Friday, November 19, 2010

ეროვნული საკითხის გამო

(გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხდის“ 2009 წლის ... ნომერში)

ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც თავის თავს თანამედროვეს უწოდებს, ჩვენ კი მას მედროვეს ვუწოდებდით, შეიმჩნევა ძლიერი და თავმომწონე ნიჰილიზმი საქართველოს ეროვნული საკითხისა და ქართული ეროვნული ფასეულობებისადმი. ასეთი მიდგომა რომ ახალი და თანამედროვე სულაც არ არის, ეს კარგად ჩანს საქართველოში მარქსისტული და შემდეგ კი მარქსისტულ-ლენინური იდეებისა და იდეოლოგიის დამკვიდრების ხანის ლიტერატურიდანაც. თანამედროვე რუსი მართლმადიდებელი ავტორები წერენ, რომ XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო კულისებსმიღმა ძალების მიერ შემოგდებულ იქნა ორი გლობალისტური პროექტი _ კომუნიზმი და ლიბერალური დემოკრატია. პირველი საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძვლად იღებს კლასს, რომელსაც არ გააჩნია სამშობლო, ეროვნება და ეროვნული ინტერესები, მეორე კი აბსტრაქტულად გაგებულ ინდივიდს, მსოფლიოს მოქალაქეს, რომელსაც ასევე არ გააჩნია ეროვნული ინტერესები და ფასეულობები. და ამ ორი გლობალისტური პროექტის ჭიდილში რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ობიექტურად წაგებული რჩება ეროვნულობა, ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით კიდეც დღევანდელ ეპოქაში. ერთერთი თანამედროვე დასავლელი მკვლევარი კომუნიზმს უწოდებს „ლიბერალური დემოკრატიის დებილ ბიძაშვილს“.

ჩვენი ნათქვამის დასადასტურებლად და თვალსაჩინოდ ქვემოთ მოვიყვანთ კონსტანტინე ლორთქიფანიძის ლექსს სათაურით „წინაპრებს“, რომელიც დაწერილია 1926 წელს, ხოლო ჩვენ გადმოვბეჭდეთ 1927 წელს გამოქვეყნებული მისი ლექსების კრებულიდან სახელწოდებით „ღიმილი“.

წ ი ნ ა პ რ ე ბ ს

ასწიეთ თასი, გამოსცალეთ: ყოველი მხრიდან
ჩვენს შორის ჩატყდა სამშვიდობო გზა იარალი;
ვიგონებ იმ დროს, როს ქართლოსის მზეს მკლავით თხრიდა,
პატარა კახი ირემივით მთიდან მყვირალი.

დარიალიდან დერბენტამდე ყოველი თხრილი,
გულებ დალეწილ რაინდების არის სამარე:
გამხმარ თავებით აშენებულ ქდების ირგვლივ
დავდივარ როგორც უცხოელი ცნობის მოყვარე.

მომაგონდება როს არაბთა მძვინვარე ხროვამ,
დევის მუხლივით შეგინგრიათ გულის ფიცარი:
დროთა ტრიალმა ჩვენ ერთმანეთს გამოგვათხოვა,
ჩვენ წინაპრებო, ერთმანეთი გადავიცანით.

თუ თქვენ კისერზე დაიმტვრიეთ ოსმალოს ხმალი,
ჩემთვის ერთია დღეს ერეკლეც და მამად-ხანი...
დღეს შემოგვხედავს მეგობრულათ აზიის თვალი,
ერთ დროს მრისხანე სააკაძით გადანათხარი.

რა ვუყოთ მერე, რომ სიცოცხლე ჩემიც აქ ენთოს...
ეს რას მავალებს! მე სიცოცხლეს სხვა თვალით უმზერ;
არ არის სივრცე, რომელმაც დღეს ჩვენ შეგვაერთოს,
არ არის სიტყვა, ერთნაირად რომ მოგვხვდეს გულზე.

არ მეშინია უცხოეთშიც ბედის მოღუნვის,
ტკივილს ვერ მომგვრის მე სამშობლო მიწის სიშორე;
თუ სადმე ელავს გაბასრული ხმალი კომუნის,
მე ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე ყველგან ვიშოვი.

გვახსოვს, ეს ლექსი გადმობეჭდილ იქნა ქართულ პრესაში 1980-იანი წლების მიწურულს, ეროვნული მოძრაობის წლებში, როგორც ნიმუში ქართული საზოგადოებრივი შეგნების დამახინჯებისა, გამოქვეყნდა კრიტიკული წერილები XX საუკუნის 20-30ინი წლების პროლეტრული ლიტერატურის საერთო ტენდენციისა და ზოგიერთი ცალკეული ნიმუშის განხილვა-დაგმობით, აკაკი ბაქრაძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „მწერლობის მოთვინიერება“, სადაც თუ არ ვცდებით, პროლეტ-პოეტის ფრიდონ ნაროუშვილის დაახლოებით ასეთ ფრაზასთან ერთად „მე მოვკლავ დედას, დავაღრჩობ მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას“, დაგმობილი და უარყოფილი იყო ეროვნული ნიჰილიზმის გამოვლინებებიც, ეროვნული ფასეულობებისა და ჯანსაღი ტრადიციების დაცინვის, განქიქებისა და სხვა სახით.

შემდეგ, 1941-1945 წლებში, იყო დიდი და მძიმე სამამულო ომი, რომელიც შეადგენდა მეორე მსოფლიო ომის ძირითად ნაწილს, ომისა, რომელმც წაიღო დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მოიტანა საშინელი კატაკლიზმები, ნგრევა და უბედურება, მილიონობით ან ათეულ მილიონობით ადამიანი სიკვდილმდე სახიჩრად დატოვა. ასეთი დიდი განსაცდელების გადატანის შემდეგ ბევრმა ადამიანმა, მათ შორის კონსტანტინე ლორთქიფანიძემაც შეიცვალა თავისი შეხედულებანი, რაზედაც მეტყველებს ადამიანური სითბოთი განმსჭვალული მისი ომისდროინდლი მოთხრობები, აგრთვე უფრო გვიანდელ წლებში გამოქვეყნებული ლექსები და სხვა ნაწარმოებები. ამის ნათელ დადასტურებად გამოდგება თუნდაც პოეტის ლექსი სერგეი ესენინზე, დაბეჭდილი იმავე 1927 წელს და შემდეგ ძირულად გადაკეთებული სახით გამოქვეყნებული ხელმეორედ უკვე 70-იან წლებში. თუკი პირველი აღსავსეა საყვედურით, განქიქებით, იქედნური დამოკიდებულებითა და პროლეტარული ცხოვრების ქება-დიდებით, მეორეში უკვე ავტორი განმსჭვალულია ადამიანური თანაგრძნობითა და გულისტკივილით ამქვეყნიური ცხოვრებიდან უდროოდ წასული თანამოკალმის გამო.

და რატომ არ ითვალისწინებენ დღევანდელი მედროვეები ასე ვთქვათ, ქართულ ლიტერატურაში, გასული საუკუნის 20-იანი წლების მედროვეთა მწარე გამოცდილებას; რატომ ელოდებიან კვლავ ისეთივე საშინელი ომის განსაცდელებს, რომელთა გადატანაც უწინდელ პროლეტ-უღმერთოებს მოუხდათ, ან რატომ ჰგონიათ, რომ ეს სხვები დარჩებიან უხელ-უფეხოებად, თუკი საერთოდ ცოცხლები დარჩნენ, სხვები შეიშლებიან გონებიდან, ან სხვები აღმოჩნდებიან სისხლითა და არაყ-ღვინით დამთვრალი და ნარკოტიკებით დაბანგული უცხოელი ჯარიკაცების საჯიჯგნად, და არა ისინი? ჭეშმარიტად შესაბრალები არიან ასეთი ადამიანები, უკვე დღესვე.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული წმინდა მამა მოსკოვისა და კოლომნის წმ. მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი, 1782-1868) გვასწავლის: „გიყვარდეს შენი მტერები, ებრძოდე სამშობლოს მტრებს და გძულდეს ქრისტეს მტრები“, და ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად შეურაცხყოფენ ღვთის ხატებას საკუთარ თავში, არ ისწრაფვიან ღვთის მსგავსებისკენ, და ამახინჯებენ იმ გამოუცდელ სულებსაც, რომლებიც სამწუხაროდ მათ უჯერებენ, და რომლებიც შესაძლოა მათ გარეშე არიდებოდნენ ბევრ განსცდელს. ხოლო წმინდა მიტროპოლიტის ამ შეგონების მიხედვით სწორად ცხოვრებისა და მოქცევისთვის რჩევა-დარიგებას ვეკითხებოდეთ ჩვენი დედა ეკლესიის მოძღვრებსა და იერარქებს. და მაშინ ვივლით სწორედ იმ სამეუფო გზაზე, რომელიც არის მტრებზე გამარჯვებისა და სულის ცხონებისკენ ჩვენი მიმყვანი.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment