Friday, November 19, 2010

სისხლის სამართლის საქმე

(„The Guardian“, დიდი ბრიტანეთი)

მე ვიყავი ერთერთი უკანასკნელი დასავლელ ჟურნალისტთაგან, რომელიც შეხვდა სლობოდან მილოშევიჩს (Slobodan Milosevic). ვიყავი რა გამოძახებული ჰააგაში გასული წლის იანვარში პოტენციური მოწმის სახით, მე ერთი საათი გავატარე მის საკანში. მე _ ისევე როგორც თითქმის ყველას, ვინც შეხვედრია მას _ იგი მომეჩვენა როგორც თავაზიანი და ინტელიგენტური ადამიანი. „ჩვენ გავიმარჯვებთ, _ მითხრა მან. _ თავისუფლება საყოველთაო ფასეულობაა. მათ არ გააჩნიათ მტკიცებულებები ჩემს წინააღმდეგ“.

ასეთი განცხადებები შოკში აგდებს მათ, ვინც დარწმუნებულია, რომ მილოშევიჩი იყო დიქტატორ-ნაციონალისტი, რომელიც ისწრაფვოდა რასობრივად სუფთა დიდი სერბეთის შექმნისკენ. მაგრამ ცივილიზებული საზოგადოებები ფრთხილად უნდა ეკიდებოდნენ ისეთ ბრალდებებს, რომლებიც დაფუძნებულია სიძულვილის გაღვივების კამპანიებზე. ფაქტები ისეთია, რომ მილოშევიჩის მტრებმა საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს ვერც ერთი მისი ნაციონალისტური გამონათქვამის მოყვანა, არაფერი რომ არ ვთქვათ უკვე რასისტულ გამონათქვამებზე, ხოლო ჰააგაში მისი ყოფნის ოთხი წლის მანძილზე ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ იგი იძლეოდა ისეთ ბრძანებებს, რომლებსაც შედეგად მოჰყვა სამხედრო დანაშაულებანი.

სამაგიეროდ მთელი ორი წლის განმავლობაში ჰააგაში მოდიოდნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ კოსოვოში არ ყოფილა არც გენოციდი, არც ალბანური სამოქალაქო მოსახლეობის განდევნის გეგმა, და რომ მილოშევიჩი არ შეიძლება ითვლებოდეს პასუხისმგებლად არც იუგოსლავიის დაშლისა და არც ამის შემდეგ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში დაწყებული ომის გამო.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენა _ ეს ზუსტი მეცნიერებაა, ხოლო ფაქტები ისეთია, რომ მილოშევიჩი არ იდგა იუგოსლავიის სათავეში, როდესაც ის იშლებოდა. 1991 წელს (მრავალეროვნულ) იუგოსლავიურ არმიას ქვეყნიდან ჩამოცილებული ხორვატიისა და სლოვენიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ბრძანება მისცა ფედერალური მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა ანტე მარკოვიჩმა (Ante Markovic), რომელიც იყო დასავლეთის ფავორიტი, და სწორედ დასავლეთის ჩარევამ კიდევ უფრო მეტად გააუარესა სიტუაცია. მილოშევიჩს ხშირად ბრალს სდებენ იუგოსლავიის ფედერალური კონსტიტუციით დადგენილი შინაგანი წონასწორობისთვის ძირის გამოთხრაში, მაგრამ ცოტას თუ სჯერა სერიოზულად, რომ შვეიცარიის ნიმუშის მიხედვით შექმნილი პოლიტიკური სისტემა კიდევ დიდხანს გააგრძელებდა არსებობას ტიტოს გარდაცვალების შემდეგ.

ჰააგაში გამოძიებამ მილოშევიჩის წინააღმდეგ თავისი პირველი ბრალდება წამოაყენა 1999 წლის მაისში, იუგოსლავიაზე ნატო-ს გახურებული შეტევის დროს, როგორც ჩანს, ამ შეტევის გამართლებისთვის. იუგოსლავიის ლიდერს ბრალს სდებდნენ კოსოვოში ჩადენილი დანაშაულებების გამო. წელიწადნახევრის შემდეგ დაუმატეს ბრალდებები მანამდე შვიდი-ათი წლის წინათ ბოსნიასა და ხორვატიაში ჩადენილი დანაშაულებების გამო. როგორც ჩანს, ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ბრალმდებლებმა შეიგნეს, რომ კოსოვოში გენოციდის შესახებ ნატო-ს განცხადებების დამტკიცება სასამართლოში შეუძლებელი იქნებოდა. ასევე არ იყო თავისთავად აშკარა ბრალდებების ბოსნიური და ხორვატიული ნაწილი. მილოშევიჩი ყოველთვის უარყოფდა მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ბოსნიელი სერბების მხეცობების გამო, კერძოდ, 1995 წელს სრებრენიცაში (Srebrenica) ხოცვა-ჟლეტის გამო, რამდენადაც იყო რა მეზობელი სერბეთის პრეზიდენტი, იგი არ აგებდა პასუხს ბოსნიის ან ბოსნიელი სერბების გამო. და თუნდაც რომ ჰქონოდა მას მათზე გავლენა, ეს სულაც არ არის იგივე, რაც სისხლის სამარათლებრივი პასუხისმგებლობა.

ყოფილი იუგოსლავიის საკითხში საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რომ ჩვეულებრივი უფლებამოსილი სასამართლო ყოფილიყო, მაშინ ბრალდებებს მილოშევიჩს უკვე დიდი ხანია მოუხსნიდნენ. სამწუხაროდ, ეს უკიდურესად პოლიტიზირებული ორგანოა, რომელიც შექმნილია სწორედ იმ სახელმწიფოთა ინიციატივით, რომლებიც თავს დაესხნენ იუგოსლავიას 1999 წელს, ხოლო მისმა მოსამართლეებმა ჩირქი მოსცხეს საკუთარ თავს საკუთარი ნორმებისვე დარღვევით ბრალდებისთვის ამოცანის შესამსუბუქებლად. 2004 წელს მოსამართლეებმა თავს მოახვიეს მილოშევიჩს ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში საერთაშორისო ტრიბუნალის ქარტია უფლებას აძლევს მოპასუხეს თავად იცავდეს თავს, და მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ მილოშევიჩი ძალზედ ავად არის იმისთვის, რათა პასუხს აგებდეს სასამართლოს წინაშე, 2006 წლის 24 თებერვალს ბრალდების დაჟინებით მათ უარი უთხრეს მილოშევიჩს თხოვნაზე კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, და ორი კვირის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

მთავარი ჰააგელი პროკურორის კარლა დელ პონტეს (Carla del Ponte) სიტყვები იმის შესახებ, რომ სიკვდილის წყალობით მილოშევიჩი გაექცა მართლმსაჯულებას, ძირს უთხრის დასავლეთის ცივილიზაციის საბაზო ფასეულობებს. ამ შემთხვევაში ხომ „მართლმსაჯულება“ ნიშნავს არა სათანადო სამართლებრივ პროცედურას, არამედ საბრალდებო საკვნას. იმ დღეს, როდესაც ჩვენი აზროვნება გახდება ასეთი, ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობებით სამართლის ნორმებს.

ჯონ ლაფლენდი _ ავტორი წიგნისა Le Tribunal Penal International: Gardien du Nouvel Ordre Mondial (საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი: ახალი მსოფლიო წესრიგის დარაჯი)

ჯონ ლაფლენდი (John Laughland),
The Guardian, 14. 03. 06.
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 22. 03. 06.

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment