Monday, January 10, 2011

რუსეთის ისტორია ახალი ინტერპრეტაციით: კრემლს უნდა რაღაც-რაღაცეების “შესწორება”

(“Christian Science Monitor”, აშშ)

მოსკოვი. საბჭოთა ხანაში დადიოდა მწარე ანეკდოტი იმის შესახებ, რომ რუსეთი ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვერწინასწარმეტყველებადი წარსულით.

ამ დაცინვამ კვლავ იჩინა თავი უკანასკნელ დღეებში, როდესაც კრემლმა გამოაცხადა სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ 28 ადამიანის შემადგენლობით, რომლის ამოცანებშიც შევა შესწავლა და წინააღმდეგობის გაწევა “ისტორიული რევიზიონიზმის” გამოვლინებებისთვის, რომლებიც ზარალს აყენებენ რუსეთის იმიჯს.

ამ კომისიას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილებანი, სათავეში ჩაუდგება პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ადმინისტრაციის მეთაური, სერგეი ნარიშკინი. მის შემადგენლობაში შევლენ არცთუ დიდი რიცხვი ისტორიკოსებისა, ასევე პარლამენტის დეპუტატები, კრემლის ჩინოსნები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები.

მაგრამ დამატებით კანონში, რომლის მიღებასაც სთავაზობს პროკრემლური პარტია “ერთიანი რუსეთი”, და რომელიც მალე შევა განსახილველად სახელმწიფო სათათბიროში, გაითვალისწინება ჯარიმები და პატიმრობა ხუთ წლამდე ვადით იმათთვის, ვინც ცნობილ იქნება დამნაშავედ “ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებების უარყოფაში”.

ეს არის რეაქცია მზარდი რაოდენობის ისტორიოგრაფიულ ნაშრომებზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებშიც საბჭოთა ბატონობის ხანგრძლივი წლების გათანაბრება ხდება თავიანთი ხასიათის მიხედვით ფაშისტურ ოკუპაციასთან, აგრეთვე კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ ნამდვილი განთავისუფლება მოვიდა ამ ქვეყნებში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას რუსებში იწვევს ზოგიერთი სახელმწიფოს მცდელობები, როგორებიც არიან უკრაინა და ლატვია, მოახდინონ იმ მოქალაქეთა “რეაბილიტაცია”, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ატარებდნენ გერმანულ ფორმას და ებრძოდნენ შეტევაზე გადასულ წითელ არმიას.

“დიდი ხანია დროა გავაანალიზოთ ის, რაც აქ ხდება, და გადავწყვიტოთ, თუ როგორი დოკუმენტები უნდა მოვიძიოთ და გამოვაქვეყნოთ ამ ინტერპრეტაციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, _ ამბობს ისტორიკოსი და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი ნატალია ნაროჩნიცკაია, რომელიც შესულია ახალი კომისიის შემადგენლობაში, _ თუკი ქვეყანას არ შეუძლია მოვიდეს ერთიან აზრზე საკუთარი წარსულის გაგებაში, მაშინ იგი ვერ შეძლებს თავისი ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებას”.

ნაროჩნიცკაია დაჟინებით მოითხოვს იმას, რომ კომისის ამოცანად უნდა იქცეს პრობლემის შესწავლა და რეკომენდაციების წარდგენა, და არა პარტიული ხაზის თავზე მოხვევა საბჭოთა სულისკვეთებით. “ყველა ქვეყანას გააჩნია ასეთი პრობლემა წონასწორობისა, და ყველა მათ უხდებათ საკუთარი გზის ძიება დამცირებასა და ნორმალურ თვითკრიტიკას შორის”, _ ამბობს იგი.

კრიტიკოსები შეშფოთებულნი არიან იმით, რასაც ისინი უწოდებენ აშკარა უკანსვლას (явный откат) ინტელექტუალური კონტროლის საბჭოთა მეთოდებისკენ.

“არ შეიძლება ებრძოდე ისტორიის ფალსიფიკაციას ბიუროკრატიული კომისიების შექმნით, _ ამბობს სერგეი სოლოვიოვი, რუსული ჟურნალის "Скепсис" რედაქტორი, რომლის მიზანიცაა კულტურათაშორისი დისკუსიის ხელშეწყობა, _ ასეთი კომისია სრულებით უსარგებლო იქნება, ან კიდევ იგი გარდაიქმნება ინსტრუმენტად იმ ადამიანთა დათრგუნვისთვის, რომლებიც ემხრობიან განსხვავებულ თვალსაზრისებს”.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ფაქტებზე

კრემლი განრისხებულია მეორე მსოფლიო ომის შედეგების ე. წ. „გადასინჯვის“ მცდელობებით აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რიგ ქვეყნებში. წითელი არმიის სამხედრო მემორიალების გადატანა პოლნეთსა და ბალტიის ქვეყნებში იწვევს განსაკუთრებულად ძლიერ გაღიზიანებას, ისევე როგორც SS-ის ლატვიელი ვეტერანების ქუჩის მარშები, ლიტვის კანონი საბჭოური სიმბოლოების საჯაროდ დემონსტრაციის აკრძალვის შესახებ და ესტონეთში ომის საბჭოთა ვეტერანისა და ორდენოსან არნოლდ მერის სასამართლო დევნა, რომელსაც ბრალს დებენ ესტონელების გენოციდსა და ციმბირში მათ დეპორტაციაში მონაწილეობაში. (არნოლდ მერი გარდაიცვალა ორი თვის წინ, სასამართლო პროცესის დასრულებამდე.)

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი _ ეს არის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მიერ უკრაინის აჯანყებულთა არმიის მოქმედებების მაღალი საჯარო შეფასება, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახმარებით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, თითქმის ათი წლის მანძილზე, პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდა სსრკ-ის წინააღმდეგ, აგრეთვე უკრაინის ხელისუფალთა მცდელობები მიაღწიონ საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან “გენოციდის” სახით აღიარებას მასობრივი შიმშილობისა, რომელიც გამოწვეული გახლდათ 30-იანი წლების კოლექტივიზაციით, და რომლის შედეგადაც დაიღუპა მილიონობით საბჭოთა გლეხი. უკრაინიაში მან მიიღო “გოლოდომორ”-ის სახელწოდება.

ახლახანს შექმნილ პრეზიდენტის ბლოგში მედვედევმა დაიჩივლა, რომ “ასეთი მცდელობები (ისტორიის გადასინჯვისა) ხდება სულ უფდრო მეტად ხისტი, გაბოროტებული, აგრესიული: ჩვენ აღმოვჩნდებით ხოლმე სიტუაციაში, როდესაც უნდა ვიცავდეთ ისტორიულ ჭეშმარიტებას და კიდევ ერთხელ უნდა ვამტკიცებდეთ კიდეც იმ ფაქტებს, რომლებიც ჯერ კიდევ სულ ახლახანს აბსოლუტურად აშკარა ჩანდა. მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია”.

ომის ისტორია _ მტკივნეული თემაა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, რომელიც გასულ თვეში ჩაატარა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია ВЦИОМ, გამოირკვა, რომ რუსების თითქის ორი მესამედი ეთანხმება აუცილებლობას გამოაცხადონ უკანონოდ “დიდ სამამულო ომში საბჭოთა გამარჯვების უარყოფის” მცდელობები, როგორც რუსეთში უწოდებენ მეორე მსოფლიო ომს. ბევრი რუსი ისტორიკოსი უფროსი თაობიდან ეთანხმება იმას, რომ ასეთი კომისიის შექმნა და მისი მუშაობა რევიზიონიზმთან ბრძოლაში _ კარგი საქმეა.

“ჩვენ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა, _ ამბობს ომის გმირი და სამხედრო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის პრეზიდენტი მაჰმუდ გარეევი, _ არ შეიძლება შევურიგდეთ ისტორიის ფალსიფიკაციებს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ისტორიისა. როდესაც სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რაღაცის გამოსწორება შესაძლებელი იქნება უკვე უახლოეს მომავალში.

საბჭოთა პერიოდის ისტორიკოს-დისიდენტმა როი მედვედევმა, გამოდიოდა რა დამოუკიდებელ რადიოსადგურში «Эхо Москвы», განაცხადა, რომ ასეთი კომისიის შექმნის იდეა პრინციპში არ იწვევს შეკამათებებს _ თუკი იგი დაკავებული იქნება ისტორიის შესწავლითა და არქივებთან ხელმისაწვდომობის გახსნით. ამასთან ერთად მან დაუმატა: “მე მკვეთრ პროტესტს ვაცხადებ სისხლის სამართლებრივი დევნის ნებისმიერი ზომების წინააღმდეგ ფალსიფიკაციისთვის, იმიტომ რომ ეს იქცევა საბჭოთა პრაქტიკის აღორძინებად: ძალზედ ცუდი იქნება, თუკი სხვადასხვა გვარი თეორიებისა და გამოკვლევების პუბლიკაცია ამის შედეგად აღმოჩნდება აკრძალვის ქვეშ”.

სტაბილური წარსულის ძიებაში

ეროვნული თვითშეგნება რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმყოფება მუდმივი ცვლილების მდგომარეობაში მის იდეოლოგიასთან და მრავალეროვნულ იმპერიასთან ერთად. პირველი პოსტსაბჭოთა წლები აღნიშნულ იქნა მკაცრი თვითგვემითა და საზოგადოების მასშტაბური დემორალიზაციით. ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა ათი წლის წინ საპასუხო პატრიოტული რეაქციის ტალღაზე, რომელსაც უნდა გაეფანტა ეროვნული დამცირების ეს ყველგანშემღწევი შეგრძნება და აეღორძინებინა სიამაყის გრძნობა რუსეთის გამო, აგრეთვე მიეღწია საბჭოთა წლების დადებითი მიღწევების აღიარებისთვისაც.

ულტრანაციონალისტური ხასიათის ზოგიერთი მოაზროვნე, როგორიც არის ალექსანდრე დუგინი, რომელიც მეთურობს გავლენიან საერთაშორისო ევრაზიურ მოძრაობას, აცხადებს, რომ შექმნა საერთოეროვნული მითისა, რომელიც გააერთიანებს ყველა რუსს, ეს ღირსეული მიზანია.

“ჩვენ უნდა დავაწესოთ სიტყვის თავისუფლების ზოგიერთი შეზღუდვა, რათა შევქმნათ საერთოეროვნული კონსენსუსი და შევინარჩუნოთ იგი მომავალი თაობებისთვის, _ ამბობს დუგინი, _ მითი, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ათვლის წერტილს საზოგადოებისთვის, აუცილებელია, რათა მოვხაზოთ ჩვენი ისტორიული გზა. ეს არ არის სიყალბე”.

მაგრამ კრიტიკოსები უკვე დიდი ხანია ჩივიან იმაზე, რომ პუტინისეული ეპოქის უკანა მხარედ, ისტორიისადმი მიდგომით სასიამოვნო შეგრძნებების გამოვლენაზე (გაჩენაზე) გათვლით, იქცა წარსულის მრავალრიცხოვან ბოროტმოქმედებათა სიმძიმის მიჩუმათების ტენდენცია, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) სტალინური საიდუმლო სამსახურის მიერ ადამიანთა მასობრივი მკვლელობების ჩათვლით.

“მე არც კი ვთვლი (ამ კომისიას) კანონიერად. ჩვენი კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფო იდეოლოგიის შექმნას და ახდენს რუსეთში იდეოლოგიური პლურალიზმის სანქცირებას, _ ამბობს სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ვლადიმირ რიჟკოვი, _ ისტორიის შესახებ შეიძლება ვკამათობდეთ, მაგრამ მას არ უნდა გვახვევდნენ თავზე ისინი, ვინც მოცემულ მომენტში იმყოფებიან ხელისუფლებაში. ჩვენს ისტორიას საუკუნეებით წერდნენ და გადასწერდნენ მეფეები და კომისრები. ამიტომ ახალმა კომისიამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ეჭვები და პროტესტები”.

ფრედ უეირი (Fred Weir)
ИноСМИ, 22.05.2009
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 28.05.09

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment