Tuesday, November 16, 2010

საზოგადოებრივი და ეროვნული თვითშეგნება გახლეჩილ რუსეთში

Ты просвещеньем свой разум осветил,
Ты правды чистый лик увидел,
И нежно чуждые народы возлюбил,
И мудро свой возненавидел...

Ты руки потирал от наших неудач,
С лукавым смехом слушал вести,
Когда разбитые полки бежали вскачь,
И гибло знамя нашей чести.

А. С. Пушкин о российском либерале (1)

რუსეთის თვითშენარჩუნების ამოცანები მსოფლიოსა და ევრაზიის ახალ გადანაწილებაში, გარდაუვალად გაძლიერებული ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობა მისგან, როგორც ეროვნული გაერთიანებისგან მოითხოვს ერთდროულად ყურადღების მიქცევას მისი განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. პირველ ადგილზე დგას დემოგრაფიული კატასტროფა, ვინაიდან მდგრადი დემოგრაფიული ზრდის განახლების გარეშე თავს ვერ დავაღწევთ უზარმაზარი ტერიტორიის გეოპოლიტიკურ გადანაწილებას. რუსეთის სწრაფი ზოგადი დეპოპულაციის ფონზე კვდებიან, უწინარეს ყოვლისა, რუსები _ რუსული სახელმწიფოს დამფუძნებელი და ღერძი. 50 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ლაპარაკი სახელმწიფოს კულტურულ-ისტორიული ტიპის სრული გადაგვარების შესახებ, რასაც ექნება განსაკუთრებით დრამატული განვითარება აშკარა ცივილიზაციათაშორისო მეტოქეობის გამო.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული მსოფლმხედველობის ერთიანობის აღდგენა, რის გარეშეც შეუძლებელია როგორც ეროვნული ინტერესების შეგნება, ისე საერთოეროვნული კონსენსუსის მიღწევაც. და ბოლოს, ორივე ეს ფაქტორი ვერ იმუშავებს ხელისუფლებასა და საზოგადოებაში ასეთი გაგების ერთიანობის გარეშე. მხოლოდ პროფესიული ელიტისა და პოლიტიკური კლასის ასეთ კონცეპტუალურ ერთიანობასა და შეგნებულ მხარდაჭერას შეუძლია მიგვიყვანოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნების კონსოლიდაციამდე. ყველა ეს ფაქტორი, რომელთაგან პირველი ფიზიკური ხასიათისაა, დანარჩენები კი სულის სფეროდან, უმჭიდროესად არის ურთიერთშორის დაკავშირებული.

თუკი ჩვენი საზოგადოება არ აღიდგენს თავის თავს როგორც ერისა სულიერი ღერძითა და ისტორიული ყოფიერებისკენ მიმართული ნებით, მაშინ რუსეთის სახელწოდების მქონე სახელმწიფოც საბოლოოდ დაკარგავს აზრით ავსებულ ეროვნულ იდეას და ჩვენს თვალწინ დაინგრევა, გადაიქცევა რა გადანაწილების ობიექტად დინამიურად განვითარებადი სხვა მსოფლიო სულიერი და მატერიალური ძალების მხრიდან.

საზოგადოებრივი შეგნება საინფორმაციო საზოგადოებაში წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების ფაქტორს, ხოლო საზოგადოებრივი შეგნებით მანიპულირება დემოკრატიისა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის საუკუნეში _ პოლიტიკის უმთავრესი ბერკეტთაგანია.

ნათელ მაგალითად შესაძლოა გამოდგეს ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისები მოსკოვში მძევლების განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოწმობს შეგნების პრინციპულად ფილოსოფიურ საწყისებზე. „განზრახული აქვს თუ არა ხელმძღვანელობას იყოს თანამიმდევრული და საბოლოოდ ჩაახშოს სისხლის სამართლებრივი ტერორი ამ მორალურად გახრწნილი ადამიანის უფლებათა დამცველების და „მსოფლიო კულისებსმიღმა ძელების“ მხარეს ყურების გარეშე, თუ იგი უწინდებურად გაფანტავს თავის ძალისხმევას ბანდიტებთან მოჩვენებითი თანხმობის ძიებაში?“ _ კითხულობენ ერთნი. „შეწყდეს დანაშაულებრივი ომი საკუთარი მოქალაქეების ან, უფრო მეტიც, „გმირი მთიელების“ წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან მათ მჩაგვრელ იმპერიას“_ მოითხოვენ სხვები. უკანასკნელთა რიგები 90-იანი წლების მეორე ნახევრის განმავლობაში არსებითად შეთხელდა, მაგრამ სწორედ ისინი ახდენდნენ ყველაზე უფრო უშუალო ზეგავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ახორციელებდნენ რა ისტორიაში უმაგალითო თავს ლაფის დასხმას საკუთარ არმიაზე.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ „მშვიდობისმყოფელებს“ (იგულისხმება ადამიანის უფლებათა დამცველები _ ი. ხ.) ეკისრებათ ირიბი პასუხისმგებლობა მოსკოვში მომხდარის გამო. ამ მოჩვენებით წინააღმდეგობაში უნდა გავერკვეთ, ვინაიდან იგი ეხება საზოგადოების ისტორიული აზროვნების სიღრმისეულ საფუძვლებს, რაზედაც დამოკიდებულია მისი მომავალი. აქ ერთმანეთში გადახლართულია ისტორიული ყოფიერების ისეთი უმნიშვნელოვანესი ასპექტები, როგორიცაა საზოგადოება-ერის, პიროვნებათა სოციუმ-საზოგადოებრიობის ურთიერთდამოკიდებულებანი სახელმწიფოსთან და სამშობლოსთან.

საჭიროა შევნიშნოთ, რომ სახელმწიფოსა და სამშობლოს ცნებებს სხვადასხვანაირად განმარტავენ თავიდანვე ქრისტიანულ საფუძველზე ამოზრდილ ტრადიციულ შეგნებასა და თანამედროვე რაციონალისტურ რადიკალურ-ლიბერალურ ან რადიკალურ-მარქსისტულ შეგნებაში. განსაზღვრება „რადიკალური“ შესაფერისია, როდესაც ლაპარაკია პოსტსაბჭოთა რუსეთზე, რომელიც, ისევე როგორც XX საუკუნის დასაწყისის ორთოდოქსული მგზნებარე ბოლშევიზმის შემთხვევაშიც, წარმოუჩენს მსოფლიოს იმ შეხედულებებისა და მსოფლმედველობათა ყველაზე უფრო უკიდურეს გამოხატულებას, რომლებსაც მათივე სამშობლოში _ დასავლეთში დღემდე აწონასწორებენ სხვა, მათ შორის ტრადიციული საფუძვლებითაც.

პოსტსაბჭოთა ლიბერალური შეგნებისთვის, რომელიც მთელი თავისი განათლებითა და იდეოლოგიით მოწყვეტილია არა მხოლოდ მემკვიდრეობით რუსულ მართლმადიდებლურ კულტურას, არამედ ნამდვილ დასავლეთევროპულ კულტურასაც, მისი კათოლიკური გერმანულ-რომანული საფუძვლით. ასჯერ სწორია ს. ბულგაკოვის მიერ XX საუკუნის დასაწყისში მოცემული „საშუალო რუსი ინტელიგენტის ისტორიის არართული ფილოსოფია: „თავიდან იყო ბარბაროსობა, ხოლო შემდეგ ამობრწყინდა ცივილიზაცია, ე. ი. განმანათლებლობა, მატერიალიზმი, ათეიზმი...“, დავუმატებთ თანამედროვე ატრიბუტებსაც: ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება.

მაგრამ განმანათლებლობის ტოტზე ამოზრდილი ლიბერალური ნაყოფის გარდა, ევროპულ ცივილიზაციას, როგორც ამაზე მკითხველის ყურადღების მიქცევას ცდილობა ს. ბულგაკოვი, „გააჩნია არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი ტოტები, არამედ ფესვებიც, რომლებიც კვებავენ ხეს და თავიანთი ჯანსაღი წვენებით გარკვეულ ხარისხამდე უვნებელყოფენ ბევრ შხამიან ნაყოფს. ეს ფესვებია _ ქრისტიანობა... ამიტომ თვითუარყოფით სწავლებებსაც კი თავიანთ სამშობლოში, სხვა ძლიერი სულიერი ნაკადების გვერდით, რომლებიც მათ ეწინააღმდეგბიან, გააჩნია სრულებით სხვა ფსიქოლოგიური და ისტორიული მნიშვნელობა, ვიდრე იმას, როდესაც ისინი ჩნდებიან კულტურულ უდაბნოში და უჩნდებათ ერთადერთ კულტურულ ფუნდამენტად გახდომის პრეტენზია“ (2).

თანამედროვე რუსეთში დღემდე დომინირებს მოსაზრება, რომ დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი როგორც აბსოლუტური ფასეულობისადმი და სამშობლოს სიყვარული, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი _ არსებითად არქაულია და შეუთავსებელია „თავისუფლებასთან“ ანუ საფუძვლის სოციალურ სამართლიანობასთან. ულტრალიბერალურ შეგნებაში სამშობლო სულაც არ წარმოადგენს ფასეულობას, ვინაიდან იქ ფოსტულატია შემდეგი თეზისი: ubi bene ibi patria _ „სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც“. პოსტგანმანათლებლობის შეგნებაში მთლიანობაში ერის ცხოვრებას აღიქვამენ როგორც გიგანტურ სამეურნეო საწარმოს, რომელიც საჭიროებს ოპტიმიზაციას, მაგრამ აბსოლუტური ზნეობრივი და კულტურული მიზანგანზრახულობის გარეშე. სახელმწიფოს კი განმარტავენ როგორც მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მექანიზმს, საშუალებას, რომელიც შეგიძლია გადააგდო ისტორიის ნაგვის კალათში.

დღეს როგორც არასდროს სუსტია (მყიფეა) ეროვნული ორგანიზმის მდგომარეობა, ვინიდან სამოქალაქო განხეთქილების იდეოლოგიამ ერთის მხრივ, და საზოგადოების ატომიზაციის ქადაგებამ მეორეს მხრივ, იგი იამაზე არანაკლებად დაასუსტა, ვიდრე ეკონომიკურმა სიღატაკემ. არსებობს ავადმყოფის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მას არ შეიძლება ჩავაგონებდეთ, რომ იგი აი ახლა მოკვდება. სწორედ ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს მოპირდაპირე უკიდურესი ფლანგები. თვითიმედგაცრუება და ისტორიული ნიჰილიზმი ემუქრება რუსეთს არანაკლებად, ვიდრე არასრულყოფილი დემოკრატია ან „მასების შედარებითი და აბსოლუტური გაღატაკება“. დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი: „გატეხონ“, „დაამხონ“ და ლიბერალების „განდგომილება“, „გარეწრობა“ (რუს. «отщепенство») _ რომელთათვისაც სახელმწიფო _ ეს არის ხელშეკრულება ერთმანეთისთვის უცხო ინდივიდების მომსახურებაზე _ ეს წარმოადგენს ერთიდაიგივე ნიჰილიზმის ორ მხარეს. როდესაც სახელმწიფო დგას მსოფლიო ისტორიის სუბიექტად უკვე ვეღარ ყოფნის ზღვარზე, მაშინ ასეთი ნიჰილიზმი ეკონომიკურ უბედურებაზე უფრო საშიშია.

დღის წესრიგშია _ ეროვნული სოლიდარობის, შეგნებული საერთოეროვნული ზეძალისხმევის იდეა, და არა რევოლუციის, მდიდრებისა და ღარიბების ან პიროვნებისა და სახელმწიფოს დაპირისპირების იდეოლოგია, სწორედ ესენი ფიტავს უკიდურესობამდე სულიერ, ზნეობრივ და ენერგეტიკულ პოტენციალს. ამასთან აუცილებელი არ არის იყო კომუნისტი, რომ გამოდიოდე მოსახლეობის დეგრადაციის, სიღატაკისა და ამოხოცვის წინააღმდეგ, ეკონომიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ, რომელმაც იმდენად გადააჭარბა დასაშვებ დონეს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტრუმენტებით მალე შეუძლებელი გახდება.

ტრადიციულ შეგნებაში სამშობლოö(რუს. Отечество _ მას არც თუ შემთხვევით, ხშირად სწერენ დიდი ასოთი) არ არის იგივური სახელმწიფოსი _ პოლიტიკური ინსტიტუტის, რომელიც შექმნილია ადამიანის ხელით და ყოველთვის ცოდვიანი და არასრულყოფილია. დღეს ბევრს არ ესმის, თუ როგორი სიღრმეებიდან მოდის თავად სიტყვა და ცნება: „ამის ჯერისათვის მოვიდრეკ მუხლთა ჩემთა მამისა მიმართ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან...“ (ეფესელთა, 3, 14-15) (რუს. «преклоняю колена мои пред Отцем Господа нашего Иисуса Христа, от которого именуется всякое отечество на небесах и на земле»). სამშობლოს (მამულის) განცდა _ წარმოებულია ზეციური მამის განცდისგან. ეს სიტყვა ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლედან ევროპულ ენებში გადმოცემულია ასევე არა როგორც სახელმწიფო, არა state, არამედ land _ მიწა, მამული _ მარადიული კატეგორია ცვალებადი ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი ფორმისგან განსხვავებით.

ასეთ განცდაში სამშობლო (მამული) _ არის მეტაფიზიკური ცნება და არა გაღმერთებული კონკრეტული სახელმწიფო მისი ინსტიტუტებით, არასრულყოფილებითა და ცოდვებით. ნამდვილ ეროვნულ თვითშეგნებაში მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ისტორიული მემკვიდრეობითობის გრძნობა, თანამონაწილეობის (თანაზიარობის) მწვავე განცდა არა მხოლოდ და არა იმდენად კონკრეტულ ეტაპთან ან რეჟიმთან საკუთარი ხალხის ცხოვრებაში, არამედ სამშობლოს მთელ მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან, მის მომავალთან საკუთარი ცხვრებისეული გზის ფარგლებს მიღმა.

სამშობლო, განსაკუთრებით ქრისტიანულ შეგნებაში, ღვთის მიერ ბოძებული, მონიჭებული უწყვეტი ეროვნულ-ისტორიული ქმნადობისთვის მისი აღმაფრენებითა და გარდაუვალი დაცემებით, რომლებიც არ აუცხოებენ საკუთარი ქვეყნისგან თვით ღრმად იმედგაცრუებულებსაც კონკრეტული ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის მიმართ. დიდი სამამულო ომის მსვლელობისას გამოვლინდა, რომ „ქარწაღებულ“ ლიბერალებს, რომლებიც თავის დროზე მიესალმენ რევოლუციასა და ქრისტიანული იმპერიის ნგრევას, უფრო ნაკლებად უყვარდათ რუსეთი, ვიდრე სძულდათ „ბოლშევიკები და საბჭოები“, რომლებმაც მათ წაართვეს ამ რევოლუციის ნაყოფი და ვითომდა დაამახინჯეს მისი იდეალები. მაგრამ „ქარწაღებულ“ მენიადაგეებს, მაგალითად, ა. დენიკინს, ს. რახმანინოვსა და ათასობით სხვას, რომლებიც არასდროს არ იყვნენ სიმპატიით განწყობილი რევოლუციური იდეებისადმი, მაინც სურდათ წითელი არმიის გამარჯვება, ვინაიდან სამშობლოს შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის მათთვის უფრო მაღლა იდგა, ვიდრე საძულველი „რეჟიმის“ კრახის მათსავე სიცოცხლეში ნახვის სურვილი. სიყვარული სიძულვილზე უფრო მეტი აღმოჩნდა, როგორც ამას მოითხოვს კიდეც ქრიასტიანული მცნება...

სწორედ ეროვნული ორგანიზმის ასეთი ტრადიციული ერთიანობის წინააღმდეგ შეგნებაში, რომელიც იკვებებოდა საერთო ისტორიული განცდებით თუნდაც საწინააღმდეგო მსოფლმხედველობის პირობებში, ათწლეულის მანძილზე მიმართული იყო „სამოქალაქო საზოგადოების“ სრულებით ყალბი ინტერპრეტაციის ქადაგება. თავად ეს ცნება ნიშნავს მოქალაქეთა კერძო ინტერესების რეალიზების არაპოლიტიკურ სფეროს, და იგი საზოგადოებაში „მე“-სა და „ჩვენ“-ის ჰარმონიული ურთიერთმოქმედების ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ ეს კატეგორიები წარუმატებლად ებრძვიან ერთმანეთს უეროვნულო, ურელიგიო ადამიანის სამეფოს ორსავე ვერსიაში _ კომუნიზმსა და ლიბერალიზმში.

აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ კონტინენტური ევროპის განმანათლებლობა, რომელიც აღიზარდა ამ კულტურის წიაღში, საკმარისად ძლიერად იხო გადახლართული თანასწორობის პირველქრისტიანულ იდეებთან, და ჟ. ჟ. რუსო წერდა: „ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმაა“. ამან საფუძველი დაუდო არა ინდივიდუალიზმს, არა „სამოქალაქო საზოგადოების“ როგორც ინდივიდების ერთობლიობის უპირატეს განვითარებას, რომლებიც ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებული არანაირი სულიერი კავშირებითა და ტაბუთი (აკრძალვებით), არამედ დემოკრატიის განვითარებას, როგორც წოდებრივი საზოგადოების, აბსოლუტიზმისა და კანონის წინაშე უთანასწორობის ანტითეზისა.

მაგრამ გაწყვიტა რა ურთიერთობა ქრისტიანულ მემკვიდრეობასთან, ევროპულმა განმანათლებლობამ მაინც მისცა დიდი კულტურის გაგრძელების შესაძლებლობა, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენდა გერმანული იდეალიზმის გამოჩენა მისი გოლიათური ფიგურებით _ ფიხტე, ჰერდერი, გოეთე, შელინგი და ბევრი მათი იდეა გადმოვიდა რუსულ ფილოსოფიაშიც (ს. ბულგაკოვი, პ. ფლორანსკი), ვინაიდან მხოლოდ იგი იყო მთელს ევროპაში XIX საუკუნეში ჯერ კიდევ რელიგიური. მაგრამ ანგლოსაქსონურ განმანათლებლობას, უფრო ადრინდელს, რომელიც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში წარმოდგენილი იყო თ. ჰობსით, ჯ. ლოკით, ხოლო შემდეგ კი ა. ფერგიუსონით, საწყის წყაროდ გააჩნდა კალვინისტური იდეა და თავიდანვე ძირითად საყრდენს აკეთებდა ინდივიდუალიზმზე: თ. ჰობსი პირდაპირ წერდა, რომ „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“.

სწორედ ეს იქცა კიდეც „სამოქალაქო საზოგადოების“ ანგლოსაქსონური ვერსიის საფუძვლად, რომელშიც ჯ. ლოკისა და ა. ფერგიუსონის მიხედვით, ინდივიდები არიან ავტონომიურები და არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან არც სულისკვეთებით, არც მსოფლმჭვრეტელობით, არც ისტორიული განცდებით, არც ერთიანი წარმოდგენებით ცოდვისა და სათნოების შესახებ, რომლებიც ქრისტიანული, განსაკუთრებით მართლმადიდებლური განმარტებით ქმნიან კიდეც ხალხმოსახლეობისგან ერს. ჰობსის სწავლებამ ანგლოსაქსონურ კულტურაში დემოკრატიის განვითარება წარმართა ლიბერალიზმისა და ინდივიდუალიზმის მომსახურების გზით.

მაგრამ თავად ინგლისში მოხდა რესტავრაცია, ჰუმანიზმი, რომელიც წარმოადგენდა ინგლისური რევოლუციის სულსა და დროშას, განსაკუთრებით ისტორიულ მატერიალიზმში ასე სახელგანთქმული მისი ბურჟუაზიული ხასიათისა, ისევ შეავიწროვეს, თუმცა კი იგი მაინც უზარმაზარ გავლენას ახდენდა ინგლისელთა შეგნებაზე, რომელიც ჯერ კიდევ იკვებებოდა ქრისტიანული გოთიკის ეთიკით. გასულ საუკუნეში ნ. ი. დანილევსკიმ, რომელსაც პიტირიმე სოროკინმა უწოდა კულტურის გენიალური სოციოლოგი, ინგლისური შეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების სპეციფიური ეროვნულ-რელიგიური საფუძვლების მისეულ ანალიზში შეძლო დაენახა და აღენიშნა ინგლისელი პურიტანების ემიგრაციის დადებითი მნიშვნელობა ინგლისისა და ევროპის ქრისტიანული და კულტურული განვითარებისთვის. დანილევსკიმ მისი ისტორიული ალღოთი მიგვანიშნა, როგორც „ინგლისისთვის განსაკუთრებით საბედნიერო გარემოებაზე“, რომ „მისი მოსახლეობის ყველაზე უფრო რადიკალურმა, ყველაზე უფრო თანამიმდევრულმა ნაწილმა, პურიტანების სახით, კეთილ ინება წასულიყო ოკეანის გადაღმა თავისი იდეალების უსწრაფესად განხორციელებისთვის. დემოკრატიული ელემენტების ამ მოშორებამ დიდი ხნით უსაფრთხო გახადა ინგლისი“ (3).

ამერიკას თავიდანვე აშენებდნენ როგორც აღთქმულ მიწას და ისიც ჰპირდებოდა ქცეულიყო „ამქვეყნიურ ადამიანთა“ ისტორიული ტრადიციისგან კალვინისტური მოწყვეტის (წინგაჭრის) განხორციელებად. ვ. შუბარტმა, როდესაც ადარებდა რუსულ შეგნებას დასავლეთევროპულთან, მისცა მათ ზუსტი განსაზღვრებანი: „რუსი ადამიანი არის „იოანესეული ადამიანი“, მისწრაფებული სხვა სამყაროსკენ, ხოლო დასავლეთევროპული ტიპი არის „პრომეთეული ადამიანის“ ტიპი, მისწრაფებული მიწიერისკენ, რაც საბოლოო ჯამში სწირავს მის შემართებას პირადი პატარა (კნინი) სამყაროს კულტად გადაგვარებისთვის. მან სწორედ ანგლოსაქსების შეგნებაში აღნიშნა ისეთი ნიშნები, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად უპირისპირდება რუსულ „იოანესეულ“ კულტურას, და გონებამახვილურად განსაზღვრა ამერიკანიზმი როგორც „ანგლოსაქსობა ჯენტლმენური იდეალის გარეშე... პრომეთეული სამყარო ვერგაკეთილშობილებული გოთური ფასეულობებით“ (4).

საყურადღებოა, რომ ა. დე ტოკვილმა, რომლის ნაშრომსაც ამერიკის შესახებ სრულებით დაუსაბუთებლად თვლიან დემოკრატიის ჰიმნად, დაგვიტოვა ბევრი მწარე და ღრმა შენიშვნა და პროგნოზიც ეგალიტარიზმისა და დემოკრატიის გადაგვარების შესახებ, რომელიც იდეალურად შეესაბამება მხოლოდ „მესამეფენისეულ იდეალებს“, რომლებზედაც აშენებულია ამერიკა. იგი სიმწრით ახდენს იმის კონსტატირებას, რომ მომავალი გარდაუვალად იქნება საშუალო კლასის მხარეს მის ყველაზე უფრო დამახინჯებულ მოთხვნილებებთან ერთად. ამერიკის შემთხვევაში სწორედ ეს იდეალები გამოყვეს ხალხის ფუნდამენტური საფუძვლებიდან და გაიტანეს ოკეანის გაღმა მესამეფენისეული „კლონის“ სუფთა დაფაზე ხორცშესასხმელად. ამის შედეგად, „ეგოიზმისგან, ცალკეული ადამიანების მსოფლიოსავით ძველი მანკიერებისგან“ განსხვავებით, შენიშნა დე ტოკვილმა, დემოკრატია წარმოშობს შეგნების საერთო ტიპიურ ნიშანს _ ინდივიდუალიზმს, რომელიც ადამიანებში ახალისებს და აქეზებს „ახლობლებისგან იზოლირებისა“ და მთელი კაცობრიობის ბედნიერების თაობაზე პროკლამაციების ფონზე „მთლიანობაში საზოგადოებაზე ზრუნვისთვის თავის დანებების“ სურვილსა და მისწრაფებას.

ეგალიტარიზმთან შეხამებით ინდივიდუალიზმი წარმოშობს „თანასწორი და ერთმანეთის მსგავსი ადამიანების დაუთვალავ ბრბოებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას ხარჯავენ პატარა და უხამსი სიხარულების დაუღალავ ძიებაში“. ხელისუფლებისგან ასეთი საზოგადოება მოელის თავიანთი სიხარულების დაცვას, სიამოვნებებით მის უზრუნველყოფას (5), მაგრამ შეგნების სფეროში ეს იწვევს საზოგადოების უდარდელ-ჩვილურ მდგომარეობაში ყოფნას.

შესამჩნევია, რომ პოსტსაბჭოთა „ლიბერალიზმის“ იდეოლოგიურ არსენალში ცენტრალურად იქცა თეზისი იმის შესახებ, რომ „პროგრესული და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება“ _ ეს არ არის ერი, ანუ მემკვიდრეობითად მცხოვრები ორგანიზმი საერთო ისტორიული განცდებით, არამედ ინდივიდების ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებული არიან პასპორტში შეტანილი აღნიშვნით. ცივილიზებულობის საზომად გამოაცხადეს თეზისი ubi bene _ ibi patria (სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც), ხოლო დემოკრატიის ნიშნად _ „მსოფლიოს მოქალაქე“, რომელიც ევროპის საბჭოში ახდენს იმის დედმონსტრირებას, თუ „როგორ ტკბილია გძულდეს სამშობლო“ და მონაწილეობს „ომში საკუთარი მთავრობის დამარცხებაში“.

პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სემანტიკის კურიოზმა ათეისტური ლიბერალიზმი გადააქცია „მემარჯვენედ“, თუმცა კი იგი მიეკუთვნება ფილოსოფიურ და იდეოლოგიურ მემარცხენეობას. მემარჯვენე მსოფლმხედველობა _ ეს არის ფილოსოფიური ანტიეგალიტარიზმი, რომელიც ამოდის რელიგიური კანონის (რჯულის) მსჯელობიდან კეთილისა და ბოროტის, ცოდვისა და სათნოების, სილამაზისა და სიმახინჯის ურთიერთ საპირისპიროობის და არა ფარდობითობის შესახებ, აგრეთვე მთელი ფასეულობებისა და კატეგორიების იერარქიულობის შესახებაც, რაც მთლიანად უპირისპირდება განმანათლებლობის ფილოსოფიური პარადიგმის ყოვლისმშთანთქმელ ეგალიტარიზმს. პოლიტიკური და ეროვნული შეგნების დონეზე _ ეს არის რწმენა, მამული, ერი, სახელმწიფო (რუს. держава), სულიერის პრიმატი მატერიალურზე. ყოფითი შეგნების დონეზე _ ეს არის ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო (რუს. государство), უბიწოება. ლიბერალიზმი და მარქსიზმი თავიანთ იერარქიაში ადგილებს უცვლიან ინდივიდუუმსა და სახელმწიფოს, ინარჩუნებენ რა ამ კატეგორიების დაპირისპირებულობას. ლიბერალური უნივერსალიზმი, რომელმაც უნიფორმული მსოფლიოს კომუნისტური ვერსიის პროექტი შცვალა უფრო წარმატებულით, დარჩა მემარცხენედ და კოსმოპოლიტურად.

ლიბერალური ფასეულობებისა და საზოგადოების ფუნქციონირების დემოკრატიული ფორმებისადმი დამოკიდებულების საკითხი სუსტად არის გამოკვლეული მთელ მის პარადიგმაში, აგრეთვე იმის მიზეზებიც, რომ დემოკრატიის ვითარებაში „თავისი სამართლიანობით სახელგანთქმულმა ხალხმა იმდენად დაანახა ყველას თავისი ზნეობრივი სახე, რომ ეს დიდი ხნით დაუკარგავს მათ დაბალი კლასების ნაროდნიკული გაღმერთების სურვილს“. ს. ფრანკის ამ მწარე დაკვირვებას სინანულის კრებულში თან ახლავს პოსტრევოლუციური რუსეთის ანალიზი. რომელიც სავსებით გამოდგებოდა პოსტსაბჭოთა რუსეთისთვისაც (6).

ფასეულობების საერთო დაქვეითება-დაცემის ერთერთი მთავარი მიზეზია სულიერი კულტურის დაქვეითება, რომელიც მოჰყვა თავიდან საუკუნის დასაწყისში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმებას, ხოლო ახლანდელ რუსეთში _ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებიდან მსოფლიო კლასიკის ამოღებას, რომელშიც ხორცი შეისხეს ქრისტიანულმა ტრადიციულმა ფასეულობებმა და რომელშიც მწვავედ არის წამოყენებული ზნეობრივი დილემები. რუსეთში ამას აქვს კატასტროფული შედეგები. მოვალეობის ეთიკა და სხვა სამყაროსკენ მისწრაფებული სული თვით გაუნათლებელ ადამიანებსაც კი აკავებდა ბესტიალიზაციისგან ზნე-ჩვეულებათა უეჭველი გარეგნული სიუხეშისა და მატერიალური ცხოვრების სიდუხჭირის დროსაც. დასავლეთში შემკავებლის ამ როლს ასრულებს არა სულიერი კულტურა, არამედ „ცივილიზებულობა“, წესრიგი, ვნებების ალაგმვის მრავალსაუკუნოვანი ჩვევა. ფრანკს არ უკვირს, რომ რევოლუციის მსვლელობისას „ხალხის გატაცებამ (ვნებამ) თავისი სწორხაზოვნებით, იდეების ქმედით-ნებელობითი საფუძვლებისადმი თავისი ალღოთი ინტელიგენტურ ლოზუნგებს ნხოლოდ მოხსნა მოჩვენებითი ბრძენობისა და ზნეობრივად უნიადაგო ტაქტიკური დისტინქციების თხელი ფენა“. არ გვაკვირვებს არც მასობრივი დაცემა 90-იან წლებში.

პოსტკომუნისტური ლიბერალიზმის მსოფლმხედველობრივ პარადიგმაში, რომელიც იქცა გლობალური ზესაზოგადოების იდეის მორიგ ინსტრუმენტად, მთავარი ფასეულობის სახით პროპაგანდას უწევენ საკუთარი სამშობლოს ბედისადმი ართანაზიარობის უფლებას. და ამის დაფასება, ამის მოწონება განსაკუთრებით დამახასიათებელია ლიბერალური ინტლიგენციისთვის სწორედ რუსეთში. ასი წლის წინ მისმა პატიოსანმა წარმომადგენლებმა, რომლებიც შოკირებული იყვნენ მათ მიერვე გაჩაღებული ანტიეტატისტური სტიქიით, თავადვე ჯერ კრებულში «Вехи» (1905 წლის რევოლუციის შემდეგ), ხოლო შემდგომში 1917 წლის რევოლუციის მერე კრებულში «Из глубины» (7) შარავანდედი მოაცილეს ამ ყალბ იდეას სინანულ-ნარევი დაუნდობლობითა და ფილოსოფიური სიღრმით. პ. ბ. სტრუვემ შეაჯამა, რომ „რუსული ინტელიგენციის იდეურ ფორმას წარმოადგენს მისი განდგომილება (გარეწრობა), მისი გაუცხოება სახელმწიფოსგან და ამ სახელმწიფოსადმი მტრობა“. მაშინ ამან მიგვიყვანა ქაოსსა და რევოლუციამდე, რომელიც იქცა „ინტელიგენციის სულიერ შვილად“ (ს. ბულგაკოვი).

უკიდურესი უაღრესად ათეისტური ლიბერალიზმისა და ინდივიდუალიზმის ქადაგება XX საუკუნის ბოლოსთვის ვითარდება მსოფლმხედველობის საყოველთაო შემდგომი დექრისტიანიზაციის ფონზე, და ამიტომ ურთიერთობას წყვეტს ქრისტიანული კულტურის უკვე საფუძვლებთან. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ლიბერალურ-პაციფისტურ ქადაგებებთან დაკავშირებით რუსეთში, სადაც მიდის გამოუცხადებელი ომი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და განუყოფელობისთვის (8).

ამის გამოხატულებად იქცა ქრისტიანული ცნების (გაგების) დამახინჯება ადამიანის პიროვნების ფასდაუდებლობისა და განუმეორებლობის შესახებ, რომელიც ვლინდება თავსმოხვეულ თეზისში, რომ ვითომდა „არ არის ისეთი ფასეულობები, რომელთა გულისთვისაც ღირდეს სიკვდილი ან ომი“. უდაოა, რომ ქრისტიანულ კულტურაში ადამიანი ნებისმიერ სხვა ქმნილებაზე მაღლაა და არ შეიძლება ნივთთან მისი შედარება. თუ ცეცხლოკიდებულ სახლში აღმოჩნდება რაფაელის სურათი და დამნაშავე, ქრისტიანისთვის ეჭვგარეშეა, რომ უნდა გადაარჩინოს ადამიანი. მაგრამ რატომ გადაარჩენს ადამიანი სხვს და ამ დროს დაიღუპება? თავგანწირვის უნარი ადამიანთა ერთად ცხოვრების საფუძველია, რაც უცნობია ცხოველთა სამყაროსთვის.

III ათასწლეულის „ჰუმანიზმი“ საქმით წარმოადგენს ადამიანის დექრისტიანიზაციისა და დეჰუმანიზაციის ზეიმს, ვინაიდან ადამიანი და ჰუმანიზმი მხოლოდ იქაა, სადაც სული ხორცზე მაღლა დგას. ქრისტიანისთვის რწმენა, სამშობლო, ღირსება, მოვალეობა, სიყვარული _ ყველა მეტაფიზიკური ფასეულობა ყოველთვის იდგა მიწიერ ცხოვრებაზე უფრო მაღლა, რაც გვიჩვენა კიდეც მაცხოვარმა ჯვარზე თავის მსხვერპლად შეწირვით და სახარებაში ნათქვამია: „უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე, 15, 13). და ცხოვრებაც, რომელიც აგებულია ამ საფუძვლების განზრახ გამორიცხვაზე მოწმობს ადამიანის არა მხოლოდ დექრისტიანიზაციას, არამედ სრულ დეჰუმანიზაციასა და ბესტიალიზაციას, ვინაიდან პატარა ჩიტიც კი მკერდით აღუდგება წინ ძერას თავისი ბარტყების დასაცავად.

ადამიანი ბრჭყალებისა და ეშვების გარეშე დადგა ბუნების თავად არა იმიტომ, რომ შექმნა იარაღი, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ცხოვრების აზრი, იდეალები, ფასეულობები, სხვა სამყაროსკენ სწრაფვა, რაც ამაღლებდა კიდეც მას ამა ქვეყნის საცდურებზე, იყო მის ხანგრძლივობაზე უფრო მნიშვნელოვანი. „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ _ ეს შოთა რუსთაველია. თავგანწირვის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდებოდა ადამიანების ერთად ცხოვრების უმარტივესი ფორმებიც კი, ვინაიდან დედა არ გადაეფარება თავის შვილს, ქმარი ცოლს საჯიჯგნად მისცემს მოძალადეს, მეგობარი არ დაიცავს მეგობარს, არავინ არ შევარდება ცეცხლმოკიდებულ სახლში, წესრიგის დამცველი არ შეაჩერებს მკვლელს, არავინ დაიცავს სახელმწიფოს, სამშობლოს, ისვე როგორც მისი მოქალაქეების თავისუფლებას ბოროტმოქმედთაგან. თავად ადამიანისთვის ასე ფასეული თავისუფლება შეუძლებელია თავგანწირვის გარეშე: „მხოლოდ ის არის სიცოცხლისა და თავისუფლების ღირსი, ვინც ყოველ დღე მზად არის მათთვის ბრძოლაში შევიდეს“. ეს არის ი. ვ. გოეთე _ გვირგვინი განმანათლებლობისა, რომელმაც სხვათა შორის წარმოშვა ლიბერალიზმიც.

დღეს „ხალხმოსახლეობა“, რომელიც აღზრდილია „განდგომილობის“, „გარეწრობის“ სულისკვეთებით და აღარ წარმოადგენს ერს, იქცევა ტერორისტების სამიზნედ, რომლებიც პირდაპირ იმედოვნებენ სახელმწიფოს დაშანტაჟების წარმატებაზე. ტერორისტებს არ აკრთობთ და არ აშფოთებთ ის, რომ მოკლავენ „ართანამონაწილეებს“, ვინაიდან ისინი მათთვის მხოლოდ საშუალებაა. ამას აკეთებენ სწორედ საზოგადოებაში ამას აკეთებენ სწორედ საზოგადოებაში მყოფი დანარჩენი „ართანამონაწილეების“ დაშინების ანგარიშით, რათა მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ ზეწოლა სახელმწიფოზე. ასე, რომ, საზოგადოება აღმოჩნდება დასჯილი სწორედ თავის სახელმწიფოსთან, მის არმიასთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასთან ართანამონაწილეობის (ართანაზიარობის) გამო, იმ ფასეულობასთან, რომლისთვისაც ყველა დროში ომობდნენ და ძეგლებს უდგამდნენ გმირებს.

არსებობს პირდაპირი კავშირი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის დროს გაბატონებულ ლიბერალურ-პაციფისტურ მოწოდებებსა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მოწინააღმდეგის ტერორისტულ აქტებზე გადასვლას შორის. და ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლოზუნგები თავისი არმიის სისუსტის, არა ბრძოლისუნარიანობის, კორუმპირებულობის შესახებ, თავისი მხარის ვითომდა უსამართლო მიზნების მხილება ამავდროულად მოწინააღმდეგის მოტივაციების გამართლებით, კონფლიქტის ისტორიული ფესვების მტრის სასარგებლოდ ფალსიფიცირება _ ყოველივე ეს ნასესხებია ომის დროს მოწინააღმდეგის ქვეყანაში პროპაგანდის კლასიკური სახელმძღვანელოებიდან. თავად წინააღმდეგობის არგაწევის იდეოლოგია წარმოშობს იმის იმდს, რომ წარმატებით იყენებდნენ ტერორიზმს, როგორც სახელმწიფოს შანტაჟის მეთოდს, მისი ისტორიული ყოფიერების ძირეულ პრობლემებში.

წარსულის ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ ომებში ნებისმიერი მოწინააღმდეგე მაქსიმალურად იკავებდა თავს სისხლიანი აქციებისგან სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ ეწინააღმდეგებოდა სტრატგიული მიზნების მიღწევას. ამის მიზეზი მდგომარეობს მოწნააღმდეგის არმიისა და მთლიანად ერის წინააღმდეგობისა და საბრძოლო სულისკვეთების გაძლიერების შიშში. მაგრამ ტერორიზმი დღეს იმედოვნებს სწორედ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აქციებით მისდამი წინააღმდეგობის დასუსტებას. ერთი და იგივე ქმედების ასეთი განსხვავებული შედეგი დამოკიდებულია სართო ეროვნული თვითშგნების მდგომარეობაზე.

როდესაც საზოგადოება გრძნობს თავის თავს ერთიან ეროვნულ სხეულად საერთო ფასულობებითა და ეროვნული ყოფიერების მიზნებით, სულით, მსოფლმჭვრეტლობით, იგი განიცდის თავისი სამშობლოსა და თავისი მებრძოლი არმიის მდგომარეობას, არ გამოყოფს თავის თავს მისგან, როგორც არ შეიძლება ტკივილის გარეშე შენს თავს მოაცილო ხელები, თუნდაც ზედ ჯავარის (რუს. булатные) ხელთათმანელი გეცვას. წარსულის ომებში ძნელი იქნებოდა მსჯელობების წარმოდგენა მიწინააღმდეგის მიერ დაპყრობილ მშობლიურ ქალაქებზე ავიადარტყმების მართლზომიერების თაობაზე იმის გამო, რომ იქ დარჩა საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობა. მოწინააღმდეგისთვის აზრი არ ჰქონდა ბოროტმოქმედებათა ჩადენას დაუცველი მოქალაქეების წინააღმდეგ. საპასუხოდ მხოლოდ „კეთილშობილი გააფთრება აზვირთდებოდა დიდ ტალღებად“ გაათმაგებული ძალით.

მაგრამ სიცოცხლის, თავისუფლების, სახელმწიფოს, აგრეთვე სამშობლოს განუყოფელობისთვის ომის როგორც გაუგებარისა და უაზროს ცრუ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ მხოლოდ რუსებს. იგივე ფასეულობების რუსეთის „ადმიანის უფლებათა დამცველების“ თვალში, რომლებიც გულგრილნი იყვნენ დუდაევის რეჟიმის მიერ გაძარცვული და დამცირებული 300 ათასი რუსისადმი ჯერ კიდევ რუსული არმიის მოქმედებების დაწყებამდე, წამოდგებოდა ჩეჩნების „გმირულ ეპოსად“, რომლებიც თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის ეომებოდნენ საძულველ იმპერიას. აქ ჩვენ საქმე გვაქვს აგრეთვე ისტორიული შეგნების სპეციფიურ დამახინჯებასთან.

ნიჰილიზმი საკუთარ ისტორიასა და სამშობლისთან მიმართებით _ ასევე სახელდობრ რუსული ინტელიგენციის ტიპიური ნიშანია, რომელიც, მართლაც, დღეს გამოიხატება ყველაზე უფრო უკიდურეს და ღია ფორმებში. XIX საუკუნის კავკასიის ომების ისტორია ისევე, როგორც დამპყრობელი კოლონიური რუსეთის თემა, წარმოადგენს ჩვენი თანამემამულე მედასავლეთე ლიბერალის ისტორიული აზროვნების თითქმის ნორმატიულ კლიშეს, რომელიც დაუღალავად კვლავაწარმოებს სხვა არაფეს, თუ არა რუსული ისტორიის ლენინურ-ბოლშევიკურ ნიჰილისტურ ინტერპრეტაციას (9). მასვე თავის უკან გააჩნია საკმარისი ისტორიული საფუძველიც, ადის რა სალტიკოვ-შჩედრინთან, ბელინსკისთან, ჩაადაევთან და მუდმივად მოძულე და ამრეზილი „განათლებული ინტელიგენციის“ ყველა თაობასთან.

პოსტსაბჭოთა ლიბერალი, რომელიც პუშკინის დროებასთან შედარებით უფრო მეტად „ზარმაცი და არაცნობისმოყვარეა“ საკუთარ ისტორიასთან მიმართებით, იმეორებს ენგელსის შტამპებს მისი „რუსული ცარიზმის საგარეო პოლიტიკიდან“, მარქსის მსჯელობებს რუსული პოლიტიკის შესახებ ყველგან და კავკასიაში, რომლებიც ნასესხებია, როგორც მისი ისტორიული წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, მხოლოდ ყირიმის ომის დროინდელი ბრიტანული პუბლიცისტიკიდან, რომელთა ავტორებიც, როგორც წესი, იყვნენ სევასტოპოლის ალყად მდგარი ბრიტანული ხომალდების კაპიტნები. მჯღაბნელბის მიერ შექმნილი რუსეთის ხატება _ კავკასიელი ხალხების მჩაგვრელისა, შეკმაზული უდანაშაულო ჩეჩნების გადამსახლებელი სტალინური რეჟიმის ბოროტმოქმედებებით, ვერ უძლებს ვერანაირ ისტორიულ შემოწმებას.

მაგრამ იყო თუ არა სიმართლის ნაწილი ჩეჩნური სისხლის სამართლებრივი რენესანსის, როგორც თავიდანვე ეროვნული ან რელიგიური ხასიათის მოვლენის პოლიტიკურ ინტერპრეტაციაში? დუდაევის სოციალურ-ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც პოზირებდა არა ეროვნულ ტანსაცმელში, არამედ მხოლოდ საბჭოთა არმიის გენერლის საპარადო მუნდირში, მისი რიტორიკა ახდენს უფრო მეტად ლათინურამერიკული დიქტატორის სახის დემონსტრირებას, და არა ეროვნული და რელიგიური სასოების (იმედების) გამომხატველისა. გენერალ დუდაევის რეჟიმი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა კლასიკური გადატრიალების შედეგად, გამოხატავდა წმინდად სახელისუფლებო-ეკონომიკურ მაფიოზურ, და არა რელიგიურ ასპექტს, და არაფერი არ გვემუქრებოდა სრულიად კავკასიური წინააღმდეგობით მისი დროულად ჩახშობისას.

ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ სახალხო დეპუტატების ყრილობები 1990-1993 წლებში, რომლებზედაც რუსეთის პოსტსაბჭოთა ლიბერალების სულიერი გურუები გააფთრებით ამხელდნენ „იმპერიული შეგნების რეციდივს“, იმეორებდნენ რა რუსული ისტორიის ნაცნობ ნიჰილისტურ ინტერპრეტაციას დუდაევისეული გადატრიალების სამართლებრივ ველში დაუყოვნებლივ მოყვანის მოთხოვნებზე საპასუხოდ. სწორედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების არარსებობა და საერთოეროვნული და საერთოსახელმწიფოებრივი თვითშეგნების ნგრევა, და არა სამხედრო უპერსპექტივობა გვიშლიდა ხელს რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უსიტყვოდ დამკვიდრებაში, როდესაც ეს ჯერ კიდევ არ იყო შუღლებული მძიმე დანაკარგებთან.

გავიხსენოთ, რომ რუსეთის დრამას მაშინ წარმოადგენდა ის მდგომარეობა, რომ სახლმწიფოსთვის როგორც საგარეო, ისე შიდაპოლიტიკური ბრძოლის მთელი სტრატეგიული პრობლემები აღმოჩნდა მძევლებად გახლეჩილ საზოგადოებაში, რომლსაც არ შეეძლო თანხმობის მოძებნა თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის არც ერთ საკითხში. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ებრძოდნენ სახელმწიფოს მათეული ვერსიის დასამკვიდრებლად და ავიწყდებოდათ, რომ მუქარის ქვეშ იყო სამშობლოს განუყოფელობა. ლიბრალ-მედასავლეთეებმა მოახდინეს იტორიული რუსული დიდმპყრობელობისადმი მარადიული ზიზღის დემონსტრირება და სწორედ 90-იანი წლების დასაწყისის ეს მთავარი იდეოლოგები წარმოადგენდნენ მაშინდელი ხელისუფლების საყრდენს. არ დავიწყებთ ცბიერობას: ამავე ბანაკში სულ სხვა მიზეზით აღმოჩნდნენ კომუნისტებიც, რომლებიც თავს დაესხნენ ჩეჩნეთში არმიის შეყვანაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც თავად ისინი უპირობოდ მიიღებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში. მათთვის „რეჟიმზე“ გამარჯვების მოსაზრებები, ისევე როგორც 1914 წელს, რუსეთის მემკვიდრეობით ინტერესებზე უფრო მაღლა აღმოჩნდა.

პირველი ჩეჩნური კამპანიის წარუმატებლობა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნების არქონის პირდაპირი შედეგია სართოეროვნული კონსენსუსისა და ელიტის შეგნებული მხარდაჭერის არარსებობის პირობებში. ამის შედეგად არმია პარალიზებული იყო თავად მთავრობის მიერ, რომელიც ბანდიტური კერების საბოლოო ლიკვიდაციის ნაცვლად შეუდგა მოლაპარაკებებს ტერორისტებთან მსოფლიო ძალების ყველგანმყოფი კონტროლის ქვეშ ეუთო-ს სახით. ბასაევი და მისი მკვლელები დაუსჯელი აღმოჩნდნენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები სასჯელის ნაცვლად გადაიქცნენ მოლაპარაკებათა ლეგიტიმურ მხარედ რუსეთის ტრიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენული უფლების საკითხებში, განალაგებდეს თავის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ლიბერალ-მედასავლეთეების ანტისაარმიო და ანტისახელმწიფოებრივი ისტერიისა და „მშვიდობისმყოფელობის“ შედეგად გაყიდულ იქნა არმიის მიერ უკვე გაღებული მსხვერპლი, აზრდაკარგულ იქნა მისი არცთუ მცირე წარმატებები.

სახეზე იყო რუსული სახელმწიფოებრიობის კრახი, რომელსაც არ გააჩნდა არც რუსების და არც იმ ხალხების დაცვის უნარი, რომლებმაც თავიანთი ბედი დაუკავშირეს რუსეთს და შეგნებულად ინარჩუნებენ მისდამი ერთგულებას. ჩეჩნური სისხლისსამართლებრივი ამბოხებისადმი წაყრუებამ და მისმა ცრუ ინტერპრეტაციამ ისეთი საშინაო და საერთაშორისო პარამეტრების შეძენის საშუალება მისცა მას, რომლებმაც გადააქციეს იგი სერთაშორისო ტერორიზმის ინსტრუმენტად.

ამ მოვლენის ანალიზი, ასევე მსოფლიოში მისი ასეთი განსხვავებული გამოვლინებები ააშკარავებს ბევრ განზომილებას, რომლებიც სულაც არ არიან დაკავშირებული რუსეთის საშინაო პრობლემებთან, თუმცა გააჩნიათ დამოკიდებულება მის მიერ აზიაში წონასწორობის შემნარჩუნებლის როლის დაკარგვასთან. აქ არის საერთაშორისო სამართლის კრიზისიც, რომელიც კრძალავს ომებს თავდაცვის უფლებით, მაგრამ უფლებას აძლევს იმპერიულ ქვყნებს ატარებდნენ ჰუმანიტარულ ინტერვენციებს. სახეზეა ძალის ფაქტორის საერთო ზრდაც მსოფლიოში, აგრეთვე ისიც, რომ მას იყენებენ სულ უფრო მეტი ხარისხით სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. წარმატების შანსს ტერორისტებს აძლევს კაცობრიობის განვითარების ის შედეგიც, რომ ურბანისტული ლიბერალური ცივილიზაცია მიდრეკილია კაპიტულაციისკენ, არა მაშინ, როდესაც არმია დამარცხებულია, არამედ როდესაც მილიონიან ქალაქებში ჩერდება წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, ხოლო მსოფლიოს მოქალაქები ვერ აიგივებენ თავიანთ თავს ერთან, არმიასთან და საკუთარი ქვეყნის ისტორიულ ამოცანებთან.

ჩვენ ფხიზლად ვაფასებთ რუსეთის დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებსა და არალოიალობას და არ მოველით მათგან გულმოწყალებას, მაგრამ ამასთანავე არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის, აგრეთვე თვითგამორკვევისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხში მენტორობის, ე. ი. ჩეჩნური თემის მცოცავი ინტერნაციონალიზაციის პირობები შექმნილი იყო სწორედ თავად საზოგადოებრივი აზრის მიერ რუსეთში.

ადამიანის უფლებათა დაცვის თემა, ისევე როგორც ჩეჩნეთის ომში დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება როგორც დანაშაულისა, ხმამაღლა ჟღერდა ერთმანეთისადმი სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის მქონე ჩვენი პოლიტიკოსების ბაგეებიდან. ხოლო თანამედროვე საერთაშორისო სამართლის კანონების მიხედვით ასეთი მდგომარეობა იძლევა "მსოფლიო საზოგადოებრიობის“ შეშფოთების“ გამართლებას. განსაზღვრულ მომენტამდე დასავლელი ლიდერები თავშკავებით გამოთქვამდნენ ჩეჩნური პრობლემის, როგორც რუსეთის საშინაო საქმის შესახებ, რომელსაც, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებს, უფლება აქვს ახშობდეს ამბოხბებს, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპია _ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

რა თქმა უნდა, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი როლი აქ ითამაშეს ე. წ. „უფლებათა დამცველებმა“, რომლებიც ლაფში სვრიდნენ საკუთარ არმიას, თუმცა კი გულგრილნი იყვნენ სტანიცა ასინოვსკაიაში გაუპატიურებული რუსი გოგონების მიმართ, თავისუფლებისთვის ჩეჩენი „მებრძოლების“ სარდაფებში მყოფი ათასობით რუსი მონის მიმართ. და ბოლოს ევროპამ მოახდინა რეაგირება და გამოაცხადა: ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა საომარი მოქმედებების დროს _ სამოქალაქო მოსახლეობის უფლებათა დარღვევა განიხილება როგორც საფუძველი თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისთვის გამოყოფის მეშვეობით. და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეკრანზე დემონსტრირებული მთელი ოჯახები შეიარაღებული ქალებითა და ბავშვებით, ხშირად გულუბრყვილობის გამო ღიად აღიარებდნენ კამერის წინ, „მთელი სამი წელი ვამზადებდით ამ იარაღსო“. შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც თანამონაწილეობენ საომარ მოქმედებებში საერთაშორისო სამართლის მოხედვით ითვლებიან „კომბატანტებად“ _ „მებრძოლებად“ და არ მიეკუთვნებიან მშვიდობიან მოსახლეობას. მივაქცევთ ყურადღებას ორმაგ სტანდარტზე: აშშ ამტკიცებს, რომ თალიბანის ბოევიკებს რომელთაც ამყოფებენ გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე ფიზიკური და მორალური აბუჩად აგდების პირობებში, _ ე. ი. ადამიანის უფლებათა აშკარა დარღვევით, _ არ გააჩნიათ უფლება მათ მიმართ ჟენევის კონვენციის დებულებების გამოყენებაზე.

მხოლოდ გულუბრყვილოებს შესაძლოა ეჩვენებოდეთ, რომ დასავლეთი, რომელიც დაჟინებით იმეორებს მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და ჩეჩნური პრობლემის გადაწყვეტის შესახებ, ვერ ხედავს, რომ ჩეჩნეთში მოქმედებს რუსეთის საზღვრებისგან შორს შემუშავებული კარგად დადგმული სცენარი, და რომ რუსეთს ემუქრება უზარმაზარი ტერიტორიის ჩამოშორება, რაც აძლევს მას უფლებას თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და სისხლის სამართლებრივი ამბოხების ჩახშობაზე.

მაგრამ დასავლეთს ყოველივე ეს მშვენივრად ესმის, ისვე როგორც ის ფაქტი, რომ ჩეჩნეთში დუდაევის მმართველობის დროს დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებებში გაერო-ს ეგიდით დადებული ყველა ცნობილი საერთაშორისო პაქტის უკლებლივ ყველა დებულება. ევროპის საბჭომ იცის, რომ არა რუსეთის არმია, არამედ ბოევიკები არიან ბარბაროსები, რომელთაც გაინთავისუფლეს საკუთარი თავი არა მხოლოდ ომის ეთიკისგან, არამედ საერთოდ ყოვლგვარი ადამიანური ეთიკისგანაც. და თუმცა ეს ბარბაროსები ქრისტეს შობიდან III ათასწლეულის ზღურბლზე თავებს სჭრიან ქრისტიანებს, „საღვთო რომის იმპერია“ სდუმს.

დილემა „რუსეთი და ევროპა“ მაინც არ არის აღმოფხვრილი სწორედ ერთობლივი დასავლეთის მიერ, რომელმაც აიშენა თავისი სამოთხე დედამიწაზე, მაგრამ მაინც ვერ განთავისუფლდა ნიჰილიზმისგან რუსეთის ისტორიისადმი, გაუბედაობის გრძნობისგან მისი უზარმაზარობის წინაშე, პოტენციური თვითკმარობისა და განსაცდელებში უჩვეულო მედეგობის წინაშე, რომელთა გადატანასაც ვერ შესძლებდა ვერც ერთი სახელმწიფო. და თუმცა რუსეთი თავისი წინააღმდეგობით მსოფლიოსა და პოსტბიზანტიური სივრცის რადიკალური პარაისლამისტური სტრატეგიების სასარგებლოდ გადანაწილებისადმი საკუთარი თავით იცავს დასავლურ სამყაროს, „ევროპა რუსეთთან მიმართებით, _ ისევე როგორც პუშკინის დროს, _ იმდენადვე უმეცარია, რამდენადაც უმადური“.

უკანასკნელ ათწლეულში მომხდარს უნდა წავეხალისებინეთ ჩვენ დასაფიქრებლად. ნ. დანილევსკის საკრამენტული გამოთქმა რუსეთისა და ევროპის დაპირისპირების შესახებ XIX საუუნეში, რომელსაც ბერლინის კონგრესამდე ნიღბავდნენ რაღაც ფანტასმაგორიის _ თურქეთის იმპერიის არსებობით, შესაძლოა პერეფრაზირებულ იქნას შემდეგნაირად: სანამ რუსეთსა და დასავლეთს შორის „იდგა კომუნისტური ფანტასმაგორია“, ცივი ომის ჭეშმარიტი მიზეზები შესაძლო იყო ვერც შეემჩნიათ, ხოლო როდესაც „მოჩვენება გაიფანტა“, „ჩვენ არაფერი არ გვრჩება, თუ არა ჩავხედოთ სინამდვილეს პირდაპირ თვალებში“. ზეწოლა არაკომუნისტურ რუსეთზე მხოლოდ გაიზარდა. მაგრამ, უწინდებურად, ნგრევის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ჩვენი ისტორიული და ეროვნული თვითშგნებით მანიპულირება.

სანამ კოვალიოვები, ისვე როგორც პუშკინის დროს „ხელებს იფშვნეტენ ჩვენი წარუმატებლობისას“, დროა გადავწყვიტოთ ჩვენი დანგრეული ეროვნული თვითშეგნების აღდგენის ამოცანა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ერის თვითშენარჩუნებისთვის. ეს არ არის პუბლიცისტური ემოციების ობიექტი: ეროვნული ორგანიზმის ღრმა დაავადება საჭიროებს დაუნდობელ დიაგნოზსა და მკურნალობას.

ნატალია ნაროჩნიცკაია
მასალის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru 12/02/2004
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:


(1) ა. ს. პუშკინის ლექსის თავისუფალი თარგმანი ასეთია:

შენ განათლებით შენი გონება გაინათე,
შენ სიმართლის ანკარა სახე იხილე,
და უცხო ხალხები ნაზად შეიყვარე,
საკუთარი კი ბრძნულად შეიძულე...

შენ ხელებს იფშვნეტდი ჩვენი უიღბლობებისგან,
მაცდური სიცილით ისმენდი ამბებს,
როს დამარცხებული პოლკები ჭენებით გამორბოდნენ,
და იღუპებოდა დროშა ჩვენი ღირსებისა.

(ა. ს. პუშკინი რუსი ლიბერალის შესახებ)

(2) Вехи. Сборник статей о русской интеллигенции. М., 1991, стр. 41, 39.

(3) Данилевский Н. Я. Россия и Европа. С.Пб, 1995, с. 205.

(4) Шубарт Вальтер. «Европа и душа Востока». М., 1997, с. 244.

(5) Токвиль Алексис де. Демократия в Америке. М., 1992, стр. 197.

(6) Из глубины. Сборник статей о русской революции. Телекс. Нью-Йорк, 1991.

(7) Там же. стр. 313-315.

(8) აქ, როგორც ჩანს, ლაპარაკია ჩეჩნეთზე, ამ ავტონომიის სეპარატისტულ მისწრაფებებზე. რაკი ჩეჩნეთი შედის ისტორიული და თანამედროვე რუსეთის სახელმწიფოში, ამიტომ ეს მხარე ნ. ნაროჩნიცკაიასთვის არის თავისი სამშობლოს შემადგენელი ნაწილი. მაგრამ თავად ჩეჩნებისთვის რაღაა ჩეჩნეთი? ეს ხომ მათი სამშობლოა, როგორც ნ. ნაროჩნიცკაია ამბობს „ღვთივბოძებული სამშობლო“. ამიტომ იქნებ ჯობდეს, რომ ავტორი ისტორიულ რუსულ სახელმწიფოს იხსენიებდეს როგორც ადამიანთა მიერ შექმნილ გაერთიანებას თავისი ღირსბებითა და ნაკლოვანებებით, ხოლო ჩეჩნეთს, როგორც ჩეჩენთა ღვთივბოძებულ სამშობლოს, რომლებსაც რუსებმა უნდა შეუქმნან როგორც ფიზიკური, ისე სულიერი განვითარების სათანადო პირობები, რათა ჩეჩნებისთვის მათ სახელმწიფოში ყოფნა მისაღები და სასარგებლო იყოს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ საქართველოს სახელმწიფოსა და აფხაზების ღვთივბოძებული სამშობლოს შესახებ მდ. კოდორის ჩრდილო-დასავლეთით (ი. ხ.).

(9) შესაძლოა ქართველ მითხველს ნ. ნაროჩნიცკაიას ამ სიტყვებმა პროტესტი გაუღვიძოს, რადგანაც ჩვენშიც ზოგადად მიჩნეულია რუსეთი დამპყრობლად, რომელმაც დაარღვია 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები და მფარველობის ნაცვლად 1801 წ. ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და რუსეთის გუბერნიად გადააქცია. მაგრამ საქმე სულ სხვანაირად არის: პლატონ იოსელიანის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ ვკითხულობთ, რომ „ძმათაგან და გარეთა მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი“, 1799 წ. სქტემბერში, რომელშიც დასაწყისშივე ნათქვამი იყო: „უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთისა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ“... ანუ გიორგი მეფეს ქართლ-კახეთის სამეფო შეჰყავდა რუსეთის ქვეშევრდომობაში. სამაგიეროდ იგი ითხოვდა თავისი შთმომავლების დასმას ტახტზე, სააგარაკე მამულს რუსეთში და შესაბამის ჯამაგირს. ბოლოში გიორგი XIII ასკვნიდა: „უკეთუ ჰაზრი ესე არ მიღებულ იქმნას, მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილ თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლურისა ქცევისა. მ ე ფ ე ს რ უ ლ ი ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ი ს ა გ ი ო რ გ ი“. ანუ გიორგი მეფე ულტიმატუმს უყენებდა იმპერატორ პავლე I-ს, ან მიეღო მისი სამეფო უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში, ან კიდევ იგი ცალმხრივად გააუქმებდა გეორგიევსკის ტრატატს და რუსეთთან მხოლოდ სამეზობლო ურთიერთობები ექნებოდა. პლატონ იოსელიანი ამბობს, რომ საქართველოს დესპნთა მეცადინეობის შედეგად 1799 წ. 26 ნოემბერს დაიდო ახალი ტრაქტატი გიორგი XIII-სა და იმპერატორ პავლე I-ს შორის, რომლის ტექსტიც ფრანგულად გამოქვეყნებულია როტიეს წიგნში „Intineraire de Tiflis a Constantinopole (Bruxelles, 1829) pag. 68, და რომლის 1-ლ და მე-2 მუხლებში წერია: „მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდგომნი მისნი მემკვიდრენი“. ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.“ როგორც ვხედავთ, ქართლ-კახეთის სამეფო თავისი მეფის ნებით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სამეფო დინასტია შეიცვალა რომანოვების საგვარეულოზე, ხოლო აქაური ბაგრატიონები გადაიქცნენ მეფეთა დიდმოხელეების, თავადების საგვარეულოდ. რუსეთის იმპერიას შემდგომ წლებში ასევე ნებაყოფლობით შეუერთდნენ გურიის, სამგრელოსა და აფხაზეთის სამთავროები, მაგრამ იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ არ ისურვა პირდაპირ რუსეთის შემადგენლოაში შესვლა და ითხოვდა მასთან გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი მფარველობითი ხელშეკრულების დადებას. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, რუსებმა მართლაც ძალით დაიპყრეს იმერეთის სამეფო, ხოლო სოლომონ II ოსმალეთში გაიხიზნა, სადაც აღესრულა კიდეც. საქართველოს კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ უკანასკნელ წლებში სოლომონ მეფე წმინდანად შერაცხა. რუსებმა ასევე იარაღის ძალით წაართვეს ოსმალეთს ახალციხის საფაშოს ნაწილი და აჭარა, რომლებიც დღეს საქართველოს შემადგენლობაშია, აგრეთვე ფოცხოვი, არტაანი და სხვა მცირე პროვინციები, რომლებიც 1921 წ. თურქებმა უკანვე დაიბრუნეს. ამრიგად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბევრი რამე კარგად არა გვავს გარკვეული, რითაც პირველ რიგში ისევ ჩვენ ვზარალდებით. ნ. ნაროჩნიცკაიას პათოსს კი, უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული საფუძველი გააჩნია (ი. ხ.).

No comments:

Post a Comment