წინასიტყვაობა ჟურნალის რედაქციისაგან
გამოქვეყნებული წერილი დაწერილია 1923 წელს იაროსლავლის ციხის # 148 კამერის პატიმრის, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამოჩენილი მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილისა და სამედრო მინისტრის, გრიგოლ ლორთქიფანიძის მიერ. ამ ადამიანის ცხოვრების დიდმა ნაწილმა, სულ ადრეული ჭაბუკობიდან, ციხეებსა და გადასახლებებში ჩაიარა. იგი განიცდიდა დაპატიმრებებსა და რეპრესიებს როგორც მეფის მთავრობის, ისე საბჭოთა მთავრობის მხრიდანაც, მაგრამ არასოდეს იოტის ოდენადაც კი უკან არ დაუხევია თავისი იდეის – დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლისაგან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრები საზღვარგარეთ წავიდნენ ემიგრაციაში. გრიგოლ ლორთქიფანიძე, დაუჯერა რა ორჯონიკიძის სიტყვებს, რომ საბჭოთა საქართველოში მას არ დაუყწებენ დევნას და იგი შეძლებს მშვიდად იცხოვროს და იმუშაოს, გაემგზავრა სოფელში, თავის ნათესავებთან. თუმცა კი სამი თვის შემდეგ იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში დაამწყვდიეს, შემდეგ მეტეხის ციხეში გადაიყვანეს (თბილისში). პატიმრობაში 17-თვიანი ყოფნის შემდეგ (სასამართლოსა და ძიების გარეშე) იგი ორმოცდაცამეტ ასეთივე პოლიტპატიმარ-ქართველთან ერთად მძევლების სახით წაიყვანეს მოსკოვში. შემდეგ – იაროსლავლის ციხე; სუზდალის სამონასტრო ციხე, სადაც მან სამი წელი გაატარა (ყველაფერი ეს ასევე სასამართლოსა და გამოძიების გარეშე) და შეძლო დაეწერა ფილოსოფიური ნარკვევი „ფიქრები საქართველოზე“, რომელშიც განიხილავს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს და, კრძოდ, აანალიზებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის მიზეზებს. სუზდალის შემდეგ იყო „თავისუფალი დასახლება“ კურსკში – 1929 წლამდე. 1928 წელს მას ნებაც კი მისცეს საქართველოში ჩამოსასვლელად, ოჯახის სანახავად. საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნებმა მიხეილ კახიანმა და ლევან ღოღობრიძემ შესთავაზეს მას გამოეთქვა თავისი შთაბეჭდილებები და მისაზრებანი რესპუბლიკაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შესახებ, რისი გაკეთებაც მან არ დააყოვნა წერილობითი სახით. საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ბოლშევიკების პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკა, რომელსაც ეს დოკუმენტი შეიცავდა, მეტად უკმაყოფილოდ იქნა აღქმული, რაზედაც ცენტრალური კომიტეტის პლენუმზეც იყო ლაპარაკი.
1929 წლის 21 დეკემბერს გრ. ლორთქიფანიძე ი. სტალინის 50-წლისთავთან დაკავშირებით მას კურსკიდან უგზავნის მილოცვის ტელეგრამას. აი მისი ტექსტი:
მოსკოვი. კრემლი. სტალინს.
დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ (საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელის ი. ბ. სტალინის იუბილე დაემთხვა რიგ დიდ გამარჯვებებსა და მიღწევებს საერთაშორისო /გადამწყვეტი გამარჯვება შორეულ აღმოსავლეთში რკინიგზაზე კონფლიქტთან დაკავშირებით და ა. შ./ და საშინაო პოლიტიკის არენაზე /გამარჯვება მემარჯვენე ოპოზიციაზე და სხვა/ – გრ. ლ.). რომაულ ტრიუმფებში მონაწილეობდა სპეციალური მონა, რომელიც ახსენებდა დიად გამარჯვებულს მისი ცალკული შეცდომებისა და ბედის ცვალებადობის შესახებ. შუა საუკუნეების რუს მეფეთა კარზე კრიტიკა წარმოდგენილი იყო მასხარების სახით. რომაელი ავგუსტებისა და რუს მეფეთა მონები იმუნიტეტით სარგებლობდნენ.
არა ვარ რა უავგუსტესის ტრიუმფალური ეტლის საფეხურებზე, არც სამეფო კარის მასხარა, მე, რა თქმა უნდა, ასეთი იმუნიტეტის იმედი არ გამაჩნია და მაინც თავს ნებას მივცემ რაღაცნაირი დისონანსი შემოვიტანო (სულ ერთია, მას ვერავინ მოისმენს) იმ სიტყვების გუნდში, რომელიც თქვენ დღეს გარს გარტყმიათ, თქვენი ნახევარსაუკუნოვანობის დღეს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და სხვა, ჩვენგან ბევრი მათ თქვენ გულწრფელად გისურვებთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს იუბილეს დაემთხვა ორი უმნიშვნელოვანესი, დაუფარავად წინააღმდეგობრივი და თქვენს მიერვე შექმნილი ისტორიული ფაქტი ეროვნული პოლიტიკის სფეროდან: ტაჯიკებისათვის მოკავშირე რესპუბლიკის უფლების მიცემა, იმავე დროს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ავტონომიის ნარჩენების საბოლოო ლიკვიდაცია და მათი ერთიან რუსულ საბჭოთა სამეფისნაცვლოდ გადაქცევა კრინიცკის მეთაურობით.
საუკეთესო საიუბილეო მისალმებებთან ერთად გისურვებთ, რომ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები საბოლოოდ არ დაგატყვეოთ ძველრუსული კრემლის ისტორიულმა აჩრდილებმა და რომ მოსკოვურმა დიდმპყრობელობამ ვერ შეძლოს კიდევ უფრო მეტად შეიმოსოს ინტერნაციონალიზმის დიადი იდეის მეწამული ტოგით.
გრიგოლ ლორთქიფანიძე
მომდევნო დღესვე ტელეგრამის გაგზავნის შემდეგ თავისუფალი დასახლება დაპატიმრებითა და ვორონეჟის ციხეში ეტაპირებით შეიცვალა. იქ პატიმრობის სამი თვე ვორონეჟში სამი წლით გადასახლებით დასრულდა, რომელიც, თუმცა კი, 7 წლამდე გაგრძელდა.
1936 წლის კონსტიტუციის მომზადების პერიოდში ეს მოუსვენარი ადამიანი სხვა გადასახლებულ ქართველ სოციალ-დემოკრატებთან ერთდ ადგენს და უგზავნის ი. სტალინსა და საკონსტიტუციო კომისიას წერილს, რომელშიც ხისტად აკრიტიკებს მთავრობის მიერ გატარებულ ეროვნულ პოლიტიკას და ასაბუთებს მისი შეცვლის აუცილებლობას. ამასთან, წერილის ძირითად მოთხოვნათა არგუმენტაცია იმდენად წონადი იყო, რომ ისინი გათვალისწინებულ იქნა ახალ კონსტიტუციაში. მაგრამ მსგავს „თავხედობებს“ არ პატიობდნენ, და როცა 1937 წლის იანვარში გრიგოლ ლორთქიფანიძე უკვე ემზადებოდა საქართველოში გამომგზავრებისთვის, იგი ვორონეჟის სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში გამოიძახეს და შეატყობინეს, რომ რომ 1936 წლის 21 დეკემბრის სპეცდადგენილების თანახმად, იგი დაპატიმრებულია. 1937 წლის 14 იანვარს მას სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატებთან ერთად აგზავნიან ციმბირში 5 წლით. მაგრამ, როგორც მხოლოდ 1955 წელს რეპრესირებულთა საქმეების გადახედვისას გამოირკვა, 1937 წლის მარტ-აპრილში იგი ბერიას განკარგულებით ციმბირიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ბოლოს და ბოლოს იგი ხვდება სამშობლოში, თბილისში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რათა მოწამეობრივი სიკვდილი მიიღოს ბერიასეულ ჯურღმულებში.
როგორც გამოძიების მასალებიდან გახდა ცნობილი, ბერიამ ვერ შეძლო ამ სტოიკური ადამიანის გატეხვა, უსასტიკეს წამებათა მიუხედავად, რომლებსაც მას ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობასი აყენებდნენ, ვერ შეძლო აეძულებინა იგი შეთითხნილ საბრალდებო დასკვნებზე მოეწერა ხელი. გრიგოლ ლორთქიფანიძეს არ შეეძლო ცილი დაეწამებინა და ეღალატა საკუთარი თავისათვის მით უმეტეს, რომ ასეთნაირად იგი დასაღუპად გასწირავდა საკუთარ ოჯახს, რომელიც დაუყოვნებლივ იქნებოდა განადგურებული. საბოლოოდ, 1937 წლის 2 სექტემბერს შეწყდა ეს ცხოვრება, აღსავსე ბრძოლით ბოროტებასა და უსამართლობასთან. გრ. ლორთქიფანიძე მაშინ 54 წლისა გახლდათ.
1923 წელს, როცა როცა გრიგოლ ლორთქიფანიძე იაროსლავლის ციხეში თავის წერილს წერდა, საბჭოთა მთავრობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიკვიდაციას ატარებდა. შეიქმნა ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიკვიდაციის ცენტრალური ბიურო. არჩილ რუხაძე და სანდრო ფარნიევი, წერილის ადრესატები, მანამდე ახლო წარსულში – გრიგილ ლორთქიფანიძის პარტიული თანამებრძოლები, ამ ბიუროს წევრები გახდნენ და ცდილობდნენ სიმართლითა და სიცრუით გაემართლებინათ ბოლშევიკების პოლიტიკა. გრიგოლ ლორთქიფანიძე ამტკიცებს საქართველოში ბოლშევიკების პოლიტიკის სრულ უნიადაგობას და მიიჩნევს, რომ აქ შექმნილი მდგომარეობა არის შედეგი სულ იმავე დიდმპყრობელური პოლიტიკისა, რუსეთის იმპერიის ისტორიული პოლიტიკისა, რომელიც ახალ პირობებში რევოლუციურ ფრაზეოლოგიას იყო ამოფარებული. ეს წერილი გახლავთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში შექმნილი სიტუაციის გასარკვევად. როცა დღეს კითხულობ ამ წერილს, გაოცებს გრიგოლ ლორთქიფანიძის წინასწარმეტყველური ნიჭი, რომელმაც შეძლო ასე მკაფიოდ დაენახა ციხის საკნებიდან ისტორიული პერსპექტივა, გაოცებს მისი წინასწარმეტყველებანი საბჭოთა ხელისუფლების დიქტატურაში გადაზრდის შესახებ, მუშათა საერთაშორისო მოძრაობის გზების შესახებ, ცარიზმისა და ოქტომბრის შემდეგ მის მემკვიდრეთა პოლიტიკის შედეგებისა და ბევრი სხვა რამის შესახებ.
სასწაულებრივად გადარჩენილი ეს წერილი საბოლოოდ მისი ვაჟიშვილის, თეიმურაზ ლორთქიფანიძის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც იგი ჩვენს რედაქციას შესთავაზა. არავინ იცის, ვის მიერ ან როგორ იქნა ის გადაბეჭდილი. ნაბეჭდი ტექსტის პირველ გვერდზე არის შენიშვნა, ხელით გაკეთებული ავტორის მიერ: „ბევრ ადგილას არის შეცდომა, დაშვებული გადაწერის (ე. ი. გადაბეჭდვის დროს – კ. კ.) რომლებიც აზრს ამახინჯებენ – გ. ლ.“ როგორც ჩანს, ამ ამ შეცდომების გასწორების შესაძლებლობა პატიმარს არ გააჩნდა. რედაქცია სიფრთხილით მიუდგა წერილის ტექსტს და მხოლოდ განმარტავდა რიგ შემთხვევებში ტექსტის ბუნდოვან ადგილებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ჰქონდა მხედველობაში ავტორსაც, და, თავს არიდებდა რა რადიკალურ ჩარევას ავტორისეულ სტილში, შემოიფარგლა მხოლოდ ყველაზე უფრო აუცილებელი უმნიშვნელო შესწორებებით.
კამილა კორინთელი
საქართველო. ტფილისი.
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლიკვიდაციის ცენტრალურ ბიუროს, არჩილ რუხაძეს, სანდრო ფარნიევსა და სხვებს
პატივცემულო მოქალაქეებო, არჩილ, სანდრო და სხვებო. თქვენ გვთავაზობთ ჩვენ, ციხეებსა და ტყვეობაში მყოფთ, შემოგიერთდეთ, ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე შემოგეხმიანოთ თქვენს მოქმედებებზე. საჭიროდ ვთვლი გიპასუხოთ თქვენს წინადადებაზე და გაცნობოთ თქვენ ჩვენი პირადი თვალსაზრისი და აზრი, გიმეორებთ, პირადი, ვინაიდან მე ამჟამად ერთეულ „პოლიტიზოლატორში“ ვარ ჩამწყვდეული ქ. იაროსლავლში (ხოლო თუ რა არის „პოლიტიზოლატორი“ საძროხეებში, ეს თქვენ შეუძლია გაგაცნოთ ჟურნალისტს «Заря Востока»-დან ა. კამსკის. თქვენ მას, მგონი, იცნობთ). უწინარეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ არ არის სწორი ვთვლიდეთ, რომ აზრების, შეხედულებათა ყოველგვარი ცვლილება არის ბოროტი რენეგატობა და სხვა. პატიოსნად, არა შიშის გამო, არამედ სინდისის კარნახით რომ შეიცვალო მსოფლჭვრეტა – ეს მანკი სულაც არ გახლავთ. მაგრამ ნორმალური და პატიოსანი გზა ასეთ შემთხვევებში ასეთია: პოლიტიკური პარტიის წევრი ფიქრობს, რომ გადაჭრით უნდა გადაისინჯოს პროგრამა და ტაქტიკა, და იწყებს ბრძოლას ამ საქმისათვის თავისი პარტიის ფარგლებში, რომლის უმრავლესობაც ან ეთანხმება ნოვატორს, და მაშინ ხდება რადიკალური ევოლუცია პარტიისა, ან კიდევ უარყოფს რეფორმებს, და მაშინ რეფორმატორები იძენენ უფლებას აფეთქებაზე, რევოლუციაზე და სხვა. იმ მასალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მე გამაჩნია, თქვენს შემთხვევაში ანტიპარტიული ამბოხების მსვლელობისას რეფორმატორები სრულიად არ უწევდნენ ანგარიშს ამ ელემენტარულ მორალურ-პოლიტიკურ წესებს. არა მარტო პარტიული რეფორმები და რევოლუციები არ ხდება ისეთი მეთოდებით, როგორიც თქვენია, არამედ თვით პარტიათა ლიკვიდაციებიც კი არ კეთდება ასე. თქვენ, ალბათ გახსოვთ, როცა ეგრეთ წოდებულმა „ლიკვიდატორებმა“ მოახდინეს ჩვენი პარტიის ლიკვიდაცია, მაგრამ ამ სამუშაოს ისინი აწარმოებდნენ არა ხელისუფლების იმ ორგანოებთან კონტაქტში, რომლებიც დაკავებული იყვნენ ლიკვიდტორების ლიკვიდაციითაც და არალიკვიდატორებისა; არა, გენერლები და როტმისტრები ოხრანკიდან თავიანთ საქმეს ლიკვიდატორული და სხვა რომელიმე ფრაქციის გარეშე აწარმოებდნენ, მხოლოდ ცალკეული მალინოვსკებისა და სხვათა თანადგომით. თქვენი მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობის სიმძიმე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ, იყავით რა ხისტად დევნილი არალეგალური ორგანიზაციის წევრები, არ შეეცადეთ კანონიერი საორგანიზაციო ხერხით შეგეცვალათ მისი ტაქტიკა, არამედ მოულოდნელად თავზე დაესხით ამ თქვენსავე არალეგალურ პარტიას, მოქმედებდით რა პოლიტიკური რეპრესიების ორგანოებთან შეთანხმებულად.
გარდა ამისა, ეჭვის ჩრდილს თქვენს გულწრფელობაზე აფენს ის გარემოება, რომ თქვენ ასეთ მართლმორწმუნე კომუნისტებად იქეცით კომუნისტური პარტიის წარმოუდენლად ხისტი, მონოპოლიური ხელისუფლების დროს; და უფრო მეტიც, იმ დროში, როცა მარქსიზმსა და ბოლშევიზმს შორის კამათი საბოლოოდ გადაწყდა პირველის სასარგებლოდ. როცა მეორე კამათმა ან, უფრო სწორად, იგივე კამათმა, მაგრამ ნაკლებ მასშტაბში, ასე ვთქვათ, ქართულ-ეროვნული საზომით, ისეთივე სიაშკარავით გაამართლა სოციალ-დემოკრატიული პროგნოზის სისწორე, თან ისე, რომ მთელი, თვით ქართული კომპარტიაც კი, მთელი მისი ეგრეთ წოდებული ძველი გვარდია საშინელებაში გამოერკვა (გამოფხიზლდა). განზე ყოფნიდან ძნელად დაიჯერება, პატივცემულო არჩილ, რომ სწორედ იმ მომენტში, როცა მახარაძე, მდივანი, ქავთარაძე, ცინცაძე, სვანიძე, კვირკველია, ოკუჯავა, ტოროშელიძე, წივწივაძე, თოდრია, კალანდაძე და ა. შ., ერთი სიტყვით, ქართველ კომუნისტთა უდიდესი უმრავლესობა „ნაციონალისტურად“ დაბრმავდნენ (რომ სწორედ იმ მომენტში), თქვენ თვალი აგეხილათ „კომუნისტურად“ და იხილეთ ეროვნული განთავისუფლების ის სიკეთენი, რომლებიც მისცა საქართველოს რუსულმა კომუნისტურმა მთავრობამ. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როცა საქართველო არა მარტო ფაქტიურად, არამედ ფორმალურადაც სრულიად არის ამოშლილი საბჭოთა ქვეყნებიდან, როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნება. თავს უფლებას მივცემ რამდენადმე დაწვრილებით გავჩერდე ამ დებულებათა დამტკიცებაზე. იდეოლოგიური კამათი ძველ მარქსიზმსა (მენშევიზმს) და ნეომარქსიზმს (ბოლშევიზმს) შორის რუსეთის რევოლუციის მაგალითზე დასრულდა ბრწყინვალე გამართლებით პირველისა.
შესაძლოა, ეს დებულება ახალგაზრდა კომკავშირელს ან რიგოთ მაცხოვრებელს (ობივატელს) სასაცილოდაც კი მოეჩვენოს ბრწყინვალე წითელი არმიის ხილვისას, ტანკებით, არტილერიითა და სხვა, ისეთი მნიშვნელოვანი და ჯიუტი ფაქტის არსებობისას, რომ ბოლშევიკები უკვე მალე იზეიმებენ თავიანთი ხელისუფლების მეექვსე წლისთავს, და არც თუ უსაფუძვლოდ ემზადებიან ათწლიანი იუბილესათვის, რომ პირადი შემადგენლობის მიხედვით მოსკოვური მთავრობა ყველაზე უფრო ძველია ევროპაში, რომ წითელი რევოლუციური ჯარები – ეს გახლავთ კეთილშობილების ხორცშესხმა დენიკინისეულ და სხვა თეთროფიცერთა ბანდებსა და ყაჩაღებთან შედარებით, რომლებმაც ასე სასტიკად დააფრთხეს და გააოგნეს პატივცემული მარტინოვი* უკრაინაში (*რათა ეხსნა თავი ამ არამზადებისაგან მას მოუხდა თავით გაენგრია ფანჯრების ორმაგი ჩარჩოები და გაქცეულიყო მასზე და მის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს /იხ. მისი უკრაინული შთაბეჭდილებანი/). ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ფაქტებია, და თანაც მეტად მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მეტყველი იმის სასარგებლოდ, რომ ყველაფერ ამისა და მსგავსი მოვლენების ერთობლიობა არის დამტკიცება ბოლშევიზმის გამარჯვებისა მენშევიზმზე. ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს იმ აზრით, რომ ხვრეტენ მენშევიკებს, რომ მათ მეექვსე წელია აჩერებენ „ჩეკასა“ და ციხეებში, მაგრმ რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ასეთი გამარჯვება, მით უფრო ნათელი და უდავო გახდება ბოლშევიზმის დამარცხება. ისმება კითხვა, მაინც რაში იყო სინამდვილეში ძირითადი ტაქტიკური კამათი ბოლშევიზმსა და მენშევიზმს შორის რუსეთში უკანასკნელი რევოლუციის პერიოდში (ვლაპარაკობ მხოლოდ ამ პერიოდზე, ვინაიდან 17 წლამდე ყველა ტაქტიკურ საკითხში დავის შედეგებს შეიძლება ნათლად მივადევნოთ თვალი თავად მარტინოვის ახლანდელი ნაწერების მიხედვითაც, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, შეიძლება, ეს სწორიც იყოს, რომ ბოლშევიკები ყოჩაღები არიან. რომ მათ ყველა ძირითად საკითხში, ეკამათებოდნენ რა მენშევიკებს, შეითვისეს მენშევიკური თავლსაზრისი, და თავიანთი ენერგიისა და სხვა ღირსებების წყალობით, განდევნიდნენ მენშევიკებს მათი საორგანიზაციო პოზიციებიდან. ავტორიც, და, როგორც ჩანს, კიდევ ვიღაც სხვებიც თვლიან, რომ ამით არის დამტკიცებული ბოლშევიზმის აღმატებულება /უპირატესობა/ მენშევიზმზე, როგორც პოლიტიკურ კონცეფციაზე). ძირითადი კამათი ბ-ზმსა და მ-ზმს შორის (19)17 წელს მდგომარეობდა შემდეგში: მ-ზმი ამბობდა, რომ რუსეთის რევოლუცია თავის საფუძველში არის ანტიმემამულური, ანტიმეფური, დემოკრატიული, იგი აწარმოებს კოლოსალურ სოციალურ წანაცვლებას მიწების ექსპროპრიაციის აზრით; ამ რევოლუციაში ძლიერია მუშათა კლასის გავლენა და ხელმძღვანელობა, რომელიც სოც(იალისტური) პარტიების გავლენის ქვეშ იმყოფება. ევროპის ბევრ სახელმწიფოში კაპიტალიზმისა და მუშათა კლასის განვითარებამ მეტად მნიშვნელოვან ხარისხს მიაღწია; ყოველივე ამის წყალობით, დიდი მსოფლიო კრიზისის ვითარებაში, შესაძლოა ომთან დაკავშირებით, რუსული რევოლუცია, არის რა, ასე ვთქვათ, უკანასკნელი დემოკრატიული რევოლუცია, გასწევს ბიძგის სამსახურს სოციალისტური რევოლუციებისათვის უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში. მართალია, ამის რაღაც შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ აქედან სულაც არ მომდინარეობს ის, რომ ჩვენ უნდა ვქადაგებდეთ სოციალურ რევოლუციას, იმ ფაქტით დაიმედებულნი, რომ სოციალისტების მომხრედ ხმა მისცა რუსეთის მთელი მოსახლეობის თითქმის 95 %-მა. დავამყარებთ რა იმედს ევროპულ სოციალურ რევოლუციაზე და არ დავიწყებთ რა მასთან კოორდინაციას, არ შეიძლება ვატარებდეთ „იქნება და გამოვიდეს-ზე“ („საეგებიოდ“) სოციალიზმს ჩამორჩენილ, უკულტურო, განუვითარებელ გლეხურ რუსეთში. ასეთი ცდის შედეგები რუსეთში აღმოჩნდება არა მაცდუნებელი მაგალითი, არამედ მხოლოდ საფრთხობელა ევროპული პროლეტარიატისათვის. ჩვენ არ უნდა ვიჭრებოდეთ წინ, ჩვენ არ შეგვიძლია გადავახტეთ ისტორიას ევროპული პროლეტარიატის ძლიერი რევოლუციური მხარდაჭერის გარეშე, თუ საერთოდ ასეთი გადახტომა თუნდაც მცირე ხარისხად იყოს შესაძლებელი: რუსულ გლეხურ წიწკანას (синица) თავისი ძალებით არ შეუძლია ცეცხლი წაუკიდოს მსოფლიო კაპიტალიზმის ზღვას. ამით შეიძლება მხოლოდ გავტეხოთ ჩვენი პროლეტარიატი, ჩვენი მწარმოებლური ძალები და ა. შ. ასეთი ტაქტიკა უიღბლო გამოცდილებით ყველაზე უფრო უიღბლო საცდელ ნიადაგზე მხოლოდ დააშინებს უფრო განვითარებული ქვეყნების პროლეტარიატს. დაუშვებელია, რომ ხელმძღვანელი პარტიები თავიანთ ტაქტიკაში ხელმძღვანელობდნენ, როგორც ამას აკეთებენ ლენინი და ბოლშევიკები, ნაპოლეონის გამოთქმით, რომ „უნდა ჩავებათ ბრძოლაში, და შემდეგ გამოჩნდება, რა და როგორ“. პარტიის სტრატეგია, და მით უმეტეს პარტიისა მარქსისტული მსოფლჭვრეტით, მკაცრად უნდა იყოს გათვლილი, უნდა ემყარებოდეს ძალთა თანაფარდობის ანალიზს, ქვეყნის ეკონომიკასა და სხვა. მაგრამ თუ რუსული სინამდვილე აგებს ტაქტიკას ამ მარქსისტულ ანალიზზე, და არა დიდი მეომრების გამონათქვამებზე, მაშინ შეიძლება გარკვეულად ითქვას, რომ ახლანდელი რუსული რევოლუცია არის და უნდა იყოს რადიკალური, დემოკრატიული რევოლუცია; მისთვის უზრუნველყოფილია აბსოლუტური წარმატება იმის ძალით, რომ მის მხარეზე ურყევად დგანან მუშები და გლეხები, იგი როგორც დიდი რევოლუცია მიდის ზეაღმავალი გზით ლვოვიდან კერენსკის კოალიციისაკენ, მისგან – წმინდად სოციალისტური მთავრობისაკენ – ესერულ-ბოლშევიკური დამფუძნებელი კრებისაკენ. რეაქციის თავდასხმას (კორნილოვი) რევოლუცია იგერიებს, და უნდა იგერიებდეს ერთიანი ფრონტით. რეაქციის ძალები უმნიშვნელოა რევოლუციის ერთიან ფრონტთან შედარებით. შესაძლოა, რეაქციამ მიმართოს კიდევ არაერთ თავდასხმას რევოლუციასა და დემოკრატიაზე, მაგრამ სამოქალაქო ომი, წამოჭრილი რეაქციის ინიციატივით, იქნება მისი საფლავი ერთიანი რევოლუციური ფრონტის პირობის დროს, რომელმაც სასტიკად დაამარცხა კორნილოვი, მიუხედავად იმისა, რომ თავად კოალიციური მთავრობის ნაწილი თანაუგრძნობდა მას. მით უმეტეს უნაყოფო და უსაფრთხო იქნება რევოლუციისათვის თავდასხმები იმ დამფუძნებელი კრების მთავრობაზე, რომელიც შედგება თითქმის მხოლოდ ესერებისა და ბოლშევიკებისაგან. რუსეთს რევოლუციამ უნდა გაატაროს რადიკალური პოლიტიკური და აგრარული გადატრიალება, გაატაროს რადიკალური სოციალური რეფორმები: იგი გაძლიერდება თავის რევოლუციურ პოზიციებზე და ევროპაში შესაძლო სოციალურ გადატრიალებათა წინკარში, მაგრამ მხოლოდ დაიწყებს რა კაპიტალიზმის ალყას, და არა მისი ნაადრევი იერიშით; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, უეჭველად, დავკარგავთ კონტაქტს უმნიშვნელოვანეს მსოფლიო მუშათა ძალებთან და საბოლოოდ დავამსხვრევთ რუსეთის პროლეტარიატს, რამდენადაც კაპიტალიზმზე დაუყოვნებელი იერიშის ტაქტიკა რუსეთში საკუთარ წიაღში ინახავს საფრთხეებს არა მარტო სოციალისტური, არამედ დემოკრატიული რევოლუციისთვისაც. ასეთი ტაქტიკა გააძლიერებს პილიტიკურ რეაქციას. მან შეიძლება იზოლაციაში მოაქციოს რუსეთის მუშათა კლასი იმდენად, რომ სამოქალაქო ომში იგი განიცდის დამარცხებას და გაუხსნის გზას მემერჯვენე რეაქციას, ან კიდევ მოსახლეობის უმრავლესობისაგან იზოლირებული ხელისუფლება, ამ ტაქტიკის მატარებელი, თვითონ უნდა დაადგეს პოლიტიკური რეაქციის გზას, თანდათანობით შეამცირებს რა თავის აქტიურ ბაზას, ფატალურად წავა რა კლასის დიქტატურიდან პარტიის დიქტატურისაკენ, შემდეგ კი ჯგუფისა და ა. შ. აი ძირითად ხაზებში ის, რასაც ამბობდა, სთავაზობდა და წინასწარმეტყველებდა მენშევიზმი 17 წელში, წინ გამოჰქონდა რა თავისი დადებითი პროგრამა და ეკამათებოდა რა ბოლშევიზმს, რომელსაც, არსებითად რომ ვთქვათ, რევოლუციის პერიოდში არ ჰქონდა რუსეთის რევოლუციის თანამიმდევრული შეფასება და მოქმედების ერთიანი პროგრამა. დასაწყისში იგი (ე. ი. ბოლშევიზმი) რევოლუციას მიიჩნევდა თავისი არსებით დემოკრატიულად, მაგრამ იმ პირობით, რომ მისი წარმატებისათვის აუცილებელია საბჭოების ხელისუფლება, რათა უზრუნველყონ სრულიად სახალო დამფუძნებელი კრების მოწვევა და საყოველთაო ზავის დადება (არავითარ შემთხვევაში სეპარატიულისა ანუ „უწმაწურის“). და ოქტომბრის გადატრიალებაც ხდებოდა უწინარეს ყოვლისა „დამფუძნებელი კრებისა“ და „დემოკრატიის“ სახელით. ხოლო როცა „დამფუძნებელი კრება“ შეიკრიბა არა რეაქციული, არამედ თითქმის სუფთად ესერულ-ბოლშევიკური პირველთა სიჭარბით, მაშინ მისი გარეკვა უკვე დემოკრატიის სახელით არანაირად აღარ შეიძლებოდა. იგი საჭირო იყო და შესაძლებელი იყო მიეცათ დასაკლავად დაუყოვნებელი სოციალისტური რევოლუციის სახელით, წინასწარ მთლიანად მოახდენდნენ რა აგრარული რეფორმის ექსპროპრიაციას დამფუძნებელი კრების მთავარი პარტიისაგან (ე. ი. ესერთა /სოციალისტ-რევოლუციონერების/ პარტიისაგან – ი. ხ.). ამ პერიოდში ბოლშევიზმს საბოლოოდ ჩამოუყალიბდა კაპიტალიზმის საფუძვლების დაუყოვნებელი იერიშის ტაქტიკა. მისი აზრით, რუსმა ხალხმა უკვე გაიარა დემოკრატიის სკოლა 1917 წლის 28 თებერვლიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში. მან უკვე ზრდაში გადაუსწრო დემოკრატიას, მას უნდა და შეუძლია შემოიღოს სოციალიზმი იმის გამო, რომ სოციალისტური რევოლუციები აბსოლუტურად გარდაუვალია ევროპაში, თუ არა უახლოეს თვეებში, სულ დიდი უახლოეს წელში, ან ყველაზე უარესი, შემდეგ წელში; თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიღუპებით (ლენინის სიტყვებია). სამხედრო დამარცხების ნიადაგზე ცენტრალურ ევროპაში მომხდარი რევოლუციები დემოკრატიაზე უფრო შორს არ წასულან. მაშინ ბოლშევიზმი, საბოლოოდ მოწყდა რა მარქსიზმს, გამოიმუშავებს ახალ იდეოლოგიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპული სოციალისტური რევოლუციის გარეშეც შეიძლება წარმატებით ვატარებდეთ სოციალიზმს რუსეთში, და სწორედ იმიტომ, რომ იგი ყველაზე უფრო ნაკლებადაა განვითარებული კაპიტალისტურად და რომ იგი არის ქვეყანა ყველაზე უფრო სუსტი კაპიტალისტთა კლასით; ამოდიან რა ამ წინაპირობიდან, მთელი ძალ-ღონითა და დაჩქარებით აწარმოებენ ფულად-სასაქონლო მეურნეობის განადგურებას, ე. ი. ძირფესვიანად და გადაჭრით ამოაგდებენ კაპიტალიზმს და აყალიბებენ სოციალისტურ მეურნეობას არა საქონლისა და პროდუტების წარმოებით, არა ფულად-სასაქონლო ბრუნვით, არამედ პროდუქტების გაცვლით, მთელი საზოგადოების სოციალისტური უზრუნველყოფით და ა. შ. გლეხურად მესაკუთრული რუსეთი ითმენდა, მართალია დიდი ტკივილებითა და გრიმასებით, ბოლშევიზმის ამ კოლოსალურ ექსპერიმენტს, სანამ და რამდენადაც იგი გახლდათ ინიციატორი ანტიფეოდალურ რევოლუციისა, მაგრამ როგორც კი უშუალო მემამულურმა საფრთხემ ჩაიარა, როგორც კი ყირიმის ვრანგელურმა ბანდამ თავისი „გედის სიმღერა“ იმღერა, რუსმა გლეხმა შეახსენა მარქსიზმის შესახებ ბოლშევიკებს კრონშტადტის, ტამბოვისა და სხვათა მეშვეობით, მიიღო რა მიწის რევოლუციური ხელში ჩაგდება და მემალულეთა საფუძვლიანი ამოძირკვა, მაგრამ გადაჭრით თქვა რა უარი ყველანაირ „კომუნებზე“, ე. ი. სოციალისტურ რევოლუციაზე. მარქსიზმისა და ლენინიზმის ძირითადი დავა-კამათი სრულებით ნათლად და გარკვეულად გადაწყდა 1921 წლის გაზაფხულზე, და განაჩენიც ლენინიზმზე წარმოსთქვა არა თუ სხვა ვინმემ, არამედ თვითონ ლენინმა. თავად ლენინმა, რომელმაც დაახლოებით შემდეგი სიტყვებით ჩამოაყალიბა ეს განაჩენი: „ჩვენი ანგარიში (იმედები) სოციალისტურ რევოლუციაზე ევროპაში არ გამართლდა: მისი განვითარების ტემპი აღმოჩნდა უფრო ნელი, ვიდრე ჩვენ გვეჩვენებოდა. ჩვენ დავიწყეთ კაპიტალიზმის პორტ-არტურის იერიში და განვიცადეთ ძლიერი ზიანი; ჩვენ ეს იერიში დაუჯერებლად ბევრ მსხვერპლად გვიჯდება: ჩვენში არსებითად აღარ არის პროლეტარიატი, ვინაიდან თითქმის აღარ არის მრეწველობა; საჭიროა იერიშის ტაქტიკიდან გადავიდეთ ალყაზე, საჭიროა დავაგდოთ სამხედრო კომუნიზმის ძველი ტაქტიკა და გადავიდეთ „ნეპ“-ზე („ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე“); თქვენ ამბობთ, რომ ეს მენშევიკური ეკონომიკური პოლიტიკაა, ეს სწორია, მაგრამ მენშევიკებს სწორედ ახლა ვიყოლიებთ ყარაულის ქვეშ და ციხეებში; ჩვენ გავაკრიტიკებთ საკუთარ თავს და დავიხევთ მენშევიკურ პოზიციებზე, მაგრამ მათ ამავე კრიტიკისათვის ამ უკანდახევის დროს დავუწყებთ დახვრეტას“ (იხ. კომპარტიის X ყრილობის ანგარიშები და ამ პერიოდის წერილები და გამოსვლები). ამრიგად, დღესდღეობით მე არ ვიცი, კამათობენ თუ არა კიდევ სადმე იმის შესახებ, თუ რუსეთის რევოლუციის ვისეული გაგება აღმოჩნდა სწორი, ბოლშევიკური თუ მენშევიკური. განა თავად მარტინოვის აღტაცება და მისი კომუნისტურად თვალის ახელა არ ემყარება სწორედ ბოლშევიკების ამ უკან დახევას ბოლშევიზმისაგან, სოციალისტური რევოლუციისაგან სასაქონლო-ფულად-მესაკუთრული წყობილების პოზიციებზე? და ეს მათი უკან დახევა ძირითად პრინციპულ ხაზში მეტად და მეტად შესაქებია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. მაგრამ ერთი, სინდისის მიხედვით ვამბობ, აბსოლუტურად არ მესმის, როგორ შეიძლება ამის გამო აღტაცებული ხდებოდეთ ბოლშევიზმით და თვლიდეთ ამას მის პრინციპულ გამარჯვებად. „ბოლშევიკებს ხომ არ შეეძლოთ გაეკეთებინათ შეუძლებელი, და ამიტომ კიდეც უკან დაიხიეს“, – ამბობს მარტინოვი. და შესანიშნავია, პატივი და დიდება მათ იმისათვის, რომ ბოლოს მაინც შეძლეს უკან დაეხიათ. მაგრამ ეს სულაც არ არის ზეიმი; პატივი და დიდება ბოლშევიზმს, რომლის არსიც სწორედ იმაში შედგებოდა, რომ უნდოდა შეუძლებელი შესაძლებლად ექცია. ბოლშევიზმმა, თავისი არასწორი შეფასების წყალობით, ცეცხლი შეუნთო რუსულ რევოლუციას, მენშევიზმი კი, დავობდა რა ამის წინააღმდეგ, მიიჩნევდა მას ნაჩქარევად, ნაადრევად, ვარაუდობდა რა, რომ აქედან გამოვა არა სოციალისტური რევოლუციის დიადი შემოქმედებითი კერა, არამედ საშინელი, ყოველივეს გამანადგურებელი რუსეთული ხანძარი, რომელმაც შეიძლება გადაწვას და გადაბუგოს მთელი მრეწველობა, პროლეტარიატი, რევოლუცია. ასე ბოროტის მაუწყებლად ჩხაოდნენ წყეული მენშევიკები, დაე, თუ ასე გინდათ, ენა ეღრძოთ მათ ამისათვის (თუმცა კი ახლა მათ ენა კი არ ეღრძოთ, არამედ კიბოზე უფრო უარესი რამ დაემართათ, ცხრაკლიტულები, გავარვარებული შანთი და სხვა). მაგრამ ეს ბოროტმაუწყებელი ჩხავილი ხომ სიტყვა-სიტყვით გამართლდა, და მოუხდათ კაპიტალიზმის უგუნური იერიშისაგან ალყის შემორტყმისაკენ დაეხიათ. კარგია, რომ ეს ადამიანები ბოლომდე არ გაჯიუტებულან თავიანთ დიდ უტოპიაში, რომ თუნდაც მეხუთე წელს მიხვდნენ, რომ ის, რაც ბოლშევიზმმა მოაწყო, მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის ცისკარი (განთიადი) კი არ არის, არამედ ყოვლის გამანადგურებელი რუსეთული ხანძარია საშინელი მომავლით, და თავადვე გაიქცნენ მის ჩასაქრობად, რათა ბოლშევიზმისაგან ეხსნათ ბოლშევიკების ხელისუფლება და მრეწველობისა და პროლეტარიატის რაღაც ნარჩენები. რა თქმა უნდა, მენშევიკებისთვის უფრო საბედნიერო და სასიამოვნო იქნებოდა ის, რომ ისინი უვარგისი წინასწარმეტყველები აღმოჩენილიყვნენ და ბოლშევიკებს „მოეხერხებინათ შეუძლებლის შეძლება“. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა, ბოლშევიკური ცდის ეს საშინელი კრახი და რუსეთის პროლეტარატის უსასტიკესი დამარცხება შეიძლება ახარებდეს მხოლოდ მუშათა კლასის ნამდვილ მტრებსა და მოღალატეებს ან რომელიმე ბოროტ ფრაქციულ კრიტიკოსს, მაგრამ არა მენშევიზმი, რასაკვირველია, უნდა წითლდებოდეს თავისი პოლიტიკური პროგნოზის გამო. ასე, ვიმეორებ, სამწუხაროდ, გამართლდა მენშევიზმის საშინელი პროგნოზი ძირითად სადავო საკითხში ბოლშევიზმთან. კიდევ რამდენიმე სიტყვა სხვა მეორეხარისხოვანი პროგნოზების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული არიან და მომდინარეობენ ძირითადი საკითხიდან. მენშევიზმი თვლიდა, რომ ბოლშევიკების სოციალისტური ცდის შედეგი იქნება უსასტიკესი პოლიტიკური რეაქცია, ყველანაირ თავისუფლებათა მოსპობა და ა. შ., და ეს რეაქცია ბრძოლის პროცესში მოვა ან მარჯვნიდან, ან კიდევ თვითონ ბოლშევიკური ხელისუფლება იქნება იძულებული ის გაატაროს. მაინც რა ვხედავთ ჩვენ დღესდღეობით? ყველანაირი თავისუფალი თვითმოქმედება განადგურებულია, დემოკრატიული ორგანიზაციები მოსპობილი. მოცემულ დროში რუსეთში ნამდვილად შესაძლებელია მხოლოდ დიქტატურა, თავად თვითმოქმედი კლასის აქტიური დიქტატურა კი არა, არამედ ავტოკრატიული ჯგუფისა, რომელიც ამ ან სხვა კლასიდან გამოვიდა და კიდევ მადლობა ღმერთს, რომ რუს ხალხს ჯერ აქვს დიქტატურა ჯგუფისა, რომელიც გამოსულია რევოლუციიდან, მუშებისა და გლეხებისაგან. ახლა ხომ არავისთვის არის საიდუმლო, რომ მენშევიზმის წინასწარ თქმა საბჭოთა ხელისუფლების გარდაუვალი ევოლუციის შესახებ ბოლშევიზმის დროს ასევე წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ბოლშევიკური ხელისუფლების აქტიური თვითშემოქმედებითი ბაზა სულ მუდამ ვიწროვდება. ვინ დაიწყებს ახლა დავა-კამათს იმ აშკარა ფაქტის წინააღმდეგ, რომ რუსეთში არა არის არა მარტო დიქტატურა ორი სოციალური კლასისა – მუშების და გლეხებისა, არამედ საერთოდ არ არის დიქტატურა კლასისა. განა თვად ზინოვიევის სიტყვებიდან არ არის ცნობილი, რომ ბოლშევიკებს მოუხდათ მთელი მუშათა კლასი „ხელმეორედ“ დაეპყროთ და დაიპყრეს მათ უკვე არა ბოლშევიზმით, არამედ იმით, რომ უარი თქვეს ბოლშევიზმის საფუძვლებზე, აღადგინეს რა თავის საფუძველში სასაქონლო-კაპიტალისტური წყობილება, მათ სწორედ ამით შეამსუბუქეს მთელი რუსი ხალხის ტანჯვა-წამება, და კერძოდ მუშათა კლასისა. ბოლშევიკურმა დიქტატურამ უკვე დიდი ხანია გადააბიჯა საბჭოთა კონსტიტუციის სტადიას. დიქტატურის ეს ფორმა უკვე წარსულში გადავიდა, იგი ეხება 17 წლის ბოლოსა და 18 წელს, უფრო მეტიც მან უკვე თითქმის დაასრულა პარტიული დიქტატურის ჩარჩოების სტადიის გავლა. საბჭოები, მათი ყრილობები, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები (ცაკ) – მხოლოდ წარსულის გადმონაშთები და კომპარტიის ხელისუფლების გარეგნული გამოხატულებანი არიან. სრულიად საკავშირო ცაკ-ი, სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) – ეს მხოლოდ სამუშაო ორგანოები გახლავან კომპარტიის პოლიტბიუროსთან. იმან, რაც სულ ახლახანს ბოროტულ მენშევიკურ ცილისწამებად ითვლებოდა, ახლა უკვე მიიღო იდეოლოგიური ფორმა: ახლა მყარად დადგენილად ითვლება, რომ პროლეტარიატმა უარი თქვა და სამუდამოდაც დიქტატურის თვითმოქმედებაზე; და სახელდობრ – მსოფლიო სოციალიზმის ზეიმამდე. ეს თავიანთი დიქტატურა გადააბარეს სამუდამოდ კომპარტიას, ვინაიდან სოციალიზმის საბოლოო დამკვიდრების შემდეგ, არ იქნება არა მარტო დიქტატურა, არამედ ამ დიქტატურის თავად პატრონიც, ე. ი. პროლეტარიატი. ხოლო ამის ვადა კი, თუ ადრე თვეებით ან ერთი-ორი წლით განისაზღვრებოდა, უკვე დიქტატურის მეხუთე წლის ბოლოს მოკრძალებულად იქნა ნათქვამი ერთი ათწლეულის შესახებ (არც თუ სრულიად ნათელია, უკვე განვლილი წლების ჩათვლით თუ ამის გარეშე). და შემდეგ უკვე უფრო გაბედულად ალაპარაკდნენ დიქტატურის რამდენიმე ათეული წლის შესაძლებლობასა და აუცილებლობაზე, იმაზე, რომ შესაძლოა, რომ ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილები მოესწრებიან სოციალიზმის ზეიმის მომენტს, და შესაბამისად კომპარტიის დიქტატურის არსაჭიროების მომენტსაც. ამასთან საიდუმლო არ არის, რომ კომპარტიის დიქტატურაც უნდა გვესმოდეს ასევე ცოტათი „სულიერად“, და არა ზედმიწევნით (მართალია, ჯერჯერობით არა იმდენად „სულიერად“, როგორც დიქტატურა პროლეტარიატისა საბჭოების მეშვეობით). თვითონ კომპარტიამ, მნიშვნელოვან ხარისხად დიქტატურის სისტემა თავის გარემოში გადაიტანა, და მიიღო რა პროლეტარიატასაგან უვადო და დაუბრუნებელი მინდობილობით დიქტატურა, მან ის 9/10-ით გადააბარა თავის ცენტრს, ცენტრმა – ზეცენტრს (პოლიტბიუროს), და შემდეგ კი – სამეული ბოლშევიზმის ძირძველი ბელადებისა. რევოლუციური დიქტატურა როგორც საგანგებო ზომა შეიძლება იყოს მხოლოდ დროებითი – რამდენიმე თვეს, წელიწადს, კიდევ სამ-ოთხ წელიწადს შეიძლება ჩაითვალოს იგი საგანგებო ზომად; მაგრამ არ ვიცი უკვე, რა ვუწოდო მას, როცა იგი გრძელდება უკვე ექვს წელიწადს, შვიდ წელიწადს; მაგრამ ის სულაც არ იქნება დიქტატურა და არც საგანგებო ზომა, როცა იმოქმედებს მრავალ ათეულ წელიწადს, როცა მან, შესაძლოა, ჩვენს შვილთაშვილებზე უფრო მეტ ხანს იარსებოს, როცა მის დროს იშვებიან, გაიზრდებიან და მოკვდებიან თაობები ერთი-მეორის მიყოლებით: ეს უკვე, დამეთანხმეთ, რაღაც სულაც არა პროლეტარული და რევოლუციურ-სოციალისტურია. ამ ახალი იდეოლოგიის შესაბამისად იწყებს ჩამოყალიბებასა და განვითარებას თვითონ კომპარტია; თავის პროექციაში იგი უკვე ახდენს კონსოლიდაციას (არ გაგიკვირდეთ და არც იცინოთ) პრივილეგირებულ წოდებად: ის უკვე აღარ არის პარტია, ვინაიდან როგორ არის შესაძლებელი პოლიტიკური პარტია, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება, აზრი, მუშაობა შეადგენს ერთი პარტიის მონოპოლიას. ის უკვე აღარ არის პარტია, ვინაიდან იგი ერთადერთი და უკანასკნელია პოლიტიკური პარტიებიდან: სოციალიზმამდე სხვა პარტიები არ შეიძლება არსებობდნენ, სოციალიზმის შემდეგ კი საერთოდ აღარ იქნება პარტიები როგორც კლასთა პოლიტიკური ორგანიზაციები. და თუ ვივარაუდებთ, თუ ჩვენი შვილთაშვილები მოესწრებიან სოციალიზმის ზეიმს (როგორც ამას უკვე არა მარტო ფიქრობენ, არამედ ლაპარაკობენ კიდეც ტროცკი, ზინოვიევი და სხვები, აგრეთვე თავად ლენინიც), მაშინ კომპარტიისაგან, ასე ვთქვათ, სოციალური ბუნებრიობის კანონებით, უნდა გამოვიდეს ახალი თავისებური თავად-აზნაურობა, იმის მსგავსი, როგორც მოსკოვის რუსეთის მომსახურე კლასისაგან (იგულისხმებიან ძირითადად მეომრები – ი. ხ.) გამომუშავდა მემკვიდრეობითი ბოიარობა და თავად-აზნაურობა. ეს ტენდენცია უკვე ძლიერ ხარისხად ვლინდება კომპარტიაში: იგი უკვე აღარ ეძახის მასებს თავის რიგებში, პირიქით იკეტება, თავს მოიზღუდავს, თვითგანიწმინდება; ეს უკვე აღარ არის პარტია, არამედ პრივილეგირებული, მონოპოლიურად მმართველი ჯგუფია, იგი უკვე თავისი წევრებისაგან მოითხოვს არა მსხვერპლს, არამედ, პირიქით, აძლევს მათ უფლებებსა და პრივილეგიებს; ასეთი ჯგუფი არ შეიძლება არ ჩაიკეტოს, ის თავის პოტენციაში უკვე წოდებაა: იქ პარტიული სტაჟი უკვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეა. ახლა პარტია, როგორც ყოველგვარი პრივილეგირებული წოდება, გულმოდგინედ იცავს თავის შემადგენლობას გაფართოებისაგან, აყენებს მაქსიმალურ მოთხოვნებს, დიდ საკანდიდატო სტაჟსა და სხვა. თუ ეს საქმე იმოძრავებს თაობიდან თაობაში, მაშინ ნამდვილად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ მალე საკანდიდატი სტაჟიც სულაც აღარ იქნება. პირველ ხანებში სტაჟს შეამცირებენ კომუნისტთა შვილებისათვის. პარტიის წევრები მიღებისას ერთმანეთს მხრს დაუჭერენ, შეიყვანენ რა უჯრედებში თავიანთ შვილებს, შემდეგ კომუნიზმის დროს დაბადებულთ, 10-12 წლის ბავშვებს აკურთხებენ პარტიაში (რაღაც რაინდობაში ძველი კურთხევის მსგავსად), სადაც ისინი შემდეგ ავტომატურად ყოველგვარი სტაჟის გარეშე შევლენ: კომუნისტები უბრალოდ დაიბადებიან კომუნისტებისგან, სხვებისათვის კომპარტიაში შესვლა საერთოდ დახურული იქნება, ხოლო ცალკეულ გამოჩენილ პირებს კი არა კომუნისტებისგან მხოლოდ განსაკუთრებული წესით განსაკუთრებული დამსახურებებისთვის მიანიჭებენ კომუნისტის წოდებას. იმედი მაქვს, დამეთანხმებით, რომ ეს კარიკატურა არ არის, არამედ აბსოლუტურად გარდაუვალი (არა მარტო ფორმალური ლოგიკის, არამედ თავისი არსის მიხედვით) განვითარებაა იმ ტენდენციისა, რომელიც საგანთა მდგომარეობითაა ჩადებული კომპარტიაში, იგი დამახინჯდება ამ მიმართულებით, თუ დიქტატურა უნდა გრძელდებოდეს ათეულობით წელიწადს, და თუ იგი მყარად მიჰყვება ამ თავის იდეოლოგიას. და მე უნდა გითხრათ, რომ როცა ბოლშევიკები სულ მუდამ გაიძახიან გადაგვარების საფრთხის შესახებ და ყველანაირად ფიქრობენ მის წინააღმდეგ ბრძოლას, მაშინ განა არ გვაგონებენ ისინი ადამიანს, რომელიც გადაეშვა წყალში და შემდეგ კი ცდილობს თმებზე მოქაჩვით ამოათრიოს საკუთარი თავის იქიდან; მათ ეშინიათ გადაგვარებისა და ხვდებიან, რამდენად ბევრი მათში უკვე გადაგვარდა და დამახინჯდა, ისინი მოლიერის გმირის მსგავსად ეჭვს ვერ იღებენ, რომ უკვე პროზით ლაპარაკობენ; ოქტომბრის კომუნიზმი უკვე თითქმის ისევე ჰგავს ახლანდელს, როგორც პეტრე მოციქულის ქრისტიანობა თანამედროვე პაპიზმს ან წმინდა დიდმოწამეთა საქმეები ტიხონ ბელავინის გმირობებს. შეიძლება, ვინმეს ეჩვენება, რომ ის წარმატება, რომელსაც მიაღწია რუსულმა რევოლუციამ ფეოდალიზმის ნარჩენთა განადგურების საქმეში, სწორედ ბოლშევიზმს უნდა მიეწეროს თავის ანგარიშში როგორც ასეთს; მაგრამ ბოლშევიზმი ამაში არ შედგებოდა. განა კამათი ამის გამო იყო, განა ამის გამო იქნა გახლეჩილი ერთიანი რევოლუციურ-სოციალისტური ფრონტი, განა ამისათვის იქნა გარეკილი ესერულ-ბოლშევიკური დამფუძნებელი კრება. ეს სულაც არ ყოფილა გაკეთებული დაუყოვნებელი სოციალიზმის სახელით. და თუ ბოლშევიზმი ოთხწლიანი უსაშინლესი ცდის შემდეგ სასაქონლო-ფულადი მეურნეობის გატეხილი ვარცლის წინაშე აღმოჩნდა, ამასთან არა უმაღლესი კაპიტალისტური ფორმაციის, არამედ კუსტარულ-წვრილბურჟუაზიული წარმოებისა, და თუ ამასთან ერთად რუსმა ხალხმა ჯერჯერობით მხოლოდ იხსნა თავი მემამულური რესტავრაციისაგან, ეს არა ბოლშევიზმის წყალობით, არამედ იმის მიუხედავად (საწინააღმდეგოდ). ესე იგი ამდენად მძლენი იყვნენ რუსეთის რევოლუციის ძალები. განა იმისთვის ხომ არ იყო მოწყობილი ურთიერთობების გაწყვეტა მსოფლიოს ყველა ბურჟუაზიულ მთავრობასთან, ანულირებული მთელი ვალები, უარი ეთქვა ცნობაში ყველა კაპიტალისტურ მთავრობას, და ყველასათვის დიადი მსოფლიო სოციალისტური ომი იქნა გამოცხადებული. ეს ყველაფერი იმისთვის არ ყოფილა გაკეთებული, რომ რევოლუციის მეხუთე წელზე არა მარტო ეცნოთ კაპიტალისტური მთავრობები, არამედ ეცნოთ ვალებიც და ეთხოვათ თავიანთი ცნობაც. პატიოსნად რომ ვთქვათ, არ ვიცი, მოსაწყენი ხომ არ არის ახლა იმის მტკიცება, რომ ხალხისათვის, და პირველ რიგში პროლეტარიატისათვის საშინლად ძვირმა ბოლშევიკურმა მცდელობამ რუსეთში სასტიკი დამარცხება განიცადა, რომ ბოლშევიკური კონცეფცია ძირითადი საკითხების მიხედვით ვერშემდგარი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ამის მტკიცება ისევე მოსაწყენია, როგორც თავისთავად აშკარა აქსიომის ღეჭვა. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს ბოლშევიზმის დასაცავად მიუთითოს იმ ფაქტზე, რომ ასეა თუ ისე, ბოლშევიკებმა კი მაინც მოახერხეს ხელისუფლებაში აღმოჩენილიყვნენ, ინარჩუნებდნენ მას ამჟამად, რომ რევოლუციის სტიქია ასე თუ ისე, და მაინც მათთან დარჩა, რომ ყოველივე მომხდარი აუცილებლად სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, რომ ყოველივე მომხდარი აუცილებელი და, მაშასადამე, გონივრულია. მართალია, მთელი პარტიების ბელადებსა და მათ ტაქტიკას არ შეუძლიათ აბრუნებდნენ ისტორიის საერთო მსვლელობას, მაგრამ მოვლენების გონივრულობა ან თვით აბსოლუტური აუცილებლობაც ჯერ კიდევ ვერ მტკიცდება იმით, რომ ისინი მოხდა, ასეთი თალსაზრისი არა მარტო მარქსისტული არ იქნებოდა, ეს არის უბრალოდ სწავლება ღვთაებრივი წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ ან მაჰმადიანური ფანატიზმი: ეს ნიშნავდა, რომ მუსოლინი და ჰარტი, ბავარიული და ფინური რეაქცია, ეს ყველაფერი ასევე ფაქტებია, და ამიტომ, მაშასადამე, აბსოლუტურად გარდაუვალი, აუცილებელი, და ამიტომ გონივრულია და სწორი. ფაქტების ასეთი ფეტიშიზმის დროს, რა თქმა უნდა, არაფერი აქვთ საკეთებელი პარტიებს, პროგრამებსა და სხვა, არ შეიძლება ლაპარაკი ტაქტიკის შესახებ, შეცდომების შესახებ, სწორი გზების, გამყიდველური ტაქტიკის შესახებ და სხვა. მენშევიზმის წინასწარმეტყველებები, შეშფოთებანი სწორი აღმოჩნდა. მაგრამ დანაშაულებრივი იქნებოდა დოქტრინიორობა ამის საბაბით, დაკმაყოფილების მიღება სხვა ფრაქციის წარუმატებლობებისას, და შესაბამისად მთელი პროლეტარიატისა, ბოროტულად სიხარული, ხელის დაბანა, ვიტყვით რა, რომ მან (მენშევიზმმა) ყველაფერი ეს იწინასწარმეტყველა, მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, ზოგადად და მთლიანობაში რუსეთის სოციალ-დემოკრატიას არ ეკავა ასეთი პილატესეული პოზიცია, ანგარიშს უწევდა რა იმას, რომ ბოლშვიკური მწარე ფაფა უკვე მოხარშულია და რომ ის ასე თუ ისე საჭიროა შეიჭამოს... მაგრამ ამაზე ლაპარაკს თავი დავანებოთ, ამაში არ შედგება თქვენდამი ჩემი წერილის აზრი. ქართული სოციალ-დემოკრატიის ოქტომბრის რევოლუციისადმი დამოკიდებულების შესახებ შემდგომში მოვიხენიებ, ახლა კი მინდა შევჩერდე სხვა დებულებაზე, სახელდობრ იმაზე, რომ ჩვენი პროგნოზი ბოლშევიზმთან მიმართებაში საკითხზე საქართველოს შესახებ და საერთოდ საკითხებზე ეროვნული პიოლიტიკის შესახებ, სამწუხაროდ, ბრწყინვალედ გამართლებული აღმოჩნდ. რას ამბობდნენ ბოლშევიკები, მოდიოდნენ რა საქართველოზე ომით: ჩვენ სულაც არ აღვმართავთ ხელს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე, რომ ეს ომი არ არის, არამედ მხოლოდ ინტერვენცია საქართველოს საშინაო საქმეებში იმისათვის, რომ დავამყაროთ მასში საბჭოთა წყობილება და ვიყოთ მასთან მხოლოდ საერთაშორისო კავშირში კაპიტალისტური ქვეყნებისა და იმპერიალისტთა წინააღმდეგ. და რას ვამბობდით ჩვენ, სანდრო, არჩილ და სხვებო, თქვენთან ერთად... ჩვენ ვამტკიცებდით შემდეგს: სმენოვეხოველები – ახალი ბურჟუაზია, რუსული ნაციონალიზმი, რომ ყველა ეს პოლკოვნიკი სმირიტსკები, სემენტოვსკები, ჩვენი კარგი ნაცნობი ქუთაისელი სიმონი (გახსოვთ ქუთაისელი სახელგანთქმული ვახმისტრი, რომელიც 20 წელში აზერბაიჯანულ ფრონტზე გამოგვეცხადა როგორც წითელი მეთაური, კომუნისტის სახით) და სხვა, წინასწარგანზრახულად ცრუობენ, როცა ზემოთ მოყვანილ სიტყვებს იმეორებენ, და კომუნისტები უკეთეს შემთხვევაში სასტიკად ცდებიან, ვინაიდან, ვამბობდით ჩვენ, ამ სამხედრო რუსული კომუნისტური ინტერვენციის ისტორიული აზრი მდგომარეობს ერთიანი განუყოფელი რუსეთის აღდგენაში, და მაშასადამე, საქართველოს დაპყრობასა და ანექსიაში. და ჩვენს ამ პროგნოზს უწოდებდნენ ბოროტულ შოვინისტურ ცილისწამებას. მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, ბრმებმაც კი დაინახეს, სად არის „ცილისწამება“, სად ასევე თვალთმაქცობა, და სად – გასულელებული გულუბრყვილობა (მიამიტობა). რუსული წითელი არმიის საქართველოზე ლაშქრობის ისტორიული აზრი ხომ აღმოჩნდა არა იმაში, რომ დემოკრატიის ნაცვლად საბჭოთა კონსტიტუცია დაემყარებინათ, რომ ჟორდანიას ნაცვლად ქართული სახელმწიფოს სათავეში მახარაძე დაეყენებინათ. იმ ფორმამ ხომ, რომელშიც მოხდა კომუნისტური ინტერვენციის ისტორიული აზრის გახსნა და გამოვლენა, ყველაზე უფრო სამწუხარო მოლოდინები გაამართლა, და იმდენად გააოცა და გააოგნა (огорошила и ошеломила) თვით რეჟისორებიც კი იმ ინტერვენციისა – ქართველი კომუნისტები – რომ მათ ამ დრომდე არ შეუძლიათ გამოერკვენ. სულ რაღაც ერთნახევარ-ორ წელიწადში უბრალო ინტერვენციიდან ფორმალურად დასრულებულ ანექსიაზე გადავიდნენ, ეს ჭეშმარიად კინემატოგრაფიული სისწრაფეა ასეთი საქმეებისათვის. ძნელად თუ შეძლებს ბევრი იმპერიალისტური მთავრობა დაიკვეხოს ასეთი სისწრაფით ასეთ საქმეებში. იმიტომაც არიან ისინი თვალთმაქცები, რომ ცერემონიების გარეშე არაფერს აკეთებენ. თუ გსურთ, მე ხალისით დავეთანხმები მათ, რომ პირველ ხანებში არა მარტო ქართველ კომუნისტებს, არამედ რუსების უმრავლესობასაც, მათ რიცხვში თვითონ ლენინს, ტროცკისა და სხვებს გულწრფელად სჯეროდათ და ფიქრობდნენ სწორედ ასე. მე გეთანხმებით, რომ ლენინის წერილები და ინსტრუქციები 21 წლის მარტში არ იყო თვალთმაქცობა, რომ მას ნამდვილად სურდა შეექმნა ქართული წითელი არმია, დაუყოვნებლივ გაეყვანა რუსული ჯარები, არ შეხებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და სხვა. ჩემი თავიუფლების იმ რამდენიმე კვირის მანძილზე, რომლებიც აღმოჩნდა ჩემს განკარგულებაში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დროს, მთავრობის დავალებით ვხვდებოდი ბევრ ქართველ კომუნისტს და მივიღე მათგან მყარი შთაბეჭდილება, რომ მათ გულწრფელად სურთ შეინარჩუნონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (самостоятельность), შეჰყავთ რა იგი სახელმწიფოებრივ-საერთაშორისო კავშირში საბჭოთა დერჟავებთან, ქმიან რა ქართულ წითელ არმიას და სხვა. და უნდა გითხრათ, რომ ასე ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ, და, ჩემი აზრით, სავსებით გულწრფელად, არა მარტო მახარაძე, ქავთარაძე, სვანიძე, არამედ თვით ორახელაშვილიც, ელიავაცა და ენუქიძეც. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი ან ნაკლები ხარისხით, რომ ყველა ისინი მაშინ გულწრფელები იყვნენ, მაგრამ ისევე როგორც პოლიტიკის ყველა სხვა მსხვილ საკითხშიც მათ გამოიჩინეს გულუბრყვილობა და უტოპიურობა. ახლახანს რადეკი სადღაც ლაპარაკობდა, რომ ამა თუ იმ წინადადებას, პოზიციას, ღონისძიებას, მოქმედებას აქვს თავისი შინაგანი ასე ვთქვათ, იმანენტური ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ისინი ვითარდებიან, იმისგან დამოუკიდებლად, სწორია თუ არა ამ წინადადებათა ავტორებისა და მოქმედებაში მათი გამტარების ლოგიკა. თქვა რა ეს, რადეკმა დაუმატა, რომ ეს აზრი ეკუთვნის ერთ მეტად ჭკვიან სოციალ-დემოკრატს აქსელროდს. დიახ, იგი ჭკვიანია, არ ვდაობ, რა თქმა უნდა, და რადეკიც საკმარისად ჭკვიანია, და მათ ორივეს უნდა დავეთანხმო, და ეს მით უმეტეს ადვილია დიდი რუსული ბოლშევიკური ცდის შემდეგ, სადაც შინაგანი ლოგიკა, კომუნისტური ღობისძიებანი, სულაც არ უწევდნენ ანგარიშს ბუხარინისეული „კომუნიზმის ანბანის“ ფორმალურ ლოგიკას, და მრავალთა დიდად გასაოცრად, მგზნებარე კომუნისტურმა კრუხ-ქათამმა ნეპელთა და სმენოვეხოველთა იხვის ჭუჭულები გამოჩეკა; კომუნისტური ხელისუფლების დროშის ქვეშ ახალი, ანტითავადაზნაურული და გლეხურ-კომუნისტური რუსეთი დაიბადა. ამას მე იმისთვის ვლაპარაკობ, რომ საქართველოს საქმეებში პირველი პერიოდის სუბიექტური სურვილები ვერ განხორციელდა უმთავრესად იმიტომ, რომ ისტორიას ძირითადად მართავენ არა კრომველები, რობესპიერები, ნაპოლეონები და ლენინები, არამედ აკეთებენ მას, ეკონომიკური და განვითარების სხვა მიღწეული სტადიის შესაბამისად, მასები. არავითარ ლენინებსა და ტროცკებს მათი მთელი სურვილის და მიუხედავად არ შეეძლოთ საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ძირითადი დაპირებების გატარება... დროა უკვე მყარად ვიცოდეთ, რომ უდიდეს ბელადებს არ შეუძლიათ ვერც გადააბიჯონ ისტორიას, ვერც მოაბრუნონ მისი ბორბალი თავიანთი სურვილის და მიხედვით; თანამედროვე ისტორიული სინამდვილე ასეთია – ნეპი, ე. ი. გლეხურ-ბურჟუაზიულ-სასაქონლო-ფულადი ეროვნული სახელმწიფო. (რუსი ხალხისაგან მხოლოდ ახლა რევოლუციის ბრძმედში იბადება ერი ამ სიტყვის თანამედროვე აზრით). მისი სული, ე. ი. მამოძრავებელი იდეოლოგია – ესაა სმენოვეხოვობა, რომელსაც ვერ იტანს მოსკოვური მთავრობა, და რომელიც თვითონ იტანს და არ შეუძლია ჯერჯერობით არ იტანდეს მოცემულ მთავრობას. ეს იდეოლოგია სრულიად გონივრულად მსჯელობს, რომ რუსეთის ეროვნული აღორძინება შესაძლებელია ახლა მხოლოდ კომხელისუფლების ეგიდით და ნეპის დროს. და საქმითაც, ახლანდელ რუსეთს წმინდა ეროვნულ-ბურჟუაზიული ძალის სახით არ გააჩნია მეტი, ვიდრე მაგალითად ჩინეთს, ბურჟუაზიის ძალაუფლების ქვეშ იგი ახლა აბსოლუტურად უუნარო იქნებოდა არა მარტო ექსპანსიისათვის, რუსული მიწის შემოკრებისათვის, არამედ თვით სუსტი თავდაცვისთვისაც, ხოლო როგორც კომუნისტურ სახელმწიფოს მას ჰყავს მილიონობით დამცველი ყველა ქვეყანაში. კომუნიზმი მოცემულ დროში არის გადამრჩენელი დამცავი ფერი რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის. და უნდა დავეთანხმოთ, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამ სმენოვეხოვურ კონცეფციას; დიახ, კომპარტია, თავისი იდეოლოგიით, უპირობოდ, ყველაზე უფრო ინტერნაციონალური პარტიაა ზოოლოგიური ნაციონალიზმის არარსებობის აზრით და სხვა. მაგრამ ეს მას არ უშლის ხელს იყოს ერთადერთი ნაციონალური რუსული პარტია მოცემულ ისტორიულ პერიოდში; აი რატომ არ შეუძლიათ მის ბელადებს ყველაფერ ძირითადში არ შეესაბამებოდნენ ამ ერის ინტერესებსა და დონეს, დაე მაშინაც როცა ეს ინტერესები და სურვილები სცილდებიან ბელადის იდეოლოგიას. დასვით საკითხი საქართველოს ბედის შესახებ ამ სნეულ ისტორიულ პერსპექტივაში, და თქვენც ჩემთან ერთად გაამართლებთ კომუნისტების ბელადებს (რა თქმა უნდა, არა როგორც კომუნისტებს). მაინც როგორია ეს პერსპექტივა? ჩამორჩენილმა და სუსტმა რუსეთმა მსოფლიო იმპერიალისტური ომისა და შემდეგ რევოლუციის დროს განიცადა მძიმე დანაკარგი (ზარალი, урон). ევროპულმა ძალებმა იგი გადაისროლეს აღმოსავლეთში, დააბრუნეს რა, დაახლოებით, პეტრემდელ მოსკოვურ მდგომარეობაში; დასუსტებული და ჯერჯერობით ვერშემძლებელი რევანშის აღებისა დასავლეთში, ამასთან ართად, – არ მქონე მხარდაჭერისა დასავლეთის მუშათა რევოლუციებისაგან, იგი იღებს უმცირესი წინააღმდეგობის პოლიტიკის კურსს, მოძრაობს აღმოსავლეთისაკენ, აერთიანებს რა თანამედროვე ხერხებით ყოფილ რუსეთის იმპერიას. სხვათა შორის, იპყრობს, ოკუპაციას და შემდეგ კი ანექსიას უტარებს საქართველოს. და ეს მოვლენა ბელადის ან ბელადთა ბოროტი ან კეთილი ნების შედეგი არ არის... თქვენ, შეიძლება, გახსოვდეთ მოთხობა მედოლის შესახებ საფრანგეთის რევოლუციიდან, იგი სიცოცხლის ბოლომდე გულწრფელად დარწმუნებული რჩებოდა იმაში, რომ ეს მან წაიყვანა ბასტილიის იერიშზე რევოლუციური ბრბო, ვინაიდან იგი მის წინ მიდიოდა, სცემდა რა თავის ტამბურს. მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ იგი აქ არაფერ შუაშია, ვინაიდან მას კი არ მიჰყავდა ბრბო, არამედ ბრბოს მიჰყავდა იგი, თუმცა იგი წინ იყო, ბრბო კი უკან. და მართლაც, კომუნისტთა ბელადებიც ასევე ნაკლებად არიან „დამნაშავენი“ საქართველოს დაკავებაში, ამაში ისინი თავად დარწმუნდნენ, ასე უნდა იყოს. ერთ ხანს ისინი გულწრფელად ფიქრობდნენ, რომ სწორედ მათ მოჰყავთ და მოჰყავდათ ჯარები, და თავის დროზე გაიყვანენ კიდეც, და ამიტომ იძლეოდნენ შესაბამის საზეიმო და, ჩემი აზრით, უმეტეს შემთხვევებში გულწრფელ დაპირებებსა და განცხადებებს. დროა ჩვენ, მარქსიზმის ძველმორწმუნეებმა (სტაროვერებმა), ვიცოდეთ, რომ რუსული არმია ასრულებს და შეასრულებს თავისი ბელადების ყველა იმ ბრძანებას, რომლებიც შეეხება არმიის მოწყობას, ტაქტიკას, სტრატეგიასა და ა. შ. მაგრამ ძირითადი ბრძანებები რუსული ისტორიის უხილავი ხელით იწერება, თუმცა კი არა ქაღალდზე, არამედ ნეპურ-სმენოვეხოვურად, ე. ი. რუსულ-ეროვნულ-სასაქონლო-კაპიტალისტურად და აღმოსავლურ-აგრესიულად; და არავითარ ბელადებს, რევ(ოლუციურ)-სამხ(ედრო)-საბჭოებს, პოლიტბიუროებს არ შეუძლიათ არსებითი შესწორებების შეტანა ისტორიის ამ ბრძანებებში, ყველა ისინი გაჭიმულები (სმენაზე) უნდა იდგნენ ნეპის წინაშე, და ამიტომ, ვიმეორებ, ათ ტროცკისა და სტალინს არ შეუძლიათ გაანაღდონ ვექსელები, რომლებიც მათ ორი წლის წინ მისცეს საქართველოს, თუმცა კი ხელმოწერის მომენტში დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაანაღდებენ. ამას იმისთვის ვამბობ, პატივცემულო არჩილ და სხვანო, რომ უსაზღვროდ გულუბრყვილო გახლავთ თქვენი თეზისების ის პუნქტი, სადაც ლაპარაკია დარწმუნებულობის შესახებ, რომ ქართული წითელი არმიის ჩამოყალიბებისა და საბჭოთა ხელისუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ რუსული არმია გაყვანილი იქნება საქართველოდან და რომ ეს დრო უკვე ახლოსაა და სხვა. არა, უსაყვარლესებო, ეს უკვე წარსულის მუსიკაა, როგორც ს. ორჯონიკიძე გიხსნიდათ თქვენს ტფილისის კონფერენციაზე, რომ ისეთ მცირე ხალხებს, როგორიც ქართველები არიან, არ შეუძლიათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი (самостоятельное) სახელმწიფო, ესეც ცოტაა, ქართველ ხალხს არ შეუძლია ჰქონდეს თვით სუროგატიც კი სახელმწიფო-ეროვნული ორგანიზაციისა, ვინაიდან იგი შეადგენს იმ ტერიტორიის მოსახლეობის 75 %-ს, რომელსაც მიღებულია ეწოდებოდეს საქართველო. ასეთ მცირე ხალხებს, აღმოჩნდა, არ შეუძლიათ ინარჩუნებდნენ თავიანთ სახელმწიფოებრივ ყოფიერებას მაშინაც კი, როდესაც შედიან დამოუკიდებელი სოციალისტური დერჟავების ორბიტაში. აი ხედავთ, როგორი იდეოლოგია გამოუმუშავდება რუსულ კომპარტიას ეროვნულ-საერთაშორისო საკითხებში, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს ახალი ყოფიერება ახალი შეგნების განსაზღვრას. როგორც ჩანს ყველა ამ ფინეთის, ესტონეთის, ლიტვისა და სხვა მსგავსთა არსებობა, მათი დამოუკიდებლობა (самостоятельность) ატარებს ასევე დროებითი გაუგებრობის ხასიათს. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი დარჩებიან თავიანთ გაუგებარ მდგომარეობაში, რომ იქაური კომუნისტები ვერ შეძლებენ ქართველთა მსგავსად მუსკოვური მთავრობისგან საიდუმლოდ გაიტყუონ რამდენიმე წითელი კორპუსი და კრემლი სამწუხარო, მაგრამ აღსრულებული გასაბჭოების ფაქტის წინაშე დააყენონ, თუ თქვენ ამას ფიქრობთ, მაშინ სასტიკად ცდებით. საქმე იმაშია, რომ იმპერიალისტური კუდში მაჩანჩალები და ყოველგვარი მათი ლოიდ-ჯორჯები არ აძლევენ ნებას ბალტიისპირელ და სხვა კომუნისტებს მოჰპარონ ლ. ტროცკის რამდენიმე წითელი დივიზია, საქართველოსთან დაკავშირებით კი შეიქმნა სხვა „სიტუაცია“ იმ ფაქტის სასიხარულო შთაბეჭდილების ქვეშ, რომ წითელი მიჩმანი რასკოლნიკოვი თავისი წითელი ინფანტერიით (ქვეითი ჯარი – ი. ხ.) ევაკუაციით წამოვიდა სპარსეთიდან ნარჩენების გარეშე. ლოიდ-ჯორჯმა და ქართული მენშევიზმის სხვა ასეთმა „თავგამოდებულმა მეგობრებმა“ „ვერ შენიშნეს“ რუსული წითელი არმიის მოძრაობა სხვა მიმართულებით, სახელდობრ კი სოხუმის, ფოთის, ბათუმის ნაპირებისაკენ. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ არ ყოფილა ხელშეკრულებები, განა დასაშვებია, რომ ასეთი იმპერიალისტური საგნების შესახებ კრასინს (საბჭოთა რუსეთის ელჩი – ი. ხ.) შეეძლო ასეთ ლოიდ-ჯორჯს შეთანხებოდა. და რაც შეეხება თურქეთს, მისი შიში არც უნდა ყოფილიყო. ძველი თურქეთი, ესე იგი ბოსფორი დარდანელთან ერთად იმავე ლოიდ-ჯორჯის ხელში იყო, ახალი ქემალისტური კი – ხომ ყოველგვარი დიდი რევოლუციების მეგობარი და მოკავშირეა, განსაკუთრებით კი ისეთი ფეშქეშების დროს, როგორიცაა ბრესტის ზავის დადება ნახევარი სომხეთისა და დაახლოებით მეოთხედი საქართველოს მიცემით. სიტყვამ მოიტანა და, როგორ უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაში ჩაგაყენათ თქვენ მარტინოვმა. მან უბრალოდ ცხელ გულზე, როგორც კომუნიზმის ნეოფიტმა, მაგრამ ასაკში მყოფმა, უბრალოდ ლამაზი ფასონისა და სიტყვათა კალამბურისთვის გვამცნო დიდი საიდუმლო იმის შესახებ, რომ ქართველმა კომუნისტებმა, ლენინისა და ტროცკისაგან მალულად, საერთოდ მოსკოვის ზურგს უკან, გაიტყუეს რუსული არმიები და შეუტიეს საქართველოს სოჭიდან ვორონცოვკამდე; თითქმის ორთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ დაეუფლენ საქართველოს, გაასაბჭოეს და ასეთ ნაირად დააყენეს მოსკოვი ფაქტის წინაშე, რომელზეც მოუხდათ უნებურად და გულის შეჭმუხვნით დათანხმებულიყვნენ; ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, მარტინოვი თქვენ ქუთაისის კონფერენციაზე გეუბნებოდათ, ალბათ, ასე, სხვათა შორის. თქვენ კი აიღეთ და ასეთი არასერიოზული და მოსკოვისათვის პირდაპირ შეურაცხმყოფელი „ლაპარაკი“ საერთაშორისო პროლეტარიატისადმი თქვენს მიმართვაში ჩაატყვლიპეთ, იმის შესახებ, თუ როგორ პარავენ რუსეთის მეზობელი ქვეყნების კომუნისტები (თავიანთი ქვეყნების გასაბჭოების კეთილშობილური მიზნებით) ლ. ტროცკის რამდენიმე არმიას და სხვა. მომისმინეთ, არჩილ, თქვენ ხომ ხართ ადამიანები, ასე ვთქვათ, უკვე პოლიტიკური ულვაშებით, და განა შეიძლება ასეთი უგუნური ამბები წეროთ საპასუხისმგებლო დოკუმენტებში ან უარყოფდეთ საქართველოს წმინდად გარედან დაპყრობის ფაქტს 1921 წ. თებერვალში ყოველგვარი გადაკრული მინიშნების შესახებ აჯანყებაზე, უარყოფდეთ და აბუნდოვნებდეთ ამ ფაქტს, როგორც ამას თქვენ ცდილობთ თქვენს მიმართვაში, და ყველაფერი ეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ თვითონ ტროცკიმ სრულიად ვაჟკაცურად და ღიად თქვა, რომ საქართველოს მოსკოვის მიერ იქნა ძალით ოკუპირებული და გასაბჭოებული, და სახელდობრ ქართველი მუშებისა და გლეხების ნებისათვის ანგარიშის გაუწევლად (იხ. ტროცკის წერილი „დიალოგი კომკავშირელთან 12-ე ყრილობის რეზოლუციის შესახებ“). არასოდეს არ ღირს საერთოდ გადამლაშება, ეცადო გახდე ან მოაჩვენო თავი თავად მონარქზე უფრო მონარქიულად, როგორც უწევს ამის კეთება მარტინოვს, რომელიც უკვე მარცხენა ფლანგიდან უვლის გვერდს ოსინსკის, ან როგორ თქვენ „მოაქციეთ ტომარაში“ (როგორც ომის დროს ამბობდნენ) არა მარტო „უკლონისტები“, არამედ „კოლონიზატორებიც“, შემოუარეთ რა ყველა მათგანს მარცხნიდან რუსოფილობის სფეროში და სხვა. საჭიროა თქვენ გითხრათ, რომ როცა რომელიმე მენშევიკი, რომელიც ახლა ებრძვის ბოლშევიკებს, უვლის მათ მარცხნიდან სოციალიზმის ინტერესების მხრიდან, მაშინ მე ეს უმრავლეს შემთხვევებში წარმომიდგება როგორც მცირე ხარისხის დემაგოგია, ხოლო როცა ყოფილი მენშევიკები პოზიცირებენ და უნდათ გვაჩვენებდნენ თავს კომუნისტებზე უფრო მემარცხენეებად, მაშინ ეს ძალიან ჰგავს სერვილიზმს, ყოველ შემთხვევაში ვერ ჰქმნის დადებით შთაბეჭდილებას თავის გულწრფელობაში. აი, მაგალითად, თქვენ თქვენს თეზისებში (# 50) ამტკიცებთ, რომ მხოლოდ მუშათა მტრები სწამაბენ ცილს ვითომდა საქართველოში ქართველი ხალხი თუნდაც რაიმე ხარისხად იჩაგრება. თქვენ თვით ციფრებით ხელში ამტკიცებთ ამ თქვენს თეზისს. და, ღმერთო ჩემო, არჩილ, თქვენ ეს როგორ ჩარაპორტდით, რომელი ციფრებით დაიწყეთ ოპერირება. მომისმინეთ, ესენი ხომ ასევე სამარცხვინო ციფრებია. ისინი უნდა დაგემალათ, არ დაგეწყოთ მათით აფიშირება. თქვენ აჟღარუნებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში საწარმოებსა და დაწესებულებებში მაინც დარჩა 50 %-ე მეტი ქართველი. რომ დერჟავულ ერს, რომელიც ზოგადად მთლიანობაში არ ჩამორჩება თავის ეროვნულ უმცირესობებს, მაინც რჩება 50 % ადგილებისა. კარგით, დავუშვათ, რომ მეზობელი ძმური სომეხი ხალხის განსაკუთრებულად პრაქტიკული მძიმე მდგომარეობა, რომელმაც ნახევარზე მეტი მშობლიური მიწები და კერები დაჰკარგა, ამართლებს მოცემულ დროში იმ ფაქტს, რომ შეადგენენ რა საქართველოში დაახლოებით 10 %-ს მოსახლეობისა, სომხები იკავებენ რესპუბლიკაში სამუშაო ადგილების 20 %-ს. რომელ მაგსა და ჯადოქარს შეუძლია გამოიყვანოს ამ ციფრებიდან თქვენი 50-ე თეზისი, შემდეგ, თქვენ ახდენთ აპელირებას ციფრებითა და პროცენტებით ტფილსის აღმასკომის შესახებ, ამასთან ჯიუტად გავიწყდებათ, რომ ეს აღმასკომი არის ტფილისის მაზრის ორგანოც ქართული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით, გავიწყდებათ თავად საბჭოს მიერ მოცემული სტატისტიკური გამოანგარიშებანი, რომლებიც ამაზე უწინ თქვენ მიეცით «Заря Востока»-ში (# 147 და 148). იმავე მონაცემებს აქვეყნებს გაზეთი „კომუნისტი“ # 150. და აი ეს მონაცემები ამბობენ, რომ ახლა ქ. ტფილისში, ამ ქალაქიდან ქართული მოსახლეობის მასობრივად გაქცევის მიუხედავად 21 წლის ომის დროს და შემდეგ, საქართველოს შევიწროვების იძულებითი ან არაიძულებითი პოლიტიკის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ 22 თვის მანძილზე ტფილისიდან განდევნილი მრავალი ათეულ ათასი ქართველიდან, უკან მხოლოდ 17 ათასი დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამავე დროის მანძილზე იმავე მონაცემებით ტფილისის მოსახლეობა მექანიკურად მთელი 41 ათასით გაიზარდა ტფილისში ჩამოსული და ჩამსხდარი არაქართველების (სომხების, რუსების) ხარჯზე, უმთავრესად სულ რაღაც 22 თვის მანძილზე გასაბჭოების შემდეგ; ყველაფერ ამის მიუხედავად, ქართული მოსახლეობა ტფილისში ახლაც შეადგენს, მართალია, სუსტ, მაგრამ მაინც უმრავლრსობას, თვით იმ პირთა ჩათვლით, რომლებიც, როგორც თქვენ ამბობთ, „საქართველოსთან არიან დაკავშირებულნი და მასში დაბადებულნი“. და აი, პატივცემულო არჩილ, სრულიად ამაოდ ივიწყებთ ჯიუტად თქვენი თეზისების წერისას ყველა ამ, სხვათა შორის თქვენს მიერ შემუშავებულ სტატისტიკურ მონაცემებს. და რატომ, რატომ უნდა ცდილობდეთ იყოთ უფრო მეტი მონარქისტი, ვიდრე თავად მონარქია, საკმარისია უკვე ფეხი აუწყოთ მას. ახლა ხომ არა მარტო „უკლონისტები“, არამედ 12-ე ყრილობაცა და თვითონ „კოლონიზატორებიც“ აღარ უარყოფენ ქართველთა გარკვეულ იძულებით ეროვნულ ჩაგვრას. თქვენ შეგეძლოთ სავსებით დაკმაყოფილებულიყავით იმით, რასაც თავად ისინი ლაპარაკობენ, და სახელდობრ: „დიახ, მოხდა საქართველოს ძალადობრივი დაკავება რუსული წითელი ჯარების მიერ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და ორგანიზაცია უპირატესად არაქართული ძალებით, ამის წყალობით ადგილი ჰქონდა საქართველოს გარკვეულ დაჩაგვრას ეროვნულ მიმართებაში, ეს გახლდათ სამწუხარო აუცილებლობა პირველ ხანებში, მაგრამ ახლა მასები ემორჩილებიან საბჭოთა ხელისუფლებას და პტივს სცემენ მას, როგორც მშობლიურს, და ეს დეფექტი შეიძლება გამოსწორდეს და უნდა იქნას ეს გაკეთებული 12-ე ყრილობის რეზოლუციის საფუძველზე“. და თქვენც გაგემეორებინათ ასეთი განცხადებები თვითონ კომუნისტებისა, ასეთი გამეორებისაგან, თუ არა ქართველი ერისათვის, სულ მცირე ჩვენი ღირსებისათვის მაინც ნაკლები ზარალი იქნებოდა. და საერთოდ, ნუთუ თვითონ ის ფაქტიც, რომ ასე ბევრი გიხდებათ ილაპარაკოთ და ამტკიცოთ, რომ სუვერენული ქართველი ერი თავის საქართველოს რესპუბლიკაში არცთუ ისე ძალიან იჩაგრება ეროვნული უმცირესობისგან, რომელიც სულ 3 %-ს შეადგენს, განა თავად სწორედ ეს ფაქტი არ ღაღადებს რაღაცნაირი დაუჯერებელი მძიმე ანომალიის შესახებ, რაღაცნაირი კოლოსალურ სიყალბის შესახებ საქმის დასახელებასა და არსს შორის, განა ეს არ ღაღადებს იმაზე, „რომ რაღაც ვერ არის ისე დანიის სამეფოში“, ე. ი. საბჭოთა სახელმწიფოების ეროვნულ ურთიერთობებში. თქვენ უარყოფთ საქართველოს ჩაგვრასა და დიდმპყრობელური რუსიფიკაციის არსებობას, თავად რუსეთის ხელმძღვანელები კი ამბობენ. რომ ასეთი ცოდვა (грешок) არსებობს; და აცხადებენ, რომ საქმეები თანდათანობით იქნება გამოსწორებული (რა თქმა უნდა თანდათანობით: ასეთი ცოდვები კეთდება ბობოქარი შემოტევით 4 ფრონტიდან, რევოლუციურ-ელვისებურად, და გამოსწორდება კი ნელნელა, ევოლუციურად). და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ თქვენს, ზედმეტად ხელოვნურად აგებულ თეზისებში უეცრად დაჟინებით იმეორებთ იმას, რომ 12-ე ყრილობის რეზოლუცია ეროვნულ საკითხში ქაღალდზე არ დარჩესო. ასე რომ ისმება კითხვა, მაინც ვინ საჭიროებს ამ რეზოლუციებს? ქართველები მათ, აღმოჩნდა, არ საჭიროებენ, ხოლო ზოგიერთ ეროვნულ უმცირესობასთან მიმართებაში კი ისინი არა მარტო გატარებულია, არამედ დიდი ხანია უკვე „გადატარებულიც“. საერთოდ კი 12-ე ყრილობის ამ რეზოლუციებზე, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეებს რატომღაც აღტაცებით ხბოსავით აჭყლოპინებს, თავს ნებას მივცემ რამდენადმე ქვემოთ შევჩერდე. თქვენ გეუბნებიან, და თქვენგან ზოგერთნი იმეორებენ კიდეც, რომ საქართველო არ ყოფილა დამოუკიდებელი რესპუბლიკა რუსების მიერ მის დაპყრობამდეც. აბსოლუტურად დამოუკიდებელი მსოფლიოში, ჩვენ თქვენთან ერთად ვიცით, რომ არაფერი არ არსებობს. მაგრამ განა კი შეიძლება მოვახდინოთ იგნორირება თავისი ნებისა და მოქმედების ურყევი ფანტასტიკური დამოუკიდებლობის იმ დაუვიწყარი ჯერჯერობით ისტორიაში მაგალითისა (დამოუკიდებლობის, რომელიც ზოგიერთ მემარცხენე და მემარჯვენე ოპორტუნისტს უკიდურესად დოქტრინიორულად და დამღუპველად ეჩვენება), რომლებიც გამოიჩინა და დაიცვა პატარა საქართველომ სოციალისტური მთავრობით სათავეში, არ გააჩნდა რა ჯერ კიდევ მსოფლიოში პოლიტიკური შეხედულებებით არც ერთი მონათესავე, მეგობრული მთავრობა, რომელზეც ეჭვები მიჰქონდათ (რა თქმა უნდა, არაგულწრფელად) რუსულ ბოლშევიზმს ევროპულ იმპერიალიზმში, ხოლო ევროპულ იმპერიალიზმს კი რუსულ ბოლშევიზმში; რომელიც სძულდათ და რომელსაც ავიწროვებდნენ ერთი ბანაკიცა და მეორეც. ერთის მხრივ, რუსული სამეფო დენიკინისეული რეაქცია და რუსული ბოლშევიზმი, მეორე მხრივ კი – ევროპული ბურჟუაზია, ცდუნებული, თითოეული მათგანის მიერ ჩათრეული თავის ორბიტასა და თავის ბანაკში, ეს პატარა საქართველო დარჩა ურყევი თავის ძირითად პოლიტიკაში, გაუძლო მთელ ამ გესლიან ალერსებს, აგრეთვე ქარიშხლებსა და შემოტევებს ყოველი მხრიდან, და მან, შესაძლოა ჯერჯერობით ვერ შეიძინა ამის სანაცვლოდ კაპიტალი, მაგრამ სოციალიზმის ღირსება და ერის ღირსება მან უდავოდ შეინარჩუნა. განა შეიძლება უარვყოფდეთ დაუვიწყარ ფაქტს, რომ საქართველო და მისი მთავრობა თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა ძირითად საკითხს თანამედროვედ და დამოუკიდებლად ატარებდა, არ უწევდა რა ანგარიშს ძალმოსილი გარეშე ძალების ზეწოლასა და სურვილებს. განა შეიძლება მივუთითოთ თუნდაც ერთი მაგალითი, როცა გარეშე ძალები უკარნახებდნენ ამა თუ იმ პოლიტიკას რომელიმე სფეროში, მაგალითად აგრარულში, ფინანსურში, ეკონომიკურში, საბაჟოში, მუშათა საკითხში, სავაჭროში, სატრანსპორტოში, სამხედროში, საგარეო საქმეთა და ა. შ. ან, შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ ვინმეს ეჩვენება, რომ ქართველი ჩინოსნები, ან საქართველოს მთავრობის ესა თუ ის წევრი ოფრო მეტად ლაქუცობდნენ და კუდს აქიცინებდნენ სახელგანთქმულ უცხოელთა სიახლოვეში, მთელი ამ პოლკოვნიკ ჰასქელების, ამერიკელი სენატორებისა და სხვა, ვიდრე მაგალითად, თითქმის მოსკოვური სახკომსაბჭოს პლენუმი გრაფ მირბახების, რანცოუებისა და იმავე ჰასქელის სიახლოვეს. ვიღაცამ თქვენგან იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს მართავდა ინგლისი, მოიყვანა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ რომელიღაც ინგლისლ ჯაშუშს (ძეგვის ხიდი) სასიკვდილო სასჯელი ციხით შეუცვალა; კეთილსინდისიერად უნდა გითხრათ, რომ ეს ფაქტი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ციხეში ამ ჯაშუშის შენახვაზე ასეულობით ათასი რომ გადაგვეხადა ოქროთი (ლონდონიდან უაპელაციოდ დანიშნული ტაქსის მიხედვით), მაშინაც კი ეს ფაქტი არასაკმარისი არგუმენტი იქნებოდა საქართველოს ვერდამოუკიდებლობის დასამტკიცებლად. ხოლო რაც შეეხება გერმანულ ჯარებს, ვინ არ იცის, რომ ისინი სწორედ როგორც მოკავშირეები იყვნენ მოწვეულნი ქართველი ხალხის მიერ და დაეხმარნენ მას თურქული ფაშების ხროვებისგან გადარჩენაში. მართალია, უნდა ითქვას, რომ გერმანული ჯარებიც დაგვეხმარებოდნენ არა მარტო ჩვენი მშვენიერი თვალებისათვის ანდა წმინდა კაცთმოყვარეობისაგან. შემდგომში, მთელს ამიერკავკასიაში ევროპული დაზავების პერიოდში იდგნენ ინგლისური ჯარები, მათი ნაწილი იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ვინ არ იცის, რომ ეს ჯარები ნაწილობრივ თუმცა კი იძულებით, მაგრამ იყვნენ დაშვებულნი თვითონ საქართველოს მთავრობის მიერ თავისი თანხმობითა და გარკვეული პირობებით, რომელმაც (ამ მთავრობამ) შემდეგ საფუძველშივე აღკვეთა მცდელობა შეექმნათ საქართველოში რაღაც მსგავსი საოკუპაციო რეჟიმისა და ამა თუ იმ ხარისხით ჩარეულიყვნენ რესპუბლიკის საშინაო და საგარეო მართვის საკითხებში. განა შეუძლია ვინმეს თქვას, რომ მაშინ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი და თუნდაც რაღაცნაირი ხარისხით იმართებოდა ლონდონიდან ან ინგლისური ჯარების შტაბიდან, როგორც ახლა მოსკოვიდან და ცალკეული კავკასიური არმიის შტაბიდან? არა, პატივცემულო არჩილ, განა შეიძლება ვიდაოთ ამ საგნებზე, ეს ხომ რაღაც-ნაირი თეორია ან მეტაფიზიკა არ არის, ან თუნდაც უძველესი ისტორია, არამედ გუშინდელი ან დღევანდელი დღის ფაქტები და ისტორიაა, ფაქტები, რომლებიც ნახა ყველამ და იცის ყველამ, იციან, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა ესა თუ ის იძულებითი ნაბიჯები, მაგრამ იგი დამოუკიდებელი და სუვერენული იყო გასაბჭოებამდე. მაგრამ უნდა დავთქვათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეიძლება ჩაითვალოს არასრულად დაახლოებით იმ აზრით, რომლითაც პირობითია ყველა მცირე და თვით საშუალო სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რომელთაგან თითოეულის ჩასაყლაპად მზად არის უფრო ძლიერი მეზობელი, ასეთივე მტაცებლებისა რომ არ ეშინოდეს; ამ აზრით ყველა ამ მცირე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვან ხარისხადაა დამოკიდებული იმ ძალებზე, რომლებიც მის გარეთ დგანან. იგივე იყო საქართველოსთანაც, რუსულმა არმიებმა დაიწყეს საქართველოს „განთავისუფლება“ ინგლისელი იმპერიალისტებისგან არა მაშინ, როდესაც მათი ჯარები იდგნენ საქართველოში, და მაშინაც კი არა, როცა ქართველი ხალხი თავგანწირულ პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებდა (გახსოვთ სრულიად საქართველოს ანტიინგლისური დემონსტრაციები 1920 წლის 18 მარტს და სხვა), რომლებიც დროდადრო სამხედრო დაპირისპირებაში გადადიოდა, ბათუმის ოლქის ინგლისური ჯარებისგან გასაწმენდად, არა, მაშინ არ „ანთავისუფლებდა“ ინგლისელი იმპერიალისტებისგან საქართველოს რუსული კომუნიზმი, არამედ მოლოდ მაშინ, როცა საქართველო საბოლოოდ იქნა განთავისუფლებული უკანასკნელი ევროპელი ჯარისკაცისაგან, როცა საქართველო საბოლოოდ იქნა ცნობილი იურიდიულად, როცა საქართველომ მიიღო, ბოლოს და ბოლოს, შესაძლებლობა თავისუფლად ამოესუნთქა და თავისი ძალების და მიხედვით თავისუფლად გაეშალა შემოქმედებითი საქმიანობა სოციალურ-სამეურნეო ნიადაგზე, იგი მხოლოდ მაშინ „გაანთავისუფლეს“! და მოხდა კი ეს იმისაგან, რომ „განმათავისუფლებელთა“ ყველაზე უფრო ძლიერმა კონკურენტმა – ინგლისმა, დაკმაყოფილდა რა სპარსეთით, ნება მისცა მოსკოვს „გაენთავისუფლებინა“ საქართველო... ხოლო რაც შეეხება თურქეთს, როგორც ცნობილია, მასთან მოხდა მოყვარულ-მეგობრულად ჩამოჭრა ტერიტორიებისა სომხეთისა და საქართველოსაგან.
თუ ოდესღაც ევროპა იმყოფებოდა მომაკვდინებელ ცოდვაში პოლონეთის გაყოფის შემდეგ, თუ ეს ითვლებოდა მომაკვდინებელ ცოდვად თვით ბურჟუაზიული ევროპისთვისაც, მაშინ როგორ ფიქრობთ, ხომ არ წარმოადგენს კომუნისტური რუსული ხელისუფლებისთვისაც ყველაზე უფრო მომაკვდინებელ ცოდვას საქართველოსა და სომხეთის გაყოფა რუსეთსა და თურქეთს შორის... მე ვფიქრობ, რომ ბევრი თქვენგანი, დარჩნენ რა იმედგაცრუებულნი, დიდ იმედებს ამყარებდნენ თავიანთ ბრძოლაში ეროვნული განთავისუფლებისათვის ყველა ამ კერზონებზე, პუანკარეებზე და სხვა. და თავიანთ გულუბრყვილობაში ვერ ეჭვობდნენ, რომ როცა კერზონები გამოდიან დაჩაგრული საქართველოს „დასაცავად“ და ღვრიან ნიანგის ცრემლებს, მაშინ ისინი სულში მეშვიდე ცაზე არიან და სიხარულისაგან იფშვნეტენ ხელებს. თანხმდებოდნენ რა საქართველოს გასაბჭოებაზე, მაგალითად, ბრიტანელი იმპერიალისტები სხვათა შორის ხომ იყენებდნენ არგუმენტად (არა საჯაროდ, რა თქმა უნდა) ურთიერთ დაზღვევის პრინციპებს; საქართველოს გასაბჭოება ძლიერად პოპულარული გახლდათ ევროპელ მუშათა წრეებში, და რუსული დიქტატურის რეჟიმის შემოღება უნდა ყოფილიყო თავისებური დაზღვევა ინგლისური „მყარი პოლიტიკისა“ კოლონიებში, რაღაც დამცავი ფერი ინგლისური ავიაციის ექსპერიმენტებისათვის და სხვა. და მართლაც, როცა კომუნისტურ რუსულ ხელისუფლებას ერთ ღამეში, სასამართლოსა და ძიების გარეშე, შეუძლია მძევლების სახით, ტერორის წესითა და რიგით, 100 და მეტი ადამიანი დახვრიტოს ორმილიონიანი ქართველი ხალხისაგან, მხოლოდ იმისათვის, რომ ნამდვილი ბანდიტები, სულ ახლახანს რომ გაიქცნენ საოკუპაციო პოლიციის სამსახურიდან – მანწკავა და სხვები, სჩადიოდნენ ბოროტმოქმედებებს, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ბურჟუაზიული თვალთმაქცები და იმპერიალისტები ამის გამო უფრო მოდიან აღტაცებაში (თუმცა კი გარეგნულად აღშფოთდებიან). და საქმითაც სინამდვილეში, თუ მოსახლეობის პროპორციის მიხედვით ვიანგარიშებთ, ინდოეთში კერზონებმა სწორედ ამით ერთგავარად ვექსელიც მიიღეს ერთ ღამეში არანაკლებ 15 ათასი ადამიანის დასახოცად, ამასთან მათ თავიც კი შეუძლიათ მოიწონონ მსოფლიოს წინაშე მუშურ-გლეხურ საბჭოთა რუსეთთან შედარებით... ხოლო თავისუფლებებისა და კოლონიების ეროვნული ავტონომიებთან დაკავშირებით ინგლისს, რა თქმა უნდა, არცთუ უსაფუძვლოდ გამოიბრწყინოს კომუნისტური მოსკოვის წინაშე. ამ დრომდე ხომ, სულ მცირე ფორმალურად, საბჭოთა რესპუბლიკებს ჰქონდათ დამოუკიდებლობა და ავტონომია (ფაქტიურად არანაირი თვითმმართველობაც კი არ ჰქონიათ), მაგრამ ახლა მოხდა არსებითად მათი სრული ანექსია „თვით ფორმალურადაც კი“: ახლა ხომ საქართელო და სხვები, რომლებმაც „ნებაყოფლობით შეკრეს კავშირი რუსეთთან“, სიზმარშიც კი ვერ ნახავენ ისეთ ეროვნულ ავტონომიებს, საბჭოთა ფორმით, რა თქმა უნდა, როგორიცაა ავსტრალია, კანადა, ირლანდია, ეგვიპტე და თვით ინდოეთიც კი. განსაკუთრებით ეს შეეხება საქართველოს, აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანს, ვინაიდან ისინი ამოშლილნი არიან სრულებით თვით როგორც მოკავშირე სახელმწიფოებრივი ელემენტიც კი. აი თქვენ, მაგალითად, თქვენს 57-ე თეზისში ამბობთ, რომ ქართველი ხალხი უნდა ვითარდებოდეს და ვითარდება კიდეც თავისუფალი სახელმწიფოებრიობის საფუძველზე და სხვა, მაგრამ ასეთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარება შეუძლებელია საქართველოსთვის არა მარტო მოცემულ ფაქტიურ მდგომარეობაში, არამედ თვითმმართველობაზე ფორმალურად მისთვის მიცემულ უფლებათა ფარგლებშიც კი. უფრო მეტიც, განა შეიძლება იყოს სრული ეროვნულ-კულტურული განვითარება ხალხისა, რომლის გამგებლობიდანაც ამოღებულია მთლიანად რკინიგზები, ფოსტა, ტელეგრაფი, ზღვა, ჰაერი, მიწის წიაღისეული, საზღვაო საქმე, ტრანსპორტი, პორტები, სამხედრო საქმე, ფინანსები, ვაჭრობა და სხვა; შეიძლება კი ასეთ პირობებში განვითარება და, უფრო მეტიც, ეროვნული კულტურის განვითარება?! განა პიესები მშობლიურ ენაზე, აგრეთვე სწავლება სკოლაში იძლევიან ასეთი განვითარების შესაძლებლობას, როცა ცხოვრებიდან ეს ენა იდევნება, როცა არსებითად აღარ დარჩა საქართველოს თვით სასკოლო ავტონომიაც კი, როცა სახსრებს სკოლისათვის მოწყალედ უშვებს ამიერკავსაბპარტკომი (заксовпартком), როცა თვით სკოლებთან ნებადართულ სპეციალურ ფონდებსაც კი დისკრედიტაციას უწევს ამირკავსაბპარტკომი და ა. შ. დიახ, საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგომარეობა ისეთია, რომ დროა მისი სკოლები მშობლიურ ენაზე შემოიფარგლონ პოეზიის თეორიის, ლექსთა თხზვის შესწავლით, და ისიც მკარად თავად-აზნაურული, რაინდულ-რომანტიკული ხასიათისა, ვინაიდან თანამედროვე შრომით პროლეტარულ პოეზიას არ შეუძლია იოლად გადიოდეს რკინისა და ბეტონის გარეშე, ავტოპოეზიის გარეშე, რადიოს გარეშე, ორთქლის, ელექტრობის, ორთქლმავლის, სასტვენების, საყვირების, ტრანსმისიების, გორგოლაჭების ბორბლებისა და ბერკეტების გარეშე... არც თუ უსაფუძვლოდ ს. ორჯონიკიძე კამათობდა, მგონი, რომ არ არის საჭირო აზერბაიჯანული ტერმინოლოგიის გამომუშავება, ეს თითქოს მოვა, შემდეგ, თავის თავად, ცოტ-ცოტად... და მართლაც, რაში გვჭირდება ჩვენ ტექნიკური, სამეცნიერო ტერმინოლოგია და სხვა, რა გავუკეთოთ მას?! შევადგინოთ, შევისწავლოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ ცხოვრებაში? არა, საგანთა ახლანდელი მდგომარეობის აზრით, ჩვენ დროა შევზღუდოთ ჩვენი კულტურული თვითმოქმედება პიესების წერითა და თამაშით თემებზე „სამშობლო“ (ოღონდ თუ ასეთი სიუჟეტები ნებადართული იქნება), ლექსებისა ბულბულებით, მთვარია და შავი თვალებით, „სულიკო“-თი და ა. შ. ვიმეორებ, განა თქვენთვის არ არის ნათელი, რომ ვერანაირი სრული ეროვნულ კულტურული განვითარება ვერ შუძლია მიიღოს ხალხმა, თუკი მას როგორც განსაზღვრულ ეროვნულ კოლექტივს (ეს ისე მნიშვნელოვანი არ არის მოცემულ შემთხვევაში, დემოკრატიული, საბჭოთა თუ რომელიმე სხვა ფორმისა) არ გააჩნია შესაძლებლობა ცხოვრობდეს სახელმწიფოებრივად, მუშაოდეს, ქმნიდეს თავის ენაზე. და საქართველოს ხომ უკვე აღარც დარჩა მინიშნებაც კი სახელმწიფოებრიობის რაიმე-ნაირ ელემენტზე, მას უკვე არა მარტო ფაქტობრივად, არამედ ფორმალურადაც აქვს უფრო ნაკლები თვითმმართველობა, ვიდრე მეფის ერობები იყო. მისი სახელმწიფოებრიობა ორმაგადაა მოსპობილი: ჯერ ერთი, იგი „ნებაყოფლობით“ შეათრიეს უღლით ერთიან ამიერკავკასიის რესპუბლიკაში (რომელსაც მანევრისათვის ფედერაცია ეწოდება). და საჭიროა კი იმის მტკიცება, რომ სამი მეზობელი რესპუბლიკის ერთიანობის ასეთი ფორმა გახლავთ ყველაზე უფრო მოუხერხებელი და მავნე სწორედ ეროვნული შუღლის მოსპობისათვის, ამიერკავკასიის ხალხების ეროვნულ-კულტურული განვითარებისათვის და სხვა. თვით პოლიტიკური ჩვილებიც ხომ ხედავენ და იციან, რომ ეს მხოლოდ იმ ძალისთვისაა მოსახერხებელი, რომელმაც გაასაბჭოვა ამიერკავკასია; ყველაფერი, რაც კავკასიონის ქედის მიღმა იმყოფება, მოსკოვისთვის ადრეც იყო „კავკასიელი ადამიანები“. მათ მშვენივრად იციან, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელორუსია განუზომლად უფრო ახლოს, ორგანულად და ნათესაურად არიან ერთმანეთთან, ვიდრე, მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ რა ვქნათ, მოსკოვისათვის მაინც უფრო იოლი და მოხერხებულია ყველა ეს „კავკასიელი ადამიანი“ შერეკოს ერთ სადგომში, რომელიც შექმნილია კავკასიონის ქედის, შავი და კასპიის ზღვების მიერ, მით უმეტეს, როს ასეთი სადგომი ფაქტიურად იქნება რუსული, მათი მართვა იქნება ადვილი ერთი ცენტრიდან, იქაა ერთიანი არმია ОКА (Отдельная /или Особая/ Кавказская Армия – ცალკეული /ან საგანგებო/ კავკასიური არმია), ერთიანი შტაბი, ერთიანი ცენტრი, ყველაფერ ამას უნდა მიუსადაგონ კავკასიელი ხალხები, მათ შეიძლება დაუტოვონ რესპუბლიკების სახელი და სხვა. შემდეგ მთელი ამ ზაკრესპუბლიკის ანექსირება, მისი მთელი ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული შიგნეულობით, მოახდინა რუსეთმა. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ მსოფლიოში არიან ისეთი მიამიტი ადამიანები, რომლებიც ვერ დაინახავდნენ და ვერ გაიგებდნენ არა მარტო ისტორიულ აზრს უკვე შექმნილი „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირისა“? და ვინ ვერ ხედავს, რომ რუსული მთავრობა მაინც და მაინც არც კი ათამაშებს ამ პოლიტიკურ მასკარადს, წარმოგვიდგება რა ორსახოვანი იანუსის სახით ხან რუსულად, ხან საკავშიროდ? შეიძლება, ეს თქვენთვის ნათელი არ არის? მაშინ მე გირჩევდით – შესთავაზეთ (თქვენ გაქვთ წინადადებათა შეტანის უფლება) რუსულ და საკავშირო მთავრობებს აირჩიონ სხვადასხვა რეზიდენციები, ხომ იცით, როგორი სივიწროვეა მოსკოვში, ამასთან რუსული მთავრობა შეიძლება დაჩაგრულიც იყოს საკავშირო მთავრობისაგან და სხვა. პეტროგრადში უამრავი თავისუფალი სადგომი და სათავსოა, რომლებიც სპეციალურადაა მოწყობილი დედაქალაქის დაწესებულებებისთვის და სხვა, რატომ არ შეიძლება გადავიდეს იქ ერთ-ერთი მთავრობა, მაგალითად, საკავშირო. დარწმუნებული იყავით, რომ „ცოცხალი ბავშვის გაკვეთაზე ასეთი სოლომონისეული გადაწყვეტილების“ შემთხვევაში რუსეთი, როგორც გულწრფელად მოყვარული ბიბლიური დედა, შეძრწუნებული სრულებით უარს იტყოდა თავის მთავრობასა და თავის ავტონომიაზე საბჭოთა მთავრობის სასარგებლოდ, და არც კი დავიწყებთ იმის დაჟინებას, რომ იგივეს გააკეთებდნენ კავშირის სხვა „თანასწორუფლებიანი“ წევრებიც. აბა, პატივცემულო არჩილ, შეეცადეთ თუნდაც სადისკუსიო წესით წამოაყენოთ „ასეთი“ საკითხი «Заря Востока»-ს უახლოეს ნომერში (ეს გაზეთი ხომ ერთხელ ბავშვურად საყვარლად და გულუბრყვილოდ გაიბუტა, ტუჩებიც დაბრიცა იმის გამო, რომ მოსკოვში კატას ჰქვია კატა, «Пламя»-სა და «Заря Востока»-ს კი – პროვინციული ორგანოები, ხოლო ამიერკავკასიას – რუსული პროვინცია). დიახ, პატივცემულო მოქალაქეებო, ქართულმა სახელმწიფოებრიობამ შეწყვიტა ფაქტიურად არსებობა რუსული ჯარების შემოსვლის მომენტიდან. ფორმალურად მას არ შეუწყვეტია არსებობა ამიერკავკასიის ერთიანი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, მაგრამ უკვე საბოლოოდ დაასამარეს იგი ორმაგ კუბოში სსრკ-ის შექმნის შემდეგ, და პრაქტიკა ხომ ასჯერ უფრო უარესიცაა აქ დაწერილზე. არ ვფიქრობ, რომ მოიძებნოს ვინმე ისეთი გულუბრყვილო, ვისაც კონსტიტუციის ფრაზა იმის შესახებ, რომ საქართველო ნებაყოფლობით შევიდა ამიერკავკასიის რესპუბლიკის მოცემულ ფორმასა და სსრკ-ის შემადგენლობაში, უარი თქვა რა აბსოლუტურად სახელმწიფოებრივ პრეროგატივებზე, და რომ ასევე ნებაყოფლობით შეუძლია გამოვიდეს ამ „კავშირებიდან“, – არ ვფიქრობ, რომ ამ ფრაზას შეეძლო გამოეწვია ვინმეში რაიმე, ღიმილის გარდა. ისტორიიდან ხომ უკვე აღარავის შეუძლია ამოშალოს ის ფაქტი, რომ არა მარტო საქართველო მთლიანობაში და უმრავლესობით, არამედ თვით კომუნისტური საქართველოც კი ასევე „ნებაყოფლობით შესულიყოს ერთიან ამიერკავკასიურ რესპუბლიკაში“ და სხვა, როგორც მაგალითად თქვენი მონა-მორჩილი და სხვა თქვენი ყოფილი ამხანაგები ნებაყოფლობით შევედით იაროსლავლის ცენტროსახლში და ნებაყოფლობით არ შეგვიძლია გავიდეთ თავიდან ერთეული საკნებიდან, ხოლო შემდეგ კი ციხის დიდი საერთო გალავნიდან. თქვენ იცით, რომ მეფის პოლიტიკა ამიერკავკასიაში უმთავრესად მიმართული იყო იმაზე, რომ აეფეთქებინა, დაეგლიჯა, დაესახიჩრებინა ყოფილი ქართული სამეფო როგორც სეპარატიზმის პოტენციური მატარებელი, ვინაიდან დასავლეთ ამიერკავკასია, ე. ი. საქართველო, ყველაზე უფრო ნაკლებად იყო ეროვნულად აჭრელებული. გრძნობთ თუ არა თქვენ ყველა დანარჩენში ძველი პოლიტიკის გაგრძელებას?! აი, მაგალითად, ერთი წვრილმანი – ნება მომეცით გკითხოთ, შეგხვედრიათ თუ არა სადმე შავით თეთრზე ასეთი ჩამონათვალი: „ბაშკირეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის, რუსეთი, ყირიმის რესპუბლიკა, კარელიის ავტონ. რესპ. და სხვა“, ან ოდესმე წაგიკითხავთ თუ არა: „აზერბაიჯანი, ყარაბაღი და ნახჭევანი“, ან უფრო ადრე „სომხეთი და ნახმხარის რესპუბლიკა“ (როცა იგი სომხეთში ავტონომიურად შედიოდა). მაგრამ სამაგიეროდ, ერთის მხრივ, ხშირად თუ ხვდებით „საქართველოს“, როგორც ცნებას, რომელიც მოიცავს მთელს რესპუბლიკას, რომ არ ჩამოითვლებოდეს „საქართველო, სამხრეთ ოსეთი, აჭარა, აფხაზეთი“, და აგრეთვე ასეთ ჩამონათვალს: „აზერბაიჯანი, აფხაზეთი, საქართველო, ოსეთი, სომხეთი და აჭარისტანი“, და მუდამ ასე საწყენად ნახმხარისა და ყარაბაღისათვის. მართალია, თქვენ იტყვით, რომ ეს წვრილმანია, მაგრამ ხომ უარყოფითი (სასაყვედურო) სისტემატიურობა და სიჯიუტეა ყველა ამ წვრილმანში: და საიდანაა მაინც ეს დაჟინება? ძალზედ მარტივია: ყველანაირი პოლიტიკა, რომელსაც სურს შეაჩეროს ნორმალური და ჯანსაღი პროცესი ეროვნული რესპუბლიკების კონსოლიდაციისა ამიერკავკასიაში, პოლიტიკა, რომელსაც სურს „ინტერნაციონალური“ ან შოვინისტური და იმპერიალისტური მიზნებით შექმნას ძმობა, თანასწორობა და საერთოობა ეროვნული ქაოსის სახით, ასეთი პოლიტიკა პირველ რიგში უნდა აფეთქებდეს სწორედ საქართველოს, როგორც ეროვნულ რესპუბლიკას, დანარჩენი კი შემდეგ ადვილად მიემატება, თითქმის თავის თავად, ვინაიდან საქართველო ნამდვილად მთელი თავისი მდგომარეობით (მოსახლეობის შემადგენლობით, სილოგიურობის მიხედვით) წარმოადგენს ყველაზე უფრო ძლიერ ფერმენტს ამიერკავკასიის ეროვნულ-ტერიტორიული რესპუბლიკების ჩამოყალიბების პროცესში. მცდარი იქნებოდა, რა თქმა უნდა, გვეფიქრა, რომ საქართველოს განადგურება როგორც სახელმწიფოსი, და საერთოდ ეროვნული რესპუბლიკების და ავტონომიებისა, არის რუსეთის ახლანდელ მმართველთა ბოროტი შოვინისტური ნების შედეგი. ჯერ ერთი, ცენტრალისტური დიქტატურის თავად სისტემა (უკვე არა კლასის და არც თვით დემოკრატიულად ორგანიზებული და დამოუკიდებელი კლასობრივი პარტიისა, არამედ მოლოდ მისი ზედაფენის) გამორიცხავს ყოველვარ ნამდვილ ფედერაციას, ავტონომიას, და მით უმეტეს დამოუკიდებლობას. მეორეც, რუსეთს კულტურულ-ეკონიმიკური განვითარების მის ახლანდელ ფრონტზე არ შეუძლია აწარმოებდეს არსებითად უფრო ლიბერალურ, ეროვნულ და კოლონიურ პოლიტიკას. ინგლისი, მაგალითად, თავისი კოლოსალური ეკონომიკური ძალმოსილებით და კულტურით დომინირებს თავის კოლონიებში და გარკვეული ხარისხით მათ თავისკენ იზიდავს, მაგნიტივით; მას იოლად შეუძლია მისცეს მათ ყველაზე უფრო რადიკალური ავტონომიები, ვინაიდან არც ისე საჭიროებს იმას, რათა ეროვნული მიმართებით ასაჭურისებდეს თავის კოლონიებს, არ უხდება მათი ძალადობრივად გაინგლისურობა. რუსეთს კი არ შეუძლია არ შემოარტყამდეს ალყას თავის კოლონიებს სპეცპროტექციონიზმის დაუჯერებლად მაღალი საბაჟო კედლით, მას არ შეუძლია არ უთხრიდეს ძირს მიწათმოქმედური საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის კეთილდღეობას იმისათვის, რათა რაღაცნაირად ინარჩუნებდეს მოსკოვის, პეტროგრადის, ურალისა და სხვა რაიონების რუსული მრეწველობის სუსტ ნარჩენებს. და ასეთი პოლიტიკის ენაზე კი რუსული მრეწველობის ინტერესებში მიწათმომედური ამიერკავკასიის ეკონომიკური კეთილდღეობისათვის ძირის გამოთხრას ეწოდება „ამიერკავკასიის მოზღუდვა (ограждение) კონსტანტინეპოლელი სპეკულიანტებისა და ევროპული დამპალი საქონლისაგან“. ინგლისი არ საჭიროებს იმას, რომ ძალადობრივად ახვევდეს თავზე თავის ენას, ძალადობით უტარებდეს კოლონიზაციას, მასობრივად ახდენდეს თავისი მოხელეების ესპორტირებას და ძალადობრივად ავსებდეს მათით მმართველობის ყველა ხვრელს კოლონიებში. რუსეთს კი ჯერ არ გაანია შეძლება იზიდავდეს თავისკენ კოლონიებს თავისი კულტურითა და ეკონომიკური ძლიერებით, და ამიტომ უნებურად იძულებულია იჭერდეს მათ ზღარბის ტყავის ხელთათმანებით, ახდენდეს მათ კოლონიზაციას, რუსიფიკაციას, ათასობით შეჰყავდეს იქ თავისი მოხელეები, დაწყებული მეისრეებითა და რემინგტონის აპარატზე მბეჭდავი ქალებით და დამთავრებული უმაღლესი მამებით. ამ ძირითად ხაზზე მას არ შეუძლია უარი თქვას, მას ატარებდნენ და ახლაც ატარებენ მეტ-ნაკლებად ღიად, ხან დაჩქარებული ტემპებით, ხან ზიგზაგებით, ხან ერთბაშად წინ გაჭრით და შემდეგ ნელ-ნელა უკანდახევით, მაგრამ განუხრელად მიდიან რა ერთი მიმართულებით. შესაძლოა, თქვენ თქვათ, რომ ასეთი პოლიტიკა არ შეიძლება ჰქონდეს კომუნიზმს? მე გეთანხმებით, რომ ის, რაც ეწინააღმდება კომუნიზმს, ახლა იძულებული აღმოჩნდნენ გაატარონ რუსეთის მმართველებმა, რომლებიც რევოლუციისა და კომუნისტების წიაღიდან არიან გამოსულნი. მათ ეს არ უნდოდათ – ეს საქმე სხვაა, ისინი ბევრ რამეს არ ისურვებდნენ, მაგრამ მოუხდათ გაეკეთებინათ, განა მათ უნდოდათ ნეპისეულ-სასაქონლო-კაპიტალისტური წყობილების აღდგენა? რა თქმა უნდა, არ სურდათ, მაგრამ მოუწიათ. და მხოლოდ კიდევ ერთხელ მოუხდათ დარწმუნება, რომ ისტორიას ვერ გადაახტები, აღმოჩნდა, რომ ეს წყეული, ჯიუტი დედაბერი ისტორია ყოველთვის აღწევს თავისას, თუ რეცხვით არა, მაშინ დატკეპნით; როცა ახდენენ ძალადობას ისტორიაზე, იგი ზოგჯერ სასტიკად იძიებს შურს, უშვებს რა ყველაზე უფრო რადიკალურ რევოლუცეიბს, მაგრამ მაინც თავისაზე დგას. შეიძლება დაუშვას სასაქონლო-კაპიტალისტურ წყობილებას უწოდონ ნეპ-ი, მმართველი პარტიის ძალადობაზე შურს იძიებს იმით, რომ გადააქცევს მას პრივილეგირებულ ჯგუფად, თავისებურ წოდებად, ამიერკავკასიის სამეფისნაცვლოს მაგივრად მოიგონებს ამიერკავკასიის რესპუბლიკას, საკატორღო ციხის მაგივრად – პოლიტიზოლატორს და ა. შ. მართალია, ამ ახალი სახელწოდებისთვის უნდა ვაღიაროთ გარკვეული, სულ მცირე პედაგოგიური, ე. ი. პოლიტიკურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა, როგორც არ უნდა თქვათ, ცენტრალური რუსული მთავრობის მიერ ახლა დანიშვნადი – პოლიტბიურო, ВК, რკპ – გუბერნიების მმართველები (გუბკომების მდივნები) მაინც ძველი წესრიგის გუბერნატორები ხომ არ არიან: და კომპარტიის ყრილობებიც, თუმცა კი უმრავლესობაში შედგებიან კიდეც ამავე მდივნებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული სხვა პარტმუშაკებისაგან, არ შეიძლება მაინც გავაიგივოთ გუბერნატორების ყრილობებთან შინაგან საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით. სიმართლეა ისიც, რომ მუსლიმანურ გუბერნიებში წარსულში არასდროს არ შეიძლებოდა ყოფილიყო დანიშნული ისეთი უმეცარი და პომპადური, რომელიც მუსლიმანი მოსახლეობისაგან მოითხოვდა გადასახადს ღორებზე. ხოლო როცა ეს გუბერნიები „დამოუკიდებელ“ და „ავტონომიურ“ რესპუბლიკებად გადაიქცნენ, მაშინ „თავისუფლად“ არჩეულმა „მუსლიმანურმა“ სახკომებმა თავი შეირცხვინეს (попали впросак) ღორებთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც, ყველა ამ ახალ სახელწოდებას, ცნებას, კონტურებს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმზრდელობითი მნიშვნელობა, თუმცა კი მნიშვნელოვან ხარისხად, და სახელდობრ არსებით ნაწილში, ახალი რუსული ხელისუფლება (საგანთა მოცემულ მდგომარეობაში ერთადერთი შესაძლებელი ეროვნული ხელისუფლება), არ შეიძლება არ ემსახურებოდეს რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს იმ ხერხებითა და მეთოდებით, რომლებიც განვითარების ახლანდელ სტადიაზე ხელმისაწვდომია ამ ქვეყნისათვის, მისი კულტურის, ყოფა-ცხოვრების, ეკონიმიკისათვის და სხვა. ამით განისაზღვრება კიდეც, კერძოდ, ზოგადად და მთლიანობაში მოსკოვის კოლონიურ-ეროვნული პოლიტიკა. ხოლო ეს პოლიტიკა კი საკმაოდ მახვილგონივრულად, არცთუ უეშმაკოდ განსაზღვრა რომელიღაც გლეხმა ბურიატმა, რომელმაც მიმართა სიტყვით საპასუხოდ მილოცვაზე თავისუფლებათა მიღებისათვის მისი რესპუბლიკის მიერ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებს ბურიატიის რესპუბლიკის სახელით: აი მთელი სიტყვა: „რესპუბლიკა ჩვენია, ხელისუფლება – თქვენია, მადლობა, ამხანაგებო, მიწა ჩვენია, პური – თქვენია, მადლობა, ამხანაგებო, ძროხა ჩვენია, რძე – თქვენია, მადლობა, ამხანაგებო, ქათამი ჩვენია, კვერცხები – თქვენია, მადლობა, ამხანაგებო“. ეს სიტყვა მოყვანილია ამ წლის „იზვესტიის“ თებერვლის ერთ-ერთ ნომერში. ავტორი აღტაცებულია ამ სიტყვისაგან, ვარაუდობს რა, რომ ბურიატს უნდოდა გამოეხატა უსაზღვრო ერთგულება რუსული საბჭოთა ხელისუფლებისადმი, მსხვერპლად სწირავდა რა მას პურს, რძესა და კვერცხებს და საერთოდ მთელ თავის სიმდიდრეს. მართალია, არ ვიცი, თუ რა უნდოდა ბურიატს ეთქვა, მაგრამ ის, რაც მან თქვა, ეს პირდაპირ ეპიკური, ჭეშმარიტად კლასიკური განსაზღვრებაა რუსეთის თანამედროვე ეროვნული პოლიტიკისა, დიახ „რესპუბლიკა ჩვენია, ხელისუფლება თქვენია“. ამ საერთო რუსული ეროვნული კოლონიური პოლიტიკით იქნა კიდეც განსაზღვრული საქართველოს ბედი, თუმცა კი მოსკოვურ მთავრობას თავის დროზე სურდა, უნდოდა ყოფილიყო უფრო ფრთხილი საქართველოსთან; ქართველი კომუნისტები თავიანთი უმრავლესობით, როგრც ადრე ვამბობდი, გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ რუსეთი მხოლოდ დაეხმარებათ დაამყარონ საბჭოთა წყობილება. მე მახსოვს, დაახლოებით 22 წლის სექტემბერში, ქართული სახ. კომ. საბჭოს, კომპარტიის ცკ-ის გარეკვამდე და სახელმწიფოებრიობის აჩრდილის განადგურებამდეც კი რამდენიმე თვით ადრე, ძალზედ „იღბლიანად“ აწარმოებდა პოლემიკას ვიღაც კოლონიზატორთან ფ. მახარაძე, და მისი პოლემიკის იღბალი კი იმაში შედგებოდა, რომ მან, დაამსხვრია რა ლოგიკურად თავისი მოწინააღმდეგის არგუმენტები, მიიყვანა ისინი „საშინელ“ ლოგიკურ დასასრულამდე, და სახელდობრ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობამდე (საქმე ეხებოდა, რამდენადაც მახსოვს, სასამართლო ორგანოებს რკინიგზებზე), და ეს პოლიტიკური ჩვილი (თუმცა კი სულაც არა ჩვილური უცოდველობით), თუმცა კი ჭაღარა წვერით, ბოლშევიზმის ვეტერანებიდან, ზეიმობდა თავის გამარჯვებას ოპონენტზე, არ ეჭვობდა რა, რომ მას არავინ არ დაუბნევ-დაურცხვენია და არც გაუოგნებია კოლონიზატორის წერილის „საშინელი დასკვნით“, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ... საქართველო, დაკარგავს რა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას (самостоятельность), იმის ღირსიც კი ვერ გახდება, რომ ბელორუსიასთან ერთად იყოს თანასწორუფლებიანი წევრი კავშირისა, არამედ მხოლოდ იქნება გათანაბრებული დაახლოებით ჩუვაშეთის, ყალმუხეთისა და სხვა ტიპის ავტონომიურ რესპუბლიკებთან. ახლა რამდენიმე სიტყვა XX ყრილლობის რეზოლუციის შესახებ ეროვნულ საკითხში. რომ გამოგიტყდეთ, არაფრით არ შემიძლია გავიგო, რანაირად შეიძლება რომელიმე თქვენგანი მოვიდეს აღტაცებასა და ნეტარებაში (умиление) ამ რეზოლუციებისაგან? თქვენ განა დაგავიწყდათ, თუ როგორი ყველაზე უფრო რადიკალური რეზოლუციები და ღრმად რევოლუციური გეგმები არსებობდა ადრე კომუნისტებში? ისინი ხომ თავიანთი რევოლუციური გმირობის პერიოდში ნამდვილად აპირებდნენ მსოფლიოს გაკვირვებას დიადი სიმართლით, დიადი რევოლუციით: ეროვნულ საკითხში ერის სრული ეროვნული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის პრინციპი გამოაცხადეს: დასაწყისში ხელსაც კი უწყობდნენ სეპარატიზმს, შემდეგ, მართალია, თვითონ დაიწყეს თავიანთკენ მიტაცება თვითგამორკვეულებისა, მაგრამ სამაგიეროდ გამოაცხადეს (სიტყვით) ჯვაროსნული ლაშქრობა მეფისა და მემამულეთა კოლონიზატორული და რუსიფიკატორული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, რომელთა პოლიტიკის წყალობითაც მთელი ხალხები იხოცებოდნენ უმიწა-წყლობისაგან. ამის კონსტატაციას ახდენდნენ კომუნისტები (დისკუსია X ყრილობაზე). აპირებდნენ ლაშქრობას, რათა მოეხდინათ მეფის მემკვიდრეობის ლიკვიდაცია: ჩამოერთმიათ მიწები მეფურ-კაზაკურ-კულაკური კოლონისტებისათვის და დაებრუნებინათ ისინი მათი ძირძველი პატრონებისათვის, გადაერჩინათ რა ასეთნაირად გადაგვარებისაგან ბაშკირები, ყირგიზები, მთიელები და სხვანი. საქართველოს შესახებ მაშინ ლაპარაკი არც ყოფილა, ვინაიდან საქართველო იმ ხანებში იყო დამოუკიდებელი (X ყრილობის დღეებში კი მხოლოდ დაკავებულ იქნა და ჯერ კიდევ დამოუკიდებლად ითვლებოდა). ყველაფერი, რასაც ამ საკითხის შესახებ ამბობდნენ კომუნისტები, სუფთა სიმართლე იყო. ცარიზმმა ზედმიწევნით გაანადგურა უცხოტომელთა განაპირა მხარეები თავისი კოლონიზატორული პოლიტიკით. კერძოდ, მან მთიელი ხალხები უნაყოფო კლდეებსა და ხეობებში შერეკა, და მათი მიწები თავისი კოლონისტებით დაასახლა. ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის ნაწილი – ოსები – მათი ქვეყნიდან განდევნეს და ქართველი ხალხისაკენ გამორეკეს, რომელსაც ისედაც სული ეხუთებოდა, ახლა კი კვდება კიდეც უმიწა-წყლობისაგან. მაგრამ ძველი რუსული მთავრობა ამით არ კმაყოფილდებოდა საქართველოსთან მიმართებაში: მან მოახდინა საუკეთესო მიწების, ტყეების, სავარგულთა ექსპროპრიაცია, გამოცხადა რა ისინი სახაზინოდ, ე. ი. რუსულად. ქართველ ხალხს მეფემ გადაჭრით წაართვა ყველა განაპირა მხარე, ე. ი. საუკეთესო მიწები – სამხრეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და თვით დასავლეთიც კი, ე. ი. შავი ზღვის მთელი სანაპირო, დაწყებული დუაბზუდან (ტუაფსე) და დამთავრებული ლიმანით. მეფის მთავრობა მთელი ამ სანაპიროს კოლონიზაციას, ფოთის ჭაობების გამოკლებით, ახდენდა ვითიც გინდა, დაწყებული რუსებითა და დამთავრებული ესტონელებით, თურქეთიდან გამოსულებით, ბერძნებითა და სხვა, ერთი სიტყვით კოლონიზაციას ახდენდნენ ყველათი, ოღონდ კი ამ ადგილებიდან განედევნათ ნამდვილი პატრონი ამ მიწებისა, ქართველი, აგრეთვე ქართული სახელმწიფოებრიობის ძირძველი წევრი და მონაწილე, – ქართველების მოძმე აფხაზთა ტომი, რომლებიც უსასტიკესი სახით გარეკეს მათი მიწა-წყლიდან და კერებიდან და თურქეთში გადაისროლეს, ასევე მოექცნენ ქართული მოსახლეობის დიდ მასებს (უპირატესად მაჰმადიანური აღმსარებლობისა) საქართველოს სამხრეთ პროვინციებში. მაგრამ აი იქუხა დიადმა ანტიფეოდალურმა და ანტიმეფურმა რევოლუციამ, და მისი წიაღიდან ბოლოს და ბოლოს იშვა დიქტატორული კომუნისტური მთავრობა, რომელმაც როგორც სოციალური, ისე ეროვნული მიმართებითაც გადაწყვიტა ყველაფერი გარდაექმნა და გადაეკეთებინა საფუძვლიანად ყველაზე უფრო რადიკალური და უსამართლიანესი სახით. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ეროვნულ სფეროშიც დიდი პროექტები და უსამართლიანესი სურვილ-მისწრაფებანი (порывы) დარჩა განხორციელების გარეშე, და ახლანდელი პრაქტიკაც ზოგადად ძველ, გატკეპნილ კვალს მიუყვება. კომუნისტებმა მომაკვდავი ხალხების გადარჩენისა და მათთვის მიწების დაბრუნების თავიანთი პრიექტების ცხოვრებაში გატარებაც კი დაიწყეს. მცდელობას ამ სულისკვეთებით ადგილი ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში (მგონი, ს. ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით), როცა დაიწყეს კაზაკ-კოლონისტებისათვის მიწების ჩამორთმევა და პატრონების – მთიელებისათვის დაბრუნება. მაგრამ ეს მცდელობა მალე შეწყვეტილ იქნა, და სამიწო-კოლონიზაციურ მიმართებაში ყველაფერი ძველებურად დარჩა, ბევრ უცხოტომელებთან მიმართებით კი – უფრო უარესად. მაგალითად, ბაშკირებმა, ყირგიზებმა და ბევრმა სხვა აზიელმა უცხოტომელებმა ინტენსიურად დაიწყეს კვდომა სწორედ რევოლუციის დროს, რუსი კულაკ-კოლონისტების მიწათმფლობელობა კი ამ დროის მანძილზე ამ რეგიონებში 35 %-მდე და მეტად გაიზარდა (იხ. კომპარტიის X ყრილობის ოქმები, საფაროვის სიტყვა და სხვა). რაც შეეხება ქართველი ხალხის კოშმარულ სამიწე ტრაგედიას, ის არა მარტო არ შემსუბუქებულა, არამედ უფრო მეტადაა დამძიმებული. ქართველი კომუნისტები ძალიან იმედოვნებდნენ და დარწმუნებულიც კი იყვნენ იმაში, რომ რუსული კომუნისტური მთავრობა რადიკალურად გამოასწორებს მეფისეულ ყველა ეშმაკობასა და წყენას, რომლებსაც ქართველ ხალხს აყენებდნენ, კერძოდ, მიწისა და ტერიტორიულ მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში, სულაც არ არის საჭირო იყო ქართველი კომუნისტი, რათა წარმოუდგენლად თვლიდე იმ განსაზღვრულ ანტიქართულ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დაიწყო რუსულმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ყველა მიმართებაში. განა ცოტა იყო ადვილად მორწმუნე კომუნისტი, რომლებიც ქართული ჯარების დამარცხებისა და რუსული ჯარების მიერ საქართველოს დაკავების შემდეგ, გარკვეულ ნუგეშინისცემას იმაში პოულობდნენ, რომ, სულ მცირე, რიგ სამიწე-ტერიტორიულ საკითხებს შეიძლებოდა მიეღო სამართლიანი გადაწყვეტა. და მართლაც, საქართველოში თითქმის არ იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ჩათვლიდნენ, რომ ახლა, სულ მცირე, ზაქათალის საკითხი არ იქნებოდა გადაწყვეტილი დაახლოებით 20 წლის 7 მაისის რუსულ-ქართული მოსკოვური ხელშეკრულების ფარგლებში. არ იყვნენ ასევე მოღუშული სკეპტიკოსები, რომლებსაც შეეძლოთ დაეშვათ, რომ არა მარტო ზაქათალას 33 % აზერბაიჯანლებით (თვით ისეთი ავტონომიის გარეშეც, როგორიცაა აფხაზეთის ავტონომია საქართველოში), მაგრამ რომ აზერბაიჯანს კიდევ მოუჭრიან სიღნაღისა და ტფილისის მაზრების ნაწილებს, ასეთი მოღუშული ცილისმწამებლებისა და სკეპტიკოსების მოძებნა შეუძლებელი იყო მთელ საქართველოში. და აი, როგორც ხედავთ, მოხდა რაღაც თითქოს და წარმოუდგენელი: მთელი ეს მიწები მისცეს აზერბაიჯანს, თუ არ ჩავთვლით იმათ, რომლებიც გამოიყენებოდა მათ მიერ როგორც ზამთრისა და ზაფხულის საძოვრები ცხვრებისათვის. მაგრამ ვჩქარობ გაგაფრთხილოთ, ნუ ეჭვიანობთ მოსკოვურ მთავრობაზე აზერბაიჯანელებისადმი მიმართებაში, ვინაიდან ეს გულისმიერი გატაცებით კი არ არის გაკეთებული, არამედ მშრალი ანგარიშით: თუ სომეთის ნახევარი და საქართველოს დაახლოებით მეოთხედი თურქეთს გადაეცა და მიემაგრა (დაუმტკიცდა), ყველაფერი ეს იმის გამო კი არ მოხდა, რომ მოსკოვურ მთავრობას ერთი აზიელები უფრო მეტად უყვარს, სხვები კი ნაკლებად, სულაც არა, აქ როგორც ჩანს, ანგარიშია და ზომა: ამიერკავკასიაში ახლა პოლიტიკა ლაგდება მოსკოვური და ანკარული სინთეზისა და თანამეგობრობისაგან, ვინაიდან ეს ყველაზე უკეთესი გზაა აღმოსავლეთისკენ მოძრაობისათვის კომუნიზმისა და გასაბჭოების დანერგვის მიზნით, – ამბობენ ძველი კომუნისტი და ახალგაზრდა კომკავშირელი; ნუ, კარგით, ჯერჯერობით დაე ასე იყოს, შემდეგ კი ვნახავთ, უმატებს სულაც არა ახალგაზრდა სმენოვხოველი. და მართლაც, განა საკვირველია, რომ ასეთ დიდ გეგმებსა და მიდგომებში მოუწევთ ცოტათი დაჩაგრონ და მსხვერპალადაც კი შესწირონ ორი ისეთი ხალხი, როგორიც ქართვლები და სომხები არიან. განა კი ისე სათაკილოა ჩიჩერინისათვის ორივე ხელით ითამაშოს ისმეტ-ფასასთან ლოზანის კონფერენციაზე, სადაც განიხილება სომხების საკითხი თურქეთში. ტრაგიკული საკითხი ხალხისა, რომელიც ადრეც განიცდიდა მძიმე ტანჯვა-წამებას, მაგრამ რომელსაც უკანასკნელ 9 წელიწადში თავზე დაატყდა ისეთი კოლოსალური უბედურებები, რომლებიც არ განუცდია არც ერთ ხალხს ამ წლების მანძილზე. ერს, რომელიც თითქმის ერთი მესამედითაა ამოწყვეტილი, და რომლის მეორე მესამედიც ლტოლვილებად გადაქცეული, თითქოს-და ჰქონდა საფუძველი დაიმედებულიყო, რომ მის წინააღმდეგ არ წავა კომუნისტური მთავრობა. თითქოს-და თვითონ სომხები დაშნაკების სახით არიან დამნაშავენი დაგვირგვინებული და დაუგვირგვინებელი აბდულ-ჰამიდების წინაშე. და მართლაც, დაახლოებით ისევე, როგორც დამნაშავენი იყვნენ კიშინიოვის, ბელორუსიისა და სხვა ებრაელები მათი ბუნდით რუსეთში კრუშევაკის, პლევეს, ნიკოლოზისა და სხვა სისხლიანი დამრბევების წინაშე. მაგრამ ახლა ამაზე არაა ლაპარაკი, დავუბრუნდეთ სამიწე-ტერიტორიულ საკითხებს. ამრიგად, რაც შეეხება ტერიტორიული საკითხების წარმოუდგენლობას კომუნისტურ საზღვრებთან მიმართებაში, ეს გასაგბია, თუმცა კი ჩვენი ვიწრო თალსაზრისით, აბსოლუტურად უპატიებელი. მიამიტური აღმოჩნდა ვიღაც-ვიღაცეების იმედები იმაზე, რომ რუსეთი სულ მცირე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას, რომ იგი დაუბრუნებს საქართველოს სოჭის რაიონს და სხვა (საერთოდ ჯიქეთს და . შ.), ვინაიდან აქ მას არ აქვს ხელები შეკრული აღმოსავლურ-მუსლიმანური ორიენტაციით; მაგრამ აქაც მოხდა წარმოუდგენელი ამბები: მოსკოვი უკვე აღარ დაკმაყოფილდა იმ საზღვრით, რომელსაც მან თვითონ მოაწერა 7 მაისს ხელი და წაართვა საქართველოს მიწის ზოლი ფსოუსა და მეხადირს შორის. ესეც ცოტაა, იგი თვით ქართულ-დენიკინური საზღვრითაც უკმაყოფილო აღმოჩნდა და, გადმოვიდა რა მეხადირზე, საზღვარი გაგრასთან გაატარა, მთელი სოხუმის ოკრუგი კი, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით (ისევე როგორ სამხრეთ-ოსეთიც) ფაქტიურად რუსიფიკაციის კერად და პლაცდარმად გადააქცია. საშინელი კოლონიზაციური მახრჩობელა დიდი ხანია სულს უხუთავდა ქართველ ხალხს: ახრჩობდნენ მას სულთნები და შაჰები, ახრჩობდა მას დასახმარებლად მოსული თეთრი მეფეც... თითქმის აღარ არის უკვე შაჰი, არ არიან არც მეფე და სულთანი, მაგრამ მათი წყეული მემკვიდრეობა მაინც მსწრაფლ მახრჩობელად ეხვევა ახლაც ქართველი ხალხის ყელს, და იგი ჯერერობით ვერ იხსნა ამისაგან დიდმა რევოლუციამაც, იგი კვდება უძლურებისაგან, მას სწირავენ ამოსაჟლეტად. ამრიგად, თქვენ ხედავთ, თუ როგორ ფართო და რევოლუციურ დაპირებებს აძლევდნენ ადრე უცხოტომელებს სამიწე-კოლონიზაციურ საკითხებში, და რაზე დავიდა ეს დაპირებანი. და XII ყრილობაზე ხომ ამ წყეულ საკითხებზე ხმაც კი არ ამოუღიათ: აქ უკვე იყო ლაპარაკები უფრო მაღალი და წმინდად სულიერი მატერიების შესახებ – ენისა და სხვა. უკვე აღარ არის ლაპარაკები ეროვნული თვითგამორკვევის შესახებ არა მარტო მთელი ხალხისა, არამედ თვით მოცემული ერის პროლეტარიატისაც კი, უფრო მეტიც, თვით ამა თუ იმ ხალხის კომუნისტური პარტიისაც: საკითხები დამოუკიდებლობის (независимости), საკუთარ ფეხზე დგომისა (самостоятельности) და მიწების დაბრუნების შესახებ – ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია დასამარებულია, ყველა დამოუკიდებელი და საკუთარ ფეხზე დამდგარი ერი უკვე განაპირა მხარეებადაა გადაქცეული, ამა თუ იმ მოკავშირე სახელმწიფოს ხალხი-პატრონი, რუსული სახელმწიფოს გარდა, რატომღაც პრაქტიკაში იწოდება უმცირესობად, ახლა კი კომპარტიის წინაშე იდგა საკითხი იმის თაობაზე, მისცენ თუ არა შესაძლებლობა ილაპარაკონ და იცხოვრონ თავიანთ მშობლიურ ენაზე იმ „დამოუკიდებელ“ ხალხებს, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ თავიანთ „განაპირა-უცხოხალხურ მდგომარეობაში“, და ჯერჯერობით ქაღალდზე გადაწყვიტეს ეს საკითხი დადებითად* (*და თვით საკითხიც არ ჩაითვლებოდა საკითხად, აღმოჩნდა, ლენინს რომ არ დაესვა იგი თავისი ხანგრძლივი ავადმყოფობის ორ პერიოდს შორის შუალედში). და თვით საკითხიც კი, როგორც დამრიგებლურად და ბოდიშის მოხდით განმარტავდნენ ყრილობაზე, დასმულია არა იმიტომ, რომ ითვლება ელემენტარულად სამართლიანად და მიზანშეწონილად არა მარტო კომუნიზმის თვალსაზრისით, და თვით უბრალოდ ლიბერალიზმისა და ადამიანურობის, არამედ იმიტომ, რომ, აღმოჩნდა, მთელი მსოფლიო იშვერს თითს რუსეთის რუსიფიკატორული და იმპერიალისტური პოლიტიკისაკენ, ხოლო ასეთი პოლიტიკა კი ძირს უთხრის აღმოსავლეთსკენ მოძრაობას. ყრილობაზე განმარტეს, რომ, ვითომ, რომ საქმე მთელ ამ უზბეკებსა და აზერბაიჯანლებში კი არა არის, არამედ იმაში, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს ეს მუსლიმანურ აღმოსავლეთზე, შეღავათები სჭირდებათ ყალმუხებს იმიტომ, რომ ეს ბიძია ტიბეტს მოეწონება, უნდა მოხდეს უკრაინელებისა და ბელორუსების მსუბუქად ნაციონალიზაცია, ეს შესაბამის შთაბეჭდილებას მოახდენს მათ საზღავარგარეთელ ძმებზე პანების პოლონეთში. ასეთია ჯერჯერობით ვითარება. განა მართალი არ არის, თუ როგორ ცოტაა აქ რევოლუციური და სამართლიანი და როგორ ცოტაა ორიგინალური თვით ეროვნული პოლიტიკის მეთოდებშიც კი რევოლუციამდელ ხანასთან შედარებით, როდესაც ასევე კარგად იცოდნენ ყალმუხი ესაულებისა და ქვეესაულების ფასი ტიბეტური პოლიტიკის ასპარეზზე?! ბოლოს და ბოლოს ხომ XII ყრილობამ აღმოუჩინა მოკავშირე რესპუბლიკებსა და ხალხებს ის წყალობა, რომ ამ ხალების ენა თავისთან სახლში ღებულობს თანასწორობას რუსულ ენასთან, ე. ი. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რევოლუციური წევრის ენასთან. განა მართალი არაა, აქვთ მოკავშირე რესპუბლიკებს თუ რითი მოვიდნენ ბედნიერებაში (в умиление)?! და რაც შეეხება ამიერკავკასიას, იქაურ პოლიტიკურ და სხვა პირობებში და ერთიანი ამიერკავკასიური რესპუბლიკის დროს „ენების თანასწორობა“, ალბათ, ჰქმნის ბაბილონურ არეულ-დარეულობას, და ფაქტიურად მოუწევს ყველასა და ყველაფერზე იბატონოს (довлеть) რუსულმა ენამ პატიოსანი და უანგარო მაკლერის სახით, რომელიც ერთნაირად არ ესმის ყველა კავკასიელ ხალხს. ერთი საინტერესო შეკითხვაა. სსრკ თავის პროექციაში – მსოფლიო გაერთიანებაა, სულ მცირე, ჯერჯერობით ევროპული. პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და სხვები სსრკ-ის ჩანაფიქრითა და ბევრი ავტორიტეტული განცხდებით, დაწყებული კავშირის ოფიციალური ორგანოთი „სცაკ-ის უწყებანი“ იქნებიან გასაბჭოებული და 6 მაისის კონსტიტუციის საფუძველზე, – შემოვლენ კავშირში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი (პოლონელები, გერმანელები, ფრანგები და სხვა) ასევე მიიღებენ ენების „თანასწორობას“, ე. ი. ექნებათ უფლება თავიანთ მშობლიურ ენაზე შეჰქონდეთ ქაღალდები. ყველაფერი ეს იქნება, და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ისმის კითხვა – იქნებიან თუ არა ისინი აღტაცებულნი იმით, რომ მათი ენა ვარშავაში, ბერლინში, პარიზსა და სხვაგან, იქნება თანასწორუფლებიანი რუსულ ენასთან. თუმცა კი ბოდიშს ვიხდი, ეს პოლემიკური კითხვა საჭირო არა არის, ვინაიდან დამავიწყდა, რომ ჩვენ (ასევე რუსეთის სხვა მოკავშირეებიც) მცირე ხალხი ვართ, და ხომ ცნობილია – რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. პარიზი და თბილისი, ფრანგები და ქართველები, – მართლა, როგორ პრეტენზიული და გაბედულია ეს თვით რევოლუციური კომუნიზმის თვალსაზრისითაც კი! და, გარდა ამისა, არასოდეს არ უნდა ვივიწყებდეთ, რომ ამ „სიმინდის რესპუბლიკის“ თავზე 100 წელზე მეტ ხანს ფრიალებდა რუსი მეფის დროშა, რომლის მემკვიდრეც გახლავთ რუსული რევოლუცია. აი ეს მყარად ახსოვს რუს კომუნისტს, და ამიტომ раскатисто და გულიანად შეუძლია ხარხარებდეს, როცა ხედავს, რომ ქართული ბაყაყი იბერება, რათა გერმანულ ან ფრანგულ ხარს მიემსგავსოს. მოდით დავასრულოთ ეს კრიტიკული შენიშვნები ბოლშევიზმის შესახებ, ჩამოვაყალიბებთ რა მათ რამდენიმე სიყვით. ჩვენ ვეკამათებოდით რუსულ ბოლშევიზმს, ჯერ ერთი, როგორც სოც-დემოკრატები და, მეორეც, როგორც ქართველი მუშები და გლეხები, რომლებიც რევოლუციის მეშვეობით განთავისუფლდნენ ეროვნული ჩაგვრისგანაც. პირველსა და მეორე შემთხვევაშიც, უდიდესად სასინანულოდ და საზარალოდ მთელი პროლეტარიატისა და ქართველი ხალხისათვის, ჩვენი ძირითადი შეფასება და ჩვენი პროგნოზი სწორი აღმოჩნდა. უკანასკნელი წლების მთელმა ისტორიამ ურყევად დაადასტურა, რომ რუსული რევოლუცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოცემულ დროში სოციალისტური, რომ მისი ბოლშევიკური გადაფასება (ზედმეტად შეფასება) და შესაბამისი ტაქტიკა მოიტანს დაუთვალავ მსხვერპლს, რომ ასეთ ტაქტიკას შეუძლია დროებით დაღუპოს რევოლუცია. ან კიდევ ბოლშევიკურ ხელისუფლებას სასტიკი გაკვეთილების შემდეგ მოუწევს უკან დაიხიოს ანტიმეფური ან ანტითავადაზნაურული რევოლუიის პოზიციაზე სამოქალაქო ომისა და წარმოუდგენელი გაღატაკების ატმოსფეროში, გამოწვეულის და გამწვავებულისა უიღბლო და წარუმატებელი სოციალისტური ცდით (მცდელობით), მოუწევს მას თვითონაც დაამყაროს პოლიტიკური რეაქცია. რაც შეეხება ქართულ საკითხს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსული რევოლუციის ისტორიული აზრი საქართველოში იმაში კი არ შედგებოდა, რათა მისი გასაბჭოება მოეხდინა, არამედ იმაში, რათა აღედგინა ერთიანი განუყოფელი რუსეთი ახალი სოუსის ქვეშ, იმაში, რათა მოესპო ქართული სახელმწიფოებრიობა, მოეხდინა მისი ანექსია ამა თუ იმ ფორმით. ახლა კი, განა შეიძლება კითხვის დასმა იმაზე, გამართლდა თუ არა ჩვენი პროგნოზი ეროვნულ საკითხში?! მე თქვენ გეკითხებით, რაში უნდა გვქონდეს სინანული ჩვენ, მენშევიკებს, და კერძოდ კი, ქართველ მენშევიკებს? რითი უნდა ვიყოთ აღტაცებულნი გასული წლის მთელი ამბების შემდეგ ბოლშევიზმში? იმით ხომ არა, რომ იგი ოთხ წელიწადს ჯიუტად იდგა თავის შეცდომაში და მეხუთე წელს კი ძირითად საკითხში უკან დაიხია მენშევიზმის პოზიციაზე, ესე იგი საბოლოოდ ჩაწიხლა (доконал) პროლეტარიატი და რევოლუცია და ამ თავისი უკანდახევით მენშევიზმისაკენ საგრძნობლად შეამსუბუქა პროლეტარატის ნარჩენებისა და მთელი ხალხის მდგომარეობა? ან ჩვენ არ აღმოვჩნდით მართლები ჩვენს ქართულ საქმეში, და რუსულმა ბოლშევიზმა შეასრულა თავისი სიტყვა და არ მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა?! ან კიდევ, შეიძლება, ამოვიდეთ იქიდან, რომ ბოლშევიზმს შეეძლო გაეკეთებინა უარესი რუსულ რევოლუციაშიცა და ქართულ საკითხშიც, მაგრამ, არ გააკეთა? შეიძლება, თუმცა კი ქართულ საკითხში იგი იმ ზღვრამდე მივიდა, რომელსაც უკვე ვეღარ გადააბიჯებს. მახსოვს ასეთი შემთხვევა მეტეხის საპყრობილეში: მოხუცი გლეხი ჩეკამ გაანთავისუფლა შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, ისე რომ მისთვის ბრალდებაც კი არ წარუდგენია. მოხუცი აღტაცებული იყო ასეთი წყალობისაგან და ლოცავდა მის განმათავისუფლებლებს; ჩემს შენიშვნაზე, რომ მას, ალბათ, აქვა რაიმე პატარა ცოდვა, თუ არადა რატომ მოდის იგი ასეთ ნეტარებაში ჩეკას მოქმედებისაგან, მან საკმაოდ ორიგინალურად მიპასუხა: „მე, ღმერთმანი, არაფერში ვარ დამნაშავე, ჩემთვის ბრალდებაც კი არანაირი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ ჩვენ ხომ ახლა ისეთი მკაცრი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც შეუძლია დამხვრიტოს კიდეც სასამართლოს გარეშე ან კიდევ იმდენ ხანს გამაჩეროს ციხეში, რამდენსაც მოისურვებს; ხომ შეეძლოთ არც გავენთავისუფლებინე“. და მართლაც, ეს გლეხი თავისებურად მართალი იყო, მაგრამ ჩვენ და თქვენ ხომ, არჩილ, მაინც ამ თვალსაზრისზე დადგომა როგორღაც არ შეგვეფერება. ჩვენ და თქვენ ხომ არა მარტო არ მოვალთ აღტაცებაში, არამედ არც კი გავამართლებთ, მაგალითად, იმ „კეთთილშობილ ბანდიტს“, რომელმაც გაძარცვა ადამიანები გზაში და არა მარტო არ დაუხოცავს ისინი, არამედ ქვედა საცვლები და კიდევ რაღაც-რაღაცეები მაინც დაუტოვა, და, შესაძლოა, ნაძარცვი ფულიდან სახლებამდე საგზაო ხარჯებისთვის რაღაც ნაწილი უკანვე დაუბრუნა. (მაპატიეთ შედარების გარკვეული სიმკვეთრისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ ანალოგიაა). უნდა შეგინიშნოთ, რომ მე სრულებით შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ თქვენი ჯგუფის საქციელი ავხსნა ანგარებით, პირადი სიმხდალით (არ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ცალკეულ პიროვნებებზე) და ა. შ. საქმე იმაშია, რომ აგერ უკვე 10 წელიწადია, რაც ჩვენ მთელ ხალხთან ერთად ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ უსაშინლეს ქარიშხალში თავიდან მსოფლიო ომისა, შემდეგ რევოლუციის და, ბოლოს, ომისა ეროვნული არსებობის და ეროვნული თავისუფლებისათვის. ბუნებრივია, რომ ყველა და ყველაფერი გამოიფიტა (истощилось). 1921 წლის იანვრის ბოლოს საქართველოსათვის თითქოს-და საბოლოოდ ნათელი შეიქნა ჰორიზონტები, მისთვის გაიხსნა თავისუფალი შრომისა და შემოქმედების ასპარეზი, მაგრამ სწორედ ორი კვირის შემდეგ მას თავზე დაატყდა ახალი უბედურება რევოლუციური ინტერვენციის სახით. იგი 3 წელია დაკავებული აქვთ რუსულ ჯარებს, და მის კვალდავალ უკვე კავშირის სახით მოახდინეს მისი ანექსია მეტი თუ ნაკლები ხარისხით, მაგრამ მასები და მათი ბელადები, ალბათ, დაიღალნენ, განსაკუთრებით დაიღალნენ ის ჯგუფები, რომელნიც არა იმდენად თავიანთ ძალებზე, აგრეთვე შინაგან სოციალისტურ რევოლუციასა და თავიანთი ხალხის ეროვნულ სიმართლეზე, თავიანთ ბრძოლაზე ამყარებდნენ იმედებს, არამედ საერთაშორისო ჩარევაზე რუსულ-ქართულ დავასა და კამათში ევროპული ოფიციალური ძალების მხრიდან. ამ ძალებმა ზომაზე მეტად გვიან დაიწყეს იმედგაცრუება თავიანთ გულუბრყვილობაში, რწმენასა და იმედში ევროპის ბურჟუაზიულ ძალებზე. ამასთან ერთად საქართველოს თავზე სულ უფრო ძლიერ და ძლიერ დაიწყო საოკუპაციო ტერორის გრიგალური ცეცხლების გადმოსვლა. ყველა ამ თებერვლისეულ და შემდგომ ბართლომეს დღეებსა და ღამეებს, დაბოლოს, ყოველგვარი რესპუბლიკების გაბედულ და სრულიად ღია განადგურებას, ამასთანავე ლოზანაში სომხებისა და სომხეთის სოლიდარულ მსოფლიო ღალატს – ყველაფერ ამას შეეძლო შეექმნა ნიადაგი იმისათვის, რათა ქართველი ხალხის ბრძოლის მოცემული ეპიზოდი არა მარტო სრული ეროვნული თავისუფლებისათვის, არამედ გარკვეული სახელმწიფოებრივი ავტონომიისთვისაც, უკვე წაგებული ყოფილიყო. ზოგიერთ ცალკეულ ჯგუფს, როგორც ჩანს, შეექმნა სწორედ ასეთი განწყობა, საიდანაცაა დარწმუნება იმაში, რომ უკან უნდა დაიხიონ, აღიარონ დამარცხება, შეეცადონ თუნდაც იმ მცირეს შენარჩუნებას, რაც ჯერ კიდევ დარჩა, მაგალითად: საქართველოში 75 %-იან „მპყრობელ“ ქართველ ხალხს შეუნარჩუნონ თუნდაც 55 % ადგილებისა, რომლებიც მათ ჯერ კიდევ რჩებათ, და მისი მსგავსი. ჩემი აზრით, აი ასეთი განწყობა წარმოადგენს კიდეც სარჩულს აზერბაიჯანელი მოლების, მუსავატისტთა და დაშნაკების ჯგუფების გამოსვლისათვის, აგრეთვე თქვენთვის და ნაციონალისტთა ჯგუფისათვის. ამასთან, პირველ სამ ჯგუფში დაიმზირება რაღაცნაირი მცდელობა მეტ-ნაკლებად ღირსეულად და თავის დაფასებით დაიხიონ უკან, და ამ მიმართებით თქვენს ჯგუფს და პარმენ გოთუას ჯგუფსაც გაქვთ, თუ რა შეგშურდეთ პირველი ჯგუფებისა. ახლახანს თქვენ წერილში „რუბიკონზე გადავედით“ წერდით, სხვათა შორის, როგორც გოგოლაძეც, რომ, ვითომ, ახლაც ვერ დავდებთ, თუნდაც ცუდ, მაგრამ მაინც მშვიდობას (ზავს) ეროვნული კულტურის, ეკონომიკისა დ ა. შ. ხელშეწყობისათვის. მაგრამ მაშინ ასე თქვით კიდეც! მაგრამ ილაპარაკეთ ეს ბოლომდე ღირსებით და გულწრფელად. თქვენ ფიქრობთ, რომ იყო დამარცხებული ჩვენს პირობებში და აღიარო ეს შენი დამარცხება რუსეთ-საქართველოს ბრძოლაში უკვე ასეთი სამარცხვინოა? თუ არადა რისთვისაა მთელი ეს თქვენი მენშევიკური შახსეი-ვახსეი, მთელი ეს შენანებანი, თვითცემა, საკუთარი თავისათვის შეფურთხებანი? მაინც ვინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ ბოლშევიზმის სოციალურ-პოლიტიკური დამარცხების შემდეგ რუსეთში და მისი ეროვნული საქმეების შემდეგ საქართველოში არა უბრალოდ „ბაბა დაუძახეთ გამარჯვებულ დათვს“, ქართული ანდაზის თანახმად, არამედ უეცრად იწამეთ სიწმინდე ბოლშევიკური სწავლებისა? ვინ დაუჯერებს პარმენ გოთუას იმაში, რომ იგი მთელ სიცოცხლეში ოცნებობდა ეროვნული საკითხის საბჭოთა გადაწყვეტაზე საქართველოში და, ბოლოს, დადგა კიდეც ეს დრო, მაგრამ არა სრულიად, ვინაიდან საბჭოთა საქართველოს სათავეში დაყენებული იქნენ ისეთი „შოვინისტები“, როგორებიც არიან მახარაძე და მდივანი. მაგრამ აი როცა ამ „შოვინისტებისაგან“ გაათავისუფლეს საქართველო და იგი „მოკავშირე რესპუბლიკების“ სიიდანაც კი „ძმურად“ ამოშალეს, აი მაშინ პარმენ გოთუამ თქვა გულწრფელად და სინდის-ნამუსიანად: „აწ განუტევე მონაჲ შენი მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა“. არა, ბატონებო, ეს ძალიან ცუდია! შეიძლება და აუცილებელიცაა ზოგჯერ შეალამაზო შენი სიტყვები, საქციელი და სხვა, მაგრამ საფუძველში ყოველთვის უნდა იყო პატიოსანი და გულწრფელი. ეს აბსოლუტურად აუცილებელია ყველასათვის, სადაც და როგორი პოზიციაც არ უნდა გეკავოთ. ამდგარიყავით და უბრალოდ გეთქვათ, რომ საქმე წაგებულია, ჩვენ დამარცხებულები ვართ, ვემორჩილებით და პატიოსნად ვაღიარებთ არსებულ მდგომარეობას, და სინდის-ნამუსიანად ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ იმ სარბიელზე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ქართველ ხალხს. აი კიდეც ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ასეთ შეფასებაში, საკითხის დასმაში შეიძლება იმალებოდეს შეცდომა, მაგრამ არაფერი უღირსი ამაში არ იქნებოდა: აქ გამოვლინდებოდა უფრო მეტი პატივისცემა საკუთარი თავისადმიც და თავისი ხალხისადმიც და თავისი გამარჯვებული მოწინააღმდეგისადმიც. ამაში მდგომარეობს კიდეც შეცდომა ვითარების თქვენი დაფარული შეფასებისა. და მე აქ არ დავიწყებ განსჯას, ვინაიდან, ჯერ ერთი, მე ზომაზე მეტად დიდი ხანია მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროსაგან და ვერ ვფლობ საკმარის მონაცემებს, და, მეორეც, მე რაღაც გარკვეული შეხედულება რომ მქონოდა კიდეც, მოვალეობად მივიჩნევდი უწინარეს ყოვლისა მეცნობებინა ამის შესახებ ჩემი პარტიისათვის, მაგრამ ჩეკას მეშვეობით ხომ არა! (სხვა შესაძლებლობა კი მე არ გამაჩნია!) და, ბოლოს, დამეთანხმეთ, ხომ არ შემიძლია მე თქვენ გაგიზიაროთ ჩემი პარტიულ-პოლიტიკური მოსაზრებები და ვარაუდები, ვინაიდან თქვენ უკვე დაკარგეთ ამის უფლება. ასევე მე არ შემიძლია მქონდეს იმის პრეტენზია, რომ თქვენი ჯგუფი გვაწვდიდეს მე და ჩემს ამხანაგებს ინფორმაციას თქვენი აზრებისა და განზრახვების შესახებ. თქვენ ლაპარაკობთ თუნდაც მძიმე ზავის დადების მიზანშეწონილობის შესახებ და სხვა, მაგრამ განა ასეთი მდელობები არ ყოფილა? და განა ისინი არ იმსხვრეოდა მოწინააღმდეგის ხასიათზე, რომელსაც შეუძლია წავიდეს ნებისმიერ ზავზე, თუ ვარაუდობს რომ მოწინააღმდეგე მასზე ძლიერია, მაგრამ არ უშვებს არანაირ ზავსა და შეთანხმებას, თუ მხოლოდ მოცემულ მომენტში თვითონ ფიზიკურად თავის მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერია, განსაკუთრებით კი, თუ ეს მოწინააღმდეგე მისი უახლოესი ნათესავებიდანაა – მუშურ-სოციალისტური ტომიდან. სუსტი მცდელობის სახით თქვენი საქციელის გამართლებისათვის, იქნებ, შეიძლება დავეთანხმოთ იმ ფაქტს, რომ ახლანდელი ხელისუფლება საქართველოში არა მარტო არ აძლევს მოწინააღმდეგეს შესაძლებლობას ღირსეულად უკან დაიხიოს, მაგრამ არ აღიარებს და არც უშვებს კაპიტულაციასაც კი ღირსებითა და საკუთარი თავის პატივისცემით. ესაა ძალა და ხელისუფლება, რომელიც გახლავთ არა მარტო რევოლუციური შემოქმედების შედეგი, არამედ მნიშვნელოვან ხარისხად წარმოადგენს კიდევ სოციალური დაშლისა და გახრწნის პროდუქტსაც, და თანაც ადგილზე თავისი არაორგანიული წარმოშობის ატმოსფეროში, საოკუპაციო ვითარებაში; ამ ხელისუფლებას თავის ბუნების მიხედვით უნდა მოწინააღმდეგისაგან მიაღწიოს არა მის კრახს, კატასტროფასა და კაპიტულაციას, არამედ სწორედ ლპობად გახრწნას, არა კრისტალურ ნგრევას, არამედ ლპობის პროცესს, ლპობის, ნაღვლის, დაშლის სუნს. შესაძლოა, იგი არ დასჯერდა თქვენს უბრალო და პატიოსან კაპიკულაციას და თქვენგან მოითხოვა, რათა თქვენ ყველანი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე გახრწნილიყავით, რათა (ყროლის) რაღაცნაირი თაიგული გამოგეშვათ, რომ თქვენ შეგეფურთხებინათ თქვენი ამხანაგებისათვის, მათი საფლავებისათვის, თქვენი წარსულისათვის, თქვენი სიწმინდეებისათვის, მათგან თვით იმათთვისაც კი, რომლებიც მათთან ჩვენ საერთო გვქონდა. ყველანაირი ჟანსაღი ძალა ხომ, სულ ერთია მეგობრული თუ მტრული, ყოველთვის ზიზღით იბრუნებს პირს „თვითლპობისა“ და თვითგახრწნის ამ სურათებისაგან. უნდა ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს წესი სუნებით და მთელი ეს პროცედურა თქვენ მოგაწერეს როგორც პირობა კაპიტულაციისა (ახლანდელ დროში ასე ხდება, რომ უპირობო კაპიტულაციაზე წამსვლელებს მიაწერენ პირობას, რათა მიიღონ მათი კაპიტულაცია). მაგრამ თქვენ მაინც უკიდურესობამდე გადააჭარბეთ. მაინც მითხარით, რისთვისაა ეს თვითგვემა და სინანული ცოდვების გამო, შუასაუკუნოებრივი მყვირალების მსავსად, რომლებიც ინკვიზიციის სასამართლოს წინ იფიცებდნენ იმას, რომ ნამდვილად ჯადოქრები არიან და ღამ-ღამობით მგლებზე ამხედრებულები და ცოცხებზე შემომჯდარნი მგზავრობენ? რა საჭირო იყო აღიარება, რომ თქვენ უგზავნიდით იარაღს ღვინის კასრებში (აი როგორი დაწვრილებითი ამბავია) სხვას არავის თუ არა... დენიკინს? მართალია, ჩვენს ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა დამპყრობლები ჩვენი წინაპრებისაგან მოითხოვდნენ არა მარტო გიაურული რელიგიის უარყოფას, არამედ კიდევ, არამედ რათა მათ საჯაროდ ფეხით ეთელათ ყველაზე უფრო პატივცემული ხატები ან საჯაროდ ეფურთხებინათ მოედანზე სახეში და პირშიც კი ყველაზე უფრო პატივცემული მწყემსებისათვის, მაგრამ ამ ადამიანებს სულ მცირე უხდებოდათ ტყავში გამძვრალიყვნენ, რათა როგორმე მოეხერხებინათ თავად საკუთარ სულში ჩაეფურთხებინათ (но этим людям по крайней мере приходилось выворачиваться наизнанку, чтобы как-нибудь умудриться самому себе плюнуть в душу). თქვენი ტფილისის კონფერენცია (აგრეთვე ს. ორჯონიკიძე მასზე თავის გამოსვლაში) სთავაზობს ციხეებში მსხდომ ქართველებს, აგრეთვე ჩვენც, ვინც რუსულ ტყვეობაში ვიმყოფებით, ციხეებსა და დასახლებაში, მივყვეთ თქვენს მაგალითს, მოვინანიოთ და თავისუფლებაც მივიღოთ. ჯერ ერთი, თქვენ, მგონი, დროა იცოდეთ, რომ ციხე მეტად და მეტად ნაკლებად მოსახერხებელი და ნაკლებად ღირსეული ადგილია თავისი შეხედულებების გადაფასებისა და სინანულისათვის, რომელთაც შედეგად აქვთ განთავისუფლება (უკვე არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ საბჭოთა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისთვისაც მეტად მოუხერხებელი პუნქტია დაკვირვებისა), და ადამიანებიც, რომლებიც ცოტათი მაინც პატივს სცემდნენ საკუთარ თავს და ინარჩუნებდნენ სულიერი ძალების თუნდაც ნარჩენებს, ზიზღით უარს ამბობდნენ ყოველთვის მსგავს უღირს ვაჭრობაზე. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ძველ დროში ასეთი წინადადებების მიცემა შეეძლოთ ყველაზე უფრო გაბედულ ცინიკოსებს წყობილების დამცველთაგან, და ისინიც კი დარცხვენით დაბლა ხრიდნენ თვალებს და ასეთ ვაჭრობას საჯაროდ არ ეწეოდნენ. და ვბედავ თქვენ დაგარწმუნოთ, რომ ასეთი წინადადებები ერთნაირად სამარცხვინოა და უღირსი, დამოუკიდებლად იმისაგან, მათ მის ვინ უკეთებს – რევოლუციონერები რეაქციონერებს თუ პირიქით. ეს ხელისუფლება ახლა ერთადერთი მემკვიდრეა რევოლუციისა, სხვა ორგანიზებული რევოლუციური ძალები ახლა აღარ არიან რუსეთში. ეს ხელისუფლება, თავისი ტირანიის მიუხედავად, მაინც არსებითად რევოლუციის ამ მხარეზე იმყოფება, მისი ძალადობრივად დამხობა – ეს ნიშნავს გზა გავუხსნათ თავადაზნაურულ რეაქციასა და რესტავრაციას, ძალაუნებურად დავეხმაროთ მას. ყოველივე ეს დიდი ხანია ნთქვამია და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, მაგრამ რა შუაშია აქ სინანული მენშევიზმის გამო? ეს, რაც შეეხება რუსეთს. ჩვენ კი, ქართველი სოციალ-დემოკრატები, გამოდის, უნდა ვინანიებდეთ ჩვენს რწმენასა და საქციელს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულმა არმიებმა იზეიმეს გამარჯვება ქართულ არმიებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ეს პანკრატოვები, პოლკოვნიკი მოროზოვები, ზაკჩეკა და გრუზჩეკა სისტემატიურად ზეიმობენ გამარჯვებებს ჩვენზე და ქართველ ხალხზე? გამოდის, ჩვენ უნდა ვინანიებდეთ იმის გამო, რომ გადავწყვიტეთ რუსული არმიებისაგან დაგვეცვა ხალხის თავისუფლება და დამოუკიდებლობა?! შესაძლოა, თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველომ რუსეთთან წააგო არა მარტო 1921 წ. ომი, არამედ უკანასკნელი პოლიტიკური ბრძოლაც, ეროვნული თავისუფლებაც ახლანდელ დროში?! ეს რომ ასეც ყოფილიყო, მაშინ ამ სამწუხარო დამარცხებაშიც არაფერი სამარცხვინო და დამამცირებელი არ იქნებოდა არც ქართველი ხალხისათვის, არც მისი პოლიტიკური პარტიებისათვის. თვალს ავლებს რა განვლილ გზას და ყოველივე მომხდარს, ჩვენს პარტიას სიამაყით შეუძლია თქვას, რომ მისი საქციელი ყოველივე ძირითადში იყო სწორი და ღირსეული, და როგორც საქართველოს მუშებისა და გლეხების პარტია იგი სრულიად სუფთაა. ამისათვის რამდენიმე სიტყვით შეგახსენებთ ჩვენი ქცევისა და პოზიციების საფუძვლებს საბჭოთა ხელისუფლებასთან მიმართებაში როგორც რუსეთში, ისე საქართველოშიც. თქვენ გვთავაზობთ დავექვემდებაროთ და შევურიგდეთ საბჭოთა ხელისუფლებას. მაგრამ განა არ იცით, რომ ამ ხელისუფლებას, განსაკუთრებით საქართველოში, არ შეუძლია ურიგდებოდეს არანაირ ორგანიზებულ ძალას. 21 წლის 10 აპრილს ხომ ქართულმა სოციალ-დემკრატიამ მოახდინა საკუთარ თავზე ზედმიწევნით გმირული ძალისხმევა: ამოვიდა რა სანგრებიდან დამარცხების შემდეგ ომში ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლებისათვის, რევოლუციისა და სოციალიზმის პატივისა და ღირსებისათვის, ჯერ კიდევ მებრძოლთა ღია საფლავების თავზე მან მონახა საკუთარ თავში გაბედულება და მზადყოფნა (решимость) ჩაეხშო თავის თავში წმინდა აღშფოთების ბუნებრივი გრძნობები მათ წინააღმდეგ, ვინც ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრნენ საქართველოში ქართველი მუშებისა და გლეხების გვამების მთებზე გადმოვლით; მშობლიური მშრომელი ხალხისა და ერთიანი მსოფლიო მუშათა ფრონტის ინტერსებში იგი დაეთანხმა ფაქტიურად მიეღო საბჭოთა ხელისუფლება, გამხდარიყო ლოიალური მის მიმართ იმ მინიმალურ დაპირებათა შესრულების პირობებში, რომლებიც საზეიმოდ იქნა განცხადებული ახალი ხელისუფლების მიერ და რომლებიც სულ მცირედაც კი არ ეწინააღმდეგებიან არც ნამდვილ კომუნიზმს, არც საბჭოთა ხელისუფლების პრინციპს. თქვენ ალბათ გახსოვთ ეს ისტორიული დაპირება საოპერო თეატრში, გახსოვთ, მე ვფიქრობ, რომ დეკლარაცია ერთსულოვნად იქნა მიღებული და გამომსვლელთაგან მხოლოდ ორმა შემოიტანა გარკვეული დისონანსი (ა. რუხაძემ და ს. ფარნიევმა), მათ, ვინც ვერ შეძლო ჯერ კიდევ ჩაეხშო საკუთარ თავში ბუნებრივი გრძნობა აღშფოთებისა. ამრიგად, 10 აპრილს ჩვენმა პარტიამ შეძლო გადაედგა კოლოსალური ნაბიჯი შერიგებისა და კომპრომისისაკენ. მაგრამ თქვენ ისიც იცით, რომ ამ შემრიგებლურმა ნაბიჯმა ჩვენს მოწინააღმდეგეთა ბანაკში ფორმალური პანიკა მოახდინა, იქ სწორედ სურდათ, რომ ჩვენ ისინი არანაირი ზომით არ გვეცნო და გვეღიარებინა; იქ, ბუნებრივია, ეშინოდათ პოლიტიკური მშვიდობის და თანხმობისა ისეთ ძლიერ ორგანიზაციასთან, როგორიც ჩვენია, და მართლაც (пожалуй), ეს პანიკა ბუნებრივი გახლდათ მათი მხრიდან, ვინაიდან მათ უკან თითქმის არაფერი იყო, უცხოური არმიების გარდა, და ამასთან ერთად ჩვენს შეთანხმებას მათთან შეეძლო მნიშვნელოვნად დაესუსტებინა კოლონიზატორული რუსიფიკატორული საქმიანობის გაქანება, ეს კი არანაირი ზომით არ შედიოდა იმ ძალების ანგარიშში, რომლებიც დაუფლებული იყვნენ საქართველოს. თქვენ იცით, რომ თუმცა სოციალ-დემოკრატიამ ვერ მიიღო ლეგალურობა, მაგრამ მან თითქმის მთელ ფრონტზე სრულიად შეაჩერა ყველანაირი მუშაობა თითქმის 8 თვის მანძილზე, იმ მოლოდინითა და იმედით, რომ გაუვლის საომარი მხუთრი ახალ ხელისუფლებას, გაუვლის შიშიც მშვიდობის მიმართ სოციალ-დემოკრატიასთან. სოციალ-დემოკრატიამ მისცა მითითება ყველა თავის ამხანაგსა და მოსახლეობას მჭიდროდ ეთანამშრომლათ დამყარებულ ხელისუფლებასათან სამეურნეო, კულტურულ და სხვა ნიადაგზე. თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ ერთი თვის შემდეგ, როგორც ახლახანს გამოთქვა ს. ორჯონიკიძემ, მენშევიკების ამნისტია დასრულდა. დაიწყეს ჩვენი სასიკვდილოდ გამეტება. ჩვენ თითქმის ტოლსტოისეული არწინააღმდეგობით ვუპასუხეთ. ჩვენ გვცემდნენ, ჩვენ კი არც ვყვიროდით, ჩვენ იატაკქვეშეთში გვერეკებოდნენ, ჩვენც იქ მივდიოდით, მაგრამ იატაკქვეშეთშიც არაფერს ვაკეთებდით – არ ვიბრძოდით. ასე ვგტანჯავდნენ ჩვენ 7 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ნაწილობრივ მოგვიხდა ჩეკისტური რეპრესიების გამანადგურებელი ცეცხლისაგან თავი შეგვეფარებინა. მაგრამ ჩვენი ტაქტიკის ძირითად ხაზს ზოგადად მაინც არ ვცვლიდით, და ამ დღეებზე რომ ვთქვათ, რომ საქართველოში ბრძოლა მიდიოდა თავის საფუძველში მმართველობის საბჭოთა ფორმის მომხრედ და საწინააღმდეგოდ, ეს ნიშნავს ვთქვათ უღირსი სიცრუე. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური სიყალბე ვიღაცას ხელს აძლევს, მაგრამ ის მაინც დიდი ხანია მხილებული სიყალბეა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია ამ სფეროში კოლოსალურ პრინციპულ კომპრომისზე მიდიოდა. ამის შესახებ მეტყველებენ 10 აპრილის დეკლარაცია, ჩვენი პარტიის ცეკას შემდგომი გაბნმარტებანი, საპასუხო განცხადება ქუთაისის ციხეში პყრობილთაგან (21 წ. ივნისი) გარდაცვლილი ამხანაგის პარმენ ჭიჭინაძისა და ჩემი ხელმოწერით (ეს განცხადება ჩეკაშია), და, ბოლოს, მთელი ჩვენი ქცევა. მაგრამ სწორედ ამ ჩვენი კომპრომისისა პოლიტიკურ სფეროში ცეცხლზე უფრო მეტად ეშინოდა ოკუპაციას, ვინაიდან არსებითად მისი ხაზი გახლდათ ანტიქართული ნაციონალიზმი, და არ სოციალისტური ინტერვენცია. ქართული სოციალ-დემოკრატია მიზანშეწონილად მიიჩნევდა ხალხების თვითგამორკვევას, მათ რიცხვში ქართველი ხალხისაც, დემოკრატიის მეშვეობით, საერთო დამფუძნებელი კრების მეშვეობით. რუსეთი კი უფრო ადრე და ცალკე თვითგამოერკვა. მაგრამ ეს გარემოება არა მარტო არ ართმევდა საქართველოს თვითგამორკვევაზე უფლებას, არამედ, პირიქით, ავალდებულებდა მას უფრო მალე თვითგამორკვეულიყო. ქართველმა ხალხმა, და პირველ რიგში მუშებმა და გლეხებმა, გადაწყვიტა დაემყარებინა საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკური არსებობა. განა მართალი არ არის, ყველაფერზე უბრალო და ბუნებრივი რამაა?! მხოლოდ რევოლუციურად მოდერნიზებულ რუსულ დიდმპყრობელობას არ შეეძლო ჩვენთვის ეს „თავხედობა“ ეპატიებინა. ჩვენ ამისათვის უკვე არა მეფისა და სამშობლს მოღალატენი გვიწოდეს, არამედ რუსული პროლეტარიატისა და მისი რევოლუციის მოღალატენიც. და თქვენ ხომ უნდა გახსოვდეთ, თუ როგორი იყო ქართული სოციალ-დემოკრატიის დამოკიდებულება ოქტომბრის გადატრალებისადმი. საბჭოთა გადატრიალების პირველივე დღეებიდან ქართული სოციალ-დემოკრატია ერთსულოვნად გამოაცხადეს დამღუპველად და ობიექტურად კონტრრევოლუციურად, იგი სოციალისტური ინტერნაციონალის წევრის საკუთარ ვალად თვლიდა მხარი დაეჭირა ბრძოლის პოლიტიკისათვის რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ (თავის უმავლესობაში ხომ რუსი სოციალ-დემოკრატებიც ზოგადად და მთლიანობაში ემხრობოდნენ ამავე პოლიტიკას). შემდეგ, თქვენ მშვენივრად იცით, რომ საქართველოს მუშები არა მარტო არ ემტერებოდნენ საბჭოთა რუსეთს, არამედ სურდათ დაემყარებინათ მასთან მეგობრული ურთიერთობანი, ამ მიზნით მათ აირჩიეს თავიანთი მუშათა დელეგაცია კავშირის დასამყარებლად რუსულ პროლეტარიატთან. მაგრამ კი მოხდა წარმოუდგენელი, მუშურ-გლეხურმა მთავრობამ უარი თქვა შეეშვა ქართული მუშათა დელეგაცია, მიუთითებდა რა ბინების უკმარისობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს აიხსნებოდა არა ბინების უკმარისობით მოსკოვში, ვინაიდან მაშინაც და უფრო ადრეც იძებნებოდა მოსკოვში ბინები ფაშებისათვის, გრაფ მირბახებისა და მთელი სხვა სენატორულ-სავაჭრო დელეგაციებისათვის. და ისეთი რა განსაკუთრებული ბინები დასჭირდებოდა ჩვენს მუშათა დელეგაციას, იგი შეიძლებიდა დაკმაყოფილებულიყო ერთ-ერთი ისეთივე საკუჭნაოთიც კი, რომლებიც რამდენიმე უნდა ყოფილიყო მირბახის საკარმიდამოს ეზოში. არა, უბრალოდ თავხედური თვითგამორკვევით განაწყენებულმა რუსმა დიდმპყრობელმა არ შეუშვა თავისთან მუშები ეგრეთ წოდებული საქართველოს რესპუბლიკისა, მით უმეტეს, რუსული მიწის ახალი ბატონ-პატრონი აღმოჩნდა, აპირებდა გამოეგზავნა საქართველოში დელეგაცია (შემდგარი) ბევრი დივიზიისაგან, ტანკებით და სხვა, ხოლო ქართული მუშათა დელეგაცია კი თითქმის სრული შემადგენლობით საპატიო ყარაულით მიეპატიჟებინა რუსეთში და აეძულებინა იგი ყოფილიყო აქ სტუმრად გაურკვევლად ხანგრძლივი დროით. ბოდიშს მოვიხდი, რომ ჩემი საუბარი თქვენთან ცოტათი გაჭიანურდა. ვჩქარობ მის დასრულებას. როცა ამბობენ, რომ გააფთრებული ბრძოლა მიდის გარშემო საკითხისა – კონსტიტუცია საბჭოთა თუ დემოკრატიული – ეს ტყუილია. ბრძოლის საფუძველია – ეროვნული ჩაგვრა თუ ეროვნული თავისუფლება. არ ვიცი, არის თუ არა რაიმენაირი ცვლილებები უკანასკნელ ხანში (ვფიქრობ, რომ არა), ქართული სოციალ-დემოკრატიის ტაქტიკის ძირითადი დებულებანი, როგორც, ერთის მხრივ, მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალის წევრის, და, მეორეს მხრივ, როგორც საქართველოს მუშათა და გლახთა პარტიისა, ზოგადად და მთლიანობაში შემდეგზე დაიყვანებოდა: 1) ცუდად თუ კარგად (რა თქმა უნდა, ძალზედ ბევრი რამაა ცუდი და საშიში), მაგრამ რუსეთში ამჟამად ერთადერთი შესაძლო რევოლუციური ხელისუფლება – ესაა ახლა არსებული მთავრობა, მისი ძალით დამხობა – ეს ნიშნავს სარგებელი მივცეთ თავადაზნაურულ რესტავრაციას, რომლის საფრთხე ჯერ კიდევ სულაც არ არის მოხსნილი. 2) სოციალისტური მუშათა ინტერნაციონალი ყველანაირად უნდა იბრძოდეს ამ ხელისუფლების სრული აღიარებისათვის (ცნობისათვის). 3) კომინტერნი და რუსული კომუნისტური ხელისუფლება თავიანთი ტაქტიკით მძიმე ზარალს აყენებენ მსოფლიო მუშათა მოძრაობას და ამით ეხმარებიან რეაქციას. მაგრამ რუსული კომუნისტური მთავრობის დამხობა კიდევ უფრო მძიმე დარტყმა იქნებოდა მსოფლიო მუშათა მოძრაობისათვის, იგი სიგნალის სამსახურს გაუწევდა და დასაბამსაც მისცემდა გაშმაგებულ ანტიმუშურ რეაქციას მთელ მსოფლიოში. 4) მძიმე დარტყმას სოციალიზმის, რევოლუციისა და მუშათა კლასისათვის წარმოადგენს, სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ რუსული კომუნისტური მთავრობა თავზე დაესხა დემოკრატიულ საქართველოს (რომლის სათავეშიც მუშები და გლეხები იდგნენ), დაიპყრო იგი და მოახდინა მისი ანექსია. გადაჭრით ბოლომდე უნდა იქნას ამოწურული ყველა საშუალება, რათა ეს აღშფოთებით მღაღადებელი საკითხი გადაიჭრას მშვიდობით, მსოფლიო მუშათა მოძრაობის ორივე ფრაქციის ჩარევის გზით. 5) ასეთ გადაწყვეტას მოითხოვს მთელი მუშათა მოძრაობის ინტერესები ფრაქციული მიმდინარეობების მიუსედავად, ამას მოითხოვდა მსოფლიო ბურჟუაზიის კოლონიური იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესები, და ამიტომ ქართული სოციალ-დემოკრატია უკვე 10 აპრილს დაეთანხმა საქართველოს თვითგამორკვევას თუნდაც საბჭოთა ფორმით. 6) როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამ ხელმეორე თვითგამორკვევის შედეგი საბჭოების მეშვეობით, რაკი რუსეთთან დამყარდება ესა თუ ის მყარი და გულწრფელი ურთერთობები, მაშინ სრულიად აუცილებელია ამა თუ იმ ფორმით გულწრფელი და ლოიალური თანამშრომლობა საქართველოში ქართველი სოციალ-დემოკრატების და ქართული კომპარტიისა. ეს იქნებოდა დიდი მორალური ბიძგი წინ ერთიანი მუშათა მოძრაობის გზაზე, საქართველოს მცირე მასშტაბის მიუხედავად, ვინაიდან რუსულმა კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს დაპყრობით ძლიერი მორალური ხიჭვი ჩაასო მსოფლიო მუშათა მოძრაობის ორგანიზმში. აი როგორი იყო ზოგად მონახაზებში ჩვენი „კონტრრევოლუციური“ პოლიტიკა რუსეთში საბჭოთა ხელისუფლებასთან მიმართებით, ასევე ჩვენს ქართულ-რუსულ საკითხშიც. და განსაკუთრებით სასტიკი აღშფოთება და სიძულვილი ჩვენ გამოვიწვიეთ სწორედ იმით, რომ ჩვენი ტაქტიკა არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო კონტრრევოლუციური. ხომ ფაქტია, რომ რუსეთის კომპარტიამ სოციალურ რევოლუციასთან დაკავშირებული მცდელობის სასტიკი ჩავარდნის შემდეგ კიდევ უფრო გააფთრებით შეიძულა სწორედ სოციალისტები, როგორც ცოცხალი საყვედური და მათი სინდისის ქენჯნის ხორცშესხმა. ორმაგად შეგვიძულეს მათ, რა თქმა უნდა, ჩვენც. მათ უკვე აღარ შეუძლიათ არა მარტო სურდეთ, ეძიებდნენ რაიმე-ნაირ მშვიდობას სოციალ-დემოკრატიასთან, არამედ პირიქით, იდეურად დამარცხებული კომუნიზმი ფიქრობს აიღოს რევანში იმით, რომ ფიზიკურად გაანადგურებს სოციალისტებს და თვით მათი პარტიის სახელწოდებასაც კი ყოველგვარი შესაძლო ზომებით, ფიქრობს რა თავის გასასტიკებულ გონების დაბინდვაში, რომ ამით შეიძლება მოკლას სოციალიზმისა და სოციალ-დემოკრატიის საქმეც. და აი თქვენც ჩემი აზრით, არ შეგიძლიათ რა შემდგომშიც რჩებოდეთ კომუნისტური ჩაგვრის ქვეშ ან, შეიძლება, თვლით რა საქართველოს ეროვნული განთავისუფლების საქმეს წაგებულად, უკან დახევა გადაწყვიტეთ? ან როგორ პირობებში თქვენგან, როგორც ჩანს, არ მიიღეს პატიოსანი კაპიტულაცია, და თქვენც იძულებული აღმოჩნდით ჩვეულებრივი კომუნისტური რეცეფტის მიხედვით „თვითგახრწნილიყავით“, „თვითჩაგეფურთხებინათ“ (საკუთარ სულში) და ა. შ. ხოლო რაც შეეხება თქვენს დადგენილებებს იმის შესახებ, რომ თქვენ შლით საქართველოს სოციალ-დემოკრატიას, ამით თქვენ უკვე საკუთარ თავს აყენებთ სასაცილო მდგომარეობაში, ეს საქმე მეტად არასერიოზულია. ჯერ ერთი, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამდენი ხართ თქვენ, მაშინაც კი გამოქვეყნებულ ციფრებს თუ მივუთებთ საფუძვლად, ეს ხომ სულაც არ არის ჯერ კიდევ არა მარტო მთელი პარტია, არამედ არც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, თქვენს ნამდვილ რიცხოვნებას ჩვენ გავიგებთ იმის მიხედვით, თუ ყოფილი სოციალ-დემოკრატებიდან რამდენი შევა კომპარტიაში. მართალია, საჭიროების შემთხვევაში შემდგომი წმენდისას ყველა თქვენგანი როგორც საეჭვონი, ავტომატურად შეუძლიათ წმენდაში მოგაყოლონ, ამასთან ერთად, რათა არ იყოს რაიმე-ნაირი ეჭვი რუსულ-ქართულ მიკერძოებაში განსაწმენდელის კომისიის წარმომადგენლად მოწვეული იქნება, როგორც ეს ხდება ხოლმე, აზერბაიჯანელი „თურქი“ გორბაჩენკო, ხოლო აზერბაიჯანში კი გამოგზავნიან „ქართველ“ კომუნისტს, მაგალითად, გინსბურგს და სხვა. ერთი სიტყვით, შეიძლება თავის დროს თქვენც წმენდაში მოგაყოლონ, მაგრამ ახლა მიგიღებენ, რა თქმა უნდა, პარტიაში, და აი მაშინ შევიტყობთ კიდეც ნამდვილ ციფრს ნამდვილად „მონანულთა“, და მაშინ შესაძლებელი იქნება სწორად ვიმსჯელოთ თქვენი უფლების შესახებ დაშალოთ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. თქვენი საქციელით თქვენ, რა თქმა უნდა, სიავე მიაყენეთ ქართველ ხალხსა და ქართველ მუშებს, მაგრამ დასკვნის სახით გისურვებთ ამიერიდან სულ მცირე ნუ იგულმოდგინებთ იმაში, რომ გააგრძელოთ მისთვის ზიანის მიყენება, გისურვებთ ღირსებას, რამდენადაც თქვენ მოემსახურებით ნამდვილი მუშურ-გლეხური საქართველოს ინტერესებსა და შრომის მსოფლიო ზეიმის იდეას. რაიმენაირი, თუნდაც მინიმალურიც კი, შესაძლებლობა ამისათვის თქვენ გექნებათ თქვენს ახალ პოზიციებზეც, ვინაიდან ვთქვათ, რომ ბანაკი, რომელშიც თქვენ მიდიხართ, ერთი მთლიანი ბოროტებაა და რომ იქიდან მხოლოდ მავნებლობის მოტანაა შესაძლებელი – ამის თქმა მხოლოდ გაღიზიანებულ პოლემიკაში თუ შეიძლება.
გრ. ლორთქიფანიძე
1923 წ. 2 აგვისტო
P. S. ბოდიშს ვიხდი, რომ ვწერ იმ ენაზე, რომელიც მხოლოდ ცოტასთვის თუ იქნება თქვენგან გასაგები, მაგრამ სხვანაირად საეჭვოა, რომ ეს წერილი თქვენამდე მოსულიყო, და ამასთან საინიციატივო ჯგუფში, მგონი, თქვენთან ყველამ იცის რუსული ენა, ამ ჯგუფის გარეთ კი ის, ალბათ, არ წავა.
იანვარი 1924 წ. ტფილისი.
Нач. Секо
Зак. Чека ხელმოწერები გაურკვეველია.
თარგმა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment