Friday, November 19, 2010

უკანასკნელი მოვლენები კოსოვოში: ეთნიკური იმპერიალიზმი და როგორ ვებრძოლოთ მას

ამ დღეს გაურკვეველ გარემოებებში ქალაქ მიტროვიცეს ალბანური და სერბული ნაწილების გამყოფ მდინარეში დაიღრჩო ორი ალბანელი მოზარდი, რამაც გამოიწვია კოსოვოს მთელ ავტონომიურ მხარეში აგრესიული ანტისერბული გამოსვლების ამოხეთქვა. მოვლენები, თითქოს განგებ, დაემთხვა ე. წ. „სერბული უღლისგან ალბანელთა განთავისუფლების“ ხუთი წლის თავს, როგორადაც სეპარატისტები თვლიან 1999 წლის 24 მარტს დაწყებულ ნატო-ს ომს სერბეთის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის მანძილზე მხარის ტერიტორიაზე მოკლეს 31 ადამიანი (თითქმის ყველანი სერბები) და დაჭრეს დაახლოებით 700, მათ შორის 61 სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურე. თითქმის ოთხი ათასი სერბი იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ მიეტოვებინა მთელი თავისი ქონება და მშობლიური მიწა, და სადაც მოუხდებოდა, იქ გაქცეულიყო. მესამედმა თავი შეაფარა ნატო-ს სამხედრო ქალაქებში, დანარჩენები მიიღეს ნათესავებმა და მეგობრებმა სერბეთში.

აბობოქრებულმა ეთნოფაშისტებმა დაწვეს 30-ზე მეტი მართლმადიდებლური ეკლესია და მონასტერი და პირისაგან მიწისა აღგავეს ათობით სერბული სოფელი. სერბული მოსახლეობის დაცვის ნაცვლად ნატოელი „სამშვიდობოების“ 20-ათასიანმა კორპუსმა დაიწყო მისი ევაკუაცია უსაფრთხო ადგილებში, რაც ალბანელი სეპარატისტების ინტერესებში კოსოვოს ეთნიკურ წმენდაში ხელშეწყობის ტოლფასი იყო. მსოფლიო გონდაკარგული ადევნებდა თვალყურს კონტროლქვეშიდან გამოსულ სიტუაციას.

ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები მონდომებით აბრუნებენ ცხვირს კოსოვოში მიმდინარე მოვლენებისგან, ვერ პოულობენ რა თავიანთ თავში იმის აღიარების ვაჟკაცობას, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით გატარებულმა მათმა პოლიტიკამ მიიყვანა საქმე სისხლიან დრამამდე, რომლის დასასრულიც ჯერ კიდევ არ სჩანს. რუსეთი შემოიფარგლა სახელმწიფო სათათბიროს წევრების დუნე განცხადებითა და დარბევის მსხვერპლთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით. უხერხულიც კი არის ვიხსენებდეთ, თუ რამდენი სუკუნის მანძილზე იცავდა ისტორიული რუსეთი ბალკანელი იუგოსლავების _ სისხლითა და რწმენით თავისი ძმების _ ინტერესებს, და 1914 წელს როგორ ჩაება იგი პირველ მსოფლიო ომში მოკავშირე სერბეთის გადასარჩენად.

კოსოვოში დატრიალებული მოვლენები ამავდროულად ააშკარავებს უმნიშვნელოვანეს ზოგადმსოფლიო პრობლემას, რომელიც ბევრმა პოლიტოლოგმა მონათლა ეთნიკურ იმპერიალიზმად, ე. ი. ცალკეული ერების მიერ მათ კუთვნილებაში არმყოფი ტერიტორიების დაპყრობას მიზანმიმათული მიგრაციული ნაკადების მეშვეობით, ან პოლიტიკური სტატუსის, სახელმწიფო კუთვნილების შეცვლას მოსახლეობის დემოგრაფიულ შემადგენლობაში ცვლილებების შედეგად.

შეგახსენებთ, რომ მიწების დაპყრობის მიზნით ძირეული მოსახლეობის მასობრივი გენოციდის პირველი შემთხვევა განახორციელეს ინგლისელმა კოლონიზატორებმა ახლანდელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ინდიელი მოსახლეობა მაშინ თითქმის მთლიანად გაანადგურეს, ხოლო მისი ნარჩენები გადააქციეს „სამუზეუმო ექსპონატად“, რომელიც რეზერვაციებში ჰყავთ საჩვენებლად გამოფენილი.

საჭიროებდა რა ახალ სამხრეთულ მიწებს ბამბის მოსაყვანად, აშშ-ის მთავრობამ 1827 წელს სთხოვა მექსიკას ნებართვა ტეხასის ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროს მექსიკას ეკუთვნოდა, 30 ათასი ამერიკელი კოლონისტის დასასახლებლად. გულუბრყვილო მექსიკელები დათანხმდნენ. 30 ათას ხელშეკრულებით გადასახლებულთან მალე ჩავიდა კიდევ რამდენიმე ათეული ათასი და 1835 წელს სტუმრებმა განაცხადეს ტეხასის მექსიკისგან გამოყოფის შესახებ, შექმნეს საკუთარი მთავრობა და არმია. მექსიკის მცდელობებმა თავისი უფლებების აღსადგენად გამოიწვია ის, რომ ვაშინგტონმა 1847 წელს ომი გამოუცხადა სამხრეთელ მეზობელს, სასტიკად დაამარცხა იგი და თავს მოახვია „ხელშეკრულება“, რომლის ძალითაც არა მხოლოდ ტეხასი, არამედ მთელი ახლანდელი კალიფორნია, არიზონა, ნიუ-მექსიკო შეუერთდა აშშ-ს. მოკლე ვადაში _ სულ 20 წელიწადში _ მარტივი მიგრაციული შეღავათის გაწევა მექსიკას დაუჯდა თავისი ტერიტორიის 2/5-ის დაკარგვად.

გერმანელები XX საუკუნის 20-30იან წლებში აქტიურად ასახლებდნენ თავიანთ მოსახლეობას ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქში. როგორც კი გერმანული მოსახლეობის კრიტიკულმა მასამ მიაღწია მაქსიმუმს, ჰიტლერულმა გერმანიამ დააყენა საკითხი სახელმწიფო საზღვრების გადასინჯვის შესახებ. „ერთი ხალხი, ერთი სახელმწიფო, ერთი ფიურერი“-ს ლოზუნგით ჰიტლერმა ზეწოლა მოახდინა საფრანგეთისა და ინგლისის მთავრობებზე და მათ მიუნჰენში თანხმობა მისცეს ჩეხოსლოვაკიის გაყოფაზე. მსოფლიოს მეორედ მისცეს გაკვეთილი, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობის მიგრაციის გამოყენება ცენტრალურ ევროპაში ჰეგემონიისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში.

სულ ახლახანს, 1974 წელს, ისარგებლა რა კვიპროსის თურქული მოსახლეობის გაზრდილი დემოგრაფიული პოტენციალით, თურქეთმა გაგზავნა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და საექსპედიციო კორპუსი ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულზე, მოახდინა მისი ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია, და გამოაცხადა ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა. ჯერჯერობით მსოფლიო საზოგადოებრიობას კანონიერად არ უღიარებია ეს ღიად დამპყრობლური აქტი და ცდილობს გავლენის მოხდენას კვიპროსის ერთიანობის აღსადგენად. მაგრამ, თურქების ქცევით თუ ვიმსჯელებთ, აქამდე ჯერ კიდევ ისე შორია, როგორც დედამიწიდან ცამდე.

ყველა მოყვანილ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა ე. წ. „ისტორიული სამართალი“ და „ეთნიკური სამართალი“. თუ კი პირველი ემყარება ისტორიულ და იურიდიულ ფუნდამენტებს, რომლებიც თავისთავად ექვემდებარებიან ეროზიას პროპაგანდის გავლენისა და გარეშე ძალების ზემოქმედების ქვეშ, მეორე ემყარება ხისტ რეალობასა და არსებული ეთნიკური უპირატესობის უდაო ფაქტებს, რომელთანაც ბრძოლა შეიძლება მხოლოდ იძულებითი ზომებით.

კოსოვოში მოხდა სწორედ ასეთი შეჯახება. ძირძველ სერბულ მიწაზე, დაწყებული XV საუკუნიდან, როდესაც ოტომანის იმპერია შეიჭრა ევროპაში, თურქებმა დაიწყეს მათი ერთმორწმუნე ალბანელების განსახლების წახალისება, ცოტ-ცოტად მხარის ეთნიკურმა შემადგენლობამ შეცვლა დაიწყო. მაგრამ თვით XIX საუკუნის ბოლოსთვისაც კი ალბანელებს არ ჰქონიათ აშკარა უპირატესობა. მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ეთნიკური დისბალანსის ჩამოყალიბების პროცესი. იტალია იუგოსლავიაში ხედავდა თავის მთავარ მტერს ბალკანეთში და ამიტომ ფსონი გააკეთა ალბანეთზე. ჰიტლერულმა გერმანიამ მხარი დაუჭირა თავის მოკავშირეს. მუსლიმანი ალბანელებისგან ჩამოაყალიბეს შშ-ის მოხალისეთა დივიზია „სკანდერბეგი“, რომელიც გაუშვეს საბრძოლველად იუგოსლაველ პარტიზანებთან. სიტყვამ მოიტანა და, მისი დროშა _ ორთავიანი შავი არწივი წითელ ტილოზე _ ახლა წარმოადგენს კოსოვოელი სეპარატისტების ოფიციალურ დროშას. სისხლისმსმელები (რუს. головорезы) ამ დივიზიიდან ახდენდნენ კოსოვოს სერბული მოსახლეობის ტერორიზებას. ძარცვა, ძალადობანი, მკვლელობები შეიქმნა ყოველდღიური ცხოვრების ნორმად მხარეში, სადაც მაშინ ჯერ კიდევ ცხოვრობდა დაახლოებით მილიონი სერბი. დაიწყო ორმაგი მიგრაცია, სერბები ათეულათასობით მიდიოდნენ მშობლიური ადგილებიდან, ხოლო მათ სახლებსა და მიწას იკავებდნენ ალბანელები.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას არ მოუტანია ცვლილებები კოსოვოს მხარის ეთნოგადაწყობებში. ი. ბროზ ტიტოს (ეროვნებით ხორვატს) ყოველთვის ეშინოდა სერბების პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალისა. სპეციალური დეკრეტით მან აკრძალა იუგოსლავიის ტერიტორიიდან ალბანელების გასახლება და სერბი დევნილების მათი უწინდელი განსახლების ადგილებში დაბრუნება. ასეთი ზომები მაშინ ეწინააღმდეგებოდა გამარჯვებული ქვეყნების განწყობას, რომლებმაც 1945 წლის 1 აგვისტოს პოტსდამის კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება გერმანელების იძულებითი გასახლების შესახებ ჩეხოსლოვაკიიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან, ისევე როგორც სხვა ტერიტორიებიდანაც, რომლებიც აღმოჩნდა მოკავშირეთა ხელში. მხოლოდ ჩეხოსლოვაკიიდან გაასახლეს დაახლოებით 3 მლნ. გერმანელი.

ომის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ალბანეთ-იუგოსლავიის საზღვარი რჩებოდა ღიად, და ალბანელების ახალ-ახალი ნაკადები დაუბრკოლებლად ჩაედინებოდა კოსოვოში. ამბობენ, რომ ტიტოს აბოდებდა ბალკანეთის ფედერაციის შექმნის იდეით მასში იუგოსლავიის, ბულგარეთისა და ალბანეთის ჩართვით და ამიტომ არ სურდა ალბანეთთან დავა. 1966 წელს მან იუგოსლავიის ხელმძღვანელობის უმაღლესი ეშელონიდან მოიშორა უკანასკნელი სერბი, რანკოვიჩი, და ამის შემდეგ პრაქტიკულად აღარ აწყდებოდა დაბრკოლებებს თავისი პოლიტიკის განხორციელებაში.

სიტუაციას აჩქარებდა ალბანური მოსახლეობის დემოგრაფიული აფეთქებაც. 1981 წელს კოსოვოს ალბანური საშუალო სტატისტიკური ოჯახი შედგებოდა 6-9 ადამიანისგან. ფართოდაა ცნობილი იასირ არაფატის გამონათქვმი იმის შესახებ, რომ პალესტინის წინააღმდეგობის საიდუმლო იარაღს წარმოადგენს ქალი, რომელიც შობს საშუალოდ 7-8 შვილს. ასეთი „იარაღი“ მოქმედებდა კოსოვოშიც, სადაც XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსთვის ალბანელები გადაიქცნენ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობად და გადავიდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებზე კოსოვოს იუგოსლავიისგან გამოყოფის მიზნით.

სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის მიერ 1989 წელს მიღებულმა კოსოვოდან ალბანელების შევიწროვება-განდევნის ზომებმა აშკარად დაიგვიანა. ის, რაც ლოგიკური იქნებოდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ, ახლა აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული. კოსოვოს ალბანელებს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა პოლიტიკური ორგანიზაცია, ჰყავდათ თავინთი კარგად შეიარაღებული ძალები, მათ მხარი დაუჭირა დასავლეთმა, რომელიც უკიდურესად იყო დაინტერესებული ჭირვეული სერბული სახელმწიფოს განადგურებით, რომელიც დაჟინებით არ ამბობდა უარს სოციალიზმზე, მართლმადიდებლობაზე და ახდენდა თავისი პასიონარობის დემონსტრირებას. მოვლენების შემდგომი განვითარება ყველასთვის ცნობილია. შეგახსენებთ მხოლოდ სერბული ტრაგედიის ძირითად პარამეტრებს.

სერბეთის წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიის 78 დღის მანძილზე მოახდინეს 25 ათასი თვითმფრინავ-გაფრენა, მის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 3 ათასი მართვადი ზემძლავრი ბომბი და გაუშვეს ათასზე მეტი ფრთოსანი რაკეტა. დაიღუპა 2 ათასი სამოქალაქო მოსახლეობა, 7 ათასი დაიჭრა და დასახიჩრდა. დაზარალებულთა შორის 30% იყვნენ ბავშვები. იუგოსლავიისთვის მიყენებულმა საერთო მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 100 მლრდ. დოლარზე მეტი.

რა უნდა გააკეთონ ახლა კოსოვოში? ალბანელთა გააფთრებული აგრესიულობა შეუძლებელს ხდის განცალკევებული სერბული ანკლავების არსებობას მის ტერიტორიაზე. ე. წ. ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტი უუნარო აღმოჩნდა ამ ამოცანის შესრულებაში, რომლის გულისთვისაც იგი შეიყვანეს იუგოსლავიაში. საერთაშორისო ადმინისტრაცია ახდენს თავისი უძლურების დემონსტრირებას. იგი ვითომდა ვერ ამჩნევს, თუ იუგოსლავიის სუვერენულ ტერიტორიაზე, როგორსაც წარმოადგენს კოსოვო, როგორ ცვლის იუგოსლავურ დინარს ევრო, როგორ აწესებენ ალბანურ სასამართლოებს, აყალიბებენ ალბანურ არმიას და ა. შ.

ალბანური პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ლაპარაკობენ სხვა არაფერზე, იუგოსლავიისგან სრული გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გარდა. უსარგებლოა მიუთითებდე გაეროს რეზოლუციებსა და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც ამტკიცებს და ადასტურებს იუგოსლავიის მთლიანობის პრინციპს. ყველა რეალურად მნიშვნელოვანი და პოლიტიკური წონის ფაქტორი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ პრინციპს პრაქტიკულად არა ჰყავს მოკავშირე, თავად სერბეთის გარდა. დანარჩენები აცხადებენ ერთს და ფიქრობენ სხვას. ახლანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ნიშნავს ომის მდგომარეობის განუსაზღვრელი დროით გაგრძელებას, რომელშიც იმყოფებიან კოსოვოელი სერბები და ალბანელები. აქ დაუსრულებლად იდინებს სისხლი, დაგროვდება ურთიერთ სიძულვილი, განადგურდება კაცობრიობისთვის ფასდაუდებელი ისტორიული ძეგლები და მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდეები.

განა უფრო მიზანშეწონილი არ იქნება, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას შეენანებია უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მის მიერ ბალკანეთში ჩადენილი საქმეების გამო და რეალობისთვის თვალებში ჩაეხედა: იქნებ ჯობდეს, დაიყოს კოსოვო ორ ნაწილად? ერთში, სერბულში, დააბრუნონ ყველა სერბი, რომლებმაც დატოვეს მშობლიური ადგილები მეორე მსოფლიო ომის წლებსა და ომისშემდგომ პერიოდში, ხოლო მეორეში დაასახლონ ალბანელები იმათი ჩათვლითაც, ვინცა ახლა საკუთრივ სერბეთის ტერიტორიასზე აღმოჩნდა. გამყოფი ზოლის აუცილებელი დროით დაცვას შეძლებდნენ ახლანდელი სამშვიდობოები. ეს მათ ხელეწიფებათ.

ეთნოკონფესიური კონფლიქტები, როგორც წესი, ისეთი რთული და ჩახლართული არის ხოლმე, რომ თავად მონაწილეებს არ შეუძლიათ მათი გადაწყვეტა საკუთარი ძალებით. სისხლიანი ჩიხებიდან გამოსასვლელების ძიებაში დიდია მსოფლიო საზოგადოებრიობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. მოდავე მხარეებს შეუძლიათ იქამდე ებრძოლონ ერთმანეთს, სანამ ქვა ქვაზე აღარ დარჩება თავად დავის საგნიდან. ვერც ერთი მათგანი ვერ მოინდომებს და ვერ შეძლებს უკან დახევას. მაგრამ მოდავეები უფრო მსუბუქად აღიქვამენ „თავსმოხვეული მშვიდობის“ იდეას, თუკი მის ფორმულას მოძებნიან მესამე ქვეყნები და ამას უზრუნველყოფენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისმიერი ატრიბუტებით.

მოვლენებს კოსოვოში, ისევე როგორც ყველა ზემოხსენებულ ისტორიულ მაგალითს, სანიმუშო და საგულისხმო მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ღრმა დემოგრაფიული პროცესები და დასეირნობს მძლავრი მიგრაციული ტალღები. ჩვენი მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ მოდის არც ერთი სიგნალი იმის შესახებ, რომ იგი გრძნობს ცვლილებებს მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობასა და რუსეთის ტერიტორიაზე მის განლაგებაში. ჯერჯერობით ამ საკითხებზე მსჯელობენ (სიმხურვალის მაღალი ხარისხით) მხოლოდ ყოფით დონეზე და ბეჭდურ გამოცემებში, და სულ უფრო ხშირად ბევრს უჩნდება კითხვა: „ხომ არ მოძრაობს რუსეთი იმ მიჯნისკენ, რომლის იქითაც მას მოელის კოსოვოს ვარიანტები?“

ნიკოლოზ ლეონოვი,
გენერალ-ლეიტენანტი,
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.
მასალის ორიგინალი
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 05. 04. 04.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment