Friday, June 3, 2011

რუსეთი და დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში

საუკუნესა და ათასწლეულს რუსეთი აბიჯებს ისე, რომ დაკარგა თითქმის ათი თაობის შრომის ნაყოფი. ახლა შეიძლება ლოგიკურ ჯაჭვში ჩავაყენოთ უკანასკნელი ათწლეულის საერთაშორისო მოვლენები და მივიღოთ საბოლოო წარმოდგენა წარმავალი ეპოქის მსოფლიო პოლიტიკის აზრის შესახებ. ისინი ყველაზე უფრო ნაკლებად ასახავს XX საუკუნის იდეოლოგიათა ბრძოლას – დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ყბადაღებულ მეტოქეობას. დღეს ამ დაპირისპირებამ შეიძინა ნაცნობი მოხაზულობანი – მისი საზღვარი კვლავ გადის იქ, სადაც ვატიკანის, რჟეჩ პოსპოლიტასა და ჰაბსბურგების იმპერიის ექსპანსია დაიმსხვრა რუსული დიდმპყრობელობის ძლიერებაზე, რომელიც სამასი წლის მანძილზე ინარჩუნებდა ამ ხაზს.

აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიამ სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ, რომელიც აღსრულებულ იქნა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, ააფეთქა XX საუკუნის მსოფლიო წესრიგი. ეს არის დასავლეთევროპული ლიბერალიზმისა და დემოკრატიის გამანადგურებელი გაკოტრება, რომელსაც თავს გვახვევენ უნივერსალური ფილოსოფიური ნიმუშის სახით. მაგრამ სწორედ ამ იდეოლოგიური დროშის ქვეშ აღასრულებდნენ რუსეთის შეგნებულ ნგრევას მის ორ ჰიპოსტასში – როგორც მთელი ერთობლივი დასავლეთის თანაბრად დიდი (равновеликой) გეოპოლიტიკური ძალისა და როგორც დამოუკიდებელი ისტორიული პიროვნებისა, მსოფლიო ისტორიის აზრის საკუთარი ძიებით.

მთელ ამ დროში XX საუკუნის პოლიტიკა დაჰყავდათ “ლიბერალური” დასავლეთის ბრძოლის კლიშემდე “საბჭოთა კომუნიზმთან”. დროა გავიაზროთ მარქსისტულ და “დემოკრატიულ” პოლიტოლოგიაში ამ თეზისის ერთიანობის ტრაგიკული შედეგი. იგი წარმატებით ფარავს (მალავს) რუსეთის გარშემო ჭეშმარიტად ეშმაკურად გადაწნულ ხლართებს რევოლუციის წლებში, აგრევე იალტისა და პოტსდამის შემდეგაც და ნიღბავს თანამედროვე სიტუაციას. მაგრამ ზეწოლა მუდმივად შევიწროვებად არეალზე (XVI საუკუნის მოსკოვის რუსეთი), დასავლეთის დიქტატი უკვე არაკომუნისტური რუსეთის მიმართ გვიბიძგებს იქითკენ, რომ უფრო სხვანაირად შევხედოთ მოვლენებს და გავიაზროთ ისინი.

სინამდვილეში საქმით დასავლეთის სტრატეგია მდგომარეობდა არა კომუნიზმის “მოთმინებით, ხანგრძლივად და ფხიზლად შეკავებაში” ჯ. კენანის მიხედვით, არამედ სსრკ-ის, როგორც დასავლეთის საპირწონის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას ადასტურებს აშშ-ის კონგრესის 1959 წლის კანონი “დამონებული ერების შესახებ” (P. L. 86-90). მან მოუწოდა გაენთავისუფლებინათ “კომუნისტური რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი” და ასეთებად დაასახელა რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს ყველა ხალხი რუსი ხალხის გარდა (!). ცივი ომის მთავარი ასპექტი გახლდათ არა “ბრძოლა კომუნიზმთან”, არამედ ბრძოლა “რუსულ იმპერიალიზმთან” კ. მარქსის მიხედვით, ამასთან თავად ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე.

გაშიშვლდა დასავლეთის მიზანიც საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაში, რომელიც შენიღბულია ტოტალიტარიზმთან გამომშვიდობებით, – მთელი რუსული ისტორიის ნგრევა – იასისა და ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებების, ნიშტატის ზავის, პოლტავისა. როდესაც რუსეთმა დაკარგა ისეთი სახელმწიფოს როლი, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ ისროდა, დასავლეთმა სროლა დაუწყო იმათ, ვინც კი მოესურვება, არც ყოყმანობს და ფეხით თელავს დემოკრატიის ყურანს – საერთაშორისო სამართალს. ხოლო როდესაც გამოფხიზლების შემდეგ გაჩნდა სურვილი დავპირისპირებოდით ახალ “დრანგ ნახ ოსტენს”, ინფანტილური ლიბერალებისთვის გამოჩნდა მეორე მოულოდნელი გამოსავალიც: სანაოსნო მდინარეები, ზღვაზე გასასვლელები, გაუყინავი პორტები, საზღვრების დაცვადი კონფიგურაცია ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც XVIII საუკუნის მონარქიისთვის, ისე XXI საუკუნის რესპუბლიკისთვისაც, როგორც დესპოტიისთვის, ისე დემოკრატიისთვისა და ეროვნული კაპიტალიზმისთვისაც. აღმოჩნდა, რომ ეროვნულ კაპიტალს პროლეტარიატზე უფრო მეტად სჭირდება დიდი რუსეთი დერჟავის ყველა ატრიბუტით. მათვე მიეკუთვნება ზღვაზე გასასვლელებიც ბლოკებიცა და კავშირებიც. მხოლოდ ისინი უზრუნველყოფენ როგორც “ტირანების” დროს, ისე “ზოგადსაკაცობრიო” ფასეულობათა საუკუნეშიც არა მხოლოდ “იმპერიალისტური” ზარბაზნების, არამედ ნავთობით დატვირთული ტანკერებისა და ჰუმანიტარული ბადრაგების დაუბრკოლებელ გავლას.

მაგრამ სანამ რუსეთის ლიბერალი ტკბებოდა “ახალი აზროვნებით”, დასავლეთი უფრო მეტი ხალისით მოქმედებდა “ძველით” და ხელში იგდებდა ყველაფერს, რასაც კი უნაყოფო აბსტრაქციების სასარგებლოდ აძლევდნენ მას სახაროვ-გორბაჩოვისეული სკოლის მიერ აღზრდილები. და აი, სუვოროვი უკვე აღარ არის რიმნიკელი, რუმიანცევი – დუნაისმიღმელი, დიბიჩი – ბალკანეთისმიღმელი, პასკევიჩი – ერევნელი, მურავიოვი – ყარსელი, პოტიომკინი – ტავრიდელი. ამის იქით არის არა მხოლოდ ველიკოროსების ეროვნული სიამაყის დამცირება, არამედ დუნაის შესართავისა და სევასტოპოლის – სამხედრო-საზღვაო სიმაგრის დაკარგვა, შავი ზღვის ფლოტის ნელი სიკვდილი, ხმელთაშუა ზღვა – ბალკანეთის რეგიონში ძალთა ბალანსისთვის საკვანძო პოზიციების დაკარგვა. ეს არის გასული საუკუნიდან აღმოსავლეთის საკითხის დაბრუნება და ისტორიული რუსეთის მუსლიმანურ-თურქული ტერიტორიების თურქეთთან დაკავშირების პერსპექტივა ამ უკანასკნელის რევანშისადმი ისტორიულ მისწრაფებაში.

დღევანდელი სამხედრო ეტაპია – ევროპაში სამხედრო-სტრატეგიული სიტუაციის უკვე მიღწეული ცვლილების განმტკიცება და შემდეგი რაუნდისთვის მომზადება. ბედმა სერბები მოათავსა ვარდარო-მორავიის ქვაბულში, რომელზედაც გადის გეოპოლიტიკური ღერძი დასავლეთი – მცირე აზია. ყველა მსხვილი შეტევა დასავლეთზე იწყებოდა სერბეთიდან, რომლის დაკავების გარეშეც შეუძლებელია დასავლეთის სამხედრო ძალის შეერთება თურქეთის სტრატეგიულ მდებარეობასთან (სრუტეები), და რუსეთის გარშემო გეოპოლიტიკური რგოლის შეკვრა. თავიდან სერბეთი იქცა მსუბუქად მოდერნიზებული საუკუნის დასაწყისში კაიზერული პროექტების “Mitteleuropa”-ს ობიექტად (იუგოსლავიის დანაწევრება, ბოსნიის დაუფლება – ზღვაზე გასვლა), ახლა კი სამხედრო-პოლიტიკური აქციების ობიექტადაც. მიზანი აშკარაა: სლავების ფრაგმენტაცია, ბალკანეთის რუსეთთან მიმართებით ძალისმიერი პოლიტიკის გატარების პლაცდარმად გადაქცევა. სწორედ ეს მისცემთ საშუალებას უკანმოუბრუნებლად ჩაკეტონ რუსეთი გეოპოლიტიკურ რეზერვაციაში: მდგომარება ლივონიის ომამდე ჩრდილო-დასავლეთში, ყირიმის ომის შემდეგ – სამხრეთში, თურქულ-ისლამური რკალით რუსეთის მოკვეთა შავი და კასპიის ზღვებისგან და ბიზანტიური სივრცისგან. დასავლეთი რუსეთისა და სლავების ნანგრევებზე აშენებს ახალ იმპერიას ბალკანური საზღვრით და ეს მიზანი მისთვის ამართლებს საშუალებებს.

ომი შედეგად მოჰყვა არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული, არამედ აგრეთვე იდეოლოგიური სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას აღმოსავლეთ ევროპაში. აშკარა გახდა ჩვენი წინაპრებისთვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ჭეშმარიტებაც. რუსეთს, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას მის ადგილას სჭირდება, რომ მომიჯნავე ქვეყნები არ იქცეოდნენ ი. პილსუდსკისეული პოლონეთის მსგავსად. მაგრამ ობიექტურია, რომ ურთიერთდამეტოქებულ გეოპოლიტიკურ სისტემებს შორის პირაპირზე მდებარე მცირე სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით გამწვავების მომენტში. ან რუსეთი აკავებს მათ თავის გეოპოლიტიკურ ორბიტაში, ანდა ისინი გარდაუვალად, როგორც ეს ხდებოდა კიდეც, ჩათრეულნი აღმოჩნდებიან ანტირუსეთულ კომბინაციაში. უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ნატო-ში შესვლამ სამხედრო-სტრატეგიული სიმეტრიის მკვეთრად დარღვევის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გახადა გაცილებით უფრო მეტად ანტირუსული, ანტიმართლმადიდებლური. იქცნენ რა კათოლიციზმის რელიგიური ექსპანსიის უკანასკნელ ნადავლად ევროპის აღმოსავლეთში, ეს ერები გახდნენ ლათინობის ფორპოსტი სლავურ სამყაროში და საუკუნეების მანძილზე თავად, ან ჰაბსბურგების იმპერიის ფარვატერში ზეწოლას ახდენდნენ რუსეთზე და თავს ესხმოდნენ მას.

პოლონეთის ისტორიული მტრობა რუსეთისა და მართლმადიდებელი სლავობისადმი, ეს გახლავთ პოლონური თვითშეგნების აზრწარმომქმნელი ბირთვი. ბოლესლავ მამაციდან ვლადისლავამდე, ე. ი. “ცარიზმის მიერ პოლონეთის გაყოფებამდე”, ხუთი საუკუნის განმავლობაში არაფრით არ პროვოცირებული შემოტევისა; რჟეჩ პოსპოლიტა, ბრმად დაივიწყა რა თავისი დასავლური მიწების დაცვის შესახებ, რომლებიც დაუყოვნებლივ დაიკავეს გერმანელებმა, ელოლიავებოდა ოცნებას მართლმადიდებელი ბარბაროსების დამცირებისა და კათოლიკური სლავური იმპერიის შექმნის შესახებ. რუსეთში ყველა არეულობისა და შინაგანი დრამების დროს ეს ერები, ასე თუ ისე, მონაწილეობდნენ მტრულ საგარეო აქციებში მის წინააღმდეგ. ამის მაგალითები საკმარისად არის ნაპოლეონის შემოსევიდან სამოქალაქო ომით შეპყრობილ რუსეთში ინტერვენციამდე, საითკენაც გამოემართნენ უნგრელებიც, ჩეხებიცა და პოლონელებიც. რასაც არ უნდა წერდნენ “რუსული იმპერიალიზმის” შესახებ, საერთო შედეგს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ X ასწლეულიდან დაწყებული XX-ის შუახანებამდე სწორედ დასავლეთი, აღმოსავლეთევროპელი კათოლიკების წინამბრძოლობით, მუდმივად მოიწევდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო ჩვენ კი ძლივსღა ვინარჩუნებდით რუსული სახელმწიფოებრიობის მიჯნებს.

მხოლოდ იალტამ და პოტსდამმა შეცვალეს მდგომარეობა, გადააქციეს რა 50 წლით აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია სსრკ-ის გავლენის სფეროდ და, როგორც აღნიშნა ანგლოსაქსონური ისტორიული აზრის პატრიარქმა ა. ტოინბიმ, “დასავლეთმა ათასი წლის მანძილზე პირველად იგრძნო საკუთარ თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც იგი (რუსეთი – ი. ხ.) განიცდიდა დასავლეთისგან მთელი ამ საუკუნეების მანძილზე”. და ამ პერიოდში რუსების მიერ გადარჩენილი პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია აღმოჩნდნენ საბჭოთა ბლოკის გაცილებით უფრო ნაკლებად საიმედო წევრები, ვიდრე თვით დამარცხებული და გაყოფილი გერმანელები. თუკი გერმანელები გორბაჩოვმა პირდაპირ მუჯლუგუნებით გაყარა თავიანთ დასავლელ მოძმეებთან, პოლონელები, უნგრელები და ჩეხები, დაივიწყეს რა სუდეტებისა და ოდერ-ნაისეს ხაზის – სტალინგრადის სისხლით ანაზღაურებული საბჭოთა კავშირის საჩუქრის შესახებ, ჯანყდებოდნენ სსრკ-ის სატელიტებად თავიანთი მდგომარეობის წინააღმდეგ და განიცადეს გარედან ჩარევა ბლოკური წონასწორობის შენარჩუნებისთვის. ყოველივე ეს მეტყველებს რუსეთზე რევანშის შანსის გამო მათი ახლანდელი ეიფორიის ღრმა რელიგიურ-ისტორიული მოტივების თაობაზე.

რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები კვებავს უკრაინის პოლიტიკის გაორებასაც, რომელმაც უკრაინა – ნატო-ს ქარტიაში ხელი მოაწერა ფორმულირებას სტრატეგიული მიზნის – “ატლანტიკურ სტრუქტურებში” ინტეგრაციის – შესახებ. რუსეთის უკრაინასთან ხელშეკრულების რატიფიკაციამ მოხსნა რიგი ობიექტური დაბრკოლებებისა ნატო-ში მის შესასვლელად. ხელშეკრულება რუსეთის დიპლომატიის “უყურადღებობის” გამო არ შეიცავს მთავარ დებულებას, რომ არ შედიოდნენ ერთის ან მეორისადმი მტრულ ბლოკებსა და კავშირებში და არ უშვებდნენ თავიანთ ტერიტორიაზე მესამე სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებს. უკრაინა არ გახლავთ ხელშეკრულების მონაწილე დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, ხოლო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “ნატო-მ არ უნდა დატოვოს სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები ერთი-ერთზე თავიანთ უსაფრთხოებასთან”.

გულუბრყვილობაა ვეძებოთ უკრაინული შეგნების გაორებულობის მიზეზი ტოტალიტარიზმისგან გაქცევაში, ისევე როგორც ვუხსნიდეთ უკრაინელ “მშრომელებს”, რომ ისინი თავინთი ძმებისგან გამოჰყვეს მათივე ძარცვის უფრო მეტად გაადვილების მიზნით. სჯობს დავფიქრდეთ, თუ ინტელექტუალური პატრიარქის მ. გრუშევსკის კაპიტალურ ნაშრომს (Исторiя Украiны – Руси. Киiв – Лвiв, 1907) რატომ მიჰყავდა უკვე მკითხველი იმ აზრამდე, რომ თურანულმა მოსკოვეთმა მოჰპარა კიევის ისტორია და წმინდა სიფიოს ტაძრის სამღვდელო შესამოსლები არიულ უკრაინას? თუ რატომ დასცინოდნენ ცენტრალური რადის პოლკის მართლმადიდებელ მღვდელს იოანე თეოდოროვიჩს 1924 წელს კანადაში უნიატები მისი “გმირული” ნაციონალისტური წარსულის მიუხედავად? “რატომ არა ხარ შენ ბერძენ-კათოლიკი, – წერდა იგი – შენ არ შეიძლება იყო უკრაინელი... შენ ხარ კაცაპი, მოსკალი, წყეული სქიზმატიკოსი”.

სათავეები აქ არის კათოლიციზმის ზიზღში რუსული მართლმადიდებლობისადმი, ბრესტის უნიაში, რომელმაც გაჰყო ერთი ხალხის ცხოვრება და შეგნება. კიევის მოწყვეტა მოსკოვისგან, აღმოსავლეთ სლავობის გაკათოლიკება იყო დასავლეთის საუკუნოვანი მისწრაფებები: “ოჰ, ჩემო რუსინებო! თქვენი მეშვეობით ვიმედოვნებ კიდეც მივაღწიო აღმოსავლეთს...” – მოუწოდებდა XVII საუკუნის დასაწყისში რომის პაპი ურბანუს VIII. პ. ნ. დურნოვო 1914 წელს აფრთხილებდა: “მხოლოდ უგუნურს შეიძლება სურდეს ლათინური გალიციის შემოერთება. იგი დაკარგავს იმპერიას”. ისტორიული ალღოთი ა. ს. პუშკინმა გამოიცნო, რომ პრობლემა ყოველთვის მწვავედ დგება ხოლმე დასავლეთის რუსეთზე მოწოლის (შემოტევის) დროს: «Наш Киев дряхлый, златоглавый, сей пращур русских городов, сроднит ли с буйною Варшавой святыни всех своих гробов?» (“ჩვენი კიევი, ძველი, ოქროს გუმბათოვანი, ეს წინაპარი რუსულ ქალაქებისა, დაანათესავებს კი მშფოთვარე ვარშავასთან თვისთა მამათა წმინდა საფლავებს?”)

უკრაინა წარმოადგენს კოლოსალური პოლიტიკური, ფინანსური ძალისხმევის გამოყენებისა და აშშ-ის დემოკრატიული “არშიყობის” ობიექტს. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მ. რივკინი აცხადებდა, რომ უკრაინის ჩაბმა ნატო-თან პარტნიორობაში უნდა იქცეს სსრკ-ის დაშლის ლოგიკურ დასრულებად. აშშ-ის კონგრესმა ძალისხმევა მიმართა კიევზე, რათა ნებისმიერი საშუალებით დაასწროს ნებისმიერ ინტეგრაციულ ტენდენციებს რუსეთთან, რომელიც, ზ. ბჟეზინსკის მიხედვით, უკრაინასთან ერთად გახდებოდა ისევ “იმპერია”, ე. ი. სუპერდერჟავა. მაგრამ დასავლეთის ყველაზე უფრო სანუკვარი სტრატეგიული და იდეოლოგიური მისწრაფებების გზაზე რჩება რიგი სერიოზული დაბრკოლებებისა.

უწინარეს ყოვლისა, ეს არის ბელორუსია, რომელიც განწყობილია უაღრესად ანტიატლანტიკურად, აგრეთვე დემონსტრაციულად გულგრილია დასავლეთისა და მთელი მისი იდეოლოგიური ბაგაჟისადმი, რაც იწვევს დასავლეთის მხრიდან ბოროტ და ისტერიულ დევნას. აშკარაა, რომ საბოლოო ზეწოლას მოახდენენ ასევე დნესტრისპირეთისთვის ბოლოს მოღების მიზნით, რომელიც იზმაილიდან რუსული ხომალდების წამოსვლის შემდეგ რუსეთის ერთადერთ საყრდენ წერტილად დარჩა დუნაი – ბალკანეთის მიმართულებაზე. შესაძლოა მოველოდეთ ნატო-ში ლიტვის დაჩქარებით მიღებასაც, რომელზე გამოვლითაც მოდის გზა კალინინგრადის ოლქისა და მისი გაუყინავი ნავსადგურისკენ.

რუსეთისა და დაუმორჩილებელი სლავი “ბარბაროსების” ინტერესებზე შემოტევაში წარსულში ანგლოსაქსები ყოველთვის გამოდიოდნენ გეოპოლიტიკურ კავშირში “ცივილიზებულ” ისლასმთან. დღეს ლათინურ დასავლეთს კვლავ “მოკავშირედ ჰყავს თურქი” და “გადასცემს მას ცივილიზაციის დროშას” – ალბანელებისა და ჩეჩნების უფლებებისთვის ბრძოლისა. დასავლეთი მორალურად და იარაღით მხარს უჭერს ჩეჩენ ბანდიტებს, როგორც გენუელი ვაჭრები უჭერდნენ მხარს მამაის. იმისთვის, რათა გაეკვეთათ ბალკანეთი მწვანე დერეფნით, აშშ და დასავლეთი არ შეუშინდნენ ევროპის ცენტრში მებრძოლი მუსლიმანური სახელმწიფოს – ბოსნიის შექმნას. ბრწყინვალე პორტა კვლავ იჩენს ინტერესებს ისტორიული რუსეთის ნაწილებისადმი. ღერძი აშშ – თელ-ავივი – სტამბული ერთი ბოლოთი მიბჯენილია ბალკანეთზე, მეორეთი, ბაქოსთან თურქეთის გაძლიერებული კავშირების მეშვეობით, – გადმოჭიმულია კავკასიაზე, ამიტომ ჩეჩნეთი წარმოადგენს სტრატეგიულ ნაწილს, თუმცა კი გააჩნია თავისი ავტონომიური განვითარებაც.

აშკარაა, რომ კოსოვოს ოკუპაცია არის აშშ-ის მიერ გააზრებული და შესრულებისთვის მიღებული მიზანი იუგოსლავიაში საქმეების ნამდვილი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, რომელიც (ე. ი. იუგოსლავია – ი. ხ.) არ ემუქრება ნატო-ს არც ერთ სახელმწიფოს. ეს აუცილებელი იყო მათთვის რათა დაბრკოლება მოეხსნათ ნატო-თვის მთელი ევროპის სამხედრო-პოლიტიკური დაუფლების გზაზე, აგრეთვე ამერიკული ჯარების დაგეგმილი გადმოყვანისთვისაც დისლოკაციის ახალ ადგილებში, მათ შორის სამხედრო ბაზისა, ავიანოსიც, ახალ მიზნებთან უფრო ახლოს აღმოსავლეთისკენ, რისთვისაც სჭირდებოდათ კოსოვოს ველი – ერთადერთი ბუნებრივი დაბლობი მთელ ვარდარო-მორავიის ხეობაში. ამ გეგმას შესაძლოა ჰქონდეს შედეგები რუსეთის როგორც დუნაის სახელმწიფოს სტატუსისთვისაც, რომელსაც იგი დუნაის შესართავის დაკარგვის მიუხედავად, ჯერჯერობით ინარჩუნებს, თუკი იუგოსლავიის პარალიზების შემდეგ ნატო-ს ორბიტაში ჩაითრევენ ბულგარეთს, რუმინეთსა და მოლდავეთს.

მსოფლიო ისლამი ავლენს ახალ იმპულსსა და მადას რუსეთისა და რუსების როგორც ევრაზიის რეგიონში მთავარი გეოპოლიტიკური და ისტორიული სუბიექტის ეროზიის, ბალკანეთში და პოსტბიზანტიურ სივრცეზე მართლადიდებლური და სლავური კომპონენტის სრული ფრაგმენტაციის ფონზე. უკვე ახორციელებენ “ისლამური რკალის” გეოპოლიტიკურ იდეას “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე” (ა. იზეტბეგოვიჩი) და აშკარაა შავი ზღვა – კავკასია – კასპიის ზღვის რკალის სტრატეგიაც, რომელიც განსაკუთრებით მაცდუნებელია პანთურქიზმისთვის. “რუხი მგლების” მიერ სტამბულში უკვე გამოშვებულია რუკები, სადაც ყირიმი, ნოვოროსია, კავკასია, ამიერკავკასია, კვიპროსი და ბალკანეთის ნახევარი შეღებილია თურქეთთან ერთ ფერად, ხოლო მისგან ძალოვანი ისრები მომართულია თათარსტანსა და ბაშკირეთზე. ყოველივე ეს გახლავთ რუსეთის მიერ სევასტოპოლის დაკარგვისა და 1995-1996 წწ. ჩეჩნეთის წინაშე კაპიტულაციის პირდაპირი შედეგი, რომლებმაც გარდაუვალად მოახდინეს რუსეთის გარემომცველი ინტერესების პროვოცირება კავკასიის დასაბრუნებლად ისლამური პოლიტიკის ორბიტაში, რომელსაც ვერ აკონტროლებენ მთავრობები. მუქარის ქვეშაა რუსეთის ორასწლოვანი დერჟავული მუშაობა სამხრეთში, სამხედრო-სტრატეგიული ბალანსი ხმელთაშუა ზღვაზე, აღმოსავლეთ-ქრისტიანული სამყაროს მომავალი (მათ შორის ქართველობისაც – ი. ხ.).

თურქეთი ბევრ ასპექტში უკვე შორს გადის მისთვის გამოყოფილი “ატლანტიკური როლის” ფარგლებს გარეთ, რომლის გაკონტროლებასაც დასავლეთი წინდაუხედავად და გულუბრყვილოდ იმედოვნებს. დასავლეთი კიდევ გაიხსენებს, თუ როგორ იდგნენ თურქები ვენასთან. ევროპის ცენტრში მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნას, თვით თავიანთ ყველაზე უფრო დაუძინებელ მტერთად ერთად, უპირობოდ მხარს უჭერენ როგორც ირანის “ისლამური რევოლუციის დარაჯები”, ისე მათ მიერ შეძულებული “პროდასავლური” თურქეთიც, რომელთაც შეუძლიათ ძალისხმევის გაერთიანება ისლამური არეალის გეოპოლიტიკური წინსვლისთვის, როდესაც საამისოდ შეიქმნება წინაპირობები. შავი ზღვის სრუტეების შესახებ კონვენციის (მონტრე, 1936 წ.) ნაწინასწარმეტყველები დარღვევა იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი დათმობდა პოზიციებს ყირიმსა და სევასტოპოლში, იქცა ფაქტად. თურქეთი ღიად დავობს ეგეოსის ზღვის საერთაშორისო-სამართლებრივი რეჟიმის გამო და მოითხოვს დოდეკანეზის კუნძულების შესახებ ლოზანის კონვენციის (1923 წ.) გადახედვასა და ახალ საზღვაო საზღვარს. სტამბული მიდის უპრეცედენტო ნაბიჯზე – მუქარა რუსული საზენიტო დანადგარების კვიპროსში მიწოდებასთან დაკავშირებით. აღმოსავლური საკითხი უკვე დაგვიბრუნდა XIX საუკუნიდან, თანაც გაცილებით უფრო მრისხანედ.

50-იანი წლებიდან მილიტარიზებული დასავლური ეკონომიკა ორიენტირებულია ნედლეულის გარედან შემოტანაზე და ნავთობი იქცა გეოპოლიტიკურ ფაქტორად. მნიშვნელოვანწილად რუსეთისთვის არახელსაყრელი მდგომარეობა ამ სფეროში შექმნილია საბჭოთა დროს. წმინდა რევოლუციურ ნაშიერებსა და მსოფლიო სოციალისტური ფედერაციის უტოპიებს შეიძლება მივაკუთვნოთ ბევრი დღევანდელი რეალობა შავი და კასპიის ზღვების რეგიონში, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს სამხედრო-სტრატეგიული, სანავთობო და ცივილიზაციებს შორის მეტოქეობის მნიშვნელოვან კვანძს. ისტორიული რუსული სახელმწიფოს ფედერალიზაციამ და მანამდე უსახელმწიფო ეთნოსების კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად გადაქცევამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კავკასიისა და კასპიის ნავთობი, რომელიც წარსულში ეკუთვნოდა ქრისტიანებს – სომეხ მანთაშოვებსა და ლიანოზოვებს, XX საუკუნის ბოლოსთვის აღმოჩნდა თურქულ-ისლამური წარმონაქმნების (აზერბაიჯანისა და ჩეჩნეთის) ხელში. ჰ. ალიევსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის “გულითადი თანხმობის” მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრეთვე აზერბაიჯანის მზადყოფნისა გამოვიდეს ნატო-ს მხარეზე, ამ რეალობამ შეცვალა რეგიონის ხასიათი არა რუსეთის სასარგებლოდ.

თუკი წარმავალი მსოფლიო წესრიგი გეოპოლიტიკურად წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის შედეგს, დამტკიცებულს 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტით, იდეოლოგიურად ამოდიოდა მსოფლიოს მრავალფეროვნების აღქმის აღიარებიდან, სამართლებრივი აზრით კი იგი ეფუძნებოდა ერი-სახელმწიფოს – საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – სუვერენობის ფუნდამენტურ ცნებას. სწორედ მასზე ემყარება კონცეფტუალურად კლასიკური საერთაშორისო საჯარო სამართალი ცენტრალური ფოსტულატით – ჩაურევლობის პრინციპით. ამასთან სამართალსუბიექტურობა არასოდეს არ ყოფილა პირველ- და მეორხარისხოვანი, ვინაიდან მის წყაროს ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფოს ცნება, და არა საზოგადოების მეტად ან ნაკლებად “ცივილიზებული” ტიპი, რაც შეადგენს მარტოოდენ საშინაო ცხოვრების პრაქტიკას.

თუმცა კი ოფიციალურ დიპლომატიურ ლექსიკონში ფიგურირებს უწინდელი ცნებები, მაგრამ ისინი უკვე წარმავალი ეპოქის მცირედშინაარსიანი რუდიმენტებია. დღესდღეობით “საერთაშორისო საზოგადოებრიობის ნების” ფანტომი (აჩრდილი) ფარავს (ეფარება, ნიღბავს) ნატო-ს აგრესიასა და სადამსჯელო ოპერაციებს, ამას ემსახურება “სრულიად მსოფლიო” საერთაშორისო ორგანოს – გაერო-ს – მოხერხებული ეგიდა. მედლის ორივე მხარე – აშშ-ის მიერ არბიტრის როლის მითვისება და უნივერსალური ეგიდა – მუქარაა სუვერენიტეტის ცნებისთვის, ეს წარმოადგენს ერი-სახელმწიფოს ერის (ეპოქის) დასასრულს. საერთაშორისო საჯარო სამართალი იქცევა არასაჭირო პროფესიების ფაკულტეტად. ხელშეკრულებები და შეთანხმებები სინამდვილეში მხოლოდ პროტოკოლია განზრახვების შესახებ კლაუზულით “rebus sie distantibus” (“სანამდე პირობები იგივეა”). ჰუმანისტური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში განსაკუთრებულად გაიზარდა, ხოლო ევროპის რუკა კვლავ გახდა მერყევი, როგორც რამდენიმე საუკუნით უკან, ვინაიდან დაწყებულია მსოფლიოს ახალი გადანაწილება.

ჩვენს თვალწინ მსოფლიო წესრიგს უდებენ ახალ იდეოლოგიურ საფუძვლებს, რომელთაც გააჩნიათ ორი მხარე. პირველი – ეს არის აქცენტის გაკეთება ვითომდა უნივერსალური ზეეროვნული (наднациональные) ფასეულობებისა და “საერთო მსოფლიო” ინტერესების პრიმატზე არქაულ ეროვნულ ინტერესებთან შედარებით. ამ თეზისის ფილოსოფიაა – ადამიანის პიროვნების ღმერთისგან ავტონომიურობის იდეის ლოგიკური დასრულება, უღმერთო განმანათლებლობის შედეგი, რომელმაც ათასწლეულის ბოლოსთვის საქმე მიიყვანა ადამიანის ცნების სრულ ათეიზაციასა და დეჰუმანიზაციამდე და თავისუფლება დაიყვანა (დაამცრო) ინსტინქტების თავისუფლებამდე, რაც ნიშნავს სულის მონობას. ადამიანის სიცოცხლის უმაღლეს ფასეულობად გამოცხადება ძირს უთხრის არა მხოლოდ ორიათასწლოვან ქრისტიანულ კულტურას, არამედ ადამიანთა ერთად ცხოვრების უმარტივეს ფორმებსაც. თუკი სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, მაშინ დედა აღარ გადაეფარება თავის შვილს, ქმარი ცოლს დაუთმობს მოძალადეს. სამშობლოსა და სახელმწიფოს ცნებებს წაერთმევათ აზრი, ვინაიდან მათ აღარავინ დაიცავს. ეს არის ადამიანის დეჰუმანიზაცია, მისი ბესტიალიზაცია, რადგან ადამიანი მხოლოდ იქაა, სადაც სული ხორცზე მაღლა დგას. რწმენა, მამული, მოვალეობა, ღირსება, სიყვარული – მეტაფიზიკური ცნებები ადამიანისთვის იდგა სიცოცხლეზე უფრო მაღლა, ხოლო ქრისტიანებისთვის შთამაგონებელ სახეს კი წარმოადგენდა მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლი ჯვარზე, ხოლო სახარებაში ნათქვამია: “არ არის იმაზე უფრო დიდი სიყვარული, ვინმემ რომ სული თვისი დადოს მეგობართა თვისთათვის” («нет больше той любви, как если кто душу свою отдаст за други своя»).

ამ კონცეფციას გააჩნდა სოციალური შედეგებიც. უმაღლეს სულიერ ფასეულობებთან – რელიგიურთან, ეროვნულთან, ოჯახურთან – ასოციაციებისგან თავისუფალი ადამიანი იქცევა არა სამშობლოს მოქალაქედ, არამედ მსოფლიოს მოქალაქედ, რომელიც ცხოვრობს პრინციპით “ubi bene ibi patria” – “სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც”, ე. ი. “პურითა მხოლოდ”. ასეთი ადამიანისთვის უფრო მოსახერხებელია მსოფლიო მთავრობა და არა ეროვნული მთავრობა. ერი უკვე აღარ არის მემკვიდრეობითად მცხოვრები ორგანიზმი, შეკავშირებული სულითა და საერთო ისტორიული განცდებით, და გადაიქცევა უბრალოდ ხალხმოსახლეობად – ოხლოსად. მაგრამ ოხლოკრატიის უკან ყოველთვის დგას ყოვლისშემძლე ოლიგარქია. ასეთი მსოფლიო მთავრობის მშენებლობა სახეზეა, ისევე როგორც სახეზეა სუვერენიტეტისა და ერის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი სუბიექტის ეროზიაც.

მეორე – ეს არის პარადოქსული დაბრუნება “ზესახელმწიფოს” იდეოლოგიასთან რჩეულთათვის, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბებულ იქნა გერმანული “Großraum”-ის გეოპოლიტიკის მიერ. აშშ საკუთრივ თავისთვის ახდენს ძველი დოქტრინის დემონსტრირებას: “სახელმწიფოს თავად არსშია არ აღიარებდეს თავის თავზე არანაირ ძალას”. მისმა ავტორმა ჰაინრიხ ფონ ტროიჩკემ მისცა კიდეც ლოზუნგი “Deutschland über alles”, რომელიც თავიდან შთააგონებდა რკინის კანცლერს ოტო ფონ ბისმარკს, ხოლო შემდეგ კი ცნობილი ხორცშესხმა ჰპოვა XX საუკუნეში.

ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკული საგარეო პოლიტიკის კორიფემ ჯ. კენანმა ბალკანეთის ომების შესახებ კარნეგის ფონდის მოხსენების ახალი გამოცემის წინასიტყვაობაში მიუთითა, რომ ბოსნიაში სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ მსოფლიო აღმოჩნდება “უმსგავსი პრობლემის” წინაშე. მისი გადაწყვეტა მოითხოვს (потребует) “ახალ” ტერიტორიულ სტატუს-ქვოსა და “გარედან იძულებას, რათა აიძულონ მხარეები მის მისაღებად”. მათ ვინც გადაწყვეტენ, უნდა გააჩნდეთ “ძალის გამოყენების” უნარიც. თუმცა კი ჯერ კიდევ ნ. დანილევსკიმ აღნიშნა ანგლოსაქსების მიდრეკილება ორმაგი სტანდარტებისადმი: საშინაო საქმეებში “ფორმალისტური ინგლისი არ განიცდის წუხილს (не страдает)... ლეგალურობაზე ზედმეტი მიჯაჭვულობისგან საგარეო პოლიტიკის საქმეებში” და “დაუფიქრებლად ბომბავს იმ სახელმწიფოს დედაქალაქს, რომელთანაც არ იმყოფება ომში”.

აყენებს რა საკუთარ თავს საერთაშორისო კანონებზე უფრო მაღლა, აშშ იყენებს უნივერსალისტურ იდეას და აცხადებს “მსოფლიო მთავრობას” ბრეჟნევისეული დოქტრინისადმი რაღაც მსგავსების მეშვეობით: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვა – მსოფლიო საზოგადოებრიობის საერთო საქმეა. ლიბერალიზმის ფილოსოფია ასე პარადოქსულად მახინჯდება არშემწყნარებელ ტოტალიტარულ სისტემად, რომელიც ვერ ითმენს (ვერ იწყნარებს) სხვა ფასეულობებს. ვინაიდან ყველას პოლიტიკა უნდა იყოს პროამერიკული, სხვანაირად მის დემოკრატიას დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ არანამდვილად, ხოლო თავად სახელმწიფოს კი ფაშისტურად.

დასავლეთზე შეყვარებულმა მოსკოველმა ლიბერალებმა მოიშორეს ასეთი “მონსტრი” – სსრკ, რათა საწყალ ევროპას არ ჰქონოდა შიში და ხელშეშლის გარეშე შეძლებოდა ყველასთვის ბომბებით პროგრესის მოტანა. პროდასავლური ინტელიგენცია, როგორც ჩანს, შემდგომშიც პიეტეტით მიიღებს აშშ-ის მიერ მენტორულად ჭკუის დარიგებებს დემოკრატიის, უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. ისინი უწინდებურად ეწინააღმდეგებიან რუსეთის დერჟავულ გამოღვიძებას, ნებისმიერ დემარშს დასავლეთთან მიმართებაში. თუმცა კი ეს ჩვენს თვალში აღადგენს მხოლოდ პატივისცემას რუსეთისადმი. სმერდიაკოვისეული დამოკიდებულება რუსული ეროვნული ყოფიერების იზნებისა და ფასეულობების მიმართ («Я всю Россию ненавижу-с») გადააქცევს მათ მძევლად და სწირავს მათი კერპების ნებისმიერი საქციელისადმი მხარდაჭერისთვის. საპროფესორო კაბინეტებისა და დისიდენტური სამზარეულოების იდეოლოგები, რომელთაც არ გააჩნიათ შემოქმედებითი მუშაობის უნარი, მოგვიწოდებენ დავმორჩილდეთ დასავლეთს, რაც ვითომდა ხელს შეუწყობს რუსეთის ინტეგრაციას მსოფლიო სამეურნეო სისტემაში. მაგრამ ჩვენ ამაზეც დიდი ეჭვი გვაქვს.

გულუბრყვილობაა ვფიქრობდეთ, რომ რუსეთი, უარს იტყვის რა თავის ეროვნულ-ისტორიულ ხაზზე, მიღებულ იქნება “ოქროს მილიარდში”. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს სულაც არ შედის დასავლეთის გეგმებში, და ამიტომ ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთის ეროვნული კაპიტალი არ ჩამოყალიბდეს სტაბილურობისა და ქვეყნის ერთიანობის რეალურ ფაქტორად, ახალისებს რა მხოლოდ საბრუნავ, მევახშურ კაპიტალს, განსაზღვრების მიხედვით კომპრადორულს. აქამდე არასოდეს ასე ტრაგიკულად არ დაშორებია მედასავლეთეთა ინტერესები ქვეყნის ინტერესებს. ამასთან ეს ეხება როგორც მრავლისმომთმენ ხალხს, ისე მის ეროვნულ საწარმოო კაპიტალსაც. ნებისმიერს, ვინც დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთს ჰქონდეს თავისი კაპიტალი და ინტერესების კულტურა, რომლებიც არ ემთხვევა დასავლეთის ინტერესებს, მაშინვე ბრალს დებენ იზოლაციონალიზმში. იზოლაციით გვემუქრება დასავლეთიც, რუსეთის დიდი დერჟავის სტატუსში დაბრუნებისას – იმ დერჟავისა, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ ისვრის. მაგრამ, როგორც წარსულის, ისე უკანასკნელი წლების ისტორიული გამოცდილება მეტყველებს იმის შესახებ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი რუსეთის იზოლაციას დასავლეთი ვერ შეძლებს და ვერც მოისურვებს, ვინაიდან ასეთი რუსეთი იქნება ძალზედ დიდი სისტემაწარმომქმნელი სიდიდე კონტინენტზე.

რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია რუსეთი, მით უფრო მნიშვნელოვანია იგი დასავლეთისთვის, თუმცა კი ამას თავიდან მოჰყვება მტრული დამოკიდებულებაც. რუსეთის ახლანდელი დამცირება – სწორედ რომ არის დამოუკიდებელი ისტორიული სიდიდის მისეული როლის დაკარგვის შედეგი. მისთვის ანგარიშის გაწევას საერთოდ შეწყვეტენ და თანაც გააგრძელებენ მისი იდეოლოგიური კლევრეტების მეურვეობას. ხოლო თუკი ელიტა დაიკავებს დერჟავულ პოზიციებს და რუსეთი აღორძინდება, მაშინ “იზოლაციას” – მსოფლიო ოლიგარქიაში წევრობაზე უარის მიღებას დაექვემდებარება არა რუსეთი, არამედ მისი გამყიდველები, რისი სურვილიც მათ არ გააჩნიათ. აი სად არის ბოროტების სათავე (ასეთივე პრობლემა დგას საქარველოშიც, თუმცა კი გაცილებით უფრო მცირე მასშტაბებით: ქართული პოლიტიკური პროამერიკული “ელიტის” მოჩვენებითი თანამონაწილეობა მსოფლიო მმარველობის საკითხებში, და ქართველი ხალხის სრული ართანამონაწილეობა საკუთარი ქვეყნის მართვაში, რაზედაც სხვა წერილებში ზოგადად საუბრობს ნ. ა. ნაროჩნიცკაია – ი. ხ.).

პოლიტიკა, სხვათა შორის, წარმოადგენს გარემოცვის ჭეშმარიტი მოტივაციების გარჩევის უნარს. ამაზე იგი, რა თქმა უნდა, არ დაიყვანება, მაგრამ ამის გაკეთების უნარის არმქონე ინფანტილური დოქტრინიორი, ისევე როგორც გამყიდველი ცინიკოსი, უნდა წავიდნენ სცენიდან. საკითხი იმის შესახებ, რომ თვითუარყოფის მიხედვით აქამდე უნახავი მედასავლეთეობა თუ რატომ პოულობს მაინც საყრდენს ინტელიგენციაში, არ წარმოადგენს პუბლიცისტური ემოციების ობიექტს. ახლანდელი პროფესორი ან ლიბერალ-მედასავლეთეა, ან მარქსისტ-ლენინელი, მაგრამ იშვიათად არის რუსული დიდმპყრობელობის მომხრე. რუსეთის კატასტროფის განმსაზღვრელი საზოგადოებრივი შეგნების ეს დაცემა უნდა იქცეს შესწავლისა და მკურნალობის საგნად. რუსეთში ეროვნული თვითშეგნებისა და მართლმადიდებლობის სულიერი ტრადიციების აღორძინება არის კიდეც ერთერთ დაბრკოლებათაგანი Pax Americana-თვის.

მაგრამ რუსი ლიბერალი უარყოფს რუსულ ისტორიულ და სულიერ გამოცდილებას, შეიერთა რა დღეს საკუთარ თავში XVIII საუკუნის პეტერბურგის რუსეთისეული ქედის მოდრეკა ევროპის წინაშე, ადრეული ბოლშევიზმის ზიზღი და სიძულვილი რუსულისა და მართლმადიდებლურისადმი მსოფლიო ისტორიის ყველა ისეთი განმარტების უკვე არაგულუბრყვილო, არამედ მებრძოლ უარყოფასთან, რაც სცდება უძრაობის ეპოქის “ისტორიული მატერიალიზმის” ფარგლებს. ეს მედასავლეთეობა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ობივატელურ დონეზე გვაოცებს საკუთარ მოთხოვნილებათა უბადრუკობით. “PEPSI-ის ამრჩევთა” საყოველთაო მერკანტელიზმი და იმათიც, რომლებიც ხელმძღვანელობენ დასავლეთის მეურვეობის ქვეშ მყოფ “ფონდებს” – განსაცვიფრებელ კონტრასტს წარმოადგენს იმ ზიზღთან შედარებით, რომელიც განიცადა XIX საუკუნის მედასავლეთემ ა. ი. გერცენმა უხამსი ევროპელი ბიურგერისადმი, როდესაც მან იგი ამოიცნო და და განარჩია თითოეულ თავის იდეურ მასწავლებელში – ევროპელ სოციალისტებში.

ორჯერადმა რუსულმა თვითგამყიდველობამ XX საუკუნეში არცთუ მცირე ნაყოფები მოუტანა დასავლეთს. ასწლეულის დასასრულს სახეზეა მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური მექანიზმების შეერთება ნატო-ს სამხედრო მანქანასთან გაერო-ს ეგიდით უკვე სწორედ იმ ტრანსნაციონალური კაპიტალის დიქტატისთვის დამონებულ ერებზე, რომლებიც შედგებიან “თავისუფალი” ინდივიდებისგან. Pax Americana-ს მიწიერ განმარტებაში არის XX საუკუნის ყველა უნივერსალისტური იდეის შედეგი, როგორც მარქსისტულის, ისე ლიბერალურისაც – “შრომის მსოფლიო ძმობა”, საერთოევროპული სახლი, “ერთიანი მსოფლიო”.

არა მხოლოდ რუსეთი დგას დრამატული არჩევანის წინაშე. რუსეთის მორალურმა და გეოპოლიტიკურმა კაპიტულაციამ გამოიწვია ევროპის დეგრადაციაც, რომელიც ჩავარდა კვლავ აშშ-ისა და მისი დოლარის დამოკიდებულებაში. ვაშინგტონმა განზრახ დააბრუნა წარსულის ყველა ფობია სლავებსა და ლათინურ ევროპას შორის, ლიუფტვაფეს თვითმფრინავები მოიყვანა ბელგრადის თავზე, რათა “Mitteleuropa”-ს ცნებას გამოეწვია მხოლოდ სლავებისთვის სამწუხაროდ ნაცნობი კაიზერული და ჰიტლერული გეგმების გახსენებანი. აშშ-მა მთელი დივიდენდები წაიღო თავისთვის და ამასთანავე სპობს დამოუკიდებელი შიდაევროპული დიალოგის შესაძლებლობას, რათა ცენტრალური ევროპა არ იქცეს ევრაზიული წონასწორობის ერთერთ საყრდენად ყველგანმყოფი ანგლოსაქსონური ინტერესების დიქტატის გარეშე.

გერმანია თავისი პირველი მთავრობების სახით, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლასაც არცთუ მცირედ შეუწყეს ხელი ამერიკულმა სამსახურებმა, და რომელიც თავის ატლანტიკურ ლიდერთან ერთად კვლავ მიდის ფაშისტური რაიხსვერის ნაკვალევზე, შესაძლოა ხელიდან უშვებდეს მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული დამოუკიდებელი როლის შეძენის შანსს. ლიბერალური უნივერსალიზმი ემსახურება მსოფლიოსა და ევროპის გადანაწილებას მხოლოდ ანგლოსაქსონური ძალების სასარგებლოდ. მაგრამ ევროპა შეძლებს მსოფლიო ისტორიისა და კულტურის მოვლენის როლის შესრულებას მხოლოდ რუსეთთან ურთიერთგაგების აღდგენით. ასეთი გარღვევების გამოცდილება არსებობს – ეს არის ვილი ბრანდტის “ახალი აღმოსავლური პოლიტიკაც”, რომელმაც გამოიწვია ვაშინგტონის გაღიზიანება, მაგრამ ამავე დროს მოახდინა გფრ-ის პოლიტიკური ემანსიპაცია; ეს არის საბჭოთა-ფრანგული რენესანსიც გენერალ დე გოლის დროს, რომელიც ყველას აფრთხილებდა, რომ “ქვეყნის მონაწილეობას ნატო-ში, სადაც განუყოფელად მბრძანებლობენ ამერიკელები, შეუძლია ადვილად ჩაითრიოს ეს სახელმწიფო, მისი ნების გარეშე, სახიფათო სამხედრო ავანტიურაში”. ეს არის კონტრაქტიც “გაზი – მილები”, რომელიც დადო ფედერაციულმა გერმანიამ თავისი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიული საქონლის სიისათვის გვერდის ავლით.

სინამდვილეში რუსეთს გაცილებით უფრო სერიოზული პერსპექტივები გააჩნია და სწორედ ამიტომ ცდილობენ მის დაყვანას რეზერვუარამდე “ოქროს მილიარდის” მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის. ე. წ. “მდგრადი განვითარებისთვის” XXI საუკუნეში დასავლეთისთვის საჭირო ხდება ფაქტორების უკვე შეუძლებელი აუცილებელი შეხამება. ჩამოვთვალოთ ისინი და თანაც გამოვყოთ დაკარგულები: რესურსებით სრული უზრუნველყოფა; სამხედრო ძლიერება, რომელიც გამორიცხავს მათზე სხვების მცდელობას; გარედან მოწოდებებისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი ეკონომიკა; მოსახლეობის განათლებულობის მაღალი დონე და სამეცნიერო კვლევების სრული ციკლი; მოსახლეობის არასიჭარბე და შთამბეჭდავი ტერიტორია, მოხმარების შედარებით არცთუ მაღალი დონე, პოტენციური მოგება ადამიანზე არდამოკიდებული პლანეტარული ტენდენციებისგან (გლობალური დათბობისა).

მსოფლიოში არის მხოლოდ ერთი ასეთი ქვეყანა – ეს არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია თვით XX საუკუნის უსაშინლესი ექსპერიმენტების შემდეგაც კი განაგრძობდეს დამოუკიდებელ განვითარებას როგორც დასავლეთისადმი თანაბრად დიდი (равновеликая) სულიერი და გეოპოლიტიკური ძალა. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია არა იმდენად რეფორმებზე, რადენადაც ჩვენსავე უნარზე შევიგნოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, მოვახდინოთ ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების კონსოლიდაცია, კვლავ ვიქცეთ მსოფლიო ისტორიის სუბიექტად.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 1990-იანი წლების მიწურულს
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskai.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment