Sunday, February 28, 2016

პროფესორი ვალერიან გაბაშვილი ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიულ-პოლიტიკური შეხედულებების შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს პროფეროს ვალერიან გაბაშვილის წიგნიდან «ვახუშტი ბაგრატიონი», რომელიც «გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების» სერიით გამოსცა გამომცემლობა «ნაკადულმა» 1969 წელს. ეს ამონარიდი მოყვანილია ამ წიგნის თავის «ვახუშტი როგორც მეცნიერი» ქვეთავიდან «ვახუშტის ისტორიული აზროვნება». ამ შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მეფის ძის ვახუშტის პოლიტიკური შეხედულებები ისტორიული მეცნიერების საფუძველზე, რაც მკაფიოდ და ნათლად აქვს გადმოცემული თავად ვ. გაბაშვილს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბლოგის მკითხველიც, ისევე როგორც ჩვენ, მისი მადლიერი დარჩება ხსენებული წიგნიდან ამ ნაწყვეტების გაცნობის, ან კიდევ ერთხელ გახსენების შემდეგ)

...ვახუშტი ბაგრტიონის ისტორიული აზროვნება იმდენად მწიგნობრულ განათლებაზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც მისი დროის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ქართული ფეოდალური საზოგადოების მიზანსა და მისწრაფებებზე.

მისი «ისტორია» სრულიად გარკვეული პოლიტიკური მიზნითაც არის დაწერილი, ხოლო მისი შინაარსი ვახტანგ VI დასის სამოქმედო პროგრმასთნ შეფარდებული.

ვახუშტი ბაგრატიონი ეკუთვნოდა ქართული საზოგადოების იმ დასს, რომლის სამოქმედო პროგრამას შეადგენდა: «თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, სახელმწიფო, სამოქალაქო და ადმინისტაციული სამართლის მოწესრიგება, ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის ხელის შეწყობა».

ამ დასის მთავარ საზრუნავს შეადგენდა მეფის ხელისუფლების განმტკიცება, თავაშვებული თავადების ალაგმვა, საქართველოს პოლიტიკური ერთიანობისათვის ნიადაგის მომზადება და ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული დაწინაურება-განვითარება.

ეს მიზანსწრაფვა დამახასიათებელი იყო აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის მთელი ლიტერატურული და მეცნიერული მუშაობისათვის.

მისთვისაც, ისევე როგორც «ვახტანგის სკოლის» მწერლებისა და «პოლიტიკური დასის» მოღვაწეებისათვის, ერთმეფობა ეროვნული, პოლიტიკური და კულტურული ერთობის გამომხატველი იყო.

ამის ჩვენებას და დამტკიცებას ცდილობდა ყველა, ვინც კი ფეოდალური დაქსაქსულობის პირობებში ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობისათვის იღვწოდა.

ამის ჩვენებას და დასაბუთებას ცდილობს ვახუშტი ბაგრატიონიც თავის «ისტორიაში». 

მისი შეხედულებით «ერთმეფობა» ქართველი ხალხის ძველისძველი ჩვეულებაა, «წესი დასაწყისითგანვე», ბუნებრივი და თავდაპირველი, რომლიდანაც გადახვევა და «განყოფილება» მუდამ «შინაური შფოთით» და «გარეშე მტერთა» ჩარევით იყო გამოწვეული.

მისივე თვალსაზრისით სამეფო-სამთავროებად დაყოფილი საქართველო ახალი «შეძინებული» და, ამდენადვე, არაბუნებრივი მოვლენა იყო ქვეყნის საერთო ისტორიულ განვითარებაში.

ამიტომ ძველი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების «კვალსავე თვისსა მოგება» ანუ აღდგენა, ქვეყნისათვის ადრევე დამახასიათებელ, ნორმალურ და ბუნებრივ ვითარებასთან უკან დაბრუნებას ნიშნავდა.

ამდენადვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იმის გამორკვევას, თუ როდის და რატომ მოხდა «განყოფილება» ანუ ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლა.

ამ საკითხის გამორკვევით დაინტერესებული იყვნენ «სწავლული კაცებიც» და ვახუშტი ბაგრატიონიც.

ეს იყო XVII-XVIII სს. ქართული ისტორიოგრაფიის კარდინალური საკითხი.


ვახუშტი «განყოფილებას» და დაქსაქსულობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, «შინაურ შფოთს» და «გარეშე მტრის» ღონისძიებებს მიაწერდა.

პირველწყაროებზე დაფუძნებულ კვლევა-ძიებას იგი ასეთ დასკვნას უკეთებდა: «მაშ კვალად ერთმეფობა ყოფილა და შემდგომად განყოფა».

ამის გამოსარკვევად მას შეუსწავლია «ყოველნი წერილნი» თამარ მეფიდან დაწყებული «სვიმონის ძის გიორგისამდე».

ამრიგად, სავსებით მართებულად ქვეყნის პოლიტიკური დაშლის სათავეს იგი XIII საუკუნეში ნახულობდა, ხოლო მის გაღრმავებას XIV-XVI საუკუნეებში.

მართლაც, სწორედ ამ დროს ძლიერდება «შინაური შფოთიც» და გარეშე მტრების მოძალებაც, რომელთა ურთიერთკავშირმა და ზემოქმედებამ XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ქვეყანა პოლიტიკურ დაშლილობამდე მიიყვანა.

ეს დადასტურებულია 1490 წლის დარბაზის გადაწყვეტილებით.

მაგრამ დაქსაქსულობის გადალახვას ვახუშტი ბაგრატიონი ქართველი ხალხის ხასიათის და მიდრეკილებების მოთხოვნილებად თვლიდა.

ამ აზრის პოლიტიკური მიზანი სავსებით ცხადია და ნათელი.

ისტორიკოსი ცდილობდა სარწმუნოდ გაეხადა პოლიტიკური დაშლილობის არაბუნებრიობა, როცა ამბობდა: «არა იყო ჩვეულება მეფეთა და უფროს-ღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა».

მისი მსჯელობის მიხედვით ქართველებს «ზნენი აქუნდათ პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთვის, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრება ქვეყანისა».

ამის მტკიცება ფაქტიურად იმას ნიშნავდა, რომ «პირმტკიცობა» და «მტერთა ზედა ერთობა» ხშირად ირღვეოდა, რითაც გარეშე მტერი მარჯვედ სარგებლობდა, მაგრამ XVII-XVIII საუკუნეებშიც «თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლის» არა ერთ მაგალითს იძლეოდა ქართველი ხალხი.

ვახუშტის მტკიცებით, საზოგადოდ ქართველები «განუხეთქელობისათჳს სამეფოსა მცდელობდნენ» ე. ი. სახელმწიფოებრივ ერთიანობას უფრთხილდებოდნენ და მის დაცვას ყველანაირად ცდილობდნენ.

მისივე სიტყვით, «უკეთუ მოუღიან საზღუარნი თჳსნი, ყოველნი მწუხარებდნენ და ი ჭ ი რ ვ ო დ ნ ე ნ კ ვ ა ლ ა დ გ ე ბ ა ს ა ვ ე, და მეფეთა თჳსთა მიუდრეკლად ერთგულობდნენ».

ისტორიკოსი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აშკარად ტენდენციურია, მაგრამ აზრი «მეფეთა მიუდრეკლად ერთგულების» თაობაზე ორგანულადაა დაკავშირებული მის ზოგად ისტორიულ კონცეფციასთან.

მართებულად აქვს მას შეფასებული ქართველთა უცხოური და მიუღებელი ინსტიტუტების წინააღმდეგ გაერთიანების სოციალური და პოლიტიკური საფუძვლები. 

ვახუშტის განმარტებით, თუ ქართველებს რომელიმე გარეშე ძალა ძლევდა, მორჩილებას არ კისრულობდნენ და სულ იმის ცდაში იყვნენ, რათა «თჳსნივე წესნი» აღედგინათ და ქვეყანა უცხო დამპყრობელთა ბატონობისაგან გამოეხსნათ: «განა თუ სძლია ვინმე მძლავრთაგანმა, ა რ ა დ ა ე მ ო რ ჩ ი ლ ვ ი ა ნ, არამედ კვალად ი პ ყ რ ი ა ნ თჳსნივე წესნი და არა დაუტევიან ღმერთი, და მეფე, და ჩვეულებანი».

საამისო არა ერთი მაგალითი შეეძლო ეპოვა ისტორიკოსს საქართველოს ისტორიულ წარსულში.

მართლაც, თვით ერთმანეთის მეტოქე და მოწინააღმდეგე ძალები ადვილად ერთიანდებოდნენ, როცა დამპყრობელი «ქართულ წესრიგს» ეხებოდა და მის გაუქმებას ლამობდა.

«არაბობა», «სპარსობა», «თურქობა», «ულუსობა», «ყიზილბაშობა» და «ოსმალობა» ფეოდალური საქართველოს ყველა საზოგადოებრივი ფენის ინტერესებს ეხებოდა (სოციალურს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს...), რადგან ყოველგვარი «ულუსობა» ადგილობრივი წესების არსებობას ემუქრებოდა და ამიტომ «ქართველობის» აღდგენით ყველა თანაბრად იყო დაინტერესებული.

ისტორიკოსი, რომელსაც თავისი საისტორიო ნაწარმოების შინაარსი ისე ჰქონდა გამართული, რათა ეჩვენებინა საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა უძველეს დროში და ემტკიცებინა მისი აღდგენის აუცილებლობა «აწინდელ» ისტორიულ სიტუაციაში, არ შეიძლებოდა მკვეთრად არ დაპირისპირებოდა თავადებს, არ მოეთხოვა მათი პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და მათდამი დაქვემდებარებული პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულების მეფის ხელისუფლების კონტროლისათვის დაქვემდებარება.

თავისთავად სათავადოთა სისტემის არსებობა გამორიცხავდა საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას, ამიტომ ვახტანგ VI ენერგიულად ახორციელებდა ღონისძიებებს მათი უფლებების შეზღუდვის მიზნით.

თავის მხრივ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმული თავადები ეყრდნობოდნენ არა მარტო რეაქციონურად განწყობილ ძალებს ქვეყნის შიგნით, არამედ გარეშე ძალების მფარველობასაც ეძებდნენ და შაჰინშაჰების თუ სულთნების ფირმანებით თავიანთ ხელშეუხებელ «უფლებებს» განამტკიცებდნენ.

ამიტომ თავადების უფლებების შეზღუდვა სპარსოფილური და ოსმალოფილური განწყობილებების შესუსტებასაც ნიშნავდა.

მეფის ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული სათავადო არც სპარსეთს და არც ოსმალეთს დასაყრდენად აღარ გამოადგებოდა. ამავე დროს, თუ ქართველები გაერთიანებას მოახერხებდნენ, მათ სამშობლოს ბევრს ვერაფერს დააკლებდნენ ვერც უკიდურესად დაკნინებულ-დასუსტებული სპარსეთი და ვერც დაუძლურების გზაზე დამდგარი ოსმალეთი.

ეს კარგად ესმოდათ ქართული ფეოდალური საზოგადოების მოწინავე, პროგრესულ ძალებს, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ქართულ ისტორიოგრაფიაში ვახუშტი ბაგრატიონი იყო. ისტორიის საშუალებით მან შეძლო ეჩვენებინა იმ მიზნების მნიშვნელობა, რასაც ვახტანგის «სკოლის» და «პოლიტიკური დასის» მოღვაწენი ესწრაფვოდნენ მტრულად განწყობილი და ჩამორჩენილი მაჰმადიანური სახელმწიფოებით გარემოცვის პირობებში – ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას, სამეურნეო აღმავლობა-დაწინაურებას და კულტურულ წარმატებას.

ზემოთ უკვე ნათქვამი იყო რომ ვახუშტის ამგვარი შეხედულებანი მედგარ წინააღმდეგობას იწვევდა ქართველი რეაქციონერი ფეოდალების წრეებში.

ისინი მტრულად იყვნენ განწყობილი როგორც ვახტანგ VI, ისე ვახუშტი ბაგრატიონის მიმართ.

არ ერიდებოდნენ არც ჭორს, არც ცილისწამებას.

სტრატემანის თხზულების პატარა წინასიტყვაობაში ვახუშტი შემთხვევით არ ამბობდა: «დავშვერ და ვიყავ წერასა შინა ამისა მრავალტანჯულ თვისთაგან... ვითარცა განმაგდეს და მომიძულეს ცუდად, მშრომელი მეფის შვილი ვახუშტი».

რეაქციონერი თავადების მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას ისტორიკოსი ამჟღავნებს მათი პიროვნებისა და მოღვაწეობის აღწერა-დახასიათების დროსაც.

საერთოდ მისი «აწინდელი» (XVII-XVIII სს.) ისტორია პოლემიკური ტონით არის დაწერილი და ისტორიის თხრობა აშკარად პოლიტიკის წიგნად გადაქცეული.

თავადების უფლებების დათრგუნვის წადილი გავლენას ახდენდა ისტორიკოსის მსჯელობასა და საბუთიანობაზე.

პოლემიკური ტონით აღწერდა ვახუშტი ბაგრატიონი საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ფაქტებსა და მოვლენებს. იგი მკვეთრად უპირისპირდებოდა არა მარტო ქართლის თავგასულ თავადებს, არამედ ქართლში გაბატონებულ კახელ ბაგრატიონებსაც. პოლემიკური პაექრობის ხერხების მომარჯვებით (ზოგჯერ კი აშკარად ტენდენციურად) ცდილობდა იგი კახ-ბატონების უფლებების გაბათილებას ქართლის სამეფო ტახტზე.

ეს იწვევდა როგორც რეაქციონერი თავადების, ისე კახ-ბაგრატიონთა მომხრეების უკმაყოფილებას. აღვივებდა მათს მტრობას პროგრესულად და ლეგიტიმურად განწყობილი ისტორიკოსის მიმართ.

ვახუშტი ბაგრატიონი არა ერთხელ გამხდარა იგნორირების, «თვისთაგან მოძულებისა» და «მტრობის», დაცინვისა და დამცირება-დამდაბლების საგანი.

მის «ნაბუშრობას» სრულიად გარკვეული პოლიტიკურ-ისტორიული მოსაზრებებით აღნიშნავდნენ კახ-ბატონების მომხრენიც.

ქედმაღლური დამოკიდებულების თუ დინასტიური თვალსაზრისის უშუალო გამოხატულებას წარმოადგენდა ის, რომ ვახუშტის მტრები ეჭვ ქვეშ აყენებდნენ მის უფლისწულობას და დაცინვით «ნაბუშარს» უწოდებდნენ.

ამ მხრივ იგი ერთადერთ გამონაკლისს არ წარმოადგენდა.

კახეთის ბაგრატიონების დინასტიური მისწრაფებების გამომხატველი ფეოდალები ნაბუშარს უწოდებდნენ დიმიტრი ბაგრატიონსაც, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

«ქართველთა მწერალთათვის მცირე უწყებაში» დასახელებული ბატონიშვილის გამო ნათქვამია: «დიმიტრი ბაგრატიონი, შვილიშვილი იესე მეფისა მხევლისაგან. ესე ორგულობისათვის გაძევებული მოვიდა მოსკოვს, ისწავლა რუსული, არს კარგი მთარგმნელი, რომელმაცა ჰსთარგმნა რამდენიმე წიგნი, და არს კარგი მესტიხე, რომელმაც აღწერა შაირად წმინდის დედოფლის ქეთევანის ცხოვრება».

«კალმასობაში» დიმიტრი ბაგრატიონის გამო წერია: «ქართველებს ბუში რომ მეფის ძედ არ გვწამს, თათრის ბუშს ვინ იწამებს».

აქ გადაკრულად ვახუშტი ბაგრატიონიც არის ნახსენები.

«კალმასობის» ავტორს, რა თქმა უნდა, მხედველობაში ჰყავს გამაჰმადიანებული იესე მეფეც და მისი შვილებიც: ჰუსეინ-ბეგი, ისაყ-ბეგი, აბდულა-ბეგი...

დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი გამაჰმადიანებული იესე მეფის შვილიშვილი და გამაჰმადიანებული გიორგი ბატონიშვილის შვილი იყო. მაგრამ «კალმასობაში» არც ქრისტიანი ვახუშტი ბატონიშვილია დანდობილი.

XVIII ს. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი აქ შემდეგნაირად არის დახასიათებული: «ვახუშტი ბუშისათვის ბაგრატიონისა. ვახუშტი ბუში ბაგრატიონთა, აღზარდა ვახტანგ მეფემან მოსკოვსა შინა, და იყო კარგი მეცნიერი. ამან განავრცელა ქართლის ისტორია და აღწერა კარგად, აგრეთვე მეფეთა შთამომავლობანიცა; გარნა ვინადგან გამოძებულ იქნა კახთა მეფეთაგან, ამისთვის ისტორიასა შინა თვისსა მიერ ქმნილსა, შურითა მოუთხრობს საქმეთა მათთა შეწევნითა ცხვირმოჭრილისა, ორგულობასა ზედა მეფისასა, ამილახვრიშვილისა და ამისთვის ზრახვენ ქართველნი და არა ჭეშმარიტ ისტორიად რიცხავენ, ვინაიდგან შურითა მეფეთა და მრავალთა თავადთა აუგნი დაწერა». (ვახუშტის კავშირი პაატა ბატონიშვილის შეთქმულებასთან და მისი ურთიერთობა ცხვირმოჭრილ ალექსანდრე ამილახვართნ არაფრით არ დასტურდება. ვახუშტი ახალი საბუთების მიხედვით გარდაიცვალა 1757 წელს, შეთქმულება კი 1765 წელს აღმოაჩინეს. როგორც ჩანს თვით ქართულ ინტელექტუალურ წრეებში XVIII-XIX სს. მიჯნაზე კარგად არ იცნობდნენ ვახუშტი ბაგრატიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა მნიშვნელოვან ფაქტს და ცნობები მის შესახებ უპირატესად ზეპირი გზით ვრცელდებოდა. ასე, მაგალითად, ზეპირწყაროებზე დაყრდნობით უნდა აღნიშნავდეს გიორგი ავალიშვილი მის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში ყოფნას და კათოლიკებთან ამგვარი ურთიერთობის ვახტანგ VI მიერ აკრძალვას, რაც /ამ ცნობის მეორე ნაწილი/ არ ეგუება ვახტანგ მეფის კათოლიკობისადმი დამოკიდებულებას.)

ახლა ჩვენთვის სავსებით გასაგები უნდა იყოს, თუ ვის გულისხმობდა «კალმასობის» ავტორი, როცა ამბობდა: «ქართველებს ბუში მეფის ძედ არ გვწამს, თათრის ბუშს ვინ იწამებს».

არა ერთგზის გაუხსენებიათ სხვებსაც ვახუშტისათვის გლეხი დედაკაცის შვილობა. მისი გლეხური წარმოშობა დედის მხრივ (ქართული სამართლის მიხედვით თავადის ქალთან უკანონოდ ნაშობი ნაბუშრად არ ითვლებოდა, თუმცა ეს წეს-კანონი მაინც არ იყო გათვალისწინებული დინიტრი ბაგრატიონის მიმართ, რომლის დედა თავადის ასული იყო). ესეც პოლემიკური პაექრობის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება იყო. დამახასიათებელია, რომ ვახუშტი ბაგრატიონს ხშირად ტენდენციურობას აბრალებდნენ და ამის გამო მისი მთავარი ნაშრომიც «არა ჭეშმარიტ ისტორიად» იყო მიჩნეული, თუმცა ყველა, მტერიც და მოყვარეც, ერთხმად აღნიშნავდა მის «კარგ მეცნიერებას» და მის მიერ «ქართლის ისტორიის განვრცელების» მნიშვნელობას. მაგრამ ეს უეჭველი ღირსება კიდევ უფრო ახელებდა მის დაუძინებელ მტრებს. რეაქციონერ ფეოდალებს განსაკუთრებით არ მოსწონდათ ის, რომ ვახუშტიმ «მრავალთა თავადთა აუგნი დაწერა».

წინააღმდეგობანი, როგორც ავღნიშნეთ, მხოლოდ დინასტიური ხასიათის ბრძოლასთან არ იყო დაკავშირებული. «შური და მტრობა» თავს იჩენდა ქართველ ფეოდალთა ურთიერთობაშიც. იმდროინდელ ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში არსებობდა სხვადასხვა ფრთა, სხვადასხვა «თარაფი», პროგრესულიც და აშკარად რეაქციონურიც. ყველა, ვინც კი ქვეყნის მომავლისათვის ზრუნავდა, ამის აუცილებელ პირობად სთვლიდა აღზევებულ-გაძლიერებული თავადების უფლებების შეზღუდვას, სათავადოებზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის გავრცელება-განმტკიცებას (ამას XVIII ს. მეორე ნახევარში მეტნაკლები წარმატებით ახორციელებდა ერეკლე II, რომელიც ვახტანგ VI პოლიტიკური ხაზის გამგრძელებლად გვევლინება). ამგვარ პროგრესულ მისწრაფებას ყველანაირად უჭერდა მხარს ვახუშტი ბაგრატიონი. ამ მისწრაფების დასასაბუთებლად იგი მიმართვდა არა მარტო მისი დროის ყველაზე დამახასიათებელი მოვლენების წარმოჩენა-შეფასების ხერხს, არამედ ისტორიულ წარსულსაც.

ისტორიკოსი ყველგან ხაზგასმით აღნიშნავდა, თუ რა ზიანი მოჰქონდა ქვეყნისათვის შინაურ «შფოთსა და მტრობას», როგორ სარგებლობდა ამით გარეშე მტერი, რათა ადგილობრივი «წესნი» და «რჯული» (იდეოლოგია) საფუძვლიანად შეერყია და «ქართველობის» (ქართული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის) დასაყრდენი მოეშალა. 

თვით შორეული ისტორიული წარსულის მოვლენების აღწერა-დახასიათებისას ისტორიკოსი ქართველების შინაურ არეულობას მიაწერს ყოველგვარი «უსჯულოების» დამყარება-დამკვიდრებას.

მისი სიტყვით, ალექსანდრე მაკედონელოს საქართველოში შემოსვლის წინარე პერიოდში ქართველებმა «დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი თჳსი... და წესნი და ჩვეულებანი თჳსნი და იქმნენ ყოველთა წარმართთა უუწარმართესნი და უუსჯულოესნი».

მართალია, ვახუშტი აქ იმეორებს ლეონტი მროველის ცნობებს, მაგრამ თვითონ საამისო მოთხრობა მას, «ძველი წესნის» და «ძველი ჩვეულებანის» მოშლის უარყოფითი შედეგების საჩვენებლად და დასამტკიცებლად სჭირდება.

ყველაფერი ეს და მსგავსი მსჯელობანი თანამედროვეობის საყურადღებოდ და გასაფრთხილებლად იყო ნათქვამი.

ასე დაუკავშირა ისტორია ვახუშტი ბაგრატიონმა სრულიად გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს.

ამის მიხედვით არის აგებული და ჩამოყალიბებული მისი ისტორიული კონცეფციები, შეხედულებანი და აზროვნება.

ამავე დროს, მისი მსჯელობა, რომელიც მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი წყაროებით იყო შემაგრებული და არგუმენტირებული, თავისთავად მოითხოვდა საქართველოს ისტორიული განვითარების პერიოდიზაციის დადგენასაც.

ეს მან შეასრულა კიდეც თავისი «ისტორიის» შესავლის ზოგად ისტორიულ-ფილოსოფიურ მიმოხილვაში.

საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია მან დააფუძნა «წესნი დასაწყისითგანვეს». «შეძინებული» და «შერეული წესების» ცვლილება-განვითარების სათანადოდ გათვალისწინებაზე.

მან ცალკე პერიოდებად გამოჰყო და დაახასიათა კიდეც საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის ხანა, პოლიტიკური დაშლილობის და «აწინდელი» ისტორიის პერიოდები და უჩვენა თვითეული მათგანის ნიშანდობრივი თავისებურებანი.

ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით ეს საინტერესოა და საყურადღებო იმ მხრივ, რომ ამგვარი პერიოდიზაცია, საერთოდ, წარმოადგენდა პირველ და, იმ დროის კვალობაზე წარმატებით შესრულებულ ცდას ქართულ საისტორიო მწერლობაში.

პროფესორი ვალერიან გაბაშვილი

ამონარიდი მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

Saturday, February 20, 2016

ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი XI-ისა და ვახტანგ VI-ის მეფობის შესახებ

მერმე მოვიდა გიორგი მეფედ ტფილისს ქ~სა ჩ~ქოვ, ქარ. ტ~ჲდ, და განაგებდა ქართლს. ხოლო იყო ესე გიორგი მეფე მჴნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, შუენიერ-ჰაეროვანი, პირმხიარული, ენატკბილი, უხჳ და მრისხანე, მოისარ-მოასპარეზე უებრო. არამედ მომკუდარ იყო კათალიკოზი დომენტი ქ~სა ჩ~ქოე, ქარ. ტ~ჲგ. აწ მეფემან დასუა ძმა გივი ამილახორისა ნიკოლოზ კათალიკოზად, ხოლო ყეენსა ემცნო მეფისათჳს: «ანუ შეიპყრას და წარუვლინოს არჩილ მეფე ანუ განაძოს», არამედ არჩილ, შემდგომად ახალციხიდამ გამოლტოლვილი, იდგა სურამს და, რა აუწყა მეფემან ესე ესრეთ, არჩილ წარვიდა და დაიპყრა იმერეთი.

მერმე კუალად მოითხოვა ყეენმან ლუარსაბ ძმა მეფის გიორგისა. არამედ მომკუდარ იყო სიმამრი ლუარსაბისა რევაზ ერისთავი და დასუა მეფემან ძმა ოთარ ერისთავისა იასონ და წარავლინა მეფემან ძმა თჳსი ლუარსაბ წინაშე ყეენისა. გარნა ესე ყოველნი, რომელნი აღვსწერეთ, ანუ აღვსწერთ, ყეენის მთავრობასა იქმნებოდნენ შიხ-ალიხანისა მიერ, ვინაჲთგან იყო ეთიმადოვლე და ვეზირი აზამი. უსმენდა ყეენი ფრიად და კუალად დამართა აწცა წინაშე ყეენისა არჩილისაგან იმერეთის დაპყრობა, რამეთუ გუშლის ხონთქარსა გიორგი მეფე, ვინაჲთგან არჩილ იპყრობს იმერეთს ძალითა და შეწევნითა მისითა.

ისმინა ყეენმან და წარმოავლინა სპასალარი აჯი ალიხან და ესე მოვიდა თავრიზს ქ~სა ჩ~ქოთ, ქარ. ტ~ჲზ, რათა გარდაბირნოს ქართველნი გიორგი მეფისაგან, და გიორგი მეფესა მოსწერა ყეენმან: «შეიპყარ არჩილ და წარმოავლინე წინაშე ჩემსა ანუ განაძე». ესე კუალად აუწყა არჩილს გიორგი მეფემან. ამისთჳს არჩილ წარვიდა დუალეთს. ხოლო გიორგი მეფემან აუწყა ყეენს განძება მისი. არამედ კუალად მოუწერა ყეენმან გიორგის მუნიდამაც განძება არჩილისა. ამას ზედა წარავლინა მეფემან გიორგი ძმა თჳსი ლევან და ამილახორი გივი არჩილ მეფისა თანა, და მიუთხრნა ესე ყოველნი. ამის მიზეზისათჳს არჩილ ითხოვა სამსჭუალი ქრისტესი და სუდარი და საბელი: «უკეთუ მომცეთ, წარვიდე რუსეთს», ესე შეუძნდათ მეფესა, კათოლიკოზ-ეპისკოპოსთა და მთავართა. გარნა შემდგომად მას პირსა ზედა მისცეს ესენი და წარვიდა არჩილ რუსეთს (და მოაკლდა მიერით ნიჭნი ესე ღუთისანი ქართლს). არამედ კუალად არა დასცხრა შური შაჰ-სულეიმანისა გიორგი მეფესა ზედა და მცდელობდა შემუსრვასა მისსა შიხ-ალიხანის გამო, და უბრძანა აჯი ალიხანს მტერობა მეფისა. არამედ სიმჴნითა გიორგი მეფისათა ვერა რაჲ ავნეს ჯერეთ. ხოლო ჟამთა ამათ ისჯებოდნენ მამულთა ზედა ციცი და ძმისწულნი მისნი, ძენი ნოდარისანი წინაშე მეფისა კოჟორსა ზედა. მაშინ ციცი წარმოვიდა ტფილისს აბანოდ და დახუდენ იშიშუტრუქის ჴიდს ზევით ფარსადან, პაატა, ვახტანგ, ნოდარ და ამილღაბარ ძმანი, მოჰკლეს ციცი და ივლტოდენ მამულსა თვისსა. განრისხებული მეფე მიუჴდათ, არამედ გაესწრნენ იგინი. ხოლო აზნაურნი, შემზრახნი მათ თანა მოსწყჳდნა და მისცნა მამულნი ციცის, ძესავე ციცისასა, და სიმცირისათვის მოუდგინა მუხრანის ბატონისშვილი პაპუა და თჳთ მეფე მოვიდა კოჟორსა ზედავე.

ხოლო ესე ვახტანგ მივიდა შემდგომად დუშეთს, რამეთუ ქალი ოთარ ერისთავისა ჰყვა ცოლად (იტყჳან შეჩენითა მეფისათა: უკეთუ მოჰკლას იასონ, ვახტანგს მისცეს მამული თჳსი მეფემან, და ამან მოაშთო განსავალსა შინა). ხოლო იმერეთს ჯდა გურიელი გიორგი მეფედ და არღარა მგონებელმან მეფემან არჩილის მოსლვისამან ინება, რათა ჯდეს ნებისმყოფელი თჳისი იმერეთს ძალისა თჳსისათჳს და პირველვე მოპარვით მოყვანილი ალექსანდრე, ძე ბაგრატ მეფის უთუალოსი ქ~სა ჩ~ქოჱ, ქარ. ტ~ჲვ, რომელსა ზრდიდა ძეებრ, ინება აწ ამისი მეფობა იმერეთს, მიუწერა ახალციხის ფაშას, რათა ჰყოს ალექსანდრე იმერეთს მეფედ. ხოლო ფაშამ აუწყა ხონთქარსა. შემდგომად მოთხოვნითა ფაშისათა წარგზავნა მეფემან ალექსანდრე დიდითა პატივითა ქ~სა ჩ~ქპბ, ქარ. ტ~ო. 

ამასვე ქორონიკონსა მოკუდა დედოფალი მარიამ, შემდგომად მოკუდა დედოფალი თამარი, ცოლი მეფისა, რომელი იყო კახთ-ბატონთა ტომისა, ქ~სა ჩ~ქპგ, ქარ. ტ~ოა.

ხოლო ალექსანდრე მეფემან სძლო რა გურიელს გიორგის, როკითს, წარმოუვლინა მეფესა მახარობელი და მადლობა, რამეთუ მის მიერ ექმნა ყოველნი და აწ ღირს ჰყოს და მისცეს ასული თჳსი მარიამ ცოლად. ესე არა ინება მეფემან არჩილის გამო და მიზეზ-ჰყო დაწინდვა დავით ერისთვისაგან და მისცა ნიჭი დიდი კაცსა მას და წარუვლინა. მერმე კუალად მოეთხოვა ალექსანდრეს ელენე, ასული ლუარსაბ ძმისა მეფისა, და ესე აღუთქუა მეფემან მიცემად.

შემდგომად ამისა ინება მეფემან მზახლობა რაჭის ერისთვის პაპუნასი და მოითხოვა ასული მიქელაძის გიორგისა ხუარაშან, რამეთუ იყო პაპუნას მამიდასშვილი, მოიყვანა კოჟორსა ზედა და ჰყო ქორწილი წარჩინებით დიდებული ქ~სა ჩ~ქპზ, ქარ. ტ~ოე, რათა აქუნდეს მწედ იგინი. ხოლო აჯი ალიხან წარიბირნა მთავარნი, რამეთუ არღარა აქუნდათ სიმტკიცე სჯულისა და მეფეთა თვისთა ერთგულებისა, ვინაჲთგან მცირედითა ნიჭითა გამაჰმადიანდებოდნენ და აქუნდათ როქი ყეენისაგან, შემყურე იყვნენ უფროს სოფლის დიდებისა, ვიდრეღა სუფევისათჳს ჩვენთჳს დაკლულისა ქრისტესა. უკუდგა იასონ, ერისთავი არაგვისა, შურითა გივი ამილახორისათა.

კუალად მელიქი სომხითისა ქამარბეგ ამხილებდა ქმნულსა მეფისასა აჯი-ალიხანს და ძე მუხრანის ბატონისა ერეკლე, რომელსა ზრდიდა მეფე, ვითარცა ძესა, და ძმანი მაჩაბელნი, ძენი ზაზასნი, იესე და ელიზბარ უდგებოდნენ ღალატად მეფესა. არამედ ბრძანებითა მეფისათა ჰკრეს თოფი ქამარბეგს ფარულად კოჟორსა ზედა, და მოკუდა იგი. ხოლო ერეკლე და მაჩაბელნი შეიპყრნა და პატიმარ-ჰყო მეფემან. მაშინ მისცა ასული თჳსი მეფემან დათუნას კსნის ერისთავსა და უქმნა ქორწილი კოჟორსა ზედა, მგონებელმან მომტკიცებისა მისისამან. შემდგომად შეუჩინა იასონ ერისთავსა მეფემან კაცი და, რა განვიდა სამჭირნოსა ბუნებრივსა ზედა, მოაშთვეს მუნ საბლითა, და შემდგომად მისა დაიპყრა გიორგი ძემან ოთარისამან არაგჳ.

ამ ჟამთა წარავლინა მეფემან ორნი ბერნი რუსეთს არჩილისა თანა შფოთებისა ამისთჳს, რათა მოვიდეს და მწე ეყოს, ვინაჲთგან კახთა ენებათ და იმერთაცა იგივე მეფედ. მისრულნი მონაზონნი დაღისტანსა შინა შეიპყრა შამხალმან. მაშინ შეედვა შამხალსა სენი განუსლველობისა. მცნობმან მონაზონმან დავით თურქესტანისშვილმან მისცა წამალი და განჴსნა იგი. ამისთჳს შეიყუარა შამხალმან დავით და უჴმობდა ძედ. ამის მიერ გამოსთხოვა შამხალს დავით და წარავლინა რუსეთს მეორე იგი ბერი და მეგობარ ჰყო შამხალი გიორგი მეფისა და იყოფოდა დავით შამხალისა თანა არჩილის მოსლვისამდე. 

ხოლო ესე ვითარებისა მცნობმან ყეენმან მოითხოვა მეფისაგან ლევან ძმა მეფისა, რამეთუ ეუწყა ყეენსა არს იგი საქმისა მისისა წარმმართებელი. გარნა ლევანს მოჰკდომოდა ცოლი, ასული გურიელისა თუთა ქ~სა ჩ~ქოჱ, ქარ. ტ~ჲვ, და დაშთნენ ძენი მის თანა ქაიხოსრო, ვახტანგ და დომენტი, და ასული ხუარამზე. შემდგომად შეირთო ასული გიორგი ავალისშვილისა თინათინ, ქ~სა ჩ~ქპ, ქარ. ტ~ჲჱ, და ესხნენ ძენი მის თანა იესე, სჳმონ და თეიმურაზ. ხოლო ესმა რა მეფესა მოთხოვნა ძმისა თჳსისა, აღუძნდა ფრიად და ევედრა ყეენსა, რათა დაუტეოს ლევან და წარუვლინოს ძე თჳსი ბაგრატ, ვინაჲთგან არს უმეტეს სარწმუნო, რამეთუ «არა მივის თჳნიერ მისსა სხუა ძე». ჵი სიბოროტე უშჯულო შურისა, რამეთუ მოითხოვა ორნივე ყეენმან და მოუწერა, რამეთუ: «აწ ვცან ერთგულება შენი, ვინაჲთგან არა რიდებ ძესაცა». ამისთჳს განიგულა მეფემან და ეზრახა კახთა (ვინაჲთგან ეპყრა კახეთი ხანსა და არა კეთილს უყოფდა კახთა), რათა მოჰკლან იგი, შეერთდენ და ჰყონ ერთ სამეფოდ. ამას ზედა მოსცეს პირი მტკიცე და ფიცი კახთა. ამისთჳს შეიკრიბნა მეფემან სპანი, რეცა წარვლინებად ძისა და ძმისათჳს, მივიდა და დადგა ყურყუთას და ღამესა მას ენება მისლვა თოფყარაღაჯს, რამეთუ კახნი შეკრებულნი დგნენ, მიმლოდნენი მეფისა. არამედ ღამესა მას განივლტო სპასპეტი თამაზ და შევიდა აღჯაყალის ციხესა შინა. იხილე სიბოროტე ურწმუნოებისა, რამეთუ იყო დედის ძმა მეფისა და განმზრახი მისანდო და აღირჩია უსჯულოთა თანა შერთვა, ვიდრეღა მემკჳდრისა და მონათესავისა თჳსისა მეფისა. გარნა აქუნდა მიზეზი სიბოროტისა, რამეთუ გიორგი ერისთავი არაგჳსა სიძე მისი იყო და უკეთუ ესე აღესრულებინა მეფესა, იგი შეიმუსრვოდა. ამისმან მხილველმან მეფემან წარავლინა ძე და ძმა ლევან წინაშე ყეენისა, ქ~სა ჩ~ქპჱ, ქარ. ტ~ოვ. 

ამისა შემდგომად ეზრახა გიორგი ერისთავსა, რათა მოერთუას. ხოლო მან არა ინება. გარნა მომკუდარ იყო ბიძისძე მეფისა მუხრანის ბატონი თეიმურაზ, რომელი იყო კაცი დიდ-შემძლე საქმისა, ერთგული მეფისა და რიდობდენ ყოველნი. და ესრეთ მოაკლდებოდნენ მეფისანი და განმრავლდებოდნენ წინააღმდგომნი. ამისთჳს განიზრახა მეფემან ამასვე ქორონიკონსა ზედა შესლვა დუშეთს ანუ დაიპყრას და დაიმორჩილოს იგინი, ანუ იქმნას რაჲ იგი ნებავსთ. შეკრებული სპითა მივიდა და დადგა საბურდიანოს და მუნიდამ ეზრახა კუალად დამორჩილებასა გიორგისა. გარნა არა ინება მორჩილება. მაშინ შეუჴდა გზასა ტინისასა მეფე და მათ მოემწოთ კახნი, მოყუარენი მათნი, და შეჰკრეს სიმაგრენი და იწყეს სროლა თოფთა დილით შუადღედმდე. არამედ შეუშვნეს სხუანი დროშანი და უმეტეს უწყეს მეფის დროშასა სროლა, მოკლეს ტფილელი იოსებ და ქაიხოსრო ციციშვილი და სხუანი მრავალნი. არამედ სძლეს მეფისათა და მოსწყჳდნეს იგინი და ივლტოდნენ. შევიდა მეფე და დადგა ბაზალეთს გამარჯუებული და მოწუეს დუშეთი და გარემონი სპათა მეფისათა. იხილე კუალად სიბოროტე და არა კეთილისა წილ კეთილი, რამეთუ დათუნა კსნის ერისთავი წარავლინა მეფემან, რათა მოვიდეს იგი გრემის ჴევიდამ ბრძოლასა ზედა. ხოლო იგი არა მოვიდა. არამედ დაადგრა მჭურეტელი, თუ რაჲ იქმნას. გარნა რაჟამს ივლტოდნენ იგინი, მოისწრაფა დათუნამ მეფისა თანა და მას ემთხვია გიორგი და ბარძიმ ძმანი, მცირედითა კაცითა ლტოლვილნი. ხოლო მან არა რაჲ ავნო, არცა ბრძო, არცა შეიპყრნა. არამედ განუტევნა მშჳდობით და თჳთ დათუნა მოვიდა წინაშე მეფისა და მყისვე აიძულებდა უკუნქცევად, რამეთუ გიორგი და ბარძიმ ვედრებად მიწევნილ იყვნენ მეფისად, რათა შეუნდოს. ამის დათუნას მიერ არცაღა მათ ინებეს და კუალად ქუეგამხედველთა და ბოროტთა კაცთა მეფისათა, განზრახჳთავე დავით ერისთვისათა, იჴმიეს მასვე ღამესა შინა ლტოლვა და დაუტევეს მეფე მუნ.

ამისი მხილველი მეფე და უღონო ქმნილი წარმოვიდა თჳთცა მასვე ღამესა მშჳდობით და მოვიდა კოჟორსა ზედა. ესე მიესმა შაჰ-სულეიმანს, შეიპყრნა თოხჩის მყოფნი ძე მეფისა ბაგრატ ყრმა და ლევან და წარავლინა ჰერათს პატიმრად; ეგრეთვე ლუარსაბ ძმა მეფისა წარგზავნა ქირმანს.

ხოლო ამან ლუარსაბ ქმნა ბოროტი, რამეთუ რაჟამს აიძულებდნენ უარყოფასა ქრისტესსა, არა დაუტევა, არამედ აწ გზასა ზედა შეიმუსრა ცხჳრი და შეისვარა სისხლითა და იტყოდა ჩუენებასა ვითარმედ მცაო იმამმან ღამესა ამას მეტყუელმან: «რაჲსათჳს არა იქმნები მოჰმადიან». გარნა არა შეურაცხეს ხუანჯი ესე სიმართლედ, ყვეს მაჰმადიანად და წარავლინეს მუნვე. ხოლო გიორგი მეფესა მოუწერა ყეენმან: «მოვედ წინაშე ჩემსა და მოგცე ქუეყანა სხუა და ნიჭნი დიდნი. არამედ ქართლი მიმიცია ერეკლესათჳს».

და ესე ერეკლე იყო ისპაანს ი~დ წელსა, და არა უარჰყო ქრისტე, რამეთუ იყო აღზრდილი რუსეთს, რომელი წინაცა ვაჴსენეთ. ამას შეუკრბნენ მის თანა მყოფნი კახნი და უმეტეს მოძღუარი მისი, მონაზონი ნაცვლისშვილი, და ესენი იტჳრთვიდნენ ცოდვასა მას, რათა დაუტეოს ქრისტე. ამისთჳს გამაჰმადიანდა ცოლშვილითა სრულიად და უწოდეს ნაზარ-ალიხან და წარმოავლინეს ნიჭითა ქართლს მეფედ. ამისი მსმენელი თამაზ სპასპეტი შემოვიდა ტფილისის ციხესა შინა და უკუუდგინა ციხექალაქი მეფესა. მაშინ მეფემან წარმოავლინა დედოფალი ყორნისს და შემდგომად ხუნანს მოსლვისა ნაზარ-ალიხანისა წარვიდნენ ქართველნი მიგებებად ერეკლეს თანა. მერმე გიორგი მეფე მოვიდა ქცხინვალს და მუნიდამ წარვიდა რაჭას ლიბის გზასა ზედა, და მთიდამ გამოუტევნა ქართველნი მცირეთაგან კიდე, რამეთუ მოეცა ყეენსა ნაზარ-ალიხანისათჳს მწედ აჯი-ალიხან და ხანი კახეთს მჯდომი დარაჯად, თხოვნითავე ერეკლესითა, თუშნი და ქისიყელნი, ამისთჳს რამეთუ ვერა ეგდენ ენდობოდა ქართველთა.

ჟ~ბ. მ ე ფ ე ე რ ე კ ლ ე, ი~ე წ ე ლ ი მ ე ფ ა. გ ი ო რ გ ი მ ე ფ ი ს ქ ა რ თ ლ ს ყ ო ფ ი თ, თ ჳ ნ ი ე რ მ ი ს ს ა ი~ა წ ე ლ ი მ ე ფ ა

ესე ერეკლე ყეენისაგან წოდებული ნაზარ-ალიხან მოვიდა და დაჯდა ტფილისს მეფედ ქ~სა ჩ~ქპჱ, ქარ. ტ~ოვ. არამედ იყო ქართლისა და წესთა საქართველოსათა უცნობელი და მეფობისა გამოუცდელი, ლირწთა და უშუერთა მოუბარი, სმისა და შუება-ლხინთა მოყუარე, მჴნე და ჰაეროვანი, ტანოვანი, მოწყალე და მცირედთა ყურისმიმპყრობი და დიდთა დამამდაბლებელი, არამედ არა ძალ-ედვა თჳნიერ ყეენისა, მრისხანე ჟამად და უსისხლო. გარნა ამის ჟამამდე არა იცვალებოდნენ კათალიკოზი და ეპისკოპოსნი საყდართა თჳსთაგან. ამან შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალიკოზად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოზად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ, რომლისა ძმისწული მოიყვანა ხარჭად თჳსად. კუალად დაადგინა კარისა თჳსისა გამგედ მსაჯულთუხუცესად ბარძიმ, ძმა გიორგი ერისთვისა, სახლთუხუცესად ბებურისშვილი, ვეზირად ყიასა, ყულარაღასად ყაფლანისშვილი ლუარსაბ, და ამათ მიაგდო ყოველნი ქუეყნისანი და თჳთ მარადის იშუებდა და იხარებდა და ნადირობდა. არამედ უმძიმდაცა ფრიად ესევითარი ცვლილება საქართველოჲსა და სწადდა, რათა აქუნდეს კახეთი თჳთ და ქართლი გიორგი მეფესა, ვითარცა მემკჳდრეთა. ამას უთხრეს, რამეთუ არიან ძენი არჩილ მეფისანი ზრამაგას, რათა წარავლინოს სპანი, შეიპყრას იგინი და წარუვლინოს ყეენს. მეორედ, რამეთუ მწეობა დიდი იქმნების ალექსანდრე იმერთა მეფისა, ვინაჲთგან მეგობრობდენ ესენი გიორგი მეფის მტერობისათჳს.

ესე არა სთნდა ერეკლეს, რამეთუ დისწულნი იყვნენ ძენი არჩილისანი ამისნი. არამედ რათა არა დამართონ ქართველთა წინაშე ყეენისა, ამისთჳს შეკრიბნა სპანი და უთავა ბარძიმ მდივანბეგი, რომელმანცა გამოითხოვა ამისი ყოფად და წარგზავნა დუალეთს. არამედ მისრულსა ზრამაგას სპითა ბარძიმს წინააღუდგა ელიყანაშვილი და წარავლინა ძენი მეფისა არჩილისანი დიგორს. ხოლო ბარძიმ ვერა რაჲს მყოფელი უკუმოიქცა და მოვიდა წინაშე ერეკლე მეფისა.

კულად უთხრეს ერეკლეს, რამეთუ არიან ცოლშვილნი ლევან გიორგი მეფის ძმისა ავალისშვილის გიორგის სახლსა და გამოთხოვითავე ქაიხოსრო ციცისშვილისათა, რომელსა უწოდდენ ლოპინას, წარავლინა იგივე, რათა მოიყვანოს იგინი. არამედ გიორგი ავალისშვილმან წარიყვანა სამცხეს ლოგათჴევსა შინა იგინი ძმისა თჳსისა თანა, რომელი იყო მუნ მაჰმადიან. ხოლო ლოპინა დაესხა და იავარყო ქონება ლევანისა სრულიად, გარნა ერეკლე მეფე მნებელ არა იყო ამათი, არამედ შიშისათჳს, რათა არა შეასმინონ ყეენსა მტერთა მეფისა გიორგისათა. კუალად ამათ თჳსთა განმზრახთაგან ამცირებდა ერთგულთა მეფის გიორგისათა და განადიდებდა კახთა, და ვინამეთა ქართველთაცა. არამედ უმეტეს დაამდაბლა სპასპეტი თამაზ და მიეგო თხემსავე სიბოროტე, მერმე კუალად უძჳრესი, კუალად ამილახორი გივი და დავით ერისთავი, აშოთნ მუხრანის ბატონი. ხოლო აღაზუავნა მცველნი ტფილისის ციხისანი ყიზილბაშნი, რამეთუ ჰკლვიდნენ და წარუხმიდენ კაცთა ცოლშვილთა, სხუათა ჰყიდდნენ და სხუათა მაჰმადიან ჰყოფდნენ და ჭირისა ამისათჳს გარდაშენდებოდნენ ქართლის გლეხნი და აზნაურნიცა კახეთს, რამეთუ საწადელი იყო ერეკლესა აღშენება კახეთისა.

ხოლო გიორგი მეფე რაჭიდამ ოდიშს, ოდიშიდამ გურიას, გურიიდამ მივიდა სამცხეს და დადგა ოშორას, მუნიდამ წარმოავლინნა სპანი თჳსნი, რათა დაესხნენ ალექსანდრეს იმერთა მეფესა, რომელი იდგა წედისს. ესე სცნა ბეჟან სააკაძემ და ამხილა ალექსანდრეს და იგი მსწრაფლ შეივლტო ციხესა შინა გორს და სპანი მეფისანი მოვიდნენ ოშორასვე უქმნი. ხოლო ერეკლე მეფემან ყოველი ესე აუწყა ყეენსა, რაჲცა იგი ჰქმნა გიორგი მეფემან. ამისთჳს შაჰ-სულეიმან წარუვლინა დესპანი ხონთქრსა ქალბალიხან: «ვინაჲთგან არს ზავი ჩუენ შორის, მომეც არჩილ და გიორგი მეფენი (და მიუძღუანნა ძღუენნი დიდნი) და ჰყავ ალექსანდრე მეფედ იმერთა». მაშინ ოსმალთა ვეცხლისმოყუარეთა უბრძანეს ახალციხის ფაშას შეპყრობა და მიცემა მათი და გამეფება ალექსანდრესი იმერეთს. ამისნი მცნობნი წარჩინებულნი მესხნი აზრახებდნენ გიორგი მეფესა შესლვად იენგიჩართა შინა და მიღებად სჯულთა მათთა, ვინაჲთგან არღარა იყო სხუა რაჲღა ღონე.

შემდგომად მოვიდა ფაშა და მოერტყა გარს მეფესა ზიკილიას მყოფსა. ხოლო მეფემან ჰყო ეგრეთ, ვითარცა ამცნეს მესხთა სახლეულთა თჳსისათჳს, რამეთუ უკეთუ თჳთ განრომილ იყო მეფე, იგინი ძნიად განეროდნენ, და წარიყვანეს მეფე ახალციხეს, არამედ ვინაჲთგან უპატიო იყვნენ ქართველნი ერეკლე მეფისაგან, ამისთჳს ეზრახოდენ მეფეს გიორგის, რათა მივიდეს ქართლს და დადვან სულნი თჳსნი მისთჳს და აღუთქუმიდნენ ფიცითა დიდითა. კუალად უვლინებდნენ მრავალსა საგანძურსა აშოთან მუხრან-ბატონი, გივი ამილახორი და ნიკოლაოზ მაღალაშვილი, რათა მით დაუყოს პირი მეფემან ოსმალთა ანგაართა.

და ღამესა ერთსა ნებითა მესხთათა, გარდმოუშვა მეფე ციხის ზღუდიდამ დოლენჯიმ ჴმალაძემ საბლითა და მოვიდა სლესას ღამითვე მეფე, რამეთუ ზიკილიიდამ მუნ მისრულ იყვნენ სიახლოვისათჳს ქართლისა სახლეულნი მეფისანი, მასვე ჟამსა აყარნა დედოფალი და დედაწულნი თჳსნი და ჩამოვიდა ქართლს ჴეობასა შინა. მაშინ ალექსანდრეცა მიეწეოდა ფაშას, არამედ ასცდა მეფე გზასა ზედა და მსახურნი მისნი შეიპყრნეს მონათა მეფისათა და მოართუეს მეფესა. მერმე დაუტევა მეფემან დედოფალი მუნ ჴეობასა შინა დედაწულითურთ.

შ თ ა მ ო ვ ი დ ა გ ი ო რ გ ი მ ე ფ ე კ უ ა ლ ა დ ქ ა რ თ ლ ს დ ა დ~ წ ე ლ ი მ ე ფ ა

წელსა ქ~სა ჩ~ქჟა, ქარ. ტ~ოთ შემოიკრიბნა სპანი გარემონი მეფემან და შთამოვიდა შიდაქართლს და მოერთოდიან მუნებურნი ყოველნი სიხარულითა. ხოლო სცნა მეფემან, რამეთუ დედა და ცოლ-შვილი ალექსანდრესი დგანან რუისს, დაესხა მათ და იავარ-ჰყვნა იგინი და ძენი მისნი დააპატიმრნა და სხუანი ტყუე ჰყვნა.

ამისი მცნობელი ნაზარ ალიხან, კოჟორსა ზედა მყოფი, მსწრაფლ შევიდა ტფილისს და გიორგი მეფე მოვიდა დუშეთს და მუნიდამ თიანეთს, რამეთუ მუნ იდგა გიორგი და ბარძიმ. მოეგებნენ ორნივე წინ, სიხარულითა თაყუანისმცემელნი და ითხოვეს შენდობა, მერმე უძღუნეს დანაშთუნებულნი ტინისანი და თჳსნიცა მრავალნი.

მაშინ ქაიხიოსრო ლოპინამ შეიკრიბნა სპანი თჳსნი, რათა დაესხას დედოფალსა ახალაბას, არამედ ძმისწულმან მეფისამან ვახტანგ, ძემან ლევანისამან, შემოიკრიბნა თჳსნი და მიეგება ბრძოლად, ივლტოდა ქაიხოსრო და შევიდა ტფილისს ერეკლეს თანა და ძმისწულმან ქაიხისროსამან ციცი დაიპყრა საციციანო და მოერთო მეფესა. ხოლო შეკრებული მეფე მოვიდა თიანეთიდამ დიდგორსა ზედა და მოერთუნენ მუნ სრულიად სომხით-საბარათიანონი, მერმე მივიდა და დადგა კოჟორსა ზედა მეფე გორგი.

კუალად დაადგინა კათალიკოზად ნიკოლაოსვე და წარგზავნა ბარძიმ მსაჯულთუხუცესი იმერეთს შეწევნად არჩილ მეფისად სპითა, არამედ ვერღარა ესწრა, რამეთუ არჩილ მოსრულ იყო ერწოს; მიეგება მუნ ბარძიმ დიდითა ძღუნითა და მოუძღუა ქცხინვალს არჩილს, და თჳთ ბარძიმ მოვიდა გიორგი მეფისა თანა. მაშინ მეფე მოადგა ტფილისს და შეამჭირვა ფრიად და ეზრახა კახთა, რათა იპატრონონ კუალადვე არჩილ. ხოლო მათ სიხარულით მოსცეს პირი მტკიცე ფიცითა და აცნობეს ესე არჩილს, არამედ მან არა ინება. გარნა განემზადა წარსლვად რუსეთს. და ქენებითა დისა თჳსისა თამარისათა დაადგრა მუნვე. ხოლო გიორგი მეფე ფიცისათჳს კახთა განვიდა ლილოსა ზედა, რათა დაიპყრას კახეთი და მუნიდამ წარავლინა ბარძიმ თავად სპითა, გივი ამილახორი და სპასპეტი თამაზ და ქართველნი.

ამათ მისრულთა ნინოწმინდას მოერთო სახლთუხუცესი ჩოლოყაშვილი რევაზ მოკიდებულითა თჳსითა და ნინოწმინდელი უმასპინძლებდა მათ. არამედ დუშია ქისიყის მოურავი მოვიდა მთა-მთად მცირედითა თუშით და ქისიყითა, არა ბრძოლად, არამედ რათა ჰყოს ზავი მათ თანა.

ხოლო ესე ბარძიმ იყო ამაყი, თავჴედი, კადნიერი და არა რად ვინმე ჩნდა და უმეტეს კახნი. ამისი მცნობი და მგონებელი დუშიასი ბრძოლად მოსლვისა, ღჳნოსმული და მთვრალი განრისხნა ფრიად და არღარა ისმინა ვისიმე და მიეტევა ბრძოლად. მაშინ დუშიამ შიშისათჳს იწყო სროლა თოფთა, ჰკრა ბარძიმს მკერდსა და განვლო ბეჭსა მისსა და შეიღეს მოწყლული ნინოწმინდის ზღუდესა შინა და განამაგრეს ყმათა მისთა ზღუდე ეკლესიისა. ხოლო ქართველნი ლტოლვილნი მოვიდნენ წინაშე გიორგი მეფისა ლილოსავე. მერმე უკმოიქცა მეფე და მოვიდა მცხეთას.

კუალად ეზრახა გიორგი მეფე არჩილს, რათა დაიპყრას კახეთი, რამეთუ ევედრებოდნენ კახნი მისთჳს, არამედ არჩილ არა ინება და წარვიდა ოსეთს. ხოლო მეფე გიორგი კუალად დადგა კოჟორსა ზედა და მოაყენა ქაიხოსრო ძმისწული თჳსი გორს, რამეთუ იოთამ ამილახორი, მას შინა მყოფი, არბევდა მუნიდამ ქართლს.

კუალად ეზრახოდა გიორგი მეფე შამხალსა, რათა მწე ეყოს, და მან აღუთქუა აჰმადბეგ ალიაღის შვილის დესპანობითა. ამისთჳს წარავლინა ძმისწული თჳსი ვახტანგ მძევლად შამხლისა თანა პაემნითა ამით, რათა ოდეს მოვიდეს ძე შამხლისა ქართლს, მაშინ ვახტანგ მივიდეს შამხლისა თანა. არამედ მოუგზავნა ნიჭი დიდი ყეენმან შამხალსა: «ვინაჲთგან გიპყრავს გზა, წარსრული არჩილ მეფე რუსეთს შეიპყარ და წარმოავლინე წინაშე ჩემსა». ამისთჳს უგულებელ-ჰყო ფიცი და პაემანი შამხალმან და, რა შეიპყრეს არჩილ მეფე ჩერქეზს, ესე სცნა ვახტანგ ჴევსა მყოფმან, წარმოვიდა და მოვიდა გორს ძმისა თჳსისა ქაიხოსროს თანა. 

ამ ჟამთა ეზრახა აბაზ-ყულიხანს ნაზარ-ალიხან, რათა დაიპყრას ერწო-თიანეთი. შეკრიბნეს ამათ სპანი და მოგზავნეს თიანეთს. ამათ ზედა წარმოავლინა მეფემან პაპუა მუხრან-ბატონი, და ერისთავი გიორგი სპითურთ. მისრულთა ჰყვეს ბრძოლა კუეთებითა ძლიერითა და ივლტოდნენ სპანი ჩუენნი. ამისი მცნობელი მეფე მოვიდა თიანეთს სპითა და დაიპყრა კუალად თიანეთი. ამისთჳს მოვიდა ერეკლე მეფეცა და დადგა იგი ქართლის-უბანს. მაშინ ეზრახნენ გიორგი და ერეკლე მეფენი ურთიერთს მნებებელნი, რათა დაიპყრას ქართლი გიორგიმ და კახეთი ერეკლემ და აუწყონ ყეენსა ეგრეთ მორჩილება მისივე და დაასკუნესცა ესე პირი. არამედ არა აუფლეს მეშფოთეთა ესე ყოფად.

შემდგომად ინება მეფემან გიორგი ბრძოლა და ესეცა არა ინება გიორგი ერისთავმან, ვინაჲთგან იყო შეუმართებელი და გემოთმოყუარე და განზრახჳთა მისითა უკუმოიქცა მეფე გიორგი სპითა. ხოლო ერეკლე მეფემან დაიპყრა თიანეთი, არაგჳს აღმოსავლეთი სრულიად. მაშინ გიორგი მეფე რა თჳთ ვერღარა ეუფლა ბრძოლასა, წარავლინა ძე იასონ ერისთავისა თეიმურაზ სპითა. ამათ მოსრნეს ნაზარ-ალიხანისანი, აოტნეს და წარუხუნეს არაგჳს კიდენი და დაიპყრეს თჳთ.

კუალად წარავლინა მეფემან ზაალ ხერხეულიძე სპითა. ესენი მივიდნენ და მოსტყუევნეს მარტყოფი. ესმა ესე ერეკლე მეფესა და წარმოუდგა ამათ. არამედ ამათ შემოასწრეს მცხეთას და მოსრული ერეკლე მეფე მოადგა გარს. ამისი მხილველი გიორგი მეფე მსწრაფლ წარმოვიდა და არცა აქა აუფლა გიორგი ერისთავმან, რათა განვლონ ღართისკარი და მოსრან იგინი. არამედ მოვლეს სხალტბიდამ. ხოლო მათ იხილეს რა მიმავალნი სპანი, მსწრაფლ გავიდნენ ჯუარს და დადგა მუნ ერეკლე მეფე და ვერღარა ჰყვეს ბრძოლა სიმაგრეთ-გამო, არამედ დგნენ იმიერ და ამიერ და სპანი ბრძოდნენ მარადის ქ~ს ჩ~ქჟდ, ქარ. ტ~პბ.

შემდგომად მოიღეს ზარბაზანნი ტფილისიდამ და მათ ისროდნენ, გარნა ვერ ავნეს კაცთა. არამედ ეცა მცხეთას ეკლესიასა. მაშინ ამითი რისხვეულ იქმნენ და კუეთებითა მეხისათა იქმნა ყორჩიბაში ბეჟან ვითარცა მკუდარი. ხოლო ქუეგნმხედველ ექმნა გიორგი მეფესა ციცი ციციშვილი და აცნობებდა ყოველსავე ნაზარ-ალიხანს, რამეთუ იყო ლოპინა მის თანა. ამისთჳს შეიპყრა გიორგი მეფემან ციცი, მოაშთო იგი და მისცა საციციანო ფარსადანს ნოდარის ძეს.

კუალად შეაპყრობინა მეფემან ქაიხოსროს ძმისწულსა თჳსსა სააკაძე ბეჟან, ვინაჲთგან ამხილებდა იგიცა ნაზარ-ალიხანისა თანა და აღმოჴადნეს თუალნი (ვითარცა ძმამან მისმან პირველ ქცხინვალს ყოფასა შინა არა მისცა მეფესა ღჳნო ატენიდამ, ამისთჳს შეიპყრა და აღმოჴადნა თუალნი). ხოლო შემდგომად მოეშუელა ერეკლე მეფეს აბაზ-ყულიხან და ამით განგრძელდა ბრძოლა მუნებური და ვერა რაჲ ავნეს ურთიერთსა. მერმე უკუნიქცნენ ნაზარ-ალიხან და აბაზ-ყულიხან და მოვიდნენ ტფილისს.

შემდგომად ამისა გამოვიდა ერეკლე მეფე სომხითს. ესე სცნა კრკონს მდგომმან მეფემან და აცნობა არჩილს, შეკრბნენ ძმანი და მოვიდნენ ვარხუნას. სცნა მეფემან ბოლნისს ყოფა ერეკლესი და ინება მისლვა მის ზედა, რამეთუ იყო მცირედითა სპითა; ესე აცნობეს ერეკლე მეფესა და მსწრაფლ წარვიდა ბორჩალუს.

ამასვე ჟამსა მოართუეს მეფესა გიორგის, რამეთუ მოვლენ თუშნი და კახნი სამასნი წინაშე ერეკლე მეფისა. მსმენელნი სპანი წამსვე აღმჴედრდნენ სრულიად და მიეტევნენ. მხილველნი თუშნი შეკრბნენ ტალავრის ბოლოს გორათა ზედა და მისრულ-მდგომთაგან იქმნა კუეთებული ბრძოლა ძლიერი. გარნა მოსწყჳდნეს და დაიპყრნეს ქართველთა სრულიად. მაშინ ვახტანგ სცა ოროლი სპარსსა და სხუამან მოუწყო ისარი. იხილა ხერხეულიძე ხოხონამ და დააფარა მკერდსა ზედა ფარი ვახტანგს, ჰკრა სპარსმან მან და განვლო ფარი იგი და ვერღარა ავნო ვახტანგს.

კუალად მჴნედ გამოჩნდა სპარსი ერთი, რამეთუ ჩამოყარნა ხუთნი მჴედარნი, მჴნე ჭაბუკნი. შემდგომად შეიპყრა იგიცა გოსტაშაბისშვილმან ნიკოლაოზ და განუტევა მშჳდობით სიმჴნისა მისისათჳს. ხოლო ერეკლემ განვლო გემიყაია. მცნობმან გიორგი მეფემან ინება წინგარდასწრება და შეპყრობა მისი. არამედ არა აუფლა არჩილ მეფემან და შემოვიდა ერეკლე მეფე ტფილისს.

ხოლო გიორგი მეფე მოვიდა კუალად კრკონს. ამისთჳს წარავლინა ნაზარ-ალიხან ყაფლანისშვილი ლუარსაბ წინაშე ყეენისა და შეასმინა აბაზ-ყულიხან, რამეთუ არს მეგობარი გიორგი მეფისა და არა ნებავს შეწევნა ჩემი და მოითხოვა შეწევნა სპითა. მაშინ შაჰ-სულთან უსეინს მოეყვანა პატიმრობიდამ ლევან და ლუარსაბ, ძმანი მეფისანი, და ძე მეფისა გიორგისა ბაგრატ წინათვე მომკუდარ იყო ჰერათს, რომელნიცა უთხრეს მეფესა ახალციხესავე.

ხოლო ერეკლე მეფესა უსმინა და წარმოავლინა სპითა დიდითა ქალბალიხან და მოუწერა ერეკლე მეფესა, რათა შეიპყრას აბაზ-ყულიხან და წარგზავნოს მის წინაშე. ხოლო ზამთარსა ამას მიიცვალა დედოფალი ხვარაშან ქ~ესა ჩ~ქჟე, ქარ. ტ~პგ. და არჩილ მეფესაცა ამავ ზამთარს მოერთუა სიკვდილი ძისა თჳსისა მამუკასი მოსკოვიდამ. არამედ შემდგომად გლოვა-მწუხარებისა იყვნენ მეფენი ზოგად.

შემდგომად ზაფხულსა ამას მოვიდა ქალბალიხან ხუნანს სპითა დიდითა, მიეგება მას ერეკლე მეფე. ხოლო გიორგი მეფე დადგა დიდგორსა ზედა. არამედ აქაცა არა აუფლეს ბრძოლად გიორგი მეფე, რამეთუ ვინაჲთგან შეუმართებელნი იყვნენ გიორგი და დათუნა ერისთავნი მინდორსა ზედა, და არცა თამაზ სპასპეტმან ინება ხინწს შემოსულთა ყიზილბაშთა ბძოლა, რამეთუ იყო მამული მისი, ყიზილბაშთა სისხლთა რიდებითა, და ამათ ყოველთა უფროს სათნოჲთა ყეენისათა არა ინებეს. ხოლო ნაზარ-ალიხან და ქალბალიხან შემოვლნეს სომხითი, დბანისჴევი და დადგნენ ყარაბულახს; და გიორგი მეფეცა მივიდა და დადგა კლდეკარს.

მაშინ ერეკლე მეფე და ალექსანდრე იმერთა მეგობრობდნენ. ამისთჳს მოუჴდა ალს და ტუე ყვნა. მსმენელმან არჩილ მეფემან, ტაშისკარს მდგომმან, დევნა უყო, არამედ მას ვერღარა ეწია და დააყრევინნეს ტყუენი. ამისთჳს ეზრახნენ არჩილ და გიორგი მეფენი იმერთა, ხოლო იმერთა შეიპყრეს ალექსანდრე და მოსცეს მეფეთა; ამათ მოიყვანეს და მოაშთვეს იგი რუისს.

არამედ ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა განგრძელდა, რამეთუ ყიზილბაშნი მლოდინენი [იყვნენ] სულმოკლებისა და უკუნქცევისა ქართველთასა. ხოლო ქართველნი წარჩინებულნი არა მნებებელნი ბრძოლისანი და სიმაგრეთა შინა იმედებულნი, იტყოდნენ: «ვაცადოთ თოვლი და უკუნ-იქცევიან ყიზილბაშნი». არამედ მეფე წადიერ იყო ბრძოლისა, ვინაჲთგან უწყოდა, უკეთუ დასძრეს მუნიდამ, ვერღარა დაუდგმიდნენ სიმაგრეთა მათთა და დაბრკოლდებოდნენ ესე-ვითარებითა. გარნა შინაგამცემელნიცა მრავალნი იყვნენ, ვითარცა ესე, რამეთუ უბრძანა მეფემან ძმისწულსა თჳსსა ქაიხოსროს მისლვად სპითა და მოსრვა მებალახეთა და წარმოღება ცხენთა მათთა, და მთათა წარმოდგომილთა სპათა ყიზილბაშთა ეკუეთნენ მერმე სპანი მეფისანი დიდნი და მოსრან იგინი. ესე იმცნეს მათ შინაგამცემელთაგან, და განაწყუნეს მუნ სპანი რჩეუულნი. ხოლო მისრულსა ქაიხოსროს ბრძანებისაებრ ეკუეთნენ მზადყოფილნი იგი ყიზილბაშნი და იქმნა ბრძოლა ძლიერი; და მოსწყდა სიმრავლე და მოუკლეს ქაიხოსროს ცხენი. მაშინ მჴნედ გამოჩნდა ზაალ ფალავანდისშვილი, გარდაჴდა და მისცა ცხენი თჳსი ქაიხოსროს და თჳთ ბრძოდა. შემდგომად აოტნეს სპანი ქართველნი და მოჰკლეს ზაალცა მუნ.

მეორეს დღეს წარმოავლინეს ქაიხოსრო ლოპინა სპითა. ამან გარდმოვლო მთა თორისა გუჯარეთსა ზედა და დადგა გვეძინეთს. ამისმან მცნობელმან მეფემან გიორგი წარავლინა ფარსადან ციციშვილი და ზურაბ ერისთვისშვილი, არამედ ამათ ვერარად ავნეს ქაიხოსროს და დაიპყრა საციციანო მან.

ამისი მცნობელი ქალბალიხან წარმოემართა სპითა. ხოლო მეფე აიძულებდა ქართველთა ბრძოლად. არამედ არა ინებეს კუალად მთავართა. ამისთჳს წარმოვიდა მეფე კრკონს, აჰყარა მუნ მდგომნი დედაწულნი თჳსნი და სახლეულნი და წარვიდა იმერეთს. ქ~სა ჩ~ქჟე, ქარ. ტ~პგ.

ხოლო ნაზარ-ალიხან და ქალბალიხან მოვიდნენ გორს, წარავლინეს და მოარბიეს რომელნიმე ზენა დაბნები. გარნა მთავარნი ვერღარა გამაგრდნენ სიმაგრეთა შინა თჳსთა ყმათა თჳსთა გამო და გიორგი ერისთავი და გივი ამილახორი წავიდნენ დუალეთს და მუნიდამ იმერეთს, და დავით ერისთავი მოიყუანეს ყმათავე თჳსთა მაღრან-დუალეთიდამ წინაშე ერეკლესა. ეგრეთვე პაპუა მუხრან-ბატონი და თამაზ სპასპეტი ძით მამუკათი უღონო ქმნილნი მივიდნენ ქალბალიხანისა თანა.

ესე ყოველნი განზრახჳთა ერეკლე მეფისათა წარავლინა ქალბალიხან წინაშე ყეენისა. ხოლო ყეენმან წარავლინა პატიმარნი ქირმანს. შემდგომად ამათთა მისლვისა მივიდნენ ყოველნი ქართველნი ერეკლე მეფისა თანა. მერმე უცნობელად ბიძებთა თჳსთა ეზრახა ქაიხოსრო, ძე ლევანისა, ქალბალიხანს, რათა წარავლინოს წინაშე ყეენისა და მივიდეს მის თანა. მან სიხარულით აღუთქუა და მისრული კეთილად შეიწყნარა და წარავლინა წინაშე ყეენისა. ამას ყეენმანცა პატივ-სცა, რამეთუ იყო მამაცა მისი მუნ. არამედ, ვინაჲთგან მტერ იყვნენ ქალბალიხან და ერევნის ხანი, ამისთჳს ეზრახა ერევნის ხანი გიორგი მეფესა, რათა წარვიდეს წინაშე ყეენისა და მან წარმართოს საქმე მისი ყოველი და მოსცეს ყეენმან კუალად ქართლი და ნიჭი დიდი. მსმენელმან მეფემან ამას ზედა მისცა პირი მტკიცე წარსლვისათჳს. ხოლო ჩერქეზის ბატონის ასული რუსუდან, რომელი მოეყვანა ძისა თჳისისათჳს მეფესა, ესე პირველვე მიეცა ძმისწულისა თჳსისა ვახტანგისათჳს, და შემდგომად ქაიხოსროს წარსლვისა წარიყვანა ვახტანგ იგი და დედინაცვალი თჳსი და ძმანი თჳსნი და მივიდა ხარაგეულს და მუნ ნებითა მეფისათა ჰყო ქორწილი არა დიდებული.

ხოლო ერევნის ხანს მყის ეცნობა ყეენისათჳს მისლვა მეფისა. მსმენელმან ყეენმან ამისთჳს მოსცა ხანსა მას თოფანჩი-აღასობა და მეფისათჳს წარმოევლინა მეჰმანდარი, და ესე მოვიდა ალს. მცნობი მეფეცა მივიდა ალს, წარუძღუა მეჰმანდარი დიდითა პატივითა, ჩავლო ქართლი, შევლო ატენი, განვლო თრიალეთი, აბოცი და მივიდა ერევანს ქ~სა ჩ~ქჟვ, ქარ. ტ~პდ. შემდგომად მივიდა ისპაანს წინაშე ყეენისა, პატივ-სცა და კეთილად შეიწყნარა, მისცნა ნიჭნი და განკუეთილნი, და დახუდენ მეფესა ძმანი თჳსნი ლევან და ლუარსაბ და ძმისწული ქაიხოსრო, არამედ ვახტანგ ძმისწული მეფისა დაშთა სახლეულით იმერეთს.

ხოლო შემდგომად გიორგი მეფის წარსლვისა წარვიდა ქალბალიხან განჯას სპითურთ და ერეკლემ დაიპყრა სრულიად ქართლი, განაყენა კუალად კათალიკოზობიდამ ნიკოლაოზ და დასუა იოანევე კუალად. გარნა თუ ეპყრა კახეთი ქალბალიხანს, არამედ მარადის იყვნენ წინაშე ერეკლესსა და თუშნი, ქისიყი და ერწო-თიანეთი ეპყრა ერეკლეს. კუალად დასუა არაგჳს ერისთავად ბაინდურ, კსნისად დავით, ბიძაშვილი დათუნასი, ამილახორად იოთამ, სპასპეტად ლუარსაბ ყაფლანისშვილი, მუხრანის ბატონად კონსტანტინე. კუალად დაამდაბლნა ერთგულნი გიორგი მეფისანი და ზოგთა მიუხუნა მამულნი და აღამაღლნა კახნი უმეტეს პირველისა და მისცნა მამულნი მათნი, და უმეტეს ტფილისის მცველნი განალაღნა და მკჳდრ-ჰყო, რამეთუ არღარა იცვალებოდნენ; მერმე გადვა ხიდი ნაგებს-მტკუარსა ზედა და ეტყოდა შეჭირვებულთა ქართველთა გლეხთა: «განვედით, აჰა კახეთი მშჳდობისა». და აღივსებოდა კახეთი ესრეთ. კუალად დაიმორჩილნა ესრეთ, რამეთუ რაჲ თუ მცირედი დაკარგული იყო, შეიპყრნის სახლთხუცესნი კათალიკოზისა, მუხრან-ბატონისა, არაგუ-კსნის ერისთავთა და ამილახორისა; და მასვე ჟამსა შინა მოაღებინის და ამისი მოქმედი მარადის იყო უმეტეს შუება-განცხრომასა შინა.

არამედ არა ჰყვა ცოლი, გარნა ხარჭანი და ქართველთა განზრახჳთა მოთხოვნით მოიყვანა, რომელი დაეტევებინა ისპაანს ძით და ასულითა ანნა, რომელი ექორწინა მუნვე ასულით ელენეთი. ხოლო ძე მისი დავით დაშთა მუნვე. შემდგომად კუალად აღაშენა ნაგებს სასახლე და იყოფოდა მარადის ზამთარს მუნ ნადირობით, ნადიმობით და მგოსნითა.

ამავ ჟამთა იპარვიდიან სილაღითა მცველნი ციხისანი, თათარნი ტფილისისა, გორისა და სურამისა ტყუეთა და ჰყიდდიან და შეერიათ ქართველთაცა სყიდვა ტყუეთა და იცვალებოდაცა ქცევა-ზნენი ქართლისანი და იქცეოდნენ უმეტეს ყიზილბაშთა ზნე-წესითა და ყოვლითა უწესოებითა ქრისტეანულისათა ცოდვითურთ. შემდგომად მოკუდა კათალიკოზი იოანე ქ~სა ჩ~ღ, ქარ. ტ~პჱ, დასუა ერეკლემ ევდემოზ ძმისწული იოანესივე. 

ხოლო მოკლეს კსნისჴეველთა განზრახჳთა დათუნა ერისთავის დედისათა დავით ერისთავი, შეუძნდა ერეკლე მეფესა, განრისხნა და წარავლინა ზემო ქართლის დროშა, შეუჴდენ კსანსა და მოარბივნეს და დაიპყრნა ერეკლე მეფემან მამულნი მისნი. 

შემდგომად ეშინოდა შესმენა ყეენისა და ამისთჳს მოითხოვა დათუნა ერისთავი ყეენისაგან, მოიყუანა და მისცა ერისთობა მასვე. ხოლო იმერეთს მოკლეს რა სჳმონ, აღუძნდა ესე ერეკლე მეფესა, ვინაჲთგან იყო წარვლინებული მის მიერ და შეკრებული ქართველ-კახთა სპითა მივიდა დაღალულასა შინა, რათა შურ აგოს ბაშიძეს და მ ი უ ხ უ ნ ა ს ჴეფინისჴევი, რამეთუ შემდგომად გიორგი მეფის წარსლვისა მას ეპყრა. არამედ ვინაჲთგან იმერნი მტკიცედ დგნენ აბაშიძისად, ამისთჳს განზრახჳთა ყიასა ვეზირისა და ლუარსაბ სპასპეტისათა მოიქცა ტფილისადვე.

ხოლო რაჟამს აღდგნენ ბელუჭ-აზარანი და ავღანნი, ესენი მეკობრობით არბევდნენ ქირმანით იეზდამდე და რავდენგზის წარავლინნა ყეენმან სპანი და სარდალნი, მარადის იგინი მძლე ექმნებოდიან. ამისთჳს აიძულებდა ყეენი გიორგი მეფესა, რათა განაგოს საქმე ესე და მიანიჭოს კუალად ქართლი, და არა ინებებდა მეფე. არამედ ქართველნი, რომელნი იყვნენ მის თანა, ევედრებოდნენ ყოფად ამისა. ამისთჳს ინება მეფემან, მისცეს ქირმანი და ნიჭნი დიდნი. ხოლო მეფემან პირველ წარავლინა ძმა თჳსი ლევან ქირმანს მცირედითა ქართველითა და მისრული ქირმანს ლევან წარვიდა ლუთბარსა ზედა, რომელთა ჰყვათ დედაკაცი, სახელოვანი ბრძოლათა და შფოთებათა შინა მათთა. არამედ ლუთბარელნი ვერ წინააღუდგნენ და მოსცეს დედაკაცი იგი, და მუნვე მოჰკიდა იგი ძელსა და დაიმორჩილნა იგინი. შემდგომად გამოვიდა მარბიელად სპანი დიდნი ბელუჭთა, ამათ ეწყო ლევან და მოსწყჳდნა სრულიად, რამეთუ ვერ განერა ერთიცა.

კუალად შემდგომად ამისა სამგზის მოსრულნი მარბიელნი სპანი დიდნი მოსრნა ლევან და წარუვლინნა თავნი მათნი ყეენსა. ამისთჳს ყეენმან ანიჭნა დიდნი. შემდგომად შთავიდა მეფეცა არა დიდითა სპითა ქართველითა. არამედ მოგზაურსა მეფესა ძღუნიდიან სრულიად სპარსნი. კუალად გამოვიდნენ ბელუჭნი და მოაოჴრეს სრულიად ხუარასანი. შემოიკრიბნა ამისთჳს მეფემან სპანი ქირმანისანი და ქართველნი მის თანა, ვნო უდაბნო ძნელი და უწყლო და მოეწია მათ. მხილველნი იგინი განმაგრდნენ კლდე-გორათა ზედა.

მაშინ განყო მეფემან სპანი თჳსნი: ლევან და ქართველნი ერთკერძო, ქირმანელნი ერთკერძოდ და თჳთ ერთკერძ, მიეტევნენ ფიცხელად და შეუჴდნენ ქართველნი ბანაკთა მათთა და შემუსრნეს და მოსწყჳდნეს სრულიად, რამეთუ ვერ განერნეს ერთიცა; მოიქცა მეფე ქირმანს და წარუვლინა თავნი მათნი ყეენსა. ამის წილ მოანიჭნა ნიჭნი ურიცხუნი ყეენმან და ლევანს მისცა მსაჯულთუხუცესობა ერანისა და ქაიხოსროს ტარუღობა ისპაანისა და მოუწოდა ლევანს ისპაანს წინაშე თჳსსა. მაშინ აუწყა მეფემან ყეენსა ლევანის გამო: «რამეთუ მწირ არს ძე ჩუენი ვახტანგ იმერეთს და, უკეთუ არარაჲ ეყოს შეწევნა ჩუენ მიერ, წარვალს იგი რუსეთს და ამისთჳს ჩუენ უვნო ვიყვნეთ წინაშე შენსა». მსმენელმან ყეენმან მსწრაფლ მოუწერა ერეკლე მეფესა, რათა მოიყვანოს ვახტანგ ქართლს და მისცეს ყოველნი საუფლისწულონი მამისა თჳსისა ლევანისა. ხოლო ერეკლე მეფე, დაღათუ არა მნებებელ ამის, ვერ ურჩ ექმნებოდა ყეენსა. ამისთჳს წარმოუვლინა ვახტანგს კათალიკოზი ევდემოზ და სპასპეტი ლუარსაბ და მოუწოდა ვახტანგს. მაშინ ვახტანგს მოსლოდა წარგზავნილი თჳსი ზალია შანშიაშვილი, ძე ბაადურისა, და მამუკა შათირი არჩილ მეფისაგან, რათა წარვიდეს რუსეთს. ამისთჳს ვახტანგ განეზრახა იმერთა წარჩინებულთა წარვიდეს თუ რუსეთს ანუ ქართლს. ხოლო მათ განიზრახეს მისლვა ქართლს. წარმოვიდა და მოვიდა ალს, მუნ შემოჰფიცეს კათალიკოზმან და ლუარსაბ უვნებელობისათჳს და მერმე მივიდა ტფილისს ქ~სა ჩ~ღა, ქარ. ტ~პთ.

მისრული ვახტანგ ერეკლე მეფემან კეთილად შეიტკბო და სცა პატივი დიდი და აუფლა ბრძანებულთა ზედა ყოველთა. მერმე მოვიდა სურამს ვახტანგ და მოიყვანა ცოლი და ძენი თჳსნი და სახლეულნი და იყოფებოდა ოდესმე ნაზარ-ალიხანისა თანა. ხოლო რაჟამს ეუფლა ვახტანგ მამულსა თჳსსა, მოსცა აბაშიძემ ჴეფინისჴევი; «ვინაითგან მკჳდრი თქუენი არს».

ხოლო მეფემან გიორგი დაამშჳდნა ყოველნი ურჩნი, რამეთუ ხოსროშა და შადადა, მპყრობელნი ბელუჭისანი, მოვიდნენ წინაშე მისსა შიშით შეძრწუნებულნი და თაყვანისმცემელნი. შემდგომად კუალად ინდოთ მესაზღვრენი ავღანნი და ბელუჭნი მოვიდნენ მორბევად ხორასნისა. ამათ ზედა წარავლინა მეფემან სპანი ქართველ-ყიზილბაშნი. ამათ განვლეს უდაბნო სასტიკი, ეწივნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სუემან მეფისამან სძლო და მოსრნეს სრულიად განურინებელად და მოვიდნენ წინაშე მეფისა გამარჯუებულნი. არამედ შემდგომად ყანდაარის ხანს აღუდგნენ ბელუჭნი და უფროს მირსამანდარ და აოჴრებდიან ყანდაარის გარემოთა. ხოლო ხანმან მან წარავლინა სპასპეტი თამაზ, რამეთუ იყო ბიძა თამაზისა, ბრძოლად მათდა და მრავალგზის სძლო მათ თამაზ. შემდგომად დაესხა მირსამანდარ, მოკლა თამაზ და მოსწყჳდნა სპანი მისნი და შემდგომად ამისა ვერღარა წინააღუდგა ყანდაარის ხანი და მარადის აოჴრებდენ სანახებსა ყანდაარისასა, რამეთუ ვერღარა გამოვიდის ხანი ციხიდამ. ესე ყოველი რა ესმა ყეენსა, უბრძანა ლევანს, რათა მიიღოს გიორგი მეფემან კუალად ქართლი და სპასალარობა ერანისა და განაგოს საქმე ყანდაარისა. ხოლო ლევან მსწრაფლ აუწყა ესე მეფესა და აღუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა და არა ენება, არამედ აიძულებდენ მისთანა მყოფნი ქართველნი ამის ყოფად. ამისთჳს ნება-სცა ყეენსა, რათა მისცეს აწვე განმგეობა ქართლისა ვახტანგს და მერმე წარავლინოს ლევან ქართლს, რათა მან განაგოს საქმენი დაშლილნი მანდაურნი და წარუგზავნოს სპანი ქართლისანი. მოჴსენებულმან ყეენმან ეს ყოველი აღუსრულა გიორგი მეფესა და მოსწერა ნაზარ-ალიხანს: «მიეც ქართლი გიორგი მეფესავე, ხოლო შენდა მომინიჭებიეს კახეთი და ყულარაღასობა, აწვე წარმოვედ წინაშე ჩემსა». ამისი მსმენელი ერეკლე მეფე წარვიდა და მიიყვანა ცოლშვილნი მარტყოფს. ხოლო თჳთ მოიქცა ტფილისსვე წარსლვად წინაშე ყეენისა.

ვ ა ხ ტ ა ნ გ 8 წ ე ლ ი გ ა ნ ა გ ე ბ დ ა, თ ა თ რ უ ლ ს ა 1 1 1 5, მ ო ვ ი დ ა ლ ე ვ ა ნ

ხოლო მოვიდა ვახტანგ ტფილისს და დაჯდა განმგედ ქართლისად ქ~სა ჩ~ღგ, ქარ. ტ~ჟა, და ერეკლე მეფე წარვიდა ისპაჰანს მაისსა შინა. შემდგომად ივლისსა შინა ი~ე მოვიდა ლევანცა. არამედ ესე ლევან იყო სიჭაბუკითგანვე ღუთისმოყუარე, ბრძენი და სიბრძნის მოყუარე, ეკლესიათა მაშენებელი, მამკობელი, მდაბალი და ბოროტისა არა მომჴსენებელი, მოწყალე, მშჳდი, ღრმად განმსინჯველი და მოუბარი. ამან განაგნა ყოველნი საქმენი ქართლისანი და არცაღა ვის მიაგო ბოროტებისა წილ ქმნულთა მათთა, რომელნი უყვეს მეფესა გიორგის. შემდგომად კუალად მოჴსენებითა მეფისათა გამოუტევნა ყეენმან გიორგი ერისთავი, პაპუა მუხრანბატონი და სრულიად ქართველნი ნიჭითა, ხოლო ლევან წარავლინა სპანი ქართველნი წინაშე მეფისა გიორგისა ც~ (2000) მჴედარნი, და ესენი რა შთავიდნენ ქირმანს წინაშე მეფისა, წარვიდა მეფე ყანდაარს. გარნა წინათვე წარევლინა სისტანის ხანი და კაცია ძე თამაზისა მეფესა. ამათ მისლვასა ზედა სმოდათ ავღანთა და აზარათა მისლვაცა მეფისა, ამისთჳს დამორჩილდებოდნენ და არღარა იყო რბევა მათ მიერ. ხოლო წარსრულმან მეფემან განვლო უდაბნო ფიცხელი და მივიდა სისტანს, მუნიდამ გირიშკს და გირიშკიდამ მივიდა ყანდაარს. მისლვასა მეფისასა დეაცათ შიში და ძრწოლა ყოველთა და მოერთუნენ სრულიად ყოველნი. შემდგომად ბრძანა: «ყოველნი მორჩილნი ბრძანებისანი მოვიდნენ წინაშე ჩემსა და მივანიჭო ღირსნი პატივნი მათნი; უკეთუ არა ინებონ, მოვსრნე მახჳლითა უწყალოდ». ისინი მსმენელნი მოვიდნენ ყოველნი ძღუნითა დიდითა წინაშე მეფისა და დამორჩილდნენ სრულიად და მოხარკე ჰყვნა; მერმე განვიდა ნადირობად სპითა დიდითა; ესე ჰგონა მირსამანდარ, მისლვა მას ზედა მეფისა, მსწრაფლ წარმოვიდა ძმისწულითა და ხუთოდენ მონითა და მოვიდა წინაშე მეფისა. ამისთჳს მეფემან პატივ-სცა და მისცნა ნიჭნი და შემდგომად ფიცით მორჩილება-მოხარკობასა ზედა პაემანისა დამდები განუტევა.

შემდგომად წარმოევლინა ქობულს მჯდომს ინდოთ მეფის ძეს დესპანი ძღუნითა დიდითა მშჳდობის მთხოველსა, რამეთუ ჰგონებდა იგიცა მისლვასა მეფისასა თავის ზედა. ხოლო მეფემან წარმოუვლინა ძღუენი იგი და წიგნი მისი ყეენსა. ამისთჳს ყეენი ფრიად მადლიერ იქმნა და მიანიჭა იგინიცა მეფესა და სხუანი უმეტესნი და კუალად საძღუნოცა მის ინდოთ მეფის ძისა და უბრძანა წარვლინება დესპანისა თჳსისა, და ამისთჳს მისანდობელ იქმნა ფრიად ყეენისა მეფე და შურობდენ ამას ყიზილბაშნი.

ხოლო ლევან განაგნა დაშლილნი საქმენი ყოველნი ქართლისანი და დაჰყო თთუე ი~ე ქართლს და დაუტევა ძე თჳსი ვახტანგ განმგედ ქართლისა და იესე ძე თჳსი წარიყვანა ისპაჰანს, ქრისტესით ჩ~ღდ, ქართულსა ტ~ჟბ, სეკდემბერს კ~ვ, თათრულსა 1118. და ესე ვახტანგ იყო ღუთის მოშიში და ღუთის მოყუარე და ფრიად მოღვაწე, სამღუდელოთა პატივსმცემელი, ქურივ-ობოლთა და გლახაკთა მიმცემელი, უღონოთა შემბრალე, ეკლესიათა მაშენებელი, ხატთა და ჯუართა შემამკობელი, მოწყალე, ცოდნისმოყუარე, ბრძენი, მჴნე და ახოვანი, შუენიერ-ჰაეროვანი, მუშაკი, უხჳ და მშჳდი, არამედ ჟამად მრისხანე. ამან მოიწყო ყოველნი ქართველნი, გარნა მიეცა კათალიკოსობა მეფესა ნიკოლაოზისათჳსვე. არამედ შეითქუნენ ეპისკოპოსნი და არქიმანდრიტნი და არღარა ინებეს ნიკოლაოზ, რამეთუ არს სოფლიერი, და ევდემოსს დაუდვეს უმეცრება და გამორჩევით დაადგინეს ნებითა ვახტანგისათა კათალიკოზად დომენტი, ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა, ახლად მოსრული რუსეთიდამ, და აკურთხეს ქ~სა ჩ~ღე, ქარ. ტ~ჟგ.

ხოლო ვახტანგ აღაშენა და განავსო ქართლი, რამეთუ რომელნი ჟამსა ერეკლე მეფისასა შთასრულ იყვნენ კახეთს ქართველნი, ამან ბრძანებითა ყეენისათა გამოიყვანნა ყოველნი და დასხნა თჳსთავე ადგილთა ზედა. ამას მორჩილებდენ იმერნი, უსმენდენ კახნი, მოიღო მბეჭდველობა ვლახეთიდამ და განამრავლნა წიგნნი სამღთონი, რამეთუ უმეცარნიცა სამღუდელოთა წერილთა იკითხვიდიან, განაწყუნა სპანი როქითა მცველად თჳსად. დასწერა წიგნი სამართლისა და მით სჯიდიან მსაჯულნი, მოშალა ტყჳს ყიდვა, დაამდაბლნა თათარნი, და უმეტეს ტფილისს ციხის მცველნი, აღამაღლნა ქართველნი, გაიღო რუნი და აღაშენნა მრავალნი დაბნებნი. ხოლო კათალიკოზს დომენტის არა აუფლეს კახთა კახეთს მამული თჳსი. ამისთჳს წარვიდა წინაშე ყეენისა ქ~სა ჩ~ღზ, ქარ. ტ~ჟე. მისრულსა კათალიკოზს პატივ-სცა ყეენმან და მისცნა ყოველნი მამულნი თჳსნი და ნიჭი დიდი. შემდგომად გამოუტევა და მოვიდა ტფილისს ქე~სა ჩ~ღჱ, ქარ. ტ~ჟვ. მერმე შთავიდა კათალიკოზი კახეთს, იმამ-ყულიხანისა თანა და აუფლეს მამულსა თჳსსა და იყოფებოდა მოსრული მცხეთას.

ხოლო ყანდაარი რა დაამშჳდა მეფემან, კუალად განდგა აზარის სულტანი დაქეზ. ამისი უბრძანა მეფემან მირვეისს ანუ მოკლას იგი, ანუ შეიპყრას და მოართუას მას. მაშინ მირვეისმან მოკლა იგი ღალატად და მოართუა თავი მისი და დაიმორჩილა აზარა მეფემან. არამედ თავი დაქეზისა წარმოუვლინა ყეენსა მირვეისით და მოუმცნო, რათა არღარა განუტეოს მირვეისი მუნ, ვინაჲთგან ბოროტი მანქანა იყო. ხოლო დიდებულთა ყეენისათა შურითა მეფისათა კუალად განუტევეს და ამცნეს მტერობა მეფისა, და მირვეისი, მოსრული ყანდაარს, მარადის ეძიებდა ჟამსა სიკუდილისათჳს მეფისა. არამედ ზარისაგან მეფისა იჩემებდა ფრიადსა ერთგულებასა.

ხოლო მეფემან წარგზავნა იერუსალიმს ორიათასი თუმანი საჴსარად გოლგოთისა და ჯუარის მონასტრისა და სხუანი მრავალნი შესამკონი მათნი. კუალად წარმოგზავნა ხატი ოქონისა და ნაწილნი და ჯუარნი, რომელნი წინდად ეყო სამცხეს და მესხმან მან მუნ მიუღო ყოველნი და მეფემან მას მიანიჭნა უზომონი ნიჭნი. ხოლო ვახტანგს რა მოუთუალნა ნაწილნი და ხატნი ოქონისა, თთუესა ივლისსა ლ~ განუწესა დღესასწაული. 

არამედ რა განისმა ძლიერება მეფისა, მისმოდა ფარიჯან სულტანსა ინდოეთს ლტოლვილსა. ამისთვის ესე მოვიდა პაპუნა ციციშვილისა თანა, რათა წარავლინოს წინაშე მეფისა, ვინაჲთგან მას ეპყრა სულტნობა იგი. არამედ ქალანთარი იყო სულტანის მტერი, მისცა ქრთამი პაპუნას და მოგზაური მოკლეს სულტანი. ამისი მსმენელი მეფე განრისხნა და ბრძანა თავის წარკუეთა პაპუნასი, გარნა ვედრებითა ქართველთათა განერა. ამას ზედა შეშინდა ქალანთარი იგი და განდგა თემით თჳსით. ამისთჳს განრისხებულმან მეფემან წარავლინა მას ზედა სპანი ქართველნი და ყანდაარისანი სრულიად; ამათ უთავა ალექსანდრე, ძე ლუარსაბ ძმისა თჳსისა, ნაშობი ხარჭისაგან, და თჳთ მეფე დადგა აბდლის სპითა და ტაძრეულითა თჳსითა მცირედითა ქართველითა. მაშინ ამხილა მეფესა ღალატი მირვეიზისაგან ძმამან მირვეიზისამანვე. არამედ არა უსმინა მეფემან. ხოლო სპათა მეფისათა მისრულთა შემუსრნეს სიმაგრენი და მოსრნეს წინააღმდგომნი და ტყუე ყვნეს, აღიღეს ალაფნი მათნი დიდნი და დაიმორჩილნეს სრულიად. გარნა აქა მეფისა თანა იდგა ტალად მირვეიზ, ამან იცა ჟამი და მოუწოდა სპათა და მორჩილთა თჳსთა, წარვიდა იდუმალ და მივიდა სპათა თჳსთა თანა და მოუჴდა აბდლის სულტანსა მეტყუელი: «ბრძანება არს მეფისა». და წარკუეთა თავი. რამეთუ არა მორჩილ ექმნებოდა არა თუ ბრძანებითა მეფისათა, ვინაჲთგან ერთგულებდა მეფესა, და უკეთუმცა იგი არა მოეკლა, ვერა რაჲსამცა მყოფელი იყო. მერმე მოვიდა მეფესა ზედა.

მაშინ ტალანი მეფისანი აბდალნი და მირსამანდარის ძმისწულნი და მცირედნი ქართველნი და თჳთ მეფე ფიცხელად ბრძოდნენ და ვერ შეუძლო შესლვად მირვეიზმან. ინება მეფემან აღმჴედრება და ეგრე ბრძოლა. არამედ არა აუფლეს ყიზილბაშთა მდედრგულთა, გარნა მოიჴელოვნა მირვეიზმან, მოჰკუეთა ვისმე თავი და ეტყოდა აბდალთა: «აჰა მოვკალ მეფე, იყავნ ქონება და საჭურჭლენი თქუენდა, ხოლო კაცნი ჩუენდა». ამის მრწმუნებელთა აბდალთა აღიღეს სიმდიდრე და ივლტოდნენ. შემდგომად მოერტყა მირვეიზი მეფესა სპითა და ბრძვეს ძლიერად მეფისათა. არამედ არღუევითა ბანთათა მოკლეს მეფე გიორგი ქ~სა ჩ~ღთ, ქარ. ტ~ჟზ, დიდსა ხუთშაბათს, და აჰყარნა ხატნი და ჯუარნი მეფესა მირვეიზ და ფსალმუნი, რომელსა იკითხვიდა ჟამსა მას, და წარმოუვლინა ყეენსა მეტყუელმან: «ესრეთ გაცდუნებდა მეფე». მერმე მოიქცა ყანდაარს და მცველთა ციხისათა მიუთხრა ყეენისა-მიერობა სიკუდილი მეფისა, ამისთჳს მისცეს ყანდაარი და დაიპყრა მან.

ესე რა ესმათ ალექსანდრეს და ქართველთა, დამძიმდენ ფრიად და განევლტვნენცა ყოველნი ავღანნი და, უკუმოიქცნენ რა, გზასა ზედა ეწიათ სპანი მირვეისისანი და ეწყოდიან. არამედ მარადის მძლე ექნებოდიან ქართველნი და მოვიდნენ ციხესა შინა ლეილ მაჯნურისასა და მუნ ჰსნეს მირვეისისაგან დაპყრობა ყანდაარისა და წარვიდნენ გირიშკს. არამედ ეტიკთა შეაცთუნეს და მოიყვანეს ყანდაარსვე და მუნ შევიდნენ წალკოტის ზღუდესა შინა. მოვიდნენ და მოერტყნენ სპანი მირვეისისანი.

მაშინ ხუანჯითა სიცბილისათა იერმაჰმად ძმამან მირვეისისამან წარიყვანა ალექსანდრე ყანდაარს. მერმე სთხოვეს ქართველთა საჭურველნი და აიძულებდენ მაჰმადიან-ყოფად და დაშენებად მუნვე. შეუძნდა ესე ფრიად ქართველთა და რამე გამოხურიტეს ზღუდე წალკოტისა, გამოვიდნენ და წარმოვიდნენ და აქაცა მრავალგზის მოეწია სპანი მირვეისისანი, გარნა მრე ექმნენ.

არამედ წყალიცა ყანდაარისა შეეკრა სპითა და მოსრულთა ქართველთა, იხილეს რა, შეიცურვნეს ცხენნი და ერთჴმობით განვიდნენ და იქმნა მუნ ბრძოლა ძლიერი, მოსცა ღმერთმან ძლევა, აოტნეს და მოსწყჳდნეს მრავალნი. კუალადცა წარმოსრულთა მრავალგზის ეწივნენ, გარნა ქართველნი მძლე ექმნებოდენ. შემდგომად ეწივნენ ი~ე ჩ~ მჴედარნი, ქართველთა ხუთასთა ბრძვეს ძლიერად, ძალითა ღ~თისათა მოსრნეს, რამეთუ მცირედნიღა განერნენ ლტოლვითა და ქართველნი მოვიდნენ გირიშკს გამარჯუებულნი. არამედ საცთურითავე მირვეისისათა არა მისცნეს აქაცა ნავნი, შეიცურნეს კუალად ცხენნი და განვიდნენ უვნოდ. არამედ დაშთა კაცი უძლები მუნ კიდესა ზედა, ამას მოუჴდნენ ავღანნი, ჰკრა ჴრმალი ქუეითმან და განჰკუეთა ავღანი ჯავშნოსანი სრულიად და შეჯდა ცხენსა მისსა და გამოვიდა იგიცა. ხოლო ავღანთა მიართუეს განკუეთილი ჯავშანი მირვეისსა და ჰრქუეს: «ამის მოქმედთა არა ძალგვიძს ბრძოლა».

ხოლო ქართველნი შევიდნენ გირიშკის ციხესა შინა და განამაგრეს იგი. მერმე აცნობეს ყეენსა ყოველი ყოფილი: შეუძნდა ყეენსა ფრიად ესე, მერმე მოუწოდა ქაიხოსროს ძესა ლევანისასა, მისცა ქართლი სამეფოდ და სპასალარობა ერანისა. რამეთუ ლევან იყო ფრიად სალმობიერი და ქართველთა მათ წარუვლინეს ნიჭი დიდი. არამედ დაუცხრომელმან მანქანამან მირვეის შეიკრიბა ი~გ ჩ~ მჴედარნი და მოგზავნა გირიშკს, რათა გარმოდგომილ ჰყონ იგი. მაშინ ქართველთა განიზრახეს გარმოდგომამდე მათთა მიგებება და მათ ზედა დასხმა და მეორეს განთიადს დაესხნენ მათ და მოსწყჳდნეს სიმრავლით, რამეთუ აღაშენეს თავთა მათთაგან კოშკნი და ტყავნი წარმოუვლინეს ბეჟან რატისშვილითა ყეენსა.

ჟ~გ. მ ე ფ ე ქ ა ი ხ ო ს რ ო გ~ წ ე ლ ი მ ე ფ ა

ხოლო ქაიხოსრო მეფე, განმზადებული წარსლვად და ამისი მსმენელი იხარებდა, არამედ არღარა ინებეს განმზრახთა ყეენისათა წარვლინება ქაიხოსროსი, ვინაჲდან მარადის მძლე ექმნებოდენ ავღანთა ქართველნი: კულად წარუვლინეს ქართუელთა ნიჭი და მუნვე მყოფი მაჰმად ყულიხან სარდარ ჰყვეს და მისცნეს სპანი მუნებურნი, რათა მან ბრძოს მირვეისს. ამან მაჰმად ყულიხან წარუვლინა ალექსანდრეს ყანდაარს წიგნი, რათა გამოვიდეს გამოპარვით, ანუ აცნობოს ვითარ ჯერ არს მისლვა ყანდაარსა ზედა: ხოლო წიგნი ესე მიართუეს მირვეისს, განრისხნა იგი და გამოიყვანნა ქართველნი ოცდაათნი და წარჰკუეთნა თავნი, არამედ ალექსანდრე, პაპუნა და ნოდარ იჴსნა ძმამან მირვეისისამან. 

ამას ზედა შეიკრიბნა მაჰმად ყულიხან სპანი ყიზილბაშ-ქართველთა და წარვიდა ყანდაარსა ზედა, მისრულსა ეწყო მირვეისი, სადაც ქართველთავე აოტნეს და მოსწყუეტდიან ურიცხუთა. არამედ ერთკერძ ივლტოდენ ყიზილბაშნი და დაუტევნეს ქართველნი მათ შორის. მხილველთა ქართველთა უყივლნეს ურთიერთთა და გამოვლნეს ბრძოლით და მოვიდნენ ესენიცა გირიშკს. ამისთჳს წარავლინეს ბეჟან რატისშვილი წინაშე ყეენისა და აცნობეს ესენი სრულიად. მაშინ ყეენმან წარავლინა ქაიხოსრო სპითა დიდითა და ნიჭითა და მოითხოვნა სპანი ქართლისანი ქაიხოსრომ.

ხოლო ვახტანგ, მსმენელი სიკუდილისათჳს ბიძისა და მამისა ლევანისა, რომელი მოკუდა ქ~სა ჩ~ღთ, ქარ. ტ~ჟზ, მაისს, მწუხარებდა ფრიად და გლოვისა შემდგომად წარუვლინა ძმასა თჳსსა ჯაიხოსროს ქართველნი ჩ~ ფ~ მჴედარნი და თჳთ განაგებდა ქართლსა. 

არამედ ვინაჲთგან დაამდაბლნა მცველნი ტფილისისანი თათარნი, განდგნენ და დაჴშნეს კარნი ციხისა და იწყეს სროლა თოფზარბაზნითა. ესე აცნობა ყეენს ვახტანგ, განრისხნა ყეენი, წარმოავლინა მტარვალნი, მოვიდა და ჴელხუნდოსანნი მოართუნა ყოველნი ვახტანგს: მერმე წარიყვანეს ისპაანს და პატიმარ ჰყვნეს ალამუტის ციხესა შინა.

ამისთჳს არღარა იყო ტყჳს-ყიდვა. კუალად ნაზარ-ალიხან, ვითარცა როსტომ მეფე, მრავალგზის წარუვლინებდა ყეენსა ტყუეთა, არამედ ვახტანგ, უკეთუ არა მოითხოვდა ყეენი, არა წარუვლენდა, მასცა უმეტეს მოსყიდულთა.

ხოლო მირვეისმან, მცნობელმან წარსლვისა ქაიხოსროსამან, გამოუტევა ალექსანდრე და მუნ მყოფნი ქართველნი, მოსცა გუამიცა მეფისა და მჴეველნი მისნი. ესენი მოვიდნენ გირიშკს, მუნიდამ წარმოჰყვნენ სრულიად ქართველნი და მოვიდნენ მაშათს.

ესე სცნა ქაიხოსრო სპასალარმან და უბრძანა ქართველთა კუალად შთასლვა გირიშკსვე. არამედ მირვეისმან, რა სცნა ქართველთა მისლვა გირიშკსვე, შემოიკრიბნა სპანი და მოადგა გირიშკს. გარნა სიმრავლისაგან სპისა მისისა ვერღარა იკადრეს ველსა ზედა ბრძოლა ქართველთა და განამაგრეს ციხე-ქალაქი ოთხ თთუე, გარნა დამშივდნენ, რამეთუ ჴორცი ვირისა ლიტრა სამ მინალთუნად ისყიდოდა (აქა იხილე ზაკულება, რამეთუ მირვეისი არსენს დოლენჯიშვილს მოლოზონს უვლინებდა საკმაოსა ფქვილსა). 

ესმა სპასალარს შეჭირვება გირიშკისა, წარმოავლინა ხან-მაჰმად ჭ~ (5000) მჴედრითა შეწევნად მათდა. ხოლო მიმავალს ეზრახა ამას მირვეისი: «უწყი, რამეთუ არს მტერი ჩემი სპასალარი, ამისთვის გენდობი შენ, და მიურვე წინაშე ყეენისა, რათა შემინდოს და მოვიდე შენთანა». მსმენელმან ხან-მაჰმად განიხარა და შურით სპასალარისათა არღარა განიხილა ზაკუალობა. არამედ მიუმცნო: «მოვედ და ვჰყო ყოველნი ნებანი შენნი». დაუტევა გირიშკი მირვეის და დილასა მივიდა მას ზედა.

მხილველთა სპათა ყიზილბაშთა იწყეს აღმჴედრებად, რათა ბრძონ. არამედ აყენებდათ ხანი იმედებული პაემნისა. მაშინ მიეტევა მირვეიზი სპითა და მოსწყჳდნა სრულიად, რამეთუ ვერვინ განერა თჳნიერ ზაალ ლორთქიფანისძე და არეშისშვილი, იგინიცა სიმჴნითა თჳსითა. ხოლო მირვეიზი გამარჯუებული მოადგა კუალად გირიშკსავე და მიუთხრა ესე ყოველი ქართველთა და მოითხოვა სეხნია ციციშვილი მძევლად: «და წავალ ყანდაარს». აღუძნდათ ქართველთა და არა ინებეს. არამედ სეხნიამ დასდვა თავი მათთჳს, რათა განერნენ იგინი სიკუდილისაგან და მისცეს სეხნია და წარვიდა მირვეიზი. გარნა დაუტევა ნუზლი თჳსი ყოველნივე მათ.

ხოლო ვახტანგ განაგებდა წინათქმულთაებრ ქართლსა, ნადიმობდა და ნადირობდა ზამთარს ყარაია-სომხითსა, შემოდგომა-გაზაფხულს გორსა და ტფილისსა, ზაფხულს თრიალეთს შამბიანსაზე. გარნა მოკუდა ძმა მისი თეიმურაზ ქ~სა ჩ~ღი, ქარ. ტ~ჟჱ, დეკემბერს ზ~; დამძიმდნენ ყოველნი და იგლოვეს ჟამამდე. ხოლო სპასალარი მოვიდა მაშათს, მაშათიდამ ფარას, მუნ მოერთო იესე, ძმა თჳსი, სპითა ქირმანისათა. მაშინ მოეგზავნა მირვეიზს და მოეთხოვა სპასალარისათჳს საჴსარი სეხნიასი და განუტეოს იგი. გარნა სპასალარმან რიდითა ყეენისათა ვერ იკადრა ამისი ყოფა და ამისთჳს წარკუეთა თავი სეხნიას მირვეიზმან. ესე შეუძნდა სპასალარსა, მივიდა და დაიბანაკა მდინარესა ზედა ყანდაარისასა და იმიერ კიდესა დადგა მირვეიზი სპითა. მუნ სცნა მირვეიზმან, რამეთუ მოვლენან სპასალარისა თანა აბდალთა სულტანი შეწევნად სპითა. მაშინ დაუტევა მუნვე იერმაჰმად ძმა თჳსი, თჳთ წარვიდა და დაესხა და მოსწყვიდნა წ~ მჴედარნი აბდალთანი და წარმოვიდა. ხოლო დილასა განაწესა სპასალარმან მარჯუენით იესე, ძმა თჳსი, მარცხენით ალექსანდრე და შევიდნენ მდინარის ფონსა. არამედ ავღანთა იწყეს თოფ-ზამბურაკთა სროლა. გარნა განვლო ალექსანდრემ ცურვითა ცხენთათა სპითა და ივლტოდნენ ავღანნი განსალვასა იესესასა, ეწივნენ და მოსწყჳდნეს მრავალნი.

ხოლო იერმაჰმად ვერღარა წარმსლველი შევიდა კლდესა ბაბაველისასა და მოერტყნენ გარს სპანი ყიზილბაშნი. კუალად დამაშურალი მირვეიზი მომსწრაფებელი სპათა თჳსთა თანა და ამისი მხილველი ივლტოდა ყანდაარად. იხილა იგი ალექსანდრემ და მიეტევა მირვეიზს. ხოლო იგი ლტოლვილი შევიდა ციხესა რასამესა შინა შემუსრვილსა. მაშინ ალექსანდრე ლამობდა მიტევებასა ციხისასა და გამოყვანასა მისსა. არამედ განაზრახეს სპასალარი ყიზილბაშთა: «არს მირვეიზი მანქანი, არა არს ესე მირვეიზი. არამედ რა მივეტევოთ, მზირყოფილი იგი გვეკუეთებისა და მოსწყუედს სპათა ჩუენთა». ესე ისმინა სპასალარმან და მოუწოდა ალექსანდრეს მას თანა, გარნა ალექსანდრე დაამტკიცებდა ყოფად მირვეიზს და მიტევებასა მას ზედა. არამედ იძულებული წარმოიყვანეს ალექსანდრე და მოუდგინეს ციხესა მცველნი გარემოს.

ამასვე ღამესა გამოვიდა მირვეიზი და შევიდა ყანდაარს. ეგრეთვე იერმაჰმად ღამე აოტნა სპანი ყიზილბაშნი და შევიდა იგიცა ყანდაარს. შემდგომად სცნეს, რამეთუ მირვეიზი იყო იგი, დამძიმდენ ფრიად, რომლისაგან შეუდგა ბოროტი ქვემო თქმული.

ხოლო მეორესა დღესა მოვიდა სპასალარი და დადგა ძირსა ყანდაარისასა და გონებდნენ მირვეიზის გამოსლვასა. არამედ არა გამოვიდა. მერმე წარავლინა სპასალარმან სულტანი შარბაშარისა. ამას მისრულს ეწყო მირვეიზი, აოტა. მხილველნი იესე და ალექსანდრე მიეტევნენ და აოტეს მირვეიზი და მოსრნეს სიმრავლითა, რამეთუ კართა ზედა ციხისათა მოსჭრიდიან თავთა, და შემოიქცნენ გამარჯუებულნი, დილით მწუხრამდე მბრძოლნი. გარნა იყო სამ თთუე მარადის ბრძოლა და მოისროდნენ იმიერ და ამიერ სიმრავლითა. არამედ მიუჭრესცა გზანი ყანდაარს. გარნა საზრდელთა სიმრავლითა უჭიროდ იყო მირვეიზი.

შემდგომად შეედვათ სენი მუცლისა ყიზილბაშთა და ქართველთაცა და მოკლება საზრდელთა. ესე იხილა მირვეიზ და შეკრნა გზანი და მოსრულთა მენუზლეთა ყიზილბაშთა სრვიდა. ამისი მხილველი მირსამანდარ, პაემნით აღმთქმელი სპითა მოსლვად წინაშე სპასალარისათა, არღარა მოვიდა და არცაღა მოსცა საზრდელნი. ამისთჳს შემჭირდნენ სპანი სენითა და უსაზრდელობითა. ხოლო მირვეიზი განამჴნობდა სპათა თჳსთა. შემდგომად წარმოავლინა მცირედნი სპანი და წარმოუდგა თვით უკან ფარულად. ამათ ეკუეთნენ ყიზილბაშ-ქართველნი, ვინ ვის ასწრებდენ და ივლტოდნენ ავღანნი. არამედ რა მივიდნენ სიმარჯუესა, ამათ მოუჴდა მირვეიზი, აოტნა ჩუენნი და მოსრნა სიმრავლითა. გარნა სიმჴნითავე ქართველთათა განერნენ ნეშტნი, გარნა მიერითგან დაეცათ ზარი ყიზილბაშთა და ვერღარა შემართვიდიან ავღანთა. გამოვიდა კუალად მირვეიზი და ბრძოდნენ. არამედ მირვეიზი სიმაგრესა შინა მყოფი, უკეთუ ამჯობინის, გამოვიდის ბრძოლად და, უკეთუ არა, ბრძოდის მუნიდამ. შეუჴდნენ მუნ ქართველნი და მივიდა სპასალარიცა შველად, სძლეს მირვეიზს და მოსრნეს სპანი მისნი. გარნა შემაგრდნენ ქუეითნი ავღანნი კლდეთა და ისროდნენ თოფთა.

მაშინ მოვიდა ყიზილბაში ვინმე მეტყუელი: «ბრძანება არს სპასალარისა, აცადეთ ბრძოლა და უკუმოიქეცით». მსმენელთა ყიზილბაშთა დაუტევნეს ქართველნი და წარმოვიდნენ. ამისნი მხილველნი ავღანნი კუალად მოეტევნენ და მოსრნეს მრავალნი, მერმე მოკლეს ალექსანდრე მჴნედ მბრძოლი. ამისთჳს შეშინდნენ ფრიად ყიზილბაშნი და აზრახეს სპასალარსა, რათა უკუნიქცეს და განიმრავლოს სპანი და კუალად მოვიდეს და ბრძოს, ვინაჲთგან განმრავლდა სენი და სრვა და სიყმილი.

სცნა ესე მირვეიზმან და მოუვლინა ზავისა პირი სპასალარსა: «უკეთუ წარხვიდე, არა რაჲ გევნოს ჩემ მიერ და, უკეთუ მოგცეს კუალად სპანი ყეენმან, მოვედ». ამისმან მრწმუნებელმან სპასალარმან ბრძანა ღამე აყრა, და ისე განაჩინა, რათა არა განუტეოს სპანი, გარნა ბარგნი. მაშინ მაცთურმან მირვეიზ ჩამოგზავნა მეთოფენი და იწყეს სროლა თოფთა. ამისნი მხილველნი მდედრნი ყიზილბაშნი ივლტოდნენ.

ეგრეთვე იესემ არღარა მიხედა ძმასა თჳსსა, ივლტოდა იგიცა და დაუტევა სპასალარი მცირედითა სპითა. ხოლო სპასალარმან არა ინება სივლტოლვა და მოეტევა მირვეიზს, ეკუეთა სპასალარი მცირედითა სპითა, მოსწყვიდნა და აოტნა იგინი. არამედ იხილეს სპანი ყიზილბაშთა ლტოლვილნი ზევიდამ ავღანთა, უყივლეს სპათა თჳსთა გაქცევა მათი, უკუმოიქცნენ კუალად და მოეტევნენ სპასალარსა. გარნა მჴნედ გამოჩნდა სპასალარი, რამეთუ მოსრნა მჴედარნი სამნი, არამედ მერმე სცეს ექუსთა ოროლნი სპასალარსა და მოკუდა ქ~სა ჩ~ღია, ქარ. ტ~ჟთ, ოკდომბერს კ~ვ. შემდგომად მოჰყვნენ ავღანნი, მოსწყჳდნეს ყიზილბაშნი და აღიხუნეს სრულიად სიმდიდრენი და ალაფნი მათნი. ხოლო იესე ქართველითურთ მოვიდა გირიშკს და მუნიდამ ისპაანს.

ხოლო ვახტანგ გამგე ქართლისა შემდგომად გლოვისა იშუებდა და ნადირობდა წინათქმულთაებრ. კუალად აღიმჴედრა სპითა შესლვად ოსეთს და შევიდა და შემუსრნა პ~ კოშკნი, მოწვა და მოსტყუევნნა ურჩნი, ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ჴევი და გარდმოვლო კედელსა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდამ ქართლს გამარჯუებული ქ~სა ჩ~ღია, ქარ. ტ~ჟთ, დაიპყრა დუალეთი და დასდვა ხარკნი და გორს მდგომი იშუებდა სხჳსა განმზრახი.

ჟ~დ. მ ე ფ ე ვ ა ხ ტ ა ნ გ გ~ წ ე ლ ი მ ე ფ ა

მაშინ მოუმცნო ყეენმან სიკუდილი ძმისა თჳსისა და მოეცა ქართლი მისთჳს. შეუძნდა ფრიად ვახტანგს და წარვიდა ტფილისს. ხოლო მუნ განუზრახეს განმზრახთა წარსლვა წინაშე ყეენისა. ესე ირწმუნა და მიუწერა ყეენსა წინაშე ყოფა. ამისთჳს აქორწინნა ასულნი თჳსნი: თამარ თეიმურაზს ძესა ერეკლე მეფისასა, ხოლო ანუკა – აბაშიძე ვახუშტის. შემდგომად მოვიდა მეჰმანდარი ყეენისა მიმწოდებელი. მაშინ დაუტევა ძმა თჳსი სჳმონ გამგედ ქართლისა და დედოფალი და ძენი თჳსნი დაადგინნა გორს და წარვიდა მცირედითა კაცითა ქ~სა ჩ~ღიბ, ქარ. უ~ აპრილის კ~გ. არამედ მისრული წინაშე ყეენისა პატივცემულ იქმნა დიდითა პატივითა ყეენისაგან და შეყუარებული ფრიად ყეენისაგან სიკეთისა მისისათჳს, და უთქმიდა მაჰმადიანობასა და უქადებდა ნიჭსა დიდსა და მსწრაფლ გამოტევებასა. არამედ მან არა თავს იდვა, მეტყუელმან: «მე მოვედ, რათა არა დამართონ მტერთა და შეირყეს ქართლი, გარნა არიან ძმანი ჩემნი მაჰმადიანნი და რომელი გნებავს წარავლინე და მე ვეგო წინაშე შენსა». მაშინ ინება ყეენმან წარმოვლინება ვახტანგისა სჯულითავე თჳსითა. არამედ არა აუფლნეს ომარათა, განმზრახთა თჳსთა, და არცა ინება იესემ ნებითა ვახტანგისათა წარმოსლვა. ხოლო ვინაჲთგან მაჰმადიანთა შინა ცოდვად სჩნდათ ხარკის მიცემა და მსახურება ქრისტიანეთა, და მეფეთა ქართლისათა მრავალნი ჰყვათ მოხარკენი და მსახურნი მაჰმადიანნი, ამისთჳს უფროს მაჰმადიან ჰყოფდნენ მეფესა. ხოლო ნიჭნი იყვნენ მათნი წინათქმულნი დაუთ-ხანისა, და მისრულისა და წარმოსრულისა და ვიდრე ქუეყანათა მათთა იყვნენ წარსაგებელნი ყოველნივე მათნი და სამ-დღე მუნ მისრულსა და სამ-დღე გამოტევებულსა მსახურებდნენ და მოართმიდენ სანოვაგესა სამჴრისა და სერისასა ყოველსავე ყეენისასა ჭურჭლითავე მისითა. ხოლო სჳმონ მასვე ქორონიკონსა მოიყვანა დაწინდული ქაიხოსროსი ასული ბარძიმისა ცოლად და იქორწინა, მომტკიცებისათჳს გიორგი ერისთავისა, და იწყეს ქუეგამხედველობად ვახტანგისა.

ამასვე ქორონიკონსა, აგვისტოსა ბ~ იშვა ძე ვახტანგისა გიორგი გორს დედოფლის რუსუდანისაგან. ხოლო იესემ აღუდგინა ვახტანგს, ძმასა თჳსსა, ტფილისის გუშაგნი, რომელი იყო თოფჩიბაში, და შეასმენდნენ ყეენსა დაწვითა ყორანისათა და სხჳთა მრავლითა უჯეროთა მაჰმადიამთა ზედა. ამისთჳს მოგზავნა ყეენმან ხოლოფა ტფილისს, რათა სცნას, რა ბოროტი უქმნიეს მაჰმადიანთა ზედა ვახტანგს. არამედ იდუმალ ამცნეს ხოლოფას, უკეთუ იცეს ჟამი, თჳთ დაიპყრას ქართლი და სჳმონ მუნ წარავლინოს. მოსრულის ხოლოფას თანა შეიზრახნენ სჳმონ და მთავარნი ქართლისანი ვახტანგის ბოროტსა ზედა, რამეთუ რაჟამს დაიპყრა ვახტანგ ოსეთი და განიწყო მცველნი თჳსნი, მიერით ეშინოდათ გიორგის და დათუნას ერისთავთა მამულთა მათთა დაპყრობისა. ამისთჳს მიუწერეს ყეენსა: «არა გვნებავს ვახტანგ, არამედ მოგვივლინე იესე». ეჰა უცხო, რამეთუ ქრისტესთჳს იძულებულისა ვახტანგისათჳს ნება-მოწმობა სცეს კათალიკოზმან, ეპისკოპოსთა და სამღუდელოთამან. ხოლო ამისა მყოფელთა განკიცხეს ხოლოფა და წარივლტოდა ისპაანსავე. არამედ ამ ჟამებთა იყო მომსრველი ჟამი ფიცხელი, მკალი მომჭამელი, რამეთუ მფრინალთა დააბნელიან მზე და სიყმილი ძლიერი, და სჳმონ მართვიდა უფროს მოხუეჭით და არა შეიშინეს ღუთისა. არამედ ჰყვეს ესეცა: შეიპყრა სჳმონ კათალიკოზი დომენტი ზაკჳთ და წარმოუვლინა ბაქარს, რათა აღმოჴადოს თუალნი. გარნა არა ჰყო ესე დედოფალმან რუსუდან და იყოფოდა მათ თანა პატივითა. ხოლო ყეენსა რა ესმა ვახტანგისათჳს ესენი, აღუძნდა და არა ინება ეგრეთ. არამედ ომარათაგან იძულებულმან წარმოავლინა იესე მეფედ ქართლისად ნიჭითა, ვინაითგან აღეთქუა იესეს ყეენისათჳს წარვლინებად დედოფალი და ძენი ვახტანგისანი და ხუთასნი ქართველნი ცოლ-შვილით, რათა დაასახლოს ფარაბათს.

ჟ~ე. მ ე ფ ე ი ე ს ე ბ~ წ ე ლ ი მ ე ფ ა

მოვიდა ესე იესე წოდებული ყეენისაგან ალიყულიხან ტფილისს ქ~სა ჩ~ღიდ, ქარ. უ~ბ. 

ხოლო იყო მჴნე, ახოანი, ჰაეროვანი, მოწყალე, უხვჳ, მაღალთა და მდაბალთა მიმცემი, ლხინ-სიხარულთა, შუება-განცხრომათა მოყუარე, სამღუდელოთა პატივისმცემელი, და დალოცეს ყოველთა ქართველთა და გარდააყარეს ოქროჲ და ვეცხლი მრავალი დიდებულთა და წარჩინებულთა.

და იყო ესე ფრიად მიქცეულ მაჰმადიანობასა ზედა და მქცევი მათებრ, მდიდარი და ამაყი. ხოლო დედოფალი და ძენი ვახტანგისნი წარვიდნენ რაჭას და გამოუტევეს კათალიკოზი დომენტი. მოსრულსა იესემ პატივ-სცა და დაადგინა კუალად კათალიკოზად. შემდგომად მიუწერა იესემ ყეენსა: «უკეთუ არს წინაშე შენსა ვახტანგ, ვერა ვჰყოფ ბრძანებულსა. არამედ წარავლინე პატიმრად», შეუძნდა ყეენსა, რამეთუ უყუარდა ფრიად. მერმე მოუწერა ვახტანგს ტკბილად: «წარვედ პატივით ქირმანს, ვფუცავ, რამეთუ მსწრაფლ გამოგიყვანო კუალად, პატივს-გცე და მოგანიჭო მრავალი». და წარვიდა დიდითა პატივითა ვითარცა პატრონი მათი. ხოლო იესე იყო მშუებელი და განმცხრომელი უწესოებითა ყრმათა თანა და უგვანთა მღერათა. გარნა მქცევი დიდებულად წაგვარა ცოლი დედის ბიძასა თჳსსა ქაიხოსრო ამირეჯიბს, ბებიის ძმისწული თჳსი, ასული ერასტისა, და შეირთო თჳთ ცოლად. ამხილეს კათალიკოზ ეპისკოპოსთა და უმეტეს იოანე სააკაძემ, გარეჯის ბერთუბნის მამამან, კაცმან ღირსმან. არამედ მან არა უსმინა მეტყუელმან: «ვარ მაჰმადიან, ესრეთ ჯერ არს ჩემდა». შემდგომად მოიყვანა ერეკლე მეფის ასული ელენე ცოლად ქ~სა ჩ~ღიე, ქარ. უ~გ, და იქორწინა დიდებითა. გარნა არა კმა-საყოფელ.

ამ ჟამთა გამოვლეს ჭარელთა კახეთი, მოვიდნენ ხუნანს, მოსწყჳდნეს დაბნები და მოსტყუევნეს და წარვიდნენ. ამას ზედა სთხოვეს იესეს კახთა შეწევნა. ამან წარუვლინა სპასპეტი ლუარსაბ საბარათიანოთი. შემდგომად მოვიდა ლუარსაბ ლტოლვილი და მოწყუედილი წინაშე იესესსა. მერმე წაუვლინა ამილახორი ავთანდილ ზემო ქართლითა; მივიდა ესე საგარეჯოს, არამედ ესეცა მოიქცა უქმი. ხოლო ვინაჲთგან ვერღარა აღასრულა იესემ დავედრული ყეენისა, მაშინ მოიყვანა ყეენმან ვახტანგ, მისცა ქართლი და სპასალარობა ერანისა და მიაქციეს რჯულსა მათსა ქ~სა ჩ~ღივ, ქარ. უ~დ და წარმოავლინეს თავრიზს, რათა წარავლინოს სპანი ხორასანს და მოსცეს განმგეობა ქართლისა ბაქარს, ძესა მისსა, და წარმოავლინეს მტარვალი, რათა შეიპყრას იესე და მისცეს ბაქარს პატიმრად. რამეთუ მოეთხოვა მეფესა ვახტანგს ეგრეთ. ხოლო ბაქარ მოვიდა იმერეთიდამ მცხეთას, რამეთუ ტფილისს იყო მომსრველი ჟამი და იესე განვიდა კახეთს. წარავლინა მტარვალი ყეენისა ბაქარ, რათა მოიყვანოს იესე. არამედ კახთ-ბატონმან იმანყულიმ არა სცა ნება. ესე აუწყა მამასა თჳსსა ბაქარ და მეფემან ყეენსა, რათა მოიყვანოს იესე. განრისხნა ყეენი და წარმოავლინა მურდარი თჳსი. ესე მივიდა და შეიპყრა იესე, მოიყვანა და მოსცა ბაქარს, ხოლო ბაქარ პატიმარ-ჰყო ტფილისს სასახლესა შინა. კუალად ბრძანებითა მამისათა შეიპყრა სპასპეტი ლუარსაბ, არამედ იჴსნა ესე დედოფალმან რუსუდან. კუალად შეიპყრა მუხრანის ბატონი ერეკლე და აღმოჴადნა თუალნი და მისცა მუხრანი ლევანს, ძესა პაპუასასა. კუალად მოაშთო პაპუნა დიასამიძე, რომელი იყო მაშფოთებელი ძმათა და სხუანი რომელნიმე ექსორია ყვნეს და ესე ყოველი ჰყო ბრძანებითა მამისათა.

ჟ~ბ. მ ე ფ ე ბ ა ქ ა რ ბ~ წ ე ლ ნ ა ხ ე ვ ა რ ი მ ე ფ ა

არამედ ვინაჲთგან ჰგონებდა მეფე ვახტანგ წარსლვასა ხორასანს, ამისთჳს ჰკადრა ყეენსა, რათა მისცეს მეფობა ქართლისა ძესა თჳსსა ბაქარს. უსმინა და მოსცა და მიაქციეს რჯულსა მათსა, მხოლოდ სიტყვითა და არა საქმითაცა, კოჟორსა ზედა მყოფი ქ~სა ჩ~ღიზ, ქარ. უ~ე. ხოლო ზაფხულსა ამას გამოვიდნენ ლეკნი ჭარელნი სულხავით ჯ~ მჴედარნი. ამათ მოსტყუევნნეს ბოლნისნი და ქციის ჴევნი თავმრგვალამდე. მცნობმან ბაქარ წარავლინა ბიძა თჳსი სჳმონ (რომელი ჰგლოვდა, რამეთუ მოისრნენ ცოლშვილნი და მსახურნი მისნი მომსრველისა ჟამითა, რომლისასა იტყოდენ კრულვითა კათალიკოზისათა ყოფასა). მივიდა სჳიმონ სამასითა ოდენ მჴედრითა ნაზარას სოფლის ბოლოს, მოტევნენ ლეკნი და მოერტყნენ გარ. არამედ შემდგომად თოფთა ცემისა ეკუეთნენ ქართველნი სისქესა მათსა და აოტნეს და სრვიდნენ, ვითარცა ნადირთა. გარნა სიმრავლითა ლეკთათა დაიფანჩნენ ქართველნი. იხილეს ესეს ჭარელთა, მოიქცნენ ერთკერძო და მოსრნეს ქართველნი და აოტნეს სრულიად, მიჰყვნენ მარნეულის გორამდის და უკუნ-იქცნენ, განვლეს ყარაია შოებულთა, არამედ მოისრნენ უმრავლესნი სიცხე-უწყლობითა და მიერით ვერღარა იკადრეს რბევა ჟამამდე. ხოლო მიუღო რა ბაქარ სალთხუცობა დათუნას, კსნის ერისთავსა, და მისცა ედიშერს, ძესა ქაიხოსრო ლოპინასასა, მიზეზ-ჰყო ესე დათუნამ და უკუდგა. ამისთჳს წარავლინა ბაქარ ძმა თჳსი ვახუშტი მასზედა და მისლვასა მისსა მოკუდა დათუნა ერისთავი. ხოლო ძენი მისნი წარვიდნენ კახეთს, და დაიპყრა მამული მისი ვახუშტიმ. არამედ შანშე, ძე დათუნასი წარვიდა წინაშე ყეენისა ყაზმინს და მეფე ვახტანგცა მიეწოდა ყეენსა მუნ წინაშე თჳსსა. თავრიზიდამ შთასრული შანშე ითხოვა მეფემან ვახტანგ ყეენისაგან, მოსცა ყეენმან და პატიმრად წარმოუგზავნა ბაქარს, ძესა თჳსსა; ესე ბაქარცა პატიმარ-ჰყო ტფილისს. ხოლო შემდგომ ნებითავე ვახტანგ მეფისათა მიუხუნა სპასალარობა ყეენმან და წარმოავლინა ქართლს, რათა განაგოს საქმე ლეკთა.

ჟ~დ. მ ე ფ ე ვ ა ხ ტ ა ნ გ ე~ წ ე ლ ი ა წ მ ე ფ ა

შემდგომად მოვიდა მეფე ვახტანგ ტფილისს ქ~სა ჩ~ღით, ქარ. უ~ზ, და დაჯდა ტახტსა ზედა; შეჰპიცეს ყოველთა ქართველთა მეფობისა მისისა მტკიცედ ერთგულებასა ზედა და დალოცეს ყოველთა ქართველთა მეფედ და მიულოცეს და გარდააყარეს ოქრო და ვეცხლნი მრავალნი დიდებულთა, წარჩინებულთა, აზნაურთა, კათოლიკოზმან და ეპისკოპოს-არქიმანდრიტთა (არამედ ესე წესი ძველითვე იყო საქართველოსა და უყოფდიან ყოველთა ესრეთ ტფილისს და მიერით უჴმობდენ მეფედ და თჳნიერ მისა არა). ხოლო იყო სიხარული და განცხრობა დიდი მოსლვისათჳს ვახტანგისა, და განაგებდა კეთილად. მაშინ შეიპყრა ძე ქამარ-ბეგისა სომხითის მელიქი და დახურიტა თოფით, კუალად ბაგრატ ციციშვილი, ფეშანგი ფალავანდისშვილი, ჯამასპი ხერხეულიძე, რევაზისშვილი პაპუნა, ვეშაპიძე და პლატონ, ესენი იჴსნა კათალიკოზმან სიკუდილისაგან და განყიდეს ოსეთს თხებთა ზედა.

ხოლო ვინაჲთგან აქუნდა დავედრებული მეფესა ყეენისაგან საქმე ლეკთა და ლეკნი აოჴრებდნენ არა თუ კახეთს, არამედ განჯას, ბარდას და შირვანს, ამისთჳს შეიყარნენ მუხრანს მეფე ვახტანგ და კახთ-ბატონი იმანყული, ზავ-ჰყვეს და აღუთქუა ვახტანგ წარვლინება სპისა კახეთს. შემდგომად გაზაფხულს წარავლინა საბარათიანოს სპითა ერასტი ყაფლანისშვილი. ამან დაჰყო კახეთს თთუე სამი, არ აბრძოლეს კახთა და მოიქცა ტფილისსვე უქმი. შემდგომად განივლტო შანშე და უკუდგა მამულსა თჳსსა, ხოლო მეფემან წარავლინა მას ზედა ბაქარ, ძე თჳსი, კსანსა ზედა და ვახუშტი ლიახუსა ზედა, შევიდნენ ესენი და წარუხუნეს ყოველნი. არამედ ჭურთას აოტნეს მცირედნი სპანი და განმაგრდა მუნ შანშე.

ამ ჟამს წარმოევლინა ყეენს შირვანის ხანი შუელად კახთა. ესე რა მოვიდა შაქს, დაესხნენ ჭარელნი, მოკლეს ხანი და მოსწყჳდნეს სპანი მისნი. ამისთჳს მოუმცნო ყეენმან მეფესა შემუსრვა ჭარისა და მეფე სრულიად შეკრებული სპითა ქართლისათა წარვიდა. ხოლო კახთა მიიყვანეს მ~ე დღეს მაღაროს. მუნ ევედრნენ ჭარელნი მეფესა, რათა შეიწყალოს და დაემორჩილნენ, ვითარცა ნებავს.

მაშინ მოვიდა ყეენიდამ ბეჟან თაქალ-თოიანი, რათა უკუნიქცეს მეფე მათგან. უკმოქცეულმან მოინადირა ყარაია და მოვიდა ტფილისს. ხოლო გაზაფხულს შემოიკრიბნა სპანი მეფემან, მივიდა და დადგა ზებეყურს. მხილველი შანშე კუალად ვედრებული და ჴრმალ-კისერ-კიდული მოვიდა წინაშე მეფისა, მფიცარი ერთგულებასა ზედა, შეუნდო მეფემანცა და მისცნა მამულნი მისნი სრულიად, მუნიდამ მოვიდა მეფე გორს, მუნ მოვიდა კაცი ხონთქრისა. რამეთუ ვინაჲთგან ამან წარავლინა დისწული თჳსი ალექსანდრე ახალციხეს ნიჭითა სამეფოდ იმერეთისად, ამისთჳს მოუმცნო, რათა მწე ეყოს მას.

ისმინა მეფემან და წარავლინა ვახუშტი მწედ მისად, ხოლო ზამთარსა ესმა მეფესა მოსლვა ლეკთა, შეკრიბა და დადგა ხუნანს, რამეთუ განჯასაც ბრძოდა სულხავი. მუნიდამ წარავლინა სპანი და განარინა განჯა მათგან. არამედ აზნაუთა ჰგონეს ყანდაარს წარსლვა და ინებეს მუნ შფოთი, შეიპყრნა მეფემან, ზოგნი მოკლნა, ზოგნი სტანჯნა, სხვანი უმკჳდრო ყვნა.

ხოლო განძლიერდნენ ავღანნი და ძე მირვეიზისა მაჰმუდ მოვიდა ისპაანს ჯ~ მჴედრითა. მაშინ განვიდნენ ომარანი, ბეგნი და სპანი რ~კ ჩ~ ბრძოლად მისა; ამათ ეკუეთა მაჰმუდ, აოტნა ყიზილბაშნი და მოიკლა ძმა მეფისა ყულარაღასი როსტომ, მჴნედ მბრძოლი ყულით, მოსწყჳდნა სპანი და მოადგა ისპაანს ქ~სა ჩ~ღკბ, ქარ. უ~ი, მარტს.

მაშინ მოუწერა ყეენმან მეფესა, რათა მწე ექმნეს. კუალად მოადგნენ განჯას ლეკნი და განჯელნიცა ევედრებოდნენ განრინებასა. კუალად მოვიდა წარმოვლინებული რუსთ ხელმწიფისაგან მამუკა, რათა მივიდეს მეფე მის თანა, ოდეს გამოვიდეს სპარსეთს. ამის მცნობს ხონთქარს მოემცნო მეფისათჳს, რათა ექმნეს მორჩილი მას. ესე განიზრახა მეფემან მთავართა თანა ქართლისათა. არამედ ამათ არა ინებეს წარსლვა ისპაანს, რამეთუ დაშთების ქართლი უკაცური და არიან მტერნი მრავალნი. გარნა დაასკუნეს განრინება განჯისა და წარვიდნენ განჯას. არამედ რა მივიდა მეფე შანქორს, სცნა სულხავმან, მოეცალა განჯას და წარმოვიდა თჳსად; მოეგება განჯის ხანი, მოუძღუა განჯას და უძღუნა მრავალი და ევედრა ელთა თჳსთა დამორჩილებასა. წარავლინა მეფემან სპანი, მოსრნეს ურჩნი და დაუმორჩილეს ხანსა. მერმე შემოიქცა და მოვიდა ტფილისს მეფე მაისს. ხოლო აგვისტოს კოჟორს მყოფს მოუვიდა მეფეს ყეენისაგან თაჯი და ჯიღა, ჴრმალი და ხანჯალი მოოჭვილნი და სპასპეტობა ადრიბეჟანისა, რათა დაიპყრას შირვანი, რამეთუ აქუნდა ლეკთა დაპყრობილი.

კუალად მოვიდა თურქესტანისშვილი ბაადურ დიდის პეტრეს იმპერატორისაგან, ვინაჲთგან გამოსულ იყო სოლახს, რათა მივიდეს შირვანს მეფე მისთანა. კუალად მოვიდა დესპანი ხონთქრისა დამორჩილებისა მისისათჳს. არამედ განუტევნა ყოველნი და აღირჩია რუსთ მეფე, რამეთუ ჰგონებდა განთავისუფლებასა ეკლესიათასა და ძალსა ქრისტეანობისასა. ამისთჳს შეკრებული სპითა წარვიდა განჯას, მისცა ყაზახის ხანს ყაზახი და მოუწოდა. არამედ კახთ-ბატონი მაჰმად-ყულიხან იდგა ყაზახს და მოემცნო მეფისათჳს: «რამეთუ ჩემდა მოცემულ არს ყაზახი ყეენისაგან, აწ ჯერ არს თქუენგანცა არა მიხმად იგი. არმედ მე მოგცნე სპანი მისნი». ამისთჳს ნება სცა მეფემან, გარნა ითხოვა სპა მუნებური და დაასკუნეს შეყრა და ხილვა ურთიერთთა გატეხილ ხიდსა ზედა. ხოლო მეფესა ძმა თჳსი იესე პირველვე გამოეყვანა პატიმრობიდამ და მისცა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა. ამას აქუნდა კუალად მანკიერება და რომელთამე ქართველთა, და არა ინებეს შეყრა მაჰმად-ყულიხანისა და მეფისა შფოთისათჳს, ზრახვითა ამათითა განვლო ღამე გემიყაიას მტკვარი მაჰმად-ყულიხან და მივიდა საგარეჯოს და არცაღა მოსცნა სპანი მეფესა და იქმნა მათ შორის ამისთჳს შური. ხოლო მეფე ვახტანგ მივიდა განჯას და დაჰყო სამ თთუე მუნ და ვერა რაჲ სცნა ჴელმწიფისა პეტრესი.

შემდგომად მოვიდნენ ბაადურ და დესპანი მეფის პეტრესი ტფილისს, რამეთუ თჳთ უკუნქცეულ იყო და აღეთქუა გაზაფხულს კუალად მოსლვა და ესე ყოველი აუწყა ვახუშტიმ მეფესა. მაშინ სპანი მეფისანი და მაჰმად-ყულიხანისანი ბრძოდენ ყაზახსა ზედა. კუალად მოუძღუნა მაჰმად-ყულიხან კახნი ჭარელთა და მოსტყუევნეს ლილოს დაბნები. ამათი მსმენელი მეფე უკმოიქცა და მოვიდა ტფილისს. მერმე წარავლინა ბაქარ და იესე, რათა მოაოჴრონ საგურამო. მოვიდა თეიმურაზ კახით, იზრახნენ და ზავ-ყვეს და მოიყვანეს ტფილისს თეიმურაზ კახითურთ. ამათ აფიცეს წინაშე მეფისა, ეპისკოპოსთა და მთავართა უცილებლობისა და ერთობისათჳს. ხოლო დაერწმუნა მეფე და განუტევნა ესენი ნიჭითა.

შემდგომად აღიღეს ისპაანი ავღანთა ოკტომბერს ქ~სა ჩ~ღკბ, ქარ. უ~ი, და დაჯდა თავრიზს ძე შაჰსულტან უსეინისა შაჰთამაზ, რომელი ისპაანის გარემოდგომილებასა შინა წარმოგზავნა მუნ ყეენმან. ამ შაჰთამაზის წინაშე წარგზავნილ იყო სეხნია ჩხეიძე მეფისაგან. ამან სეხნიამ ჰყო სათნო მაჰმად-ყულიხანისა და არა რაჲ აცნობა მეფესა, რამეთუ დამართვიდნენ მეფე და მაჰმად-ყულიხან ურთიერთთა პირველ წინაშე ყეენისა. ხოლო შაჰთამაზ განმზრახთაგან მისცა ქართლი მაჰმად-ყულიხანს და აღირჩია იგი შაჰთამაზ.

ესე ამცნო მაჰმად-ყულიხან ტფილისის მეციხოვნეთა, ამათ დაჴშნეს კარნი ციხისანი ღამე და ისროდნენ თოფ-ზარბაზანთა. მაშინ მეფემან წარმოავლინა დედოფალი გორს და თჳთ დაადგრა სპითა ტფილისს. შემდგომად მოვიდა მაჰმად-ყულიხან და დადგა ავლაბარს და მოპარვით შემოვიდა თეიმურაზ მცხეთას და განამაგრეს კახთა იგი. კუალად შემოეპარნენ კახნი და აღიღეს ტფილისის კლიდისუბანი, მიეტევა ბაქარ სპითა, აოტნეს კახნი და მოსრნეს იგინი, და დაიპყრა თჳთ და დაადგინნა მცველნი. ხოლო მაჰმად-ყულიხან მოიყვანა შემწედ განჯის ხანი და სპანი ერევნისა და ლეკნი, ხოლო მეფემან რაჭველნი და იმერნი აბაშიძენი და იყო ბრძოლა სამ თთუე.

კუალად გამოვიდა მარბიელი თელეთს, მსმენელი ბაქარ წარვიდა მათ ზედა, არამედ იხილეს რა მათ ავლაბრიდამ გამოვიდნენ კახნი და ლეკნი და მოვიდნენ მთაბორსა ზედა, მიექცა ბაქარ და ეკუეთა სპითა, აოტნა კახ-ლეკნი და მოსრნეს მრავალნი, ვინაჲთგან გაკადნიერებულ იყვნენ. ოდეს მამუკა თამაზის ძე იდგა ტაბაჴმელას, მოუჴდნენ კახნი, ხოლო იგი ეკუეთა და იქმნა ბრძოლა, სძლეს მამუკას და მოსრნეს მრავალნი, რამეთუ რევაზს, ძმასა მამუკასასა, ჰკრეს კახთა თოფი, გარნა განერა და განიკურნა; და აწცა მოკლეს სალთხუცესი ვახტანგ, ძე გივი ამილახორისა, სრული ყოვლითავე.

ხოლო მოსრულ იყო განჯის ხანი შულავერს, ეოტნა სპანი და მოესრა შულავერი, მსმენელმან მეფემან წარავლინა ვახუშტი სპითა საბარათიანო-იმერლითა, მივიდნენ ესენი და მოსრნეს ელნი ბორჩალუ. გარნა არა გამოვიდა ხანი აღჯაყალის ციხიდამ, მერმე მოიქცნენ და დადგნენ წოფას. მეორე დღე განუტევეს მარბიელი. ესე აცნობეს სომხითართა ხანსა უსპობა ვახუშტისა. მაშინ მაჰმად-ყულიხანს წარმოევლინა კახნი და ლეკნი ხანისა შეწევნად. მცნობელნი წამსავე აღმჴედრდნენ და წარმოემართნენ თავს დასხმად. სცნა ვახუშტიმ და მიეგება წინა. არამედ კუეთებულნი უკუდგნენ სიმაგრესა და ბრძოდნენ მწუხრამდე, არამედ ემატებოდნენ სპანი ჩუენთა მარბიელნი. მერმე ეკუეთნენ მარცხენით, აოტნეს კახ-ლეკნი და მოსწყჳდნეს სიმრავლით და მოვიდნენ ალაფით ტფილისს. კუალად გამოვიდა მარბიელი. ამათ დაესხა ბაქარ თელეთს, მოსრნა და სხუანი შეიპყრნა სამასნი. ხოლო უკმოქცეულსა დახუდენ ბაქარს კახ-ლეკნი და ყიზილბაშნი, ეკუთნენ ესენი და მისლვასავე აოტნეს და მოსწყჳდნეს უმრავლესნი და სხუანი ლტოლვილნი შევიდნენ სეიდაბადსა შინა. ხოლო ბაქარ მოვიდა ტფილისს.

მერმე წარავლინა მეფემან ვახუშტი მცხეთას, რამეთუ დემეტრე ყაფლანისშვილს გაედვა ხიდი და ეუწყა მცხეთელთაგან მოცემა მცხეთისა. ამისთჳს ეთხოვა სპა მეფისათჳს, რამეთუ პირველ წარევლინა იესე და გამოსრულ იყვნენ კახნი დასხმად იესესა. არამედ მოსრნა იესემ და სხუანი ლტოლვილნი შევიდნენ მცხეთას. არამედ იესე არა მნებებელი ბრძოლისა წარვიდა მუხრანს. ხოლო ვახუშტი მოვიდა ქ~ კაცითა ღამე და მოერტყნენ მცხეთას. მაშინ მლოცველთა ეკლესიასა შინა კახთა გარდუკლიტნეს კარნი მცხეთელთა, გარნა ისროლეს ძლიერად კახთა კუალად. არამედ შეუჴდნენ, მოსრნეს და შეიპყრნეს სრულიად და დაიპყრეს მცხეთა, გამოიყვანნეს მთავარი კახნი და მოართუნეს მეფესა ტფილისს.

შემდგომად კუალად წარავლინა ბაქარ სპანი და წარუხუნა მთაბორი ღამე, აღუძნდა ესე მაჰმად-ყულიხანს, ვინაჲთგან იდგა სეიდაბადს, აღმჴედრდა დილას და მოგზავნა თუშნი და ლეკნი მკჳირცხლნი თაბორსა ზედა, აღიღეს მათვე თაბორი და მომართეს ბაქარს. მაშინ ბაქარ ეკუეთა მაჰმად-ყულიხანს და მისლვასავე ივლტოდენ და მოსწყუედდნენ ქართველ-იმერნი და შესჯარნეს ვიწროსა მტკურისასა, არამედ უფროს მოიშთოდნენ მტკუარსა შინა, ხოლო დევნად არღარა აუფლეს მთავართა ბაქარ ზაკჳთ, ვინაჲთგან მცირე დევნითა შეიპყრობდა მაჰმად-ყულიხანს, რათა არა მოსპოს მეტოქი თჳსი, აღიღეს დროშანი და ალაფი მისი და მოადგნენ ტფილისს, რამეთუ შევიდა ვერ-განმსწრე თეიმურაზ ციხესა შინა (ამისთჳს იქმნა ბოროტი ქუემოთქმული უბოროტესი). ხოლო მაჰმად-ყულიხან განვლო გემიყაია ნავით და მივიდა მარტყოფს და მუნიდამ ქისიყს სპისათჳს ლეკთა, რამეთუ აქუნდა შიში ყეენისა, ვინაჲთგან მოცთუნებით ყო შფოთი ესე. 

ხოლო მეფე მოადგა სეიდაბათიდამ ციხეს და დამშჳდდა ფრიად. კუალად წარავლინა ვახუშტი მარტყოფს, მოსტყუევნა იგი და მოვიდა ტფილისს. მაშინ იდგა არზრუმის ფაშა ყარსს შემუსრვად ერევნისად და დაპყრობად ადრიბეჟანისად. ესე უვლინებდა მეფესა, რათა არა მწე ეყოს მათ და მოანიჭოს ხონთქარმან ნიჭი დიდი. ამისთჳს წარუვლინა როჭიკაშვილი ედიშერ და აღუთქუა არა შველა მათი, ვინაჲთგან იმედეულ იყო გაზაფხულს რუსთა მეფის მოსლვასა. მერმე მოვიდნენ და მოერთუნენ მეფესა ყოველნი წარჩინებულნი კახნი სეიდაბადსა შინა. ხოლო მისრულმან მაჰმად-ყულიხან აღუთქუა ლეკთა ვეცხლი დიდძალი, წარმოიყვანნა და დაესხნენ ტფილისს მეფესა.

იხილე ორგულობა, რამეთუ ტალანი მრავალ, მტკუარი განდიდებული და ჴიდი იწრო; მუნ მდგომმან სჳმონ არა აჰყარა ჴიდი, არცა განამაგრა საფარნი. ეგრეთ ქართველთა დაუტევეს მეფე ჴელთა შინა მტრისათა.

რა იხილეს ჟამი ესრეთი, და ივლტოდნენ ყოველნი; ამისმან მხილველმან მეჯინიბემან მოართუა ცხენი მეფესა, ეგრეთვე ბაქარს და წარმოვიდნენ. მაშინ მჴნედ იყო როსტომ ფალავანდისშვილი, ჩამოუდგა მეფესა და არა აუფლებდა ლეკთა მოსლვად. კუალად ლეკთა მოსრნეს ქართველნი და კახნი მრავალნი, და მოადგნენ ქალაქს, ხოლო მეფე მოვიდა მცხეთას და ბაქარ წარვიდა დუშთს, რათა მოესწრას სპითა ტფილისს. არამედ ერისთავმან გიორგიმ გამოუტევა უცხენოდ. ხოლო მისცეს მაჰმად-ყულიხანს ქალაქი და შევიდნენ ლეკნი, იავარ-ყვნეს და მრავალნი ტყუე-ყვნეს. ეგრეთვე გამოვიდნენ მცველნი ციხის თათარნი და დაწუეს სიონი და შემუსრეს ხატი ყოვლად წმიდისა ღუთისმშობლისა სიონისა (ლევან შეამკო, კონსტანტინემ შემუსრა). ჵი, რაოდენნი ქალწულნი განიხრწნენ და ჭეშმარიტნი დედანი და მოწესენი ბოროტთაგან და სისხლი მართალთა დაითხია უსჯულოთაგან, ქ~სა ჩ~ღკგ, ქარ. უ~ია.

ხოლო ბაქარ მოვიდა მამისა თანა და წარმოვიდნენ გორს, და დაიპყრა ტფილისი მაჰმად-ყულიხან. მიუწოდა ქართველთა და არავინ ინება მისლვა, რამეთუ ბარათიანთა სპანიცა ლეკთა გამოუსია. გარნა კუალად არა მივიდნენ. არამედ გიორგი ერისთავი მივიდა შურითა მეფისათა; შემდგომად მივიდა შანშეცა კსნისა, მერმე ვიეთნიმე ბარათიანნიცა და საციციანონი. ხოლო ზემოქართლისანი არცა ერთი. ამისთჳს წარმოავლინა მაჰმად-ყულიხან თეიმურაზ ძმა თჳსი კახ-ლეკითა. მაშინ მეფემან წარავლინა დედოფალი იმერეთს და თჳთ დადგრა ქცხინვალს და განუტევა დესპანი რუსთ ჴელმწიფისა ბაადურითურთ მუნიდამ და ევედრა მწე-ყოფასა.

ხოლო ესე ყოველი ეცნა სარასკარს, ყარსს მყოფს, და წარმოემართა, ვინაჲთგან იხილა ჟამი მარჯუე და მოუმცნო მეფესა: «წარმომივლინე ნათესავთაგანი შენი, მე ვაოტო მაჰმად-ყულიხან და დაგიმტკიცო კუალად ქართლი ხონთქრისაგან». ამისთჳს წარუვლინა მეფემან იესე, არამედ შემდგომად მისა წარვიდა ბაქარცა და მიეგება შამბიანს სარასკარსა. გარნა მოვიდაცა თეიმურაზ ჭალას.

მაშინ განემრავლა მეფესა სპანი, რამეთუ მოვიდა სჳმონ აბაშიძე იმერლით და ზემოქართველნი ყოველნი და ლამობდა მისლვასა თეიმურაზსა ზედა. არამედ ეცნათ მოსლვა ურუმთა, უკუნიქცა თეიმურაზ ტფილისსვე.

ხოლო ოსმალნი ჩამოვიდნენ ივნისში და დადგნენ ყურყუთას. იხილა მაჰმად-ყულიხან, რამეთუ ვერ ავნებს, მიეგება და მიართუა კლიტენი ციხექალაქისანი, რათა მისცეს ქართლი მას. მოგზავნა სარასკარმან იენგიჩარნი და შეაყენა ციხესა. მეორეს დღესა შეიპყრა მაჰმად-ყულიხან თხოვნითა ბაქარისათა და პატიმარ-ჰყო. ხოლო ციხის მოსახლეთა სპარსთა შეუსია იენგიჩარნი, იავარჰყვეს საქონლით და ქონებით და გამოაძნეს ციხიდამ ყოველნი ცარიელნი და მოსცეს ქალაქი და ქართლი ბაქარს. ამისთჳს მოუგზავნა მამასა, რათა წარუვლინოს ქრთამი ოსმალთა. მაშინ მეფემან წარუვლინა ი~ბ ჯორი კიდული ოქრო-ვეცხლითა და მოოჭვილითა.

შემდგომად პატიმარ-ყოფილი მაჰმად-ყულიხან ევედრა ბაქარს, რათა განუტეოს და აღუთქუა ფიცით, ვითარცა მონა იყოს მისდა. მან გამოაპარა და მოვიდა კახეთს. მერმე შეიპყრა ბრძანებითა მამისათა და სარასკირისათა ერისთავი გიორგი ძით და სალთხუცით თეიმურაზით; შემდგომად მოჰკუეთა თავი გიორგი ერისთავსა და წარმოვიდნენ ოსმალნი შემუსრვად და მოტყუევნად დუშეთისა.

მაშინ აიძულებდნენ ოსმალნი მეფესა ხილვად ქეასსა და დადგა მეფე ოკამს და ოსმალნი დგნენ შიოსუბანს; აქა მოვიდა მეფის ხილვად ქეაჲ და შემოჰფიცეს მეფესა ოსმალთა მოუშლელობისათჳს მეფობისა მისისა და დაასკუნეს შესლვა დუშეთს. ამისთჳს მოვიდა მეფე კსნის-ჴევს შესლვად გრემისჴევიდამ. იხილა ოთარმან, ძემან გიორგი ერისთავისამან, მისცა ქრთამი ქეას და აღუთქუა მორჩილება და მივიდა წინაშე ქეასსა. ხოლო ქეამ პაემნით ამით განუტევა ოთარი და თჳთ მივიდა ტფილისს. არამედ შემდგომად ქცხინვალს მდგომს მეფეს მოერთუა, რამეთუ ლეკთაგან ლტოლვილი თამარ, ასული მისი, თეიმურაზით მოვიდა ანანურს, და წარვიდა მეფე შუელად მისა, და დადგა არღუნს დუშეთს აქათ. ხოლო ლეკნი უკუნქცეულ იყვნენ. ხოლო ოთარი მივიდა წინაშე მეფისა და ფუცა ერთგულებასა ზედა მეფისასა. ამისთჳს მისცა მეფემან ერისთობა და მამულნი მისნი ყოველნი და განუტევა.

არამედ მას ღამესა მოვიდნენ ლეკნი, მოსტყუევნეს გრემისჴევი და აღიღეს ალაფი კახთა ხიზანთა და წარვიდნენ. ამათ წარმოუდგა მეფე, ეწივნენ სპანი და აოტნეს ლეკნი და მოსრნეს მრავალნი და ნეშტი მათი შევიდა წილკნის ზღუდესა შინა; და მერმე კუალად გამოვიდნენ წილკნიდამ მცირენი და იწყეს ცემა თოფთა.

მაშინ ივლტოდენ სჳმონ და შანშე, და მოსლვასა მეფისასა შეიხუეწნენ მუნავე და ლამობდნენ სპანი მიტევებასა და შემუსრვასა ზღუდისასა. არამედ მოსრულმა შანშემ არღარა აუფლათ, უკუნიქცა მეფე და დადგა ქსოვრისს. კუალად მოვიდნენ სხუანი ლეკნი და მოსტყუევნნეს საამილახორო და უკუნქცეულნი შევიდნენ შიოსუბანს.

ამ ჟამთა მოსრულ იყო სჳმონ აბაშიძე სპითა მცირითა წინაშე მეფისა საქმისა რისთჳსმე. შეიკრიბნენ ოთარ ერისთავი და ქართველნი, და აიძულებდენ მეფესა ბრძოლად. არამედ შანშე მტერ იყო ოთარისა და, ვინაჲთგან სპანი ოთარისა უმეტესობდნენ, არა ენება შანშეს ბრძოლა, რამეთუ იქმნების გამარჯუებისა მიზეზი ოთარი და, მივიდნენ რა, გამოვიდნენ ლეკნი შიოსუბნიდამ, ეკუეთნენ ამათ იმერნი და მოსწყჳდნეს და აოტეს. ესე იხილა შანშემ, წამს უკუნიქცა და ივლტოდა, მოჰყნენ ლეკნი და მოკლეს სჳმონ აბაშიძე და მოსწყჳდნეს იმერნი, არამედ უმეტეს ქართველნი. ხოლო მეფესა იძულებულსა წარმოსლვად უბრკმა ცხენსა და დაეცა. მაშინ მოართუა ცხენი თჳსი სიამარადისშვილმან და მოვიდა ქცხინვალს და, იხილა რა მეფემან ესევითარებანი ქართველთა, იწყო სხჳსა განზრახუა. ამისა შემდგომად ქრთამთაგან და ურუმთა უჯეროთა საქმეთაგან შემჭირვებული ბაქარ გამოვიდა ტფილისიდამ ურუმთაგან. მერმე მოვიდა მუხრანს სპითა მოწყუედად ლეკთა, არამედ ვერღარა ეწია, რამეთუ გაესწრათ ლეკთა საგურამოს, უკმოქცეული მოვიდა ალს მამისა თანა. შემდგომად მიიქცა მცხეთას და მუნ მოვიდა მაჰმად-ყულიხანცა და ყვეს აღთქმა ერთობა-სიყვარულისა და წარვიდნენ თჳს-თჳსად. შემდგომად წარგზავნა ბიძა თჳსი იესე ტფილისს ურუმთა შინა. ხოლო იესე მიიქცა სჯულსა მათსა ზედა, რამეთუ ოდეს პყრობილ იყო, მოიქცა ქრისტიანადვე და აწ ყო ესე, ვინაჲთგან იყო ჴორცთმოყუარე. ამისთჳს მიენდუნენ მას ურუმნი და წარმოავლინეს სპითა ღორისთავს მდგომს ბაქარსა ზედა. ხოლო ბაქარ უსპობითა ვერ დაუდგა და წარვიდა ატენს, და ოსმალთა დაიპყრეს საბარათიანო. არამედ გაზაფხულს წარავლინა ბაქარ სპანი, ამათ მოსწყჳდნეს თრიალეთს მყოფნი ოსმალნი და ფოკას მოსრნეს ფ~ მჴედარნი ტფილისს მომავალნი. ამისთჳს კუალად წარმოავლინეს იესე და ისაყ, ახალციხის ფაშა, სპითა, ვერ წინააღუდგა ბაქარ, არამედ შევიდა მთათა შინა. ხოლო ოსმალნი მოვიდნენ გორს, მოარბიეს გარემონი, დაიპყრეს გორი. უკუნქცეულთა შთავლეს საამილახორო, მუხრანი და მივიდნენ ტფილისს; შემდგომად კუალად წინაძღოლითავე იესესითა მოვიდნენ ქცხინვალს, მოსწვეს და მოსტყუევნეს ოსმალთა და წარვიდნენ.

წ ა რ ვ ი დ ა მ ე ფ ე ვ ა ხ ტ ა ნ გ რ უ ს ე თ ს

ჟამთა ამათ მოვიდნენ წარვლინებულნი რუსეთიდამ ნაზარაშვილი დავით და ფრანგისტან და მოართუეს მეფესა წარსლვა რუსეთს. მსმენელი მეფე იმედეული ჴელმწიფისა მათისა აღეკაზმა, წარვიდა და მოვიდა რაჭას ქ~სა ჩ~ღკდ, ქარ. უ~იბ. ამას განჰყვნენ ქართველნი ყოვლისა სახლიდამ და კახნიცა მრავალნი, ვითარ ჩ~უ და ზოგნი უმეტეს დედაწულითურთ, ხოლო რაჭიდამ მივიდა მეფე ვახტანგ დიგორს, მუნ მოეგება ცოლის ძმა თჳსი ჩერქეზის ბატონი, მუნიდამ ჩერქეზს შთასრულს მოეგება სპა დიდი რუსთა და მივიდა სოლახს ახალსა ციხესა შინა აგვისტოს კ~ჱ, ოკდომბერს ჩაჯდა ნავსა და განვიდა აშტრახანს ნოემბერს ჱ~.

ხოლო შემდგომად მეფე ვახტანგისა შეკრბნენ ქართველნი, მოიყვანეს მაჰმად-ყულიხან კახით, თუშით, ფშაველ-ჴევსურითა და დადგნენ თედოწმინდას, ამის მცნობთა ოსმალთა წარმოიძღუანეს იესე საბარათიანოს სპითა და წარმოვიდნენ. ხოლო ქართველნი მიეგებნენ გუფთას, ეკუეთნენ და ივლტოდნენ ურუმნი. მოუჴდა იესე, მოაქცია ოსმალნი, ეკუეთა კუალად, მოსრნა და ივლტოდა გივი ამილახორი და წარმოიყვანა ამან მაჰმად-ყულიხან, მოყვნენ ოსმალნი, მოსწყჳდნეს ესოდენ, რამეთუ თავნი ურმებითა წარიღო ერასტი ყაფლანისშვილმან ტფილისს რაჯაბ ფაშისა თანა, რომელმან მოსცა ოცდაათი დრაჰკანი ჯილდოდ, და დაიპყრეს ყოველი ქართლი. არამედ იესეს თუცა არა უწოდდენ მეპატრონედ, გარნა მასვე ჰკითხვიდნენ და იქმოდნენ საქმესა ქართლისასა მის მიერ. გარნა იგი ხუეჭდა და იღებდა ქუეყანათა ნარდად და ამით მოირჭვაცა ფრიად. ხოლო ვინაჲთგან არღარავინ ჰყვათ წინააღმდგომნი ოსმალთა, აღწერეს ქართლი სრულიად და დასდეს ხარკი კაცს სულზედ დრაჰკანი, ცხვარზედ ორი შაური, ზროხაზედ აბაზი, კამბეჩსა და ცხენზედ ექუსი შაური, მოსავალსა ზედა ხუთისთავი ხილითურთ, და ამის გამო იქმნა ჭირი დიდი და მიექცათ სიცრუე თხემსავე, რამეთუ წაართვეს ოთარს ერისთობა და მისცეს თეიმურაზს, ძესა იასონისასა. ხოლო ლტოლვილი ოთარი მოვიდა აშტრახანს მეფისა თანა და სტყუენვიდიან მამულსა შანშესასა ოსმალნი.

ხოლო იხილა რა ესევითარება კათალიკოზმან დომენტიმ, წარვიდა ლორეს, რამეთუ ჯერეთ ოსმალთა არა დაეპყრათ, და ბესარიონ დაიპყრა იესეს გამო კათალიკოზობა. შემდგომად მოინდო ფაშამ კათალიკოზი დომენტი, არამედ კათალიკოზი ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქარისა, რამეთუ ჰგონებდა მუნიდამ ლხინებასა რასმე ქართლისასა, მან წარავლინა და მისრულსა სტამბოლს მისცეს პატივი დიდი უმეტესი პატრიარქთა და უსმინეს ყოველნი. არამედ ისაყ ფაშას, რომელი დასუეს, ვითარცა მეფე ტფილისს, ახალციხისა, შუძნდა პატივი კათალიკოზისა და ქართველთა მოწმობითა შეასმინა ხონთქარსა. ამისთჳს პატიმარ-ჰყვეს კათალიკოზი ჭალაკსა შინა თენადოსს და ბესარიონ იქმნა კათალიკოზად ქართლს.

ხოლო მეფესა ვახტანგს მიუწოდა დიდმან პეტრემან პეტრებუხს; მისრულსა ცარიცინს, ესმა სიკუდილი დიდისა პეტრესი, დამძიმდა ფრიად. არამედ წარვიდა და მივიდა მოსკოვს; მუნ დახუდა დარეჯან ასული არჩილ მეფისა და შეიტკბნენ ფრიად. შემდგომად მივიდა პეტრებუხს იმპერატრიცის ეკატერინას წინაშე და მან პატივ-სცა მეფებრ დიდებით და მიანიჭა ურიცხუნი. მერმე გაზაფხულს წარმოავლინა გილანს, რათა ზავ-ჰყოს ყეენსა და მათ შორის. ამისთჳს მიუწოდა დედოფალსა მეფემან მოსკოვს. და მოსრულსა მოსკოვს მეფესა დახუდა დედოფალიცა მუნ. დაუტევა მუნ დედოფალი და თჳთ წარმოვიდა გილანს. ხოლო დარუბანდს მოსრულს მეფეს მოართუეს ანდრიის კავალერია ლურჯი იმპერატრიცისაგან. მერმე მოვიდა გილანს; მაშინ მოერთუნენ გილანელნი სრულიად და აცნობა ყეენსა ყოველნი მეფემან.

ამა ჟამებთა მოსრულ იყო ნადირ-ავშარი წინაშე ყეენისა, ამან ბრძანებითა ყეენისათა მოკლა ფათალიხან ყაჯარი და დააპყრობინა ყეენსა მაშათი. ამან ყეენმან უწოდა თამაზ და მისცა ყორჩიბაშობა. შემდგომად დაიპყრა ხორასანი. არამედ ვერა რისა მყოფელ იყო თჳნიერ მისსა ყეენი. მაშინ კითხვა-სათნოჩენითა მისითა მოუმცნო მეფესა ყეენმან ზავის ყოფად, ვითარცა ნებავს, და მოეგზავნაცა ნიჭი.

ხოლო მიიცვალა ეკატერინა იმპერატრიცა და დაჯდა ძის ძე დიდისა პეტრესი პეტრევე წლისა ი~გ. ამან მიუწოდა მეფესა მოსკოვს და მივიდა მეფე ქ~სა ჩ~ტკჱ, ქარ. უ~ივ. ხოლო ამ ქორონიკონის წინას წელს მოკუდა იესე. მაშინ ისაყ ფაშამ განჰყო ქართლი, სომხით-საბარათიანო მისცა ერასტი ყაფლანისშვილს, მცხეთას ზეითი ბაგრატ ციციშვილს, ზემო ქართლი გივს ამილახორს, მუხრანი და საერისთონნი მათთავე მთავართა და ამათ მიერ მოიღებდა ხარკსა და სხუათა რაჲ იგი უჴმდათ, არამედ შურითა ურთიერთთათა ქართველთათა იყო უუფროსესნი ჭირნი და ართმიდიან და ძარცვიდიან ოსმალნი შესმენითა მათითა, კუალად უმეტესად ოჴრებითა და ტყუეობითა ლეკთათა; გარნა დაიმორჩილეს ამ მთავართა გამო ოსმალთა ესრეთ, რამეთუ უკეთუ მალემსრბოლისად არა მიეცათ მყის ცხენი, შესხდიან თჳთ მას ზედა, ვითარცა უყვეს მანუჩარ ყაფლანიშვილსა და გიორგი ქავთარისშვილსა, აღუდვეს ლაგამნი, შესხდენ და ჩხულეტდენ დეზითა წარსლვად. კუალად უკეთუ ავნის ვინმე ოსმალთა, ჩამოარჩვნიან ანძასა და გარდააჴდევიან ვეცხლი დიდძალი, ვითარცა უყვეს დემეტრე ამილახორისშვილსა, რომელი ჩამოაცუეს ანძასა ორითა მსახურითა. კუალად განადიდა მელიქი ტფილისისა აშხარბეგ ისაყ ფაშამან, რამეთუ მოვიდნენ დარბაზობად მისა სპასპეტი ლუარსაბ და მთავარი ქართლისანი ყოველნი. არამედ მან არა მიხედნა, არცა იხილნა და გამოუტევნა.

ხოლო მაჩაბელი თეიმურაზ არა ერჩდა ამილახორსა და სწყუედდა ოსმალთა, სადა ვის მოიჴელთდის.

კუალად განდგა კსნის ერისთავი შანშე და თეიმურაზ არაგჳს ერისთავიცა განაძეს ოსმალთა და დასუეს რევაზ; და ეს რევაზცა არა ერჩდათ ოსმალთა, ამისთჳს უბრძანა ისაყ ფაშამ მაჰმად-ყულიხანს და წარმოავლინა ახალციხის სპანი. მოვიდნენ ესენი, განაძეს რევაზ და დასუეს პაპუა ზურაბის ძე. მერმე მოვიდნენ, კსანი მოარბიეს და მოადგნენ ვანათის ციხესა და ქუაბიდამ მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა, არამედ ღამესა მას განივლტვენ ქუაბიდამ; იხილა შანშემ, მისცა ქრთამი ოსმალთა, ზავ-ჰყო მათ თანა, ხოლო ამილახორმან წარმოიყვანა მაჰმად-ყულიხანითურთ ოსმალთა სპანი და დაესხა მაჩაბელს მუგუთს, შემუსრეს ციხე სვერისა, რომელი აღაშენა თეიმურაზ მაჩაბელმან. გარნა მუგუთს მოსრნეს მრავალნი ოსმალნი. შემდგომად მისჭირდა და განივლტო მაჩაბელი და მივიდა რაჭას ცოლშვილით. ხოლო ოსმალთა მოსწყჳდნეს, მოსტყუევნნეს, შემუსრნეს ციხენი და მოვიდნენ გორს და ენებათ ოსმალთა მოტყუება და შეპყრობა მაჰმად-ყულიხანისა, ვინაჲთგან მუნ ეახლნა ლეკნი. სცნა მაჰმად-ყულიხან და წარვიდა კახეთს, არამედ ოსმალთა დაიმორჩილეს ქართლი უმეტეს და განიყვეს დაბნები.

ამ ჟამთავე მოადგნენ ლეკნი ჭალას, მოკლეს ამილახორის რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა, გამოიყვანეს ჩ~ სულნი ტყუედ და წარვიდნენ. გარნა თჳნიერ ამისა ამათ ჭირთა შინა, რომელი იყო ოსმალთაგან გაზაფხულ-შემოდგომასა, მარადის ატყუვებდნენ ლეკნი, რამეთუ ჯარად და ჯარად გამოვიდიან ჩ~, და უმეტესნი და უმცირესნი.

ხოლო ესმა უსუფ-ფაშას, ძესა ისაყისასა, გამოსლვა ლეკთა, წარმოვიდა სპითა ოსმალ-ქართველთათა და ეკუეთა მუხრანს ლეკთა, მოსრნა იგინი და ნეშტნი შევიდნენ შიოსუბანს, მოადგა გარს და შეესივნენ და სრვიდნენ ლეკთა. არამედ ესე ომის ბრძოლის ჴმა ესმათ სხუათა მომავალთა ლეკთა, მოუჴდნენ და აოტეს უსუფ-ფაშა, რამეთუ კნინღა გარდაიხუეწა და მოსრნეს ლეკთა ოსმალნი უმრავლესნი. კუალად ნადარბაზევს ეკუეთა ლეკთა მაჰმადბეგ ოსმალ-ქართველითა სპითა. არამედ ლეკნი ივლტოდნენ, სადაცა მზირ-ეყოთ ტყეთა შინა; და რა მოვიდნენ ოსმალნი, უწყეს ლეკთა იმიერ-ამიერით თოფთა ცემა, მოსწყჳდნეს ოსმალნი და აოტნეს, ვითარ მცირენი განერენ.

კუალად გორიდამ მომავალთა ოსმალთა სპათა ემთხვიათ ლეკნი ნიჩბისის ბოლოს, კუეთებასავე აოტნეს ლეკთა და მოსწყჳდნეს უმრავლესნი. ხოლო მკუდართა აჴმარნეს ჩიბუხნი თჳსნი უკანა კარით. განძლიერდნენ ესრეთ, რამეთუ უწყეს სამცხე-ჯავახეთს რბევა და ტყუევნა ლეკთა. ვინაჲთგან არღარა დაშთა მსახლობელნი მუხრანს, ქართლს და საციციანოს და ადგილ საბარათიანო-სომხითსაცა, თჳნიერ სიმაგრეთა, რამეთუ მუშაკობადცა პარვით-მალვით ჩამოვიდიან და მათნი მხილველნი ივლტოდიან სიმაგრეთა. გარნა კუალად მრავალგზის მოსწყჳდნეს ოსმალთა, ვითარ ვერღარა წინააღუდგნენცა.

კუალად მოერბიათ ჯავახეთი, ჰსცნეს ქართველთა და აცნობეს ოსმალთა, მოვიდნენ ქართველნი და შეუკრეს დიდგორის კოშკისყელი; და რა მოვიდნენ ლეკნი, უწყეს თოფთა ცემა და მრავალნი მოსრნეს. ხოლო მათ დაჰყარნეს ნატყუენავნი და სრულიად ივლტოდნენ. მაშინ თელადგორის ბოლოს დახუდნენ ოსმალნი და უფროსად მოსწყჳდნეს. არამედ კუალად იყო მათგანვე უფროსად ტყუევნა და ოჴრება ბრძოლისაცა უმეტეს იგი მრე ექმნებოდიან, ვინაჲთგან განმრავლდა სიძვა-მრუშება, სოდომია, ტყჳს ყიდვა, შური, სრვა ურთიერთთა და სხუანი ბოროტნი, და ამისთჳსცა მოუშვა ღმერთმან ბოროტი, რამეთუ მჴეცნიცა მოეტევნენ და სჭამდენ ურიდად მრავალთა. კუალად მოვიდა სირი ჭივჭავი, რომელთა დააბნელიან მზე სიმრავლით და მოჭამა ნაშრომი სრულიად, რომელი არა თქმულ არს საუკუნით. კუალად იყო სრვაცა მომსრველი, ჟამი ძლიერი, გარნა არავინ შეიშინებდა ღუთისასა.

ხოლო შემდგომად ლტოლვისა ისაყ ფაშისა მოვიდა თოფაღ ფაშა. ამან უბრძანა ქართველთა საჭურველით ყოფა და პატივთა უყოფდა და ასწავებდა ერთობასა და ვედრებასა ღუთისასა. მაშინ სპანი მისნი მარადის მრე ექმნებოდნენ ლეკთა და მოსწყუედდნენ. არამედ შემდგომად მცირედისა წარავლინეს ბაღდადს და შემდგომად მისა კუალად მოვიდა ისაყ ფაშავე და იქმნა ვითარცა პირველ, გარნა უძჳრსიცა.

ხოლო რაჟამს გარდაიცვალა მეორე პეტრე იმპერატორი და დაჯდა იმპერატრიცა ანნა, ამან მიუწოდა მეფესა ვახტანგს პეტრებუხს, მისცა ნიჭი და წარმოავლინა დარუბანდს, რათა დაიპყრას შამახია და მერმე ქართლი. წარმოსრული გამოვიდა დარუბანდს ქ~სა ჩ~ღლდ, ქარ. უ~კბ.

არამედ წინჴსენებულმან თამაზხან პირველვე დაიპყრა ხორასანი და განასხნა ისპაანიდამ ავღანნი და დასუა მუნ შაჰთამაზ. კუალად აღიღო ოსმალთაგან თავრიზი და დაუტევა ყეენი ბრძოლად ერევნისა, და თჳთ წარვიდა ხორასანს.

არამედ შაჰთამაზ აოტეს ურუმთა ერევანს და ლტოლვილი მივიდა ისპაანს. ესე სცნა თამაზხან, მივიდა ისპაანს და შეიპყრა შაჰთამაზ, რამეთუ იყო მემთვრალე და უბადოდ მქცევი. ხოლო თამაზხან წარვიდა ბაღდადს, მოკლა თოფაღ-ფაშა და მივიდა ისპაანს და განემზადებოდა წარსლვად ბაღდადსა ზედა. არამედ ესმა წარსლვა მეფისა ვახტანგისა დარუბანდიდამ შამახიასა ზედა, დაუტევა ბაღდადი და მოვიდა უცნობელად შამახიას, აღიღო იგი სულხავისაგან და მერმე შეუჴდა სულხავს ყალმუხსა, მოსწყჳდნა და მოსტყუევნნა, აღიღო ალაფი მისი, გარდამოვიდა შაქს და მუნიდამ მოადგა განჯას. და მიუვლინა დარუბანდს ვახტანგ მეფესა კაცი, რათა მოვიდეს მისთანა. არამედ ვახტანგ არა ინება და განვიდა აშტარხანს, ვინაჲთგან მისცეს რუსთა ყოველნი სპარსეთისანი თამაზ-ხანს. გარნა თამაზ-ხან ვერ აღიღო განჯა ზამთარსა ამას. მაშინ ქართველთა მოსყჳდნეს ოსმალნი ტფილისის გარეთანი სრულიად, ეგრეთვე გივი ამილახორი შეეტყუა გორის ციხეს ოსმალთა და მოსრნა იგინი და დაიპყრა ციხე. მერმე მოერთუნენ ქართველნი განჯას თამაზ-ხანს. არამედ მან მცირედითა პატივ-სცა ნიჭითა, წარმოატანა ხანჯალხან სპითა, რათა ბრძოს ოსმალთა, მოვიდნენ ესენი, შეკრბნენ კუალად და დადგნენ ავჭალას. 

მაშინ გამოვიდა ტფილისიდამ მაჰმადბეგ სპითა ოსმალთათა, ამათ ეკუეთნენ ყიზილბაშ-ქართველნი, აოტნეს ოსმალნი და მოწყჳდნეს და სხუანი შევიდნენ ტფილისს. შემდგომად დადგნენ კოჟორზედ ყიზილბაშ-ქართველნი და ტალანი ამათნი წავკისს. მოვიდნენ ოსმალნი ღამე და მოსრნეს ტალანი სრულიად და დილას დაესხნენ ყიზილბაშ-ქართველთა და ეკუეთნენ ესენიცა. არამედ ივლტოდნენ ოსმალნი და მოსრვიდნენ, მოჰყვნენ და მოადგნენ ტფილისს. ხოლო გაზაფხულსა ამას დაუტევა თამაზ-ხან განჯა თჳთ და გარმოდგომილ-ჰყო სხვითა სპითა. მან შემოვლო სომხითი, და დბანისი, გარდავლო ყაიყულს და მივიდა ყარსს. მაშინ მუნ მოსრულ იყო სარასკრად ქოფრული სპითა დიდითა, ხოლო ვერარისა მყოფელი ყარსს თამაზ-ხან მოიქცა და დადგა ერევანს ზეით.

ხოლო მესამის დღის დილას მოვიდა ქოფრულიცა სპითა, ეწყუნენ და იქმნა მუნ ბრძოლა ძლიერი, მოკლეს ქოფრული და ივლტოდნენ ოსმალნი, რამეთუ ერთი ასთა შეიპყრობდა. ამის მხილველთა ოსმალთა მისცეს ერევანი, განჯა, ლორე, ტფილისი და დაიპყრა თამაზ-ხან და ქართველთა მიუწოდა ერევანს, არამედ მუნ შეიპყრნა ყოველნი თჳნიერ ქაიხოსრო ყაფლანისშვილისა, რომელი იყო მას ჟამსა სპასპეტი, და პატიმარნი წარმოავლინა ტფილისს.

კუალად აჰყარა ყაიყული სრულიად და წარგზავნა ხორასანს, მერმე თჳთცა ტფილისს ქ~სა ჩ~ღლე, ქარ. უ~კგ. ხოლო ქართველნი მოგზაურნი განივლტვნენ თჳნიერ ვახუშტი აბაშიძისა. ხოლო ტფილისიდამ წარავლინა სპანი და მიუჴდნენ ბარძიმს არაგუსა ზედა, მუნ აოტნეს ყიზილბაშნი. არამედ ზემო ქართლს და საციციანოს აჰყარნა სულნი მრავალნი და წარგზავნა ხორასანს. იხილე რისხუა, რამეთუ არა კმა იყო პირველ, არამედ ხილხილიდამ ინჯამდე სამასი დედათაგან მოგდებული ჩჩჳლნი ეყარნენ მკუდარნი. ხოლო თამაზ-ხანს, სრულიად აოჴრებისა ქართლისა განმზრახსა, მოესმა მოსლვა თათარხანთა დარუბანდს, ამისთჳს დაუტევა ქართლი, ჩავლო კახეთი ოჴრებით და მივიდა დარუბანდს. არამედ თათარხანნი უკუქცეულ იყვნენ და ამან შემუსრა უცმი და მოვიდა მუღამს, და მუნ გაჴელმწიფდა და იწოდა კუალად შანადირ. მერმე მივიდა ისპაჰანს წარსლვად ყანდაარს. ხოლო ქართლს დაუტევა ალიმირზა ძე იმანყულისა, ვითარცა ვალი და სეფიხან.

ამან სეფიხან მოიტყუვნა გორს ქართველნი, შეიპყრა თეიმურაზ, გივი ამილახორი, ბარძიმ ერისთავი და სხუანი, ხოლო შანშე ივლტოდა და წარუვლინა ისპაანს შანადირს. ხოლო მან არა რაჲ ავნო და წარიყვანა ყანდაარს. შემდგომად მისცა ხანჯალხანს ხანობა ქართლისა, წარმოატანნა ქართველნი და გამოუტევა. ხოლო თჳთ აღიღო ყანდაარი და წარვიდა ინდოეთს. მაშინ მოსრულმან ხანჯალხან დასდვა ხარკი და ჭირი დიდი, რამეთუ ხეთა, ვენახთა, საჴნავთა და პირუტყუთა, ამათ ყოველთაგან იღებდნენ, და ამით დაიპყრნეს სპანი და უწოდეს ნოქარი; და მთავართაცა საჴელოთივე მათითა პატივ-სცეს და მიუხუნეს მამულნი და მსახურებდენ ტფილისის ხანსა, რამეთუ იმისივე განსაგო იყო კახეთი, ბორჩალუ და ყაზახი.

კუალად მოჰკრეფდიან ტყუეთა და წარუვლენდიან შანადირსა. ხოლო შანშე ჟამად ერჩდის და ჟამად უკუდგის. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა აშტარხანს და წარავლინა ბაქარ ძე თჳსი ქართველითურთ მოსკოვს და მოიყვანა დედოფალიცა მუნ და იყო განსუენებით წელი ერთი. შემდგომად გადაიცვალა ქ~სა ჩ~ღლზ, ქარ. უ~კე, მარტს კ~ვ და დაფლეს მუნვე დიდითა პატივითა და ჴელმწიფურითა. შემდგომად მისა წარვიდა დედოფალიცა მოსკოვს და დაშთნენ იგინიცა მუნ.

ხოლო მოკუდა ბესარიონ კათალიკოზი. შემდგომად მოვიდა კათალიკოზი დომენტი სტამბოლიდამ იმერეთს, მოიყვანეს იგივე კათალიკოზად. მოსრულს მიეგება ხანჯალხან და ყოველნი წარჩინებულნი და ქალაქი და სცეს პატივი დიდი.

ხოლო მოკუდა რა ხანჯალხან, მისცეს ალავერდის ხანობა ძესა იესესასა ნაშობსა ხარჭისასა; და, ვინაჲთგან არა ერჩდათ შანშე, მოადგნენ ყიზილბაშნი, ვერ დაუდგა შანშე და ივლტოდა დედაწულითურთ იმერეთს და მუნიდამ რუსეთს. მისრული მოსკოვს არღარა შეიწყნარა ჴელმწიფემან და მოვიდა ქართლსავე და დაიპყრნა მამულნი თჳსნი, მოიყვანნა ლეკნი და აოჴრებდა ქუეყანათა, არამედ ლტოლვილსა შანშესა წაგვარეს იესეს, ძმასა მისსა ცოლი არაგჳს ერისთავთა და მისცეს ყიზილბაშთა.

ამისთჳს შეიკრიბნა შანშემ ლეკნი და მოადგა ანანურსა, შემუსრა, აღიღო იგი და მოსწჳდნა არაგვის ერისთავნი სრულიად, რამეთუ არავინ განერა. იხილე, რამეთუ გიორგი ერისთვის ცოლი მარილის ქვით კიდული წარიქციეს. გარნა არა დასხცრა შანშე ატყუევებდა ქართლს ლეკით. ესე ლეკნი მოვიდნენ ტაშირს, სცნა სეფიხან ყაზახს მდგომმან, რომელი პირველ იჯდა ტფილისის ხანად და შესმენითა ქართველთათა რისხჳთ წარიყვანა შანადირ. ესე მოვიდა ჭ~ კაცითა დბანისს, წარიძღუანა ქაიხოსრო სპასპეტი და მიუსწრა ტაშირიდამ გარდმომავალთა ლეკთა, ეკუეთა და მოსწყჳდნა, რამეთუ მცირედნი ივლტოდნენ. კუალად გარდაუსწრა კახეთს და ქართლიდამ გარდმოსულნი მოსწყჳდნა მრავალნი. არამედ ყიზილბაშთაცა მრავალჯერ მოსწყჳდნეს ლეკნი. გარნა აქუნდათ სადგურად კსანი და მარადის იყო მათგან რბევა და ტყუევნა, რამეთუ არღარაცა იყო მოსახლე, ვინაჲთგან შეშინდნენ ფრიად ლეკთაგან, რამეთუ ხუთმან ლეკმან ჩხიკვთას დაჰყვეს ზამთარი ტყჳთ დედაკაცებით, მიდგომილთა ლეკთაგან შობეს და ზაფხულს აჰკიდეს მათვე შვილნი მათნი და წარვიდნენ (ამისთჳს მიუშუა ღმერთმანცა, ვინაჲთგან იყო უშიშრობა ღუთისა).

შემდგომად მოიქცა რა შანადირ ინდოეთიდამ, მოვიდა და მოადგა ლეკეთს, წარმოავლინა სპანი და მოადგნენ შანშეს; გამოიყვანეს ამათ აწერის ხევის ციხიდამ ცოლშვილი შანშესი და ტყუენი მრავალნი. ხოლო შანშე ივლტოდა ახალციხეს და ალიყულიხან, რომელი იყო თავ სპათა და ხანი ტფილისისა, შევიდა მაღრან-დუალეთს, მოსტყუევნა იგი და მთანი შანშესანი. არამედ ჟამურის ოვსთა აოტეს ხანი და მოსწყჳდნეს სპანი მისნი. ხოლო თხოვნითა შანადირისათა მოსცეს ოსმალთა შანშე მას. არამედ შანადირ ინება განტევება მისი თავმდებობითა ქართველთათა. გარნა ქართველთა არა ინებეს, და წარგზავნა ხვარასანს. არამედ მოგზაური შანშე გამოიპარა, შეიპყრეს კუალად და აღმოჴადნეს თუალნი ძმითურთ.

ხოლო ქართველნი იყვნენ წინაშე შანადირისა მარადის დარუბანდს. მაშინ მოვიდა კათალიკოზიცა დომენტი და პატივით შეიწყნარა და წარმოავლინა ქართლსავე კათალიკოზად.

არამედ ქართლს იყო ჭირი დიდი საზრდელთათჳს, ვინაჲთგან თთუესა ერთსა მიაღებინა სამასი ათასი კოდი პური და ქერი, რამეთუ ჰყვათ წარჩინებულთა ცოლშვილნი ტფილისს და ვერვინ იკადრებდა ურჩებად. ხოლო ქართველთა შეასმინეს ალიყულიხან და მოგზავნა შაჰნადირ ყოჯახან ტფილისს. მაშინ მოსრნეს ყაფლანიანთა ვაჭარნი ქარავნისა ოსმალთა, შესჩივლეს შაჰნადირს, შეიპყრა ელიზბარ და მოაშთო იგი; ხოლო ქაიხოსროს მიუღო ფ~ თუმანი და მისცა მათ ვაჭართა. კუალად დაჰკუეთა ბარათიანთა ყურნი საზრდელთათჳს.

შემდგომად მისცა გივს ამილახორს კსანი და ვექილობა ქართლისა, ბეჟანს ერისთობა არაგჳსა და უბრძანა მოსლვა ლეკთა ზედა კახეთის მთიდამ. ხოლო მოვიდნენ რა ტფილისს სრულიად ქართველნი წარჩინებულნი, ამ ჟამსა მიიცვალა კათალიკოზი დომენტი ქ~სა ჩ~ღმა, ქარ. უ~კთ, და დაფლეს მცხეთას. არამედ დასვა თჳთ მანვე კათალიკოზად ნიკოლაოზ ხერხეულიძე.

ესე იყო უმეცარი და საეროთა უფრო განმწყობი, ვიდრე სამღუდელოთა; და მოყუარობდა თათართა, ვიდრე ქრისტიანეთა. ამან ომფორი ოქროქსოვილი, სჳმონ ბატონიშვილის ცოლის ანნას მოგზავნილი მცხეთისა, დასჭრა და ბეჟან ერისთვის ცოლსა ქათიბად შეაკერვინა და მიუბოძა, და საქადაგო ხატი მურასად მოოჭვილი შემუსრა, გჳრგჳნი საპატრიარხო ლევან დადიანის შემოწირული და ომფორი სხჳლ-მარგალიტთულით შემკული და სხუანი ხატნი და ჯუარნი და სამსახურებელნი კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა შემუსრნა და განყიდნა. არაჯეროვნად იქცეოდა სამღუდელოთა წესითა. თუმცა ღმერთმან მიუშუა და ქმნა ბოროტი უსჯულომან დასაბამითგან არა-სმენილმან, უკეთურმან მაჰმადიან ყოფილმან თაზისშვილმან ტარიელ მახჳლითა მოკლა; ვინაჲთგან საქართველოს პირველი მღუდელმთავარი იყო, ვერ შეეხებოდა ჴელი მოსიკუდიდ.

ხოლო გივი ამილახორი ემზახლა ბეჟან ერისთავს და დაიპყრა კსანი და მორჩილებდა ბეჟან გივს. არამედ ვინაჲთგან ერწმუნა შაჰნადირს მისთჳს ქართლი, მოითხოვნა ქურივნი ქალნი, ქალწულნი ქალნი და ვაჟნი სამას-სამასნი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვარი პური. ამისთჳს ეზრახა გივი ქართველთა: «არა ძალგჳცს ყოფად და განვდგეთ ვინაჲთგან ვერა ნებისაებრ დაიპყრნა შაჰნადირ ლეკნი», ხოლო მათ მისცეს პირი მტკიცე. ამისთჳს განაზრახა ხანი წარსლვად ლეკსა ზედა და განვიდაცა ხანი ყიზილბაშ-ქართველითა. მაშინ გივი გამოივლტო ცოლშვილით ტფილისიდამ სიმაგრეთა იმედებული და მოვიდა კსნის ჴევსა შინა. არამედ ქართველნი არღარავინ გამოჰყვნენ, არცა უკუდგნენ. ესე რა ესმა ხანსა, მოიქცა ტფილისსავე და მოთხოვილისათჳს მთავართა შეამჭირვებდა და მრავალთა გუემა და პყრობილება შეამთხვივა და მოუჴდა გივს, ვერ შემუსრა, მოაოჴრნა გარემონი და მოიქცა ტფილისსავე.

ჟამსა მას წარმოევლინა იმპერატრიცას ელისაბედს პეტროვნას ძე ვახტანგისა ბაქარ აშტარხანს. ესე ჰგონა გივმან მისასლველად ქართლს მეფედ, წარუვლინა ბარძიმ ბიძის ძე თჳსი და მოუწოდა ბაქარს, რათა მოვიდეს და დაიპყრას ქართლი. ხოლო შაჰნადირ ბრძოდა ლეკთა ერთ წელ, შეამჭირვა და შეაძრწუნა ფრიად, რამეთუ ჰყიდდენ შვილთა თჳსთა და სჭამდნენ ჴორცსა ღორისასა. არამედ იყო სიყმილი ძლიერი სპათა შორის შაჰ ნადირისათა, რამეთუ ოთხი კოდი პური სამ თუმნად იყიდოდა. ამისთჳს უკუნიქცა შაჰ ნადირ და წარვიდა სპარსეთად.

ხოლო ბაქარს მიუწოდეს კუალად პეტრებურხსავე და მივიდა მუნ. გარნა გივი არა დასცხრა და ბრძოდა ხანი ტფილისისა და აოჴრებდენ ქუეყანათა იგიცა და ესენიცა. ამისთჳს მოიყვანა გივმანცა ლეკნი ნიჯადად თჳსად და მოსწყჳდნა რაოდენნიმე ყიზილბაშთა სპანი. არამედ აოჴრებდა უმეტეს ქუეყანათა. ხოლო შემდგომად შეჩენითა კახთათა მოკლეს ბეჟან ერისთავი ყმათავე მისთა და მიერთუნენ თეიმურაზს და წარუხუნეს მთიულთა ქონება გივს ამილახორს და გამოაძეს ცოლშვილნი მისნი ჴადიდამ. გარნა გივმან კუალად განამაგრა კსნის ციხე, ქცხვილოსისა, კეხვისა და სურამისა და წარვიდა ქართლს და კუალადცა არა დასცხრა გივი ოჴრებად ქუეყანათა ლეკითა.

ესე ყოველნი ამცნო თეიმურაზ შაჰნადირს და შაჰნადირ მოსცა არაგჳს საერისთო თიმურაზს. ესე მოვიდა და დადგა ტინს და ბრძოდა კსანს. მაშინ ლეკეთით ლტოლვილი ყეენის ძედ წოდებული წავიდოდა ოსმალთა შინა და ეტიკმან მისმან შეაცთუნა მოიყვანა თეიმურაზისა თანა. ხოლო თეიმურაზ შეიპყრა იგი და წარუძღუანა ძე თჳსი ერეკლე და წარავლინა წინაშე შაჰნადირისა, რამეთუ მაშინ ჰბრძოდა ოსმალთა მოსულს. ამისთჳს მადლიერ იქმნა შაჰნადირ, მოსცა ნიჭი დიდი და წარმოუვლინა ერეკლეცა ნიჭითა. არამედ ბიძაშვილმან გივისმან რევაზ მისცნა ციხენი კსნისანი თეიმურაზს და თჳთ აზნაურითა და გლეხითა შთავიდა კახეთს, რამეთუ მრავალნი წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი დაეშენებოდნენ ქართველნი კახეთს, ვინაჲთგან მუნ უმცირესი ჭირი იყო თათართაგან.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ~ღმდ, ქარ. უ~ლბ, წარმოევლინა ხონთქარს განძი დიდი ლეკთათჳს და მოვიდა უსუფ ახალციხის ფაშა ი~ე ჩ~ სპითა ქართლს, რათა წარუვლინოს ლეკთა იგი; ამას მიერთო ამილახვარი გივიცა. ესმა ესე ხანსა ტფილისისასა, შეიკრიბა ყიზილბაშით და მოუწოდა ქართველთა და თეიმურაზს; მერმე შეკრებულნი ყოველნი მოვიდნენ გორს. ხოლო ურუმნი მოვიდნენ თედოწმიდას. მიეგება ხანი თეიმურაზით და ქართველით, იძლივნენ ოსმალთაგან და შემოვიდნენ გორს. მოვიდნენ ურუმნი და მოადგნენ გორს და წარგზავნეს სპითა დიდითა საგანძური იგი ლეკთა შინა.

ესე აცნობა ხანმან თეიმურაზის ძეს ერეკლეს; ესე შეკრბა კახითა და ავღნით და შეუკრა არაგჳს პირის ჭალა მოსრულთა ურუმთა. ამათ უწყეს ცემა თოფთა, აოტნეს ოსმალნი და მოსრნეს მრავალნი. გარნა წარიღეს საგანძური იგი და მივიდნენ გორს ლტოლვილნი. ამისი მხილველი უსუფ ფაშა აღიყარა და წარვიდა, ვითარცა მეოტი. ხოლო ხანი და თეიმურაზ გამოვიდნენ გორიდამ და აღიღეს ალაფი ოსმალთა მრავალი. შემდგომად მოიქცნენ ესენი ტფილისს და აცნობეს ყოველი ყოფილი შაჰნადირს. ესე განიხარა ფრიად შაჰნადირ და მოსცა თეიმურაზს ქართლი, ხოლო ერეკლეს, ძესა მისსა – კახეთი. მერმე მოვიდა თეიმურაზ ტფილისს ქ~სა ჩ~ღმდ, ქარ. უ~ლბ.

 – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ამის შემდეგ (ქ~სა ჩ~ღმდ, ქარ. უ~ლბ) Rmy უმატებს:

«ამასვე ქორონიკონსა (1744 წ.), აგვისტოს 11-ს, მოკუდა კათოლიკოსი ნიკოლაოს ხერხეულიძე (მახჳლითა უღმრთოსა თაზიშვილის ტარიელისაგან) და დასუეს კათალიკოსად ანტონი, ძე მეფის იესესი, რომელი იყო პირველ ქუთათელ მიტროპოლიტად, და ბიძამან თჳსმან მეფემან ამან (თეიმურაზ /და ძმამან ანტონისამ ერეკლე/) და ძემან ამის მეფის თეიმურაზისამან, (მეფემან კახეთისამან ერეკლე), ორთავე მისცეს კათოლიკოსობა და ნება ჰსცა შაჰნადირმანცა. ხოლო წელსა ქ~ეს 1745, ქართულსა 433, იცხო მეფედ ცხებულობით თეიმურაზმან ოქტომბერს 1 მცხეთას, რომელსაცა ჰსცხო და აკურთხა გჳრგჳნოსნებით დისწულმან თჳსმან კათალიკოს-არხიეპისკოპოსმან (კათოლიკოს პატრიარხმან) მეფის ძემ ანტონი დავიათიან-ბაგრატიონმან (ბაგრატოანმან) თანჴმა-ყოფითა (თანახმაყოფითა) ქართლისა და კახეთის ეპისკოპოს-წარჩინებულთათა». 

ამის შემდეგ მოყვანილია R-ში ის შენიშვნა, რომელიც გვაცნობებს, რომ ისტორია ქართლისა ვახტანგს ეკეთებინა და ვახუშტის დაესრულებინა.

«ხოლო ესე ქართლის ცხოვრება პირველვე მ ე ფ ე ს ვ ა ხ ტ ა ნ გ ს თჳთ ეკეთებინა ქართლს მეფობასა და მერმე რუსეთს ძველთა გუჯრებთა და ცხოვრებათა და მოხუცებულ მახსოვარ-მეცნიერთა საქართველოს კაცთაგან დიდის გამოკვლევით და გამოძიებით გულსმოდგინედ ეკეთებინა, რომ საქართველოს ცხოვრება ნოეს შვილის იეფეთის (!) ქართლოსიდამ აქამომდე რა როგორ ყოფილა, ან მეფენი ვინა მსხდარან და ან რა ჟამები და დრონი ყოფილან. ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი ს ვ ა ხ უ შ ტ ი ს თანხლებით ეკეთებინა და აღარ დასცალებოდა თანამდებობისაგან სიკვდილისა. მერმე, რომ ასტრახანს გრდაცვალებულიყო, ბატონიშვილს ვახუშტის შეესრულებინა და არს აქ მეფის ირაკლისამდე, და ამას იქით, რაც იქმნას ქვეყანასა ამას საქართველოსა შინა, მატიანეთა მწერალთ აღწერონ». ტექსტის ხელით, 400. გვერდის პირველ თოთხმეტ სტრიქონზე (დანარჩენი სტრიქონები დაუწერელია).