Tuesday, November 16, 2010

რუსეთი და სლავები ცვლილებების ეპოქაში

(უნივერსალისტური პროექტები ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების ჭრილში)

ეძღვნება კოსოვოს ველის წარსულის,
ახლანდელ და მომავალ დამცველებს

წინასიტყვაობა

საუკუნესა და ათასწლეულს რუსეთი აბიჯებს ისე, რომ დაკარგა თითქმის ათი თაობის მიერ აღსრულებული ყველა საქმე. დანგრეულია რუსი ხალხის ეროვნული და სახელმწიფოებრივი სხეული. რუსული ცხოვრების ისტორიული და სულიერი გამოცდილება, რომელმაც შექმნა თვითმყოფადი ღრმად ქრისტიანული კულტურა და ცივილიზაცია, განიცდის მანამდე უნახავ ცდუნებასა და დაცინვას მარქსიზმის წარმატებული ბიძაშვილის _ ლიბერალიზმის მხრიდან.

ტოტალიტარიზმთან დამშვიდობების სახით დაინგრა მთელი რუსული ისტორია _ იასისა და ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებები, ნიშტატის ზავი და პოლტავა, და მასთან ერთად პოსტბიზანტიური სივრცე. რუსეთი უკვე აღარ წარმოადგენს იმ დერჟავას, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ ისროდა, და დასავლეთმა დაუწყო სროლა ყველას, ვინც მოესურვება, ფეხით თელავს რა დემოკრატიის ყურანს _ საერთაშორისო სამართალს.

სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიამ, რომელიც აღასრულეს მოგონილი საბაბით, გახსნა მსოფლიოს გადანაწილების ახალი ეტაპი. მას ახორციელებენ, ისევე როგორც „ტირანების დროს“, პირდაპირი სამხედრო ძალით, მაგრამ ფსევდოჰუმანისტური ლიბერალური უნივერსალიზმის ფარდის ქვეშ. ამ დოქტრინის მარცვლად იქცა ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის მეორეხარისხოვნად გამოცხადება „მსოფლიო დემოკრატიის“ წინაშე, რაც მოგვაგონებს პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და მსოფლიო რევოლუციის პრიმატს მარქსიზმ-ლენინიზმში. ცენტრალური ახალი იდეოლოგემა _ ადამიანის უფლებები და მიწიერი ცხოვრება როგორც უმაღლესი ფასეულობა _ წარმოაგენს ადამიანის პიროვნების ღმერთისგან ავტონომიურობის იდეის ლოგიკურ დასრულებას, ანტიქრისტიანული განმანათლებლობის ძალისხმევის მთავარ შედეგს, რომელმაც ათასწლეულის დასასრულისთვის ურწმუნოების გავლით ადამიანი მიიყვანა სრულ დეჰუმანიზაციამდე.

ეს ძირს უთხრის არა მხოლოდ ორიათას წლოვან ქრისტიანულ კულტურას, არამედ ადამიანთა ერთად ცხოვრების უმარტივეს ფორმებსაც. თუკი სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, მაშინ დედა არ გადაეფარება შვილს, ქმარი ცოლს მისცემს მოძალადეს. ეს არის ადამიანის ბესტიალიზაცია, რადგანაც ადამიანი მხოლოდ იქ არის, სადაც სული ხორცზე მაღლა დგას. რწმენა, სამშობლო, მოვალეობა, ღირსება, სიყვარული _ მეტაფიზიკური ფასეულობები ადამიანისთვის იდგა სიცოცხლეზე უფრო მაღლა, და ქრისტიანებისთვის შთამაგონებელ ხატებას წარმოადგენდა მაცხოვრის მიერ ჯვარზე გაღებული მსხვერპლი, სახარებაში კი ნათქვამია: „უფროისი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დაჰსდუას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე, 15. 13).

ასეთი იდეოლოგიის გეოპოლიტიკური შედეგები მეტად დრამატულია ერი-სახემწიფოებისთვის. უმაღლეს სულიერ ფასეულობებთან _ რელიგიურთან, ეროვნულთან, ოჯახურთან ასოციაციისგან თავისუფალი ადამიანი ხდება მსოფლიოს მოქალაქე და ცხოვრობს პრინციპით „ubi bene ibi patria“ _ „სადაც კარგად ვარ, იქაა სამშობლოც“ _ ე. ი. „პურითა მხოლოდ“. ასეთ ადამიანებს მართავს მსოფლიო მთავრობა და არა ეროვნული ხელისუფლება. ერი უკვე აღარ არის სულითა და საერთო ისტორიული განცდებით დაკავშირებული მემკვიდრეობით მცხოვრები ორგანიზმი, და გადაიქცევა ოხლოსად _ ბრბოდ. ეს არის კიდეც თვითდაჯერებული „დემოსისა“ და მისი მოჩვენებითი „კრატიის“ ბედი ატლანტიკურ Pax Americana-ში. მაგრამ ოხლოკრატიის უკან ყოველთვის დგას ყოვლისშემძლე ოლიგარქია. ასეთი მსოფლიო მთავრობის პრეტენზიები სჯიდეს ყველა დაუმორჩილებელს სახეზეა. ლიბერალიზმის ფილოსოფია მახინჯდება ტოტალიტარულ მსოფლმხედველობად, რომელიც ვერ ითმენს (არ იწყნარებს) სხვა ფასეულობებს. ნებისმიერი სახელმწიფო, უწინარეს ყოვლისა, ვალდებულია ატარებდეს პროამერიკულ პოლიტიკას და არ ეწინააღმდეგებოდეს მსოფლიოზე მისი მფლობელობის გეოპოლიტიკურ გეგმებს, სხვა შემთხვევაში მის დემოკრატიას დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ არანამდვილად, ხოლო თავად სახელმწიფოს ფაშისტურად.

ეს არის დასავლეთევროპული ლიბერალიზმის როგორც ფილოსოფიისა და დემოკრატიის როგორც პრაქტიკის გამანადგურებელი გაკოტრება. მაგრამ სწორედ ამ იდეოლოგიური დროშით ახდენენ რუსეთის შეგნებულ ნგრევას მის ორ ჰიპოსტასში _ როგორც მთელი ერთობლივი დასავლეთისადმი თანაბრად დიდი გეოპოლიტიკური ძალისა და მსოფლიო ისტორიის აზრის საკუთარი ძიების მქონე დამოუკიდებელი ისტორიული პიროვნებისა. მომხდარი ყველაზე უფრო ნაკლებად ასახავს XX საუკუნის იდეოლოგიების ბრძოლას _ დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ყბადაღებულ მეტოქეობას. ეს კლიშეები იალტა-პოტსდამის სისტემის ნგრევის დასაწყისში ჯერ კიდევ ფარავდა დასავლური ცივილიზაციის ჭეშმარიტ მისწრაფებებს. დღეს დაპირისპირებამ შეიძინა ნაცნობი მოხაზულობები _ მისი საზღვარი ისევ წარმოიშვა იქ, სადაც ვატიკანი, რჟეჩ პოსპოლიტა და ჰაბსბურგების იმპერია ისწრაფვოდნენ ბიზანტიური სივრცის დაუფლებისკენ და სადაც ეს ექსპანსია დაიმსხვრა რუსული დიდმპყრობელობის ძლიერებაზე, რომელიც ამ ხაზს ინარჩუნებდა სამასი წლის მანძილზე.

რუსეთმა თავისი ორჯერადი თვითგამყიდველობით _ 1917 და 1991 წლებში დაკარგა თავისი სულიერი ეროვნული სახე და გეოპოლიტიკური მისია. დასავლეთის სამემკვიდროში ნებაყოფლობით გადადის კიევის რუსეთი _ რუსული მართლმადიდებლობის აკვანი და ბიზანტიური მემკვიდრეობითობის სიმბოლო. დროის სამწუხარო ნიშნად იქცევა მართლმადიდებლური საქართველოს პარტნიორობა ატლანტიკურ პორტასთან, ხოლო ბრიტანული ხომალდების სევასტოპოლში შემოსვლა ახდენს წარსული საუკუნეებიდან აღმოსავლური საკითხის კვლავ დაბრუნებას. ამ აპოკლიფსურ ფონზე 1999 წლის სერბული წინააღმდეგობა წარმოადგენს უკანასკნელ წმინდა და კაშკაშა ალის ნათელს, რომელიც ამოვარდა სლავობის ლპობის ჩირქოვანი წყლულიდან. სადღაც იფეთქებს ხოლმე მცირე კერები _ მართლმადიდებელი ბერძნები წვავენ ამერიკულ დროშებს, და მათ, სერბების მსგავსად დაუყოვნებლივ აცხადებენ კომუნისტებად. ეს საბოლოოდ გვარწმუნებს იმაში, რომ XX საუკუნის დასაწყისში ჩვენს თავს დამტყდარი კომუნიზმი შეადგენდა მომავალი ასწლეულის საერთო ჩანაფიქრის ერთერთ ინსტრუმენტთაგანს. Pax Americana-ს დღევანდელ მიწიერ წარმატებაში არის XX საუკუნის ყველა უნივერსალისტური იდეის შედეგი, როგორც მარქსისტულების, ისე ლიბერალურებისაც _ „შრომის მსოფლიო ძმობის“, „საერთოევროპული სახლის“, „ერთიანი მსოფლიოსი“.

მსოფლიო დილემა „რუსეთი და ევროპა“, რომელსაც ასე თუ ისე, გვერდი ვერ აუარა რუსეთის წარსულის ვერც ერთმა მსხვილმა მოაზროვნემ, და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი კვლავ მთელი თავისი გოლიათური მასშტაბით დგება მესამე ათასწლეულის ზღურბლზე. ისტორიის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული განმარტება საშუალებას გვაძლევს პანორამულად დავინახოთ ლათინური დასავლეთის მრავალსაუკუნოვანი და ახლანდელი შემოტევის წამახალისებელი მოტივები, მართლმადიდებლური რუსეთის გზა XX ასწლეულის დასაწყისისა და დასასრულის კატასროფისკენ. ასეთი მიდგომა თვალწინ გვიშლის კალვინისტური პროვიდენციალიზმით გამოკვებილი ამერიკული მესიანიზმის რელიგიურ საფუძვლებს, გვიჩვენებს ლიბერალური ევროპის ატლანტიზმის წინაშე კაპიტულაციის გარდაუვალობას, ახლანდელ „დრანგ ნახ ოსტენში“ (Drang nach Osten _ „აღმოსავლეთისკენ მიწოლა (შეტევა)“) ევროპის „მემარცხენე“ მთავრობების თანამონაწილეობის ლოგიკურობას, XX ასწლეულის ყველა უნივერსალისტური პროექტის ანტიქრისტიანულ ხასიათს.

ფიქრების ცენტრშია _ არა სახელმწიფო _ პოლიტიკური მიწიერი ინსტიტუტი, ყოველთვის ცოდვიანი და არასრულყოფილი, არამედ სამშობლო _ მარადიული საჩუქარი, რომელიც გვებოძა ჩვენ მუდმივი ისტორიული მოღვაწეობისთვის, რომლის გზაზეც გარდაუვალია ცოდვები და დამარცხებები. ტანჯვათა სიდიდის თანაზომადია დავალებაც: შევიგნოთ დაპირისპირების სიღრმე, ჩვენი ძალის სათავეები და გავაგრძელოთ ჩვენი შემოქმედებითი აქტი მსოფლიო ისტორიაში. რუსეთი სჭირდება მსოფლიოს როგორც რუსეთი და ასეთად უნდა დარჩეს. მწარე იმედგაცრუებათა მიუხედავად, მე მწამს, რომ რუსეთი აღდგება მოჩვენებითი კუბოდან, ააღორძინებს თავის სულიერ ჰიპოსტასს და დაიბრუნებს თავის როლს მსოფლიოში.

ახლა, როდესაც გამხმარი ტოტების ჩამოცვენა საერთო სლავური და მართლმადიდებლური ხიდან ძალზედ შორს წავიდა, სერბების _ დასავლეთში მართლმადიდებლობის ფორპოსტის _ ბედსა და ისტორიულ არჩევანს გააჩნია არანაკლები მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიისთვის, ვიდრე რუსების არჩევანს. და, თუმცა წიგნი არის რუსეთის შესახებ, მე ტკივილითა და სიყვარულით ვუძღვნი მის პირველ გამოცემას ჩემს სერბეთს.

ბალკანეთში, სერბებსა და დრინზე, მუდმივად თვითკმაყოფილი დასავლეთის თვალში, გადის „ცივილიზებული“ სამყაროს საზღვარი. ამიტომ, იუგოსლავიის დრამა, როგორც ერთ წვეთ წყალში, ასახავს მსოფლიო ისტორიის XX ასწლეულისა და თავისი ერის ყველა წინააღმდეგობას. ეს არის მარადიული უპატივცემულობა „აღმოსავლელი ბარბაროსებისადმი“ დასავლეთის თავად კულტურულ-ისტორიულ შეგნებაში, რომელიც შესამჩნევია ჯერ კიდევ ჰეროდოტესთან და ესქილეს „სპარსელებშიც“ კი. ქრისტიანულ ისტორიაში მეტოქეობის სახით გადმოტანილმა ამ გრძნობამ ხორცი შეისხა მართლმადიდებლობაზე ლათინობის მრავალსაუკუნოვან შემოტევასა და დღევანდელ მანამდე უნახავ „დრანგ ნახ ოსტენში“. ეს არის მიწიერი სამოთხის ორი რაციონალისტური პროექტის _ მარქსისტულისა და ლიბერალურის _ მეტოქეობის შედეგიც, რომელმაც დაანგრია ეროვნული თვითშეგნება და გახლიჩა ერები კომუნისტურ ქვეყნებში. ეს არის სულიერი და გეოპოლიტიკური მეტოქეობაც პოსბიზანტიური სივრცისა და რუსეთის მემკვიდრეობის გარშემო. აქ წყდება არა მხოლოდ სერბების მომავალი, არამედ მთელი მსოფლიო ისტორიის გზებიც. ამიტომ დანაწევრებული იუგოსლავია, რომელსაც ფეხით თელავს და ამავე დროს აცდუნებს დასავლეთი _ დღეს, როგორც არასდროს _ არის დიდი დერჟავა.

მე მწამს, რომ დასავლეთის აგრესიის მსვლელობისას გამოვლენილ სერბი ხალხის ამაყ სულსა და ეროვნულ ნებას ჯერ კიდევ არ დაუხარჯავს (დაუკარგავს) თავისი მოწოდება. ხომ სწორედ მაშინ სერბებმა, ნამდვილი ერის სიდიადით, გვერდზე გადადეს თავიანთი უთანხმოებები სახელმწიფო მოწყობის საქმეში, რათა დაეცვათ სამშობლო, დაანახვეს რა ყველას სულის პრიმატი, ერთიანობა, უღვთო XX საუკუნეში მანამდე უნახავი თავგანწირვისთვის მზადყოფნა. და სწორედ მაშინ სულმდაბალი აგრესორი შეშინდა და ვერ გაბედა პირისპირ ბრძოლა.

დღეს კი, როდესაც ლიბერალური დასავლეთის მონაწილეობას თან ახლავს დემონური მაცდუნებლობა, მახსენდება კათოლიკური ევროპა: როგორც მაცდუნებელი ეშმაკი, ეუბნებოდა დასუსტებულ ბიზანტიას: „ხედავ სამეფოსა ამას, ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე“ _ სუსტმა ბიზანტიამ, როგორც წერს ნ. დანილევსკი, _ „მსოფლიოს უჩვენა სულიერი გმირობის უნახავი მაგალითი, ამჯობინა რა პოლიტიკური სიკვდილი და არ უღალატა რა რწმენას, რის საფასურადაც სთავაზობდნენ ფიზიკურ გადარჩენას“. იგივე ცნება ყველაზე უფრო ფასეულის შესახებ ყოველთვის ცოცხლობდა სერბი ხალხის გულში მეფე ლაზარეს ხილვის შესახებ თქმულებასთან ერთად, ვისაც სთავაზობდნენ არჩევანს, ერთის მხრივ, მიწიერ გვირგვინსა და გამარჯვებას, ხოლო მეორეს მხრივ, სიკვდილისა და დამარცხების საფასურად ნაყიდ ზეციურ გვირგვინს შორის.

ჩვენი დრამატული გამოცდილება გვასწავლის არ მოველოდეთ დამპყრობლისგან _ ხსნას, დამნაწევრებლისგან _ დახმარებას, რელიგიური შემაცდენლისგან _ თანაგრძნობასა და გაგებას, დამღუპველისგან _ კეთილმოსურნეობას და ცილისმწამებლისგან _ სიმართლეს.

ანტიქრისტიანული ძალების მიერ ჯვარცმულ კოსოვოს ველზე, სერბული სახელმწიფოებრიობის აკვანში, ნემანიჩების სახელმწიფოს ძველ მიწაზე, წმინდა საბა სერბის სამშობლოში კიდევ აღესრულება მსოფლიო ბრძოლა.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 15. 03. 06.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment