Tuesday, November 16, 2010

„ჰააგის ტრიბუნალი“: სუვერენიტეტის სიკვდილია

ნებისმიერ გლობალურ მექანიზმს მივყავართ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპისთვის _ ერი-სახელმწიფოს სუვერენობისთვის _ ძირის გამოთხრისკენ. XX საუკუნის ისტორიაში ასეთი შემთხვევები უკვე შეგვხვედრია. მაგრამ ჰააგის ტრიბუნალისთვის სლობოდან მილოშევიჩის გადაცემა ძირეულად განსხვავდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული პრეცედენტებისგან.

მსოფლიო ტრიბუნალის პირველი მცდელობაა _ ნიურნბერგის ტრიბუნალი. მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ გერმანიის „სრული და უსიტყვო კაპიტულაცია“ ნიშნავდა მისი სუვერენიტეტის სრულ დაკარგვასა და სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის არსებობის შეწყვეტას (ჩვეულებრივი კაპიტულაციისგან _ საომარ მოქმედებებში დამარცხების აღიარებისგან _ განსხვავებით). ჰიტლერულმა გერმანიამ ჩაიდინა დანაშაულებანი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ე. ი. სახეზეა საერთაშორისო სამართლის დარღვევა, უფრო სწორად, მისი სრული გათელვა.

სრულებით არასწორია აგრეთვე ვადარებდეთ მილოშევიჩის შემთხვევას ლონდონში პინოჩეტის დაკავებასთან. იურისტების უმეტესობა მესამე ქვეყანაში მეორე ქვეყნის სარჩელის თანახმად დაკავებას თვლიდა არამართლზომიერად, თუმცა პინოჩეტის შესახებ მოსკოველი ლიბერალების ენის მოჩლექვით ლაპარაკისგან განსხვავებით, მისდამი დამოკიდებულება 90 პროცენტით _ უარყოფითია. მაგრამ პინოჩეტის შემთხვევაში არსებობდა საერთაშორისო ასპექტი _ პინოჩეტის წინააღმდეგ სარჩელს აყენებდა ესპანეთი, რომელიც ადანაშაულებდა მას ესპანელი მოქალაქეების, ე. ი. უცხოელების, დაღუპვაში, და არა დანაშაულებებში მისი საკუთარი მოქალაქეების, ჩილელების წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივას, ვინაიდან სუვერენიტეტი განუყოფელია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს იურისტების უმეტესობა ამ შემთხვევაშიც ერთი ქვეყნის მოქალაქის დაკავებას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის სარჩელით თვლიდა საერთაშორისო სამართლისა და მისი ფუძემდებლური პრინციპის _ სახელმწიფოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად.

დღესდღეობით ჰააგის ტრიბუნალისადმი დაქვემდებარება სუვერენიტეტზე ნებაყოფლობით უარის თქმის ტოლფასია. ამასთანავე ირღვევა პრინციპი: ჩადენილი მოქმედებებისთვის გასამართლერბა არ შეუძლია სპეციალურად ამისთვის შექმნილ ორგანოს _ ეს სასამართლო კი არ არის, არამედ ანგარიშსწორებაა.

მსოფლიო მთავრობა პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ქვეყანათა ჯგუფის მიერ შექმნილი სადამსჯელო ორგანო ამავე ქვეყნების მიერ დადგენილი ნორმებით (რომლებიც არ ემთხვევა სამართლებრივ სისტემებსა და ცოდვისა და დანაშაულის განმარტებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და ცივილიზაციებში) ასამართლებდეს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს თავისივე სახელმწიფოში ჩადენილი მოქმედებებისთვის, რომლის კანონებიც არ აძლევს ამ მოქმედებებს დანაშაულის კვალიფიკაციას. ეს ნიშნავს, რომ საუდის არაბეთს, სადაც ცოლ-ქმრული ღალატი ისჯება სიკვდილით, და სხვა ფუნდამენტურ ქვეყნებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი ტრიბუნალი და მოითხოვონ მისთვის კლინტონის გადაცემა. რა უფლება აქვს აშშ-ს მოითხოვდეს იუგოსლავიის ყოფილი კანონიერად არჩეული პრეზიდენტის გაცემას იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც მან ჩაიდინა საკუთარ ქვეყანაში? თუ იუგოსლავია აშშ-ის იურისდიქციაში იმყოფება? რა უფლება აქვს აშშ-ს შეურაცხჰოფდეს ერს, უწოდებდეს რა მის ყოფილ ლიდერს დიქტატორს? ეს მხოლოდ სერბების უფლებაა.

უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ „მსოფლიო მთავრობას“ სჭირდება არა იმდენად მილოშევიჩი, რამდენადაც მსოფლიო მთავრობის პრაქტიკისა და სუვერენული სახელმწიფოს კანონებზე ამ სადამსჯელო ორგანოს პრიმატის ლეგალიზება. ეს განსაკუთრებით საშიშია მსოფლიოსთვის მთლიანობაში, რამდენადაც ნიშნავს გლობალური ტოტალიტარიზმისა და დესპოტიის დასაწყისს.

დასავლეთის მიერ იუგოსლავიის ყოფილი ხელმძღვანელობის დემონიზაცია აიხსნება არა მისი „ავტორიტარიზმით“, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ხელისუფლების მექანიზმებისგან მსოფლიოს ქვეყნების ნახევარში, მათ შორის აშშ-ის მოკავშირე და მეგობარ ქვეყნებშიც, რომელთა შორის არც თუ ცოტაა ისეთი რეჟიმები, სადაც საერთოდ არც კი შეიძლება ლაპარაკი ადამიანის უფლებებზე ევროპული აზრით ან ევროპის საბჭოს ტერმინებით. და ეს მათი უფლებაა ცხოვრობდნენ თავიანთი ტრადიციების მიხედვით. შეგახსენებთ, რომ ოტომანის იმპერიის მთავრობას, რომელშიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წინ ძელზე სვამდნენ, ქრისტიანებს თავებს სჭრიდნენ და მათ ყველას დასანახად გამოფენდნენ, დიპლომატიური ლექსიკონით უწოდებდნენ „ბრწყინვალე პორტას“, რაც ასახავდა სწორედ დემოკრატიზმსა და პატივისცემას ერისადმი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მემკვიდრეობითი სუბიექტისადმი. იუგოსლავიის ხელმძღვანელობის დემონიზაცია დაკავშირებული იყო ანტიატლანტიზმთან. ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს პროამერიკული, სხვანაირად მის დემოკრატიას გამოაცხადებენ არანამდვილად, ხოლო თავად სახელმწიფოსა და მის ლიდერებს _ ფაშისტურებად. აშშ არ დააყოვნებს შავ სიაში ახალი ხელმძღვანელების შეყვანასაც, თუ კი მათი პოლიტიკა არ დააკმაყოფილებს ამერიკას.

მეორე ასპექტი _ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ყველას ახსოვს ჰააგის ტრიბუნალის, ახალი მსოფლიო წესრიგის არალეგიტიმური სადამსჯელო ორგანოს მიერ მხოლოდ სერბი სახელმწიფო (არა სამხედრო!) ლიდერის რადოვან კარაჯიჩის გამოცხადება დამნაშავედ და „მისი დამარცხება უფლებებში“ (როგორც სტალინის დროს) _ განდევნა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. სამოქალაქო პირების სამხედრო დანაშაულებებად აცხადებენ მხოლოდ „არამართალი“ მხარის მოქმედებებს. დასავლეთმა ბოსნიელი სერბების წინააღმდეგობა მათი ქვეყნის ძალისმიერი დანაწევრებისადმი გამოაცხადა არამართლზომიერად _ აგრესიად. ახლა მილოშევიჩსაც ადანაშაულებენ ბოსნიაში ომის გაჩაღებაში, რათა სერბებს დააკისრონ დანაშაული „ყოფილ იუგოსლავიაში კონფლიქტის“ გამო. ჰააგის ტრიბუნალი ყველაფერს გააკეთებს, რათა კოსოვოელი ბანდიტები გამოაცხადოს „ეთნიკური წმენდების“ მსხვერპლებად და, ეს ნიშნავს, გამოაცხადოს მართლზომიერ „ეროვნულ-განმათავისუფლებელ“ მოძრაობად, რათა გაამართლოს სერბეთისგან კოსოვოს ჩამოშორება, ვინაიდან ეუთო-ს თანამედროვე ნორმებით, სახელმწიფოსგან ეთნიკური უმცირესობის გამოყოფა დაიშვება უფლებების არდაცვისა და ჩაგვრის შემთხვევაში. აი რა სჭირდება მსოფლიო ჟანდარმს!

ჯერ კიდევ ივანე ილინი წერდა, რომ ჩვენი დრამატული გამოცდილება გვასწავლის არ მოველოდეთ დამპყრობლისგან _ გადარჩენას, დამნაწევრებლისგან _ დახმარებას, მაცდუნებლისგან _ თანაგრძნობასა და გაგებას, დამღუპველისგან _ კეთილმოსურნეობასა და ცილისმწამებლისგან _ სიმართლეს.

სერბეთის მთავრობის ნაწილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებისა და პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, იუგოსლავიის ექს-პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის „მსოფლიო ჟანდარმისთვის“ საიდუმლო გადაცემის შემდეგ საერთოდ აღარ იქნება საჭირო ქვეყნების ფორმალური თანხმობა ტრიბუნალისადმი დაქვემდებარებაზე, რომლის ლეგიტიმიზაციასაც ჯერ კიდევ მხოლოდ ცდილობენ. ახლა ტრიბუნალისთვის საკმარისი იქნება წამოაყენოს ბრალდება, რათა მიიღონ გადაწყვეტილება საქმის აღძვრის შესახებ და შემდეგ გამოიტაცებდნენ მოქალაქეებს. სუვერენიტეტი უკვე აღარ არსებობს.

სურვილი დასცინონ დაცემულ დიდებას _ ტიპიურია მესამეფენისეული ამერიკული ქამობისთვის. ამერიკელები ნეტარებით იქექებოდნენ თავიანთი პრეზიდენტის „ჭუჭყიან თეთრეულში“, და წარმოადგენდნენ ამას როგორც დემოკრატიის აპოთეოზს, საქმით კი სჩადიოდნენ სხვას არაფერს, თუ არა ბიბლიური ქამის ცოდვას. ასეთი ქცევები _ დბალი პიროვნებებისა და დაბალი ერების ხვედრია, რომელთაც არასდოს არ სჭერიათ ხელში დაშნა, არამედ მხოლოდ ფულის ქისა. ვისურვებდით გვენახა სლავები ამაზე მაღლა (დავუმატებდით _ ქართველებიც _ ი. ხ.).

ნატალია ნაროჩნიცკაია
მასალის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru 02/07/2001

შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment