Tuesday, November 16, 2010

ჩვენი ლიბერალიზმის შესახებ, მემარჯვენესი და მემარცხენესი

როდესაც რუსეთი გამოდიოდა რკინის ფარდის მიღმიდან, მთელი მსოფლიო მოელოდა, მაინც რას იტყვის დოსტოევსკის ქვეყანა XXI ასწლეულის გამოწვევებზე საპასუხოდ. პერესტროიკის იდეური გურუების ბაგეებით მან ამოიქვითინა: „ბაზარი, PEPSI“. მარტივი ისტორიული პროექტის წარმატება ადვილად შეიძლება აიხსნას: მიზანი _ შეჩვეულად მატერიალისტურია, ლიბერალების თეზისი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლის შესახებ _ ასლია მეცნიერული კომუნიზმის ფოსტულატისა_ „ჩვენი ეპოქის მთავარი შინაარსია _ გადასვლა კაპიტალიზმიდან სოციალიზმში“. ათი წლის შემდეგ ერი ცდილობს მოსინჯოს თავისი სულიერ-ისტორიული დავალება არსობის პურის ფარგლებს მიღმა, ხოლო იგივე გურუები კი დაჟინებით აცხადებენ, რომ მხოლოდ ლიბერალიზმს, შეცდომების მიუხედავად, შეუძლია პასუხი მოგვცეს კითხვებზე „რა ვაკეთოთ?“ და „ვინ არის დამნაშავე?“.

დიდი ხანია დროა მრისხანებისა და მიკერძოების გარეშე მოვახდინოთ რამდენიმე მითის განგვირგვინება.

ჯერ ერთი, პოსტსაბჭოთა მედასავლეთეობა არ წარმოადგენს ნამდვილ ლიბერალიზმს. მით უმეტეს არ არის იგი მემარჯვენე. მემარჯვენეებისა და ლიბერალების ფილოსოფია _ ეს გახლავთ მებრძოლი მემარცხენე ლიბერტარიანობა. კალკი მარქსიზმიდან. იგი აღიარებს იმავე ისტორიული მატერიალიზმის ხაზოვანი პროგრესის დოქტრინას: მსოფლიო მოძრაობს ერთიანი ცივილიზაციური ნიმუშისკენ, არიან ქვეყნები, რომლებსაც ამაში წარმატება აქვთ, სხვებს კი საამისოდ ბიძგება სჭირდებათ.

ადრეულ სტდიაზე, ისევე როგორც ნებისმიერი ოპოზიციური მოძღვრება, კლასიკური ლიბერლიზმი ახდენდა აბსოლუტიზმისა და წოდებრივი საზოგადოების ცოდვებისა და არასრულყოფილებათა განგვირგვინებას. ამ დაპირისპირების მსვლელობისას დაიბადა ე. წ. სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების პირველი თაობა _ სიტყვის, სინდისისა და შეკრებების თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა. და ამას აქვს უდაო და წარუვალი ფასეულობა.

მაგრამ ლიბერალიზმი _ ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც წარმოებულია განმანათლებლობის იდეიდან ადამიანის ღმერთისაგან ავტონომიურობის შესახებ, რომელსაც გარდაუვალად მივყვართ ადამიანის ყველა უმაღლესი ფასეულობისგან ავტონომიურობის დამკვიდრებმდე _ თავიდან რელიგიურებისა, შემდეგ მათგან გამომდინარე ზნეობრივებისა, შემდეგ _ ეროვნული და ბოლოს კი ოჯახური ფასეულობებისგანაც. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რუსეთში სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართავდნენ სამოქალაქო საზოგადოების სრულებით ცრუ ინტერპრეტაციის ქადაგებას. თავად ეს ცნება კი ნიშნავს მოქალაქეთა პირადი ინტერესების რეალიზაციის არაპოლიტიკურ სფეროს და წარმოადგენს საზოგადოებაში „მესა“ და „ჩვენის“ ჰარმონიული ურთიერთმოქმედების მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც დამახინჯებული იყო კომუნიზმის დროს.

პოსტსაბჭოთა ლიბერალების იდეოლოგიაში ცენტრალურად იქცა თეზისი: დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება _ ეს ერი კი არ არის, ანუ მემკვიდრეობითად მცხოვრები ორგანიზმი საერთო ფასეულობებითა და ისტორიული განცდებით, არამედ ჯამი ინდივიდებისა, რომლებიც გაერთიანებული არიან პასპორტში გაკეთებული აღნიშვნით. ცივილიზებულობის საზომად იქცა კრედო: „ubi bene _ ibi patria“ („სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც“), ხოლო დემოკრატის ნიმუშად კი _ „მსოფლიოს მოქალაქე“, რომელიც ევროპის საბჭოში ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ „როგორ საამურია გძულდეს სამშობლო“ და დამარცხებას უსურვებს საკუთარ მთავრობას ომში. ლენინი სწორედ ამას აცხადებდა კიდეც 1914 წელს. მაგრამ აი რატომღაც ანტონ დენიკინი თვით მისთვის საძულველ ბოლშევიკურ სახელმწიფოსაც კი არ აიგივებდა სამშობლოსთან და, უარი თქვა რა ეკურთხებინა გენერალი ანდრეი ვლასოვი, წამოიძახა „წითელი არმიის გენერლის თანამდებობა რომ მოეცათ ჩემთვის, მაშინ მე ვუჩვენებდი გერმანელებს!“

მარქსიზმი და ლიბერტარიანობა _ ბიძაშვილებია, ურელიგიო, უეროვნებო გლობალური ზესაზოგადოების ვერსიებია, რომლებიც მეტოქეობდნენ XX საუკუნეში უნიფორმული მსოფლიოს გლობალურ მმართვლობაში ლიდერობის გამო. ლიბერტარიანელებთან შედარებით წარსულის დიდი ლიბერალები _ კონსერვატორები იყვნენ, რომლებიც მზად იყვნენ ეშაფოტზე ასასვლელად იდეების გულისთვის. მათთვის, რომლებიც გაიზარდნენ ქრისტიანულ, და არა კომუნისტურ სამყაროში, უცხო იყო თეზისი იმის შესახებ, რომ ფიზიკური სიცოცხლე (ცხოვრება) _ არის უმაღლესი ფასეულობა. რწმენა, სამშობლო, ღირსება, მოვალეობა, სიყვარული ადამიანისთვის ყოველთვის იყო სიცოცხლეზე უფრო მაღლა. ადამიანი ხომ ბრჭყალებისა და ეშვების გარეშე დადგა ბუნებაზე ზევით სულაც არა იმიტომ, რომ აიღო ჯოხი, როგორც გვასწავლიდა ფრიდრიხ ენგელსი, არამედ იმიტომ, რომ გააჩნდა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის უნარი იდეალებისთვის.

რუსეთის ლიბერტარიანების მითს წარმოადგენს მათი მონოპოლიაც თავისუფლების მასწავლებლობაზე. მაგრამ სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებები _ არიან წარმოებული შინაგანი თავისუფლებისგან, რომელიც პიროვნებას უქმნის მუდმივ მოთხოვნას ამ შინაგანი თავისუფლების რეალიზაციაზე ურთიერთობებში სხვა პიროვნებებთან და მთლიანობაში საზოგადოებასთან. თავისუფლება _ ღრმად ქრისტიანული კატეგორიაა, სული წმიდის ნიჭი კეთილისა და ბოროტის, ცოდვისა და სათნოების გარჩევის უნართან ერთად. ამ სამერთობაში ვითარდებოდა კიდეც ადამიანის კულტურა, რომელიც ნაშობია ადამიანის თავისუფალი ნების გრანდიოზული გამოცდით ბოროტისეული ცდუნებებით და ასევე მოვალეობით ღვთისა და ადამიანთა წინაშე კეთილთან მიმართებაში. სხვანაირად უაზროა მონოლოგები ბოროტმოქმედებისაც და მართალი ადამიანებისაც და ასევე სიტყვებიც: „ორი სიკვდილი არ იქნება, ერთს კი ვერ აიცდენ“.

ვინ დაიწყებს კამათს სამოქალაქო თავისუფლების საჭიროებაზე (მნიშვნელოვნებზე)? მაგრამ იმისთვის, რათა შეგქონდეს თავისუფლების მოთხოვნილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჭიროა იგი წინასწარ გაგაჩნდეს. და იბადება კი იგი სულიერ-რელიგიურ სფეროში, რომელიც დამოუკიდებელია მატერიალურისგან. მაგრამ ლიბერალური თავისუფლების მქადაგებლები ბოლშევიკური სიძულვილით თავს ესხმიან რელიგიურ შეგნებას, განსაკუთრებით ქრისტიანობას, რომელიც შეადგენს პიროვნების სულიერი ძალების განვითარების შეუცვლელ წყაროს, აგრეთვე მისი თვითშეზღუდვის უნარისაც, რის გარეშეც შეუძლებელია ჭეშმარიტი მოქალაქეობრიობა.

ახლანდელი სამამულო ლიბერტარიანობა უარყოფს ეროვნულ გრძნობებს როგორც არქაული საზოგადოების რელიქტს. მაგრამ სწორედ კლასიკურმა ლიბერლიზმმა დაბადა ერის სუვერენიტეტის იდეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოები. ძნელად თუ შეიძლება ვიპოვნოთ რაიმე საერთო ქრესტომათიულ ლიბერალს _ იტალიის მგზნებარე პატრიოტს ჯუზეპე გარიბალდისა და იმ (რუს) „ლიბერალს“ შორის, რომელიც ჩეჩნეთის ომში თანაუგრძნობს ტერორისტებსა და სეპარატისტებს.

კიდევ ერთი მითია, თითქოს ჭეშმარიტი დემოკრატია შესაძლოა იყოს მხოლოდ ლიბერალური, რაც აბსურდულია არისტოტელესა და პოლიბიოსის ტერმინთან მიმართებით, რომელიც აღწერილია 22 ასწლეულის წინათ. რუსეთის „პოლიტოლოგია“ არც კი განასხვავებს ამ ცნებებს. დემოკრატია _ ეს არის საზოგადოების ორგანიზაციის ფორმა საყოველთაო წარმომადგენლობის მეშვეობით. იგი არ მოითხოვს მსოფლმხედველობის ერთიანობას და შესაძლოა ხორციელდებოდეს სხვადასხვა იდეოლოგიების მონაწილეობით. მხლოდ ამიტომ იქცა კიდეც დემოკრატია ოპტიმალურ მექანიზმად პლურალისტურ საზოგადოებაში ერთიანი იდეალის გარეშე. ლიბერალიზმი _ ეს არის ფილოსოფია, მსოფლმხედველობა. ადრეულ სტადიაზე იგი ჯანყდებოდა საზოგადოებრივი იერარქიის წოდებრივი და ეკონომიკისგარე საფუძვლების წინააღმდეგ და გამოდიოდა პლურალიზმისა და დემოკრატიის დროშის ქვეშ. მხოლოდ მაშინ საშუალო კლასი იყო კიდეც ლიბერალების საყრდენი.

ლიბერალიზმის ლიბერტარიანობად გადაგვარების დროს იგი ხდება შეუწყნარებელი განსხვავებული მსოფლმხედველობებისადმი, ნებისმიერი ტრადიციისადმი. ისევ კალკი ისტორიული მატერიალიზმიდან (ისტმატიდან). გავიხსენოთ: კულტურა მხოლოდ ფორმით უნდა ყოფილიყო ეროვნული, შინაარსით კი _ სოციალისტური!

საშუალო კლასი უკვე აღარ უჭერს მხარს ლიბერტარიანელებს. „პოლიტოლოგების“ ჩივილები „რუსეთის გამოცანაზე“, იმაზე, რომ საშუალო კლასი არ აძლევს ხმას მემარჯვენეებს, ასახავს მხლოდ „ექსპერტების“ დამთრგუნველ გაუთვითცნობიერებას პოლიტიკურ სწვლებებში. საშუალო კლასი კონსერვატიულია. ლიბერტარული ინტელიგენციისგან და ბოჰემისგან განსხვავებით იგი ეროვნულია, ამასთან დასავლეთში _ უფრო მეტად აგრესიულად ეროვნულიც, ვიდრე სადმე სხვაგან. როგორც კი საფრანგეთის რევოლუციამ დალეწა წოდებრივი ტიხრები, მესამე წოდებამ საკუთარი თავი გამოაცხადა ერად: „Le Tiers Etat – c’est la Nation“ _ და იქცა ნაპოლეონისეული ამბიციების საყრდენად. XX საუკუნეში საშუალო კლასმა მხარი დაუჭირა ისტორიული ერის აღმატებულობის იდეას „არაისტორიულ ხალხებზე“ (ალბათ იგულისხმება განწყობა ფაშისტურ გერმანიაში _ ი. ხ.).

რუსეთში კი საერთოდ არასოდეს არ ყოფილა ევროპული ტიპის ბიურგერი. საშუალო კლასი რუსეთში _ ეს არის «Лето Господне» ივანე შმელიოვისა. ამაოდ არ იყო რომ ლენინმა, რომელსაც უარს ვერ ეტყვი პოლიტიკურ ალღოში, მოკლედ მოსჭრა: „რუსული ბურჟუაზია რეაქციულია“. იგი დღესაც არ მისცემს ხმას იმათ, ვინც ამბობდა, რომ პატრიოტად შეიძლება იყოს მხოლოდ არამზადა, რომ მისი სამშობლო _ რუსეთი _ მსოფლიო ისტორიის ხელმოცარულია, რომ ტრანსსექსუალები და სოდომიტები _ თავისუფლების გამოვლინებაა.

კიდევ ერთი მითია _ იმის შესახებ, რომ ლიბერალიზმი, მით უმეტეს გადაგვარების სტადიაში, მიეკუთვნება მემარჯვენე მოვლენას. თვით კლასიკური ლიბერალიზმის კვალიფიცირებასაც კი ყოველთვის ახდენდნენ როგორც მემარცხენე ხასიათის მსოფლმხედველობისა. უკვე XIX საუკუნეში ლიბერალების მარცხნივ ითვლებოდნენ მხოლოდ „მარკსიდები“ (გერცენი). ლიბერალიზმი და მარქსიზმი _ ბიძაშვილებია, პროგრესის ერთი ფილოსოფიის ორი განშტოება. მარქსისტებთან ისტორიის სუბიექტი ერი კი არ არის, არამედ კლასი, ლიბერალებთან _ არა ერი, არამედ ინდივიდი. ორივე დოქტრინისგან ქრისტიანული მსოფლმხედველობა ძალზედ შორს დგას.

როგორც ჩანს, არც ე. წ. მემარჯვენეებმა, არც მათმა „პოლიტოლოგებმა“ არ იციან, რომ ტერმინები „მემარცხენე“ და „მემარჯვენე“, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს ყველა ენაზე ნიშნავს „მაცდურს“, „უპატიოსნოს“ და, პირიქით, „მართალს“, „მართებულს“, „სამართლიანს“ წარმოსდგება საშინელი სამსჯავროს აღწერიდან სახარებაში (მათე, 25), როცა უფალი „დააყენებს ცხვრებს თავისგან მარჯვენა მხარეს, თხებს კი _ მარცხენა მხარეს“. მაგრამ მაინც რისთვის დააჯილდოებს მართლებს მსაჯული? იმისთვის, რომ „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა... ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. მემარცხენეებად კი დასახელებული არიან ისინი, ვინც არაფერი არ გაუკეთა ახლობელს (მოყვასს), ეს კი ნიშნავს, რომ არ გაუკეთა უფალს. ასე რომ სწავლება ხელისუფლების სოციალური როლის შესახებ უდაოდ გამომდინარეობს მემარჯვენეობის სულიდან _ ქრისტიანულისგან. ქრისტიანული ძმობა _ არის ზნეობრივი სოლიდარიზმი. მას არ გააჩნია არაფერი საერთო არც ინდივიდულიზმის ლიბერტარიანულ დემონებთან, არც იძულებითი კოლექტივიზმის ეშმაკებთან და არც ახალი ადამიანისა და ახალი საზოგადოების „შექმნის“ ქავილთან.

მხოლოდ პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სემანტიკის კურიოზმა აქცია მემარჯვენეებად მემარცხენე ლიბერალები _ ათეისტები და რაციონალისტები, თვით მებრძოლი ლიბერტარიანობაც კი, რომელიც ხორცშესხმულია ვალერია ნოვოდვორსკაიას გროტესკულ სენტენციებში. მემარჯვენეებში მოხვდნენ „მსოფლიოს მოქალაქეები“ ანდრია სახროვი, ელენა ბონერი, სერგეი კოვალიოვი, კულტურიდან _ პროლეტკულტის ბოლშევიკური ესთეტიკის ნიჭიერი მიმდევრები _ ევგენი ევტუშენკო, ანდრია ვოზნესენსკი, ვასილი აკსიონოვი საბჭოური ანდეგრაუნდის მათეული ჟარგონით. მაგრამ საზოგდოებრივი და კულტურული შეგნების ეს მოვლენები და ესთეტიკის ფორმები მიეკუთვნება ფილოსოფიურ მემარცხენეობასა და მემარცხენეულ სუბკულტურას.

მემარჯვენე მსოფლმხდველობა _ ეს არის დამცველი (დაცვითი) კონსერვატიზმი ყველაფერში: სახელმწიფოდან პირად ცხოვრებამდე, ეს არის ფილოსოფიური ანტიეგალიტარიზმი, რომელიც წარმოშობილია რელიგიური კანონის (რჯულის) მსჯელობიდან კეთილისა და ბოროტის, მანკიერებისა და სათნოების დაპირისპირებულობის და არა ფარდობითობის შესახებ, აგრეთვე მთელ ფასეულობთა იერარქიულობის შესახებაც. პოლიტიკური შეგნების დონეზე _ ეს არის სარწმუნოება, სამშობლო, ერი, დერჟავა (1), სულიერის პრიმატი მატერიალურზე, ეროვნული ინტერესების პრიმატი უნივერსალისტურ პროექტებზე. კულტურაში _ ეს არის საზღვრის დადება სილამაზესა და სიმახიჯეს შორის, ნორმასა და დამახინჯებას შორის. ყოფითი შეგნების დონეზე _ ეს არის ეკლესია, ოჯახი, უბიწოება. ვინ ესროლა ქვები როკო ბუტილიონეს, რომელმაც გაბედა (ევროპარლამენტის წინაშე) ეღიარებინა, რომ სოდომიტებს თვლის ცოდვილებად? არა მემარჯვენეებმა, არამედ ყველა შეფერილობის მემარცხენეებმა, ლიბერალებიდან კომუნისტებამდე.

„ახალი აზროვნების“ სახაროვისეულმა სკოლამ თავის თავში შეიკრიბა მარქსიზმის მთელი კოსმოპოლიტური ფოსტულატები, უწინარეს ყოვლისა _ მსოფლიოს მოძრაობა ერთგანზომილებიანი ნიმუშისკენ ზეეროვნული (რუს. наднациональные) ინსტიტუტების ეგიდით. კომუნიზმის ნაცვლად ჩასმულია თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის იდეალი, III ინტერნაციონალის მსგავსი იდეოლოგიური ინსტიტუტების ნაცვლად _ ლიბერალური და არანაკლებად ტოტალიტარული IV ინტერნაციონალი _ ევროპის საბჭო, რომელიც სიმწიფის ატესტატებს არიგებს ცივილიზებულობაში. ასეთ გზაზე ისტორიული მემკვიდრეობის ფასეულობა უკვე ვეღარ თამშობს როლს კაპიტალებისა და „ადამიანური რესურსების“ თავისუფალი მოძრაობის ტექნოკრატიულ მიზანშეწონილობასთან შედარებით. გიგანტური კიბორგისთვის არ არის განსხვავება მიკროჩიპსა და პლატონს, შექსპირს, გოეთესა და დოსტოევსკის შორის. მაგრამ კომიკური ლორდ ჯადი არც უარყოფს საუბრებში სიახლოვეს ტროცკიზმთან, და იგი არის სოციალისტების ჯგუფის წევრი ევროპის საბჭოში, ხოლო ამ წერილის ავტორი კი იქ არის, როგორც ჩანს ერთადერთი, რომელმც ჯერ კიდევ იცის შილერის ბალადები ზეპირად... სევდის მომგვრელია.

ასე რომ პოსტსაბჭოთა ლიბერალების კერპი _ დღევანდელი დასავლეთი ვერ აღაფრთოვანებდა წარსულის რუს ლიბერალებს. შთამბეჭდავი გაფართოებისას ევროკავშირი _ ეს უკვე ისტორიული პროექტი აღარ არის. ევროპული კონსტიტუციის პროექტში განყოფილებაში „ფასეულობები“ საერთოდ არ არის ისინი ჩამოთვლილი, არამედ მხოლოდ ფუნქციონალური პირობები მათი აღმსარებლობისთვის. სახელდობრ ამას წარმოადგენს კიდეც XXI საუკუნის ლიბერალიზმის „წმინდა ძროხები“ _ თეზისები „ადამიანის უფლებების“, „თავისუფლებისა“ და „დემოკრატიის“ შესახებ, რომლებიც იმის თაობაზე მითითების გარეშე, თუ რისთვის არის ისინი მოცემული, იქცევიან სხვა არაფრად, თუ არა გამოცხადებად უფლებისა არ ჰქონდეთ ცხოვრებისა და ისტორიის არანაირი ზნეობრივი მიზანგანზრახულობა (რუს. целеполагание). ჯერ კიედევ სამართლის ფილოსოფიის 20-იანი წლების გამოჩენილმა გერმანელმა კონსერვატიულმა ფილოსოფოსმა კარლ შმიტმა შენიშნა, რომ დემოკრატიას, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა ყველზე უფრო საპირისპირო მოძრაობებს, „არ გააჩნია არანაირი ფასეულობითი შინაარსი და არის მხოლოდ ორგანიზაციის ფორმა“.

მაშ რისთვის სჭირდება პეტრე მოციქულის ევროპას თავისუფლება? იმისთვის, რათა „თავის წინ ერეკებოდეს მტრებს, ძარცვავდეს მათ ქონებას, ტკბებოდეს მათი ახლობელი ადამიანების ცრმლებით, თანაც ჰკოცნიდეს მათ ქალიშვილებსა და ცოლებს“, როგორც განსაზღვრა უმაღლესი სიკეთე დედამიწაზე ჩინგიზ-ყაენმა თავის ანდერძში? თუ „თავის ვარსკვლავეთის სამშობლოში დასაბრუნებლად“ (პლატონი)? იმისთვის, რათა ეძიებდეს გადარჩენას (ცხონებას) და „ჰშიოდეს და ჰსწყუროდეს სიმართლისათვის“ (მთაზე მაცხოვრის ქადაგება)? თუ იმისთვის, რათა სილამაზე და სიმახინჯე, ცოდვა და სათნოება, კეთილი და ბოროტი აღიაროს ცრუმორწმუნე პიროვნების თანასწორუფლებიან გამოვლინებებად? ეს არ აღელვებდა ევროპას იმ პერიოდებში, როდესაც იგი ტერიტორიულად იზრდებოდა და მსოფლიოს წარმოუდგენდა დიდ კულტურსა და დიდ დერჟავებს.

მსოფლიო და ევროპა მემარცხენე სოციალ-დემოკრტებისა და მემარცხენე ლიბერალების ახალი სრულიად მსოფლიო fraternitO-ს შეგნებაში _ არ არის იმაზე მეტი, ვიდრე გიგანტური სამეურნეო საწარმო ერთგანზომილებიანი ინდივიდების ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ემსგავსებიან E-ს ოლდოს ჰაქსლის ანტიუტოპიიდან. მათ უკვე არ სჭირდებათ არანაირი მიზნები და ფასეულობები მიწიერი ყოფიერების ფარგლებს მიღმა ევროპულ კონსტიტუციაში. ლიბერალური „გოსპლანის“ შემოქმედების ეს ყველაზე უფრო მოსაწყენი ნიმუში (რუს. скучнейший образчик) თავისი ღრმა მატერიალიზმით ადასტურებს შმიტის ძველ სარკაზმს მარქსისა და ლიბერალური ეკონმიკური დემონიზმის ერთიანობის შესახებ: „თანამედროვე სამრეწველო მეწარმისა და პროლეტარის სამყროს სურათები ერთი მეორეს ისე ჰგავს, როგორც ტყუპი ძმებისა... მეწარმეს იგივე იდეალი აქვს, რაც ლენინს _ მთელი დედამიწის „ელექტროფიკაცია“. კამათი მათ შორის წარმოებს მხოლოდ მეთოდის თაობაზე“.

თავიანთ შუქურასთან ერთად იცვლებიან რუსეთის მედასავლეთეებიც. ის, რომ პოსტსაბჭოთა ლიბერალები მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას განსაზღვრავენ მხოლოდ „წარმოების საშუალებებზე საკუთრებისადმი“ დამოკიდებულების კრიტერიუმის მიხედვით, გვიჩვენებს მათი მენტალიტეტის მარქსისტულ ფესვებს. ისინი არიან კიდეც ისტორიული მატერიალიზმის ფრიადოსნები. ასე რომ ლიბერალური იმპერიების ელექტროფიკატორებისა და ტრუბადურების ტანზე ჩაცმული Versace-ს ფირმის პალტოს ქვემოდან მოჩანს კარლ მარქსის სერთუკი.

ძნელია გვიკვირდეს ის, რომ ლიბერტარიანობის სულიერ მარგინალიზმს რუსეთში უარყოფენ თვით ახალი ელიტებიც კი, რომლებზედაც ეჭვს ვერ მიიტან „საბჭოების“ (რუს. «советчина») რესტავრირების სურვილში. მისი ხანდაზმულობა პოლიტიკურ სცენაზე ახსნადია: ნებისმიერი საპროტესტო განწყობილებების ასოცირება ხდებოდა რესტავრაციულ იდეებთან. რესტავრაციის მუქარა აორთქლდა _ და ალტერნატივებიც აღქმულია (მიღებულია).

ერი დაიღალა იმით რომ ეზიზღებოდეს საკუთარი ისტორია, მაგრამ ლიბერტარიელები მარქსის, ენგელსისა და ლენინის შტამპების ერთგულები არიან რუსეთის _ „ხალხთა საპყრობილედ“ გამოცხადების შესახებ, შეიერთეს რა საკუთარ თავში წარსულის მედასავლეთეობის ყველაზე უფრო უარესი ნიშნები: დასავლეთისადმი მიბაძვის ვნება XVIII საუკუნის нувориш-ებისგან (საზოგადოების ახალდაწინაურებული ფენისგან), ისტერიული ზიზღი და სიძულვილი ყოველივე მართლმადიდებლურ-რუსულისადმი ადრეული ბოლშევიზმისგან და, ბოლოს, უკვე არა გულუბრყვილო, არამედ მებრძოლი ფილოსოფიური უმეცრება ყველაფერში, რაც იმყოფება უძრაობის ეპოქის ისტორიული მატერიალიზმის ფარგლებს გარეთ. პოსტსაბჭოთა მედასავლეთეობა, XIX საუკუნის დიდი სულიერი ძიებისგან განსხვავებით, უკვე აღარ წარმოადგენს რუსული შეგნების მხარეს და გადაიქცა მის ტოტალურ უარყოფად. ამასთან „პირუტყვული მატერიალიზმი“ („შეჭამე, და ყველაფერი წესრიგშია“) იქცა დამახასიათებელ თვისებად არა მხოლოდ „ობივატელისა“, არამედ რუსეთის პერედელკინისეული „ინტელიგენტისაც“. და იგი დღეს გვამწუხრებს მოთხოვნების სიდუხჭირითა და სმერდიაკოვშჩინის სულისკვეთებით: „მე მთელი რუსეთი მძულს“ (რუს. «Я всю Россию ненавижу-с»).

თუმცა კი არა მხოლოდ ტოტალური ნიჰილიზმი რუსულ ისტორიასთან და მართლმადიდებლურ კულტურასთან მიმართებაში არის დამახსიათებელი ახლანდელი ლიბერტარიანული მედასავლეთეობისთვის. იგი გასაოცრად და სასაცილოდ უმეცარია საკუთარ კერპთან _ დასავლეთთან და მის დიად რომანულ-გერმანულ კულტურასთან მიმართებითაც, რომელიც დაიბადა სულაც არა „ადამიანის უფლებებით“, არამედ დიდი ტაბუებით, ფრანცისკ ასიზელის სისხლიანი ოფლითა და ნეტარი ავგუსტინეს ცრემლებით.

პოსტსაბჭოთა ლიბერალური შეგნებისთვის, რომელიც მთელი თავისი განათლებითა და იდეოლოგიით მოწყვეტილია არა მხოლოდ მემკვიდრეობითი რუსული მართლმადიდებლური კულტურისგან, არამედ ნამდვილი დასავლეთევროპული კულტურისგანაც ასჯერადად სწორია სერგეი ბულგაკოვის განსაზღვრება საშუალო რუსი ვითომ განათლებულის „არართული“ ისტორიის ფილოსოფიისა (რუს. «... „несложненькой” философии истории среднего русского образованца»): „თავიდან იყო ბარბაროსობა, ხოლო შემდეგ კი ამობრწყინდა ცივილიზაცია, ე. ი. განმანათლებლობა, მატერიალიზმი, ათეიზმი...“ დავუმატებთ fin de sciПcle-ს „წმინდა ძროხები“ _ „ადამიანის უფლებები“, „სამოქალაქო საზოგადოება“. მაგრამ ლიბერლური ნაყოფის გარდა, რომელიც გაიზარდა განმანათლებლობის ტოტზე, ევროპული ცივილიზაციის მძლავრ ხეს, რაზედაც საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობდა ბულგაკოვი, გააჩნია არა მხოლოდ სხვა მრავალრიცხოვანი ტოტები, არამედ ფესვებიც, რომლებიც კვებავენ ხეს და გარკვეულ ხარისხამდე თავიანთი ჯანსაღი წვენებით აუვნებელყოფებენ ბევრ შხამიან ნაყოფს. ეს ფესვებია _ ქრისტიანობა. „ამიტომ თვით უარყოფით სწავლებებსაც კი თავიანთ სამშობლოში, მათი საპირისპირო სხვა მრავალი სულიერი მიმდინარეობების გვერდით, აქვთ სრულებით სხვა ფსიქოლოგიური და ისტორიული მნიშვნელობა, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი ჩნდებიან კულტურულ უდაბნოში და პრეტენზიას აცხადებენ ერთადერთ ფუნდამენტად ქცევაზე“.

„პოსტსაბჭოთა ლიბერტარიანობის“ კულტურული უდაბნო უკვე XIX საუკუნეში „არართულ“ (რუს. несложненькая) ფილოსოფიას გადააქცევს რაღაც პროპაგანდისტის მოკლე კურსის მსგავსად. ათეიზმის მიუხედავად, ძველი რუსი ლიბერალები, უდიდესი უმრავლესობით წარმოშობილი იყვნენ კულტურული ოჯახებიდან, აღზრდილნი იყვნენ, სულ მცირე ფორმალურად მაინც, სარწმუნოებაში, რუსული მართლმადიდებლური კულტურის მიზნობრივ პარადიგმაში და ღრმა შეღწევით დასავლეთევროპულ კულტურაში. გოეთეს ფაუსტის გადაშლისას, მილიუკოვსაც, კერენსკისაც, ლენინსაც, და თვით ტროცკისაც, დღევანდელი პოსტსაბჭოთა ლიბერალებისგან განსხვავებით, რომელთაც ხელში არასოდეს სჭერიათ წმინდა წერილი თუნდაც კულტურული მოთხოვნილების გამო, ესმოდათ, ფაუსტის პროლოგი _ ეს არის იობის წიგნის თხრობა მხატვრული ფორმით, ხოლო როდესაც კითხულობდნენ პუშკინისეულ სტრიქონებს: «Здесь братство дикое без чувства, без Закона...» ესმოდათ, რომ Закон-ის ქვეშ აქ იგულისხმება ღვთის კანონი, საღვთო რჯული _ ზნეობრივი კანონი, და არა კონსტიტუცია. (საბჭოთა ხანაში «Закон»-ის ბეჭდვა დაიწყეს პატარა ასოთი /რამაც მკითხველის თვალში მისცა მას იურიდიული კანონის მნიშვნელობა _ ი. ხ./).

ათეისტურმა რევოლუციურმა ინტელიგენციამ საკუთარი კვლავწარმოება მოახდინა მესამე თაობაში. იგი იქნა კიდეც საბოლოოდ სტერილიზებული მარქსიზმის მიერ გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე უბრალო ხალხი _ რომელიც იყო უხეში, მაგრამ რომელსაც ჰქონდა ტრადიცია და შეინარჩუნა ასევე შინაგანი თავისუფლების წილი, რომელიც იქცა კიდეც ხალხისთვის იმუნიტეტად. თითქმის ასი წლის წინათ რუსული ინტელიგენციის პატიოსანმა წარმომადგენლებმა, რომლებიც შოკირებული იყვნენ მათ მიერვე გაჩაღებული ანტიეტატისტური სტიქიით, თავიდან კრებულში «Вехи» (1905 წლის რევოლუციის შემდეგ), ხოლო შემდეგ კი (1917 წლის რევოლუციის მერე) კრებულში «Из глубины» თავად მოახდინეს რევოლუციური იდეების იდეური სიცარიელისა და უნაყოფობის განგვირგვინება სინანულის დაუნდობლობითა და ფილოსოფიური სიღრმით. პეტრე სტრუვემ შეაჯამა, რომ „რუსული ინტელიგენციის იდეურ ფორმას წარმოადგენს მისი განდგომილება (რუს. отщепенство), მისი გაუცხოება სახელმწიფოსგან და სახელმწიფოსადმი მტრულობა“. მაშინ ამან მიგვიყვანა ქაოსსა და რევოლუციამდე, რომელიც იქცა კიდეც „ინტელიგენციის სულიერ ნაშიერად“ (სერგეი ბულგაკოვი).

დღევანდელი ლიბერტარული ნიჰილისტები _ ტოტლიტარიზმის მიერ გაცილებით უფრო მეტად ტრავმირებული სექტორია საზოგადოებისა, ვიდრე ისინი, რომლებისგანაც ახალი კომისრები უკვე არა „მტვრიან ჩაფხუტებში“, არამედ ვარსკვლავებიან-ზოლიან მაისურებში (Made in USA) აპირებენ „მონის წვეთ-წვეთობით გამოწურვას“ (რუს. «выдавливать по капле раба»).

ნატალია ნაროჩნიცკაია«Политический класс», # 05, 2005 წ. მაისი
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 07.06.05.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

(1) ჩვენში ტერმინს _ დერჟავა აღიქვამენ როგორც რუსულ დამპყრობლურ სახელმწიფოს და ამიტომ მის მიმართ გარკვეული ზიზღით ლაპარაკობენ. მაგრამ „დერჟავა“, ქართულად _ „სამპყრობელო“, ნიშნავს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც სხვებზე დამოკიდებული არ არის და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას. სახელდობრ, XIX საუკუნის მიწურულს ლაიფციგსა და პეტერბურგში გამოცემულ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გერმანიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებამდე ცალკეულ გერმანულ სახელმწიფოებს შორის დერჟავებად მოხსენიებული იყვნენ მხოლოდ ავსტრია და პრუსია, ხოლო დანარჩენები კი, სახელდობრ საქსონია, ბავარია, ბადენი, ვიურტემბერგი, პფალცი და სხვები _ უბრალოდ სახელმწიფოებად (რუს. გოსუდარსტვა). ევროპის მასშტაბით დერჟავებად XIX საუკუნეში მოხსენიებული იყვნენ რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი. ამ მნიშვნელობით დერჟავას წარმოადგენდა საქრთველოს სახელმწიფოც ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ III-ის, დავით IV აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის მეფობაში. ყველა ამ სახელმწიფოს მართლაც ახასიათებდა დამპყრობლობა, მათ შორის საქართველოსაც, როცა მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა. (ი. ხ.)

No comments:

Post a Comment