Friday, November 19, 2010

პროტესტანტული და რუსული სულის შესახებ

ინტერვიუ ნატალია ნაროჩნიცკაიასთან, რომელმაც გაიჟღერა მირქმის მონასტრის რადიოპროგრამაში „ეკლესია და სამყარო“ 2004 წლის 29 ივნისს

(გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის იანვრის ნომერში)

_ ცნობილმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა გაზეთ „კალუჟსკი პერეკრიოსტოკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის განვითარებისთვის მთავარი პრობლემა და მუხრუჭია _ მართლმადიდებლობა. როგორ კომენტარს გაუკეთებდით თქვენ ამ მტკიცებას?

_ შეიძლება მოვიყვანო ეპიზოდი XIX საუკუნის ისტორიიდან. არქივებში არის დოკუმენტი _ მაუწყებლის დასმენა, რომელსაც დავალებული ჰქონდა თვალყური ედევნებინა გლეხებს შორის ბუნდის პროპაგანდით დაკავებული ხალხოსნისთვის. ხალხოსანი გლეხს მიუთითებს მამულზე და ეუბნება: „აიღე ხელში ცული და ხვალ ყველაფერი ეს შენი იქნება“. გაუნათლებელი გლეხი, რომელმაც იცის წმინდა წერილი და ფსალმუნები, წვერზე ხელის ჩამოსმით მას პასუხობს: „ხვალ _ ეს გასაგებია. მაგრამ რა იქნება ზეგ? თუკი მე ხვალ გადავალ ღვთის რჯულსა და ადამიანურ კანონს და ასეთ რაიმეს ჩავიდენ, მაშინ რა შეგიშლის შენ ხელს, რომ ზეგ ასეთივე რაიმე გამიკეთო მეც?“ _ აი დაუწერელი ზნეობრივი ნორმებისა და მცნებების როლი _ ეს ბარბაროსობა კი არ არის, არამედ ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოზე უკეთესია. ვაი იმ სახელმწიფოს, რომელშიც ადამიანი არ ჩადის დანაშაულს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი სასჯელის წინაშე შიშის გამო.

მეტად სამწუხაროა, რომ ტელევიზიაში ერთერთი ყველაზე უფრო განათლებული, ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ავტორი, როგორიცაა ვლადიმირ ვლადიმირის-ძე პოზნერი თავის გამოსვლებს უძღვნის თავდასხმებს რუსული ცხოვრების თავად საფუძვლებზე. მაგრამ ჯერ კიდევ ა. ს. პუშკინმა სარკაზმით გამოთქვა თავისი აზრი რუსი ლიბერალის საკუთარი სამშობლოსადმი ირაციონალური ზიზღის თაობაზე:

Ты просвещеньем свой разум осветил,
Ты правды чистый лик увидел,
И нежно чуждые народы возлюбил,
И мудро свой возненавидел... (1)

_ მაგრამ პოზნერმა დაიწყო მართლმადიდებლური ქვეყნების: რუსეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის „კეთილდღეობის“ შედარება პროტესტანტულ, კერძოდ სკანდინავიის ქვეყნებთან, და გააკეთა დასკვნა, რომ სწორედ მართლმადიდებლობაა რუსეთის ჩამორჩენილობის მიზეზი.

_ ისტორიულად არაკორექტულია საერთოდ რაიმეს ვავალებდეთ საბერძნეთსა და ბულგარეთს, რომლებიც 400 წლის მანძილზე იყვნენ საშინელი თურქული უღლის ქვეშ. ევროპაში მიდიოდა სამრეწველო რევოლუცია, იქმნებოდა უნივერსიტეტები, მეცნიერება, იგებოდა გზები და ქარხნები. ეს უბედურები კი იყვნენ საშინელი მტანჯველების უღლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, სულ საუკუნენახევრის განმავლობაში მათ პრინციპში მოახდინეს ყოველივე ამის კომპენსირება და ააგეს პრინციპულად არგანსხვავებული დონის საზოგადოება და ცხოვრება, თუმცა კი არ იპყრობდნენ კოლონიებს და არ აწარმობდნენ მძარცველურ ომებს, როგორც დასავლეთის ყველა პროტესტანტული სახელმწიფო. მაგრამ გავიხსენოთ, რომ თურქების მიერ დაპყრობამდე სწორედ ოქროთი გაბრწყინებული და ძოწეულით მოსილი ბიზანტია იყო მსოფლიოს კულტურული მეტროპოლია, დასავლეთი კი _ მისი გარე ეზო. არის ბიზანტიის იმპერატორის ქალიშვილის ანა კომნენოსის მოგონებები, სადაც იგი ჯვაროსნების შემოსევას აღწერს დაახლოებით ისევე, როგორც განათლებული ევროპელი დახვეწილი ინტელიგენტი აღწერდა XIX საუკუნის ამერიკელი კოვბოების პარიზზე შემოსევას. კიევი მონღოლების მიერ დარბევამდე იყო მთელი ევროპის ერთერთი ყველაზე უფრო აყვავებული, მდიდარი და განვითარებული ქალაქი და მხოლოდ იტალიურ ქალაქებს თუ ჩამორჩებოდა. იაროსლავ ბრძენის ქალიშვილი მეფის ასული ანა, რომელიც მიათხოვეს საფრანგეთის მეფეს, თავისი სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა საფრანგეთის სამეფო კარზე წერა-კითხვის მცოდნე ერთადერთ პერსონად _ იგი კითხულობდა და წერდა ბერძნულად და სლავურად, და ხელს აწერდა ლათინურად: Anna, მაშინ როდესაც მისი გვირგვინოსანი მეუღლე მხოლოდ ჯვარს სვამდა!

მაგრამ, უსარგებლოა დავადგეთ ფაქტებით პოლემიკის გზას ისეთ ავტორებთან, როგორებიც არიან ვ. პოზნერი, უ. ლაკერი, ა. იანოვი, რ. პაიფსი _ ამერიკელი რუსისტი, რომელიც რუსეთის ისტორიის თავის ქითჩ-ვერსიას ასწავლის ჰარვარდში _ ამერიკული პოლიტიკური ელიტის სამჭედლოში. თუმცა ძნელი არ იქნებოდა მათი მხილება ისტორიის არა მხოლოდ დაძაბვაში, არამედ შეგნებულ ფალსიფიკაციაშიც. უსარგებლოა დოკუმენტებით ამტკიცებდე, რომ ივანე მრისხანეს დროს რამდენჯერმე უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მხოლოდ ბართლომეს ღამეს, ხოლო ჰაინრიხ VIII თავებს აცლიდა და აწამებდა გაცილებით უფრო მეტ თავის მოწინააღმდეგეს, ვიდრე რუსი მტარვალი, ან ვუჩვენებდეთ, რომ საუკუნეების მანძილზე „დესპოტურ“ რუსეთში გამოიტანეს სულ რამდენიმე ათეული სასიკვდილო განაჩენი, ხოლო იმავე დროს გერმანულ ქალაქებში XVIII საუკუნის ბოლოსთვის ჯადოქრობის ბრალდებით ცეცხლი დაწვეს 100 ათასამდე ქალი. ასევე უაზრობაა მივუთითებდეთ, რომ რუსების ნამდვილად დიდი ცოდვები ასეთივე ხარისხად დამახასიათებელია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ძალზედ ბევრი სხვა ხალხებისთვისაც, უწინარეს ყოვლისა _ დასავლეთ ევროპელებისთვის.

_ მაგრამ პოზნერი ლაპარაკობდა არა ცოდვების თაობაზე. მან განაცხადა კიდეც, რომ რუსეთის პრობლემა გზებსა და სულელებში კი არ არის (რუს. не в дорогах и дураках), არამედ უფრო სერიოზულ რამეში! ვლადიმირ პოზნერი თვლის, რომ მთელი რუსული ისტორიული გზა იყო არასწორი.

_ სწორედ ეს ადასტურებს კიდეც ჩემს მიერ უკვე დიდი ხნის წინათ გაკეთებულ დასკვნას, რომ ავტორების ასეთი მძვინვარე ჩამოშორების საგანია _ არა რუსეთის ცოდვები, რომელთა გამოც ჩვენ თავად ვთათხავთ საკუთარ თავს, არამედ მისი იდეალები, _ არა მისი დაცემები, არამედ მის მიერ აღსრულებული საქმეები.

ყველაზე მეტად ამ ავტორებს აღიზიანებს რუსეთის ვერგანადგურებადი სიდიადე და ყოფიერების უნივერსალური აზრის მუდმივად დამოუკიდებელი ძიება, განსაცდელებში თავის გატანის გასაოცარი უნარი. ისინი ეძიებენ პასუხს რუსეთის ისტორიაში და ჩამოიშორებენ მას იმიტომ, რომ იგი აძლევს მათ „ლიბერალური ლოგიკის გამანადგურებელ“ პასუხს, ე. ი. ამტკიცებს, რომ რუსეთი უნივერსალური (დასავლური) ისტორიის ხელმოცარული კი არ არის, არამედ მისი ძლიერი ალტერნატივაა, და სულაც არა განწირული.

იმისთვის, რომ მან უარი თქვას თავის გზაზე, უნდა ჩააგონონ მას ნიჰილიზმი საკუთარი ისტორიისადმი.

_ მაგრამ მაინც სადიდებელ სიტყვებს დასავლური ქვეყნების ცივილიზებულობის, კეთილდღეობისა და კულტურის მიმართ აქვს თავისი ნიადაგი. ისინი იქცა ბევრი რუსისთვის მიბაძვის საგნად. ე. ი. ღირს, რომ მათში რამეს ვბაძავდეთ?

_ უნდა ვბაძავდეთ არა ჰედონისტურ განწყობას _ სიცოცხლის, როგორც ტკბობის, განცხრომის წყაროს, არამედ შრომისადმი დამოკიდებულებას, როგორც ქრისტიანის ვალისადმი ღმერთისა და ადამიანთა წინაშე, როგორც ადამიანის უმაღლესი დანიშნულებისადმი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ღვთისმებრძოლეობის პერიოდში, მაგრამ ღრმად გვქონდა შეგნებული მართლმადიდებლურ რუსეთში.

მაგრამ ისტორიულად სრულიად არაკორექტულია მივაწერდეთ პროტესტანტიზმს საერთოდ კულტურას. თავიდანვე, მაგალითად, კალვინიზმი საერთოდ სიკვდილით დასჯის შიშით კრძალავდა კულტურის ყველა გამოვლინებას, ცეკვებს, მუსიკას, ნებისმიერი გვარის თხზულებების წერას. კულტურა გრძელდებოდა დიქტატის საწინააღმდეგოდ.

პროტეტანტულმა ქვეყნებმა ვერ მოუვლინეს მსოფლიოს კულტურის საერთოდ ვერანაირი განსაკუთრებული მიღწევები _ ისინი მოუვლინეს რომანულ-გერმანულმა კათოლიკურმა სულისკვეთებამ და მართლმადიდებლურმა რუსეთმა, და სულაც არა განმანათლებლობამ და რეფორმაციამ. კულტურის სფეროში დასავლეთ ევროპაში აღიარებული ლიდერებია _ გერმანელები, იტალიელები, ფრანგები და შექსპირი _ კათოლიკი. აქვე უნდა ითქვას, რომ მისი ცოლი ანა პურიტანი იყო და ყოველთვის საშინლად უკმაყოფილო გახლდათ მისი მიდრეკილებით „ცარიელი თავის შექცევისადმი“ _ ნაწარმოებების შეთხზვისადმი, რაც იქცა კიდეც ლონდონში მისი გადასახლების მიზეზად, ამის შესახებ წერენ სახელმძღვანელოებში. ნაწარმოებში „მეფე ლირი“ ნაწინასწარმეტყველებია ქრისტიანული სულისკვეთების გადაგვარება _ კორდელია, რომელსაც უყვარდა მამა „როგორც ამას მოვალეობა აკისრებს“, კვდება: მორალური ვალი გაზომილია და გადაქცეულია ვექსელად.

განმანათლებლობამ და რეფორმაციუამ წარმოშვეს სულაც არა კულტურა, არამედ მევახშე _ მთელი ევროპული კულტურის მთავარი მესაფლავე და კაცობრიობის ყველა დიდი სულიერი და კულტურული ტრადიციის დამანგრეველი. მის მიერ ნაშობია ემილ ზოლას პერსონაჟები, და სულაც არა შილერის გმირები.

_ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ჩანს, დღეს აინტერესებთ არა კულტურა, არამედ კეთილდღეობა და უსაფრთხოება, კრიმინალიზაცია. პროტსტანტულ ქვეყნებში, სკანდინავიაში ცხოვრების მაღალი დონეა და, როგორც ითვლება, ნაკლები დამნაშავეობა?

_ რუსეთმა ააშენა მრეწველობა და ქალაქები ისეთ გეოგრაფიულ განედებზე, სადაც კანადაშიც კი არავინ არ ცხოვრობს. ჩვენთან ცენტრებს შორის მანძილები 5-10ჯერ უფრო მეტია, გასათბობი სეზონი _ 8 თვეა, სასოფლო-სამეურნეო _ 4-5 თვე ევროპაში 7-8 თვის საპირისპიროდ, ხოლო ნებისმირი განაშენიანების ქვეშ ფუნდამენტის სიღრმე გაყინვების გამო 3-5ჯერ მეტია. ეს უბრალო წარმატებულობა კი არ არის _ ეს გმირობაა. პროტესტანტები არ დაიწყებდნენ ამის კეთებას _ ისინი სახნისებისგან მახვილებს გამოჭედავდნენ და წავიდოდნენ სხვების დასაპყრობად, რასაც ისინი აკეთებდნენ კიდევაც. სწორედ პროტესტანტული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი განსაკუთრებულად უგულვებელყოფილებითი დამოკიდებლება სხვა ხალხებისადმი (აბორიგენი მოსახლეობისადმი) _ აპარტეიდი სამხრეთ აფრიკაში შექმნეს ფრანგმა და ჰოლანდიელმა ჰუგენოტებმა _ კალვინისტებმა. ამერიკელმა პურიტანებმა გაანადგურეს ინდიელები, თანაც არა თავიანთი საზოგადოების ჩამოყალიბების, არამედ მისი აყვავების პერიოდში _ XIX საუკუნის შუახანებში.

რაც შეეხება კეთილდღეობას, რუსები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მდიდრები იქნებოდნენ, თუკი თავიანთი სახელმწიფოს გაფართოების ოთხი საუკუნის განმავლობაში თავიანთთვის მიითვისებდნენ შემოერთებული ხალხების მიწასაც და შრომასაც. რუსეთმა, რომელიც ფართოვდებოდა 22 მლნ. კვ. კმ-ით მდ. ბუგიდან წყნარ ოკეანემდე, მიწის არც ერთი კვადრატული მეტრი არ წაართვა ადგილობრივ მფლობელებს და არ მისცა იგი არც რუს გლეხსა და არც არისტოკრატს (2). ბრიტანელებმა XIX საუკუნის შუახანებში ირლანდიელები აჰყარეს თავინთი მიწიდან და დაახლოებით 2 მლნ. ადამიანი შიმშილით დაიხოცა. ეს ტრაგედია დღემდე ვლინდება ირლანდიელების სიძულვილში ბრიტანელებისადმი. რაც შეეხება ინგლისელების ჩვეულებებს ინდოეთში, შეიძლება მოვიყვანოთ „ანგლოსაქსონური რასის ცივილიზატორული მისიის“ თვალითმხილველი ერთერთი გერმანელის ჩანაწერები:

„ინდოეთის რკინიგზებზე არსებობს ვაგონები შავკანიანებისა და თეთრკანიანებისთვის... ინგლისელ ბიჭუნას, რომელიც ჩაჯდება პატარა სადგურში ვაგონში და ნახავს იქ თუნდაც უცხოტომელ რაჯას, შეუძლია დაუსჯელად კინწისკვრით გააგდოს იგი მთელი მისი ბარგით...“

„ერთხელ ერთ ლორდთან წვეულებაზე იმყოფებოდა ადგილობრივი რაჯას ვაჟიშვილი, ევროპულად განათლებული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც პროტოკოლით ერგო სუფრასთან მიეცილებინა ერთერთი იქ არმყოფი ინგლისელი ოფიცრის მეუღლე... როდესაც მან ქალბატონს გაუწოდა ხელი, უკანასკნელმა ზიზღით აათვალიერ-ჩაათვალიერა იგი თავიდან ფეხებამდე, შემდეგ ზურგი შეაქცია და უხეშად და ხმამაღლა განაცხადა თავისი აღშფოთება იმის გამო, რომ მოიყვანეს აქ შურაცხყოფის მისაყენებლად და კავალრად არგუნეს ბინძური ინდუსი... და დემონსტრაციულად გავიდა... ამაყი ალბიონელი ქალის ამ უკულტურო გამოხტომის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისა და უხერხული მდგომარეობიდან ახალგაზრდა რაჯას გამოყვანისთვის ჩემი დამა... პოლკოვნიკის ცოლი, ჩემი თანხმობით მივიდა რაჯასთან, შესთავაზა მას თავისი ხელი და თავისი ფერადკანიანი კავალრის თანხლებით შევიდა სასადილო დარბაზში...“.

ასეთი მარაგით ანგლოსაქსებს მენტორობა არ შეშვენით.

სკანდინავიურ ქვეყნებში ნამდვილად ნაკლები დამნაშავეობაა, კერძოდ საყოფაცხოვრებო ქურდობები. მაგრამ შვედეთში დამნაშავეობას აკავებდნენ არა თავისუფლებებითა და დემოკრატიით, არამედ ისეთი სასტიკი რეპრესიებით, რომლებიც არც კი დასიზმრებიათ რუსეთში. იქ საუკუნეების მანძილზე ფუნთუშის მოპარვისთვის ხელს აჭრიდნენ. ასეთი დროების შემდეგ ადამიანებს მართლაც აღარ სჭირდებათ კარებზე ბოქლომების დაკიდება. რუსეთში კი ყველაზე უფრო ხარბი დახლიდარი ალბათ მუხლებზე დაეცემოდა და შეჰღაღადებდა იმ ქურდბაცაცას შეწყალებისთვის, რომელმაც მას პური მოჰპარა!

ამ პროტესტანტულ ქვეყნებში რაციონალიზმი ისე დიდია, რომ ეკონომიკურ დანაშაულობებს ყოველთვის სჯიდნენ ყველაზე უფრო მკაცრად, რადგანაც საკუთრება მათთვის სიწმინდეა. აი ზნეობრიობის სფეროში კი ყველაფერი პირიქითაა. აი სადაა, რომ ცოდვას უკვე ცოდვადაც კი აღარ თვლიან! დანიაში უკვე დააკანონეს ერთსქესიანი ქორწინებები ბავშვების შვილად აყვანის ნებართვით! შვედეთში კი ჯერ კიდევ 60-70იან წლებში პედაგოგიურ კოლექტივებში მსჯელობდნენ სკოლებში სპეციალური ოთახების მოწყობის პრობლემაზე, რათა მოსწავლეები იქ განმარტოებულიყვნენ და არ მისცემოდნენ სასიყვარულო სიამოვნებებს პირდაპირ დერეფანში ყველას თვალწინ! ფინეთში საქმე უკეთესადაა, მაგრამ იქ, სხვათა შორის, საღვთო სჯულს ასწავლიან, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიაა.

შვედეთი, დანია _ სავსებით უსახური რაციონალური საზოგადოებებია. ჰოლანდიელებს ასეთი ანეკდოტიც კი აქვთ საკუთარ თავზე: „თუკი ნახავ, თუ როგორ შრება აივნებზე გარეცხილი ტუალეტის ქაღალდი, იცოდე რომ შენ ჰოლანდიაში ხარ“.

_ თქვენ მრავალი წელი იცხოვრეთ ამერიკაში, რომელიც იქცა ჩვენი მედასავლეთეების კერპად. იგი ძალიან უყვარს პოზნერსაც. როგორი შთაბეჭდილებებით წამოხვედით თქვენ იქიდან?

_ ამერიკელები მთლიანობაში პირად ურთიერთობებში ძალზედ მეგობრული და კათილისმსურველი, ძალზედ გულწრფელი ადამიანები არიან. ამერიკა _ პროტესტანტული სულისკვეთებისა და ლიბერალიზმის ხორცშესხმაა სუფთა დაფაზე, ეს არის ერთგვარი კლონი, გამოყვანილი მოვაჭრისგან, რომელიც ხელოვნურად ამოგლიჯეს უფრო მრავალწახნაგოვანი გარემოდან, სადაც „მესამეფენისეული იდეალების“ გარდა კიდევ იყო არისტოკრატია მისეული შეგნებით: „ღირსება სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია!“ და ხალხის ფუნდამენტალისტური საფუძვლები. გავიხსენოთ ფოლკლორი! მსოფლიოს ყველა ხალხის ზღაპრებში გმირულ საქციელს ჩადიოდა მეფის ან გლეხის შვილი _ ორივე სხვადასხვა მიზეზით არ არიან დაკავშირებული საკუთრების გაზრდის ამოცანასთან. და ყველა ზღაპარში არის პერსონაჟი _ დახლიდარი, მედუქნე ან წვრილმანებით მოვაჭრე აღმოსავლეთში. მისი სახე სავსეა ზიზღის შემცველი შინაარსით, თუმცა კი იგი არ სჩადის რაიმენაირ სამართალდარღვევებს, მაგრამ მას არ გააჩნია მაღალი საქციელის, ფართო ჟესტის გაკეთების უნარი _ მოწყალების, შეცოდების, თანაგრძნობის. იგი მზად არის ნებისმიერი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებისთვის. მესამეფენისეული იდეალების ასეთ განხორციელებას წარმოადგენს კიდეც ამერიკა. მაგრამ ეს არის ცივილიზაცია კულტურის, როგორც სულის მიერ ნაშობის გარეშე.

გერმანელმა ფილოსოფოსმა ვერნერ ზომბარტმა სარკაზმით აღწერა ამერიკელის იდეალი, ხორცშესხმული ბენჯამენ ფრანკლინის „ავტობიოგრაფიაში“. ამერიკელები ზომბარტთან წარმოადგენენ კაპიტალისტურ სულისკვეთებას „მის უმაღლეს ამჟამინდელ (ჯერჯერობით) დასრულებულობაში“: „შემძინებლური ინტერესების პირველობა... უპირობო, უსაზღვრო, დაუნდობელი მოგება _ უდიდესი ეკონომიკური რაციონალიზმი“. ფრანკლინმა გაიკეთა „სათნოებების რეესტრი“ _ ყოველ დღე იგი გვერდს ყოფდა ორ ნაწილად და სვეტში წერდა უმცირეს ხარჯებსა და მოგებებს, აგრეთვე თავის ცუდ და კარგ საქციელებს. საღამოს მას გამოჰყავდა ჯამი _ „დღეს მე კარგი ადამიანი ვიყავი!“ მაშინვე გვახსენდება მაცხოვრის იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ!

მოვალეობა, რომელსაც ჩვენ ვხვდებით განხორციელებულ პურიტან ბ. ფრანკლინთან, დაიყვანება ისეთ სათნოებებზე, როგორიცაა „არ გაძღომა“, „დაგროვება“, „ლოცვა ღმერთისადმი კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და სიმდიდრის საწყალობელად“. მაგრამ ეს სულაც არ არის ქრისტიანული ასკეზა, ისევე როგორც ფრანკლინისეული მსჯელობა: „ადამიანმა, რომელსაც ღმერთმა მისცა სიმდიდრე და სული, რათა ამ სიმდირეს სწორად იყენებდეს, მიიღო ამით განსაკუთრებული და აღმატებული წყალობის ნიშანი“.

_ არის ფრანგი ავტორის _ დე ტოკვილის წიგნი, რომელიც ეწვია ამერიკას XVIII საუკუნეში. მას თვლიან ამერიკული დემოკრატიის _ როგორც მომავალში ყველასთვის იდეალის ჰიმნად.

_ წიგნში „დემოკრატია ამერიკაში“ ალექსის დე ტოკვილი სევდით ახდენდა იმის კონსტატირებას, რომ მომავალი ეკუთვნის საშუალო კლასებსა და მათ გამიწიერებულ იდეალებს. მან იწინასწარმეტყველა კიდეც იმ ერების ხვედრი, რომლებიც წავიდნენ ამერიკული გზით _ რაციონალიზებული გარეგნული თავისუფლებისა და სულიერი ერთგანზომილებიანობისკენ. არაფერი არ არის პარადოქსული იმაში, რომ ამავდროულად მან აღიარა შესაშური რაციონალისტობაც, რომლითაც ამერიკული კანონები და „დემოკრატია“ ემსახურებიან ამერიკელი ერის მოთხოვნილებებს. წიგნიდან აშკარაა, რომ ტოკვილი ამ მოთხოვნილებებსა და იდალებს აფასებს როგორც მთლიანად მესამე ფენისეულს, რომლებიც თავიანთი გამიწიერებულობით იწვევენ მასში განსაკუთრებულ სკეფსისს „დემოკრატიული ხალხების“ სულიერი ჰორიზონტისადმი.

იგი წერდა შეგნების პრიმიტიულობის, აგრეთვე იმის შესახებაც, რომ ამერიკაში არ არის სულიერი თავისუფლება და ამიტომ იქ არასდროს არ იქნება დიდი ლიტერატურა, რომლისთვისაც არ არის მნიშვნელოვანი გარეგანი თავისუფლება, არამედ მნიშვნელოვანია შინაგანი თავისუფლება! ტოკვილი ამერიკის მაგალითზე სევდით წინასწარმეტყველებდა კაცობრიობის უნიფიცირებას, სულიერი ძიების დაკარგვას. სამყაროს მოწყობის შესახებ წარმოდგენების პრიმიტიულობა ამერიკელის თვალში საცემი ნიშანია _ რაღაც 12-წლიანი მოზარდის დონეზე. რაც შეეხება კულტურას, ამერიკა უდაოდ ლიდერია კაცობრიობის კულტურულ „დებილიზაციაში“, იქ არ სჭირდებათ ორი გართობა ორმოცწლიანი მამისა და ათწლიანი ვაჟიშვილისთვის _ ერთი მიკი მაუსი და კლინტ ისტვუდი ორივეს აკმაყოფილებს.

ა. დე ტოკვილმა იწინასწარმეტყველა „პიროვნების დაწვრილმანება“ და მისი ზრდისთვის სტიმულის დაკარგვა, რომლებიც ემუქრება „დემოკრატიულ ამერიკას“, ვინაიდან იგი ამოზრდილია ანგლოსაქსონური მესამე ფენიდან, და ემუქრება მათაც, ვინც წაჰყვება მის გზას. დე ტოკვილის თვალწინ მომავალში იყო „თანასწორი და ერთმანეთის მსგავსი ადამიანების დაუთვალავი ბრბოები, რომლებიც ხარჯავენ თავიანთ სიცოცხლეს პატარა და უხამსი სიხარულების დაუღალავ ძებნაში, და ეს „სიხარულები“ ავსებს კიდეც მათ სულებს“.

აქვე უნდა ითქვას, რომ ტოკვილმა მეტად შორსმჭვრეტელურად იგრძნო, რომ „დემოკრატია“ წარმოშობს „ინდივიდუალიზმსა“ და საზოგადოების ატომიზაციას. ცალკეული ადამიანების „მსოფლიოსავით ძველი მანკიერების _ ეგოიზმისგან“ განსხვავებით, ინდივიდუალიზმს იგი განმარტავს როგორც სოციალური ფსიქოლოგიის მოვლენას, რომელიც უბიძგებს ადამიანებს „მოყვასისგან იზოლირებისკენ“ და მთელი კაცობრიობის ბედნიერების შესახებ პროკლამაციების ფონზე „მთლიანობაში საზოგადოების გამო წუხილსა და ზრუნვაზე ხელის აღებისკენ“. „მთელი ამ ბრბოების თავზე აღმართულია გიგანტური დამცავი ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს ყველას სიამოვნებებით და თვალყურს ადევნებს თითოეულის ბედს ბრბოში“. ეს ხელისუფლება ესწრაფვის იმას, რომ „შეინარჩუნოს ადამიანები მათ ჩვილურ მდგომარეობაში“. იგი სიამოვნებით მუშაობს საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ ამასთანავე სურს იყოს ერთადერთი რწმუნებული და არბიტრი. „რატომ არ წაართმევს მათ საერთოდ ხელისუფლება მშფოთვარე აუცილებლობას იაზროვნონ და იცხოვრონ ამ ქვეყნად?“ განა არ არის ეს კულტურის სიკვდილისა და სულიერი ტოტალიტარიზმის წინასწარმეტყველება? დე ტოკვილი აქ წინასწარჭვრეტაში უსწრებს არა მხოლოდ ოსვალდ შპენგლერს თავისი „ევროპის მზის ჩასვენებით“, არამედ ოლდოს ჰაქსლისაც („This brave new world“).

_ მაინც რაშია პროტესტანტული სულის განსხვავება რუსული მართლმადიდებლური სულისგან?

_ ზნეობრივ მიზანგანზრახულობაში მიწიერი ცხოვრების ფარგლებს მიღმა. პროტესტანტიზმი არის ახალი აღთქმისგან უკანდახევა ძველი აღთქმისკენ. იგი არის ქილიაზმის მწვალებლობისა და პროგრესის ფილოსოფიის მიერ ნაშობი _ სულის ცხონებისა და ღვთის სამეფოს ძიების იდეისგან განსხვავებით. ამის თაობაზე წერდნენ რუსი ფილოსოფოსები ვ. ლოსკი, კარსავინი, რაც სულაც არ ნიშნავს უცოდველობას. ნიკოლოზ ბერდიაევი ხაზს უსვამდა, რომ „რუსული იდეა“ _ არ არის აყვავებული კულტურისა და ძლიერი სამეფოს იდეა, არამედ იგი არის ღვთის სამეფოს ესქატოლოგიური იდეა. იგი ლაკონურად გამოხატა ღირსმა მამამ სერაფიმე საროველმა _ სული წმიდის მოხვეჭა საკუთარ თავში.

რუსული შეგნების დამახასიათებელ ნიშანს, როგორც არისტოკრატში, ასევე გლეხკაცშიც, წარმოადგენს ზიზღი ე. წ. მეშჩანობისადმი, როგორც წვრილბურჟუაზიული სათნოებების ხორცშესხმისადმი, რომლებიც შეიცავს როგორც მეწარმეობის სულისკვეთებას, ისე საშუალო სტაბილური შემოსავლისა და კომფორტის „მეშჩანურ“ იდეალს. რუსი ინტუიტიურად უარყოფს და ეზიზღება „ზომიერება და აკურატულობა“, როგორც „კოლექტიური საშუალოობისა და ყველანაირი კაშკაშა ინდივიდუალურობის დეგრადაციის“ ნიშანი.

ასეთი დამოკიდებულება ერთნაირი ზომით დამახასიათებელია როგორც ლიბერალ-მედასავლეთეებისთვის (ა. გერცენი, ვ. ბელინსკი), ისე მათი მოწინააღმდეგე სლავიანოფილებისა და ტრადიციონალისტებისთვისაც, აგრეთვე ისეთი მოაზროვნეებისთვის, როგორებიც იყვნენ თ. დოტოევსკი და ლ. ტოლსტოი. ყურადღების ღირსია, რომ „ახალი“, ე. ი. ერთიანი ადამიანის მიზანმიმართული გამომუშავების 70 წლის შემდეგაც კი სოციოლოგიაში აქამდე არ არის ტერმინი „საშუალო რუსი“, ვინაიდან იგი არ არსებობს. მაგრამ საშუალო ამერიკელი _ ესაა სოციოლოგიაში დამკვიდრებული ცნება.

თავის დროზე კონსტანტინე ლეონტიევი გვაფრთხილებდა „ზოგადსაკაცობრიო“ კულტურის დამღუპველობის თაობაზე, უწოდა რა ერთერთ თავის ტექსტს: „საშუალო ევროპელი როგორც საყოველთაო ნგრევის იდეალი და იარაღი“. იმ დროს დასავლელი ადამიანი ჯერ კიდევ თავად ჯანყდებოდა დესაკრალიზაციის, სულის გამიწიურებისა და „პირუტყვული მატერიალიზმის“ წინააღმდეგ, რაც ვლინდებოდა ჰეროიზმისა და რომანტიზმის პერიოდულ ამოშხეფვებში ფილოსოფიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. გავიხსენოთ შილერი, ედმონ როსტანი მისი სირანოთი, რომელიც მოუწოდებდა იდეალისადმი მუდმივი მისწრაფებისკენ. დღეს „საშუალო ამერიკელი“, რომელიც პრეტენზიას აცხადებს თავისი ლიდერების პირით გვთავაზობდეს „პოსტქრისტიანულ“ კულტურას, გადაიქცევა ოდესღაც დიდი ევროპული კულტურის დაღუპვის იარაღად.

მ. ვებერი _ პროტესტანტიზმის როგორც თანამედროვე კაპიტალიზმის საფუძვლის შესახებ თეორიის კლასიკოსი აღიარებდა, რომ პროტესტანტიზმის ეთიკა შრომასა და სიმდიდრესთან მიმართებით _ ეწინააღმდეგება მთაზე მაცხოვრის ქადაგებას, და თავადაც სკეფტიკურად უყურებდა ქრისტიანობას. იგი აღიარებდა, რომ პროტესტანტული ეთიკა _ ეს არის ღვთის მცნებებიდან უკან დახევა, მაგრამ მიესალმებოდა ამას, ვინაიდან მთაზე მაცხოვრის ქადაგებას მიიჩნევდა ამქვყნიურ საქმიანობასთან შეუთავსებლად.

სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების უმაღლესი მიზანი დასავლელი ადამიანისთვის მდგომარეობს ხელშეწყობაში „მიიღოს ყველაფერი რაც შეიძლება მეტად: ძალაუფლება, სიმდიდრე“ _ წერდა დ. ხომიაკოვი _ ალექსი სტეფანეს ზე ხომიაკოვის ვაჟიშვილი. ივანე ილინი, იხსენებდა რა იმას, თუ როგორ არ შეეძლოთ ფრანგებს იმის გაგება, თუ რისთვის წვავდნენ რუსები საკუთარ მოსკოვს, რათა არ დაეტოვებინათ იგი დამპყრობლის ხელში, წერდა: „რუსეთმა გაიმარჯვა ნაპოლეონზე სწორედ იმ უსრულყოფილესი შინაგანი თავისუფლბით. არსად ადამიანები ისე ადვილად არ ამბობენ უარს მიწიერ სიკეთეებზე უმაღლესი მიზნის გულისთვის, არსად ასე ადვილად არ ივიწყებენ ასე საბოლოოდ დანაკარგებსა და ზარალს, როგორც რუსები“.

სრულიად საწინააღმდეგო დასკვნა გააკეთა ა. დე ტოკვილმა „პროტესტანტულ დემოკრატიულ ქვეყნებთან“ დაკავშირებით, რომლებიც ორგანიზებული არიან რუსული ეროვნული ხასიათისთვის ასე უცხო მესაფენისეულ იდალებზე: „არც ერთი კლასი არ იჩენს საკუთრების ისეთ დაჟინებულ და ისეთ მჭიდრო გრძნობას, როგორც საშუალო კლასი“, რომლისთვისაც „საკუთარი ქონების გაზრდისკენ მიმრთული მუდმივი ზრუნვა და ყოველდღიური ძალისხმევა სულ უფრო ძლირად აჯაჭვავს მათ საკუთრებაზე. მათთვის აუტანელია ფიქრი მისი სულ მცირე ნაწილის დათმობის შესაძლებლობაზეც, ხოლო საკუთრების მთლიანად დაკარგვას ისინი აფასებენ როგორც ყველაზე უფრო საშინელ უბედურებას... მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში საკუთრების გრძნობა არ ატარებს იმდენად აქტიურ, შფოთიან ხასიათს, როგორც აშშ-ში“.

_ როგორც ჩანს, ჩვენი ათეისტ-მედასავლეთეები რუსეთს უარყოფენ ნამდვილად არა მისი ცოდვების, არამედ მისი ისტორიული გზის თავად არსის გამო, ყოველივე იმის გამო, რაც შეადგენს ეროვნული ყოფიერების ფასეულობებსა და მიზნებს...

_ ტოტალური ნიჰილიზმი რუსეთთან მიმართებით და ოდები „დასავლური რაციონალიზმის“ მისამართით ადასტურებს ივანე ილინის ზუსტ მსჯელობას: „მსგავსი ავტორები და „მთელი მათი თანამოაზრენი უარყოფენ რუსეთს სწორედ იმის გამო, რის გამოც ისინი უარყოფენ ქრისტიანობას: რუსეთი მათ ეზიზღებათ სწორედ მისი ქრისტიანული სულის გულისთვის, რომელიც ასე მგრძნობიარედაა გამოთქმული ტიუტჩევის მიერ...“ (რუს. «Эти бедные селенья...»). ი. ილინმა აღნიშნა, რომ, როგორც წესი, ეს ავტორები მსჯელობენ რუსეთის თაობაზე ნიცშეანური თვალსაზრისიდან, უარყოფენ რა ქრისტიანობას როგორც გამონაგონს, ხოლო „რუსეთს როგორც მონების ქვეყანას, რომლებიც მიჰყვნენ მას დესპოტიისა და ბარბაროსობის დაჟინებული გამარადიულობის სურვილით“.

ყველა მათი მსჯელობა _ ა. იანოვის, რ. პაიფსის წიგნები და უ. ლაკერთანაც განმსჭვალულია ქრისტიანული „გამონაგონების“ სწორედ იმ სიღრმისეული უარყოფით, რომელსაც, და მხოლოდ მას, შეეძლო კიდეც მიეყვანა ისინი რუსეთის მთელი ისტორიული გზისადმი ასეთ ბრმა ზიზღამდე. მსგავსი ავტორებისთვის „რუსეთი _ ეს არის სლავური არაფერი, რომელიც ეფარება მოციქულ პავლეს სწავლებას მადლით არჩევის შესახებ; მონებთან, მსოფლიო ისტორიის მიერ უარყოფილებთან და კეთროვნებთან ერთად თავს იმშვიდებს იმით, რომ სულ ერთია, უკანასკნელები მაინც პირველები იქნებიან“.

მართლმადიდებლური რუსეთი თავისი ფასეულობებით, რომელთა შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პროგრამაში, ლიბერალ-ისტმატიკოსებისთვის არის მარადიული ღამის ქადაგება, ვისგანაც უნდა გადაარჩინონ მთელი მსოფლიო, რომელიც დაბეჯითებით მიდის „პროგრესის“ გზით. მათი შეხედულებების-და მიხედვით, პროგრესი _ ეს არის უარის თქმა ყველა ქრისტიანულ ცნებასა და კატეგორიაზე. მათთვის ჩვენ ვართ ის რუსები, რომლებიც თვით ნახევარსაუკუნოვანი მატერიალისტური აღზრდის შემდეგაც კი კვლავ ვცდილობთ ქრისტიანული იდეალების აღორძინებას, გაცილებით უფრო საშიშები ვართ, ვიდრე დარწმუნებული ბოლშევიკები, ხოლო ჩვენი იდეალი _ ეს ბარბაროსობის სიმბოლოა, რაც ვლინდება მომხმარებლური საზოგადოებისადმი დაჟინებულ სამარცხვინო გულგრილობაში. მთელს ამ ისტორიაში უფრო მეტად რელიგიური ხალხები ყოველთვის უფრო მეტად სულიერები არიან და ნაკლებად მოფუსფუსენი მიწიერი კეთილდღეობის მოწყობასა და მის მუდმივ გარდაქმნებში, რადგანაც მათ გააჩნიათ მისწრაფება სულიერი ჰორიზონტისკენ და ამ მისწრაფეფაზე აშენებული პატრიარქალური ყოფიერება.

ყოველივე ეს, ჩვენი იდეური ოპონენტების აზრით, უჩვენებს კიდეც „რუსული ცივილიზაციის“ „ისტორიულ უნაყოფობას“, რომელსაც, მათი შეხედულებით, არ შეუძლია „ნორმალური თანამედროვე საზოგადოების“ აშენება, მაგრამ ნორმალურობისა და წარმატებულობის კრიტერიუმები ასევე შესაძლოა განსხვავდებოდეს ისტორიული ყოფიერების საზრისთან ერთად. რომელი საზოგადოება უფრო „წარმატებულია“ _ სადაც გაზონები უფრო თანაბრადაა გადაკრეჭილი და უფრო მეტი საქონელია, თუ სადაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა დაკარგა ცოდვის გაგება, სადაც ნაკლები ტრანსსექსუალი და სოდომიტია?

საბერძნეთს, რა თქმა უნდა, შეეძლო ეკონომიკურად უფრო წარმატებული ყოფილიყო, თუკი წითელ პარასკევს ივაჭრებდა. მაგრამ ამ მართლმადიდებლურ ქვეყანაში წითელ პარასკევს რესტორნები დაკეტილია, თანაც არა დეკრეტით, არამედ თავად მფლობელების მიერ, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ შესაძლებელია საჭმლით ტკბებოდე ასეთ დღეს! ამერიკაში, მე ეს ვიცი და მინახავს, რომ აღდგომის წინა პარასკევი დასვენების დღეა. და ეს არის ყველაზე უფრო მასშტაბური ვაჭრობისა და სახლის საჭიროების ყველა საქონელზე ფასების დაკლების დღე წელიწადში. და აი, მთელი ამერიკა, რომელსაც პურიტანი პროტესტანტები აშენებდნენ, როგორც რელიგიურ ქვეყანას, _ ეს ამერიკა ჯდება ავტომობილებში და დილის 10 სთ-დან საღამოს 10 სთ-მდე „ყიდულობს და ეკონომიას ეწევა, ყიდულობს და ეკონომიას ეწევა“ („Buy and save!“) _ ოდეალებს, პალტოებს, ჭურჭელს, ტექნიკას, ავეჯს! მისი უდიდებულესობა მევახშე ზეიმობს. მაგრამ კვირას ყველანი მიდიან ეკლესიაში, ლამაზად გამოწყობილები, ბავშვებს აცვიათ ლაკის ფეხსაცმელი, თავზე ახურავთ მაქმანის ქუდები...

_ მაგრამ ასე რატომ სწუხან ისინი ყოველთვის რუსეთის გამო? თუ კი იგი ასეთი წარუმატებელია, ასეთი არარაობაა, რატომ არ დაივიწყებენ საერთოდ მისი არსებობის შესახებ?

_ საქმეც იმაშია, რომ თავად განუწყვეტელი დისკუსიების ფაქტი რუსეთის წარუმატებლობის თაობაზე მის მიერ წამოწყებულ ყველა საქმეში, რომლებსაც თან ახლავს ვითარების ხელოვნური დამძიმებები და ისტორიის დამახინჯებები, გვიმტკიცებს სრულიად საწინააღმდეგოს _ რუსეთის სავსებით რეალურ კონკურენტუნარიანობას, ამასთან როგორც სულიერს, ისე მატერიალურსაც. სხვა მხრივ ისინი უბრალოდ დაივიწყებდნენ მისი არსებობის შესახებ.

_ ხოლო თავად ევროპელები როგორ აფასებენ თავიანთ მდგომარეობას კულტურის სფეროში?

_ XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისის დიდი ევროპელი ინტელექტუალები _ ფილოსოფოსები შპენგლერი და ფერარო წინასწარმეტყველებდნენ ევროპის მზის ჩასვენებას სწორედ მისი სულიერი დავალების დაკარგვის გამო. ამის თაობაზევე ღაღადებენ დღევანდელი ევროპელი ინტელექტუალები _ კონსერვატორები, აკავშირებენ რა ამ დაცემას სწორედ ევროპელთა შეგნების დექრისტიანიზაციასთან. ამ წრეებში მართლმადიდებლობისადმი ინტერესი უზარმაზარია. ისინი თვლიან, რომ რუსეთს აქვს ევროპის გადარჩენის შანსიც. რა თქმა უნდა, არა თანაბრად გადაკრეჭილი გაზონები, ამაში ჩვენ უიმედოდ ჩამოვრჩებით, არამედ ის სულიერი დავალება, რაც ამოძრავებდა ევროპას იმ პერიოდებში, როდესაც იგი იზრდებოდა და მსოფლიოს მოუვლენდა დიდ სახელმწიფოებსა და დიდ კულტურას.

ნატალია ნაროჩნიცკაიამასალის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru 04/07/2003
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა

 
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) სტროფის ქართული თარგმანი ასეთია:

შენ განათლებით შენი გონება გაინათე,
შენ სიმართლის სუფთა ხატება იხილე,
და უცხო ხალხები ნაზად შეიყვარე,
საკუთარი კი ბრძნულად შეიძულე...

(2) ნ. ნაროჩნიცკაიას სიტყვების საპირისპიროდ, ალ. ყაზბეგის ნაწარმოებებიდან ვიცით, რომ რუსეთის უმაღლსი ხელისუფლება ჩრდილო კავკასიის მთისწინეთში ნაყოფიერ მიწებს ართმევდა ადგილობრივ ვაინახურ და დაღესტნურ მოსახლეობას და გადასცემდა კაზაკების დასასახლებლად. მის თაობაზე ქართველ მწრალს ბევრი გულისტკივილი აქვს გამოხატული, რა თქმა უნდა, მთიელი მოსახლეობისგან აღებული პერსონაჟების (გმირების) პირით. რაც შეეხება საქართველოს, აქაც ართმევდნენ სხვადასხვანაირ ამბოხებებში მონაწილე თავადაზნაურობას მამულებს და გადასცემდნენ მათ სახაზინოდ, შემდგომში სომხების და სხვათა დასასახლებლად. ასევე, 1920-იანი წლების მიწურულს რუსეთის საიმპერატორო კარმა სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანური ქართული მოსახლეობის თხოვნაზე, მოენათლათ კვლავ ისინი მართლმადიდებლურად და დაეტოვებინათ წინაპართა მიწაზე, უარით უპასუხა: „ჩვენ მანდ გვჭირდება არა მართლმადიდებლები, არამედ ცარიელი სახაზინო მიწებიო“. ასეთი რამეც ხდებოდა რუსეთის იმპერიის ისტორიაში, და ესეც აუცილებლად უნდა აღინიშნოს.

No comments:

Post a Comment