Tuesday, November 16, 2010

ვატიკანის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე: გეოპოლიტიკური ასპექტი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე კათოლიკური პროზელიტიზმის შესახებ საკითხი წარმოადგენს ერთერთ სერიოზულ დაბრკოლებათაგანს ორ ეკლესიას შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარების გზაზე. კათოლიკური მხარე დღეს მთლიანად უარყოფს პროზელიტიზმის თავად ცნებას და დაჰყავს იგი მხოლოდ ერთი ქრისტიანული თემიდან მეორეში მოსყიდვით ან უღირსი მეთოდებით გადაბირებაზე. ვატიკანი მუდმივად აცხადებს თავისი უფლების შესახებ ქადაგებდეს სახარებას ურწმუნოებს, მოუნათლავ ადამიანებს შორის, მიუთითებს რა თავად „ეკლესიის მისიონერულ ბუნებაზე“, რომელიც უნდა „ქადაგებდეს იქ, სადაც კი ეს შესაძლებელია“, როგორც განაცხადა მამა ბერნარდო ანტონინიმ რუსი კათოლიკების გაზეთში „სვეტ ევანგელია“ („სახარების ნათელი“). მაგრამ კათოლიკები საქადაგებლად მიემგზავრებიან არა ინდოეთში, არა ჩინეთსა ან იაპონიაში, არამედ სწორედ რუსეთში _ ქვეყანაში ათასწლოვანი მართლმადიდებლური კულტურით, სადაც სახარება დიდი ხნის წინ იქადაგა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და დღესაც ქადაგებს.

რუსეთის კათოლიკების მეთაურმა არქიეპისკოპოსმა თადეუშ კონდრუსევიჩმა იტალიური გაზეთის „ავერინეს“ 2002 წლის 18 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსული ეკლესიის შეშფოთების მიზეზად დაასახელა შიში იმის გამო, რომ რომის კათოლიკეთა სამწყემსო საქმიანობას „შეუძლია მართლმადიდებელი ეკლესიების დაცარიელება“. ხოლო კარდინალ ვალტერ კასპერს, პაპის საბჭოს მეთაურს ქრისტიანული ერთიანობისთვის ხელშეწყობაში (!) არც კი შერცხვა ეთქვა: „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გრძნობს სისუსტეს საკუთარ მწყემსობასა და სახარების ქადაგებაში და ასეთ ნაირად ეშინია კათოლიკური ყოფნისა, რომელიც ძირითადად უფრო ეფექტურია მწყემსობის დონეზე, თუმცა კი უფრო მცირეა რიცხობრივი მიმართებით“ („ჩივილტა კატოლიკა“, 2001 წლის 16 მარტი).

რაში გამოიხატება მაინც კათოლიკეთა მწყემსობის უფრო მეტი ეფექტურობა? სკანდალებში, რომლებმაც გააოცა კათოლიკური იერარქია აშშ-ში? მათი სამწყსოს უფრო ამაღლებულ ქრისტიანულ ცხოვრებაში რუსეთში ან დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ტაძრები დაკეტილია, ხოლო სოდომია და პორნოგრაფია გამარჯვებული ნაბიჯებით დადის ქუჩებში და ამას უწოდებენ დემოკრატიისა და პიროვნების თავისუფლების ზეიმს, ხოლო ქრისტიანული კრიტერიუმები კატეგორიულადაა განდევნილი საზოგადოებრივი განვითარების ყველა ლიბერალური კლიშედან? (1) თავად დასავლეთში ცალკეული ხმები (გერმანელი ფილოსოფოსი გიუნტერ რორმოზერი) პირდაპირ ვედრებით ღაღადებენ ქრისტიანული კულტურის დაღუპვისა და დასავლეთის დექრისტიანიზაციის როგორც ევროპის (მსოფლიო ისტორიის სუბიექტის) მორალური და პოლიტიკური დეგრადაციის მთავარი მიზეზის შესახებ. რატომ არ გააჩნია ამ სამწყემსო საქმიანობას არანაირი წარმატება თავად კათოლიკური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე _ დასავლეთში? ყველა აღიარებს, რომ დასავლეთი ხდება სულ უფრო და უფრო მეტად სეკულარული და ათეისტური.

მცირედი ისტორია კათოლიკური „ყოფნის“ თაობაზე

ჯერ კიდევ ანგლოსაქსონური ისტორიული აზრის პატრიარქმა ა. ტოინბიმ აღიარა, რომ რუსეთი უცხოა დასავლეთისთვის არა მოჩვენებითი ექსპანსიონიზმის ან, როგორც დღესაც კი დაუღალავად იმეორებს ზ. ბჟეზინსკი „მოუშორებელი საგარეოპოლიტიკური ამბიციების“ გამო, არამედ დასავლეთისთვის „უცხო ცივილიზაციაში თავისი ჯიუტად დგომის გამო, და თვით 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე ამ რუსულ „ბარბაროსულ ნიშანს“ წარმოადგენდა აღმოსავლურ-მართლმადიდებელი ქრისტიანობის ბიზანტიური ცივილიზაცია“ (2).

როგორც ჩანს, არაფერი არ შეცვლილა „ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების“ საუკუნეშიც. ივანე ილინი მართალია: საერთო ევროპული საქმისთვის არანაირი მსახურება არ ცვლის ამ დამოკიდებულებას _ არც ნაპოლეონისგან ევროპის განთავისუფლება, არც 1849 წელს ავსტრიისა და 1875-ში საფრანგეთის გადარჩენა. დავუმატებთ, არც ჰიტლერისგან ევროპის განთავსუფლება, დაბოლოს, არც რუსეთის, როგორც დიდი დერჟავის თვით განზე გადგომა, რომელიც შეასრულეს დასავლეთზე შეყვარებულმა რუსმა ლიბერალებმა, რათა საწყალი ევროპა არ ყოფილიყო რუსეთისგან შეშინებული. რუსეთი და სლავობა, როგორც სიმწრით წერდა ი. ილინი, ისევ ის „ნახევრად ბარბაროსული „სიცარიელეა“, რომელიც სახარებით უნდა გაანათლო, ანუ კათოლიკობაზე მოაქციო, მოახდინო მისი „კოლონიზაცია“ და ცივილილიზაცია; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია და აუცილებელიც მისი გამოყენება... თავიანთი (დასავლეთის) მიზნებისა და ინტერესებისთვის; და, საერთოდ, _ აუცილებელია მისი ყოველმხრივ დასუსტება“.

როგორ? პოლიტიკის ასპარეზზე რჩევებს იძლევა დაუღალავი ზ. ბჟეზინსკი, რომელიც წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“ რუსეთს უწოდებს „შავ ხვრელს“, და ყოველ გვერდზე მიანიშნებს რუსებისა და მართლმადიდებელი სლავების კულტურულ არასრულფასოვნებაზე დასავლეთის ხალხებთან მიმართებით. აქ დაიმზირება ჰეგელის თეორიაც ისტორიული და არაისტორიული ხალხების შესახებ და ფ. ენგელსის შეუწყნარებლობაც, რომელიც წინასწარ ტკბებოდა ანტიისტორიული სლავებისა და იმანენტურად რეაქციული რუსი ხალხის გაქრობის გამო. მაგრამ ამ მემკვიდრეობითობას გააჩნია არა საუკუნენახევრიანი, არამედ ათასწლოვანი ისტორია, რომელშიც არცთუ მცირედ იშრომა სწორედ კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი „მისიით“.

მართლმადიდებელი სლავების ანტიქრისტიანობისა და ბარბაროსობის მოტივი ჟღერდა ჯერ კიდევ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის სულისჩამდგმელის ბერნარდ კლერვოსელისადმი კრაკოვის ეპისკოპოსის მათეს მიერ გაგზავნილ წერილში, რომელიც 1146-1148 წლებში მოუწოდებდა ჯვაროსნული ლაშქრობისკენ „რუსი ბარბაროსების“ წინააღმდეგ. წერილში რუსეთი წარმოსდგება „ვარსკვლავების მსგავსად“ უზარმაზარ ერეტიკულ სტიქიად, სადაც „ბატონობს ევქარისტიის სხვა მსახურება, ნებადართულია განქორწინება და დიდების ხელმეორედ ნათლობა“. „Ruthenia quai quasi est alter orbis“ _ „რუსეთი როგორც განსხვავებული სამყარო“, ვიდრე ლათინური და ბერძნული ეკლესია. დღეს დასავლეთი აფართოებს თავის გავლენას ისტორიული რუსული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან ტერიტორიებზე, ხოლო ნებისმიერი წინააღმდეგობა პოლიტიკური მისწრაფებებით გამაგრებული (ნატო) ამ „ცივილიზებული“ („ლათინური ეკლესიის მისია“) ჯვაროსნული ლაშქრობისთვის იწვევს საყვედურებს. ეპისკოპოს მათეს სურვილები ხორციელდება 800 წლის შემდეგ.

ლათინური დასავლეთის დამპყრობლური ტრადიციებისთვის დამახასიათბელია არა მხოლოდ მოსახლეობის ამოწყვეტა და მიწებიდან აყრა, არამედ იძულებით გაკათოლიკებაც, ლათინურ დამწერლობაზე გადაყვანაც (ჩეხებმა, რომლებმაც დიდ მორავიაში თესალონიკელი ძმებისგან მიიღეს კირილიცა, შემდეგ ალბერტ პრაღელის ჩაგონებით, შეცვალეს იგი ლათინური ანბანით), ე. ი. სულიერი ცხოვრების იძულებით შეცვლა, რასაც სულიერი ცხოვრების ევროცენტრისტული კონცეფციის კალაპოტში ხალხები შეჰყავდა ცივილიზაციაში, ხოლო ამის შედეგად ათეულობით მათგანი გაქრა პირისაგან მიწისა.

გ. ვერნადსკი აღნიშნავდა, რომ მონღოლ-თათრები ფიტავდნენ რუსეთს მატერიალურად, მაგრამ არ ეხებოდნენ მის სულიერ ცხოვრებას, მოჰქონდათ „მონობა სხეულისა და არა სულისთვის“ აგრესიულად მისიონერული დასავლეთისგან განსხვავებით. ამიტომაც იყო, რომ წმინდა კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველმა აირჩია აღმოსავლეთი დიპლომატიური ძალისხმევის საგნად, ხოლო მახვილი მიმართა შვედებისა და გერმანელების წინააღმდეგ, და ისტორიკოსების მსჯელობით, გააკეთა ისეთი არჩევანი, რომლის შედარებაც თავისი მნიშვნელობით შეიძლება წმინდა ვლადიმირის მიერ სარწმუნოების არჩევასთან. ბრწყინვალე დანილა რომანის ძე გალიციელის საპირისპირო სტრატეგიას ეწია სულ სხვა ბედი. მას სწამდა დასავლელი ქრისტიანების თანაგრძნობისა და ცდილობდა მონღოლების წინააღმდეგ დასავლეთის დახმარების მიღებას. რომის პაპის კურიისგან მან მეფის („კოროლის“) ტიტულიც კი მიიღო, ხოლო თავისი ვაჟიშვილის რომანისთვის _ ვენის ჰერცოგის ტიტულზე უფლება. ქრისტიანულ ძმურ დამოკიდებულებაზე მისი იმედების საწინააღმდეგოდ, ვერნადსკის სიტყვებით, „მთელი მისი მამული ნახევარი საუკუნის შემდეგ მთლიანად იყო დაპყრობოლი, გაკათოლიკებული, და ყოველივე რუსულისა და მართლმადიდებლურის კვალი იყო წაშლილი“ (3). გალიციის მთავრის საქმიანობის სატირალი შედეგი მთლიანობაში აშკარაა _ ეს არის საბოლოო ჯამში ლიტვისა და პოლონეთის მიერ გალიჩისა და სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის დაპყრობა.

მონღოლური დარბევის მსვლელობისას განსაცდელებს გაუძლო მხოლოდ მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც არც თუ მცირე ცდუნების გადატანა მოუხდა არა მონღოლებისგან, არამედ ლათინობისგან. უკვე წმინდა მოციქულთა სწორის ოლღას დროს რომმა თავისი მისიონერები გამოგზავნა რუსეთში. პაპის ელჩობა მოვიდა კორსუნშიც, სადაც მთავარი ვლადიმირი მონათვლამდე ელოდებოდა ბიზანტიელი მეფის ასულის ანას ჩამოსვლას. ცნობილია რომის პაპის მცდელობები გამოეყენებინა რუსი პირველმოწამეებისა და ვნებათდამთმენების ბორისისა და გლების მკვლელის სვიატოპოლკ წყეულის ქორწინება პოლონეთის მეფის ბოლესლავ მამაცის ქალიშვილზე რუსეთში ლათინობის დანერგვისა და სვიატოპოლკის მამულის წმინდა ვლადიმირის სახელმწიფოსგან გამოყოფისთვის.

რომთან „შეერთების“ წინადადებით მომართავდა პაპი კლიმენტ III, ხოლო პაპი ინოკენტი III სწერდა მთავრებსა და ხალხს 1207 წელს (ე. ი. ჯერ კიდევ მონღოლობის დაწყებამდე), რომ მას „არ შეუძლია თავის თავში მათდამი მამობრივი გრძნობების ჩახშობა და ეძახის თავისკენ“. უპასუხოდ დარჩენილმა „მამობრივმა გრძნობებმა“ ხორცი შეისხა ძლიერ სამხედრო ზეწოლაში რუსეთის დასავლეთ მიჯნებზე. პაპობა, რომელმაც XIII საუკუნეში საკუთარ ხელში თავი მოუყარა სასულიერო და საერო ხელისუფლებას, აკურთხებდა და რუსეთისკენ მომართავდა დანიელების, უნგრელების, კათოლიკური ორდენების, შვედების, გერმანელების იარაღს. პაპმა 1237 წელს უპსალის არქიეპისკოპოსს დაავალა ეუწყებინა ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადება „სქიზმატიკოსი“ რუსებისა და წარმართი ფინელების წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა 1240 და 1242 წლებში წმ. ალექსანდრე ნეველის გამარჯვებებით მდ. ნევასა და ჩუდის ტბაზე. წმინდა ტახტი ცდილობდა ასევე ინტრიგების ხლართვას ბათო ყაენის კარზე, სადაც საქმიანობდა წმ. მარიამის ორდენის რაინდი ალფრედ ფონ შტაუფენჰაუზენი. დიდ ყაენთან ყარაყორუმში მონღოლეთში პაპის ინოკენტი IV-გან ჩავიდა მინორიტი იოანე დე პლანო კაპრინი. რომი, ყოველგვარი მორიდების გარეშე, 1248, ხოლო შემდეგ 1251 წლებში ალექსანდრე ნეველს სთავაზობდა კათოლიკობის მიღებას, რის შემდეგაც სწორედ იმ რაინდების დახმარებას ჰპირდებოდა, რომლებიც მთავარმა მანამდე ცოტა ხნით ადრე დაამარცხა.

ისტორიკოს-ევრაზიელებმა საბოლოოდ გააკეთეს დასკვნა სრულიად უცხო ხალხების მფლობელობის უფრო მეტად სასურველობის შესახებ, ვიდრე დასავლელი ქრისტიანებისა, რაც დასაბუთებულია მხოლოდ სამწუხარო ისტორიული გამოცდილებით. თუკი იერუსალიმი და წმინდა ადგილები აღმოჩნდებოდა პაპების მფლობელობაში, ბალკანეთის მართლმადიდებელთა ბედი არ იქნებოდა სლავების ხვედრზე უკეთესი გერმანელების ან პოლონელების ძალაუფლების ქვეშ. ლათინური ევროპის მონაწილეობას ყოველთვის თან ახლდა მაცდუნებლობა. „როგორც მაცდუნებელი ეშმაკი, ეუბნებოდა იგი დაუძლურებულ ბიზანტიას: „ხედავ ამ სამეფოს, დაეცი მუხლებზე და თაყვანი მეც მე და ეს ყველაფერი შენი იქნება“, _ ხატოვნად სწერდა ნ. დანილევსკი, _ (ბიზანტიის იმპერიის თავზე) მუჰამედის ჭექა-ქუხილის გათვალისწინებით ჰკრებდა იგი ფლორენციაში საეკლესიო კრებას და მომაკვდავისთვის დახმარების ხელის გაწვდენაზე თანხმდებოდა არა სხვაგვარად, თუ არა... მართლმადიდებლობაზე უარის თქმის პირობით“. თითქმის ასევე ეს მოვლენა პატიოსნად აქვს აღწერილი არნოლდ ტოინბის: „მწარე არჩევანის წინაშე შუა საუკუნეების მართლმადიდებლმა ბერძნებმა... უარი თქვეს თავიანთი დასავლეთ-ქრისტიანული ძმების უღელზე და გახელილი თვალებით, როგორც ნაკლები უბედურება, ამჯობინეს _ თურქი მუსლიმანების უღელი“ (4).

ვატიკანისა და რჟეჩ პოსპოლიტას საუკუნო ოცნება

ლიტვის მიერ დაპყრობილი სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მიწები გახდა რა შემდეგში რჟეჩ პოსპოლიტას ნაწილი, იზიარებდა მის ბედს და გადაიქცა კათოლიკური ევროპის ნაწილად. შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სცენაზე დამოუკიდებლობის გამოცხადების ეტაპზე იმარჯვეს უნიატმა გალიციელებმა, რომლებიც ხუთი საუკუნის მანძილზე იმყოფებოდნენ დასავლეთთან. მათი წამყვანი როლი სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში წინასწარ არის განსაზღვრული, ვინაიდან ისინი არიან კიდეც განსაკუთრებული „უკრაინული“ ორიენტაციის მატარებლები მსოფლიო ისტორიაში.

ლათინური დასავლეთი ყოველთვის მიისწრაფოდა პოსტბიზანტიური სივრცის გადაყლაპვისკენ, რომლის საწინდარსაც წარმოადგენდა ველიკოროსიისგან მალოროსიის ჩამოშორება. კათოლიციზმი დაუყოვნებლივ წარმოიქმნა პოლიტიკური და იდეოლოგიური სუბიექტის სახით ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე სსრკ-ის დაშლის შემდეგ _ ისწრაფოდა რა განეხორციელებინა ვატიკანისა და რჟეჩ პოსპოლიტას საუკუნოვანი ოცნება _ კიევის სულიერი და შემდეგ ფიზიკური დაუფლება. პროვინციელი პოლონელის ფრანციშეკ დუხინსკის თეორიები „არიელი უკრაინელებისა“ და „თურანული მოსკოვეთის“ რასობრივი განსხვავების შესახებ, რომელმაც ვითომდა უკანონოდ მიითვისა წმ. სოფიოს ტაძრის სამღვდელო შესამოსლებიცა და კიევის ისტორიაც, მაშინვე ააფრიალეს გალიციურ დროშებზე.

უკრაინული სეპარატიზმის ფესვები ბრესტის უნიაშია, კათოლიკური დასავლეთის დაპირისპირებაში „ბიზანტიურ სქიზმასთან“ და მის მიერ რუსული მართლმადიდებლობის არმიღებაში. კიევის მოწყვეტა მოსკოვიგან და აღმოსავლეთ სლავობის გაკათოლიკება წარმოადგენდა ვატიკანისა და დასავლეთის საუკუნოვან მისწრაფებებს: „ო, ჩემო რუსინებო! თქვენი მეშვეობით ვიმედოვნებ სწორედ აღმოსავლეთის მიღწევას...“ _ მოუწოდებდა გალიციელებს პაპი ურბან VIII 17-ე საუკუნის დასაწყისში მალევე უნიის დადების შემდეგ (1596 წ.). უნიის ისტორია _ ეს არის კათოლიციზმის სასტიკი შემოტევა მართლმადიდებლობაზე, ეს არის ექსპროპრიაცია, ძალადობა და მკვლელობები, რომლებიც გრძელდებოსა სამი საუკუნის განმავლობაში, თავიდან პოლონელების მიერ, შემდეგ ავსტრიისა. გალიციაში ლათინელების მმართველობის ქვეშ ყოფნის ხუთი საუკუნის შემდეგ XIX საუკუნის ბოლოს სტიქიურად წარმოიშვა მოსკოვოფილობა (მართლმადიდებელი ინტელიგენციის პოლონური ენიდან რუსულზე გადმოსვლა), აგრეთვე გლეხების მართლმადიდებლობაში მასობრივი გადმოსვლა, რომლებიც საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობით გამოარღვევდნენ ხოლმე ავსრია-უნგრეთის საზღვარს და მოდიოდნენ მიძინების ლავრაში (რუს. Почаевская лавра). ყოველივე ეს ავსტრიელებს ემუქრებოდა ამ მოსახლეობის საბოლოო ჯამში გარუსებითა და მოსკოვთან ერთიანობის იდეით. ვენამ და ვატიკანმა დაჩქარებულად დაიწყეს გალიციის მომზადება „უკრაინული პიემონტის“ როლისთვის. რუსინები უნდა გადაექციათ უკრაინელებად, და მათთვის მიეცათ სრულიად უკრაინული ერთიანობის ლოზუნგი, რომელიც მომავალ ომში (იგულისხმება I მსოფლიო ომი _ ი. ხ.) ავსტრიულ-გერმანული ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდებოდათ მთელი მალოროსიის მოწყვეტას რუსეთისგან.

ამით დაკავებული იყო „უკრაინულ-ავსტრიული პარტია“ და მისი ლიდერი _ ავსტრიელი გრაფი, ოფიცერი, კათოლიკ-იეზუიტი, უნიის მომავალი მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი, რომელმაც მოხაზა მალოროსიელთა ისტორიული შეგნების შესაცვლელად გამიზნული ზომები, რათა „როგორც კი გამარჯვებული ავსტრიული არმია შევა რუსული უკრაინის ტერიტორიაზე... ეს ოლქები რაც შეიძლება უფრო სრულად მოვწყვიტოთ რუსეთს და მივცეთ მათ ეროვნული ოლქის ხასიათი“. ეს გეგმა, გერმანულ ენაზე დაწერილი, აღმოაჩინეს შეპტიცკის ამოქოლილ ლვოვის არქივში. ავსტრია-უნგრეთმა დაიწყო რეპრესიები იმ მღვდელმსახურებისა და ერისკაცთა წინააღმდეგ, რომლებიც გადმოდიოდნენ მართლმადიდებლობაში და ლაპარაკობდნენ რუსულად (1882 წ.), შემდეგ მარმაროშ-სიგეტური პროცესები 1912-1914 წლებში იმიერკარპატელ გლეხებზე, რომლებიც მთელი სოფლებით გადმოდიოდნენ მართლმადიდებლობაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე უნიატების მეთაურობით დაიწყეს მასობრივი ანტირუსული და ანტიმართლმადიდებლური ტერორი, განმეორებული ს. ბენდერას მიერ. რაც მთლიანად ანგრევს თეზისს იმის შესახებ, რომ ОУН და УПА იბრძოდნენ „საბჭოების“ წინააღმდეგ. ერთერთ საკონცენტრაციო ბანკში ტალერჰოფში (ავსტრია) გაანადგურეს 60 ათასზე მეტი ადამიანი, კიდევ დაახლოებით 80 ათასი მოკლეს რუსული არმიის პირველი უკანდახევის შემდეგ, მათ რიცხვში დაახლოებით 300 მღვდელმსახური, რომლებზედაც ეჭვი აიღეს მართლმადიდებლობისა და რუსეთისადმი სიმპათიებში (5). გალიციელ-რუსი ისტორიკოსების სიტყვებით, „რუსეთისგან მოწყვეტილი და ზურგშექცეული ძმები იქცნენ არა მხოლოდ ჰაბსბურგების მონარქიის მსახურებად, არამედ მშობლიური ხალხის... უბოროტეს ჯალათებადაც“ (6), „ხოლო კარპატისპირეთის უნიატები იყვნენ ჩვენი სახალხო მარტვილოლოგიის (მოწამეობის) ერთერთი მთავარი დამნაშავენი ომის დროს“ (7).

იმეორებდა რა პაპის ურბან VIII-ის სიტყვებს, გალიციაში მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი, რომელმაც აკურთხა ს. ბანდერა და SS-ის დივიზია „გალიჩინა“, ე. წ. „დასავლეთ უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების აღდგენამდე“ გაცილებით უფრო ადრე, 1929 წელში მიმართავდა მისდამი ჩაბარებულ სასულიერო წოდებას: „ბევრ ჩვენგანს ღმერთი კიდევ მისცემს წყალობას იქადაგოს დიდი უკრაინის ეკლესიებში... ყუბანისა და კავკასიის, მოსკოვისა და ტობოლსკის ჩათვლით“ (8).

სწორედ პირველი ათწლეულის საბჭოთა ისტორიულმა მეცნიერებამ მოახდინა უნიატური „ავსტრიულ-უკრაინული“ პარტიის ტერმინოლოგიური და ცნებითი აპარატის ლეგალიზება, გადაიტანა რა იგი უკრაინის კლასობრივი ბრძოლის საჭიროებისთვის, „მეფეთა უცხო დერჟავის“, „ხალხთა საპყრობილის“ (იგულისხმება მეფის რუსეთი _ ი. ხ.) წინააღმდეგ და ამასთანავე გამორიცხა საკითხის რელიგიურ-ისტორიული პარადიგმა. გვიანსაბჭოთა დროში დაგვიანებით ცდილობდნენ მოეხდინათ ამ დოქტრინის ანტირუსული ასპექტების კორექტირება, მაგრამ შეგნების საერთო შედეგი აძლევთ იმის საშუალებას, რომ თვით ომის დროს ჰიტლერელებისთვის გაწეული დახმარების გამო, 50-იან წლებში უნიატური ეკლესიის აკრძალვასაც კი წარმოადგენდნენ, როგორც სტალინურ რეპრესიებს. თუმცა კი ბენდერელებმა თავიანთი საქმიანობით სრულად გაიმეორეს 1912-1914 წლებში ავსტრიელების სამსახურში მყოფი უნიატების საქმეები.

უნიატობა, როგორც კათოლიციზმის ფორპოსტი „პოსტსაბჭოთა სივრცეში“, აცხადებს თავის თავს „უკრაინის აღორძინების“ ერთადერთ მებრძოლ „ჯვაროსნულ“ ეკლესიად (დიმ. კორჩინსკი) მალოროსების საერთორუსული მსოფლმხედველობის დანგრევის მიზნით. ჯერ კიდევ ვლ. ვინიჩენკო წერდა: „სწორედ მართლმადიდებლობამ შეიყვანა უკრაინა მოსკოვის მეფეთა ხელისუფლების ქვეშ. აუცილებელია დეკრეტით ავკრძალოთ იგი და შემოვიღოთ უნია, მიტროპოლიტად დავაყენოთ შეპტიცკი“. უარის თქმა საერთო მართლმადიდებლურ ბედზე საშუალებას აძლევთ ასაბუთებდნენ არა მხოლოდ რუსეთისგან ცალკე მდგომი, არამედ სტრატეგიულად და სულიერად დასავლეთზე ორიენტირებული უკრაინის განვითარების ისტორიულ ლოგიკას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1991 წლის შემდეგ რჩებოდა ერთადერთ სტრუქტურად, რომელიც სულიერ სფეროში ინარჩუნებდა ყოფილ ერთიანობას. უკრაინაზე დაუყოვნებლივ მომართეს ანტიმართლმადიდებლური ძალების სუბსიდიები საზღვარგარეთიდან. კათოლიკური ფონდები (Kirche in Not) ანაზღაურებენ უნიატური ტაძრების აშენებასა და „კოლეგიუმ-რუსიკუმში“ (ვატიკანი) განათლებას. უნიატურმა ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ (УГКЦ) უკვე 90-იანი წლების ბოლოსთვის შექმნა 3301 უმცირესი მრევლი, 60 სასწავლო დაწესებულება, 64 გამომცემლობა. პრაქტიკოს ბერძენ-კათოლიკებად იქცა ანტირუსული ინტელიგენციის ბირთვი. УГКЦ-ის მიზანია რომის პაპის იურისდიქციის ქვეშ „კიევის საპატრიარქოს უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის შექმნა“. თუმცა კი მორწმუნეთა დიდი უმრავლესობა დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის ერთგული და გამოდის განხეთქილების წინააღმდეგ უკრაინის პრორუსული პოზიციის მომხრედ, სწორედ უნიატები და განხეთქილებაში მყოფნი (რუს. раскольники) სარგებლობენ ვატიკანისა და დასავლეთის ყურადღებით. ზ. ბჟეზინსკი და მ. ოლბრაიტი ვიზიტით ესტუმრენ განკვეთილ ფილარეტს.

კათოლიციზმის ყოვლისმჭამელობა მიწიერი მფლობელობის გულისთვის

XX საუკუნის დასაწყისის გერმანელი სამართლის ფილოსოფოსი კ. შმიდტი, რომელიც რუსებს თვლის „ევროპული ტრადიციისგან ჩამოშორებულ ბარბაროსებად“, კათოლიკობას დამსახურებაში უთვლის თვით პოლიტიკური საშუალებების განურჩევლობასაც კი და ადიდებს მას როგორც „პოლიტიკურ უნივერსალიზმს“. მაგრამ თეზისს „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ირჩევს მხოლოდ ის, ვინც მიისწრაფის მიწიერი ბატონობისკენ, და არა იმისკენ, რომ იყოს „ჭეშმარიტების ბურჯი და მტკიცება“, სხვანაირად არ იქნებოდა ნათქვამი მთაზე მაცხოვრის ქადაგებაში: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის“.

პოლიტიკური კონიუნქტურის და მიხედვით რომის ეკლესია ევროპულ მონარქიებში ქადაგებდა „ტახტისა და საკურთხევლის კავშირს, ხოლო შვეიცარიის კანტონების დემოკრატიებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში _ მთლიანად იყო გულდაჯერებული დემოკრატიის მხარეზე“. კათოლიკური ეკლესია, როგორც სიამაყით წერს შმიდტი, იქცა „სოციალიზმის ტაქტიკურ მოკავშირედ, რომელიც რიგით კათოლიკებს მიაჩნდათ ჯოჯოხეთის მოციქულად“ და „იმ დროს, როდესაც ყველა ჯერ კიდევ ხედავდა ბოლშევიკებში დამნაშავეთა ბანდას, კათოლიკები უკვე აწარმობდნენ მათთან საქმიან მოლაპარაკებებს“. მართლაც, ბენედიქტელი ჰ. ბაუერი კმაყოფილებით აღნიშნავდა 1930 წელს: „ბოლშევიზმი ხოცავს მღვდელმსახურებს, ბილწავს ტაძრებსა და სიწმინდეებს, ანგრევს მონასტრებს“. „ამაში ხომ არ არის... ურელიგიო ბოლშევიზმის რელიგიური მისია, რომ იგი გაქრობის ხვედრს უმზადებს სქიზმატური აზრის მატარებლებს (ე. ი. მართლმადიდებლებს _ ი. ხ.). ქმნის tabula rasa-ს (ე. ი. სუფთა დაფას _ ი. ხ.) და ამით საშუალებას გვაძლევს სულიერი აღმშენებლობისთვის?“ მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოსცადა ეს დევნის დაწყებიდანვე. საზღვარგარეთის რუსული ეკლესიის დამაარსებლის მიტროპოლიტ ანტონის (ხრაპოვიცკი) 1922 წლის 10 ივნისის განცხადებაში ნათქვამი იყო ზუსტი ცნობების შესახებ იმის თაობაზე, რომ რომის პაპმა „არა მხოლოდ შეთანხმება დადო ქრისტეს გამყიდველ ბოლშევიკებთან, არამედ ცდილობს გამოიყენოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა და მისი მეთაური მებრძოლი კათოლიციზმის ანგარებინი მიზნებით“.

ვატიკანის II კრება: „ახალი“ პოლიტიკა ძველი მიზნებით

ვატიკანის II კრება მსხვილ მოვლენად იქცა დასავლურ და მსოფლიო ისტორიაში, და პრაქტიკულად უცნობი იყო სსრკ-ში. ცოტა იციან მის შესახებ თანამედროვე რუსეთშიც. დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიგვითითებს ამ კრებაზე ვატიკანის მიერ მართლმადიდებლობის და-ეკლესიად გამოცხადების შესახებ. ვატიკანის მიერ ამ კრებაზე მსოფლიო ყოფიერების საკითხების რელიგიურ-ფილოსოფიური განმარტება მართლმადიდებელმა ეკლესიამ კომენტარების გარეშე დატოვა და ჩვენთვის ძნელია ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ როგორი იყო ამ მოვლენის შინაური შეფასებები თავად რუსული ეკლესიის მიერ. მოსკოვის სასულიერო აკადემიის სახელმძღვანელოები ვატიკანის II კრების შესახებ დაწერილია ტაქტით, საფრანგეთის რევოლუციის იდეური ბაგაჟის წინაშე ვატიკანის ფაქტიური კაპიტულაციის გარჩევის გარეშე. კათოლიკური ღვთისმსახურების რეფორმა დასახელებულია კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილებისა და კარდინალ ლეფევრის პოზიციის მთავარ მიზეზად, რომელიც იქცა ტრადიციული კათოლიკების ლიდერად. გარეგნულად კი, პროტოპრესვიტერის ვიტალი ბოროვოის ბაგეებით, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებამ თავის დროზე ახალ ორიენტაციას უწოდა „გონივრული შეგნებული შეცვლა 1960-1980 წლების დროების პოლიტიკური ანტიკომუნიზმისა და ანტისოვეტიზმის მებრძოლი და პრიმიტიული ფორმებისა, რომელთაც საკუთარი თავი ვერ გაამართლეს“ (9).

საქმით კი მოხდა ერთობლივი დასავლური შეგნების კოლოსალური ფილოსოფიური წანაცვლება მარცხნივ, მისცა რა იმპულსი გლობალიზმის იდეოლოგიას ლიბერალური ფასეულობების საფუძველზე. გლობალიზაცია ნებისმიერ საფუძველზე, იქნება ეს კომუნისტური ინტერნაციონალის თუ ლიბერალური ევროპის საბჭოს ეგიდით _ არის მემარცხენე ხასიათის იდეა, რომელსაც კაცობრიობა მიჰყავს სეკულარულ კატეგორიებზე აგებული ერთგანზომილებიანი მსოფლიოსკენ. ახლა ნათელია, რომ ვატიკანი ღებულობდა ახალ სტრატეგიას, მათ შორის „და-ეკლესიის“ მიმართაც, არა როგორც რელიგიური ინსტიტუტი, არამედ როგორც მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი. ეს სტრატეგია კი წარმოადგენდა საერთაშორისო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტს და მდგომარეობდა დასავლურ-აღმოსავლური კონფრონტაციული მოდელის შეცვლაში ახლით _ აღმოსავლეთის ჩათრევით დიალოგში დასავლეთის ფასეულობრივ და პოლიტიკურ მინდორზე.

ვატიკანის საგარეო პოლიტიკა ერთერთი მნიშვნელოვანი იდეოლოგიური და პოლიტიკური ინსტრუმენტთაგანია დემოკრატიული რუსეთის ტერიტორიაზე. მართლმადიდებელი კლესიის და-ეკლესიად გამოცხადება, როგორც ახლა გახდა ნათელი, წარმოადგენდა არა კათოლიკური ეკლესიის გულწრფელ დამოკიდებულებას, არამედ პოლიტიკურ ნაბიჯს სიფხიზლის მოსადუნებლად და შემდგომში მის კანონიკურ ტერიტორიაზე შემოსატევად. დღეს კათოლიკებმა მოიხსნეს ნიღაბი, და თუმცა კი მიეკუთვნებიან რომის ეკლესიას, რომლისთვისაც ტრადიციის ცნება ერთერთი ფუძემდებლურთაგანია, მაინც ეჭვის ქვეშ აყენებენ რუსეთისთვის მართლმადიდებლობის ტრადიციულობას. მათთვის რუსეთი _ ეს არის მისიონერული მინდორი ადგილობრივი მოსახლეობის „ევანგელიზაციისთვის“ („სახარების საქადაგებლად“, „ქრისტიანობაში მოსაქცევად“).

ვატიკანი აშკარად ისურვებდა რუსი ხალხის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ შეგნებაში მართლმადიდებლობის ისტორიული როლის გაქრობას, მისი სახელმწიფოწარმომქმნელი მნიშვნელობის დაკარგვას დღეს, როდესაც რუსეთის სახელმწიფოებრიობა (დერჟავულობა) განიცდის არცთუ იოლ დროებას. რუსეთის ისტორიაში სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთხელ ითამაშა გადამრჩენის, დამცველის როლი. სარწმუნოებამ და ეკლესიამ მონღოლორი უღლის პერიოდში შეინარჩუნეს ხალხის სული და კულტურული ბირთვი. სულიერი ერთიანობის კონსოლიდაციამ, რომელმაც ერი გადააქცია ერთიან მემკვიდრეობით მცხოვრებ ორგანიზმად, შეკავშირებულად სულით, მსოფლშეგრძნებითა და ისტორიული განცდებით, მისცა კიდეც იმპულსი რუსეთის ძლიერების სწრაფ ზრდას XVII-XVIII საუკუნეებში, რამაც შეცვალა მთელი საერთაშორისო მდგომარეობა ევროპაში.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ შთააგონა და განაწყო ხალხი ბრძოლისთვის და დაეხმარა მას სახელმწიფოებრიობის აღდგენაში XVII საუკუნის დასაწყისის არეულ და შფოთიან ხანაში, როდესაც კათოლიკი-პოლონელები კრემლის ტაძრებში თავხედობითა და სიწმინეების შეურაცხყოფით ახორციელებდნენ თავიანთ „ცივილიზატორულ“ მისიას. მართლმადიდებლური შეგნების აღდგენა, დღევანდელი რუსი ერის სულიერი კონსოლიდაცია დაუყოვნებლივ განამტკიცებდა რუსულ სახელმწიფოებრიობასა და დიდმპყრობელობას, რაც, როგორც ჩანს, არ ეპიტნავება ვატიკანს, რომლის პოლიტიკაც აშკარად ჩაშენებულია ამერიკული ეგიდით მიმდინარე საერთო აპოსტასიურ გლობალიზაციაში, რომლისთვისაც აუცილებელია ერების ატომიზაცია ერთგვარ Homo Globalis-ებად.

დასავლეთის მსოფლიო ამბიციები

ფიქრობდა რა დასავლეთის მსოფლიო პრეტენზიებზე, ა. ტოინბიმ ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ შენიშნა: „აშკარაა, რომ ეს არის უფრო მსხვილი და პატივმოყვარული ჩანაფიქრის ნაწილი, სადაც დასავლური ცივილიზაცია მიზნად ისახავს, არც მეტი არც ნაკლები, არამედ მთელი კაცობრიობის ჩართვას ერთიან საზოგადოებაში და კონტროლის დაწესებას ყველაფერზე, რაც კი არის დედამიწაზე, ჰაერსა და წყალში, და სადაც შესაძლებელია საქმის სარგებლობისთვის თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიის გამოყენება. იმას, რასაც დასავლეთი ახლა უკეთებს ისლამს, იგი ამავდროულად უკეთებს ყველა ახლა არსებულ ცივილიზაციას _ მართლმედიდებლურ-ქრისტიანულ სამყაროს, ინდუისტურსა და შორეულ აღმოსავლურს...“ (10)

ვატიკანის დაუფარავი ექსპანსიის პოლიტიკური მომხრეები რუსეთში _ ესენი არიან ლიბერალ-მედასავლეთეები. ისინი ძირითადად ათეისტები არიან და ამიტომაც მიესლმებიან სწორედ მართლმადიდებლობის გავლენის შევიწროვება-განდევნას. მათ ესმით, რომ რომ სწორედ მართლმადიდებლობა წარმოადგენს რუსეთის კულტურულ-ისტორიული ტიპის ბირთვს, რომელიც პრობლემატურს ხდის მათთვის ასე სასურველ შესვლას „ცივილიზაციაში“.

დიდი ხანია აშკარაა, რომ საზოგადოებრივი შეგნების მართვა იქცა პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. მართლმადიდებლური თვითშეგნების აღორძინება რუსეთში ერთერთ სერიოზულ დაბრკოლებათაგანია Pax Americana-ს გზაზე. ამის კვალდაკვალ დაუყოვნებლივ მოხდებოდა რუსული დიდმპყრობელობის სულიერი საფუძვლების განმტკიცება, ხოლო თავად რუსეთი კი გადაიქცეოდა სერიოზულ ფაქტორად მსოფლიო არენაზე. ი. ილინი გვაფრთხილებდა: „მსოფლიოში (ჩვენდამი) მეგობრულ ძალებთან ერთად არიან ხალხები, სახელმწიფოები, საეკლესიო ცენტრები... რომლებიც მტრულად არიან განწყობილი ეროვნულ-დერჟავული რუსეთის მიმართ... არიან მოწინააღმდეგეები, რომლებიც ყველანაირ წარმატებას ჰპირდებიან საკუთარ თავს რუსეთის ნგრევის, დამცირებისა და დასუსტებისგან. ამიტომ ვისთანაც არ უნდა ვაწარმოებდეთ ჩვენ საერთაშორისო საქმეებს, არ უნდა... მოველოდეთ დამპყრობლისგან _ გადარჩენას, დამნაწევრებლისგან _ დახმარებას, რელიგიური მაცდუნებლისგან _ თანაგრძნობასა და გაგებას, დამღუპველისგან _ კეთილმოსურნეობასა და ცილისმწამებლისგან _ სიმართლეს“ (11).

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 27/08/2002
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru
მაშინ საიტის pravoslavie.ru ხელმძღანელობა ულოცავდა მის მუდმივ ავტორს ნატალია ნაროჩნიცკაიას სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვასა და მისი ფუნდამენტური წიგნის «Россия и русские в мировой истории» (Москва, «Международные отношения», 2002) გამოსვლას.
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) სულ ახლახანს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ _ ევროპარლამენტმა მორიგი ვადით აღმასრულებელი კაბინეტის (ევროკომისიის) შემადგენლობის დამტკიცებისას იუსტიციის ევროკომისრის (ევრომინისტრის) თანამდებობაზე დაიწუნა იტალიის წარმომადგენლის როკო ბუტილიონეს კანდიდატურა, რომელიც აცხადებდა, რომ არის ტრადიციული კათოლიკი და ჰომოსექსუალიზმი მიაჩნია ცოდვად. ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზოსთან სერიოზული ბრძოლის შემდეგ ევროპარლამენტმა მიაღწია თავის საწადელს, შეაცვლევინა ბუტილიონეს კანდიდატურა. თავად ბუტილიონეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თანამდებობის გულისთვის მან არ უარყო საკუთარი რელიგიური და ზნეობრივი მრწამსი (ი. ხ.).

(2) Тойнби А. Дж. Византийское наследие России. Цивилизация перед судом истории. М., 1996, стр. 105, 157.

(3) Вернадский Г. Два подвига святого Александра Невского. Евразийский Временник, книга IV. Берлин, 1925.

(4) Данилевский Н. Я. Россия и Европа. С-Пб, 1995, с. 197-198; Тойнби А. Дж. Цивилизация перед судом истории, М., 1996, стр. 111.

(5) По сведениям депутата Венского парламента поляка А. Дашинского. (Все русские депутаты этого парламента были расстреляны) «Временник», Лвов, 1938 г.

(6) Ваврик В. Терезин и Талергоф. – Филафдельфия, 1966 г.

(7) Галицкая Голгофа. – США. изд. П. Гардый, 1964.

(8) Дмитрук К. Е. С крестом и трезубцем, М., 1974, стр. 8.

(9) Там же, стр. 145.

(10) Тойнби А. Дж. Византийское наследие России. Цивилизация перед судом истории. М., 1996, стр. 116.

(11) Ильин И. А. Против России. Наши задачи, М., 1992, стр. 57.

No comments:

Post a Comment