Monday, October 21, 2013

ნატალია ნაროჩნიცკაია: “რუსეთი სიცოცხლისუუნაროა ფასეულობების გარეშე”

  3 ოქრომბერს სრულიდ რუსეთის პატრიარქი ალექსი II დონის მონასტერში აღასრულებს გენერალ დენიკინისა და ფილოსოფოს ივანე ილინის ხელმეორედ დაკრძალვის წესს – ორივემ ანდერძად დატოვა, რომ რუსეთში დაემარხათ. ეს ხდება კულტურის რუსეთის ფონდის ინიციატივით. პროგრამაში «Вести. Подробности» სტუმრად არის – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ალექსის ასული ნაროჩნიცკაია. 

– ნატალია ალექსის ასულო, რაშია ამ მოვლენის სულიერი არსი? 

– სულიერი არსი, ალბათ, იმაშია, რომ რუსი ადამიანები წყვეტენ ერთი-მეორის წინააღმდეგ დგომასა და ყვირილს: “ჯვარს აცუ ეგე, ჯვარს აცუ ეგე!” და ასეთ მდგომარეობაში – გახლეჩილობასა და თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ვერც ერთ საკითხში თანხმობის მოძებნის უუნარობაში – მთელი დანარჩენი მსოფლიო გააგრძელებს ჩვენი ეროვნული ურწმუნოების, მოღალატეობისა და რაღაცნაირი უნაყოფობის ნაყოფთა მოწევას.

– ხომ არ ნიშნავს ეს, რომ გენერალი დენიკინი და ფილოსოფოსი ილინი, რომელთა მიმართაც უკანასკნელ ათწლეულებში იყო, რბილად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, ახლა უკვე რუსეთის გმირთა ოფიციალურ პანთეონში არიან? 

– ივანე ილინი და ამავე დონის სასაფლაოზე უფრო ადრე გადმოსვენებული ივანე შმელიოვი იყვნენ ის მოაზროვნენი, რომლებიც თვით დასავლეთშიც კი უღმერთო და ათეისტური XX საუკუნის შუახანებში ისტორიულ პროცესსა და რუსეთის კატასტროფებს ატარებდნენ მართლმადიდებლური შეგნების პრიზმის გავლით. სწორედ ამიტომ ამ ფიგურებს არ აძლევდნენ ღირსეული ადგილის დაკავების საშუალებას. ახლა ეს სწორდება, იმიტომ რომ ერი ცდილობს ისტორიული ხანძრების ნაცრის ქვეშ მოძებნოს ის სულიერი საძირკველი, რომელმაც თავის დროზე მისცა რუს ხალხს მისი ისტორიული ცხოვრების აზრი და გაატარა იგი განსაკუთრებული განსაცდელების გავლით, შეუნარჩუნა რა სულიერი ღერძი, რომელიც აუცილებელი იყო გადარჩენისთვის თვით მონღოლური შემოსევის პერიოდშიც კი, როდესაც იყო სრული დაქუცმაცებულობა და მატერიალური გამოფიტვა. ამიტომ დღეს, შესაძლოა, მთავრდება არეულობისა და რუსეთისთვის ნამდვილი დღის წესრიგის, ნამდვილი ისტორიული პროცესის, მიზნებისა და ფასეულობათა, და არა მხოლოდ მატერიალური რესურსების შემცველი პროექტის გამომუშავების უუნარობის პერიოდი.

– ივანე ილინი გახლდათ მონარქიის მომხრე. როგორ ხარისხად არის დღეს მოთხოვნადი მისი მონარქისტული იდეები? 

– მართლმადიდებლური თვითმპყრობელობის შეფასებისას არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ეს იდეა რელიგიურია, და არა უბრალოდ სახელმწიფოებრივი. ეს არის ძალაუფლების როგორც მსახურების იდეა. და იმისთვის, რათა მართლმადიდებლურ თვითმპყრობელობას შეეძლოს არსებობა, საჭიროა ერთი, გეგონებოდათ, პატარა პირობა – ქრისტიანული ერთიანობის იდეალი მონარქშიცა და ხალხშიც. თანამედროვე პლურალისტურ საზოგადოებაში, რომლითაც ასე ამაყობენ ახლანდელი ლბერალები, სადაც არ არის ერთიანი სულიერი, ისტორიული ან ფილოსოფიური იდეალი, ალბათ, მართლმადიდებლური თვითმპყრობელობა ჯერჯერობით შესაძლოა იყოს ის ჯილდო, რომლის ჯერ დამსახურებაა საჭირო.

– თქვენ ასეთი ძალის დატანებით წარმოთქვამთ სიტყვას “ჯერჯერობით”. ეს ნამდვილად ჯერჯერობითაა? 

– მე ვთქვი, რომ ეს უნდა კიდევ დავიმსახუროთ.

– ანტონ დენიკინი. თეთრი მოძრაობის ეს ლიდერი როგორ ხარისხად შეიძლება იყოს მაგალითი დღევანდელი რუსი ოფიცრობისთვის? 

– ო, ანტონ დენიკინი ჩემთვის დიადი ფიგურაა. იცით რატომ? ადამიანი, რომელიც იდგა ბრძოლის ბასრ პირზე. მისი ხელები, ისევე, როგორც მათი ხელებიც, ვის წინააღმდეგაც იგი იბრძოდა, იდაყვებამდე სისხლშია. მაგრამ უეცრად, როდესაც დგება დიდი სამამულო ომი, იგი მიეკუთვნა ისეთ ადამიანებს, როგორიც რახმანინოვია. სიტყვამ მოიტანა და, აი ვისი გადმოსვენება იქნება კიდევ საჭირო, რა თქმა უნდა, თუკი ამაზე ღვთის ნებაა. ასეთი ადამიანებისთვის რუსეთი, ნებისმიერი სახისა, რჩებოდა სამშობლოდ, და მათთვის მისი შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავიანთ სიცოცხლეშივე საძულველი რეჟიმის კრახის ხილვა. მან უარი თქვა ეკურთხებინა ვლასოველები – აი ჭეშმარიტი ეროვნული თვითშეგნება, ჭეშმარიტი უნარი, რომ მწველი სახით შეიგრძნობდე შენს კუთვნილებას საკუთარი სამშობლოსა და სახელმწიფოს არა მხოლოდ დღევანდელი დღისადმი – ის შეიძლება იყოს ძალზედ ცოდვიანიცა და არასრულყოფილიც – არამედ ამ სახელმწიფოს მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი მომავლისადმიც. რუსი ოფიცრობისთვის, როდესაც ზოგჯერ მას უხდება ბრძოლა მაშინ, როცა მას ზურგში დასცინიან ყველა ჯურის პროფესიონალი ჰუმანისტები, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ პირველი ჩეჩნური კამპანია. არმიის ასეთი აბუჩად აგდების წარმოდგენა შეუძლებელია ნორმალური და ჯანსაღი ეროვნული სულის მქონე არც ერთ ქვეყანაში. ისინი კი იბრძოდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და განუყოფელობისთვის (*), როგორ ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული ეს კამპანია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ანტონ დენიკინი უპირობოდ შეიძლება იყოს მაგალითი. მისთვის უბედურება შეემთხვა სამშობლოს, და არა სახელმწიფოს, როცა მტერი დაესხა თავზე. მას ასეთ ფრაზასაც მიაწერენ: “თუკი ბოლშევიკები შეძლებდნენ ჩემთვის წითელი არმიის გენერლის თანამდებობის მოცემას, მე მაშინ სეირს ვუჩვენებდი გერმანელბს”. მისგან ელოდებოდნენ ვლასოველთა კურთხევას. ვლასოველთათვის კი, პირიქით, სჯობდა არ ყოფილიყო არანაირი რუსეთი, ვიდრე ყოფილიყო ბოლშევიკური რუსეთი. ასე რომ, ვინ იყო მართალი? აი ახლა ჩვენთან უკვე აღარ არის ბოლშევიკური რუსეთი.

– დონის მონასტერში იქმნება ეროვნული შერიგების მემორიალი. ვინ შეიძლება იყოს კიდევ იქ გადმოსვენებული, რახმანინოვის გარდა, რომელიც თქვენ უკვე მოიხსენიეთ?

– ძნელი სათქმელია. ჯერ ერთი, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის გულდასმით უნდა ვიგებდეთ, თუ როგორი იყო გარდაცვლილის უკანასკნელი ნება. რატომ არის ჩემთვის რახმანინოვის ფიგურა ასევე ასეთი ნათელი? მისი ამერიკელი მეგობრების აღიარებით, იგი მოკვდა ნოსტალგიისგან. როდესაც დაიწყო ომი, მას არ შეეძლო ამის გადატანა. იგი გონების დაბნელებამდე აძლევდა კონცერტებს მთელ შეერთებულ შტატებში. იგი იყო მშვენიერი შემსრულებელი, სპეციალურად ხელიც კი გაიჭრა, რათა ცოტათი უფრო მეტი ოქტავა აეღო. მე, სიტყვამ მოიტანა და, მისი ნაწარმოებების დაკვრა არასოდეს არ შემეძლო – მე ძალზედ პატარა ხელი მაქვს – თუმცა კი კარგად ვუკრავდი ფორტეპიანოზე. მისთვის, ისევე როგორც დენიკინისთვისაც, ნათელი იყო, რომ ახლა მიდის ბრძოლა ხალხის ცხოვრებისთვის, მსოფლიო ისტორიაში მისი შენარჩუნებისთვის, და არა იმისთვის, თუ როგორაა მოწყობილი სახელმწიფო. იგი მოკვდა ისე, რომ კურსკის ბრძოლის შედეგსაც კი ვერ მოესწრო. ამიტომ ჩემთვის – მე ვიყავი მის საფლავზე, ეს დაახლოებით 100 მილზეა ნიუ-იორკიდან – ეს ძალზედ გულისშემძვრელი სურათია. იქ მართლმადიდებლური ჯვარია, ღობე გაკეთებულია ბუჩქნარის სახით. მე ვფიქრობ, რომ რახმანინოვი, რა თქმა უნდა, მოხარული იქნებოდა.

– სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ თქვა, რომ რუსი ემიგრანტების გადმოსვენების პროცესი და რუსულ საზღვარგარეთულ ეკლესიასთან მოლაპარაკებები – ეს რუსეთის ერთიანობის აღდგენის ერთი პროცესის ნაწილებია. ამრიგად, მისი აზრით, წაშლილ იქნება საზღვარი, რომელიც ჰყოფდა რუსეთს. თქვენ როგორ კომენტარს გაუკეთებდით პატრიარქის სიტყვებს რუსულ საზღვარგარეთულ ეკლესიასთან დაახლოების შესახებ, რომ ეს ერთიანი პროცესია? 

– ეს ძალზედ ზუსტი და ღრმა სიტყვებია. ჩაუფიქრდით: XX საუკუნემ გახლიჩა რუსული ისტორია. ბოლშევიკებს სურდათ იმ რუსეთის გაუქმება, ახალი მსოფლიოს აშენება. ამ პირველი ღალატისთვის სასჯელად მათ თავს დაატყდნენ კლასობრივი ძმები მტრულ სამხედრო ფორმაში. ზოგიერთი ბოლშევიკი ახლა ცდილობს რომ ხაზი გადაუსვას ყველაფერს, რაც იყო 1991 წლამდე. და ჩვენ ხელახლა განვიცდით ყველანაირ შესაძლო ცდუნებებს და სულ (ერთ ადგილზე) ვიტკეპნებით, ვიტკეპნებით, ვიტკეპნებით... მემკვიდრეობითობის ეს ისტორიული წყვეტა გადალახულ უნდა იქნას. ჩვენ უნდა ვატარებდეთ ჩვენი ისტორიის ტვირთს მთელი მისი აღმაფრენებით, დაცემებით, ცდუნებებით, შეცდომებით და ვტოვებდეთ ისტორიის გვერდებს და გადავფურცლავდეთ მათ ისე, რომ აბუჩად არ ვიგდებდეთ მამათა ცხოვრებას. აი ეს არის მნიშვნელოვანი.

– მაგრამ ყველა აღიარებს, რომ მომავალი დაკრძალვა – ეს არის წილი თანამედროვე რუსეთის სულიერ ცხოვრებაში. და როგორ მდგომარეობაში იმყოფება სწორედ ეს სულიერი ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში? 

– მატერია სულის გარეშე ვერ ჰქმნის ისტორიას – ეს ზუსტია. ჩვენ უწინდებურად დავრჩებით მხოლოდ უზარმაზარ ტერიტორიად სასარგებლო წიაღისეულით მიზნებისა და ფასეულობათა გარეშე, ეროვნული ინტერესების გარეშე, თუკი არ იქნება აღდგენილი სწორედ სულიერი მემკვიდრეობითობა. რუსეთი სიცოცხლისუუნაროა მიზნებისა და ფასეულობათა გარეშე, რომლებიც გადის მიწიერი ცხოვრების ფარგლებს გარეთ. რაც უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენ სულიერ მეკვიდრეობითობას ჩვენს წარსულთან, ჩვენს სარწმუნოებასთან, ჩვენს კულტურასთან, ჩვენ გავიგებთ, რომ ვცოცხლობთ, რათა ვჭამოთ, და ვჭამთ, რათა ვიცოცხლოთ, ხოლო ცხოვრება – ეს მარტო ჭამა და სმა არ არის. აი მხოლოდ მაშინ, მე მგონია, ჩვენ ისევ ვიქცევით დერჟავად, მაშინ იქნება უმალვე არა ხალხმოსახლეობა, არამედ ერი. ამისთვის ინტელიგენციამაც უნდა, უპირობოდ, მიატოვოს ის, რასაც ზუსტად ახასიათებდა პეტრე სტრუვე კრებულში «Из глубины»: “მიატოვოს თავისი განდგომილობა (გარეწრობა, отщепенство) სახელმწიფოს ინტერესებისგან და თავისი სამშობლოსგან”. მან აქცია ეს მთავარ საბრალდებო განაჩენად, ბრალი დასდო რა ინტელიგენციას რევოლუციაში როგორც მის სულიერ ნაშიერში.

ესაუბრებოდა დიმიტრი კისელიოვი 
«Вести-Подробности», 22.09.05
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 29.09.05


მოსკოვში მიწას მიაბარეს გენერალ ანტონ დენიკინისა და ფილოსოფოს ივანე ილინის ნეშთი 

3 ოქტომბერს დღისით მოსკოვის დონის მონასტრის ნეკროპოლში შედგა თეთრგვარდიელი გენერლის ანტონ დენიკინისა და ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ივანე ილინის, აგრეთვე მათ მეუღლეთა ნეშთების დაკრძალვის ცერემონია. ა. დენიკინისა და ი. ილინის დასაფლავებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ორნახევარ ათასმა რუსეთის მოქალაქემ.

დაკრძალვის წინ ჩატარებულ იქნა პანაშვიდი, რომელიც აღასრულა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა აკურთხა ქვა, რომელიც შემდეგში ჩადებულ იქნება სამლოცველოს საძირკველში დაკრძალვის ადგილას.

ალექსი II-ის სიტყვებით, დღევანდელი ღონისძიება – ეს არა მხოლოდ ორი ცნობილი რუსი ადამიანის გადმოსვენებაა, ეს ასევე იმის სიმბოლოცაა, რომ ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი დასრულდა. “იმყოფებოდნენ რა სამშობლოს ფარგლებს გარეთ, ისინი რჩებოდნენ პატრიოტებად, გულწრფელად თანაგანიცდიდნენ რა ყველაფერს, რაც ხდებოდა სამშობლოში. რუსეთის ტრაგედიამ ხელი ვერ შეუშალა მათ, რომ ჰყვარებოდათ თავიანთი ხალხი და სჯეროდათ მისი მომავლისა”, – განაცხადა ალექსი II-მ.

“დონის მონასტერი იქცევა იმ ადამიანთა რუსეთში დაბრუნების ადგილად, რომლებიც ტრაგიკულ გარემოებათა ძალით იძულებული იყვნენ თავიანთი სამშობლო დაეტოვებინათ”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში პატრიარქმა. “ჩვენ უნა შევიგნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი ისტორია, ერთი სამშობლო და ერთი მომავალი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა ვაშენებდეთ” – მოუწოდა რუსეთელებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.

ეროვნული თანხმობისა და შერიგების მემორიალი, რომლის შექმნაც იგეგმება დონის მონასტრის ტერიტორიაზე, ალექსი II-ის აზრით, უნდა იქცეს ყველა რუსეთელის შერიგებისა და გაერთიანების სიმბოლოდ.

დონის მონასტერში დაკრძალვის ცერემონიაზე ესწრებოდა ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ რიცხვში იური ლუჟკოვი, გიორგი პოლტავჩენკო, ნიკიტა მიხალკოვი, ნატალია ნაროჩნიცკაია. ბევრი მათგანი ლაპარაკობდა დღევანდელი მოვლენის მნიშვნელოვნების შესახებ.

პოპულარულმა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ცერემონიას, განაცხადა, რომ შემდეგ მსგავს აქციად უნდა იქცეს ვლადიმირ ილიას ძე ლენინის დასაფლავება. მისი აზრით, ვ. ლენინის სხეულის დასაფლავება უნდა იყოს “წიგნიერი (грамотная), გააზრებული, მშვიდი აქცია, რომელიც წარმოადგენს ლენინის ნების აღსრულებას, რომელიც ითხოვდა მის დაკრძალვას ვოლკოვის სასაფლაოზე თავის დედასთან ერთად”. “ეს უნდა იქნას გაკეთებული ცივილიზებულად, ადამიანურად და წიგნიერად. და თუ ეს სწორად იქნება გაკეთებული, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი გაიგებს ამას”, – აღნიშნა ნ. მიხალკოვმა.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ისტორიკოსი ნატალია ნაროჩნიცკაია თვლის, რომ ა. ი. დენიკინი ყოველთვის იყო რუსეთის ჭეშმარიტი პატრიოტი, მზად მყოფი ებრძოლა არა სახელმწიფოსთვის, არამედ სამშობლოსთვის. ლაპარაკობდა რა რუსეთის ისტორიისთვის გენერალ დენიკინის ფიგურის მნიშნელოვნების შესახებ, ნ. ა. ნაროჩნიცკაიამ აღნიშნა, რომ მას არაერთხელ მოუყვანია იგი მაგალითად თავის წიგნებსა და გამოსვლებში. როგორც ცნობილია, დენიკინმა უარი განაცხადა ნაცისტებთან თანამშრომლობასა და “ბოლშევიკურ” რუსეთზე ჰიტლერის ლაშქრობის კურთხევაზე, თქვა რა, რომ იგი იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, მაგრამ არასოდეს რუს ხალხთან. 

ა. ი. დენიკინისა და ი. ა. ილინის ნეშთის სამშობლოში დაბრუნება მოხდა გენერლის ქალიშვილის მ. ა. დენიკინა-გრეისა და რუსი ფილოსოფოსის შთამომავალ-ანდერძის აღმსრულებელთა მიერ ნების გამოხატვის შესაბამისად, აგრეთვე რუსეთის მთავრობის განკარგულების შესაბამისადაც. ეს ინიციატივა მოწონებულ იქნა რუსეთის პრეზიდენტის ვ. ვ. პუტინის მიერ და მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ალექსი II ლოცვა-კურთხევა. მომავალი გადმოსვენებისთვის მომზადების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც.

სააგენტოების «Интерфакс», “REGNUM”, «Инфорос», СМИ «Вести-РТР», “Regions.Ru” მასალებისა და საკუთარი ინფორმაციის მიხედვით.

საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 04.10.05

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა 


მთარგმნელის კომენტარი 

(*) ძირითადად ვეთანხმებით ქ-ნ ნაროჩნიცკაიას მსჯელობას, მაგრამ თუკი ჩეჩნეთი რუსების სამშობლოა, მაშინ სადღაა თავად ჩეჩენთა სამშობლო? სამშობლო ხომ თავად წერილის ავტორის მიერ სხვა წერილებში უფრო მკაფიოდ გამოთქმული აზრის მიხედვით, ამა თუ იმ ხალხისთვის ღვთივბოძებული მიწა-წყალია. და ღვთივბოძებულზე ხელის აღმართვა ხომ თავად უფლის წინააღმდეგ მოქმედებას უნდა ნიშნავდეს? თვითონ ნატალია ნაროჩნიცკაია სხვა წერილებში ასევე ამბობს, რომ სამშობლოსგან განსხვავებით ცალკეული ერები ქმნიან სახელმწიფოებს, რომლებიც სცილდება მათი სამშობლოს ფარგლებს და იერთებენ სხვა ერებსა და ხალხებს მათი სახელმწიფოებით ანდა სამშობლოებით. ამ ერების მიერ შექმნილი სახელმწიფოები კი, როგორც ადამიანთა მონდომებითა და ძალისხმევით წარმოქმნილი ორგანიზმები, მეტ-ნაკლებად ცოდვიანია და ამითაც განსხვავდებიან ისინი ღვთივბოძებული სამშობლოსგან. სწორედ ასე უწერია ქ-ნ ნაროჩნიცკაიას თავის წერილებში. ასეთ შემთხვევაში მართლმადიდებელი სახელმწიფოწარმომქმნელი ერი, როგორც მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით ღვთივრჩეული და უფლის სიწმინდესთან სხებზე უფრო ახლოს მდგარი, განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სხვა ერებისა და ხალხებისგან შემდგარ ამ სახელმწიფოში ისეთი ეროვნული, სოციალური და სხვა ურთიერთობების დამყარებას, რომლებიც ამ ერებსა და ხალხებს, ისევე როგორც თავად სახელმწიფოწარმომქმნელ ერს, შეუქმნიდა სამართლიან, მშვიდობიან, ღირსეულ და საპატივსაცემო მდგომარეობას. და მაშინ ალბათ არც ჩეჩნეთში წარმოიქმნებოდა, ანდა ასეთ დონემდე არ გამწვავდებოდა წინააღმდეგობანი, რომ სისხლიან კონფლიქტამდე მისულიყო საქმე და ვერც დასავლეთის მმართველი წრეები დაიწყებდნენ ხელების ფათურს მასში. ესეც ალბათ სერიოზულადაა საფიქრი და გასარკვევი. და უწინარეს ყოვლისა, თავად რუს მართლმადიდებელ ავტორთა მიერ.

ახლა რუსეთის ხელისუფლება ქართველებისთვის უფლის მიერ ბოძებულ სამშობლოს გვედავება. პირადად ჩვენთვის გასაგებია, და ამას 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი კონფლიქტის დღეებშივე და მის ცხელ კვალზეც ვწერდით (იხ. ბლოგზე და ჟურნალ “ქვაკუთხედში” ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილები “ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო” და “თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან”) რომ მაშინ, როგორც სამხედრო საქმისა და სამხედრო ისტორიის გარკვეულწილად მცოდნე სპეციალისტისთვის ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ ხელისუფლების ან მისი გავლენიანი წრეების დავალებით მოახდინა დაზვერვა ბრძოლით (разведка боем) იმის გასარკვევად, იომებდა თუ არა რუსეთი ამერიკელთა წაქეზებით მოქმედი მხარის წინააღმდეგ, თუ მათი შიშითა და რიდით ამას მდუმარედ “გადაყლაპავდა”. მაშინ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, აშშ თეთრი სახლის ადმინისტრაციას შეეძლო დაეწყო უკვე ფიქრი და ზრუნვა გაცილებით უფრო ფართომასშტაბური ომის მზადებისთვის თავად რუსეთის დაპყრობისა და დაშლის მიზნით. და აი, ასეთ საქმეში, ასეთ ავანტიურაში ჩაერია საქართველოს არა მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლება, არამედ, მეტ-ნაკლებად, ჩვენში მოქმედი მთელი პროამერიკული სპექტრიც, ვინაიდან ხელისუფლების ყოყმანის შემთხვევაში ამერიკელები ალბათ მას ეტყოდნენ, რომ აი რამდენი პარტია ელოდება მათ გულმოწყალებასა და მხარდაჭერას ხელისუფლებაში მოსასვლელად, და ისინიც რომელიმე მათგანს დაუჭერდნენ მხარს და მას გააკეთებინებდნენ მომავალში ამ საქმეს. ჩვენ პირადად შიდა ქართლის ამ ნაწილისა და აფხაზეთის საქართველოსთვის წართმევას რუსეთის მხრიდან ვუყურებთ როგორც კონფისკაციას იმ დანაშაულის, იმ ბოროტმოქმედების გამო, რომელიც მაშინ აშშ-ის ინტერესებში ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ მთელი პროამერიკული და პროდასავლური ქართული პოლიტიკური სპექტრის მეტ-ნაკლები აქტიური ან პასიური, ნებსით ან უნებლიე თანადგომითა და მხარდაჭერით.

ვთქვათ და რუსეთის ხელისუფლება მაშინ ამერიკელთა წინაშე შიშის გამო გაჩერებულიყო, ვთქვათ დაეთმო შიდა ქართლის ეს ნაწილი და აფხაზეთი, ვთქვათ საქართველოში მყარად ჩამჯდარიყვნენ ამერიკული სამხედრო, სადაზვერვო და ფსიქოლოგიური ოპერაციების მწარმოებელი სტრუქტურები და დაეწყოთ მუშაობა ჩრდილო-კავკასიაში რუსეთის საწინააღმდეგო განწყობების კიდევ უფრო მეტად და აქტიურად გაღვივებისთვის. ვთქვათ შემდეგ ამ ფონზე დაეწყოთ იქ დასავლურ სახელმწიფოთა ჯარების შეყვანა და საომარი მოქმედებები რუსეთის დასაპყრობად. ვთქვათ, როგორც წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, დიდი მსხვერპლის, ნგრევისა და უბედურებათა ფასად რუსებს მოეხერხებინათ მათი განდევნა საკუთარი მიწა-წყლიდან, და საბრძოლო მოქმედებები მათივე ზურგის რაიონებში, მათ შორის საქართველოშიც გადმოეტანათ. და განა ფიქრობენ ეს “ვაი ჭკუისაგან” ადამიანები, თუ რა იქნებოდა ეს თანამედროვე საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებები ამჟამად არსებული შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით, როგორი დამანგრეველი და გამაუბედურებელი? ვთქვათ და ეს კოშმარებიც გადაეტანა ჩვენი ხალხის ნაწილს, რომელიც ცოცხალი დარჩებოდა, ვთქვათ და შემოსულიყვნენ ჩვენს დანგრეულ ქალაქებსა და სოფლებში გამარჯვებული რუსული ჯარები, განა კი ეს ჯარები ისეთივე იქნებოდნენ, როგორც 2008 წლის აგვისტოში? სულაც არა, არამედ იქნებოდნენ გადატანილ უბედურებათა, ბრძოლებში დაღუპული მეგობრებისა და ამხანაგების, დახოცილი, დასახიჩრებული და გაუპატიურებული ახლობელ-ნათესავებისა და საყვარელი ადამიანების გამო გასასტიკებულ და შურისძიების წყურვილით ანთებულ ადამიანთა მასები; და როგორი იქნება მათი შურისძიება? როგორი დაუნდობლობით, როგორი სისასტიკითა და როგორი მასშტაბებით?

სადღაც 2005 წელს ტელევიზიით აჩვენეს ამერიკული დოკუმენტური ფილმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდის შესახებ. იქ ნათქვამი იყო შემდეგი სიტყვები, რომ როცა საბჭოთა ჯარები შევიდნენ გერმანიის ტერიტორიაზე, ისინი იქცეოდნენ ისე, როგორც თავის დროზე გერმანელები იქცეოდნენ რუსეთშიო. ბევრი იყო ქალების გაუპატიურების შემთხვევები, რის შედეგადაც გერმანელი ქალები მასობრივად იკლავდნენ თავსო. ჰყვებოდნენ ერთი მდინარისპირა სოფლის შესახებ, სადაც ყოველდღე ხედავდნენ მდინარის მიერ ჩამოტანილ ქალთა გვამებს. ერთერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ასევე საბჭოთა ჯარისკაცებისა და ოფიცრების მხრიდან სისტემატიურ გაუპატიურებათა მსხვერპლი იყო, რომელსაც მანამდე რამდენიმე ხნით ადრე ესესელებმა ომიდან დაბრუნებული ხეიბარი ქმარი სახალხოდ ჩამოუღრჩვეს ჰიტლერისა და ამ ომის არცთუ პატივისცემით მოხსენიების გამო, ასევე გადაწყვიტა, რომ მდინარეში დაეღრჩო თავი და თავის ორ პატარა გოგონასთან ერთად, ღამის პერანგში მდინარისკენ წავიდა. იქვე მახლობლად ბავშვების პაპა და ბებია ცხოვრობდნენ, მათ დაუძახეს გოგონებს და ისინიც მათკენ გაიქცნენ. ქალმა კი განაგრძო მდინარისკენ სვლა, შევიდა წყალში და თავი დაიღრჩო. შემდეგ აჩვენეს ინტერვიუ მაშინ გადარჩენილ იმ ერთერთ გოგონასთან, რომელიც უკვე ასაკში შესული ქალბატონი გახლდათ, და მან თქვა: რა თქმა უნდა, თავს მოიკლავდი, როცა დღეში ოცჯერ გაუპატიურებენო. ასეთი შეიქნა იმ ხანებში გერმანელი ქალებისა და მთლიანად გერმანული საზოგადოების ხვედრი, ხოლო თავი და თავი მიზეზი ამისა კი გახლდათ ამ ქვეყნის ხელისუფალთა მიერ ასეთი დიდი და სასტიკი ომის გაჩაღება, აგრეთვე გერმანელ ჯარისკაცთა და ოფიცერთა “საქმენი საგმირონი” საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძირითადად ბელორუსი, უკრაინელი და რუსი ხალხების მიერ მათ ხელში გადატანილ საშინელებათა და უბედურებათა სამაგიეროდ შურისძიების სამართლიანი და კანონზომიერი სურვილი გამარჯვებული საბჭოთა ჯარების მხრიდან.

ახლა კი ჩვენი ხელისუფალნი მონაწილეობენ, დაწყებული ჯერ კიდევ ე. შევარდნაძიდან, აშშ მმართველი წრეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომის მზადებაში, რაშიც განსაკუთრებით აქტიურობდა სწორედ მ. სააკაშვილის თანამოაზრე გუნდი, და დღესაც არ ეშვება ამ საქმეს. მაგრამ, თუკი ასეთ უბედურებაში გავეხვევით, მაშინ ალბათ მთელ საქრთველოში დატრიალდება ის უბედურებანი, რაც გასულ წლებში გადაიტანეს ჯერ აფხაზეთის, ხოლო შემდეგ კი შიდა ქართლის მცხოვრებლებმა. და ამაზე საჭიროა დაფიქრება, ხოლო შემდეგ კი რეალურად ზრუნვა იმისთვის, რათა ასეთი რამ არ მოხდეს, ასეთი უბედურება არც რუსეთს დაატყდეს თავზე და შემდეგ კი არც ჩვენ შემოგვიბრუნდეს. ხოლო თუ ამერიკელებსა და სხვა დასავლელებს რუსეთის ნავთობი, გაზი და სხვა წიაღისეული სჭიდებათ, ისინი მათ შეძენაზე სჯობს რომ ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, და არა ომითა და უბედურებით წართმევაზე. იმავე 2005 წლის მახლობლობაში ჩვენს ტელევიზიაში გასულ გადაცემებში უფრო რუსეთთან ურთიერთობათა ნორმალიზაციის მომხრე რესპონდენტები ლაპარაკობდნენ, რომ თუკი საქართველო გააგრძელებდა ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზით სიარულს, მაშინ იგი აუცილებლად დაიშლებოდა. ამ ადამიანებს, სახელდობრ კი, ალექსანდრე ჭაჭიას, ირინა სარიშვილსა და სხვებს, ალბათ ექნებოდათ გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია ასეთი შესაძლო პერსპექტივის თაობაზე, ხოლო ვინაიდან ჩვენ ეს ინფორმაცია არ გაგვაჩნდა, ამიტომ შევეცადეთ სამხედრო საქმეში, ღვთის წყალობით, წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე გაგვერკვია ამ განცხადებათა საფუძვლიანობა.

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის მმართველი წრეების დაახლოება და თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ხშირი იყო ამ ორი სახელმწიფოს პრეზიდენტთა შეხვედრები და მოლაპარაკებანი სხვადასხვა საკითხებზე. აქვე წამოიჭრებოდა ალბათ საკითხი საქართველოს შესახებაც. სახელდობრ, რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო ეკითხა თავისი ამერიკელი კოლეგისთვის, თუ რატომ მოიწევს ასე მისი ქვეყანა რუსეთის საზღვრებისკენ? ომი უნდათ რუსეთთან, მისი დაპყრობა და დაშლა უნდათ? ალბათ, გინდაც ნდომებოდათ აშშ-ის მმართველ წრეებს ყოველივე ეს, ბუში პუტინს ეტყოდა, რომ მის ქვეყანას ასეთი სურვილები და გეგმები არ გააჩნია, არამედ ქართველებს მოსწონთ დასავლური ფასეულობები, უნდათ მათი თანამონაწილენი გახდნენ და ამიტომ ჩვენ მათთვის ხელის კვრა არ გვინდაო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ აფხაზებს და ოსებს კი რუსეთთან ყოფნა ურჩევნიათ, შეეძლო ეპასუხა პუტინს, თანაც დიდ სახელმწიფოთა სამხედრო ინტერესების დაპირისპირებაში, ომისა და მშვიდობის საკითხებში ხომ მცირე სახელმწიფოთა და ხალხების ინტერესები მეორეხარისხოვანი ხდება, და ეს კანონზომიერიცაა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო დაესვა საკითხი, რომ თუკი მომავალში საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, ამა თუ იმ ფორმით, უზრუნველყოფილი აშშ-ის სამხედრო ყოფნა, აგრეთვე მისი სადაზვერვო და პროპაგანდის ორგანოებისა, მაშინ რუსეთს აუცილებლად სჭირდებოდა ეს ორი პლაცდარმი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, ანუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც პირდაპირი სახმელეთო გზით უკავშირდებიან თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას. თუკი ამერიკა ომის გაჩაღებას არ აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ეს ორი პლაცდარმი რომელ მხარეზე იქნებოდა, ამას მათ შორის ომისა და მშვიდობის საქმეში დიდი მნიშვნელობა ვერ ექნებოდა, ხოლო თუ აშშ მაინც ფიქრობდა ომს რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ამ ომს რუსები მიიღებდნენ არა, მაგალითად, დონის როსტოვთან, არამედ უკვე საქართველოში, რათა ეს უბედურება თავიანთი ქვეყნისგან შეძლებისდაგვარად აერიდებინათ. და ეს კანონზომიერიცაა, თუკი საქართველოს ხელისუფალნი ებმებიან მათი უშულო მეზობლის, რუსეთის მიმართ ასეთ დიდ ომში, მაშინ მათ დაე საკუთარ თავზე თავად იწვნიონ ყოველივე ის, რასაც სხვებს უმზადებენ. შესაძლოა პუტინსა და ბუშს შორის ჯერ კიდევ 2005 წელს, ან ცოტათი უფრო ადრეც უკვე შედგა ასეთი შეთანხმება, ხოლო თუ რამდენად იქნებოდა ის რეალიზებული, ეს უკვე საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილზე იყო დამოკიდებული. 2008 წელს შედეგები უკვე ვნახეთ და დღესაც ვუყურებთ მათ. I და II მსოფლიო ომების წინ ბელგიას, ნიდერლანდებსა და ნორვეგიას სახელმწიფო ნეიტრალიტეტი ჰქონდათ საყოველთაოდ გამოცხადებული, ხოლო ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას კი თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული მათ ნეიტრალიტეტსა და მათი ტერიტორიის ხელშეუხებლობაზე. მაგრამ როცა დაიწყო რეალური საომარი მოქმედებები დასავლური ცივილიზაციის ამ ბურჯებისთვის როგორც თავიანთ მცირე თანამოძმეთა სურვილი, რომ ომის გარეთ დარჩენილიოყვნენ, ისე თავად მათივე მიცემული სიტყვაცა და პირობაც, უფრო მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა თავად მათ სამხედრო ინტერესებთან შედარებით. – “ა ლა გერ ქომ ა ლა გერ” – “ომში როგორც ომში”, ან “სე ლა გერ” – “ასეთია ომი” – როგორც ამბობენ ფრანგები; ან კიდევ: “მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თავად უფალმა ბრძანაო, ის სჯობს რაც მალე ვეცდებით გულში გავურჭოთ დანაო” – როგორც უწერია ვაჟა ფშაველას. ახლა ეს დანა ჩვენს ქვეყანას აქვს გულში გარჭობილი ამ ჩვენს “ვაიჭკუისაგან მოღვაწეთა” გამოისობით და “სე ლა ვი” - “ასეთია ცხოვრება”.

ამ ბოლო ხანებში ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან ჯერ კიდევ 2006 გასცა განკარგულება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს მოემზადებინა საქართველოს ჯარებთან სავარაუდო ომის გეგმები. და ეს განცხადება დაუყოვნებლივ აიტაცეს საქართველოში განსაკუთრებით სააკაშვილის მომხრეებმა და სხვებმაც, რუსეთის აგრესიულობაზე კიდევ ერთხელ ხაზის გასასმელად. რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი და სასიამოვნო, მაგრამ ერთი რუსული ანდაზა ამბობს “ჯოხს ორი ბოლო აქვსო” – და ესეც უნდა ჩავთვალოთ ანგარიშში. საქმე იმაშია, რომ გასულ წლებში საქართველოში თავისი ანტირუსეთული განწყობებით ცნობილი აშშ სენატორის მაკკეინის სტუმრობისას, საქართველოს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ, იყო დრო, როცა მე, ზ. ჟვანია, მ. მაჭავარიანი და გ. ბარამიძე, ევრაზიის რუკებითა და კავკასიის რუკებით დავდიოდით ამერიკის კონგრესის დერეფნებში და ბევრი სენატორი და კონგრესმენი უბრალოდ თავის კაბინეტშიც კი არ გვიშვებდა, რომ მათთან გველაპარაკაო. ხოლო ის ადამიანი, ვისი კაბინეტის კარიც ჩვენთვის მუდამ ღია იყო, გახლავთ სენატორი მაკკეინიო. მაგრამ, სხვა ამერიკელი კანონმდებლები რაღატომ არიდებნენ თავს ამ ქართველ “რეფორმატორებთან” შეხვედრას, თუკი ისინი ორმხრივად სასარგებლო და ხელსაყრელ ეკონომიკურ პროექტებზე აპირებდნენ ლაპარაკს. ალბათ სინამდვილეში სულაც არ იყო ასე საქმე და ეს უკანასკნელნი სულაც არ ცდილობდნენ მშვიდობიანი და მომგებიანი პროექტების წარდგენას, არამედ ისევ და ისევ ომისთვის აქეზებდნენ ამერიკელ პარლამენტარებს რუსეთის წინააღმდეგ. ალბათ სწორედ ასეთი “საქმეების” გამო არიდებდნენ მათ თავს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები. და განა ამის თაობაზე არ მიდიოდა ინფორმაცია კრემლში? განა იქ კი არ იცოდნენ საქართველოს ამ “ხელისუფალთა” ასეთი საქმიანობის შესახებ? და ეს, მ. სააკაშვილის განცხადებით, ხდებოდა ზ. ჟვანიას სიცოცხლეში, ანუ 2003-2004 წლებში. მაშინ რა არის გასაკვირი იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ სავარაუდო ომისთვის 2006 წლიდან თადარიგი დაეჭირა?

მაგრამ წინააღმდეგობანი და დაპირისპირებანი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში 2000-იან წლებში არ დაწყებულა და მათ უფრო ძველი ისტორია გააჩნიათ. ამჯერად გვინდა შევჩერდეთ ამ წინააღმდეგობებზე 1990-იანი წლებიდან. მანამდე ვიტყვით, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან მოსალაპარაკბლად იყო ჩამოსული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რ. ნიქსონი, ის სულაც არ ყოფილა რუსების მიერ გამოგზავნილი ემისარი და სულაც არ მოქმედებდა რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში, არამედ თავისი საკუთარი, ამერიკული ხელისუფლებისა, უფრო სწორად, იმ საერთაშორისო ფინანსური და პოლიტიკური გავლენიანი წრეებისა, რომელთა “ყოჩსაც” მსოფლიო პოლიტიკაში წარმოადგენს აშშ და მისი ხელისუფლება. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ განაცხადა აშშ პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიაზე, რომ “დინების საწინააღმდეგოდ მიდისო”, რასაც შემდეგ მოჰყვა საქართველოში ხელისუფლების დამხობა, რისი მხარდამჭერიც, მაშინ, სამწუხაროდ, პირადად ჩვენც ვიყავით, ძირითადად ჩვენი მაშინდელი პროდასავლური და პროამერიკული განწყობის გამო. მაშინ სულ რაღაც 7-8 თვის დაწყებული გვქონდა აშშ შეიარაღებული ძალების შესწავლა, და როცა რუსთაველის გამზირზე სროლები დაიწყო, იმ დღეებში ვთარგმნიდით წერილს ამერიკული არმიის თვითმავალი არტილერიის, 155-მმ და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების, შესახებ. სწორედ ასეთი პროდასავლური განწყობით იმ დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასწყისში უფრო მეტად რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს ვიდექით, რათა იქიდან მხარი დაგვეჭირა . . . . . . . ეჰ, რაღა უნდა ვთქვათ. მხოლოდ პატიება ვთხოვოთ ჩვენს ხალხს, რომ გვეგონა ქვეყნის სამსახურში ვიყავით და ამ კარიერისტებისთვისა და მათი “გამქაჩავი” უცხო ძალებისთვის კი გაგვიკეთებია საქმე. აშკარად არა მტრული, მაგრამ ცხვრის ტყავში გახვეული, ვითომდა მეგობრული ძალებისთვის, რომლებიც, სახარების მიხედვით, აშკარა მტრებზე უფრო უარესნი არიან. 

შემდეგ კი მოვიდა ე. შევარდნაძე, მსოფლიო პოლიტიკის საკითხებში გარკვეული და მათში მნიშვნელოვნად მონაწილე ხელმძღვანელი, რამაც ჩვენს პროდასავლურ და პროამერიკულ განწყობებს ახალი იმედები მოუტანა, ისევ ქვეყნის სასიკეთოდ, როგორც ეს მაშინ გვსურდა და გვეიმედებოდა. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა... რაც შეეხება რუსეთს, ამ სახელმწიფოს მმართველ წრეებს მათ მიერ აღიარებული დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ მაშინ ჰქონდათ ერთერთი მთავარი მოთხოვნა, რომ ჩვენს ქვეყანას მხარი არ დაეჭირა ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოებისთვის, რაც რუსებს თავიანთთვის საფრთხის შემცველად მიაჩნდათ. მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებამ იმთავითვე არ იღო ყურად რუსეთის ეს მთავარი საგარეოპოლიტიკური მოთხოვნა. საქართველოში მაშინ ბევრი, და პირადად ჩვენც, მხარს ვუჭერდით ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთისკენ გაფართოების პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ ვიყავით ჩვენ, ხელისუფალთ კი უფრო მეტი დაფიქრება, სინდისი და გონიერება მოეთხოვებოდათ. ამჟამადაც რუსები ჩვენგან მოითხოვენ პრაქტიკულად იგივეს, მხოლოდ ახალ ვითრებაში, როდესაც ნატო აღმოსავლეთისკენ უკვე გაფართოვდა, ისინი მოიხოვენ, რომ თავად საქართველო, რუსეთის ფედერაციის უშუალო მეზობელი სახელმწიფო არ შევიდეს ნატო-ში, არამედ 2008 წლის აგვისტოს სამწუხარო და სამარცხვინო მოვლენებამდე, ისინი საქართველოს ნეიტრალიტეტზეც კი თანახმა იყვნენ, არათუ უშუალოდ რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში ჩვენს ჩართვაზე. იმ ხანებში ასეთი გზავნილები მოდიოდა რუსეთის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთაგან, იმასაც კი გვპირდებოდნენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხშიც უფრო ქმედითად დაგვეხმარებოდნენ. მაშინ ქართული ტელეარხებით გასულ გადაცემებში ჟურნალესტები ეკითხებოდნენ ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფალთ და, ასევე, ქართული საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილის წარმომადგენლებს, რაზედაც იყო ერთი ტრაფარეტული პასუხი: ჩვენთვის მთავარია დასავლურ სტრუქტურებში – ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაო. ანუ თავად ეს ქართველი “ვაიჭკუისაგან” ადამიანები აცხადებდნენ ყველას დასანახად და გასაგონად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის მეორეხარისხოვანია დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან შედარებითო, ახლა კი ერთი “მოთქმა-გოდება” აქვთ ატეხილი იმ მათთვის მეორეხარისხოვანი ტერიტორიების დაკარგვის გამო. თუმცა კი ეს მათთვის იყო მაშინ მეორეხარისხოვანი, და ასეა ალბათ ახლაც, მაგრამ იმავე ევროატლანტიკური წრეებისთვის კი, რომლებსაც ასე ადვილად არ აუღიათ ხელი რუსეთთან მომავალი ომის მზადებაზე, ეს ორი პატარა პლაცდარმი კავკასიონის ქედის სამხრეთით სულაც არ გახლავთ მეორეხარისხოვანი, ვინაიდან მათი ხელში ჩაგდებით ისინი უკვე შეძლებენ რეალურ ზრუნვას იმისთვისაც, რომ ჩრდილოკავკასია თანდათანობით რუსეთს ჩამოაშორონ და ის ომი დაიწყონ უკვე მოსკოვთან გაცილებით უფრო ახლოს მდებარე და თანაც დაბლობი და გაშლილი რელიეფის პირობებში, სადაც მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებია ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების მოქმედებებისთვის. აი რატომ “უჭერს მხარს” დასავლეთი საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაში იმ დროს, რიდესაც ჩვენს ქვეყანას ეს სუვერენიტეტი კარგა ხანია დაკარგული აქვს თბილისშივე, სადაც სახელისუფლებო სტრუქტურებში სხედან დასავლეთის მარიონეტები და თავიანთი “ბოსების” მითითებების შესაბამისად მიჰყავთ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეურნეო-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური, რელიგიური ცხოვრება და სხვა.

ასეთია პირადად ჩვენი შეხედულება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, საიდანაც ჩანს, რომ ჩვენც, ქართველობაც, ძალიან ბევრს ვაშავებთ რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ აქ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. თავად ნატალია ნაროჩნიცკაია აღნიშნავს ხოლმე თავის წერილებში, რომ სამშობლო თითოეული ერისთვის უფლის მიერაა ნაწყალობევი, ბოძებული, სახელმწიფო კი ის წარმონაქმნია, რომელსა ესა თუ ის ერი თავისი მეცადინეობით აშენებს და ამ პროცესში მასში შემოიკრებს სხვა ერებისა და ხალხების მიწა-წყალსაც, სამშობლოებსაც, რომელთაც ვეღარ შეძლეს ისტორიის გზაზე დამოუკიდებლად სიარული და, ამა თუ იმ ფორმით, უარი თქვეს საკუთარი სუვერენიტეტის რაღაც ნაწილზე და სხვა უფრო ძლიერ სახელმწიფოს შეაფრეს თავი. ამიტომ სახელმწიფო, როგორი დიდიც არ უნდა იყოს იგი, მაინც გარკვეულწულად ცოდვიანია, ცოდვილობის შემცველია, რასაც ვერ ვიტყვით ღვთივბოძებული სამშობლოს შესახებ. და როდესაც დღეს, ათეისტური მმართველობის ათწლეულების შემდეგ მართლმადიდებლობისკენ, ჭეშმარიტი ქრისტიანობისკენ შემობრუნებული რუსეთი, საითკენ სვლას ქართველებიც ვცდილობთ, დასავლეთის სამსახურში ჩამდგარი, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის ზურგის შემაქცეველი ამ ერთი მუჭა გლობალისტების დანაშაულებათა გამო მთელი ქართველობისთვის რომ ცდილობს ღვთივბოძებული საშობლოს ერთი ნაწილის – შიდა ქართლის წართმევას, განა დარწმუნებულია რომ სწორად იქცევა? განა დარწმუნებულია იმაში, რომ მთელი ქართველობა იმსახურებს თავისი საქციელის გამო ასეთ სასჯელს? განა დარწმუნებულია იმაში, რომ თავად მასვე არ მიეზღვება უფლისგან ისეთი სასჯელი, რასაც დღესდღეობით ჩვენ გვატეხს თავზე? არადა ქრისტიანი უნდა ფიქრობდეს ამაზე და მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ამ ქვეყნად ყოველ დღე უფლის წინაშე დადის და მუდმივად მისი თვალთახედვის არეში იმყოფება. რომ უფლისთვის ყველანი საყვარელი შვილები ვართ და ერთმანეთის მიმართ მზაკვრობით, ვერაგობით, უგულისხმობითა და მოძალადეობით უწინარეს ყოვლისა უფალს ვტკენთ გულს, მას ვაცვამთ ჯვარზე და მისგანვე ვღებულობთ სამართლიან სასჯელს. რასაც ვთესთ, იმასვე ვიმკით. უფრო მეტიც, თუ ქარს დავთსავთ, ქარიშხალს მოვიმკით. და რად გვინდა ასეთი უბედურებებისა და განსაცდელების გადატანა იმისთვის, რათა მართლაც საქმით შევიქნათ ჭეშმარიტი ქრისტიანები, და არა მხოლოდ სიტყვითა და თავის მოწონებით? აი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი ყველა ქრისტიანმა, და მათ შორის რუსებმაც, ისევე როგორც ჩვენც, ქართველებმაც.

No comments:

Post a Comment