუმილით უვლიან გვერდს. მაგრამ – არ არის წესები გამონაკლისების გარეშე. ბმკ # 33-ში (მექანიზებული კორპუსების საბრძოლო დოკუმენტები) რაღაცნაირი სახით მოხვდა (თანაც არა სულ დასაწყისში, არამედ მერვე ადგილას, 1941 წ. ივლისის დოკუმენტების შემდეგ) 12-ე მექკორპუსის მეთაურის 18 ივნისის ბრძანება # 0033 (28, გვ. 23–24). დოკუმენტი მორთულია გრიფით „საგანგებო მნიშვნელოვნებისა“, რაც საკორპუსო დონის დოკუმენტებისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ბრძანება # 0033 იწყება ასეთი სიტყვებით: „ამ ბრძანების მიღებასთან ერთად მოიყვანეთ საბრძოლო მზადყოფნაში ყველა ნაწილი. ნაწილები მოიყვანეთ საბრძოლო მზადყოფნაში საბრძოლო განგაშით წამოყენების გეგმების შესაბამისად, მაგრამ თავად განგაში არ გამოაცხადოთ (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.)... თან წაიღეთ მხოლოდ ცხოვრებისა და ბრძოლისათვის აუცილებელი". შემდეგ მოდის მითითება 18 ივნისის 23 სთ 00 წთ-ზე დაიწყონ გასვლა თავმოყრის რაიონებისკენ, ამასთან მარშრუტების ყველა საბოლოო პუნქტი იმყოფება ტყეებში! 

მე-3 მექკორპუსში ანალოგიური ბრძანების ზუსტი ტექსტის აღმოჩენა ამ წიგნის ავტორმა ვერ მოახერხა, მაგრამ ცნობილია, რომ მე-5 სატანკო დივიზია ემზადებოდა საომარ მოქმედებათა სწრაფი და გარდაუვალი დაწყებისათვის ისევე, როგორც ბალტიისპირეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის ყველა დანარჩენი ნაწილი და შენაერთიც: 18 ივნისს დივიზიის ყველა ნაწილი იქნა განგაშით წამოყენებული, გაყვანილი მუდმივი დისლოკაციის ადგილებიდან და გაშლილი ნემანის აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებაზე ქ. ალიტუსისა და უფრო სამხრეთ რაიონში [8]. ამრიგად, მე-5 სატანკო დივიზია აღმოჩნდა სწორედ იმ რაიონში (ალიტუსი – მერკინე), რომელზედაც იყო დამიზნებული გერმანული „სატანკო სოლის“ მახვილი წვერი. 

უშუალოდ ალიტუსზე უტევდნენ 20-ე და მე-7 სატანკო დივიზიები ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის შემადგენლობიდან. 22 ივნისის შუადღისათვის გერმანულმა 20-ე სატანკო დივიზიამ, გადალახა რა 60 კმ მანძილი საზღვრისპირა სოფელ კალვარიადან ალიტუსამდე, გადმოლახა ნემანი ხიდით, რომელიც მაინც არ ყოფილა აფეთქებული „არმიის სამხედრო საბჭოს მიერ დამტკიცებული ხიდების დანგრევის გეგმის“ მიუხედავად (იხ. ზემოთ). მთავარი საბჭოთა სპეციალისტი დიდი სამამულო ომის საწყისი პერიოდის ისტორიაში, პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ელიტური МГИМО-ს ისტორიის კათედრის გამგე ამხანაგი ანფილოვი, თავისი მრავალრიცხოვანი მონოგრაფიებიდან ერთ-ერთში ასეთ ახსნას აძლევს ამ ფაქტს: 

„მოწინააღმდეგის მიერ ნემანის მოკლე ვადებში ფორსირება შესაძლებელი აღმოჩნდა იმიტომ, რომ მე-4 საპონტონო-სახიდო პოლკის პონტონერებმა, ვითარების სირთულისა და ზოგადსაჯარისო მეთაურებისგან აფეთქებაზე ბრძანების არმიღების შედეგად, ხიდები ზემოაღნიშნულ რაიონებში არ ააფეთქეს“ [177, გვ. 67]. 

აქ ჩვენ პირველად (და სულაც არა უკანასკნელად) ვაწყდებით საბჭოთა ისტორიკოსების გასაოცარ ლოგიკას: ბედუკუღმართი „ვითარების სირთულე“ აღიქმება (და თავზე ეხვევა მკითხველებს) როგორც რაღაც სტიქიური უბედურება, როგორც პატივსაცემი, „ობიექტური“ (ე. ი. ადამიანების მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე არდამოკიდებული) მიზეზი, რომელიც ერთბაშად ამართლებს ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს. ამ დროს არც კი განიხილება საკითხი იმის თაობაზე, თუ რა იყო მიზეზი, და რა – შედეგი; ვითარების სირთულემ მიიყვანა საქმე ასეთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი მიჯნის დაკარგვამდე, რადაც წყალუხვი ნემანი უნდა ქცეულიყო, თუ, პირიქით, კონკრეტული მეთაურების მიერ თავიანთი პირდაპირი მოვალეობების მასობრივად არშესრულებამ საშუალება მისცა გერმანელებს დაუბრკოლებლად გადმოელახათ ნემანი. რამაც შექმნა კიდეც „რთული ვითარება“... 

უმცროსი ლეიტენანტის ა. ტ. ილინის მოგონებებში (ომის წინ იგი მე-5 სატანკო დივიზიის ავტოსატრანსპორტო ბატალიონის ქიმიური სამსახურის უფროსი გახლდათ) აღმოვაჩენთ მეტად აღსანიშნავ დეტალებს ამ „ვითარების სირთულისა“: 

„ჩვენი მე-5 სატანკო დივიზია წინასწარ საბრძოლო განგაშის მიხედვით გავიდა მდ. ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე და დაიკავა თავდაცვა ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. როცა თავდაცვა დავიკავეთ, მე დამნიშნეს კავშირგაბმულობის დელეგატად დივიზიის შტაბსა და ავტოსატრანსპორტო ბატალიონს შორის... დაახლოებით 11.30-ზე მოიყვანეს შტაბთან სველი ქალი, რომელსაც ნემანი გადმოეცურა, და მან თქვა, რომ ქალაქის უკან იხილა გერმანული ტანკები, მაგრამ იქვე პროკურორმა შესაძახა „პროვოკაციაა“, „ჯაშუშია“ და მაშინვე დახვრიტა იგი. 30 წუთის შემდეგ კი ხიდის ახლოს მებრძოლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ლიტველი გახლდათ და დამტვრეული რუსულით გვითხრა, რომ გერმანული ტანკები უკვე ქალაქშია, მაგრამ ესეც ოპერრწმუნებულმა დახვრიტა, უწოდა რა მას პროვოკატორი...“ [178]. 

თუმცა კი, არც ერთი მდინარე თავის თავად „თავდაცვით მიჯნას“ არ წარმოადგენს. ბოლოს და ბოლოს, შეიარაღებული მოწინააღმდეგის არარსებობისას ისეთ მდინარეზე, როგორიც ნემანია, შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში იქნას აწყობილი საპონტონო ხიდი. მიჯნის თავდაცვას უზრუნველყოფენ (ან ვერ უზრუნველყოფენ) ადამიანები, შესაბამისი სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების მებრძოლები და მეთაურები. 1941 წ. 22 ივნისს ქ. ალიტუსის რაიონში ასეთ შენაერთად შეეძლო გამხდარიყო (ხოლო 11-ე არმიის გეგმებისა და სარდლობის განკარგულებათა შესაბამისად – უნდა კიდეც გამხდარიყო) მე-5 სატანკო დივიზიას. საბრძოლო მოხსენებაში, რომელიც 22 ივნისის 9.35-ზე გაუგზავნა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სარდალმა სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარს, იტყობინებოდა რომ „მე-5 სატანკო დივიზია მდ. ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე ალიტუსის რაიონში უზრუნველყოფს 128-ე მსროლელი დივიზიის უკანდახევას (11-ე არმიის უშუალოდ საზღვართან მყოფი დივიზია – მ. ს.) და დაიფარავს 11-ე არმიის ზურგს ლიტველებისაგან, აგრეთვე არ დაუშვებს მოწინააღმდეგის გადმოსვლას მდ. ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე დრუსკინინკაის ჩრდილოეთით“ [19, გვ. 37]. 

აღსანიშნავია, რომ ამოცანა „დაიფარავს 11-ე არმიის ზურგს ლიტველებისაგან“ (მხედველობაში ჰქონდათ წითელი არმიის29-ე მსროლელი კორპუსის ორი დივიზია, ჩამოყალიბებული 1940 წ.-ში „განთავისუფლებული ლიტვის“ შეიარაღებული ძალების ბაზაზე) დგას პირველ ადგილზე, ხოლო ამოცანა „არ დაუშვებს მოწინააღმდეგის გადმოსვლას მდ. ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე“ ჩამოყალიბებულია როგორც დამატებითი („აგრეთვე“). მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ კაზუსმა არ უნდა მიიქციოს ჩვენი ყურადღება. მთავარი – ეს ისაა, რომ მე-5 სატანკო დივიზია ფლობდა რეალურ შესაძლებლობებს იმისათვის, რათა არა მარტო შეეკავებინა გერმანული 20-ე სატანკო დივიზიის წინსვლა, არამედ იგი სასტიკად კიდეც გაენადგურებინა. 

მე-5 სატანკო (ისევე როგორც მე-3 მექკორპუსი) შედიოდა „პირველი ტალღის“ სატანკო შენაერთების რიცხვში (პირველი რვა მექკორპუსი 1940 წ. ზაფხულში იყო ჩამოყალიბებული) და პრაქტიკულად სრულად იყო საბრძოლო მატერიალური ნაწილით დაკომპლექტებული. საარტილერიო შეიარაღება კი საშტატო განრიგზე უფრო მეტიც ჰქონდა (იხ. ცხრილი). 

ცხრილი 

. . . არტსისტემები . . . . . . . . . . . . .საშტატო . . . . ფაქტიური . . . 

37-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . 
45-მმ ტანკსაწინააღმდეგო . . . . . . . . . 0 . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . 
76-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . 
122-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . .12 . . . . . . . 
152-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . 24 . . . . . . . . 
ნაღმსატყორცნები 50-მმ . . . . . . . . . . 27 . . . . . . . . . . . 32 . . . . . . . . 
ნაღმსატყორცნები 82-მმ . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . 

არტილერიის შესამჩნევი „სიჭარბის“ მიუხედავად, მექანიკური გაწევის არსებული საშუალებები (65 ტრაქტორი და გამწევი) სავსებით იყო საკმარისი მისი ბუქსირებისათვის (37-მმ საზენიტო ქვემეხები და ნაღმსატყორცნები ხელით გადაიტანებოდა და ავტომანქანების ან მუხლუხიანი გამწევების საჭიროება არ გააჩნდა). ჯერ კიდევ 1940 წ. ნოემბერში (ე. ი. გაცილებით უფრო ადრე 1941 წ. გაზაფხულზე ფარული მობილიზაციის დაწყებამდე) მე-5 სატანკო დივიზიაში ირიცხებოდა ყველა ტიპის 1051 ავტომანქანა, მათ შორის – 92 ავტოცისტერნა (საშტატო ნორმისას შესაბამისად 1360 და 139) [179]. თუმცა კი, ავტოტრანსპორტისა და გამწევების რიცხოვნებას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა სიტუაციაში, როცა თავისი პირველი და ერთადერთი ბრძოლა მე-5 სატანკო დივიზიამ უშუალოდ ომისწინა გაშლის რაიონში მიიღო. 

მე-5 სატანკო დივიზიის შეიარაღების მთავარი შემადგენელი იყო, რა თქმა უნდა, ტანკები: 188 მსუბუქი (170 БТ და 18 Т-26), 30 სამკოშკიანი Т-28 (ეს გახლდათ ქვეითი ჯარის საცეცხლე მხარდაჭერის ტანკი, შეიარაღებული 76-მმ მოკლელულიანი ზარბაზნით – გერმანული „ნამწვავის“ ანალოგიურად – და ორი ტყვიამფრქვევით ცალკეულ მბრუნავ კოშკებში), 50 უახლესი Т-34. სავსებით ნათელი არ არის საკითხი მე-5 სატანკო დივიზიის შეიარაღებაში მძიმე ტანკების КВ არსებობის შესახებ. 

წყაროების უმრავლესობაში მათ თაობაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ სულ მე-3 მექკორპუსის შეიარაღებაში უკვე აპრილის ბოლოს ირიცხებოდა 78 ტანკი КВ [180]. მძიმე ტანკები შეიძლებოდა ყოფილიყო კორპუსის მხოლოდ ორი სატანკო დივიზიის (მე-2 ტდ და მე-5 ტდ) შეიარაღებაში. თუნდაც რომ ვივარაუდოთ, რომ მე-2 სატანკო დივიზია მთლიანად იყო დაკომპლექტებული ტანკებით КВ საშტატო ნორმამდე (63 ერთეული), მაშინ ამ შემთხვევაშიც მე-5 ტდ-ის „წილად“ უნდა დარჩენილიყო როგორც მინიმუმ 15 მძიმე КВ. ხოლო თუ ამოვალთ მეტად ავტორიტეტულ წყაროში [8] მოყვანილი მონაცემებიდან მე-2 სატანკო დივიზიის შეიარაღებაში 51 ტანკის КВ არსებობის შესახებ, მაშინ წმინდად არითმეტიკულად მე-5 სატანკო დივიზიის შემადგენლობაში უნდა აღმოჩნდეს 37 ტანკი КВ. 

ბევრი არის კი ეს 37 ტანკი КВ და 50 Т-34 – ერთი სატანკო დივიზიის შემადგენლობაში? ყველაფერი შედარებაში შეიმეცნება. იმისთვის, რათა ღირსეულად შევაფასოთ მე-5 სატანკო დივიზიის შეიარაღება და საბრძოლო შესაძლებლობები, უნდა შევადაროთ ისინი მოწინააღმდეგის შეიარაღებასთან, ე. ი. ვერმახტის 20-ე სატანკო დივიზიისა. 

ერთადერთი გერმანული ტანკი, რომელსაც 41-წლის ზაფხულში თეორიულად შეეძლო ბრძოლის წარმოება საბჭოთა Т-34-თან (მაგრამ არა КВ-თან!), იყო საშუალო ტანკი Pz-III უკანასკნელი მოდიფიკაციებისა (Н და J), შეიარაღებული 50-მმ ზარბაზნით KwK-38. ახლო დისტანციებზე ამ ზარბაზანს შეეძლო გაეხვრიტა „ოცდამეთოთხმეტის“ ბორტის ჯავშანი მუხლუხის თვლების განლაგების ზონაში (იქ 45-მმ ჯავშნის ფილა განლაგებულია ვერტიკალურად, დახრის გარეშე). და თუმცა კი მოწინააღმდეგის ტანკის ბორტში სროლისათვის გერმანულ ტანკს აქტიურად უნდა შეესრულებინა მანევრები ბრძოლის ველზე, თუმცა კი მორტყმა ვიწრო შუალედში მოძრავი ტანკის თვლებს შორის თითქმის შეუძლებელია, თუმცა კი Т-34-ზე დაყენებული 76-მმ ზარბაზანი, კილომეტრიან სიშორეზე დაჯერებულად ხვრეტდა Pz-III-ის შუბლის (და მით უმეტეს 30-მმ ბორტის) ჯავშანს, წარმატების რაღაც შანსები Pz-III-ის ეკიპაჟს მაინც შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს შანსები მკვეთრად იზრდებოდა სპეციალური ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვის გამოყენებისას ვოლფრამის კარბიდისგან დამზადებული გულარით, მაგრამ ასეთი ჭურვები დიდი იშვიათობა გახლდათ, ამასთან ტანკის კონსტრუქციულ თავისებურებათა ძალით ისინი ჩვეულებრივ რიკოშეტით სხლტებოდნენ „ოცხამეთოთხმეტის“ დახრილი ჯავშნის ფილებიდან. 

აღმოსავლეთის ფრონტზე ვერმახტის სატანკო ჯარების მთელ დაჯგუფებაში იყო სულ 707 ტანკი Pz-III 50-მმ ზარბაზნით. მაგრამ მე-3 სატანკო ჯგუფის შემადგენლობაში ამ ტიპის ა რ ც / ე რ თ ი ტანკი არ ყოფილა (მეზობელ, მე-4 სატანკო ჯგუფში ასეთი ტანკები იყო სულ 71 ერთეული). მე-3 სატანკო ჯგუფის სატანკო დივიზიები (მათ რიცხვში – 20-ე სატანკოც) შეიარაღებული იყვნენ უმთავრესად 1938 წლის ნიმუშის ჩეხური ტანკებით „შკოდა“, რომლებმაც ვერმახტში მიიღეს აღნიშვნა Pz-38 (t). ეს არის მსუბუქი ტანკი ტყვიასაწინააღმდეგო მოჯავშნით, მცირე სიმძლავრის (125 ცხ/ძ) ძრავითა და კორპუსით, რომელიც ჭანჭიკებითა და მოქლონებით იყო შეკრული (რომლებსაც მტრის ჭურვის მოხვედრისას თავები წყდებოდა და ეკიპაჟს აზიანებდა). ო. კარიუსი, გერმანელი ტანკისტი, რომელიც ომის დაწყებას 20-ე სატანკო დივიზიაში შეხვდა, იხსენებს: 

„...8 ივლისს ჩვენ მოგვარტყეს. მე პირველად მომიხდა ამოვსულიყავი დაზიანებული მანქანიდან... ჩვენ ვწყევლიდით მყიფე და ვერდრეკად ჩეხურ ფოლადს, რომელიც ვერ იქცა დაბრკოლებად რუსული ტანკსაწინააღმდეგო 45-მმ ზარბაზნისათვის. ჩვენი საკუთარი ჯავშნის ფილების ნატეხებმა და სამაგრმა ჭანჭიკებმა უფრო მეტი დაზიანებები მოგვაყენეს, ვიდრე ნამსხვრევებმა და თვითონ ჭურვმა. ჩემი ამოგდებული კბილები მალე მედპუნქტის ნაგვის ვედროში აღმოჩნდა...“ [183, გვ. 15]. 

Pz-38 (t) შეიარაღებული იყო ჩეხური წარმოების 37-მმ ზარბაზნით А-7, რომელსაც თუმცა კი ჰქონდა რამდენადმე უფრო მეტი ჯავშანგამტანობა, ვიდრე გერმანულ 37-მმ „საკაკუნებელს“, მაგრამ Т-34-თან ბრძოლისათვის პრაქტიკულად უსარგებლო გახლდათ. მთლიანობაში Pz-38 (t) თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მთელი ერთობლიობით „უიმედოდ მოძველებულ“ საბჭოთა მსუბუქ ტანკს Т-26 შეესაბამებოდა და არსებითად ჩამოუვარდებოდა (შეიარაღების, სიჩქარის, სვლის მარაგის მიხედვით) ჩქაროსნულ ტანკს БТ-7. მაგრამ ეს „სასწაულ-იარაღიც“ ვერმახტის სატანკო დივიზიების შეიარაღებისთვის არ ჰყოფნიდათ, ამიტომ მე-3 სატანკო ჯგუფში სახაზო ტანკების სახით თვით მსუბუქი სასწავლო-საბრძოლო ტანკეტები Pz-I-ც კი გამოიყენებოდა, სატყვიამფრქვევო შეიარაღებით, რომლებიც რაიმე-ნაირ საბჭოთა ტანკებთან ბრძოლისათვის პრინციპულად გამოუსადეგარნი გახლდნენ. 

22 ივნისის დილას ვერმახტის 20-ე სატანკო დივიზიის შეიარაღებაში ირიცხებოდა 44 Pz-I, 31 Pz-II (რამდენადმე უფრო მძლავრი ტანკეტი, შეიარაღებული 20-მმ “ზარბაზნით”), 121 Pz-38 (t) და 31 საშუალო ტანკი Pz-IV (შეიარაღებული 75-მმ „ნამწვავით“; უკანასკნელ მოდიფიკაციებს 50–60 მმ-მდე გაძლიერებული შუბლის ჯავშანი ჰქონდათ) [10, გვ. 206]. მე-5 საბჭოთა და 20-ე გერმანული სატანკო დივიზიების სატანკო შეიარაღების თანაფარდობა შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგ ცხრილში: 

. . . . . საბჭოთა ტანკები . . . . . . . . . გერმანული ტანკები . . . .
. . მე-5 სატანკო დივიზია . . . . . . 20-ე სატანკო დივიზია . . . 
ტიპები . . . რაოდენობა . . . . . . . .ტიპები . . . . რაოდენობა . . 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . Pz-I . . . . . . . . . . 44 . . . . . 
Т-26 . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . . . Pz-II . . . . . . . . . .31 . . . . . 
БТ-7 . . . . . . . . . 170 . . . . . . . . . . . . Pz-38(t) . . . . . . . 121 . . . . . 
Т-28 . . . . . . . . . .30 . . . . . . . . . . . . . Pz-IV . . . . . . . . . .31 . . . . . 
Т-34 . . . . . . . . . .50 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
КВ . . . . . . . . . . . 37 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

შემხვედრი სატანკო ბრძოლის პირობებში Т-34-სა და КВ-ებს უბრალოდ უნდა დაეხვრიტათ მთელი ეს გერმანული სატანკო „სამხეცე“, დარჩებოდნენ რა ამ დროს თითქმის სრულ უსაფრთხოებაში. უფრო მეტიც, შემხვედრი ბრძოლა ალიტუსთან არ იყო სავსებით „შემხვედრი“: გერმანული სატანკო დივიზია ქალაქსა და ნემანზე გადებულ ხიდს მოადგა სალაშქრო კოლონით, იმ დროს როცა საბჭოთა ტანკები თეორიულად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ გაშლილები საბრძოლო წყობაში და წინასწარ (19-დან 22 ივნისის ჩათვლით) შენიღბულებიც მომზადებულ საცეცხლე პოზიციებზე. 

არანაირი „თანამედროვე ომის წარმოების ორწლიანი გამოცდილება“ (რის შესახებაც ასე უყვარდათ ლაპარაკი საბჭოთა ისტორიკოს-პროპაგანდისტებს) გერმანელ ტანკისტებს არც კი ჰქონიათ: ვერმახტის 20-ე სატანკო დივიზია იქნა ჩამოყალიბებული 1940 წ. ოქტომბერში; არც პოლონურ, არც ფრანგულ კამპანიებში იგი არ მონაწილეობდა, და ბრძოლა ალიტუსთან მოისთვის ასევე გახლდათ პირველი სატანკო ბრძოლაც. ო. კარიუსის ზემოთ მოხსენიებულ მოგონებებში ვკითხულობთ: 

„...რამდენიმე ოფიცრისა და უნტერ-ოფიცრის გამოკლებით, არც ერთი ჩვენთაგანი საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა. ამ დრომდე ნამდვილი გასროლები ჩვენ მხოლოდ პოლიგონებზე გვესმოდა. ჩვენ გვჯეროდა ძველი მეომრებისა, რომელთაც რკინის ჯვრები და გამორჩეულობის საბრძოლო ნიშნები ჰქონდათ, და ისინი სრულ აუღელვებლობას ინარჩუნებდნენ. ყველა დანარჩენის კუჭები და შარდის ბუშტები კი ვერ უძლებდა...“ [183, გვ. 11]. 

სატანკო ბრძოლა ალიტუსთან (რომელიც, უნდა ვივარაუდოთ, იყო ყველაზე პირველი სატანკო ბრძოლა დიდი სამამულო ომისა) უყურადღებოდ არ აქვთ დატოვებული საბჭოთა ისტორიკოსებსა და მემუარისტებს. კერძოდ, არის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის მ. ვ. ეჟოვის მიერ დაწერილი სტატია, რომელიც ომის ამ ტრაგიკულ ეპიზოდს სპეციალურად ეძღვნება [178]. სამწუხაროდ, ინფორმაციის მოჩვენებითი სიუხვე სულაც ვერ უწყობს ხელს მოვლენათა ჭეშმარიტი სურათის დადგენას. უფრო მეტად პირიქით – მოყვანილი ფაქტები (თუ ეს „ფაქტებია“, და არა უკანა რიცხვით მოგონილი „საპატიო მიზეზები“ მძლავრი სატანკო შენაერთის განადგურებისა) ეწინააღმდეგებიან როგორც ერთი-მეორეს, ისე ელემენტარულ საღ აზრსაც. კერძოდ, არსებული წყაროების მიხედვით შეუძლებელია ვუპასუხოთ ყველაზე უფრო მარტივ შეკითხვებს: სად, როდის და მე-5 სატანკო დივიზიის რომელმა ქვედანაყოფებმა მიიღეს ბრძოლაში მონაწილეობა? 

სსრკ ჯავშანსატანკო ჯარების მთავარი მარშალი პ. ა. როტმისტროვი შეხვდა ომს პოლკოვნიკის წოდებით და მე-3 მექკორპუსის შტაბის უფროსის თანამდებობაზე (ამის წინ კი იგი რამდენიმე თვეს ასრულებდა მე-5 სატანკო დივიზიის მეთაურის მოადგილის მოვალეობებს). მისი მემუარებიდან გამოდის, რომ მე-5 სატანკო დივიზიის მხოლოდ რამდენიმე ქვედანაყოფი ჩაება 22 ივნისს საღამოს ბრძოლაში გერმანულ ტანკებთან, ამასთან უკვე ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე

„...22 ივნისის საღამოსათვის მტრის მე-3 სატანკო ჯგუფის პირველი ეშელონის დივიზიები, გამოიყენეს რა ალიტუსისა და მერკინეს რაიონში ხელში ჩაგდებული ხიდები, გადმოვიდნენ მდინარე ნემანზე. ცდილობდა რა შეეკავებინა ნემანზე მოწინააღმდეგის წინსვლა, 11-ე არმიის სარდლობამ ბრძოლაში ისროლა მე-5 სატანკო დივიზია. დივიზიის მეთაურმა პოლკოვნიკმა თ. თ. ფიოდოროვმა მოსწრო ალიტუსთან ხიდისკენ წინ გამოეყვანა მხოლოდ მე-5 მოტომსროლელი პოლკის არტილეტრია (ეს კი 76-მმ კალიბრის სულ ოთხი ზარბაზანია – მ. ს.) ცალკეული საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი და მე-9 სატანკო პოლკის მე-2 ბატალიონი...“ [181]. 

მ. ვ. ეჟოვის სტატიაში მოცემული ბრძოლის აღწერიდან კი გამოდის, რომ მე-5 სატანკო დივიზია გერმანელებს მნიშვნელოვნად უფრო მეტი ძალებით დახვდა, ამასთან მდინარის დასავლეთ ნაპირზე, 22 ივნისის შუადღეს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მოწინააღმდეგე ნემანს გადმოლახავდა: 

„...შუა დღისათვის მოწინააღმდეგემ შეძლო შემოჭრილიყო ალიტუსთან. მაშინ 11-ე არმიის სარდლობის ბრძანებით მე-5 სატანკო დივიზია წინ გავიდა ნემანის დასავლეთ ნაპირზე ხიდისწინა პოზიციების თავდაცვისათვის (აქ და ქვემოთ ჩემს მიერაა ხაზგასმული – მ. ს.) და სვლიდან გააჩაღა ბრძოლა 20-ე სატანკო დივიზიის ნაწილებთან. მე-5 დივიზიის 10-ე სატანკო პოლკი სამ კილომეტრში ალიტუსის დასავლეთით დახვდა და გაანადგურა ფაშისტური მოტოციკლისტების მეწინავე რაზმი. შემდეგ მე-9 სატანკო პოლკის ტანკისტებმა, მე-5 მოტომსროლელი პოლკისა და მე-5 სატანკო დივიზიის ცალკეული საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის არტილერისტებმა, მოუშვეს რა მტრის ტანკები 200–300 მეტრზე, მათ პირდაპირი დამიზნებით გაუხსნეს ცეცხლი. 30–40 წუთიან ბრძოლაში მათ მტრის 16 ტანკი ააფეთქეს. მტრის სატანკო დივიზიის წინსვლა შეჩერებულ იქნა

მაშინ იმ პოზიციებს, რომლებიც საბჭოთა ტანკისტებს ჰქონდათ დაკავებული ნემანის დასავლეთ ნაპირზე, მტერმა თავზე დაატეხა საბომბე დარტყმები, არტილერიის ცეცხლი. ისინი მძიმე დანაკარგებს განიცდიდნენ. მტრის ტანკებმა მოახერხეს ხიდის გამოვლით ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე შემოჭრილიყვნენ ალიტუსის სამხრეთით. მაგრამ მათ მაშინვე კონტრშეუტიეს მე-5 სატანკო დივიზიის ქვედანაყოფებმა, რომლებმაც გადათელეს გერმანული ტანკები და ქალაქში შეიჭრნენ...“ 

სხვა წყაროების მიხედვით, ბრძოლა ასევე დაიწყო 22 ივნისს დღისით, ნემანის დასავლეთ ნაპირზე, ამასთან მასში სატანკო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მე-5 სატანკო დივიზიის ერთმა მოტომსროლელმა ბატალიონმაც: 

„ხიდისწინა სიმაგრეზე ალიტუსთან მე-5 დივიზიის მეთაურმა გაგზავნა ერთი მოტომსროლელი ბატალიონი, გაძლიერებული მე-5 მოტომსროლელი პოლკის არტილერიით. მოგვიანებით, მზადყოფნის და მიხედვით, სხვადასხვა დროს იქ მოვიდნენ დივიზიის სხვა ქვედანაყოფებიც, მათ რიცხვში მე-9 სატანკო პოლკის მე-2 სატანკო ბატალიონი და ცალკეული საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი. 22 ივნისის უკვე შუადღისათვის ეს ნაწილები ჩათრეული იქნენ სატანკო ბრძოლაში ალიტუსთან შემოჭრილ მოწინააღმდეგის მე-7 და 20-ე დივიზიებთან...“ [8]. 

არის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მე-9 სატანკო პოლკის მე-2 ბატალიონთან ერთად ბრძოლაში პოლკის 1-ლი ბატალიონიც მონაწილეობდა (ტანკები Т-28), რომელიც ხიდთან ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე ჩასაფრებაში იმყოფებოდა. 

მეორეს მხრივ, ო. კარიუსის მოგონებებიდან გამოდის, რომ გერმანული 20-ე სატანკო დივიზიის ტანკისტები ნემანამდე ისე მოვიდნენ, რომ უმცირესი წინააღმდეგობაც კი არ შეხვედრიათ: 

„...ჩვენ მღელვარებით ველოდით პირველ საბრძოლო კონტაქტს რუსებთან. მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. რადგანაც ჩვენი ბატალიონი თავში არ ყოფილა, ასეთი კონტაქტი შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვევარაუდა, თუ ავანგარდს გააჩერებდნენ. ჩვენ შემთხვევების გარეშე მივაღწიეთ ჩვენი მოძრაობის მიზანს იმ დღეს – აეროდრომს ალიტუსში. ბედნიერებმა, გამტვრიანებული ფორმა გავიძრეთ და ვხარობდით, როცა, ბოლოს და ბოლოს, ვნახეთ წყალი, რათა ჩვენს გემოზე გვებანავა. 

– სულაც არ არის ცუდი აქ ომი, – სიცილით თქვა ჩვენი ტანკის მეთაურმა უნტეროფიცერმა დელერმა მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე წყლით სავსე ჭურჭლიდან ამოჰყო თავი...“ [183, გვ. 12]. 

ყველაზე უფრო გასაოცარი კი იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ წყაროში (მოწინააღმდეგის დოკუმენტებისა და მისი ჯარისკაცებისა და მეთაურების ჩათვლით) არც კი მოიხსენიება რაიმე ნაირი მონაწილეობა ალიტუსთან ბრძოლაში მე-5 სატანკო დივიზიის მთავარი დამრტყმელი ძალისა – ტანკების Т-34 და КВ! უბრალოდ არ შეენიშნათ „ოცდამეთოთხმეტესთან“ შეხვედრა გერმანელებს არ შეეძლოთ. ზემოთ მრავალჯერ მოხსენიებულ ო. კარიუსის მემუარებში „პირველ ნაცნობობას“ Т-34-თან მიძღვნილი აქვს მთელი თავი, ამასთან ამ შეხვედრამ გერმანელ ტანკისტებს ყველაზე უფრო კაშკაშა მოგონებები დაუტოვა: 

„...კიდევ ერთმა მოვლენამ დაგვარტყა ჩვენ, როგორც აგურების ტონამ: პირველად გამოჩნდნენ რუსული ტანკები Т-34. გაოცება იყო სრული. როგორ შეიძლებოდა ეს გამოსულიყო, რომ იქ, ზევით, არ იცოდნენ ამ ბრწყინვალე ტანკის არსებობის შესახებ? Т-34-ს თავისი კარგი ჯავშნით, იდეალური ფორმითა და შესანიშნავი 76-მმ გრძელლულიანი ქვემეხით ყველანი თრთოლაში მოჰყავდა, და მისი ეშინოდა ყველა გერმანულ ტანკს თვით ომის დასასრულამდეც კი. რა უნდა გაგვეკეთებინა ამ ურჩხულთან, რომლებიც ასე მრავლად გადმოისროლეს ჩვენს წინააღმდეგ?“ 

მაგრამ ეს მოვლენა, რომელმაც ვერმახტის 20-ე სატანკო დივიზიის ჯარისკაცები გააოცა, მოხდა არა ალიტუსთან, არამედ აგვისტოს დასაწყისში ელნიას რაიონში! მაინც სად იყო 22 ივნისს 50 ტანკი Т-34 და კიდევ რამდენიმე ათეული КВ მე-5 სატანკო დივიზიის შემადგენლობიდან? ისინი ზედმეტად გულდასმით შეინიღბენ? 

მე-5 სატანკო დივიზიის საბოლოო განადგურება უფრო სავარაუდოდ მოხდა უკვე ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე, მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველთან მოვიდნენ ვერმახტის მე-7 დივიზიის ნაწილები, რომელიც ნემანზე ალიტუსის რამდენადმე უფრო სამხრეთით (ასევე აუფეთქებელი ხიდით) გადმოვიდნენ. როტმისტროვის მემუარებში ეს მოვლენა ასეა აღწერილი: 

„...ნემანზე მეორე ხიდის ხელში ჩაგდების შემდეგ, ალიტუსის სამხრეთით, მოწინააღმდეგემ განავითარა სწრაფი შემოტევა ჩრდილოეთით და მალე ჩაიჭირა ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე მე-5 სატანკო დივიზიის მთავარი ძალები ორი მხრიდან. უთანასწორო, უკიდურესად გააფთრებულ ბრძოლაში ჩვენმა შენაერთმა დამარცხება განიცადა, დაჰკარგა რა 90 საბრძოლო მანქანა, თუმცა კი ჩვენმა მებრძოლებმა მოწინააღმდეგის 170-მდე ტანკი, ჯავშანავტომობილი და ჯავშანტრანსპორტერი გაანადგურეს“

მოწინააღმდეგის დოკუმენტებში ალიტუსთან სატანკო ბრძოლის თვითონ ფაქტი დასტურდება. მართალია, დანაკარგების ციფრები სრულიად სხვაა. ასე, ტელეგრამაში, რომელიც 1941 წ. 23 ივნისის დილას მე-3 სატანკო ჯგუფის შტაბმა არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ სარდლობას გაუგზავნა, ვკითხულობთ: 

„...6. 22 ივნისის საღამოს მე-7 სატანკო დივიზიას ჰქონდა უმსხვილესი სატანკო ბრძოლა ამ ომის პერიოდში (უცნაური გამოთქმაა ოპერატიული ცნობისათვის, რომელიც „ამ ომის“ მეორე დღესაა შედგენილი – მ. ს.) ალიტუსის აღმოსავლეთით მე-5 სატანკო დივიზიის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგის 70 ტანკია განადგურებული. ჩვენ დავკარგეთ 11 ტანკი, მათგან 4 მძიმე (ვერმახტში Pz-IV ითვლებოდა “მძიმე ტანკად” – მ. ს.) [182, გვ. 34]. 

იმაში, რომ გერმანული ტანკების რეალური დანაკარგები როტმისტროვის მიერ განცხადებულზე მთელი რიგით ნაკლები აღმოჩნდა, არაფერია უცნაური – მოწინააღმდეგის დანაკარგების მსგავსი ამაღლება წარმოადგენს არა გამონაკლისს, არამედ ნორმას ნებისმიერი ოპერატიული ცნობებისთვის. გასაოცარი სხვაა: გერმანელები აცხადებენ იმის შესახებ, რომ გაანადგურეს ბრძოლაში 70 საბჭოთა ტანკი (რეალური ციფრი, როგორც ჩანს, უფრო ნაკლები იყო), საბჭოთა მარშალი კი წერს 90 საბრძოლო მანქანის დაკარგვის შესახებ! ფორმალურად რომ ვთქვათ, ტერმინი „საბრძოლო მანქანა“ ტერმინ „ტანკის“ იგივური არ არის, მაგრამ მოცემულ კონტექსტში როტმისტროვს, რა თქმა უნდა, ტანკები ჰქონდა მხედველობაში. უფრო სავარაუდოა, დიდი ციფრი მემუარისტს იმისთვის დასჭირდა, რათა გაემაგრებინა თავისი მტკიცება იმის შესახებ, რომ „მე-5 სატანკო დივიზიის მებრძოლები და მეთაურები, მდგომარეობის მთელი სიმძიმის მიუხედავად, ინარჩუნებდნენ ვაჟკაცობას და იბრძოდნენ უკანასკნელ ჭურვამდე, უკანასკნელ ტანკამდე“. მაგრამ თვით 90 ტანკის დაკარგვის შემდეგაც კი მე-5 სატანკო დივიზიაში უნდა დარჩენილიყო კიდევ 200-ზე მეტი ტანკი! თითქოს და, „უკანასკნელ ტანკზე“ ლაპარაკი ჯერ კიდევ ადრე იყო (ვერმახტის თითოეულ სატანკო დივიზიას სულაც არ ჰყოლია საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე 200 ტანკი თავის შემადგენლობაში), და მაინც ალიტუსთან ბრძოლის შემდეგ მე-5 სატანკო დივიზიამ, როგორც საბრძოლო შენაერთმა, პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა. 

მე-5 სატანკო დივიზიის პირველი (იგივე უკანასკნელიც) ბრძოლა დასრულდა ან 22 ივნისის საღამოს, ან 23-ის დილას. მე-3 სატანკო ჯგუფის ზემოთ ციტირებულ დოკუმენტში 22 ივნისი საღამოზეა ლაპარაკი. იგივე დროა ნაჩვენები ანფილოვის მონოგრაფიაშიც („საბჭოთა ტანკისტები რამდენიმე საათს აწარმოებდნენ გააფთრებულ, დაძაბულ ბრძოლას მოწინააღმდეგის ტანკებთან მდ. ნემანზე გადმოსასვლელებთან, მაგრამ 22 ივნისს სიბნელის დადგომის შემდეგ იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ“). თუმცა კი მე-3 სატანკო ჯგუფის ყოფილი სარდლის ჰ. ჰოთის მემუარებში სავსებით გარკვეულადაა ლაპარაკი 23 ივნისი დილის შესახებ: 

„მე-7 სატანკო დივიზიის სატანკო პოლკი, რომელიც იცავდა ხიდებს ალიტუსში და ღამით შეცვლილ იქნა ქვეითი ნაწილით, ალიტუსიდან გამოსვლისას დილით ადრე შეეჯახა ვარენადან მომავალ რუსების მე-5 სატანკო დივიზიას. „განსაკუთრებით მძიმე სატანკო ბრძოლაში“, როგორც ამის შესახებ პოლკის მეთაურმა მომახსენა, მოწინააღმდეგის დივიზიამ, რომელიც ერთეული ბრძოლის წარმოების უნარში ჩამორჩებოდა, დამარცხება განიცადა“ [13, გვ. 68]. 

იმის თაობაზე, რომ მე-5 სატანკო დივიზიის უკანასკნელი ბრძოლა 23 ივნისის დილას მოხდა, წერენ თანამედროვე ისტორიკოსებიც [8, 178]. გვხვდება შეტყობინებები იმის შესახებაც, რომ 22-დან 23 ივნისის ღამეს 10-ე სატანკო პოლკი მე-5 ტდ-ის შემადგენლობიდან სატანკო ნაწილისთვის ისეთი უცნაური საქმით იყო დაკავებული, როგორიცაა არარსებული გერმანული „660-კაციანი საპარაშუტო დესანტის“ ძებნა ქ. ვარენას რაიონში (30 კმ ალიტუსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით). 

ამდენად ზედმიწევნით ყურადღება მე-5 სატანკო დივიზიის განადგურებისადმი იმასთანაა დაკავშირებული, რომ უკვე 24 ივნისის გამთენიისას დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი თ. თ. ფიოდოროვი თავისი დივიზიის ნარჩენებთან ერთად (5 ტანკი, 20 ჯავშანმანქანა, 9 ქვემეხი) ბელორუსული ქალაქის მოლოდეჩნოს რაიონში აღმოჩნდა, პირდაპირი ხაზით 170 (ას სამოცდაათი) კმ მანძილზე ალიტუსიდან! არმიის გენერალი ს. პ. ივანოვი (ომის დასაწყისში – დასავლეთის ფრონტის 13-ე არმიის შტაბის ოპერატიული ნაწილის უფროსი) თავის მემუარებში ასე აღწერს შეხვედრას მე-5 სატანკო დივიზიის მეთაურთან: 

„...შემოვიდა პოლკოვნიკი ტანკისტის ფორმაში და მომახსენა, რომ არის მე-5 სატანკო დივიზიის მეთაური... პოლკოვნიკ ფიოდოროვის სატანკო დივიზიამ მიიღო ამოცანა უზრუნველეყო მსროლელი ნაწილების ნარჩენების უკანდახევა და არ დაეშვა დრუსკინინკაის ჩრდილოეთით ჰიტლერელების მიერ ნემანის ფორსირება. მაგრამ მოწინააღმდეგემ, აყენებდა რა მძლავრ დარტყმებს ავიაციითა და არტილერიით, არ დაანება დივიზიას გასულიყო ნემანთან, და მასაც ასევე დიდი დანაკარგები ჰქონდა. ჩვენი უკანდახეული ქვეითი ჯარის მხრებზე მტრის ტანკები ორი ხიდით ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე შემოიჭრნენ... 

– ეს გამოუსწორებელი უბედურებაა, – წუხდა ტანკისტი, – და მე მომიწევს ამისთვის საკუთარი თავით ვაგო პასუხი“ [45, გვ. 49]. 

თუმცა კი, დოკუმენტებიდან (დასავლეთის ფრონტის შტაბის ოპერატიული ცნობა # 4 10.00 24.06.41-სა) გამოდის, რომ პოლკოვნიკი ფიოდოროვი არა მარტო „წუხდა“, არამედ იმითაც იყო დაკავებული, რასაც სამხედრო ტრიბუნალის ენაზე „პანიკური ხმების გავრცელება“ ეწოდება: 

„...4. მეთაურმა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მე-5 სატანკო დივიზიიდან 13-ე არმიის ჯარების სარდალს მოახსენა, რომ ვილნჲუსი 23.6. 41 წ. 17.00-ზე გერმანელების მიერაა დაკავებული, რომელიც განაგრძობენ შემოტევას“ [186, გვ. 37]. მოცემულ საკითხში 5 ტდ-ის მეთაური ძლიერად „აჩქარებდა მოვლენებს“ – გერმანული მე-7 სატანკო დივიზია ვილნჲუსში მხოლოდ 24 ივნისის დილას შევიდა. 

კიდევ ერთმა ჯგუფმა მე-5 ტდ-ის 10-ე სატანკო პოლკის შემადგენლობიდან (დაახლოებით 15 ტანკი Т-34 და 14 მსუბუქი Т-26) 23 ივნისის მიწურულისათვის სოფელ ვორონოვოს რაიონში დაიხია (20 კმ ქ. ლიდას ჩრდილოეთით, 80 კმ ალიტუსიდან), დასავლეთის ფრონტის 21-ე მსროლელი კორპუსის 37-ე მსროლელი დივიზიის განლაგებაში [8]. შემდგომში ეს ჯგუფი სანაკო ბატალიონად იქნა შეერთებული, რომელიც 26–27 ივნისს მონაწილეობდა 21-ე მსროლელი კორპუსის კონტრდარტყმაში ქ. ლიდას რაიონში. ჰ. ჰოთის მემუარებში გვხვდება მოხსენიება იმის შესახებ, რომ 25–28 ივნისს გერმანული 19-ე ტდ ვორონოვო – ტრაბის რაიონში „მუდმივად განიცდიდა მოწინააღმდეგის შემოტევებს 50-ტონიანი ტანკების მხარდაჭერით... 28 ივნისამდე იგი იგერიებდა შემოტევებს სამხრეთ მიმართულებიდან“. შესაძლოა, ესენი იყვნენ ტანკები მე-5 ტდ-ის შემადგენლობიდან, რომელთა უცნობი ეკიპაჟებიც უკვე დივიზიის განადგურების შემდეგ განაგრძობდნენ თავიანთ ომს... 

ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სარდლობამ დაკარგა ამ დროისათვის ყოველგვარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად იმყოფებიან მე-5 ტდ-ის ნარჩენები. ფრონტის შტაბის საბრძოლო მოხსენებაში, რომელიც სსრკ თავდაცვის სახკომისადმი იყო გაგზავნილი 24 ივნისის 22.45-ზე, ნათქვამი გახლდათ: „მე-5 სატანკო დივიზია 23.6.41 წ. 14.00-ზე აწარმოებდა ბრძოლას მოწინააღმდეგესთან როდზიშკის რაიონში (30 კმ ვილნჲუსის სამხრეთ-დასავლეთით – მ. ს.) დივიზიის მდგომარეობა და ადგილმყოფობა 24.6.41 წ. უცნობია“ [19, გვ. 66]. თუმცა კი, განა ღირს ვილაპარაკოთ ერთ დივიზიაზე, როცა ორი დღის შემდეგ ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის შტაბმა უკვე მთელი 11-ე არმია „დაკარგა“! 

მორიგ საბრძოლო მოხსენებაში, რომელიც მოსკოვში 26 ივნისის 20.35-ზე იქნა გაგზავნილი, ვკითხულობთ: 

„...11-ე არმია – არმიის შტაბი და სამხედრო საბჭო, რიგი მიზეზების გამო, ტყვედ არიან ჩავარდნილი ან დაიღუპნენ. გერმანელებმა შიფრდოკუმენტი ხელში ჩაიგდეს. 5, 33. 188, 128-ე მსროლელი დივიზიები უცნობია როგორ მდგომარეობაში და სად იმყოფებიან. ბევრია ჩამორჩენილი და გაქცეული, რომლებსაც დვინსკის მიმართულებაზე ვაჩერებთ. ბევრია დაგდებული იარაღი...“ [19, გვ. 69]. 

11-ე არმიის ნარჩენებსა და მის შტაბს (იგი სულაც არ დაღუპულა და არც ტყვედ ჩავარდნილა) ეძებდა სადაზვერვო ავიაცია. არა გერმანული ავიაცია – არამედ ჩვენი. 30 ივნისს ძებნა გარკვეული წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დღეს მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის შტაბის მისამართით (რომელმაც სწორედ ამ დღეს ფსკოვში იქნა „პერებაზირებული“, ე. ი. საზღვრიდან 450 კმ-ზე) წავიდა ტელეგრამა, გ. კ. ჟუკოვის მიერ ხელმოწერილი: „სადგურ დოვგილიშკის, კოტლინჲანის, სვენცჲანის (შვენჩენისის) დასავლეთით ტყის რაიონში ნაპოვნია ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის 11-ე არმია, რომელიც უკან იხევს კაუნასის რაიონიდან. არმიას არ გააჩნია საწვავი, ჭურვები, საკვები და ფურაჟი. არმიამ არ იცის ვითარება და რა უნდა აკეთოს...“ 

კლასიკურ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო ასეთი გაურკვევლობა ყბადაღებული „კავშირგაბმულობის დაკარგვით“ აეხსნათ – გერმანელმა დივერსანტებმა ვითომდა ყველა სადენი გადაჭრეს, რადიოკავშირის შესახებ კი წითელ არმიაში არავის არაფერი მოესმინა. კავშირგაბმულობა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის ნაწილებსა და შენაერთებში (ისევე როგორც ყველა დანარჩენი ფრონტისაც) მართლაც არ ყოფილა. მაგრამ აი რადიოკავშირის ტექნიკური საშუალებები კი იყო. და არცთუ მცირე რაოდენობით. და არა მარტო ფრონტებისა და არმიების დონეზე. ასე, მე-5 სატანკო დივიზიაში უკვე 1940 წ. ივლისში, ე. ი. ომის დაწყებამდე თითქმის ერთი წლით ადრე, ირიცხებოდა (120 სატანკო რადიოსადგურის 71ТК ჩაუთვლელად): 

– 1 რადიოსადგური 11АК, 
– 23 რადიოსადგური 5АК, 
– 87 საბატალიონო და საასეულო რადიოსადგური (6ПК, РРС, РРУ, РБ – 22) [179]. 

ახლა სჯობს განვმარტოთ – რას აღნიშნავს ეს დიდი ასოები. 11АК – ეს იყო მძლავრი (500 ვტ) რადიოსადგური, რომელიც გადაიტანებოდა ორი სატვირთო ავტომობილით. იგი უზრუნველყოფდა სატელეფონო-სატელეგრაფო კავშირს 300–500 კმ რადიუსში. 5АК-ს დიდი სკივრის ზომა ჰქონდა, გადაიტანებოდა ავტომობილის ძარაში ან ცხენის საზიდარზე. ამ რაციას ჰქონდა მოქმედების რადიუსი 25 კმ სატელეფონო კავშირის დროს და 50 კმ – სატელეგრაფო კავშირისას, ე. ი. სრულად (და შესამჩნევი გადაფარვითაც კი) უზრუნველყოფდა რადიოკავშირს დივიზიის შეტევის ფრონტის ზოლში... 

ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის საბრძოლო მოხსენებებში უკანასკნელი მოხსენიება მე-5 სატანკო დივიზიის შესახებ 1941 წ. 2 ივლისითაა დათარიღებული: 

„...მე-5 სატანკო დივიზია 24.6.41 წ. ვილნჲუსის რაიონში ალყაშემორტყმულ იქნა მოწინააღმდეგის მიერ და გაიფანტა. დარჩენილმა მებრძოლებმა და მეთაურებმა მხოლოდ 26.6.41 წ.-ში დაიწყეს გამოჩენა პოლოცკის რაიონში (200 კმ ვილნჲუსის აღმოსავლეთით, 185 კმ მოლოდეჩნოდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ) და 30.6.41 წ. ფსკოვის რაიონში. საბრძოლო მანქანების მატერიალური ნაწილი მთლიანად განადგურებულია ან დატოვებული მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. პირადი შემადგენლობისა და თვლიანი მანქანების მატერიალური ნაწილის ნარჩენებს ახლა ვკრებთ ფსკოვისა და პოლოცკის რაიონში...“ [19, გვ. 107]. 

პოლკოვნიკ ფჲოდოროვის მწუხარე წინათგრძნობები კი („მე მომიწევს ამისთვის ჩემი თავით ვაგო პასუხი“) არ გამართლდა. ასეულობით კილომეტრ სივრცეებზე „გაფანტული“ დივიზიის მეთაური გადარჩენილ მებრძოლთა მწყობრის წინ არ დაუხვრეტიათ, და არც რიგითად გაუგზავნიათ მეწინავე ხაზზე „დანაშაულის სისხლით გამოსასყიდად“. იგი დაინიშნა მოსკოვის სასწავლო ჯავშანსატანკო ცენტრის უფროსად, ხოლო შემდეგ კი – სოლიკამსკის აეროსამარხილო სასწავლებლის უფროსად ჩრდილოეთ ურალზე. იქ, უღრმეს ზურგში, ათასეულობით კილომეტრზე ფრონტიდან, მას უაზრო (შეუსაბამო) სიკვდილი ეწვია ტიფისაგან 1945 წ. 20 იანვარს. 


„და წავიდა ბრძანებით შემართული...“ 

რეალურ ისტორიაში გერმანელების გარღვევა (შემოჭრა) ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე წითელი არმიის დასავლეთის ფრონტის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა. სწრაფად მოიწევდნენ რა წინ უზარმაზარი რკალით ალიტუსი – ვილნჲუსი – მოლოდეჩნო, ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის დივიზიები გამოვიდნენ მინსკთან, სადაც 27–28 ივნისს შეხვდნენ 47-ე სატანკო კორპუსს მე-2 სატანკო ჯგუფის შემადგენლობიდან, რომელიც უტევდა გზატკეცილის ბრესტი – ბარანოვიჩი – მინსკი გამოყოლებით. დასავლეთის ფრონტის შენაერთების სამი მეოთხედი ალყის უზარმაზარ „ქვაბში“ აღმოჩნდა. მაგრამ 23–24 ივნისს შექმნილი სიტუაცია სრულიად სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო შეფასებული: გერმანული სატანკო დივიზიები წავიდნენ ბოლდინის ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის ნავარაუდევი კონტრშეტევის რაიონიდან, და საბჭოთა სატანკო „ნაჯახის“ გამანადგურებელი დარტყმა გერმანულ ქვეით ჯარს უნდა დასტყდომოდა თავზე. 

დაგეგმილი კონტრშეტევის რაიონთან ყველაზე უფრო ახლოს დასავლეთის ფრონტის 11-ე მექკორპუსი იმყოფებოდა (იხ. რუკა # 2). იგი შევიდა კიდეც ბრძოლაში პირველი. ნაგლეჯ-ნაგლეჯებად არსებული ინფორმაცია 11-ე მექკორპუსის ძალზედ მოკლე საბრძოლო გზის შესახებ იმდენადვე წინააღმდეგობრივი და მცირედ დამაჯერებელია, რამდენადაც ზემოთ მოყვანილი ცნობები მე-5 სატანკო დივიზიის განადგურების გარემოებათა შესახებ. სავსებით განსაზღვრულად მხოლოდ იმის კონსტატირება შეიძლება, რომ ნებისმიერ მოხსენიებას 11-ე მექკორ-ის შესახებ ტრადიციულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში თან ახლავს სიმწრით მოთქმა-გოდების ნაკადი („დაკომპლექტებულია 23 %-ით მოძველებული მარკების ტანკებით... ავტოტრანსპორტითა და სატრაქტორო გამწევებით დაკომპლექტებულობა შეადგენდა 15–20 %-ს საშტატო ნორმებისა... ტანკისტ-ოფიცრებით დაკომპლექტებულობა შეადგენდა 45–55 %-ს საშტატოსი...“). და ასე შემდეგ. 

ყველაფერი ეს – სუფთა სიმართლეა. საერთოდ. ახლა კონკრეტულ დაწვრილებით ამბებზე გადავიდეთ. მექკორპუსის მთავარი შეიარაღებაა – ტანკები. რამდენი იყო ისინი? 

ისტორიულ ლიტერატურაში გვხვდება ყველაზე უფრო განსხვავებული ციფრები: 237 ერთეული (ВИЖ № 4/1989), 360 ერთეული (ინტერნეტ-საიტი „მგწა-ის მექკორპუსები“ მითითებით ЦАМО-ზე, ფონდი 38, ანაწერი 11373, საქმე 67), 414 ერთეული („1941 – გაკვეთილები და დასკვნები“). ავტორი გთავაზობთ საფუძვლად ავიღოთ ციფრი 331 – ტანკების სწორედ ასეთი რაოდენობაა მითითებული იმ დოკუმენტში, რომელიც მოვლენათა უშუალო მონაწილეების მიერაა შედგენილი. ლაპარაკია ВИЖ № 9/1989-ში გამოქვეყნებულ „11-ე მექკორპუსის პოლიტგანყოფილების პოლიტ-მოხსენებაზე დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭოსადმი 1941 წ. 15 ივლისს“. ტანკები 11-ე მექკორპუსში მართლაც ყველაზე უფრო მოძველებულები იყვნენ: 242 ტანკი Т-26, 18 ცეცხლსატყორცნი ОТ-26 და 44 ტანკი БТ ძველი მოდიფიკაციისა (БТ-5). ახალი ტანკები ძალზედ ცოტაა: 24 (სხვა წყაროების მიხედვით – 28) საშუალო Т-34 და 3 მძიმე КВ. 

ამასთან „ტანკების 10–15 % ლაშქრობაში თან არ წაუყვანიათ, რადგანაც ისინი რემონტში იმყოფებოდნენ“

შედეგად: დაახლოებით 280 საბრძოლველად მზადმყოფი ტანკი, მათგან თითქმის ყველა – მსუბუქი და მოძველებული. 

კითხვა: შეუძლია თუ არა იბრძოლოს სატანკო შენაერთს, რომელიც ასეთი „ხარახურითაა“ შეიარაღებული? 

ყველაფერი შეიცნობა შედარებაში. ათეულობით წლებში საბჭოთა „ისტორიკოსები“ რატომღაც ახდენდნენ ამ უმარტივესი, უთვალსაჩინოესი წესის იგნორირებას. რა თქმა უნდა, 11-ე მექკორპუსი იყო სუსტი და „ბოლომდე ვერგაკეთებული“ – მაგალითად, დასავლეთის ფრონტის მე-6 მექკორპოსთან ან ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მე-3 მექკორპუსთან შედარებით, რომელთა შეიარაღებაშიც იყო ასეულობით უახლესი Т-34 და КВ. მაგრამ ხომ გერმანელებთან უნდა ეომათ, და არა ფრონტზე თავიანთ მეზობლებთან! გერმანულ სატანკო შენაერთებთან, მათი აღჭურვილობით, მათი შეიარაღებით, მათი შესაძლებლობებით უნდა ვადარებდეთ კიდეც 11-ე მექკორპუსის საბრძოლო ძლიერებას. 

ხუთი დასავლური სამხედრო ოკრუგის ჯარების შემადგენლობაში იყო 20 მექკორპუსი. თუ ამ ჩამონათვლიდან გამოვრიცხავთ 17-ე მექკორ-სა და 20-ე მექკორ-ს, რომლებშიც სულ 63 და 94 ტანკი იყო შესაბამისად (წითელ არმიაში 94 ტანკზე ამბობდნენ „სულ 94“), მაშინ რჩება 18 მექკოროპუსი. ვერმახტის შემოჭრის ძალების შემადგენლობაში კი იყო 17 სატანკო დივიზია. აი სწორედ მათ შეიძლება და საჭიროა კიდეც ვადარებდეთ ჩვენს მექკორპუსებს, კერძოდ 11-ე მექკორ-ს. 

გერმანულ სატანკო დივიზიებსა და კორპუსებს არ ჰქონიათ მკაცრად განსაზღვრული შემადგენლობა. ამიტომ ავიღებთ შედარებისათვის ვერმახტის ყველაზე უფრო მსხვილ სატანკო დივიზიას, რომელიც იყო კიდეც მთელ აღმოსავლეთ ფრონტზე. ეს გახლავთ მე-7 სატანკო გენერალ-მაიორ ფონ ფუნკის მეთაურობით. ასეთი შედარება მით უფროა ჯეროვანი, რომ მე-7 ტდ შედიოდა ვერმახტის სწორედ იმ მე-3 სატანკო ჯგუფის შემადგენლობაში, რომლის ფლანგზე და ზურგშიც უნდა მიეყენებინა დარტყმა ბოლდინის ცმჯ-ს. 

სატანკო დივიზიის მთავარი შეიარაღებაა – ტანკები. ისინი ვერმახტის მე-7 ტდ-ში იყო 265 ერთეული. ხოლო ჩვენს „დაუკომპლექტებელ“ 11-ე მექკორ-ში კი – 331 ტანკი. რატომღაც მიღებულია (საბჭოთა პროპაგანდისტებს შორისაა მიღებული) ითვლებოდეს, რომ გერმანელებთან არაფერი არასოდეს ტყდებოდა და საბრძოლველად მზადმყოფი ტანკების რიცხვი ყოველთვის მათ საერთო რიცხვს უტოლდებოდა. თვით თუ ამ აბსურდულ დაშვებას დავიჯერებთ, მაშინაც კი 11-ე მექკორპუსი საბრძოლველად მზადმყოფი ტანკების რაოდენობით აღემატებოდა ვერმახტის ყველაზე უფრო მსხვილ სატანკო დივიზიას (280 ტანკი 265-ის წინააღმდეგ). 

ახლა რაოდენობიდან გადავიდეთ ხარისხზე. ომის დასაწყისისთვის მე-7 სატანკო დივიზიის შეიარაღებაში ირიცხებოდა [10, გვ. 206]: 

– 53 ტანკეტი Pz-II; 
– 167 მსუბუქი ტანკი Pz-38(t); 
– 30 საშუალო ტანკი Pz-IV; 
– 15 „მეთაურის“ ტანკი სატყვიამფრქვევო შეიარაღებით, მათგან 7 Pz-38(t)-ის ბაზაზე. 

ერთი შეხედვით 11-ე მექკორ-სა და მე-7 სატანკო დივიზიას დაახლოებით თანაბარი საბრძოლო შესაძლებლობები გააჩნდათ (და ეს თუ მხედველობაში არ მივიღებთ საბჭოთა Т-34 და КВ-ების უდავო ხარისხობრივ აღმატებულობას გერმანულ Pz-IV-ზე). თუმცა კი ეს ნაჩქარევი და თავისი არსით აბსოლუტურად მცდარი დასკვნაა. 

11-ე მექკორპუსი მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი იყო

„ტანკი – ეს არის საზიდარი ზარბაზნისათვის“. ამ აფორიზმში, რომლის ავტორობაც არტილერიის გამოჩენილ საბჭოთა კონსტრუქტორს გრაბინს მიეწერება, არის, რა თქმა უნდა, გადაჭარბების წილი. მაგრამ ძალზედ ცოტა. ტანკის ყველა პარამეტრი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ისინი თავისთავად, მეორადია მთავართან მიმართებაში – შეიარაღებასთან. ტანკი შექმნილია არა მგზავრობისათვის და არც შეფარებისათვის, არამედ განადგურებისათვის. საცეცხლე საშუალებებისა და ცოცხალი ძალის, მოწინააღმდეგის ზურგში საკომანდო პუნქტებისა და კავშირგაბმულობის კვანძების განადგურებისათვის, სატრანსპორტო კოლონებისა და მისი თავდაცვის ოპერატიულ სიღრმეში საწყობების განადგურებისათვის. 

ასე რომ, ამ ამოცანების შესასრულებლად, სატანკო ჯარების ძირითადი ამოცანებისა, 11-ე მექკორპუსი გაცილებით უფრო უკეთ იყო შეიარაღებული, ვიდრე ვერმახტის მე-7 დივიზია. ჩვენი 45-მმ სატანკო ზარბაზნისათვის 20К იყო შემუშავებული 2,13 კგ წონის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი. ეს უკანასკნელი იძლეოდა 100 მომაკვდინებელ ნამსხვრევს, რომლებიც აზიანებდნენ მოწინააღმდეგის ღიად განლაგებულ ცოცხალ ძალას 15,6 მ ზოლში. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ძალზედ მსუბუქი ჭურვია (სამჯერ უფრო მსუბუქი, ვიდრე სტანდარტული „სამდჲუიმიანი“ ზარბაზნისა), მაგრამ მაინც მას შეეძლო ბევრი მიზანი ბრძოლის ველზე (სატყვიამფრქვევო ბუდე, სანაღმსატყორცნე ბატარეა) დაეზიანებინა. 11-ე მექკორპუსის შეიარაღებაში იყო 345 ზარბაზანი 20К (286 ტანკებზე Т-26 და БТ, 59 ზარბაზნიან ჯავშანავტომობილებზე БА-10). 

გერმანული მე-7 ტდ-ის შეიარაღებაში კი იყო „შკოდას“ ფირმის სულ 167 სატანკო ზარბაზანი A-7. ზუსტად ორჯერ ნაკლები, ვიდრე 11-ე მექკორ-ში. ამასთან გერმანული 37-მმ მსხვრევადი ჭურვის წონა (690 გ) სამჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საბჭოთა 20К-ის ჭურვისა, რაც განაპირობებდა კიდეც მის ნაკლებ დამაზიანებელ მოქმედებას მოწინააღმდეგის ქვეით ჯარსა და შესაფარებლებზე. 

რაც შეეხება მსუბუქ გერმანულ ტანკეტებს Pz II, მათზე დაყენებული 20-მმ ზარბაზანი იყო გამოუსადეგარი ბრძოლისათვის ქვეით ჯართან და არტილერიასთან. 120–145 გ წონის პატარა ჭურვი, რომელსაც (სხვადასხვა ვარიანტში) 4-დან 15 გ-მდე ფეთქებადი ნივთიერება მიჰქონდა, ძალზედ სუსტი იყო. ომის წინ სსრკ-ში ასეთი კალიბრის ზარბაზნებს მხოლოდ გამანადგურებელ თვითმფრინავებზე აყენებდნენ, და სულაც არა ჯავშანტექნიკაზე. ამასთან 20-მმ ავიაზარბაზნების გამოცდებმა და საბრძოლო გამოყენებამ აჩვენა, რომ „ღია ადგილმდებარეობაზე ცოცხალი ძალის დაზიანება“ მხოლოდ ადამიანში პირდაპირი მორტყმითაა შესაძლებელი, 20-მმ „ჭურვის“ მსხვრევადი მოქმედება კი სრულებით უმნიშვნელო გახლდათ. 

რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის საცეცხლე ჩახშობის სერიოზული „სამუშაო“ დაკისრებული უნდა ყოფილიყო არა მსუბუქ ტანკებზე, არამედ მექანიზებულ საჰაუბიცო არტილერიაზე. და სწორედ აქ ჩნდება კიდეც უმთავრესად განსხვავება საბჭოთა მექ კ ო რ პ უ ს ს ა (თუნდაც სრულად დაუკომპლექტებელს) და გერმანულ დ ი ვ ი ზ ი ა ს შორის. 

11-ე მექკორპუსის სამი დივიზიის საარტილერიო პოლკების შეიარაღებაში ომის დასაწყისისათვის ირიცხებოდა [78]: 

– 16 ჰაუბიცა 152 მმ კალიბრისა; 
– 36 ჰაუბიცა 122 მმ კალიბრისა. 

დიახ, ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია საშტატო ნორმებზე (152 მმ კალიბრის 36 ჰაუბიცა და 122 მმ კალიბრის 40 ჰაუბიუცა), მაგრამ ბოლომდე, „უკანასკნელ ღილამდე“ 1940 წლის შემოდგომის შტატით დაკომპლექტებულ გერმანულ სატანკო დივიზიაში, შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ: 

– 12 ჰაუბიცა 150 მმ კალიბრისა; 
– 24 ჰაუბიცა 105 მმ კალიბრისა; 
– 4 ზარბაზანი 150 მმ კალიბრისა. 

საერთო დასკვნა აშკარაა: თვით ბოლომდე დაუკოპლექტებელი 11-ე მექკორ-იც კი თავისი საცეცხლე ძლიერებით აღემატებოდა ვერმახტის ყველაზე უფრო მსხვილ სატანკო დივიზიას. 

დაბოლოს, ნებისმიერი საბჭოთა მექკორპუსის შემადგენლობაში იყო უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ნებისმიერ სატანკო დივიზიაში. ეს არც არის გასაკვირი: კორპუსში სამი დივიზია და მრავალი ცალკეული საკორპუსო ნაწილია. უფრო კონკრეტულად, დაუკომპლექტებელ 11-ე მექკორპუსში 1941 წ. 1 ივნისის მდგომარეობით მსახურობდა პირადი შემადგენლობის 21 605 ადამიანი, გერმანული სატანკო დივიზიის მაქსიმალური საშტატო რიცხოვნება კი ერთნახევარჯერ უფრო ნაკლები გახლდათ. ამასთან, 21 605 ადამიანი იყო 11-ე მექკორ-ში 1941 წ. 1 ივნისის მდგომარეობით. 22 ივნისს ადამიანები, ალბათ, უფრო მეტი იქნებოდნენ, რადგანაც ქვეყანაში სრული სვლით მიდიოდა რეზერვისტების ფარული მობილიზაცია („დიდ სასწავლო შეკრებებზე“ ომის დაწყებამდე სულ მოასწრეს გაეწვიათ 768 ათასი ადამიანი), და მექანიზებული შენაერთები პირადი შემადგენლობით სრულად პირველ რიგში კომპლექტდებოდნენ. 

ერთადერთი, რაშიც 11-ე მექკორ-ი ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგის მე-7 ტდ-ს, ეს იყო ავტომანქანების რაოდენობაში, ე. ი. მოტოქვეითი ჯარის, არტილერიისა და ზურგის სამსახურების უნარში ემოძრავათ შემტევი „სატანკო სოლის“ უკან. კორპუსის შეიარაღებაში 1941 წ. 1 ივნისისათვის ირიცხებოდა 920 ავტომობილი, 148 მოტოციკლი, 55 ტრაქტორი და გამწევი. ეს საშტატო ნორმებზე მნიშვნელოვნად (5–6-ჯერ) უფრო ნაკლებია. და 11-ე მექკორპუსი მართლა რომ გადასულიყო შეტევაში გროდნოდან მერკინეზე (60–70 კმ), როგორც ეს პავლოვის ბრძანებით ჰქონდა დავალებული, მაშინ ტრანსპორტით სრული მოცულობით ვერ უზრუნველყოფილი მოტოქვეითი ჯარი გარდაუვალად ჩამორჩებოდა ტანკებს. თეორიულად. რეალობაში კი არავითარი გარღვევა მოწინააღმდეგის თავდაცვის ოპერატიულ სიღრმეში არც კი იქნებოდა; გერმანელების დადევნება არ მოუხდათ – ისინი თვითონ მოვიდნენ გროდნოსთან, და თავისი პირველი და უკანასკნელი ბრძოლა 11-ე მექკორ-მა პრაქტიკულად ომამდელი დისლოკაციის რაიონში მიიღო. ასეთ სიტუაციაში ავტომანქანების უკმარისობას არ შეიძლებოდა ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული „პოლიტმოხსენებიდან“ ჩვენ ვგებულობთ, რომ 22 ივნისის დილას კორპუსის მეთაურობამ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება: 

„...საბრძოლო განგაშით ყველა ნაწილმა გამოიყვანა მთელი პირადი შემადგენლობა, რომელსაც ჰქონდა შეიარაღება და შეეძლო ებრძოლა, რაც მთელი შემადგენლობის 50–60 % შეადგენდა, დანარჩენი შემადგენლობა კი ნაწილების დისლოკაციის რაიონში იქნა დატოვებული... 204-ე მოტორიზებული დივიზიის ავტოტრანსპორტით დაუკმაყოფილებლობის გამო 1-ლი ეშელონი ვოლკოვისკის რაიონიდან (82 კმ გზატკეცილზე გროდნომდე – მ. ს.) ავტომანქანებით გადაისროლეს, შემდგომები კი კომბინირებული მარშით უნდა გადაესროლათ (ე. ი. 204-ე მდ-ის მსროლელი ქვედანაყოფები ფეხით მიდიოდნენ მანამდე, სანამ მათ არ აიყვანდა ავტოტრანსპორტი, დაბრუნებული დივიზიის პირველი ეშელონის გადაზიდვის შემდეგ – მ. ს.). საბრძოლო განგაშის გამოცხადებიდან 7 საათის შემდეგ (29-ე ტდ-მ 3 საათის შემდეგ და 33-ე ტდ-მ – 4 საათის შემდეგ) დაიკავეს კორპუსის ნაწილებმა თავმოყრის რაიონი...“ 

გვრჩება ვაღიაროთ, რომ საბჭოთა ისტორიკოსები სრულიად მართალნი იყვნენ. არანაირი „მექკორპუსი“ გროდნოს რაიონში არ ყოფილა. „11-ე მექკორპუსის“ სახელწოდებით 1941 წ. 22 ივნისის დილის 10 საათისათვის გროდნოს სამხრეთით თავი მოიყარა ფაქტიურად მსუბუქი ტანკების დივიზიამ, რომელიც ყველა რაოდენობრივი პარამეტრით მნიშვნელოვნად აღემატებოდა ვერმახტის ყველაზე უფრო მსხვილ სატანკო დივიზიას

ყველაზე უფრო მსხვილმა, ვერმახტის მე-7 სატანკო დივიზიამ ბევრი უბედურება ჩაიდინა. მე-3 სატანკო ჯგუფის სარდლის ჰ. ჰოთის მიერ ჭეშმარიტად „გერმანულად“ დაწერილი მემუარები [13] საშუალებას გვაძლევენ დეტალებში მივადევნოთ თვალი მე-7 ტდ-ის საბრძოლო გზას ომის პირველ დღეებსა და კვირებში. 

22 ივნისის შუა დღისათვის დაპყრობილია ხიდები ნემანზე ალიტუსთან, 23 ივნისის შუადღეზე „მე-7 ტდ-ის სატანკო პოლკი გავიდა გზაზე ლიდა – ვილნიუსი (75 კმ ალიტუსის აღმოსავლეთით), დივიზიის თვლიანი მანქანები შორს უკან ჩამორჩნენ“ (მაგრამ რა არის აღსანიშნავი – გერმანელი გენერალი სულაც არ აკეთებს აქედან დასკვნას იმის შესახებ, რომ დივიზიამ დაკარგა ყოველგვარი ბრძოლისუნარიანობა), 24 ივნისის დილით ადრე „მე-7 სატანკო დივიზია მცირე ბრძოლის შემდეგ დაეუფლა ქალაქ ვილნჲუსს, დივიზიის სატანკო პოლკი განაგრძობდა წინსვლას მიხალიშკიზე“ (მიხალიშკი – ეს უკვე ბელორუსიაა, და უკვე 180 კმ საზღვრიდან აღმოსავლეთით). შემდეგ „მე-7 ტდ 26 ივნისს გავიდა ავტოსტრადაზე მინსკი – მოსკოვი სმოლევიჩის რაიონში“ (ეს უკვე 30 კმ-ია მინსკიდან აღმოსავლეთით). ამრიგად, ხუთი დღის მანძილზე დივიზიამ გაიარა 350 კმ ლიტვისა და ბელორუსიის სატყეო გზებით. 

შემდეგ მე-7 ტდ, განიცადა რა წარუმატებლობა ქალაქ ბორისოვთან ახლოს ბერეზინას ფორსირების მცდელობისას, წავიდა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, ლეპელის გავლით ვიტებსკისაკენ. 5 ივლისს ბეშკენოვიჩის რაიონში (175 კმ მინსკიდან) მე-7 ტდ მოსკოვის სამხედრო ოკრუგიდან მოსულ სრულად დაკომპლექტებულ მე7 მექკორ-ს „წააწყდა“ (ეს სწორედ ის მექკორპუსია, რომლის შემადგენლობაშიც ომობდა და ჩავარდა ტყვედ სტალინის ვაჟიშვილი). გაანადგურეს და სამხრეთისკენ უკუაქციეს რა საბჭოთა მექკორპუსი, მე-7 და 20-ე ტდ-ებმა გადმოლახეს დასავლეთ დვინა ბეშკენოვიჩებსა და ულლას შორის, და 10 ივლისისათვის სრულად დაეუფლენ ვიტებსკს. რის შემდეგაც მათი გზები ისევ გაიყო: 20-ე ტდ წავიდა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვილჟასკენ, მე-7 ტდ კი დემიდოვის გავლით ხელმეორედ გამოვიდა ავტოსტრადა # 1-ზე, ამჯერად იარცევის რაიონში (50 კმ სმოლენსკის აღმოსავლეთით), გამოიარა რა ასეთნაირად საზღვრიდან მოსკოვამდე მანძილის ორი მესამედი. 

სამი თვის შემდეგ, 1941 წ. 6 ოქტომბერს, სწორედ მე-7 სატანკო ვჲაზმის რაიონში მესამედ გამოვიდა ავტოსტრადაზე # 1, ჩაკეტა რა ასეთ ნაირად ალყის რგოლი მთელი ომის მანძილზე ყველაზე უფრო დიდი ვჲაზმის „ქვაბისა“. შემდეგ, სისხლისმღვრელი მოსკოვური ბრძოლის მსვლელობისას მე-7 ტდ კიდევ 245 კმ-ით უფრო შორს მოვიდა, იახრომამდე (45 კმ მოსკოვის ჩრდილოეთით). მხოლოდ იქ, ვოლგა – მოსკოვის არხთან, იქნა კიდეც იგი დამარცხებული (თუ დავუჯერებთ საბინფორმბიუროს 1941 წ. 13 დეკემბრის სახელგანთქმულ შეტყობინებას) 1-ლი დამრტყმელი არმიის ჯარების მიერ. მართალია, გერმანული მონაცემების მიხედვით, მე-7 სატანკო არმია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტებზე კიდევ 1943 წ.-მდე ომობდა. 

პრაქტიკული დასკვნა ყოველივე ზემოთქმულიდან: აღმოჩნდა, რომ მსუბუქი ტანკების დივიზიას შეუძლია ომობდეს, შეუძლია უტევდეს, შეუძლია აწარმოებდეს წარმატებულ ბრძოლებს მოწინააღმდეგის ქვეით ჯართან და ტანკებთან, შეუძლია გადალახავდეს წყალუხვ მდინარეებს და იერიშით იღებდეს დიდ ქალაქებს. მაპატიეთ დაჟინებისათვის, მაგრამ ავტორი მზად არის კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მთელი ეს გზა ვერმახტის მე-7 ტდ-მ გაიარა მსუბუქი ჩეხური ტანკებითა და ნადავლი ფრანგული სატვირთო ავტომობილებით, რომლებიც ჩვენს გრუნტის გზებზე მოტოქვეითი ჯარის გადაადგილების საშუალებიდან ხელით ბიძგების საგნად გადაიქცეოდნენ. უკვე ომის პირველ სამ კვირაში მე-7 ტდ-მ გაიარა 700 კმ (წრფის მიხედვით თუ ვიანგარიშებთ) საზღვრიდან იარცევომდე, რაც ცოტათი მეტია მანძილზე გროდნოდან ბერლინამდე

უცნაურია, მაგრამ კომუნისტური ისტორიკოსები ყოველთვის თვლიდნენ გარდაუვალად, ბუნებრივად და ერთადერთ შესაძლოდ ერთსაც და მეორესაც: იმასაც, რომ მე-7 გერმანული სატანკო დივიზია უკვე 15 ივლისს იყო იარცევოსთან, და იმასაც, რომ მასზე ყველა პარამეტრით აღმატებული 11-ე მექკორ-ი არა მარტო ვერ მივიდა ბერლინამდე (ან თუნდაც მერკინემდე), არამედ დაასრულა კიდეც თავისი არსებობა სამი დღის ბრძოლების მანძილზე გროდნოსთან. და ერთი შეხედვით ხომ გასაოცრად და სიმართლისთვის შეუფერებლად წარმოგვიდგება ის ფაქტი, რომ გერმანულმა დივიზიამ, შეიარაღებულმა მხოლოდ ტყვიასაწინააღმდეგო ჯავშნის მქონე მსუბუქი ტანკებით, „შეძლო გაევლო მწყობრის გავლით“ ათობით საბჭოთა მსროლელი დივიზიისა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ასობით 45-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნებით, რომლებიც გარანტირებულად ხვრეტდნენ Pz-38(t)-ის ჯავშანს შუბლშიც, ბორტშიც, „კუდშიცა და ფაფარშიც“. თითქოს და, „ფარისა და მახვილის“ ასეთი თანაფარდობისას გერმანული ტანკების ღრმა რეიდი მათი სრული ამოწყვეტით უნდა დამთავრებულიყო. 

თუმცა კი, ყველაფერი არ არის ასე მარტივად. ტანკი – ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია, და მისი გამოყენების შედეგი დამოკიდებულია უწინარეს ყოვლისა გამოყენების ტაქტიკაზე, ხოლო უფრო ზუსტად კი – ამ ტაქტიკის შეიარაღების ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობაზე. ერთი შეხედვით „უიმედო“ თანაფარდობა მსუბუქი ტანკის ჯავშნის სისქესა და საარტილერიო ჭურვის ჯავშანგამტანობას შორის ასეთი გახლავთ მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა მაგიდის ზედაპირივით გლუვ ტრიალ მინდორში დგას მარტომყოფი ტანკი და ელოდება, თუ როდის მოხვდება მას ჭურვი. რეალურ ბრძოლაში კი ყველაფერი რამდენადმე განსხვავებულადაა. 

ჯერ ერთი, ტანკი მოძრაობს. თვით წვიმისაგან დამბალ მინდორში ნელა მცოცავი Т-26-ც კი გადალახავს უკანასკნელ 600 მ (მოძრავ ტანკში დიდი მანძილიდან მორტყმა პრაქტიკულად შეუძლებელია) ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნის საცეცხლე პოზიციამდე 3 წუთში. თეორიულად ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის გათვლას შეუძლია მოახდინოს 10–15 გასროლა წუთში. მაგრამ ეს თუ არ დაუმიზნებ, არამედ უბრალოდ „დაუშენ სადაც გამოვა“. რეალურად და იმის გათვალისწინებით, რომ უკუცემა გასროლის შემდეგ აგდებს სამიზნეს, არტილერისტების განკარგულებაში არაუმეტეს 5–10 გასროლაა. მაგრამ ტანკი ხომ არა უბრალოდ დაცოცავს ბრძოლის ველზე, არამედ დაცოცავს და ისვრის. მხარეთა შანსები ტანკისა და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის „დუელში“ სულაც არ არის ერთნაირი. ჯავშანგამტანი ჭურვი, რომელმაც ტანკის კოშკიდან ერთ სანტიმეტრში ჩაიწუილა, ვერ მოუტანს მას ვერანაირ ზიანს, იმ დროს როდესაც მსხვრევადი ჭურვი (მაშინაც კი ეს მცირეკალიბრიანი 45-მმ საბჭოთა სატანკო ზარბაზნის ჭურვია 20К), აფეთქებული რამდენიმე მეტრის მანძილზე საცეცხლე პოზიციისაგან, გარდაუვალად აიძულებს ქვემეხს გაჩუმდეს. ამიტომ 5–10 გასროლა, რომლებზედაც ჩვენ ზემოთ ვთქვით, რეალურ ბრძოლაში ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნის გათვლისათვის მიუღწეველ ოცნებას წარმოადგენს – პირველივე გასროლების შემდეგ ტანკის ეკიპაჟი (კარგად მომზადებული და განსწავლული ეკიპაჟი) აღმოაჩენს მსროლელ ქვემეხს და ორიოდე მსხვრევადი ჭურვებით ზარბაზანს აღგვის პირისაგან მიწისა. 

ამ მარტივი მოსაზრებებიდან გამოდის, რომ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველაზე მარტივ და ყველაზე ეფექტურ ხერხს წარმოადგენს სამყაროსავით ძველი, მთელი სამხედრო საქმისათვის საბაზო, კონცენტრაციის პრინციპი. სატანკო დივიზია, გაშლილი საბრძოლო წყობაში 2–3 კმ ფრონტზე, დაჯერებულად გაარღვევს მსროლელი (ქვეითი) პოლკის თავდაცვას, რომლის შეიარაღებაშიც ომის დასაწყისში იყო სულ 12 ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი. მაშინაც კი, თუ თავდაცვაში მყოფნი მოასწრებენ უმოკლეს ვადაში გადაისროლონ გარღვევის რაიონში თავისი რეზერვი (36 ტანკსაწინააღმდეგო 37-მმ ზარბაზანი ვერმახტის ქვეითი დივიზიის გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონისა), ორი-სამი ასეული ტანკის შემოტევის გაჩერებას ისინი ვერ შეძლებენ. გარკვეული რაოდენობის ტანკების დანაკარგები ამ დროს გარდაუვალია, მაგრამ თავდაცვის გარღვევაც გარდაუვალი იქნება. ეს „გარკვეული რაოდენობა“ შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი (თუ არა სულაც ნულამდეც) სატანკო შეტევის საარტილერიო მხარდაჭერის ხარჯზე. 

სწორედ არტილერიის მასირებული მხარდაჭერა – როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ასეთი რამ – ასრულებს როლს იმ „დამატებითი ჯავშნისა“, რომელიც საშუალებას აძლევს მსუბუქ ტანკებს ტყვიასაწინააღმდეგო მოჯავშნით გადარჩნენ ბრძოლის ველზე. სიტყვა „მასირებული“ წინა ფრაზაში ლამაზი სიტყვისათვის არ გამოჩენილა. ჰაუბიცა ისვრის დაუმიზნებელი დაკიდებული ცეცხლით, და ბევრჯერ-ბევრჯერ უნდა ისროლო, სანამ ერთ-ერთი ჭურვი მტრის ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნის საცეცხლე პოზიციის გვერდით აფეთქდება. როგორც ზემოთ უკვე იყო მოხსენიებული, წითელი არმიის ომისწინა ნორმატივების მიხედვით, ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთი ქვემეხის განადგურებისათვის 122-მმ ჰაუბიცის 70-დან 90-მდე ჭურვი იყო საჭირო. თუმცა კი სატანკო პოლკში არ არის ასეთი ჰაუბიცები, მაგრამ ისინი არის სატანკო (მოტორიზებული) დივიზიის საარტილერიო პოლკის შემადგენლობაში. სხვა სიტყვებით, აუცილებელია ურთიერთმოქმედება. ძალზედ უბრალო სიტყვაა, ძალიან გასაგები აზრით, რომელზედაც არის ბრძოლაში თითქმის ყველაფერი დამოკიდებული. 

წითელი არმიის საველე წესდება ПУ-39 კატეგორიულად მოითხოვდა: „წინა ხაზის ტანკებით შეტევა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი საარტილერიო მხარდაჭერით და არ დაიშვება მის გარეშე“. მაგრამ ურთიერთქმედება მარტო არტილერიასთან არ არის საკმარისი. საჭიროა დაზვერვა, საჭიროა მდგრადი კავშირგაბმულობა, საარტილერიო ცეცხლის კორექტირება, საჭიროა მხარდაჭერა საკუთარი ქვეითი ჯარის მხრიდან და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც გადააქცევს ზარბაზნებს, ტანკებს, ტყვიამფრქვევებს ერთიან სამხედრო მექანიზმად. ამ „მექანიზმის“ ყველაზე უფრო მთავარი „დეტალი“ კი იყო, არის და იქნება მეთაური. განსწავლული, გამოცდილი, მამაცი მეთაური. მარტო ასეთი მეთაურის არსებობისას და ქვეით ჯართან და არტილერიასთან აწყობილი ურთიერთმოქმედების დროს, გაარღვევდა, რკინის გარდაუვალობით, ტყვიასაწინააღმდეგო მოჯავშნის მქონე მსუბუქი ტანკებით შეიარაღებული სატანკო შენაერთი 1941 წ. ზაფხულის ნიმუშის ქვეითი ჯარის თავდაცვას. 

პატივცემულო მკითხველო, არ ღირს ყოველივე ზემოთ გადმოცემულს აღვიქვამდეთ როგორც გაგრძელებას იგავ-არაკისა მელიისა და ყურძნის შესახებ. რა თქმა უნდა, ვერდაზიანებადი ტანკებით შეტევის წარმოება კიდევ უფრო უკეთესია. და სულაც არ არის შემთხვევითი ის, რომ, ემზადებოდა რა დიდი ომისათვის, „უცვლელად მშვიდობისმოყვარე“ სტალინურმა იმპერიამ დაიწყო თავისი არმიის გადაიარაღება ახალი ტანკებით, ჭურვსაწინააღმდეგო მოჯავშნის მქონეთი. მაგრამ ასეთი ტანკების არარსებობის (ან მცირე რაოდენობის) გამოცხადება მსხვილი მექანიზებული შენაერთის (როგორიც 1941 წ. 22 ივნისის დილის მდგომარეობით იყო 11-ე მექკორპუსი) ელვისებური განადგურების ამომწურავ ობიექტურ მიზეზად, სულ მცირე, უაზრობაა. ომობენ არა ტანკები, ომობენ ტანკისტები და მათი მეთაურები. სწორედ მათ მოქმედებებში (ან უმოქმედობაში), და არა ჯავშნის მილიმეტრებსა და რემონტებს შორის განარბენის კილომეტრებში უნდა ვეძებოთ მიზეზი იმისა, რაც მოუვიდა 41-ის ზაფხულში წითელ არმიას. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო რთულია – თუნდაც უკვე იმის გამო, რომ დოკუმენტური ან მემუარული წყაროები უკიდურესად ცოტაა, ბევრი რამ დღემდე გასაიდუმლოებულია, ხელმისაწვდომი დოკუმენტები ხშირად წინააღმდეგობრივი და ნაკლებად სარწმუნოა. მაგრამ ყველაფერი ესეც არ შეიძლება გამოდგეს გამართლებად ისტორიის შესწავლის ჩანაცვლებისათვის რიტუალურ დაფიცებათა გაუთავებელი გამეორებით „უიმედოდ მოძველებული ტანკების“ შესახებ... 

ანალიზს დოკუმენტებისა, რომლებსაც აქვთ დამოკიდებულება 11-ე მექკორ-ის განადგურების ისტორიასთან, დავიწყებთ კორპუსის პოლიტგანყოფილების ზემოთ უკვე აღნიშნული „პოლიტმოხსენებიდან“, რომელიც ხელმოწერილია პოლკის კომისრის ა. პ. ანდრეევის მიერ 1941 წ. 15 ივლისს. უწინარეს ყოვლისა უნდა მივაქციოთ ყურადღება დოკუმენტის ხელმოწერის თარიღს. 1941 წ. 15 ივლისი. პავლოვი და მისი ხელქვეითები უკვე დაპატიმრებული არიან, მაგრამ სასამართლო ჯერ არ შემდგარა. თავისუფლებაში დარჩენილი მეთაურები, რომელთაც პირდაპირი დამოკიდებულება ჰქონდათ დასავლეთის ფრონტის ჯარების კატასტროფულ განადგურებასთან, გრძნობენ თავიანთ ზურგს უკან შინსახკომის დასახვრეტი სარდაფების მკაფიო სუნთქვას. ეს ჩვენ დღეს ვიცით, რომ დამარცხებას მიაწერენ „თავდასხმის მოულოდნელობასა“ და „მოძველებულ ტანკებს“, მაგრამ 41-ის ივლისში ეს ჯერ კიდევ არავინ იცოდა. ადამიანებს, რომელთა ხსოვნაშიც იყო 1937 წ., შეეძლოთ და უნდა ჰქონოდათ კიდეც თავიანთთვის ყველაზე უფრო უარესის მოლოდინი, და ეს არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ზემოთ მოხსენიებული „პოლიტ-მოხსენების“ შინაარსსა და ინტონაციებში, რომელშიც არ არის ერთი წვეთიც კი პოლიტიკისა, სამაგიეროდ არის „პატივსაცემი მიზეზების“ მთელი ჩამონათვალი. ჩვენ ვერ განვსჯით 1941 წლის კომისრებს, მაგრამ ამ გარემოებათა მხედველობაში მიღება ისტორიკოსისთვის უბრალოდ აუცილებელია. 

11-ე მექკორპუსის საბრძოლო მოქმედებათა მთელი მსვლელობა „პოლიტ-მოხსენებაში“ სიტყვა-სიტყვით ასეა აღწერილი: 

„...პირველ დღეს, ე. ი. გერმანული თვითმფრინავების ვოლკოვისკზე თავდასხმის შემდეგ 22.6-ის 4.00-ზე, კავშირგაბმულობა მე-3 არმიის შტაბთან და ოკრუგის შტაბთან არ იყო, და კორპუსის ნაწილები გავიდნენ დამოუკიდებლად გროდნოს, სოკულკას, ინდურას რაიონში დაფარვის შემუშავებული გეგმის თანახმად... 

მე-4 მსროლელი კორპუსის მსროლელი ნაწილების უკანდახევასთან დაკავშირებით საბრძოლო მოქმედებების მთელი სიმძიმე 11-ე მექკორ-ის ნაწილებს დააწვა, როგორც მე-4 მსროლელი კორპუსის ნაწილების უკანდახევის დაფარვაში, ისე გერმანელების წინსვლის შეკავებაშიც; 29-ე ტდ-ის მოტომსროლელი პოლკი კომანდარმ-3-ის ბრძანებით იმყოფებოდა მის რეზერვში გროდნოს რაიონში ავიადესანტებთან საბრძოლველად, და დივიზიაც აწარმოებდა ბრძოლას ქვეითი ჯარისა და არტილერიის გარეშე, განიცდიდა რა განსაკუთრებით დიდ დანაკარგებს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო არტილერიისაგან. 

22 და 23.6-ის განმავლობაში კორპუსის ნაწილები აწარმოებდნენ ბრძოლას ფრონტზე კონჲუხი, ნოვიჲ დვორი, დომბროვო. მოწინააღმდეგის ზეწოლის ქვეშ 24.6-თვის კორპუსის ნაწილებმა უკან დაიხიეს ფრონტზე გროდნო (ფოლეში), კუზნიცა, სოკულკა, ინარჩუნებდნენ რა ფრონტს გზატკეცილისა და რკინიგზის გროდნო – ბელოსტოკი დასავლეთით (იხ. რუკა # 2 – მ. ს.). 

გროდნოდან აღმოსავლეთისკენ იმ ნაწილების სწრაფ უკანდახევასთან დაკავშირებით, რომლებიც მდინარე ნემანის ჩრდილოეთით მოქმედებდნენ, მოწინააღმდეგე ცდილობდა მოეხდინა მდინარე ნემანის ფორსირება კორპუსის ნაწილების ზურგში შემოსვლით. მაგრამ ყველა მცდელობა გერმანელებისა მოეხდინათ მდინარე ნემანის ფორსირება, მოგერიებულ იქნა. მოწინააღმდეგის წინსვლის შეკავებისათვის არმიის ბრძანებით 26.6-ში იქნა გადასროლილი 204 მდ-ის ორი მოტობატალიონი ლუნნოს გავლით მდინარე კოტრას მიჯნაზე. 1-ლი მსროლელი ბატალიონი კორპუსის მეთაურის ბრძანებით იქნა გადასროლილი ლუნნოზე ხიდის შესანარჩუნებლად. 

განცდილი დიდი დანაკარგები 22-დან 26.6-მდე დროის მანძილზე როგორც პირადი შემადგენლობისა, ისე მატნაწილისაც კორპუსს ნაკლებ ბრძოლისუნარიანად აქცევდა. სატანკო დივიზიებში 300–400 ადამიანზე მეტი აღარ რჩებოდა (ე. ი. არაუმეტეს 5 %-სა პირადი შემადგენლობის თავდაპირველი რიცხოვნებიდან – მ. ს.), მოტორიზებულ დივიზიაში კი – თითო-თითო არასრული ბატალიონისა პოლკში, ტანკები – 30 ცალამდე და 20 ჯავშანმანქანამდე. მთელი არცთუ დიდი ზურგები დივიზიებისა დამწვარი ან დაცხრილული იყო მოწინააღმდეგის ავიაციის მიერ, რომელიც პირდაპირ თითოეულ მანქანაზე ნადირობდა“

აი კიდეც ყველაფერი, რის მოყოლაც შესძლო კორპუსის დაღუპვის შესახებ კომისარმა ანდრეევმა. 

ყველაზე უფრო შინაარსიანი და მნიშვნელოვანია ის, რაც „პოლიტმოხსენებაში“ არ არის. 

ჯერ ერთი, მასში არ არის სულ უმცირესი დადასტურებაც კი ვ. სუვოროვის ხედვისა იმის შესახებ, თუ როგორ „დახოცეს საბჭოთა ტანკისტები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი თავიანთ ტანკებთან მიირბენდნენ, ტანკები კი დაწვეს ან ხელში ჩაიგდეს ეკიპაჟების გარეშე“. ყბადაღებული „მოულოდნელი თავდასხმის“ მომენტში 11-ე მექკორ-ის მეთაურებმა, თვით მაშინაც კი, როცა არ ჰქონდათ კავშირი ზემდგომ შტაბებთან, უბრალოდ ამოიღეს სეიფებიდან „წითელი პაკეტები“ დაფარვის გეგმებით და, როგორც შეიძლება ვიმსჯელოთ დოკუმენტის მიხედვით, პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე უმოკლეს ვადებში (3–7 საათი) გავიდნენ მათთვის დანიშნულ გაშლის რაიონებში. 

მეორე, ტექსტში არ არის არანაირი გასაგები ცნობები მოწინააღმდეგის შესახებ, რომელთან ბრძოლებშიც კორპუსმა 4 დღეში დაკარგა პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის 9/10. მაგრამ ამ ასპექტშიც კომისარი ანდრეევი გაცილებით უფრო წესიერი ადამიანი აღმოჩნდა გვიანდელ ისტორიკოსებთან შედარებით, რომლებმაც აავსეს თავიანთი მაკულატურული წიგნები რაღაც „შემხვედრი ბრძოლების“ აღწერებით „მძიმე გერმანულ ტანკებთან“, რომლებიც ვითომდა გროდნოსთან მოხდა. 

მესამე, ტექსტში არ არის ერთი მოხსენიებაც კი ბოლდინის ცმჯ-ის არსებობის შესახებ (რომლის შემადგენლობაშიც ფორმალურად იყო კიდეც ჩართული 11-ე მექკორ-ი); არ არის არანაირი შეტყობინება მე-6 მექკორპუსის სატანკო დივიზიებთან ურთიერთმოქმედების შესახებ, რომლებიც (თუ მათი მეთაურების ანგარიშებს დავუჯერებთ) 24–25 ივნისს აწარმოებდნენ ბრძოლას სოკულკა, კუზნიცა, ინდურას რაიონში, ე. ი. სულ რაღაც „რამდენიმე ნაბიჯში“ 11-ე მექკორპუსის ნაწილებისაგან, რომლებიც – თუ დავუჯერებთ კომისარ ანდრეევს – ინარჩუნებდნენ მიჯნას სოკულკა – კუზნიცა, სულ მცირე, 24 ივნისის დღის ბოლომდე... 

ახლა გადავიდეთ იმაზე, რაც არის „პოლიტმოხსენებაში“. 

ცუდად დაფარული პრეტენზიები მე-4 მსროლელი კორპუსის ქვეითი ჯარისადმი, რომელმაც გააშიშვლა ფრონტი და ამით აიძულა მექკორპუსი დაკავებულიყო მისთვის შეუფერებელი საქმით „უკანდახევის დაფარვასა“ და „გერმანელთა წინსვლის შეკავებაში“, უფრო მეტად სამართლიანია. წითელი არმიის უმაღლესი სარდლობის ომისწინა გეგმების შესაბამისად, დასავლეთის ფრონტის ჯარებს უნდა მიეყენებინათ მთავარი დარტყმა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, ხაზის სედლეცი – დემბლინი გაყოლებაზე, „გავიდნენ მდ. ვისლაზე და მოძრავი ნაწილებით დაეუფლონ რადომს“ (იხ. რუკა # 3). შესაბამისად, მე-3 არმიის უბანი (ბელოსტოკის შვერილის ჩრდილოეთ ფუძე) თავდაცვის პასიურ უბნად ჰქონდათ წარმოდგენილი. მასზე გამოჰყვეს კიდეც მინიმალური ძალები: მე-4 მსროლელი კორპუსი სამი დივიზიის შემადგენლობით და სრულად ვერდაკომლექტებული 11-ე მექკორპუსი. 

უნდა დავაზუსტოთ, რომ დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის ჯარების მობილიზაციისა და ოპერატიული გაშლის გეგმის მიხედვით, მე-3 არმიის სარდლობის განკარგულებაში, დაწყებული მობილიზაციის მე-3 დღიდან გადაეცემოდა 24-ე მსროლელი დივიზია და 21-ე მსროლელი კორპუსი ორი მსროლელი დივიზიის შემადგენლობით. ამ შენაერთებს უნდა დაეკავებინათ და აღეჭურვათ ზურგის თავდაცვითი მიჯნა მდ. ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე ზოლში დრუსკინინკაიდან ლუნნომდე (იხ. რუკა # 2). თუმცა კი რეალურ ისტორიაში არაფერი ეს არ მომხდარა – სტალინის ამოუცნობმა საგარეოპოლიტიკურმა „თამაშებმა“, რომლებიც ამ დრომდე არ ექვემდებარებიან ერთმნიშვნელოვან ინტერპრეტაციას, მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ დაფარვის გეგმები მაინც არ ყოფილა მოყვანილი მოქმედებაში. ამის შედეგად 22 ივნისის დილას მოწინააღმდეგის ხუთი ქვეითი დივიზიის წინააღმდეგ სუვალკის შვერილის უბანზე თავდაცვა ეკავა მე-4 მსროლელი კორპუსის მხოლოდ ორ მსროლელ დივიზიას (27-ე და 56-ე მსროლელ დივიზიებს). კორპუსის მესამე დივიზია (85-ე მსდ) იმყოფებოდა მეორე ეშელონში, გროდნოს ჩრდილო გარეუბნებთან. არანაირი სხვა მსროლელი შენაერთი დასავლეთის ფრონტის მე-3 არმიის ჯარების შემადგენლობაში არ ყოფილა. 

ვერმახტის მე-8 საარმიო კორპუსის სამი ქვეითი დივიზიის (161, 28, 8 ქდ-ბი) დარტყმამ პირდაპირ გადათელა 56-ე მსროლელი დივიზია, რომელიც გაჭიმული იყო ფრონტზე ლიპსკიდან დრუსკინინკაიმდე. უკვე 22 ივნისის 10.15-ზე მე-3 არმიის შტაბის საბრძოლო მოხსენებაში # 03 იტყობინებოდნენ: „მოწინააღმდეგემ გაარღვია ჩვენი ჯარები და დაეუფლა სოპოცკინს, გოლინკასა და ლიპსკს... სოპოცკინიდან და ლიპსკიდან ჩვენი ნაწილები გროდნოსაკენ უკან იხევენ...“ [186, გვ. 138]. მართვის დამკარგავმა და დემორალიზებულმა ნაწილებმა ვერ შეძლეს ვერც გროდნოს გამაგრებული რაიონის თავდაცვით ნაგებობათა ხაზზე (1941 წ. 1 ივნისისათვის 98 დოტი /ხანგრძლივი საცეცხლე წერტილი – ი. ხ./ იყო აგებული და კიდევ 606 მშენებლობის სტადიაში იმყოფებოდა) და ვერც მდინარე ნემანის ბუნებრივ მიჯნაზე გამაგრებულიყვნენ. 22 ივნისის 13.00-ზე დასავლეთის ფრონტის შტაბის საბრძოლო მოხსენება # 005 ახდენდა კონსტატაციას, რომ მოწინააღმდეგემ (ეს იყო ვერმახტის 161-ე ქვეითი დივიზია) მოახდინა ნემანის ფორსირება დრუსკინინკაის სამხრეთით [186, გვ. 18]. 

ამ მომენტისათვის მოწინააღმდეგის 256-ე ქვეითი დივიზია გამოვიდა ფრონტზე დომბროვო – ლიპსკი და მეწინავე ნაწილებით ნოვიჲ დვორს უტევდა. დასავლეთის ფრონტის 4 ივლისს დაპატიმრებული სარდლის დ. გ. პავლოვის დაკითხვის ოქმში ვკითხულობთ: „22 ივნისის დღის მეორე ნახევარში კუზნეცოვმა (მე-3 არმიის სარდალი – მ. ს.) ხმის კანკალით განმიცხადა, რომ 56-ე მსროლელი დივიზიისაგან მარტო ნომერიღა დარჩა...“ [67]. 

ამრიგად, 11-ე მექკორპუსის სატანკო ნაწილების ურთიერთმოქმედების ორგანიზაციის შესაძლებლობა მე-4 მსროლელი კორპუსის ქვეით ჯართან თავიდანვე იქნა დარღვეული. უფრო მეტიც, მე-3 არმიის სარდალმა ამოიღო 29-ე სატანკო დივიზიისაგან მისი „საკუთარი“ მოტომსროლელი პოლკი მითიურ „ავიადესანტებთან“ საბრძოლველად, ხოლო 85-ე მსროლელი დივიზია (მე-4 მსკ) და 204 მოტორიზებული დივიზია (11-ე მექკორ.) კი წაიყვანა მდინარე ლოსოსნას მიჯნაზე (გროდნოს სამხრეთით). ასეთი სარდლობის შედეგად 11-ე მექკორ-ის სატანკო ნაწილები „აწარმოებდნენ ბრძოლას ქვეითი ჯარისა და არტილერიის გარეშე“. ამ სიტუაციაში წარმატება ან წარუმატებლობა სწრაფი, მაგრამ, სამწუხაროდ, 11-ე მექკორპუსის ვერმომზადებული და ვერორგანიზებული კონტრდარტყმისა, დამოკიდებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რაც წინა საუკუნის ომებში განსაზღვრავდა საკავალერიო რეიდის წარმატებას ან წარუმატებლობას. თუ თავდაცვაში მყოფებს მოიცავდა პანიკა, თუ მეთაურები ვერ შეძლებდნენ გამკლავებოდნენ ამ პანიკას, მაშინ იწყებოდა გაქცეულების ჩეხვა – ცხენოსანი ჯარის მოქმედების ყველაზე უფრო გამანადგურებელი ხერხი. ხოლო თუ მეთაურები ბრძოლის ამ გადამწყვეტ წუთებში თავიანთ ხელში ინარჩუნებდნენ მართვასა და ხელქვეითებს, მაშინ პრაქტიკულად დაუცველი ცხენოსანი ლავა თავდაცვაში მყოფების არტილერიითა და ტყვიამფრქვევებით დაუნდობლად ნადგურდებოდა. სწორედ იგივე რამ, მაგრამ მხოლოდ ბრძოლის სხვა ტექნიკურ საშუალებებზე შესწორებით, უნდა დამართოდა მსუბუქი ტანკების მასასაც, რომელსაც წართმეული ჰქონდა თავისი ქვეითი ჯარისა და არტილერიის მხარდაჭერა. 

თანამედროვე ისტორიკოს-მხარეთმცოდნეთა ძალისხმევის წყალობით ქ. გროდნოდან ჩვენს განკარგულებაშია 29-ე სატანკო დივიზიის შტაბის უფროსის ნ. მ. კალანჩუკის, ამავე დივიზიის 57-ე სატანკო პოლკის მეთაურის ი. გ. ჩერჲაპკინისა და უფროსი პოლიტხელის ა. ია. მარჩენკოს მოგონებები, რომელიც ომის პირველივე საათებიდან ასრულებდა 29-ე ტდ-ის 59-ე სატანკო პოლკის მეთაურის მოვალეობებს. (83-ე, 184-ე). მათი გადმოცემით მოვლენები შემდეგი სახით ვითარდებოდა. 

ნ. მ. კალანჩუკი: 

„...მოტოციკლისტმა მოიტანა 11-ე მექკორპუსის მეთაურის ბრძანება, რომელშიც მიეთითებოდა, რომ კორპუსი 29-ე სატანკო დივიზიის ძალებით აყენებს კონტრდარტყმას სოპოცკინზე, სუვალკიზე; უფრო მარცხნივ სოკულკადან და ინდურადან აყენებს დარტყმას 33-ე სატანკო დივიზია ლიპსკ, ავგუსტოვ, სუვალკის მიმართულებით... გასვლის დაწყებაა – 9.45 22.06.1941. 

როცა ნაწილები შეუდგნენ ბრძანების შესრულებას, მიღებულ იქნა მოხსენება სადაზვერვო ბატალიონისაგან, რომელიც აცხადებდა, რომ მოწინააღმდეგის 40 ტანკი და ქვეითი ჯარის დაახლოებით ერთი პოლკი ჯავშანტრანსპორტერებით (აქ და შემდეგაც ჩემს მიერაა ხაზგასმული – მ. ს.) შემოჭრნენ მე-4 მსროლელი კორპუსის ნაწილების გამოვლით და მოძრაობენ სოპოცკინისა და გროდნოს მიმართულებაზე...დივიზია, არ მისულა რა სოპოცკინამდე, ლოიკი, ტოლინკა, ლიპსკის მიჯნაზე, გაიშალა საბრძოლო რიგებში, ჩაება გააფთრებულ ბრძოლაში ტანკებთან Г-III და მოწინააღმდეგის ქვეით ჯართან. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით აჩვენეს საკუთარი თავი ჩვენმა ტანკებმა Г-34 и КВ: მოქმედებდნენ რა ჩვენი სატანკო საბრძოლო რიგების წინ, მათ დაიწყეს მოწინააღმდეგის ტანკების დაცხრილვა და მათი გასრესა როგორც კაკლებისა, არ განიცდიდნენ რა არანაირ დანაკარგებს. მიდიოდნენ რა მათ უკან, ტანკები Т-26, БТ-5 და БТ-7 გამანადგურებელ დარტყმებს აყენებდნენ მოწინააღმდეგის ტანკებს და სრესდნენ მის ჯავშანტრანსპორტერებსა და ქვეით ჯარს. 

ეს ბრძოლა დაახლოებით 35 წუთს გრძელდებოდა, მოწინააღმდეგის ჯავშანტრანსპორტერები და ტანკები, მათ რიცხვში ჩვენებიც Т-26 და БТ-5, სანთლებივით იწვოდა, ბრძოლის რაიონი მთლიანად კვამლით იყო დაფარული. ჩვენი ტანკისტები, სუსტი ჯავშნის მიუხედავად, გმირულად იბრძოდნენ, სიცოცხლის დაუზოგავად, და გმირულად დაეცნენ ბრძოლაში მამაცთა სიკვდილით. დაბოლოს, მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარი ხტებოდა ცეცხლმოკიდებული ჯავშანტრანსპორტერებიდან და იცხრილებოდა პირდაპირი დამიზნებით ჩვენი სახელოვანი ტანკისტების ზარბაზნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან. როცა ჩვენმა Т-34 и КВ-ებმა მოწინააღმდეგის კოლონა და საბრძოლო რიგების გადათელეს, მოწინააღმდეგემ დაიწყო უკან დახევა და უკუქცეულ იქნა დიდი დანაკარგებით ტანკებში, ჯავშანტრანსპორტერებსა და ქვეით ჯარში. ჩვენმა სატანკო პოლკებმა სადაზვერვო ბატალიონთან ერთად უკუაგდეს მოწინააღმდეგე სოპოცკინის ჩრდილოეთით ტყეში. 

ამ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ დაჰკარგა 34 ჯავშანტრანსპორტერი, 21 მსუბუქი ტანკი T-III, ქვეითი ჯარის ორ ბატალიონამდე. ჩვენი დანაკარგებია – 27 ტანკი Т-26 და БТ. КВ და Т-34 უვნებელი დარჩნენ, მაგრამ ყველანი ჩაღრმავებებით ჭურვების მოხვედრისაგან. შემდგომში 12 საათისათვის მოწინააღმდეგემ არტილერია და ტანკები მოიყვანა. დივიზიის ნაწილები, განიცდიდნენ რა ავიაციისა და მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების ძლიერ ზემოქმედებას, უკან იხევდნენ მდ. ლოსოსნას მარჯვენა ნაპირზე, სადაც გამაგრდნენ და, იგერიებდნენ რა მოწინააღმდეგის გააფთრებულ შემოტევებს, თავს იცავდნენ 25 ივნისამდე...“ 

ი. გ. ჩერჲაპკინი: 

„...ჩვენს პოლკს დივიზიის მეთაურმა უბრძანა განწერტილი კოლონით, შემხვედრი ბრძოლისათვის საბრძოლო მზადყოფნაში, ემოძრავა კონიუხის, გოლინკას მიმართულებით... წინ გაგზავნილმა დაზვერვამ შეგვატყობინა, რომ გოლინკის რაიონში გამოჩნდა მოწინააღმდეგის მოტოქვეითი ჯარი ბატალიონამდე, ტანკებით... მივდიოდით რა უფრო წინ, ჩვენ მალე მოვედით უშუალო შეხებაში მოწინააღმდეგესთან. 

თავიდან მოხდა შეტაკება მტრის დაზვერვასთან, ხოლო შემდეგ კი შემომტევ ჰიტლერელთა მეწინავე რაზმი გამოჩნდა. მოკლე ბრძოლაში იქნა განადგურებული რამდენიმე გერმანული ტანკი და ჯავშანტრანსპორტერი, ხოლო დანარჩენებმა კი უკან დაიხიეს. და მაშინვე პოლკის საბრძოლო რიგების თავზე გამოჩნდა მტრის ავიაცია, რომელმაც ჩვენ სასტიკად დაგვბომბა. ამ თავდასხმის დროს მძიმედ იქნა დაჭრილი პოლკის შტაბის უფროსი მაიორი პეტუხოვი, რომელიც ზურგში იქნა ევაკუირებული. 

დაბომბვის შემდეგ ჩვენზე დაიძრა არანაკლებ ქვეითი ჯარის ბატალიონისა, ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტერების თანხლებით. ფაშისტები მოდიოდნენ დაკაპიწებული სახელოებითა და საყელოგაღეღილი მუნდირებით, აწარმოებდნენ რა დაუმიზნებელ სროლას ავტომატებიდან. უნდა ითქვას – ეს ახდენდა შთაბეჭდილებას. მე აზრმაც კი გამიელვა, ხომ არ შეკრთებოდა ჩვენი საბრძოლო რიგები? ვუბრძანე გერმანელები ახლოს მოეშვათ და უკვე დარწმუნებით გაეხსნათ ცეცხლი. ისინი არ ელოდნენ ჩვენგან სერიოზულ წინააღმდეგობას და, როცა მათ თავზე დაატყდათ ცეცხლი სატანკო ზარბაზნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან, გაოგნებულები იყვნენ. ქვეითი ჯარი მაშინვე ჩაწვა. დაწყებული სატანკო დუელი ფაშისტების სასარგებლოდ სულაც არ დასრულებულა. როცა გერმანული ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტერების ნახევარზე მეტს ცეცხლი მოეკიდა, მოწინააღმდეგემ დაიწყო უკანდახევა

დანაკარგები განიცადა პოლკმაც. ტანკები Т-26 და БТ, რომლებსაც ბენზინის ძრავები და სუსტი ჯავშანი ჰქონდათ, ჭურვის პირველივე მოხვედრისას აალდებოდნენ. მხოლოდ КВ და Т-34 რჩებოდნენ მოუწყვლადები. პოლკი წინ წავიდა მიჯნამდე პერსტუნი, გოლინკა, სადაც წააწყდა მოწინაამდეგის ძლიერ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვას, აგრეთვე განიცდიდა განუწყვეტელ თავდასხმებს ჰაერიდან. დღის მეორე ნახევარში ჩვენ ბრძანებით გროდნოსაკენ დავიხიეთ

23 და 24 ივნისს პოლკი დივიზიის შემადგენლობაში აწარმოებდა ბრძოლებს შემომტევ მოწინააღმდეგესთან გროდნოს სამხრეთ-დასავლეთითა და სამხრეთით. ომის მესამე დღის ბოლოსათვის პოლკში უკვე ტანკების ნახევარზე ნაკლებიღა რჩებოდა...“ 

ა. ია. მარჩენკო: 

„...რამდენადაც ჩვენი პოლკის მეთაური რაღაც მიზეზის გამო თავმოყრის რაიონში არ იმყოფებოდა, პოლკის ბრძოლაში წაყვანა მე მებრძანა. ამ დრომდე არ შემიძლია ავუხსნა ჩემს თავს, თუ დივიზიის მეთაურის არჩევანი ჩემზე რატომ შეჩერდა. 

დაახლოებით 10.30-ზე ჩვენი კოლონა, რომელიც 50 ტანკზე მეტს მოითვლიდა, გავიდა პატარა მდინარეზე გადავლით სოპოცკინისაკენ მიმავალ გზაზე. საზღვრისაკენ ნახევარ გზაზე ჩვენ შევხვდით მტრის ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტერებს და სვლიდან ჩავებით მათთან ბრძოლაში. მახსენდება ასევე, თუ როგორ გაემართნენ ჩვენი სწრაფმავალი ტანკები Т-26 მტრის ტანკებისაკენ T-III და T-IV, თუ როგორ დაიწყეს ჩემი “ოცდამეთოთხმეტის” წინ და გარშემო ჩვენმა და გერმანულმა ტანკებმა აალება. ჩვენებმა უფრო ხშირად, იმიტომ რომ მათი ჯავშანი გერმანულებზე ორჯერ უფრო თხელი იყო. 

მე ვერ დავიმახსოვრე, თუ ჩვენ რამდენჯერ შემოგვიტიეს, მაგრამ ანდრეი (ტანკ Т-34-ის მძღოლ-მექანიკოსი, რომელშიც იბრძოდა მარჩენკო – მ. ს.) შემდეგ ამტკიცებდა, რომ ჩვენ ათზე მეტი შემოტევა მოვიგერიეთ. ჩვენი ტანკის ჯავშანი ამონაგლეჯებითა და ჩაჭყლეტვებით იყო მოფენილი მტრის ჭურვებისაგან. ჩვენ დავყრუვდით მათი გასკდომების გრუხუნისაგან, ბომბებისაგან, რომლებიც დრო და დრო გვცვიოდა თავზე ციდან შემოტევებს შორის შუალედებში. 

მძიმე ბრძოლას აწარმოებდა ჩვენგან მარჯვნივ ჩვენი დივიზიის მეორე პოლკიც, რომელსაც მაიორი ჩერჲაპკინი მეთაურობდა. 

საღამოსთვის ჩვენ იძულებული შევიქენით გროდნოსკენ დაგვეხია. მანქანები მწყობრში უკვე ცოტაღა იყო დარჩენილი. ჩემს ტანკს 105-მმ ზარბაზნის ჭურვი მოხვდა, მომბრუნავი მექანიზმი დააზიანა და ქვემეხიც მწყობრიდან გამოიყვანა. მანქანას ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ მისი ჩაქრობა მოვახერხეთ. 

ჩვენ ამოგვეწურა საბრძოლო მასალები, უკვე აღარ გვყოფნიდა საწვავიც. არ იყო არანაირი მომარაგება. საღამოს გავიგეთ, რომ არმიის სარდლობის ბრძანებით ჯარები სტოვებენ გროდნოს, ხოლო ჩვენი დივიზია კი უნდა იფარავდეს მათ უკანდახევას. თუმცა კი არანაირი კონკრეტული მითითებები ჩვენ არ მიგვიღია. მე გადავწყვიტე პოლკის განლაგებაში დავბრუნებულიყავი, რათა ყველაფერი აუცილებელი შეგვევსო. საწყობებში მოხერხდა მონახვა რაღაც-რაღაცეებისა სურსათიდან, საბრძოლო მასალებიდან, მანქანებში საწვავის ჩასხმაც. 

დივიზიის შტაბთან დაკავშირების მცდელობებმა შედეგები ვერ მოგვიტანა. მეთაურობიდან არავინ ქალაქში არ ყოფილა. გადავწყვიტეთ დავძრულიყავით ლიდასკენ (90 კმ სწორ ხაზზე გროდნოდან) უკანდახეული ნაწილების კვალდაკვალ. 

ასე დასრულდა ჩვენთვის ომის პირველი დღე. შემდგომში მე მომიხდა მონაწილეობა ბრძოლებში ლიდას რაიონში, პარტიულ-კომკავშირული იატაკქვეშეთის საქმიანობაში პოლოცკის რაიონში, ხოლო 1942 წლის მაისში კი სათავეში ჩავდგომოდი პარტიზანულ რაზმს...“ 

მოვლენების სამი მონაწილის მოგონებები, როგორც ვხედავთ, თითქმის ყველაფერში ემთხვევა ერთმანეთს. სამწუხაროდ, ისინი ემთხვევიან საბჭოთა პროპაგანდის მითების დაზეპირებულ მოყოლაშიც. გერმანელები 41-ის ზაფხულში „უნდა ყოფილიყვნენ“ აღმატებული წითელ არმიაზე ტანკებში და ემგზავრათ ჯავშანტრანსპორტერებით – და აი სამი თვალითმხილველი ერთხმად მოგვითხრობს გერმანული ტანკების შესახებ გროდნოსთან, და არა უბრალოდ ტანკებისა, არამედ T-III (Pz-III)-ების შესახებ. დაბოლოს, უკვე სულ ფარსისეულად მოჩანს ისტორია იმის თაობაზე, თუ „ფაშისტები დაკაპიწებული სახელოებითა და საყელოგაღეღილი მუნდირებით“ ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონის რაოდენობით როგორ წამოვიდნენ „ფსიქიურ შეტევაზე“ საბჭოთა სატანკო (!!!) პოლკზე. 

ფაქტიურად ვერმახტის არც ერთი სატანკო შენაერთი დრუსკინინკაის სამხრეთით არ გაჭაჭანებულა. მოვლენების ადგილთან უახლოესი 12-ე სატანკო დივიზია მე-3 სატანკო ჯგუფის შემადგენლობიდან 22 ივნისის შუადღეს უახლოვდებოდა მერკინეს, ე. ი. სოპოცკინ – გროდნოსთან ბრძოლის ველიდან 50–60 კმ მანძილზე იმყოფებოდა. არანაირი ტანკები (და მით უმეტეს – საშუალო ტანკები Pz-III, რომლებიც შემოჭრის არმიის პირველი ეშელონის სატანკო დივიზიების დაკომპლექტებისთვისაც კი არ ჰყოფნიდათ) ვერმახტის ქვეითი დივიზიების შემადგენლობაში არ ყოფილა. ერთადერთი, რაც გახურებულ ბრძოლაში შეიძლებოდა მიეღოთ გერმანულ „ტანკად“, – ეს იყო „საიერიშო ქვემეხები“, რომელთა ექვსი ბატალიონიც (189-ე, 191, 192, 201, 203, 210) იყო მიცემული (სამ-სამი ბატარეა ექვს-ექვსი თვითმავალი ქვემეხით თითოეულში) გერმანულ არმიათა ჯგუფის „ცენტრი“ ქვეითი დივიზიებისათვის. გარდა ამისა, იყო კიდევ ორი ბატალიონი (529-ე და 561-ე) თვითმავალი „ტანკების გამანადგურებლებისა“ (ჩეხური 47-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი მსუბუქი ტანკეტის Pz-I შასიზე), სულ ექვსი ბატარეა 9 „გამანადგურებლით“ თითოეულში. ამრიგად, არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ ოცდათერთმეტ ქვეით დივიზიაზე მოდიოდა საშუალოდ ხუთი თვითმავალი ქვემეხი სხვადასხვა ტიპისა. საშუალოდ. შესაძლოა, რომელიმე დივიზიაში ყოფილიყო ორი ბატარეაც (ე. ი. 12 „საიერიშო ქვემეხი“), მაგრამ ვერანაირად ვერ იქნებოდა 40 ტანკი Pz-III და Pz-IV. 

რაც შეეხება ჯავშანტრანსპორტერებს, ისინი მხოლოდ „ომის შესახებ“ ძველ საბჭოთა კინოში არსებობდა. 

გერმანული ქვეითი ჯარი გადაადგილდებოდა ფეხით, მოტორიზებული და სატანკო დივიზიების მოტოქვეითი ჯარი – სხვადასხვანაირი სატვირთო ავტომობილებით, პურის ფურგონებითა და ნადავლი ავტობუსებით. ვერმახტის გენერალური შტაბის უფროსი ფ. ჰალდერი თავის სახელგანთქმულ დღიურში (1941 წ. 22 მაისის ჩანაწერი) აღნიშნავს, რომ 12-ე სატანკო დივიზიაში (მე-2 სატანკო ჯგუფი) მოითვლება სხვადასხვა ტიპის 240 ავტომობილი. სსრკ-ში შემოჭრის დასაწყისისათვის ვერმახტის სატანკო დივიზიებში იყო დაახლოებით 650 ნახევრადმუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერი „ჰანომაგი“ (Sd.Kfz. 251). და ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1939–1940 წწ. გერმანიის მრეწველობამ (რომლისთვისაც ვითომდა „მთელი ევროპა მუშაობდა“) აწარმოა სულ 569 ჯავშანტრანსპორტერი. ვერმახტის მთელ მე-3 სატანკო ჯგუფში სულ სამი ასეული იყო ჯავშანტრანსპორტერებზე (26–26 ჯტრ თითოეულში). ხოლო იმისთვის, რათა 41-ის ივნისში „ჰანომაგებში“ სატანკო და მოტორიზებული დივიზიების მთელი ქვეითი ჯარი ჩაესვათ, გერმანელებს უნდა ჰყოლოდათ არა 650, არამედ დაახლოებით 25 ათასი ჯავშანტრანსპორტერი. ასეთი რაოდენობა არ ყოფილა წარმოებული ომის მთელი ხუთი წლის განმავლობაში (რეალურმა გამოშვებამ 1943 წ. ბოლოსათვის 6,5 ათასი შეადგინა) [188, გვ. 262]. 

რა თქმა უნდა, არა მარტო საბჭოთა კავშირში ახდენდა სამხედრო პროპაგანდა გმირული მითების დაშტამპვას. ასე, მაგალითად, 1942 წ. (ე. ი. უშუალოდ ომის მსვლელობისას) გერმანიაში გამოიცა ჰორსტ სლესინას წიგნი „ჯარისკაცები სიკვდილისა და ეშმაკის წინააღმდეგ“ («Soldaten gegen Todt und Teufel. Unser Kampf in der Sowietunion. Eine soldatische Deutung»). ავტორი გახლდათ ვერმახტის პროპაგანდის სამსახურის საშტატო თანამშრომელი, ასე რომ წიგნში ზუსტი ციფრებისა და მართალი ფაქტების ძიება არა ღირს. თუმცა კი, ეს წიგნი წარმოადგენს უზარმაზარ ფასეულობას თანამედროვე ისტორიკოსისათვის, რადგანაც მის დასაწყისში არის თავი „სატანკო ბრძოლა გროდნოს წინ“, რომელშიც აღიწერება გერმანული ქვეითი ჯარის ბრძოლა საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ სოფელ კონჲუხის რაიონში. და ეს სხვა არაფერია, თუ არა სწორედ ის ბრძოლა, რომელსაც 1941 წ. 22 ივნისის შუადღეზე აწარმოებდა 11-ე მექკორუსის 29-ე სატანკო დივიზია ვერმახტის მე-8 ქვეითი დივიზიის წინააღმდეგ. და თუმცა ჰ. სლესინა ამთავრებს თავის თხრობას სრულიად ფანტასტიკური განცხადებით იმის შესახებ, რომ „ხუთმა საბჭოთა სატანკო პოლკმა თითქმის 600 ტანკით შემოუტია ჩვენი დივიზიის ნაწილებს“, თვითონ ბრძოლის აღწერა – მთელი „სასურათე“ პროპაგანდისტული პათოსის მიუხედავად – საკმარისად რეალისტურია: 

„...თავდაცვისათვის მომზადება რამდენიმე წამში მთავრდება. ოფიცრები იჩქარიან თავიანთი ქვედანაყოფებისკენ... ირყევიან რა და გრუხუნებენ, გვიახლოვდებიან ჩვენი საიერიშო ქვემეხები. ესენი – მძიმე მასიური ტანკებია კოშკის გარეშე, მუქარიანად გამოშვერილი ქვემეხის ლულებით. თუმცა ისინი ბევრი არ არის, მარტო ერთი ბატარეაა, ისინი – ყველაზე უფრო მძიმე იარაღია ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლაში. ეს მათი ეკიპაჟების პირველი ბრძოლაა, მაგრამ ისინი მიდიან ბრძოლაში სიმშვიდითა და რწმენით. ისინი სრულად არიან დარწმუნებული თავიანთი იარაღის აღმატებულობაში... 

ტანკსაწინააღმდეგო რაზმებმა დაიკავეს თავიანთი კარგად შენიღბული პოზიციები, აჩქარებულობის მიუხედავად. საიერიშო ქვემეხები უახლოვდებიან გზას მარჯვნიდან და მარცხნიდან. ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ... ჩვენ გვესმის ძრავების გრუხუნი და სატანკო მუხლუხების ღრჭიალი. ისინი მოდიან! ისინი შეღებილია ყავისფრად, მიწის ფერად, ზარბაზნების გრძელი ლულებით – ისინი ხუთნი არიან, ექვსნი და კიდევ რამდენიმე... ესენი – მსუბუქი და საშუალო ტანკებია პლიუს რამდენიმე ჯავშანავტომობილი... ახლოს, კიდევ უფრო ახლოს. ახლა ჩანს თითოეული დეტალი. მათი კოშკები ბრუნდებიან, იმიტომ რომ ისინი ჩვენ გვეძებენ. 

მოგრიალე, მოწკმუტუნე და მყეფარი გასროლები! მგეზავი ჭურვები ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნებიდან წვდებიან მოწინააღმდეგეს თავიანთი ცეცხლოვანი „თითებით“. საიერიშო ქვემეხების უფრო დაბალი ქუხილი. ტყვიამფრქვევები სპეციალური ტყვიებით ურტყამენ ტანკების ბორტებს. მეწინავე ტანკები ღებულობენ მხურვალე მიღებას. პირველი ორი ჭურვი ჩვენი ორი საიერიშო ქვემეხიდან აზიანებენ ყველაზე უფრო მეტად წინ გამოსულ მძიმე ტანკს და უბრალოდ გამაოგნებელი ძალით აცლიან მას კოშკს. ის რამდენიმე მეტრზე გადავარდა. ცეცხლის მაღალი სვეტი, ცეცხლის გაელვება და აფეთქებული საბრძოლო მარაგის დარტყმა, ტანკის ბენზოავზები ჰაერში აიტყორცნა – ამ წამს ჩვენს წინ აღიმართება ხუთი სვეტი ცეცხლისა და კვამლისა. ხუთი საბჭოთა ტანკი პირდაპირ ნამსხვრევებად იქნა ქცეული. 

ახალი მიზნები! დარჩენილი საბჭოთა ტანკები ბრძოლაში ჩაერთვნენ და ჯიუტად ახდენენ ჩვენს პოზიციებზე ცეცხლის დაშენას თავიანთი განადგურებული და დაზიანებულოი ტანკების უკნიდან. რუსები გაშმაგებით ისვრიან ტყვიამფრქვევებიდან და ქვემეხებიდან. ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი გზის მარჯვენა მხარეს აფეთქებულია. ნამსხვრევები, ფოლადი და სისხლი ჭუჭთან ერთად ეცემა ყვითელ ქვიშაზე... სურათები ტვინში დიდი სიზუსტით აღიბეჭდება. რუსული ტანკი წინ მოგორავს: 40 მეტრი, 30 მეტრი... რატომ არ ისვრის საიერიშო ქვემეხი? შიში ყელში გვიჭერს. დამანგრეველი დარტყმა – ცეცხლი, ჯავშნის ფილები, ქვემეხის ლულა, ადამიანთა სხეულები, ცეცხლმოდებული ზეთი და მკვრივი, შავი კვამლი, რომელიც საშინელების სურათს მოწყალედ ფარავს... 

ეს ჯოჯოხეთური ხმაური სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. ცეცხლი ნელდება, იმიტომ რომ ჩვენ მეტი მიზნები არა გვაქვს. უკანასკნელი ტანკები გაბრუნდნენ და მიიმალნენ. თერთმეტი ცეცხლმოდებული ჩირაღდანი, კვამლის უზარმაზარი ბოძებით გარემოცული, ველს ანაგვიანებს...“ (თარგმანი დ. ლჲუტიკისა) [184]. 

როგორ „საერთო მნიშვნელზე“ შეიძლება დავიყვანოთ მოვლენების მონაწილეთა ყველა ეს განცალკევებული და წინააღმდეგობრივი მოგონება? ჯერ ერთი, გააფთრებული ბრძოლა 22 ივნისს გერმანულ ქვეით ჯარსა და 29-ე სატანკო დივიზიას შორის სოპოცკინ – გროდნოს რაიონში იყო. ამ ბრძოლაში საბჭოთა ტანკისტები ავიაციის, არტილერიისა და საკუთარი ქვეითი ჯარის მხარდაჭერის გარეშე მოქმედებდნენ (ჰ. სლესინას მონათხრობში არ არის ერთი მოხსენიებაც კი გერმანული პოზიციებისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენის ან კიდევ ბრძოლის ველზე საბჭოთა ქვეითი ჯარის გამოჩენის შესახებ). ვერმახტის მე-8 ქვეითი დივიზია („პირველი ტალღის“ საკადრო დივიზია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პირველი დღეებიდანვე ომობდა) შეხვდა საბჭოთა ტანკების ლავას არა პანიკური მოთქმებით, არა გაქცეული ჯარისკაცების ზურგებით, არამედ ცეცხლით ყველაფრიდან, რასაც კი სროლა შეეძლო („ტყვიამფრქვევები სპეციალური ტყვიებით ცხრილავენ ტანკების ბორტებს“). კანონზომიერ შედეგად იქნა სატანკო შეტევის უიღბლობა და დიდი დანაკარგები („დივიზია აწარმოებდა ბრძოლას ქვეითი ჯარისა და არტილერიის გარეშე, განიცდიდა რა განსაკუთრებით დიდ დანაკარგებს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო არტილერიისაგან“)

დანაკარგების რეალური ზომის შეფასება მხოლოდ საორიენტაციოდაა შესაძლებელი. 29-ე ტდ-ის შტაბის უფროსი წერს 27 ტანკის დაკარგვის შესახებ. ჰ. სლესინა ჰკაზმავს თავის თხრობას „თერთმეტი აალებული ჩირაღდნის“ სურათით, რომლებიც „კვამლის უზარმაზარი სვეტებით არიან მოცულნი“. მე-9 გერმანული არმიის შტაბის დაზვერვის განყოფილების ცნობაში ვკითხულობთ (23 ივნისი, 17 სთ 40 წთ): „22 ივნისს დაზიანებულია 180 ტანკი, მათგან მარტო მე-8 ქვეითმა დივიზიამ გროდნოსათვის ბრძოლებში 80 ტანკი გაანადგურა“ [187, გვ. 34]. თუ გავყოფთ რიცხვს 80 საბრძოლო მოხსენებებისთვის სტანდარტულ „ამაღლების კოეფიციენტზე“, რომელიც სამის ტოლია, ჩვენ ვღებულობთ ზუსტად 27 აფეთქებულ ტანკს, რომელთა შესახებაც წერს თავის მოგონებებში ნ. მ. კალანჩუკი. 

მნიშვნელოვნად უფრო რთულია განისაზღვროს რეალური შემადგენლობა საბჭოთა სატანკო ქვედანაყოფებისა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 29-ე სატანკო დივიზიის ბრძოლაში გერმანულ ქვეით ჯართან. ა. ია. მარჩენკოს სიტყვებით (ასრულებდა 59-ე სატანკო პოლკის მეთაურის მოვალეობებს), „ჩვენი კოლონა, რომელიც 50 ტანკზე მეტს მოითვლიდა, გამოვიდა პატარა მდინარეზე გადასვლით სოპოცკინის გზაზე“. 57-ე სატანკო პოლკის მეთაური ი. გ. ჩერჲაპკინი თავისი მოგონებების დასაწყისში წერს, რომ „პოლკში იყო დაახლოებით 100 ტანკი, მათ რიცხვში დაახლოებით ათეული КВ და Т-34“

ნ. მ. კალანჩუკი, 29-ე ტდ-ის შტაბის უფროსი, ამტკიცებს, რომ „საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით დივიზიის დაკომპლექტებულობა ძალზედ დაბალი იყო. მაგალითად, ტანკებით დაახლოებით 66 %, და ისიც ძველი ნიმუშებით...“ მაგრამ 1941 წ. ზაფხულის ნიმუშის სატანკო დივიზიის საშტატო რიცხოვნების 66 % – ეს 248 ტანკია! ახალი ტიპის მანქანები, როგორც წერს ნ. მ. კალანჩუკი, დივიზიაში იყო 18 ერთეული („12 ტანკი Г-34, 6 ტანკი КВ“)

მაგრამ – და ეს ყველაზე უფრო გასაოცარია – ჰ. სლესინას მიერ მოყვანილ ბრძოლის აღწერაში, სრულებით შეუძლებელია აღმოვაჩინოთ ერთნახევარი – ორი ასეული საბჭოთა ტანკებისა. იქ ლაპარაკია ყველაზე მეტ ორ-სამ ათეულ საბრძოლო მანქანაზე. არ არის მის თხრობაში ტანკებიც Т-34 და КВ, რომლებიც (კალანჩუკის სიტყვებით), „მოქმედებდნენ რა ჩვენი სატანკო საბრძოლო რიგების წინ, ცხრილავდნენ მოწინააღმდეგის ტანკებს და სრესდნენ მათ კაკლებივით, არ განიცდიდნენ რა არანაირ დანაკარგებს“. და ეს ძალზედ უცნაურია, რადგანაც ვერმახტის პროპაგანდისტს არ უნდა გაეშვა ხელიდან შესაძლებლობა აღეწერა მხატვრულად გერმანელი ჯარისკაცების ბრძოლა „რუსების მოჯავშნულ მონსტრებთან“. და ისინიც (მონსტრები) ნამდვილად ჩნდებიან მისი წიგნის ფურცლებზე („ტანკები! გიგანტური ტანკები, როგორებიც ჩვენ უწინ არასოდეს გვინახავს! ფოლადის გიგანტები სიმაღლიდან ჩვენ დაგვგრუხუნებენ! რუსული 52-ტონიანი ტანკები 15-სანტიმეტრიანი ზარბაზნით! საშინელება პარალიჩში გვაგდებს! მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები ვერანაირ ეფექტს ვერ იძლევიან. ჭურვები უკანვე ხტებიან ფოლადის ბორტებისაგან, როგორც რეზინის ბურთულები...“) – მაგრამ ეს უკვე სხვა ბრძოლის აღწერაა (უფრო სავარაუდოდ – მე-6 მექკორპუსის ნაწილებთან, რომელიც კუზნიცა – ინდურას რაიონში 1941 წ. 24 ივნისს მოვიდა). 

უფრო ძნელია რეკონსტრუირება იმისა, რაც მოუვიდა 29-ე სატანკო დივიზიას პირველი ბრძოლის შ ე მ დ ე გ. სრულებით აშკარა მხოლოდ ის ფაქტია, რომ 22 ივნისის ბრძოლის შესახებ სამივე მისი მონაწილე (დივიზიის შტაბის უფროსი და სატანკო პოლკების მეთაურები) წერენ დაწვრილებით და აღელვებულად, ხოლო 23–25 ივნისის მოვლენებს კი როგორღაც სხვათა შორის, აჩქარებული მიფუჩეჩებით იხსენიებენ. უფროსი პოლიტხელის ა. ია. მარჩენკოს მოგონებებიდან კი საერთოდ გამოდის, რომ პირველი ბრძოლა იყო უკანასკნელიც – ვერ აღმოაჩინა რა გროდნოში ვერც უფროსობა, ვერც ბრძანება, 59-ე სატანკო პოლკი „დაიძრა უკანდახეული ნაწილების კვალდაკვალ“, რომლებიც ლიდასკენ მიდიოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის რაიმენაირი გასაგები ახსნა იმისა, თუ კორპუსის სამი დივიზიიდან ერთ-ერთის მიერ 30–40 ტანკის დაკარგვა როგორ გადაიქცა სამი დღის შემდეგ პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის 90 %-ის დაკარგვად, და რამ „აქცია კორპუსი მცირედ ბრძოლისუნარიანად“

უდავოა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 11-ე მექკორ-ის კონტრდარტყმა ხდებოდა იზოლირებულად ბოლდინის ცმჯ-ის მოქმედებებისგან (და თავად გენერალ ბოლდინისაგან) და დასრულდა კორპუსის მთლიანი განადგურებით, მთელი საბრძოლო ტექნიკის დაკარგვით, ასევე რიგით და მეთაურთა შემადგენლობის უმეტესი ნაწილის დაკარგვითაც. 1941 წ. 14 ივლისს ბობრუისკის სამხრეთით (350 კმ გროდნოდან აღმოსავლეთისკენ) ალყიდან გამოვიდა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი11-ე მექკორპუსის მეთაურ გენერალ-მაიორ მოსტოვენკოთი სათავეში. 


ს. ვ. ბორზილოვის მოხსენება 

ისტორიკოსების საბედნიეროდ, ცოტა უფრო უკეთაა გაშუქებული მე-6 მექკორპუსის საბრძოლო გზა (მე-4 და მე-7 სატანკო დივიზიები, 29-ე მოტორიზებული დივიზია). „საარქივო გ უ ლ ა გ-ის“ წიაღში გადარჩა და 80-იანი წლების ბოლოს იქნა გამოქვეყნებული [«Военно-исторический журнал», № 11/1988] დოკუმენტი: მე-7 სატანკო დივიზიის მეთაურის გენერალ-მაიორ ს. ვ. ბორზილოვის მოხსენება მგწა-ის მთავარ ავტოჯავშანსატანკო სამმართველოში 1941 წ. 4 აგვისტოს. 

ამ დოკუმენტის ავტორის შესახებ აუცილებელია ითქვას ცალკე თუნდაც რამდენიმე სიტყვა. სიმონ ვასილის ძე ბორზილოვი საბჭოთა-გერმანული ომის დაწყების მომენტისათვის შეიძლებოდა სამართლიანად ჩათვლილიყო წითელი არმიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამოცდილ და სახელგანთქმულ სატანკო მეთაურად. ფინეთთან ომის დროს კომბრიგი ბორზილოვი 20-ე მძიმე სატანკო ბრიგადას მეთაურობდა, რომელმაც გაარღვია „მანერჰაიმის ხაზი“ სევდიანად სახელგანთქმული „სიმაღლე 65,5“-ის რაიონში. წითელი არმიის სარდლობამ დიდად შეაფასა მაშინ 20-ე სატანკო ბრიგადისა და მისი მეთაურის როლი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 21 ტანკისტს, მათ შორის თვითონ ბორზილოვსაც. თუმცა კი, ოდნავადაც არ უარვყოფთ რა ერთმნიშვნელოვნად დანაშაულებრივ ხასიათს სტალინის მიერ გაჩაღებული ომისა, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა ტანკისტებმა შეიძინეს მასში მოწინააღმდეგის ხანგრძლივი სიმაგრეების გარღვევის უნიკალური გამოცდილება, თანაც სრულიად „ტანკსაწინააღმდეგო“ ადგილმდებარეობაზე. 

20-ე ტბრ-ის მეთაურის უეჭველ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის ძალიან მცირე დანაკარგებიც, რომლებიც განიცადა მისდამი რწმუნებული შენაერთის პირადმა შემადგენლობამ. უმძიმეს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში ბრძოლების სამი თვის მანძილზე 20-ე სატანკო ბრიგადამ დაკარგა 169 ადამიანი მოკლულებით და 338 დაჭრილებით [8]. სულ არაფერი – იმასთან შედარებით, რომ წითელი არმიის საერთო დანაკარგებმა იმ სტალინისეულ სამარცხვინო ავანტჲურაში 330 ათას ადამიანს გადააჭარბა [35]. 

ბორზილოვის მოხსენება, მცირე მოცულობის მიუხედავად, იმდენ უძვირფასეს ინფორმაციას შეიცავს, რომ ღირსია ის ძალზედ და ძალზედ ყურადღებით წავიკითხოთ: 

1. 1941 წ. 22 ივნისისთვის დივიზია დაკომპლექტებული იყო პირად შემადგენლობაში: რიგითებით 89 პროცენტით, უმცროს მეთაურთა შემადგენლობით 60 პროც. და მეთაურთა შემადგენლობით 80 პროც.-ით. მატერიალური ნაწილით: მძიმე ტანკები – 51, საშუალო ტანკები – 150, БТ-5-7 – 125, Т-26 – 42 ერთეული. 

2. 22 ივნისისათვის დივიზიის უზრუნველყოფილობა საბრძოლო ქონებით: 76-მმ ჭურვები – 1 ბკ (საბრძოლო კომპლექტი), 76-მმ ჯავშანგამტანი ჭურვები არ ყოფილა, 45-მმ ჭურვები – 1,5 ბკ, ბენზინი Б-70 და КБ-70 – 3 გაწყობა, დიზელური საწვავი – 1 გაწყობა. 

3. 22 ივნისისათვის დივიზიის ნაწილები განაგრძობდნენ საბრძოლო მომზადების გეგმის შესრულებას და დისლოცირებული იყვნენ: (შემდეგ მოდის ნაწილების ჩამონათვალი და ადგილების დასახელება ბელოსტოკის სამხრეთ-დასავლეთით – მ. ს.) გერმანული არმიის სავარაუდო თავდასხმის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა, თუმცა კი ნაწილები მზად იყვნენ ბრძოლისათვის. 

4. 1941 წ. 20 ივნისს კორპუსის მეთაურის მიერ იყო ჩატარებული თათბირი დივიზიის მეთაურობასთან, რომელზედაც დაისვა ამოცანა საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების შესახებ, ე. ი. ბრძანებულ იქნა საბოლოოდ აღგვეკაზმა ჭურვები და მჭიდეები, ჩაგვეწყო ტანკებში, გაგვეძლიერებინა ფარეხებისა და საწყობების დაცვა, კიდევ ერთხელ შეგვემოწმებინა საბრძოლო განგაშით ნაწილების შეკრების რაიონები, დაგვემყარებინა რადიოკავშირი კორპუსის შტაბთან. ამასთან კორპუსის მეთაურმა გაგვაფრთხილა, რომ ეს ღონისძიებები გაგვეტარებინა ხმაურის გარეშე, არავისთვის ამის შესახებ არ გვეთქვა, სწავლება გეგმის მიხედვით გაგვეგრძელებინა. ყველა ეს მითითება ვადაში იქნა შესრულებული. 

5. 22 ივნისს 2 საათზე მიღებულ იქნა პაროლი კავშირგაბმულობის დელეგატის მეშვეობით საბრძოლო განგაშის შესახებ „წითელი პაკეტის“გახსნით (ამ ტერმინით წითელ არმიაში აღინიშნებოდა პაკეტი ნაწილის ან შენაერთის საბრძოლო მოქმედებათა ოპერატიული გეგმით, რომლის გახსნის უფლებაც მეთაურს ჰქონდა მხოლოდ ზემდგომი მეთაურობის ბრძანების მიხედვით – მ. ს.). 10 წუთის შემდეგ დივიზიის ნაწილებს გამოეცხადა საბრძოლო განგაში, და 4 სთ 30 წთ-ზე დივიზიის ნაწილებმა საბრძოლო განგაშით შეკრების პუნქტზე მოიყარეს თავი. 

6. მე-7 ტდ-ის საბრძოლო მოქმედებები. 1941 წ. 22 ივნისს კორპუსის მეთაურის ბრძანებით დივიზია აწარმოებდა დაზვერვას სადაზვერვო ბატალიონით ვარშავის გზატკეცილზე დასავლეთისკენ, დაზვერვა კარგად მუშაობდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ამოცანა აღედგინა კავშირი 1-ლი მსროლელი კორპუსის ნაწილებთან. ომის პირველ დღეს დივიზიას მეტი ამოცანები არ ჰქონია 22 საათამდე. 

7. 22 ივნისის 22 საათზე დივიზიამ მიიღო ბრძანება თავმოყრის ახალ რაიონში გადასვლის შესახებ – სადგურ ვალპაში (ბელოსტოკის აღმოსავლეთით) და შემდგომი ამოცანაც: გაენადგურებინა სატანკო დივიზია, რომელიც ბელოსტოკის რაიონში შემოიჭრა. დივიზია, ასრულებდა რა ბრძანებას, შეეჯახა ყველა გზაზე შექმნილ საცობებს ბელოსტოკიდან არმიის ზურგის მოუწესრიგებელი უკანდახევის გამო (საგზაო სამსახური არ იყო მოწყობილი). დივიზია, იყო რა მარშზე და თავმოყრის რაიონში 23 ივნისის 4-დან 9 საათამდე და 11-დან 14 საათამდე, სულ მუდამ მოწინააღმდეგის ავიაციის დარტყმების ქვეშ იმყოფებოდა. მარშისა და თავმოყრის რაიონში ყოფნის პერიოდში 14 საათამდე დივიზიას ჰქონდა დანაკარგები: აფეთქებული ტანკები – 63, დაზიანებულია ყველა პოლკის ზურგი, განსაკუთრებით კი 13-ე პოლკის ზურგი დაზარალდა. 

8. მოწინააღმდეგის სატანკო დივიზია ბელსკის რაიონში არ აღმოჩნდა, რისი წყალობითაც დივიზია გამოყენებული არ ყოფილა. მოვიდა ახალი ცნობები: მოწინააღმდეგის სატანკო დივიზია გროდნოსა და სოკულკას შორის შემოიჭრა. 23 ივნისს 14 საათზე დივიზიამ მიიღო ახალი ამოცანა – ემოძრავა სოკულკა – კუზნიცას მიმართულებით, გაენადგურებინა შემოჭრილი სატანკო დივიზია (შემდგომი) გასვლით თავმოყრის რაიონში გროდნოს სამხრეთით (დაახლოებით 140 კმ). ასრულებდა რა ამოცანას, დივიზიამ 24 ივნისის დღის პირველ ნახევარში თავი მოიყარა მიჯნაზე შეტევისთვის სოკულკასა და სტაროე დუბნოს სამხრეთით. დაზვერვის მიერ იქნა დადგენილი, რომ მოწინააღმდეგის სატანკო დივიზია არ არის, არამედ იყო ტანკების მცირე ჯგუფები, რომლებიც ქვეით და ცხენოსან ჯარებთან ურთიერთმოქმედებდნენ. 

24–25 ივნისს დივიზია, ასრულებდა რა კორპუსის მეთაურისა და მარშალ ამხ. კულიკის ბრძანებას, აყენებდა დარტყმას 14-ე სატანკო პოლკით ძველ დუბნოსა და შემდეგ გროდნოს, 13-ე სატანკო პოლკით კუზნიცასა და შემდეგ გროდნოს დასავლეთიდან, სადაც იქნა განადგურებული ქვეითი ჯარის ორ ბატალიონამდე და ორ საარტილერიო ბატარეამდე. ამოცანის შესრულების შემდეგ დივიზიის ნაწილებმა კუზნიცასა და ძველი დუბნოს რაიონში მოყარეს თავი, ამასთან დივიზიის ნაწილებმა დაკარგეს ტანკები 18 ცალი დამწვრებისა და ჭაობში ჩაფლულების სახით. 25–26 ივნისს 21 საათამდე დივიზია აწარმოებდა თავდაცვით ბრძოლას ურთიერთმოქმედებაში 29-ე мед-თან და 36-ე კდ-თან (ერთ-ერთი საკავალერიო დივიზია მე-6 საკავალერიო კორპუსის შემადგენლობიდან), აყენებდა დარტყმებს ფრონტის წინ 29-ე мед-ის 128-ე მოტომსროლელი პოლკითა და 36-ე საკავალერიო დივიზიით. (ზემოთ აღნიშვნაში 29 мед შეცდომაა, ჩემი აზრით, უნდა იყოს 29 мсд /мотострелковая дивизия/ 29 მსდ – მოტომსროლელი დივიზია – ი. ხ.). 

9. დივიზიის ნაწილებში საწვავ-საცხები მასალები იწურებოდა, საწვავით გაწყობის წარმოების არანაირი შესაძლებლობა არ იყო ტარისა და სათავო საწყობების არარსებობის გამო, მართალია, მოხერხდა მიგვეღო ერთი გაწყობა კუზნიცასა და სოფ. კრინკის დამწვარი საწყობებიდან (საერთოდ, საწვავ-საცხებ მასალებს შოულობდნენ ვისაც როგორ შეეძლო). 25 ივნისის დღის მიწურულისათვის მიღებულ იქნა კორპუსის მეთაურის ბრძანება მდ. სვისლოჩის აქეთ უკანდახევაზე, მაგრამ მას მხოლოდ საგანგებო სიგნალის მიხედვით ვასრულებდით. 

წინასწარი მონაცემებით, მე-6 მექკორპუსის 4 ტდ-მ 26 ივნისის ღამეს მდ. სვისლოჩის აქეთ უკან დაიხია, რის შედეგადაც 36-ე საკავალერიო დივიზიის ფლანგი იქნა გაშიშვლებული. 26 ივნისის მიწურულისათვის მოწინააღმდეგე, რეზერვის გამოყენებით, შეტევაზე გადმოვიდა. 21 საათზე 36-ე კდ-ისა და 29-ე мед-ის 128-ე მსპ-ის ნაწილებმა უწესრიგოდ დაიწყეს უკანდახევა. ჩემს მიერ იქნა მიღებული ზომები მდგომარეობის აღსადგენად, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია. მე გავეცი ბრძანება დაეფარათ 29-ე мед-ისა და 36-ე კდ-ის უკანდახეული ნაწილები სოფ. კრინკის რაიონში, მოვახდინე მეორე მცდელობა შემეკავებინა უკანდახეული ნაწილები, სადაც მოხერხდა 128-ე მსპ-ის შეკავება (ეს არა მტრის, ეს ჩვენი პოლკია მე-6 მექკორპუსის შემადგენლობიდან, რომლის შეკავებასაც ჯერ კიდევ ცდილობდა ბორზილოვი – მ. ს.), და იმავე ღამეს 27 ივნისის გათენებისას გადმოვედი მდ. სვისლოჩზე სოფ. კრინკის აღმოსავლეთით (ეს იყო საერთო უწესრიგო უკანდახევის დასაწყისი). 

ამ დროს დაირღვა კავშირი კორპუსის შტაბთან. კავშირის აღდგენა 27 ივნისის მიწურულისათვის მოხერხდა გადმოსასვლელებზე ვოლკოვისკთან. დივიზიის ნაწილები მთელ ამ დროს კუზნიციდან, სოკულკიდან და სლონიმამდე აწარმოებდნენ ბრძოლებს მოწინააღმდეგის დადევნებულ სადესანტო ნაწილებთან. 29 ივნისს 11 საათზე მატნაწილის ნარჩენებით (3 მანქანა Т-34) და ქვეითი და ცხენოსანი ჯარების რაზმით მივედი ტყეებში სლონიმის აღმოსავლეთით, სადაც ვაწარმოებდი ბრძოლას 29 და 30 ივნისს. 30 ივნისს 22 საათზე დავიძარი რაზმით ტყეებში და შემდეგ პინსკის ჭაობებში მარშრუტით ბულკა, ველიჩკოვიჩი, პოსტოლი, სადგ. სტარუშკა, გომელი, ვჲაზმა (800 კმ ბელოსტოკის აღმოსავლეთით – მ. ს.). 

10. მატერიალური ნაწილი მთლიანად დატოვებულია ტერიტორიაზე, რომელიც მოწინააღმდეგის მიერაა დაკავებული, ბელოსტოკიდან სლონიმამდე. დასატოვებელი მატნაწილი უვარგისობაში მოიყვანებოდა. მატერიალური ნაწილი დატოვებულია საწვავ-საცხები მასალებისა და რემფონდის არარსებობის მიზეზით. ეკიპაჟები უკანდახეულ ქვეით ჯარს უერთდებოდნენ“. 

აი ასეთია უმძლავრესი სატანკო შენაერთის განადგურების ისტორიის „მოკლე კურსი“. შევეცდებით ახლა სული მოვითქვათ და დასაწყისისათვის წაკითხულის ყველაზე უფრო მარტივი არითმეტიკული შედეგები მოვიყვანოთ. 

საბრძოლო მოქმედებათა დასაწყისისათვის მე-7 სატანკო დივიზიაში იყო 368 ტანკი, მათ რიცხვში – 200 უახლესი Т-34 და КВ (ე. ი. მეტი, ვიდრე ლენინგრადისა და ბალტიისპირეთის სამხედრო ოკრუგების ყველა სატანკო დივიზიაში, ერთად აღებულში). ჯერ კიდევ მოწინააღმდეგის ავიაციის პირველი თავდასხმების დაწყებამდე დივიზიამ დატოვა მუდმივი დისლოკაციის ადგილი და არანაირი დანაკარგები „მოულოდნელი თავდასხმისგან“ არ განუცდია. ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ თვით 1999 წ. 19 მარტსაც (ე. ი. ბორზილოვის მოხსენების პუბლიკაციის შემდეგ 10 წლის თავზე) გაზეთი «Красная Звезда» მე-6 მექკორპუსის ომის პირველ დღეს მისთვის ჩვეულ სტილში აღწერდა: 

„ცეცხლით იყო შეპყრობილი სატანკო ფარეხები. რაღაც დროს უძლურ სასოწარკვეთილებაში დაბნეულმა, თითქმის უიარაღო (???) ტანკისტებმა, ქვეით ჯართან და მესაზღვრეებთან ერთად, როგორც ძველად იტყოდნენ, უკანდახევას მისცეს თავი... გერმანელი მფრინავები დაუნდობლად (ქვეყნის მთავარი საარმიო გაზეთი თვლის, რომ ისინი, „ვინც გაქცევას მისცა თავი“, მოწინააღმდეგემ უნდა შეიცოდოს?) ბომბავდნენ და ცხრილავდნენ ადამიანებს მცელავი ფრენიდან...“ 

ფაქტიურად „მარშისა და თავმოყრის რაიონში ყოფნის პერიოდში“ მე-7 სატანკო დივიზიამ დაკარგა (გენერალ ბორზილოვის მოხსენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – გერმანული ავიაციის დარტყმებისგან) 63 ტანკი. თავსებადი დანაკარგები შეტევისთვის საწყისი რაიონისკენ წინსვლის ეტაპზე განიცადა მე-6 მექკორპუსის მე-4 სატანკო დივიზიამაც. ასე, დასავლეთის ფრონტის შტაბის ოპერატიულ ცნობაში # 08 (1941 წ. 27 ივნისის 20.00-ისა) ნათქვამია, რომ 24 ივნისის 18.00-თვის დივიზიამ თავი მოიყარა ლებეჟანი, ნოვაჲა მიშის რაიონში, ჰქონდა რა დანაკარგები 20–26 %-მდე უმთავრესად მსუბუქი ტანკების ხარჯზე; მძიმე ტანკები КВ, როგორც მოხსენებაშია მითითებული, ავიაბომბების პირდაპირ მოხვედრასაც კი უძლებდა [186, გვ. 51]. 

24–25 ივნისის კონტრშეტევის მსვლელობისას მე-7 სატანკო დივიზია აწარმოებდა ბრძოლას მოწინააღმდეგის ქვეით ჯართან ძალით ერთ პოლკამდე (შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ვერმახტის 256-ე ქვეითი დივიზიის 481-ე ქვეითი პოლკი, რომელიც ნამდვილად აწარმოებდა ბრძოლას საბჭოთა ტანკებთან სოფ. კუზნიცას რაიონში), დაკარგა რა ამ დროს სულ 18 ტანკი, ამასთან ყველა ისინი სულაც არ ყოფილან გერმანული ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის მიერ აფეთქებული – რამდენიმე მანქანა, როგორც წერს დივიზიის მეთაური, უბრალოდ ჭაობში ჩაეფლო. 

ბორზილოვი თავის მოხსენებაში არ აზუსტებს, თუ სახელდობრ რომელი ტანკები იყო დაკარგული. და მაინც, ვიცით რა გერმანული ავიაციისა (რაზედაც შემდეგ თავებში იქნება ლაპარაკი) და გერმანული ქვეითი დივიზიების ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის რეალური შესაძლებლობები (ისევე როგორც მათთვის მიცემული „საიერიშო ქვემეხების“ დივიზიონებისა, შეიარაღებულების მოკლელულიანი 75-მმ ზარბაზნით), შეიძლება სარწმუნოობის მაღალი ხარისხით ვივარაუდოთ, რომ დივიზიის ძირითადი დამრტყმელი ძალა – უახლესი ტანკები Т-34 და КВ – დარჩა მთელი და უვნებელი. თავის სხვა მოხსენებაში (1941 წ. 28 ივლისისა) გენერალი ბორზილოვი წერს: „ჩვენი ტანკების გამოჩენისას მოწინააღმდეგის ტანკები (რეალურად ესენი იყვნენ თვითმავალი „საიერიშო ქვემეხები“) ბრძოლას არ ღებულობდნენ, არამედ დაჩქარებით უკან იხევდნენ... მანქანა Т-34 მშვენივრად უძლებს 37-მმ ქვემეხების დარტყმებს, რომ არაფერი ვთქვათ უკვე КВ-ზე“ [28, გვ. 118]. 

უბრალო არითმეტიკას მივყავართ ჩვენ იქამდე, რომ 26 ივნისის დილას მე-7 სატანკო დივიზიაში უნდა კიდევ ყოფილიყო დარჩენილი 287 ტანკი. ეს ბევრი არ არის, არამედ ძალიან ბევრია. ვერმახტის 17 სატანკო დივიზიიდან არც ერთს არ ჰყავდა 1941 წ. 22 ივნისს თავის შემადგენლობაში ასეთი რაოდენობის ტანკები (საშუალოდ ერთ გერმანულ დივიზიაზე მოდიოდა 192 ტანკი), რომ არაფერი ვთქვათ უკვე ხარისხის შესახებ... და აი უკანდახევის სამი დღის შემდეგ, პრაქტიკულად მოწინააღმდეგესთან შეხების გარეშე (თუ არ ჩავთვლით სრულებით მითიურ „სადესანტო ნაწილებს“, რომლებიც ვითომდა „სდევნიდნენ“ უკანდახეულ სატანკო დივიზიას). ბორზილოვის მთელი დივიზიიდან რჩება ქვეითი ჯარის რაზმი სამი ტანკით

გულდასმით ყურადღებას მოითხოვს დივიზიის საბრძოლო მოქმედებების თვითონ მსვლელობაც. ყბადაღებულ „მოულოდნელ თავდასხმამდე“ ორი დღით ადრე დივიზია იქნა გადაყვანილი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში. ფაქტიურად დასავლეთის ფრონტის მე-6 მექკორპუსში ხდებოდა ზუსტად იგივე, რაც ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მე-3 მექკორპუსში, რომლის მეთაურმაც 18 ივნისს ბრძანა „ნაწილები მოიყვანეთ საბრძოლო მზადყოფნაში საბრძოლო განგაშით წამოყენების გეგმების შესაბამისად, მაგრამ თვითონ განგაში არ გამოაცხადოთ“. სარწმუნოობის ძალიან მაღალი წილით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთიცა და მეორეც არ გახლდათ შედეგი კორპუსების მეთაურთა (ან თვით ოკრუგების სარდლების) „თვითშემოქმედებისა“, არამედ წარმოადგენდა უმაღლესი სარდლობის მთელი წითელი არმიისათვის ერთიანი დირექტივის შესრულებას. 

ბრძანება „წითელი პაკეტის“ გახსნაზე მიღებულ იქნა 2 საათით ადრე მ ა ნ ა მ დ ე, სანამ საზღვარზე დაიგრუხუნებდნენ ქვემეხების პირველი ზალპები (უნდა აღინიშნოს, რომ „წითელი პაკეტის“ გახსნაზე ბრძანების მიღების სწორედ ასეთივე დრო – 22 ივნისის ღამის 2 საათი – არის აღნიშნული დასავლეთის ფრონტის მეთაურთა ბევრ სხვა მოგონებაშიც). ამრიგად, არანაირი „საბრძოლო მოქმედებათა მოულოდნელი დაწყების“ შესახებ მე-6 მექკორ-თან მიმართებაში ლაპარაკიც კი არ გვიხდება. მეტად აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე 22 ივნისის დილას, ისე რომ არ დალოდებია საგანგებო მითითებებს მოსკოვიდან ან მინსკიდან, მე-6 მექკორპუსის მეთაურობამ ჩაატარა დაზვერვა „ვარშავის გზატკეცილზე დასავლეთისკენ“ – ფაქტი, რომელიც იძლევა დამატებით საფუძველს ვარაუდისათვის იმის შესახებ, რომ „წითელ პაკეტში“ იყო შენახული არა მითიური „გეგმა აგრესიის მოგერიებისა“, არამედ გერმანელთა მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის პირველი ოპერაციების გეგმა. 

ომის მთელ პირველ დღეს დივიზია იდგა თავმოყრის რაიონში – და ეს სრულებით სწორია. დასავლეთის ფრონტის მთავარი დამრტყმელი ძალა გამოყენებული უნდა ყოფილიყო აფორიაქებული აჩქარების გარეშე, მოწინააღმდეგის გულდასმით დაზვერვის შემდეგ, მოქმედებათა გააზრებული გეგმების საფუძველზე. მაგრამ ამის ნაცვლად, ცრუ პანიკური მოხსენებების საფუძველზე, უკვე ომის პირველი დღის ბოლოს (22 ივნისის 22.00-ზე) 10-ე არმიის სარდლის გოლუბევის მიერ მე-7 ტდ გაგზავნილი იქნა სამხრეთით, ქალაქ ბელსკთან, არარსებულ გერმანულ სატანკო დივიზიასთან საბრძოლველად. რამდენადაც მოწინააღმდეგის არანაირი სატანკო ნაწილები 10-ე არმიის ზოლში უბრალოდ არ ყოფილა, ამიტომ მათი პოვნაც ბორზილოვმა ვერ შეძლო. 

შემდეგ, 23 ივნისი 14 საათზე, დივიზია ღებულობს ამოცანას მოძებნოს და გაანადგუროს მოწინააღმდეგის მითიური სატანკო დივიზია, ამჯერად პირდაპირ საწინააღმდეგო მხარეს. ტანკების, გამწევებისა და ავტომანქანების მრავალკილომეტრიანი კოლონები გაბრუნდნენ და ბელსკიდან ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ, სოკულკა – კუზნიცას რაიონში (იხ. რუკა # 2). ასეთნაირად, ომის პირველ ორ დღეს დივიზია „ებრძოდა“ 10-ე არმიის სარდლობის უგუნურ ბრძანებებსა და არმიის ზურგის ნაწილების უწესრიგო უკანდახევას, რომლებიც ბელოსტოკის შვერილის მთელ გზებს ხერგავდნენ. 

ბოლდინის ცმჯ-ის დაგეგმილ კონტრდარტყმაში ბორზილოვის დივიზია მონაწილეობდა ორი დღის განმავლობაში (24 და 25 ივნისს). ამ მომენტისათვის ვერმახტის მე-8 ქვეითი დივიზიის ნაწილები ნემანის აღმოსავლეთ ნაპირზე გადმოვიდნენ და სკიდ ელზე შეტევას ანვითარებდნენ. სოკულკა – კუზნიცას ხაზზე გამოვიდნენ 256-ე ქვეითი დივიზიის მეწინავე ქვედანაყოფები. ამრიგად, მე-6 მექკორპუსის მე-7 და მე-4 სატანკო დივიზიების კონტრდარტყმის რაიონში იმყოფებოდნენ მოწინააღმდეგის ქვეითი ნაწილები საერთო რიცხოვნებით არაუმეტეს ერთი ქვეითი დივიზიისა, ისე რომ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის აღჭურვილი მიჯნის მომზადებისთვის ერთი დღეც კი არ ჰქონიათ. 

იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა ბრძოლა ძველი დუბნო – კუზნიცას რაიონში (ერთადერთი, არსებითად, ბრძოლა მე-7 სატანკო დივიზიის ხანმოკლე ისტორიაში), ბორზილოვის მოხსენებაში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი. ფრაზის „ამოცანის შესრულების შემდეგ დივიზიის ნაწილებმა კუზნიცასა და ძველი დუბნოს რაიონში მოიყარეს თავი“ აზრის გაგება ძნელია (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – შეუძლებელი). უახლოესი ამოცანა იყო დაეპყროთ გროდნო, შემდგომი – გაჭრილიყვნენ ნემანზე გადმოსასვლელებისკენ მერკინესთან. 

იმავე ამოცანას ასრულებდა მე-4 სატანკო დივიზიაც, რომელიც უტევდა გროდნოსკენ ინდურას რაიონიდან. თუ ბრძოლის შემდეგ მე-7 სატანკო დივიზია აღმოჩნდა არა გროდნოში, არამედ საწყის რაიონში კუზნიცა – ძველი დუბნო, მაშინ არანაირ „ამოცანის შესრულებაზე“ ლაპარაკიც კი არ შეიძლება. 

ჯანსაღი ლოგიკის მიხედვით, შემხვედრი ბრძოლა გერმანულ ქვეით ჯარსა და ორ სატანკო დივიზიას შორის, რომელთაც თავიანთ შეიარაღებაში ჰყავდათ 300-ზე მეტი ტანკი Т-34 და КВ, უნდა დასრულებულიყო თავდაცვაში მყოფთა სრული განადგურებით (ან მათი პანიკური გაქცევით გროდნოში და შემდეგ ნემანის იქით). ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ არმიათა ჯგუფის „ცენტრი“ სარდლობამ მოახერხა ელვისებურად მიეზიდა მე-6 მექკორპუსის კონტრდარტყმის რაიონში რამდენიმე ასეული 88-მმ საზენიტო და 105-მმ შორსმსროლელი ზარბაზანი (ვარაუდი აშკარად აბსურდულია), მაშინ გერმანელებს სუფთად თეორიულად შეიძლებოდა გასჩენოდათ იმის შანსი, რომ ბორზილოვის დივიზიის ტანკების დიდი ნაწილი გაენადგურებინათ. რეალურად კი მოხდა არც ერთი, არც მეორე: ბრძოლის ორი დღის მანძილზე მე-7 სატანკო დივიზიამ მოწინააღმდეგის ცეცხლისგან დაკარგა და ჭაობებში ჩააფლო 18 ტანკი (ე. ი. მათი საერთო რიცხვის არაუმეტეს 6 %-სა), რის შემდეგაც შეწყვიტა შეტევები და საწყის მიჯნაზე დაბრუნდა. 

მე-7 სატანკო დივიზიის დასასრულის დასაწყისად იქცა ბრძანება მდინარე სვისლოჩს აქეთ უკანდახევის შესახებ, რომელიც 25 ივნისის გვიან საღამოს მოვიდა. ეს ბრძანება (სავარაუდოდ, თავის სიცოცხლეში უკანასკნელი) მე-6 მექკორპუსის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ხაცკილევიჩმა გასცა, ასრულებდა რა დასავლეთის ფრონტის სარდლის პავლოვის განკარგულებას, რომელმაც 25 ივნისს 16 საათსა და 45 წუთზე უმაღლესი მთავარსარდლობისა და დასავლეთის ფრონტის შტაბში მისი წარმომადგენლის მარშალ შაპოშნიკოვის მითითებათა საფუძველზე გაგზავნა ჯარებში დირექტივა საერთო უკანდახევის შესახებ მდინარე შჩარას ხაზზე (80–90 კმ მდ. სვისლოჩის აღმოსავლეთით). კეთილი განზრახვები – გამოეყვანათ ჯარები ბუნებრივი თავდაცვითი მიჯნის აქეთ და იქ ისინი რაღაცნაირ წესრიგში მოეყვანათ – სრულიად არ შეესაბამებოდა რეალურ სიტუაციასა და ფრონტის ჯარების რეალურ მდგომარეობას. 

„უკან დახევა წარმოადგენს მანევრის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ სახეობას“. ეს საწესდებო დებულება (პუნქტი 423 საველე წესდებისა ПУ-39) იქნა იგნორირებული და დავიწყებული არა მარტო დასავლეთის ფრონტის სარდლობის მიერ, არამედ საბჭოთა ისტორიკოსების ორი თაობის მიერაც. ომის სამამულო ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბდა უკვე სავსებით მდგრადი ტრადიცია „უგუნური და თვითმკვლელური კონტრდარტყმების“ დაპირისპირებისა ბრძნული და „ჰუმანური“ უკანდახევისადმი. არაფერს ვამბობთ რა იმაზე, რომ ასეთი მსჯელობების აბსურდულობა დაუყოვნებლივ იქნა დამტკიცებული პრაქტიკაში (დირექტივამ მდ. შჩარას მიჯნაზე უკანდახევის შესახებ ვერ იხსნა დასავლეთის ფრონტის ჯარები, არამედ მხოლოდ „დააკანონა“ და დააჩქარა საყოველთაოდ დაწყებული იმ დროისათვის უწესრიგო გამოქცევა), ისინი თეორიულადაც სრულიად შეუმდგარებია. 

უკან დახევა მოითხოვს უმკაცრეს დისციპლინას, ჯარების უწყვეტ და მყარ მართვას, მდგრად კავშირგაბმულობას – ესე იგი სწორად იმას, რაც დასავლეთის ფრონტის ჯარებში უკვე აღარ იყო. სალაშქრო კოლონა (ჯარების განწერტილი და მიწაში ჩასანგრებული საბრძოლო რიგებისგან განსხვავებით) წარმოადგენს იდეალურ სამიზნეს მოწინააღმდეგის ავიაციისათვის, ამიტომ უკანდახევაზე გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა მხოლოდ საბჭოთა ავიაციის ჰაერში უპირატერსობის თუნდაც ადგილობრივი და დროებითი უზრუნველყოფის პირობებში – არაფერი მსგავსი 1941 წლის ივნისში მიღწეული არ ყოფილა (და ვერც შეიძლებოდა ყოფილიყო). თავად უკანდახევის ფაქტი გარდაუვალად იწვევს ჯარების დემორალიზაციას, გადააქცევს რა ჯარისკაცს ბრძოლის ველზე მებრძოლისაგან დაუცავ ობიექტად ჰაერიდან თავდასხმისა და მტრის არტილერიის მიერ ცეცხლის დაშენისთვის, – სწორედ ეს მოხდა კიდეც რეალობაში. შეიძლება, XXI საუკუნის დასაწყისში უკვე დადგა დრო იმისათვის, რათა ბოლოს და ბოლოს ვაღიაროთ აშკარა ფაქტი: ბრძანებამ უკანდახევის შესახებ „გადაარჩინა“ დასავლეთის ფრონტის მებრძოლები და მეთაურები ღირსეული ჯარისკაცული სიკვდილისაგან ბრძოლაში, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რათა შეეცვალა ის მტანჯველი დაღუპვით შიმშილისაგან, ცემა-ტყეპისა და დიზენტერიისაგან გერმანულ ბანაკში სამხედრო ტყვეებისთვის... 

ვუბრუნდებით რა ამ უეშმაკო (და თანაც უსიხარულო) თეორიისაგან მე-7 სატანკო დივიზიის ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ უკანდახევაზე ბრძანების მიღების შემდეგ ბორზილოვის მოხსენებაში ჩნდება ასეთი ფრაზები: 

„ნაწილებმა უწესრიგოდ დაიწყეს უკანდახევა... მეორედ შევეცადე შემეკავებინა უკანდახეული ნაწილები... საერთო უწესრიგო უკანდახევის დასაწყისი...“ 

სწორედ „უწესრიგო უკანდახევის“ მსვლელობისას წითელი არმიის დაკომპლექტებულობის მიხედვით საუკეთესო სატანკო დივიზია გადაიქცა ქვეითი ჯარის რაზმად სამი ტანკით. 

თუმცა კი, ბორზილოვის მოხსენებაში მითითებულია ერთი შეხედვით ობიექტური მიზეზიც დივიზიის განადგურების და თითქმის სამასი ტანკის დაკარგვისა: „საწვავ-საცხები მასალების“ არარსებობა. თითქოს-და, აქ კიდევ რაზე უნდა ვიკამათოთ? არ არის საწვავი – არ არის ბრძოლისუნარიანი სატანკო დივიზიაც. სამწუხაროდ, დაღუპული გენერლის ხსოვნისადმი მთელი პატივისცემისას, ჩვენ არ ავჩქარდებით დასკვნებით, არამედ ვისარგებლებთ დასაწყისისათვის კალკულატორით. 

დიზელური საწვავის ერთი გაწყობა იყო დივიზიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ. კიდევ ერთიც მიიღეს უკვე ბრძოლების მსვლელობისას. სულ – ორი გაწყობა. ბენზინი იყო სამი გაწყობა და მეტიც. ახლა ეს „გაწყობები“ ყველასათვის გასაგებ კილომეტრებში გადავიყვანოთ. მე-7 დივიზიაში არსებული ტანკებიდან ყველაზე უფრო მოძველებულს Т-26 ჰქონდა ერთ გაწყობაზე სვლის მარაგი 170 კმ. 

სამი გაწყობა – 500 კილომეტრზე მეტია. ყველაზე უფრო მძლავრ და თანამედროვე КВ-ს – სწორედ იგივე 180 კმ (ძნელია 50 ტონა ფოლადის თრევა). ორი გაწყობა დიზელური КВ-თვის – ეს 360 კმ-ის. ჩქაროსნულ БТ-სა და საშუალო Т-34-ს ჰქონდათ სვლის მარაგი ერთ გაწყობაზე 300 და მეტი კილომეტრი. ფაქტიურად მე-7 სატანკო დივიზია, უწესრიგოდ მიმოდიოდა რა მარშრუტზე ბელოსტოკი – ბელსკი – სოკულკა – ვოლკოვისკი – სლონიმი, 22-დან 29 ივნისის ჩათვლით, 250 კმ-ზე მეტს ვერანაირად ვერ გაივლიდა. ამ დროს მთელი ტექნიკის მიტოვება „საწვავ-საცხები მასალების არარსებობის მიზეზით“ სრულებით შეუძლებელი გახლდათ. 

უფრო მეტიც, ბელოსტოკის შვერილის ტერიტორია პირდაპირ სავსე იყო საწვავისა და საბრძოლო მასალების საწყობებით. ომის წინ დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის ტერიტორიაზე იყო თავმოყრილი საწვავის კოლოსალური მარაგები – 264 ათასი ტონა [68, გვ. 351]. უშუალოდ მე-6 მექკორ-ის „ხეტიალის“ ზონაში საწვავის 12 (თორმეტი) სტაციონარული საწყობის იმყოფებოდა. სახელდობრ კი: 920 და 1040 (ბელოსტოკი), 925 და 1038 (ბელსკი), 923 და 1019 (მონკი), 919 და 1020 (გროდნო), 929 და 1033 (მოსტი), 922 და 1044 (ვოლკოვისკი). ამ საწყობებს შორის მანძილები 60–80 კმ არ აღემატებოდა (არაუმეტეს ორი საათის მგზავრობისა დანგრეულ გრუნტის გზაზე). საწვავის ტრანსპორტირებისთვის მე-6 მექკორპუსში იყო 220 ავტოცისტერნა სამღერძიანი სრულამძრავიანი სატვირთო ავტომობილის ЗИС-6 ბაზაზე (ცისტერნის ტევადობა 3200 ლიტრი). 

სრულად დაკომპლექტებულ მექკორპუსს მარშის 500 კმ-ზე 1,2 ტონა საწვავი სჭირდებოდა. სხვა სიტყვებით, საწვავის იმ მარაგების ერთი მეათედით, რომლებიც მიტოვებული ტანკების გვერდით იმყოფებოდა, მე-6 მექკორპუსს შეეძლო ბელოსტოკიდან ვლადივოსტოკამდე მისულიყო. საწვავი, რომელიც მე-6 მექკორპუსის ნაწილებს ვითომდა არ ჰყოფნიდათ იმისათვის, რათა, სულ მცირე, ორგანიზებულად დაეხიათ უკან აღმოსავლეთისკენ, ჭარბად ერგო სწრაფად შემომტევ... მოწინააღმდეგეს. ვერმახტის გენერალური შტაბის უფროსი ფ. ჰალდერი 1 ივლისის ჩანაწერში აღნიშნავს, რომ „საწვავის დანახარჯის დაახლოებით ერთი მესამედი ნადავლი მარაგებითაა დაფარული“. აბსოლუტურ რიცხვებში ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ დღეს გერმანელები „ღებულობდნენ“ მათთვის თეორიულად უცნობი და თეორიულად „უკანდახევის დროს განადგურებული“ საბჭოთა საწყობებიდან 2900 ტონა საწვავს. მარტო ერთი ეს რაოდენობა უნდა ჰყოფნოდა დასავლეთის ფრონტის ყველა სატანკო დივიზიას იმისათვის, რათა ბელოსტოკის „ქვაბიდან“ გამოსულიყვნენ. გამოსულიყვნენ ტანკებთან ერთად, და არა დანაწევრებული ჯგუფებით მიმოფანტულიყვნენ ტყეებში... 

დაბოლოს, საწვავის თვით უკანასკნელი წვეთების გამომუშავების შემდეგაც კი ტანკი რჩება მრისხანე იარაღად. განსაკუთრებით თუ ეს მძიმე ტანკი КВ-ა. განსაკუთრებით თუ საბრძოლო მოქმედებები ხდება დასავლეთ ბელორუსიაში. ბელოსტოკის შვერილის არცთუ ბევრი საავტომობილო გზები წარმოადგენდნენ „მთებში ხეობის“ რაღაც მსგავსებას. გზის კიდიდან ორ ნაბიჯზე იწყება ან უღრანი, გაუვალი ტყე, ან კიდევ დამღუპველი ჭაობი. დაბრკოლებისათვის გვერდის ავლა ასეთ „გზა-ხეობებზე“ მოტოციკლსაც კი ვერ უხერხდება – რომ არაფერი ვთქვათ ავტომობილზე ან ცხენის საზიდარზე. ეს კი ნიშნავს, რომ 50 ტანკს КВ ბორზილოვის დივიზიიდან, ჩაფლულს მიწაში გზაჯვარედინებზე, შეეძლოთ დიდხანს მოეხდინათ გერმანული ჯარების ყველანაირი მოძრაობის პარალიზება: გვერდის ავლა შეუძლებელია, მძლავრ ჯავშანს ვერ ხვრეტს გერმანული ქვეითი ჯარის დივიზიის შეიარაღებაში არსებული ვერც ერთი ქვემეხი, თვითონ ტანკის შეიარაღებას (გრძელლულიანი 76-მმ ზარბაზანი) შეუძლია გარანტირებულად გაანადგუროს ნებისმიერი მიზანი (ავტომობილი, საარტილერიო გამწევი, ჯავშანტრანსპორტერი, ტანკი), რომელიც კი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ომის გზაზე 41-ის ივნისში... 

რაც შეეხება მე-6 მექკორპუსის მე-4 სატანკო დივიზიის ისტორიას, იგი დღემდეც უცნობელობის წყვდიადითაა დაფარული. დოკუმენტები დაკარგულია. დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი პოტატურჩევი, ტყვედ ჩავარდა და უკვე ომის დამთავრების შემდეგ, 1947 წ. ივლისში, შინსახკომის ციხეში მოკვდა. გამოძიების მასალები არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული. მე-4 ტდ-ის არც ერთ მეთაურს, ვინც ომის შემდეგ იცხოვრებდა, მემუარები არ დაუტოვებია. ამ დივიზიის „საბრძოლო მოქმედებების“ ავტორისათვის ცნობილ ერთადერთ აღწერას წარმოადგენს შემდეგი ფრაგმენტი ს. ა. აფანასჲევის მოგონებებისა, რომელიც მე-4 ტდ-ის მე-8 სატანკო პოლკის რიგითი ტანკისტი გახლდათ: 

„...23 ივნისი დილას ჩვენ დაგვბომბა გერმანულმა ავიაციამ. ტანკები ჩვენ გვყავდა უახლესი, ყველა Т-34 და КВ. ჩვენ ტყეებში ვიმალებოდით. ამ დროს ჩვენს ბატალიონს ჯერ კიდევ კაპიტანი რასსადნევი მეთაურობდა, მაგრამ 23 ივნისის შუადღიდან მე ის უკვე აღარ მინახავს, იმიტომ რომ ამ დღეს რამდენჯერმე გავიფანტეთ ვისაც სად მოგვიხდებოდა... უკან ვიხევდით ტყეებით, ჭაობებით, უგზოობით, რადგანაც ყველა კარგი გზა გერმანელებს ჰქონდათ ხელში. ჩვენ დავტოვეთ ვოლკოვისკი, სლონიმი, ბარანოვიჩი... მტერთან წინააღმდეგობაში არც კი შევსულვართ. მე მგონია, რომ პანიკას თვითონ ოფიცრები ჰქმნიდნენ. მებრძოლების თვალწინ ისინი ოფიცრების დაკერებულ ნიშნებს იხევდნენ... ასე მოვედით თითქმის სმოლენსკამდე, და იქაც ასევე იმდენი ტექნიკა დავტოვეთ! ყველა გარბოდა, ტექნიკასა და შეიარაღებას (ტანკები, ზარბაზნები) კი სტოვებდა. მე არ შემიძლია შეგატყობინოთ, თუ სად მიდიოდა ბრძოლები, რადგანაც ისინი თითქმის არ ყოფილა. ჩვენს მიმართულებაზე ჩვენ მხოლოდ ერთ ღამეს ვახდენდით გარღვევას გერმანული დესანტის რიგებისა, ეს სლონიმთან თუ სტოლბცებთან იყო...“ [165, გვ. 260]. 

აი ასე, სრულიად უშედეგოდ და აუხსნელად დასრულდა, არც კი დაწყებული, კონტრდარტყმა წითელი არმიის ყველაზე უფრო მძლავრი მექკორპუსისა. ათასობით ტანკმა, მათ შორის – ოთხმა ასეულმა უახლესმა, მსოფლიოში საუკეთესო КВ და Т-34-მა, ვერ შეძლეს შეეტეხათ ვერმახტის ორი (მე-8 და 256-ე) ქვეითი დივიზიის მეწინავე ქვედანაყოფების თავდაცვა და უსახელოდ დაიკარგნენ დასავლეთ ბელორუსიის მთვლემარე ტყეების უღრანში. 


„ნაცნობი გზებით...“ 

ყველაზე უფრო სუსტი რგოლი ბოლდინის ცმჯ-ის შემადგენლობაში იყო, რა თქმა უნდა, მე-6 საკავალერიო კორპუსი (მე-6 და 36-ე საკავალერიო დივიზიები). მიუხედავად ამისა სწორედ მან მიაყენა გერმანელებს იმდენად შესამჩნევი შეწუხება, რომ მან თავისი ასახვა თვით გერმანული სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსის დღიურშიც კი ჰპოვა. 

სიტყვა „ელიტური“ არ იყო იმ დროს მიმოქცევაში, მაგრამ სწორედ ის, როგორც არ შეიძლება უკეთ შეესაბამება მე-6 საკავალერიო კორპუსის აღწერას. წითელი არმიის უძველესი (ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის წლებში შექმნილი) შენაერთი იქცა „ნამდვილ სამჭედლოდ“ კადრებისა მის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობისთვის. 1919 წ. შემოდგომაზე მე-6 კავდივიზიის მეთაური გახდა ს. კ. ტიმოშენკო – მომავალი მარშალი, თავდაცვის სახკომი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი. შემდეგ, 1920 წელს მე-6 კდ-ის შტაბის უფროსის თანაშემწე ხდება კ. ა. მერეცკოვი – მომავალი მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის სახკომის მოადგილე. 30-იანი წლების შუახანებში მე-6 კავკორპუსს მეთაურობს გ. კ. ჟუკოვი – მომავალი მარშალი, გენერალური შტაბის უფროსი (მერეცკოვის შემდეგ), უმაღლესი მთავარსარდლის (ე. ი. თვითონ ამხანაგ სტალინის) პირველი მოადგილე ომის წლებში, ისტორიაში ერთადერთი საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი. 1939 წ. შემოდგომაზე მე-6 კავკორპუსი „თეთრპოლონელების“ წინააღმდეგ ბრძოლაში მიჰყავს კიდევ ერთ მომავალ მარშალს – ა. ი. ერჲომენკოს. საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად ამავე მე-6 კავდივიზიაში მსახურობდა მომავალი მარშალი კ. ს. მოსკალენკოც. 

1939 წ. სექტემბერში მე-6 კავდივიზია შედიოდა ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, რომელმაც კომკორ ბოლდინის მეთაურობით 22 სექტემბერს „გაათავისუფლა“ ბელოსტოკი (ე. ი. გერმანელების ხელიდან მიიღო მათ მიერ დაპყრობილი პოლონური ქალაქი). 1939 წ. საბჭოთა-პოლონურ ომში მონაწილეობდა კორპუსის მეორე დივიზიაც (36-ე საკავალერიო), ამასთან ზუსტად იმავე ადგილებში: 19 სექტემბერს 36-ე კავდივიზიამ მე-3 და 11-ე არმიების სხვა ნაწილებთან ერთად იერიშით აიღო ქ. ვილნო (ვილნჲუსი). რჩება მხოლოდ დავუმატოთ, რომ გერმანიასთან ომის დასაწყისისათვის ეს სრულებით არცთუ საშუალო საკავალერიო შენაერთი უძველეს პოლონურ ქალაქ ლომჟაში იმყოფებოდა – 20 კმ-ში საზღვრიდან. რა საჭიროებისთვის აღმოჩნდა საკავალერიო კორპუსი სასაზღვრო ბოძების გვერდით – ამის შესახებ კიდევ შეიძლება კამათი, მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მე-6 კავკორ-ის რეალურ საბრძოლო მოქმედებათა რაიონი (ლომჟა, ბელოსტოკი, გროდნო) დიდი ხანია უკვე ცნობილი იყო კორპუსის მებრძოლებისა და მეთაურებისთვის. ასე რომ ყველაფერი იწყებოდა ისე, როგორც 30-იანი წლების სახელგანთქმულ სიმღერაშია: „ნაცნობი გზებით საყვარელი სახკომის უკან ჩვენ საბრძოლო ცხენებს წავიყვანთ...“ 

სიტყვამ მოიტანა და, ცხენების შესახებ. კავალერიის გამოყენების თაობაზე, და თანაც ბელორუსიის ჭაობებს შორის, ჩვენი პარტიული „ისტორიკოსები“ თავის მწუხარე გადაქნევით მსჯელობდნენ, მოჰყავდათ რა ეს როგორც წითელი არმიის ჩამორჩენილობისა და თანამედროვე ომის წარმოებისათვის მისი სრული მოუმზადებლობის მღაღადებელი მაგალითი. მაგრამ აი რა „უბედურებაა“: ვერმახტის ყველაზე უფრო მძლავრი მე-2 სატანკო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც სახელგანთქმული გუდერიანი (გერმანული სატანკო ჯარების ფაქტიური შემქმნელი) ხელმძღვანელობდა, ასევე იყო საკავალერიო დივიზია! ამასთან გუდერიანმა იგი რატომღაც თავის მარჯვენა (ე. ი. სამხრეთ) ფლანგზე დააყენა, პოლესიეს ჭაობების პირდაპირ ჭანჭყრობ ადგილას. 

და როგორ არ „ებრძოდნენ“ ამ დივიზიას საბჭოთა ისტორიკოსები და მემუარისტები! ბოლდინი თავის მოგონებებში იქამდეც კი მივიდა, რომ უნაგირები პარაშუტებით შეცვალა და მკითხველებს გერმანული არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შემადგენლობაში არა საკავალერიო, არამედ ... „სადესანტო“ დივიზიის არსებობის შესახებ აცნობა! 

მაგრამ ყველაფერი ძალიან უბრალოდაა. 

არც გუდერიანი, არც პავლოვი არ აპირებდნენ ჭაობებში ცხენოსანი ლავით შეეტიათ. ცხენი მეორე მსოფლიო ომის კავდივიზიებში სატრანსპორტო საშუალების როლს ასრულებდა, რომელიც შენაერთის ძვრადობას (ჩვეულებრივ ქვეით დივიზიასთან შედარებით) ბევრად უფრო ამაღლებდა. 1941 წლის ზაფხულში კი არც ჩვენ, არც გერმანელებს ჯერ კიდევ არ გვყავდა საკმარისი რაოდენობით ამაღლებული გამავლობის ავტომანქანები, რომელთაც შეეძლებოდათ გადაეედგილებინათ მსროლელი ქვედანაყოფები ტყეთა მიხვეულ-მოხვეულ გზებზე შემტევი ტანკების კვალდაკვალ, და ამიტომ კავალერიის მსხვილი ძალების არსებობა გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა წითელი არმიისა. მოძრაობდნენ რა ტემპით 50 – 60 კმ დღეში (რაც ცხენოსანი ჯარისთვის სავსებით ხელმისაწვდომია), საკავალერიო დივიზიებს შეეძლოთ არ ჩამორჩენოდნენ სატანკო ნაწილებს თვით ყველაზე უფრო წარმატებული, სწრაფი შეტევის პირობებშიც. ხოლო უშუალოდ ბრძოლაში კი გერმანელიცა და საბჭოთა კავალერისტებიც, როგორც წესი, ქვეითი მწყობრით მიდიოდნენ. 

პრაქტიკაში ეს უბრალო და აშკარა „თეორია“ ასე გამოიყურებოდა: 

„...მოტორიზებულ შენაერთებს ამ დღეს მოუწიათ წინ წასულიყვნენ გორაკებიან ქვიშიან ადგილმდებარეობაზე, რომელიც ხშირი ტყით იყო დაფარული. მასზე ავტომანქანების მოძრაობა (განსაკუთრებით ფრანგული წარმოებისა) თითქმის შეუძლებელი გახლდათ... მანქანები ყოველთვის ადგილზე იჭედებოდნენ და მათ უკან მომავალ მთელ კოლონას აჩერებდნენ, რადგანაც გვერდიდან შემოვლის შესაძლებლობა ტყის გზებზე მთლიანად გამოირიცხებოდა... ფეხოსნები და არტილერისტები იძულებული იყვნენ ყოველთვის ამოეთრიათ გაჭედილი მანქანები... სარდლობისათვის ნამდვილი სატანჯველი გახლდათ ეცქირა, როგორც იჭედებიან მისი „მოძრავი ჯარები...“ 

ასე აღწერს ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის სარდალი ჰ. ჰოთი თავის მემუარებში 1941 წ. 23 ივნისის მოვლენებს. მთელი ამ დღის მანძილზე, პრაქტიკულად რომ არ ჩაბმულან ბრძოლაში, მისმა მოტორიზებულმა დივიზიებმა 50–60 კმ-ზე მეტი ვერ გაიარეს. 

ახლა კი ნაწყვეტი ვ. ა. გრეჩანიჩენკოს (მე-6 კავდივიზიის 94-ე კავპოლკის შტაბის უფროსის) მოგონებებიდან: 

„...22 ივნისის 23 საათსა და 30 წუთზე დივიზიის ნაწილები ორი კოლონით ფორსირებული მარშით ბელოსტოკისაკენ გაემართნენ. 75 კილომეტრის მანძილი ჩვენ შესვენებების გარეშე გავიარეთ. სამარშო კოლონებს საკუთარი თავი სვლის დროს მოჰყავდათ წესრიგში. შესვენებების დრო არ გვქონდა. უკვე 23 ივნისის 17 საათისათვის დივიზიამ თავი მოიყარა ტყის მასივში 2 კილომეტრში ბელოსტოკის ჩრდილოეთით... დღე უკვე საღამოსკენ იხრებოდა, როცა ჩვენ მივიღეთ ბრძანება გვემოძრავა უფრო შორს სოკულკის მიმართულებით. 35 კილომეტრიანი მარშ-ნახტომი სწრაფად შევასრულეთ...“ [83]. 

როგორც ვხედავთ, დასავლეთ ბელორუსიის უდაბურ ტყეებში საბჭოთა კავალერია თავისი ძვრადობის მიხედვით, სულ მცირე, გერმანულ მოტოქვეით ჯარს არ ჩამორჩებოდა. რა თქმა უნდა, არანაირ ცხენს არ შეუძლია შეეჯიბროს მოტორს ამტანობაში, უწყვეტი, მრავალსაათიანი და მრავალდღიანი მოძრაობის უნარში. ამიტომ, მას შემდეგ რაც მეგობარმა რუზველტმა აჩუქა ამხანაგ სტალინს 435 ათასი ავტომობილი (მათ რიცხვში ასი ათასზე მეტი „სტუდებეკერი“ მათი ფანტასტიკური საიმედობითა და გამავლობით), კავალერიის ერა წითელ არმიაში დასრულდა. თუმცა კი არა უცბად და არა ერთბაშად. ასე, კიდევ 1944 წ. ივლისში 1-ლი უკრაინული ფრონტის შემადგენლობაში ლვოვ – სანდომირზე შეტევისათვის შეიქმნა ორი ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფი გენერალ-ლეიტენანტების ს. ვ. სოკოლოვისა და ვ. კ. ბარანოვის მეთაურობით, და თვით პრაღის განთავისუფლებაშიც კი 1945 წ. მაისში მიიღო მონაწილეობა ცხრა (!) საკავალერიო დივიზიამ... 

აუცილებელია ისიც გავითვალისწინოთ, რომ 1941 წ. ზაფხულისათვის ხმლები და შუბები უკვე დიდი ხანია აღარ იყო საკავალერიო ნაწილების მთავარი შეიარაღება. წითელი არმიის საკავალერიო დივიზიის სტრუქტურაში იყო ოთხი საკავალერიო პოლკი, სატანკო პოლკი, საარტილერიო და საზენიტო დივიზიონები. სხვა ქვეყნების არმიებში ასეთ შენაერთს ჩვეულებრივ „ჯავშანსაკავალერიო ბრიგადა“ ეწოდებოდა. კავდივიზიის საშტატო რიცხოვნება საკუთარ თავში მოიცავდა 8968 ადამიანს, 7625 ცხენს, 64 ტანკსა და 18 ჯავშანმანქანას, სხვადასხვა დანიშნულების 62 ავტომობილს (10 ავტოცისტერნის ჩათვლით), 76 მმ კალიბრის 24 ზარბაზანს, 122 მმ კალიბრის 8 ჰაუბიცას, 16 ტანკსაწინააღმდეგო 45-მმ ზარბაზანს. ითვალისწინებდნენ რა პრინციპში კავალერიის მაღალ მოწყვლადობას საჰაერო დარტყმებისაგან, საკავალერიო დივიზიის შემადგენლობაში იყო ჩართული მრავალრიცხოვანი საზენიტო საშუალებებიც: 76 მმ კალიბრის 8 საზენიტო ზარბაზანი, 37 მმ კალიბრის 12 საზენიტო ზარბაზანი, 18 საზენიტო ტყვიამფრქვევი. საკავალერიო კორპუსის შემადგენლობაში შედიოდნენ ორი კავდივიზია და რიგი ცალკეული ქვედანაყოფები, კავშირგაბმულობის ცალკეული დივიზიონისა და კავშირგაბმულობის თვითმფრინავთა (!!!) რგოლის ჩათვლით (ამ სახით ჩვეულებრივ მსუბუქი თვითმფრინავები У-2 გამოიყენებოდა, რომელთაც ტყის ნებისმიერი მინდვრიდან შეეძლოთ აფრენა, და ასევე დაჯდომაც). 

მთლიანობაში საკავალერიო კორპუსი დაახლოებით შეესაბამებოდა ერთ მოტორიზებულ დივიზიას, მნიშვნელოვნად აღემატებოდა რა მას პირადი შემადგენლობის რიცხოვნებითა და საარტილერიო ლულების რაოდენობით. საკავალერიო შენაერთების ერთადერთი „ნაკლოვანება“ (უფრო სწორად რომ ვთქვათ – თავისებურება) იყო მათ შეიარაღებაში მსხვილი (152 მმ) კალიბრის ჰაუბიცების არარსებობა. თუმცა კი კავკორპუსი არც იქმნებოდა მოწინააღმდეგის გამაგრებული თავდაცვითი პოზიციების გარღვევისათვის, რომელთა დასანგრევადაც გახდებოდა საჭირო მძიმე არტილერია. გერმანულ ქვეით დივიზიასთან შემხვედრ ბრძოლაში კი (და სწორედ ასე უნდა ემოქმედა კიდეც მე-6 კავკორპუსს) მძიმე ჰაუბიცების არარსებობა იოლად კომპენსირდებოდა სატანკო „ტარანის“ არსებობით (უკვე 1940 წ. ნოემბერში მე-6 კავდივიზიის შეიარაღებაში ირიცხებოდა 48 ტანკი БТ და 9 ჯავშანმანქანა, 36-ე კავდივიზიის შეიარაღებაში – 52 ტანკი БТ და 17 ჯავშანმანქანა). 

გაიარა რა ორ დღეღამეში 120 კმ ბელოსტოკის შვერილის ტყის გზებით, მე-6 კავდივიზია გავიდა მდინარე ბებჟასთან სოფ. სიდრას რაიონში (იხ. რუკა # 2). ამ დროისათვის იქ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ვერმახტის 256-ე ქვეითი დივიზიის მეორე ეშელონის ნაწილები (ამ დივიზიის მეწინავე ნაწილები იყვნენ უკვე კუზნიცას რაიონში, სადაც აწარმოებდნენ ბრძოლას მე-6 მექკორპუსის ტანკებთან). ყურადღებას იმსახურებს გერმანული დივიზიის თავად რიგითი ნომერი. გერმანია შევიდა მეორე მსოფლიო ომში, ჰყავდა რა ვერმახტის შემადგენლობაში 86 ქვეითი დივიზია, რომელთაგან მხოლოდ 35 ეგრეთ წოდებული „პირველი ტალღის დივიზიები“ წარმოადგენდნენ მშვიდობიანობის დროის არმიის საკადრო დივიზიებს. 256-ე ქვეითი – ეს ჩამოყალიბების „მეოთხე ტალღის“ დივიზიაა, დაკომპლექტებული მე-2 თანრიგის რეზერვისტებითა და ლანდვერის (ე. ი. ტერიტორიული ლაშქრის) სამხედრო-ვალდებულებით. პოლონეთის კამპანიაში ეს დივიზია საერთოდ არ მონაწილეობდა. საფრანგეთის სასტიკად დამარცხების შემდეგ 256-ე ქდ გადმოსროლილ იქნა აღმოსავლეთში, სადაც იდგა კიდეც უმოქმედოდ 1941 წ. 22 ივნისამდე. 

არანაირი „თანამედროვე ომის წარმოების ორწლიანი გამოცდილება“ ყოფილ „მე-2 თანრიგის რეზერვისტებს“ არა ჰქონიათ. მიუხედავად ამისა ვერმახტის 256-ე ქვეითი დივიზიისა და წითელი არმიის საუკეთესო საკავალერიო დივიზიის შემხვედრი ბრძოლა გრეჩანიჩენკოს აღწერაში გამოიყურება როგორც ცემა-ტყეპა – თუ არა „ჩვილების“, მაშინ სრულიად განუსწავლელი და უსუსური ახალწვეულებისა: 

„...ჩვენს პოლკს, გაძლიერებულს საარტილერიო დივიზიონის ერთი ბატარეით, ბრძანება ჰქონდა 24 ივნისის 16 საათზე დივიზიის მეწინავე რაზმად გასულიყო მარშრუტით ვერხოლესჲე, ჟუკი, სიდრა და მითითებული მიჯნების თანამიმდევრული დაპყრობით უზრუნველეყო დივიზიის წინსვლა გროდნოს მიმართულებით. მისი მთავარი ძალები ჩვენს მარშრუტს უნდა გამოჰყოლოდნენ... 24 ივნისის დაახლოებით 21 საათზე სათავო ესკადრონი მოვიდა შეხებაში მოწინააღმდეგესთან მდინარე ბებჟას ხეობაში სიდრას სამხრეთით. პოლკის მეთაურმა სათავო რაზმის მხარდასაჭერად ბრძოლაში არტილერია შემოიყვანა. მოწინააღმდეგემ შეტევას ვერ გაუძლო და მდინარის იქით დაიხია. ამავდროულად გაგვიხსნა ცეცხლი მისმა არტილერიამ. დადგა ღამე. პოლკი ჩამოქვეითდა და საბრძოლო წყობა მიიღო... 

დაწყებული 25 ივნისის განთიადით გერმანულმა არტილერიამ გახსნა მასირებული ცეცხლი პოლკის საბრძოლო მოწყობის მთელ სიღრმეზე. ჰაერში არცთუ დიდ სიმაღლეზე უწყვეტად ბარაჟირებდა მტრის ავიაცია... პირველ საათებშივე მთელი ჩვენი მძიმე შეიარაღება მწყობრიდან იქნა გამოყვანილი, რადიოსადგური გატეხილი, კავშირგაბმულობა სრულიად პარალიზებული. პოლკი განიცდიდა მძიმე დანაკარგებს, მჭიდროდ იყო მიწასთან მიჯაჭვული, წართმეული ჰქონდა შესაძლებლობები რაიმე-ნაირი აქტიური მოქმედებების წარმოებისა. დაიღუპა პოდპოლკოვნიკი ნ. გ. პეტროსიანცი. მე საკუთარ თავზე ავიღე პოლკის მეთაურობა, უფრო ზუსტად კი – მისი ნარჩენებისა. 

დივიზიის შტაბთან კავშირგაბმულობა არ იყო, და სადღაც დღის ბოლოს ჩემი პასუხისმგებლობით გადავწყვიტე ქვედანაყოფების ნარჩენები რკინიგზის სოკულკა – ბელოსტოკი ხაზზე გამომეყვანა. უკანდახევისას ნამსხვრევით მივიღე ჭრილობა. უკანდახევამ ბევრად ვერ გააუმჯობესა ჩვენი მდგომარეობა. ვითარება სულ უფრო უარესდებოდა, კავშირგაბმულობა ზემდგომ შტაბთან უწინდებურად არ არსებობდა... შუა ღამეს შეიკრიბა დაახლოებით 300 ადამიანი – ჩვენი და 48-ე საკავალერიო პოლკებისა (ე. ი. ორი პოლკის პირადი შემადგენლობის 9/10 უკვე აღარ იყო – მ. ს.). 48-ე პოლკის მებრძოლებისა და მეთაურების ჯგუფს უფროსი ლეიტენანტი ია. გოვრონსკი ედგა სათავეში (შეაფასეთ სამხედრო წოდება მეთაურისა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პოლკის მეთაურობა – მ. ს.), რომელსაც მე პირადად ვიცნობდი. შეკრებილებს შორის იყვნენ სხვა მეთაურებიც. ვითათბირეთ რა, მივიღეთ კოლექტიური გადაწყვეტილება სოფ. კრინკისაკენ დაგვეხია...“ 

უნდა აღინიშნოს, რომ არის კიდევ სხვაც, უფრო მოკლე და ხისტი აღწერებიც ამ მოვლენებისა: 

„...მე-6 საკავალერიო დივიზიამ 25 ივნისის დილიდან შეტევისთვის საწყის მიჯნაზე განიცადა ძლიერი დაბომბვა ჰაერიდან, რომელიც დღის 12 საათამდე გრძელდებოდა. კავალერისტები გაფანტულ იქნენ და უწესრიგოდ დაიწყეს ტყეებში უკანდახევა...“ 

დაწყებული უკანდახევა დაუყოვნებლივ უწესრიგო და პანიკურ გაქცევად გადაიქცა: 

„...შორიახლოს უწყვეტ ნაკადად მოძრაობდნენ ავტომანქანები, ტრაქტორები, საზიდრები, გადავსებული ადამიანებით. ჩვენ ვცდილობდით გაგვეჩერებინა სამხედროები, რომლებიც მგზავრობდნენ და ფეხით მიდიოდნენ დევნილებთან ერთად. მაგრამ არავის არაფრის მოსმენა არ უნდოდა. ზოგჯერ ჩვენს მოთხოვნებზე საპასუხოდ გასროლები ისმოდა 


გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული. 


(შემდეგ ნათქვამია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ წიგნის ყიდვა) 


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა