Wednesday, May 20, 2015

აკადემიკოსი დუბროვინი ავარელი ომარ-ხანის საქართველოში შემოჭრისა და რუსულ-ქართული ჯარების მიერ მისი დამარცხების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)


თავი XIV 

(ავარელი ომარ-ხანის საქართველოში შემოჭრა. – ლაზარევის ბრძოლა ლეკებთან მდინარე ივრის ნაპირზე, სოფელ კაკაბეთთან და მოწინააღმდეგის განდევნა.)

დამშვიდდა რა სპარსელთა შემოჭრასთან მიმართებით, საქართველო ახალი მტრის მუქარის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც სამეფოს საზღვრებთან მოვიდა.

ავარელ ომარ-ხანს, გერგილიან, ვაჟკაც და მამაც ადამიანს ჰქონდა უნარი, რომ ყოველი გარემოებით თავისთვის ხელსაყრელად ესარგებლა და ამით მეზობლებში დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მისი საკუთარი სამფლობელოები უმნიშვნელო იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლდათ ის გავლენა, რომლითაც იგი იმ ხალხებს შორის სარგებლობდა, ვისთვისაც მტაცებლობა ერთადერთ მიზანსა და საქმიანობას შეადგენდა. ომარ-ხანი ამ ხალხებს შორის ერთგვარად დაღესტნის მბრძანებელი გახლდათ. ომარის სულ უმცირესი მოძრაობის ან ღონისძიების დროსაც კი, მთიელ მტაცებელთა მთელი ხროვა, რომლებიც ბრმად იყვნენ მასთან დაკავშირებულნი, მისი ლაშქრის რიგებში დგებოდა. ამის გამო, ბევრი წვრილი მფლობელის ხვედრი ომარ-ხანზე იყო დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემოჭრებს ახდენდა საქართველოში და ძლიერ მფლობელთაგანაც იმას ემსახურებოდა, ვინც უფრო მეტს უხდიდა (Изъ описанiя Грузiи Коваленскаго. См. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 122).

თუმცა კი აპირებდა ომარ-ხანი საქართველოში შეჭრას, მაგრამ თავის განზრახვებს მალავდა, რის გამოც რუსეთის მფარველობას ეძიებდა და, ემზადებოდა რა უკვე მტრული მოქმედებებისთვის, მფარველობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის კნორინგთან თავისი დესპანი გამოგზავნა.

გენერალი კნორინგი ითხოვდა ნებართვას, რათა ელჩი ს.-პეტერბურგში გამოეგზავნა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 3-го августа 1800 г. Моск. Арх. Инсп. Деп.), ამასთან წერდა, რომ გიორგი მეფე ავარელ ომარ-ხანს ხარკის სახით ყოველწლიურად 5.000 მანეთს უხდიდა ერთადერთი მიზნით, რომ მისი შემოჭრებისგან თავი დაეხსნა.

1800 წლის 26 აგვისტოს რესკრიპტით ნებართვა იქნა მიცემული, რათა ავარელი ელჩი ს.-პეტერბურგში გამოეგზავნათ (Рескриптъ Кноррингу 26-го августа. С.-Петербургскiй Арх. Инсп. Деп. Книга № 19); მაგრამ იმაზე უწინ, სანამ ეს ნებართვა კავკასიას მიაღწევდა, საქართველო თავისთან ხანის შემოჭრას უკვე მოელოდა.

აგვისტოს ბოლოს მიღებულ იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ომარი, შეუერთდა რა ყაზიყუმუხის ხანსა და აქუშის ყადის, სოფელ ბელაქანს მოადგა, რომელიც საქართველოს საზღვარზე მდებარეობდა (Письмо Лазарева Кноррингу 24-го августа. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника). გიორგი სთხოვდა ლაზარევს ორი ბატალიონით კახეთში შესულიყო და ეკითხებოდა, თავად მას რა გაეკეთებინა. ლაზარევი ამ მოძრაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ვარაუდობდა, რომ ომარ-ხანმა აბას-მირზას უკან დახევისა და რუსული ჯარების მოსვლის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, იგი სთავაზობდა მეფე გიორგის ქიზიყისა და მის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებნი, რომლებიც ტფილისში იმყოფებოდნენ, თავიანთ სახლებში გაეშვა, რათა ომარ-ხანის თავდასხმის შემთხვევაში მათ საზღვარი დაეცვათ, და რაც მთავარია იმისთვის, რათა მათ რუსული ჯარებისთვის დამზადებული პროვიანტი ტყუილა-უბრალოდ არ გაენადგურებინათ, და ამასთან არც ეპიდემიის განვითარების მიზეზად ქცეულიყვნენ, ვინაიდან მათ შორის მეტად გადამდები და საშიში ფაღარათი გამოვლინდა. ამასთან ერთად გენერალი ლაზარევი ურჩევდა მეფეს ლეკების წინააღმდეგ 2.000 ადამიანის რიცხოვნების თავისი კახური ჯარები გაეგზავნა, და შეატყობინა, რომ ორი ბატალიონი, მათ კუთვნილ არტილერიასთან ერთად, მიდის ქართული ჯარების გაძლიერებისთვის, რომლებიც, ცნობების მიხედვით, მდინარე ალაზანთან იკრიბებიან. ლაზარევი სთხოვდა მეფეს რუსული ჯარებისთვის პროვიანტი დაემზადებინა და განსაკუთრებული მონდომებაც გამოეყენებინა იმისთვის, რათა იგი (ლაზარევი – ი. ხ.) “ამ მხრივ უზრუნველყოფილ” ექნა.

მალევე ამის შემდეგ, გიორგის ვაჟი, ბაგრატ ბატონიშვილი, რომელიც ქიზიყში (სიღნაღში) იმყოფებოდა, წერდა მამას (Письмо Баграта Георгiю 8-го сентября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), რომ ომარ-ხანი კარახის მთაზე მოვიდა. თავკაცების რჩევით, ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი ქიზიყი და მახლობელი სოფლების მცხოვრებნი სიღნაღის ციხესიმაგრეში შეკრებილიყვნენ. მცხოვრებნი ითხოვდნენ, რათა გიორგის მათთან დავით ბატონიშვილი გაეგზავნა, “და მეც მოგახსენებთ, – წერდა ბაგრატი, – რომ მთელი კახეთის განკარგვა არ შემიძლია”.

ბაგრატ ბატონიშვილი სთხოვდა მამას მისთვის ტყვია, დენთი და “მცხოვრებთა გამამხნევებელი ბრძანება” გაეგზავნა.

გადიოდა რა სალაშქროდ, ლაზარევმა ტფილისში წესრიგისა და სიწყნარის შენარჩუნებისთვის, აქ რაზმით პოლკოვნიკი კარიაგინი დატოვა. იგი სთხოვდა მეფეს კარიაგინისთვის ყარაულების საგანგებო სიმკაცრით გამწესების შესახებ დაედასტურებინა, “რათა, ჩემი არყოფნის შემთხვევაში, რაიმე შინაგანი თავდასხმა არ მოხდეს” (Письмо Лазарева Георгiю 27-го сентября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

“რაც ყაზახელებს შეეხებათ, – წერდა ლაზარევი გიორგი მეფეს, – მე ვვარაუდობ, ბრძანოთ მათგან იმათი ცოლები და შვილები, რომელთა ერთგულებასა და გულმოდგინებაზე დანდობა არ შეიძლება, უსაფრთხოების საბაბით აქ ქალაქში ჩამოიყვანოთ და ამანათების სახით იყოლიოთ, იმ დრომდე, სანამ საგარეო და საშინაო გარემოებები სრული სიწყნარისა და უსაფრთხოების მხარეს არ გადაიხრება. ხომ არ ინებებთ თავად სოლომონ ავალიშვილის ყაზახში გაგზავნას, რათა იქ მან რაც შეიძლება მეტი ჯარები შეკრიბოს, ხოლო შემდეგ კი მათთან ერთად ქიზიყში ჩავიდეს, სადაც, როგორც თქვენი უმაღლესობისთვის ცნობილია, ბატონიშვილ ვახტანგ ერეკლეს ძისადმი ჩემი მიმართვის მიხედვით, მისი ჯარებიც მალე იქნება გაგზავნილი”. ოქტომბრის დასაწყისში მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარ-ხანი ვარუდობდა განჯაზე დაძვრას განჯელი ჯავად-ხანის დასამხობად (Рапортъ Лазарева Кноррингу 6-го октября 1800 г., № 29. Тифл. Арх. Канц. Наместника). ამის კვალდაკვალ მოსული ცნობების მიხედვით, იგი თავისი ჯარებით მდინარე ალაზნის მახლობლად ველზე გამოვიდა, რომელსაც თოღაი ეწოდებოდა (Рапортъ его же отъ 7-го октября, № 30. Тамъ же).

მასთან ქართველი ბატონიშვილის ალექსანდრეს მოსვლას მოელოდნენ. როცა სპარსელები თავიანთ ფარგლებში წავიდნენ და ბატონიშვილს საქართველოში შემოჭრაზე მათი დაყოლიების იმედი უკვე აღარ ჰქონდა, მაშინ იგი, დატოვა რა სპარსული ბანაკი, შუშაში გაემგზავრა, სადაც ხუთი კვირა “სრული კმაყოფილებით იცხოვრა” (Показанiе Турманидзева, бывшаго съ царевичемъ. Тифл. Арх. Канц. Нам.). სწორედ ამავე დროს მოვიდა შუშაში ომარ-ხანის სარდალი, რომელმაც მოახერხა დაეყოლიებინა ბატონიშვილი მის ბანაკში გამგზავრებულიყო. გადმოლახა რა მდინარეები მტკვარი, იორი და ალაზანი, ალექსანდრე ომარ-ხანთან მივიდა, რომელიც თავისი ჯარებით ალაზნის პირას იდგა. ომარ-ხანმა როგორც ალექსანდრე ბატონიშვილი, ისე მასთან ერთად ჩასული შუშელი იბრაჰიმ-ხანის ვაჟიშვილიც მეტად ალერსიანად მიიღო (Письмо царевича, приложенное къ донесенiю Лазарева отъ 25-го октября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.).

მიტროპოლიტისადმი თავის წერილში (Письмо царевича къ митрополиту 23-го октября) ალექსანდრე წმ. ნინოს საფლავს იფიცებდა, რომ იქ სულაც იმისთვის კი არ ჩამოვიდა, რომ საქართველო აეოხრებინა, არამედ რათა საკუთარი უფლებები დაეცვა.

ქართულმა ჯარებმა მიიღეს ბრძანება ბრძოლისთვის მომზადებულიყვნენ. მათი გაძლიერებისთვის დაძვრას დაპირდა ლაზარევიც პოლკითა და 60 კაზაკით. ბაგრატ ბატონიშვლმა, რომელიც მოწინააღმდეგის მოგერიებისთვის ზომების მისაღებად სიღნაღში იყო გაგზავნილი, შეატყობინა ლაზარევს (Письмо царевича Баграта Лазареву 12-го октября 1800 г. Тамъ же), რომ ომარ-ხანი თავისი ჯარებით მდინარ ალაზნის მოპირდაპირე ნაპირზე დგას, ურდოს ფონთან. ბაგრატი სიღნაღს ამაგრებდა, სთხოვდა ლაზარევს მის დასახმარებლად ეჩქარა და ჰპირდებოდა მისთვის პროვიანტი და ფურაჟი დაემზადებინა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ავარიის ხანმა დავით ბატონიშვილს წერილი გამოუგზავნა, რომელში საქართველოს წინააღმდეგ თავისი მტრული მოქმედებების მიზეზი გამოთქვა. ომარი ამბობდა, რომ მან იმიტომ შეკრიბა ჯარები და საქართველოს საზღვრებთანაც მოვიდა, რომ სამჯერ იქნა მოტყუებული გიორგის მიერ, რომელიც მას ხარკს არ უხდიდა. “როგორც თქვენ თქვენს წერილში, – წერდა ხანი, – მიწოდებთ მე მამას, თუ დადგებით თქვენს სიტყვაზე და ჩვენს ფულს არ დაგვიჭერთ, მაშინ მე ჩემი ჯარებით ქვემოთკენ წავალ. ორი დღის შემდეგ თქვენი ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილი აქ მოვა, რომელმაც ბაბა-ხანისგან შიკრიკის ხელით მიიღო ფირმანი, სადაც წერია, რომ რამდენიც მას, ბატონიშვილს, ჯარები და მათთვის პროვიანტიც დასჭირდება, გამოგზავნილ იქნება.

თქვენ თავად იცით, რომ თუ მე ჯარით უკან გავბრუნდები, მაშინ ვერც ბაბა-ხანი და ვერც ალექსანდრე ბატონიშვილი ჩემს გარეშე თქვენს საზღვრებში შემოსვლას ვერ გაბედავენ” (Письмо Омаръ-хана царевичу Давиду).

ვარაუდობდა რა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი, ქიზიყში მოსვლის შემდეგ, კახელებისა და ქიზიყელების აღელვებას დაიწყებდა, და რომ ბატონიშვილის ძმები ასევე შეეცდებოდნენ შინა მღელვარებები მოეხდინათ, დავითი სთხოვდა კნორინგს კახეთში იოანე ბატონიშვილი გამოეგზავნა. “თუ იოანე ბატონიშვილი კახეთში იქნება, – წერდა დავითი (Кноррингу, 13-го октября. Георг. Арх. Коменд. Правл.), – მაშინ ხალხი დარწმუნებული, მშვიდი და მხნე იქნება, და ამიტომ (ალექსანდრე ბატონიშვილისთვის) მათგან პირობების მიღება (უკვე) შეუძლებელი გახდება”.

ომარ-ხანის ჯარები ამასობაში დღითი-დღე მრავლდებოდა; მაგრამ რადგანაც მათი უმეტესი ნაწილი ცხენოსნებისგან შედგებოდა, რომელთათვისაც ფურაჟი დამზადებული არ ყოფილა, ამიტომ ხანი იძულებული იყო ისინი სხვადასხვა ადგილას მიმოეფანტა. ძალებისთვის ერთ ადგილზე თავის ეს ვერმოყრა, და ამის საწინააღმდეგოდ მათი გაფანტვა იყო იმის მიზეზი, რომ არ შეიძლებოდა ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელი მიმართულებით ვარაუდობდა ომარ-ხანი თავისი ჯარების დაძვრას, და რამდენად დიდი იყო მათი რიცხოვნება.

მალევე მიღებულ იქნა ცნობები, რომ ომარ-ხანი მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე გადმოვიდა, სადაც, გაჩერდა რა ორ დღეს, ყარა-აღაჩისკენ დაიძრა.

“იჩქარეთ ღვთის გულისათვის, – წერდა ლაზარევს იოანე ბატონიშვილი (Отъ 25-го октября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.), – რომ აქ, მოწინააღმდეგის თავდასხმების დასწრებისთვის, წინასწარ მოხვიდეთ, რათა, ამასობაში, ჩვენი საქმე არ წახდეს. მოაწყვეთ ისე, რომ თავად ქალაქში, ისევე როგორც აქაც, სათანადოდ იქნას ყველაფერი განკარგული”.

მოიწვია რა ვახტანგ ბატონიშვილი (Письмо Лазарева царевичу Вахтангу отъ 26-го октября 1800 г., № 56) და მელიქი აბოვი (Письмо мелику Абову отъ того же числа), მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის, ლაზარევი 29 ოქტომბერს ქიზიყის პროვინციაში, მდინარე ალაზნისკენ დაიძრა. თავისი ეგერთა ბატალიონის გარდა, მან გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკის ნაწილი და ყველა კაზაკი წაიყვანა, ათი ადამიანის გამოკლებით, რომლებიც ტფილისში სხვადასხვა ადგილებში გაგზავნისთვის დარჩნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу отъ 25-го октября, за № 53, и 28-го октября Государю Императору. Моск. Арх. Инсп. Деп.). რაზმი 45 შტაბ და ობერ-ოფიცრისა და 1177 დაბალი ჩინისგან შედგებოდა* (*დაწვრილებით რაზმში იმყოფებოდნენ: მუშკეტერთა გულიაკოვის პოლკიდან: 22 შტაბ და ობერ-ოფიცერი, 35 უნტერ-ოფიცერი, 515 რიგითი, 82 არასამწყობრო; ლაზარევის პოლკიდან: 21 შტაბ და ობერ-ოფიცერი, 38 უნტერ-ოფიცერი, 320 რიგითი, 56 არასამწყობრო, 62 კაზაკი და არტილერიის მომსახურების 69 ადამიანი).

თუმცა კი, არ შესულა რა მტრულ მოქმედებებში, ლაზარევი ეკითხებოდა ომარ-ხანს, თუ რამ წაახალისა იგი საქართველოს ფარგლებში შემოჭრილიყო და ამით თავისი ფიქრებისა და სურვილების ცვლილება გამოევლინა (Письмо Лазарева Омаръ-хану 1-го ноября. Тифл. Арх. Канц. Наместн.). როგორ შეათანხმებდა ამ საქციელს რუსეთის მფარველობის ძიებასთან, რომელზედაც უკვე იყო იმპერატორის ნებართვა, და ეს ხანს კიდეც ეცნობა. გენერალი ლაზარევი ავარიის ხანს ეკითხებოდა: გადაწყვიტა თუ არა უფრო აქეთ შემოუტიოს, თუ, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, თავის სახლში მშვიდობით დაბრუნდება?

ურჩევდა რა აერჩია ის, რაც უფრო უკეთესი და სასარგებლოა ხანისთვის, ლაზარევი აფრთხილებდა, რომ რამდენადაც სურს მას მშვიდობა და თანხმობა, იმდენადვე, პირიქით, “როცა ჩემი შეგონებანი თქვენზე ვერ იმოქმედებს, შეუბრალებელი ვიქნები”.

ომარი პასუხობდა, რომ მას პირადად არა აქვს და არც სურს ჰქონდეს არანაირი მტრული მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ (Письмо Омаръ-хана Лазареву 1-го ноября. Тамъ же), მაგრამ რომ მასთან მოვიდა ალექსანდრე ბატონიშვილი და რომ, მიიღო რა იგი სტუმართმოყვარეობის ვალდებულებით, საჭიროდ თვლის მას დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს. “მე არ მსურდა, – წერდა ხანი, – თქვენთან მქონოდა რაიმე, მხოლოდ მეგობრობის გარდა; მაგრამ რა ვქნა, როცა ღმერთმა ეს საქმე ასე მოაწყო... თუ იგი (ალექსანდრე ბატონიშვილი) შერიგებაზე დათანხმდება, მე მასთან ერთად კმაყოფილი ვიქნები, იმ მიზეზით, რომ მის ჩემი სტუმარია და მე დახმარება მთხოვა, ხოლო თუ იგი კმაყოფილი არ იქნება, მეც ასევე ვერ ვიქნები... არ შეწყვიტოთ ჩემთან ურთიერთობები თქვენი განზრახვების შესახებ ისე, როგორც ეს მეგობრებისთვისაა დამახასიათებელი”.

ასეთ ნაირად, მიზეზს, რომელმაც იგი წაახალისა საქართველოს წინააღმდეგ მტრულად ემოქმედა, ომარი ალექსანდრე ბატონიშვილს აკისრებდა. ლაზარევი წერდა ბატონიშვილს (Письмо Лазарева царевичу Александру 5-го ноября. Тамъ же), სთხოვდა და ურჩევდა ტფილისში დაბრუნებულიყო, ჰპირდებოდა რა მას სიმშვიდესა და უსაფრთხოებას და გამოთქვამდა იმედს იგი მეფე-ძმასთან შეერიგებინა, რომელიც ბატონიშვილს მამულებსა და მთელ საკუთრებას დაუბრუნებდა. ლაზარევი ალექსანდრეს არწმუნებდა, რომ იგი იმპერატორ პავლე I-ის პატიებას მიიღებდა.

ბატონიშვილი თავისი ძმის გიორგის შევიწროვებებზე მიუთითებდა, იმაზე, რომ მან მას და მის ძმებს მამულები ჩამოართვა და ისინი თავის შვილებს დაურიგა. “სანამ ცოცხალი ვარ, – წერდა იგი, – მე ჩემს საუფლისწულო მამულსა და გლეხებზე არ ვიტყვი უარს და უნდა ვიწვალო მათ გამო, სანამ ცოცხალი ვარ... როგორ მოვიქცე, რათა მისი (გიორგის) მტრების ამხანაგი არ შევიქნა?”

დარეჯან დედოფალი, ისე ჩანდა, ასევე არწმუნებდა თავის ძეს რუსეთის იმპერატორის სურვილების საწინააღმდეგოდ არაფერი ეღონა და თავისი საგვარეულო არ შეერცხვინა. დედა გარეგნულად ჰკვირობდა ვაჟიშვილის საქციელს და სთხოვდა მას გაეხსენებინა, რომ მისი მამა, განსვენებული ერეკლე, ყოველთვის თავს არიდებდა მოწინააღმდეგეთ, რომლებიც “სრულიად რუსეთის ხელმწიფეს უკმაყოფილებას აყენებდნენ”.

სინამდვილეში კი დარეჯანი ყველაფერში თავად არიგებდა თავის ძეს და ურჩევდა მას მყარად დამდგარიყო.

“მე იმედი მაქვს, – პასუხობდა ყველაფერ ამაზე ალექსანდრე ლაზარევს (Отъ 6-го ноября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), – მალე ვნახავ უფროს ძმებს, და რის შესახებაც თქვენ მეკითხებოდით, იმაზე მათგან ყველზე უფრო სრულ პასუხს მიიღებთ. ჩვენ არასოდეს ვერევით ისეთ საქმეში, რომელიც ხელმწიფის წინააღმდეგაა, და ახლაც არა გვაქვს საჭიროება, რომ მის ჯარებს ვებრძოლოთ. ღვთის წყალობით, ჩვენ შევეცდებით, უფრო უკეთ და გულმოდგინედ ვემსახუროთ ხელმწიფე იმპერატორს, და მის ჯარებთან არასოდეს არ ვიბრძოლებთ, და თუ თქვენ თავად არ აიღებთ ხელს ჩვენს დევნაზე, ჩვენ ყველაფრის შესახებ, რასაც თქვენ გააკეთებთ, ხელმწიფე იმპერატორს დაწვრილებით მოვახსენებთ”.

მიემგზავრებოდა რა ავარელთა ბანაკში, ალექსანდრემ შიკრიკი გაუგზავნა ბაბა-ხანს, სთხოვდა მას დახმარებას და ჰპირდებოდა, წარმატებისა და ტფილისის დაუფლების შემთხვევაში, საქართველო სპარსეთის მბრძანებლის ქვეშევრდომობაში გადაეცა. თუმცა კი ბაბა-ხანმა, ემადლიერებოდა რა ბატონიშვილს და მის განზრახვასაც იწონებდა, დახმარების მიცემაზე უარი უთხრა, იმ საბაბით, რომ თავად საქმეებითა და ხორასანში უწესრიგობებით არის დაკავებული (Показанiе Захарiя Джораева. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 285).

სანამ მოლაპარაკებები მიდიოდა, ჩვენი რაზმი საზღვრისკენ მიიწევდა და 1-ლ ნოემბერს კახეთის სასაზღვრო ციხესიმაგრე სიღნაღამდე მიაღწია. 2 ნოემბრის საღამოს, სიღნაღიდან 16 ვერსზე მოწინააღმდეგის ბანაკის კოცონები მოჩანდა. მთელი ეს დღე ლაზარევმა ადგილმდებარეობის დათვალიერების, სიღნაღის გამაგრების, მცხოვრებთა გამხნევებისა და ქართული ჯარების მოგროვებისთვის გამოიყენა, რომელთა ნაწილიც ბაგრატ ბატონიშვილთან ერთად უკვე მოსულიც იყო.

– თქვენ რამდენი ჯარი გყავთ? ჰკითხა ლაზარევმა ბაგრატს.

– სამი ათასამდე იქნება, პასუხობდა ბაგრატი.

მაგრამ ამ უმნიშვნელო რიცხვის ქართველობაც კი მეტად ცუდად იყო შეიარაღებული: ბევრ მათგანს, იარაღის ნაცვლად, თან მხოლოდ შინდის ჯოხები ჰქონდა.

ლაზარევისა და დარეჯან დედოფლის წერილებით წარგზავნილმა ომარი ყარა-აღაჩში იხილა, სადაც ხანს 15.000 ადამიანამდე ჰყავდა შეკრებილი. წაიკითხეს რა წერილი, ომარ-ხანმა და ალექსანდრე ბატონიშვილმა საბჭო შეკრიბეს. ალექსანდრე ურჩევდა კალაგირზე წასულიყვნენ, მაგრამ ლეკი უფროსები საგარეჯოზე მოძრაობას მოითხოვდნენ. უკანასკნელი მოთხოვნა იქნა მიღებული ( Показанiе Турманидзе 7-го декабря 1800 г.). გამოივლიდნენ რა “საგანგებო გზით”, გადაწყვეტილი იყო უწინარეს ყოვლისა 2.000 კაცით პატარა ადგილი (местечко) საგარეჯო დაეკავებინათ, ხოლო დანარჩენი ჯარები, გაყოფდნენ რა ორ ნაწილად, ერთი ტფილისზე დაეძრათ, მეორე კი, გადმოვიდოდნენ რა მდინარე მტკვარზე, იმერლებთან და ალექსანდრეს ძმების, ვახტანგ, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების ჯარებთან შესაერთებლად წაეყვანათ. დამკვიდრდებოდა რა ამ მხრიდან საქართველოში, ხანი ფიქრობდა შემდეგ, უფრო მეტი წარმატებისთვის, ეს რაზმიც ტფილისზე გამოეგზავნა, რათა ქალაქისთვის ორი მხრიდან შემოეტიათ.

ომარის ჯარები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. პროვიანტი ცოტა ჰქონდათ, ფურაჟი კი სრულებით არ გააჩნდათ. პროვიანტს ჭარ-ბელაქნელებისგან ყიდულობდნენ, ფურაჟის მაგივრობას კი საძოვარი ბალახი უწევდათ. რაც უფრო ახლოს მოდიოდა ავარიის ხანი საქართველოს საზღვრებთან, მისი ჯარების მდგომარეობა მით უფრო გაძნელებული ხდებოდა. ჯარებს ნება მიეცათ თავიანთთვის სურსათი თავად შეეძინათ. “მისი მდგომარეობა, – მოახსენებდა ლაზარევი, – ისეთია, რომ დღისით უმეტესი ნაწილი ნადირობითაა დაკავებული, ღამით კი სძინავთ, ზოგს ფეხზე გახდილად, სხვებს კი როგორც სურთ, და რომ ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული”.

არ სურდა რა ნება მიეცა მოწინააღმდეგისთვის ქვეყნის სიღრმეში შემოჭრილიყო, ლაზარევი 4 ნოემბერს ქართულ ჯარებთან ერთად წინ დაიძრა. დაშორდა რა სიღნაღს 12 ვერსზე, რაზმი ომარ-ხანთან წარგზავნილის დაბრუნების მოლოდინში გაჩერდა. ხანის არადამაკმაყოფილებელმა პასუხმა აიძულა ლაზარები გადაჭრით ემოქმედა. გენერალ-მაიორ გულიაკოვისა და იოანე ბატონიშვილის მონაწილეობით, შედგენილ იქნა შეტევის გეგმა, რომლის მიხედვითაც რაზმი 5 ნოემბერს ლეკებთან შესახვედრად დაიძრა და საღამოს მოწინააღმდეგისგან ექვს ვერსზე გაჩერდა.

გამთენიისას მეწინავე პიკეტებმა შეატყობინეს, რომ მოწინააღმდეგე იმ ხეობებით გაეცალა, რომლებიც მისი ბანაკის მარცხნივ იმყოფებოდა, რომ, გაიარა რა ისინი, უკვე გაშლილ ადგილზე გავიდა და იმ მთაგრეხილის მარცხენა მხარის გაყოლებით, რომელიც ხეობებს ებჯინებოდა, გრძელი რიგებით მდინარე იორისკენ გაეშურა.

ლაზარევს რაზმი უკან უნდა მოებრუნებინა და უკვე გამოვლილი გზით მოწინააღმდეგის პარალელურად დაძრულიყო. იგი ფიქრობდა, გაივლიდა რა მთებსა და ხეობებს, მისთვის ფლანგში შეეტია და მისი შემდგომი შემოტევა აღეკვეთა. ადგილმდებარეობის მოუხერხებლობა იყო იმის მიზეზი, რომ მთელი დღის განმავლობაში არც ერთ მხარეს არ შეეძლო მოწინააღმდეგესთან შეხებაში მოსულიყო.

7 ნოემბერს გამთენიისას ლაზარევმა მოახერხა მოწინააღმდეგეს ორ ვერსზე მიახლოებოდა, რომელიც მდინარე იორის მარჯვენა ნაპირზე სოფელ კაკაბეთის (Кагабетъ) მახლობლად იდგა. დაიკავა რა საკმაოდ ხშირი ტყის ნაპირი, ომარ-ხანმა ბრძანა მის გაყოლებაზე ბანაკის კოცონები დაენთოთ, ხოლო ცხენოსანი ჯარის ნაწილი კი ახლომდებარე სოფლების დასაკავებლად გაგზავნა, საიდანაც ფიქრობდა თავისი ჯარები პრივიანტითა და ფურაჟით მოემარაგებინა. ჩვენი რაზმი სწორ ადგილზე განლაგდა, რომელსაც სამხრეთიდან მდინარე იორი შემოსაზღვრავდა, დასავლეთიდან ხრამი, ჩრდილოეთიდან დაბალი მთები, რომლებიც თელავამდე გრძელდებოდნენ, აღმოსავლეთიდან კი მთის ნაკადულები. დაბლობის გაყოლებით მიემართებოდა გზა მდინარე იორისკენ. გადაუხვია რა გზიდან მარცხნივ, ჩვენი რაზმი ორ კოლონად დაიძრა, რომელთა უკანაც ქართველები მიდიოდნენ. ფერდობის დამრეც მხარეზე, რომელიც რაზმის მსვლელობის გზაზე მდებარეობდა, არცთუ დიდი ძველი კოშკი იდგა, სადაც ჩამჯდარმა ლეკმა სასიგნალო გასროლა მოახდინა.

ომარ-ხანის ჯარებმა მდინარეს იმ მხარეზე შეგროვება და ჩვენ ჯარებთან შესახვედრად მისი გადმოლახვა დაიწყეს. ლაზარევმა საბრძოლო რიგები მოაწყო. გენერალ-მაიორ გულიაკოვის კარემ მარცხენა ფლანგი შეადგინა, ლაზარევის კარემ მარჯვენა, ხოლო მათ შორის შუალედში კი, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით, ქართველები იდგნენ. გადმოვიდა რა მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე, ომარ-ხანმა მარჯვენა ფლანგს შემოუტია და თავისი ცხენოსანი ჯარით მას ორი მხრიდან ალყა შემოარტყა. თოფების ზალპები და ქვემეხებნიდან კარტეჩის გასროლები ისეთი იღბლიანი იყო, რომ, ლაზარევის გამოთქმით, “არც თუ მცირე რიცხვი ამ მიღებისგან (ილეთისგან), შუბლებით დაეხალა მიწას და მასში დაიწყო იმ მოჩვენებიუთი უფლებების ძიება, რომელთა ძლიერი ქომაგიც ომარ-ხანი გახლდათ” («не малое число отъ сего прიёма начало лбами доставать землю и доискиваться въ оной мнимыхъ правъ, которыхъ Омаръ-ханъ былъ сильнымъ поборникомъ») (Рапорты Лазарева Кноррингу отъ 8-го и 14-го ноября 1800 г., № 68. Тифл. Арх. Канц. Наместника).

უკუქცეული მოწინააღმდეგე ქართველებს მიუბრუნდა, რომლებიც მას მათ ხელთ არსებული ორი ქვემეხიდან კარტეჩის გასროლებით დახვდნენ. მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის ნაწილმა ჩვენს რაზმს ზურგიდან მოუარა და, შეიკრიბა რა ძველ კოშკთან, ქართველთა უკანა რიგებს ეძგერა, რომლებიც მხოლოდ ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი. გენერალ-მაიორ გულიაკოვის კარემ დაუცველებს უშველა, და ომარ-ხანმა უკანდახევა დაიწყო. უკან დახევისას იგი უკვე ვეღარ აუვლიდა გვერდს ჩვენი განლაგების მარჯვენა ფლანგს, რომლიდანაც დაიწყო კიდეც შემოტევა, და ქვეითი ჯარისა და არტილერიის ჯვარედინი გასროლების ქვეშ გრძელ რიგებად გაიწელა.

“ძლევამოსილი რუსული “ურა!” – მოახსენებდა ლაზარევი – გაისმა ორივე ფრთაზე, და უკანასკნელ გასროლებთან ერთად მოწინააღმდეგის ძალაც დაიღუპა. საბოლოოდ, მოტანილ იქნა ორი მსუქანი თავი, ერთი ომარ-ხანის სარდლისა, მეორე კი ვითომდა ჯენ-გუთაისა, რომლის უზარმაზარობაც პირველი წარმოდგა ყველა ძლევამოსილი რუსი მეომრის წინაშე (громада котораго представилась первая передъ лицомъ всехъ победоносныхъ россiйскихъ воиновъ). გეჩვენებოდათ, რომ იგი ბარბაროსული მძვინვარებით სუნთქავდა, ხოლო მისი სიგანე და სიმსუქნე კი ამტკიცებდა, რომ იგი ბოროტმოქმედებათა ქონით იყო ნაკვები და მხოლოდ მარტო შფოთიანობით დატენილი”.

ჩამოწოლილმა საღამომ სამსაათიანი ბრძოლა შეწყვიტა. ღამის სიბნელემ ხელი შეუშალათ მოწინააღმდეგეს დადევნებოდნენ ისეთ ადგილმდებარეობაზე, რომელიც ტყითა და ეკალნარებით იყო დაფარული, და ირგვლივ ხრამებით დასერილი.

ლაზარევმა რაზმით სოფელ კაკაბეთთან დაიხია, სადაც ღამის გასათევად განლაგდა. დილის დადგომასთან ერთად, გამარჯვებულს თვალწინ იმ საშინელი სასაკლაოს სურათი წარმოუდგა, რომლიც მოწინააღმდეგემ განიცადა. ლელიანი, ბუჩქნარები და ხრამები გვამებით იყო ავსებული, რომელთა შორისაც დაჭრილთა და მომაკვდავთა კვნესა ისმოდა. მთელ მინდორზე მზის სხივები ანათებდნენ ბალახს, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, და ადამიანთა ტანჯვა-ვაების ბევრ სხვა ნაკვალევსაც. მდინარის იქით, მოწინააღმდეგის გუშინდელი ბანაკის ადგილზე, იმ საშინელი არეულობისა და გაოგნების კვალი მოჩანდა, რომელშიც მოწინააღმდეგემ მთელი საკვები მარაგები მიატოვა, ისე რომ ბევრ ადგილას ნაპოვნი იქნა დანები ისეთ მდგომარეობაში, რომლიც ნახევრად დაჭრილი საჭმლის მდგომარეიბაში შეიძლებოდა წარმოგედგინათ.

მოწინააღმდეგის დანაკარგი მოკლულებითა და დაჭრილებით 2.000 ადამიანამდე ადიოდა. თავად ომარ-ხანი, ცნობების მიხედვით, ტყვიით თეძოში მძიმედ იყო დაჭრილი. ჩვენთან დანაკარგი ერთი მოკლული, ერთი დაჭრილი და ერთი ფეხში კონტუზირებული ოფიცრისგან შედგებოდა.

ეს ბრძოლა პირველი დასაწყისი გახლდათ სახელოვანი კავკასიის არმიის საქმიანობისა, რომელიც თავის დამფუძნებელთა, გენერალ გულიაკოვისა და პოდპორუჩიკ კოტლიარევსკის ნატერფალებს მიუყვება, რომლებმაც ამ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს* (*“გენერალ-მაიორ გულიაკოვის გმირული მოქცევა, მოახსენებდა ლაზარევი, ყოველგვარ დამოწმებას აღემატება; ვიტყვი მხოლოდ, რომ იგი ბრძოლის მთელი დროის მანძილზე ყოველთვის წინ იმყოფებოდა და თითოეულ თავის ხელქვეითს ამხნევებდა, ახალისებდა და უშიშობის მაგალითს აძლევდა, რომლებიც ყველანი ბრძოლის დამთავრების შემდეგ მას მადლიერებით მიაგებდნენ და მის ვაჟკაცობას აქებდნენ... არ შემიძლია დავდუმდე ჩემი საშეფო ადიუტანტის პორუჩიკ კოტლიარევსკის უშიშობის შესახებაც, რომელიც, როგორც ჟურნალიდანაც ჩანს, ჩემს მიერ ათი კაზაკით იქნა გაგზავნილი ხეობის გავლით მიმავალი მოწინააღმდეგის დასაზვერად; ჩემი ეს ბრძანება ყველაზე უფრო შესაძლებელი გულმოიდგინებით, შესანიშნავობითა და მოხერხებულობით აღასრულა. ამაზე ზევით ბრძოლის დღესაც, მოწინააღმდეგის მხედრებისგან მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, ჩემს მიერ არაერთხელ იქნა გაგზავნილი მის უგანათლებულესობა იოანე ბატონიშვილთან, და მისთვის მიცემულ ყველა დავალებას გამორჩეული თავგამოდებით ასრულებდა /Изъ рап. Лазарева Кноррингу отъ 14-го ноября 1800 г., № 120/. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, № 113).

ბატონიშვილებმა ბაგრატმა და იოანემ (Рескриптъ Георгiю 21-го декабря 1800 г. Москов. Арх. Мин. Иностр. Делъ), გენერალ-მაიორებმა ლაზარევმა და გულიაკოვმა მოპოვებული გამარჯვებისთვის ჯილდოდ მიიღეს წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენის საკომანდორო ჯვრები. ბევრმა ოფიცერმა მიიღო იმავე ორდენის საკავალერიო ჯვარი; მწყობრში მყოფ ყველა ქვედა ჩინს ადამიანზე ვერცხლის მანეთი ეწყალობა (Высочайшее повеленiе 17-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Глав. Шт. Кавк. Армiи).

არ ჰქონდა რა შესაძლებლობა თოვლიანი ქედის გადავლით თავის სამფლობელოებში წასულიყო, ომარ-ხანმა ჭარში დაიხია და განზრახული ჰქონდა ზამთარი ბელაქანში გაეტარებინა. მთელ მის სამხედრო ძალას ათი ლეკი შეადგენდა. დანარჩენი ჯარები თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო 2.000 კი შუშაში, ყარაბეღელი იბრაჰიმ-ხანის სოფლებში დარჩა. ალექსანდრე ბატონიშვილიც მასთან იმყოფებოდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 21-го декабря 1800 г., № 160. Тифл. Арх. Канц. Наместника).

ომარ-ხანის ჯარების სურსათის უკიდურეს უკმარისობას განიცდიდნენ. დადიოდა ხმები, რომ, საზრდოს არქონის გამო, ლეკები ერთმანეთს ცხენებს პარავდნენ და მათ ჭამდნენ.

12 ნოემბერს ლაზარევი რაზმით ტფილისში დაბრუნდა (Рапортъ Лазарева Государю Императору 12-го ноября 1800 г. Моск. Арх. Инсп. Департамента).

დეკემბრის ბოლოს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარ-ხანი სოფელ ბელაქანში მოვიდა, და თუმცა კი მასთან ერთად ჯარი არ ყოფილა, მაგრამ, იცოდა რა, რომ ჭარ-ბელაქნელები საერთოდ მიდრეკილი იყვნენ მტაცებლობისკენ, ლაზარევმა, საქართველოს უზრუნველყოფისთვის, ჯარების ახალი დისლოკაცია მოახდინა. სიღნაღის ციხესიმაგრეში ჩაყენებულ იქნა სამი ასეული ქვემეხით და მუშკეტერთა ერთი ასეულიც ქვემეხით სიღნაღიდან 15 ვერსზე ტფილისისკენ მომავალ გზაზე. ბრძანებების უსწრაფესად გადაცემისთვის მფრინავი რაზმიც იქნა დაარსებული (Рапортъ Лазарева Кноррингу 26-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

თუმცა კი ომარ-ხანს საქართველოზე არანაირი თავდასხმისთვის არ მიუმართავს. მისცა რა თავი მისთვის ჩვეულ მანკიერებას, გარყვნილებასა და ქეიფ-ღრეობას, იგი ლოთობისგან 1801 წლის მარტში აღესრულა კიდეც (Рапортъ Лазарева Кноррингу 16-го марта 1801 г., № 171. Рапортъ Кнорринга Государю Императору 24-го марта 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა